შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი / მოპარული ფიგურები III


დღეს, 09:15
ავტორი belle...
ნანახია 0

******
2020 წელი, ირაკლი შუკვნის ბინა, 01:55 წთ, თბილისი.
ღამის ორი საათი ხდებოდა, როცა ირაკლი შუკვანის კორპუსის წინ შეაჩერა მანქანა. ძრავი გათიშა და სავარძელს მიეყრდნო. ფიქრებში წასულმა შუბლი ნერვიულად მოისრისა. ვინ იყო მამაკაცი მისი მოგონებიდან? მისი დახმარებით მოხვდა ფსიქიატრიულში? ის იხდიდა კერძო კლინიკის გადასახადს? რატომ? რისთვის? რატომ მიუგზავნა ირაკლი შუკვანი მთელი გუდა ტყუილებით? სევერინიც ამიტომ ეკითხებოდა დაჟინებით რა გახსოვს წარსულიდანო?
ტვინი აერია. აქ რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩა. თვალები დახუჭა და გაირინდა. საფეთქელი აუჩქარებლად დაიზილა და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება დაიწყო - წარმოსახვითი უზარმაზარი დაფა ფოტოსურათებითა და წებოვანი ქაღალდებით აჭრელდა. წითელმა ძაფმა კი ლოგიკის პრინციპით იწყო ფაქტებსა და მოვლენებს შორის პარალელის გავლება.
ავალიანთან ერთად მკვლელობის მოწმე ხდება... ხის ტანს ამოფარებულებს ტყეში ნაბიჯების ხმა ესმით, მათ გარდა კიდევ ვიღაც შესცქერის სანახაობას... ვიღაც! ვიღაც! მათ გარდა ვიღაც კიდევ იყო ტყეში (ჩანიშვნა)... კახაძე და მისი დამქაშები მოსაკლავად მოსდევენ... მელოტმა მისი სახე დაინახა... წვიმს, ადიდებული მტკვარი ტალღებს მიაპობს... მდინარეში ვარდება, ამოყვინთვას ცდილობს, მაგრამ რაღაც მძიმე კეფაში ხვდება და ითიშება... წვიმს... თვალს ახელს, მის წინ ვიღაცაა ჩამუხლული მძიმედ სუნთქავს და დრო და დრო ახველებს... სიკვდილისგან მან იხსნა (ჩანიშვნა)... ბნელ ოთახში ზის, სახეზე ჭრილობას უკერავენ, თლილი თითები ფაქიზად მოძრაობენ... მის სახეს ვერ ხედავს მაგრამ სურნელს გრძნობს (ჩანიშვნა)... ფსიქიატრიულშია, სევერინი ყოველ შეხვედრაზე ეკითხება თუ ახსოვს რა მოხდა წარსულში... ექიმი ამოწმებს, თუ იცის ვინ გადაარჩინა? (ჩანიშვნა)... ფსიქიატრი აფრთხილებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისი ვინაობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს (ჩანიშვნა)... საიდან იცის ექიმმა, ვისგან ემუქრება საფრთხე? (ჩანიშვნა)... კლინიკაში ევა არეშიძე თავს იკლავს... სევერინის კაბინეტში კახაძე შემოდის, ექიმი გამაფრთხილებლად აბიჯებს ფეხზე... სევერინი კახაძეს იცნობს? (ჩანიშვნა)... ფსიქიატრი მთელი სხეულით ეფარება, რომ მელოტმა არ შეხედოს... სევერინმა იცის მათი ისტორია? (ჩანიშვნა)... საიდან? ტყეში მომხდარს მხოლოდ ორი ნამდვილი და ერთი სავარაუდო მოწმე ჰყავს (ჩანიშვნა)... სევერინს კლავენ... ექიმის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პირველად აკითხავს ვიღაც, ვისი სახეც არ ახსოვს... არსაიდან ირაკლი შუკვანი ჩნდება და ფსიქიატრიულიდან მიჰყავს (ჩანიშვნა)... შუკვანი არასდროს ახსენებს სევერინს (ჩანიშვნა)... სევერინის საფლავზე ასულს, მიწაზე მუდამ ახალი თაიგული ხვდება (ჩანიშვნა)... სევერინს ოჯახი და ნათესავები არ ჰყოლია, იცის რადგან ექიმი თავის თავზე უყვებოდა, როცა თვითონ საუბარი არ სურდა (ჩანიშვნა)... მაშინ ვინ ტოვებს საფლავზე ყვავილებს? (ჩანიშვნა)... შეჯამება - კახაძე არასასურველ მოწმეს იშორებს ტყეში... მოწმე, რომელმაც აღმოაჩინა რისთვის იყენებდნენ სატვირთო მანქანას... მელოტს ვიღაც უთვალთვალებს... ქალაქში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ორიგამის პეპელას ტოვებს... ქაღალდის ფურცელი ძველი არქივიდანაა ამოგლეჯილი, რომელიც ვინმე დანიილ ქალდანის გაუჩინარებას იტყობინება... მაგრამ რაღაც გამორჩა, ორიგამი კიდევ ერთ შეტყობინებას შეიცავს - მკვლელის შეტყობინებას, რომელიც იქამდე ვერ შეამჩნია, სანამ ავალიანმა არ გაუმუქა ფანქრით!... თვალი აახილა.
გული ძლიერად უცემდა. მუხლებზე დაწყობილი ხელები კი შესამჩნევად უცახცახებდა. დასამშვიდებლად რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ არ უშველა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ბევრი აღარ უფიქრია, მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოს მიაშურა. თვალის დახამხამებაში აირბინა მეშვიდე სართულზე და კარზე დააზარუნა. თითქმის მაშინვე გაუღეს.
- რა არ გაძინებს?
მიაგება შუკვანმა პირქუშად. თვალები დაწითლებოდა და უპეები ჩაშავებოდა, როგორც ჩანდა, არც მას უძინია მთელი ღამე.
- ახლოს ვიყავი და შემოგიარე, ერთი კვირაა არ მინახიხარ.
ჰოლი გაიარა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ხელები რამით უნდა დაეკავებინა. ჩაის მზადებას შეუდგა.
- სად დადიხარ ასე გვიან? - მოღუშული მიჰყვა უკან.
სწორედ ამ კითხვას ელოდა. ჩაის ფერი ფინჯანში ჩააგდო და ელექტრომადუღარა ჩართო. მზერა წამით ძველებურ კაფელს გაუშტერა, შემდეგ კი ნელა შებრუნდა მასპინძელისკენ და გულზე ხელები დაიკრიფა.
- სევერინის საფლავზე ვიყავი, - ფრთხილად წონიდა სიტყვებს - კუკიაზე. საფლავზე თეთრი ტიტები დამხვდა, შენ მიუტანე?
- თეთრი ტიტები? - თვალები აახამხამა.
- ჰო, ძალიან უყვარდა თეთრი ტიტები, - დააზუსტა - მეგონა შენ მიუტანე. გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. უცნაურად მეჩვენა, რომ დღემდე ვიღაც აკითხავს ჩემ გარდა.
- ეე... კი, მე ვიყავი ასული - კისერზე მოისვა ხელის გული - რამე პრობლემაა?
- არა, უბრალოდ ვიკითხე.
მხრები აიჩეჩა. სწორედ ამ დროს მის ზურგსუკან წყლის მადუღარამ გაიტკაცუნა. ნელა შებრუნდა და მდუღარე წყალი ფინჯანში ჩამოასხა.
- შენც დალევ ჩაის?
- არა, გმადლობ. დასაძინებლად დავწვები. ისევ აპირებ წასვლას?
- ჩაის დავლევ და კიტასთან დავბრუნდები. მელოდება.
- მეგონა დარჩებოდი, ჩაის დასალევად შემომიარე? - გაუკვირდა.
- დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მინდოდა, შემემოწმებინა თუ ყველაფერი რიგზე გაქვს.
ერთხანს თვალებში მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ირაკლიმ თავი დაუქნია და საძინებელში გავიდა. ელმა თვალი გააყოლა. როცა შუკვანი საძინებელში შეიკეტა, ჩაის ფინჯანი ნიჟარაში მოაპირქვავა და ბინის კარი გაიკეტა.
ოთახში შესულმა შუკვანმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და პირველივე ნომერზე გადარეკა. არ გაჰკვირვებია, რომ მაშინვე უპასუხეს, მხოლოდ მას არ ჰქონდა ძილის პრობლემები...
- რა მოხდა? - იკითხეს ცივი ხმით ყურმილიდან.
- ცოტა ხნის წინ ელი მოვიდა ჩემთან.
- მერე?
- მითხრა - სევერინის საფლავზე ვიყავი, კუკიაზეო და მკითხა თეთრი ტიტები, თუ შენი მიტანილიაო. დავუდასტურე. ახლა ის მითხარი, რაში ჩავიჭერი?
- სევერინი ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული და არა კუკიაზე.
შუკვანს გულწრფელად გაუკვირდა, როცა ყურმილში სიცილის ხმა მოესმა. თავად ცივმა ოფლმა დაასხა და სულაც არ ჰქონდა საქმე სამხიარულოდ.
- თუ ეჭვობდა ახლა დარწმუნებულია, რომ სიმართლე ბოლომდე არ ვუთხარი...
- მაგას თავადაც მიხვდა.
- აბა რაში დასჭირდა ეს სპექტაკლი? - მთლად დაიბნა.
- ჩემთვის შეტყობინების გადმოსაცემად გამოგიყენა, შუკვანო. იცოდა რომ დამირეკავდი...


*******
2020 წელი, იგივე ღამე, 03:15 წთ, თბილისი.
ელი ირაკლი შუკვანის სადარბაზოდან გამოდიოდა, როცა ტელეფონზე დაურეკეს. ჯიბიდან სმართფონი ამოაძვრინა და ეკრანს დახედა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. ერთი ამოიოხრა და ტელეფონს უპასუხა:
- რა არ გაძინებს, კანდელაკო?
- სახლში როდის მოხვალ? - შეაგება ქერამ.
- ჯერ არ ვიცი. რატომ მირეკავ?
- დილისთვის მანქანა მჭირდება. დღეს დაბრუნდები, თუ ტაქსით წასვლა მომიწევს გამომცემლობაში?
- მოვალ, არ ვიცი რომელ საათზე მაგრამ მოვალ. სულ ესაა? - ჩაბნელებულ უბანს თვალი მოავლო და მანქანისკენ გაემართა. კანდელაკს გაეცინა.
- „ადამს“, როგორც ყოველთვის გულითადი ხარ. სიმართლე გითხრა შენთვის რაღაცის თქმა დამავიწყდა.
- მაინც? - თეთრი სედანის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა.
- როგორც მთხოვე მილენას თვალყურს ვადევნებდი...
- მერე? - მოუთმენლობა გამოერია ხმაში, ვერ იტანდა როცა სათქმელს წელავდა.
- იცოდი, რომ სარანგიძე გეწაძესთან ერთად მუშაობდა?
სავანელს გასაღებისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა.
- სისე გეწაძეს გულისხმობ? - გაიმეორა ხმადაბლა.
- სწორედ მაგ გეწაძეს ვგულისხმობ, „ადამს“. მისი მახინჯი სახე სამუშაო დაფის შუაგულში გაქვს გაკრული, ვერავისში ამერევა.
ელს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მამამისის ერთ-ერთი თავდამსხმელი და კახაძის მეგობარი სარანგიძესთან ასე ახლოს ტრიალებდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ რედაქციაში მუშაობს? - იკითხა აღელვებულმა - იქნებ ვინმეს მიაკითხა...
- დარწმუნებული ვარ, რადგან რედაქციაში პირადად ვიყავი. მოვიტყუე გასაუბრებაზე მოვედი-მეთქი, სანამ არკვევდნენ ვინ დამიბარა და რა პოზიციაზე, იქაურობის მოთვალიერება მოვასწარი. მილენას შევასწარი თვალი. გეწაძეს ელაპარაკებოდა და მითითებებს აძლევდა, საუბარს ვერ მივაყურადე შორს ვიდექი, მაგრამ დავინახე წითელი პორთფელი როგორ გადასცა. მერე მომაკითხეს და ბოდიში მომიხადეს, რაღაც შეცდომაა, ქალბატონო, ჩვენგან არავის დაურეკავსო და გამომისტუმრეს.
- ნამდვილად წითელი პორთფელი იყო? - დააზუსტა სავანელმა.
- ნამდვილად, - თავდაჯერებით დაუდასტურა - თვალში მომხვდა ჭყეტელა ფერის გამო.
სავანელმა სახეზე ხელი ჩამოისვა და ქვედა ტუჩზე იკბინა, რომ ხმამაღლა არ წარმოეთქვა ენის წვერზე მომდგარი წყევლა-კრულვა.
- ყოჩაღ, ლიზიკო. კარგი ნამუშევარია, უფრო და უფრო იხვეწები, - შეაქო მეგობარი.
- თქვენს ხელში, სხვა რა გზა მაქვს? - გაეცინა - სხვათაშორის, მისამართიც კი მაქვს. შუკვანს ვთხოვე და უცებ გამიგო. ოქროს ბიჭი გვყავს.
- თუ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდოდა, გილოცავ, გამოგივიდა. მისამართი მომწერე.
- იმედი მაქვს რამე სისულელეს არ იზამ, ელ. ინფორმაცია იმისთვის მოგაწოდე, რომ იცოდე. დანარჩენს ერთად მოვიფიქრებთ რა ვუყოთ გეწაძეს. ასე შემოგითვალა შუკვანმა.
სავანელმა თვალები გადაატრიალა. ხანძრის ინციდენტის შემდეგ, კიტა მის თითოეულ ნაბიჯს მანიაკივით აკონტროლებდა. ეშინოდა „შემთხვევით“ ვინმე არ გაეშვა გაღმა მარილზე.
- ამიტომ მიმალავდი ამ ახალ ამბავს მთელი დღე? - მარტივად მიხვდა.
- ნუ..
- და ახლა იმიტომ მიმხელ, რომ? - თვალები ეჭვით მოეწკურა.
- იმიტომ, რომ შენ არ გგავარ, სავანელო. არ შემიძლია მეგობრის ზურგსუკან რაღაცეების ხლართვა. სინდისმა შემაწუხა... - ბოლო სიტყვები უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა. ელს გაეცინა.
- ყოჩაღ, ლიზიკო. ვამაყობ შენით.
- ნუ მეძახით, ლიზიკოს! - აღშფოთდა კანდელაკი - და სახლში მოეთრიე, სადაცაა შუკვანი დაბრუნდება და შინ რომ არ დახვდები მე ამაწიოკებს.
- ჯერ არ დაბრუნებულა? - გაუკვირდა.
- არა. თანამშრომელმა დაურეკა და გავიდა. მგონი ისევ იმ ნარკოტიკის თემაზე დაიხლართება. „კალიბრიო“ თუ რა ვიცი რაც ჰქვია.
- „კოლიბრი“ - მექანიკურად შეუსწორა.
შუკვანისგან მოისმინა შხამიანი ნარკოტიკის შესახებ და გულწრფელად გაუკვირდა რამდენ დემონს იტევს ერთი პაწია საქართველო.
- რა მნიშვნელობა აქვს. - წაიბურტყუნა უხალისოდ.
- კი მაგრამ, რაღატომ ეტენება მაგ საქმეში? კრიმინალურ განყოფილებაში არ გადაიყვანეს?
- ჰო, მაგრამ იქ ავალიანია. მის დანახვაზე კი გული აზიდებს. ნერვების გასაქარვებლად ძველ საქმეში ეხმარება მეგობარს.
- ვინ მეგობარს?
- მიხეილ დადვანი ახსენა. რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს...
- იმედი მაქვს, რამე შარში არ გაჰყოფს თავს, - თვალები მოისრისა დაღლილმა - ჩვენი გაჭირვება გვაქვს. ნარკოტიკებს როგორმე გაუმკლავდება სამართალდამცავი სტრუქტურა.
- ეგეც მართალია. კარგი, მაშინ გელოდები.
- დროებით.
ტელეფონი გათიშა და წარბშეკრული ლიზას ნათქვამზე დაფიქრდა. თუ მილენამ ირაკლი შუკვანის პორთფელი გეწაძეს გადასცა, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. დამპალი ვირთხა აუცილებლად ეცდებოდა კახაძის გაფრთხილებას.
ერთხანს თავს ებრძოდა, მაგრამ ბოლოს სულმა სძლია, მანქანა დაქოქა და უკანა სვლით დაძრა, სწრაფად შემოაბზრიალა და დიდი სისწრაფით გაემართა მისამართზე, რომელიც კანდელაკმა გამოუგზავნა შეტყობინებით.
გამთენიის ოთხ საათს ათი წუთი უკლდა, როცა მანქანა გეწაძის კორპუსიდან მოშორებით შეაჩერა. ძრავი გამორთო და ჩაბნელებულ უბანს თვალი მოავლო. მაწანწალა ძაღლიც კი არსად ჩანდა.
ზურგსუკან მიმალული იარაღი ხელით მოსინჯა, თავზე კაპიუშონი წაიფარა და მანქანიდან გადმოვიდა. სწრაფი ნაბიჯით გაიარა ქუჩა და სადარბაზოში მიიმალა. კანდელაკის ინფორმაციით გეწაძე პირველ სართულზე ცხოვრობდა. აუჩქარებლად აუყვა კიბეებს და გეწაძის ბინის კარს მიუახლოვდა. სადარბაზოში შუქი აინთო და წამით იქაურობას ნათელი მოჰფინა.
სავანელმა შეამჩნია, რომ კარი ოდნავ შეღებული იყო და „დეჟავუს“ შეგრძნება დაეუფლა, თითქოს წარსულში დაბრუნდა. მოაგონდა, როგორ იპოვა მონარქის პირველი მსხვერპლი და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ინსტიქტურად გრძნობდა შიგნით რა დახვდებოდა.
გაუბედავად გადადგა წინ ერთი ნაბიჯი და კარს ხელი ჰკრა. მორჩილად გაიღო. მრუმე სიბნელემ პირი დააღო. სისხლის სუნი ეცათ ნესტოებს. უსიამოვნოდ დაიჭყანა და გრძელი საყელო ცხვირამდე აქაჩა. ზურგს უკან მიმალული პისტოლეტი ამოაძვრინა. დამცველი მოხსნა. კონდახი მარცხენა ხელის გულს საიმედოდ მიაბჯინა და ბინაში შეიპარა.
კედლებს სისხლის შხეფები ამშვენებდა. განაბულმა მიაყურადა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ესე იგი, დააგვიანდა! სინათლის ანთებას მოერიდა. არ უნდოდა მეზობლებს რამე შეემჩნიათ. პატარა ფანარი მოიმარჯვა და მისაღებში შეაბიჯა.
იატაკს ზოლად გართხმულ, სისხლის წვეთებს თვალი გააყოლა და მზერა გვამთან შეაჩერა. გეწაძე სავარძელში გაფატრული იჯდა. პირი დაეღო და ხელები სახელურზე დაესვენებინა.
იარაღი დაუშვა. ცხედარს აუჩქარებლად მიუახლოვდა. დაიხარა და ინტერესით მოავლო თვალი. ხელთათმანი მოიძრო და თითით ფრთხილად შეეხო ყელზე. კანი ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა. ახალი მკვდარიაო - დაასკვნა და იმედგაცრუებული წელში გასწორდა.
ჩაბნელებულ ბინას თვალი მოავლო! რაში დასჭირდა მისი სიკვდილი? გაღიზიანებულმა კეფა მოიქექა. ნეტავ, პორთფელი სად ჯანდაბაში წაიღო?! თუ უკვე არ გაანადგურა?! ბოლო ფიქრს წაუყრუა და ბინის ჩხრეკას შეუდგა.
მოჩვენებასავით დაილანდებოდა ოთახიდან-ოთახში. რასაც ეხებოდა იგივე მდგომარეობაში აბრუნებდა, რომ კვალი არ დაეტოვებინა.
საძინებელში შესულმა გარდერობის გამოღება დააპირა, რომ უკნიდან რაღაცამ იელვა. ნელა შემობრუნდა. კედელზე დაკიდებული მოჩუქურთმებული სარკიდან საკუთარმა ანარეკლმა შემოხედა. მიუახლოვდა.
მზერა ფართო ნაიარევზე გაექცა. თვალის კუთხიდან ნიკაპამდე რომ გასდევდა მარცხენა ლოყას. თვალი სასწაულად გადაურჩა დაზიანებას. თუმცა, დანიანმა მარჯვენამ წარუშლელი დაღი დაასვა. უნებურად გაეღიმა. დასახიჩრებული სახის მარცხენა ნაწილს, ფართო იარა უშნოდ მოეღრიცა.
უცებ მუშტი მოიქნია და სარკეს მოწყვეტით ატაკა. მინა წვრილად დაიღარა და ნაფშვენებმა დარტყმის ეპიცენტრიდან იწყეს ცვენა. საბოლოოდ სულ ჩამოიშალა და ხალიჩას დააცვივდა ვერცხლისფერ ცრემლებად. ცარიელი ჩარჩო საცოდავად კონწიალებდა კედელზე.
საძინებლიდან ცივად გამობრუნდა. ჰოლი გაიარა და ის იყო წასვლა დააპირა, რომ ფეხსაცმელების გვერდით, ტუმბოზე წითელ პორთფელს მოჰკრა თვალი. შემოსვლისას არც კი შეუმჩნევია. ხელი წამოავლო და გადაქექა. პირქუშმა კმაყოფილებამ მოიცვა.
კარი ისე გაიხურა უკან აღარ მიუხედავს. პორთფელი ქამარში ჩაიჩურთა და სვეტერი წინ გადმოიკეცა. თავზე კაპიუშონი ჩამოიფხატა. საყელო ცხვირამდე აქაჩა და მძინარე თბილისის ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვა.


******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 08:30 წთ, თბილისი.
მეორე დილას ელი და კიტა სამზარეულოში ჩაის სვამდნენ, როცა საოცრად ნაცნობი სცენარი განმეორდა: კანდელაკს დილის ახალი ამბები ჩაერთო და ისევ ბოლო ხმაზე აღრიალებდა. ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან სისე გეწაძის მკვლელობის ამბავს გადმოსცემდა.
შუკვანმა თავი ასწია და უნებურად სავანელს გახედა. სანამ რამის თქმას მოასწრებდა, სამზარეულოში კანდელაკი განსხეულდა. სახეზე მკვდრის ფერი ედო. შიშით აღსავსე თვალებით ისიც ელს მიაჩერდა. სავანელს ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა.
- რას მომჩერებიხართ?
- გუშინ გეწაძის მისამართი მოგეცი... - ტუჩები აუკანკალდა ლიზას.
- რა ქენი? - წამოაყვირა შუკვანს.
- ხომ ისედაც ვეტყოდით, არა? - ტირილის ზღვარზე მყოფმა პატარა ბავშვივით დააბაკუნა ფეხი იატაკზე.
- სერიოზულად? არ შეგეძლო მოგეთმინა? - იფეთქა სვანმა.
სავანელზე ისე ღიად მიჰქონდათ ეჭვი, თითქოს იქ სულაც არ იჯდა და მათ საუბარს არ ისმენდა. კამათში ჩარევით თავი არ შეუწუხებია. თუ რომელიმე მათგანი კეთილს ინებებდა და პირდაპირ მას ჰკითხავდა, ემანდ წინა ღამით ვინმე ხომ არ გამოწელა საახალწლო ინდაურივით, ზრდილობიანად მოახსენებდა, რომ ბინაში შესულს გეწაძე უკვე მკვდარი დახვდა. მშვიდად უკბიჩა სენდვიჩს და აუჩქარებლად დაღეჭა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა.
- ელ... - აცრემლებულმა კანდელაკმა მზერა მეგობარზე გადაიტანა - გეხვეწები... მითხარი, რომ ეს შენ არ ყოფილხარ.
- ეს მე არ ვყოფილვარ, - გაიმეორა აუღელვებლად და ჩაი მოსვა.
- ა? - წამწამები ააფახურა დაბნეულმა. შუკვანიც სავანელს ბურღავდა თვალებით.
- დაუწიე ტელევიზორს, ლიზიკო. ისე აღრიალებ ნათქვამი არ გესმის, ხომ ხედავ?
- გუშინ გეწაძესთან არ წახვედი? - ეჭვით მოეწკურა თვალები სვანს.
- წავედი. - დაუდასტურა და კიდევ ერთხელ უკბიჩა სენდვიჩს.
- წამის წინ უარყავი, მე არ ვყოფილვარო! - შეუტია გაჯავრებულმა კანდელაკმა.
ლუკმა კარგად დაღეჭა, გადაყლაპა და მზერა სახეაწითლებულ ქერათმიანზე გადაიტანა.
- მასთან ვიყავი, მაგრამ მე არ მომიკლავს. - მიუგო მშვიდად - ბინაში რომ შევედი, უკვე მკვდარი დამხვდა. გადაცემისთვის რომ მოგესმინა, გაიგებდი, რომ ოცდახუთი ჭრილობა მიაყენეს. მე მაგდენი ნებისყოფა სად მაქვს, ლიზიკო, ადამიანის აკუწვისას ჭრილობების რაოდენობა ვითვალო?
მიუგო მობეზრებულმა და ისევ სენდვიჩს მიუბრუნდა. გემრიელად მოკბიჩა და გაშტერებულ შუკვანს თვალი ჩაუკრა.
- ბინაში, რომ შეხვედი უკვე მკვდარი დაგხვდა? - გაიმეორა პირგამშრალმა სვანმა.
- ლიზიკო, ჩაუწიე-მეთქი ტელევიზორს, თორემ ვხედავ ჩვენს სვანსაც დააკლდა ყურთ.
- ხუმრობის დროა?
გაცეცხლებულმა მუშტი დასცხო მაგიდას და ჩაის ჭიქები ადგილიდან წამოახტუნა. კიდევ კარგი, ორივეს თითქმის დაესრულებინა ჩაის დალევა, თორემ მაგიდა ცხელი სითხით მოიწუწებოდა.
- არ ვხუმრობ, კიტა. - მშვიდად კი მიუგო, მაგრამ ხმაში სიცივე შეეპარა - მკვდარი დამხვდა-მეთქი, რომ შევედი.
- და რისთვის შეხვედი იმ წყეულ ბინაში? - იყვირა გაცოფებულმა - რით ვერ ისწავლე ჭკუა, ელ? რა გინდოდა? რისთვის მიეხირე?
- სანამ ტონს და ნერვებს არ გააკონტროლებ, საუბარი არ შედგება.
დაუმთავრებელი სენდვიჩი თეფშზე მიაგდო. მადა დაეკარგა. ერთმანეთს ცივი მზერით ხვრეტდნენ. ბოლოს ისევ კანდელაკმა ამოიღო ხმა.
- მოიცა... ოცდახუთი ჭრილობა? - გაიმეორა დაბნეულმა - ეს მონარქის ხელწერას არ ჰგავს?
- შეიძლება, - მიუგო სავანელმა შუკვანისთვის თვალის მოუშორებლად - მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მკვლელობის ადგილზე ორიგამი არ მინახავს.
- ორიგამი ხომ მისი ავადმყოფური სიმბოლოა?
- ორიგამი არასოდეს ყოფილა მისი ხელწერის „დეკორაცია“, - წარმოთქვა ცივად და მზერა კანდელაკზე გადაიტანა - შეტყობინება იყო, რომელსაც კონკრეტული ადრესატი ჰყავდა. მონარქი არ არის ტიპური ფსიქოპატი, რომელსაც თავისი ნამოქმედარით ხალხის დაშინება სურს.
- შენ რა... მონარქს ამართლებ? - ხმა ჩაუწყდა ქერას.
- კი არ ვამართლებ, გისწორებ მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც ყურადღებას არ აქცევ. - შეუსწორა მოთმინებადაკარგულმა - მონარქი თავის მსხვერპლებს არასოდეს არჩევდა ავადმყოფური გადახრებით. ის არ კლავს სიამოვნების გამო. კლავს შურისძიების წყურვილით. ამ ორ ფაქტს შორის კი დიდი განსხვავება.
- და შენ ამდენი საიდან იცი? - პირველად ამოიღო ხმა გაფითრებულმა შუკვანმა.
- ცხრა წლის წინ მოსემ ორიგამი მაჩვენა, რომელიც თავად მივეცი, - მიუგო წყნარად - პერგამენტზე იპოვა შეტყობინება, რაც მე გამომრჩა. „მე ყველაფერი მახსოვს“ იტყობინებოდა წარწერა. მონარქი ვიღაცისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა. შეიძლება ჭკადუასთვის, ისიც ხომ პოლიციაში მუშაობდა? კახაძესთან კონტაქტი ჰქონდა. ან შეიძლება სხვისთვის იყო განკუთვნილი. ღმერთმანი, არ ვიცი, ყველა კითხვაზე პასუხი არ მაქვს!
დაამატა ბოლო ფაქტით გაღიზიანებულმა და ჭიქაში დარჩენილი ჩაი ბოლომდე გამოცალა. შუკვანს დაჭიმულ ყბაზე კუნთი სახიფათოდ უთამაშებდა. რაც უფრო მეტად ეძიებოდა სავანელს, მით უფრო მეტ უსიამოვნო ფაქტს იგებდა. იმ დილას გადაწყვიტა, რომ ერთი დღისთვის საკმარისზე მეტი მოისმინა და ხმა აღარ ამოუღია, მიუხედავად იმისა, რომ საუბრის გაგრძელება სურდა.
- თუ მართლა მონარქმა მოკლა გეწაძე...
წამოიწყო კანდელაკმა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა. მიხვდა, რომ ტელევიზორი მართლაც საშინლად ღრიალებდა. ხმადაბალი ბუზღუნით გავიდა მისაღებ ოთახში. საინფორმაციოს ხმა ჩააწყვეტინა და უკან შემობრუნდა. სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა და განაგრძო:
- თუ მართლა, მონარქმა მოკლა გეწაძე, რისი გულისთვის?
სავანელმა ქვედა ტუჩზე იკბინა. ხვდებოდა რისთვის გააცხებინეს სული, მაგრამ ფაილები რომ ეხსენებინა, მაშინ ისიც უნდა ეთქვა, საიდან ჰქონდა და რატომ გაუგზავნა მილენას. კიდევ უფრო მოეშალა ნერვები უფროს შუკვანზე. მის გამო პირში წყალს იგუბებდა. ტყუილების რაოდენობა კი ისე იზრდებოდა, კაცმა არ იცოდა, როდის წამოედებოდა საკუთარ ნათქვამს.
- არ ვიცი, მაგრამ გენიოსობა არ სჭირდება მიხვედრას. კახაძის ბანდის წევრი იყო. ეს კი ბევრზე მეტყველებს, ალბათ რაღაცისთვის დასაჯეს.
- ალბათ... - გაიმეორა ყოყმანით.
- კიტა... - ელმა მზერა სვანზე გადაიტანა - მგონი დროა, მილენას პირადად გაეცნო. თუ მონარქი მართლა გამოჩნდა ჰორიზონტზე, მის გარშემო ბევრი საინტერესო რამ მოხდება. გეწაძის სიკვდილი ეჭვებს მიმყარებს. თუ გაგვიმართლებს, იქნებ მონარქის საქმესაც გამოჰკრა ხელი.
შუკვანმა მძიმედ ასწია თავი, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჯერ კიდევ ხარშავდა გონებაში მოსმენილს. სამაგიეროდ კანდელაკს დაუვიწროვდა თვალები.
- მეგონა ჩვენი მთავარი გეგმა კახაძისა და მისი ბანდის ჩაძირვა იყო. რაში გჭირდება მონარქის საქმის ქექვა?
- გეგმა ძალაშია, - დაუდასტურა და ნიკაპი მოისრისა - საქმე იმაშია, რომ მგონი მონარქსაც იგივე მიზანი აქვს. უნდა გავიგოთ, რა ხდება მთელს ამ ამბავში. ვფიქრობ ბოროტებას რის ამოთხრასაც ვცდილობთ, იმაზე ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ვიდრე გვგონია.
- გული მიგრძნობს, კარგად „გავერთობით“... - ქერამ ოხვრით გადაიყარა კულულები უკან.
- და შენ რას აპირებ? - იკითხა სვანმა ხმადაბლა და ელს წამწამებს ქვემოდან გახედა.
- მე სარანგიძის საყვარელს მივხედავ, - თვალები ავად წამოენთო - არც ისეთი უმნიშვნელო ფიგურა ყოფილა, როგორც ვფიქრობდი...


******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 10:15 წთ, იგივე დღე, თბილისი.
შუკვანი საკუთარ საძინებელში შეკეტილიყო. საწოლზე წამოგორებულს ცალი ფეხი მოეკეცა, მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოედო და გაშტერებული ჭერს მისჩერებოდა. გამალებული ფიქრობდა დილანდელ საუბარზე. არაფრით ეპიტნავებოდა მონარქის საქმეში ელის გარევა. ჯერ ისიც ვერ მოენელებინა, რომ აბსურდული ვენდეტა წამოიწყო ნაძირალა კახაძისა და მისი ბანდის წინააღმდეგ, მაგრამ იცოდა ვერაფრით გადაათქმევინებდა.
ამოიოხრა და მარცხენა ხელი სახეზე ჩამოისვა. ბნელი ფიქრები კარზე ფრთხილმა კაკაუნმა გაუფანტა. სახელური გადატრიალდა და ზღურბლზე კანდელაკი გამოჩნდა.
- გცალია? - იკითხა მორიდებით.
- შემოდი.
ლიზამ ზურგს უკან კარი მიხურა. შუკვანის გვერდით საწოლზე წამოგორდა და მანაც ჭერს ახედა. ერთხანს საკუთარ სუნთქვას მდუმარედ აყურადებდნენ. ბოლოს ისევ ლიზამ დაარღვია სიჩუმე, თავი გვერდით გადახარა და მეგობრის პროფილს გაუშტერა თვალი.
- გრძნობებში გამოუტყდი? - იკითხა ხმადაბლა.
- შეიძლება ასეც ითქვას...
- და?
- თავადაც არ ვიცი, ლიზ... - უპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - არ გვისაუბრია ამ თემაზე. მისი გონება სულ სხვა რამეზეა კონცენტრირებული.
- ინიციატივა გამოიჩინე. დალაპარაკება სცადე. ხომ იცი როგორიცაა? არასდროს არაფერს იმჩნევს. ემოციებს გულგრილობის მიღმა მალავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა უგრძნობია.
- საქმე ასე მარტივად არ არის...
- ვიცი, - გაეცინა კანდელაკს - ბოლოს და ბოლოს „ადამსზეა“ საუბარი. მისი მსგავსი ჯერ არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. შეიძლება ახლა სხვა საფიქრალი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხარ.
- ნუ იგონებ. - ჩაიფრუტუნა შუკვანმა.
კანდელაკმა წარბები მაღლა აზიდა. იდაყვზე წამოიწია და სვანს გამკიცხავად შეხედა.
- მართლა ასეთი ბრმა ხარ, სვანო? - იკითხა ბრაზნარევი მხიარულებით - ერთადერთი ხარ ვის შეხებაზეც დამწვარივით არ რეაგირებს, მაგრამ აკვიატებული აქვს, რომ უკეთესს იმსახურებ...
ენაზე იკბინა. ზედმეტი წამოროშა. ელთან საუბრის დეტალების გამხელას არ აპირებდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, შუკვანს ყური მოჭრეს ბოლო სიტყვებმა. ზურმუხტისფერი სფეროები კანდელაკს მიაპყრო.
- რა თქვი? - წაიღრინა გაღიზიანებულმა.
- არაფერი!
ავტომატურად უკან დაიხია. საწოლიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩააფრინდნენ და გაქცევის საშუალება არ მისცეს.
- გაიმეორე, რა თქვი?!
საწოლზე წამოჯდა, ქერა ძალით დაისვა წინ და თვალი თვალში გაუყარა. ყბაზე დაჭიმული კუნთი სახიფათოდ უთამაშებდა.
- არ შეიძლება, რომ თქვენში გაარკვიოთ? თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა ენის ტლიკინით...
- ლიზა, ნუ ბოდიალობ, - შეაწყვეტინა მკაცრად - ეგ სისულელე ელმა გითხრა?
- ჰო.
მიუგო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როცა მიხვდა რომ თვალების ბრიალის კონკურსი დამარცხდა.
- კიდევ რა გითხრა?
- კიტა...
- კიდევ რა გითხრა-მეთქი?
- თავის ავადმყოფობას ეფარება. ამბობს, რომ სახიფათოა და ახლოს მიკარების უფლებას არ მოგცემს. მითხრა, ნორმალურ ურთიერთობას და მომავალს ვერასოდეს შევთავაზებო. მიაჩნია, რომ ასეთი ცხოვრება მისთვის არ არის. არ ვიცი რა გამოიარა, მაგრამ მტკიცედ დგას თავის აზრზე...
შუკვანმა კანდელაკს ხელი უშვა. კბილები გააღრჭიალა და საწოლიდან წამოდგა. შიშველ ტანზე ზედა გადაიცვა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.
- რას აკეთებ? - ლიზას აღელვება დაეტყო.
- მილენასთან მივდვიარ. - მიუგო წყნარად და ფეხსაცმლის თასმები შეიკრა - შემდეგ კი სამსახურში.
- ა? - დაბნეულმა თვალები აახამხამა ასეთ პასუხს არ ელოდა.
სვანი ფეხზე წამოდგა და ბეჭებზე ქურთუკი შემოიცვა. კანდელაკს თავგზა აებნა. ვერ მიხვდა მეგობრის ასეთი უცნაური რეაქციის მიზეზს.
- კიტა... გამაგებინე რას აკეთებ...
- რაც მთხოვა, - მიუგო ყინულივით ცივი ხმით - გავაკეთებ, იმას რაც მთხოვა!
გაცოფებულმა ტელეფონს ხელი წამოავლო და საძინებლიდან ისე გავიდა აღარც უკან მოუხედავს და არც ლიზას დამშვიდობებია.
- არ არიან ესენი ნორმალურები...
წაიჩურჩულა სახტად დარჩენილმა კანდელაკმა.


******
2020 წელი, ვაკის სასაფლაო, 15:26 წთ, თბილისი.
ელი სევერინის საფლავთან მოხრილიყო. ხელში თეთრი ტიტები ეკავა. ნახშირივით შავ სფეროებს სევდა დაპატრონებოდათ. ფსიქიატრი მისთვის მკურნალზე მეტი იყო. შეიძლება ითქვას, ერთადერთი მეგობარი იმ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას. გვერდით ედგა მაშინ, როცა სულიერად დაცემულს საკუთარი თავის რწმენა დაჰკარგვოდა.
ასწავლიდა როგორ მოეთოკა თავი. როგორ ეკონტროლებინა სულში დამწყვდეული ბოროტება, რომელიც ასე ხშირად ლამობდა მზის სინათლეზე გამოსვლას. ესაუბრებოდა მაშინაც კი, როცა ხანდახან კვირეები ისე გადიოდა საპასუხოდ სიტყვასაც არ უბრუნებდა ექიმს. კეთილი კაცი იყო სევერინი. უყვარდა თავისი საქმე და ნამდვილად ზრუნავდა თავის პაციენტებზე. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუსწრაფა სიცოცხლე.
- ყვავილებისთვის მაპატიეთ, - წაიჩურჩულა ხმადაბლა და თეთრი ტიტები საფლავზე დაალაგა - ვიცი, რომ არ გიყვართ. მითხარით ცხოვრების ამაოებას მახსენებენო. სანამ ყვავიან და კარგი სურნელი აქვთ ყველას მოსწონს, მაგრამ როგორც კი ჭკნობა შეეპარებათ ნაგვისკენ უყენებენ გზასო.
ჯიბეში ხელი ჩაიყო, პატარა ბარათი ამოაძვრინა და ყვავილების თაიგულში ჩამალა. შემდეგ კი მზერა ისევ საფლავის ქვაზე გადაიტანა. მარმარილოს ანგელოზი მუხლმოდრეკილი დაჩოქილიყო. ერთი ფრთა მოეკეცა, მეორე კი ქვისთვის გადაეფარებინა, თითქოს მასზე გამოსახულ პიროვნებას იცავსო. საკუთარ კაბინეტში მჯდარი სევერინი, ჭრელი თვალებით მისჩერებოდა ობიექტივს. ტუჩებზე კი თბილი ღმილი დასთამაშებდა. ფოტოს ქვემოთ ოქროსფერი ასოებით მოკლედ წაეწერათ:
„ადამიანი, რომელიც სხვისი სიმშვიდისთვის ცხოვრობდა“
სევერინ სანიკიძე 1953-2017წ
სევერინს ოჯახი არ ჰყოლია. მთელი თავისი ცხოვრება კარიერას მიუძღვნა. მაშ საიდან ძვირადღირებული მარმარილოს ანგელოზი? ქვა, კი რომელსაც ანგელოზს ფრთა გადაეფარებინა, შავი გრანიტისგან იყო დამზადებული. ასეთ ქვას მხოლოდ პანთეონებში თუ შეხვდებოდით პრესტიჟულ საფლავებზე. ვისაც არ უნდა მოეწყო საფლავი ყურადღება და პატივისცემა არ დაუკლია.
- არასდროს მიკითხავს, ვინ მომიყვანა თქვენთან. ჩემთვის არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა... მაგრამ არც თქვენ ჩასძიებიხართ ამ საკითხს. მთელი ექვსი წელი ათას თემაზე მესაუბრებოდით. ათასი კითხვა დამისვით, მაგრამ არასდროს გიხსენებიათ პიროვნება, რომლმაც სიკვდილისგან მიხსნა.
ჩაეღიმა. გრილმა ნიავმა თმა აუფრიალა. თავი აიღო და სასაფლაოს თვალი მოავლო. ძალიან გვიან დაფიქრდა იმ დეტალებზე, რომლისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიუქცევია. არ ჩასძიებია. უბრალოდ მიიღო მოცემულობა ისეთი როგორიც იყო. რატომ? ჰქონდა ამას თავისი მიზეზი, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ არ შეეძლო. რამდენი წელი გავიდა? მაინც ვერ მოინელა. კიდევ რამდენი უნდა გასულიყო, რომ ეს ბარიერიც გადაელახა? ვერ გეტყოდათ...
გულგრილობის საფარში გახვეულმა ყველაფერზე მოხუჭა თვალი. უამრავ უცნაურ გარემოებაზე, რომელიც მის გარშემო ხდებოდა, მაგრამ არასდროს დაკვირვებია. მაგალითად: რატომ არ სურდა იმ პიროვნებას თავად გამოჩენა საზოგადოებაში? ფსიქიატრიულიდან წამოსაყვანად შუკვანი გამოუგზავნა. რატომ ეფარებოდა გამუდმებით ვიღაცის ზურგს? ჯერ სევერინი, ახლა შუკვანი. რატომ?
ხელახლა დაფიქრდა თავის ახლა აღმოჩენებზე - ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ფსიქიატრიულში ყოფნისას ერთადერთხელ მოაკითხა ვიღაცამ და იმ გამონაკლის შემთხვევაშიც ვერ შეძლო ვერავისთან გასაუბრება. რატომ? რატომ აერია თავგზა ასე ძალიან რუტინული დამამშვიდებლის მიღებისას? თავიდან კი ბატონო, ძლიერ ფსიქოტროპულებს აძლევდნენ, რის შედეგადაც ისე იყო ასტრალში გაჭრილი, ავიწყდებოდა კიდეც ვინ იყო და სად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი სევერინმა პრეპარატები შეუცვალა. ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ დამამშვიდებლებსა და ძილის აბებს აძლევდა, რომ დაძინება მოეხერხებინა, რადგან წამლის გარეშე შეეძლო დღეები ეთენებინა.
იმ დღეს ნერვებმოშხამული იყო და საერთოდ არ სურდა არაფრის მიღება, მაგრამ უთხრეს მნახველი გყავსო. არასდროს ჰყოლია მნახველი, ამიტომ უეცრად მოწოლილ ჟინს - სანიტრისთვის თავზე დაემფხო ყველაფერი, გაუმკლავდა და წამალი გამოართვა, მაგრამ რატომ აერია გონება მაინც და მაინც სტუმრის მოსვლისას?
ტვინმა ავტომატურად დააკავშირა სავარაუდო პასუხთან, რომელიც ყველაზე ლოგიკურად ჟღერდა მის გონებაში - მისი სტუმარი სევერინის მკვლელობის შემდეგ გამოჩნდა. დიდი ალბათობით ვიღაცას ძალიან არ სურდა, რომ სავანელს რამე ეთქვა... და რა უნდა ეთქვა? ვინ იყო მნახველი?
მერე კიდევ ერთი მოგონება ამოუტივტივდა გონებაში - სევერინი მთელი სხეულით ეფარებოდა სავანელს. მაშინ... როდისაც ის წყეული ავსული კახაძე შემოვიდა კაბინეტში, ელმა შეამჩნია, რომ ფსიქიატრს სახეზე ფერი დაეკარგა და შიშისგან აცახცახდა. ფეხზეც კი დააბიჯა მაგიდის ქვეშიდან უჩუმრად. რატომ? იცნობდა? საიდან? რატომ გადაეფარა ელს? რატომ მოარიდა ცივსისხლიან მკვლელს გოგონა საკუთარი სხეულით? იცოდა რა აკავშირებდა სავანელთან?
იმ საბედისწერო ღამეს, როცა წყალში გადააგდეს ტალღებმა გაიტაცეს მისი სხეული. ბევრი აღარაფერი ახსოვდა, რადგან კისერში რაღაც მოხვდა და გონება დაკარგა. გამორიცხული იყო, დახმარების გარეშე ცოცხალი გადარჩენილიყო. დინება ისეთი ძლიერი იყო ჯანდაბაში უფრო წაიღებდა, ვიდრე ნაპირზე გამორიყავდა. მის საშველად წყალში გადმოხტნენ? ვინ? ვის ეყო გამბედაობა სიკვდილს გაშლილ ხელებში ჩახტომოდა დაუფიქრებლად?
მძიმე, აუჩქარებელი ნაბიჯით მიუყვებოდა ლაბირინთის გაუვალ ბილიკს...
სევერინმა ბევრი იცოდა. ძალიან ბევრი, მაგრამ ვისგან? მოსე ავალიანის გარდა არავის ჰქონდა წარმოდგენა რა მოხდა ელსა და კაძახეს შორის. ვის შეეძლო სცოდნოდა, რომ სავანელს საფრთხე ემუქრებოდა? ტყეში ხომ...
ო... სწორედ ამ გზაჯვარედინმა მიიყვანა ჭეშმარიტებასთან, რომელმაც მერე მოგვიანებით ყველა კითხვას მარტივად უპასუხა...
...იმ ღამით ტყეში მათ გარდა ვიღაც იყო! სიბნელეში ვიღაც დააბიჯებდა, სწორედ მისმა ფეხის ხმამ მიიქცია კახაძის ბანდის ყურადღება და გაქცევა მოუწიათ. ვინ უნდა ყოფილიყო? შემთხვევითი ადგილობრივი? გამორიცხული იყო. იმდენად შორს იყვნენ ქალაქიდან, მანქანით მგზავრობას ერთი საათი დასჭირდა. ვიღაც კონკრეტული მიზნითა და მიზეზით აღმოჩნდა ტყეში, მაგრამ მათსავით ჩრდილში ყოფნა არჩია. შორიდან შესცქეროდა სანახაობას...
როგორც იქნა გაიაზრა... გვიან მაგრამ მაინც მიხვდა, ვინ ტრიალებდა მის გარშემო მთელი ეს წლები. ირაკლი შუკვანის შეცდომამ კი, უბრალოდ ვარაუდი დაუდასტურა. საფლავთან ჩაცუცქული პირქუში კმაყოფილებით დასჩერებოდა ტიტებში ჩადებულ პატარა ბარათს. იცოდა, რომ შუკვანის პირით გადაცემულ შეტყობინებას მიუხვდებოდნენ, მაგრამ არ იყო დარწმუნებული თუ სასაფლაოზე მოვიდოდა.
მასთან გასაუბრება, რომ სდომებოდა ამას აქამდე გააკეთებდა. არც ჩასაფრებას და თვალთვალს ჰქონდა აზრი. მონარქი არ იყო „ირაკლი შუკვანი“, მას ასე იოლად ვერ გააცურებდა. შეტყობინება, რომელიც ბარათზე დაუტოვა სრულებით საკმარისი იყო, დროებით მაინც. ფეხზე წამოდგა და გაბრუჟებული ფეხები გაშალა. ბოლოჯერ მოხედა საფლავს, შემდეგ კი ზურგი აქცია და თვალს მიეფარა.
მოგვიანებით, როცა უშხვანი ლაბადაში გახვეული დასჩერებოდა თეთრ ტიტებს დაჯერება უჭირდა, რომ სავანელი ასეთი საზრიანი აღმოჩნდა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი წელში მოიხარა და თაიგული ხელში აიღო. ფოთლებში ჩაჩრილი ბარათი შეამჩნია, ამოაძვრინა და გაშალა. მოკლე შეტყობინებას თვალი გადაავლო, თავი ისევ ვერ შეიკავა და გაეცინა. „მე ყველაფერი მახსოვს“: იტყობინებოდნენ შავი მელნით გამოყვანილი ასობგერები.
ექვსი წლის წინათ, როდესაც მოსე ავალიანმა ელს მონარქის ორიგამი გაუწოდა, ტექსტს ახალი წარწერა შემატებოდა, რომელიც მანამდე არ შეუმჩნევია - „მე ყველაფერი მახსოვს“ იტყობინებოდნენ ფანქრით გამუქებული ასობგერები გაცვეთილ პერგამენტზე.
ეცინებოდა აღფრთოვანებულ უშხვანს. სხვა ადამიანს, რომ წაეკითხა ეს შეტყობინება დიდად აზრს ვერ გამოიტანდა ნათქვამიდან, მაგრამ მისთვის ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. სავანელს ერთ წინადადებაში ორი შეტყობინება ჩაეტია - იცოდა, რომ შუკვანს არ გადაურჩენია იმ ღამით და მიხვდა, რომ მისი მხსნელი მონარქი იყო.


******
2020 წელი, გივი ჭკადუას ბინა, 18:25 წთ, თბილისი.
ფრთხილი ნაბიჯით გამოვიდა საძინებლიდან. კარს არ შეხებია, რომ ანჯამები არ აჭრიალებულიყო. მახვილი სმენა ჰქონდა ბებერს! მაშინვე იეჭვებდა რამეს. ფეხაკრეფით გაიარა ჰოლი. კედელს ამოეფარა და მისაღები ოთახიდან გამომავალ ხმებს ყური მიუგდო.
- ანდრო! დაიცადე. საქმე მაქვს.
- რა გინდა?! - იკითხა უხეშად.
- სად მიდიხარ?
- ანგარიშს როდის მერე იბარებ?! - ტონზე შეეტყო, ირონიულად იღიმოდა.
- რატომ უთვალთვალებ გაბრიჩიძეების უტვინო გოგოს?! ის წყეული ტელესკოპი მაგისთვის მაყიდინე?! გინდა, რომ ისევ შარში გაეხვე?!
- ჩემს ოთახში ისევ დაუკითხავად შეხვედი?! - გამოსცრა კბილებში.
- მილიონჯერ გაგაფრთხილე! - ხმას აუწია მამამ - მოეშვი იმ ბოზს და შენს საქმეს მიხედე-მეთქი! მეორედ, რომ დაგიჭიროს მამამისმა, თუ როგორ დასდევ კუდში და ფოტოებს უღებ, გიჩივლებს! ჩემი ყოფილი დეტექტივის სტატუსი, ვერაფერში დაგეხმარება და ციხეში ჩაგსვამენ! გესმის ჩემი?!
- ჩემს საქმეში, ცხვირს ნუ ჰყოფ! - შეუღრინა - მანანას მიხედე, გირჩევნია! სანამ შენი შემცვლელი უპოვია!
ცინიკურად გაიჟღერეს სიტყვებმა, რასაც ყრუ დარტყმის ხმა მოჰყვა. კაპიუშონიანმა ვეღარ მოითმინა და ფრთხილად შეიჭყიტა ოთახში. ახალგაზრდა ბიჭი ღვარძლიანი ღიმილით ყბაზე ხელს ისვამდა და ბოროტი მზერით ხვრეტდა, არანაკლებ გაბოროტებულ მამას.
ოცდასამ წლამდე, საშუალო სიმაღლის ალბინოსს, გრძელი, ვერცხლისფერი თმა თვალებზე ჩამოჰყროდა. ძალიან ღია, ღრმად ჩამჯდარი, ნაცრისფერი თვალები მტრულად უელავდა. მკვეთრად გამოკვეთილ ყბებზე თეთრი, დაბალი წვერი მოსდებოდა. მარჯვენა მკლავი მთლიანად ტატუებით ჰქონდა მოხატული. თითებზე იაპონური იეროგლიფები ამოესვირინგებინა. კაპიუშონიანს ინტერესი დაეტყო - შვილი საერთოდ არ ჰგავდა მამას.
- ნუ სარგებლობ, იმით, რომ ბებერი ხარ! - გახეთქილი ტუჩი ხელის ზურგით შეიწმინდა - გაფრთხილებ, თუ კიდევ ერთხელ დამარტყამ... - თვალები დაქაჩა - მარჯვენას ძირში მოგამტვრევ!
ოჯახური იდილიაც ასეთი უნდაო, - ქვედა ტუჩის კუთხეზე ცერი მოისვა. ნოსტალგია იგრძნო და დამცინავად ჩაეღიმა.
- უმადურო, დაუნახავო, ლაწირაკო! - აიფოფრა მამაკაცი - როგორ მიბედავ ასე საუბარს?! მე, მამაშენი ვარ! პატივისცემა გმართებს!
- აი, შენი პატივისცემა! - საჩვენებელსა და შუა თითს შორის, ცერი მოიქცია - ჩემს ოთახს გაკარებული არ გნახო! არ გამაღიზიანო, გივი! გამიფრთხილებიხარ!
მიტკალივით გაფითრებულ მოხუცს ზურგი აქცია და ფართო ნაბიჯით, გასასვლელს მიაშურა. კაპიუშონიანი მაშინვე მოსწყდა ადგილს და სამზარეულოში შესხლტა. დაძაბულმა მიაყურადა. გასასვლელი კარი გაჯახუნდა და ფეხის ხმაც მიწყდა.
ნიკაპი ნერვიულად მოისრისა. ალბინოსის ენით აუწერელმა ზიზღმა და აგრესიამ გააკვირვა. განა, რა დააშავა ყოფილმა დეტექტივმა ასეთი, რომ შვილი შეურაცხყოფას არ ერიდებოდა?
შეფიქრიანებული ფანჯარას მიუახლოვდა. ფარდა ოდნავ გადასწია და ქუჩას გახედა. ალბინოსმა გზატკეცილი გადაირბინა. ნარინჯისფერ „აუდს“ ჩაუჯდა და საბურავების წივილით, იქაურობას გაეცალა.
ფანჯარა გამოაღო და გადახტომა დააპირა, რომ მისაღები ოთახიდან ჭკადუას განერვიულებული ხმა შემოესმა და რაფაზე აწეული ფეხი, ჰაერში გაუშეშდა. ზუსტად იცოდა, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო. ვის ელაპარაკებოდა?!
- რა გინდა, რომ გავაკეთო?! - ბგერებს პანიკა გამოერიათ - ბიჭს შეეშვი! ის, არაფერ შუაშია! კარგი... კარგი, როგორც იტყვი...
ყრუ ოხვრას, ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. ალბათ, ტელეფონზე საუბრობდა და გათიშა. დაეჭვებულმა თავი გვერდით გადახარა. თვალები მოეწკურა და წამში შეცვალა გადაწყვეტილება. უკან მობრუნდა. ზურგსუკან მიმალული პისტოლეტი ამოიღო. გადატენა, ჯიქურ გამოაღო სამზარეულოს კარი და ჭკადუას მისაღებში შეეჭრა.
- გამარჯობა, გივი!
გესიალანად გაუღიმა და იარაღის ლულა გულში დაუმიზნა. მასპინძელს დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. თვალებგაფართოებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და რომ არ წაქცეულიყო, სავარძელს ჩაეჭიდა.
- შ-შ-შენ??? - ხმა ჩაეხლიჩა.
- რა ფერი გაქვს? ხომ არ შეგეშინდა?!
სიცილისგან მხრები აუთამაშდა. მისაღები ოთახის კარი ჭრიალით მიიხურა. სავანელმა ერთ ადგილზე გახევებულ ჭკადუას შემოუარა, ისე რომ იარაღი არ დაუშვია და რბილ სავარძელზე დაეშვა. მოხუცსაც იგივე ანიშნა ხელით. გივი დაემორჩილა და გოგონას მოპირდაპირედ, დივანზე დაიკავა ადგილი.
- შეცვლილხარ, გივი. უფრო... დაბერებულხარ.
დამცინავად შეათვალიერა ყოფილი გამომძიებელი. ბოლოს მამაკაცი ცხრა წლის წინ ტყეში იხილა, როცა კახაძის გვერდით მდგარი მუხლებზე დაჩოქილ ტყვეს ზემოდან დასცქეროდა. ტუჩი ზიზღით ატეხა მაღლა.
- ცოცხალი ხარ...
წაიჩურჩულა გაფითრებულმა. მომჭკნარი ტუჩები შესამჩნევად უცახცახებდა. აშკარად შოკში იყო და პირში ენის მობრუნება უჭირდა.
- ცოცხალი ვარ, - მიუგო წყნარად. იარაღი დაუშვა, მაგრამ ჩახმახზე თითმიწებებული ისევ მზადყოფნაში იყო - ვწუხვარ იმედები თუ გაგიცრუვდა...
- როგორ? რანაირად გადარჩი? - ჭკადუა აშკარად არ უსმენდა - თქვეს რომ მტკვარში დაიხრჩე...
- შენთან საჭორაოდ არ მოვსულვარ, - მოუჭრა ცივად - საქმე მაქვს და ისე არ გავადგამ ფეხს, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებ.
- რა გინდა ჩემგან? შენთვის არაფერი დამიშავებია...
- ნუთუ? - ნახშირივით შავი თვალები სახიფათოდ წამოენთო.
- შენი მოკვლა მიბრძანეს, მაგრამ თითი არ დამიკარებია. ღმერთია მოწმე, ბავშვზე ხელს არასოდეს ავწევდი...
- ქების ღირსი ხარ. - დამცინავად აპრიხა ტუჩი - ბავშვს ხელს არ დავაკარებდიო, ამბობ და ახალშობილი არ ითვლება?
ჭკადუას ნაოჭებისგან დაღარულ სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა. გამომშრალი ტუჩები ნერვიულად მოილოკა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა:
- რას გულისხმობ?
სავანელმა თავით ფეხებამდე შეათვალიერა მამაკაცი. გააზრება უჭირდა, რომ მის წინ მჯდარი დაჩაჩანაკებული პენსიონერი ოდესღაც კახაძის მხარდამხარ ათას დანაშაულს სჩადიოდა. შემზარავი იყო იმაზე ფიქრი, თუ ვის ხელში იყო „ხალხის უსაფრთხოება“.
- ანდროს ვგულისხმობ, - მიუგო მშვიდად.
- ანდროს? - გაჭირვებით გაიმეორა შვილის სახელი.
ელმა კაპიუშონიანი ზედისკენ წაიღო ხელი, ყელსაბამი თავიდან გადაიძრო და ჭკადუას მაგიდაზე დაუდევრად მიუგდო. ფანჯრიდან შემოპარულ მზის სხივზე შავმა ონიქსმა თვალისმომჭრელად გაიბრწყინა.
- გეცნობა?
გივიმ დაძარღვული ხელი კანკალით გაიშვირა ყელსაბამისკენ, თითებში მოიქცია და აწყლიანებული თვლაებით დახედა კულონს. მომჭკნარ ლოყაზე ეული ცრემლი ჩამოუგორდა და ყელში ჩაეკარგა.
- საიდან გაქვს? - იკითხა ყრუდ.
- ერთი ქალი ამტკიცებს, რომ ეს მის შვილს ეკუთვნის. მითხრა - ჩვილი მომპარეს, სხვისი მკვდარი მომიგდეს, ჩემი კი წაიყვანესო.
ჭკადუას არ გაკვირვებია, საიდან იცოდა სავანელმა სოფიოს არსებობის შესახებ. ფაქტი იყო - მასთან „ხელცარიელი“ არ მისულა. საკმაოდ ბევრი იცოდა. ტყუილს აზრი დაეკარგა. ისედაც ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან მისი ოჯახის ყველაზე ბინძური საიდუმლო ბოლოს და ბოლოს გამოააშკრავდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მხდალივით იმედოვნებდა, რომ ამ დღეს ცოცხალი ვერ მოესწრებოდა. ტუჩები კიდევ ერთხელ მოილოკა და ონიქს ცერი ნაზად გადაუსვა.
- მართლა მოპარეთ იმ ქალს შვილი? - წარბი შეიკრა სავანელმა.
- არავისთვის არაფერი მომიპარავს! - ღვარძლით გამოსცრა კბილებში აღშფოთებულმა.
- აბა, გიჟია და იგონებს? - შეუტია გაღიზიანებულმა - ყელსაბამი იცნო! მითხრა ჩემს შვილს ეკუთვნოდაო. ონიქსი კი სარდაფში, შენს ძველ ნივთებში ვიპოვე. უარყოფას აზრი არ აქვს!
- არც ვაპირებ... - მიუგო ჩამქრალი ხმით და თავი ჩახარა.
- სიმართლე მითხარი, რა მოხდა სინამდვილეში?
ჩააცივდა. ჭკადუამ ამოიოხრა და თავი მაღლა ასწია. სახეზე ნაოჭები გაღრმავებოდნენ, თითქოს რამდენიმე წუთში ათი წელი მოემატაო.
- მანანა ორსულად იყო, - წამოიწყო ხმადაბლა, ყოველ სიტყვის შემდეგ ნერწყვს ყლაპავდა, აშკარა იყო საუბარი უჭირდა - რვა თვის ფეხმძიმე იყო, როვა იმშობიარა. თორმეტი საათი მოსაცდელში ვიყურყუტე, სანამ ექიმი არ გამოვიდა. მომილოცა, ბიჭი შეგეძინათო! მეგონა სიხარულისგან გული გამისკდებოდა. ერთი სული მქონდა ჩემი ვაჟი ხელში ამეყვანა, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში სახელმწიფო კლინიკაში მკაცრი განაწესი ჰქონდათ. სანამ დედა-შვილს არ გამოწერდნენ ახლოს არავინ მიგიშვებდა. მანანას პალატის ფანჯარასთან თუ მოვკრავდი თვალს, ეგ იყო. ცოლი უცნაურად დათრგუნული მეჩვენებოდა. ექიმისგან ვიცოდი, რომ მშობიარობა გაუჭირდა და ამიტომ ვერ იყო ხასიათზე. შევცდი. როცა ცოლ-შვილი სახლში მიმყავდა, მანანა გზაში გამომიტყდა: რიგზე ვერ არისო. მის სიტყვებზე კონცენტრირება ვერაფრით მოვახერხე, რადგან ახალშობილი გაუჩერებლად ჩხაოდა. სანამ სახლამდე მივედით ჯანმრთელ კაცს ჩემი დამემართა და ახლადნამშობიარები ქალი რა ჭკუაზე იქნებოდა? მანქანა უბანში რომ შევიყვანე, როგორც იქნა ჩვილმა იყუჩა. მანანამ კი დრო იხელთა და მითხრა: მგონი, ბავშვი შეგვიცვალეს, ვგრძნობ, ეს ჩვენი შვილი არ არისო. სახტად დავრჩი. ვერ ვხვდებოდი ასეთ საშინელებას რატომ ამბობდა. მისი სიტყვები სერიოზულად არც მიმიღია, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას დავაბრალე. თავი ისე დავიჭირე, ვითომ არაფერი გამიგია. სახლში ავედით, ჩვილი გაჭირვებით დააძინა და ისევ იგივე თემაზე დამიწყო ლაპარაკი. ვუყვირე, ბავშვი პირველი დღეა რაც სახლში მოიყვანე და უკვე მისი თავიდან მოშორება გინდა-მეთქი. სილა გამაწნა... ის საღამო ბარში მარტომ გავატარე, იმის ნაცვლად, რომ ბიჭის დაბადება მეზეიმა, აშლილ ნერვებს ვისკის ჭიქაში ვახრჩობდი. მეორე ბოთლი მოვითხოვე ბარმენისგან, როცა გვერდით ვიღაც ტიპი მომიჯდა და საუბარი გამიბა. გაღიზიანებულს მისი თავიდან მოშორება მინდოდა, მაგრამ არ შემეშვა. ბოლოს ვუყვირე თავიდან მომწყდი-მეთქი. გაეცინა. შეგეშვები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შენს შვილს თვალით ვეღარასდროს იხილავო.
- რაო? - გააწყვეტინა ელმა.
ჭკადუამ ცრემლით დანამული სახე ხელის ზურგით შეიმშრალა და ცხვირით ძლიერად მოქაჩა.
- ბარის მაგიდაზე ეს ყელსაბამი დამიდო - ონიქსს ცერი გადაუსვა - და მითხრა, ყელსაბამი იმ ბავშვს ეკუთვნის, რომელიც სახლში წაიყვანე, შენი ვაჟი კი მამიკოს გადაწყვეტილებას ელოდება, დაუბრუნდება ოდესმე ოჯახს, თუ ბაზარზე გაიყიდება თხასავითო.
- ბავშვები შეცვალეს? - ყურებს არ უჯერებდა ელი - რის გამო? რაში სჭირდებოდათ?
- ბავშვი კი არა, მე ვჭირდებოდი ერთი საქმის მოსაგვარებლად.
- რა საქმის?
- ნინა მენაბდის თავიდან მოშორება უნდოდათ. მისი მკვლელობის საქმეს კი დიდი აურზაურის გარეშე უნდა ჩაევლო.
- ნინა მენაბდის? - პირი გაუშრა ელს, დარწმუნებული იყო, რომ მოეყურა.
- ბებიაშენის დის, სწორად გაიგე.
დაუდასტურა ჭკადუამ და აკანკალებული მარჯვენა კისერზე მოისვა. ელი რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა ერთ ადგილზე და აზრებს ვერ უყრიდა თავს. მოსმენილმა ისეთ შოკში ჩააგდო, ბგერა ვერ ამოუშვა ყელიდან. გაშტერებული მისჩერებოდა ყოფილ გამომძიებელს.
- მეგონა ნინა მისმა სიძემ მოიშორა თავიდან... - წარმოთქვა ყრუდ.
- სიძეს მართლაც უნდოდა სიდედრის თავიდან მოშორება, მაგრამ დაასწრეს.
- კი, მაგრამ ვინ? რისი გულისთვის?
- ბნელ ოთხმოცდაათიანებში კორუფცია და კრიმინალი ყვაოდა. ბოლო წლებში ქალაქიდან უფრო და უფრო მეტი ბავშვი უჩინარდებოდა. ერთ-ერთი გამწარებული მშობელი, როცა პოლიციასთან ვერაფერს გახდა, ნინასთან მივიდა დახმარების თხოვნით. ბებიაშენის და გავლენიანი ქალი იყო, არც ფული აკლდა და არც კონტაქტები. უარი არ უთქვამს. მისმა ხალხმა ბავშვის ძებნა დაიწყო. გაირკვა, რომ ბიჭი საღვარგარეთ გაეტაცებინათ და სოლიდურ თანხად მიეყიდათ თურქებზე. ნინამ ბავშვის კვალი სტამბოლში დაკარგა.
ელს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. შუბლი ნერვიულად მოისრისა. ირაკლი შუკვანის ნაამბობი მოაგონდა, სვანეთში როგორ ასაღებდნენ ჩვილებს მკვდრებად. სინამდვილეში კი თბილისში მიჰყავდათ, იქიდან კი საზღვარზე გადაჰყავდათ. გამოდიოდა, რომ კრიმინალური დაჯგუფება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა. დაჯერება უჭირდა, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი სწორედ ამ ბინძურ საქმეს შეეწირა.
- ნინას მოსაკლავად მიგაგზავნეს? - თვალები სახიფათოდ წამოენთო.
- არა, წარმოდგენა არ მქონდა ვის თავიდან მოშორებას გეგმავდნენ. უბრალოდ გამაფრთხილეს, რომ როცა ეს მოხდებოდა, საქმისთვის პირადად უნდა მიმეხედა. იცოდნენ, რომ მენაბდის ჰაერში აწევას დიდი ხმაური მოჰყვებოდა. არ იყო ხელწამოსაკრავი ქალი, ბევრი სერიოზული და გავლენიანი პიროვნება უჭერდა მხარს.
- და რა ქენი, ქალაქში ჭორი დააგდე, რომ მისმა სიძემ გაასაღა? - წაისისინა ღვარძლიანად - ისარგებლეთ მისი პირადი ტრაგედიით და ხელები სომეხს შეაწმინდეთ?
- მეტ-ნაკლებად. ასეთი იყო ჩემი გეგმა... - ჩაილაპარაკა ყრუდ და სავანელს თვალი მოარიდა - მისი მკვლელობის საქმე მე გადმომაბარეს. გამოძიება კი მისი სიძის მიმართულებით წავიყვანე. მართალია, საბოლოო ჯამში ვერავინ ვერაფერი დაუმტკიცა, მაგრამ ისიც საკმარისი იყო, რომ ნინას მეგობრების ყურადღება სომეხზე კონცენტრირდა.
- ამიტომ გაიქეცი უბნიდან? მეზობლები ამბობდნენ, რომ გამთენიისას გაიპარე ცოლთან და ბავშვთან ერთად. იცოდი რა ამბები დატრიალდებოდა ქალაქში და იქაურობას გაერიდე, ხომ ასეა? - მარტივად მიხვდა.
ჭკადუამ არ უპასუხა. არც იყო საჭირო, ყველაფერი სახეზე ეწერა. ელს ღვარძლიანად გაეცინა. როცა ჭკადუასთან მოდიდოდა სასაუბროდ, არ ელოდა თემის ასეთი მიმართულებით ცვლილებას. რას წარმოიდგენდა, რომ ნინას ამბავს სულ სხვა სიღრმე ექნებოდა?
- მერე რა მოხდა? - წაიღრინა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - უდანაშაულო ქალის მკვლელობის ჩაფარცხვის შემდეგ, დაგიბრუნეს შვილი?
- არა... - თვალები ისევ აემღვრა - მითხრეს სიტუაცია გართულდა, უნდა მოიცადოო.
- რას ნიშნავს სიტუაცია გართულდა, უნდა მოიცადოო? - გაიმეორა უხეშად.
- მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შექმნია. დაბადებიდან ერთ კვირაში საავადმყოფოშივე დაღუპულა.
- საავადმყოფოში? აბა, გაიტაცესო?
- ვფიქრობ, თავიდანვე იცოდნენ მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ. რაში გამოადგებოდათ ავადმყოფი ჩვილი? ამიტომ ბავშვები გაცვალეს. ჩემი შვილი სოფიოს მისცეს მე კი ანდრო გამომატანეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფიოს ნანახიც არ ჰყავდა თავისი ახალშობილი, ჩემი ბიჭი რომ მიუყვანეს ისტერიკაში ჩავარდნილა, არ არის ეგ ჩემი შვილიო. პერსონალმა იცოდა, რომ ფსიქიკაზე პრობლემები ჰქონდა და მისი სიტყვები სერიოზულად არავინ მიიღო. დედამისს კი ფეხებზე ეკიდა, საერთოდ არ უნდოდა ჩვილი და გაუხარდა კიდეც, როცა სამშობიარო ახალი საზრუნავის გარეშე დატოვა.
ახლაღა მიხვდა რას გაჰკიოდა მამამისის პირველი ცოლი ფსიქიატრიულში - შვილი მომპარეს და სხვისი მკვდარი მომიგდესო. კისერზე მოისვა ხელი, დაითრგუნა.
- როდის გაიგე, რომ შენი შვილი ცოცხალი აღარ იყო?
- ერთი თვის შემდეგ, - ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა - როცა მივხვდი, რომ ის ნაბიჭვრები რაღაცას მიმალავდნენ, ჩემით ვცადე შვილის მოძებნა. ექთანს მივაგენი, რომელმაც ბავშვები გაცვალა. სიმართლე იმან მითხრა. ერთ კვირაში კი ქალი ჩემ თვალწინ მოკლეს. ჭკუის სასწავლებლად, რომ ზედმეტად ცხვირი არაფერში ჩამეყო.
- და ანდრო ისე დაიტოვეთ, ვითომ არც არაფერი? - წარბი მაღლა აზიდა - შვილი დაკარგე, მაგრამ ნივთივით ახლით ჩაანაცვლე? შენმა ცოლმა იცოდა სიმართლე?
- როცა ვაჟის გარდაცვალების შესახებ გავიგე, ვუთხარი... - ცხვირი ხელსახოცით მოიწმინდა - ბევრი იტირა და იკივლა. მეგონა ახალშობილიანად მისროდა სახლიდან, მაგრამ პირველმა ელდამ რომ გადაუარა, ანდროზე უარის თქმა ვერ შეძლო. იმ ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს მიეჩვივნენ. ბავშვი ისე აღარ ტიროდა. მანანას უცინოდა კიდეც. როცა გაიგო ანდროს ნამდვილი დედა ფსიქიკურად არასტაბილური იყო, ბებიამისს კი საერთოდ არ ადარდებდა შვილიშვილის ბედი - დანებდა. ასე შემორჩა ჩვენთან. საკუთარი შვილივით შევიყვარეთ და გავზარდეთ.
- ტაშიც ხომ არ დაგიკრათ? - ნახშრივით შავი თვალები მტრულად აუელვარდა - სიკეთის განსახიერება ხართ ცოლ-ქმარი! ანდრომ იცის სიმართლე?
- არა.
- მაშინ რატომ არ ეხატები გულზე?
- რაც წამოიზარდა ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ... ალბათ კარმა მომიბრუნდა უკან.
- იცი ვინ იყო მამამისი? - მის ბოლო სიტყვებს წაუყრუა.
- გაინტერესებს, ვიცი თუ არა, რომ შენი ნახევარ ძმაა? - აწყლიანებული თვალებით შეხედა სავანელს - ვიცი. ამიტომ გიამბე სიმართლე. თქვენს წინაშე ისედაც ბევრი დავაშავე... მეშინოდა, რომ ეს დღე აუციელბლად დადგებოდა. წლებია ამ ბინძურ საიდუმლოს მხრებით ვეზიდები. დავიღალე, ძალა აღარ მაქვს. დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. მხოლოდ იცოდე, რაც კი რამ ცუდი გამიკეთებია, არასოდეს ყოფილა ჩემი არჩევანი. მემუქრებოდნენ. ნინას ამბების შემდეგ ყურებიდან დამიჭირეს. ეს ისეთი ჭაობია, რომელშიც ერთხელ თუ ჩაეფალი, უკან ამოსვლის საშუალებას აღარავინ მოგცემს. რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე, მაგრამ ანდროს დასაცავად ყველაფერზე ვარ წამსვლელი. შეიძლება სისხლი არ გვაკავშირებს, მაგრამ ჩემია. ჩემი გაზრდილია, ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.
ელი წელში გასწორდა. ხმა აღარ ამოუღია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის თქმა უნდოდა. რა აზრი ჰქონდა? მომხდარის შემდეგ განა რამეს ჰქონდა მნიშვნელობა? სიტყვები წარსულს შეცვლიდნენ? სოფიოს პირადად იცნობდა. იცოდა რა მდგომარეობაში იყო, ასეთ სიტუაციაში ბავშვის აღზრდას შეძლებდა? მამიდამისის ასმათის თქმით სოფიოს დედაც არ იყო დალაგებული - ბავშვი ვის ხელში უნდა დარჩენილიყო? მამის? სულა სავანელის გვერდით? ზიზღს და ტკივილს ჰგვრიდა იმაზე ფიქრი, რომ მის წინ მჯდარი მამაკაცი, რომელიც უკანასკნელ ადამიანად მიაჩნდა, უკეთესი მამა აღმოჩნდა ანდროსთვის, ვიდრე სულა ელისთვის. საკუთარმა მშობელმა სასიკვდილოდ გაიმეტა. საერთოდ რაზე იყო საუბარი? თვალები აეწვა და აახამხამა.
- ამიტომ გადაიყვანე ანდროს ბიოლოგიური დედა კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში? გინდოდა სინდისი დაგემშვიდებინა? და სანახავად რისი იმედით აკითხავდი? ფიქრობდი რომ გაპატიებდა?
თავი გვერდით გადახარა და ისე შეათვალიერა წინ მჯდომი. ჭკადუას ეტყობოდა აშკარად გაუვირდა, რომ ამის შესახებ იცოდა. ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
- ეს საიდან იცი? - ამოთქვა ყელჩახლეჩილმა
- კარგი ინფორმატორი მყავს, - მოუჭრა ცივად. გივიმ ეჭვით შეათვალიერა, მაგრამ აღარ ჩასძიებია.
- სხვა რისი გაკეთება შემეძლო? - ისეთი თვალებით შეხედა სვანელს თითქოს ჭკუას მას ეკითხებოდა - რა უნდა მექნა? სანამ ანდრო პატარა იყო, დანაშაულის შეგრძნებას როგორღაც ვუმკლავდებოდი, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მიჭირდა ღამით დაძინება. ყოველი ჩვენი კამათი და ჩხუბი გულში შერჭობილ ხიჭვს მიღიზიანებდა. შიში მჭამდა, რომ რაღაც სასწაულით სიმართლეს გაიგებდა.
აცრემლებულ სახეზე დაძარღვული ხელი ჩამოისვა და ცხვირით ძლიერად მოქაჩა. მზერა გაარიდა წინ მჯდომს და ამღვრეული თვალებით ფანჯარას გახედა. კაცმა არ იცოდა რაზე ფიქრობდა, მაგრამ მისი მზერა ათიათას სიტყვაზე მეტს გამოხატავდა. სავანელი მოხუცს მიშტერებოდა და დაჯერება უჭირდა, რომ წლების წინ იგივე ადამიანი იხილა ტყეში.
იქნებ უაზრობა იყო და სულელურადაც კი ჟღერდა, მაგრამ სწორედ იმ წამს გაუგო მილენას, თუ რატომ არასოდეს შეუტანია ეჭვი მეწყვილეში. ადამიანებს მოხერხებულად სჩვევიათ სახის ცვლილება, ხანდახან ისე ოსტატურადაც კი, რომ შეუძლებელია ნიღბის მიღმა რეალური ბუნების დანახვა, მით უფრო მაშინ, როცა ადამიანის შეფასებისას ემოციებითა და გრძნობებით ვხელმძღვანელობთ, ცივი გონების ნაცვლად.
ჭკადუა რეალურად განიცდიდა მომხდარს? - შეიძლება. მაგრამ ეს რამეს ცვლიდა? სამწუხაროდ არა. რატომ? თვალებიდან არ ამოსიოდა მომენტი, თუ როგორ ადგა უდანაშაულო ადამიანს თავზე და ჯალათივით დასცქეროდა ზემოდან, მაშინ როცა ტყვე სიმართლისთვის კვდებოდა.
გივი ამტკიცებდა, რომ ემუქრებოდნენ და სხვა გზა არ ჰქონდა, ნუთუ? პატიმარს რომელსაც ხელჯოხს აძლევენ ციხეში და აიძულებენ თანამოძმეებს გაუსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მიიღებო წელზე მათრახს. ისიც ბრძანებას ასრულებს, მაგრამ იმდენად იჭრება როლში რომ არავის ხელის კვრა აღარ სჭირდება, მაინც უდანაშაულოა? რამდენად მყარი იყო „ცოლ-შვილის ფარი“, რომელსაც ჭკადუა ეფარებოდა წლების მანძილზე?...
- კახა ყველგან დაგეძებდა... - სიჩუმე დაარღვია გივიმ და გოგონას ყურადღებით ჩააკვირდა თვალებში - როცა გაიგო, რომ მტკვარმა შენი სამოსი გამორიყა, მკითხა საქმე სუფთად თუ გავაკეთე. დავუდასტურე.
ყბა აუცახცახდა და აკაციის ფერი თვალები აუწყლიანდა.
- შენმა ოჯახმა იცის, რომ ცოცხალი ხარ? კახაძემ თუ გაიგო, რომ მოვატყუე... - გააკანკალა - ორივეს ამოგვხოცავს ჩვენი ოჯახებიანად. იმდენად იყო გაბოროტებული, რომ მამაშენს ექვსი წელი ახეხინა ციხე. აცადა სანამ გამოსვლის დრო არ მოუვიდოდა, სანამ იმედით არ შეხედავდა ცხრაკლიტურის კარს და მერე გამოუყვანა წირვა. არავის და არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. ათას ნაძირალას შევხვედრივარ, მაგრამ მისი მსგავსი არავინ მინახავს.
- არავინ არაფერი იცის...
- და ეს ასეც უნდა დარჩეს! - დაიჩხავლა აღელვებულმა - წადი, გაემგზავრე ქვეყნიდან. საერთოდ დაივიწყე საქართველოს შესახ...
- მართლა გგონია, რომ კახაძეს გამოვლილს შევარჩენ? - შეაწყვეტინა მშვიდად - არსად გაქცევას არ ვაპირებ, გივი.
მეტი აღარაფერი უთქვამს, ფეხზე წამოდგა, იარაღი ზურგსუკან შეინახა და თბილი ზედა ჩამოიფარა. ჭკადუა დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა.
- მართლა... - წასასვლელად გამზადებულმა მამაკაცს მოხედა - რამე თუ გსმენია ნიცა გოგოლაძეზე? ჩემი თანატოლი იყო. ისიც იმ პერიოდში გაუჩინარდა, როგორც მე.
- გოგოლაძე?... - ჩაფიქრდა - არაფერი ვიცი. გეფიცები, მართლა არაფერი ვიცი, რომ გამე...
- გასაგებია.
მეტის მოსმენა აღარ უნდოდა. შეტრიალდა და ისე გაილანდა ოთახიდან უკან აღარ მოუხედავს. ონიქსის ყელსაბამი, რომელსაც სავანელი ცხრა წელი თან ატარებდა, ჭკადუას მაგიდაზე ესვენა და მზის სხივზე თვალისმომჭრელად ბზინავდა. შავ ქვას მამაკაცის ეული ცრემლი დაეცა...



******
2020 წელი, თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავზე, 02:13 წთ, თბილისი.
შუკვანი გაღიზიანებული სცემდა ბოლთას. სახურავის მოაჯირს მიყრდნობილი ელი კი, მეგობრის ნერვიულ მოძრაობებს მოთმინებით ადევნებდა თვალს. ელოდებოდა როდის დამშვიდდებოდა, რომ საუბარი გაეგრძელებინათ.
- გამაგებინე! - უეცრად შედგა და სავანელს გააფთრებულმა მოხედა - რა ჯანდაბა იპოვე ავალიანში, ასე თავგამოდებით რომ იცავ?
- კიტა, ხომ არ აჭარბებ? - მობეზრებულმა გახედა მეგობარს.
- მე ვაჭარბებ? - წარბები მაღლა გაექცა და საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო - დღეს ღიად დამემუქრა, თუ გამოძიებას ჩამომაშორებენ, განანებთო.
- მონარქის საქმე მისთვის პირადულია. ყოველთვის პირადული იყო. ბუნებრივია, რომ ბრაზობს.
- გატყობ ვერ ხვდები რას ვგულისხმობ! ავალიანმა იცის ჩემი სუსტი წერტილი... - გამოსცრა კბილებში - მაგრძნობინა, რომ არ შეგვარჩენს.
- კი, მაგრამ ჩემ შესახებ არაფერი იცის.
- დარწმუნებული ხარ? ასი პროცენტით? მაშინ საწინააღმდეგოზე რატომ მიმანიშნა? მრავლობით რიცხვში მითხრა „განანებთო“! რა იგულისხმა, როგორ ფიქრობ?
- და აუციელბლად მე მიგულისხმა? - წარბები მაღლა აზიდა - საიდან უნდა იცოდეს ავალიანმა, რომ ცოცხალი ვარ? ცხრა წლის მანძილზე არასოდეს შევხვედრივართ ერთანეთს.
- არ ვიცი, ელ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რაღაცას ეჭვობს.
- აბსურდია! - არ დაიჯერა სავანელმა.
მისმა სიჯიუტემ, სვანი მთლად გამოიყვანა წყობიდან. რატომ ენდობოდა მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს? მხოლოდ იმიტომ, რომ ორიგამიზე წაწერილი ნაჯღაბნი აჩვენა? რატომ იყო დარწმუნებული, რომ არ ეთამაშებოდა? იქნებ ეს ავალიანის ავადმყოფური გეგმის ნაწილი იყო? რატომ ვერავინ ვერ ამჩნევდა იმ ნაძირლის ბნელ ბუნებას, როცა შუკვანისთვის ეს ასე ცხადი იყო? გაცოფებულმა კბილები გააღრჭიალა.
- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, რომ მაგ ახვარს გვამთან წაასწარი. - გამოსცრა გაფითრებულმა - რა ჯანდაბა უნდოდა იქ? რას აკეთებდა? რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მისი ხელი არ ურევია მომხდარში? იქნებ გეწაძეს თავად გამოუყვანა წირვა და ამიტომ ეპოტინება „საკუთარ“ საქმეს?
- კიტა...
- შარში ვართ!
- ვნახე...
მიუგო ხმადაბლა. მოაჯირს გულხელდაკრეფილი მიყრდნობოდა. ჩაფიქრებულს მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. გეწაძის მკვლელობამ იმაზე მეტი სირთულე მოიტანა თან, ვიდრე იფიქრებდნენ. პოლიციამ და მედიამ გარდაცვლილი ჟურნალისტის წარსულში ქექვა დაიწყეს. დროის საკითხი იყო, როდის ამოტივტივდებოდა ყოფილი განგსტერის ცოდვები წყლის ზედაპირზე და კაცმა არ იცოდა, რას ამოიტანდა თან.
გარდა ამისა, ავალიანი ზედმეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა საქმის ჩამოშორებასთან მიმართებაში. რა აკავშირებდა გარდაცვლილთან? შუკვანთან კი არ შეიმჩნია, მაგრამ დააფიქრა მოსეს ორაზროვანმა მუქარამ - „განანებთო“. ვინ იგულისხმა მრავლობით რიცხვში?
- გვიჩალიჩებს, მაგრად გვიჩალიჩებს! - არ ცხრებოდა შუკვანი.
- რას გულისხმობ? - წარბშეკრულმა მოსაუბრეს გახედა. ფიქრებში ჩაძირული ცალი ყურით უსმენდა.
- შენით ვერ ხვდები?! როგორ ფიქრობ, გეწაძის შესახებ სიმართლე, რომ გასკდეს, თითს ვისკენ გაიშვენერ?
შუკვანმა სავანელს მზერა გაუსწორა. ელი მიხვდა რომ ისევ იგივე თემას უტრიალებდა და კინაღამ თვალები გადაატრიალა. ავალიანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ელი ცოცხალი იყო. საიდან უნდა სცოდნოდა, რატომ ინტერესდებოდა შუკვანი ყოფილი განგსტერით? უაზრობა იყო, სრული სისულელე. ასეც რომ არ ყოფილიყო, ავალიანი ელს არასოდეს მტრობდა.
- ჩემ შესახებ არაფერი იცის-მეთქი, რომც იცოდეს რაში სჭირდება?!
- დაგვცინის ავადმყოფი, !
- უნდა დაწყნარდე!
- არ ვენდობი! ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი?!
თვალები გადაუბრიალა ელს და გაღიზიანებულმა ზურგი აქცია. მოაჯირს ჩამოეყრდნო და თავი ჩახარა. შენობის სახურავიდან თბილისი ხელის გულივით მოჩანდა. ეჭვები შიგნიდან ჭამდნენ. ვერ იჯერებდა... არ შეეძლო... ნუთუ ელის შესახებ მართლა რამე იყნოსა? კი მაგრამ, საიდან? აგიჟებდა და მოსვენებას უკარგავდა ამაზე ფიქრი.
- ჯერჯერობით, სიტუაციას თვალი ადევნე... - დაილაპარაკა ხმადაბლა ელმა - დრო მჭირდება მოსაფიქრებლად. არ მინდა საკუთარ მახეში თავადვე გავება...
გრილი ნიავი ახურებულ სახეზე მიელამუნა. შემოდგომის სურნელით გაჟღენთილიყო ჰაერი.
- ფუ, ამის დედაც! მაგრად გაგვედო!
შეიგინა გაცეცხლებულმა და თავზე ბრაზით გაისვა ხელი. სავანელი, მეგობრისგან განსხვავებით, მშვიდად გასცქეროდა ქალაქს. მძინარე თბილისის, ღრმა სუნთქვას უსმენდა გასუსული.
- ავალიანს მე მივხედავ... - პირველმა დაარღვია სიჩუმე - პრობლემას არ შექმნის.
- რას ბოდავ? - ისევ სიბრაზემ წამოუარა შუკვანს - არც კი გაბედო ახლოს მიკარება, ელ. გამიფრთხილებიხარ, თორემ არ ვიცი რას ვიზამ! ფეხებზე რა მიზეზით მიგაჩნია უდანაშაულოდ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ რაღაცას მალავს. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა.
სავანელმა ამოიოხრა. შუკვანი ვირივით ჯიუტი იყო და სვანურად რომ გაუხიდავდა აზრს ვერ შეაცვლევინებდა კაცი. ავალიანი მასზე ისე მოქმედებდა, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. საკმარისი იყო მისთვის თვალი მოეკრა, ხელები ემუშტებოდა ბრაზისგან ათუხთუხებულს. თავი გააქნია და ფიქრებით სულ სხვა თემაზე გადაერთო. კიტასთვის არ უთქვამს, რომ ჭკადუას ესაუბრა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ უმალავდა კიტას ამ ამბავს.
მისი ყვირილის არ ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო სვანი ჭკუიდან გადავიდოდა, თუ გაიგებდა სავანელის „დაუფიქრებელი“ საქციელის შესახებ. საქმე სხვა რამეში იყო... ვერაფრით აღიარა საკუთარ თავთან, რომ ნახევარძმა ჰყავდა, რომელიც იგივე ღორების მსხვერპლად იქცა, როგორც მთელი მისი ოჯახი.
რაც უფრო მეტს იქექებოდა, მით უფრო მეტი სიბინძურე ამოჰქონდა ზედაპირზე მიწას. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ერთი მეორის მიყოლებით მარიონეტებივით იყვნენ გამობმული ვიღაცის მარჯვენას! - ხელს, რომელიც მთელი ბოროტების სათავეს წარმოადგენდა. თითოეული ფიგურა კი, რომელმაც მასთან კავშირის გაწყვეტა სცადა ოთხ ფიცართან დაასრულა სიცოცხლე. კბილები ავად გააღრჭიალა.
- ელ... - შუკვანმა სახე მოუთვალიერა - რატომ დადუმდი? რაზე ფიქრობ?
- რაც უფრო მეტად ვექაჩები ჯაჭვს, მიტ უფრო მეტი სისხლიანი რგოლი მოჰყვება ზემოთ. - ცივად გამოსცრა კბილებში - რაც უფრო მეტად ვინტერესდები წარსულით, მით უფრო ვრწმუნდები რომ ბევრი არაფერი მცოდნია მასზე. საინტერესოა კიდევ რამდენ სიბინძურეს ამოვთხრი, სანამ დასასრულამდე მივალ...
- ეი... შემომხედე, - ხმა შეურბილდა სვანს, გოგონას ნიკაპში ამოსდო თითი და თავი ააწევინა - არ აქვს მნიშნველობა წინ რამდენი სირთულე გველის. არავის მივცემ უფლებას რამე გავნოს, გაიგე?
- სიკვდილი არ მაშინებს, კიტა...
- მე მაშინებს, ელ, - შეაწყვეტინა მკაცრად - მსგავს ტკივილს ვეღარ გავუძლებ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ზღვარი. ჩემთვის ეს ზღვარი შენ ხარ, ყოველთვის იყავი. კანდელაკს სისულელეებით ნუ უტენი თავს. თავისი გასჭირვებია ორი ხისთავიანის ატანა მარტივი საქმე არ არის.
- შენთან ჩამიშვა? - წარბი ასწია მაღლა.
- ვათქმევინე, - შეუსწორა.
- ამის სათქმელად მომიყვანე აქ? - თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავს მოავლო თვალი.
- ძველი დროის გახსენება მინდოდა, - გაეცინა - თან ღამით ლამაზი ხედი იშლება ზემოდან. მძინარე თბილისის ყურება ერთი სიამოვნებაა...
- ჰო, ლამაზია, მაგრამ დემონებს სწორედ ღამით სჩვევიათ მთვარის შუქზე გამოსვლა.
- მართლა „ადამსი“ ხარ, ელ. - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ - რომანტიკის არაფერი გაგეგება.
სავანელს ჩაეღიმა. სიტყვა „რომანტიკამ“ ყური მოჭრა. სპეციალურად არ აჰყვა საუბარში. არ უთქვამს, ჩემთვისაც ძვირფასი ხარო. რად უნდოდა თქმა? ისედაც ცხადი არ იყო? თავს არიდებდა ასეთ სიტყვებს იმ დღიდან, როცა სვანმა პირველად აკოცა ტბის პირას.
კიტას რაც არ უნდა ეთქვა, თავის აზრზე მყარად იდგა. სამწუხაროდ მის რეალობას ვერავინ და ვერაფერი შეცვლიდა. მისგან განსხვავებით შუკვანს ჰქონდა შესაძლებლობა ნორმალური ცხოვრება აეწყო და ამის წართმევას არ აპირებდა.
სავანელის ბოლო სხვაგვარი იყო, ეს თავიდანვე იცოდა. მანამდე... დაწყებული საქმე უნდა მიეყვანა ბოლომდე. ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა და დანისლული მზერა მძინარე თბილის მოავლო. გრძელი შავი თმა გრილმა სიომ აუფრიალა...


2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 22:05 წთ, თბილისი.
კედლის საათის რიტმული წიკწიკი, მისაღებ ოთახში გამეფებულ სიწყნარეს არღვევდა. გამოღებულ ფანჯარასთან დაკიდებული თხელი ფარდა კი, ღამის გრილ ნიავს აყოლილი სუსტად ირხეოდა. დრო და დრო ელავდა. მაგიდაზე შემოდებული ლეპტოპის ეკრანიდან ცარიელი ვორდის ფაილი სევდიანად იმზირებოდა. კანდელაკს ყბაზე ხელი შემოედო და დანისლული მზერით მისჩერებოდა მოციმციმე კონსოლს. ლეპტოპის გვერდით მოზრდილ ჭიქაში ყავა ხელუხლებლად ცივდებოდა.
გონებაგაფანტულს წარმოდგენა არ ჰქონდა რა დაეწერა. ბოლო ორი საათის განმავლობაში წინადადებები ისევე სწრაფად იშლებოდნენ, როგორც იწერებოდნენ. ქერათმიანს ნელ-ნელა გაღიზიანება და სასოწარკვეთა ეპარებოდა. სამი თვის წინ გამომცემლობასთან კონტრაქტი გააფორმა. მეორე წიგნის დასაწერად დრო - ნახევარი წელი მისცეს. მიცემული დროის ნახევარი ისე გაილია ორმოცდაათ გვერდზე მეტი ვერაფერი აკრიფა.
კონცენტრირება საშინლად უჭირდა. რამდენჯერაც სამუშაოდ ლეპტოპს მიუჯდა იმდენჯერ გაიყინა კლავიატურასთან. აკრეფილი ტექსტები კი უაზრო, ხელოვნური და ბავშვური ეჩვენებოდა. შიში იპყრობდა - რომ ვერ მოესწრო? მუზას ყურით ვერ მოათრევდა. ხელოვანის ტვინი სხვანაირად იყო მოწყობილი, წერდი მაშინ, როცა ამბავს სურდა გაგრძელება და არა პირიქით.
თუმცა, გამომცემლობასთან ასე ვერ გაიმართლებდა თავს. მათ სულ არ აინტერესებდათ მწერლის შინაგანი განწყობა. მნიშვნელოვანი იყო „პროდუქტი“ და არა „მწარმოებელი“. წიგნი დათქმულ დროს უნდა ჩაებარებინა, ამის იქით არავინ არაფერს კითხულობდა. წნეხის ქვეშ მყოფი თავს კუთხეში მიმწყვდეული წრუწუნასავით გრძნობდა და როცა სასოწარკვეთა ზენიტს აღწევდა, კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობდა, მაგრამ მერე რით ერჩინა თავი? ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი კალამი იყო, რომელიც ბოლო დროს ჯიუტად ეურჩებოდა.
ნერვებმოშლილმა ხმაურით დახურა ლეპტოპი და სახე ხელებში ჩარგო. თავს დაკარგულად და მარტოსულად გრძნობდა. მუდამ ასე ემართებოდა, როცა მშიერ ფურცლებთან „საუბარს“ ვერ ახერხებდა.
პირველად კალამი მაშინ აიღო ხელში, როცა ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი დაუდგა - ელი და ნიცა უკვალოდ გაუჩინარდნენ. მოგვიანებით შუკვანმაც მიატოვა ქალაქი. გიორგიმ და თორნიკემ ცხოვრება გააგრძელეს, ანა შერვაშიძე კი საერთოდ წავიდა ქვეყნიდან - დიდი სამეგობრო დაიშალა.
მარტო დარჩენილი კანდელაკი საკუთარ თავში ჩაიკეტა. დეპრესიაში მყოფი ღამეებს ტირილში ათენებდა. მომხდარზე მშობლებთან საუბარი არ სურდა. თორნიკესაც კი გაურბოდა. ბოლო რამდენიმე თვე იყო ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ და მეგობრებს თავიანთ ამბავს უმალავდნენ. კანდელაკს გოგონების რცხვენოდა და ბიჭს დუმილს აიძულებდა. მერე კი აღარავინ დარჩა, ვის წინაშეც თავს უხერხულად იგრძნობდა.
ძირითადად თავის ოთახში იჯდა და გაუთავებლად რაღაცას წერდა ნიცას ვარდისფერ დღიურში, რომელსაც ასე ვერ იტანდა სავანელი. მუდამ ცხვირს იბზუებდა უკმაყოფილოდ - მომაშეორე ეგ იდიოტური წიგნაკიო, თავად კი „კრავთა დუმილის“ მიღმა უჩინარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზეპირად იცოდა მთელი წიგნი. მათი შემყურე შერვაშიძე კი გულიანად იცინოდა. როგორი იდიოტები იყვნენ ყველანი.
როცა მოგონებებისგან მოგვრილი ტკივილი აუტანელი ხდებოდა, დათრგუნულს ემოციები ფურცელზე გადმოჰქონდა. მისი კალმის მელნად სინანული და მონატრება ქცეულიყო. დაუღალავად წერდა, სანამ მზე არ ამოიწვერებოდა ჰორიზონტზე.
ერთ დღესაც როცა გულმა აღარ მოუთმინა, გურანდას მიადგა სახლში. აცრემლებული გადაეხვია მეგობრის დედას, რომელსაც ფიზიკურად გამოჯანმრთელება მოესწრო, მაგრამ თვალებში სიცოცხლის სხივი ჩაკვდომოდა. შვილის გაუჩინარების შემდეგ, ქალი თავის თავს აღარ ჰგავდა. ყოველი კარის დაკაკუნებაზე გული მომლოდინედ უფრთხიალებდა, რომ ვინმე მოვიდოდა და მისი გოგონას ამბავს გააგებინებდა. აუტანელი იყო დედის ყურება, თუ როგორ უქრებოდა თვალებში იმედის სხივი ყოველ ჯერზე.
ბინაში შესულმა მორიდებით ითხოვა - თუ შეიძლება ელის ოთახში შევალო. გურანდამ უფლება მისცა. კანდელაკმა კარი რომ შეაღო და საძინებელს თვალი მოავლო - ცრემლად დაიღვარა. ოთახი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სამი თვე კი არა სამი საათი გასულიყო, როცა სავანელმა უკანასკნელად გაიხურა კარი.
აკანკალებული თითებით შეეხო საწერ მაგიდას, გონებაში მაშინვე მოგონებები აეშალა - ნიცა გამუდმებით წუწუნებდა, ერთად ვიკრიბებით და გართობის ნაცვლად ნერდებივით წიგნებს ვუზივართო. სავანელი კი თან იღეჭებოდა, თან ბებიის გაკეთებულ ტყლაპს ურტყამდა ხელზე მეგობარს - ტელეფონს მიკარებული არ გნახო, ოთახიდან გისვრიო. შერვაშიძე კი კანდელაკთან ერთად, მეგობრებზე გულიანად იცინოდა.
გოგონების კისკისი ექოდ იქცა და ცივ კედლებს შეალღვა უკვალოდ, ისე თითქოს ყოველთვის მისი ნაწილი ყოფილიყო და არა ახლო წარსული, რომელიც აღარასდროს დაბრუნდებოდა უკან. წამწამებს ცრემლი მოსწყდათ და მაგიდის ზედაპირს დაეცა ეულად - გოგოლაძე სამეგობროს მზე იყო, სავანელი კი მთვარე. ისე რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ლიზას უკვირდა კიდეც რომ დამეგობრება შეძლეს.
დამთრგუნველი იყო იმის გააზრება, რომ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაეცნო, ვერავისთან თავს ისე თავისუფლად, ლაღად და ბედნიერად ვერ იგრძნობდა როგორც ბავშვობის მეგობრებთან. სტკიოდა მათი გაუჩინარება, სტკიოდა აწმყო, რომელიც წარსულის ექოდ ქცეულიყო.
ელის ხის სკამს ნაზად შეეხო, გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. სულში სიმძიმეს წონა მოემატა. ყელში ბურთი მოაწვა და ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა. დაუფიქრებლად იწყო უჯრების გამოწევა, რომ ხელები რამით დაეკავებინა და უნებლიედ სავანელის ჩანაწერებს მიაგნო, რომელსაც გულმოდგინედ უმალავდა გარეშე თვალს.
ხელი კანკალით გაიწოდა ფურცლებისკენ და მოზრდილი დასტა მაგიდაზე შემოდო. იქვე მდგომი სანათი აანთო და პირველი გვერდი გადაიკითხა. რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო უდგებოდა თმები ყალყზე. ბევრი აღარ უფიქრია, ჩანაწერები სვეტერის ქვეშ დამალა და იქაურობას დამდუღრულივით გაეცალა...
უცებ ძლიერმა ქარმა ფანჯარა მთელი ძალით მიაჯახუნა და თან ფარდა მოიყოლა. კანდელაკი შიშისგან მთელი სხეულით შეკრთა და სწრაფად წამოსწია თავი. ზურგსუკან კარის გაჯახუნების ხმა შემოესმა. მიხვდა, რომ ორპირმა ქარმა დაანარცხა რეალობაში და ავი სული არაფერ შუაში იყო.
უკან მიიხედა. შემოსასვლელში ელი დალანდა და უნებურად გული დაუმძიმდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. სავანელმა ქურთუკი შემოსასვლელში საკიდზე ჩამოკიდა და ოთახში შემოვიდა. კანდელაკის გამომეტყველება, რომ შეამჩნია წარბი შეიკრა.
- რა სახე გაქვს, ლიზიკო? მოხდა რამე?
დაქანცულმა გვერდით ჩაუარა და მოწყვეტით ჩაეზღნერთა სავარძელში. ლიზამ ლეპტოპი დახურა.
- სად იყავი? - იკითხა მექანიკურად.
პასუხს არც მოელოდა. ელი ხშირად აიგნორებდა მსგავსი ხასიათის კითხვებს.
- ჩვენს მშობლიურ ქალაქში... - მიუგო მოღრუბლულმა და სახე მოისრისა.
- ა? - მაშინვე გამოერკვა ქერათმიანი - როდის წახვედი? რა გინდოდა? საიმონის სანახავად, თუ...?
- შუკვანი ჩაგისახლდა? - წაიბუზღუნა კითხვების კორიანტელით შეწუხებულმა - ჰო მართლა, სადაა სვანი?
- წყნეთში. ლილისთან მილენა იყო მისული, თავის ასისტენტთან ერთად. შუკვანი უკან გაყვა.
- მერე? - სავანელს მაშინვე გადაავიწყდა დაღლილობა და წელში გასწორდა.
- მეტი არაფერი ვიცი, მოკლე შეტყობინება მომწერა. სადაცაა დაბრუნდება და მოგვიყვება ყველაფერს. შენ რა გინდოდა იმ წყეულ ქალაქში?
- რეხვაძეს შევუარე. - მიუგო მშვიდად.
- რაო? - ქერას გაოცებისგან ცისფერი თვალები დაუმრგვალდა - დაბრუნდა? როდის? საიდან გაიგე?
- ბოლოს ჩემების სანახავად, რომ ვიყავი წასული შემთხვევით შევასწარი თვალი ქუჩაში. მაშინვე ვიცანი, - უტიფრად იცრუა.
- არ მითხრა დაველაპარაკეო! - წაიჩურჩულა შიშისგან გაფითრებულმა.
- გალოთებულია, ყოველღამე სვამს. სახლში ისეთი გატრეტილი მთვრალი ბრუნდება საკუთარი სახელიც არ ახსოვს ხოლმე. არც მე ვემახსოვრები. სამაგიეროდ ვიზრუნე, რომ კოშმარები არ მოკლებოდა. ესაა და ეს.
- ელ! თუ ღმერთი გწამს! ცეცხლს რატომ ეთამაშები?! შუკვანმა რომ გაიგოს, მოგკლავს.
- სამწუხარო იქნებოდა, მთელი ცხრა წლის წვალება უაზროდ ჩამეყრებოდა წყალში - გემრიელად დაამთქნარა და თვალები მოისრისა.
- არ ხარ ნორმალური! - თავი გააქნია გაშტერებულმა - რა იგულისხმე კოშმარში? რა უქენი? ელ????
- არავინ მომიკლავს, ლიზიკო - მიუგო მშვიდად, როცა მიხვდა რას გულისხმობდა ქერათმიანი - ყოველ შემთხვევაში... ჯერჯერობით.
დაამატა ხმადაბლა და ისევ დაამთქნარა. კანდელაკს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს იმის შიშით, რომ კიდევ რამე საშინელებას მოისმენდა. სავანელი მშვიდ წყალს ჰგავდა, ერთი შეხედვით უსაფრთხო და უვნებელი ჩანდა, თუმცა რეალურად არავინ იცოდა რა იმალებოდა მის სიღრმეში.
ელი მუდამ გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ახსოვდა. გოგონებთან ერთად იცინოდა და ხუმრობდა კიდეც, მაგრამ სულ ეს იყო. გულწრფელად არასოდეს იხსნებოდა. იმდენად მიეჩვივნენ მისი „ასეთად ყოფნის სტილს“, თვალში აღარავის ხვდებოდა მისი „სიჩუმე“. თუმცა, სავანელის მიმართ შიში არასოდეს უგვრძნია... იმ დილამდე, როცა გაიგო რომ მთელი ოჯახი ცეცხლის ალში გახვია!
- ლიზიკო, გაშტერდი...
ელს ყბაზე შემოედო ხელი და დაკვირვებით ათვალიერებდა მეგობარს. ქერამ სწრაფად აახამხამა თვალები და წელში გასწორდა.
- ჩავფიქრდი.
ჩაახველა და მაგიდაზე თვალები დააცეცა, რომ რამეზე გადაეტანა ყურადღება. ელი წამოდგა, კანდელაკს მიუახლოვდა და მის წინ დაეშვა სკამზე. ლიზა ხის ფეხის იატაკზე გახოხების ხმამ მთელი სხეულით შეაკრთო.
- ეი... - სავანელმა ცისფერ სფეროებს გაუსწორა თვალი - შემომხედე, რატომ დაკარგე ფერი?
- არაფერიც!
გაჯიუტდა და ისევ ლეპტოპი გახსნა, თუმცა ახლა წერას მამაზეციერიც ვერ აიძულებდა. ელმა მარჯვენა დაადო მოწყობილობას და ისევ დახურა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. კანდელაკმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- ლიზა, რა ხდება? შენ რა... - სახე მოუთვალიერა - ჩემი გეშინია?
- ნუ სულელობ, ელ!
- ვითომ? მაშინ თვალს რატომ არ მისწორებ?
კანდელაკს ხელები აუკანკალდა და მაგიდის ქვეშ ჩამალა, რომ სავანელს არაფერი შეემჩნია.
- მე...
- გისმენ, ლიზა... - მიუგო მშვიდად.
- მე... შენი ნაწერები წამოვიღე შენი ბინიდან.
მიაყარა სულმოუთქმელად და მობუზულმა თავი ჩახარა. სავანელმა გაკვირვებისგან თვალები აახამხამა.
- რა ნაწერები? - გაიმეორა სულელივით.
- „ჩიხი“... ასე ერქვა ისტორიას.
ჯერ კიდევ დაბნეულმა კეფა მოიქექა. ვერაფრით მიმხვდარიყო რა შუაში იყო მისი ბავშვობის ნაჯღაბნები წამოჭრილ თემასთან, ან ასე რატომ განიცდიდა კანდელაკი.
- ეე... - გაეცინასავით - მერე?
- რა მერე? - ახლა ქერამ ასწია თავი და გაუბედავად შეხედა წინ მჯდომს.
- და რა მერე რომ წაიღე? - უკვე ნერვები ეშლებოდა, რომ სულელურ დიალოგს დასრულება არ ეღირსა.
- მოპარვა არც მიფიქრია, მაგრამ ამაზე ფიქრს ვერაფრით ვწვეტ, - ამოიკნავლა დარცხვენილმა - ისე ზუსტად გადმოსცემდი ამბავს კითხვისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ფურცლებთან ისეთი გულწრფელი იყავი მეტკინა, რომ ჩემთან ასე არასდროს გისაუბრია. ახლა რომ გიყურებ, „ჩიხის“ მთავარ პერსონაჟს მაგონებ და ეს ხანდახან შიშს მგვრის, ელ... მაპატიე, რომ უნებართვოდ ვიქექებოდი შენს ნივთებში. უბრალოდ იმდენად მაკლდი...
- ეი, ეი... გეყოფა, - შეაწყვეტინა წარბშეკრულმა - რაში მადარდებს წლების წინანდელი ნაჯღაბნი, ლიზიკო? სულ შენი იყოს, არაფერში მჭირდება.
- ჩემი საუბრიდან მხოლოდ ეს აზრი გამოიტანე? - მთლად წაუხდა გუნება კანდელაკს.
- ღმერთო ჩემო, რა რთულია გოგონებთან საუბარი...
ამოიოხრა ტვინატკიებულმა და საფეთქელი დაიზილა. ამდენი ილაპარაკა და მაინც ვერ გაიგო, რა უნდოდა ქერათმიანს. კანდელაკს უნებურად გაეცინა.
- ელ, შენც გოგო ხარ...
- შენ გვერდით თავი ცხრათავიანი გველეშაპი მგონია, - წაიბურტყუნა უხალისოდ, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი ასწია - ჩემი ჩანაწერების გარდა, სხვა ხომ არაფერი გინახავს?
- რა უნდა მენახა? - უხერხულად შეიშმუშნა - ოთახი კი არ გამიჩხრეკია!
- მაგალითად, წერილები? - შეაპარა და სახეზე დააკვირდა კანდელაკს.
- რა წერილები? - გულწრფელად გაიკვირვა ქერამ.
სავანელს გულზე მოეშვა. გოგოლაძის სახლიდან წამოღებული წერილები არ გაუნადგურებია მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგოს დაპირდა ნიცას. საწერი მაგიდის უჯრაში ისეთ ადგილას დამალა, სადაც ვერავინ მიაგნებდა, თუ ზუსტად არ იცოდნენ სად უნდა მოეძებნათ.
- ლილის ძველი წერილები მქონდა. პაპაჩემი სწერდა ხოლმე სასიყვარულო ბარათებს. ცოტახნით ვითხოვე, ნაწარმოებისთვის მჭირდებოდა.
დააბრეხვა პირველივე ტყუილი, რაც იმ წამს თავში აზრად მოუვიდა. მერე კი ინანა, თუ რა სისულელე წამოროშა. ლიზას „ჩიხი“ თუ ბოლომდე ჰქონდა წაკითხული შეამჩნევდა, რომ ნაწარმოებში სიყვარულის გარდა ყველაფერი იყო გადმოცემული. თუმცა, საბედნიეროდ კანდელაკს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და დაბნეულმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა. გულზე მოეშვა.
სწორედ ამ დროს მეორედ გაჯახუნდა კარი და ორივემ ჰოლისკენ მიიხედა. სულ მალე მისაღებში შუკვანი გამოჩნდა. გადახოტრილ თავზე წვიმის წვეთები უბრწყინავდნენ. საშინლად მოქანცული ჩანდა. გოგონებს უღიმღამოდ მიესალმა და ძალაგამოცლილი სკამზე დაებერტყა. ფეხები გაჩაჩხა და კისერი უკან გადაკინწა.
- გარეთ ისე ასხავს, თვალები დამეთხარა სანამ სახლამდე მოვაღწიე. ზებრაზე კინაღამ ერთი ტიპი გადავთელე, უკანალში აქვთ თვალები ამ ჩემისებს! - წაიღრინა გაჯავრებულმა და სველ სახეზე ხელი ჩამოისვა.
- ლილისთან იყავი? ლიზამ მითხრა, - ელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ერთი სული ჰქონდა მოესმინა რა მოხდა წყნეთში.
- ჰო, - დაუდასტურა უღიმღამოდ და წელში გასწორდა - როგორც ვივარაუდეთ, სარანგიძემ მიაკითხა, თავის ასისტენტთან ერთად. ისე გამიკვრიდა, სწრაფად მოძებნა. გამორიცხულია დამოუკიდებლად მიეგნო, ალბათ პოლიციაში ნაცნობები შემორჩა.
- მოყევი, რა მოხდა?
სავანელი და კანდელაკი სმენად იქცნენ. შუკვანმა თბილი ზედა გადაიძრო და სავარძლისკენ ისროლა. თხელი მაისური შეისწორა, ხელის გული შუბლზე გადაისვა და მოყოლა დაიწყო:
- სარანგიძეს გამოველაპარაკე, ვუთხარი - შეხვედრა მინდა სალაპარაკო მაქვს-მეთქი. უარით გამომისტუმრა, სადღაც მიიჩქაროდა „პოტერასთან“ ერთად. დავეჭვდი და უკან გავყევი. შევამჩნიე, რომ წყნეთისკენ გადაუხვიეს და მაშინვე ბებიაშენს დავურეკე. გავაფრთხილე - ჟურნალისტები მოგაკითხავენ და კითხვებს დაგისვამენ, არ აღელდე-თქო. გამომლანძღა, ვციტირებ - „ამჯერად რა მძღნერში ჩაკარი ფეხი, იდიოტოო?“ - შუკვანს გაეცინა - ლილის სახლამდე, რომ მივაღწიე მანქანა მოშორებით დავაყენე და შიგნით საძინებლის ფანჯრიდან შევიპარე, რომ მომესმინა რაზე ლაპარაკობდნენ. ჟურნალისტმა ბებიაშენს დღიური აჩვენა.
- მერე? - დაიძაბა სავანელი. ლიზასაც ზამბარასავით დაეჭიმა სხეული.
- ლილიმ თვალი რომ გადაავლო დღიურს, ეგრევე მიხვდა, რომ შენი ნაწერი არ იყო, მაგრამ მათთან არაფერი შეიმჩნია. წიგნაკში ნახსენებ მკვლელობებზე გამოკითხეს და ბოლოს შენი ოჯახითაც დაინტერესდნენ. მილენამ ბებიაშენისგან გაიგო, რომ წლების წინ გაუჩინარდი. კითხვები დააყარეს, როდის და რა მიზეზით. ლიზიკო, შენც გახსენეს, ამიტომ არ გაგიკვირდეს, შენთანაც თუ მოვლენ ინტერვიუს ასაღებად.
- ა? - კანდელაკს ლამის თვალები გადმოუცვივდა, შუკვანი ახითხითდა.
- ლილიმ უთხრა, რომ გაუჩინარების დღეს ელი შენთან წამოვიდა, ეს იყო და ეს - დაამშვიდა აღელვებული - მაგრამ, ბებიაშენი ცუდად ეხუმრა.
სავანელს გახალისებულმა გადახედა. ელს წარბები მაღლა გაექცა.
- რა უთხრა?
- საკუთარ თავს ელი უწოდაო? - ისევ ახითხითდა შუკვანი - მოგვიანებით ვკითხე რამ გათქმევინა-მეთქი და შემიღრინა - წავიდნენ და თავი ახალონ ერთმანეთს რა ვიგულისხმეო. ბებიაშენი კი ბერდება, მაგრამ ხასიათი არ ეცვლება. ისე გვარიანად კი გამომლანძღა, როცა ვუთხარი დღიური ჩემი გაგზავნილია-თქო. ლამის ცოცხი გადამარტყა ბეჭებზე - რას იმურწებიო?! აზრზე არ ვარ რას ნიშნავს ეგ სიტყვა...
შუკვანმა დაბნეულმა აახამხამა თვალები. ელს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. წლები გასულიყო და „მაფია ბოსი“ მაინც არ შეცვლილა. უეცრად ძალიან მოენატრა მოხუცი. რამდენჯერმე შორიდან თვალი მოკრა ლილის, როცა თავისიანების სანახავად იყო წასული ქალაქში. ყოველთვის მოშორებით იდგა და ხეების ჩრდილიდან უთვალთვალებდა ხოლმე მონატრებულ ოჯახის წევრებს.
- მაგრამ რაღაც უცნაური მომხვდა ყურში. - ფიქრებიდან კიტას ხმამ გამოარკვია.
- მაინც?
- „პოტერამ“ ჰკითხა, როგორ ფიქრობთ შვილიშვილის გაუჩინარება, თქვენი დის ისტორიასთან ხომ არ არის კავშირშიო.
ელმა ყურები ცქვიტა და შუკვანს ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს მათ თვალწინ მეორე თავი წამოზრდოდა. რამდენიმე დღის წინ მის ნათქვამს ყურადღებასაც არ მიაქცევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჭკადუასგან მოისმინა - დაიძაბა. როცა კანდელაკს ნინას ისტორიას აწერინებდა დღიურში, სულ სხვა მიზანი ჰქონდა. უნდოდა სომეხისთვის კუდზე დაებიჯებინა ფეხი, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამბავს სულ სხვა წარსული ჰქონია. ახლა კი საკითხავი ის იყო, თუ რატომ დაუკავშირა ასისტენტმა ელის გაუჩინარება ნინას ისტორიას?
- საიდან ასეთი კითხვა? - წაიჩურჩულა დაძაბულმა.
- წარმოდგენა არ მაქვს. ლილიმ უთხრა - თავის დროზე ჩემი დის ისტორიის გამხელა არ შემეძლო, მეშინოდა რომ ოჯახს ამომიხოცავდნენო. შეიძლება ამიტომ ჰკითხა, მაგრამ მაინც...
თავი ოდნავ გადახარა გვერდით და თვალები ეჭვით მოეწკურა. ისეთი სახე მიიღო, თითქოს შესაფერის სიტყვას ეძებსო.
- როგორ გითხრა... კითხვა არ იყო ზედაპირულად დასმული. გამიზნულად იყო მიმართული, სრული თავდაჯერებით, თითქოს აინტერესებდა ბებიაშენმა რამდენი იცოდა. ის კი არა, რას ფიქრობდა... არამედ რამდენი იცოდა! ეგაა - თითები გაატკაცუნა და ელს საჩვენებელი თითი მიუშვირა - ამის თქმა მინდოდა.
- ეეე... - ლიზამ თვალები ააფახურა - სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე.
ელი ხმას არ იღებდა. ფიქრებში წასული გაუცნობიერებლად ისრესდა ნიკაპს. შუკვანის სიტყვებმა საგონებელში ჩააგდეს. ვინ იყო ასისტენტი და რატომ სვამდა ასეთ უცნაურ კითხვებს?
- ლიზიკო, სიმართლე გითხრა ბევრი მეც არ მესმის, - გაამხნევა შუკვანმა - მაგრამ ინსტიქტი რაღაცას მკარნახობს და ჯერ ვერ ვხვდები რას.
- რა ჰქვია მილენას ასისტენტს? - იკითხა ელმა.
- სეგი, სეგი დევდარიანი.
სავანელმა მაგიდაზე ფიქრიანად ააკაკუნა საჩვენებელი თითი...


******
2020 წელი, კრიმინალური პოლიციის განყოფილება, 21:30 წთ, თბილისი.
შუკვანი უფროსისთვის გამზადებული ანგარიშის წერას ასრულებდა. ყველაზე მეტად „ქაღალდის საქმეს“ ვერ იტანდა. ეჯავრებოდა საათობით კომპიუტერთან ჯდომა და დღის რაპორტის ზედმიწევნით შევსება. მაჯის საათს რომ დახედა ათის ნახევარი ხდებოდა. კმაყოფილმა ვორდის ფაილში ბოლო წერტილი დასვა და სკამზე გადაწვა. მოსაბეზრებელი ანგარიშის წერას თუ არ ჩავთვლიდით, მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა.
ერთი საათის უკან მილენა სარანგიძეს დაურეკა და აცნობა - ხვალ, საღამოს ხუთი საათისთვის განყოფილებაში გელოდები, პაემანზე არ დააგვიანოო და ისე მიუთიშა ტელეფონი სიტყვის თქმაც არ აცალა. ნერვებს უშლიდა ცხვირაბზიკა ჟურნალისტი. რაც არ უნდა ეთქვა ლიზას, სარანგიძე მაინც ეჭვმიტანილად რჩებოდა მის თვალში, ამიტომ გადაწყვიტა პირადად მისწოლოდა და ქალის რეაქცია შეემოწმებინა, მერე გადაწყვეტდა რა მოეხერხებინა მისთვის.
წამოდგა და ქურთუკი მხრებზე შემოიცვა. ანგარიში უფროსის მეილზე გადააგზავნა და კომპიუტერი გამორთო. სახლში წასვლას აპირებდა, როცა დერეფანში ავალიანს მოკრა თვალი და განწყობა წამში წაუხდა. დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუთამაშდა. ჯიქურ გაალაჯა თანამშრომლისკენ და გვერდით ჩავლისას სპეციალურად გაჰკრა მხარი. მოსე წაბორძიკდა და ფურცლებით გაძეძგილი საქმის პაპკა ხელიდან გაუვარდა. საქმის მასალები და ფოტოსურათები დერეფანში მიმოიფანტა.
- წინ იყურე!
წაიბურტყუნა ავალიანმა და მაშინვე ფურცლების შესაგროვებლად დაიხარა. საქმის მასალებს სწრაფად ტენიდა ფოლდერში. შუკვანმა რაღაცას მოჰკრა თვალი და წარბშეკრულმა ფეხი იქამდე დააბიჯა ქაღალდს, სანამ ავალიანი აღებას მოასწრებდა.
- შარი გინდა, ბიჭო?!
შეუყვირა მოთმინებადაკარგულმა და ხელი ჰკრა, რომ თავიდან მოეშორებინა, მაგრამ შუკვანმა ფურცლისთვის ხელის წავლება მაინც მოასწრო, წელში გასწორდა და სწრაფად შეუდგა კითხვას. მოსე მაშინვე ზვავივით დაეტაკა.
- მომეცი!
შეუღრინა გაცოფებულმა და ისე ძლიერად გამოგიჯა ქაღალდი უნებურად შუაზე გადახია. თუმცა, შუკვანს უკვე მოესწრო შიგთავსის გაცნობა და მკვლელის გამომეტყველებით მისჩერებოდა მოწინააღმდეგეს.
- ეს რა ჯანდაბაა? - წაიჩურჩულა ავად და ფურცლის ნახევარი ცხვირთან აუფრიალა.
- ნუ ეტენები იქ, სადაც არავინ გეკითხება!
მიუგდო ღვარძლიანად და გაუბედურებული დოკუმენტი აგრესიულად წაგლიჯა ხელიდან.
- გეკითხები და პასუხი გამეცი! - ჩურჩულზე გადავიდა. სახეზე სისხლი მოსწოლოდა. ცოტაც და იფეთქებდა.
- სულ ისე როგორი ხდება ხოლმე, რომ არასდროს არაფრის კურსში არ ხარ, შუკვანო, ა?
მიუგდო დამცინავად. სვანს ნერვებმა უმტყუნეს, მარჯვენა მოიქნია და მთელი ძალით ხეთქა ყბაში. ძლივს წამოკრეფილი ფურცლები ისევ ჰაერში აფრინდნენ. ავალიანი კი იატაკზე გაიშალა. თანამშრომლებმა ხმაურის გამომწვევებს მოხედეს. სანამ ვინმე რეაგირებას მოასწრებდა, მოსე ფეხზე წამოფრინდა და ავი ძაღლივით შუკვანს ეძგერა.
ძიძგილაობა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. განყოფილებაში შემორჩენილი თანამშრომლები მაშინვე ჩაერივნენ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაფრენილი მოწინააღმდეგეები ძლივს დაწიწკნეს ერთმანეთს. ალიაქოთზე განყოფილების ხელმძღვანელი გამოვარდა კაბინეტიდან. იმ დღეს გვიანობამდე შემორჩენილიყო სამსახურში. უკვე შინ წასვლას აპირებდა, როცა ხმაური შემოესმა.
- რა ჯანდაბა ხდება, აქ? - იღრიალა თაბაგარმა - თავი სკოლაში ხომ არ გგონიათ? ახლავე ჩემს კაბინეტში, ორივე!
შუკვანმა ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელის გულით შეიწმინდა და პირველი მიჰყვა უფროსს. ავალიანი დაიხარა, ფურცლები სწრაფად წამოკრიფა და მხოლოდ მერე აედევნა უკან. თან შიგნიდან გახეთქილ ტუჩს ენის წვერით ისინჯავდა. ისე იყო გაცოფებული თაბაგარი რომ არა, შუკვანს ნაკუწებად აქცევდა.
ხელმძღვანელმა ორივე შეატარა კაბინეტში და კარი ბრაზით მიაჯახუნა. წყვილს მშიერი მგელივით შემოუარა და გულხელდაკრეფილი ახსნა-განმარტების მოსმენის მოლოდინში ბიჭების წინ გაიჯგიმა. თუმცა, არცერთი არ აპირებდა ხმის ამოღებას. დირექტორის კაბინეტში ატუზული მეშვიდეკლასელებივით ერთმანეთს თვალს არიდებდნენ და განზე იყურებოდნენ. თაბაგარს ნერვებმა უმტყუნეს და ისე დასჭექა, მოულოდნელობისგან ორივე შეხტა.
- რას დაყუდებულხართ? ახსნა-განმარტებას ველი, რა თავპირისმტვრევა გამიმართეთ განყოფილებაში?
- არ გვიჩხუბია, - წაიბურტყუნა მოსემ.
- რას მელაპარაკები, ავალიანო? - თვალები დაქაჩა უფროსმა და ირონიულად გაუღიმა - სახე-სიფათი კოცნისას შეგილამაზდა?
- ჩემი ბრალია, ხელმძღვანელო, - ჩაერია შუკვანი - გვერდით ჩავლისას შემთხვევით გამოვედე და ორივე წავბორძიკდით. ხელი არცერთს არ დაგვირტყამს.
- მა’სირებთ ამხელა კაცს, თუ როგორაა თქვენი საქმე?
იყვირა გაცოფებულმა და დორბლები ახლოს მდგომ ავალიანს შეაფრქვია სახეში. შუკვანმა შეამჩნია და კინაღამ გაეცინა. თავი ჩახარა, რომ თავი შეეკავებინა.
- მართლა არაფერი მომხდარა, - მიუგო დინჯად ავალიანმა - ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის. მეორედ აღარ განმეორდება.
- ჰო, მგონია! - ამოიჩხავლა გაღიზიანებულმა, ხმა ჩაუწყდა და ხველა აუტყდა - ჯანდაბა თქვენ თავს. ყელი მტკივა კიდე ეს მინდოდა?
ამოთქვა ძლივს და ისტერიული ხველა აუტყდა. შუკვანმა და ავალიანმა ერთმანეთს გადახედეს. სახეზე ორივეს დაბნეულობა ეწერა. კიტამ ხელიც კი გაიწოდა უფროსისთვის ბეჭებზე წაეტყაპუნებინა, მაგრამ თაბაგარმა უხეშად აუკრა.
- ხელები მომაშორე, ლაწირაკო! - კიდევ ერთხელ ჩაახველა და წელში გასწორდა - თქვენი ერთად მუშაობა არ იქნება, გამორიცხულია. მოსე, მკვლელობის საქმეს შუკვანს გადააბარებ. რახან იმდენი დრო აქვს, რომ მუშტები უპრაგონოდ იქნიოს, დამოუკიდებლად გაუძღვება გამოძიებას!
- კი, მაგრამ... - ავალიანს აღშფოთებით გაუფართოვდა თვალები.
- მითქვამს! - დაუცაცხანა თანამშრომლებს და შეკრული მუშტი მაგიდას დასცხო - შენ ბალახაძის საქმეს მიხედავ, სამი კვირაა ბარბაქაძე ქუჩა-ქუჩა დაწანწალებს და ჯერ გამოძიებას ვერაფერი შემატა.
- არ შეიძლება, რომ შუკვან...
- უფროსი ხარ, ავალიანო?! - წარბი შეეკრა თაბაგარს.
- რას ბრძანებთ...
- ხოდა უფროსი რომ იქნები, შენს ჭკუაზე მერე იტრიალე! - ისევ ჩაახველა - ახლა გააკეთებ იმას რასაც მე გეუბნები. საქმეს მიხედეთ და თვალში არ შემეჩხიროთ. მეორედ აღარ ვიკითხავ ვინ ვის წამოედო და უსიტყვოდ გაგაპანღურებთ განყოფილებიდან! თავიდან მომწყდით.
ორივე უხმოდ გაიძურწა კაბინეტიდან. შუკვანს ცხვირი კი აწუხებდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო სიტუაციის ამგვარი განვითარებით - ავალიანი საქმეს ჩამოაშორეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფეხებში აღარ ებლანდებოდა. იმ საღამოსთვის უკეთესს ვერც ინატრებდა. მოსე პირში გესლს ღეჭავდა, მაგრამ კიტასთვის სიტყვის თქმა ვეღარ გაბედა, ზედმეტად ბევრი მოწმე იყო - მომხდარის შემდეგ ყველა მათ მიშტერებოდა ცნობისმოყვარედ.
გაცოფებული ფაილებით ხელში თავის სამუშაო კუთხეს მიუახლოვდა და მთელი დასტა ხმაურით დაანარცხა მაგიდას. ოთახში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი მოულოდნელობისგან მთელი სხეულით შეკრთა. კბილებდაკრეჭილმა დოკუმენტები მაგიდის უჯრაში ჩაკეტა და იქაურობას სწრაფად გაეცალა. შუკვანმა ერთხანს შეიცადა და უკან მიჰყვა.
გარეთ გამოსულმა სვანი ვერსად დალანდა, სამაგიეროდ სარანგიძის მანქანა შეამჩნია და გაკვირვებულს თვალები ეჭვით მოეწკურა. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ და დაინახა, რომ ჟურნალისტი მანქანაში ავალიანთან ერთად იჯდა. გაეცინა. თავის მანქანას მიაშურა, საჭეს მიუჯდა და სიგარეტს გაუკიდა.
მანქანაში მსხდომთ შორიდან ადევნებდა თვალს - მილენა წარბშეკრული უსმენდა გაცოფებულ ავალიანს, რომელიც შიგადაშიგ ხელებს იქნევდა. თავი ვერ შეიკავა და ისევ გაეცინა. საინტერესოა, ნეტავ რა აკავშირებს ამ ორსო? - გაიფიქრა დაინტერესებულმა და იქამდე არ დაუტოვებია პარკინგი, სანამ პირველი მილენა არ გაეცალა განყოფილებას.
მხოლოდ შემდეგ დაქოქა აუდი და სახლისკენ აიღო გეზი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ფიქრებით განყოფილებაში მომხდარს დაუბრუნდა. სახე ავდრის მომასწავებელი ცის მსგავსად მოექუფრა. ეჭვები შიგნიდან ჭამდნენ. ნერვიულად კბენდა ქვედა ტუჩს და საჭეს საჭიროზე მეტად უჭერდა თითებს.
შინ დაბრუნებულს, ელი სამუშაო დაფასთან ატუზული დახვდა. თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა და დაფაზე ახალ ჩანაწერებს აკეთებდა. ლიზა არსად ჩანდა. გადახოტრილ თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი და ტუჩები მოილოკა. ქურთუკი გაიხადა, სავარძელზე მიაგდო და წარბშეკრული გოგონას მიუახლოვდა.
- ელ...
- მმ?
სავანელს ზედ არ შეუხედავს ისე გამოეხმაურა. ნახშირივით შავი თვალები დაფაზე წაწერილ ფაქტებს შორის კავშირს ეძებდნენ.
- ვინმე ელისაბედ უშხვანს ხომ არ იცნობ? - იკითხა ცივად.
ყბაზე კუნთი სახიფათოდ უთამაშებდა. დაძაბული პასუხის მოლოდინში გაისუსა. სავანელმა ბუტბუტი შეწყვიტა და აუჩქარებლად მოხედა შუკვანს...


******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, იგივე დღე, 22:05 წთ, თბილისი.
- ვისო? - იკითხა სავანელმა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა.
- ელისაბედ უშხვანს, - გაიმეორა ყინულივით ცივი ხმით - მარტივი კითხვა დაგისვი. იცნობ, თუ არა?
სავანელს წარბები მაღლა გაექცა.
- და უნდა ვიცნობდე? - ჩაეკითხა დაინტერესებული.
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ! - გაღიზიანდა სვანი.
- წარმოდგენა არ მაქვს რას მეკითხები, კიტა - მიუგო მშვიდად - ვინმე ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა სიაში და არაფერი ვიცი?
დაფაზე გადაიტანა ყურადღება და ისე მოათვალიერა, თითქოს იქ ეძებდა კითხვაზე პასუხს. შუკვანს თავდაჯერება გაუქრა. შეყოყმანდა. ელს იცნობდა. შეუძლებელი იყო ასეთი მსახიობი ყოფილიყო. ემოციების დამალვა ნამდვილად ეხერხებოდა, მაგრამ თვით „ადამსსაც“ კი არ შეეძლო ასე ოსტატურად შენიღბვა. დაბნეულმა კეფა მოიქექა.
- კიტა? - მზერა ისევ მეგობარზე გადაიტანა - შეიძლება გავიგო საიდან გაგიჩნდა ეს კითხვა? და რატომ მიჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს თავს მესხმი?
- ნუ აჭარბებ... - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და ეჭვით მოავლო თვალი გოგონას სახეს. სულ ტყუილად, ვერაფრის ამოკითხვა ვერ შეძლო - მგონი პარანოია მეწყება.
- ვხედავ. მეტყვი რა მოხდა?
- ავალიანს ხელში დოკუმენტები ეკავა. ერთ-ერთი ფურცელი ვინმე ელისაბედ უშხვანის ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერის ცნობას ადასტურებდა.
მიუგო უხალისოდ. არ უხსენებია, რომ შეკამათება მოუვიდათ და ერთმანეთს გემრიელად შემოულაწუნეს. სავანელმა გაკვირვებისგან აახამხამა წამწამები.
- ავალიანს ეკავა... - დაიწყო, მაგრამ გამეორება ვერ შეძლო - ა?
- ნუ... გითხარი.
- და საიდან მოგივიდა თავში აზრად, რომ შეიძლება ვიცნობდე? იმიტომ რომ ფსიქიატრიულიდან გამოწერეს? ამაზე მიმანიშნებ?
ნახშირივით შავი თვალები უემოციოდ უყურებდნენ. მათში ვერც ბრაზი ამოიკითხა და ვერც წყენა. სახეზე საერთოდ არაფერი ეკითხებოდა, თითქოს ნიღაბი აეფარებინოს - არცერთი მიმიკა არ შერხევია. შუკვანმა თავი უხერხულად იგრძნო და შეიშმუშნა.
- ეი... ნუ ეგ არ მიგულისხმია. - ხმა შეურბილდა.
- აბა, რა იგულისხმე, კიტა? - ჩაეძია. ისევ სიცივე და სიცარიელე იყურებოდა შავი სფეროებიდან.
- ელისაბედი ძალიან ჰგავს შენს სახელს.
წაიბურტყუნა, მაგრამ მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა.
- მაყვალა კი, შენსას, - მიუგო ყოველგვარი ირონიის გარეშე - არავითარ ელისაბედს არ ვიცნობ, კიტა. და არა, არ მწყინს, რომ ფსიქიატრიულთან მაშინვე მე დამაკავშირე. თავად გითხარი, ჩემი პრობლემის შესახებ...
- ელ...
- ყველაფერი რიგზეა, კიტა.
მიუგო უემოციოდ და წარბშეკრული ისევ დაფას მიუბრუნდა. მარკერი მოიმარჯვა და დაფაზე რაღაც წაჯღაბნა. არც ხელი უცახცახებდა, არც ხმა ურთოდა, არც მიმიკა შეცვლია, მხოლოდ გული უცემდა ისე ძლიერად, რომ მზად იყო ნეკნები გამოენგრია. შუკვანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ძალისხმევის ფასად უჯდებოდა სიმშვიდის შენარჩუნება. პანიკური შიში მთელს ორგანიზმში დაუძრწოდა და ყველა ორგანოს ტკივილამდე უწვავდა.
საიდან გაიგო ავალიანმა, მისი ფსიქიატრიულში ყოფნის შესახებ? ნუთუ, მართლა იცოდა, რომ ცოცხალი იყო? მაგრამ როგორ? რანაირად? აქამდე სწამდა, რომ სიკვდილს მონარქმა გადაარჩინა. ნუთუ, კიტა მთელი ეს დრო მართალი იყო? მონარქის ნიღაბი მართლა ავალიანს ფარავდა? ასე როგორ შეცდა? და თუ ის არ იყო სერიოლი მკვლელი, რომელსაც წლები იყო დაეძებდა, მაშინ რანაირად მიაგნო ფსიქიატრიულში? სევერინმა უთხრა, რომ მისი იქ ყოფნის შესახებ არავინ იცოდა. ფსიქიატრი არ მოატყუებდა. გამორიცხული იყო!
შიგნიდან უხმოდ ყვიროდა და საკუთარ სხეულს ენარცხებოდა დამფრთხალი. რცხვენოდა... საშინლად რცხვენოდა შუკვანის წინაშე ეღიარებინა სად ამოაყუდეს მთელი ექვსი წელი. ვერავითარი ძალა ვერ აიძულებდა მოეყოლა რა გადაიტანა ფსიქიატრიულში და რას ებრძოდა ყოველდღიურად. თუნდაც მოეკლათ, არ შეეძლო ამაზე საუბარი და მორჩა.
უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რომ სვანის წინაშე უგრძნობი დარჩენილიყო. იმდენად კონცენტრირდა თავის მოთოკვაზე, რომ შუკვანის ძახილი ვერ გაიგო, სანამ სვანი მაჯაზე არ შეეხო. გამოფხიზლდა და თვალები აახამხამა.
- ელ... მისმენ? - სახეზე თბილი ხელის გული მიადო და თავისკენ შეაბრუნა - გაწყენინე, ხომ ასეა?
- მაწყენინე? - დაიბნა. მისი ფიქრები სულ სხვა ტალღაზე ღრიალებდნენ.
- მაპატიე, - მიუგო ხმადაბლა და მისკენ ისე ახლოს დაიხარა, კიტას სუნთქვას ტუჩებზე გრძნობდა - მაპატიე, თუ გაწყენინე. იდიოტივით მოვიქეცი. ხანდახან ჩემი პროფესია მუხრუჭის არსებობას მავიწყებს. ძაღლის დეფექტია ასეთი.
გრძნობამორეულმა ლოყაზე ნაზად გადაუსვა თითები. ზურმუხტისფერი სფეროები სევდიანად და იმავდროულად მხურვალედ იმზირებოდნენ. სავანელს მთლად აებნა თავგზა. სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, შუკვანის ბაგეები მისას შეერწყა. ძლიერი მარჯვენა თმაში შეუცურა და მკერდზე მიიკრა. ეს კოცნა არ ჰგავდა პირვანდელს, სინაზისა და სითბოს ნაცვლად, სვანის ბაგეები ტკივილითა და მონატრებით ეალერსებოდნენ. ისე კოცნიდა, თითქოს ამბორით სურდა მის გულზე გაჩენილი თითოეული იარების შეხორცება.
უცნაური, ჩახლართული და „უსახელო“ იყო მათი ურთიერთობა. არც მეგობრები ეთქმოდათ და არც წყვილი. მზად იყვნენ ერთმანეთისთვის სიცოცხლე დაეთმოთ, მაგრამ ორივე ფეხს ითრევდა ნაბიჯის იმაზე წინ გადასადგმელად, ვიდრე ეს მრავალწლიანმა ურთიერთობამ შემოუსაზღვრათ.
ორივეს თავისი მიზეზი ჰქონდა. გაუგებარი, თუ დღესავით ნათელი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა: ყოველ ჯერზე, როცა ემოციურად წონასწორობას კარგავდნენ გული გონიერებას აჩუმებდა და თავისი წესებით მიიწევდა წინ, ყველასა და ყველაფრის უკითხავად. შუკვანი სავანელის ბაგეებს ნელა მოსწყდა და შუბლი შულბზე მიადო.
- არ მჭირდება უკეთესი, - წაიჩურჩულა მხოლოდ მის გასაგონად - არ მჭირდება ნათელი და ნორმალური მომავალი. ჩემი სულის ფერი მჭირდება, ადამიანი ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის.
ბოლო ბგერები ჩურჩულით აულოკა ბაგეებზე, ბოლოჯერ ნაზად მიეფერა თითებით სახეზე და გაეცალა. თავის ოთახში შევიდა და კარი უხმაუროდ მიიხურა. სავანელი ერთ ადგილზე გაქვავებულიყო. მისი „ნიღბისგან“ კი აღარაფერი დარჩენილიყო. თვალებაწყლიანებულს დამუშტული ხელები საშინლად უკანაკალებდა...


*******
2020 წელი, ირაკლი შუკვნის ბინა, 06:15 წთ, თბილისი.
ირაკლი შუკვანი გაბრუჟებული სახით იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და ჩაის მიირთმევდა. მთელი ღამის უძინარი ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ისე შიოდა აწრიალებულმა მუცელმა მოსვენების საშუალება არ მისცა. ძირითადად ბინიდან გასულს, დრო არ ჰქონია საკუჭანაო პროდუქტებით მოემარაგებინა. შედეგად სახლშიც საჭმელი არაფერი ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ ჩაის დასჯერდა.
ცხელ სასმელს სულს უბერავდა და აუჩქარებლად წრუპავდა. ცხელმა სითხემ ისე მოადუნა, ლამის მაგიდასთან ჩამოეძინა, მაგრამ კარზე ზარმა ისეთ ხმაზე იყვირა შეშინებულმა მდუღარე სითხე ლამის ზედ გადაისხა. ჩუმი გინებით წამოდგა ფეხზე, თან გულმკერდზე ჩამოწუწულ ჩაის წვეთებს ხელით იფერთხავდა. დიდებულია თეთრი ზედაც ჩაულაქავდა! კარისკენ გააბოტა, თან გულში იმუქრებოდა თუ კიდევ რომელიმე გადამყიდველი მომადგა თავისი იაფფასიანი პროდუქტის გასასაღებლად - კინწისკვრით ვისვრიო! რამდენიმე დღის წინ სწორედ ასე დაუფრთხეს ანგელოზები, მაგრამ მაშინ მოთინება ეყო და კარი საერთოდ არ გაუღია. ამჯერად კი ისე იყო გაბრაზებული ლაზათიანი პანღურის ამოსაკვრელად მიიჩქაროდა.
თუმცა, მოლოდინი არ გაუმართლდა, სამზერეში რომ გაიჭყიტა და დილანდელი სტუმარი შეათვალიერა, ბურტყუნი შეწყვიტა. დაბღვერილმა საკეტი გადაატრიალა და კარი გამოაღო.
- არც დღე გძინავს და არც ღამე, თუ როგორაა შენი საქმე?
შეაგება ტკბილი „დილამშვიდობის“ სავანელს და ზურგსუკან კარი მიხურა. ელმა ირონიულ კომენტარს წაუყრუა, სამზარეულოსკენ გაემართა და თან ცელოფნით ხელში საშინლად მადისამღვრძრელი სუნი გაიყოლა. შუკვანს შიმშლისგან მუცელი აუბუყბუყდა, მაგრამ სავანელს თვალი რომ გააყოლა შეამჩნია, რომ გოგონა უცნაურად მოძრაობდა. წამში დაავიწყდა შიმშილი და გოგონას უკან მიჰყვა.
- გტკივა რამე? - ეჭვით შეათვალიერა ახალმოსული.
- არაფერია გამივლის, - მიაგება უემოციოდ და ცელოფნიდან ცხელ-ცხელი ხაჭაპური ამოიღო - მომშივდა და საჭმელი ვიყიდე, არ იფიქრო, რომ შენზე ვრუნავ. ჩაი კიდევ გაქვს?
- აგიდუღებ.
კარადისკენ გაემართა, თან გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. ჩაის ფერი ჭიქაში ჩააგდო და ჯერ კიდევ მდუღარე წყალი შიგ მოაპირქვავა. ფინჯანი მაგიდასთან მიიტანა და სკამზე ჩამოჯდა, ხაჭაპურისთვის არც დაუხედავს.
- რა გტკივა? - იკითხა აღელვებულმა.
- მხარი და ფერდი, - მიუგო უხალისოდ - სიბნელეში ვერ დავინახე და ლითონის ურნას დავეჯახე.
- და რა გინდოდა ლითონის ურნასთან სიბნელეში? - თვალები ეჭვით მოწკურა.
სავანელი გაჭირვებით წამოდგა, უჯრიდან დანა ამოიღო, კარადიდან მოზრდილი თეფში გამოაძვრინა და მაგიდასთან მიიტანა.
- რატომ არ მითხარი, რომ რეხვაძე თბილისში გადმობარგდა? - ჰკითხა, თან ხაჭაპური თეფშზე მოათავსა და ოთხად გაჭრა - მთელი ერთი დღე მის ძებნაში დავკარგე.
- რეხვაძესთან იყავი? - თვალები გაუფართოვდა.
- იტალიურ ეზოს შეაფარა თავი და ჰგონია ვერავინ მისწვდება.
ჩაეცინა ირონიულად და ისევ მაგიდას მიუჯდა. მადა საერთოდ არ ჰქონდა, ხაჭაპურისთვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ ჩაი მოსვა. ცხელმა სითხემ ენის წვერი დაუწვა და უკმაყოფილოდ დაიჯღანა.
- გააფრინე?! - შეუყვირა შუკვანმა.
- დეჟავიუ მაქვს - თვალები გადაატრიალა - მიმართვები მამა-შვილს გენეტიკურად გადმოგეცემათ, თუ რა ხდება?
შუკვანმა თვალები აახამხამა. ელი შეიშმუშნა. პირველად მოიხსენია ორივე შუკვანი მამა-შვილად. უნებურად წამოსცდა, მაგრამ რაღას იზამდა, სიტყვას უკან ვერ დააბრუნებდა. უხერხულობის დასაფარად ისევ ჩაი მოსვა და ისევ აეწვა ენის წვერი.
- რა გინდოდა რეხვაძესთან? - გაიმეორა შედარებით მშვიდი ხმით.
- მისი შეშინება, მეტი არაფერი. - მხრები აიჩეჩა - როცა საქმე არაფერი მაქვს ვსტუმრობ ხოლმე, რომ მშვიდი ძილი არ ეღირსოს. ერთგვარი თავის განტვირთვის ხერხია, როცა საფიქრალი შემომაწვება ხოლმე.
შუკვანს სახე ჩამოუგრძელდა.
- საგიჟეთში უნდა დამეტოვებინე! - წაიბურტყუნა გაღიზიანებულმა და ხაჭაპურს წაეტანა. ელს გაეცინა.
- გვიანია თავში ხელის შემორტყმა... მართლა, საგიჟეთზე გამახსენდა, კიდევ ვინ იცოდა ჩემი კურორტზე ყოფნის ამბავი?
იკითხა სასხვათაშორისოდ, მხოლოდ თვითონ იცოდა როგორ უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მოკვდებოდა და ირაკლის წინ არაფერს შეიმჩნევდა. შუკვანმა ორ ლუკმაში გადაყლაპა ერთი მოზრდილი ნაჭერი და სავანელს მიაჩერდა.
- რას მეკითხები? - წარბი შეიკრა მოულოდნელი კითხვით შეცბუნებულმა.
- რაც გესმის, - გაიმეორა უხეშად - კიდევ ვინ იცოდა, რომ ფსიქიატრიულში ვიყავი?
- ჩემი და სევერინის გარდა არავინ.
- ჰო და ჯოჯოხეთშიც იასამანი ხარობს. - წაიღრინა ნერვებმოშლილმა - ნუ მატყუებ, ირაკლი!
- რა ბზიკმა გიკბინა?
- საიდან აქვს მოსე ავალიანს ჩემი საავადმყოფოდან გამოწერის აქტი?
- ვისო? - გულწრფელად გაუკვირდა.
- მოსე ავალიანს, გაბრიელ ავალიანის დისშვილსა და ამჟამინდელ გამომძიებელს, რომელიც ოდესღაც თურქების კლანჭებიდან იხსენი! - დაუმარცვლა მოთმინებადაკარგულმა - თქვენ რა დღემდე გაქვთ ურთიერთობა? გიცნობს? კონტაქტობთ?
- მოიცა, მოიცა, - ხელები გაასავსავა გაფითრებულმა - წესიერად ამიხსენი რაზე ლაპარაკობ, რას ნიშნავს ავალიანს შენი ფსიქიატრიულიდან გაწერის აქტი აქვს? კლინიკას არ აქვს უფლება პირადი ინფორმაცია გასცეს. თავად პოლიციასაც რომ დასჭირდეს, კინწისკვრით გამოისვრიან თუ შესაბამის ორდერს არ წარუდგენენ მოსამართლისგან დამოწმებულს! მაგამდე მისვლა კიდევ ძალიან რთულია, ავალიანს მაგის უფლებას არავინ მისცემდა!
- ჰოდა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, - გაიღიმა ცივად - ან მისცეს ან სხვა გზით ჩაიგდო ხელში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ იცის რომ ცოცხალი ვარ, პრობლემები გვექნება! ბავშვობაში იმდენად ახლოს არ ვყოფილვართ, რომ ჩემი საიდუმლო უსასყიდლოდ შეინახოს. თან, კიტას უკვე ღიად დაემუქრა, თუ გამოძიებაში ხელს შემიშლით განანებთო...
შუკვანი შეშფოთებული ისმენდა სავანელის სიტყვებს და უფრო და უფრო ემატებოდა მღელვარება. ტვინს იჭ....ტდა, თუ ვისგან შეეძლო ავალიანს მსგავსი ინფორმაციის მიღება და პასუხი ვერაფრით ეპოვა. უახლოესი წრის გარდა არავინ არაფერი იცოდა, მაშ საიდან?...
- ერთი წუთით, - შუბლი შეიკრა - მოსემ პირდაპირ გახსენა კიტასთან?
- გადაკვრით მიანიშნა.
- ესე იგი დარწმუნებული არ არის, - წელში გასწორდა და ცოტა არ იყოს სახე დაუმშვიდდა - ეჭვობს, მაგრამ დარწმუნებული არ არის. თუმცა, ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ინფორმაციამ გაჟონა და ეს ცუდის მეტს არაფერს მოასწავებს.
- რეალურად მოსეს არაფერში ვჭირდები. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?
- მართლა? მაშინ რა მიზეზით მოგძებნა ფსიქიატრიულში? - წარბები მაღლა აზიდა - ასე შემთხვევით გაიგო სად იყავი და მოსაკითხად შემოგიარა? გიმეორებ, პაციენტის პირად ინფორმაციას მარტივად ვერ ჩაიგდებდა ხელში. კარგად უწვალია, ესე იგი მიზეზი ჰქონდა. საკითხავია, რა ამოძრავებს...
ელი საგონებელში ჩავარდა. ირაკლი არ ტყუოდა. თუ მართლა ამდენი იწვალა, საკითხავი ის იყო რის გამო? და საერთოდ როგორ მიაგნო? თუ შუკვანს მართლა არაფერი უთქვამს და სჯეროდა რომ ასეც იყო, მაშინ ვისგან გაიგო? კიდევ ვინ იცოდა, მისი ფსიქიატრიულში ყოფნის ამბავი? დაბნეულმა ფიქრიანად მოისრისა შუბლი.
- ვეცდები რამე გავარკვიო, - წარმოთქვა ბოლოს ირაკლიმ და კიდევ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს გადასწვდა.
- არა, - მოსხიპა მკაცრად - ავალიანს მე მივხედავ. შენ კახაძეზე კონცენტრირდი. მარტივად ხელში ჩასაგდები არ იქნება. სამწუხაროდ რიგითი ხოჭოს რიგებს გამოეყო.
- და მერე რას აპირებ? - იკითხა შუკვანმა და სავანელს თვალი გაუსწორა - რას იზამ როცა საბოლოოდ გამოვიჭერთ?
ელმა მამაკაცის დაჟინებულ მზერას გაუძლო. თვალი არ აურიდებია, ისე უპასუხა ცივად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
- შენსას მიიღებ, - წაიჩურჩულა ხმადაბლა - გაიგებ მისგან რაც გჭირდება, შემდეგ კი ჩემს განკარგულებაში იქნება. ასეთი იყო შეთანხმება.
- რას იზამ, მოკლავ?
სავანელს გაეღიმა. როცა ფსიქიატრიულში იწვა ყოველ ღამე ძილის წინ უამრავ ბრუტალურ სცენას წარმოიდგენდა, თუ რას დამართებდა მელოტს შესაძლებლობის შემთხვევაში. მხოლოდ ამაზე ფიქრები აძლებინებდნენ იმ კოშმარულ ადგილას. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ არცერთ წარმოსახვით სიტუაციაში მელოტი არ კვდებოდა. სავანელს საკუთარ ტყავზე ჰქონდა გამოცდილი, რომ ცხოვრებაში ადამიანს სიკვდილზე უარესიც შეიძლება დაემართოს.
- შეგერგოს.
ხაჭაპურზე ანიშნა და ფეხზე წამოდგა. დალილავებულმა ფერდმა მტკივნეულად შეახსენა თავი და სახე შეეჭმუხნა.
- მიდიხარ? - ირაკლიც წამოდგა ფეხზე.
- ჰო, დღეს კიტას სარანგიძე დაკითხვაზე ჰყავს დაბარებული. ვნახოთ როგორ წავა საქმე.
- ფიქრობ, მისი ნდობა შეიძლება? ჩვენი გაგზავნილი ფაილები, მაშინვე გეწაძის ხელში აღმოჩნდა. რა იცი, რომ გამიზნულად არ მიაწოდა?
- არამგონია, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - მაგრამ შემოწმებად მაინც ღირს. რამე სიახლე თუ იქნება შეგატყობინებ.
- კარგი... ელ?
გასასვლელ კართან მისული სავანელი შედგა და შუკვანს მოხედა. უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ ბედავდა. მხოლოდ ახლა შეათვალიერა რიგიანად - გაუპარსავ ლოყაზე წვერი მოსდებოდა. უძილობისგან უპეები ჩასცვენოდა და ჩაშავებოდა. გაფითრებულს ეტყობოდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ზურმუხტისფერი თვალები მაინც უელავდა.
- გისმენ.
- კიტას... - შეყოყმანდა. არ იცოდა ხელები სად წაეღო და სვიტერი შეისწორა - კიტას, ყველაფერი რიგზე აქვს?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- როგორ ფიქრობ... ოდესმე მაპატიებს?
სავანელი ჩაფიქრდა. კითხვა გულზე მოხვდა. თვალები დახარა და წამით გაირინდა. ბოლოს მზერა ისევ შუკვანზე გადაიტანა. თვალებაწყლიანებული მომლოდინედ მისჩერებოდა შვილის მეგობარს.
- მაგ კითხვას მეც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს.
მიუგო ხმადაბლა. კარი გამოაღო და ყრუდ გაიხურა.


*******
2020 წელი, თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავზე, 01:02 წთ, თბილისი.
ღამის გრილი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე. სექტემბერი იწურებოდა, ხშირად წვიმდა და გარეთაც საგრძნობლად აცივდა. თბილ ზედასა და ტყავის ხელთათმანებში შეფუთული მოაჯირს ჩამოყრდნობოდა და მძინარე თბილის გასცქეროდა. გზატკეცილზე კანტიკუნტად მოძრავი მანქანების ხმაური ყრუდ აღწევდა შორიდან.
მაჯის საათს დახედა. პირველს გადასცილებოდა. მაინც ვერ ხვდებოდა, რატომ ამოიჩემა შუკვანმა დაუმთავრებელი შენობა, ოდესღაც მისგან კორპუსის აგებას გეგმავდნენ. კედლები დააშენეს, ოთახები გამოყეს, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო შუა გზაზე მიაგდეს. მას შემდეგ იდგა თავისთვის ეულად და უპატრონოდ. არც სახელმწიფო ინტერესდებოდა მისი არსებობით და არც რომელიმე კერძო პირი.
ბავშვები თუ შემოიპარებოდნენ ხოლმე სიგარეტის მოსაწევად, ან კედლების სპრეი საღებავით მოსაჯღაბნად - მეტი მნახველი შენობას არ გააჩნდა. ორ ზრდასრულ ადამიანს თუ არ ჩავთვლიდით, რომლებიც ასე ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე მის სახურავზე.
სავანელს მოთმინება ეწურებოდა. მეორედ დახედა საათს და ის იყო შუკვანთან დარეკვა გადაწყვიტა, რომ ზურგსუკან ნაბიჯების ხმა შემოესმა. მიიხედა და მთვარის შუქზე სვანის ფიგურა გაარჩია. თბილ ლაბადას ქარი უფრიალებდა. ფიქრებში გართული გოგონასკენ მოიწევდა აუჩქარებლად.
- სად ხარ ამდენ ხანს? ამოვწყდი შენს ლოდინში. - შეუბღვირა.
- მე ექვსი წელი გელოდე, მაგრამ არ ვწუწუნებ.
მიუგო ღიმილით და სავანელის გვერდით ჩამოეყრდნო მოაჯირს. ელმა ყურადღებით მოუთვალიერა სახე. უცხო სევდა ჩაბუდებოდათ ზურმუხტისფერ თვალებს.
- მოხდა რამე?
- სარანგიძე გამოირიცხა.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, - თავი დაუქნია - ზედმეტად მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მშობლების მკვლელებზე მართლა არაფერი იცოდა.
ელმა მძინარე ქალაქს ფიქრიანი მზერა მოავლო. ჟურნალისტი მის სიაში უინტერესო ფიგურა იყო, მაგრამ შემოწმებად მაინც ღირდა. თუმცა... ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქალის როლი მთელს ამ ამბავში უმნიშვნელო იყო. რატომ ამოხოცა მონარქმა მილენას მშობლების მკვლელები? პირადი ინტერესი ამოძრავებდა? კონკრეტულად რა სახის? სარანგიძეს ადრევე იცნობდა? ვინ იყო მისი? მეგობარი? პარტნიორი? წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდა, რომ მონარქი მასთან ახლოს ტრიალებდა.
- ვგრძნობ, რომ ახლოს არის... - წაიჩურჩულა ხმადაბლა.
- ვიპოვი! - თავდაჯერებით მიუგო შუკვანმა.
- ფრთხილად იყავი, - შეუბღვირა - აქ რაღაც რიგზე ვერ არის.
- ჩემზე ნუ ღელავ...
შუკვანს ისევ უცნაური ხმა ჰქონდა, ჩამქრალი და უსიცოცხლო. ელმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. აბნევდა მეგობრის განწყობა. ბოლო დროს მათი ურთიერთობა საგრძნობლად გართულდა. არ იცოდა რას ელოდა მისგან შუკვანი, როცა არაფერს ითხოვდა. არც თავად სურდა რამის შეცვლა, რადგან ჯერ ერთი რომ ამის დრო ნამდვილად არ იყო და მეორეც... ფიქრს აღარ ჩაუღრმავდა. სწრაფად შეცვალა თემა.
- გამოდის, რომ რედაქტორი საფრთხეშია. ყურადღება მიაქციე. მალე მონარქი ისევ გადადგამს ნაბიჯს. მისთვის ეს აზარტული თამაშია.
- ვიცი, თვალს ვადევნებ.
- ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება, - ცბიერად გაეღიმა სავანელს.
- ფიქრობ, ორივე მხარეს ერთი პიროვნება თამაშობს?
ელმა მზერა კიტაზე გადაიტანა. მიხვდა რა იგულისხმა - ექსპერტიზამ უარყო გეწაძის მკვლელობაში მონარქის მონაწილეობა, რაც ყველასთვის შოკი აღმოჩნდა. პოლიციაში ჯერ კიდევ მწარედ ახსოვდა სამი წლის უკან გაუხსნელად დარჩენილი ხუთი მკვლელობა. ორიგამის პეპელა კი, რომელიც მუდამ გვამის გვერდით ჩნდებოდა გამომძიებლებს ეჭვს არ უტოვებდა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი „არეულობაზე“. თუმცა, სისეს მონარქთან დაკავშირება ვერ შეძლეს. რატომ? სავანელის ტვინი გადახურებული პროცესორივით მუშაობდა და ელვის სისწრაფით უკავშირებდა სხვებისთვის შეუმჩნეველ კვანძებს ერთმანეთს.
- ორივე მხარეს ერთი პიროვნება თამაშობს, - წაიჩურჩულა თვალებანთებულმა. შუკვანმა წარბი შეიკრა.
- რას გულისხმობ?
- მგონი მონარქმა პირველი შეცდომა დაუშვა... - სვანს გაოცებულმა მოხედა.
- ვერ მივხვდი.
- ექსპერტიზამ გეწაძის მკვლელობაში მონარქის მონაწილეობა უარყო, ხომ ასეა?
- კი.
- მაგრამ ეს მონარქმა ჩაიდინა! ისმის კითხვა, რატომ დაადასტურა ექსპერტიზამ საწინააღმდეგო?
- და რა იცი, რომ მართლა მისი მოკლულია?
- რომ აგიხსნა დაგაფრთხობ... - მიუგო სერიოზულად.
- მითხარი.
შუკვანმა უცნაურად შეხედა, თითქოს ზუსტად ამ შესაძლებლობას ელოდა, რომ მისთვის ეკითხა ის, რასაც დიდი ხანი იყო ვერ ბედავდა. სავანელმა მეგობრის შეცვლილი გამომეტყველება შეამჩნია, მაგრამ მაინც უპასუხა კითხვაზე:
- დანაშაულის ადგილის დათვალიერებისას, თვალი პირველ რიგში უკიდეგანო მრისხანებას ამჩნევს. ყველაფერი სისხლითაა მოთხვრილი: იატაკი, კედლები, ავეჯი, ჭერიც კი. მხოლოდ შემდეგ გადაგაქვს მზერა უშუალოდ მსხვერპლზე. ოთახში დაგუბებული ჰაერი ხრწნაშეპარული გვამის სუნად ყარს. გული გაზიდებს, კუჭს შიგთავსის ამოღება სურს. ორგანიზმი ავტომატურად რეაგირებს წინ გადაშლილ სურათზე, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ფსიქიკაზე მოდის. რა განიცდი როცა ახლოს მიდიხარ და უყურებ თუ რა გაუკეთა ერთმა ადამიანმა მეორეს... რას იგრძნობ პირველ რიგში?
სვანმა არ უპასუხა. გაშტერებული მისჩერებოდა სავანელს.
- შიშს, კიტა. ჩვეულებრივ ადამიანს ძრწოლა იტანს ასეთი სურათის დანახვაზე. ეს არის მისი რეალური ხელწერა, გაჩვენოს რას განიცდიდა მკვლელობის ჩადენისას და საბოლოოდ გაიძულებს გაიაზრო რას იგრძნობ, როცა შენამდე მოვა. ამის მიბაძვას ვერ შეძლებ. შეიძლება გაიმეორო ტექნიკა, მაგრამ განცდების კოპირება შეუძლებელია. მის ხელწერას და აურას ყველგან ვიცნობ. ეს მისი გაკეთებულია.
სვანმა გაჭირვებით ჩაყლაპა ნერწყვი. სავანელს ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავსო. მის თვალებში ასეთი აღტკინება არასოდეს შეუმჩნევია. დაფრთხა. არა იმის გამო, რაც ელმა წამის წინ უთხრა... არა, საქმე იმაში იყო, რომ სავანელს მართლა ესმოდა მკვლელის. ესმოდა გულით და არა გონებით. ეს იყო მათ შორის განსხვავება. ამიტომ ამჩნევდა ისეთ დეტალებს, რაც გამომძიებლებისთვის უყურადღებოდ რჩებოდა.
პოლიციაში მუშაობამ ასწავლა, რომ თუ გინდა დამნაშავეს მიაგნო მასავით უნდა იფიქროო, მაგრამ რასაც ელის თვალებში ხედავდა ეს ბევრად მეტი იყო. სავანელს უხილავი საზღვარი გადაელახა და სწორედ ამან დააფრთხო.
- რახან ექსპერტიზამ საწინააღმდეგო დაადასტურა... ესე იგი, ასე მონარქმა მოისურვა. საკითხავია რატომ? რატომ აარიდა თავი მის კავშირს გეწაძესთან? რატომ წაშალა კვალი? რისთვის? კითხვაზე პასუხი პირდაპირ უკავშირებდა სარანგიძეს. მხოლოდ ჯერ არ ვიცი, როგორ... მსგავსი რამ არასდროს უქნია, ესე იგი სერიოზული მიზეზი ჰქონდა და სწორედ აქ გვაქვს პირველი ხეჩასაჭიდიც!
ნიკაპი ფიქრიანად მოისრისა. ყურადღებას არ აქცევდა შუკვანს, რომელიც მის ნათქვამზე დიდი ხანი იყო აღარ რეაგირებდა. დამუნჯებული მისჩერებოდა სავანელს და პირში ენის მობრუნებას ცდილობდა. მხოლოდ ხანგრძლივმა სიჩუმემ მოიყვანა გონს, თავი ასწია და თვალები აახამხამა.
- რა იყო?
- შენ მისით მოხიბლული ხარ, ელ. - წარმოთქვა გაფითრებულმა - ბავშვობიდან აიკვიატე. ერთადერთი თემა იყო რასაც შენი ყურადღების მიქცევა შეეძლო. მეტიც... შენი ინსპირაციის წყაროდ იქცა. ლიზამ შენი ჩანაწერები მაჩვენა...
სავანელს ჩაეღიმა და თავი გვერდით მიაბრუნა. მივიდნენ იმ კართან, რომელთანაც იცოდა რომ ადრე თუ გვიან აღმოჩნდებოდნენ.
- და რა ამოიკითხე ჩანაწერებში? - თავი მოაბრუნა და ზურმუხტისფერ თვალებს მზერა გაუსწორა.
- მის გრძნობებს ისე ზუსტად აღწერდი, თითქოს შენი საკუთარი ყოფილიყოს.
- და? რა არის ამაში გასაკვირი?
- გასაკვირი? - ყურებს არ დაუჯერა - უსმენ საკუთარ თავს მასზე როგორ საუბრობ?
- როგორ?
- აღფრთოვანებით! - იყვირა გაცეცხლებულმა.
სავანელმა თავი გააქნია და ისევ გაეცინა.
- არაფერი გესმის, კიტა. ამიტომ ვერასდროს ვერ შეძლებთ მასთან მიახლოებას.
- რას ბოდავ? - წაიღრინა.
- ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხარ ამას რატომ აკეთებს? რატომ არ გიფიქრია იმაზე, თუ რამ შეიძლება ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს? ერთხელ მაინც დაგისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა?
- რა შუაშია?...
- თავშია! რადგან სწორედ ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარება მკვლელობის გახსნაში. მანიაკად არავინ იბადება, კიტა! ასეთად ადამიანს ის გარემოება აყალიბებს რომელშიც იზრდება და აქ არ ვგულისხმობ ისეთ ფსიქოპატებს, რომლებსაც ავადმყოფური გადახრები აწუხებთ და დანაშაულის ჩადენით სიამოვნებას იღებენ. მონარქი არ მიეკუთვნება მათ კატეგორიას. კლავს შურისძიებისთვის და არა სიამოვნებისთვის. ესაა განსხვავება!
- შედეგი ხომ ერთია, არა? არავითარი გამართლება არ აქვს მის საქციელს!
- შედეგი? გამართლება? - შუბლი შეჭმუხნა - საერთოდ რაზე საუბრობ? ვინ ახსენა სწორი და არასწორი? რატომ არ მისმენ? ასეთი რთულია იმის მიხვედრა, რომ თავდამსხმელამდე შეიძლება თავად იყო მსხვერპლი? იაზრებ რა შეიძლება გადაეტანა სანამ აქამდე მოვიდოდა? ხვდები, რომ ადამიანობის დაკარგვა მოუწია, იმისთვის რომ გადარჩენილიყო? იცი რას განიცდის ფსკერზე მოტივტივე სული, რომელიც ყოველდღე ღაფავს სიცოცხლეს, მაგრამ სიკვდილის უფლება არ აქვს?!
- რისი თქმა გინდა, ელ? - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა შუკვანს - რაზე მიმანიშნებ?
- რომ ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრულია, კიტა. - წაიჩურჩულა გაფითრებულმა - უზარმაზარი უფსრკული, რომელსაც ვერ ამოავსებ, ვერც გვერდს აუვლი და ვერც მასზე დახუჭავ თვალს. თავს ვერ მოიკატუნებ, თითქოს არ არსებობს. მესმის მისი, რადგან ჩემს სულში იგივე ცეცხლი ანთია. მესმის, რადგან სიძულვილი და ბრაზი ერთადერთი ჟანგბადი იყო წლების მანძილზე, რამაც ცოცხალი გამაძლებინა. როცა კახაძეს ხელთ მოვიგდებ არ გქონდეს იმედი, რომ ადამიანურობას გამოვიჩენ.
- როგორ გაგიგო, ელ, როცა არაფერს მეუბნები? - სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა - უსამართლო ხარ. ხელს მკრავ ისე, რომ შანსსაც არ მაძლევ.
- შანსს? კიტა, შენ არ ხარ მზად იმის მოსასმენად, რასაც ჩემგან ითხოვ. პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენ ორ შორის ამას მხოლოდ მე ვხვდები.
- არ ხარ მართალი. - ხმა ჩაუწყდა სვანს.
- სამწუხაროდ იშვიათად ვცდები. მე უფრო მესმის შენი ვიდრე, შენ საკუთარი თავის...
მიუგო ყრუდ, ზურგი აქცია და გასასვლელს მიაშურა. შუკვანი სავანელის ზურგს მიშტერებოდა, იქამდე სანამ თვალს არ მიეფარა. სახეზე ცივი ცრემლები მოხოხავდნენ. სწრაფად შეიწმინდა ხელის ზურგით და ცხვირით ძლიერად მოქაჩა. შებრუნდა და ისევ მოაჯირს დაეყრდნო. ღრიალი მოუნდა. ისეთი რთული იყო სავანელთან ურთიერთობა სხეულის ყოველ უჯრედს ატკიებდა. არ ესმოდა მისი, აღარ ესმოდა. აღარ იყო ყველაფერი ისეთი მარტივი, როგორც ბავშვობაში.
სასაცილოა, არადა მაშინ ფიქრობდა, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა. დედამისი ლოთი იყო, არავინ და არაფერი ანაღვლებდა დედამიწის ზურგზე, არყის ბოთლის გარდა. მევალეები ხშირად აწიოკებდნენ, არაერთხელ უჩხუბია კიდეც, მაგრამ როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა ჰქონოდა, მუდამ ჰყავდა ადამიანი, ვინც მისი თავშესაფარი იყო სიკეთესა თუ ბოროტებაში.
და ახლა? რა იყო მათ შორის? - არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი და ეს გაურკვევლობა აგიჟებდა. სავანელთან ურთიერთობა არასოდეს ყოფილა მარტივი, მაგრამ რაც უკან დაბრუნდა მისი ცნობა უჭირდა. გოგონაში ბნელ ფერებს ემრავლათ. თან იმდენად, რომ ხანდახან ცივ ჟრუანტელს ჰგვრიდა. არ იცოდა, როგორ აეწყო ფეხი ახალი რეალობისთვის.
სახე ხელებში ჩარგო და ამოიოხრა. სწორედ ამ დროს ლაბადის ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. უნდილად ჩაიყო ჯიბეში ხელი და სმართფონი ამოაძვრინა. ეკრანს თვალი შეავლო და წარბშეკრულმა მაშინვე უპასუხა:
- ლილი? რატომ არ გძინავს ასე გვიან?
- ვიფიქრე ისევ სამსახურში იქნებოდი და მაგიტომ დავრეკე...
- რა მოხდა? - დაიძაბა.
- მგონი სახლს ვიღაც უთვალთვალებს, კიტა, - ჩურჩულებდა მოხუცი ყურმილს მიღმა - ფანჯრიდან ადამიანის სილუეტი შევამჩნიე ჩემს ბაღთან ახლოს. ჩემმა ბებერმა კატამ დააფრთხო, მალევე გაეცალა იქაურობას. ვერ მოვითმინე და გარეთ გავედი შესამოწმებლად. ვერავინ დავლანდე, მაგრამ ხის ძირთან სიგარეტის რამდენიმე ნამწვი ვიპოვე. კარგა ხანს უნდა მდგარიყო ერთ ადგილას...
შუკვანი აღელდა.
- ლილი, იარაღი ხომ გაქვს?
- მაქვს.
- გვერდიდან არ მოიცილო. კარი ჩაკეტე და გარეთ არ გამოხვიდე, ნახევარ საათში შენთან გავჩნდები.
ტელეფონი გათიშა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას...


*******
2020 წელი, ლილი მენაბდის სახლი, 01:56 წთ, წყნეთი.
შუკვანი ანთებული ტელეფონით ათვალიერებდა ადგილს, სადაც ლილი მენაბდემ უცხო პირი შეამჩნია ფანჯრიდან. მოხუცი არ ცდებოდა, ხის ძირში რამდენიმე სიგარეტის ნამწვი იპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უცნობი რაღაც პერიოდი იდგა და შორიდან უთვალთვალებდა სახლს. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, უკანასკნელი ღერ ყურს უკან გაირჭო და ძირს დაყრილ ნამწვებს ხის ჯოხით ცარიელ კოლოფში უბიძგა. სამხილების შეგროვებისას ქაღალდზე წარწერას მოჰკრა თვალი. „პარლამენტმა“ ლურჯად გაიბრწყინა ტელეფონის შუქზე.
საქმიანობას რომ მორჩა წელში გასწორდა და იქაურობა მოათვალიერა. ბალახებში მეტი საინტერესო ვერაფერი იპოვა და გაწბილებული ლილისთან შებრუნდა სახლში.
- მაპატიე, ჩემო ბიჭო, ასე გვიან აგაფორიაქე, - მოუბოდიშა ლილიმ, როცა სვანი სამზარეულოში შევიდა - მოდი, რამე შეჭამე. მთელი დღეა სამსახურში ხარ, ვინ იცის რით იკვებები...
ოქროსფრად დაბრაწულ ხინკალს მადისაღმძვრელად ასდიოდა ორთქლი. ხაჭაპური ღუმელში თბებოდა. გაზქურაზე კი ყავა იხარშებოდა. შუკვანი მაგიდას მიუჯდა და შეფიქრიანებულმა ლილის ახედა.
- ლილი... დღეს პირველად შეამჩნიე ის ტიპი? თუ მანამდეც გქონია მსგავსი შემთხვევა?
- პირველად, - თეფშზე ხინკალი გადმოუღო და ააჩქარა - ჭამე ახლა ჭამე, თან მოგიყვები.
მოშიებულს არ გაუპროტესტებია. ლილის ოქროს ხელები ჰქონდა - ისე ეხერხებოდა მზადება, როგორც არავის. დაბრაწულ ხინკალს ყურში წაავლო ხელი და ხახაში გაიქანა.
- დღეს საღამოს ანზორასთან მომივიდა კამათი, - გაზქურაზე შემოდგმულ ყავას თავს დასტრიალებდა, თან ბიჭს გამოხედავდა დრო და დრო - საზიზღარი ძაღლი ჰყავს. ჩემს ბოსტანში დაეთრევა ხოლმე და მწვანილის კვლებს მიქელავს. ჭიშკართან ნაგვის ურნა მიდგას და იქ იქექება ხოლმე საჭმლის პოვნის იმედით. ათასჯერ ვუყვირე დააბი ეგ უპატრონო, თუ მიხედვა არ შეგიძლია-მეთქი, მარა გაგონილა? ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ძაღლია, რა ჭკუა მაგას მოეკითხება, მეზობელს რისთვის მლანძღავო?! ჰოდა დღეს იარაღით ჩავუსაფრდი. ერთი მაგის ბინძური თათები ვნახო ჩემს ბოსტანში, ტყვიას დავახლი და ეგ იქნება-მეთქი.
- ძაღლის მოკვლა გინდოდა? - შიშით გაუფართოვდა თვალები შუკვანს.
- ოთხფეხასი ბიჭო, რა თვალებით მიყურებ?!
აქაფებული ყავა გაზქურიდან გადმოდგა, ფინჯანში მოაპირქვავა და სტუმარს მიართვა. შემდეგ კი ხაჭაპურს მიუტრიალდა, თან თხრობას აგრძელებდა:
- მთელი საღამო ვყარაულობდი. არ გამოჩენილა ის სამგლე. უკვე დაწოლას ვაპირებდი, ბოლოჯერ რომ გავიხედე ფანჯარაში და მაშინ შევამჩნიე ადამიანის სილუეტი ხეებს შორის. მაშინვე შუქი ჩავაქრე და კიდევ ერთხელ შევამოწმე - ისევ იქ იდგა. ხიდან ჩემი ბებერი კატა ჩამოხტა და ხმაურზე დაფრთხა. თვალი შევასწარი როგორ მიუშვირა იარაღი, მაგრამ კატა რომ დაინახა მაშინვე დაუშვა.
- იარაღი? - შუკვანს ლუკმა სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა.
ლილიმ დაჭრილი ხაჭაპური მაგიდასთან მოიტანა და ბიჭს ბეჭებზე დასცხო ხელი.
- ალალი შვილო, რა იყო... - წაიბურტყუნა.
- იარაღი არ გიხსენებია! - ამოიხავლა სახეაწითლებულმა.
- დამეფეთებინე? არ ვიცი შენი ხასიათი? კისრისტეხით წამოხვიდოდი.
- აბა რას ვიზამდი! - გაცხარდა - ეგეთი რამის დამალვა როგორ შეიძლება, ლილი?!
- მითხარი მოვალო, რათ უნდოდა მაგას კიდე დამატება. პოლიციაში დარეკვას შენთან დარეკვა ვამჯობინე.
- და სწორადაც მოიქეცი. - ჩაახველა რომ ყელი ჩაეწმინდა - დღესვე მიმყავხარ გურანდასთან. ცოტახანი იქ დარჩი, სანამ გავარკვევ ვინ იყო ის...
- აჰ, ეგ არ გამაგონო! - მაშინვე ხელები გაასავსავა პროტესტის ნიშნად - თუ გგონია, რომ ვინმე საკუთარი სახლიდან გამაქცევს, შემცდარხარ! მოვიდნენ. იარაღი მაქვს, არც დავფიქრდები ისე დავახლი შუბლში ტყვიას.
შუკვანმა პირი გააღო, რომ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოუვიდა. ერთი საღამოსთვის - ბებია და შვილიშვილი გვარიანად უშლიდნენ ნერვებს!
- ლილი...
- გამორიცხულია კიტა, სახლიდან ფეხს არ მოვიცვლი. ეგღა მაკლია შვილი დავაფეთო, თითქოს სადარდებელი არ აკლდეს იმ უბედურს...
ხმა გაებზარა და თვალი აარიდა სვანს. არ უნდოდა კიტას შეემჩნია, რომ თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა. შუკვანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ყოველ ჯერზე, როცა ელის ოჯახის სანახავად მოდიოდა, თავს საშინლად გრძნობდა - რთული იყო მათთვის თვალებში ყურება და სიმართლის დამალვა. ახლაც ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ლილის ზურგში ურტყამდა დანას.
რაც დედა გარდაეცვალა და ქალაქი მიატოვა, მოხუცმა თავისთან შეიფარა. იქამდე ცხოვრობდა ლილისთან, სანამ ფეხზე არ დადგა. მუშაობა დაიწყო, ბინა შეიძინა და ცალკე გადავიდა. ქალმა მაშინ გაუწოდა დახმარების ხელი, როცა მთელმა სამყარომ ცხვირწინ კარი მიუხურა. რითი უხდიდა ამაგს?
- ხვალისთვის დამხმარეს ამოგიყვან, - მიუგო ყრუდ და ხაჭაპურს წაეტანა.
- ვინ დამხმარეს, არავინ არ მჭი...
- წესიერი და კარგად აღზრდილი ძაღლია. - შეაწყვეტინა მტკიცედ - სპეციალურად დამნაშავეების დასაჭერად ჰყავთ გაწვრთნილი, თან მეზობლის ძაღლებსაც თავიდან მოგაშორებს.
- დიდი ეშვები აქვს? - იკითხა პაუზის შემდეგ.
- უზარმაზარი - გაეცინა შუკვანს.
- მერე სამსახურში არაფერს გეტყვიან?
- მაგას მე მოვაგვარებ, შენ არ ინერვიულო.
თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთ ხინკალს გადასწვდა. ლილის ყბაზე შემოედო დამჭკნარი ხელი და შუკვანს სიყვარულით მისჩერებოდა, თუ როგორ ილუკმებოდა. თხელ ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა.
- მახსოვს, როგორი განუყრელები იყავით შენ და ელი, - წამოიწყო უცებ - სამყაროს შუაზე გახლეჩას უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე თქვენ გაყრას.
შუკვანმა ძლივს დაღეჭა ლუკმა და გაჭირვებით გადაყლაპა. ხელები შესამჩნევად აუკანკალდა და მაშინვე ხელსაცოხს გადასწვდა ცხიმიანი თითების შესაწმენდად.
- გამოგიტყდები, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ თქვენი მეგობრობა გაცილებით მეტში გადაიზრდებოდა. ელი არასდროს არავისთან ისე ახლოს არ ყოფილა შვილო, როგორც შენთან. ვიცი, ჩემს შვილიშვილს რთული ხასიათი ჰქონდა, ბავშვობიდან მიეჩვია გრძნობების საკუთარ თავში ჩამარხვას. რომ ვეკითხებოდი სახლში სიტუაცია როგორ გაქვთ-მეთქი, თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა - ყველაფერი რიგზეაო, როცა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი მორიგ ღამეს ათენებდა წივილ-კივილის მოლოდინში. ერთხელ გავუჯავრდი - ნუ მატყუებ-მეთქი და იცი რა მითხრა?
სახეზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის ზურგით შეიწმინდა.
- ჩვენს ოჯახში ვინმე მაინც ხომ უნდა მოიქცეს ზრდასრულივით, წუწუნს რა აზრი აქვს ლილიო. მეგონა გული გამისკდებოდა, - ცრემლები წასკდა. შეკავებულ გრძნობებს გარეთ გამოსვლის საშუალება მისცა. შუკვანს თვალები ჩასწითლებოდა და ნატრობდა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა - ღმერთო, ის მაინც გამაგებინა რა მოუვიდა ჩემ ბავშვს...
- ლილი...
შუკვანი წამოდგა და ქალს მოეხვია. სვანის მკლავებში მოქცეული მოხუცი ხმით მოთქვამდა და პერანგს ცრემლებით უსველებდა. კიტა თვალებს ახამხამებდა, რომ ცრემლებისთვის ჯებირის გადმოლახვის საშუალება არ მიეცა. ძლიერად იკრავდა ქალს გულში და უხმოდ ებოდიშებოდა.
რას არ გაიღებდა, რომ მისთვის სიმართლის გამხელა შეძლებოდა, მაგრამ ელის სიტყვები ავი ფუტკრებივით უზუზუნებდნენ ყურში - „თუ ვინმემ გაიგო, რომ ცოცხალი ვარ, ოჯახს ამომიხოცავენ, კიტა...“ კბილს კბილზე დააჭირა ძლიერად და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე აქვითინებული მოხუცი...

*******
წყნეთიდან საზიზღარ განწყობაზე წამოვიდა. გუნებამოშხამულს აღარ იცოდა რაზე ედარდა - მოხუცზე, რომელიც გაჯიუტდა - გინდა თუ არა სახლში დავრჩები, რომ რამე იარაღი თან მაქვსო, თუ უცნობზე, რომელიც არსაიდან გამოჩნდა მენაბდის სახლის კართან. ეჭვები ჭამდნენ - აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. არასდროს არავის ლილისთვის მყუდროება არ დაურღვევია, სანამ მის სახლში ჟურნალისტები არ გამოჩდნენ... ნუთუ... ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა - ნუთუ, ელზე ვინმემ რამე იეჭვა და კაცი გამოგზავნეს შესამოწმებლად?
საჭეს ძლიერად მოუჭირა თითები. მილენამ კიდევ ვის გაუმხილა დღიურის შესახებ? უცებ „დღიურის გეგმა“ ძალიან დაუფიქრებელი და ბავშვური მოეჩვენა - რა ჯანდაბად აჰყვა სავანელს და სარანგიძეს ელის წარსულში ქექვისკენ უბიძგა? ხომ შეიძლებოდა, რომ ამით არასასურველი ყურადღება მიეპყრო სავანელის ოჯახს? არსაიდან გამოჩენილი უცნობი განა ამ ჰიპოთეზას არ ადასტურებდა?
ერთი ღამისთვის მეტისმეტის ატანა მოუწია - ელთან იკამათა, ლილის ვიღაც იარაღიანი ტიპი უთვალთვალებდა, მოხუცის სიტყვებმა კი გული მოუკლეს და ახლა სინდისი ქენჯნიდა შიგნიდან. ნამდვილად გავგიჟდებიო - წაიბურტყუნა გაღიზიანებულმა. ყველასა და ყველაფრისგან გაქცევა მოუნდა. ბევრი აღარ უფიქრია, საჭე სწრაფად მოზიდა და სახლის გზიდან გადაუხვია. გაზს ფეხი დააჭირა, წითელი აუდი ქავთარაძის აღმართზე ავარდა.
ზუსტად ათ წუთში უკვე რკინის კარზე აკაკუნებდა. ძარღვებში სისხლი უდუღდა. აგზნებულს ბრაზი და სასოწარკვეთა დაუძვრებოდა სხეულში. დოინჯშემორტყმული ადგილზე ცქმუტავდა. კარი რომ არავინ გაუღო, დააბრახუნა. გამთენიის ოთხი იყო დაწყებული, უეჭველად ეძინა, მაგრამ სულ ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი. როგორც იქნა, საკეტი გადატრიალდა და ზღურბლზე ქერათმიანი ქალი გამოჩნდა - ნამძინარევს მოკლე თმა უწესრიგოდ ეყარა მხრებზე, დასიებული თვალები კი გაკვირვებისგან გაფართოებოდა.
- გადაირიე? - წაიჩურჩულა გაოცებულმა - ასეთ დროს აქ რას აკეთებ? რატომ არ დამ...
სიტყვის თქმა აღარ დააცადეს. ბინაში შეჰყვა, კარი ზურგსუკან მიხურა, ქალი ხელში აიტაცა და ჟინიანად დაეწაფა ბაგეებზე.
- კიტა... - ამოიკვნესა მამაკაცის ტუჩებზე მიწებებულმა - რას...
- ნურაფერს მკითხავ... - გააწყვეტინა და ხელში აყვანილი საძინებლისკენ წაიყვანა.


******
დილის ექვს საათს აჩვენებდა კედლის საათი, კიტა შუკვანს კი თვალი ვერაფრით მოეხუჭა. გულაღმა იწვა საწოლზე და მკვდარი მზერა ფანჯრისთვის გაეშტერებინა. საძინებელში შემომავალი პირველი მზის სხივი, ქალის ნატიფი თითების მსგავსად შიშველ მკერდზე ელამუნებოდა.
- რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, - წაიჩურჩულა ქერამ და შუკვანს ყურის ძირში აკოცა - წელიწადზე მეტია არ მინახიხარ.
- საქმე მქონდა. - მიუგო უემოციოდ.
- მორჩი, კიტა. ბავშვები ხომ არ ვართ? მოხდა რამე?
შუკვანმა არ უპასუხა. უკვე ნანობდა, რომ ემოციებს აჰყვა და გაღიზიანებულმა ყოფილ საყვარელს მოაკითხა. იმდენად იყო განერვიულებული საერთოდ არ ფიქრობდა რას აკეთებდა. განტვირთვა სჭირდებოდა, ისეთ ადგილას გაქცევა მოუნდა სადაც არ იყო - სიბნელე, ტკივილი, დანაშაულის შეგრძნება, სისხლი, მკვდრები და ათასი უბედურება.
ცოტახნით იმ ჰაერის ჩასუნთქვა მოუნდა, სადაც ნორმალურობა სუფევდა და ამ ფიქრმა გული ატკინა - ელთან ბოლო საუბარი მოაგონდა. განა მისი საქციელი სავანელის სიტყვებს არ ადასტურებდა? თვალები აუწყლიანდა და სწრაფად მოისრისა.
- კიტა... - ქერა იდაყვზე წამოიწია - არასოდეს ყოფილხარ ასეთი ჩუმი, რა მოხდა?
- არაფერია, სამსახურის ამბებია...
ქალი თავიდან მოიშორა და საწოლში წამოჯდა. მიმოიხედა, ტანსაცმელი მთელს საძინებელში მიმოფანტულიყო. წამოდგა, იქვე მიგდებულ საცვალს დასწვდა და სწრაფად ამოიცვა.
- უკვე მიდიხარ? - წარბი შეიკრა ქალმა.
- მაპატიე, ნინა, ვერ დავრჩები.
- ალბათ ასე არ მომექცევი, - ტანზე ზეწარშემოხვეული თვითონაც წამოდგა საწოლიდან - წელიწადზე მეტია თვალით არ მინახიხარ და ღამით გამომეცხადე გაუფრთხილებლად. სექსისთვის შემომიარე, როგორც რიგით კახპას?
შუკვანმა ამოიოხრა. იცოდა, რომ მართლაც უკანასკნელი არამზადასავით იქცეოდა, მაგრამ იქიდან ისე უნდოდა გაქცევა სული ეხუთებოდა. ქალის შეხება ცუდად ხდიდა. როცა ყელში მოწოლილი ემოციები ჩაუცხრა გაიაზრა, რომ იქ არ მისულა, სადაც ასე მიეჩქარბოდა.
- მაპატიე, თუ შეგიძლია, - მიუგო წყნარად - ვით მოვიქეცი.
შარვალი ამოიცვა და ზედას დასწვდა. ნინას თვალები აუწყლიანდა. შუკვანის ქაოტურმა მოძრაობამ გააღიზიანა და თავი ვერ შეიკავა:
- სადამდე აპირებ მიცვალებულის გამო ცხოვრებაზე უარის თქმას? - შუკვანს ფეხსაცმლისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუქვავდა და ქალს მოხედა. ნინას ალისფერი ბაგეები უცახცახებდა - მითხარი რომ გაუჩინარდა. მითხარი რომ მის კვალს წლების განმავლობაში ვერავინ მიაგნო. ძილში კი ისევ მის სახელს ბუტბუტებ. ეს ავადმყოფობაა, კიტა. შენ მისით შეპყრობილი ხარ, რატომ არ გინდა რომ გაუშვა...
- საკმარისია!
შეაწყვეტინა ცივად. ერთიანად ხურდა. დაღლილმა და ნანერვიულებმა სულ რაღაც ნახევარი საათით მოხუჭა თვალი, როდისღა მოასწრო ბოდვა? საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები და ფეხსაცმელები სწრაფად ამოიცვა. ქურთუკს ხელი დაავლო და დამდუღრულივით გავარდა საძინებლიდან. არც კი დამშვიდობებია, სიტყვა არ უთქვამს. საკუთარ თავზე გაცოფებულმა რკინის კარი ხმაურით გაიჯახუნა.


*******
2020 წელი, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, 08:32 წთ, თბილისი.
- ჯერ არაფერი გითქვამს, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ პრობლემები მექნება, - ამოიოხრა შალვა გამცემილიძემ შუკვანის დანახვაზე.
- შენთან საქმე მაქვს, - პირდაპირ საქმეზე გადავიდა სვანი და მიმოიხედა - შესვენება არ გაქვს? კაფეტერიაში ყავაზე დაგპატიჟებ და გავისაუბროთ.
ექსპერტმა ერთი შეხედა გამომძიებელს და მიხვდა, რომ თავს ვერ აარიდებდა. რახან პირადად ესტუმრა, ესე იგი სათხოვარი ჰქონდა. თავი მორჩილად დაუქნია და ძველ მეგობარს კაფეტერიაში გაჰყვა.
შუკვანმა ორი უშაქრო შავი ყავა იყიდა და მაგიდასთან მიიტანა ფინჯნები. ყბაზეხელშემოდებული გამცემლიძე შვილის ტოლა ბიჭს ყურადღებით ადევნებდა თვალს და როცა შუკვანმა ბოლოს და ბოლოს მის წინ დაიკავა ადგილი, გაეცინა.
- პირად მომსახურებას თავისი ფასი აქვს, არა? - ღიმილით მოსვა პირველი ყლუპი - პირდაპირ მითხარი, რა გჭირდება?
კიტამ ლაბადის შიდა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და მამაკაცს მაგიადზე გაუცურა.
- შიგ რამდენიმე ნამწვია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ერთ პიროვნებას ეკუთვნის მაგრამ მაინც შეამოწმე.
- და სად არის დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ? - აწეული წარბებით დააცქერდა გაცვეთილი სიგარეტის კოლოფს.
- არ არის და არც იქნება, - მიუგო მშვიდად.
- კიტა... - მოიქუფრა ექსპერტი - ხვდები რომ სერიოზულ შარში მხვევ? რომ გაიგონ არაოფიციალურად რამეს ვამოწმებ მარტო სამსახურიდან კი არ გამაპანღურებენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშიც მიმცემენ.
- ვერავინ ვერაფერს გაიგებს, შალვა. მხოლოდ ის მაინტერესებს, არის თუ არა ბაზაში მწეველი. - წინ გადაიხარა და ლამის აჩურჩულდა - შალვა, საქმეს ვიძიებ, რომელიც კილომეტრებიდან ყარს. განყოფილებაში ვერავის ვენდობი. სხვა გზა რომ მქონოდა, შენთან არ მოვიდოდი.
დაამატა ყრუდ. გამცემლიძეს წარბი შეერხა. ექვსი წელი იყო შუკვანს იცნობდა. მეგობრობდნენ, როგორც ეს შვილის ტოლა ბიჭსა და უფროს მამაკაცს შეეფერებოდა. ყოველთვის აფასებდა ახალგაზრდა მამაკაცის ენთუზიაზმსა და შეუპოვრობას. იცოდა, რომ სვანს ოჯახი არ ჰყავდა და მიუხედავად ამისა მაინც ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდა. ამოიოხრა და ისევ სიგარეტის კოლოფს დახედა.
- და ეს არაოფიციალური ვიზიტი რამით ეხება მონარქს? - იკითხა ხმადაბლა - ყველა მასზე ლაპარაკობს.
- ჯერ არ ვიცი... - უპასუხა გულწრფელად.
- შენ უნდა გამიშვა პენსიაზე ნაადრევად, - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც წამოავლო ხელი კოლოფს - სიახლეები რომ მექნება შეგატყობინებ.
- გმადლობ, არ დაგივიწყებ.
- იმედი მაქვს, რადგან უკვე ვფიქრობ რა გთხოვო.
ორივეს გაეცინა. შუკვანმა ყავა მოსვა და ის იყო გამცემლიძისთვის რაღაც უნდა ეკითხა, რომ ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. მამაკაცს ბოდიში მოუხადა, წამოდგა და გვერდით გავიდა. სმართფონი ამოიღო და დოინჯშემორტყმულმა ეკრანს დახედა. წამში მოეშხამა გუნება. კბილები გააღრჭიალა, მაგრამ მაინც უპასუხა:
- რა გინდა? - მიუგდო ცივად.
- შეხვედრა, - ისეთივე ცივი და სუსხიანი იყო პასუხი ყურმილიდან.
- პაემანზე მეპატიჟები? თუ ვერ შეამჩნიე, ჩემს გემოვნებაში არ ჯდები ავალიანი.
- ერთი ადგილის თამაშს მოეშვი და მისამართზე მოდი.
ყურმილი გაუთიშეს. ყბაზე კუნთი დაეჭიმა და მოქუფრულმა დახედა ტელეფონის ეკრანზე შემოსულ შეტყობინებას. ნიკაპი ფიქრიანად მოისრისა, სმართფონი ისევ ჯიბეში ჩაიცურა და მაგიდასთან დაბრუნდა.
- მაპატიე, შალვა, უნდა დაგტოვო. საქმე გამომიჩნდა…
- გასაგებია, არ არის პრობლემა. შეგეხმიანები…
მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა ქურთუკის ჯიბეზე. შუკვანმა მადლობა გადაუხადა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა გასასვლელს.



*******
2020 წელი, სოფელი სავანეთი, 10:01 წთ.
ძველისძველმა ყვითელმა ავტობუსმა, გულიგამაწვრილებელი ღრჭიალით შეაჩერა გაჩერებასთან. სავანელი სკამიდან წამოდგა და ჩასასვლელად მომზადებულ მგზავრებს უკან მიჰყვა. კეპიან ქუდზე თბილი ქურთუკის კაპიუშონი წამოეცვა. სახეს კი სვეტერის ფუმფულა საყელოში მალავდა. მარცხენა ლოყაზე გაჭიმული ნაიარევი იოლი შესამჩნევი იყო, ამიტომ გარეთ გამოსვლისას მუდამ ფრთხილობდა.
ლიზამ შესთავაზა მანქანით წაგიყვანო, მაგრამ იუარა. უცხო ავტომობილი სოფელში მუდამ მარტივად თვალში მოსახვედრი იყო. არ უნდოდა ზედმეტი ყურადრება მიექცია. კანდელაკს მისამართი გამოართვა, მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და მარტო გამოემართა დანიშნულების ადგილისკენ, ისე რომ შუკვანის შესახებ არაფერი უკითხავს. ორივემ შეამჩნია, რომ სვანი ღამით სახლში არ დაბრუნებულა. ელს სიტყვა არ დასცდენია მის არყოფნაზე, ლიზაც მარტივად მიხვდა - რახან სავანელმა არ მოიკითხა, ესე იგი ისევ იკამათესო და ჩარევას გაჩუმება არჩია.
უცნაურად გულდამძიმებული ავტობუსიდან ჩამოვიდა და უღიმღამო გარემოს თვალი მოავლო. თითქმის ცარიელი ტრანსპორტი საშინელი გრუხუნით დაიძრა და უახლოეს მოსახვევში გაუჩინარდა. მგზავრებმა, რომლებმაც გაჩერებაზე ელზე წინ ჩამოირბინეს, ფაცხა-ფუცხით მოცოცხლეს სახლებისკენ. სავანელს მათი საქციელი ეუცნაურა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სოფელში კომენდანტის საათი მოქმედებდა.
შეფიქრიანებულმა კიდევ ერთხელ მიმოიხედა და ოღრო-ჩოღრო ბილიკს მძიმე ნაბიჯით გაუყვა. თხუთმეტი წუთი ისე იბოდიალა, პირუტყვის გარდა გზად არავინ და არაფერი შეხვედრია. სასურველ შესახვევს რომ მიაღწია, ჩამკვდარ მიდამოს ეჭვით მოავლო თვალი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წარბი შეიკრა, ასე მოქმედება უფრო რთული იყო. სახლებში შებუდრებულ ხალხს შეუმჩნეველი არაფერი დარჩებოდათ.
ცა მოქუფრულიყო. ჟინჟლავდა. კიდევ ერთი გართულება, ფეხს ისე ვერ გადაადგამდა ნაკვალევი, რომ არ დაემჩნია. გაღიზიანებულმა ხმადაბლა შეიგინა. მოშორებით, ბუჩქებს ამოეფარა და ნახევრად ჩამონგრეულ სახლს ინტერესით გახედა.
ჭაობისფერ ქურთუკში გამოწყობილმა მამაკაცმა ფარდულიდან გამოიჭყიტა და მალულად დაზვერა სამეზობლო, ხომ არავინ მითვალთვალებსო?! სავანელს ცალყბად ჩაეცინა. ბოლოს რეხვაძე ისე დააფრთხო, თბილისიდან გამოაქცია. წინდახედულად მოიქცა, რომ ლიზას სთხოვა მისთვსის შორიდან ედევნებინა თვალყური, სანამ თავად დევდარიანის კუდში დევნით იყო დაკავებული. ბევრი ვერაფერი მოისმინა - სვანეთის ისტორიას თუ არ ჩავთვლიდით, რომელსაც ისე წვრილად უყვებოდა სარანგიძეს ბეთლემის ტაძრის სკვერში, ლამის სკამზე ჩამოეძინა.
აი რეხვაძის ხელიდან გაშვება, კი ნამდვილად ცოდვა იქნებოდა. ქერამ რომ დაურეკა და გააგებინა - მგონი თბილისიდან იბარგებაო, უკან გაყოლა დაავალა. ასე მოაგნეს რეხვაძეს სავანეთში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სოფელში იგივე მანქანით არ ამოვიდა. მეტისმეტად საეჭვი იქნებოდა თეთრი სედანის კვლავ გამოჩენა. თუ რეხვაძე შეამჩნევდა, რომ ვიღაც კუდზე ეჯდა, დაფრთხებოდა.
სავანელს ინტერესი კლავდა, რატომ აირჩია დასამალად მაინც და მაინც ეს ადგილი? - ღობემორღვეულ ეზოს ნახევრად ჩამონგრეული ოდა და ფარდული ამშვენებდა. უბნის ბავშვებს, უბინადრო სახლისთვის ფანჯრები ჩაელეწათ. ავისმომასწავლებლად გამოიყურებოდნენ უმინებო ღრმულები. ტუჩებაპრეხილმა შეათვალიერა დაცხავებული ოდა. ეჭვი ეპარებოდა შიგნით ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო.
საათს დახედა. მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა და იქაურობას სწრაფად უნდა გასცლოდა, სანამ რეხვაძე თვალს შეასწრებდა. თითქოს ეშმაკი გულში ეჯდაო, ატალახებულ ორღობეში მომცრო ფიგურა გამოჩნდა. ხელში გაფშეკილი ჯოხი ეკავა. უმისამართოდ იქნევდა და ძაღლს ეძახდა. კმაყოფილს ღიმილი მოერია. ორი თითი ენის ქვეშ ამოიდო და დაუსტვინა. სახეგამურული ბიჭუნა შეკრთა და მიმოიხედა.
- ბავშვი! - ხმადაბლა გასძახა და ხელი დაუქნია - მოდი აქ!
შავტუხამ უნდობლად შეუბღვირა და უკან დაიხია. სავანელი მიხვდა - გაქცევას აპირებსო და ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო.
- შენთვის რაღაც მაქვს. მოდი ჩემთან.
ძალიან ეცადა ტონში გაღიზიანება არ გამორეოდა. ჭრელმა ქაღალდმა ბავშვი, პატარა ლეკვივით მიიტყუა.
- კარგი ბიჭი! - მიახლოებულს თმა აუჩეჩა - ნუ გეშინია, არ ვიკბინები.
გაუცინა. დაძაბული პატარა თითებით ჯოხს აწვალებდა და ნერწყვს ყლაპავდა.
- მომცემ? - თავით ანიშნა შოკოლადზე.
- მოგცემ, თუ დამეხმარები. - თვალი ჩაუკრა.
- როგორ უნდა დაგეხმარო?
- ბევრს არაფერს გთხოვ. ოღონდ, ჩვენ შორის უნდა დარჩეს, კარგი?
ჯიბეში ხელი ჩაიყო და მთელი მუჭა შოკოლადები ამოაძვრინა. გამურულს თვალები გაუნათდა. მოქრთამულმა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნანატრ ჯილდოს წაეტანა. ელს ცბიერად გაეღიმა.
- იცი იმ სახლში ვინ ცხოვრობს?
ნახევრად დანგრეულ ოდაზე ანიშნა პატარას და ხელი ისე გასწია, რომ ბავშვი შოკოლადს არ მისწვდომოდა. ეჭვობდა, რომ სატყუარას გარეშე სიტყვას ვერ ათქმევინებდა. ბიჭმა უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.
- არ იცნობ იმ კაცს?
- არა, - მეორედ გააქნია თავი - აქ არ ცხოვრობს. დღეს დილით პირველად გამოჩნდა სოფელში. ბებიას ეშინია და გარეთ არ მიშვებს, მაგრამ ჩემი ძაღლი დაიკარგა და გამოვიპარე.
- ბებიას რატომ ეშინია შენი გარეთ გამოშვების? - იკითხა დაინტერესებულმა.
პატარამ ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. ბავშვის გაფართოებულ თვალებში ელმა შიში ამოიკითხა და კიდევ უფრო დაიბნა.
- ბებია საერთოდ არ გიშვებს გარეთ, თუ იმ კაცის ეშინია? - თავით ანიშნა რეხვაძის სახლზე.
- ბებია ამბობს, რომ თუ გარეთ გავალ „ოლაჰი” შემჭამს.
- ვინ არის „ოლაჰი”? - წარბი შეიკრა.
- სოფლის ავი სულია. ბებიამ თქვა საღამოობით ორღობეში დაძრწის და თუ ვინმეს წააწყდება, ჭამსო! ამიტომ გარეთ არ მიშვებს ხოლმე.
- ყველას ჭამსო, თუ მხოლოდ ბავშვებსო? - ჩაეკითხა და ნახშირივით შავი თვალები ეჭვით დაუვიწროვდა.
ბავშვმა პასუხად მხრები აიჩეჩა. ელმა ქვედა ტუჩზე იკბინა და ფიქრიანად მოავლო მზერა მიდამოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მაცხოვრებლები სახლებში შეკეტილიყვნენ და გარეთ გამოსვლის ეშინოდათ. არასოდეს უნახავს ასეთი უკაცრიელი სოფელი.
ჩვეულებრივ მოხუცებს სახლთან ხის სკამზე სჩვეოდათ ჩამოჯდომა და საუბარი. ორღობეებს კი ბავშვების ჟივილ-ხივილი აყრუებდა - სავანეთში კი… მეორე „საილენთ ჰილში” ამოყო თავი.
- ბებიასთან მარტო ცხოვრობ? - იკითხა პაუზის შემდეგ.
- კი.
თავი დაუქნია. ელს არ ესიამოვნა, რომ ბებიის გაფრთხილების მიუხედავად ბავშვი ზედმეტად მიმდობი აღმოჩნდა. მარტივად მიიტყუა და აალაპარაკა, რაც პატარასთვის საფრთხის მეტს არაფერს მოასწავებდა.
- შენი მშობლები სად არიან?
- დედ-მამა დამეღუპა, ბებია მზრდის.
- ჰმ… - რეხვაძის სახლს ცერად გახედა და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება - მაჩვენებ სად ცხოვრობ? ბებიას მინდა გავესაუბრო.
- და მაგას მომცემ?
შოკოლადისკენ გაიშვირა ჭუჭყიანი თითი. ელს ტკბილეული სულ დავიწყებოდა - მაშინვე ჯიბეები ამოუვსო ჭრელაჭრულა კანფეტებით და მზერა ბავშვზე გადაიტანა.
- ბებიასთან მიმიყვანე…


******
მოხუცმა ქალმა სავანელი თავით-ფეხებამდე შეათვალიერა. ცივმა, ცისფერმა თვალებმა გოგონას მზერა ააყოლეს და მარცხენა ლოყაზე გაჩენილ ნაიარევთან შეჩერდნენ. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. აუხსნელი შიში და დისკომფორტი იგრძნო, დიდი სიამოვნებით მიუჯახუნებდა კარს ცხვირწინ, მაგრამ ნახშირივით შავი სფეროები ისეთი დაჟინებით მისჩერებოდნენ, თავს ვერაფრით აიძულა განძრევა.
- ვინ ხარ და აქ რა დაგკარგვია?
წაიჩურჩულა განერვიულებულმა და სოფლის ეზოს თვალი მოავლო, თითქოს ეშინოდა რომ ვინმე მის სტუმარს სახლის ზღურბლზე შეამჩნევდა.
- ბებო, ბებო! - წინ გამოვიდა პატარა ბიჭუნა და ბებიამის მთელი მუჭა შოკოლადები აჩვენა - ნახე, რა მომცა...
- რა გითხარი, უცხოებს არ გამოელაპარაკო-მეთქი?
დაუცაცხანა გაბრაზებულმა, მაჯაში წაავლო ხელი და სახლში შეაგდო. პატარას გაჩხინკული სხეულით გადაეფარა და დაუპატიჟებელ სტუმარს მტრულად მიაჩერდა.
- არ გიცნობ. სოფელში არასოდეს მინახიხარ. ვინ ხარ და რა გინდა ჩვენგან?!
კიდევ უფრო დაუწია ხმას, თან ელის ზურგსუკან ცარიელ სივრცეს თვალებით ჩხრეკდა.
- მხოლოდ საუბარი მინდა, დიდ დროს არ წაგართმევთ.
- და რა მაქვს შენთან სალაპარაკო?! - შეუტია ყბააკანკალებულმა - მოშორდი აქედან!
ცხვირწინ მიჯახუნება დააპირა, მაგრამ ელმა ზღურბლზე დაუდო ფეხი და ხის კარი მარჯვენა ხელით ძლიერად შეაკავა. მოხუცი შიშისგან გაფითრდა.
- არაფერს დაგიშავებთ, - მიუგო წყნარად - სამტროდ არ მოვსულვარ, ბებო. რამდენიმე კითხვას დაგისვამ და უკანმოუხედავად გავბრუნდები.
- სათქმელი არაფერი მაქვს! - არ თმობდა აცახცახებული - არაფერი. საერთოდ არაფერი!
- არავის ვეტყვი, ჩვენი საუბრის შესახებ. - მაინც სცადა ბედი - ვერავინ გაიგებს, რომ აქ ვიყავი.
- უკვე მთელმა სოფელმა იცის! - დაიჩხავლა ისტერიულად - გგონია, რახან ქუჩაში არავინ გამოდის, მართლა ცარიელია ეს წყეული ადგილი? ყველამ იცის, რომ აქ ხარ! შვილიშვილის მეტი აღარავინ დამრჩა. თუ ღმერთი გწამს, მოშორდი აქედან!
სახლის ძველისძველ სახურავზე წვიმის წვეთები ახმაურდნენ. ელი წარბშეკრული მისჩერებოდა ქალს. ცისფერ თვალებს პანიკური შიში ჩაბუდებოდათ. სუსტი მხრები ერთიანად უცახცახებდა. რას იზამდა, წიხლით ხომ არ შეეჭრებოდა მოხუცს სახლში? მოქუფრულმა უკან დაიხია. გაწბილებული შეტრიალდა და წასვლა დააპირა, რომ გაიაზრა - ზურგსუკან კარის მიხურვის ხმა არ გაუგია. უკან მიიხედა. ქალს კარი ისე მიეხურა მხოლოდ ნახევარი სახე უჩანდა. გამჭოლი მზერით ხვრეტდა არასასურველ სტუმარს.
- წადი და უკან აღარასდროს დაბრუნდე, სანამ ვინმე შეგიწირავს! - წაიჩურჩულა ავად - ისინი ყველგან არიან! ყველგან! აქ კედლებსაც კი ყურები აქვთ! ვინც ხმას ამოიღებს, უკვალოდ უჩინარდება! ასეა ეს უკვე და ამას ვერავინ შეცვლის!
თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა და სანამ სავანელი გონს მოსვლას მოასწრებდა, კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ელმა ფიქრიანი მზერა მოავლო წვიმის ფარდაში გახვეულ სოფელს, ბოლოს კი თვალი რეხვაძის ნახევრად დანგრეულ ოდაზე გაუშტერდა, რომელიც რამდენიმე სახლის მოშორებით იდგა - კეპიან ქუდს სახისკენ დაექაჩა და ჯიქურ გააბოტა მისკენ.
გამომშრალ ნიადაგს გვარიანად დასველება მოესწრო, ფეხსაცმელები ტალახში ამოესვარა. წებოვანი მასა გამაღიზიანებლად ეკვროდა ფეხსაცმლის ძირებზე. ხმადაბალი ბურტყუნით, გაჭირვებით მიიწევდა წინ, როცა ძაღლის ყეფამ შეაკრთო.
თავი წამოსწია და ორ მამაკაცს შეასწრო თვალი. თავჩახრილები და მობუზულები რეხვაძის სახლს უახლოვდებოდნენ. სწორედ ამან გადაარჩინა სავანელი, რომ არასასურველი მოწმე ვერ შენიშნეს. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და ელვის სისწრაფით ამოეფარა ბოსელთან წამოჭიმულ, გაბარდულ ბუჩქნარს. წელში მოხრილმა მალულად გამოიხედა სამალავიდან. სტუმრებმა - სანამ რეხვაძის სახლში შევიდოდნენ თავი წამოსწიეს და მიდამო დაზვერეს. ერთ-ერთში ელმა ჭკადუა ამოიცნო და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
- აქ რა დაგრჩ...
სიტყვა გაუწყდა, რადგან თვალის კუთხით მოპირდაპირე მხრიდან ადამიანის სილუეტი შეამჩნია. გული გადაუქანდა, მაგრამ თავი რომ მოატრიალა პატარა ბიჭი იცნო. ხელში ისევ ის გაფშეკილი ჯოხი ეკავა და ჭყაპაჭუპით მორბოდა ელისკენ. სავანელმა ტუჩზე თითი მიიდო და უხმოდ ანიშნა უკან დაბრუნდიო, მაგრამ ან ვერ შეამჩნია ან მინიშნებას ვერ მიუხვდა, რადგან ისევ მისკენ მოიწევდა წვიმისგან სახეშეჭმუხნილი.
ჭკადუა სანამ ფარდულის კარს შეაღებდა პატარა ბიჭუნას მოჰკრა თვალი და წამით ადგილზე გაშეშდა. იქ არავის არ უნდა ენახა! არავის! მისი მეწყვილეც შედგა და წარბშეკრულმა ყოფილ პოლიციელს მოხედა.
- რა იყო? - იკითხა ეჭვით და გარეთ გამობრუნება დააპირა - ვინმეა გარეთ?
- არა. მეგონა ხმა გავიგე, მაგრამ მომეჩვენა... - უპასუხა სხარტად.
ცხვირზე მკლავი აიფარა, თითქოს სველი სახის შეწმენდა უნდაო და სწრაფად მიჰყვა ფეხებში მეწყვილეს. ბიჭუნამ როგორც იქნა ელთან მიირბინა. სავანელმა მაშინვე ხელი წაავლო და ბუჩქებში შეითრია.
- დაგინახეს? - ჰკითხა აღელვებულმა. ნერვიულად ჩაფრენოდა მკლავებში პატარას.
- მხოლოდ იმ მოხუცმა... - წაიბუტბუტა დამფრთხალმა - შემომხედა და ასე გააკეთა.
მკლავი ცხვირზე აიფარა და ნახევარი სახე მოიჩრდილა. ელს პულსი აუჩქარდა. ჭკადუამ დაინახა? გარეთ რომ გამობრუნებულიყო და შეემოწმებინათ? რა ჯანდაბას აკეთებდა რეხვაძესთან?
- ახლავე სახლში დაბრუნდი და გარეთ არ გამოხვიდე!
- მაგრამ ჩემი ძაღლი...
- ძაღლს არაფერი მოუვა, თავისით მოვა სახლში. უკან დაბრუნდი! - არ დაასრულებინა გაღიზიანებულმა.
- შენთვის რაღაც მინდოდა მეთქვა, - პატარა სახეზე აწვიმდა თმაგადაჩეჩილს და თვალებს ჭუტავდა შეწუხებული.
- მაინც?
იკითხა უყურადღებოდ და შესამოწმებლად ფრთხილად გამოიჭყიტა სამალავიდან. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დრო იყო იქიდან აეხვია, თან რაც შეიძლება სწრაფად!
- ბებია ასეთი უხეში არ არის, უბრალოდ ეშინია... - წამოიწყო გაწვრილებული ხმით - გასულ თვეს ორი ჩემი მეგობარი გაუჩინარდა სოფლიდან. ბებიამ მითხრა „ოლაჰმა“ შეჭამა, რადგან მათი მშობლები ბევრს ლაპარაკობდნენო. ამიტომ თვითონ არ ლაპარაკობს, თორემ „ოლაჰი“ მეც მომაკითხვას.
ელმა სწრაფად მოაბრუნა თავი და გაოცებულმა ბავშვს შეხედა.
- „ოლაჰი“ ოდესმე გინახავს?
- მე არა, მაგრამ ბებიას უნახავს... - დიდრონი თვალებში შიში ჩაბუდებოდა - ასე მითხრა თავზე თმა არ აქვს და თუ ასეთ კაცს ოდესმე დაინახავ, სწრაფად გაიქეციო.
სავანელს სიცივე შეეპარა სხეულში...


******
2020 წელი, აკაკი წერეთლის პარკი, 10:15 წთ, თბილისი.
ავალიანი ტბის პირას იდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიშტერებოდა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ლილიებს. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. ცუდად გამოიყურებოდა - ღამენათევს უპეები ჩაშავებოდა და ჩასცვენოდა, გაუპარსავ ლოყებზე კი წვერი მოსდებოდა. სევდიანად იმზირებოდნენ გამაოგნებლად ლურჯი ფერის საფირონები. მრავალჭირნახულ ბერიკაცს დამსგავსებოდა ახალგაზრდა კაცი.
ფიქრებში გართულმა ფეხსაცმლის ჭვინტი წაკრა კენჭს. პატარა ქვამ ისკუპა და წყალში მოადინა ტყაპანი. ტბის ზედაპირზე წრეებად გაიშალა ტალღები და მალევე გაუჩინარდა - ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც ღირებული იყო მის ცხოვრებაში.
- შესახვედრად რომანტიკული ადგილი აგირჩევია, ავალიანო...
შუკვანის დამცინავმა ხმამ ბნელი ფიქრებიდან გამოარკვია. სვანი გვერდით ამოუდგა ყოფილ მეწყვილეს და ხალხისგან შეთხელებულ პარკს თვალი მოავლო.
- შესაფერისი ადგილია, რადგან აქ არავინ მოგვისმენს. - მიუგო ხმადაბლა.
შუკვანისკენ მთელი სხეულით შეტრიალდა. ზღვისფერ თვალებში სევდა გამქრალიყო, დაკვირვებითა და ყურადღებით იმზირებოდნენ საფირონები.
- სწრაფად მითხარი რა გინდა, ბევრი დრო არ მაქვს...
- რა იცი ელისაბედ უშხვანის შესახებ?
შუკვანს კითხვა ეუცნაურა. პარკის თვალიერებას თავი ანება და წარბშეკრულმა მზერა გვერდით მდგომზე გადაიტანა.
- მისი საგიჟეთიდან გამოწერის აქტი შენ გეკავა ხელში და მე მეკითხები?
- როცა დოკუმენტს დახედე სახე გეცვალა და შემომიტიე, რატომ?
კიტა წელში გასწორდა და ყურადღებით მოუთვალიერა სახე ავალიანს. მის გამოხედვაში იყო რაღაც... უცნაური. შეფიქრიანებულს თვალები ეჭვით მოეწკურა.
- ეს შენ მითხარი, რატომ ინტერესდები ვიღაც უშხვანით, რომელიც გამოძიებას საერთოდ არ ეხება?
- და ვინ თქვა რომ არ ეხება? - წაიღრინა გაღიზიანებულმა.
- ნუთუ? - თავი გვერდით გადახარა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ავალიანს - ელისაბედ უშხვანი, მონარქის საქმის გამოძიების ოფიციალურ წყაროებში არ ფიგურირებს! არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია მის შესახებ, როცა საქმის დოკუმენტები გადმომაბარე. რამის თქმა ხომ არ „დაგავიწყდა“, მოსე?
ავალიანი ქვედა ტუჩს კბენდა ნერვიულად, აშკარად ყოყმანებდა. ვერ გადაეწყვიტა შუკვანისთვის სიმართლე გაემხილა, თუ არა. საქმეს ოფიციალურად ჩამოაშორეს, ახლა მხოლოდ კიტას ჰქონდა მასალებზე წვდომა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. რა ექნა...
- სამი წლის წინ, ბიძაჩემი ფსიქიატრიულ კლინიკასთან ახლოს, ქუჩაში მოკლეს - წამოიწყო ხმადაბლა - რატომღაც გამოძიებისას არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ გაბრიელმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კლინიკაში ვიღაც მოინახულა.
შუკვანს გულწრფელად გაუკვირდა. გაბრიელ ავალიანის მკვლელობის შესახებ საინფორმაციო გადაცემისგან შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის მიმართ სიმპათიით არასოდეს ყოფილა განწყობილი, მისმა სიკვდილმა მაინც დაუმძიმა გული. უბრალო საქმე ხომ არ იყო? - დღისით-მზისით განყოფილების მთავარი გამომძიებელი ქუჩაში ძაღლივით მოკლეს. სვანმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როცა ჟურნალისტმა განაცხადა - მკვლელობის გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობსო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, დამნაშავე კი ჯერაც ვერ დაეჭირათ.
- მოიცა... იმის თქმა გინდა, რომ ბიძაშენის მკვლელობა რამით უკავშირდება უშხვანს? - დაინტერესდა შუკვანი.
- ასე ვფიქრობ... - დაუდასტურა.
- ერთი წუთით, ახლა რატომ დაიწყე ამ ამბის ქექვა? მისი მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. საერთოდ ვინ გითხრა, რომ ფსიქიატრიულს ესტუმრა?
- ბარბაქაძე, რომ ბალახაძის საქმეს იძიებს, ხომ იცი?
- ბოლოს თაბაგარმა საქმე რომ გადმოგაბარა იმაზე ამბობ?
- ჰო.
- მერე?
- ბარბაქაძეს მოწმე დაკითხვაზე ჰყავდა დაბარებული. იმ ქალს სრულიად შემთხვევით შევხვდი განყოფილებაში. აღმოჩნდა, რომ ბიძაჩემს კარგად იცნობდა. გამომელაპარაკა, მკვლელობის საქმე გამომკითხა - ახალი ხომ არაფერიაო. რას ვიფიქრებდი იმ დღეს გაბრიელს უკანასკნელად თუ ვხედავდიო. ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოსული ერთ-ერთი პაციენტის სანახავადო.
- ელისაბედ უშხვანის?
- ჰო. პაციენტს ვერაფერს ვკითხავ, რადგან კლინიკიდან გამოწერეს. ექთანმა მითხრა - ყველას გაუკვირდა, რომ დირექტორმა კლინიკის დატოვების უფლება მისცა, მაგრამ მამამისმა მოაკითხა და წაიყვანაო.
შუკვანმა დაბნეულმა ააფახურა წამწამები.
- გეთანხმები, რომ საეჭვოა, მაგრამ უშხვანი რითი უკავშირდება მონარქს?
ავალიანი ისევ შეყოყმანდა. უნებურად მაჯები აეწვა და ინსტიქტურად ხელი გაივლო წლების უკანდელ შეხორცებულ ნაირევზე. შუკვანმა თვალი შეასწრო და წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- მოსე?
ავალიანმა მიდამოს მოავლო თვალი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არავინ აყურადებდათ, შემდეგ მზერა წინ მდგომზე გადაიტანა და ხმას ისე დაუწია, კიტა უნებურად წინ გადაიხარა, რომ ნათქვამიდან სიტყვა არ გამორჩენოდა.
- უშხვანი მონარქის ნამდვილი გვარია.
შუკვანმა ნელა წამოსწია თავი და გაფართოებული თვალებით მოსაუბრეს მიაშტერდა.
- შენ საიდან იცი? - საკუთარი ხმა არ ეცნო სვანს.
- თათრებს ერთ სარდაფში ვყავდით გამომწყვდეული...
ცივმა ნიავმა ავალიანს შუბლზე ჩამოყრილი თმა აუფრიალა. მუქი ლურჯი საფირონები შუკვანის გაფითრებულ სახეს ირეკლავდნენ...


*******
2020 წელი, შუკვანის ბინა, 23:15 წთ, თბილისი.
მელნისფერ ცაზე ვარსკვლავები თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდნენ. მშვიდი საღამო იდგა, ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმა ყრუდ მოისმოდა შორიდან. შუკვანი აივანზე იდგა და მოაჯირს ჩამოყრდნობილი ღრმა ფიქრებს მისცემოდა. სიგარეტის ღერი უქმად ბოლავდა თითებში.
- ელთან იკამათე?
მოესმა კანდელაკის ხმა ზურგსუკნიდან. თავი არ აუწევია, არც კი განძრეულა. მზერა აბსტრაქტულ სივრცეში ჩაჰკარგვოდა. ლიზამ ამოიოხრა და და მეგობარს გვერდით ამოუდგა. ოქროსფერი კულულები წელზე ეფინებოდნენ ზღვის ტალღებივით. თბილი შალის მოსაცმელი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და ლაჟვარდისფერი თვალები კიტას მიაპყრო.
- რა ხდება თქვენ შორის, კიტა? უცნაურად იქცევით. მთელი დღეა ელთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობს. სახლში რომ მოდის თავს მარიდებს.
- ახლა ამისთვის არ მცალია, ლიზა. - მიუგო ხმადაბლა.
კანდელაკი მეგობრის ცივმა ტონმა გააოცა. როდის მერე იყო სავანელის ბედით არ ინტერესდებოდა? ასეთი რა მოხდა მათ შორის? წარბი შეიკრა.
- რითი გაქვს გონება დაკავებული, რომ მეგობრებისთვის არ გცალია? - იკითხა წყენით.
შუკვანს არ უპასუხია, რამაც ლიზა კიდევ უფრო შეაფიქრიანა და ბიჭს ინტერესით მოუთვალიერა სახე. ახლაღა შენიშნა, რომ ფერი არ ედო.
- მოხდა რამე?
მოხდა, ძალიან ბევრი მოხდა, მოსესთან საუბრის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. სახეზე ხელები აიფარა. ახლა ხვდებოდა, რატომ იყო ავალიანი პირადად დაინტერესებული მონარქის საქმით და ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ვერც გაამტყუნებდა…
- კიტა, შენ გელაპარაკები, ხმა ამოიღე, სახეზე ფერი არ გადევს!
სწორედ ამ დროს ბინიდან კარის გაჯახუნების ხმა მოისმა. სულ მალე მისაღებ ოთახში ელი გამოჩნდა. მეგობრები აივანზე შეამჩნია, მაგრამ ახლოს მისვლა არც უფიქრია. იქვე დივანზე დაეშვა მძიმედ, წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდო. გრძელი სწორი თმა სახეზე ჩამოეყარა. ლიზამ ჯერ ერთს გადახედა მერე მეორეს და ისევ მისაღებ ოთახში შებრუნება არჩია.
- სად იყავი? რატომ არ პასუხობდი ჩემ ზარებს? - შეუტია გაღიზიანებულმა.
- საუბარი არ შემეძლო. - მიუგო ყრუდ.
- და რატომ?
ელი დადუმდა და გვერდულად გახედა აივანს. მოაჯირს ჩამოყრდნობილი შუკვანი ისევ ზურგით იდგა. ლიზამ სავანელის მზერას გააყოლა თვალი და წარბებს შორის გაჩენილი ნაოჭი გაუღრმავდა.
- ელ?
- სავანეთის სოფელში რეხვაძე მოკლეს, - წარმოთქვა ხმადაბლა ისე რომ, შუკვანისთვის თვალი არ მოუშორებია - დავინახე ფარდულიდან როგორ გამოდიოდა ჭკადუა, ორ უცხო მამაკაცთან ერთად. ხელში მომცრო ხის ყუთი ეკავა, გავიგონე როგორ საუბრობდნენ იარაღის თავიდან მოშორებაზე.
კანელაკი გაფითრდა. შუკვანი კი წელში გასწორდა და წარბშეკრულმა ელს მოხედა. სავანელმა მშვიდად განაგრძო:
- ვფიქრობ, კახაძის დაკვეთით მოიშორეს თავიდან, სანამ რეხვაძე თავისი უკანასკნელი კოზირის გამოყენებას ეცდებოდა.
- რაზე ლაპარაკობ?
კიტაც ოთახში შემოვიდა და ზურგსუკან აივნის კარი მიხურა, რომ გარეთ ხმა არ გასულიყო. შემდეგ კი დოინჯშემორტყმული პასუხის მოლოდინში ელს მიუბრუნდა. სავანელი წამით დადუმდა. ამაზე ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა შუკვანისთვის სიმართლე გაენდო - ერთი ამოიოხრა და თხრობა იქიდან დაიწყო, თუ როგორ „მოპარა” დოკუმენტები რეხვაძეს (ირაკლი შუკვანი არ უხსენებია) და რა მოჰყვა ყოვეილვე ამას. შუკვანი რაც უფრო მეტს ისმენდა, მით უფრო ეკარგებოდა ფერი, არც კანდელაკი გამოიყურებოდა უკეთ. ელმა თხრობა დაასრულა და ისევ დადუმდა. არ იმჩნევდა, მაგრამ მთელი სხეული ზამბარასავით ჰქონდა დაჭიმული, შუკვანის რეაქციის მოლოდინში.
- სწორად გავიგე? - წამოიწყო ხმადაბლა - ვინმე მესხის მკვლელობის ამსახველი ფოტოები მილენას გაუგზავნე. პორთფელი გეწაძის ხელში მოხვდა და იმანაც ახლო მეგობრის გაფრთხილება სცადა, რის გამოც მონარქმა სიცოცხლეს გამოასალმა?
- ასეთია ჩემი ვარაუდი. - დაუდასტურა მშვიდად.
- რეხვაძეს კი ფაილების გარდა, მკვლელობის იარაღი ჰქონდა გადამალული თავის ძველ სახლში და ამიტომ მიუგზავნა ჭკადუა და მისი ხალხი მოსაკლავად?
- ასე ვფიქრობ. - დაუდასტურა - რეხვაძემ როგორც კი ფაილების გაქრობის შესახებ გაიგო, მაშინვე თბილისისკენ აახვია. ბინა იტალიურ ეზოში იქირავა, მაგრამ ვერც იქ გრძნობდა თავს მშვიდად. ლიზა უთვალთვალებდა, როცა გამაგებინა რეხვაძე მიემგზავრებაო. მეგონა ისევ სადღაც გარბოდა და ლიზას ვთხოვე გაყოლოდა. ასე ამოვყავი თავი სავანეთში. დანარჩენი უკვე იცი.
- მკვლელობის ადგილზე იყავი? შიგნით შეხვედი, გვამი ნახე?
- არა, შიგნით არ შევსულვარ. კვალის დატოვება არ მინდოდა. სახლთან ახლოს ვიყავი მიმალული, როცა მათ საუბარს მოვკარი ყური. იმედოვნებდნენ, რომ მკვლელობა მონარქს დაბრალდებოდა. ჭკადუას „ამხნევებდნენ” - ნუ ნერვიულობ, პირველი ხომ არ არის. ჯანდიერის საქმემაც ხმაურის გარეშე ჩაიარაო.
ლიზა მოწყვეტით დაეშვა სკამზე. შუკვანი კი წელში გასწორდა. დაჭიმულ ყბაზე კუნთი უთამაშებდა. ჯანდიერის მკვლელობა სამივეს ახსოვდა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ეჭვობდნენ მომხდარში მონარქის მონაწიელობას, არცერთი არ ჩასძიებია ამ საქმეს. ჯერ ერთი, რომ შუკვანი სულ სხვა განყოფილებაში მუშაობდა და მეორეც ჯანდიერი მათთვის სულაც არ იყო საინტერესო ფიგურა, აქამდე…
- ჯანდიერი ჭკადუამ მოკლა? კი, მაგრამ რისთვის? - წაიჩურჩულა ლიზამ.
- არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არც. თუ ჯანდიერმა მართლა გაიგო ჭკადუას ორმაგი სტანდარტების შესახებ და დასმენა დაუპირა, ბუნებრივია რომ გააჩუმეს კიდეც. შეიძლება ვცდები და უფრო მეტიც გამოთხარა, რის გამოც სიცოცხლეს გამოასალმეს.
- მთელი ეს დრო სიტყვა არ დაგცდენია, არც ფაილებზე და არც რეხვაძეზე. - გააწყვეტინა შუკვანმა - არაფერი გითქვამს, რომ მილენაც ჩაითრიე ამ საქმეში. ხვდები რომ სარანგიძე შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმონ?
- ისე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, - მიუგო მშვიდად და ფეხზე წამოდგა - არავინ არის დაცული, სანამ არ გავიგებთ რა ხდება სინამდვილეში. უცნაურად არ გეჩვენება, რომ უკვე ორი მკვლელობა მონარქს „შეაწერეს”?
- საით მიგყავს საუბარი? - ყინულივით ცივი ხმით იკითხა შუკვანმა.
- ერთხელ მაინც რომ მოგესმინა ჩემთვის ნორმალურად, ახლა ამ კითხვას არ დამისვამდი, - ნახშირივით შავი თვალები უელავდა - ვფიქრობ, მთელი ეს წლები მონარქი ვიღაცამდე მიღწევას ცდილობდა. მისმა სამიზნემ კი ეს იცის და შესაბამის სვლებს აკეთებს. ორ მხარეს შორის ომი მიმდინარეობს, რასაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ამას იქამდე არ ექნება დასასრული, სანამ ერთ-ერთი არ დაამარცხებს მეორეს. რატომღაც გული მიგრძნობს, რომ მონარქის დაცემა უფრო მეტ ზიანს მოიტანს ვიდრე სარგებელს.
სავანელი დადუმდა და შუკვანს გამომწვევად მიაჩერდა. დარწმუნებული იყო, რომ კიტა მის სიტყვებზე იფეთქებდა, მაგრამ მისდა გასაკვირად ასე არ მოხდა. სვანი უხმოდ იდგა წარბშეკრული და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ელის ნათქვამს გონებაში წონიდა. ეს არ იყო მისი ჩვეული რეაქცია. ელმა ყურადღებით მოუთვალიერა სახე. რა შეიცვალა? რაღაც აშკარად შეიცვალა, მაგრამ რა? ფიქრს ვეღარ ჩაუღრმავდა, რადგან აზრი კანდელაკმა გააწყვეტინა:
- ერთი წუთით… - წამოიწყო გაუბედავად - დამაცადე გავიაზრო… ფიქრობ, მთელი ეს პერიოდი მონარქი ვიღაცამდე მიღწევას ცდილობდა და ეს ვიღაც კახაძეა?
- არა, - ცივი მზერა კანდელაკზე გადმოიტანა - ასე რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ მოუღებდა ბოლოს მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
ტყეში… მაშინ, იმ უბადრუკ ადგილას ავალიანთან ერთად მარტო არ ყოფილა. მონარქს, რომ კახაძის ინტერესი ჰქონოდა იქვე მოკლავდა. რა შეუშლიდა ხელს? დევნისას ყველანი ტყეში დაიფანტნენ. კახაძე ბოლოს მარტო დარჩა გულწასულ ჭკადუასთან ერთად, როცა თვითონ ავალიანთან ერთად გაეცალა იქაურობას. მოკლავდა. აუცილებლად მოუღებდა ბოლოს, ამისთვის შესაბამისი დროც და შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ არა. რატომ? დიდი ხანი იყო ამაზე ფიქრობდა და დაასკვნა, რომ კახაძე მონარქისთვის კომპასის მოვალეობას ასრულებდა. მისი დახმარებით უნდოდა იმ ადამიანზე გასვლა, ვისაც წლები იყო დევნიდა. მაგრამ ვინ იყო ეს მეორე? მიხეილ არეშიძე, თუ სხვა ვინმე? ევა არეშიძემ მამამთილი ახსენა. ამბობდა, ნამდვილი ურჩხულიაო.
შუბლი ნერვიულად მოისრისა, მისი თითოელი ჰიპოთეზა, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი იყო და მეტი არაფერი, ყოველგვარი დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე.
- ელ? - კანელაკმა თვალწინ გაუქნია ხელი - მისმენ?
- ა? - გამოერკვა და თვალები აახამხამა.
- როგორ ფიქრობ, ვის და რის გამო ეძებს მონარქი თავის სამიზნეს?
საფეთქელი დაიზილა და უნებურად შუკვანისკენ გაექცა მზერა. მთელი ეს დრო უხმოდ იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა სავანელს. მის მზერაში რაღაც შეცვლილიყო, რაც მოსვენებას უკარგავდა. რატომ ვერ კითხულობდა მის აზრებს? როდის მერე გაჩნდა ამ ორ შორის იმხელა ბარიერი, რომ ერთმანეთს ასე დაშორდნენ?
- კახაძე და მისი დამქაშები ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებულნი. ვფიქრობ, მონარქი ამ ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. ან მსხვერპლია, ან მსხვერპლის ახლობელი, რაც შურისძიების მოტივს ხსნის. იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე წინ მიიწევს და გზად გვამებს ტოვებს, მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ მიზანს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. კახაძე რიგითი პაიკია, მისი მოსპობა მხოლოდ დროის საკითხია.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. კანდელაკი მოსმენილს აანალიზებდა გონებაში, შუკვანი კი დოინჯემორტყმული ისევ ერთ ადგილზე იდგა გაქვავებული და დაჟინებული მზერით ხვრეტდა სავანელს. ელმა თვალი გაუსწორა:
- იტყვი ბოლოს და ბოლოს რისი თქმაც გინდა? - ნერვებმა უმტყუნეს სავანელს.
- დიდი ხანია ამის შესახებ იცი. ხომ ასეა, ელ?
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ?
- ავალიანმა მონარქის შესახებ დიდი ხნის წინ გითხრა სიმართლე. ვცდები?
ელს არ უპასუხია. მაგრამ შუკვანი მისგან დასტურს არც ელოდა:
- ჯერ კიდევ მაშინ გაგანდო სიმართლე, როცა ტყიდან დაბრუნდით უკან, - დინჯად აგრძელებდა - ორიგამი გაჩვენა, სადაც წარწერა იყო გამოსახული. მონარქის შეტყობინება, რომელიც პოლიციას დაუტოვა. ის ერთადერთი იყო, რომელმაც მისი ამოკითხვა შეძლო, რადგან მონარქს მანამდეც შეხვედრია. ხომ ასეა? ნანახი გქონდა ავალიანის იარები. მიგახვედრა, რომ მას და მონარქს ერთი წარსული აქვთ. ვცდები, ელ?
სავანელი ისევ დუმდა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. საიდან იცოდა შუკვანმა ამდენი რამ?
- ავალიანმა დიდხნიან მტრობას ზავი გამოუცხადა? - გაეღიმა ცივად - ყველაფერი გითხრა?
- სწორად აღნიშნე, - შუკვანი სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან - ბავშვობის მტერმა სიმართლე მითხრა, მაშინ როცა ჩემმა ახლო მეგობარმა პირში წყალი ჩაიგუბა.
- ავალიანის პირადი ინტერესი არაფრით ეხება ჩვენს საქმეს.
- სერიოზულად? - ნერვიულად გაეცინა - მთავარ მოწმეს უმნიშვნელო პიროვნებად თვლი?
- უმნიშვნელოა, - მიუგო ცივად - რადგან მისგან იმას ვერ მოვისმენ, რისი გაგებაც მჭირდება.
- და რისი გაგება გჭირდება ელ? - იფეთქა - რისი მოსმენა გინდა? რისკენ მიისწრაფი? იმიტომ, რომ შენი სურვილები და ნაბიჯები უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება ჩვენთვის. არ გვენდობი. ყველაფერს გვიმალავ, ზურგუსკან მოქმედებ, მაგრამ ჩვენგან დახმარებას ელი. რა დავარქვა ამ სიდებილეს? რისთვის შემოგყევით ამ მარაზმში? რისი გულისთვის? რა გინდა სინამდვილეში? ვინ გჭირდება? მონარქი? კახაძე? თავისუფლება? ოჯახი, რომელსაც წლებია გაურბიხარ? მორჩი ათასი მიზეზის უკან ამოფარებას და ერთხელ მაინც იყავი გულწრფელი! რას ვაკეთებთ? რა ჯანდაბას ვაკეთებთ ამ ქაოსში?
ისეთ ხმაზე იყვირა, გვერდით მეზობელმა ტელევიზორს ხმა ჩაუწია, რომ ავანტურისთვის მიეყურადებინა. კანდელაკი გაშტერებული იჯდა სკამზე და ხან ერთ გადახედავდა, ხან მეორეს. შუკვანი სიბრაზისგან კანკალებდა, სავანელს კი ისევ უემოციო ნიღაბი აეფარებინა სახეზე.
სანამ ვინმე ხმის ამოღებას მოასწრებდა, შუკვანს ტელეფონი აუზუზუნდა ჯიბეში. გამოერკვა, მრისხანე მზერა ელს მოაშორა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. არც დაუხედავს ეკრანისთვის ისე უპასუხა. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, ყურმილიდან რაღაც შეატყობინეს. მოკლედ უთხრა - გამოვდივარო და ტელეფონი გათიშა.
- სარანგიძემ და ავალიანმა რეხვაძის გვამი იპოვეს. უნდა წავიდე.
გადაულაპარაკა კანდელაკს და ოთახიდან ისე გავიდა სავანელისთვის ზედ აღარ შეუხედავს. კარის გაჯახუნებამ ლიზა მთელი სხეულით შეაკრთო.
- ელ… - ხმა გაუწვრილდა კანდელაკს და ნელა წამოიმართა სკამიდან - რას აკეთებ? ასე მას სამუდამოდ დაკარგავ.
სავანელმა არ უპასუხა. სახეზე ხელი ჩამოისვა, შეტრიალდა და საძინებელში გაუჩინარდა. როცა ზურგსუკან კარი ჩუმად მიიხურა, კანდელაკი ისევ სკამზე დაეშვა მოწყვეტით. ზღვისფერ თვალებს ცრემლი მოაწვათ. ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებაო, გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.



*******
2020 წელი, რამდენიმე დღის შემდეგ, მესხეთის ქუჩა, 20:25 წთ, „პატარა ქალაქში”.
ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, სადარბაზოდან გამოსული სარანგიძე შენიშნა. ცრემლიან სახეს ხელის ზურგით იწმენდდა. მანქანას უახლოვდებოდა, პატარა სხეული რომ წამოეწია და წელზე მოეხვია.
ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ უკან ადევნებულ, შავთმიან ქალს თვალი მოჰკრა და შეჩერდა. აღელვებული, ბავშვს მივარდა და რედაქტორის ტანს, ლამის ძალით მოაშორა.
სხეული დაეჭიმა. თითები აუკანკალდა. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ატირებულ ბიჭუნას, რომელსაც გოგონას გაშვება არაფრით სურდა. გაციებულ გულში პირველად იგრძნო რაღაც, ძალიან მძიმე და მტკივნეული.
მოშორებით მდგარს, საუბრიდან სიტყვაც არ ესმოდა. სულს უღონებდა ბავშვის ცრემლები, მაგრამ მიახლოება ვერ გაბედა. რაღაცაზე შეთანხმდნენ - საიმონმა თავი დაუქნია და ქალს მანქანაში ჩაჯდომის უფლება მისცა.
ჟურნალისტი საბურავების წივილით გაეცალა უბანს. მზერა ბავშვზე გადაიტანა, - ცრემლიან თვალებს მუჭით ისრესდა. შავ ქოჩორში გამორეულმა ვერცხლისფერმა თმამ, კიდევ ერთი ძლიერი ბიძგით დაასაჩუქრა. დედამ დაუყვავა, თავზე მოეფერა და ასლუკუნებული სახლისკენ გაიყოლა.
ერთი ნაბიჯი წინ გადადგა... ტკივილისგან ყბა მოეღრიცა. იქამდე ადევნებდა თვალს ბიჭუნას, სანამ მისი ფიგურა სრულად არ გაუჩინარდა. აქ, მოსვლა შეცდომა იყოო! გაბოროტებული, კაპიუშონს სახისკენ დაექაჩა და მძიმე ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.


******
იგივე დღე, 22:05 წთ, სოფლის სასაფლაოზე…
მელნისფერი ცა შავ ღრუბლებს ჩაემუქებინათ. არც მთვარე ჩანდა და არც ვარსკვლავები. გარეთ ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერ მიიტანდით. გორაკს ჩამუქებული ტყე შემორტყმოდა, ავისმომასწავებლად ირხეოდნენ ცივ ნიავს აყოლილი ხის კენწეროები. ტყის შუაგულიდან ბუს კივილი მოისმოდა.
სოფლის სასაფლაო შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა სიბნელეში. აქა-იქ ნახევრად ჩამწვარი სანთლები ციალებდნენ. მათ მკრთალ შუქში ქვაზე ამოტვიფრული სახეები უსიცოცხლოდ იმზირებოდნენ. რა წამსაც საფლავის ქვებს შეერია ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მკვდრები ხმადაბლა აჩურჩულდნენ. გეგონებოდათ უცხო პირის შემოჭრა იგრძნესო მშვიდ სავანეში.
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ბნელოდა და დიდად გზას ვერ ხედავდა, ფეხებს თავისით მიჰყავდათ საძულველი ადგილისკენ. აქ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, შორიდან უყურებდა დასაფლავებას. მიუხედავად იმისა, რომ დაიფიცა არ წავალო, გულმა არ მოუთმინა. არა იმიტომ, რომ გამომშვიდობება უნდოდა, არა - ძმის მარტო დატოვება ვერ შეძლო ტურების გარემოცვაში.
ახლა კი მეორედ მოადგა იგივე ადგილს. დაკარგული სულივით დაეხეტებოდა საფლავებს შორის და პასუხებს ეძებდა. პასუხებს, რომლებსაც ვეღარასდროს მოისმენდა „მისგან”. საჭირო ადგილს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. თვალი მოავლო მოუვლელ საფლავს, მიწას სარეველა მოსდებოდა. გამხმარი ყვავილებიც კი არსად ჩანდა. მომცრო საფლავის ქვას ძველისძველი სანთლის ნაღვენთებიღა შერჩენოდა, ეგ იყო და ეგ.
მიხვდა, სულა სავანელს, არავინ აკითხავდა. მისი დები, გულამომჯდარნი რომ დასტიროდნენ მიწისკენ მიმავალს და ნათესავები, კივილით რომ იხევდნენ ტანსაცმელს ტანზე მხოლოდ და მხოლოდ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო, რიტუალის ნაწილი, რათა მეზობლებს ეთქვათ „სათანადოდ გააცილესო”. ირონიულად ჩაიფრუტანა და მიმოიხედა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სასაფლაოს მის გარდა სულიერი არავინ სტუმრობდა და იქვე ქვასთან ჩამოჯდა.
- ბოლოს რომ „მოგინახულე” დიდი სტუმრიანობა გქონდა, ახლა კი შენთვის გამხმარი ყვავილიც არავის მოაქვს, - თავი მიატრიალა და საფლავის ქვას შეხედა, რომელზეც მხოლოდ გარდაცვლილის სახელი, გვარი და დაბადება-გარდაცვალების თარიღი იყო წაწერილი - იცი ადამიანი მართლა როდის კვდება? როცა ის აღარავის ახსოვს. გული ნუ დაგწყდება, რაც დათესე იმას იმკი.
ტყის შუაგულიდან ისევ ბუს კივილი მოისმა. სადღაც მოშორებით მგელი აყმუვლდა. ჟრუანტელის მომგვრელი ღამე იდგა, სავანელს კი რატომღაც რეაგირება არ ჰქონდა ბუნების ხმებზე.
- დიდი დრო გავიდა - გააგრძელა ხმადაბლა - მე კი სახლში დაბრუნება კვლავ არ შემიძლია. ერთადერთი ხარ ვინც მიზეზი იცის. ალბათ ამიტომაც დავარღვიე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა და მოგაკითხე.
თვალი მოავლო ჩაბნელებულ სასაფლაოს. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. გრილმა სიომ სწორი თმა ნაზად აუფრიალა.
- იმ ღამეს როცა შენს ავადმყოფობაზე მიამბე, შიშიგან ხმის ამოღება ვერ გავბედე, რადგან მსგავსი სიმპტომები საკუთარ თავში მქონდა შემჩნეული. უძილობა, ხმები გონებაში, ჰალუცინაციები… ამაზე ხმამაღლა არავისთან მისაუბრია, მაგრამ ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ სხვებს არ ვგავდი. ჩემში მუდამ იყო რაღაც აუხსნელი, ბნელი და უკონტროლო. მას შემდეგ როცა პირველად დაგინახე სახლის ზღურბლზე თავპირდასისხლიანებული ვერ გიცანი. შემეშინდა ისე როგორც არასდროს. იმ დღის შემდეგ კოშმარები დამჩემდა. თავი უკეთ რომ მეგრძნო გონებაში „მეგობარი” გამოვიგონე, რომელსაც გულახდილად ვუზიარებდი გრძნობებს. სახელიც კი დავარქვი -კარიო. - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა - მას შემდეგ მუდამ ჩემ გვერდით იყო, როცა მისი დახმარება მჭირდებოდა. რაც უფრო ვიზრდებოდი მისი ხმა უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. სად გადის ზღვარი ფანტაზიასა და სიგიჟეს შორის? როდის კარგავს ადამიანი რეალურობის შეგრძნებას და თავით ეშვება ილუზიებში? ამაზე პასუხი დღემდე არ მაქვს, მაგრამ სიმართლე ითქვას ამას აღარც აქვს მნიშვნელობა. კარიო ჩემს ალტერეგოდ იქცა, ერთგვარ ფარად ჩემს ქვეცნობიერში. ყოველ ჯერზე როცა შიში მიწამლავდა სხეულს ძალას მაძლევდა თავი მაღლა ამეწია და თვალი გამესწორებინა პრობლემისთვის - ანუ შენთვის სულა. რომელი ბავშვი უმიზნებს მშობელს იარაღს? არადა, მაშინ ტყვია რომ მქონოდა მჭიდში დაუფიქრებლად გესროდი. რომელი საღად მაოზროვნე შვილი ემუქრება მშობელს დანით? და ყოველი ჩემი ქმედება თავდაცვის მიზნით იყო ნაკარნახევი. ახლა რომ ვუფიქრდები ჩემში ყოველდღიურად წვეთ-წვეთად ივსებოდა ფიალა პირთამდე, საბოლოოდ კი ჯებირები გადმოლახა, როცა დედას დანა დაარტყი, მე კი სიკვდილისთვის გამიმეტე და ადიდებულ მტკვარში მომისროლე. იმ ღამეს ჩემში რაღაც გადაიწვა, აბოლდა და ცეცხლი მოედო. ფერფლად იქცა ყველაფერი ნორმალური, რაც სამყაროს ჯერ კიდევ მაკავშირებდა.
თავი ჩახარა და მიწაზე წამოზრდილ ბალახს თითები გადაატარა. უნებურად ფსიქიატრიული მოაგონდა, როცა ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოვიდა ეზოში და მიწაზე ამოსულ ბალახს თითის ბალიშებით შეეხო. კანი აებურძგნა.
- ექვსი წელი საგიჟეთში გავატარე. ექვსი უბედრუკი წელიწადი ვცდილობდი საკუთარი თავისთვსი დამემტკიცებინა, რომ ჯანმრთელი ვარ და კარიოსთან საუბარი შევწყვიტე. ყოველ შემთხვევაში ამას მთელი ძალით ვდილობდი, მაგრამ იმ წყეულ ოთხ კედელში მის გარდა არავინ მყავდა, არავინ ვისაც ჩემი გაგება შეეძლო. შეძლო თუ არა სევერინმა ჩემი განკურნება? მეეჭვება, რადგან დღემდე დაცურავს ჩემში სქელი ბურუსი, რომელიც არავინ იცის, როდის გამოუშვებს სიღრმიდან შხამიან ქვეწარმავალს. ყოველ ჯერზე როცა გაღიზიანება მიპყრობს, ჩემში რაღაც უმართავი ხდება. თავში საშინელი აზრები მომდის. ძალიან ბნელი და უკუღმართი. ყველაზე ირონიული იცი რა არის? მკვლელობამდე საქმე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ მთელი გულით მეზიზღები. არ მინდა დაგემგვანო, არ მინდა შენი ნაბიჯებით გავიკვალო გზა. თუმცა… არავინ იცის, რამდენ ხანს შევძლებ ჩემში დამწყვდეული მხეცის შეკავებას. მეშინია, რომ ერთ დღესაც წყობიდან ისე გამოვალ ჩემში აღარავინ დარჩება, ვინც შემაჩერებს, რომ უკანასკნელი არ მოვიმოქმედო. ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს ვგავარ და მეშინია ამ ნაღმის ოჯახს მიკარება. ყოველ ღამით საიმონზე ფიქრი მტანჯავს. რა მოხდება, თუ ერთ დღეს ჩემ ადგილას ჩემი ძმა აღმოჩნდება, მე კი შენ ადგილს დავიკავებ? ამას სიკვდილი მირჩევნია. როგორც იქნა მათი ცხოვრებიდან გაუჩინარდი, დედას ვეღარავინ მიაყენებს ზიანს. არ მინდა მათ ცხოვრებაში მორიგ წყევლად გამოვჩნდე. უბრალოდ არ შემიძლია…
ლოყაზე ჩამოგორებული ცივი ცრემლი ხელის ზურგით შეიწმინდა.
- იცი რა მინარჩუნებდა საგიჟეთში სიცოცხლის წყურვილს? შურისძიება. ჰოდა, აი აქ ვარ. ჩემი უბადრუკი სული ვერასოდეს შეწყვეტს ბორგვას, სანამ თითოეულ მათგანს, რომელმაც ჩემს ოჯახს ცხოვრება დაუნგრია, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად არ ვუქცევ. სია ნელ-ნელა იცხრილება. ალბათ დასასრულიც მალე მომიკაკუნებს კარზე. რა იქნება შემდეგ? კარგი კითხვაა…
ცივმა ნიავმა ისევ აუფრიალა თმა, სავანელს თვალები დაეხუჭა. გონებაში შუკვანის სახე ამოუტივტივდა და ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
- არ ცდებოდი, როცა კიტასთან ურთიერთობას მიშლიდი, - გაჭირვებით წარმოთქვა. ყელში ბურთი გაეჩხირა - მაგრამ ის არასდროს წარმოადგენდა ჩემთვის საფრთხეს, ეს მე ვიყავი მისთვის საშიშროება. ჩემს ბნელ სამყაროში მისი ადგილი არ არის. არც არასდროს ყოფილა.
უჭირდა ამის ხმამაღლა თქმა. მეტიც შიშს ჰგვრიდა სიმართლის აღიარება, რომელსაც ვერსად გაექცეოდა. დაუფიქრებლად მოიქცა, გრძნობებს აჰყვა და თავისუფლებაზე მყოფმა მაშინვე შუკვანს მიაკითხა. ისევ შეიჭრა ბიჭის ცხოვრებაში და მთელი სამყარო თავდაყირა დაუყენა. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს, თავს უფლება მისცა დადგენილი ზღვარი გადაელახა, რითაც მათი მეგობრობა უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ყველაფერი ქაოსმა მოიცვა.
მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი რეალობის წინაშე. მხოლოდ მაშინ გაიაზრა დიდი ცვლილებები, როცა მისთვის სიმართლის დამალვა დაიწყო. მიხვდა, რომ ის ელი აღარ იყო, როგორიც კიტას ახსოვდა ექვსი წლის წინ. უნდობლობა სისხლსა და ხორცში გასჯდომოდა. ფსიქიატრიულში გატარებულმა დრომ თავისებური დაღი დაასვა, რომელსაც შუკვანიც კი ვერაფერს მოუხერხებდა.
როგორ აეხსნა მეგობრებისთვის, რომ ამას გამიზნულად არ აკეთებდა? რომ მისი სხეული და გონება მას ძველებურად აღარ ემორჩილებოდა? როგორ ეთქვა, რომ შიგნით მუდამ რაღაც ბლოკავდა, როცა ადამიანები მასთან ახლოს მისვლას ცდილობდნენ? როგორ გაენდო მათთვის მისი დაავადების რეალური ვერაგი ბუნება, როცა თავადაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა რატომ იქცეოდა ასე და არა სხვაგვარად? მხოლოდ სევერინი გაუგებდა, სევერინი იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც მისი უსიტყვოდ ესმოდა და ის უკვე აღარ იყო ცოცხალი.
- ჩემი წასვლის დროა… - სახეზე ჩამოგორებული ცივი ცრემლები ხელის ზურგით შეიწმინდა და წამოდგა - აქ მოსვლა უაზრობა იყო, ვეღარასდროს გავიგებ, რისთვის გაგვიმეტე სასიკვდილოდ.
ბოლოჯერ შეავლო თვალი მოუვლელ საფლავს და მძიმე ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. მთვარე ისევ ღრუბლებში იმალებოდა. უკუნით სიბნელეში თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი…



*******
2020 წელი, გლდანის მეშვიდე მიკრო, 22:59 წთ, თბილისი.
ყრუდ გატკაცუნდა სენსორი. ჩაბნელებულ დერეფანს ნათელი მოეფინა. ფრთხილი ნაბიჯით მოიპარებოდა სავანელი. რუხი ფერის კარს მიუახლოვდა. თვალში მოხვდა N25. მიმოიხედა, რომ დარწმუნდა ჰოლში მარტო იყო, ჩაიცუცქა და საკეტს დაუწყო წვალება.
ორიოდე წუთში ჩუმი ჩხაკუნით შეიღო კარი. მეორედ გატკაცუნდა სენსორიც. ბნელმა შთანთქა უკანონო შეჭრა, თავისი მოქმედი კრიმინალით. ელი მოხერხებულად შესხლტა ღიობში.
ხელთათმნიანი ხელი მოაფათურა. ჩამრთველს მიაგნო და თითი აჰკრა. სუსტად მბჟუტავმა ნათურამ ჟანგისფერი ათინათით აავსო ოთახი. შმორისა და სიძველის სუნი ეცათ ნესტოებს - საშინელი აურის თანხლებით!
მისაღებს ერთი გაცვეთილი სავარძელი ამშვენებდა, მტვრიანი, მრგვალი მაგიდით. ფანჯრებს ნაცრისფერი ფარდა ფარავდა. სამყაროს უმალავდა უცნაურ, მარტოსულ ადგილს.
ოთახის კუთხეში კარი მოჩანდა, გაცვეთილი, ოქროსფერი სახელურით. ზურგსუკან მიმალულ პისტოლეტს წაეტანა. დამცველიც მოხსნა, ყოველი შემთხვევისთვის. ფრთხილი ნაბიჯით მიიპარა, კარს ხელი ჰკრა და იარაღი სწრაფად შემართა.
ყრუდ გაიჭრიალეს ჟანგიანმა ანჯამებმა. ბნელმა ავი სიმშვიდით მიიპატიჟა ცნობისმოყვარე სტუმარი. კედლებზე უცნაურობა დალანდა. წარბშეკრულმა თამამად შეაბიჯა და მეორედ მოიშველია ჩამრთველი.
ნათურა წითლად აინთო. ყოველი მხრიდან, შავ-თეთრმა ფოტოსურათმა შემოხედა, რუხი პრინტებით. გაოცებულს ყბა ჩამოუვარდა. იარაღი დაუშვა. მზერა მოატარა ფოტოგალერეას - მის დღეში, არაფერი ენახა მსგავსი!
ოთახის მარცხნივ, კედლის ნაწილი, ახალგაზრდა ქალის ფოტოებით იყო მორთული და მის ყოველდღიურობას ჰყვებოდნენ - სახლი, სამსახური, სამეგობრო, დაუგეგმავი პიკნიკები, დაგეგმილი პაემნები, მოულოდნელი ვიზიტები და უხერხული მომენტები, ინტიმური კადრებით!
ერთი ფოტოსურათი, რომელიც ალბათ, ყველაზე მეტად მოსწონდა ფოტოგრაფს, გალერიის ცენტრში განეთავსებინა. - მილენა სარანგიძე, მამაკაცის პერანგში გამოწყობილი, ვერანდაზე ნებივრობდა. შიშველი ფეხები მოაჯირზე შემოეწყო. ახალგაღვიძებულს ქუთუთოები შესიებოდა. გაღეღილ მკერდზე ჩამოყრილი გრძელი თმა ოდნავ ასწეწოდა. მაცდურად უღიმოდა ფოტოგრაფს.
- რა ჯანდაბაა?! - აღმოხდა გაოგნებულს.
კედლის მარჯვენა კუთხეზე გადაიტანა მზერა. შავ-თეთრი კადრები რადიკალურად ცვლიდნენ ისტორიას - 11 გაუხსნელი მკვლელობით! ფოტოსურათებს დანართები ჰქონდათ მიწებებული, რაღაც ანოტაციის მსგავსი - თითოეული გარდაცვლილის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰყვებოდნენ, მიმდევრობით.
უკან დაიხია, ჯერ ერთ განყოფილებას შეხედა, შემდეგ მეორეს - ახლაღა შენიშნა სურათების განლაგების პრინციპი და აღტკინებულს თვალები დაუმრგვალდა - უზარმაზარ პეპელა მონარქს ფრთები გაეშალა ოთახში!
შემაძრწუნებელ სანახაობას მოლბერტი აგვირგვინებდა, ზეთში შესრულებული ნახატით. ტილოდან თაგვისფერთმიანი ბიჭუნა იმზირებოდა - თხილისფერ თვალებში ტკივილი ეღვრებოდა. მხატვარს, პორტრეტის ყოველი დეტალი გათვლილი ჰქონდა. სახის დამახასიათებელი ნაკვთები, მცირედი მიმიკური ნაოჭებით, ზედმიწევნით ზუსტად გადმოეტანა ტილოზე.
თვალები დაუვიწროვდა. მოლბერტს ფოცხვერივით შემოუარა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და საერთო სურათს დააკვირდა - პორტრეტი, „პეპლის გულში“, ანუ ცენტრში მოეთავსებინათ! თავსატეხის მთავარი კვანძივით! მიხვდა - მთელი ეს საძაგლობა, მას მიუძღვნეს!
გაოგნებულმა სერიული მკვლელის ბუნაგი მოათვალიერა და კუთხეში მდგარ სამფეხა სკამს მოჰკრა თვალი. ზედ რაღაც იდო. ნელა მიუახლოვდა და ძველისძველი წიგნაკი ხელში აიღო. გადაფურცლა - ნახაზებმა, წარწერებმა და ჩანახატებმა თვალიმომჭრელად გაიელვეს. დღიური აღმოჩნდა.
წარბშეკრული შუა გვერდზე შეჩერდა. ისევ ნახატს მიუახლოვდა და დღიური მაღლა შემართა. ფურცელსა და ტილოზე, ერთი და იგივე ბავშვი იყო გამოსახული!
კაპიუშონი გადაიძრო. მოლბერტის წინ ფეხმორთხმით დაჯდა და წიგნაკის კითხვა დაიწყო. პირველივე წინადადებაზე, თვალები გაუფართოვდა:
2001 წელი, თურქეთი, სტამბოლი, 20:15 წთ...
- Kaç çocuk var?
- Beş erkek ve üç kız
წარბშეკრულმა ნიკაპზე გაივლო ხელი - ნადავლი ეცოტავა. ირანელს ხუთ გოგოს შეჰპირდა. ავანსიც წინასწარ წაართვა. შეხვედრა მომავალ კვირას ჰქონდათ დაგეგმილი, დროში იწვებოდა! შარში ვარო! - ნერვიულად მოისრისა კისერი.
- Tamam Bayiye götürün!
ქვეშევრდომმა თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. სქელი უკანალი ოხვრით ჩაასვენა სავარძელში და კარზეც მიუკაკუნეს. ზღურბლზე მელოტი გამოჩნდა. ულვაშას, ახალმოსულის ხილვა დიდად არ ეპიტნავა. ორი თითით იხმო - შემოდიო!
- გამარჯობა, მუსტაფა.
ქართული სიტყვები ეხამუშა მასპინძელს. მაინც დაუკრა თავი. ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის პარტნიორები იყვნენ. თათარმა ცოტა ქართულიც კი, ისწავლა.
- გისმენ... რამ შეგაწუხა?
- საქონელი მოგიტანე.
- ალააჰჰ! თავიდანვე ასე დაგეწყო! - თვალები გაუბრწყინდა.
ქართველებს, განსაკუთრებით მაღალი ფასი ჰქონდათ შავ ბაზარზე! ეშხიანები არიანო - ტრიპაჩობდნენ მყიდველები. სტუმარმა, დერეფანში მომლოდინე მეწყვილეს, თვალით ანიშნა რაღაც. ოთახში ორი ბიჭი შემოიყვანეს.
- ვაააიიი, ვაააიიი, ვაააიიიი... - საშინლად კმაყოფილმა, ხელები მოიფშვნიტა და „საქონელი“ ყურადღებით შეათვალიერა - რამდენი წლისანი არიან?
- ოთხის და რვის, ფაშა!
- ოოო, კახაჯან, - ტუჩი ყოყმანით მოეღრიცა - უმცროსს დავიტოვებ, თამამ! მაგრამ ის მეორე დიდია.
- კარგი, რა მუსტაფა! - უკმაყოფილება დაეტყო ვაჭარს - რამდენიმე წელი რას გიწყვეტს? თან ჯიშიანია, ქუჩის მაწანწალა არ გეგონოს! კავკასიის მთების შვილია! შენს მთელ „ფერმას“ გადაწონის!
- ოოო... მართლა? - დაინტერესდა.
ლამაზი პირი-სახე ხარბად მოუთვალიერა. მტურლად მომზირალ ბავშვს, შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა.
- ყოჩია! ყოჩი! - მელოტმა სიცილით დაჰკრა ხელი კისერზე.
- აიი, ალაააჰ! - დანანებით გაიქნია თავი - შენ გამაკოტრებ, კახაჯან! კარგი, ჯანდაბას ჩემი თავი, დავიტოვებ! ერთი ბელარუსიელია, პრეტენზიული კაცია. ამ ვაჟკაცს გავაცნობ! უყვარს ქართველები!
- უბრალო ქართველი არ გეგონოს - შეაპარა - სვანია!
- სვანი? - თვალები დაუმრგვალდა თათარს - მანიაკი მომიყვანე, ქარდეშ ?
- ხომ გითხარი, ჯიშიანია-თქო?!
მუსტაფა ბიჭისკენ დაიხარა და გომბეშოს გაწელილი პირით გაუცინა. შავი დიდი ულვაში მაღლა აეპრიხა და ჩაყვითლებული კბილები გამოუჩნდა.
- ქუზუ , რა გქვია?
- აქედან რომ გავალ... - დაიჩურჩულა ხმადაბლა - ჯერ შენს სისხლს დავლევ, მერე ამისას!
თავი მელოტისკენ გაიქნია. ულვაშას უკმაყოფილოდ შეერხა ბალანი და ბავშვი შემფასებლურად შეათვალიერა.
- ვაააიი, კახაჯან, შენს თავს?!
წელში მოხრილმა მზერა ნელა გადაიტანა გადამყიდველზე.
- თამამ, ვიტოვებ! ვატყობ, კარგად გავერთობით... ქემალ!
თმაგადაგლესილი, ტარაკანივით შავი, მამაკაცი სწრაფად შემოქანდა სარდაფში. მუსტაფამ ბიჭებზე ანიშნა - გაიყვანე და ცალკე დილეგში დაამწყვდიეო.
თვითონ სეიფისკენ შებრუნდა. დოლარების შეკვრა გამოიღო და კმაყოფილ მოვაჭრეს, მსუყე გასამრჯელო ჩაუთვალა.
ქემალი ქეჩოში ჩააფრინდა ბავშვებს და ცხვრებივით წინ გაირეკა. უფროსმა სვანმა უხეშად აუკრა ხელი და მუსტაფას ავად გამოხედა:
- ყველაფერი დავინახე!
- გამოადგი ფეხი! - შეუყვირა შავტუხამ.
- მოიცა, ქემალ, ათქმევინე! - თვალები ავად გააკვესა ულვაშამ - რაო, ქუზუ?
- დავინახე, რას უკეთებთ ბავშვებს... - თათარის ფეხებთან ღვარძლით დააფურთხა - სვანი არ ვიყო, თუ ამ ბავშვების ცოდვა სისხლად არ გადინო, ძაღლო!
- კახაჯან, გაიგე რა თქვა, მანიაკმა?! ჯერ ჭიაყელაა და უკვე სისხლისმსმელია. ეს რა გაიზრდება?! - ახითხითდა თვალებანთებული - სახელს მაინც არ გვეუბნები, ქუზუ?
- როცა მოგაკითხავ... ჩემი სახელი უკანასკნელი იქნება, რასაც მოისმენ! სვანის სიტყვას გაძლევ...
„დღიური“ ისევ აშრიალდა და ამჯერად მომდევნო გვერდი გადაშალა. ტრანსში მყოფი ელი, გონების თვალით უცქერდა წარსულს, რომელმაც საფუძველი დაუდო სისხლიან აწმყოს:
ტყვეობის მეშვიდე დღე, 23:14 წთ.
მოზრდილი სარდაფი ციხის პრინციპით მოეწყოთ. მომცრო დილეგები მსხვილი გისოსებით იყო შემოსაზღვრული. თითო საკანი სამ ტყვეს იტევდა. ჯურღმულს ორადორი ფანჯარა ჰქონდა დატანებული, დღისით მზის სხივებს, რომ შემოეღწიათ.
- მუხბე ...
მხართეძოზე წამოწოლილ დანიილს შიმშილისგან მუცელი უბუყბუყებდა. ტყვეებს მხოლოდ დილა-საღამოს აჭმევდნენ. მთელს ულუფას კი, მომცრო პური შეადგენდა ჭიქა წყლით.
- ოდესმე მონარქი გინახავს? დიდი, ლამაზი, ჭრელი ფრთებით...
ჭუჭყიანი თითით, ჰაერში წარმოსახვითი პეპლის კონტურები მოხაზა. მეორე ტყვე ქვის კედელს თვალდახუჭული მიჰყრდნობოდა. მკლავები მუხლებზე გაეშალა და ჭრიჭინებს აყურადებდა განაბული. კოჭზე გამობმული ჯაჭვით, საკნის გისოსებზე იყო მიბმული.
- ერთ დღეს, მეც მასავით თავისუფალი ვიქნები... აქედან გავფრინდები, შორს... ძალიან შორს... თავისუფლები ვიქნებით, მუხბე!
უფროს სვანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. დანიილს ცარიელმა კუჭმა ხმაურიანად შეახსენა თავი. მეწყვილემ ცალი ფეხი გაშალა, ჯიბეში შენახული პურის ნაჭერი ამოიღო და უმცროსს გაუწოდა.
- გამომართვი.
- მერე შენ?
- არ მშია.
აღშფოთებულმა კუჭმა მტკივნეულად შეუტია შიგნიდან. კბილი კბილს დააჭირა და მეგობარს თავისი წილი გაუწოდა - მასზე დიდი ვარ, მოვითმენო!
დანიილს მადლიერებისგან თვალები აუცრემლდა. გაფშეკილი პური გამოართვა, პირისკენ გააქანა და სარდაფის კარიც გაიღო. ზღურბლზე ორი გავეშებული თათარი გამოჩნდა.
- ქუზუ! - დაჰყეფა გაჯავრებულმა - ხომ გაგაფრთხილე, არავითარი გაყოფა-მეთქი!
ბავშვს პური ხელიდან გაუვარდა. შეშინებული უფროსი მეგობრის ზურგს ამოეფარა.
- შეეშვი! მისი ბრალი არ არის!
აღრიალდა, როცა პატარას ქეჩოში ჩაავლეს ხელი და დერეფანში ძალით გამოათრიეს.
- მაგაზე აქამდე უნდა გეფიქრა! წესები ხომ იცი? 25 მათრახი!
- მე, დამსაჯე! ბავშვს შეეშვი!
გაიბრძოლა დაბმულმა, მაგრამ ამაოდ. კოჭი გადაეხეხა, გაგლეჯილი კანიდან სისხლმა გამოჟონა და მაინც ვერაფრით აიწყვიტა.
- გამომივიდა გმირი! - ჩაიფრუტუნა და ბავშვი მოშორებით გააპრონწიალა, არ მომწვდესო - ამირ! მიდი მათრახი მოიტანე!
- გთხოვთ... - ატირდა დანიილი - გეხვეწებით, აღარ შევჭამ... აღარ შევჭამ!
- შეეშვი-მეთქი! - გადაირია სვანი - ყველაზე წმინდას ვფიცავ, არ გაცოცხლებ!
- უყურე, ამ ყოჩს! კიდეც რომ მემუქრება! მე, თქვენ, გასწავლით...
დაიქადნა გაცოფებულმა. ამირს მათრახი წაგლიჯდა. ბავშვს ზედა გახადა და გამეტებით გადაუჭირა ბეჭებზე. დანიილი აწივლდა. სვანი დამშეული მხეცივით ბრდღვინავდა საკანში.
ბავშვი გაამათრახეს და ერთიანად დასისხლიანებული მეწყვილეს მიუგდეს ფეხებთან. პატარა სხეული სუსტად სუნთქავდა. ქემალმა იდაყვი გაისვა ცხვირზე და ურჩ ტყვეს დაემუქრა - მეორედ შენც ზედ დაგაყოლებო! საკნის კარი მიუკეტა და მძიმე ნაბიჯით წაჩლახუნდა.
- დანიილ... - თვალები შეშლილივით უელავდა. ბავშვი მსუბუქად შეანჯღრია - დანიილ, ხმა ამოიღე!
დანიილმა მეორე დღეს სვანის მკლავებში დალია სული. იმ საღამოს, დიდი ხნის გვალვის შემდეგ, პირველად იწვიმა...
კახაძე… დღიურის ავტორი კახაძეზე საუბრობდა. მისი ბავშვებით ვაჭრობის ამბავი არ გაჰკვირვებია, ირაკლი შუკვანმა ბევრი უამბო და თავისი ყურითაც ბევრი მოისმინა ტყეში, მაგრამ აშკარა მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებდა მაინც უცნაურად აგრძნობინა თავი. თუმცა, ეს არ იყო ის რამას სავანელის ყურადღება მიიქცია.
წარბშეკრულს დღიურში წაკითხულ ბოლო წინადადებაზე გაუშტერდა თვალი. უცნაურად იყო ნაწარმოები, ეს არ ჰგავდა ავტორის მონათხრობს, რომელიც საკუთარ თავზე ჰყვებოდა ისტორიას, უფრო ნაწარმოებიდან ამოგლეჯილ პატარა ეპიზოდს აგონებდა. დაბნეულმა თვალები აახამხამა და ამჯერად რამდენიმე ფურცელი გადაშალა და სრულიად განსხვავებული ტექსტის კითხვას შეუდგა:
ორშაბათი, 12:15 წთ.
„ბლუ ლებელი“
ბოლო დროს საგნების ერთმანეთისგან გარჩევაც მიჭირს. გონება არეული მაქვს, პერიოდულად ვითიშები. ხანდახან იმასაც ვერ ვხვდები, სად ვარ და იქ რას ვაკეთებ. ყურები მიწივის. მაგიჟებს ეს ხმა... არაფრით ჩუმდება, სანამ წყობიდან არ გამომიყვანს. გაცეცხლებული ყველაფრის ლეწვას ვიწყებ, რაც ხელში მომყვება. წყეულიმც ვიყო, ძილი მაინც შემეძლოს...

ხუთშაბათი, 01:17წთ.
დასკვნა - თეთრი უიმედობა.
დღეს ექიმთან ვიყავი. მისი ხმა ცნობიერს მიღიზიანებს. როცა თვალებში მიყურებს და ჭკვიანურად მესაუბრება მინდა ყელში ვწვდე და ძლიერად შევანჯღრიო. არაფრის მაქნისი, სულელი თეთრხალათიანი, რომელიც ცხოვრებას წიგნის ფურცლებიდან ამოკითხული ფრაზებით განსაზღვრავს! წავალ გავისეირნებ, იქნებ ცოტა დავმშვიდდე. არ მინდა გაბრიელს თვალში მოვხვდე და რამე მკითხოს, ისევ ვიფეთქებ და უნებურად ვაწყენინებ...

კვირა, 2:15.
ქაოსი ვენებში.
ვახშამზე გაბრიელი ხელებზე მაკვირდებოდა, მის მზერას თვალი გავაყოლე და აღმოვაჩინე, რომ უნებურად ცერის ფრჩხილით მაჯას ვიჯიჯგნიდი. გავჩერდი და თვალი ავარიდე. მაჯები მექავება. ასე მგონია კანქვეშ ჭიანჭველები დამდიან და მკბენენ. ხელებს ვერაფრით ვაჩერებ და ახლა იარებთან ერთად საკუთარი ფრჩხილების კვალიც მეტყობა შრამებად.
შუაღამეს კარგა ხანია გადასცდა, დაძინება ისევ მიჭირს... დამპალი გისოსები ვერაფრით მოვიშორე ცნობიერიდან... არც მოგუდული კრუსუნი ტოვებს ორგანიზმს, ჩემში დაეხეტება და ყოველ ძვალს ექოდ ეხება. მეძინება... ძალიან მეძინება...
სამშაბათი, 02:11 წთ.
სიგიჟის ზღვარზე
თითებში ცივ ლითონს ვატრიალებ. მზერა უფრო და უფრო მემღვრევა, საკუთარი თავი კანში აღარ მეტევა. შიგნიდან რაღაცას გარეთ გამოსვლა სურს. ვგრძნობ როგორ მიკაწრავს ძვლებს მრისხანების ბასრი კლანჭები, დუღს, თუხთუხებს და ვენებში მდუღარე ლავად მეღვრება. ხელები მიკანკალებს
შაბათი, 12:15 წთ.
განავალი განავალია, ახალიც და ძველიც.
ისევ უსიამოვნებები მაქვს. გაბრიელი გაცოფებულია. ამჯერად აღარ მაპატიებს. დღეს სკოლაში დაიბარეს, ჯერ ალბათ კარგად გამომლანძღავენ, შემდეგ კი საერთოდ გამომაპანღურებენ. დირექტორი არაფრით შემარჩენს მისი შვილისთვის სიფათის გასწორებას.

ოთხშაბათი, 02:01 წთ.
რას გეუბნებოდი?
როგორც ვვარაუდობდი, სკოლიდან გამომაპანღურეს. გაბრიელი დამემუქრა კიდევ ერთხელ თუ გამოგაგდებენ სკოლიდან საკუთარი ხელით მოგკლავო. ბიძაჩემის მადლიერი ვარ, მაგრამ ხანდახან ჩემი საერთოდ არ ესმის, ალბათ იმიტომ რომ თავად არ ვცდილობ მისთვის არაფრის ახსნას. არ მითქვამს, რომ დირექტორის შვილი ბავშვებზე ნარკოტიკების გასაღებისთვის ვცემე.

ორშაბათი, 01:15 წთ.
მუქი ფერები.
დღეს ახალ სკოლაში გადავედი. ყველაფერი ისევ თავიდან იწყება, უნდობელი და ეჭვიანი მზერები. საყოველთაო ყურადღება და აბეზარი კითხვები. ღმერთო, როგორ ვღიზიანდები...
არ მინდა გაბრიელს ვაწყენინო, ამიტომ კონტაქტში არავისთან შევდივარ. ისე ვერიდები ხალხს, როგორც გარეული ცხოველი. ასე ნაკლები პრობელმა მექნება... იმედია.

სავანელმა კითხვა შეწყვიტა, რადგან ზურგსუკან ნაბიჯების ხმა შემოესმა. წიგნაკი დახურა და თავი გვერდით მიატრიალა. თვალის კუთხით ხედავდა უკან ასვეტილ ფიგურას, რომელიც თავს წასდგომოდა მოულონდელ სტუმარს და მუქი საფირონისფერი თვალებით მის ზურგს ხვრეტდა. მარჯვენა შემართა და იარაღი ბეჭებში დაუმიზნა ზურგით მჯდომს.
- ვინ ხარ? - წაიჩურჩულა ავად...
ელი ფეხზე წამოდგა და ავალიანისკენ შებრუნდა. მოსეს ბაგეები აუთრთოლდა. გაოცებისგან გაფართოებულ თვალებში კი ცრემლი ჩაუდგა.
- გამარჯობა, „იაგამი”, - სავანელს ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა - დიდი დრო გავიდა.
- შეუძლებელია… - წაიჩურჩულა გაფითრებულმა - შეუძლებელია ცოცხალი იყო.
- მოჩვენებების გჯერა დეტექტივ კაცს? - იკითხა ირონიულად - იარაღი დაუშვი, სანამ გაგივარდა. ამდენი წელი იმისთვის ხომ არ მიწვალია, რომ შემთხვევით სიცოცხლეს ამ ბუნაგში გამოვემშვიდობო?
თვალი მოავლო ფოტოებით მორთულ ოთახს. არ შეიმჩნია, მაგრამ იქაურობამ ჟრუანტელი მოჰგვარა. რისთვის მოაწყო ეს სპექტაკლი? საიდან მილენას ამდენი ფოტო? უთვალთვალებდა? რისთვის? იმდენი კითხვა უზუზუნებდა გონებაში, თან საუბრის წამოწყებას არ ჩქარობდა, რადგან ჯერ სულ სხვა რამის გარკვევა უნდოდა.
- როგორ გადარჩი? - ეტყობოდა საერთოდ არ უსმენდა წინ მდგომს, იარაღი ისევ გულში უმიზნებდა სავანელს - სად იყავი ამდენ ხანს?
- ვფიქრობ, ბოლო კითხვაზე პასუხი ისედაც იცი… - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ავალიანს - მაგრამ ვერაფრით გამიგია, როგორ მომაგენი ფსიქიატრიულში?
ავალიანი მანამდე თუ ფიქრობდა, რომ ვეღარაფერი გააოცებდა ზუსტად იმ წამს მიხვდა, რომ მწარედ ცდებოდა.
- ელისაბედ უშხვანი… ეს შენ იყავი.
წარმოთქვა არაამქვეყნიური ხმით და სავანელისდა გასაოცრად იარაღი ახლა კიდევ უფრო მაღლა შემართა და გოგონას შუბლში დაუმიზნა. თვალზე მომდგარი ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა.
- რა გაკავშირებს მონარქთან?! - დაიღრინა გაფითრებულმა.
ჰოო… სიტუაციის ასეთი კუთხით შემობრუნებას არ ელოდა…

Kaç çocuk var? - რამდენი ბავშვია?
Beş erkek ve üç kız - ხუთი ბიჭი და სამი გოგო.
Tamam Bayiye götürün!- კარგი, დილეგში ჩაიყვანეთ!


******
2020 წელი, გლდანის მეშვიდე მიკრო, 23:59 წთ, თბილისი.
- სიმართლე მითხარი, რა გაკავშირებს მონარქთან? - გაიმეორა ავალიანმა და იარაღს დამცველი მოხსნა - თავიდანვე გქონდა მასთან კავშირი, ხომ ასეა? ამიტომ დაძვრებოდი დანაშაულის ადგილზე? გამაგებინე რა ჯანდაბა ხდება, აქ?
დაიღრინა გაცოფებულმა. სავანელმა მზერა იარაღის ლულაზე გადაიტანა. მის თვალებში ხედავდა, რომ არ ხუმრობდა, მართლა ესროდა. ფრთხილი მზერა ისევ მის საფირონისფერ თვალებზე გადაიტანა, რომლებიც მტრულად უმზერდნენ:
- მოსე, - წამოიწყო შემრიგებლურად - რაღაც არასწორად გაიგე. მონარქთან არაფერი მაკავშირებს.
- ნუ მატყუებ! - გამოსცრა კბილებში - ფსიქიატრიულში ელისაბედ უშხვანის სახელით იყავი დარეგისტრირებული. როგორ მოხვდი მისი გვარით კლინიკაში? რატომ მოკლეს ბიძაჩემი შენთან ვიზიტის შემდეგ? გამაგებინე, თორემ ყველაზე წმინდას ვფიცავ არ დაგინდობ.
ელს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. წარბშეკრულმა ეჭვით გადახარა თავი გვერდით.
- რას ბოდავ? - წაისისინა ხმადაბლა - ბიძაშენი თვალით არ მინახავს. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ცოცხალი აღარ იყო!
- და მეც დაგიჯერე!
- ფეხებზე რისი გჯერა და რისი არა. გეუბნები, ბიძაშენი არ მინახავს-თქო, ან… ან…
ხმა ჩაუწყდა და ფიქრებს ჩაუღრმავდა. ბუნდოვნად მოაგონდა ექთნის სიტყვები. უთხრა: მნახველი გყავსო. თუ გინდა შემოვუშვა წამალი უნდა მიიღოო. დაემორჩილა, მერე კი ყველაფერი გაიდღაბნა. ნუთუ ის სტუმარი გაბრიელ ავალიანი იყო? კი, მაგრამ რა უნდოდა მასთან? როგორ მიაგნო? სპეციალურად გააბრუეს მედიკამენტებით, რომ მასთან საუბარი ვერ მოეხერხებინა? რატომ?
- რა ან? - მოთმინება დაეკარგა ავალიანს - რას ლაპარაკობ?
- იმ დღეს… - ალაპარაკდა ჯერ კიდევ დაბნეული - რაღაც დამალევინეს, მაგრამ არ ჰგავდა ჩვეულებრივ დამამშვიდებელს. ტვინი ამერია, არაფერი მახსოვს რა მოხდა შემდეგ. მაგრამ რატომ? რატომ გამაბრუეს ვიზიტის წინ?
- რას ბოდავ?
ახლა ავალიანს მოეშალა ნერვები. ელმა თავი ასწია და წარბშეკრულმა ყურადღებით შეხედა წინ მდგომს.
- სანამ ბიძაშენი მომინახულებდა, კლინიკაში ევა არეშიძემ თავი მოიკლა. უფრო სწორად მოკლეს. ასე ვფიქრობ, რადგან კახაძეს თვითმკვლელობის ჩაფარცხვა უნდოდა. დირექტორს ემუქრებოდა. მოგვიანებით სანიკიძეც სიცოცხლეს გამოასალმეს. გავიგონე სანიტარმა როგორ დაურეკა ვიღაცას ტელეფონზე და აცნობა ექიმმა პოლიციას სიმართლე უთხრაო. იფიქრეს, რომ გაბრიელი ევაზე სასაუბროდ მოვიდა ჩემთან… - მისი გონება ელვის სისწრაფით ავსებდა გამოტოვებულ ადგილებს ახლად აღმოჩენილი ფაქტებით - ამიტომ გამთიშეს ფსიქოტროპულებით. ეშინოდათ, რომ მისთვის რამის თქმას შევძლებდი, რადგან ევასთან კონტაქტი მქონდა. თავი დაიზღვიეს და მეტი არაფერი. ეს უბრალოდ შეცდომა იყო, ბიძაშენი ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა…
დაასრულა საკუთარი აღმოჩენით თვალებგაფართოებულმა და ავალიანს გაკვირვებულმა შეხედა. მთელი ეს დრო დეტექტივი უხმოდ უგდებდა ყურს გოგონას ნაამბობს და მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოჰქონდა. სახეზე დაბნეულობა და გაღიზიანება ეწერა.
- ვინ ჯანდაბაა ევა არეშიძე?
- იყო. - შეუსწორა მექანიკურად.
- იყო! ვინ იყო?!
- გვარი არ გეცნობა? - თვალები ეჭვით დაუვიწროვდა - მიხეილ არეშიძის ცოლი იყო. ფსიქიატრიულში გამოკეტა, რადგან მეუღლემ მისი ბინძური საქმიანობების შესახებ გაიგო და მისი დასმენა დააპირა.
ავალიანს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. მოაგონდა არეშიძე. ბავშვობაში მის ბუნაგში ხშირად დაიპარებოდა, სანამ ბიძამისმა არ გაუგო. შემდეგ „პატარა ქალაქი” სამუდამოდ მიატოვეს და თბილისში დაბრუნდნენ საცხოვრებლად.
- ცოლი ფსიქიატრიულში გამოამწყვდია, რადგან მისი დასმენა პოლიციაში უნდოდა?
- არა, ჟურნალისტისთვის უნდა მიეწოდებინა შეგროვებული მასალა, მაგრამ როგორც ევასგან ვიცი, არ გამოვიდა. ჟურნალისტი ცოლთან ერთად იმავე ღამეს მოკლეს. ევას დამხმარეს, ლევან მესხს კი, რომელიც ჟურნალისტს ესაუბრა კახაძემ მოგვიანებით გააფრთხობინა სული.
- ჟურნალისტი მოკლეს? - სულელივით გაიმეორა ავალიანმა.
- შორეული არ ყოფილა, გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილს კარგად იცნობ, ნახევარი ოთახი მისი ფოტოებით გაქვს მორთული.
მიუგო ნიშნის მოგებით და თავი მილენას სურათებისკენ გაიქნია. ავალიანს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ელმა ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა შუკვანმა მილენას წარსულის ქექვა დაიწყო და გოგონებს გაუმხილა სარანგიძის მშობლები 2013 წლის 11 ნოემბერს გამოასალმეს სიცოცხლესო. თავადაც არ იცოდა, რატომ მაგრამ ევას ნაამბობი მოაგონდა. შეუძლებელი იყო დამთხვევა ყოფილიყო. ჟურნალისტის მკვლელობის თარიღი ემთხვეოდა ევას ფსიქიატრიულში მოხვედრის დროს. თან ჟურნალისტს ცოლთან ერთად ყოველდღე ხომ არ კლავდნენ? ფაქტები მარტივად დაუკავშირა ერთმანეთს და გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მილენას მშობლების მკვლელებს მონარქმა გამოასალმა სიცოცხლე.
- ამბობ, რომ მილენას მშობლები ევა არეშიძის ინფორმაციის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს?
ყურებს არ უჯერებდა ავალიანი. ყველაფერი იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ სავანელის სიტყვებში ეჭვი არ შეჰპარვია. იარაღი დაუშვა და ზურგსუკან ქამარში ჩაიჩურთა.
- ჰო, - დაუდასტურა მშვიდად - ნიკოლოზ სარანგიძე არეშიძის ხალხმა მოიშორა თავიდან. შემდეგ ცოლი გაუყენა სამარეს, გზად კი ჩემი ექიმიც მიაყოლა კუბოს, რადგან სევერინიც მის დასმენას აპირებდა.
ავალიანმა კეფა მოიქექა და სავანელის ბოლო სიტყვებზე გაამახვილა ყურადღება. იმდენი რამ მოისმინა, რომ მნიშვნელოვანი კითხვა გამორჩა. თავი ასწია და წინ მდგომი თავით ფეხებამდე შეათვალიერა.
- როგორ მოხვდი ფსიქიატრიულში?
- გრძელი ამბავია, - პირდაპირ პასუხს გაერიდა.
- არსად მეჩქარება - წარბები მაღლა გაექცა - ჯერ კიდევ არ გითქვამს, როგორ მოხვდი ელისაბედ უშხვანის სახელითა და გვარით კლინიკაში.
- იმიტომ, რომ თავადაც არ ვიცი, - მიუგო მოთმინებადაკარგულმა - არ მახსოვს კლინიკაში როგორ აღმოვჩნდი, მაგრამ იქ დიდი დრო გავატარე. და რას გადაეკიდე სახელს და გვარს?
- დამცინი, თუ მართლა არ იცი?
- ბოლო ცხრა წელია საქმე სასაცილოდ არ მაქვს, ავალიანო. ასე რომ პატივი დამდე და ამიხსენი რაშია საქმე?
- ელისაბედ უშხვანი მონარქის დაა, ელ. არ მითხრა, რომ არ იცოდი.
თავი გვერდით გადახარა და სავანელს მოწყალებით შეხედა. ელს სახე შეეცვალა. მზერა გამჭოლი და სუსხიანი გაუხდა. ესე იგი… არ ცდებოდა? მისი თეორია სიმართლე აღმოჩნდა? მართლა მონარქმა გადაარჩინა იმ ღამეს? თითქმის დარწმუნებული იყო, ამიტომ მიუტანა შეტყობინება სევერინის სასაფლაოზე, მაგრამ მისი რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ უარყოფდა ამ აბსურდს.
- საიდან მოიტანე? - ლამის წაიჩურჩულა.
- შუკვანმა არაფერი გითხრა? თუ ახლა იმასაც დამაჯერებ, რომ შუკვანმა არ იცის, რომ ცოცხალი ხარ? ახლა ნათელია, რატომ დამეტაკა განყოფილებაში როცა ფსიქიატრიულიდან შენი გაწერის დოკუმენტი დამინახა, - ცივად გაეცინა - თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, წარმოდგენა არ მაქვს ვისზე საუბრობო. მისგან ასეთ ცივსისხლიან ტყუილს არ ველოდი, გამაოცა.
- შუკვანმა არაფერი იცის! - შეაწყვეტინა სავანელმა, ავალიანს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა - არ იცის, რომ ფსიქიატრიულში ვიყავი და ეს ასეც უნდა დარჩეს!
- რას მელაპარაკები? - მოსეს ინტერესი დაეტყო - რატომ არ უთხარი ახლო მეგობარს, სად გაატარე ექვსი წელი? შენ გამო ჩემი ღამის კოშმარად იქცა!
- საიდან იცი, რომ ელისაბედ უშხვანი მონარქის დაა? - კითხვას წაუყრუა მოქუფრულმა.
ოთახში წამით სიჩუმე ჩამოწვა. ავალიანი გამჭოლი მზერით ხვრეტდა სავანელს და მის უძირო ნახშირივით შავ სფეროებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა, მაგრამ მათში ვერაფერი შეამჩნია სიცარიელისა და სიცივის გარდა. როგორი ნაცნობი იყო ეს გამოხედვა მისთვის. პულსი აუჩქარდა. ნერწყვი გადაყლაპა და ბაგეები გაისველა. ჩაახველა და ყბადაჭიმულმა ხმადაბლა წარმოთქვა:
- ძილში დაზე ხშირად ბოდავდა ხოლმე დილეგში…
სავანელის გონებაში, დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა ქაოსმა იყუჩა. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. თავსატეხი, რომელიც ამდენი წელი იყო ტანჯავდა, ამოხსნა. ავალიანის დღიური ჯერ კიდევ ხელში ეკავა, ძველისძველი წიგნაკი ყურადღებით შეათვალიერა.
- ერთად ჰყავდით დატყვევებული? - იკითხა ხმადაბლა და მზერა ისევ ავალიანზე გადაიტანა.
- რაღაც გაგებით.
- ანუ?
- გვერდით დილეგში ჰყავდათ დამწყვდეული.
- მისი სახე არ გინახავს?
- არა. - ელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- რა იცი, მის შესახებ?
- ბევრი არაფერი. საუბარი არ უყვარდა. მხოლოდ ის მოვისმინე, რომ ოჯახი დაუხოცეს, მაგრამ და ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავს, ან შეიძლება არც. უკვე აღარაფერი ვიცი.
- ბავშვობიდან მას დაეძებ, ხომ ასეა?
- კი.
- რატომ?
- ჩემი ძმა… - ცრემლიანი მზერა ელის ზურგსუკან ნახატზე გადაიტანა - უშხვანი ერთადერთია, ვინც იცის რა დაემართა ჩემს ძმას.
სავანელს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა და ისევ წიგნაკს დახედა. მერე რაღაცამ გაუელვა თავში და ისევ წინ მდგომს ახედა.
- წიგნაკში აღწერილი სცენა… ეს არ არის რეალური ამბავი, ხომ ასეა?
- მართლაც იშვიათი გონება გაქვს, ელ. - ეულმა ცრემლმა ჯებირი გადმოლახა და ლოყაზე დაეშვა.
- კოშმარები ფურცელზე გადმოგქონდა - დღიური გადაფურცლა - წერა შხამისგან დაცლაში გეხმარებოდა, მაგრამ კოშმარები არსაიდან არ გაჩენილან. შენი ძმა მართლაც გაამათრახეს…
- და მის საკანში შეაგდეს, რომ მეორედ აღარ მეწილადა საჭმელი, - ხმა საშინლად უთრთოდა - იმავე საღამოს სარდაფს პოლიცია დაეცა თავს. გაქცევა მოასწრეს. უშხვანთან ერთად ჩემი ძმაც თან წაიყვანეს. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს. თუ მართლა მკვდარი იყო, რატომ ადგილზე არ დატოვეს ჩემსავით? მე დამტოვეს, რადგან სიჩქარეში გასაღები დაკარგეს და ჩემი აშვება ვერ შეძლეს, დანარჩენი ყველა წაიყვანეს.
ელი ხედავდა როგორ უჭირდა საუბარი. ავალიანის ტკივილის კარგად ესმოდა. ბოლოს ძმის თანაკლასელი მთელი თავისი ოჯახით კინაღამ სახლში გამოწვა, რადგან საიმონზე ხელი ასწია. იცოდა რა ტრიალებდა ავალიანის გულში და თავადაც დაითრგუნა.
- ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს ფსიქოპატის ბუნაგი რაღად გინდა? - თვალი მოავლო შემზარავ ოთახს.
- აქ მოვდივარ, როცა ფიქრი მჭირდება, - მიუგო ხმადაბლა - ჩემი სამუშაო ადგილია, როგორ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს.
- ფსიქიატრიული შენც არ გაწყენდა.
მიუგო სრული სერიოზულობით. ავალიანს მკრთალი ღიმილი გაუკრთა გაცრეცილ ბაგეებზე.
- ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ცოცხალი გადარჩი. გაბრიელი ყველგან დაგეძებდა, მაშინაც კი არ შეუწყვეტია შენი ძებნა, როცა განყოფილებამ საქმე დახურა. შენებმა იციან?
- არავინ არაფერი იცის, მოსე, შუკვანის და ჩემი ერთი მეგობრის გარდა. ეს ასეც უნდა დარჩეს.
- ისევ კახაძეს ხელში მოგდებას ცდილობ? - მარტივად მიუხვდა.
- ყველას თავისი მიზანი აქვს ცხოვრებაში. - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
- დიდი დრო გავიდა და შენ მაინც არ შეცვლილხარ.
საფირონებს სევდა და სითბო ჩაუდგათ სიღრმეებში. ელმა მზერა მოარიდა.
- სამაგიეროდ ცხოვრება შეიცვალა, მე კი ისევ წარსულის აჩრდილებს დავსდევ.
- არა მარტო შენ.
- ვწუხვარ ბიძაშენის გამო, მართლა არაფერი ვიცოდი. არაფერი მახსოვს იმ დღიდან.
- თუ შუკვანმა არ იცოდა, რომ ფსიქიატრიულში იყავი, სამი წლის წინ ვინ გამოგიყვანა კლინიკიდან? ექთანმა მითხრა, მამამისი იყო მოსულიო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასე არ იყო… - გამომცდელად შეხედა გოგონას.
ელი პასუხის გაცემას აგვიანებდა. ირაკლის ხსენებას არ აპირებდა. მით უფრო არც მისი ეჭვების გამხელას მონარქთან მიმართებაში. თავადაც არ იცოდა, რატომ მაგრამ მთელი სხეულით ეფარებოდა უცნობს, რომელმაც უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ხვდებოდა მონარქის მოტივს, ფაქტი ფაქტად რჩებოდა, პეპლის უზარმაზარი ფრთები ცივსისხლიან მკვლელს ფარავდნენ.
- არ მინდა მოგატყუო მოსე, ამიტომ ნურაფერს მკითხავ, - მიუგო ბოლოს - ისიც საკმარისია, რომ შუკვანის მოტყუება მიწევს. ეს ტვირთი კი ყოველ ნაბიჯზე აუტანელი ხდება სათრევად.
- ელ… - ავალიანმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი - იცი რატომაც ვეძებ მონარქს, მთელი ცხოვრებაა ჩემი ძმის ამბის გაგებას ვცდილობ, თუ რამე იცი…
- ძალიან მინდა შენ კითხვაზე პასუხის გაცემა შემეძლოს, მოსე… მაგრამ ვწუხვარ, მართლა არაფერი ვიცი.
ავალიანს წამის წინანდელი იმედის ნაპერწკალი უმოწყალოდ ჩაუქრა თვალებში.
- თუმცა, - განაგრძო ელმა და მამაკაცს თვალი გაუსწორა - ვეცდები დაგეხმარო.
- როგორ? - თავი წამოსწია.
- ამ გალერიიდან გამომდინარე, ვხვდები რომ შენც იგივე აზრზე ხარ - თითი მოატარა ფოტოების მრავალფეროვან კოლაჟს - ხვდები, რომ ახლოს არის. იმასაც ხვდები, რომ მას მილენასთან რაღაც აკავშირებს, თუმცა არ ვიცი კონკრეტულად რა.
- ეს მეც ვერ ამომიხსნია. ვცდილობ სარანგიძესგან რამე მაინც გავიგო, მაგრამ უშედეგოდ. მათ შორის ვერანაირ ლოგიკურ კავშირს ვერ ვხედავ.
- მაგრამ ეჭვი ანჯაფარიძეზე გაქვს, ხომ ასეა? - გაეღიმა ცბიერად. ავალიანმა გაკვირვებისგან აახამხამა თვალები.
- როგორ მიხვდი?
- მილენას ინტიმური ფოტოები ანჯაფარიძეს ეკუთვნის, - თავი გვერდით გადახარა - შენ ერთადერთი არ ხარ ვინც სვანს უთვალთვალებს, ავალიანო. ანჯაფარიძე გიჟდება მილენას სურათებზე. მილიარდი მაინც ექნება თავის ბუნაგში გადამალული.
ავალიანი ერთხანს გაშტერებული მისჩერებოდა წინ მდგომს, შემდეგ კი გულწრფელად გაეცინა და თავი გააქნია.
- მართლა სახიფათო ვინმე ხარ. - აღმოხდა აღფრთოვანებულს.
- ჰმ, - ელმა ფიქრიანად მოისვა ხელი ნიკაპზე - ანჯაფარიძე ამ ისტორიას ვერ ერგება. მითხარი, რომ მონარქს ოჯახი ამოუხოცეს და მხოლოდ და დარჩა ცოცხალი.
- მაგრამ არ ვიცით მისი და დღემდე თუ ცოცხალია. - შეუსწორა.
- მაგრამ ანჯაფარიძეს ოჯახი ცოცხალი ჰყავს, - შეეკამათა.
- თუმცა არავინ იცის, რეალურად მისი ბიოლოგიური მშობლები თუ არიან. ელ, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი იმ ცხოვრების მორგება, რომელიც არასოდეს ყოფილა რეალურად ჩემი. ამიტომ ამ მოვლენას მიუწვდომელ ჰიპოთეზად არ აღვიქვამ. გარდა ამისა, ანჯაფარიძემ და დაკარგა. მას შემდეგ კი აურია. მილენას ისე მიეკედლა, როგორც მიუსაფარი ლეკვი თბილ კერას. ხშირად უჩინარდება და წარმოდგენა არ მაქვს სად დადის. ამას გარდა საშინლად აგრესიულია.
- მაპატიე, მაგრამ შენი თეორია თითიდან გამოწოვილს უფრო ჰგავს, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - ანჯაფარიძე ანგელოზი არ არის. მილენას ზურგსუკან რაღაცას ხლართავს, ერთხელ წავასწარი როგორ ელაპარაკებოდა სანიტარს, რომელმაც სევერინი თხასავით მიჰყიდა კახაძეს. მათი საუბარი ვერ მოვისმინე, მაგრამ ფიზიკურად დრო არ მქონდა ამ თემას ჩავღრმავდებოდი.
- სანიტარს? რა ესაქმებოდა ფსიქიატრიულის სანიტართან ანჯაფარიძეს? - დაეჭვდა ავალიანი.
- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე? - მხრები აიჩეჩა - ვეჭვობ თავისი ნებით არაფერს გვეტყვის, მაგრამ მილენა მის გვერდით უსაფრთხოდ არ არის. ეს კი ფაქტია.
- ყველა ბილიკი რანაირად უკავშირდება იმ ნაბიჭვარ კახაძეს? შეიშლება კაცი!
- გეთანხმები, ეს ერთი დიდი ავადმყოფური წრეა, რომელშიც საცდელი ვირთხებივით ვართ გამომწყვდეულნი. ანჯაფარიძეზე თვალი გეჭიროს, მე სვანეთში მომიწევს გამგზავრება.
- სვანეთში? - გაუკვირდა ავალიანს - იქ რა გინდა?
- თავად არ მითხარი, მონარქის გვარი უშხვანიაო? - წარბები მაღლა აზიდა - ჰოდა მის კვალს სვანეთში მოვძებნი.
- ფიქრობ, მე არ ვცადე? მაგრამ საუბარი არავის სურს. იქაურ ხალხს არ იცნობ, უცხოსთან ენასაც კი არ დაასველებენ. ვერავის ვერაფერი ვათქმევინე, მიუხედავად იმისა, რომ მეც სვანური ფესვები მაქვს და მშვენივრად იციან რაც გამოვიარე.
- აი, ეგ კიდევ უფრო უცნაურია. იციან, რაც გამოიარა შენმა ოჯახმა, მაგრამ პირში წყალი მაინც ჩაიგუბეს?
ელს ცბიერად ჩაეღიმა. მონარქს ერთხელ უკვე დაუტოვა შეტყობინება, მაგრამ საპასუხოდ არაფერი მიუღია. მას შემდეგ უამრავჯერ იყო ასული სევერინის სასაფლაოზე, მაგრამ არანაირი წერილი, თუ მინიშნება არ უნახავს ადგილზე. ამან ცოტა დააეჭვა საკუთარ მოსაზრებაში, მაგრამ ავალიანის ნათქვამმა მის ჰიპოთეზას ახალი სული შთაბერა. მთელი ამდენი წლის განმავლობაში მონარქის დაჭერა ვერავინ შეძლო. როგორ? რანაირად? საიდან იცოდა, სად უნდა მოეძებნა საჭირო ხალხი, რომლებსაც საბოლოოდ ცივ გვამებად ტოვებდა გზად?
შეუძლებელი იყო, ამხელა მასშტაბით საჭირო ინფორმაციის მოგროვება ერთი ადამიანისთვის, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მონარქს ვიღაც ეხმარებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენს მარტო ვერ მოახერხებდა. ქვეყნიდან გადახვეწილი ბავშვი, რომელიც თურქებმა ისევე მოიტაცეს, როგორც მოსე, დამოუკიდებლად მისთვის უკვე უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდებას ვერ შეძლებდა. მისი გვარი უშხვანი იყო. სვანური წარმომავლობა ჰქონდა.
არ იცოდა, როგორ დააღწია ტყვეობას თავი, მაგრამ შეძლო და შინ დაბრუნდა. სად გაემართებოდა პირველ რიგში, თუ არა სვანეთში? ამის გარანტიას ვერავინ მისცემდა, მაგრამ ცდად მაინც ღირდა. ვინ იცის, იქნებ დიდი ხნის შემდეგ, პირველად დაადგა სწორ გზას? თუ სვანეთში ხალხი არაფერს ეტყოდა, მონარქის ყურამდე მაინც მივიდოდა, რომ ვიღაც ეძებდა. თუ მართლა ჰყავდა თანამზრახველები, აუცილებლად გააგებინებდნენ მისი ვიზიტის შესახებ. იქნებ მერე მაინც შეეწყვიტა მისი იგნორი?
მერე უცებ ძალიან ბრიყვული, სულელური და ძალიან ლოგიკური კითხვა მოუვიდა თავში აზრად. თითქოს გონებამ გვიან გადახარშა მიღებული ინფორმაციაო. სავანელმა ავალიანს შეხედა:
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ის მეორე ბიჭი დილეგში, სწორედ მონარქია? - იკითხა ინტერესით და ყურადღებად იქცა.
- იმ დღეს, როცა პური ვუწილადე დანიილი მონარქზე საუბრობდა. ამბობდა ერთ დღეს მეც მასავით თავისუფალი ვიქნები და აქედან გავფრინდები ძალიან შორსო.
- მერე? - ვერ მიხვდა საით მიჰყავდა საუბარი.
- უშხვანმა პირველად სწორედ მაშინ დაილაპარაკა. დანიილს უთხრა, თუ ოდესმე აქედან თავს დავაღწევ, სვანის სიტყვას გაძლევ მონარქი სისხლის ასაღებად დაბრუნდება უკანო.
ელმა წარბი შეიკრა.
- მეტი არაფერი უთქვამს? აღარ დაგლაპარაკებიათ?
- არა. როგორც გითხარი, საუბარი დიდად არ უყვარდა.
- და რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მონარქი სწორედ შენი ძმა არ არის? სწორად გამიგე, ეჭვმიტანილი ორი ადამიანია. შენ არც კი იცი, შენი ძმა მართლა დაიღუპა თუ არა. მითხარი დარწმუნებული არ ვარო.
- ჩემი ძმა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემთან აუცილებლად დაბრუნდებოდა, ელ...
სავანელმა ტუჩზე იკბინა. საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ მოსეს მოსაზრება სულაც არ იყო ცალსახა სიმართლე. თავადაც ცოცხალი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ოჯახში დაბრუნება შეეძლო. ცხოვრებამ ასწავლა, რომ ხანდახან ბედისწერა უკუღმართი არჩევნის გაკეთებას გაიძულებს...
- თუ იმედი აღარ გაქვს, რომ ცოცხალია მაშინ რიღასთვის ეძებ მონარქს?
- იმიტომ, რომ ადამიანი იდიოტია. როცა რაღაცას მთელი გულით და სულით ნატრობ, მზად ხარ აბსურდიც ირწმუნო, სანამ ამის უფლებასაც არ წაგართმევენ...
ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ელი მოსეს ნათქვამზე ჩაფიქრდა.
- ჰო მართლა… - ავალიანი გამოერკვა და სავანელი თავით ფეხებამდე ეჭვით შეათვალიერა - საიდან გაიგე ამ ადგილის შესახებ?
- რა სისულელეს მეკითხები? - კინაღამ გაეცინა - რა თქმა უნდა, უკან გამოგყევი.
ავალიანს სახე ჩამოუგრძელდა…



******
2020 წელი, იგივე დღე, 02:01 წთ, თბილისი.
სავსე მთვარე ღრუბლებს გამოეყო და მძინარე თბილისს ნათელი მოჰფინა. ქალაქს ღრმა ძილით ეძინა. მხოლოდ მის რამდენიმე მაცხოვრებელს არ ეკარებოდა თვალზე რული. მაშინ, როცა სავანელი და ავალიანი გატაცებით საუბრობდნენ ყველაფერზე და იმავდროულად არაფერზე, შუკვანი მძინარე მილენას გვერდით ტანსაცმლიანი წამოგორებულიყო და ნასვამი ქალის სუნთქვას აყურადებდა.
რბილ თმაში თითებს უტარებდა და ღრმა ფიქრებს მისცემოდა. სარანგიძე ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს უნახავს. ახალგაზრდა ქალი ბარში ვისკით თვრებოდა. გაბრაზებულმა იარაღიც კი მიუშვირა, როცა მორიგი ჭიქის მოყუდებაში ხელი შეუშალა. გაამხიარულა ქალის ბავშვურმა საქციელმა. იმ საღამოს უცნაურმა ნაპერკალმა გაიტკაცუნა ორ შორის.
დაუფიქრებლად მოიგდო ჟურნალისტი ზურგზე და ბარიდან წამოიყვანა. მანქანაში, რომ ჩასვა და გაანჩხლებულს ღვედს ძალით უკრავდა, იმაზე სწრაფად იმოქმედა ვიდრე ტვინმა გააზრება მოასწრო - ქალს ყურის ძირში აკოცა. საკუთარმა საქციელმა კი თავად შეაკრთო. მაშინვე მოფხიზლდა და სავარძელზე შესწორდა. სახლამდე რომ მოიყვანა და მანქანა კორპუსის წინ შეაჩერა, მძინარეს გახედა. შეეცოდა. მასთან ერთად კი საკუთარი თავიც, რადგან თავადაც ვერ გეტყოდათ რას აკეთებდა ჟურნალისტის ბინაში, როცა მისი მთელი არსება სულ სხვა ადამიანს ნატრობდა გვერდით.
გაურკვევლობაში მყოფი საკუთარ თავს ასკდებოდა. უძირო სიცარიელეს მოეცვა მისი მთელი არსება. როცა სარანგიძის კართან მოღრიალე ანჯაფარიძეს აყურადებდა აუხსნელ კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან ერთადერთი არ იყო ვისაც ტვინი აჯაფსანდალივით ჰქონდა არეული. ამის გაფიქრებაზე, კი საკუთარი თავი კიდევ უფრო შეზიზღდა.
ცხოვრებაში თავი ასე დაკარგულად და მარტოსულად არასოდეს უგრძვნია. ალბათ ამიტომ იჯდა ჯერ კიდევ მილენას გვერდით, რადგან რეალურად გამხნევება მას უფრო სჭირდებოდა ვიდრე სარანგიძეს. მოკვდებოდა, მაგრამ არ აღიარებდა, რომ შინ დაბრუნების ეშინოდა. არ უნდოდა ელის ნახშირივით შავ თვალებს გადაჰყროდა და მათში სითბოს ნაცვლად, ისევ სიცივე და სიცარიელე ამოეკითხა. კლავდა გოგონას უგრძნობი ხასიათი, როცა თავად სხეული და სული ეხრუკებოდა ისე უნდოდა მკლავებში მოექცია და ვნებიანად ეკოცნა. ოთახში შეეთრია და კარი ძლიერად მიეჯახუნებინა ცხვირწინ მთელი სამყაროსთვის. ყველაფრისთვის მიეფურთხებინა და მასთან ერთად დამტკბარიყო იმ რამდენიმე წუთით, რისი შესაძლებლობაც ცხოვრებამ მეორედ მისცა.
სახეზე ხელი ჩამოისვა და მძიმედ ამოიოხრა. სისულელე და აბსურდი იყო ამაზე ფიქრი. თითოეული კოცნისას ელის თვალებში კითხულობდა როგორ იხევდა უკან და თანდათან შორდებოდა. ვეღარ გაეგო ამ გრძნობისგან თავის დაღწევა უფრო უნდოდა, თუ მისთვის ბრძოლა. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ერთად, მისი ქვეცნობიერი კი გიჟური ცხოვრების რიტმს ვერაფრით უწყობდა ფეხს. თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული იყო - სარანგიძის გვერდით ერთ წამსაც ვეღარ გაჩერდებოდა.
საწოლიდან წამოდგა და გასასვლელს მიაშურა, მაგრამ სანამ კარს გაიხურავდა შეყოყმანდა. წუთზე მეტხანს მიაშტერდა საკეტში გაკვეხებული გასაღებების აცმას. ბოლოს ხელი გაიწოდა და ერთი სათადარიგო მოხსნა. დანარჩენი გასაღების აცმა იქვე ტუმბოზე მიაგდო, კარი გაიხურა და გარედან გადაკეტა.
უნებურად კარის გვერდით დამაგრებული საფოსტო ყუთისკენ გაექცა მზერა. საკმარისი იყო გასაღები შიგნით ჩაეგდო და თავის გზაზე წასულიყო. მილენა აუცილებლად იპოვიდა, როცა ფოსტის ყუთს შეამოწმებდა, მაგრამ გასაღები ჯიბეში ჩაიცურა და ნელი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეებს, იმ გეგმით, რომ მეორე დღეს ჟურნალისტს ისევ მოაკითხავდა.
მანქანაში ჯდებოდა, როცა ტელეფონმა დაურეკა. ეკრანს რომ დახედა წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. კარი მიიჯახუნა და ტელეფონს მაშინვე უპასუხა.
- შალვა? ასე გვიან რომ მირეკავ, დიდი იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი მოვიდა? - იკითხა იმედით.
- მოვიდა, - დაუდასტურა გამცემლიძემ - ყველა ნამწვი გავაგზავნე ანალიზზე, რომელიც მომაწოდე. მართალი იყავი, ყველა ერთი და იმავე პიროვნებას ეკუთვნის, მაგრამ ჩვენს სააღრიცხო სისტემაში არაფერი მოიძებნა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მწეველი, მონაცემთა ბაზაში არ ფიგურირებს. ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.
შუკვანმა ამოიოხრა, თვალები დახუჭა და თავი სავარძლის ბალიშს მიადო. ექსპერტს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და ტელეფონი გათიშა, ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და გაირინდა.
მაშინ როდესაც შუკვანი იმედგაცრუებული ქოქავდა მანქანას, რამდენიმე უბნის დაშორებით უშხვანი უძილობას გვიანდელი ვარჯიშით ებრძოდა. „ტურნიკზე” ჩამოკიდული ღონიერი აზიდვებით ავარჯიშებდა ზურგზე გამოსახულ უზარმაზარ, ფრთებგაშლილ პეპელას. ყოველი აწევისას კუნთები შესამჩნევად ებურცებოდა და ისეთ ილუზიას ქმნიდა, თითქოს მონარქი ფრთებს აშრიალებდა.
ძელს იქამდე არ უშვა ხელი, სანამ მთელი სხელი ოფლით არ დაეცვარა. მსუბუქად დახტა გაპრიალებულ იატაკზე და სკამის ზურგზე გადაკიდებული თეთრი პირსახოცი კისერზე შემოიხვია. სველი სახე ქსოვილის კუთხით შეიწმინდა და წყლის ბოთლი მოიყუდა. თითქმის ბოლომდე გამოცალა. ნახევრად ცარიელი პლასტმასი ჟურნალის მაგიდაზე დააბრუნა და თითებით უნებრად გვერდით მდებ წიგნაკს შეეხო.
გაწვდილი მარჯვენა უნებურად დაემუშტა. გაცვეთილ ყდას ხელი წამოავლო და ამღვრეული მზერით დახედა ბნელ წარსულს, რომელიც მის თლილ თითებში განისვენებდა. წარმოუდგენლად აბსტრაქტული ეჩვენებოდა ფაქტი, რომ მრავალი წლის წინ ამ ნივთთან ერთად სრულიად სხვა გარემოში უწევდა ცხოვრება, ვიდრე მდიდრულ გაჩახჩახებულ ბინაში.
ტყავის თეთრ დივანს მიაშურა. მძიმედ დაეშვა და ძველისძველი დღიური ფრთხილად გადაშალა. გაყვითლებულ ფურცელს მელანი გახუნებოდა, თუმცა ტექსტი მაინც გარკვევით იკითხებოდა:
01.0101
არ ვიცი რა დრო გავიდა, რამდენი წუთი, საათი, დღე თუ თვე, რაც ამ ნესტიან დილეგში გამომამწყვდიეს. აქაურობა ყარს! დამპალ სარდაფს ფანჯრებიც კი არ აქვს, ერთადერთი ფორთოჩკა აქვს დატანებული, რომლის წყალობითაც ვხვდები დღეა თუ ღამე. იშვიათად მაკითხავენ. ისიც მაშინ, როცა წყალი ან ხმელი პურის ნაჭერი შემოაქვთ. ორი დღეა ნორმალურად არ მაჭმევენ, როგორც დამტვრეული ქართულით გამაგებინეს, ეს ჩემი სასჯელია. სანამ დილეგში დამამწყვდევდნენ, ერთ-ერთ თურქს თვალი გამოვთხარე კალმით. Ბინძური ღორი დაჭრილი ცხოველივით ბღაოდა! მცემეს, სანამ საკანში შემაგდებდნენ. ცოტახნის მერე, ვიღაც მსუქანი და ულვაშიანი თათარი შემოვიდა. მკითხა ამ ორი დღის განმავლობაში რა ისწავლეო. გამეცინა - ვუთხარი, კალამი სუსტი იარაღია-თქო. თავი დამიქნია და წავიდა. Ზუსტად ორ წუთში საჭმელი შემომიტანეს. მოხარშული კარტოფილი, ცოტა ყველი და პომიდორი. გეფიცები, ნამცეცა, ასეთი გემრიელი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია!

01.0102
მსუქანა ულვაშიანს "ფაშა" ჰქვია, ასე ეძახიან მისი ძაღლები. ფაშას არ უყვარს ურჩობა. ცოფდება, როცა ვეწინააღმდეგები. დღეს "ბაზარზე" უნდა გავეყიდე, თხასავით. გალიიდან გამომათრიეს და ზემოთ ამიყვანეს. ვიღაც უცხოელი, მდიდრუად გამოწყობილი, ფაშას დოლარებს უთვლიდა მაგიდაზე. ულვაშიანმა, ჩემზე ანიშნა, აგერ შენი "საქონელიო".
მყიდველი მომიახლოვდა. ინტერესით შემათვალიერა. თათრებს რაღაც უთხრა უცხო ენაზე. მათაც ხელები მომაშორეს. გამიღიმა. ეგ იყო მისი შეცდომა. ჩემკენ რომ დაიხარა კბილებით ყელში ვწვდი. ძლივს ამაგლიჯეს აღრიალებულს. იცოდი? სისხლს გემო ჰქონია. ოდნავ მლაშე, ჟანგისებრი. ისევ მცემეს და დილეგში ჩამათრიეს. ყბა და ნეკნები მტკივა. ორი კბილი ამომიგდეს. სუნთქვა მიჭირს, თვალთ მიბნელდება. ხახაში კი სისხლი ჩამდის. მახსენდება შიშითა და ტკივილით აკივლებული მყიდველი და სიცილი მიტყდება. მგონი ჭკუიდან ვიშლები...



01.0103
ბოლო შემთხვევის შემდეგ, „აუქციონზე“ აღარავის გავყავარ. ფაშამ დილეგში ჩამომაკითხა და მაცნობა, რომ ჩემთვის „ნორმალური ცხოვრებისკენ გზა“ სამუდამოდ მოიჭრა. რახან ცხოველივით ვიქცევი, ცხოველად ამომხდება სული სარდაფში, რომელიც ვირთხების სუნად ყარს. ტკივილით გაბრუჟებულს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ვამჩნევ, რომ რაც უფრო მეტ აგრესიას ვავლენ, მით უფრო მიფრთხიან. მის ძაღლებს ჩემს გალიასთან მოკარება არ უნდათ. ალბათ ეშინიათ, რომ მომდევნო მცდელობას, წარმატებით მივიყვან ბოლომდე... ბინძურ ლეიბზე პირაღმა ვწევარ, თავი მისკდება და ფიქრები ტვინში ბინძური წყალივით მემღვრევა. აქედან თავი რომც დავაღწიო, შენი ძმა დიდი ხნის წინ მოკლეს ჩემში, ნამცეცა...

01.0104
ორი კვირა გავიდა. დღეებს კედლებზე ნაჯღაბნი ხაზებით ვითვლი. ამოვარდნილი კბილების ადგილას გაჩენილი ხვრელები შემიხორცდა და ისე აღარ მტკივა. მჭიდროდ შებინტული ნეკნებიც ნაკლებად მაწუხებს. ძალებს ვიკრებ და ახალი დარტყმისთვის ვემზადები. სულ რომ ამ საკანში ამომხდეს სული, ჯოჯოხეთში იმდენს გავიყოლებ რამდენსაც მოვახერხებ.

01.0105
ფაშამ აზრი შეიცვალა, ისევ აპირებს ჩემ გაყიდვას ვიღაც გერმანელზე. კლიენტი საღამოსთვის მოჰყავთ „საქონლის“ სანახავად. თათარი მემუქრება, რომ თუ არ მოვისვენებ მწარედ მანანებს. ბინძური ლეიბის ქვეშ, ხის იატაკიდან ამოძრობილ მოზრდილ ჟანგიან ლურსმანს ვმალავ. შეცდომებზე ვსწავლობ, ვიცი თვალში დამიზნება შედეგს არ მომიტანს...

01.0106
დილეგის კარის ჭრიალი მაფხიზლებს. კიბეებზე ნაბიჯების ხმა მესმის და მაშინვე წელში ვსწორდები. ლეიბის ქვეშიდან ლურსმანს ვიღებ და სახელოში ვმალავ. ფაშა თავის ორ ძაღლთან ერთად სარდაფში ჩამოდის. სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს. ესე იგი, გერმანელი მაღლა მელოდება. მთელი სხეული მეჭიმება, გამორიცხულია საკნიდან ჩემი გათრევა შეძლონ. ფაშა ერთ-ერთ თათარს თავით ანიშნებს ჩემკენ. თმაგაზეპილი გაჩხინკული თურქი ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და გაუბედავად დგამს ნაბიჯს ჩემკენ. აღრენილი ცხოველივით ვადევნებ თვალს თითოეულ მის მოძრაობას. როგორც კი, კარს ბოქლომს ხსნის და შიგნით შემოდის უკან ვიხევ. ზურგსუკან მუჭში ლურსმანი მაქვს მომწყვდეული ერთი ნაბიჯიც და წირვას გამოვუყვან...
ფაშა აღარ იღიმის. სარდაფში სიჩუმეს მომაკვდავის ხროტინი არღვევს. ჟანგიანმა ლურსმანმა თათარს მთავარი არტერია გაუგლიჯა. ჩემს ფეხებთან ფართხალებს და სისხლს იფურთხება. მაკანკალებს. ადამიანი მოვკალი... პირველად...


01.0107
ფაშამ თათრის გვამი საკნიდან გაათრევინა და გალიის წინ დამიგდო. მეგონა ისევ მცემდნენ, მაგრამ ხელი არ დაუკარებია. ერთი ჩაიღიმა და უკან გაბრუნდა. სარდაფში მარტო დამტოვეს. მკვდარი თათარი დაჭყეტილი თვალებითა და ცარიელი მზერით მომშტერებია. ვხვდები ჩემ ქმედებას გაცილებით მძიმე სასჯელი მოჰყვება...


01.0108
გვამს შორიდან ვუყურებ. ვხედავ როგორ დგება სისხლის შედედებული გუბე სხეულის ქვეშ. სუნი მცემს, თითქოს მოტკბო, ოდნავ მლაშე ჟანგისებრი. თვალები მეხუჭება და გისოსებს თავს ვადებ. გონება იმწამსვე ამაზრზენ კადრებს მიცოცხლებს! ყოველ ჯერზე ელოდება, როდის გამოვიჩენ სისუსტეს, როდის დავხუჭავ თვალებს და კოშმარი წყევლასავით ბრუნდება უკან.
მაგიდასთან სტუმრები სხედან. ქეიფობენ. მამა სასმელს ამატებს ჭიქებში. სტუმრების ხმამაღალი სიცილი და ბილწსიტყვაობა ნელ-ნელა წონასწორობას მაკარგვინებს. ერთ-ერთი ნაძირალა ხელებს იგრძელებს, როცა დედას მაგიდასთან ხინკალი მიაქვს ლანგრით. თვალებში წითელი მენთება. დაუფიქრებლად ვავლებ ხელს ბუხრის საჩხრეკს და ულვაშიანს იმ მარჯვენაზე ვუშვებ, რომელიც დედის კაბის ქვეშ გაუჩინარდა. ატმოსფერო მყისიერად იცვლება. აღარავინ იცინის, ღარიბულ სახლს კი ულვაშიანის ღრიალი ავსებს. მის ღრიალს მწვავე ტკივილი მოსდევს კეფაში, მერე თვალთ მიბნელდება. მძიმე, შავ წყალი ფსკერისკენ მექაჩება.
დედის კივილს აზრზე მოვყავარ. ტანსაცმელის ფხრეწის ხმა მესმის. მამაკაცები ისევ ავხორცულად ხარხარებენ. დედას კივილი ქვითინში გადასდის. იხვეწება მის შვილებს ხელი არ ახლონ. Ბუნდოვნად ვხედავ ნახევრად შიშველს, მისი საყვარელი სარაფანი ტანზე შემოფხრეწია. მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს შებრალებას. მე კი დამპალ ორგანიზმს ვერაფრით ვაიძულებ ადგომას. საკმარისია გავტოკდე, რომ დედამიწა რყევას იწყებს და გულისრევის შეგრძნება საყლაპავ მილს მიხრუკავს. სხეული ტყვიასავით მემძიმება. კიდურებს ვერ ვიმორჩილებ. თვალებით მამას ვეძებ და ვპოულობ კიდეც, დანაწევრებულს, თავმოკვეთილს, ბუხრის წინ. ირეალურობის შეგრძნებას ჭკუიდან გადავყავარ. აწმყო ვერაფრით იქნება რეალობა! გავგიჟდი, შევიშალე და ყველაფერი მეჩვენება! მაგრამ სცენა, რომელიც თვალწინ მეშლება, ზედმეტად ბინძური, ამაზრზენი და ბოროტია თავად კოშმარისთვისაც კი.
სულზე მოკვეთილი ტკივილი მაბრმავებს. თვალები ხედავენ, მაგრამ გონება ვერ აღიქვამს, რომ გამზრდელ დედას მორიგეობით მიუპატიურებენ. ყურებში ჩამესმის მისი კვნესა, ტირილი, ვედრება, სხეულის სხეულზე მიხეთქების ამაზრზენი ხმა და ვგრძნობ, როგორ გადავდივარ ჭკუიდან. ორგანიზმს ისევ ვერ ვიმორჩილებ. საკუთარი სხეულის ტყვედ ვიქეცი. ფუტუროდ, რომელშიც ცოცხალი სულიერი არ დარჩა არც ერთ კუნჭულში. ისევ ჩამესმის მათი ხმა დაბრმავებულ, დაყრუებულ და დაინვალიდებულ ქვეცნობიერში - ქალზე იცინიან, გამძლეობით ვერ დაიკვეხნისო. ხორხოცებენ... ქამრის შეხსნის ხმა ყურის ბარაბანს მიხვრეტს, ისევ ეს ამაზრზენი ბგერები... სხეული სხეულს ეხეთქება ჟინიანად, ავადმყოფური სიამოვნებით. დედა აღარ ტირის... ისევ ვიძირები, ღრმა, ბნელ წყალში. თუ სადმე მართლა არსებობს ზეციური ძალა, არ უნდა გამეღვიძოს, აღარასდროს...
კრიჭაშეკრული თვალებს ვახელ. სულში წარსულის მოგონება ჯოჯოხეთურ ცეცხლს მინთებს. ყელიდან ღრიალი ამომდის, ძლიერი, გამაყრუებელი და დამპალ დილეგს ავსებს. გუბდება და ზანზარს იწყებს. მხეცური ჟინი ფეხზე მაყენებს. სეტყვასავით ვუშენ წიხლებს გისოსებს. დაჟანგებული, სქელი ლითონი მხოლოდ გულისგამაწვრილებლად ჭრიალებს. სქელი ჯაჭვები დასცინიან ჩემს ცხოველურ ფურიას.
გაველურებული ახლა მთელი ტანით ვაწყდები კარს. დამწყვდეულ მხეცს ვგავარ, რომელსაც აწყვეტა სწყურია, სისხლი სწყურია! უნაყოფოა ყოველი დარტყმა. მხოლოდ ძალას ვკარგავ და სხეულს ვიზიანებ... მუხლებზე ვეცემი. თვალებს ცრემლები მიბრმავებენ. უნდა გავაღწიო... აქედან უნდა გავაღწიო!

01.0109
კარის საკეტის გაჩხაკუნების ხმა მაფხიზლებს. Ბინძურ მატრასზე ვსწორდები. კიბეებზე რამდენიმე წყვილი ფეხის ნაბიჯებს ვითვლი. სარდაფში ფაშა შემოდის თავის ორ ძაღლთან ერთად. ცხვირზე ხელსახოცს იფარებს, ლპობაშეპარულ გვამს უგულოდ ავლებს თვალს და მზერა ჩემზე გადმოაქვს. გალიას უახლოვდება და იმუხლება - მეკითხება ამ ბოლო ოთხ დღეში რა ვისწავლე. საკუთარ ჭუჭყიან ფეხებს დავშტერებივარ და ვფიქრობ, რა ვუპასუხო. ოთხი დღეა ყოველ საღამოს მხოლოდ ჭიქა წყალი და გამხმარი პურის ნაჭერი შემოაქვთ. საჭმელს ვერ ვეღირსები, თათარს თუ ჩემი პასუხი არ დააკმაყოფილებს. არც აქოთებულ გვამს მომაშორებს თავიდან, რომლის სიმყრალესაც ჭკუიდან გადავყავარ. ორგანიზმი დამისუსტდა. კიდურებში ძალა დამეკარგა. თუ ასე გავაგრძელებ, დილეგში ამომხდება სული. თავს მაღლა ვწევ და მის ჭროღა თვალებს მზერას ვუსწორებ. Სულში სიძულვილი მიფუთფუთებს. Სახე მეღრიცება, ზედა ტუჩი ზიზღით მითრთის. ორგანიზმი ტვინზე სწრაფად რეაგირებს, გონიერებას ქარს ატანას და გალიას ვეხეთქები. ჩვენ ორ შორის თვალის კონტაქტი წამით არ წყდება. სახეში ვაფურთხებ ღვარძლიანად, სიტყვები კი თავისით სცდებიან უწყლობისგან გამომშრალ ბაგეებს - ერთ დღეს თავს დავიხსნი! გამოვალ აქედან, გამოვალ და საკუთარ შიგნეულობას გაგასინჯებ!
სახეს აუჩქარებლად იწმენდს ხელსახოცით. წელში სწორდება და სარდაფში ისევ მარტოს მტოვებს, ლპობაშეპარულ გვამთან ერთად.

01,0110
ფორთოჭკაში ბინდი, რომ ჩამოწვება, კარის საკეტის გადატრიალების ხმა ისმის. ჭიქა წყალი და ხმელი პურის ნატეხი შემოაქვთ. კუჭი მცირე პორციას მიეჩვია და შიგნეულობის გამოხვრას აღარ მიპირებს. კიდურებში ძალა ისევ არ მაქვს. ბინძურ პლედში გახვეული ლეიბზე ვწევარ და თათარს მივშტერებივარ.
სარდაფის ნესტი და სიცივე გვამის ხრწნას აფერხებს, ისე გამოიყურება თითქოს სძინავს. სისხლის სუნზე მალე ვირთხები გამოღოღდებიან დილეგის ყოველი კუთხიდან და სხეულს გამოხრავენ. უკვე მინახავს როგორ იზიდავს სისხლის სუნი მღრღნელებს. ერთხელ სადგომში, ღორმა ღამით დაყარა გოჭები, როცა მშობლებს ეძინათ. სისხლის სუნმა კი მღრღნელები მიიზიდა. დილაუთენია ღორის ჭყივილმა გამოაღვიძა მამა. სადგომში შევარდნილს კი გოჭები დახოცილი დახვდა. იგივე ელოდება თათარს! ნელ-ნელა გამოხრავენ, სანამ სხეული ხრწნის პიკს მიაღწევს. შორიდან ვუყურებ და ვოცნებობ, რომ შემდეგი ფაშა იქნება!

01.0111
გვამთან "თანაცხოვრების" მეოთხე დღეა! ფეტორის სიმყრალე გაუსაძლისია. თავიდან გულისრევას იწვევდა, მერე მივეჩვიე. სიმართლე ითქვას, კუჭი ძირითადად ცარიელია, არც არაფერი მაქვს ამოსაღები. დილეგის კუთხეში აქოთებული ვედრის სუნსაც კი ვერ ვგრძნობ, რომელიც "ტუალეტის" მოვალეობას ასრულებს. ცხვირის სენსორებმა "ადაპტაცია" განიცადეს. ეს სიტყვა ადრე წიგნში ამოვიკითხე, გარემოსთან შეგუებას ნიშნავს. ჩემი ორგანიზმი კი სიმყრალეს ნელ-ნელა ეგუება. მეტიც - სხეულში, თმებსა და კანში შემეზარდა. ფილტვებს ამაზრზენი ლორწოვანი გარსივით ეკვრის. მეეჭვებმა ტვინმა ეს სიმყრალე ოდესმე დაივიწყოს. თათარს ნელ-ნელა მწერები და მატლები ესევიან. გაზაფხულის ახლადგამოღვიძებული, ლურჯი ბუზები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან. ლეში საძიძგნად არ ჰყოფნით და მეც მკბენენ. მთელი ტანი მექავება. მახველებს. ბეჭები მტკივა, მგონი ფილტვების ანთება მაქვს. თავს თუ ვერ მოვერევი თათარივით დავასრულებ. საამისოდ კი ჯერ ძალიან ადრეა...

01.0112
კედელზე მეშვიდე ხაზს სისხლით ვხატავ. Ბოლო დროს ცხვირიდან სისხლდენა დამჩემდა. ხველება გამიაუარესდა. ერთი კვირაა ჩემი საკნის წინ გვამი იხრწნება. ფაშას ძაღლებს წყალი და ხმელი პურის ნაჭერი რომ შემოაქვთ, თავს ძლივს იკავებენ არ აღებინონ. სწრაფად მიდებენ იატაკზე და ცხვირზე ნაჭერაფარებულები უკანმოუხედავად გარბიან. Ბოლოს მოტანილი პურისთვის ხელი არ მიხლია, საშინლად მახველებს და მთელი ტანით მაკანკალებს. მაღალი სიცხე მაქვს. წნევა თვალებს აწვება და საშინლად მეწვის. თავს ვერაფერს ვუხერხებ. მაგიჟებს იმაზე ფიქრო, რომ აქ ამომხდება სული და მარტოდმარტოს დაგტოვებ ნამცეცა! ფორთოჩკაში ისევ უკუნი ბნელი ისადგურებს. დილეგში ჭერზე დაკიდებული ერთადერთ ნათურა ინთება, კარის საკეტის გადატრიალება კი გულში იმედს მიღვიძებს. ფაშას დინჯ ნაბიჯებს მარტივად ვცნობ კიბეებზე. სარდაფში ჩამოდის და ჩემს გალიას უახლოვდება. სახეზე ხელსახოცი აქვს აფარებული. პლედის ქვეშ მოცახცახეს, წარბშეკრული მათვალიერებს. მეკითხება, რა ვისწავლე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ცხვირ-პირზე ხელსახოცაფარებულის ხმა მოგუდულად ისმის. ისტერიული ხველა მიტყდება, ენას ვერაფრით ვაბრუნებ პირში. ფაშა წარბშეკრული მომჩერებია. ბოლოს თავით ანიშნებს თავის ძაღლებს. ორი თურქი ჩემკენ მოემართება. სახეწე აწერიათ, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ მოახლოების, მაგრამ უფროსის ბრძანებას ვერ გადადიან. სხეული ავტომატურად მეჭიმება და თავდასხმით რეჟიმზე ინაცვლებს. Ზედმეტად დასუსტებული ვარ ვინმეს რამე ვავნო, მაგრამ ცდად მაინც ღირს. გალიის კარს აღებენ. ბინძური პლედი მხრებიდან მიცურდება. წელში ვიხრები ცხოველივით, მზად ვარ შეტევაზე გადასასვლელად, მაგრამ სპაზმური ხველა მიტანს და წამით თვალთ მიბნელდება. მომენტით სარგებლობენ და კისერთან ჩხვლეტას ვგრძნობ. შემდეგ... შემდეგ, მთელი სამყარო ირინდება...

01.0113
თვალს უცხო ოთახში ვახელ. არაფერი მეცნობა. თეთრად შეღებილი ჭერი და კედლები საავადმყოფოს პალატას მაგონებს. სხეული ტყვიასავით მაქვს დამძიმებული. გვერდით რკინის ჯოხიანი საკიდი დგას, ინფუზიური ხსნარის ტომრით - გადასხმას მიკეთებენ. ამიტომ ვგრძნობ მარჯვენა მკლავში ყინულივით სიცივეს. ტვინი ძალიან ნელა ხარშავს ახალ ინფორმაციას - დილეგიდან გამომიყვანეს... თვალები მეხუჭება. მაშინ რატომ ვგრძნობ ისევ აქოთებული გვამის სიმყრალეს ფილტვებში? რატომ ვერ ვისუნთქავ სუფთა ჰაერს? რატომ არ მიეწოდებათ ახალი ჟანგბადი ფილტვებს?! იქნებ... არც არასდროს დამიღწევია თავი სარდაფიდან და უბრალოდ ჰალუცინაციები მაქვს? თავბრუმესხმის. ისევ მძიმე წყალში ვიძირები.

01.0114
გონს რომ მოვდივარ ოთახში ფაშას ვამჩნევ, თეთრხალათიან მამაკაცს ელაპარაკება. დიალოგს ვერ ვიგებ, თურქულად საუბრობენ. მხოლოდ ერთ სიტყვას ვიჭერ "სეფსისი". მეცნობა. დაავადება, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს. განძრევას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. სხეული არ მემორჩილება. შუბლზე ცივი ოფლი მასხამს. მაჯებზე დისკომფორტს ვგრძნობ. მზერა ხელებზე გადამაქვს. ორივე ხელით საწოლზე ვარ მიბმული, რომ გაქცევა ვერ შევძლო. მკლავებზე კი წითელ გამონაყარს ვამჩნევ. სისხლჩაქცევებს ჰგავს. თავი ისევ ბალიშზე მივარდება. Მთელი სამყარო ტრიალს იწყებს. თვალებს ვხუჭავ, რომ გული არ ამერიოს. ვკვდები? შეიძლება...

01.0115
არ მომკვდარვარ! არ ვიცი რა დრო გავიდა, მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ. წამლები, რომელიც ვენაში შეჰყავთ მეხმარებიან. ნელ-ნელა გონებაც მეწმინდება. გამონაყარი ფერმკრთალდება. აღარც სიცხე მაქვს, მაგრამ თავს მაინც საშინლად სუსტად ვგრძნობ. ასე მგონია დამოუკიდებლად ორ ნაბიჯს ვერ გადავდგამ. ფაშა ხშირად შემოდის ოთახში ჩემ სანახავად, მაგრამ ჯერ არ დამლაპარაკებია. დამხედავს ხოლმე და უჩინარდება. მის გამოჩენას თან გვამის სუნი ახლავს, ლპობაშეპარული ლეშის, რასაც გულისრევამდე მივყავარ. მის დანახვაზე ისტერიულად ვისუნთქავ ჰაერს, მაგრამ ფილტვებს სუფთა ჟანგბადის ნაცვლად მყრალი სარდაფის აქოთებული სუნი წამლავს. მის ყოველ მოახლოებაზე ღრენით ვრეაგირებ. მგონი ორგანიზმმა გონებისგან დამოუკიდებლად ისწავლა არსებობა...

01.0116
Გადასხმებს აღარ მიკეთებენ. თეთრხალათიანი დაკვირვებით მათვალიერებს. თურქულად მეკითხება რაღაცას. პასუხს, რომ ვერ იგებს, ოხრავს და ოთახიდან გადის. სულ მალე ფაშასთან ერთად ბრუნდება. ულვაშიანი მიახლოვდება და ფილტვები ისევ მევსება გახრწნილი გვამის სიმყრალით. უნებურად თავს უკან ვწევ და ყბაზე კუნთი მეჭიმება. თათარს ჩემი რეაქცია ართობს, ეღიმება. დამტვრეული ქართულით მეკითხება, თავს როგორ ვგრძნობ. ცახცახი მიტანს, მზად ვარ ყელში ვესცე და კბილებით გამოვღადრო. თურქი ჩემ გამომეტყველებას, რომ ამჩნევს სიცილით ეუბნება რაღაცას თეთრხალათიანს და მხარზე უტყაპუნებს ხელს. "ექიმი" შეშფოთებული მიყურებს. ჯიბიდან ნემს იღებს და რაღაც სითხე გადასხმის პაკეტში აუჩქარებლად შეჰყავს. სულ მალე ქუთუთოები ტყვიასავით მიმძიმდება. ყველაფერს ისევ წვდიადი ნთქავს.

01.0117
გონს ისევ სარდაფში მოვდივარ. მხოლოდ ამჯერად სხვა საკანში ვახელ თვალს. ბინძური ლეიბის ნაცვლად ძველისძველ ხის საწოლზე მეღვიძება. გაცვეთილ ლეიბზე ვწევარ, თავქვეშ კი მომცრო ბალიში მაქვს ამოდებული. ნაცნობი ბინძური კედლების დანახვაზე კლაუსტროფობია მეწყება. სუსტად განათებული დილეგი მახრჩობს, ისევ ხველა მიტანს. მთელი სხეული მიცახცახებს. კიდურებს ვერაფრით ვიმორჩილებ. ვერ ვხვდები რა ხდება ჩემ თავს. საკუთარი ორგანიზმი აღარ მემორჩილება.

01.0118
ლამის ერთი თვე გავიდა, რაც ახალ საკანში გადმომიყვანეს. ძალები აღვიდგინე. თითქოს ფაშას გული მოულბა. ყოველდღე ნორმალურად მკვებავენ. გონებაც უფრო და უფრო მეწმინდება. ვიაზრებ, რომ სულელურად ვიქცეოდი. ტაქტიკა უნდა შევცვალო, თუ მინდა აქაურობას თავი დავაღწიო.
01.0119
ფაშას სანადიროდ მივყავარ. კარგ ხასიათზეა. მითხრა, რაღაც მინდა გაჩვენოო. ხელები შეკრული მაქვს და მაწანწალა ძაღლივით მიმაპრონწიალებს მხარდამხარ. უკან დაცვა მომყვება, ყოველი შემთხვევისთვის გაქცევა, რომ არ მომივიდეს თავში აზრად. დღეს პირველად არ ვფიქრობ ამაზე. იმდენი ხანია სუფთა ჰაერზე არ ვყოფილვარ, დახარბებული შევყურებ მწვანე ფოთლებს. დამავიწყდა კიდეც როგორ გამოყურება სამყარო, გისოსებს მიღმა. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ ფილტვებში და არეული ნაბიჯებით გაჭირვებით ვიკვლელვ გზას ტყისკენ, რომელიც უფრო და უფრო გაუვალი ხდება.
ფაშა მოულოდნელად ჩერდება და მკერდზე ხელს მადებს. მეც ვჩერდები და დაბნეული ვაცეცებ თვალებს. ვერ ვხვდები რა ხდება. თათარი მხრიდან სანადირო თოფს იხსნის და ხელში იმარჯვებს. მუხლზე ეცემა და რაღაცას უმიზნებს. მის მზერას თვალს ვაყოლებ და ქორბუდა ირემს ვხედავ, უზარმაზარი ლამაზი ატოტილი რქებით. მინდორში ბალახს იცოხნება და კუდს იქნევს ბუზების დასაფრთხობად. იმდენად ლამაზია სუნთქვა მეკვრის.
მჭიდის გადატენვის ხმა მაფხიზლებს. სანამ რეაგირებს მოვასწრებ ჩახმახს თითს ჰკრავს და ყურის წამღები გრუხუნი მაყრუებს. ცხოველი კვნესით ეცემა მიწაზე და ვგრძნობ როგორ მწყდება შიგნით რაღაც, ძალიან მტკივნეული. თათარი კმაყოფილი ღიმილით დგება ფეხზე და დაჭრილი ცხოველისკენ იღებს გეზს. თან მიმათრევს, ფეხები კი უკან მრჩება. ძირს გართხმულ ირემს თავზე ადგება და სიამოვნებით შესცქერის მძიმედ მსუნთქავ არსებას, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას იტანჯება.
- დაიმახსოვრე, ქუზუ... ნადირობა მოთმინებასა და სიზუსტეს მოითხოვს. ამ ირემს მთელი დღეა კუდში დავსდევთ, მაგრამ ერთხელაც არ მისვრია. ჩახმახს მხოლოდ მაშინ უნდა გამოკრა თითი, როცა დარწმუნდები, რომ ვერ ააცელ.
იჩოქებს და ცხოველს ბასრი დანით ყელს ჭრის. სისხლის შხეფები სახეში მეწუწება. მონუსხულივით დავცქერი არსებას, რომელსაც წამის წინ აღფრთოვანებით შევყურებდი. ახლა მკვდარია და სისხლში ცურავს. ყველაფერს რასაც თათრის ბინძური ხელი ეხება კვდება. სახეს ხელის ზურგით ვიწმენდ. მჯერა, დღევანდელი გაკვეთილი სამომავლოდ გამომადგება.

01.0120
დღეები ერთმანეთს მისდევს. ჩემი ცხოვრება საკანში კი, ნელ-ნელა იცვლება. რაც ყვირილი და ღრიალი შევწყვიტე, ფაშა ლმობიერად მექცევა. ერთხელ მკითხა რა გიყვარსო, კითხვა მეთქი ვუპასუხე მექანიკურად. მას შემდეგ კარგი მოქცევისთვის წიგნით მასაჩუქრებს. წინა დღით ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“ შემომიტანა. შეუსვენებლივ ვკითხულობ, სანამ მზე არ ჩავა და დილეგში წყვდიადი არ დაისუადგურებს. ყოველი ფურცელი ახალი ძალით მავსებს. ვხვდები, რომ კალმისა და დანის ქნევით შორს ვერ წავალ. აქვე, დამპალ გალიაში ამომხდიან სულს შიმშილსა და ცემაში. მოთმინებაა საჭირო, უსაზღვრო მოთმინება...

01.0121
დანტესმა ტყვეობაში 14 წელი გაატარა. 14 მტანჯველი წელი შურისძიების წყურვილში. ვფიქრობ და მაშინ უფრო ადრე რომ მოეხერხებინა გაქცევა, ვერაფერს შეძლებდა. არავინ იყო, არაფერს წარმოადგენდა. წერა-კითხვაც კი არ შეეძლო. რეალურად ყველაზე ძლიერი იარაღი იტალიელმა მღვდელმა უსახსოვრა - განათლება მისცა. ოქრომ კი გავლენა და ძალაუფლება მიანიჭა. მხოლოდ მაშინ აამუშავა შურისძიების გეგმა, როცა ამის რეალური შესაძლებლობა მიეცა... „დაიმახსოვრე, ქუზუ... ნადირობა მოთმინებასა და სიზუსტეს მოითხოვს... ჩახმახს მხოლოდ მაშინ უნდა გამოკრა თითი, როცა დარწმუნდები რომ ვერ ააცელ.“
თვალები მეხუჭება და ქვის კედელს თავს ვადებ. მეყოფა კი მოთმინება და ძალა დანტესის მსგავსად ავიტანო ტყვეობა? თვალწინ ამაზრზენი კადრები მიდგება, როგორ მიუპატიურებენ დედას, როგორ მიკლავენ მამას და სულში ჯოჯოხეთურ ცეცხლს ვგრძნობ... მშობლები აღარ არიან, ნამცეცა, მაგრამ შენ ცოცხალი მყავხარ... გამოვალ ამ წყეული გისოსებიდან, გამოვალ მშობლების სულს ვფიცავ და მოგაკითხავ. გზად კი ყველას სისხლს დავანთხევინებ. ასეთი სახე ექნება ჩემს სამართლიანობას...
გამჭოლი მზერით დავცქერი წიგნს და გონებაში ახალი გეგმა მწიფდება. ირონიულია, თათარმა თავისი ხელით მომაწოდა „იარაღი“, რომელიც ერთ დღეს ისევე გამოჭრის ყელს, როგორც თავად გამოუსვა დანა დაჭრილ ირემს ნადირობისას...

01.3203
დილეგის კარი რომ გაიღო, შუქი დავლანდე. გათენდა. ახლები მოიყვანეს. სვანეთიდან არიან, გავიგონე მათი საუბარი. ფაშა ისევ მოზრდილ გასამრჯელოს ჩაიჯიბავს. სვანებს კარგ ფასში ყიდის. ქვის კედლისკენ ვბრუნდები და ქვის წვერით სამ ჩამოჩხაპნილ ხაზს მეოთხეს ვუსვამ. სერიოზულად მომბეზრდა აქ ყურყუტი.

01.3204
ქემალმა დღეს ახალი წიგნაკი მომიტანა, თავისი კალამით. დამჯერი ძაღლია, იცის თუ ამ პატარა თხოვნას არ შემისრულებს პრობლემებს შევუქმნი. საშინლად ღიზიანდება როცა „გამოფენის“ დროს ვხმაურობ - კლიენტმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნოსო „საქონლის“ არჩევისას. ტუჩები ზიზღითაც კი აღარ მეღრიცება. მგონი ავადმყოფურად მივეჩვიე ჯოჯოხეთის ჰავას.

01.3205
დღეს „გამოფენის“ დღეა. ქემალი ხელების ფშვნეტითა და იდიოტური ღიმილით ჩამორბის კიბეებზე, უნდა დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. გალიის კლატკებს ჩამოუვლის და სათითაოდ შემოწმებს რომ ყველა სახეზეა. ერთადერთი რაც ევალება „საქონელის“ ცოცხლად შენახვაა. მკვდარი სხეული ფაშას სარგებელს ვერ მოუტანს, აი ქემალისთვის კი ძალიან დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ინსპექცია ათ წუთზე მეტს ართმევს. მეშვიდე დილეგთან ყოვნდება და საკუთარ ნამუშევარს სიამოვნებით ათვალიერებს - მისმა ტყვემ ქემალის მუშტი დაიმსახურა და ახლა მოკრუნჩხული წევს თივიან იატაკზე. სახეში არ ურტყამს, მხოლოდ გვერდებში, სახე სავიზიტო ბარათია.

01.3206
დილეგის კიბეებზე ნაბიჯების ხმა მესმის. ყურადღებას არ ვაქცევ, დღიურში ვაგრძელებ წერას. მოსახერხებელია, ჩემი ენა აქ არავის ესმის, ვერც ნაწერს იგებენ, არც აინტერესებთ. ფაშა ამიტომ მაძლევს წერის უფლებას. ხანდახან თავის ძვირფას დროს რომ იმეტებს სანახავად შემომივლის ხოლმე. დამტვრეული ქართულით მეუბნება, რომ „მემბურები არსად დამეკარგოს“ - მემუარებს გულისხმობს ალბათ. ფაშას თავისთვის ვუნდივარ, ოღონდ ჯერ არ იცის რაში გამომიყენოს, ან როგორ „გამწვრთნას“. ბოლო მცდელობამ კრახი განიცადა, ორი კაცი დაკარგა, პლუს ღრმა შრამი შერჩა წარბთან, თვალი მინდოდა გამომეთხარა და მომისწრეს. მას მერე სხვებთან ერთად დილეგში მომიჩინა ადგილი, უნდა „ჭკუა მასწავლოს“. დღეს მგონი ისევ იწვიმებს. სარდაფში შორიდან მოღწეული გრუხუნის ხმა აღწევს. კლიენტი ქემალთან ერთად დააბიჯებს გალიებს შორის, საკბილოს ეძებს, ავადმყოფი პედოფილი! რაღაცას კმაყოფილებით ბურტყუნებს. მეზობელი საკნის კარის ჭრიალი ისმის. ოთხ წლამდე გოგონას აკივლებულს აპრონწიალებენ გალიიდან. თვალები მეხუჭება. კითხვა მებადება, ღმერთმა თუ იცის ნეტავ ამ ადგილის შესახებ?

01.3207
კიდევ ორი ახალი მოიყვანეს. ძმები უნდა იყვნენ. ხმაურობენ, უმცროსი გამუდმებით ტირის. უფროსი ცდილობს სიმტკიცე შეინარჩუნოს, მაგრამ შიშისგან მხრები უთრთის. ბავშვის ტირილი ექოდ ჩამესმის ყურებში, მაღიზიანებს. რამდენიმე დღეში მიეჩვევა და ტირილს შეწყვეტს. ყველა ჩუმდება რაღაც დროის გასვლის შემდეგ. ცოტახნის წინ ფაშამ მომინახულა, კმაყოფილი სახე ჰქონდა. რაღაც აქვს ჩაფიქრებული. თურქულად რაღაც გადაულაპარაკა ქემალს და მზერა ღიმილით გამისწორა. მეც გამეღიმა, სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ნიშანი მის სახეზე, რადგან ვიცი რომ მეორე ჯერზე მიზანს აღარ ავაცელ.


01.3208
ისევ ქუხს. ალბათ ისევ იწვიმებს. მიწის სურნელი მენატრება, წვიმის შემდეგ რომ ახასიათებს ხოლმე ნოტიო, რაღაცნაირი. დაკბენილი ფეხები მეწვის. ქემალმა ჭრილობების შეხვევა სცადა, რასაც მისი წინა ორი დიდი კბილი შეეწირა. ფაშამ ცუდად იხუმრა. საჯინიბოში შემაგდო, თავის ავჩარკებთან. ოთხი ჰყავდა, ორი დარჩა. ძაღლის სისხლით ვყარვარ. ჭრილობას უგულოდ ვათვალიერებ, სავარაუდოდ ცოფიანები არ უნდა ყოფილიყვნენ, შვილებივით უვლის, თავის ქოფაკებს. სისხლისგან თუ არ დავიცალე, შეიძლება ამასაც გავუძლო.
ეშმაკის არსებობა მწამს, საკუთარი თვალით ვიხილე, მაგრამ ღმერთი თუ არსებობს? ჩემი საკნის გისოსებთან ჭუჭყიანი მაისური ეცემა. გვერდითა საკნიდან დაბალი ხმა მესმის: „ჭრილობა შეიხვიე, სანამ შენმა გვამმა ბუზები მოიზიდა, ისედაც ჭირს სუნთქვა“. მის სახეს ვერ ვხედავ ჩვენს საკნებს დიდი ქვის ბინძური კედელი ჰყოფს. მაისურზე თვალი მიშტერდება, შემდეგ კი მზერა ჭრილობებზე გადამაქვს. თვალები ისევ მეხუჭება, ქუხილის ხმა ძლიერდება. გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს, წვიმის შემდეგ სველი მიწის სუნი მენატრება...

01.3208
ქემალი საკნებში „საკვებს“ არიგებს. ისევ გამხმარი პური მოიტანა, რომელიც ფაშას ქოფაკებმა არ შეჭამეს. ამჯერად ორ-ორ ნაჭერს არიგებს. მეღიმება. ორი ძაღლის დანაკლისმა ტყვეებს „კვება“ გაუორმაგა. ქემალი ჩემს საკანს გვერდს ისე უვლის თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე, როგორც ჩანს წინა ორი კბილის შემდეგ ჯერ კიდევ ნაწყენია. ჩამოვლას რომ ასრულებს დამახინჯებული ქართულით ყვირის, რომ ყველამ გაიგოს „გაკოფა არა“!!! - „თორემ დაისჯებით!“ - ვაყოლებ გულში მის ნაცვლად და სიცილი მიტყდება. კბილების არქონის გამო ენა ეჩლიფება, ნეტავ ფაშა თუ მისცემს კბილის ექიმის ფულს? სიცილი ხარხარში გადამდის. ქემალის მათრახი კი ჩემი საკნის გისოსებს ეხლება. მტრულად მიყურებს, სიამოვნებით მომკლავდა, ფაშას ჩემით გართობა რომ არ უყვარდეს. განაწყენებული ქემალი დილეგიდან გადის. მსხვილ გისოსებთან ისევ თეთრი ხელი ჩნდება მეზობელი საპატიმროდან, პურის ნატეხითა და ნახევარი ჭიქა წყლით. სიცილს ვწვეტ. პირში მწარე გემოს ვგრძნობ. თვალს ვარიდებ საკვებს და ჩემ წინ სალ კლდედ აღმართულ კედელს ვაშტერდები, ჩემ მიერ დაჩხაპნილსა და თითქმის კიდემდე ჩასულს მონიშვნებით. ადგილი აღარ დამრჩა სადაც დღეს მოვნიშნავ. საპატიმროში გაბატონებულ სიწყნარეს, რამოდენიმე საკნის დაშორებით პატარა ბიჭის ხმა არღვევს, რაღაცას უყვება ძმას... მონარქი პეპელა მართლაც ლამაზი უნდა იყოს, სარკასტრულია პირდაპირ, რომ ფაშას პეპლების სიკვდილივით ეშინია. მონარქი პეპელა... სამწუხაროა რომ არასოდეს მინახავს...


01.3209
„ოთახი“ შემიცვალეს. ფაშამ პირუტყვის სადგომში დამაბა. ყელზე, ხელებსა და ფეხებზე მსხვილი ჯაჭვები მადევს. განძრევა რომ ვერ შევძლო დიდად. წიგნაკი და კალამი დამიტოვა. არ მოიწყინოო - მომიგდო ირონიულად. ქემალმა დილას ჩემს საკანთან ხელუხლებელი ჭიქა წყალი და პური იპოვა, მეზობელი გაამათრახეს, მისი ყრუ გმინვის ხმა მესმოდა, როცა თავზე ტომარაჩამოცმული და გაკოჭილი მიმათრევდნენ სარდაფიდან. ტომარას ყველას აფარებენ თავზე. ერთმანეთის სახეები რომ არ ვიცოდეთ. დილეგშიც საკნები ისეა განლაგებული, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავთ მხოლოდ ხმა გვესმის. ჩემ გვერდით ძროხა ისაქმებს, არც მას აქვს დიდად სამოძრაო საშუალება. აქ უფრო ბნელა ვიდრე სარდაფში. ყურს ვუგდებ ძროხის ყბის რიტმულ მოძრაობას, თივას იცოხნება ნეტარებით. შიმშილისგან კუჭი მეწვის. გადარჩენის ინსტიქტი ყველა სხვა დანარჩენ გრძნობას ჩრდილავს, ძალიან მშია...

01.3210
გაჯავრებულმა ქემალმა დილეგში დამაბრუნა. სანამ საკნიდან გავიდოდა მისი მზერა დავიჭირე. დამფრთხალი მათვალიერებდა ერთიანად ძროხის სისხლში ამოთხვრილს. მგონი ვაშინებ. უცებ საშინელი გულისრევა ვიგრძენი, იმიტომ არა, რომ ცხოველი ცოცხლად შევჭამე, კუჭი გადაეჩვია საკვების მონელებას და „ვახშამის“ მოზრდილი ულუფა ორგანიზმმა ვერ აიტანა. ახლა ყველაფერი რომ უკან ამოვიღო მთელი კვირა მშიერი ჯდომა მომიწევს. დაძინება ვცადო, ის ჯობია. გვერდითა საკნიდან ხმადაბალი, რიტმული სუნთქვა მოისმის. მეზობელი გადაურჩა ქემალის მათრახის რისხვას...

01.3211
ეშმაკს არც რქები აქვს, არც კუდი და არც ბრჭყალები... ქემალმა მეზობლებს გაყოფაზე წაასწრო. ძალიან გაბრაზდა. ბოლოს დიდ სტრესში ჰყავს ფაშას. ჩვენს შეცდომებზე მას სჯის. პატარა ბიჭი ისე გაამათრახა სიკვდილამდე მიიყვანა. სავარაუდოდ ვერ გადარჩება. ზედმეტად დაუნდობელი იყო ქემალის რისხვა მისი პატარა სხეულისთვის. გისოსებიდან ვუყურებდი როგორ გაროზგეს. ეშმაკს რქები არ აქვს, არც კუდი, არც ბრჭყალები...

01.3212
ბავშვი ვერ გადარჩა. ქემალს პრობლემები ექნება. მისი დასისხლიანებული ცხედარი მე შემომიგდო საკანში. მითხრა, რომ მოგშივდება შეგიძლია მიირთვა, ოღონდ დიდხანს ნუ შეინახავ, აყროლდებაო. პატარა სხეული ორ მეტრში გდია ჩემს ფეხებთან. თვალები ღიად აქვს დარჩენილი. უცნაური ფერი აქვთ კაკლებს. მისი ძმის ქვითინი მესმის. შორიდან მევედრება, რომ ხელი არ ვახლო. ქემალი მართალი იყო, მალე სხეული ხრწნას დაიწყებს. თუმცა საკუთარი სულის სიმყრალეში, მის სუნს ალბათ ვერც ვიგრძნობ. ბავშვის უსიცოცხლო მკვდარი თვალები მომჩერებიან, მეუბნებიან რომ ღმერთი არ არსებობს...

01.3285
მგონი საბოლოოდ მივხვდი, რის თქმას ცდილობს სამყარო... არ ვარ ვალდებული კარგი ადამიანი ვიყო... ერთი საათის წინ ფაშამ დაბადების დღე მომილოცა, მითხრა რომ 17 წლის გავხდი. არც კი ვიცოდი. მითხრა ცვლილებების დროაო, ვეთანხმები...

დღიური დახურა. ყბაზე კუნთი დასჭიმვოდა და სახიფათოდ უთამაშებდა. კაცმა არ იცოდა რამდენჯერ ჰქონდა გადაკითხული. საკუთარ თავს გამოვლილის დავიწყების საშუალებას არ აძლევდა, რადგან სიძულვილი ერთადერთი მოტივაცია, იყო რომელიც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას აძლევდა, მაშინაც კი როცა სულიერად გადამწვარს ისე არაფერი ენატრებოდა, როგორც სიკვდილი...



პ.ს. საკმაოდ ბევრი თავი ავტვირთე <3 დღეისთვის აქ შევჩერდები რომ წაკითხულის გააზრება გაცადოთ. გაგრძელება ხვალისთვის დაიდება ^_^ <3













სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent