"მკვლელის დღიურიდან" I ნაწილი
"მკვლელის დღიურიდან" I ნაწილი პირველი ჩანაწერი იმ ღამეს გავაკეთე, ზუსტად არ მახსოვს, რომელი საათი იყო, საათს შევხედე, მაგრამ ციფრები ერთმანეთში ირეოდა, ხელები მიკანკალებდა, არა შიშისგან, ალბათ უფრო იმიტომ, რომ პირველად მივხვდი — ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცოცხალი იყო, ახლა აღარ არსებობდა. მაგიდასთან დავჯექი, თეთრი ფურცელი ავიღე და მხოლოდ ერთი წინადადება დავწერე: „დღეს ადამიანი მოვკალი.“ დიდხანს ვუყურებდი ამ სიტყვებს, მერე კალამი დავდე და საკუთარ თავს ვკითხე: „რატომ?“ პასუხი მაშინ არ მქონდა... მეორე დღეს ისევ დავწერე: „დღესაც ვერ ვიგრძენი სინანული.“ მესამე დღეს: „დღეს პირველად მომენატრა.“ აი, აქედან დაიწყო ყველაფერი, მე მას არ ვიცნობდი, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა... ის ჩემს გზაზე სრულიად შემთხვევით გამოჩნდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი იყო ისეთი, რომელსაც ქუჩაში ჩაუვლი და ხუთ წუთში ვეღარც გაიხსენებ, მშვიდი სახე ჰქონდა, დაღლილი თვალები და ისეთი ჩვევა, თითქოს ყოველთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრებდა ხოლმე... იმ საღამოს დიდხანს ველაპარაკეთ, მაშინ ვერ მივხვდი, რატომ მიყურებდა ასე უცნაურად, ახლა კი ვიცი, მან მიცნო, მე კი — ვერა.... ─── მეოთხე დღის ჩანაწერი: „დღეს მისი სახე დამესიზმრა.“ მეხუთე დღე: „დღეს დედამისი ვნახე.“ მეექვსე დღე: „დღეს გავიგე, ვინ იყო.“ და მაშინ პირველად გავხსენი მისი ძველი ფოტოები: ბავშვობის, სკოლის, ოჯახის, ქორწილის, მეგობრების.. ყველა ფოტოზე იღიმოდა, ყველა ფოტოზე ცოცხალი იყო, და ყველაზე საშინელი სწორედ ეს აღმოჩნდა: მე ადამიანი კი არ მომეკლა, მე ვიღაცის შვილი მოვკალი, ვიღაცის ძმა, ვიღაცის ქმარი, ვიღაცის მამა, ვიღაცის საუკეთესო მეგობარი და იმ ღამეს პირველად შემეშინდა არა იმის, რომ პოლიცია მიპოვიდა... არამედ იმის, რომ ერთ დღეს ვინმე ჩემზე იკითხავდა: „ეს რატომ გააკეთა?“ და პასუხი არავის ექნებოდა... ─── მეშვიდე ჩანაწერი აღარ დამიწერია.. რვა წლის განმავლობაში... დღიური დავხურე და კარადაში შევინახე, ვიფიქრე, რომ დრო ყველაფერს წაშლიდა, მაგრამ დრო მკვლელობას ვერ შლის, ის მხოლოდ ასწავლის ადამიანს, როგორ იცხოვროს მასთან ერთად... რვა წლის შემდეგ ისევ გავხსენი დღიური, ბოლო გვერდზე ერთი კონვერტი იდო, მე ის იქ არ ჩამიდია, კონვერტზე მხოლოდ ჩემი სახელი ეწერა, გავხსენი და შიგნით ერთი ფურცელი დამხვდა, ორი წინადადებით: „ვიცი, რომ შენ მოკალი, მაგრამ შენ არ იცი, რატომ მოგაკვლევინე თავი.“ დიდხანს უძრავად ვიჯექი, შემდეგ ფურცელი გადავაბრუნე და უკან ერთი მისამართი ეწერა, ზუსტად ის მისამართი, სადაც რვა წლის წინ იმ ადამიანს შევხვდი და სწორედ მაშინ მივხვდი ყველაზე საშინელ რამეს: მე ის ადამიანი შემთხვევით არ მომიკლავს, ვიღაცას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ვიღაცამ მე მკვლელად გამომიყენა და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ დღიურში დარჩენილი ბოლო გვერდი ჯერ კიდევ ცარიელი იყო... მე კალამი ავიღე და დავწერე: „დღეს პირველად უნდა გავიგო, ვინ არის ნამდვილი მკვლელი.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



