შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (11 თავი)


დღეს, 20:14
ავტორი ვე რა
ნანახია 126

თილისმა
#თილისმა

11
სასახლე სასახლეში

შინაგანი ხმა მკარნახობდა, საფრთხე არ მემუქრებოდა. ის, ვისაც ავი ზრახვები აქვს, გუნდებს არ ისვრის. არ გაგირბის და არ გემალება. თუ მანამდე რამე ეჭვი მქონდა, რომ შემთხვევითობის ამბავი იყო მხრებში მწარედ მოხვედრილი გუნდები, ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ სასახლის მიდამოებს ვიღაც უცხო, გუნდაობის მოყვარული ხუმარა არსება აფარებდა თავს. ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად მისი დევნის მომენტში ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ მოგვიანებით სწორედ ასე ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. და გოგოებთან ამაზე, რა თქმა უნდა, სიტყვაც არ დამცდენია. არც ზაქარიასთან დარეკვა მომსვლია აზრად. რატომღაც მეხალისებოდა იმ იდუმალი, მხიარული ტიპის სიახლოვე. თანაც ინტერესი მჭამდა, გამეგო, ვინ იყო და რა სურდა ჩემგან, ბოლოს და ბოლოს.
თოვლმა მალე დამღალა, თანაც მან, აშკარად, ჩემზე უკეთ იცოდა საით გარბოდა. ცოტა ხანში დავიღალე, აქოშინებული გავჩერდი და მისგან დატოვებულ ნაკვალევს დავხედე გაგულისებულმა.
_ საძაგელი!_ ჩავიბუტბუტე გაბრაზებულმა. და ახლა უკვე ნელა გავუყევი მის ნაკვალევს და წარმოიდგინეთ, რამხელა უნდა ყოფილიყო ჩემი გაოცება, როცა მან პირდაპირ სასახლის ეზომდე მიმიყვანა, მერე კი უბრალოდ გაქრა.
ვიდექი მოღუშული გარგულიების პირისპირ და თვალმოჭუტული დავყურებდი ჩემს წინ დასჯილი ჯარისკაცებივით ატუზულებს.
_ აბა, ვინ იყო? თქვენ ოთხივემ კარგად იცით და ხელს აფარებთ არა? მაგრამ რატომ?_ მათ წინ გავიარ_ გამოვიარე დაფიქრებული სახით. _ აქეთ მოიხედეთ ახლა, ან მეტყვით ვინ იყო და საით გაიქცა, ან მე თქვენ ...
დავფიქრდი და ვერაფრით მოვიფიქრე, რით შეიძლებოდა გარგულიებს დავმუქრებოდი. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ საგონებელში ჩამეყარა ჩემი უტყვი მეგობრები.
_ მე თქვენ გაჩვენებთ სეირს, მაცადეთ ცოტა!_ საჩვენებელი თითი მოვუღერე და სასახლისკენ წავედი გაბრაზებული ნაბიჯებით._ მაინც ვინ ჯანდაბაა და რა უნდა?
ვბუტბუტებდი ჩემთვის.
_ან ასე რანაირად გაქრა? ხომ არ გაფრინდა არა? _ გავჩერდი და თვალები ეჭვით მოვჭუტე._ ჰოო, იქნება გაფრინდა?
სახურავზე მსხდარ ორ გატრუნულ გარგულიას ავხედე ეჭვით, მათ ჯერ არ ვიცნობდი. ამიტომ არც ვენდობოდი.
_ მე თქვენ გაჩვენებთ ყველას! დამაცადეთ!_ ახლა მათ მოვუღერე მუჭი და სახლში შევაბიჯე._ ცოტა მაინც მოეცადა, სულ წამიც და მის სახეს დავინახავდი. არა მაინც რატომ მეგონა ანდრე? სულ არ ჰგავს მას.
მისი გამხდარი, ნატიფი სხეული წარმოვიდგინე და გამეღიმა, ანდრე ბევრად ზორბა იყო.
დივანში ჩავჯექი და ყველაფრის ახლიდან გახსენება ვცადე. თვალები დავხუჭე და იმ წამიდან გავყევი იმ უცნაურ მოგონებას, როცა კიბის მოაჯირს ხელი შევახე.
_ ანდრია, შენ?_ ჩემს გონებაში გაისმა ჩემივე გაოცებული ხმა. თვალებში ვუყურებდი მას, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი და ველოდებოდი. მაგრამ ის თან ჰგავდა ჩემს ანდრეს და თან ძალიან განსხვავდებოდა. ვისაც მე ვიცნობდი, მხიარული, კეთილი,მზრუნველი კაცი იყო. მაგრამ ის, ვინც იმ უცნაურ მოგონებაში ვნახე, ძალიან განსხვავდებოდა მისგან. გარეგნულად იგივე იყო, მისი ზუსტი ასლი, მაგრამ თვალები... გონება დავძაბე, რათა მისი ემოცია გამეხსენებინა, როცა ტელიოსის ხმა გაიგონა. მზერა გაუცივდა, ირონია და მხიარულება წამსვე გაუქრა, თვალები ზიზღმა, თუ რაღაც გაუგებარმა სიბრაზემ აუვსო. ის ორნი, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, აშკარა იყო, რომ იმ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ და მეტიც, ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად მოიაზრებდნენ.
_ ჯანდაბა, იქნება მართლა ვერა ვარ, ასეთი რამეები მეჩვენება და სულ არ არის გამორიცხული, რომ ვაფრენდე!_ ტუჩები სატირლად გამზადებული პატარა ბავშვივით დავბრიცე და საკუთარ თავს დავეჯღანე. აქ გოგოები არ იყვნენ, რომ თავიანთი სკეპტიციზმით ეჭვი შეეტანათ ჩემი ფანტაზიების რეალურობაში. ინსტიქტურად ყელზე ხელი მოვისვი და ისევ მტკივნეულად ვიგრძენი დანაკლისი. ჩემი გულსაკიდი მჭირდებოდა. ახლა მისკენ გაფრინდნენ ჩემი ფიქრები. სად დავკარგე? რატომ ვერ მოვუფრთხილდი? ვიღაცისთვის უბრალოდ ნივთი, ალბათ რთული გასაგები იყო, რატომ ვწუხდი ასე მისი დაკარგვის გამო. მაგრამ წლების მანძილზე ეს პატარა მედალიონი ჩემი სხეულის ნაწილივით მუდამ ჩემთან იყო. ახლა კი თავს ისევ ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მაკლდა. ამოვიოხრე და საათს დავხედე. დრო იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულების. ესეც რა უცნაური იყო, რომ ზღაპრის კითხვა ამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა სასახლის პატრონს. ნეტავ სინამდვილეში ვის ეკუთვნოდა ეს სასახლე. ანდაც ის დამწვარი? რა კავშირი ჰქონდა ამ ორ იდუმალ ნაგებობას ერთმანეთთან? ვერავინ დამაჯერებდა, რომ ამ ტერიტორიაზე სრულიად შემთხვევით იკვეთებოდა წარსულისა და აწმყოს მერიდიანები. ავდექი და მაგარი შავი ყავა მოვხარშე, შემდეგ რამდენიმე სენდვიჩი გავაკეთე და ბიბლიოთეკისკენ წავედი. თავადაც ძალიან მაინტერესებდა, როგორ გაგრძელდებოდა ვიქტორის სევდიანი ამბავი. ბიბლიოთეკის კართან მისული კვლავ აკრძალულ ოთახს მივაჩერდი წარბშეკრული.
_ მგონი მხოლოდ აქ არ მომიძებნია ჩემი თილისმა!_ ჩავიბურტყუნე ბრაზით. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სწორედ იმ ღამეს დამეკარგა, როცა ზაქარიას ვეხმარებოდი. და სწორედ აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ არ მითხრეს სიმართლე? ნუთუ მართლა ვერ იპოვნეს? ცოტა ხანს ვაკვირდებოდი დაკეტილ კარს და იმის ცოდნა, რომ ნებისმიერ წამს შემეძლო მისი გაღება, ჩემზე ანდამატივით მოქმედებდა. _ კარგი!
გავაქნიე თავი ჯიუტად. _ ამის დროც მოვა!
კარს ზურგი ვაქციე და ბიბლიოთეკაში შევედი. ტყავის ყდიანი წიგნი წამოვიღე, ვახშამი წავიღე და სვეტებიან დარბაზს მივაშურე სწრაფი ნაბიჯით. აქ დრო უცნაურად გადიოდა, ერთი შეხედვით არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ იმის ნაცვლად დრო შენელებულიყო, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის მთელი სისწრაფით მიახლოვდებოდა. მოდიოდა და თან რაღაც გაურკვეველი მოლოდინი მოჰქონდა. ვგრძნობდი სულ მალე რაღაც მოხდებოდა. რაღაც, რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა და სულ მალე მშვიდი, ერთფეროვანი და რუტინული დღეები მომენატრებოდა კიდეც. ან ასე იყო, ანდაც ეს ყველაფერი უბრალოდ ცრუ ინტუიცია იყო და მეტი არაფერი.
ვახშამი ქვის უზარმაზარ მაგიდაზე დავაწყვე და წიგნიც გვერდით მივუდე.
იმ უზარმაზარ სავარძელში გამარჯვებულის სახით ჩავჯექი..
მაგიდის ცივ ხაოიან ზედაპირს თითები გადავუსვი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რა დანიშნულებით იყენებდნენ ამ დარბაზს. ან ეს რა მაგიდა იყო ასე უძრავად მდგარი ამ ოთახის შუაგულში? ხელები მივაჭირე და ისე ინტერესის გულისთვის მისი ადგილიდან დაძვრა ვცადე. არაფერი გამომივიდა, რა თქმა უნდა.
_ რა არის ეს? სამსხვერპლო მაგიდაა?_ ვკითხე იდუმალ მასპინძელს._ აქ რა დემონები ვახშმობდნენ? თუ გარგულიების მრგვალი მაგიდის ფუნქცია ჰქონდა?
წარმოვიდგინე,როგორ ისხდნენ ექვსივენი აქ და როგორ ვახშმობდნენ მხოლოდ მათთვის გასაგები მხიარული ხუმრობების თანხლებით. გაგონილი მქონდა, რომ გარგულიები დასჯილი დემონები იყვნენ. დასჯილები არა თავიანთი სიბოროტის ანდაც ჩადენილი ქმედების გამო, არამედ ბალანსისგან დაწესებული წესების დარღვევისთვის. ნეტავ რა მიიჩნეოდა მათ სამყაროში წესების დარღვევად? მაგალითად თუ აქ ამ ქვის მაგიდაზე უდანაშაულო მსხვერპლით ჩაიგემრიელებდნენ პირს? არა! ისინი ხომ ისედაც ამისთვის იყვნენ შექმნილები! მაშ, რატომ დაისაჯნენ ჩემი გარგულიები? რა ჩაიდინეს ასეთი საშინელი? ანდაც რამდენად ხანგრძლივი იყო მათი სასჯელი?
სევდიანი ფიქრები კვლავ წიგნმა გამიფანტა. ზონარი შემოვხსენი და გარსაკრავი ტყავი გადავშალე.

თავი 2
_ შენი სახელი იქნება..._ წამით დაფიქრდა ვიქტორი. რა შეიძლებოდა დაერქმია საკუთარი ვაჟისთვის? ისიც კი არ დასცალდა საწყალ მართას, სახელი შეერჩია თავისი ნანატრი შვილისთვის. კომეტებივით ელავდნენ ვიქტორის თავში ბნელი და ავი შინაარსის მატარებელი სახელები. წყვდიადი, სიბნელე, ტკივილი, მარტოობა, სასჯელი.... და არცერთი მათგანი არ იყო შესაფერისი. თვალები დახუჭა და თავიანთ უბრალო ხის საწოლზე ჩამოჯდა. ბავშვის პატარა ხის აკვანი გაარწია. _ ნეტავ რას დაგარქმევდა დედაშენი? ალბათ რაიმე ლამაზს, მარტივს და სასიამოვნოდ მოსასმენს. ბიჭუნას პატარა ვარდისფერი ხელი მოუჩანდა საბნის ზემოდან. გრძელი ლამაზი თითები ჰქონდა. ალბათ როცა გაიზრდებოდა ლამაზი ძლიერი ხელები ექნებოდა. მართას რომ მისი გაზრდა დაცლოდა, ალბათ ეს თითები საკრავს მოიხდენდნენ. ახლა? ახლა რა ბედი ელოდათ ამ პატარა სრულყოფილ ხელუკებს?
ჰაერი ჩაისუნთქა ვიქტორმა და ბავშვი აკვნიდან ამოიყვანა. წუხდა პატარა, ტუჩებს აცმაცუნებდა. ინსტიქტურად ეძებდა დედას.
_შენ გაიზრდები და შურს იძიებ მათზე, ვინც დედის გარეშე დაგტოვა! შენ გაიზრდები სრულყოფილი მებრძოლი! სამწუხაროდ შენ ვერასდროს იქნები მუსიკოსი, ვერც წიგნებს დაწერ, არც ცაში ფრანის გასაშვებად გეცლება არასდროს! _ ჩურჩულებდა ვიქტორი, თითქოს ტრანსში იყო. რამდენიმე დღის ჩვილის მხრებს ათასი წარმოსახვითი ვალდებულებით და პასუხისმგებლობით ბოჭავდა და ამძიმებდა. _ჰოო, შენ ტელიოსი ხარ! შენ სრულყოფილება ხარ!
თქვა და ბავშვი კვლავ აკვანში დააბრუნა. მის საწყალობელ ტირილს მოუყრუა.
_ ცხოვრება ტკივილია! რაც მალე მიხვდები ამას, მით უფრო მარტივი იქნება სუნთქვა!_ თქვა და ქოხის კარი გაიხურა. ვინმე უნდა ეპოვნა, ვინც ბიჭუნას აღზრდაში დაეხმარებოდა. ახლა დარდის და წუხილის დრო არ იყო. ცრემლები სუსტებისთვისაა! ფიქრობდა ვიქტორი და გულის იმ მონარჩენს, რომელიც პატარა ტელიოსის სიყვარულს უნდა გადაერჩინა, თავისივე სურვილით აქვავებდა.
ოცდახუთი წლის იყო ვიქტორი, როცა მართა მოიყვანა ცოლად და ერთი წელი იცხოვრა მასათან. ახლა კი ახალგაზრდა კაცი ცოლის სიკვდილიდან სამიოდ დღეში სხვას ეძებდა. განა სხვა სურდა, განა სიყვარულს ეძებდა, განა მარტოობას ვერ აიტანდა, მაგრამ ასე იყო საჭირო და ასეც მოხდა. თითქოს ამ მომენტს ეძებდა დინა. ბავშვობიდან უყვარდა ვიქტორი და მისმა ტრაგედიამ ის შანსი მისცა, რასაც ვერასდროს ეღირსებოდა, რომ არა მართას სიკვდილი. რა უცნაურია არა? ერთის სიკვდილი, მეორის ხსნა რომ გახდება? თუმცა ეს მთლად ასეც არ ყოფილა. დინა ის ქალი იყო სასურველის მისაღებად სულსაც რომ გაყიდიდა. თუმცა მისი ბავშვური უმანკო სახე და ქალური სინაზე მისი სულის სიბნელეს მშვენივრად ნიღბავდა. ჰოდა ასე, საძულველი მეტოქის სიკვდილიდან ერთ კვირაში დინამ ოცნება აიხდინა. და არას დაგიდევდათ, თუ რა გაიღო ამ ოცნების სანაცვლოდ.
თუმცა განა ყველა ოცნება, რომელიც ახდა, ამართლებს? სწორედ ასე გაუცრუვდა დინას იმედი. ქვად იქცა ვიქტორი. ქვად და ყინულად. მკვდარი ქალის ერთგულებას ვერაფრით გადააბიჯა. გაყინული გული ვერც დინას ალერმა დაულღო, ვერც მისმა მზრუნველობამ. ქმარი შესძულდა დინას. შესძულდა ცოცხალი ქმარი, მისი მკვდარი ცოლიც, რომელსაც ყველა ქალში ეძებდა ვიქტორი და ყველაზე მეტად გერი შეიძულა გულშავმა ქალმა.

_ იაკობმა თქვა, ტყეში ცოდვილი არსება დადის! ჩვენი ვალია მისი სული გავათავისუფლოთო!_ დაფიქრებული უსმენდა ვიქტორი სოფლის თავკაცს. „გათავისუფლება“ რაც იყო მასზე უკეთ არავინ იცოდა. სწორედ ასე გაათავისუფლეს წლების წინ მარიაც. მარიას გახსენებაზე გააჟრჟოლა კაცს.
_ ცოდვილი?_ იკითხა ყრუ ხმით.
_ ასამანედან მოვიდა კაცი!_ არცთუ შორეულ სოფელზე უთხრა მოსაუბრემ._ ლამის ნახევარი სოფელი გაწყვიტა. ტყეში გასვლას ერიდებიან იქაურები. შიშმა მოიცვა ყველა. უზარმაზარი ნადირია. მხეცი!
_ მხეცი?_ დაფიქრდა ვიქტორი. სმენოდა ამ დემონზე. მთვარის მორჩილს ეძახოდნენ მას. ლეგენდები ამბობდნენ, რომ ერთ დროს ადამიანი იყო, შემდეგ კი მთვარემ დაიმონა. მის ძახილს მისდევდა და მგელივით ძლიერი და ულმობელი ხდებოდა სავსე მთვარობას. შიშის საცეცებმა მაჯებზე მოუჭირა. ეშინოდა ვიქტორს. ეშინოდა და ეს შიში აძლევდა ძალას. უფრო სწორედ ის გრძნობა იწვევდა მასში კმაყოფილებას და ძლევამოსილების შეგრძნებას, როცა ამ სულწაბილწულ დემონებს ერთიმეორის მიყოლებით ხოცავდა. და მიუხედავად იმისა, რომ მათ სიკვდილს შვება არ მოჰქონდა, გაჩერებას არ აპირებდა ვიქტორი. ცოლის საფლავთან ფიცი ჰქონდა დადებული, მას ვერ გადავიდოდა. იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რატომ უშვებდა მისი ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე მათ არსებობას. ალბათ ყველაფერი მხოლოდ ადამიანების გამოსაცდელად ხდებოდა? წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ სამყარო ამდენად ვრცელი და შეუსწავლელი იყო. მისი ვიწრო მსოფლმხედველობა მზად არ იყო სამყაროს მრავალფეროვნებისთვის. ამიტომ მარტივი იყო ეფიქრა, რომ რასაც ახსნას ვერ უძებნიდა უბრალოდ უნდა გაენადგურებინა. შიში ამოუხსნელის მიმართ ვიქტორში და მის მსგავსებში სიძულვილს ბადებდა, თუმცა იყო კიდევ რაღაც, რაზეც მას წარმოდგენა ჯერ არ ჰქონდა. და ბალანსი ისეთ გამოცდას უმზადებდა, ყველაზე საშინელ კოშმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.
სულ მალე ათიოდ ყელამდე შეიარაღებული წმინდა მებრძოლი გავიდა სოფლიდან და მთებისკენ გაუყვა გზას. მამა იაკობის ლოცვით გამხნევებული და აჟიტირებული მიუყვებოდნენ მიკარგულ მთებში მიმავალ ვიწრო ბილიკებს. ოდითგანვე წყეულ მთას ეძახდნენ იქაურები ამ ადგილს. იცოდნენ, რომ იმ ადგილს უნდა მორიდებოდნენ. თუმცა ინტერესი ყოველთვის მეტი იყო ადამიანში, ვიდრე შიში. ინტერესი და უფრო მეტი ამპარტავნება. მათ ხომ თავი დედამიწის ერთადერთ მფლობელებად მიაჩნდათ. განა სწორედ ამას არ ყვებოდნენ წმინდა წერილები? დედამიწაზე არ იყო დემონების, ცოდვილი სულების და დაცემულების ადგილი. მაგრამ ვინ გადაწყვიტა ეს? როდის შემდეგ გახდნენ სამოთხიდან განდევნილი ადამიანები დედამიწის მოსამართლეები? როდის მერე ამაღლდნენ სხვებზე საკუთარი დაცემით? ამაზე არც ფიქრობდნენ და არც ენაღვლებოდათ, მაგრამ მათივე შექმნილი და მოგონილი სამართალი ძალიან შორს იყო სამყაროს ბალანსისგან.
კოცონის პირას შეისვენეს, ვახშამი ცეცხლზე ააშიშხინეს. საუბრობდნენ, ბრძოლის გეგმებს განიხილავდნენ. ჩუმად იჯდა ვიქტორი. მის წინ გადაშლილ ხევს უყურებდა და ცდილობდა გულში დაბუდებული შიში როგორმე სხეულიდან გაეგდო.
ხეობის თავზე თვლემდა მთვარე. ორი დღეს და სრულებით გაივსებოდა, გაიღვიძებდა და მორჩილებს მოუხმობდა. შორიდან გაისმა ავი გაბმული ყმუილი. ფეხზე წამოდგა ვიქტორი და ხმის მიმართულებით დაძაბა მზერა. სიბნელე იწვა ქვემოთ გადაშლილ ტყეში. სიბნელე იფარავდა საკუთარ ხიზნებს. სადღაც სევდიანად ყმუოდა დევნილი არსება. უფრო შორიდან სხვა პასუხობდა.
_ სულ ცოტა ორნი არიან._ გვერდით ამოუდგა ვიქტორს მარუხი. ერთგულ თანამებრძოლს გადახედა კაცმა. თვალებში ნაპერწკალი ენთო მარუხს. სიძულვილის ავი ალი. „ნეტავ მას რა მიზეზი აქვს სიძულვილისთვის?“ გაიფიქრა ვიქტორმა. მხრები აიჩეჩა შეუმჩნევლად. თავი დაუქნია და ტყისკენ დაუყვა ფერდობს.
_ საით ვიქტორ?_ გამოსძახა მისი სითამამით გაოგნებულმა კაცმა. თავად მარტო არასგზით არ შევიდოდა ახლა ტყეში. „რა მამაციაო!“ გაიფიქრა მეთაურის სიკერპით აღფრთოვანებულმა. პასუხი არ გაუცია ვიქტორს. შიში, შიში იყო მისი მოტივატორი. ალბათ ყველაზე მატად სწორედ საკუთარი შიშის დამარცხება სურდა. უცნაური იყო, მაგრამ მშიშარა ძალიან ჰგავდა მამაცს.
ტყეს შეერია, მძიმე ნაბიჯებით მიყვებოდა ნადირის გაკვალულ თვალით უხილავ ბილიკს. აღარ ახსოვდა ტყეს, ბოლოს ადამიანმა აქ ფეხი როდის დაადგა. ინტერესით დაჰყურებდა ფრთხილად მიმავალს. მის გულს ხედავდა ტყე, გრძნობდა არ იყო სასურველი სტუმარი. ქარმა დაბერა ფოთოლგაცვენილ ხეებს, ხმაურით შეალეწა ერთმანეთს ხმელი ტოტები. ჭრიალი დაიწყეს ბებერმა ასწლოვანმა ხეებმა. მთვარის ცივი სინათლე თითქოს მადლით ავსებდა მათ ზეცისკენ ვედრებით აწვდილ დაღვლარჭნილ მკლავებს. რაღაც ხმაური მოესმა ვიქტორს. შედგა. სუნთქვაც შეიკრა ლამის. ქარი მოსინჯა და მის საწინააღმდეგოდ იფარა ბებერი ხის მსხვილი ვარჯი. ასიოდე ნაბიჯში ახალ ნაყარ პატარა მორჩებს ტყავს აცლიდა ხარირემი. მასაც სწორედ უფოთლო ხეს მიუგავდა დაგრეხილი რქების ვარჯი. შიგადაშიგ ჩერდებოდა, თავს მაღლა სწევდა და ჰაერს ყნოსავდა. შემდეგ კვლავ მშვიდად აგრძელებდა ჭამას.
მაგრამ იმას, რასაც ვერ ამჩნევდა ირემი, ხელისგულზე გადაშლილი წიგნივით კითხულობდა გამოცდილი მონადირე. მასა და ირემს შორის კიდევ ერთი სულიერი მშიერ მზერას არ აცილებდა ნადავლს. ნელა წამოიმართა საფარიდან ლანდი. მუხლებში გაცრა ვიქტორს. მონათხრობი სხვა იყო და რეალობა სხვა. ის არსება ადამიანს არ ჰგავდა, არაფერი ეცხო კაცის შვილის. ასეთი რამ არასდროს ენახა ვიქტორს. ეს არსება არ ჰგავდა კუდიან მარიას, მისი მონადირება არ გასჭირვებიათ მაშინ. ეს კი?! განზე გამდგარ ბალნით დაფარულ კლანჭებიან ტორებზე იდგა, მაღლა აზიდული დაძარღვული მკერდიც ბალნით ჰქონდა დაფარული, გრძელი მუხლამდე დაშვებული მსხვილი მკლავები და უცნაური არაადამიანური სახე ჰქონდა. მთვარის ნათელი შუქი საკმარისი იყო, რათა კაცს სრულად აღექვა მისი დიდებულება და ძლევამოსილება. სამიოდ ნაბიჯი თუ ნახტომი ეყო მანძილის დასაფარად, ელვის უსწრაფესად დააცხრა თავს საბრალო ირემს და სწრაფად გამოღადრა ყელი ეშვებით. ფრთხილად დაიხია ვიქტორმა უკან. ნანადირევის გამოფატვრაში გართულ მხეცს არც კი უყნოსია მისი სიახლოვე. ბილიკიდან გადავიდა ვიქტორი და როცა სათანადო მანძილით მოშორდა, სწრაფად გაიქცა ბანაკისკენ. გული საგულეს აღარ ჰქონდა. ნანახი ბასრავდა მის გონებას. განცდილი რეალობა, ცოცხალი ლეგენდა. ეს გასააზრებლად იმდენად რთული იყო, წამით ისიც კი იფიქრა, რომ მოეჩვენა. დაჯერება უჭირდა, საკუთარი გონება ეურჩებოდა. ცეცხლთან მივიდა და მუხლებზე დაეშვა განცდილით გადაქანცული....

_ მოიცადე, ანუ მაქცია ნახა?_ ჩავილაპარაკე და ძლივს დავაღწიე თავი ამბის მძიმე აურას._ ანუ სწორედ ისე, როგორც მე? მაგრამ ის ...
წამით წარმოვიდგინე ის არსება, ვინც მაშინ ტყეში გადამეყარა. არ ტყუოდა წიგნის ავტორი, ეს შიშზე მეტი იყო. სწორედ შიშმა გამაქვავა იქ, ანდაც იმან, რომ ბავშვი ვიყავი, სადღაც 16_17 წლის და ჩემი გონება ფანტაზიებს რეალობად არ აღიქვამდა.
_ ანუ ეს ზღაპარი მაქციებზეა?_ წიგნი გადაშლილი დავდე მაგიდაზე და საკუთარ იდაყვებს დავეყრდენი. სავარძელი იმდენად ახლოს მქონდა მიწეული, რომ მუხლებაკეცილი ვიჯექი ზედ და მაგიდის კიდეებს ხელებით ვეყრდნობოდი. ყავისკენ წავიღე ხელი და ჯერაც ფიქრებში გართულმა დაუდევრობით წავაქციე ფინჯანი.
_ჯანდაბა! _ წამოვიძახე გაბრაზებულმა._ არა რა იქნებოდა, წიგნი ადამიანურად ბიბლიოთეკაში წამეკითხა, ჰა?
ფეხზე ავდექი და მაგიდის გასამშრალებელი ტილოს მოსატანად სამზარეულოში წავედი. წუთის შემდეგ სამზარეულოს პირსახოცით ხელში უკან დავბრუნდი. ის იყო ნაჭერი სველ მაგიდას დავადე, რომ უცნაური რამ მომხვდა თვალში. წიგნი დაკეცილიყო და მაგიდის კიდეში გასრიალებულიყო.
_ რაო?_ დაეჭვებულმა მოვჭუტე თვალები. აშკარად მახსოვდა, რომ გადაშლილი დავდე და მისი ზონარი ჩავაყოლე თან, ვინიცობაა, დახურულიყო, ადვილად რომ მეპოვნა სად გავჩერდი._ ახლა უკვე მართლა დამცინი არა?
სწრაფად მიმოვიხედე დარბაზში. რა თქმა უნდა, მარტო ვიყავი. თავი გავაქნიე, ალბათ რაღაც არასწორად მახსოვდა. მაგრამ ეს ახსნა ვერაფრით დავაჯერე საკუთარ თავს.
_კარგი დაიხურა და დაიხურა, ასეც ხდება ხოლმე ამა! არ დაფრთხე!_ შევძახე თავს და მაგიდისკენ გადავიტანე გულისყური. უეცრად რაღაც ნაცნობი მომხვდა თვალში. დავიხარე და სწორედ მაგიდის კიდეზე, გვერდიდან, ზედ მსხვილ ქვის კანტზე გადავუსვი თითები.
_ არა, ეს შეუძლებელია!_ უკან დავიხიე და ისე დავაკვირდი ზედ ამოტვიფრულ სიმბოლოს. მაგიდაზე სწორედ ჩემი გულსაკიდის სპირალისებური გრავიურა ეხატა. ტილო სავარძელზე მივაგდე და მაგიდასთან ჩავიმუხლე. წიგნიც დამავიწყდა და მისი დახურვაც. არა, ასეთი დამთხვევა? შანსი არ იყო! თითები გავაყოლე სპირალის ჩაღრმავებას. არ მეშლებოდა, იმდენჯერ მქონდა თითებით შესწავლილი ჩემი თილისმა, რომ ახლა არ ამერეოდა, თითქოს ეს უფრო ტვიფარი იყო, სადაც ჩემი გულსაკიდი უნდა მომეთავსებინა და რაღაც გაიხსნებოდა. შემკრთალი გავხტი უკან.
_ არააა! რაოოოო? _ ახლაღა დავაკვირდი ჩემს წინ მდგარ საგანს. ეს მაგიდა არ იყო! მაგიდა კი არა, მასთან მიახლოებულიც კი არაფერი იყო!
_ ვაი დედა!_ წამოვიძახე დამფრთხალმა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მივხვდი, რაც იყო ეს უცნაური „მაგიდა“. ეს, არც მეტი არც ნაკლები, სარკოფაგი იყო! კუბო! ჩასასვენებელი! საცხედრე! სასახლე!
რაც გინდათ ის დაუძახეთ, მაგრამ ის საგანი, რომელზეც შემომჯდარი წიგნს ვკითხულობდი, რომელზეც მადიანად მივირთმევდი ვახშამს, ზედ ფეხებს ვაწყობდი მეტი კომფორტისთვის, სწორედ რომ სასახლე იყო სასახლეში! და რა გამოდიოდა? შიგნით ვინმე იწვა? მკვდარი? გარდაცვლილი? მუმია?
ფეხზე წამოვხტი და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით გავშორდი.
_ აიი, თურმე რატომ უნდა წამეკითხა აქ ეს სულელური ამბავი! ზღაპარი მკვდრისთვის? ავადმყოფებო! მანიაკებო! _ შევკივლე ნირწამხდარმა. ამას არ მეტყოდნენ! რა თქმა უნდა, ეს რომ ეთქვათ, აქ რა ჯანდაბა გამაჩერებდა? რა ფეტიში იყო? მკვდარს რად უნდოდა ზღაპრები? მკვდარს საერთოდ რა უნდოდა სასახლეში?!
უკან_ უკან დავიხიე, შემდეგ ზურგი ვაქციე იმ ოხერ სარკოფაგს და დამფრთხალი ნადირივით მოვკურცხლე საკუთარ საძინებელში. წიგნის ბიბლიოთეკაში დაბრუნება არც კი გამხსენებია.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent