შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ თავისუფლებას დავიბრუნებ (თავი 3)


გუშინ, 01:57
ავტორი theuntoldchapter
ნანახია 65

ოთახში დილის შუქი შემოდიოდა, ფანჯრიდან კი ხეების ჩრდილები იატაკზე ეცემოდა. ნინას თავი აღარ სტკიოდა ისე ძლიერად, როგორც წინა დღეს, თუმცა სისუსტე ჯერ კიდევ ჰქონდა. გვერდი იცვალა და ჭერს მიაშტერდა. წინა ღამე გაახსენდა. ლუკა, რომელიც მის საწოლთან იჯდა და დროდადრო სიცხეს უმოწმებდა. მისი ზედმეტად მშვიდი ხმა და ის მზერა ...

კარზე კაკუნი გაისმა.
— შემოდი.
გიგიმ კარი გააღო და ოთახში საუზმის ლანგრით შევიდა.
— დილა მშვიდობისა, ქალბატონო.
— დილა მშვიდობის.
— როგორ ხარ?
— უკეთ.
გიგიმ ლანგარი მაგიდაზე დადო და ნინას დააკვირდა.
— უკეთ გამოიყურები.
— მადლობა. შენც არ გამოიყურები ცუდად, თუ გავითვალისწინებთ, რომ დილაა.
— ეს კომპლიმენტი იყო?
— ნუ გავართულებთ.
გიგის გაეცინა. სკამზე ჩამოჯდა და ნინას გადახედა.
— ლუკა დილით ექიმს ელაპარაკა. სიცხე წესით აღარ აგიწევს. თუმცა, სითხეები უნდა მიიღო და დაისვენო.

გიგი წამოდგა, თითქოს წასვლას აპირებდა, მაგრამ ნინას ხმა რომ გაიგონა, შეჩერდა.
— გიგი.
— გისმენ.
— ბავშვებთან დარეკვა მინდა.
გიგის გამომეტყველება მაშინვე დაუსერიოზულდა.
— ლუკას ვეტყვი.
— არა, უბრალოდ უთხარი, რომ დღეს უნდა დამარეკინოს. აღარ შემიძლია, ყოველ დილით იმაზე ფიქრი, როგორ არიან.
— კარგი.
— და გიგი...
— ჰო?
— ლუკასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური წარმოდგენა გაქვს. დიდი ხანია მეგობრობთ?
— ბავშვობიდან.
— კარგი, აღარაფერს ვამბობ.
კარისკენ წავიდა, თუმცა გასვლამდე კიდევ ერთხელ შემობრუნდა.
— სხვათა შორის, გუშინ ღამე თითქმის არ უძინია.
ნინამ მზერა გაუსწორა.
— და?
— არაფერი. უბრალოდ, გითხარი.

ნინა ცოტა ხანს მის დახურულ კარს უყურებდა, შემდეგ კი საუზმეს მიუბრუნდა. ჭამა არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ძალების აღდგენა სჭირდებოდა. დღეს ბავშვებთან უნდა დაერეკა. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო.

