"მკვლელის დღიურიდან" II ნაწილი
„დღეს პირველად უნდა გავიგო, ვინ არის ნამდვილი მკვლელი.“ ფურცელზე ეს სიტყვები რომ დავწერე, ხელი გამეყინა... მისამართს ისევ ვუყურებდი, რვა წლის წინ ხომ იქ წავედი... იმავე ქუჩაზე ყველაფერი თითქმის უცვლელი დამხვდა, ძველი შენობები, ჩამქრალი აბრები, კუთხეში პატარა მაღაზია, რომლის წინაც როგორც მაშინ, ახლაც იდგა ის მოხუცი კაცი... მხოლოდ ერთი რამ იყო შეცვლილი, ის სახლი აღარ არსებობდა... მის ადგილას ახალი კორპუსი იდგა... რამდენიმე წუთი იქვე ვიდექი უხმოდ, მერე ტელეფონმა დარეკა, უცნობი ნომერი იყო: — გისმენთ? პასუხი არ იყო... მხოლოდ სუნთქვის ხმა, შემდეგ კი კაცის ჩუმი ხმა გაისმა: — დღიური თან გაქვს? გავშეშდი... — ვინ ხარ? — ის, ვინც რვა წლის წინ შენი ცხოვრება შეცვალა... ამის თქმა იყო და ზარი გაითიშა... ─── იმ ღამეს სახლში დაბრუნებულმა პირველად გამოვიღე დღიური კარადიდან, ყველა გვერდი თავიდან წავიკითხე, პირველი ჩანაწერიდან ბოლომდე და მაშინ შევამჩნიე ის, რაც რვა წლის განმავლობაში ვერ შევამჩნიე: ჩემს ყველა ჩანაწერში თარიღი ეწერა, ყველაში... გარდა ერთისა... იმ დღის ჩანაწერს, როცა მკვლელობა მოხდა, თარიღი არ ჰქონდა, ფურცელი გადავატრიალე, უკანა მხარეს რაღაც ჩანდა, ფანჯარასთან მივედი და სინათლისკენ გავწიე, ფურცელში გაუფერულებული ასოები გამოჩნდა, ვიღაცას იქ რაღაც დაუწერია და შემდეგ წაუშლია, ფანქარი ავიღე და ფურცელს ძალიან ფრთხილად გადავუსვი და ნელ-ნელა სიტყვებიც გამოჩნდა: „არ ენდო მას.“ ქვემოთ კი მხოლოდ ერთი ასო: „მ.“ მ... იმ ადამიანის სახელი მ-თი იწყებოდა, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა მისი ინიციალი, მისი სახელი ვიცოდი და მაშინ პირველად გამიჩნდა საშინელი აზრი: იქნებ ეს ნაწერები ჩემი არ იყო? იქნებ იმ ღამეს დღიურში სხვა ადამიანი აკეთებდა ჩანაწერებს? ─── მეორე დღეს იმ კაცის ოჯახთან წავედი, დედამისმა კარი თვითონ გამიღო, რვა წელი იყო გასული, მაგრამ მაშინვე მიცნო... მიცნო და სახეზე შიში დაეტყო: — თქვენ?... არაფერი ვუთხარი... უბრალოდ დღიური გავუწოდე, ქალს ხელები აუკანკალდა, რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ კი მკითხა: — საიდან გაქვს ეს? — მისი იყო... — არა... პირველად დავინახე მის თვალებში რაღაც, რაც აქამდე არასოდეს მინახავს, სიძულვილი კი არა, შიში... — ეს მისი დღიური არ არის... — მაშინ ვისი არის? ქალმა კარი ფართოდ გააღო: — შემოდი.... მისაღებში შემიყვანა, კედელზე მისი შვილის დიდი ფოტო ეკიდა, ფოტოს წინ სანთელი ენთო, ქალმა ფოტოს შეხედა და ჩუმად თქვა: — ჩემი შვილი იმ ღამეს სახლში იყო... სუნთქვა შემეკრა.. — რას ამბობთ? — იმ ღამეს, როცა შენ ამბობ, რომ მოკალი... ქალი უცებ ჩემსკენ შემოტრიალდა და განაგრძო... — ის უკვე სამი დღის გარდაცვლილი იყო! უცებ დღიური ხელიდან გამივარდა.... ─── დიდხანს ვერ ვამბობდი ვერაფერს... ბოლოს კი აღმომხდა: — შეუძლებელია... — მეც ასე მეგონა... ქალმა უჯრიდან ძველი საქაღალდე ამოიღო, შიგნით პოლიციის დოკუმენტები იყო, ფოტოები, სამედიცინო დასკვნა, თარიღები, ყველაფერი, მისი გარდაცვალების დრო — სამი დღით ადრე, მკვლელობის ადგილი — სრულიად სხვა ქალაქი... მე კი მთელი რვა წელი მჯეროდა, რომ სწორედ მე მოვკალი... ქალმა საქაღალდიდან ერთი ფოტო ამოიღო, ჩემს წინ დადო, ფოტო რომელზეც ახალგაზრდა კაცი ჩანდა... ღმერთო ჩემო, მე ხომ მას ვიცნობდი, თანაც ძალიან კარგად ვიცნობდი, იმდენად კარგად, რომ ფოტოს დანახვისთანავე ფეხზე წამოვდექი... — არაა... ქალმა მკითხა: — იცნობ? პასუხი ვერ გავეცი, ფოტოზე ხომ ზუსტად ის ადამიანი იყო აღბეჭდილი, ვისაც რვა წლის განმავლობაში ჩემს ერთადერთ მეგობრად ვთვლიდი... კაცი, რომელიც ჩემს გვერდით იყო მკვლელობის ღამეს, კაცი, რომელმაც მაშინ მითხრა: „არ იდარდო. ყველაფერი მე მოვაგვარე.“ ქალმა ჩემი სახე დაინახა და ჩუმად თქვა: — ახლა მაინც ხვდები? — რას? — ჩემი შვილი შენ არ მოგიკლავს... პაუზა... — შენ მოკალი ის კაცი, ვინც შენი მკვლელობა დაგეგმა.... ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... მე კი პირველად გამახსენდა ის ღამე, ყველაფერი... მისი სახე, მისი ხმა, დანა ჩემს ხელში და მისი ბოლო სიტყვები: „ერთ დღეს მაინც გაიხსენებ, რომ მე შენ გადაგარჩინე.“ მაშინ მეგონა, რომ გონებას ვკარგავდი, ახლა კი მივხვდი: მე მკვლელი ვიყავი, მაგრამ შესაძლოა... არასწორი ადამიანი მოვკალი. დღიურის ბოლო გვერდზე კი იმავე ღამეს კიდევ ერთი წინადადება დავამატე: „ხვალ ჩემს მეგობარს მოვძებნი.“ მეორე დღეს, მის სახლთან მისულს კარი ღია დამხვდა, სახლი ცარიელი იყო, მაგიდაზე კი მხოლოდ ერთი ნივთი იდო, ჩემი ძველი ფოტო, უკანა მხარეს კი წარწერა ჰქონდა: „თუ ამას კითხულობ, უკვე ძალიან გვიანია.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