ლუკა ოთახში დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შევიდა.
ნინა ფანჯარასთან იდგა. მის დანახვაზე მაშინვე შემობრუნდა.
— გიგიმ გითხრა?
— რა?
— რომ ბავშვებთან დარეკვა მინდა.
— მითხრა.
— და?
ლუკამ ტელეფონი ამოიღო.
— შეგიძლია დაურეკო.
ნინას სახე გაუნათდა, თუმცა ლუკას მომდევნო სიტყვებმა ღიმილი მაშინვე გაუქრო.
— ოღონდ ჯერ მომისმინე.
— გისმენ.
ლუკა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
— საუბრისას ზედმეტი არაფერი თქვა. არ ახსენო, სად ხარ, ვინ გყავს გვერდით ან როგორ მოხვდი აქ. უბრალოდ, დაელაპარაკე, გაიგე, როგორ არიან და მორჩა.
ნინამ წარბები შეკრა.
— ლუკა, ჩემი შვილები არიან. ვიცი, როგორ უნდა ველაპარაკო.
— მაშინ პრობლემა არ იქნება.
— კიდევ რამე?
— კი. თუ ჩემს ნათქვამს არ გაითვალისწინებ, ტელეფონს წაგართმევ, ოთახში ჩაგკეტავ და ბავშვებთან დარეკვის საშუალებას აღარ მოგცემ.
ნინა გაშეშდა.
— მემუქრები?
— გაფრთხილებ.
— რა განსხვავებაა?
— ამ შემთხვევაში — დიდი.
ნინამ ირონიულად ჩაიცინა.
— გასაგებია. შენი წესები, შენი სახლი, შენი ტელეფონი. კიდევ რამე ხომ არ უნდა ვიცოდე?
— ზედმეტი არაფერი თქვა.
ნინა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.
— კარგი.
— დარწმუნებული ხარ?
— კი, ლუკა. გასაგებია-მეთქი.
მან ტელეფონი გაუწოდა.
ნინამ გამოართვა და ნომერი აკრიფა. თითები ოდნავ უკანკალებდა. ზარის მოლოდინში თავისუფალი ხელი მუხლზე დაიდო.
პირველივე ზარზე უპასუხეს.
— ნინა?
ძიძის ხმა რომ გაიგონა, ნინამ თვალები დახუჭა.
— მე ვარ. ბავშვები როგორ არიან?
— კარგად არიან, საყვარელო. ახლავე დავუძახებ.
ნინამ ტელეფონი ყურთან მიიდო და დაელოდა.
რამდენიმე წამში ნიცას ხმა გაისმა.
— დედააა!
ნინას სახე მაშინვე შეეცვალა.
— ჩემო გოგო...
— დედიკო, სად ხარ? როდის მოხვალ?
— მალე, ჩემო სიცოცხლე. ძალიან მომენატრე.
— მეც! ძალიან!
ნინას გაეღიმა. თვალები აემღვრა, თუმცა თავი შეიკავა.
— სანდრო სად არის?
— აქ ვარ, დედა.
— ჩემო ბიჭო, როგორ ხარ?
— კარგად. შენ?
— მეც კარგად ვარ.
— როდის დაბრუნდები?
ნინამ რამდენიმე წამით დააყოვნა.
— მალე, სანდრო. როგორც კი შევძლებ.
— შაბათს ფეხბურთზე წამიყვან?
ნინას გული შეეკუმშა.
— ვეცდები, ჩემო ბიჭო.
— კარგი.
ნიცა ისევ ჩაერთო.
— დედა, როცა მოხვალ, ჩემთან დაიძინებ?
— კი, ჩემო პატარა.
— და ზღაპარს წამიკითხავ?
— რამდენსაც გინდა.
— მიყვარხარ!
— მეც მიყვარხარ, ნიცა.
ნინამ ორივეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ძალიან უყვარდა. ტელეფონის ყურმილში ძიძის ხმა გაისმა
— ნინა!
ნინამ ინსტინქტურად ლუკას შეხედა.
ლუკამ ტელეფონი ხელიდან სწრაფად გამოართვა და ზარი გათიშა.
— ლუკა! — ნინა მაშინვე წამოდგა. — რას აკეთებ?!
მან ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
— საუბარი დასრულდა.
— ძიძას რაღაცის თქმა უნდოდა!
— ვიცი.
— იქნებ ბავშვებზე უნდა ეთქვა რამე?!
— ბავშვები კარგად არიან. შენ თვითონ მოისმინე.
— მაშინ რატომ გამითიშე?!
ლუკას გამომეტყველება არ შეცვლია.
— იმიტომ, რომ საუბარი იმ მიმართულებით მიდიოდა, რომელიც არ მაწყობდა.
ნინას სახე დაეძაბა.
— პირობა შევასრულე. არაფერი მითქვამს.
— ვიცი.
— მაშინ რა პრობლემა გაქვს?!
— ამჯერად არანაირი. მაგრამ შემდეგ ჯერზე საუბარს ბოლომდე დაასრულებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ყველაფერი წესრიგშია.
ნინამ გაბრაზებულმა ჩაიცინა.
— რა გულუხვი ხარ. მადლობა, რომ შვილებთან საუბრის უფლებას მაძლევ.
— ნინა...
— არა, მართლა. საოცარი ხარ. ჯერ მემუქრები, რომ ოთახში ჩამკეტავ და ბავშვებთან დარეკვას ამიკრძალავ, მერე კი ისე იქცევი, თითქოს რაღაც სიკეთეს მიკეთებ.
ლუკა რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა.
— შენთვის მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, არა?
— რა თქმა უნდა.
— მაშინ ნუ მაიძულებ, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომლებიც შენთვის არ იქნება სასიამოვნო.
ნინამ თვალები მოჭუტა.
— შენ უკვე მიიღე საკმარისი გადაწყვეტილებები ჩემს მაგივრად.
— ვიცი.
ეს პასუხი მოულოდნელი იყო. ნინა წამით გაჩუმდა, გაბრაზებისგან მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა.
— გადი, ლუკა.
— დაისვენე.
— გითხარი, გადი.
ლუკა კარისკენ წავიდა. გასვლამდე ერთხელ კიდევ შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
კარი დაიხურა.
ნინა რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. შემდეგ საწოლთან ჩაიმუხლა და ატირდა.
ბავშვებთან საუბარი ძალიან მოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ამ რამდენიმე წუთმა მისცა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა — დარწმუნებულიყო, რომ ბავშვები კარგად იყვნენ.

საღამოს გიგი ოთახში შემოვიდა და კარს მიეყრდნო.
— ვახშამი მზადაა.
ნინამ ბალიშიდან თავი ასწია.
— რა გვაქვს?
— საჭმელი.
— გიგი.
— კარგი, კარგი. ხორცი, სალათი, კარტოფილი და ღვინო.
ნინამ წარბი ასწია.
— ღვინო?
— ჰო.
— ლუკამ იცის?
— თავად მოიტანა.
— და მე დალევის უფლებას მომცემს?
გიგიმ მხრები აიჩეჩა.
— ეგ უკვე შენ უნდა გაარკვიო.
— შესანიშნავია. საღამოს გასართობიც მექნება.
— ოღონდ ჯერ ბოლომდე გამოკეთდი. გუშინ ლამის მთელი ღამე გაათენებინე ჩემს ძმაკაცს!
ნინა წამოდგა.
— დღეს უკეთ ვარ.
— ვიცი. თუმცა, ლუკას ვერ გავაგებინე. სამჯერ იკითხა.
ნინა კარისკენ მიმავალმა შეჩერდა.
— სამჯერ?
გიგიმ უდარდელად დაუქნია თავი.
— შეიძლება ოთხჯერაც. ზუსტად არ დამითვლია.
ნინამ თავი გააქნია.
— თქვენ ორს აშკარად ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ.
— ახლა უკვე ნაკლები. მოდიხარ?
— მოვდივარ.

მისაღებში შესვლისას ნინამ მაგიდას გადახედა. ყველაფერი მზად იყო. გიგი დივანზე იჯდა, ლუკა კი მაგიდაზე ჭიქებს აწყობდა.
ნინას დანახვისას ლუკამ მზერა შეავლო.
— როგორ ხარ?
— უკეთ.
— თავბრუ ხომ არ გეხვევა?
— არა, ლუკა. მინდა გაწყენინო და გითხრა რომ ჯერ კიდევ შემიძლია დამოუკიდებლად სიარული.
— კარგი.
ნინამ მაგიდაზე მდგარ ღვინოს შეხედა.
— ცოტა დალევა ნამდვილად მჭირდებოდა.
— არა, — უპასუხა ლუკამ.
— რა სამწუხაროა.
— დღეს არ დალევ.
ნინამ თავი გააქნია.
— აი, დაიწყო.
გიგიმ სიცილი შეიკავა.
— ნინა, დაჯექი. სანამ ლუკამ მეც ამიკრძალა დალევა.
— კარგი აზრია, — თქვა ლუკამ.
— შენ გაჩუმდი, — მიუგო ნინამ და სკამზე ჩამოჯდა.
ლუკამ მის წინ წყლის ჭიქა დადგა.
ნინამ ჭიქას დახედა.
— ეს რა არის?
— წყალი.
— ვიცი, რომ წყალია. რატომ დამისხი?
— იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ავად ხარ.
— სიცხე აღარ მაქვს.
— ვიცი.
— თავს კარგად ვგრძნობ.
— მიხარია.
— და ერთი ჭიქა ღვინო არაფერს დამიშავებს.
ლუკამ სკამი გამოსწია და დაჯდა.
— დღეს არა.
ნინამ გიგისკენ გაიხედა.
— შენ ხედავ ამას?
— რას?
— ამ ადამიანს.
— ყოველდღე.
— და ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ?
— ძლივს.
ნინას სიცილი აუტყდა.
— ჯანდაბას, მხოლოდ ერთი ჭიქა.
ლუკამ ნინას თეფშთან ღვინის ჭიქა მიაცურა.
— დიდი მადლობა. შენს ნებართვას ველოდი.
— როგორც ჩანს, ნამდვილად ელოდი.
ნინამ თვალები აატრიალა.
— აუტანელი ხარ.
— ხშირად ამბობენ ხოლმე.

გიგიმ ღვინო დაისხა, შემდეგ ლუკას და ნინას ჭიქებიც შეავსო.

ჭიქა ასწია.
— გაუმარჯოს ნინას გამოჯანმრთელებას.
— გაუმარჯოს, — თქვა ნინამ ჭიქა მიუჭახუნა.
— და იმასაც, რომ დღეს არავინ არავის მოკლავს, — დაამატა გიგიმ.
ნინამ ლუკას შეხედა.
— ამაზე გარანტიას ვერ მოგცემ.
— მე მით უმეტეს, — დამარცვლით თქვა ლუკამ.
გიგიმ თავი გააქნია.
— აი, ასე იწყება ყველა მშვიდი საღამო.

რამოდენიმე ჭიქის შემდეგ, ნინას ლოყები აუწითლდა. გიგი სხვადასხვა ამბავს ჰყვებოდა, ნინა კი დროდადრო კომენტარით ერთვებოდა და სიცილისგან მუცელი სტკიოდა.
— ერთი რამ მაინტერესებს, — თქვა ნინამ, როცა გიგიმ მორიგი სადღეგრძელო დაასრულა. — შენ საერთოდ იცინი?
ლუკამ შეხედა.
— ვიცინი.
— როდის?
— როცა სასაცილოა.
— და ბოლოს როდის იყო სასაცილო?
გიგი მაშინვე ჩაერთო:
— გუშინ, როცა ექიმმა უთხრა, რომ სითხეები უნდა მიგეღო. შენთვის წყალი უნდა მოეტანა და ლუკამ ისე შეხედა, თითქოს ოპერაციის გაკეთებას სთხოვდნენ.
ნინას გაეცინა.
— მართლა?
— არა, — თქვა ლუკამ.
— გიგი, გააგრძელე.
— მოკლედ, ამ ადამიანს ჰგონია, რომ თუ ყველაფერს სერიოზულად შეხედავს, პრობლემა თავისით მოგვარდება.
— ხშირად ასეც ხდება, — თქვა ლუკამ.
— და როცა არ ხდება? — ჰკითხა ნინამ.
— მაშინ სხვა გზას ვპოულობ.
— რა მოსაწყენი პასუხია.
— შენგან განსხვავებით, ყველაფერს ზედმეტად არ ვართულებ.
ნინამ ჭიქა მაგიდაზე დადგა.
— მე არ ვართულებ. უბრალოდ, კითხვებს ვსვამ.
— ძალიან ბევრს.
— იმიტომ, რომ პასუხებს არ მცემ.
— ყველა კითხვას პასუხი არ აქვს.
— ან შენ არ გინდა, რომ ჰქონდეს.
ლუკამ მზერა გაუსწორა.
გიგიმ ორივეს საუბარი გააწყვეტინა.
— კარგი, სანამ ეს ვახშამი დაკითხვად გადაიქცევა, სხვა თემაზე გადავიდეთ.
— მაგალითად? — იკითხა ნინამ.
— ლუკას წარსულზე.
— ეგ იგივე თემაა, — თქვა ნინამ.
გიგის გაეცინა.
— მართალია.
ლუკამ ჭიქა აიღო.
— თქვენ ორმა გადაწყვიტეთ, დღეს ჩემი ნერვები გამოსცადოთ?
— არა, — უპასუხა ნინამ. — უბრალოდ, შენი პიროვნების კვლევას ვატარებთ.
— და რა დაადგინეთ?
— რომ რთული შემთხვევა ხარ.
გიგიმ თავი დაუქნია.
— ამაში ვეთანხმები.
ლუკამ ორივეს გადახედა.
— ძალიან სასაცილოები ხართ.
— ვიცით, — თქვა ნინამ.
სუფრა ნელ-ნელა უფრო მხიარული გახდა. გიგიმ ბავშვობის ამბების მოყოლა დაიწყო.
— მოიცადე, — ნინამ გიგი შეაჩერა. — ანუ ერთხელ გამოცდაზე დააგვიანა?
— ერთხელ, — ჩაერია ლუკა.
— რამდენი ხნით? — ჰკითხა ნინამ.
— არ აქვს მნიშვნელობა.
— ორი საათით, — უპასუხა გიგიმ.
ნინამ გაოცებულმა შეხედა ლუკას.
— ორი საათით?!
— ერთხელ მოხდა.
— და რა მიზეზით?
— არ ვაპირებ, აგიხსნა.
— იმიტომ, რომ სასაცილოა!
— იმიტომ, რომ არ მინდა, კიდევ უფრო გაერთო.
ნინას სიცილი აუტყდა.
— გიგი, გააგრძელე.
— მოკლედ, ამ ადამიანს ეგონა, რომ გამოცდა სხვა დროს იწყებოდა.
— შენ? — ნინამ ლუკას შეხედა. — დრო შეგეშალა?
— ხდება.
— შენ ხომ ყველაფერს აკონტროლებ.
— ადამიანებს საათებიც ეშლებათ.
— შენს შემთხვევაში ეს უკვე ისტორიული მოვლენაა.
გიგიმ ჭიქა ასწია.
— გაუმარჯოს ლუკას, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, გარდა საკუთარი კალენდრისა.
— გიგი, — თქვა ლუკამ მშვიდად.
— ვჩუმდები.
— კარგი იქნება.
— მაგრამ ეს ამბავი ჯერ არ დამიმთავრებია.
ნინამ ხელი დაუქნია.
— გააგრძელე, გთხოვ.
ლუკამ თავი გააქნია.
— არა,თქვენ ორმა ნამდვილად გადაწყვიტეთ, დღეს ჩემი ნერვები გამოსცადოთ.

ნინამ შეამჩნია, რომ ლუკა დროდადრო მისკენ იყურებოდა. როცა მზერას დაიჭერდა, მაშინვე სხვა მხარეს იხედებოდა.
ეს უფრო მეტად აღიზიანებდა, ვიდრე პირდაპირი მზერა.
— რას მიყურებ? — ჰკითხა ბოლოს.
ლუკამ ჭიქა მაგიდაზე დადგა.
— არაფერს.
— უკვე მესამედ.
— ითვლი?
— შენგან ვისწავლე.
გიგიმ ჩაიცინა.
— ნინა, მგონი, შენი გავლენა უკვე იგრძნობა.
— რა გავლენა?
— ლუკა უფრო მეტს ლაპარაკობს.
— ეს პროგრესია?
— უზარმაზარი.
ლუკამ გიგის შეხედა.
— შენ დღეს ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ.
— ღვინის ბრალია.
— ბევრი მოგივიდათ.
ლუკამ ცარიელ ბოთლებს გადახედა.
— ზუსტად. ამიტომაც ვლაპარაკობ.
გიგიმ თავი დაუქნია. ნინას გაეცინა. გიგიმ ჭიქა მაგიდაზე დადგა და ტელევიზორში ჩართულ მუსიკალურ არხს გახედა. ნაცნობი მელოდიის გაგონებაზე სახე გაუნათდა.
— აუ, ეს ჩემი სიმღერაა!
— შენი როგორ არის, შენ დაწერე? — გაეცინა ნინას.
— არა, მაგრამ ჩემზე უკეთ არავის უმღერია.
გიგიმ ტელევიზორის პულტი აიღო, ფეხზე წამოდგა და მიკროფონივით მოიმარჯვა. ეკრანზე „თბილისო“ დაიწყო. პირველი რამდენიმე წამი მთელი სერიოზულობით იმღერა, მერე ნინასკენ გაიშვირა პულტი.
— ქალბატონო ნინა, მეორე ხმა თქვენია!
— გიგი, სიცხე გუშინ მქონდა, დღეს ნუ მომკლავ.
— სიმღერა ნკურნავს. ადექი!
ნინამ სიცილით გამოართვა პულტი და დივნიდან წამოდგა. ჯერ ჩუმად აჰყვა, მერე გიგის ისეთი მონდომებით შეუწყო ხმა, თითქოს მისაღებში კი არა, ფილარმონიის სცენაზე იდგნენ. გიგი დირიჟორობდა, ნინა კი პულტს ხან თავისკენ იშვერდა, ხან მას აწვდიდა.
ლუკა სავარძელში იჯდა, ჭიქა ეჭირა და ორივეს უყურებდა.
— მეზობლები არ გყავთ? — იკითხა ნინამ სიმღერის შუალედში.
— გვყავდა, — უპასუხა ლუკამ. — გიგის პირველი კონცერტის შემდეგ გადავიდნენ.
ნინას სიცილი აუტყდა. გიგიმ კი შეურაცხყოფილი არტისტის გამომეტყველებით გახედა მეგობარს.
— შენ საერთოდ არ გესმის ხელოვნება.
— განსაკუთრებით შენი.
სიმღერის დასრულებისას გიგიმ ნინას ხელი ააწევინა, თითქოს მაყურებლის წინაშე გამარჯვებას აღნიშნავდნენ, შემდეგ კი ლუკასკენ შეტრიალდა და პულტი გაუწოდა.
— ახლა შენ!
— გამორიცხულია.
— ნინა, უთხარი რამე.
ნინამ ლუკას გადახედა, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
— ნუ აძალებ, გიგი. კაცს ისედაც ეტყობა, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ უმღერია.
ლუკამ ჭიქა მაგიდაზე დადგა და წარბი ასწია.
— შენ კიდევ აშკარად უკეთ ხარ.
— შენდა სამწუხაროდ, — მიუგო ნინამ და პულტი გამარჯვებულივით ასწია.
გიგიმ ახალი სიმღერის ჩართვა მოასწრო.

მოგვიანებით, როდესაც ორი საკმაოდ შეზარხოშებული სახალხო არტისტიდან, ერთერთი ბარბაცით დასაძინებლად წავიდა, ნინა და ლუკა რამდენიმე წუთით მარტო დარჩნენ.
ნინა სკამზე იყო მიყრდნობილი.
— დღეს ბავშვებთან დარეკვა ძალიან მჭირდებოდა, — თქვა მან.
ლუკამ შეხედა.
— ვიცი.
— სანამ მათ ხმას არ გავიგონებდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ შეიძლება რაღაც მომხდარიყო და მე ვერაფერს გავიგებდი.
ლუკა ჩუმად უსმენდა.
— ახლა მაინც ვიცი, რომ კარგად არიან. ამისთვის მადლობელი ვარ.
— არ არის საჭირო.
ნინამ თავი ოდნავ დახარა.
— ჩემთვის არის.
მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა.
— შენ იცი, რა არის ყველაზე ცუდი?
— რა?
— ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ გამიტაცეთ. მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ვატარებ აქ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს მხოლოდ ფულს არ ეხება.
ლუკას სახე გაუმკაცრდა.
— სწორად ფიქრობ.
ნინამ მზერა გაუსწორა.
— მაშინ მითხარი, რას ეხება.
— ჯერ არა.
— რა თქმა უნდა.
ლუკა წამოდგა.
— დღეს საკმარისია. დაისვენე.
— ისევ ბრძანებაა?
— რჩევა.
— შენს რჩევებსა და ბრძანებებს შორის განსხვავებას ჯერ ვერ მივაგენი.
ლუკას ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.
— დრო გაქვს.
ნინა წამოდგა და მის გვერდით გაიარა. წამით მათ შორის მანძილი თითქმის აღარ დარჩა. ლუკამ ოდნავ უკან დაიხია, რომ გზა დაეთმო.
ნინამ მისკენ აიხედა.
— არ ინერვიულო. არ გიკბენ.
— მაგის არ მეშინია.
— მაშინ რისი გეშინია?
ლუკამ პასუხი არ გასცა.
ნინამ თავი გააქნია და კარისკენ წავიდა.
— ღამე მშვიდობისა, ლუკა.
— ღამე მშვიდობისა, ნინა.
ოთახში დაბრუნებულმა ნინამ კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა.
დღეს ბავშვების ხმები მოისმინა. გაიგო, რომ კარგად იყვნენ. რამდენიმე საათით მაინც შეძლო სიცილი და იმაზე ფიქრი, რომ რაც ხდებოდა, ცოტა ხნით გვერდზე გადადო.
მაგრამ მოსვენებას არ აძლევდა რაღაც.
რას აკეთებდა აქ ორ სრულ უცნობ ადამიანთან ერთად!
და კიდევ — რატომ ჰქონდა ამ კაცს უნარი, ერთდროულად გაებრაზებინა და დაემშვიდებინა?
ნინამ საბანი გადაიფარა და თვალები დახუჭა.
ლუკას მიმართ მადლიერება არაფერს ცვლიდა. მიუხედავად იმის, რომ ის კვლავ მისი გამტაცებელი იყო. ნინა კვლავ ჩაკეტილ სახლში იმყოფებოდა და პასუხებს ელოდა.
ხვალ ისევ ჰკითხავდა.
და თუ ლუკა კვლავ დუმილს ამჯობინებდა, ნინა სხვა გზას იპოვიდა.
რადგან ერთი რამ უკვე ზუსტად იცოდა:
ის ამ სახლიდან აუცილებლად წავიდოდა.
უბრალოდ, ჯერ არ იცოდა — როდის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent