შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი / მოპარული ფიგურები IV


დღეს, 21:47
ავტორი belle...
ნანახია 140

*******
2020 წელი, რამდენიმე დღის შემდეგ, მესტია, 23:21 წთ, სვანეთი.
სიბერისგან გამომჭკნარმა თითებმა გაჭირვებით აკრიფეს ძველებურ „ნოკიაზე“ დამახსოვრებული ნომერი და ცოტახანი შეიცადეს სანამ უპასუხებდნენ. ყურმილში მალე გაისმა ნაცნობი ხმა:
- რა მოხდა?
- მოგაკითხეს.
ჩიბუხს ნერვიულად მოქაჩა და გააბოლა, თან წინ მსხდომ საბჭოს წევრებს მოავლო თვალი. ყველას დაძაბულობა ეხატა სახეზე. ყურმილში მხოლოდ მოსაუბრის ღრმა და თანაბარი სუნთქვა ისმოდა.
- რას ნიშნავს მომაკითხეს? - ჩაეკითხა ცივად.
- არ ვიცნობთ. უცხო იყო, მაგრამ სვანურად ლაპარაკობდა. ბებერ გირშელს საჭიროზე მეტი დააცდენინა - ბრაზით გახედა კუთხეში მიყუჟულ ფეხმტკივან მოხუცს, რომელიც შეკრებილებს თვალს არიდებდა - ქალდანებზე უკითხავს. ამ ჩერჩეტსაც ორ ღერზე მეტი წამოსცდა.
- თუ ქალდანებზე იკითხა, საიდან დასკვნა, რომ მე მეძებს?
- მონარქი ახსენა. გირშელი ამტკიცებს ნორმალურს არ ჰგავდაო. მაფორიაქებს ეს ამბავი, გერგი. თუ ყველაფერი გაირკვა...
- რისი გეშინიათ? ვინც არ უნდა იყოს, თხრას შეწყვეტს, თუ სიცოცხლე არ მობეზრებია.
- ამჯერად ასე მარტივად ვერ მოაგვარებ საქმეს - მოხუცმა ნერვიულად მოქაჩა ჩიბუხს. აღელვებისგან ყბა უკანკალებდა.
- იტყვი ბოლომდე? - გაღიზიანდა მოსაუბრე.
- გოგოა. ბავშვს ხომ არ მოკლავ?
ყურმილში სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარა იყო მოსაუბრე ასეთ პასუხს არ ელოდა. რამდენიმე წამით მხოლოდ მამაკაცის გახშირებული სუნთქვა ისმოდა, ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
- ვინ გოგოზე საუბრობ, ჯუანშერ?!
- სადღაც შეცდომა დაუშვი! - მოხუცსს სიბრაზემ წამოუარა - პატარა ბავშვმა მოგაგნო, გესმის?! არ ვიცი რამდენი იცის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაღაც იცის. დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია. აბა, სხვანაირად აქამდე როგორ მოვიდოდა? ბიჭებს დავავალე თვალი ადევნონ.
- ვინ არის? სახე არ უთქვამს?
- გირშელ! - შეუყვირა წვერიანს, მოხუცი მთელი სხეულით შეკრთა. - რაო რა გითხრა, რა მქვიაო?
- ელი ახსენა, თუ სწორად მახსოვს. - წაიკრუსუნა მობუზულმა.
- გაიგონე? - ჩასძახა ყურმილში მოსაუბრეს.
- გავიგონე. - უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა უშხვანს, ზედმეტად მშვიდი.
- მერე? როგორ იქნება ეგ საქმე?
- არ ავნოთ. მე მივხედავ.
- ბავშვს რა უნდა ვავნო, ბიჭო?! - გაღიზიანდა მოხუცი - გირეკავ, რომ ფრთხილად იყო. ჩვენიანი არ არის, თუმცა ჩვენზე საჭიროზე მეტი იცის და ეშმაკმა იცის საიდან! სადაც ბავშვმა მოგაგნო, იმას კუდიც მოჰყვება უკან!
- მოვაგვარებ-მეთქი!
ტელეფონი გაითიშა. მოხუცს სახე უსიამოვნოდ დაეღმიჯა. ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა და ჩიბუხს ისევ ნერვიუად მოქაჩა.
- რაო? - იკითხა ონიანმა.
მოხუცმა ერთი ამოიოხრა და შეკრებილებს თვალი მოავლო. სხდომა პასუხს ელოდა.
- თქვა, რომ მოაგვარებს.
- რაღა გვიჭირს! - წაიბურტყუნა მურყვანმა - არ მომწონს ეს ამბავი. რა ინტერესი აქვს იმ ბავშვს ამ საქმესთან? რისთვის იქექება?
- მაგდენი რომ ვიცოდე, სიმშვიდეს ხომ არ დავკარგავდი ამხელა კაცი, ა?!
მტრული მზერა გირშელზე გადაიტანა. მტკივან ფეხზე ხელს ისვამდა და იჭმუხნებოდა. როცა გვარიანად მოღამდა და მოხუცი შინ არ გამოჩნდა, ბიჭები გაუშვა მოსაძებნად, მათაც მინდორში იპოვეს უპატრონოდ მიგდებული. ონიანის ცხენს ჩამოეგდო ზურგიდან და უკანმოუხედავად გაქცეულიყო. ჯუანშერმა ბრაზით გააღრჭიალა კბილები.
- გამაგებინა, ერთი რა გედო მაგ ფუტურო თავში, რომ ენა დაიგრძელე უცხოსთან!
- შეცდომა დავუშვი, ჩემი ბრალია. - ამოიბურტყუნა ძლივსგასაგონად - სვანურად დამელაპარაკა, თან გასაჭირში დამეხმარა. ბავშვი იყო, ბავშვს რა უნდა დაეშავებინა. რამდენიმე კითხვაზე ვუპასუხე ეგ იყო და ეგ.
- რამდენიმე კითხვაზე უპასუხა, - გამოაჯავრა გაღიზიანებულმა - არ დაფიქრებულხარ, რა შეიძლება მოჰყოლოდა შენ საქციელს? განა გასაგებად არ ვთქვი ეს ამბავი ჩვენში უნდა დაიმარხოს და მოკვდეს-თქო?!
- მაპატიე, პაპა.
- უხ!
ჩიბუხი ისევ პირისკენ გააქანა, მაგრამ გადაიფიქრა, ყოყმანით დახედა თამბაქოს მოსაწევს და ნერვიულად ჩაიქნია ხელი.
- ესღა გვაკლდა. სატანამ ჩვენთვისაც მოიცალა, ამ მოუცლელობის ჟამს!


******
2020 წელი, კახა კახაძის ბინა, 00:06 წთ, თბილისი
ფანჯარასთან მდგარი სიგარეტს აბოლებდა და წამისწინანდელ ტელეფონის ზარზე გამალებული ფიქრობდა. შეატყობინეს რომ პოლიციამ ჭკადუა აიყვანა. წამში მოეშხამა გუნება და სმართფონი კინაღამ კედელს გაუქანა. ბებერი გაიძვერა მთელი ეს წლები წარმატებით გაურბოდა ჩავარდნას. ათასი საზიზღრობა ჰქონდა გაკეთებული და ერთხელაც ვერ წაასწრეს ფაქტზე.
ახლა როგორ მოხდა, რომ უკანასკნელი იდიოტივით ჩაავლეს კისერში? მითუმეტეს გააფრთხილა, შეცდომა შენს შვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდებაო! ნუთუ მისი მიკედლებული ალბინოსი საკმარისი მოტივაცია არ აღმოჩნდა საქმის სუფთად შესასრულებლად? ან იქნებ დაბერდა და ბრჭყალებიც გაუცვდა? თუმცა, ახლა ამას აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა - ბრძანება გასცა თავიდან მოიშორეთო.
ჭკადუა იდიოტი არ იყო. ვერ გაბედავდა ჩაშვებას. იცოდა, რაც მოელოდა მის ოჯახს ალაპარაკების შემთხვევაში, მაგრამ მისი ცოცხლად დატოვებაც არ ივარგებდა. ეშმაკს არ სძინავსო, ნერვიულად ქაჩავდა სიგარეტის ფილტრს. ახლა მეორე, უფრო უსიამოვნო ფაქტზე დაფიქრდა: რა მოხდება, როცა „ის” ამის შესახებ გაიგებს? კახაძეზე კარგად არავის მოეხსენება, როგორ სძულს მოულოდნელი „უსიამოვნო სიურპრიზები” და „გართულებები”.
მაღალ ეშელონებს სწორედ იმიტომ მისწვდა, რომ მუდამ ფრთხილად და შეუმჩნეველად მოქმედებდა. მიუხედავად, იმისა რომ თავისი ხალხი ჰყავდა სამართალდამცავ სტრუქტურაში ხმაურის გამოწვევა ჩრდილს მიაყენებდა მის პიროვნებას, რაც მისი კარიერის აღსასრული აღმოჩნდებოდა. პარლამენტიდან თუ გამოაპანღურებდნენ, რითი გამოადგებოდა უფროსს?
საუკეთესო შემთხვევაში თუ შეცდომას აპატიებდნენ, ისევ ბინძური საქმით დაკავდებოდა. ხალხის საბარგულში ჩაკეტვა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტრანზიტით მათი გაშვება უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. ასეთი ძაღლური წარსული უკან ჩამოიტოვა. აღარ იყო ჩვეულებრივი წვრილფეხა მსახური, რომელსაც ნაგვის მხვეტავად იყენებდნენ. ახლა ვიღაც იყო, რაღაცას წარმოადგენდა, ფართო საზოგადოებაში პატივს სცემდნენ. მართალია გავლენას, რომელსაც მიაღწია სისხლიანი ნაფეხურები მისდევდა კვალად, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა წვრილმან დეტალებს? მომავალი ხომ გაიკვალა?
არაფრით არ უნდოდა თბილი სავარძლის დათმობა უტვინო ბებრუხანას გამო. ისევ ნერვიულად მოქაჩა სიგარეტს და წამის მეასედში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველი შემთხვევისთვის ჯობდა საქართველოს დროებით გასცლოდა, სანამ სიტუაცია არ ჩაცხრებოდა. მით უფრო რომ, ის ავადმყოფი მკვლელიც ახლო-მახლო ტრიალებდა.
გეწაძე უკვე გამოასალმა სიცოცხლეს და გულის კანკალით ელოდა, როდის დადგებოდა მისი რიგი. ცხრა წელი შეალია მის დევნას, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნო, სამაგიეროდ მონარქი დაფარფატებდა მუდამ ყურის ძირთან ახლოს და გვამებს ცხვირწინ უტოვებდა. ეს ერთგვარი გზავნილი იყო მისთვის, რომ მოდუნება არ ღირსებოდა.
შიშსა და უკან ყურებაში გაატარა მთელი ეს დრო. თავს იმით იმშვიდებდა, რომ მკვლელი მისით დიდ სარგებელს ვერ მიიღებდა, მშვენივრად იცოდა რა ამოძრავებდა მონარქს და ხანდახან, როცა სიმამაცე შემოუტევდა იცინოდა კიდეც, თუ ვინმეს კისერი აქვს წასაჭრელი ძირში მხოლოდ და მხოლოდ „მასო”. მასთან შედარებით უმნიშვნელო კოღოდ გრძნობდა თავს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მის თავდაჯერებაზე სულაც არ ისახებოდა დადებითად, ეს ერთადერთი გამონაკლისი იყო, როცა ამაზე არ წუხდა.
მორჩა, გადაწყვეტილება მიიღო. ახლავე აახვევს აქედან, დადგნენ და ერთმანეთს თავი ახალონ პროკურატურამ და საგამოძიებო ჯგუფმა, როცა მთავარი მოწმე მკვდარი შერჩებათ ხელში! ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავს. ჭკადუას თუ მონარქის საქმეს შეაწერენ „ისიც” ხომ გაიგებს ამის შესახებ? გაუხარდება კიდეც და შვებითაც ამოისუნთქებს. იქნებ შეძრწუნოს იმაზე ფიქრმა კიდეც, რომ კაცი, რომლისაც ფარულად ასე ძალიან ეშინოდა მთელი ეს პერიოდი მის ცხვირწინ ტრიალებდა. ოხ, ნეტა „მისი” სახე დაანახა, ახალ ამბებს რომ გაიგებს გულიანად გადაიხარხარებდა.
მერე რა რომ „მას” წარმოდგენა არ აქვს კახაძის ზურგსუკან საქმიანობაზე? არ იცის, რომ ჯანდიერი და რეხვაძე მონარქს კი არ მოუკლავს, თავად გამოასალმა სიცოცხლეს ორივე ჭკადუას ხელით. თუ სისხლიანი ისტორია ბებერს დაბრალდება, ცოტა დროს მოიგებს. იქნებ მონარქმა „მასთანაც” მიაღწიოს ამ დროს და საახალწლო ინდაურივით გამოფატროს? მის წისქვილზე წყალსაც დაასხამს, რადგან შეკრული ხელები გაეხსნება და საბოლოოდ თავისუფალი იქნება. აჰ, ზედმეტად გაიჭრა ოცნებებში.
სიგარეტის ნამწვი ღია ფანჯრიდან მოისროლა და საძინებელში გავიდა. აღელვებული ნაჩქარევად ალაგებდა ბარგს. რაც ხელში მოხვდა ყველაფერი ჩემოდანში ჩაუძახა და სწრაფად დაკეტა. სახელურს ხელი ჩაავლო, შებრუნდა და დაყვირება ვერც მოასწრო, რომ ზურგსუკან ატუზულმა მაღალმა ფიგურამ გესლიანად გაუღიმა და პისტოლეტი მთელი ძალით შემოჰკრა საფეთქელში.
გათიშული იატაკზე გაიშხლართა. თავდამსხმელი აუჩქარებლად მიუახლოვდა. ჩაიცუცქა და გვერდზე გადახრილი თავით, ყურადღებით დააკვირდა მსხვერპლს. ხელთათმნიანი ხელი ნელა გაიწოდა და მელოტ თავზე სიცილით მოეფერა.
ქურთუკის ჯიბეები მოუჩხრიკა. პასპორტს მიაგნო. უინტერესოდ გაშალა და ჩახედა - კახა კახაძის ორეულმა, ფოტოსურათიდან უემოციოდ შემოხედა. ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა ვაჟკაცი! ტუჩი დამცინავად ატეხა. საბუთი უდარდელად მოიქცია თითებში და ნაკუწებად აქცია.
ხმადაბალი სტვენით წელში გაიმართა. უგონოდ მყოფს წვივში სწვდა და ნაჭრის თოჯინასავით გაათრია ოთახიდან. გზაში რაღაც გაახსენდა. შედგა და ჩაფიქრდა. უგონოდ მყოფი ადგილზე მიაგდო და სამზარეულოში შეაბიჯა.
იქაურობას თვალი მოავლო და მზერა საპურეზე გაუშტერდა. კმაყოფილს ჩაეღიმა. ერთი მომცრო ნაჭერი აიღო და ხელში ხალისით შეათამაშა. ქუსლებზე ზანტად შებზრიალდა და მისაღებში დაბრუნდა.
კახაძეს თავს წაადგა. პურის ნატეხი ქურთუკის ჯიბეში ჩაუჩურთა და მკერდზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. ერთი ჩაიცინა, შარვლის ტოტში ხელი ჩაავლო და კარისკენ წააპრონწიალა. ასე ჩამოენგრა კახაძეს მელოტ თავზე წამის წინ ნაშენები გეგმები, ისე რომ მომავლისთვის აგურიც აღარ დარჩა…



2020 წელი, მესტია, 23:59 წთ, სვანეთი.
ელი ბუხრის წინ წითელი ხავერდის, ფუმფულა სავარძელში იჯდა და ცეცხლს ეფიცხებოდა. მოციმციმე ალისგან წამომავალი სითბო სასიამოვნო ტალღებად უვლიდა გათოშილ კიდურებს. გაყინულ თითებს ოხშივარავარდნილ ჩაის ცხელ ფინჯანს აკრავდა. მკაცრი შემოდგომა სცოდნია სვანეთში. რატომ შუკვანმა არ გააფრთხილა?! ღამით ცხენით ჯირითისას ერთიანად გაიყინა. კარი ჭრიალზე უკან მიიხედა. ქვის იატაკზე თოვლივით თეთრთმიანმა მოხუცმა ქალმა შემოაბიჯა, ფეხდაფეხ კი თმაქოჩორა მაღალი ტანის ახალგაზრდა მამაკაცი შემოჰყვა.
- ალე როგორ არის? - იკითხა აღელვებულმა.
- მგელს გვარიანად კი დაუკაწრავს, მაგრამ ჭრილობებს შეიხორცებს. ეგ არაფერი. იარები დეზინფექცირებული ხსნარით დავუმუშავეთ და გადავუხვიეთ. ხვალ ვეტერინარს მოვუყვან, რომ ცოფის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთოს. შეიძლება ანტიბიოტიკიც დასჭირდეს, ექიმი თავად შეაფასებს. ნადირი ამ სეზონზე განსაკუთრებით აგრესიულია. ონიანს არაერთი ცხენი შეუჭამა, მაგრამ ალეს დაკარგვას ვერ გადაიტანს, შვილივით უყვარს.
მოხუცი სავანელის მოპირდაპირედ სავარძელში ჩაეშვა ოხვრით. დამჭკნარ ხელებზე აქა-იქ სისხლი შეხმობოდა. გადაღლილი კიდევ უფრო მოხუცი და დაბერებული ეჩვენა ვიდრე პირველი შეხვედრისას.
- არ ვიცი რა მოხდა, - მოუბოდიშასავით - ალე ადგილობრივ მოხუცს გავაყოლე, ფეხი ჰქონდა დაზიანებული და იმედი მქონდა სახლამდე მიიყვანდა, მაგრამ ცხენი მალევე დაბრუნდა უკან. ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი. მეგონა იმ მეხოცის იყო, სიბნელეში იარები ვერ გავარჩიე. შემდეგ კი მისი ხმა გავიგონე...
მზერა ახალგაზრდა მამაკაცზე გადაიტანა. გლეხურ ტანსაცმელში გამოწყობილი ცეცხლის შუქზე პირველად შეათვალიერა რიგიანად. საკმაოდ სიმპათიურს საშინლად ნაცნობი თვალის ჭრილი და ზურმუხტისფერი სფეროები ამშვენებდა. ელს გული მოეწურა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რატომ.
- და დაედევნე, - დაასრულა მის ნაცვლად მოხუცმა, ცოტა არ იყოს მკაცრი ხმით - რისთვის დაედევნე?
- ვიღაცაში ამერია, - ახლა ძალიან სულელურად ეჩვენა საკუთარი საქციელი.
- შორიდან დაგინახე, რომ ტბის პირას იჯექი მარტოდმარტო. - სიჩუმე დაარღვია მწვანეთვალებამ და ცეცხლის შუქზე გამოვიდა - მინდოდა მეკთხა დახმარება ხომ არ გჭირდებოდა, მაგრამ გამომეკიდე და...
აღარ დაასრულა. ელს ერთი საათის წინანდელი ინციდენტი მოაგონდა. ტბის პირას იჯდა და მონარქზე ფიქრობდა. ავალიანის დღიურში ამოკითხულმა ისტორიამ ისე გაიტაცა, რეალობას სრულებით მოსწყდა. ლეთარგიდან მგლის ხმამაღალმა ყმუილმა გამოარკვია, სიბნელეს კი ალე გამოეყო და ერთიანად სისხლში ამოთხვრილი გოგონას თავს წაადგა. მძიმედ ქშინავდა და მოუსვენრად აქიცინებდა კისერს.
ვერც კი მიხვდა, რომ საცოდავი ცხოველი ტკივილისგან იტანჯებოდა. მერე კი მეორე ცხენის ფლოქვების ხმა შემოესმა და ყველაფერი თავისთავად მოხდა. მისმა არეულმა გონებამ იქამდე მიიღო გადაწყვეტილება, სანამ საკუთარი საქციელის გააზრებას მოასწრებდა. უბრალოდ ძალიან უნდოდა, რომ „ის“ მონარქი ყოფილიყო. იმედოვნებდა, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდებოდა.
მაშინვე ალეს გადაევლო და ცხენოსანს გამოუდგა. უეცარი შეტევით დამფრთხალი მხედარი მაშინვე ადგილს მოსწყდა. ელი იქამდე მისდევდა, სანამ ალეს ძალა არ გამოეცალა. მუხლი მოეკვეთა და მწარედ გაიშალა მიწაზე, მასთან ერთად გოგონაც ჩამოაგდო და მხოლოდ რაღაც სასწაულით არ მოიყოლა მძიმე ტანის ქვეშ.
მხედარი ბრაგვანის ხმაზე შეჩერდა და უკან მოიხედა. დაინახა შავოსანი ტკივილისგან როგორ იგრიხებოდა და წამოდგომას ცდილობდა. წამიერი ყოყმანის შემდეგ უკან მოტრიალდა. მდევარს თავს რომ წამოადგა, შავ ტანსაცმელსა და კაპიუშონში გოგონას სახე გაარჩია. გაკვირვებული ჩამოქვეითდა და ერთიანად დაბეგვილ სავანელს დახმარების ხელი გაუწოდა.
დაჭრილი ალე გაჭირვებით მოიყვანეს მოხუცი სიდონიას სახლამდე, რომელიც მხედარის ბებიად გაეცნო დაუპატიჟებელ სტუმარს. ქალმა დაბეგვილი და ერთიანად გათოშილი გოგონა ბუხრის წინ მოათავსა, თავად კი შვილიშვილთან ერთად ალეს ჭრილობების შეხვევა ითავა.
- დიდი მადლობა დახმარებისთვის - ამოღერღა როგორც იქნა.
- საიდან ხარ შვილო? აქაურს არ გავხარ, - სიდონიამ ყურადღებით შეათვალიერა ახალგაზრდა.
- თბილისიდან ვარ. აქ ახლობლის მოსაძებნად ჩამოვედი.
- ახლობლის? - დაინტერესდა მოხუცი.
- გერგი უშხვანის.
წარმოთქვა ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით და ნახშირივით შავი თვალები სიდონიას გიშრისფერ სფეროებს გაუსწორა. შეამჩნია როგორ დაეკარგა ფერი ქალს და უნებურად ნერვიული მზერა შვილიშვილზე გადაიტანა.
- იცნობთ, ხომ ასეა? - ბებიას და შვილიშვილს შორის ცვლიდა მზერას - ვიცი, რომ იცნობთ. მესტიაში ყველა იცნობს, მაგრამ საუბარი არავის სურს.
- გიკვირს, შვილო? - წაიჩურჩულა აფორიაქებულმა - არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაგიჯერებს, რომ უშხვანის ახლობელი ხარ.
- რატომ? - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა - რა არის ამაში დაუჯერებელი?
- რადგან უშხვანის ოჯახისგან აღარაფერი დარჩა. ეს თითოეულმა აქაურმა იცის. სიმართლე მითხარი, ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? წინააღმდეგ შემთხვევაში ამწამსვე მოგიწევს წასვლა!
ხმა გაუმკაცრდა. ელმა იგრძნო, რომ სახიფათოდ დააბიჯებდა თხელ ყინულზე და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჩატეხილიყო. მაგრამ ამხელა გზა იმისთვის არ გამოუვლია, რომ ასე მარტივად დანებებულიყო. უნდა გაერისკა, სხვა რა გზა ჰქონდა?
- ცდებით, - მიუგო თავდაჯერებით - მშობლები შეიძლება ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ გერგი და მისი და ელისაბედი გაიტაცეს. ვტყუი, ქალბატონო სიდონია?
მოხუცმა ეჭვით შეათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმარი და მზერა ისევ შვილიშვილისკენ გააპარა.
- ეს საიდან იცი?
პირველად ამოიღო ხმა მწვანეთვალებამ. უნდობლად ათვალიერებდა გოგონას. სავანელი შეყოყმანდა. მასპინძლები არ ენდობოდნენ და ეს ბუნებრივიც იყო, პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადაედგა, ამიტომ გადაწყვიტა სიმართლე არ დაემალა:
- ადამიანისგან ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა ტყვეობაში. - მიუგო ხმადაბლა.
მწვანე თვალება წელში გასწორდა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალა ბებიასთან, შემდეგ კი ისევ სავანელს მოხედა:
- რისთვის დაეძებ უშხვანს? რა გინდა მისგან?
ელი დადუმდა. სიტყვებს გულდასმით არჩევდა, ხვდებოდა რომ პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ან გაუმართლებდა და რამეს გაიგებდა, ან ისევ ხელცარიელი დაბრუნდებოდა თბილისში. სვანეთში ჩამოსვლისას იმაზე მეტი ვერაფერი გაიგო, რაც უკვე ავალიანისგან იცოდა. მხოლოდ საკუთარ თეორიაში დარწმუნდა - მონარქი მარტო არ იყო. მთელმა მესტიამ იცოდა უშხვანის შესახებ და ყველა ხელს აფარებდა. სულიერი ვერ იპოვა, ვინც უკმეხად არ მოიშორებდა თავიდან მისი გვარის ხსენებისას. ერთადერთი ბებია და შვილიშვილი ჯერ კიდევ აგრძელებდნენ მასთან საუბარს. ბედი სცადა:
- უშხვანმა სიცოცხლე გადამირჩინა, - წამოიწყო ხმადაბლა - მისი წყალობით მიდგას პირში სული. ვიცი რასაც აკეთებს და ვხვდები, რომ სვანეთი ზურგს უმაგრებს. მისთვის პრობლემების შესაქმნელად არ მოვსულვარ, მხოლოდ საუბარი მინდა.
სუსტად განათებულ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ბუხარში მოტკაცუნე ცეცხლის ხმა არღვევდა მყუდროებას. სიდონია დაკვირვებით ათვალიერებდა სავანელს, რამდენიმე წამით მზერა მის ნაიარევზე გაუშტერდა. ფიქრიანად მოისრისა ნიკაპი ბოლოს ამოიოხრა და შვილიშვილს მიმართა:
- რას დაყუდებულხარ, შუკვანო?! - შეუყვირა გაჯავრებულმა - წადი, ოთახი მოამზადე სტუმრისთვის!
ელმა ელვის სისწრაფით აიღო თავი მაღლა. გაოცებისგან თვალები გაფართოებოდა. სიტყვის თქმა ვერ მოასწრო ისე გაეცალა ახალგაზრდა მამაკაცი და მისაღები ოთახის მოპირდაპირედ, მომცრო ოთახში გაუჩინარდა.
- თქვენ... - ენა დაება და მოხუცს გაფითრებულმა შეხედა - თქვენ, ირაკლის დედა ბრძანდებით? ირაკლი შუკვანის?
სიდონიას ჭაღარა წარბები კიდევ უფრო მაღლა გაექცა და ლამის თოვლივით თეთრ თმაში შეერია.
- უყურე, უყურე, - ცალყბად ჩაეცინა - აი ეს კი ნამდვილად დიდი სიურპრიზია. არ მითხრა, რომ იმ წაბილწულ ადამიანს იცნობ!
- დედამისი ხართ? - ჩაეკითხა აღელვებული.
- ჯვარი მწერია! - წაიღრინა მოხუცმა - ჩემი ქალიშვილი დააორსულა, შემდეგ კი მიაგდო. ჩემმა შვილმა მშობიარობამდე არაფრით გამანდო ბავშვი ვისი იყო, რადგან სრცხვენოდა, რომ ურთიერთობა ცოლიან კაცთან დაიჭირა! სვანეთში მსგავს რამეს არ პატიობენ და შიშისგან დუმდა! საწყალი შვილის ხელში აყვანასაც კი ვერ მოესწრო, მშობიარობას გადაჰყვა. დღემდე ვფიქრობ, ღმერთმა დაგვსაჯა-მეთქი. საბას მეტი აღარავინ დამრჩა. შვილიშვილია ჩემი მთელი ცხოვრება.
- ირაკლის შვილის არსებობის შესახებ უთხარით, ხომ ასეა? ბავშვს გვარი მისცა.
- ვუთხარი, - თავი ამაყად ასწია მაღლა - მაგრამ ეს კეთილი გულით არ გამიკეთებია, ბავშვმა დედა უკვე დაკარგა, არ მინდოდა საბა მამის გარეშე გაზრდილიყო. სულ ტყუილად, საბას დაბადებიდან მალევე გაუჩინარდა. მათ შორის მისი ორსული ცოლიც. ჭირმა უყოთ პირი, თუ ეშმაკმა არავინ იცის. მას შემდეგ მათი კვალი სამუდამოდ დაიკარგა.
ელი ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან. ისეთ შოკში იყო აზრზე მოსვლა უჭირდა. საბა რამდენიმე თვით უფროსი თუ იქნებოდა კიტაზე. შუკვანს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ნახევარ ძმა ჰყავდა. ცხოვრების სიურპრიზებს დასასრული არ უჩანდა.
- იცნობდი იმ გარეწარს? - სულ სხვა თვალით შეხედა სავანელს - შუკვანზე გეკითხები.
- ეე... - ჩაახველა და ტუჩები მოილოკა - მამაჩემი იცნობდა.
დაახეთქა პირველივე რაც ენაზე მოადგა. სიდონიამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა მოსაუბრე და ყინულივით ცივი მზერა აგიზგიზებულ ცეცხლზე გადაიტანა.
- უცნაურადაა მოწყობილი ცხოვრება. როცა ჩვენ უსწორმასწორო და ქვაღორღიანი გვეჩვენება წინ მიმავალი ბილიკი, დასასრულს აღმოჩნდება ხოლმე, რომ თითოეული კენჭი, თუ ფეხში შესობილი ხიჭვი საჭირო და აუცილებელი ყოფილა სწორ ადგილამდე მისასვლელად. არავინ იცის ვის რას უმზადებს განგება...
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის ენები საამურად ტკაცუნებდნენ ბუხარში. სავანელს დაჟეჟილი გვერდები აეწვა. ბევრი აღარ უსაუბრიათ, მოხუცმა სიტყვა აღარ გაიმეტა უშხვანზე. წარსულის მოგონებით მოშხამული მალე დაემშვიდობა სტუმარს და დასაძინებლად წაფრატუნდა. მისი ადგილი კი საბამ დაიკავა. „ბარონის“ თვალებივით უბრწყინავდა ზურმუხტისფერი სფეროები ცეცხლის შუქზე.
- თქვენი საუბარი მოვისმინე, - მიკიბმოკიბვის გარეშე მიუგო - მამაჩემს იცნობდი? იცი რა დაემართა?
ელმა ახალგაზრდას ხმაში სასოწარკვეთა შეამჩნია და გული დაუმძიმდა. ჰქონდა კი უფლება საბასთვის ირაკლის შესახებ რამე გაემხილა? მათი ურთიერთობა მისი საქმე არ იყო და მაინც რთული იყო მამაკაცისთვის თვალებში ყურება და მოტყუება. ეს კაცი ბოლოს მომიღებსო - გაიფიქრა უფროს შუკვანზე გაბრაზებულმა.
- მე არ ვარ შესაფერისი ადამიანი, ვინც ამ თემაზე უნდა გესაუბროს.
- გთხოვ... - ხმა ჩაეხლიჩა - მინდა ვიცოდე. ცოცხალია? მესტიაში ჭორად გავარდა მოკლესო.
სავანელი კარგა ხანს უყურებდა თვალებში წინ მჯდომს. ბოლოს მძიმედ ამოიოხრა:
- ცოცხალია, - უპასუხა ხმადაბლა, შეამჩნია როგორ მოეშვა დაჭიმული სხეული შუკვანს და შვება იგრძნო - მხოლოდ მეტს ნურაფერს მკითხავ.
- არც ვაპირებ, - სავარძელზე გადაწვა და მზერა მოგიზგიზე ცეცხლს გაუშტერა - მიმატოვა, ერთხელაც კი არ ვუნახივარ. არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩემი ბედით. მესმის ბებიას რატომ სძულს. მეც შევიზიზღებდი, მაგრამ არ შემიძლია. მისი და ბებიას გარდა სხვა ნათესავი არ მყავს. დიდი არჩევანი არ მაქვს ცხოვრებაში, არა?
მწარედ ჩაეცინა.
- არავინ გავიწყდება?
- მაინც?
- ძმა გყავს, - წარბები მაღლა აზიდა სავანელმა - მართალია ნახევარძმაა, მაგრამ სულ არარაობას არ ჯობია?
საბამ არ შეიმჩნია, მაგრამ ინტერესი დაეტყო.
- იცნობ?
- ჩემი ახლო მეგობარია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. - გამომშრალ ბაგეებზე ღიმილი გაუკრთა - წარმოდგენა არ აქვს შენი არსებობის შესახებ, არც მე ვიცოდი. რომ სცოდნოდა მოგძებნიდა, ეჭვიც არ მეპარება.
ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. შუკვანი რაღაცაზე ფიქრობდა. ალბათ სავანელის ნათქვამს წონიდა გონებაში. სავანელის სიტყვებმა იმოქმედეს, ზურმუხტისფერ სფერობს მანამდე უცნობი სხივი აუკიაფდათ.
- შენი სახელი არც კი მიკითხავს.
- ელი.
- ღამე მშვიდობისა, ელ. თუ რამე დაგჭირდეს, ჩემი ოთახი შენი საძინებლის გვერდითაა.
მიუგო ხმადაბლა და ფეხზე წამოდგა.
- საბა...
შუკვანი შეჩერდა და გოგონას ინტერესით მოხედა.
- შეიძლება იქამდე დავრჩე, სანამ ალე არ მოიკეთებს? პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვერ დავმშვიდდები სანამ პატრონს საღსალამათს არ ჩავაბარებ.
მასპინძელმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ მძიმედ დაუქნია თავი და საძინებელს მიაშურა. ესეც ასე, მეორე შუკვანის სახლში მოხვდა და მასაც პარაზიტივით მიეკედლა. უჩვეულო კი ის იყო, რომ მეორე ძმამაც უყოყმანოდ შეიფარა. სიკეთე სისხლში აქვთო, გაიფიქრა ღიმილით და მზერა მხიარულად მოტკაცუნე ალზე გადაიტანა.
გარეთ სუსხიანმა ქარმა დაუბერა. სადღაც შორს ისევ მგელმა იყმუვლა შემზარავად. ალემ მაშინვე ყურები ცქვიტა. თბილ თივაზე მიწოლილს სუნთქვა გახშირებოდა. შებინტული იარები სიბნელეში თეთრად ანათებდნენ. დამფრთხალი ცხენის ყურთასმენას მძიმე ნაბიჯების ხმა მისწვდა, თავი მძიმედ წამოსწია. ნესტოები დაბერვოდა და ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. საჯინიბოს კარი გაიღო და მის სადგომში ნაცნობმა ფიგურამ შემოაბიჯა. ალემ დიდი ბრიალა შავი თვალები მამაკაცს მიანათა და ისევ მშვიდად დადო თავი თივაზე.
- მითხრეს, რომ მგლებთან გიჩხუბია, - დრუნჩზე მიეფერნენ ნატიფი თითები - თავს როგორ გრძნობ მშვენიერო? ძალიან გტკივა?
ალე ისევ მძიმედ ქშინავდა, მაგრამ მამაკაცის შეხებაზე სიამოვნებისგან თვალები ელულებოდა.
- გაგივლის, მალე ფეხზე დადგები. ყოჩაღი ხარ, ჩემო ლამაზო, ძალიან ყოჩაღი.
სიყვარულით გადაუსვა თავზე ხელი და შავ მბზინავ ფაფარში თითები ნაზად ახლართა.
- გოგონასთან რისთვის მიბრუნდი უკან? შეგეშინდა მგლებს არაფერი ევნოთ? გირშელმა რა დაგიშავა, უპატრონოდ რომ მიაგდე გორაკზე?
ცხენისკენ მოიხარა ჩუმი სიცილით და დრუნჩზე მიაკრო რბილი ბაგეები.
- ადამიანზე დიდი გული გაქვს, ჩემო ძვირფასო. დაისვენე, ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
უჩურჩულა ხავერდოვანი ხმით და კიდევ ერთხელ ეამბორა დრუნჩზე. შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და სადგომის კარი საიმედოდ ჩარაზა, რომ ადამიანის გარდა შიგნით ვერაფერს შეეღწია.
ღამის ოთხ საათს აჩვენებდა კედლის ისარი, როცა სავანელის საძინებლის კარი ყრუ ჭრიალით შეაღეს. უშხვანს ეგონა, რომ გოგონა მძინარე დახვდებოდა, მაგრამ ელი საწოლზე ზურგშექცევით ჩამომჯდარი მოთმინებით ელოდა.
- ძალიან ჯიუტი და საზრიანი გოგონა ხარ, სავანელო...
წარმოთქვა ხმადაბლა. სავანელს ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა და ნელა მიაბრუნა თავი უკან...

ბარონი - იაპონური ანიმეს „გულის ჩურჩულის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. ანტიკური მაღაზიის დახლზე მდგარი კატის ფიგურა, რომელსაც გამაოგნებლად ლამაზი მწვანე თვალები აქვს.


*******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 21:00 წთ, თბილისი.
გაზქურაზე შემოდგმული ყავა ყრუდ ბუყბუყებდა და შავი ქაფით ზანტად მოიწევდა მაღლა. ლიზამ გაზქურა გამორთო, აქაფებული ყავა კი ფინჯანში ჩამოასხა. მის გარდა სახლში ყავას არავინ სვამდა. ელი და კიტა მწვანე ჩაის იყვნენ მიჩვეულნი. თან იმდენი საერთო ჰქონდათ და თან ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან კანდელაკს მათთან მრავალწლინი ნაცნობობის მიუხედავად, მაინც უკვირდა.
ბოლო დროს იმდენი რამ ხდებოდა ერთად გააზრებას ვერ ასწრებდნენ. სავანელმა დაიჩემა, სვანეთში უნდა წავიდე, შეიძლება მონარქის კვალს მივაგნოო და კიტას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მაინც მარტომ გადაწყვიტა გამგზავრება. კიტასთან თავს ისე იჭერდა, თითქოს მათ შორის არასდროს არაფერი არ მომხდარა. ისე ეპყრობოდა როგორც ძველ მეგობარს. კანდელაკი შუკვანის თვალებში სევდას ამჩნევდა, მაგრამ გადაწყვიტა არაფერი ეკითხა და საერთოდ არ ჩარეულიყო მათ საქმეში. თვითონ მოგვარდებიანო, თავს იმშვიდებდა.
შუკვანს პირად ცხოვრებაზე სანერვიულად დრო არ რჩებოდა, პრობლემები გამოუჩნდა სამსახურში. რამდენიმე დღის წინ სახლში დაბრუნებულმა კანდელაკს აუწყა ჭკადუა ხელებში ჩამაკვდა განყოფილებაშიო. რაღაც მიიღო ჩემი დაკითხვის ოთახიდან გასვლის შემდეგ და თავი მოიწამლაო. ცოფებს ყრიდა რეგვენ თანამშრომლებზე - რატომ ნორმალურად არ გაჩხრიკეს, ტრაგედიას ხომ თავიდან ავირიდებდითო. ფუჭი იყო შუკვანის რისხვა, ჭკადუას ჯერ კიდევ მაშინ გამოუტანეს განაჩენი, როცა პოლიცია მისით დაინტერესდა. გივის იმქვეყნად გადაბარგება კი მხოლოდ დროის საკითხი იყო და მეტი არაფერი.
ლიზამ ეს მშვენივრად იცოდა, შუკვანმაც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ მნიშვნელოვანი მოწმე სიცოცხლეს იქამდე გამოასალმეს, სანამ რამის თქმას მოასწრებდა. შუკვანის ხელმძღვანელობამ კი დრო იხელთა და ყოფილი გამომძიებლის სიკვდილით ხელები დაიბანა - მონარქის საქმე დახურეს, მისი დანაშაულები კი ჭკადუას დიდი სიამოვნებით მიაწერეს. ერთი სული ჰქონდათ პრესისთვის ეცნობებინათ, რომ საშიში სერიული მკვლელი წარსულს ჩაბარდა. სატრაბახოდ ნაკლებად ჰქონდათ საქმე, როცა „დამნაშავე” განყოფილების ერთ-ერთი გამომძებელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი მეწყვილე ნიკო ჯანდიერი სწორედ ჭკადუამ გამოასალმა სიცოცხლეს. პრესას სცენარის გაგრძელებაში დახმარება აღარ დასჭირვებია, ტელევიზიის ყოველი ჟურნალისტი თავდაჯერებით იმეორება ჯანდიერმა სავარაუდოდ სიმართლე გაიგო მეწყვილის შესახებ და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიცო. ვინ დაგიდევდათ სიმართლეს? ხალხს სენსაცია სწყუროდა. პროკურატურამაც საჯიჯგნად ჭკადუას ლეში მიუგდო სვავებს, თავად კი საქმე დიდი წითელი ბეჭდით დახურა.
თუმცა, ეს სულაც არ იყო დრამის დასასრული. გამოძიების ხელმძღვანელს, თაბაგარს სულ სხვა მიზეზით სტკიოდა თირკმელები - შუკვანს იოგების დახეთქვამდე უყვიროდა მუზეუმში გამოსადები კაცი ხელებში რანაირად ჩაგაკვდაო. ბოლოს დაიღალა, ხმაც ჩაეხლიჩა და შუბლზე ოფლიც მოადგა, ახალგაზრდა ხომ აღარ იყო საპენსიოდ გამზადებული კაცი? ძალიან უნდოდა კარიერა კონცერტულად დაესრულებინა, მაგრამ ვერ მიართვეს. ჭკადუამ იქამდე გააფიჩინა ფეხები, სანამ მთელ ისტორიას დაამღერებინებდა. თაბაგარის რეაქცია სულაც არ იყო უცნაური და მოულოდნელი, რასაც პროკურატურაზე ვერ იტყოდით, რომელიც ცივ საყვედურს დასჯერდა და ალიაქოთს სწრაფად მოუკრა პირი აქოთებული ტომარასავით.
მომხდარი ამბების შესახებ ელს ტელეფონზე მისწერა შეტყობინება. შუკვანს კითხვა ვერ გაუბედა ელს თუ გააგებინე სიახლეებიო, რადგან ბოლო პერიოდში საშინლად აღრენილი დადიოდა, ამიტომ საქმე თავის თავზე აიღო. სავანელს არაფერი უპასუხია, არც გაჰკვირვებია. „ადამსი” იშვიათად იწერებოდა რამეს. რაც სვანეთში გაემგზავრა სულ მთლად იყუჩა. სანამ ერთ საღამოს კანდელაკმა არ მისწერა, დამირეკე სანამ ისტერიკაში ჩავვარდნილვარო იქამდე არ აღირსა მოკლე ზარი. დიდხანს არ უსაუბრიათ, ორი სიტყვით უთხრა დაკავებული ვარ და შინ დაბრუნებისას ყველაფერს გიამბობთო და ტელეფონი გაუთიშა. ეს იყო და ეს.
ასე და ამგვარად ბოლო დღეები იყო, შუკვანის ბინაში მარტო დაბორიალობდა კედლიდან კედლამდე. კიტა გვიან ბრუნდებოდა შინ, ხშირად ნასვამიც და მაშინვე თავის ოთახში უჩინარდებოდა. კანდელაკს იდეალური შესაძლებლობა ჰქონდა ახალ რომანზე ემუშავა, რადგან დღის უმეტეს ნაწილს სახლში მარტო ატარებდა, მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ ბინაში დაგუბებული სიჩუმე ყურადღების მოკრებაში კი არ ეხმარებოდა, პირიქით გონებას ისე უფანტავდა აზრების დალაგება უჭირდა. გახსნილი ლეპტოპი, ვორდის ცარიელი ფაილით მის ნერვებზე თამაშობდა.
მოციმციმე კონსოლთან მიახლოების ისე ეშინოდა როგორც კუთხეში მჯდარი მსუქანი ობობის. თავს ვერაფრით აიძულა მაგიდას მისჯდომოდა და ერთი წინადადება მაინც აეკრიფა. ყოველთვის ნახულობდა რაღაც მიზეზს, რაც წერაში ხელს უშლიდა - „ამასაც მოვრჩები და რაღაცას ავკრეფ”, „სახლს მივალაგებ და ლეპტოპს მივუჯდები”. მიზეზებს კი დასასრული არ უჩანდათ. საბოლოოდ კი, დაღამებისას ისე მიფრატუნებდა საძინებლისკენ, ცარიელი ვორდის ფაილში კონსოლი ისევ უქმად და გამაღიზიანებლად ციმციმებდა ეულად.
ცხელს ფინჯანს თითები შემოხვია და მისაღებ ოთახში ელის სამუშაო კუთხეს მიუახლოვდა. უზარმაზარი თეთრი დაფა ათასი სახის ინფორმაციით იყო დამშვენებული - ფოტოები, წებოვანი ფერად-ფერადი ქაღალდები და მოკლე შენიშვნები, აქა-იქ გაუგებრად მიეჯღაბნა ელს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე. უცხო თვალისთვის კი დაფაზე ნამდვილი ქაოსი სუფევდა. ეცინებოდა კიდეც, რომ სავანელი უფრო იყო ჩართული გამოძიებაში, ვიდრე მთელი განყოფიელბა ერთად აღებული.
ამდენმა წელმა განვლო, ათასი უბედურება, ტკივილი და ტანჯვა გამოიარა სამივემ და კანდელაკი მაინც ვერ ხვდებოდა, რატომ იყო მისი საუკეთესო მეგობარი მონარქით ასე შეპყრობილი. მისით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა და დღემდე არ ეშვებოდა. კი მაგრამ, რატომ? რატომ იყო მასზე ასე ჩაციკლული?
მზერა კახაძის ფოტოსურათზე გადაიტანა - ელის მისდამი სიძულვილი გასაგები იყო, მელოტმა და მისმა ბანდამ სავანელს და მის ოჯახს ცხოვრება დაუნგრია. სულამ მათ გამო გააფრინა და საბოლოოდ კინაღამ ცოლს გამოუყვანა წირვა. უჭირდა იმის დაჯერება რომ ბედისწერამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მათი ბედით თამაში, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ.
მელოტი ელის ცხოვრებაში შავი ჭირივით გამოჩნდა და თან მთელი მისი ბინძური წარსული მოჰყვა მონარქის სახით, რომელიც სავანელი ერთ დიდ სიგიჟეში ჩაითრია. რა იყო ეს? ბედისწერა, თუ უბრალოდ დამთხვევა, რამაც ყველა მათგანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა? - ეშმაკმა უწყოდა!
ცხრა წელი გავიდა და ლიზამ დღემდე არ იცოდა, სად გაუჩინარდა მისი საუკეთესო მეგობარი ექვსი წლის განმავლობაში. ის და კიტა ამ თემაზე უბრალოდ აღარ საუბრობდნენ. გადაწყვიტეს სავანელისთვის დრო მიეცათ, როცა თავად ისურვებს მაშინ გაგვიმხელს ყველაფერსო, მაგრამ დრო გადიოდა და ელი უფრო და უფრო იკეტებოდა თავის სამყაროში, სადაც თავად შუკვანსაც კი ამოუკვეთა ფეხი. თითქოს ეს საკმარისი სადარდებელი არ ყოფილიყო - კანდელაკი ამჩნევდა, რომ ელს შინ დაბრუნება არ ეჩქარებოდა. მეტიც, ეჭვობდა კიდეც, რომ სავანელი ამას არც აპირებდა. დრო და დრო ოჯახს შორიდან ნახულობდა ეს იყო და ეს. მიახლოებას კი ვერ ბედავდა. ლიზა არწმუნებდა, რომ რაც დრო გავა უფრო გაგიჭირდებაო, მაგრამ სავანელს არაფრის გაგონება არ უნდოდა. იმიზეზებდა დედაჩემსა და ჩემ ძმას საფრთხეში ვერ ჩავაგდებო და საძინებელში უჩინარდებოდა.
ელზე ფიქრი თავს ატკიებდა. მისი ცხოვრება იმდენად ჩახლართული იყო, ერჩივნა ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო და იმედოვნებდა, რომ მომავალი თავისით შეცვლიდა არსებულ სცენარს და თითოეულ მათგანს საბოლოოდ მიუჩენდა კუთვნილ ადგილს.
ფინჯანი ბაგეებთან მიიტანა და ცხელი ყავა მოსვა. თბილმა ჟრუანტელმა სასიამოვნოდ დაუარა სხეულში. მაგიდის კუთხეზე სანახევროდ ჩამოჯდა და უზარმაზარ დაფას ინტერესით მოავლო თვალი. გამოძიება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, ვერც ვერასდროს იგებდა იმ რთულ სქემებს, რომელსაც ელი ღამღამობით აგებდა დაფაზე უცნაური ინიციალებით.
კანდელაკმა რამდენჯერაც ამოკითხვა სცადა, იმდენჯერ კრახი განიცადა, რადგან აზრი ვერ გამოჰქონდა ნაწერებიდან. შუკვანმა თავსატეხის ამოხსნაზე დიდი ხნის წინ ჩაიქნია ხელი. „ადამსი” ჭადრაკით არის შეპყრობილი, მისას ვერაფერს გაიგებ, ნურც ეცდებიო - თავისებურად დაამშვიდა სვანმა, როცა ლიზამ შესჩივლა მე ვარ სულელი თუ შენც ვერ კითხულობ მის ნაჯღაბნებსო?
აბა, რისი თქმა უნდოდა სავანელს, როცა კახაძეს ჭადრაკის ცხენის ფიგურა მიახატა? რეხვაძესა და გეწაძეს კი კუ მიუსვა გვერდით? ყველაზე მეტად ის ეუცნაურებოდა, რომ მიხეილ არეშიძე პაიკის ფიგურით იყო აღნიშნული. ჭადრაკის დიდად არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ეჭვობდა ელს არეშიძისთვის სწორი შეფასება მიეცა. ბავშვობიდან მასზე ათასი საზიზღრობა სმენია. როგორ შეიძლებოდა რომ კახაძე მასზე მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო ჭადრაკის დაფაზე? რაღაც აბსურდიაო - ტვინს იჭ....ტდა წარბშეკრული, თან ყავას წრუპავდა. თუმცა, სავანელისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ის ხომ არასდროს არაფერს ბოლომდე არ ამბობდა?!
ახლა არეშიძის გვერდით მიკრულ ფოტოზე გადაიტანა მზერა, წაბლისფერთმიანი ახალგაზრდა შესახედაობის ქალი სევდიანად უღიმოდა ფოტოგრაფს. ერთხელ ელს ჰკითხა ეგ ვინ არისო, სავანელმა კი უცნაური პასუხი გასცა - ერთი შეხედვით დეკორაცია, მაგრამ სწორედ ის დამეხმარება მეფის დაშამათებაშიო და ცბიერი ღიმილით მიახატა ფოტოს ლაზიერის ფიგურა.
თუმცა ეს არ იყო, დაფის უცნაური დეკორაციის დასასრული - რატომღაც ფოტოების სათავეში გიგი არეშიძე იწონებდა თავს „ლენონებში”. მისი ფიგურა „საჭადრაკო დაფაზე” ეტლით აღინიშნებოდა. სავანელი მოძრავ სკამზე რიტმულად ქანაობდა აქეთ-იქით და უმცროს არეშიძეს გამჭოლი მზერით ხვრეტდა - ის განსაკუთრებით ეფექტური თამაშის ბოლო ფაზაში იქნებაო.
დაფის დანარჩენი ნაწილი კი მილენას და მის ახლო წრეს დაეკავებინა. აბსოლუტურად ყველას უზარმაზარი წითელი კითხვის ნიშანი აჯდა თავზე. დაბნეულმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი „რუკას”. რაღაც აშკარად აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და უამრავ ფოტოში ეს „რაღაც” თევზივით უსხლტებოდა ხელიდან და ვერაფრით ხვდებოდა კონკრეტულად ვის ეძებდა.
- ჰეი! - წამოიძახა უცებ - ავალიანი სად გაქრა?
თითქოს უხილავი ძალა ამ კითხვას ელოდაო, შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა და ჰოლში კიტა გამოჩნდა. ფეხსაცმელები გაიხადა და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. მისაღებში შემოვიდა და ლიზას უხალისოდ მიესალმა. უგუნებოდ გამოიურებოდა. გაცრეცილ სახეზე უძილობისგან ჩაშავებული უპეები მოუჩანდა.
- კარგია, რომ მოხვედი, - ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მაშინვე შუკვანს მიუტრიალდა - სად გაქრა ავალიანის ფოტო? რატომ არ არის დაფაზე მიწებებული?
სვანს რამდენიმე წუთი დასჭირდა გასააზრებლად რას ეკითხებოდნენ. დაბნეულმა თვალები აახამხამა და სულელივით შეხედა ჯერ კანდელაკს, შემდეგ კი დაფას, რომელზეც ანიშნდებდნენ და კიდევ უფრო მოიქუფრა.
- ლიზიკო, მეტი საქმე არ გაქვს? - მიუგო დაბღვერილმა და სავარძელში ჩაეშვა. ფეხები გაჩაჩხა და მოღლიმა ხელის გული ყბის ქვეშ ამოიდო - ცოტა ჰაერზე თუ არ გახვალ, სახლში ჯდომით გააფრენ.
- სად გაქრა ავალიანი? წინაზე დაფაზე იყო, ახლა აღარ არის, რატომ?
- ალბათ ელმა ჩამოხსნა, - მხრები აიჩეჩა უინტერესოდ.
- რატომ? - გაიმეორა ჯიუტად.
- ხომ მოგიყევი ავალიანის ისტორია? - კიდევ უფრო გაუფუჭდა ხასიათი - ეჭვმიტანილი კი არა მსხვერპლია მონარქის მსგავსად, ისიც თათრებს ჰყავდათ დატყვევებული. ხომ გიამბე, რაღატომ მამეორებინებ?
- და ამიტომ ეჭვმიტანილთა სიიდან ასე უცებ გამოირიცხა? - ყურებს არ უჯერებდა - თქვენ არ მიმტკიცებდით ყველაზე აბსურდული კვალიც უნდა შემოწმდეს, სანამ მისი უმნიშვნელობა არ დადასტურდებაო? რატომ გჯერათ ავალიანის ნათქვამის? რა იცით რომ ბოლომდე სიმართლე გითხრათ?
- მე მეკითხები? - წარბები მაღლა აზიდა - ეგ ელის პირადი ახირებაა და აწებებს და აშორებს რაც გაუხარდება. აღარ ვერევი მის საქმეში და საერთოდ რა სისულელეზე მიღლი ტვინს?
- სისულელეზე? - ახლა კანდელაკმა აზიდა წარბები მაღლა - მთელი სამი წელია ამ „სისულელით” ვართ დაკავებულნი და ახლა გახდა უმნიშვნელო? შენც გადაწყვიტე თავი მოიტყუო და ჭკადუას სიკვდილით დაასრულო ცხრა წლის ისტორია? რატომ არ უთხარი ელს უშხვანის შესახებ? რატომ არ მოუყევი ბოლომდე რა გითხრა ავალიანმა?
- და ელი მე ყველაფერს მეუბნება? - სახე წამოუჭარხლდა გაღიზიანებულს - როგორ ფიქრობ რატომ გაემგზავრა სვანეთში ასე უცებ? ჩემ გარეშე ვერ გაიგო უშხვანის შესახებ? თუ დავიჯერო, რომ ავალიანს არ ესაუბრა?
- კიტა… - შეყოყმანდა - ერთმანეთის ჯიბრში თუ ჩადგებით, ასე საქმეს არაფერი ეშველება.
- რა საქმეს, ლიზა? რომელ საქმეს? დავიღალე, გესმის? ყელში ამომივიდა ეს უაზრო, უმიზნო ლაბირინთი. რისთვის გავყავი თავი ამ განავალში ისიც არ ვიცი. ელმა კი არაერთხელ მაგრძნობინა, რომ არ მენდობა. არც მე და არც შენ. დამოუკიდებლად მოქმედებს. ჩვენ კი იმის ნახევრის ნახევარსაც კი არ გვიმხლეს, რასაც ზურგსუკან აკეთებს. თავის სამყაროში ცხოვრობს, სადაც სხვისთვის ადგილი არ არის. მითხარი, რა რეაქცია უნდა მქონდეს? სადამდე ვდიო აჩრდილებს? რატომ უნდა მანაღვლებდეს მონარქი მართლა მოკვდა, თუ ისევ თავისუფლებაზეა? გავიგეთ, რომ „ცუდ ბიჭებს” ხოცავს, ხოდა ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუ ავალიანმა სიმართლე მომიყვა, ძაღლიც მიაკვდეთ სულში, უარესის ღირსები არიან. დღევანდელი ჩვენი სისტემით სამართალს ისედაც არ ეღირსება აღსრულება. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული სათითაოდ ჩამოვკიდებდი ყველას ბაწარზე, ბავშვებით მოვაჭრე სხვას არაფერს იმსახურებს!
კანდელაკმა თვალები ააფახურა გაოცებისგან. შუკვანი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახავს.
- ამას სერიოზულად არ ამბობ, - თავი გააქნია კანდელაკმა - უბრალოდ გადაღლილი და განერვიულებული ხარ. ალბათ დანებებას არ აპირებ, კიტა.
- ვის და რას ვებრძოლო, ლიზა? მიმოიხედე, ჩვენ გარეშეც გრძელდება ცხოვრება.
- ადამიანები იხოცებიან, ეს სწორად მიგაჩნია?
- იქნებ არც მიმაჩნია, მაგრამ დროა გამოვფხიზლდეთ და ბოლოს და ბოლოს გავიაზროთ, რომ მთელი სამყაროს ტვირთი ჩვენი სავალდებულო სათრევი არ არის!
- მაშინაც ასე იტყვი, თუ მილენას წირვას გამოუყვანენ? - ბრაზი მოერია კანდელაკს - იტყვი ჩემი საქმე არ იყო, მოსახდენი მოხდაო? ხომ იცი, რომ ელი არ გაჩერდება სანამ თავისას არ მიიღებს? გინდა მარტო შეატოვო ამ არეულობაში? ვიცი რომ ეული მგელივით უჭირავს თავი, მაგრამ როგორ ფიქრობ ჩვენი დახმარება მართლა რომ არ სჭირდებოდეს, მოგვძებნიდა?
- აი, მეც მანდ ვარ, ლიზიკო, - შუკვანს თვალებში ცრემლი უბრჭყვიალებდა - ელს მხოლოდ საქმისთვის ვჭირდებით. მის თვალში სხვა დანიშნულება არ გვაქვს. პაიკები ვართ, უბრალო პაიკები მის გენიალურ უზარმაზარ საჭადრაკო დაფაზე, მხოლოდ ჩვენი სურათი არ აქვს გამოკრული და არც ფიგურები გვაქვს შუბლზე მიხატული!
- არ ხარ მართალი, კიტა - დაუყვავა და ბიჭს მიუახლოვდა, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ბრაზისგან დამუშტულ ხელზე თბილი ხელის გული დაადო - შეიძლება თქვენსავით გამოძიების ბევრი არაფერი გამეგება, არც ჭადრაკის თამაში გამომდის და არც საიდუმლოების ამოხსნის ექპერტი ვარ, მაგრამ ადამიანების ფსიქოლოგია ჩემი სპეციალობაა. ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგის დიპლომი მაქვს.
შუკვანმა არ უპასუხა. განზე იყურებოდა და თავს ებრძოდა თვალზე მომდგარი ცრემლებისთვის ჯებირის გადმოლახვის საშუალება არ მიეცა.
- ელი ავად არის, კიტა, - გააგრძელა ხმადაბლა - მის ფსიქოლოგიურ პრობლემას იმაზე მეტი სიღრმე აქვს ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ის მანიითაა შეპყრობილი, გესმის? ძლიერი მანიით! მისთვის ახლა სხვას არავის და არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. არ მოეშვება სანამ „თავსატეხს” არ ამოხსნის. ამ თემაზე მასთან არ ვსაუბრობ, რადგან არ მინდა თავი ჩემთან როგორც პაციენტმა ისე იგრძნოს. ისედაც მუდამ გაგვირბის და თავის ნაჭუჭში იკეტება. ამას გამიზნულად არ აკეთებს, კიტა. მისი ფსიქიკა იმდენად არის დაზიანებული, რომ ეს მისი ერთადერთი თავდაცვის ხერხია, რომელსაც ტვინი ავტომატური ბლოკადასავით იყენებს პატრონის გაუცნობიერებლად. მის საძინებელში ძლიერი ფსიქოტროპულები ვნახე, რასაც რეცეპტის გარეშე ვერ იყიდი. წარმოდგენა არ მაქვს ვინ ამარაგებს ასეთი აბებით, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცის. ელს დღემდე არ გაუმხელია სად იყო ექვსი წლის განმავლობაში და საიდან აქვს საარსებო ფული, საიდან შოულობს წამლებს და სად რჩება, როცა სახლში არ მოდის. ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ბევრ რამეს არ გვეუბნება. ყოველ ჯერზე როცა ამ თემას ფრთხილად ვუახლოვდები, ვამჩნევ როგორ გეძებს თვალებით. ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, კიტა. დუმს და ეს დუმილი რატომღაც შენ გიკავშირდება.
შუკვანმა თავი ასწია და კანდელაკს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. ქერას მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს და გოგონას სიტყვებმა გვარიანად შეაჯანჯღარეს. ლიზას ბაგეებზე თბილი ღიმილი გადაეფინა.
- „ადამსი” ყოველთვის კერკეტი კაკალი იყო. ბოლო წლებში კი უამრავი რამ გამოიარა, რამაც მისი ბუნება და ხასაითი კიდევ უფრო დაამძიმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობები აღარ აქვს. აქვს კიტა, მაგრამ ძალიან ღრმად მალავს. შენ ერთადერთი ხარ ვინც მის ალაპარაკებას შეძლებს, მაგრამ არამც და არამც არ დააძალო. რაც უფრო მიაწვები, საპირისპირო შედეგს მიიღებ და ეს არ არის ყველაფერი, რისი თქმაც შენთვის დიდი ხანია მინდა.
- კიდევ რა? - ნერვიულად შეათვალიერა კანდელაკი.
- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ელმა ნიცას გაუჩინარების შესახებ ყველაფერი იცის. იმაზე მეტიც ვიდრე გვიმხელს და რახან ამ თემაზე ასე ჯიუტად დუმს, კარგის მოსმენის იმედი არ მაქვს და შიშით ვერაფერს ვეკითხები. როცა ეს ამბავი ჩაივლის, როცა მისი მანია უკან დაიხევს და სიმშვიდეს მოიპოვებს, აუცილებლად ვკითხავ, რა მოხდა მათ შორის ცხრა წლის წინ.
შუკვანს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. დაღლილობა, რომელსაც სახლში მოსვლისას გრძნობდა, უკვალოდ აუორთქლდა. კანდელაკმა მის გონებაში ახალი ქარიშხალი გამოიწვია. სავანელის საქციელებისთვის ასეთი კუთხით არასოდეს შეუხედავს. არ იყო ფსიქოლოგი და არ შეეძლო ისეთი რამეების შემჩნევა, რასაც კანდელაკის მახვილი თვალი მარტივად ხედავდა. თავი დამნაშავედ იგრძნო და ლიზას ახედა.
- შენ რომ არ გვყავდე, არ ვიცი რა იქნებოდა, - გოგონას წელზე მოხვია ხელი და მიეხუტა - მაპატიე, რომ იშვიათად ვიცლი შენთვის. ხშირად უყურადღებოდ გვრჩები ორივეს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ შეუცვლელი ადამიანი ხარ ჩვენს ცხოვრებაში, ლიზიკო. შენ გარეშე ალბათ ერთმანეთს დავჭამდით.
- ეჭვიც არ მეპარება, - გადაიკისკისა ქერამ და ლამაზი კულულები ზურგზე ამაყად გადაიყარა, მარჯვენა ხელით კი შუკვანს გაუპარსავ ლოყაზე მიეფერა - ყველაფერი დალაგდება, კიტა. სულ ცოტაღა დაგვრჩა, ვგრძნობ.
- იმედია.
მოგვიანებით როცა შუკვანი დასაძინებლად წვებოდა, კედლის საათი უკვე შუაღამის თორმეტ საათს აჩვენებდა. ფანჯრებს მიღმა კი გრილი ნიავი ხის კენწეროებს აშრიალებდა. ქარს თბილისისკენ წვიმის წვრილი წვეთები მოჰქონდა შორიდან. იდეალური ღამე იდგა საიმისოდ, რომ ბალიშზე თავი დაგედო და მშვიდად დაგეძინა, მაგრამ კანდელაკს რული არ ეკარებოდა.
ახალი ენერგიით ავსებულმა მეორე ფინჯანი ყავა მოიდუღა და ლეპტოპი ელის სამუშაო კუთხესთან მიდგმულ მომცრო მაგიდაზე შემოდო. ბოლოჯერ შეავლო თვალი უაზრამაზარ აჭრელებულ დაფას და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. გრძელი კულულები მაღლა აიკეცა და გრძელი ფანქრით დაიმაგრა, ყავა მოსვა და წერას შეუდგა. თხელი ნატიფი თითები ელვის სისწრაფით მოძრაობდნენ კლავიატურაზე, ისე რომ კონსოლი ციმციმსაც კი ვერ ასწრებდა.


*******
2020 წელი, მესტია, 00:00 წთ, სვანეთი.
ნამგალა მთვარის შუქზე სუსხიანი ქარი ავისმომასწავებლად დაიძურწებოდა ქარაფებს შორის. ნაცრისფერი თიხოვანი ფიქალით გადახურული სახლებიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. საღამოს კარგა ხანს გადასცილებოდა. ბნელოდა. საბალახოდ გაშვებული ცხოველი თავიანთ სადგომებში დაებუნებინათ გლეხებს და სახლში შებუდრებულები, ცხელ რძესთან ერთად, შეშის ღუმელს ეფიცხებოდნენ.
თოვლისგან ნადნობი წყალი სევდიანად წვეთავდა ჟანგიანი ჟოლოფებიდან. ფოთლებისგან გაძარცვული ხის მსხვილ ტოტზე, ცივ ნიავს აყოლილი საქანელა ზანტად კონწიალებდა ნაკანების ეზოში. არღვლიანების მურასაც კი ფუმფულა კუდში მიემალა ცნობისმოყვარე დრუნჩი და თავის ოთხფიცრულა ქოხში მშვიდად თვლემდა. ვინ თქვა ძაღლები სიზმრებს არ ხედავენო? მოჭუტული თვალები უთრთოდა. ღრმა ძილში წასული ანგარიშმიუცემლად ბურტყუნებდა დრუნჩებში და რეფლექსებს აყოლილი ყურები დრო და დრო უხტოდა.
ღამის მდუმარებაში ბებერი მაძებრის ყურთასმენამ, ხმაურიანი ბგერები იოლად გამოარჩია და ყურები ცქვიტა. თათებზე დადებული თავი მაღლა აიღო და ჰაერი ცნობისმოყვარედ დაყნოსა. ღამის სუსხიან ქარს, სამხრეთიდან უცხო სუნი მოჰქონდა. მურიკომ თბილი სხეული მძიმედ აზიდა, მარდად გამოვიდა გარეთ და ყურებდაცქვეტილი გაინაბა - მეზობელი ორსართულიანი სახლის აივანზე ვიღაც იდგა.
იუცხოვა მურიკომ სტუმარი. იქ არავინ ცხოვრობდა. ნახევრად დანგრეულ, ძირგამომპალ სახლს გლეხებმა „ქალდევური წყევლა“ შეარქვეს. ცრუმორწმუნე მეზობლები ჩურჩულებდნენ, რომ სახლი დაწყევლილი იყო. მაცხოვრებლების თქმით, მისმა ობიანმა კედლებმა სამად სამი პატრონი მიიპატიჟა შინ და სამივემ მის ზღურბლთან დაასრულა სიცოცხლეო. მკვიდრები იფიცებოდნენ კიდეც, რომ ღამით სახლიდან ქვითინის ხმა ესმოდათ.
დაზუსტებით ვერავინ გეტყოდათ, თუ რა მოუვიდათ წინა მეპატრონეებს, რომლებმაც ნიკანდრე ქალდანის გარდაცვალების შემდეგ, მორიგეობით შეიძინეს სახლი აუქციონზე. ვერც იმას ხსნიდნენ, თუ როგორ დაემთხვა რომ ყოველი ახალი მეპატრონე ძირის გარეშე წავიდა ამქვეყნიდან. შესაბამისად შენობაც ხელთავიდან იყიდებოდა. ასე იყო თუ ისე, სახლს სახელი გაუტყდა და აღარც არავინ ეკარებოდა ახლოს. იდგა თავისთვის, ეულად, მიტოვებული და ყოველი ზამთრის მიწურულს ახალი აგურის ჩამოშლით აცილებდა უკან ჩამოტოვებულ წელს.
საათის ისარმა ერთი სრული ბრუნი გააკეთა და თორმეტთან შეჩერდა დინჯად. შუაღამის სუსხიანმა ქარმა ყრუ ღრიალით შემოურბინა ქარაფებს. ხეების მოშიშვლებულ ტოტებს მიეხალა და სოფლისკენ გამობრუნდა გაღიზიანებული. მურიკოს ხმადაბალი, ფრთხილი ღრენა გადაფარა და ქალდანების აივანზე გადმოყუდებულ მაღალ ფიგურას, გრძელ თითებში, ანთებული სიგარეტი ჩაუქრო.
ფიქრებში გართული, უმეტყველო მზერით მიაშტერდა უქმად აბოლებულ ღერს. სადღაც, შორს, ჭოტის კივილი ექოდ აირეკლეს მყინვარის კალთებმა. ზამთრის სიცივისგან დასუსხული ბაგეები ნელა დააშორა ერთმანეთს, თვალები დაეხუჭა და მშვიდად ამოისუნთქა. თავჩახრილს, წინ ჩამოყრილი წაბლისფერი თმა ფერმკრთალ სახეს უმალავდა. ფილტვებიდან ამოხეთქილი ნახშიროჟანგი რკინის მოაჯირს ორთქლავდა.
წელში გასწორდა. ნამწვი ყინვისგან მოხრესილ ეზოში მოისროლა და სახლში შესვლა დააპირა, როცა მახვილ ყურთასმენას სუსტი ხმები მისწვდა. ადგილზე გაქვავდა და ნელა მიაბრუნა თავი ხმის მიმართულებით. ეზოს ჭიშკარს ორი ადამიანი მოსდგომოდა და მასპინძელოო - იძახდნენ შორიდან. წარბშეკრულს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. გაღიზიანებამ ძარღვები აუწვა, არ ესიამოვნა დაუპატიჟებელი სტუმრები.
თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი გაუგონია. სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ ხმები ახლოდან მოისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასპინძელს უკითხავად შემოეჭრნენ კუთვნილ ტერიტორიაზე. იგნორს აზრი დაეკარგა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა, კბილს კბილი გაუსვა და მკვეთრად იცვალა რაკურსი. აივანი გადაჭრა, ეზოში გავიდა და ამომავალი კიბის თავში დაუპატიჟებელ სტუმრებს შეეგება.
- ღმერთო ჩემო!
ახალგაზრდა გოგონამ მოულოდნელობისგან შეჰყვირა და გულზე ხელი იტაცა. ხელში ფოლგაში შეფუთული კალათი ეკავა. დამფრთხალი მეწყვილის ზურგს ამოეფარა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ზამთრის სუსხში, მასპინძლის ცივი ხმა არასტუმართმოყვარედ გაისმა. სტუმრებს ჟრუანტელი მოჰგვარა დამხვდურის არამეგობრულმა ტონმა. ახალგაზრდა ბიჭმა სვანური ქუდი მოიხადა და მასპინძელს ოდნავ დაუკრა თავი.
- დიდი ბოდიში მომირთმევია, მასპინძელო. უკითხავად შემოგეჭერით ჭერქვეშ. ჩემმა ცოლმა ცხელი ღვეზელები გამოაცხო და გვინდოდა გვეწილადა. გარეთ ძალიან ცივა, ალბათ სახლშიც - შიშნარევი მოკრძალებით ახედა გამოღამებულ შენობას, რომლის საკვამურსაც დამწვარი შეშის სურნელი წლები იყო არ ღირსებია - აივანზე თვალი მოგკარით, დიდი ხანია აქ არავინ შეგვიმჩნევია. ალბათ ახალი გადმოსული ხართ. ვიფიქრეთ ცხელი კუბდარი გესიამოვნებოდათ.
დამხვდური ისე ისმენდა ბიჭის საუბარს ნირი არ უცვლია, ერთი ეგ იყო თვალები დაუვიწროვდა ძლივსშესამჩნევად. ეჭვის ჭინკები უხტოდნენ გუგებში. მშვენივრად მიხვდა რისთვის მოადგნენ მეზობლები შუაღამისას. ინტერესი ჰკლავდათ, „ახალი მეზობლის“.
მასპინძლის უტყვმა და ცივმა გამომეტყველებამ სტუმრები მიახვედრა, რომ შუაღამისას თავზე წადგომა არც ისე კარგი იდეა იყო. უხერხულად შეიშმუშნენ და უკან გაბრუნება დააპირეს, რომ მამაკაცის დაბალმა ბარიტონმა შეაჩერათ.
- შემობრძანდით...
გვერდით გადგა და წყვილს გზა დაუთმო. ნელა გააყოლა თვალი გვერდით ჩავლილებს და მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯით უკან მიჰყვა ორს.
სტუმრებმა, სახლის კარი რომ შეაღეს და მასპიძელმა მისაღებ ოთახში შუქი აუნთო, ჯერ გახევდნენ შემდეგ კი შეფარვით გადახედეს ერთმანეთს. გაურკვევლობა და გაოცება დასთამშებდათ სახეზე. სახლი გარედან ისეთი დაცხავებული და გაუბედურებული მოჩანდა შიდა ინტერიერმა კონტრასტულად იმოქმედა.
ძველებურ, მაგრამ მდიდრული ოთახის იატაკს მთლიანად ბორდოსფერი, ფუმფულა ხალიჩა ფარავდა. ოთახის ცენტრში, სადაც მძიმე ხის მაგიდა დაედგათ, ხისსავე სწორზურგა, გაცვეთილი და მაინც მოვლილი სკამებით. თეთრი მაქმანის სუფრას უზარმაზარი ჭაღი დაჰყურებდა, ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურებით. ბუხარში შეშა გაემზადებინათ, ჯვარედინად დაეწყოთ ხმელ-ხმელი ფირფიტები. კედლებს მთლიანად ძველი გობელენი გასდევდა, ხელით ნაქარგი სანადირო სცენებით. ოთახის მარცხენა კუთხეში ბუხრის წინ ფუმფულა სისხლისფერი დივანი ესვენა, სამი რბილი სავარძლით. შუაში დაბალი, ხის მაგიდა იდგა, ხერესის ბოთლით დამშვენებული. ჭიქა არსად ჩანდა. ჩაობებულ, საღებავაქერცლილ ფანჯრებს მძიმე ღვინისფერი ფარდები ფარავდა.
ბუხრის მარჯვნივ განჯინაში, ჭაღის მბჟუტავ შუქზე ძველი, სქელტანიანი, აშმორებული წიგნების ნაცვლად ძვირადღირებული, ალკოჰოლური სასმელები ბზინავდნენ - ბურბონი, ვისკი, რომი, სიდლიფი, ვერმუტი, ჯინი, მალიბუ და იტალიური ამარო. დიდი ხანია მათთვის ხელი არავის უხლია. მძიმე ბოთლებს სქელი მტვერი ედოთ. ჰაერში შმორის, სიძველისა და მტვრის საძაგელი სუნი იდგა. მასპინძელს სტუმრების გამომეტყველებამ უნებური ღიმილი მოგჰვარა. სახეზე ეწერათ, რომ გარემომ უცნაურად დათრგუნა ორივე.
- დასხედით.
ხელით ანიშნა მაგიდისკენ, თვითონ სუფრის თავში დაიკავა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთს აღარ ჰქონდა სახლში გაჩერების სურვილი, მაინც დაემორჩილნენ, მძიმე სკამები გამოსწიეს და მაგიდას მიუსხდნენ.
- ღვეზელი გამისინჯეთ - გოგონამ ფოლგიანი კალათი მამაკაცისკენ გააჩოჩა - ნამდვილი სვანური კუბდარია.
- როგორ ცუდად გამოვიდა, არც კი გაგეცანით, - წაეშველა ქმარი, როცა მამაკაცმა უკომენტაროდ გადაიტანა მზერა კალათზე - მე ირაკლი ვარ, მუშკუდიანი, ეს ჩემი მეუღლეა, ნინია. აქვე ვცხოვრობთ, თქვენი სახლის მეზობლად...
სვანს ხმა ჩაუწყდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ მაგრამ ეს უცნაური დამხვდური საშინლად ძაბავდა. მისი უტყვი გამომეტყველება და საშინლად არამეგობრული მზერა ტანზე ეკლებს აყრიდა. უკვე ძალიან ნანობდა ცოლის ახირებას რომ დაჰყვა და ამ წყეულ სახლში შემოდგა ფეხი.
- ბურბონს დალევ, ირაკლი? - მოულოდნელად იკითხა მასპინძელმა.
უეცარი შემოთავაზებით გაოცებულ ახალგაზრდას დაჭიმული სხეული ოდნავ მოუდუნდა. თავი უხმოდ დაუკრა და გაღიმება სცადა, უფრო კი სასაცილოდ მოეღრიცა ტუჩები. მასპინძელი ფეხზე წამოდგა და წიგნების განჯინას მიაშურა. კარი ჭრიალით გამოაღო და სასმელის ბოთლს წაეტანა. სწორედ იმ წამს ჭერიდან უცნაური ხმები მოისმა, თითქოს ვიღაც მძიმე სხეულს იატაკზე გაჭირვებით მიათრევდა.
- წყეული ვირთხები! - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის - ძველმა სახლმა ასე იცის. ნინია, თქვენც დალევთ?
ცბიერი მზერა გაექცა გოგონასკენ, რომელიც გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ჭაღს. არაფერი ეჩვენებოდა, უზარმაზარი ლითონისგან შეკრული რკინაკავი შესამჩნევად ქანაობდა.
- მე... - შეშინებულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- ერთი ჭიქა, - შეაგულიანა მამაკაცმა აღტკინებული მზერით - და ღვეზელს აუცილებლად გაგისინჯავთ.
- კარგი, იყოს ერთი ჭიქა... - დათანხმდა უფრო ძალდატანებით.
მასპინძლის მსხვილ ბაგეებს კმაყოფილი ღიმილი მოეფინათ. გვერდჩამოთლილ ჭიქაში თაფლისფერი სითხე მადისაღმძვრელად გადმოიღვარა...
სტუმრები რომ გააცილა კარი მიხურა, საკეტი გადაატრიალა და სუსხიანი მზერა ჭერზე გადაიტანა. მოგუდული ფაფხურის ხმა შემოესმა. ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და სხვენისკენ ამავალ ხის კიბეს მიაშურა. აუჩქარებლად დგამდა ნაბიჯებს საფეხურებზე. ტერფებს ქვეშ ძველისძველი ხე სუსტად აჭრიალდა.
კიბე რომ აათავა ჯიბიდან ძველმოდური გასაღები ამოაძვრინა, საკეტს მოარგო, გადაატრიალა და კარი შეაღო. ცხვირში მაშინვე შარდისა და ფეკალიების საძაგელი სუნი ეცა. ჩამრთველს ხელი აჰკრა. ხის ჭერზე ჩამოკონწიალებული ერთადერთი შიშველი ნათურა სუსტად აინთო და ჩაბნელებულ სხვენს სინათლე მოჰფინა.
მელოტი მამაკაცი, რომელიც გრძელი სქელი ჯაჭვებით მიებათ კედელზე, მაშინვე სხვენის კუთხისკენ გახოხდა შეშინებული. ფეხები მჭიდროდ მოიკეცა და დამფრთხალი ახალმოსულს მიაჩერდა. კახა კახაძეს საერთო აღარაფერი ჰქონდა ძველ მესთან. ჩონჩხზე გადაკრული ტყავიღა დარჩენილიყო. სახის ძვლები ავადმყოფურად ეკვეთებოდა გაფითრებულ კანზე. ერთ დროს წარმოსადეგი მამკაცი საკუთარ ჩრდილს დამსგავსებოდა.
როდესაც მასპინძელმა მისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი, შეშინებულმა გაძვალტყავებული ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიკრა ფეხებზე და ნერვიულად მოჰყვა რწევას.
- კახა... - მიმართა მშვიდად და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა - ხომ გაგაფრთხილე, არ იხმაურო-თქო? იცი, რაც მოჰყვება დაუმორჩილებლობას...
მელოტმა ნერვიულად გააქიცინა თავი და რწევას უმატა. შიშისგან ფართოდ დაჭყეტილი თვალები იატაკისთვის გაეშტერებინა, თითქოს თუ თვალებში არ შეხედავდა წინ მდგომს შეუმჩნეველი დარჩებოდა და სასჯელსაც გადაურჩებოდა.
- რა იყო, ახალი სახლი არ მოგწონს? - კედელთან მდგარს სკამს ხელი წამოავლო და ტყვეს წინ ჩამოჯდა - სარდაფი ხომ არ გერჩივნა?
ჰკითხა ხმადაბლა და მეგობრულად გაუღიმა. კახაძე ისევ თავის ქიცინს მოჰყვა. რაღაცას ზმუოდა თავისთვის, მაგრამ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო.
- ვერ გავიგე, რას ამბობ, კახა - წარბშეკრული წინ გადაიხარა - გარკვევით ისაუბრე.
ტყვეს ტუჩები მოეღრიცა და მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა თვალის კუთხეებიდან. ისევ ყრუდ დაიზმუვლა და სახე მუხლებში ჩამალა. სხეულის ცახცახზე, მაჯებზე შებმული ლითონის სქელი ჯაჭვები აჟღარუნდნენ.
- თავი ასწიე და შემომხედე, რომ გელაპარაკები.
ხმაში სუსხი გამოერია. აკანკალებულს გაუჭირდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და თავი მაღლა აიღო. მოსაუბრის მზერას, რომ შეეჩეხა ისე მოიკუნტა, თითქოს მათრახი გადაუჭირესო. სიკვდილამდე აშინებდა მისი თვალები.
- იცი სად მოგიყვანე? მიმოიხედე, იქნებ ძველი დრო გაგახსენდეს. ნამყოფი ხარ აქ...
კახაძეს პასუხად თვალებიდან ცრემლების მორიგი ულუფა გადმოსცვივდა. მასპინძელს გვარიანად მოეშალა ნერვები. წამოდგა ერთ ნაბიჯში დაფარა მათ შორის მანძილი და ხელუკუღმა სთხლიშა სახეში. მელოტმა ტკივილისგან დაიწკმუტუნა და კიდევ უფრო მიიყუჟა კუთხეში.
- პასუხი გამეცი, კითხვას რომ გისვამ!
გამოსცრა კბილებში. მელოტმა მორიგი დარტყმის მოლოდინში თავზე წაიფარა ხელები.
- შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარაკები მესამედ არ გავიმეორებ.
კახაძემ ცრემლით დალბობილი სახე გამოაჩინა. თვალებში არამიწიერი შიში ედგა. მასპინძელი უყურებდა და ტკბებოდა მისი ტანჯვით. თითოეული მისი ცრემლი მალამოდ ეცხებოდა დანახშირებულ გულზე.
- ქალდანების სახლში ხარ, კახა. კეთილი იყოს შენი ფეხი კვლავ ოჯახში...
მიუგო ჩურჩულით. ზღვარზე მყოფმა ტყვემ პირი დააღო და ჩახლეჩილი ხმით აბღავლდა. ყრუ ბგერები სხვენის კედლებსა და სახურავს ვერ გასცდნენ, რადგან ძალა არ ჰქონდათ. მასპინძელს მელოტისთვის ენა წაეჭრა ძირში. უყურებდა მის ცხოველურ შიშს, რომელიც გაძვალტყავებულ სხეულს კრუნჩხვად უვლიდა კიდურებში და თავი ვერ შეიკავა. ჩამუხლულმა თავი ჩახარა და გულიანი სიცილი აუტყდა.
უშხვანს სხვენისკენ ამომავალი კიბის საფეხურების ჭრიალი შემოესმა, თავი მაღლა აიღო და დამფრთხალ კახაძეს თვალი გაუსწორა.
- შენი ნახვა უნდათ, - მიუგო წყნარად, ჭრიალის ხმა ახლოვდებოდა - ჯოჯოხეთი გამოიარეს შენთან მოსასვლელად. მზად ხარ წარსულის ცოდვებთან შესახვედრად?
კახაძემ დამფრთხალი ვირთხასავით დააცეცა თვალები. მუხლებში სახე ჩამალა და ისე მოიკუნტა თითქოს გაქრობა აქვს გადაწყვეტილიო. უშხვანი წელში გაიმართა. საფეხურების ჭრიალის ხმა შეწყდა. მონარქმა გვერდით მიატრიალა თავი და ხმადაბლა წარმოთქვა.
- პირობა, პირობაა მოსე...
ავალიანს ყბაზე კუნთი დასჭიმვოდა და საფირონისფერ თვალებში კი ცრემლი ედგა. კახაძეს ისეთი თვალებით უყურებდა, მზერას ადამიანის მოკვლა, რომ შეძლებოდა მელოტი ადგილზე გააცხებდა სულს, თუმცა ბევრ აღარც აკლდა. ერთი სულის შებერვაღა იყო დარჩენილი.
უშხვანი სანამ ოთახიდან გავიდოდა ავალიანს მკერდზე მიადო ხელი და თვალი თვალში გაუყარა.
- ის ამისთვის მზად არ არის, მაგრამ საშინლად ჯიუტია და არაფრის გაგონება არ უნდა. არ მისცე უფლება შორს შეტოპოს. თუ საჭირო გახდება, თავად დაასრულე. მისი ბედი ისედაც გადაწყვეტილია.
ღვარძლით გახედა ატირებულ კახაძეს და კიბეებზე დაეშვა. მისაღებში უკვე უცდიდნენ. სავანელი აგიზგიზებულ ბუხართან გაშეშებულიყო და ცეცხლის წითლად მოციალე ალს ჩაშტერებოდა. ნახშირივით შავი თვალები ბნელეთს მოეცვა. უშხვანი გვერდით ამოუდგა.
- იმედი მაქვს მორალის კითხვას არ დამიწყებ, - წამოიწყო სავანელმა.
- მორალის? - გაეცინა. უცნაური ფერის თვალებში ცეცხლის ენები ერეკლებოდა - მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც ამის უფლება აქვს, ელ.
- გამოვლილს ვერ მოვინებელ, - თავი აიღო და უშხვანს თვალი გაუსწორა.
- ვიცი... - კუპრივით შავ სფეროებში ხედავდა საკუთარი თავის ანარეკლს - მხოლოდ იცოდე, ზემოთ რომ ახვალ ოთახში ის დემონი აღარ დაგხვდება ვისაც წლებია დევნი. შიში, სასოწარკვეთა, სინანული - ამ სამეულს ადამიანის ნაცარტუტად ქცევა შეუძლია.
სხვენიდან ბრაგუნის ხმა მოისმა, ორივემ მაღლა აიხედა. შეფიცრული ჭერიდან მტვრის ნაწილაკები ჩამოცვივდა. ელმა სახლს თვალი მოავლო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
- ყველაფერი აქ მოხდა... მოსე და მისი ძმა აქედან გაიტაცეს.
უშხვანმა თავი ჩახარა და ისევ ცეცხლს მიაშტერდა. ელს ჟრუანტელის მორიგმა ცივმა ტალღამ დაუარა და შუბლზე ოფლი მოადგა. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. სიმპტომები ეცნო და გული გადაუქანდა. წაბარბაცდა, რომ არა უშხვანის დროულად გამოწვდილი ხელი ცეცხლში ჩავარდებოდა.
- ელ? ყველაფერი რიგზეა?
- მან ჩემი მეგობარი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თურქეთის ბორდელს მიაბარა, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! მამაჩემი ნელ-ნელა ჭკუიდან გადაიყვანა! ყველაფერი ვიცი, მოსემ მომიყვა. დელავერში ფსიქოტროპულებს უყრიდნენ სასმელში, ასე დასაჯეს რადგან მათ ბინძურ ბიზნეში მონაწილეობაზე უარი თქვა. პოლიციას კი მისი „ნაბოდვარის“ მოსმენა არ უნდოდა!
- ელ... ღრმად ისუნთქე - უშხვანს მკლავებში ძლიერად ჩაევლო ხელი. ელს თავბრუდაესხა, სამყარომ რყევა დაიწყო.
- კიტას დედა... კიტას დედას უკანასკნელი კახპასავით ხმარობდა, ეუბნებოდა თუ არ მომცემ, შენს უბადრუკ შვილს ბარიგად ვაქცევ, ხიდან ვაშლი შორს არ ვარდებაო. თვითმკვლელობამდე მიიყვანა! ირაკლიმ სოფოს უკანაკსნელი შეტყობინება მაჩვენა - ქმარს წყევლიდა, ყველაფერი შენი ბრალიაო, შენ გამო გავეხვიე ამ ჯოჯოხეთში, მეტი აღარ შემიძლიაო.
- ელ, უნდა დაწყნარდე!
მკაცრად შეუძახა უშხვანმა. სავანელი უკვე მუხლებზე იდგა და ხელის გული მკერდზე მიეჭირა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, სადაც იყო ნაფლეთებად ექცეოდა. ჰაერს ხროტინით ისუნთქავდა.
- პანიკური შეტევა გაქვს, თავს ხელში თუ არ აიყვან გონებას დაკარგავ, გესმის ჩემი?!
- სევერინი... - ერთიანად აწითლებულს ჟანგბადი ეცოტავებოდა ფილტვებში, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებდა - სევერინი სიცოცხლეს გამოასალმა.
- ელ...
- შემომხედე! - ამოიხავლა უკანასკნელი ძალებით - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცხოვრება დამიმახინჯა! ეს იმ სიის სულ მცირედი ჩამონათვალია, რაც იმ ნაბიჭვარმა თავისი უბადრუკი არსებობის განმავლობაში მოასწრო. არ მაინტერესებს მისგან ვინ, ან რა დარჩა! სიკვდილი მისთვის შვებაა. კახაძე ჩემია, მისი ბინძური სული ჩემი საკუთრებაა. შენ, პირობა მომეცი!
- რომელსაც შეგისრულებ...



*******
2020 წელი, სამი დღის შემდეგ, მილენას გამგზავრების დღე, 15:26 წთ, თბილისი.
თბილისში დაბრუნებულმა ელმა აღმოაჩინა, რომ მისი არყოფნის დროს ბევრი რამ შეცვლილიყო. ჭკადუა დაესაფლავებინათ, შუკვანს მილენასთან დაახლოება მოესწრო (ამ სიახლეზე რეაქცია არ ჰქონია, ან უბრალოდ მეტისმეტად აჯერებდა თავს, რომ მისთვის სულერთი იყო). მიღებული ინფორმაციის გააზრება, ვერ მოასწრო რომ ლიზამ აცნობა ბებიაშენი საავადმყოფოშია, სიკვდილის პირასაა და იქნებ გენახაო. ჯერ დაფრთხა იფიქრა, ლილიზე ეუბნებოდა, მაგრამ სწრაფად შეასწორა მამაშენის დედას ვგულისხმობო. ნერვებისგან დაჭიმული სხეული მაშინვე მოუდუნდა.
მამამისის დედა ცხოვრებაში ერთხელ ჰყავდა ნანახი, ისიც მაშინ როცა ძალიან პატარა იყო. ამიტომ მასთან რაიმე ემოციური კავშირი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე სიახლეს არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. თუმცა მოგვიანებით მაინც გადაწყვიტა მოხუცისთვის შეევლო, რაც მწარედაც ინანა. აღმოაჩინა, რომ სულა დედას ძალიან ჰგავდა და ამ აღმოჩენამ მთელი შიგნეულობა მოუწამლა.
სანამ პალატას მიატოვებდა გაიგონა გულის აპარატმა გაბმული წივილით რომ ანიშნა ბებიის გარდაცვალება, მაგრამ წამით არ შეყოვნებულმა. ჯიქურ მიიწევდა წინ და თავბედს იწყევლიდა, რომ თავში აზრად მოუვიდა დღისით მზისით ხალხში გამოჩენა. დერეფანში ვინმე ნათესავს რომ გადაჰყროდა? ეეჭვებოდა ცხრა წლის შემდეგ ეცნოთ, მაგრამ მაინც. სინამდვილეში სულ სხვა მიზეზით წავიდა საავადმყოფოში, უნდოდა დანტე ლოლაძისთვის თვალი მოეკრა, მაგრამ ვერსად დალანდა.
რაღას იზამდა იქაურობა სწრაფად დატოვა და ირაკლი შუკვანის ბინისკენ აიღო გეზი. ძალიან ბევრი ჰქონდათ სასაუბრო...


******
2020 წელი, სამი კვირის შემდეგ... მილენას გამგზავრების დღე, თბილისი.
ლიზა კანდელაკი მოუთმენლად ცქმუტავდა ადგილზე და წარამარა მაჯის საათს დაჰყურებდა. ენით აუწერელი შვება იგრძნო, როცა საპირისპირო ქუჩიდან ზებრაზე გადმომავალი ელი შეამჩნია. სვიტერის საყელო ცხვირზე აეფარა, კაპიუშონს კი სახისკენ ექაჩებოდა, რომ ხალხს თვალში არ მოხვედროდა. ჟინჟლავდა. როგორც იქნა ქუჩა გადმოირბინა და წარბშეკრული კანდელაკს მიუახლოვდა.
- სად არის? - იკითხა მოქუფრულმა.
- შიგნით, - თავი გაიქნია ბარისკენ - მე არ მისმენს. იქნებ შენ მაინც გააგებინო რამე.
სავანელმა მზერა ნახევრად დაცარიელებულ პაბზე გადაიტანა. შუკვანი ბარს მისჯდომოდა და ვისკის ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
- თითქმის ორი კვირაა სახლში არ გამოჩენილხარ, არ ვიცი შენზეა აკრეფილი თუ მილენას გაუჩინარებას დარდობს. წარმოდგენა არ მაქვს მის თავში რა ხდება. ძალიანაა არეული, ელ. მისი ვეღარაფერი გამიგია.
- კარგი, მე მივხედავ.
თავი დაუქნია და დაწესებულებაში შეაბიჯა. იქაურობა ფარულად მოათვალიერა. პაბს მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი სტუმრობდა. ერთმანეთში საუბრობდნენ და გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევდნენ.
შუკვანმა ვისკის ჭიქა მოიყუდა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. სახეალეწილმა ენა ჩაატრიალა, ალკოჰოლი ემწარა, გაუკვირდა კიდეც გემოს ჯერ კიდევ რომ გრძნობდა უკვე იმდენი ჩაიცალა კუჭში. სასმელისგან არეული ტვინი ათას რამეზე ერთად ფიქრობდა. მონარქი თავისუფალი იყო! ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა და მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს ამით საფრთხეს უქმნიდა. მშვენივრად გაიგონა ჭკადუას ბოლო სიტყვები, მილენას, რომ უთხრა - შემდეგი შენ ხარო!
ბარმენს თითები გაუტკაცუნა - კიდევ დამისხიო! ჭიქა ნახევრამდე რომ შეუვსეს, სულმოუთქმელად გამოცალა და ამღვრეული მზერა გვერდით სკამზე გადაიტანა - თბილად მომღიმარი მილენა ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და ბოლოს ჰაერს შეალღვა.
ცარიელ სივრცეს თვალი გაუშტერა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა. თავი ჩახარა და მძიმედ ამოისუნთქა - მის შესახებ აღარაფერი სმენია. გაქრა... უკვალოდ გაუჩინარდა. ზარებს არ პასუხობდა. ბინაში მისულს კი, კარადები გამოცარიელებული დახვდა. ჭიქას თითები ძლიერად შემოაჭდო და ლამის შემოეფშვნა.
- მეც დამისხი!
ნაცნობი ხმის გაგონებამ გააკვირვა, მაგრამ თავი არ აუწევია. მთელი ორი კვირა გასულიყო მისთვის თვალი არ მოუკრავს და ახლა გული უცნაურად შეუტოკდა. თვალის კუთხით შეამჩნია, ელმა როგორ გამოცალა ვისკის ჭიქა ერთ მოყუდებაში და ბრაზი მოერია. მისთვის დალევა არ შეიძლებოდა. წამლებს სვამდა! გააფრინა?! სანამ გაპროტესტებას მოასწრებდა, იგრძნო როგორ შეეხნენ კეფაზე თბილი თითები. ყურთან კი პატარა, ვარდისფერმა ბაგეებმა წასჩურჩულეს.
- დღიურის შესახებ, რომ გაგიმხილე, მითხარი, თუ მეც უნდა მომიხსნეიო, ლუკა მიწოდე, უფრო მაფიოზურიაო! გახსოვს? - გაეცინა - „მაფიოზო“, რომელიღაც ბარში ქალის გამო ტირილი არ შეგფერის! აზრზე მოდი, კიტა. ბევრი საქმე გვაქვს. ახლა, ამის დრო არაა! გაუშვი. თუ საჭიროა, დაბრუნდება...
თავი მძიმედ ასწია. ელს, ნახშირივით შავი თვალები, თბილად უციმციმებდა. მხოლოდ მას უყურებდა ასე, მხოლოდ მისთვის შემორჩა გრძნობები. მისთვის და მისი ძმისთვის. როგორ შეეძლო, ამ მზერას გულგრილი დაეტოვებინა? მით უფრო რომ ბოლო დროს ასე იშვიათად იმეტებდა მისთვის სითბოს. გაეღიმა. მკლავი მოხვია გოგონას. გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.
- იდიოტი... - ახითხითდა „ლუკას“ გულზე მიკრული.
შუკვანს არაფერი უთქვამს. ხმა არ ამოუღია, ერთ ეგ იყო იგრძნო როგორ ჩაუცხრა ატკიებული სული და გოგონა კიდევ უფრო ძლიერად მიიხუტა მკერდზე. ვერც კი ხვდებოდა როგორ ენატრებოდა მისი სურნელი, მისი შეხება, მისი სიცივეც კი. წამის წინანდელი სევდა, რომელიც სარანგიძეს მისტიროდა ჰაერს შეალღვა, ისე თითქოს არც არასდროს უარსებია. მთვრალზე ერთი დასკვნა გამოიტანა, რომელიც საერთოდ არ ამხნევებდა სასოწარკვეთილს - არ არსებობდა სამყაროში ქალი, რომელიც ელს ჩაუნაცვლებდა. სისულელე იყო მცდელობა, როცა შედეგი თავშივე იყო მკვდარი.
- სახლში დავბრუნდეთ? - ჰკითხა შუკვანს.
- ჩემთან დარჩები? - ზურმუხტისფერი სფეროები აუწყლიანდა - მითხარი რომ სახლში დარჩები და არსად წახვალ.
- ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი, - შეუბღვირა - ფეხი გამოადგი. ლიზიკოსი მაინც შეგრცხვეს. გაწუწული კნუტივით იყენება გარეთ.
- მითხარი, რომ დარჩები. მითხარი რომ აღარ გაქრები.
- კიტა, არსად გავმქრალვარ, - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სვანი ასე განიცდიდა მის არყოფნას - სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, მაგრამ ხშირად ვცდებოდით ერთმანეთს.
- ელ, ორი კვირაა არ მინახიხარ!
- ტელეფონი ხომ მაქვს? შეგეძლო დაგერეკა ასე თუ გჭირდებოდი და მოვიდოდი.
- როგორც ადრე? - მთვრალს თვალის კუთხიდან ეული ცრემლი ჩამოუგორდა.
- როგორც ყოველთვის. - შეუსწორა. - ახლა კი ადექი, სანამ ვინმე შემამჩნევს. ფრანკეშტაინი მარტივი დასამახსოვრებელია.
მარცხენა ლოყაზე გაჩენილ მოზრდილ იარაზე ანიშნა. შუკვანს კიდევ უფრო მოეღრუბლა სახე.
- ასე ნუ ლაპარაკობ! - შეუტია გაცოფებულმა - გაიგონე?! ასე აღარასდროს თქვა!
- აუ, სახლში რას მოგდებ!
წაისისინა გაღიზიანებულმა და კაპიუშონს ნერვიულად დაექაჩა სახისკენ, როცა ბარმენმა ინტერესით მოიხედა სვანის ღრიალზე. საუბარი აღარ გაუგრძელებია. შუკვანს ძლიერად წაავლო მკლავში ხელი, მსხვილი კუპიურა ბარზე დააგდო და აჯაჯღანებული მეგობარი ძალით წაათრია გასასვლელისკენ.
ელმა ლიზას დახმარებით შუკვანი კანდელაკის თეთრ სედანში ჩატენა და სახლისკენ გაეშურნენ. გზაში შუკვანმა სავანელს მხარზე თავი ჩამოადო და მაშინვე ჩამოეძინა. სანამ სახლში საწოლამდე მიათრიეს ორივეს წელი მოსწყდა. როცა გათიშული სვანი პირქვე ჩაემფხო ბალიშებში და ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა გოგოებმა მოქანცულებმა გადახედეს ერთმანეთს.
- ეს სულ ასეთ დღეშია? - იკითხა ელმა, როცა სამზარეულოში ცხელ ჩაისთან ერთად განმარტოვდნენ.
- არა, - თავი გააქნია ლიზამ და ჩაის ფინჯანი პატარა თეფშზე დააბრუნა - ძირითადად ემოციების კონტროლს ახერხებს ხოლმე, დღეს მეტისმეტი მოუვიდა.
ელს აღარაფერი უკითხავს. თავი დამნაშავედ იგრძნო, იმდენად გადაერთო თავის გეგმაზე, რომ შუკვანი მთლად მიავიწყდა. პირველად გაიაზრა, რომ მის გონებაში რაღაც მართლა ვერ იყო რიგზე. ადრინდელი სავანელი ასე არასდროს მოიქცეოდა. არასდროს არაფერს არ დააყენებდა ახლო მეგობრის კეთილდღეობაზე წინ. დაითრგუნა.
- ცხვირი ნუ ჩამოუშვი, - ლიზა ყურადღებით აკვირდებოდა და მისდა გასაკვირად თბილად უღიმოდა - წარმოდგენა არ მაქვს სად დაწანწალებ და რას აკეთებ, მაგრამ ცოტა ჩვენკენაც მოიხედე ხოლმე. ხომ ხედავ უშენობას ჭკუიდან გადაჰყავს.
- მე კი ვფიქრობ მილენას მისტირის.
წამოსცდა უნებურად. ტუჩზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, კანდელაკმა მშვენივრად გაიგონა ნათქვამი და გულიანად გადაიკისკისა.
- ასეთ მომენტებში მახსენდება, რომ შენც ჩვეულებრივი გოგო ხარ, ელ - ზღვისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. - ზუსტად სამი საათი ვეხვეწებოდი სახლში წამომყოლოდა, არ მომისმინა. შენ კი ორ წუთში დამჯერი ლეკვივით ცუნცულით გამოგყვა უკან.
- ნუ აფერადებ, კანდელაკო, - შეუბღვირა. - ზურგზე არ მომიგდია, თორემ ძალით წამოვათრიე.
- აჰამ.
დაუდასტურა ირონიულად და ისევ აკისკისდა. სავანელმა თვალები გადაატრიალა და მეგობარს მაგიდის ქვეშ ფეხი მისცხო მსუბუქად.
- თვით ყინულის დედოფალსაც შესძლებია ეჭვიანობა, რაღა მომკლავს!
- მორჩი! - შეუღრინა.
- შუკვანო, გესმის? - ხმას აუწია და კიდევ უფრო ახითხითდა.
- ლიზა, მოკეტე.
- შუკვანო!!! შენ კიდევ გეგონა, ჩემი საქმე წასულიაო.
- ლიზა!
კიდევ დიდხანს ისმოდა სამზარეულოში კანდელაკის თავშეუკავებელი ხითხითი, რასაც სავანელის გაცოფებული სისინი ერთვოდა. შუკვანი კი ტკბილად ხვრინავდა ბალიშებში თავჩარგული და წარმოდგენა არ ჰქონდა რამხელა შეცდომა დაუშვა იმ დღეს, როცა ბარში გამოტყვრომა გადაწყვიტა და სავანელის შეკავება ვერ შეძლო, როცა ელმა საღამოს შვიდი საათისკენ მისი ბინა დატოვა.
სავანელი იმ ავბედით საღამოს მკვლელობის მცდელობის მოწმე უნდა გამხდარიყო, რასაც მომავალში მისი გეგმები გვარიანად უნდა აერდაერია...



******
2020 წელი, 10:23 წთ, რესპუბლიკური საავადმყოფო, თბილისი.
კატერინა ანჯაფარიძე სავარძელში მოკუნტულიყო და თვლემდა. მზრუნველ ხელს მძინარე ქალისთვის თბილი პლედი მიეფარებინა. სახეზე ეტყობოდა დაღლილობის კვალი. ნამტირალევი თვალები შესიებოდა, მრავალსაათიანი უძილობისგან კი უპეები ჩაშავებოდა. პალატაში გულის აპარატის ხმადაბალი რიტმული წიკწიკი ისმოდა. ფანჯრებს მიღმა კი ხვავრიელად ბარდნიდა.
ძილბურანში მყოფი მოულოდნელად მთელი სხეულით შეკრთა და თვალები ფართოდ დააჭყიტა. პალატაში მიმოიხედა და რომ დარწმუნდა იარაღს არავინ არავის უმიზნებდა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო, გულზე ხელი მიიდო და კანკალით ჩაისუნთქა ჰაერი. თვალები ისევ აეცრემლა და დაბინდული მზერა აპარატზე შეერთებულ ქმარზე გადაიტანა.
ივა ანჯაფარიძეს სისხლნაკლული სახე ერთიანად გაცრეცოდა. მსხვილი ვარდისფერი ბაგეები კი გამოშრობოდა და მოლურჯო-მონაცრისფრო ავადმყოფური ფერი დაჰკრავდა. ხელები სხეულის გვერდით დაელაგებინა საბანზე. ხელის ზურგის ვენაში კათეტერი ჩაედგათ.
მარცხენა მხარეს, გულმკერდი სქელი სახვევით შეეხვიათ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილსო - ამოიოხრა საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა. მაშინ კატერინამ გონება დაკარგა, დედამთილს რომ არ შეეშველებინა ხელი, ჩაიკეცებოდა კიდეც ცივ იატაკზე. აცრემლებული დალი რძლის მძიმე სხეულს ძლივს იკავებდა, ექიმი მიეხმარა, მედდას დაუძახეს. ძლივს მოასულიერეს შოკში მყოფი ქალი.
მწარედ ახსოვდა ის დღე. აფთიაქში მუშაობდა კლინიკიდან, რომ დაურეკეს და ქმრის დაჭრის ამბავი აცნობეს. თავზარდაცემულმა მაშინვე დაყარა ყველაფერი, მენეჯერიც კი არ გაუფრთხილებია ტირილით გავარდა ქუჩაში. არ ახსოვდა როგორ გააჩერა ტაქსი, არც ის ახსოვდა, როგორ უკიოდა მძღოლს გევედრებით იჩქარეთო. რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომ მოაღწია არც დაუხედავს კუპიურისთვის რამდენს აძლევდა მძღოლს, მაშინვე მანქანიდან გადმოხტა და შენობისკენ გაიქცა.
რეცეფციაში რომ უთხრეს ოპერაციას უკეთებენ, უნდა დაიცადოთო - იგრძნო როგორ შეუძვრა ორგანიზმში პანიკური შიში. ხელების კანკალით გადარეკა ოჯახის წევრებთან და უღონოდ ჩაიკეცა სკამზე.
მოსაცდელში მუხლების კანკალით ელოდა ქმრის სიკვდილის ცნობას. სასწრაფომ, რომ გადმოიყვანა კლინიკაში, უიმედო მდგომარეობაში ყოფილა სვანი. ტყვია გულს არ მოხვედრია, მაგრამ მილიმეტრებით ასცელია, ბევრი სისხლი დაუკარგავს და ადგილზევე დაიღუპებოდა კიდეც ვიღაცას, რომ არ შეემჩნია ასფალტზე უგონოდ გაშლილი. ჭრილობაზე ხელი დაუჭერია და მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში. დამეხმარეთ, კაცი კვდებაო! - უყვირია ქალის ხმას ტელეფონში.
მოგვიანებით პოლიციამ, რომ დაკითხა ანჯაფარიძის ოჯახის წევრები ვერცერთმა ვერ უპასუხა, რა შეიძლებოდა შემთხვეოდა სვანს. ჩემს შვილს მტრები არ ჰყავსო - ცრემლად დაიღვარა დალი საავადმყოფოს დერეფანში. რძალს მკლავები შემოეხვია ქალისთვის და გამამხნევებლად უსრისავდა გაბრუჟებულ ხელებს. თავადაც ტიროდა და არ იცოდა რა პასუხი გაეცა მკაცრსახიანი ფორმიანებისთვის.
ეთქვა, რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდათ? რომ ბოლო თვეები იყო, თითქმის სეპარაციაში ცხოვრობდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდა მისი ქმარი რას საქმიანობდა? ივა იშვიათად მიდიოდა სახლში, ძირითადად ანჯაფარიძეების ძველ სახლში რჩებოდა. რამდენჯერ უპოვია ქეთის ოთახში მძინარე და კიდევ რამდენჯერ უჩხუბია ამის გამო. დიახ, თავს უკანასკნელ ქალად გრძნობდა, როცა კაცს უყვიროდა - მკვდარი მოასვენე და ცოცხლებს მოგვხედეო, მაგრამ ყელში ჰქონდა ამოსული მეუღლის დაუსრულებელი გლოვა.
თუმცა, ანჯაფარიძეს სიტყვის გაგონება არ უნდოდა. ქალს უსიტყვოდ აგდებდა სახლიდან და კარს შიგნიდან კეტავდა. ასე გადიოდა დღეები, მერე კვირეები, ბოლოს კი თვეები. სასოწარკვეთილს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ დახმარებოდა მეუღლეს. რა ხერხს არ მიმართა, მაგრამ ივა ჯიუტად უარყოფდა ქალის გამოწვდილ ხელს. სახლში წადი კატერინაო - ეუბნებოდა ხმადაბლა და ისევ ქეთის ოთახში უჩინარდებოდა აჩრდილივით.
ვერაფრით ხვდებოდა რა ხდებოდა ივას თავს. უამრავ წელს გაევლო, რაც ქეთი ანჯაფარიძემ წუთისოფელი სამუდამოდ მიატოვა. დედამთილისგან იცოდა, რომ ქეთი ავად გამხდარა და მენინგიტს უმსხვერპლია, მაგრამ... იყო დალის ნაამბობში, რაღაც უცნაური. ქეთის კუბო, რომ ჩამოასვენეს მილანიდან (მოდელ გოგონას ბოლო ჩვენება იტალიაში ჰქონია), თავი არავის აუხდია. უცნაურად ეჩვენა კატერინას, რომ დედამთილმა არ ისურვა შვილთან უკანასკნელად გამომშვიდობება. არც ივა მისულა ახლოს, პირიქით ისე ერიდებოდა, როგორც ცეცხლმოკიდებულ კოცონს. შიშით დაჭყეტილი თვალებით შეჰყურებდა დის საბოლოო განსასვენებელს და სახეზე არაადამიანური გამომეტყველება დასთამაშებდა.
იმ წუთიდან, იმ წამიდან, როდესაც მძიმე კუბო ნესტიანი მიწის ფსკერზე დაეშვა, ივა ანჯაფარიძემ სამუდამოდ იცვალა სახე. ცოლს შემოჭდობილი ხელი გაუშვა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, შემდეგ მეორე. ცრემლისგან დანამული სახე მოარიდა, როგორ აყრიდნენ მიწას ქეთის. სიტყვა აღარავისთვის უთქვამს ისე გატრიალდა და წავიდა. კატერინამ დადევნება სცადა, მაგრამ ბადალა გადაეღობა, ივას ბავშვობის მეგობარი და მძიმედ გააქნია თავი. გაუშვი, ახლა მარტო ყოფნა სჭირდებაო - უთხრა ხმადაბლა. ატირებული ქალი გულში ჩაიკრა და თვალის კუთხიდან უჩუმრად მოიწმინდა ცრემლი.
ქეთის სიკვდილმა მის ქორწინებას ბოლო მოუღო. მას შემდეგ საკუთარ ქმარს ვეღარ ცნობდა. მუდამ თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე მამაკაცი, ნამდვილ ურჩხულად იქცა. სამსახურს თავი ანება. სახლში ხშირად მოდიოდა ერთიანად დაბეგვილი და დასისხლიანებული. რამდენჯერმე პოლიციის განყოფილებაშიც ამოყო თავი. საბოლოოდ ალბათ მართლა დაიჭერდნენ და დიდიხნით ჩასვამდნენ კიდეც ციხეში, საქმეში დალი, რომ არ ჩარეულიყო. მოსკოვში ძმას დაურეკა და დახმარება სთხოვა.
ივა ანჯაფარიძეს თბილისში ბიძამ ჩამოაკითხა. ბევრი შეხლა-შემოხლის შემდეგ, დაიყოლია და დიშვილი თან წაიყვანა რუსეთში. საქართველოს დროებით გაარიდა, იფიქრა გარემოს შეცვლა სვანს აზრზე მოიყვანდა, და მართლაც - რამდენიმე კვირის განმავლობაში ივა თითქოს დაწყნარდა. ჩხუბი შეწყვიტა. სმას უკლო. ბიძამისთან სახელოსნოშიც კი დაიწყო მუშაობა. დღე და ღამე მანქანებს უჩხიკინებდა და დროს ასე კლავდა.
ცოლს რეგულარულად ურეკავდა. ვიდეოთვალით ესაუბრებოდა, ხანდახან იღიმოდა კიდეც, მაგრამ ხმაში სითბო აკლდა. კატერინა გრძნობდა, ქმრის სიცივეს და გული მილიონ ნაწილად ეშლებოდა. ივა მხოლოდ შვილის მიმართ დარჩა უცვლელი. ბავშვისთვის სიყვარულსა და სითბოს არ იშურებდა. ეკითხებოდა, დღემ როგორ ჩაიარა, როგორ სწავლობდა სკოლაში, რამე ხომ არ სჭირდებოდა. საუბრით გულს, რომ იჯერებდნენ და ტელეფონს ისევ დედას აწვდიდა პატარა ალექსი, ანჯაფარიძეს თვალებიდან სხივი უქრებოდა. ისევ ცივი და უემოციო ხდებოდა. კატერინას კი გული უკვდებოდა, ვერაფრით იგებდა ქმრის ასეთ საქციელს.
მეუღლეში ცვლილებები მოსკოვში გამგზავრებიდან რამდენიმე თვეში შეამჩნია. მანამდე თუ თავს საერთოდ აღარ უვლიდა, ბოლო დროს წვერის გაპარსვა და თმის შეჭრა დაიწყო. ნელ-ნელა იმ ბიჭს ემსგავსებოდა, რომელიც თავდავიწყებით შეიყვარა ადრე. თბილმა სარდიონება გულში სხივიც კი დაიბრუნეს. თვალები უციმციმებდა მანამდე ცოცხალმკვდარ მამაკაცს. თუმცა... კატერინას მიმართ არ შეცვლილა სვანი. ისევ ისეთი ცივი და უკარება იყო, როგორც ქეთის დასაფლავების დღეს.
კატერინას გული შიშით უცემდა. გუმანით გრძნობდა, რომ ქმარში მომხდარი ცვლილებები ქალის დამსახურება უნდა ყოფილიყო და არა სახელოსნოსი, სადაც ანჯაფარიძის თქმით მთელ დღეს ატარებდა. ნელ-ნელა კაცს შეუჩნდა, გინდა თუ არა სახლში დაბრუნდიო. ყოველი დარეკვა კამათით სრულდებოდა. პანიკაში ჩავარდნილი დარწმუნებული იყო, რომ თუ ქმარს იქაურობას არ გამოარიდებდა, სულ მალე ივა განქორწინებას მოსთხოვდა.
გულმა რომ აღარ მოუთმინა დედამთილს გაანდო თავისი შიშები. დალის თვალები დაუმრგვალდა. მაშინვე ძმასთან გადარეკა თხოვნით, რომ დიშვილი საქართველოში გამოეშვა. მოიმიზეზა წელიწადნახევარია მანდ არის, ეყოფა „სუფთა ჰაერზე“ ყოფნაო და მართლაც, ივა ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, არა კატერინასთან. ანჯაფარიძეების ძველ გაურემონტებელ სახლში დაიდო ბინა. დრო მჭირდებაო - ასე აუხსნა საკუთარი უცნაური საქციელი.
საერთო ბინაში მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როცა შვილის ნახვა უნდოდა. ამიტომ კატერინას წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად რას აკეთებდა მისი მეუღლე. როცა პოლიციელს ჰკითხა - ვინ დარეკა სასწრაფოშიო, პასუხად თავი გააქნია მამაკაცმა - ადგილზე, რომ მივედით თქვენს მეუღლეს რეანომობილში სვამდნენ, სხვა არავინ გვინახავსო. ერთი ის იცოდა, რომ ქალმა აცნობა სასწრაფოს, რომ ივას დახმარება ესაჭიროებოდა. გულ-მუცელი აეწვა მტკივნეულად. ნუთუ, ის იყო? ის ვისაც ივა მალულად ხვდებოდა და ფიქრობდა, რომ კატერინა არაფერს ეჭვობდა?
რატომ არ დახვდა შემთხვევის ადგილზე პოლიციას? რატომ გაერიდა იქაურობას და მომაკვდავი ანჯაფარიძე უპატრონოდ შეატოვა რეანომობილს? იქნებ კატერინასთან შეხვედრას გაექცა? შეეშინდა ცოლთან დაპირისპირების და მხდალივით მიატოვა დაჭრილი ადგილზე? კი მაგრამ, რა მოხდა? ვინ ესროლა ივას? და რა უნდოდა იმ დედაკაცს შემთხვევის ადგილზე? თუ, რა თქმა უნდა, სწორედ ის იყო და არა ვინმე სხვა. მაგრამ სხვას ვის უნდა ეპოვა ივა და ადგილიდან მიმალულიყო დამნაშავესავით?
ასეთი და მსგავსი ათასი კითხვა ტვინს ატკიებდა კატერინას. როცა ოპერაციის შემდეგ ანჯაფარიძემ პირველად აახილა თვალი ისე გაუხარდა, რომ სხვა ყველაფერი გადაავიწყდა. ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და ივას სულ მალე საავადმყოფოდან გამოწერდნენ. ასე აცნობა მთავარმა ექიმმა. ქალს დროებით მიძინებული შიში ორმაგი ძალით დაუბრუნდა უკან. რა იქნებოდა შემდეგ? ივა ისევ მიატოვებდა ოჯახს? ისევ განდეგილივით იცხოვრებდა მკვდარი დის ოთახში და მალულად შეხვდებოდა საყვარელს? ამას ვეღარ გავუძლებო - გაიფიქრა თვალებდასიებულმა და ისევ ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა ლოყებზე.
გულში უხაროდა, რომ ივას ეძინა და თავისუფლად შეეძლო ემოციებისთვის გასაქანი მიეცა. ალექსი დალის უნდა გამოეყვანა სკოლიდან. დედამთილს ემადლიერებოდა. აბა, თვითონ ბავშვისთვის დრო არ ჰქონდა. რაც ქმარი საავადმყოფოში მოხვდა, თითქმის გვერდიდან არ სცილდებოდა. გული შიშით უკანკალებდა, რომ შეიძლებოდა ის წყეული დედაკაცი მოსულიყო სანახავად.
იცოდა, რომ ბავშვურად იქცეოდა. თუ ივა მასთან წასვლას გადაწყვეტდა მაინც ვერ შეაჩერებდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა საავადმყოფოში ყარაულობას? მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. აგიჟებდა ქმრის მერყეობა. არც იქით იყო და არც ოჯახისკენ. ის, რომ მართლა ჰყვარებოდა, კატერინას დიდი ხნის წინ მოსთხოვდა განქორწინებას.
მეორე მხრივ, ცოლი მისთვის ისეთივე ძვირფასი, რომ ყოფილიყო, როგორც ურთიერთობის დასაწყისში, სხვისკენ არასოდეს გაიხედავდა. აგიჟებდა ამაზე ფიქრი! თავად გამბედაობა არ ჰყოფნიდა, უბედური ქორწინება დაესრულებინა. შვილისთვის ოჯახი უნდოდა სრული შემადგენლობით და ესეც რომ არ ყოფილიყო... ქმარი მართლა უყვარდა. ყველაფრის მიუხედავად, გადატანილი ტკივილისა და დამცირების მიუხედავად, ივა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ამოიოხრა და ტირილისგან შეშუპებული სახე მოისრისა. დასიებული თვალები სტკიოდა. მოქანცული ორგანიზმი კი, დასვენებას ითხოვდა. ეზიზღებოდა პალატის კედლები, მედიკამენტების მყრალი სუნი და გულის აპარატი, რომელიც ეშმაკმა იცოდა რისთვის ედგა გვერდით ავადმყოფს. ექიმმა უთხრა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, დღე დღეზე გამოწერდნენ, რა ჯანდაბად უნდოდა ეს ნერვისგამაწვრილებელი მანქანა?!
ფიქრები კარის ყრუ ჭრიალმა გააწყვეტინა. მაშინვე უკან მიიხედა და ზღურბლზე დალი შეამჩნია, ალექსთან ერთად. ფრთხილად წამოდგა და დედამთილს შეეგება.
- როგორ მიხარია, რომ მოხვედით. - აჩურჩულდა, დაიხარა და შვილს გაღიმებული სახე დაუკოცნა.
- ჩვენ უკვე ვისადილეთ, შვილო, - შეწუხებულმა შეათვალიერა რძალი - ივასთან მე და ალექსი დავრჩებით, იქნებ ჩასულიყავი კაფეტერიაში და რამე გეჭამა? ყავა მაინც დალიე, კატო. საშინლად გამოიყურები, დედი.
კატერინამ ამოიოხრა. დიდად არ ეპიტნავებოდა ივას დატოვება, მაგრამ სულ თუ არაფერი მარტო მაინც არ იქნებოდა. ყავა კი მართლა არ აწყენდა. ფეხზე ძლივს იდგა. წინა დღითაც თითქმის არაფერი უჭამია, შიშისა და მოუსვენრობისგან ყელში ლუკმა არ გადასდიოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა ივას საავადმყოფოდან გაწერის დღე, უფრო და უფრო ეშხამებოდა ხასიათი. მაგრამ ორგანიზმი თავისას მოითხოვდა და თუ მართლა არ შეჭამდა ორ ლუკმას მაინც, მალე ფეხებში ძალას საერთოდ დაკარგავდა.
- კარგი, - დანებდა ბოლოს და საკიდზე ჩამოკიდებულ თბილ კარდიგანს გადასწვდა - ცოტას შევჭამ და მალე დავბრუნდები.
- მიდი, შვილო, არ იჩქარო.
რძალმა დედამთილს მადლობა გადაუხადა და პალატის კარი ფრთხილად გამოიხურა. კაფეტერია პირველ სართულზე იყო, ივა კი მესამეზე განეთავსებინათ კერძო ოთახში. კიბეებით ჩასვლა დაეზარა. ძალაგამოცლილს სიარულის თავიც არ ჰქონდა. ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და ბეწვიანი კარდიგანი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე.
მკაცრი ზამთარის მიუხედავად საავდმყოფოში არ ციოდა, მაგრამ მოქანცული სხეული, რომესაც ძილი და დასვენება აკლდა, ავტომატურად უგდებდა ტემპერატურას და კატერინასაც წამდაუწუმ ცივი ჟრუანტელი უვლიდა ტანში.
ლიფტის კარი გაიღო და ქალი ისე შევიდა შიგნით ყურადღება არ მიუქცევია ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელმაც დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა და ოდნავ გვერდით გადგა, რომ მისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა.
კატერინამ პირველი სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და თვალები მოისრისა. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო და ადგილზე შექანდა. სანამ რამეს ჩაეჭიდებოდა ხელი შეაშველეს.
- კარგად ხართ? - იკითხა ქერამ, წკრიალა ხმით და დიდი ზღვისფერი თვალები შეშფოთებით მიანათა ქალს.
- გმადლობთ... მე... - ამოიჩურჩულა ანჯაფარიძემ და მოულოდნელად ტირილი აუვარდა.
ქერას წარბი შეეკრა და ქალს კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავი, რადგან იგრძნო, რომ ატირებული უფრო და უფრო კარგავდა ძალას.
- ცუდად ხომ არ ხართ? ვინმეს დავუძახო? - გულწრფელად შეწუხდა.
- არა... არ არის საჭირო, - ამოიტირა თვალების წმენდით - ახლა მხოლოდ ყავა მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.
- კაფეტერიაში გამოგყვებით.
უთხრა მტკიცედ და როცა ლიფტის კარი გაიღო, ორივემ სასადილოსკენ გასწია. უცნობ გოგონას წამით არ გაუშვია ხელი ანჯაფარიძესთვის. კაფეტერიაში, რომ შევიდნენ, ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდასთან ჩამოსვა და აცრემლებულს ყურადღებით მოუთვალიერა სახე.
- როგორ ყავას სვამთ?
- შავს, უშაქროს, გმადლობთ.
გოგონამ თავი დაუქნია და ბუფეტისკენ გაეშურა. კატერინამ ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა. მაგიდაზე მდებ ხელსახოცების ჩასადებს გადასწვდა და ერთი ცალი ამოაძვრინა. დანამული თვალები შეიმშრალა და მხოლოდ მერე მიმოიხედა. კაფეტერია თითქმის ცარიელი იყო. უზარმაზარ შემინულ ფანჯრებს მიღმა ხვავრიელად ბარდნიდა. ისეთ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს დაესადგურებინა სასადილოში რომ ქალმა უცნაური შვება იგრძნო და დაჭიმული სხეული მოუდუნდა.
სახე მოისრისა და ისევ ამოიოხრა. ცოტა რომ დაწყნარდა მაშინღა იგრძნო უხერხულობა და დარცხვენილმა ახედა ქერა გოგონას, რომელმაც ის იყო ორი ყავა მოიტანა მაგიდასთან და კატერინას წინ დაეშვა მსუბუქად. მხოლოდ მაშინღა შეათვალიერა უცნობი ქალის მიმზიდველი, კოხტა სხეული და გრძელზე გრძელი კულულებიანი მზისფერი თმა.
- უკეთ ხართ? - ჰკითხა მზრუნველად და ორმაგი ექსპრესო წინ მიუწია.
- თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, არ ვიცი რა დამემართა. - თავი იმართლასავით.
- ხდება ხოლმე... - გაუღიმა - ქალებს გვაქვს უფლება ხანდახან სისუსტე გამოვხატოთ.
- ალბათ მართალი ხართ, - თავი დაუქნია და ღიმილით უპასუხა მოსაუბრეს - ღმერთო, რა სულელურად ვგრძნობ თავს. მე კატერინა ვარ ანჯაფარიძე, კატოს მეძახიან ახლობლები.
- ლიზა... - გამოწვდილი ხელი ჩამოართვა ქერამ და ზღვისფერი თვალებით, წამწამებს ქვემოდან გამოხედა ქალს - ლიზა კანდელაკი.



*******
2020 წელი, 21:02 წთ, შუკვანის ბინა, თბილისი.
შუკვანი მისაღებ ოთახში მრგვალ მაგიდას უჯდა. თითები ერთმანეთისთვის გადაეჭდო და ყურადღებით ისმენდა მეგობრის ნაამბობს. გვერდით ხელხულებლად უცივდებოდა მწვანე ჩაი, რომლის არსებობის შესახებ აღარც კი გახსენებია. ლიზა რაც უფრო მეტს უყვებოდა მით უფრო მეტად ექუფრებოდა სახე.
- საბოლოოდ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს იყო და ეს, მეგონა მისი საუბარში ჩართვა გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალდატანების გარეშე გადამიშალა გული. თავს საშინლად ვგრძნობ... - დაასრულა დამნაშავე სახით.
- სრულიად უცნობი ადამიანისთვის უფრო მარტივია გულის გადაშლა, ვიდრე ახლობლისთვის, - ჩაეღიმა ელს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ფანჯარასთან იდგა და უხმოდ აყურადებდა ლიზას მონოლოგს - კატერინას შანსი მიეცა და შხამისგან დაიცალა. კარგი ნამუშევარია, ლიზიკო. ყოჩაღ.
- ყველაფერი შენი ბრალია! - შეუბღვირა მეგობარს - რისთვის გამგზავნე, იქ? რაში გაინტერესებს იმ გარეწარი კაცის ბედი? ღმერთო მისი ატანა არ მაქვს! გადარჩა და თავს მშვენივრად გრძნობს, სულ მალე გამოწერენ, ეს ისე... ინფორმაციისთვის.
- ისე... - ჩაერთო შუკვანი და სავანელს გვერდულად გახედა - ლიზას კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. რატომ გადარდებს ის ახვარი გადარჩება, თუ არა?
- ვხედავ, ანჯაფარიძე უმცირესობაშია.
გაეცინა ელს. ფანჯარას მოშორდა და მზერა მეგობრებზე გადმოიტანა. ორივე დაბღვერილი მისჩერებოდა.
- მითხარი, რატომ უტრიალებ იმ ნაბიჭვარს? - არ ეშვებოდა კიტა - საერთოდ საიდან გაიგე, რომ დაჭრეს?
ბოლო კითხვას წაუყრუა. გულხელი დაიკრიფა და მშვიდად განაგრძო საუბარი:
- ანჯაფარიძეს თავი სერიოზულ შარში აქვს გაყოფილი და ამას ყველას უმალავს. მე კი ძალიან მაინტერესებს, რა მიქარა.
- რატომ? რა კავშირი აქვს იმ ახვარს მონარქის საქმესთან? - მოთმინება დაეკარგა სვანს და ხმას აუწია - ერთი ჩვეულებრივი გნიდაა. რამდენიმე წელში ორმოცსს მიუკაკუნებს და ქუჩურ გარჩევებს ვერ გასცდა! ჩამოუყალიბებელი თინეიჯერივით იქცევა და ორ ქალს შორის დაწანწალებს უთავმოყვარეო ძაღლივით. თავს ძლივს ვიკავებ თავად არ დავამტვრიო ძვლები მაგ არამზადას!
შუკვანის აფეთქებას არცერთი არ გაუკვირვებია. ორივემ კარგად იცოდა, რომ ანჯაფარიძის სახელი ისე მოქმედებდა სვანზე, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. ლიზამ თავი გააქნია, ამოიოხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. სამაგიეროდ ელს ნირი არ უცვლია, ცივი მზერით მისჩერებოდა მეგობარს.
ნახშირივით შავ თვალებში ეტყობოდა რაღაცაზე გამალებული ფიქრობდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა გულისნადები ხმამაღლა გაეჟღერებინა თუ არა. ხვდებოდა, რომ სიმართლეს კარგი არაფერი მოჰყვებოდა. შუკვანს, რომ გაეგო ანჯაფარიძე მილენასთან იყო მიგზავნილი, ვერავინ შეაჩერებდა მისთვის კბილები არ დაელეწა. მეგობრებისთვის არ მოუყოლია რას შეესწრო რამდენიმე თვის წინ სარანგიძის სადარბაზოსთან.
- სანამ არ დაწყნარდები ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ. - მიუგო ბოლოს მშვიდად - მესმის, რომ მილენას გაუჩინარებით გაღიზიანებული ხარ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აზრზე მოდი, კიტა. ახლა ამის დრო არ არის!
- რა შუაშია აქ სარანგიძე? - ყბა ჩამოუვარდა გაოცებულს - ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ყოფილა. არც იქნება. წასვლა უნდოდა და წავიდა. თავისი საქმისა თვითონ იცის. მაგრამ ეს ანჯაფარიძის როლს არ ცვლის, დამპალი მანიპულატორია და კი გეთანხმები, ელ. რაღაც ბინძურში აქვს თავი გაყოფილი, მხოლოდ ვერ ვხვდები მისი მყრალი ჭაობი ჩვენ რანაიარად გვეხება! კისერი უტეხია, დაე მიაბრიდონ!
- და მერე მე მიწოდებ არაჰუმანურს? - წარბები მაღლა გაექცა სავანელს.
სვანი ერთხანს თვალებით ბურღავდა მეგობარს. ბოლოს ფეხზე წამოიჭრა, ჩაიბურტყუნა ცოტას გავივლიო და კარი გაიჯახუნა. ლიზამ ელს გადახედა.
- რა უნდა ახლა, თვითონ მაინც თუ იცის? - წაიბუზღუნა უკმაყოფილოდ - ანჯაფარიძის ატანა არ აქვს, არ გამიკვირდება თავი ვერ შეიკავოს და საავადმყოფოში მიუვარდეს. ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სავარჯიშო ტომარას ეძებს, რათა გულის ჯავრი მასზე იყაროს.
- დიდი იმედი მაქვს, ანჯაფარიძე არ შერჩება ხელში. სიმართლე ითქვას თავ-პირი კი აქვს გასაერთიანებელი, მაგრამ ჯერ უნდა გავიგო ვის დააბიჯა კუდზე ფეხი და რა მიზეზით ესროლეს.
- საეჭვოდ იქცევი... - კანდელაკს თვალები მოეწკურა - უცნაურად ჩააჟინდი ამ თემას. რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც იცი და ბოლომდე არ ამბობ?
კანდელაკს კარგად მოეხსენებოდა სავანელის ჩუმჩუმელა ხასიათის ამბავი. არასოდეს ამბობდა სიმართლეს ბოლომდე, რის გამოც ხშირად მოსდიოდათ კამათი. წლების წინ როცა მათი თანასკოლელი ცემაში შემოაკვდათ ლიზა დარწმუნებული იყო, რომ ელი ყველაფერს შეესწრო და იცოდა ვინც იყო დამნაშავე. მაგრამ სავანელმა უარყო.
მოგვიანებით, როცა ელი გაუჩინარდა კიტამ ლიზას სიმართლე გაუმხილა. მაშინ სვანს ყველაზე მიჰქონდა ეჭვი, ვისაც ელის გაუჩინარებასთან შეეძლო კავშირი ჰქონოდა. ამიტომ გამოტყდა, რომ სავანელმა არეშიძე დაინახა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს ფაქტი დიდად აღარაფერს ცვლიდა, მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ როგორი სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო - ელი არასოდეს იყო მეგობრებთან ბოლომდე გულწრფელი.
- ელ? - კანდელაკი ფეხზე წამოდგა, როცა ხმა არ გასცეს. სავანელი ზურგით იდგა და ისევ ფანჯრიდან გასცქეროდა ჩაბნელებულ ქალაქს - რა ხდება?
- არ ვიცი, ლიზა და მეც ამის გარკვევას ვცდილობ. - უპასუხა მოუთმენლად. კანდელაკს წარბი შეეკრა. მაგიდას შემოუარა და მეგობარს მიუახლოვდა.
- არა, ელ, შენ რაღაც იცი. დიდი ხანია ანჯაფარიძეს უტრიალებ. უმიზეზოდ დროს არავისზე კარგავ. რითი მიქცია შენი ყურადღება?
- საეჭვოდ იქცევა.
- გეთანხმები, მაგრამ ესაა მიზეზი, რის გამოც გადაეკიდე? ოხ, ელ. შენი დახმარების გარეშეც ვხვდები რომ რაღაცას ხლართავ.
- როგორც ყოველთვის, - ჩაეღიმა - ძალიან ყოჩაღი ხარ, კანდელაკო. უფრო და უფრო იხვეწები, ასე გააგრძელე და მწვერვალებს მისწვდები.
- არ მჯერა, რომ ჯაშუშობისთვის მაქებ, - გულიანად გადაიკისკისა ქერამ
- ჯაშუში კი არა, იშვიათი მარგალიტიხარ, ლიზიკო.
თვალი ჩაუკრა მეგობარს, გვერდი აუქცია და შუკვანის მოსაძებნად გაეშურა, სანამ ეს უკანასკნელი რამე სისულელეს მოიმოქმედებდა. კანდელაკს ლოყები შეეფაკლა. იშვიათად ისმენდა სავანელისგან კომპლიმენტს...


*******
2020 წელი, 22:00 წთ, ანჯაფარიძეების ბინა, თბილისი.
ორი კვირა გასულიყო, რაც ანჯაფარიძე საავადმყოფოდან გამოწერეს. მარცხენა მხარი ჯერ კიდევ შებინტული ჰქონდა. მართალია ჭრილობა თითქმის ბოლომდე შეუხორცდა, მაგრამ მკვეთრი მოძრაობისას ნატყვიარი ჯერ კიდევ გამაღიზიანებლად ახსენებდა თავს. ექიმმა გააფრთხილა - ჯერჯერობით აქტივობას მოერიდე, თავს ნუ გადაიტვირთავ, ბოლოს და ბოლოს სიკვდილს გამომგგლიჯეთ ხელიდანო.
დალიმ, ივას დედამ, გულთან ახლოს მიიტანა ექიმის რჩევა-დარიგება და შვილს თავს დაჰფოფინებდა. თავის მხრივ არც კატერინა აკლებდა ქმარს მზრუნველობას, რასაც ანჯაფარიძე, რბილად რომ ვთქვათ ჭკუიდან გადაჰყავდა. სახლში სული ეხუთებოდა. რომ არა ალექსი, ალბათ ისევ თავის ძველ სახლში გამოიკეტებოდა ეული მგელივით, მაგრამ შვილი ისე შეაშინა მისი დაჭრის ამბავმა, მამამისს ტკიპასავით იყო მიწეპებული ფეხზე.
ერთ საღამოსაც, როცა ალექსს მშვიდად ეძინა თავის ოთახში, ივამ ტელევიზორი გამორთო, მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და საძინებელს მიაშურა. კარი, რომ შეაღო კატერინას მოჰკრა თვალი, საწოლში იწვა და წიგნს კითხულობდა. წინა დღის კამათის შემდეგ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ანჯაფარიძე უსიტყვოდ მიუახლოვდა გარდერობს და თბილი ტანსაცმელის არჩევა დაიწყო.
- სად მიდიხარ? - გაისმა კატერინას ცივი ხმა.
- ბადალასთან.
გაღიზიანების მიუხედავად მაინც მშვიდად უპასუხა ცოლს. ნერვებს უშლიდა მუდმივი კონტროლი.
- მასთან უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე საკუთარ ოჯახთან. - წაიბურტყუნა საყვედურით.
- ახლა ჩემს ბავშვობის მეგობარზეც ეჭვიანობ? - ნერვები მოეშალა სვანს.
- ვეჭვიანობ! - გამოსცრა კბილებში - მთელი დღე ჩუმად ხარ სახლში. ისეთი სახით ზიხარ, თითქოს ჯაჭვით მყავდე დაბმული და ერთი სული გაქვს აიწყვიტო. როგორც კი ალექსი იძინებს, მაშინვე სახლიდან იპარები ძმაკაცებთან. არც კი მესაუბრები...
სვეტერზე ჩაჭიდებული ხელი დაემუშტა. გრძნობდა როგორ თუხთუხებდა და ნელ-ნელა ყელისკენ მოიწევდა გაღიზიანება. ისე არაფერს გამოჰყავდა წყობიდან, როგორც ცოლის ხმასა და მის გაუთავებელ საყვედურებს. თვალები დაეხუჭა და ტუჩები ნერვიულად მოილოკა.
- ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ, ეკა - უპასუხა ბოლოს და ყბადაჭიმულმა თბილი სვეტერი გამოაძვრინა კოხტად დაკეცილი ტანსაცმლიდან - მხოლოდ ვჩხუბობთ, დაუსრულებლად! ლოგიკურია, რომ გამუდმებულ წივილ-კივილს სიმშვიდე მირჩევნია მეგობრებთან ერთად.
- იმის ნაცვლად, რომ პრობლემებს გაექცე, მისი მოგვარება უნდა გინდოდეს და არა კარის გაჯახუნება, რაც ასე ძალიან გიყვარს. - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა ქალს.
- ჩვენს პრობლემებს ვერაფერი მოაგვარებს, კატერინა. - მიუგო ყრუდ და სვეტერი თავზე გადაიცვა. სახე ტკივილისგან დაემანჭა. შებინტული გულ-მკერდი ჯერ კიდევ აწუხებდა.
- რისი თქმა გინდა, ივა?
წიგნი აღარც ახსოვდა. გვერდით მიაგდო საბანზე და წამოდგა. თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიწმინდა ხელის ზურგით. გული გამალებით უცემდა შიშისგან. ივამ სვეტერი ტანზე მოირგო და ცოლს მიუბრუნდა.
- ერთმანეთს ვერ ვუგებთ. გამუდმებით ვკამათობთ. სულელურ თემებზეც კი არ გამოგვდის საუბარი წაკიდების გარეშე. ეკა, ჩვენ შორის აღარაფერია საერთო, ალექსის გარდა.
- სადამდე მიგყავს საუბარი? - ფრთხილად შეხედა ქმარს.
- დავიღალე, ეკა. ძალიან დავიღალე - ამოიოხრა სვანმა და საწოლზე მძიმედ დაეშვა. მკლავები ნელა ასწია და სახე ხელებში ჩარგო.
- გინდა, რომ... - სიტყვები ყელში გაეჩხირა. ვერაფრით აიძულა თავი, აზრი ბოლომდე დაესრულებინა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა - ჩემი მიტოვება გინდა?
ბოლოს და ბოლოს ხმამაღლა დასვა კითხვა, რომელიც თვეების განმავლობაში გულმუცელს უწვავდა. გუმანით გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა სწორედ ამ გზით მიიკლაკნებოდა უფსკრულიკენ, მაგრამ იმდენად ეშინოდა ივას პასუხის, ყოველ ჯერზე ენის წვერზე მომდგარს ისევ ყელისკენ ექაჩებოდა და მძიმე ნერწვად ყლაპავდა. ამჯერად ნერვებმა უმტყუნეს. დაიღალა თავის მოტყუებით. იმედი, რომ ანჯაფარიძე მომხდარის შემდეგ მაინც მოეგებოდა გონს, უკანოუხედავად აუორთქლდა.
- მინდა, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ეკა. დაფიქრდი, ჩემთან ბედნიერი ხარ? ერთადერთი ჩვენი ურთიერთობიდან, თუ რაიმე გამოვიდა ეს ალექსია.
- საყვარელი გყავს!
წაიჩურჩულა, სანამ ენისთვის კბილის დაჭერას მოასწრებდა. სასტიკად არ უნდოდა პასუხის მოსმენა. სიკვდილივით ეშინოდა ამ თემაზე საუბრის დაწყება, რადგან იცოდა ანჯაფარიძე ვერ მოატყუებდა. მის თვალებში ამოიკითხავდა სიმართლეს და არ იცოდა, მიღებული პასუხის ატანას თუ შეძლებდა. არ იყო მზად, მაგრამ ენამ ტვინს გაუსწრო. ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა.
აცრემლებული ქმარს დააკვირდა. ისე ხმადაბლა დასცდათ სიტყვები ბაგეებს, სვანს შეეძლო თავი მოეჩვენებინა, რომ კითხვა ვერ გაიგონა, მაგრამ ყურთასმენას მაინც მისწვდათ შიშითა და ტკივილით წარმოთქმული ბგერები, რომელიც მათ ოჯახურ ურთიერთობას უმიზნებდნენ დასანგრევად. თუმცა... შემორჩა კი რაიმე დასანგრევი?
ეს ის მომენტი იყო, როდესაც სვანს ბოლოს და ბოლოს უნდა ეღიარებინა სიმართლე, რადგან ცოლს არ უკითხავს, მან უბრალოდ იცოდა და გულში ვეღარ დაიტია ტკივილი.
ივამ თავი ასწია და მზერა გაუსწორა ტირილით ჩაწითლებულ მწვანე თვალებს. ოდესღაც თავი დაეკარგა მათ სიღრმეებში. დააბრმავა ათი წლის წინანდელმა კატერინას სილამაზემ. შეუყვარდა მის ლოყებზე ჩაჩხვლეტილი ფოსოები, რომლებიც ღიმილისას უჩნდებოდა ქალს. ათი წლით ახალგაზრდა ფიქრობდა, რომ გოგონას თვალებში დანთებული ნაპერწკალი იქნებოდა მისი მეგზური ბოლო ამოსუნთქვამდე. მაშინ ხელი ძლიერად ჩასჭიდა და პირობა მისცა ერთგულების, სიყვარულისა და უსაფრთხოების.
შემდეგ?... რა მოხდა შემდეგ? როდის გაუშვა ხელი საყვარელ ქალს? როდის ჩაწყდა მათ შორის ხიდი აღუდგენლად? იქნებ მაშინ, როდესაც მისმა დამ ქეთიმ, სამუდამოდ მიატოვა წუთისოფელი? სიკვდილს ნატრობდა მაშინ. ერთადერთი ალექსის პატარა მკლავები აჩერებდა კისერზე ძლიერად შემოჭდობილი.
თუმცა, თავად ბავშვისადმი სიყვარულიც ვერ აღუდგა წინ ალკოჰოლს, სადაც სვანმა დროებით შვებას მიაგნო, არასწორი გზით. მერე იყო ჩხუბი, კამათი, უთქმელის თქმა და დალეწილი ავეჯი. ჰაერში გაიფანტა მათი იდეალური ურთიერთობა. წარსულს ჩაბარდა „ჩემთვის არასოდეს უკადრებია“ და „ასე არასდროს მომქცევია“.
ორივეს წაეშალა თვალთახედვიდან მეორის იდეალური სახე, რომელიც მანამდე შეიყვარა, ეთაყვანა და ერთგულება შეფიცა. მანამდე მყარმა ფიცრებმა ფეხქვეშ რყევა იწყეს, ბნელი პერიოდის პარალელურად. იყო და აღარ იყო რა...
ივამ უკან რომ მოიხედა, სიბნელეში მარტოდმარტო აღმოჩნდა. დაიკარგა. თავი დაეკარგა ბრაზში, მრისხანებასა და ბოღმაში. თვალები დაუბრმავა მძინვარებამ, გონება კი სულში აშლილმა დემონებმა დაუხშეს. მაშინ აერია ფეხიცა და გზა-კვალიც.
თვალებში უყურებდა ცოლს და მის მიმართ ვერაფერს გრძნობდა, სიცივის გარდა. გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა ყველაფერი კატერინასთვის დაებრალებინა. ჰქონოდა სათქმელი, რომ ცუდი დედა და ცოლი იყო. თავი გაემართლებინა ტოქსიკური და ავადმყოფურად ეჭვიანიაო. მართლა მთელი გულით ნატრობდა ამას და თავი ეზიზღებოდა ასეთი ფიქრების გამო.
უყურებდა ცოლს და მასში უმწეო ქალს ხედავა, რომელმაც მის ფიცხ ხასიათსა და ბნელ პერიოდს ვერ გაუძლო. მისმა სუსტმა მხრებმა ვერ ზიდეს მძიმე ტვირთი, რომელიც გაუცნობიერებლად აჰკიდა საყვარელ ქალს. გაბზარული შუშასავით დაიმსხვრა საკურთხეველთან დადებული პირობა „ჭირსა და ლხინშიც შენ გვერდით ვიქნები“. ბნელში გაიფანტა და სამუდამოდ დაიკარგა. რა შერჩათ ხელთ? წარსულის ნანგრევები, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა აწმყოსთან.
თითქოს გამოვლილი საკმარისი არ ყოფილიყო, ბედისწერამ კიდევ უფრო აურია ტვინი. სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყართან მდგარს სრულიად უცნობი ქალის ნაზმა ხმამ გააგდებინა ხელიდან დასარტყმელად შემართული არყის ბოთლი. სულში დანთებულმა ხანძარმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ძალას იკრებდა - იყუჩა. ასე... თითის ერთი გატკაცუნებით დადუმდა სულში აჭრილი ქაოსი. დედამიწამ რყევა შეწყვიტა, ყურებმა კი გუგუნი. ათი წუთის წინ შუშაზე გაჭრილმა მკლავმა მწველი ტკივილი იგრძნო. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, სრულიად უცხო ქვეყანაში გადახვეწილმა, არაფრით გამორჩეულ პაბში ცხოვრების აზრი იპოვა. იყო დამნაშავე? - დიახ. მისი ბრალი იყო? - არა.
კატერინასთვის ქმრის დუმილი ათას სიტყვაზე მეტს ნიშნავდა. უხმოდ ჩამოსდიოდა ლოყებზე ცრემლები. ივას ნამდვილად ჰყავდა სხვა. მანამდე თუ ეჭვობდა, ახლა დარწმუნდა. ყველა ქალი გრძნობს მესამის არსებობას ორის შუაში. მოვიდა წუთი, რომელსაც ვერსად დაემალებოდა. წარმოთქმულ სიტყვებზე მეტად ქმრის დუმილი აშინებდა, რომელიც არაფრით უარყოფდა მწარე სიმართლეს. გარდაუვალი ცვლილებებისთვის კი მზად არ იყო.
ვერ ხედავდა საწოლში ორის ნაცვლად ერთის ადგილს. ვერაფრით წარმოედგინა მაგიდაზე დადებული სამის ნაცვლად, მხოლოდ ორი თეფში. სარეცხის მანქანაში შეყრილი მხოლოდ მისი და ალექსის სამოსი. ვერ წარმოედგინა საძინებელი ივას სურნელის გარეშე. ოჯახურ ფოტოებზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორის სურათი. სიკვდილამდე შეაშინა წინ გაჭრილმა ფანტაზიამ.
გული ტკივილამდე შეეკუმშა, ფილტვებს კი ჟანგბადი შემოაკლდათ. თავბრუსხვევა იგრძნო. თვალებში ცრემლი დაუგუბდა და საწოლზე ჩამომჯდარი ქმრის მოხრილი ფიგურა გაედღაბნა. ისე, როგორც წარსული და მომავალი. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ მიწა, არსად იყო საშველი, ან მაშველი.
ვერა... ამას ვეღარ გაუძლებდა. უკანაკსნელი შერჩენილი ძალები მოიკრიბა და არეული ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. დალის, რომელიც ერთი კვირა იყო რძალთან და შვილთან რჩებოდა, ხმადაბალი ქვითინით ჩაუქროლა და ალექსის საძინებელში გაუჩინარდა. დალიმ ცხვირზე მორგებული სათვალე მოიხსნა და ხვნეშით წამოდგა სავარძლიდან. მძიმე ნაბიჯით მიაშურა შვილის საძინებელს.
ცხოვრებაში არასოდეს შესულა დაუკაკუნებლად ცოლ-ქმრის ოთახში, მაგრამ განერვიულებულს თავში აზრდაც არ მოსვლია ზრდილობის ეტიკეტი. ივა ისევ გაუნძრევლად იჯდა საწოლზე და სახე ხელებში ჩაერგო, როცა დედამისი შეეჭრა საძინებელში.
- გამაგებინე! - წაისისინა ხმადაბლა და ზურგსუკან კარი მიიხურა, რომ შვილიშვილი არ გაეღვიძებინა - რა გჭირს, შვილო? როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?
ივას ხმა არ გაუღია. ხვნეშით მოიშორა ხელები სახიდან და ფეხზე წამოდგა. გარდერობიდან მოსაცმელი გამოაძვრინა და ბეჭებზე შემოიცვა. მწვავე ტკივილისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა. დალის ქოთქოთის მოსმენა აღარ უნდოდა, ისედაც სული ეხუთებოდა საკუთარ ჭერ-ქვეშ.
- შემომხედე, რომ გელაპარაკები! - იდაყვში ჩააფრინდა განერვიულებული და თავისკენ შეატრიალა შვილი, რომ თვალებში ჩაეხედა - რის მიღწევას ცდილობ? გამაგებინე, რა გინდა შვილო?
თვალი გაუსწორა გამზრდელ დედას. ქალს, რომელსაც აღმერთებდა და მოტყუება ვერ შეძლო. გული მტკივნეულად შეეკუმშა.
- მინდა, რომ აქ ხმაური შეწყდეს, დედა - საფეთქელზე მიიკაკუნა თითი - მინდა, საკუთარ თავს ტყავიდან გავექცე, რადგან აღარ ვიცი რა გზას დავადგე. ჩემში ჩემი ადგილი აღარ დარჩა, დედა. ვალდებულობა მახრჩობს და საკუთარი სინდისი მიღებს ბოლოს. მტკივა, დედა...
დალის შვილის მკლავზე შემოჭდობილი ხელი აუკანკალდა, მოუდუნდა და უღონოდ ჩამოუვარდა. დედის გულმა წამით ფეთქვა შეწყვიტა, შემდეგ კი გაორმაგებული ძალით შეუტია ნეკნებს, თითქოს მისი გამონგრევა აქვს გადაწყვეტილიო.
- არ გააკეთო ეს, დედა... - ხმა ჩაუწყდა ქალს - არ დაანგრიო ოჯახი. ალექსი ცოდოა, შვილო. ბავშვი მშობლების დაშორებას ვერ აიტანს, ისედაც ჯოჯოხეთი გამოიარა, როცა ვიფიქრეთ, რომ დაგკარგეთ. გაღმერთებს, დედა. სამყაროს ურჩევნიხარ. არ გაუკეთო ბავშვს ეს, შვილო. გემუდარები, დედა.
ანჯაფარიძემ იგრძნო, როგორ ძლიერად მოუჭირა ყელზე გამობმულმა ბაწარმა. სული შეეხუთა. დედა სიცოცხლეს ერჩია, მაგრამ ახლა მისი სიახლოვე გუდავდა. სახლიდან უნდა გასულიყო და რაც შეიძლებოდა სწრაფად. ზამთრის კურტკას ხელი წამოავლო და საძინებლიდან გასვლა დააპირა, რომ დედის ხმამ ზღურბლთან გააქვავა.
- დაიმახსოვრე, ივა... არასოდეს! არასოდეს მივიღებ „მას“ სახლში, ვისკენაც ასე მიგეჩქარება. არასოდეს მოვუშვებ ახლოს ოჯახთან! მიწა გასკდება და თან ჩამიტანს, ვიდრე შენ ოჯახს დავუთმობ იმ უსინდისო დედაკაცსს!
ივას სახელურზე შემოჭდობილი ხელი ისე დაემუშტა, კინაღამ სახელური შემოეფშვნა. მკერდში გული გაუსივდა. ტუჩებზე კი მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა.
- ნუ ღელავ, დალი. სამუდამოდ მიმატოვა...
კარი გამოაღო და გავიდა. სუსტად განათებულ ოთახში მარტოდ დარჩენილ დალის მძიმედ აუდჩაუდიოდა გულმკერდი.


******
2020 წელი, იგივე დღე, გიორგი ბადალაშვილის ბინა, 23:00 წთ, თბილისი.
გიორგი ბადალაშვილი ივა ანჯაფარიძის საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ჭირსა და ლხინში ერთგულად ედგნენ მხარში ერთმანეთს. ქუჩის გარჩევები იყო, თუ სალხინო სუფრა ერთი მეორის გარეშე არ არსებობდა. ამიტომ, როდესაც ანჯაფარიზე ოჯახის მხრიდან წნეხს გრძნობდა, მაშინვე ბადალასკენ გაურობდა ფეხები.
მეგობრის სახლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო. გიორგი სამოცკილოიან შტანგას ეზიდებოდა მხრებით. იმდენად იყო კონცენტრირებული ვარჯიშზე, ანჯაფარიძის მისვლა მაშინღა შენიშნა, როცა მძიმე ლითონი ერთიანად აწითლებულმა დააბრუნა უსაფრთხოდ ხის იატაკზე.
- ლია უეჭველი დაგბრიდავს, - მრავალმნიშვნელოვნად დახედა იატაკს, სადაც წამის წინ შტანგა დაეშვა. ხის ზედაპირი შესამჩნევად ჩაღუნულიყო.
- ოჯახის ერთადერთ მარჩენალს?
გაეცინა ბადალას და მოწყურებულმა წყლით სავსე ბოთლი მოიყუდა და თითქმის ნახევრამდე გამოცალა. ტუჩები ხელის ზურგით შეიწმინდა და მაგიდას მიყრდნობილ მეგობარს ყურადღებით დააკვირდა.
- კითხვისაც კი მეშინია...
ბოთლს თავსახური მოუჭირა და პირსახოცი მხარზე გადაიკიდა. თავით ანიშნა რბილ დივანზე, რომელიც ბუხრის წინ დაედგათ. ბუხარში დანთებული ცეცხლი საამურად ტკაცუნებდა. ოთახში დამწვარი ხის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
- აბა? - გახედა მომლოდინედ, როდესაც ორივე მოხერხებულად მოეწყო ცეცხლის წინ - ისევ იჩხუბეთ.
ეს არ ყოფილა კითხვა. ბადალა ოხვრით მიესვენა საზურგეს და ძმაკაცს კრიტიკულად გამოხედა.
- არ დაიღალე? მე თქვენი შემყურე დავიღალე.
- კატერინამ მკითხა საყვარელი თუ მყავს... პრინციპში, არ უკითხავს, მითხრა.
ბადალამ წარბები მაღლა აზიდა და ხმადაბლა დაუსტვინა.
- მე ის უფრო მიკვირს, აქამდე რომ არ დაგაყენა ფაქტის წინაშე. მერე? რა უპასუხე?
- რა მაქვს სათქმელი, ბადალ? - სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი და ცეცხლს ჩააშტერდა.
- სიმართლე, ჯაფარ. - წინ გადმოიხარა და მკლავებით მუხლებს დაეყრდნო - მიუხედავად იმისა, რომ არანაირ მორალურ კონტექსტში არ ჯდება შექმნილი სიტუაცია, სხვა გიყვარს.
- ეეე...
ხელი ჩაიქნია. დივანზე გადაწვა და ფეხები ფართოდ გაჩაჩხა. მზერა ბუხარში მოტკაცუნე ცეცხლზე გაუშტერდა.
- კატერინა ჩემი შვილის დედაა, ბადალ.
- რასაც ვერასდროს ვერაფერი შეცვლის, - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - მაგრამ ეს ფაქტი ვერ შეცვლის შენს გრძნობებს მილენას მიმართ. მოხდა. შეგიყვარდა. აზრზე არ ვარ როგორ შეძლო შენი საიქიოდან მობრუნება, მაგრამ შეძლო. საქმე სერიოზულადაა ძმაო. მეც კი არ მისმენდი, ჯაფარ. იმ წლების გახსენებაც არ მინდა. ვფიქრობდი, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა შენი უსულო გვამი ბუჩქებში მეპოვა.
ანჯაფარიძეს თვალები დაეხუჭა. ისევ მათი შეხვედრის პირველი დღე წარმოუდგა თვალწინ. გაახსენდა, როგორ ფრთხილად გამოაცალა მილენამ ცარიელი არყის ბოთლი ხელიდან. მოჩხუბრებს შორის ჩადგა და მკერდზე ხელი მიადო - თავაზიანად ითხოვა ერთმანეთისთვის თავპირის ლეწვა შეეწყვიტათ და ზრდასრული ადამიანებივით მოქცეულიყვნენ. ყურში მოხვდა რუსულად წარმოთქმულ სიტყვებში გამორეული ქართული აქცენტი და გულმა მალაყი უყო. სიბრაზისგან აჯაგრული მაშინვე დამშვიდდა.
მისი დანახვის პირველივე წამიდან იგრძნო ძლიერი, მწველი ქიმია. უცნაური ყოველისმომცველი გრძნობა, რომელიც მანამდე არასოდეს გამოუცდია. ძლიერმა სპაზმმა წამით სუნთქვა შეუკრა - მილენამ მიატოვა. წავიდა. შორს გაფრინდა, უცხო ქვეყანაში. საავადმყოფოდან გამოწერის პირველივე დღეს მიაკითხა რედაქციაში. იქ აცნობეს სამსახური მიატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრაო.
არ იცოდა სად. არ ის იცოდა, რამდენად შორს. მაგრამ სვანს მანძილი არ აშინებდა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე მიაგნებდა, რომ მოენდომებინა. მხოლოდ მათი ბოლო საუბარი უკრავდა ხელ-ფეხს. მილენა პირველად იყო ასეთი უცხო და მისთვის მიუწვდომელი. პირველად იგრძნო, რომ საყვარელმა ქალმა სრული თავისი შეგნებით მოუჭრა მასთან მისასვლელი ყველა გზა.
სარანგიძემ უარყო, ხელი ჰკრა, თავისი ცხოვრებიდან მოიშორა. დიახ, სრულიად დამსახურებულად, მაგრამ თვითგვემა ვერაფრით აკლებდა მილიმეტრებს სულში გაჩენილ უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც დღითიდღე ფართოვდებოდა.
- ივა... - მუხლი მიჰკრა ძმაკაცს - ჩაფიქრდი.
- თავს ხაფანგში ვგრძნობ და გამოსავალს ვერ ვხედავ. შვილი მყავს, რომელსაც ვჭირდები, ცოლი რომლესაც ვეზიზღები და საყვარელი ქალი, რომელიც ვერ შევინარჩუნე. მითხარი, როგორ ამოვიდე ამ ჭაობიდან, ისე რომ არავის ვავნო?
ბადალამ თავი გააქნია უძლურების ნიშნად და თვითონაც საზურგეზე გადაწვა. ერთხანს მდუმარედ ჩააშტერდა ცეცხლს, შემდეგ კი ხმადაბლა დაილაპარაკა.
- ივა... არ ვიცი, სწორი და არასწორი, მაგრამ ერთი ფაქტი მტკივნეულად ჭეშმარიტია - გვერდულად გახედა მეგობარს - სიცოცხლე, მხოლოდ ერთი გაქვს.
ანჯაფარიძემ მძიმედ ამოიოხრა, თავი უკან გადასწია და თვალები დაეხუჭა. სწორედ ამ დროს ჯიბეში ვიბრაცია იგრძნო. ხვნეშით ამოიღო ტელეფონი და ეკრანს დახედა. მაშინვე ეცვალა სახე, მზერა გაეყინა და ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- ვინ გწერს? - დაინტერესდა ბადალა. სვანი გამოერკვა, თავი ასწია და მეგობარს თვალი გაუსწორა.
- კატერინა, მეკითხება სახლში როდის მივალ.
ტელეფონი დაბლოკა და ჯიბეში შეინახა. სანამ ეკრანი ჩაქრობას მოასწრებდა, მოკლეტექსტურმა შეტყობინებამ გაიელვა: „იჩქარე! ჟურნალისტი იპოვე, უფროსი გაცოფებულია!“
ანჯაფარიძე გვიან ღამით, ბადალას სახლიდან შინ ბრუნდებოდა. მაჯის საათი გამთენიის სამს უჩვენებდა. გარეთ საშინლად ციოდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სწრაფად დგამდა ნაბიჯებს. პირიდან ორთქლს აფრქვევდა და ჩაფიქრებული ისე მიუყვებოდა ტროტუარს, რომ უეცრად მოახლოებული მამაკაცი ვერ შენიშნა. ძლიერი მარჯვენა აგრესიულად ჩააფრინდა სვანს საკინძეში და მტკივნეულად მიანარცხა კორპუსის კედელს.
- ეს ვის ხედავს ჩემი თვალები? - გაიცინა მამაკაცმა ჩახლეჩილი ხმით - ჯაფარ, საით გაგიწევია ასე გვიან? ზარებს რატომ არ პასუხობ, ახვარო?!
- ხელები მომაშორე!
გაიბრძოლა სვანმა, მაგრამ ახლად შეხორცებულმა ჭრილობამ თავი შეახსენა და ტკივილსგან სახე მოეღრიცა. თავდამსხმელი წინააღმდეგობის გაწევამ გააღიზიანა, ზურგსუკნიდან პისტოლეტი ამოაძვრინა და კონდახი პირდაპირ სახეში უთავაზა კედელზე მილურსმულს. ანჯაფარიძემ ყრუდ დაიგმინა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. იარაღის ლულა ამჯერად ყელში მიაბჯინეს.
- რამე ხომ არ გეშლება, ? - სახეში შეადორბლა - სად არის ჟურნალისტი? იცი რა დღეში გვაგდებს ყველას? გაცოფებულია და იქამდე არ დაწყნარდება სანამ ქალს ხელში არ მოიგდებს!
ძლიერად შეანჯღრია.
- არ ვიცი. - გამოსცრა კბილებში. ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა კბილები წითლად შეუღება - არ ვიცი-მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა?
- ხოდა გაიგე! - შეუღრინა - ხომ არ გინდა, რომ შენი შვილი…
ვეღარ დაასრულა, რადგან სწორედ ამ დროს კეფაში ვიღაცამ მწარედ უთავაზა მოზრდილი ქვა. მაშინვე გონება დაკარგა და უსულოდ ჩაიკეცა სვანის ფეხებთან. იარაღი ხელიდან გაუვარდა. ანჯაფარიძეს ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან, როცა მხსნელი შეათვალიერა.
- ბავშვებით არ ვაჭრობენ, !
წაისისინა გაცოფებულმა და გულწასულს წიხლი ჩააზილა სახეში. დაიხარა და პისტოლეტი აიღო. ზურგსუკან შეინახა და მხოლოდ მერე გადაიტანა მზერა მამაკაცისკენ, რომელიც სანახაობას გახევებული შეჰყურებდა.
- რამდენჯერ უნდა ვიხსნა შენი ტყავი მოშვერილი ლულისგან?
ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ. ანჯაფარიძემ ნაიარევი სახე მოუთვალიერა და მაშინვე იცნო, გოგონა რომელიც სასიკვდილოდ დაჭრილს თავს წამოადგა. ბუნდოვნად ახსოვდა მისი შეძახილები, თუმცა სიტყვებს ვერ არჩევდა, რადგან უფროდაუფრო იძირებოდა ბურუსში. ერთი ის ახსოვდა, როგორ ამოიღო ტელეფონი და სადღაც გადარეკა, თან ძლიერად აჭერდა ხელს იარაზე. მერე… მერე ყველაფერი შავმა წყალმა შთანთქა.
- აქ საიდან გაჩნდი? - იკითხა დაბნეულმა.
- არ თქვა სწორ დროს სწორ ადგილზე არ ხარო... - ჩაეღიმა.
- ვინ ხარ?
- ნამდვილად აქ გსურს საუბრის გაგრძელება? ვეჭვობ, რომ გამოფხიზლდება მთლად კარგ ხასიათზე არ იქნება.
თავით ანიშნა სვანის ფეხებთან გაშხლართულ მუტრუკზე.
- მართალი ხარ, - წაიბურტყუნა წარბშეკრულმა და გულწასულს გადაალაჯა - აქაურობას გავეცალოთ.
გზა ერთად გააგრძელეს. ანჯაფარიძე უხერხულად იშმუშნებოდა. სახეზე ეწერა ერთობ უჩვეულო სიტუაციაში ამოყო თავი და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
- ეე... - ამოღერღა - გარეთ ცივა, სადმე დაგპატიჟებდი, მაგრამ ასეთ დროს ყველაფერი დაკეტილია. ჩემთან ავიდეთ. სახლში მარტო ვარ... ცუდად არ გამიგო...
დაამატა სწრაფად, როცა სავანელის მაღლა აწეული წარბები შეამჩნია. ელს კინაღამ გაეცინა.
- თავს უხერხულად ვგრძნობ, პირველად ვიქნები შენს სახლში მიპატიჟებით. ერთობ უცნაური გარდაქმნაა.
- ა? - ანჯაფარიძე ნათქვამს ვერ მიუხვდა.
ელს ჩაეღიმა და პირველმა გააბიჯა მამაკაცის ძველი სახლისკენ, რომელსაც ასე ხშირად სტუმრობდა პატრონის უკითხავად.
ანჯაფარიძემ ზურგსუკან კარი მიიხურა და ჰოლში შუქი აანთო. სავანელს თვალში მოხვდა კარგად ნაცნობი შიშველი კედლები და ხის ძველისძველი საკიდი, რომელსაც ზამთრის ქურთუკი ამძიმებდა.
- სახლი სარემონტოა...
მოიბოდიშასავით. სავანელს ხმა არ გაუღია. თავი დაუქნია მხოლოდ და მასპინძელს უკან მიჰყვა. სვანი სამზარეულოსკენ გაუძღვა.
- რამე ცხელს ხომ არ დალევ?
- ჩაის, გმადლობ.
- შაქრით?
- უშაქროდ.
მოტყავებულ ოთხკედელს თვალი მოავლო, რომელსაც მხოლოდ ძველებური გაზქურა და სამზარეულოს გაცვეთილი ავეჯი ამშვენებდა, ერთი მომცრო მაგიდით და ორი სკამით. კედლებს ჭაობისფერი საღებავი ალაგ-ალაგ აქერცლოდათ. კაფელს კი, რომელიც ავეჯის მაღლა კედლების ნახევარს გასდევდა ოდესღაც ქათქათა თეთრი ფერი დაეკარგა და მოყვითალო-მონაცრისფრო ტონში გადადიოდა.
სავანელს დაჯერებაც კი უჭირდა, რომ ქეთის ოთახი, რომელიც სახლის მეორე სართულზე მდებარეობდა, ასე რადიკალურად განსხვავდებოდა მთლიანი შენობისგან. მეორე სართული, ეზოში მიშენებული მაღალი ქვის კიბით, სრულიად იზოლირებული იყო პირველისგან. ანჯაფარიძეს იქ საკუთარი მყუდრო ბუდე ჰქონდა მოწყობილი. რაღაცნაირად დრამატულადაც კი ჟღერდა, რომ გასარემონტებელი, უსულო ნაგებობიდან მხოლოდ ერთ ოთახს შეენარჩუნება „სიცოცხლე“.
ივამ ყურიანი ჩაიდანი ჩამოიღო თაროდან და ონკანს შეუშვირა. წყალი აავსო და გაზქურაზე შემოდგა. ყველაზე დიდ ქურას ცეცხლი შეუნთო და წელში გასწორდა. მთელი ეს დრო სავანელი თვალს არ აშორებდა სვანს. თითოეულ მის მიხრა-მოხვრას აკვირდებოდა და ცდილობდა გაეგო, რით მოხიბლა მილენა, რომ სიმართლის გაგების შემდეგაც კი ვერ აქცია ბოლომდე ზურგი.
ელისთვის რომ გეკითხათ, კაცსში არაფერი იყო განსაკუთრებული. მართალია, გარეგნობა და სხეული ნამდვილად არ დაეწუნებოდა, მაგრამ ვერაფერ ჯადოსნურსა და მიმზიდველს მასში ვერ ამჩნევდა, რითაც ასე შეეძლო ქალის დაბრმავება. იქნებ მამაკაცისადმი კრიტიკულად იმიტომ იყო განწყობილი, რომ მასზე ბევრი იცოდა? ჩამოუყალიბებელ კაცს, რომელსაც არც დარჩენა უნდოდა და არც წასვლა მის თვალში ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა.
- ასე რატომ მიყურებ? - ანჯაფარიძემ ელის დაჟინებული მზერა შეამჩნია.
- ვერაფრით გამიგია, რა მოსწონს შენში მილენას?
სვანს ისეთი სახე გაუხდა თითქოს გემრიელად შემოულაწუნესო. წარბი შეიკრა და გვიანდელი სტუმარი ყურადღებით შეათვალიერა.
- მილენას იცნობ?
- მეტ-ნაკლებად.
- ვინ ხარ? - გაუმეორა უკვე დასმული კითხვა.
- კეთილის მსურველი, - მოკლედ მოუჭრა - მითხარი, რა შარში გაყავი თავი, რომ გაშანტაჟებენ? ვის და რაში აინტერესებს სად არის სარანგიძე?
ივას სახეზე ეჭვმა და უნდობლობამ გადაურბინა. არაფრით ეპიტნავა ის ფაქტი, რომ უცნობი მის საყვარელ ქალს იცნობდა. ამას დამატებული უკვე მეორედ აღმოჩნდა მასთან ახლოს, ისევ ცუდ სიტუაციაში. კი, მაგრამ როგორ? შემთხვევით? ღამის სამ საათზე?
- დღეს საიდან გამოჩნდი არსაიდან? მითვალთვალებ? - იკითხა ის, რაც თავში პირველი მოუვიდა აზრად.
- შეიძლება ასეც ითქვას.
დაუმოწმა მშვიდად. გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანში წყალი ადუღდა და ცხვირიდან ორთქლი სტვენით გამოუშვა. ანჯაფარიძემ ისე გამორთო გაზქურა ჩაიდნისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სულ გადაავიწყდა ჩაიც და სტუმარ-მასპინძლობაც.
- რატომ მითვალთვალებ? - ყბაზე კუნთი დაეჭიმა გაღიზიანებულს.
- ცუდი ტაქტია, ივა... - ტუჩები უკმაყოფილოდ აპრიხა - მე შენს კითხვას ვპასუხობ, შენ კი ჩემსას აიგნორებ. ასე არაფერი გამოვა.
- კითხვაზე მიპასუხე!
- ვისთან მიგქონდა მილენასგან მოპარული დოკუმენტები?
- რას ბოდავ? - სახეზე ფერი დაეკარგა სვანს.
- დაგინახე, - სკამზე გადაწვა და კაცს თვალი ჯიქურ გაუსწორა - ერთ ღამეს მილენას სახლში ესტუმრე. დიდხანს არ გაჩერებულხარ. სამ საათში უკან გამობრუნდი, თან ფაილებს იჩურთავდი ქურთუკის შიდა ჯიბეში. აღელვებული მეჩვენე. სავარაუდოდ მილენას თავისი ნებით შენთვის არაფერი მოუცია... ნუ... ბიუსჰალტერს თუ არ ჩავთვლით - ჩაეღიმა.
ანჯაფარიძეს სახეზე მწვანე ფერი დაედო. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, შუბლი კი ოფლით დაეცვარა. ძველისძველ ავეჯზე ჩამოდებული ხელები ისე ძლიერად მოუჭირა კიდეებს, რომ ხელის ზურგზე კანი გაუთეთრდა.
- სიმართლე მითხარი, მთელი ეს დრო მილენას უბრალოდ ეთამაშებოდი? - შავი თვალები ცივად გააკვესა - სარანგიძე შენთვის მხოლოდ სამიზნე ობიექტი იყო, რომელიც ინფორმაციისთვის გჭირდებოდა?
- მითვალთვალებდი? - ხმა ჩაუწყდა - ვინ ხარ-მეთქი, რა გინდა ჩვენგან?!
- პირადად შენგან არაფერი არ მინდოდა, სანამ არ შევამჩნიე, რომ სარანგიძეს უბრალოდ იყენებდი...
- არაფერი მსგავსი არ ყოფილა! - შეაწყვეტინა აკანკალებულმა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა - მილენა ჩემთვის არასოდეს ყოფილა გასართობი!
- მაშინ რისთვის იპარავდი ფაილებს, ან ვისთან მიგქონდა მოპოვებული ინფორმაცია? - ხმას აუწია გაღიზიანებულმა.
- ეს ჩემი პირადი საქმეა.
- ფიქრობ? - ფეხზე წამოდგა - სხვანაირი საუბრის იმედი მქონდა, ივა...
- რისი იმედი გქონდა? წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ. არსაიდან მომადექი და ათას სისულელეს მაბრალებ, რისი იმედი გქონდა? - შეუტია წყობიდან გამოსულმა.
- ტყავი გადაგირჩინე, როცა წესით ადგილზე უნდა დაგელია სული! - გამოსცრა კბილებში - ახლა დარწმუნებული აღარ ვარ, რომ სწორად მოვიქეცი.
ანჯაფარიძეს სახე წამოუწითლდა. გაავებული ენას ღეჭავდა და აშკარად არ იცოდა რა ეპასუხა. ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ არა მის წინ მდგომი - სისხლისგან დაიცლებოდა და მოკვდებოდა. თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
- რა გაკავშირებს მილენასთან? - იკითხა ბოლოს ხმადაბლა.
ამჯერად სავანელი დადუმდა. სვანს თვალი აარიდა და სახეზე ხელი ჩამოისვა. შეცდომა დაუშვა მასთან მოსვლით? ღირდა კი თავის გამოაშკარავება, როცა მთელ სამყაროს ემალებოდა? ღრმად სწამდა, რომ ანჯაფარიძესთან გასაუბრება შედეგს გამოიღებდა, თუმცა ახლა ისე აღარ იყო დარწმუნებული და მაინც... სასიკვდილოდ მაინც არ ემეტებოდა.
- გამეცი კითხვაზე პასუხი...
თავი მოაბრუნა და სვანს თვალი გაუსწორა. სარანგიძის თვალების მსგავსი სარდიონები ეჭვით მისჩერებოდნენ. წარბშეკრული ელოდა პასუხს, რომელსაც ვერ მიიღებდა.
- ივა, მცდარ გზას ადგახარ. თუ მაგ ჩიხით განაგრძობ სვლას, დაიღუპები. გამიფრთხილებიხარ.
- მიცნობ. ჩემი სახელი იცი. ჩემი და მილენას ურთიერთობაზეც საკმარისი ინფორმაცია გაქვს. მე კი წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, შენი სახელიც კი არ ვიცი. რას ელოდები, რომ გიპასუხებ?
უნდა ეღიარებინა, ანჯაფარიძე რაღაც მხრივ მართალი იყო, მაგრამ ისედაც ძალიან ბევრი გარისკა, როცა დაენახა. შუკვანს, რომ გაეგო სად იყო და ვის ელაპარაკებოდა ალბათ საკუთარი ხელით მოკლავდა.
- საშუალება მომეცი სიტუაციაში გავერკვე. - ისევ სცადა ბედი - იმის შემდეგ, რაც დღეს ღამით საკუთარი ყურით მოვისმინე, ვერ დამარწმუნებ, რომ მილენას სათვალთვალოდ არ გიყენებდნენ. თუ შენსას დაიჟინებ, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნება, შემდეგ სრულიად მარტო დარჩები. არჩევანი შენზეა, ივა.
ერთხანს ერთმანეთს მზერით ბურღავდნენ. ბოლოს ისევ ელმა აარიდა თვალი და წარბშეკრულმა მიმოიხედა. ცხვირი უსიამოვნოდ შეჭმუხნა და სწრაფად ახედა სვანს.
- რა იწვის?
- იწვის?
ანჯაფარიძე ახლაღა გამოერკვა და მანაც შეჭმუხნა ცხვირი, აშკარად იგრძნო დამწვრის სუნი და თვალები დააცეცა. დიდხანს თავის მტვრევა არ დასჭირვებიათ. ელმა პირველმა შენიშნა უზარმაზარი ცეცხლის ენები, რომელიც ფანჯრის მიღმა გველის ტანივით იგრიხებოდნენ და გადაფითრდა.
- სახლს ცეცხლი წაუკიდეს!
ამის თქმა იყო და სამზარეულოს ფანჯარა შემოლეწეს. ორივე ავტომატურად გახტა უკან. იატაკზე რაღაც შავი და მძიმე ქილის მსგავსი დაეზღნერთა და გაზქურისკენ ყრუდ გაგორდა. წამში გაიტკაცუნა და სამზარეულოში უზარმაზარი კვამლი გამოიჭრა შიშინით. საშინელი ხველა აუტყდათ. კვამლის ღრუბელმა ორივეს თვალები, ცხვირი, ყელი და ფილტვები ჩასწვა.
- ცრემლსადენი გაზი! - იყვირა ანჯაფარიძემ.
ელს ხელი წაავლო და მისაღები ოთახისკენ მოუსვეს. იქ უარესი ჯოჯოხეთი ტრიაელბდა. ხის ფანჯრებს ცეცხლის ფარდა ჩამოფარებოდათ. ძველისძველი ფუტურო მარტივად იწვოდა და ტკაცუნებდა. ოთახი შავი მახრჩობელა კვამლით ავსებულიყო.
- მახეში ვართ!
ამოიხრიალა ელმა და მკლავი აიფარა ცხვირზე. შავი კვამლი ისე სწვავდა ყელს, ხველებისას ლამის აღებინა. ცეცხლის ენები სწრაფად მოიწევდნენ მათკენ, გზადაგზა კი ძველ ავეჯს ანადგურებდნენ.
- სწრაფად, საძინებელში! კედლის ერთი მხარე მთლიანად მინისაა, იქნებ დამსხვრევა მოვახერხოთ...
სავანელს სვანის სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმა ყურში. ფეხებში ძალა გამოეცალა. ცეცხლის კვამლმა და გაზის ყუმბარამ მუხლი მოკვეთა. ხველებით ჩაიკეცა. გამოსახულება გაიდღაბნა. ბურუსში არჩევდა მწველ წითელ ენებს, რომლებიც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ. გაიფიქრა - გამოვლილის შემდეგ, ნუთუ ასე უბრალოდ უნდა მოვკვდეო, რომ ძლიერმა ხელებმა მუხლებში ამოსდეს და ჰაერში აიტაცეს. ანჯაფარიძემ სუსტი სხეული გულზე მიიკრა და წიხლით შელეწა საძინებელი. ადგილზე გაქვავდა. გასაქცევი არსად იყო. ცეცხლს ალყაში მოექცია მთელი შენობა და შუაგულისკენ მიიწევდა, რათა ორივე ადგილზე გამოეწვა.
იფიქრა ჩვენი საქმე წასულიაო, რომ ცეცხლის ტკაცუნში მანქანის ღმუილი გაიგონა. ხმა უფრო და უფრო ახლოდან ისმოდა. ბოლოს ძრავამ დამშეული მხეცივით იგრიალა და უზარმაზარმა ჯიპმა ალში გახვეული ფანჯარა შემოლეწა და ანჯაფარიძის ფეხებთან დაამუხრუჭა. შოკში მყოფი გონს მაშინღა მოეგო, როცა გაბმით დაუსიგნალეს.
მაშინვე შემოურბინა მანქანას და გამოღებულ კარში ჯერ ელი შეაგდო, შემდეგ თვითონ შეხტა და კარი მიიჯახუნა. მანქანა ღმუილით დაიძრა უკან, სანახევროდ შერჩენილი მინა ანჯამებიანად მილეწა და ეზოში გამოვარდა. სვანმა ბოლოჯერ მოასწრო თვალის შევლება, როგორ იტოტებოდნენ ცეცხლის ენები მეორე სართულისკენ, სანამ მძღოლი საჭეს მოატრიალებდა და საბურავების წივილით გაეცლებოდა ადგილს.
როცა შავი ჯიპი დაღმართზე მიქროდა, ქეთის ოთახში ცეცხლის ენები გოგონას როიალს ლოკავდნენ. მუდამ ერთ გვერდზე გადაშლილი ნოტებს კი ნელ-ნელა შავი ფერფლი ჭამდა. ძირს დაგებული მატრასი, ფუმფულა ხალიჩასთან ერთად კოცონზე გიზგიზებდა. ოთახი, გარდაცვლილი პატრონის კუთვნილ ნივთებთან ერთად ცეცხლში გამოიწვა...



*******
2020 წელი, ირაკლი შუკვანის ბინა, 03:45 წთ, თბილისი.
მძღოლმა შავი ჯიპი მაღალი კორპუსის წინ შეაჩერა. ძრავი გამორთო და ანჯაფარიძეს მიუბრუნდა. მთელი გზა ისე იმგზავრეს არავის ხმა არ გაუღია. სვანი ჯერ კიდევ შოკში იყო.
- გამომართვი - გასაღების აცმა გაუწოდა - მეშვიდე სართული, ხელმარცხნივ რკინის კარი ჩემი ბინაა. გოგო აიყვანე და ადი. გარეთ არ გამოხვიდე, სანამ არ დავბრუნდები. მანქანა უნდა მოვიშორო, ფანჯრის შემომტვრევის დროს აშკარა დაზიანებები ეტყობა და თვალშისაცემია, ყურადღებას მიიქცევს.
სვანი არ შეწინააღმდეგებია. უსიტყვოდ დაემორჩილა. გასაღები გამოართვა და გონდაკარგული ელი ხელში აიტაცა. მძღოლი მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო. ანჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა და ელთან ერთად სადარბაზოში გაუჩინარდა. მამაკაცმა სწრაფად მოავლო ჩაბნელებულ უბანს თვალი და რომ დარწმუნდა, მათი გამოჩენა არავის შეუმჩნევია მაწანწალა ძაღლის გარდა, სწრაფად მიუჯდა საჭეს და მანქანა უკუსვლით გააგორა.
ანჯაფარიძემ ქოშინით აათავა შვიდი სართული. რომ არა მისი კარგი სპორტული აღნაგობა და რეგულარული ვარჯიში, სავანელის სხეულით დამძიმებული და ახლად ნაოპერაციები მესამე სართულზევე ჩაიკეცებოდა. რკინის კარს გასაღები გაჭირვებით მოარგო და შიგნით შევიდა. კარი მიხურა და შიგნიდან გადაკეტა. ვარაუდით შეაჭრა პირდაპირ ოთახში და მისაღებში ამოყო თავი, ელი დივანზე მიაწვინა და იქვე სავარძელზე დაეშვა.
ხელები ფეთიანივით უკანკალებდა. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მისი სახლი... ქეთის ოთახი... თვალები დაეხუჭა, სახეზე ხელები აიფარა და ადგილზე რწევას მოჰყვა. ღრიალი მოუნდა, თავი ძლივს შეიკავა. ადრენალინი რომ გამოჰქარდა ორგანიზმიდან მუხლზე, ბარძაყსა და იდაყვზე საშინელი წვა იგრძნო. ტანზე დაიხედა და მაშინღა შეამჩნია შეტრულსი ტანსაცმელი. აფექტში მყოფმა ვერც კი იგრძნო როდის დაიწვა.
ტკივილისგან შეიჭმუხნა და ფეხი ფრთხილად გაშალა. ბარძაყზე მოზრდილ ჭრილობას დაეღო პირი. მომხდარი, ფილმის კადრებივით აღიდგინა გონებამ. როცა საძინებლის კარი წიხლით შელეწა ანჯამებს ხის მოზრდილი ნაჭერი მოსწყდა და ცეცხლმოკიდებული ბარძაყზე მოედო.
- ჯანდაბა...
ასისინდა სულგამწარებული და მზერა ელზე გადაიტანა. გოგონას ალაგ-ალაგ თმა შეტრუსოდა. მკლავზე ქურთუკი იდაყვთან გამოხეოდა, სხვა მხრივ უვნებლად გამოიყურებოდა.
დამწვარი ადგილები უფრო აეწვა და სავარძელში ვეღარ გაჩერდა. გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და პირველადი დახმარების ყუთის ძებნა დაიწყო. თაროებს იმედით აღებდა, რომ რაიმე მალამოს მაინც იპოვიდა, სანამ უცნობი მხსნელი დაბრუნდებოდა. წითელჯვრიან პლასტმასის თეთრ ყუთს ყველაზე მაღალ თაროზე მიაგნო და შვებით ამოისუნთქა.
აბაზანაში გავიდა და ტანსაცმელი გაიხადა. ჭრილობები ძალიან ნელა ჩამოიბანა თბილი წყლით. ტკივილისგან სულგამწარებული კბილს კბილზე აჭერდა. დაზიანება მხოლოდ ზედაპირული ჩანდა. პატარა ბუშტუკები კი აჩნდა კანზე, მაგრამ სერიოზულ დამწვრობას სასწაულებრივად გადაურჩა. ჭრილობები ასე თუ ისე, რომ მოისუფთავა პირველადი დახმარების ყუთი გახსნა. იმედით გადაქექა და შვება იგრძნო, როცა პატარა ტუბით „ბეპანტენის“ გელს მოჰკრა თვალი. იცოდა, რომ დამწვრობისთვის და ჭრილობების შეხორცებისთვის გამოიყენებოდა.
გელი ფრთხილად დაიტანა ჭრილოებებზე. საქმიანობას რომ მორჩა სტერილური საფენის შეკვრას კბილებით მოახია თავი და ჭრილობაზე დაიდო. თხელი ბინტით გადაიხვია და მოხერხებულად გაკვანძა. მისთვის მსგავსი საქმიანობა სულაც არ იყო უცხო. საკუთარი ხელით არაერთხელ შეუხვევია ჭრილობები... ტანსაცმელი ისევ მოირგო ტანზე და აბაზანიდან გამოვიდა. სწორედ ამ დროს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
სავანელი რომ გამოფხილზდა, თვალში პირველად ირაკლი შუკვანის აღელვებული სახე მოხვდა და გაუკვირდა. ვერ მიხვდა სად იყო და წარბშეკრული იდაყვზე წამოიწია.
- ეი, ეი! - მამაკაცმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბი და ხელით შეაჩერა - ფრთხილად.
ნაცნობ მისაღებ ოთახს თვალი მოავლო და კუთხეში მდგარ სავარძელში, თმაშეტრუსული ანჯაფარიძე შეამჩნია. ტანსაცმელი ალაგ-ალაგ შემოხეოდა, სხვა მხრივ უვნებელი ჩანდა. მზერა ელზე მიებჯინა და სახეზე არეული ემოციები დასთამაშებდა.
- და აქ როგორ მოვხვდით?
იკითხა ხრინწიანი ხმით. ყელი საშინლად სტკიოდა, ერთიანად გამოშრობოდა და ეწვოდა. შუკვანმა წყალი მიაწოდა. მადლიერმა გამოართვა და მოსვა.
- აქ როგორ მოხვდით? - წარბები აზიდა ირაკლიმ. ელმა თავით ანიშნა ანჯაფარიძეზე. - ვიცი რასაც გულისხმობ, მაგრამ ეს მე მინდოდა მეკითხა, ამჯერად რა ჯანდაბაში გაყავი თავი?!
დაუცაცხანა გაცოფებულმა.
- რამდენჯერ გაგაფრთხილე ხალხისგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი?!
- შეგიძლია ხმას დაუწიო? თავი მისკდება.
წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და დივანზე წამოჯდა. ისევ მოსვა წყალი და მზერა ანჯაფარიძეზე გადაიტანა.
- ცოცხალი ხარ?
- ამჯერად მე ვიხსენი შენი უკანალი სიკვდილისგან. ანგარიში გასწორებულია. - მიუგო პირქუშად. ელმა ჩაიფრუტუნა.
- რა? რას ლაპარაობს?
ჩაერთო შუკვანი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რას საქმიანობდა სავანელი მის ზურგსუკან. ელს თვალში მოხვდა საკუთარი შეტრუსული თმა და მყრალ სუნზე ცხვირი უსიამოვნოდ შეჭმუხნა. ჭიქა წყალი ბოლომდე გამოცალა და შუკვანს გადახედა:
- ჯერ ანჯაფარიძეს აქვს ჩვენთვის საინტერესო ამბავი მოსაყოლი, საკუთარ ცოდვებზე აღსარებას კი მოგვიანებით ჩაგაბარებ.
ორივემ მზერა ანჯაფარიძეზე გადაიტანა. სვანი უეცარი ყურადღების ცენტრში აღოჩენამ დააბნია. თვალები აახამხამა. თავი კუთხეში მიმწყვდეული ვირთხასავით იგრძნო და ამოიოხრა.
- ხვდები ალბათ, რომ ტყუილს აზრი აღარ აქვს, ივა... - წაეშველა სავანელი - იმის შემდეგ რაც შენს სახლში მოხდა, მარტივია მიხვედრა, რომ თუ უარესად არ წავა საქმე, არაფერი გამოსწორდება. მარტო კი ვერაფერს გაუმკლავდები. ასე, რომ ყურადღებით გისმენთ.
ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ანჯაფარიძე ფიქრიანად მისჩერებოდა ორს. უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში, მაგრამ ხვდებოდა, რომ პასუხებს იქამდე ვერ მიიღებდა, სანამ მისგან არ მოისმენდნენ სიმართლეს. სანამ ივა საკუთარ თავს ებრძოდა, შუკვანი გვერდით გადაიხარა და ელს ხმადაბლა წასჩურჩულა.
- კი, მაგრამ ვინ არის ეს ტიპი? რას აკეთებდი მის სახლში?
- მოგვიანებით! - გამოსცრა ტუჩის კუთხიდან და გასაჩუმებლად მუხლი მიარტყა შუკვანს.
ანჯაფარიძემ თავი გააქნია და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა. მძიმედ ამოიოხრა და მზერა ელს გაუსწორა.
- ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო... - წინ გადმოიხარა და მოქუფრული მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით - ჩემი და ბავშვობიდან გამორჩეულად ლამაზი და კარგი აღნაგობის გოგონა იყო. მოდელობაზე ოცნებობდა. ერთ დღესაც თბილისში კასტინგი გამოაცხადეს. თხუთმეტ წლამდე მოზარდებს იღებდნენ მხოლოს. ქეთი ორი კვირა ეხვეწებოდა მამას წაყვანაზე, სანამ არ დაითანხმა. იმ დღეს დედა სტუმრებს ელოდებოდა. ფეხბურთის გუნდს მიაქირავა ზედა სართული, რომ აღებული ფულით ქეთის თბილისში მოეხერხებინა წასვლა. მე და მამა წავყევით, დედა სახლში დარჩა სტუმრების დასახვედრად. ჩემმა დამ კონკურსში გაიმარჯვა. ისეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს.
თვალის კუთხიდან გამოჟონილი ცრემლი ცერით შეიწმინდა. თვალები აახამხამა და თხრობა განაგრძო. ელი და ირაკლი ყურადღებით უსმენდნენ:
- მისი წარმატება მიხაროდა, თან ნერვები მეშლებოდა, რომ მამაჩემი მხოლოდ უფროს დას აქცევდა ყურადღებას. ვეჭვიანობდი, რომ ჩემთვის ექსკურსიის ფული ვერ გაიმეტეს. გზაში კამათი მოგვივიდა. მიყვირა, წარმოდგენაც არ გაქვს რა ფასად მიჯდება ოჯახის შენახვა, იმის ნაცვლად კაცივით დამიდგე გვერდით დას ეჯიბრებიო. დაბღვერილს სახლამდე ხმა არ გამიღია. შინ დაბრუნებულს კი ისეთი ამბავი დაგვხვდა, ექსკურსიაც გადამავიწყდა და წყენაც. ჩვენი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეხანძრეები კი უკვე ადგილზე იყვნენ და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სასწრაფო მანქანას, რომ მოვკარი თვალი შიშით კინაღამ გული გამისკდა, მეგონა დედას დაემართა რამე, მაგრამ საკაცეზე მოზარდი შევამჩნიე, ერთიანად დამწვარი უგონო მდგომარეობაში იყო. მეგონა ვერ გადარჩებოდა, მაგრამ...
- მოიცა, - უეცრად ელმა შეაწყვეტინა. სავანელს სახეზე უსაზღვრო გაოცება ეხატა - იცი ვინ იყო ის დამწვარი ბიჭი? სახელი და გვარი გახსოვს?
- მახსოვს, რადგან მოგვიანებით მამასთან ერთად მოვინახულეთ. უფრო სწორად მშობლებს ვესაუბრეთ, თვითონ არავის დანახვა არ უნდოდა. ოთახში იყო ჩაკეტილი...
- სახელი? - შეაწყვეტინა უხეშად.
- რეზი... რეზი სხირტლაძე. - მიუგო პირქუშად და გოგონას ეჭვით შეხედა - რა იყო?
ეგონა მეხი დაეცა თავზე. რეზი.. მასთან ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია. ბიჭი ძალიან ღიზიანდებოდა, როცა გადატანილ ტრაგედიას ახსენებდნენ. არასოდეს მოუყოლია სავანელისთვის რა შეემთხვა და როგორ დაიწვა. ანჯაფარიძის ნაამბობმა კი შოკში ჩააგდო. მართლაც რა პატარაა სამყარო?
- ეი...
ანჯაფარიძემ თავი შეახსენა. შუკვანიც სავანელს მისჩერებოდა წარბშეკრული.
- არაფერი. - გონს მოეგო და თავი გააქნია - გააგრძელე.
- იცნობ იმ ბიჭს? - არ მოეშვა.
- ივა, განაგრძე - მიუგო მკაცრად - მოგვიანებით მიიღებ შენთვის სასურველ კითხვებზე პასუხს.
ანჯაფარიძეს ეტყობოდა გვარიანად მოეშალა ნერვები. არ იყო მიჩვეული, როცა ქალი უბრძანდებდა რა უნდა გაეკთებინა და რა არა, მაგრამ ძალიან უნდოდა გაეგო ვინ იყო და საიდან მოვიდა, ამიტომ უხალისოდ გააგრძელა თხრობა:
- დაზარალებულის ხარჯები მამამ აანაზღაურა. მოუწია სხვა რა გზა ჰქონდა. უკანასკნელი დანაზოგი რაც გვებადა, ყველაფერი სხირტლაძეებს მივეცით. დროებით ნათესავებთან შევაფარეთ თავი. მოგვიანებით კი ოთარმა სახლი შეიძინა თბილისში, სწორედ ის, რომელიც დღეს გამომიწვეს. - კბილები გააღრჭიალა.
- საიდან ჰქონდა ბინის ფული მამაშენს? - ისევ ჩაერთო ელი.
- მივედით საკვანძო საკითხთან, - ცივად გაეღიმა ანჯაფარიძეს - ოჯახმა არაფერი ვიცოდით. მამაჩემს ძალიან დიდი ხნის წინათ აუღია ვალი ადგილობრივი ბიზნესმენისგან. ქეთის პატარაობიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობაზე პრობლემები, მისი მკურნალობა კი უზამრაზარ თანხებს მოითხოვდა. მაშინ პატარა ვიყავი და ასეთ დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდი. არ ვიცოდი საიდან მოჰქონდა მამას ფული წამლებისთვისა და კლინიკის ხარჯებისთვის. ქეთი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მამას ვალი დარჩა, რომელიც დროულად ვერ დააბრუნა, ამიტომ სახლი გადაგვიწვეს. ოთარი მოგვიანებით გამოუტყდა დედას კამათისას. რაც თბილისში გადმოვბარგდით ხშირად იკარგებოდა ხოლმე სახლიდან და ათას უაზრო მიზეზს იდებდა. დედა ეჩხუბა საყვარელი გაიჩინე ამ სიბერეში, სულ გამოშტერდი ამხელა კაციო?! მერე მოყვა სიმართლეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მევალეს ყურებიდან ჰყავდა დაჭერილი. ჯერ ყველაფერი დაგვაკარგინეს, მაგრამ მერე მამაჩემს ისევ ასესხეს ფული, რომ ფეხზე დამდგარიყო, მხოლოდ ამჯერად მათთვის უნდა ემუშავა კიდეც. სხვა შემთხვევაში ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ.
- ვისგან ისესხა ფული მამაშენმა? - უცხო ხმით იკითხა შუკვანმა. სახეზე ფერი არ ედო.
- ზაზა ბაბლუანისგან.
ელმა და შუკვანმა ერთმანეთს გადახედეს. ორივეს სახეზე ეწერა, რომ სწორედ ამ სახელსა და გვარს მოელოდნენ. ანჯაფარიძე ხან ერთს შეხედავდა ხან მეორეს.
- რა ხდება?
- გააგრძელე.
ამჯერად შუკვანმა მიუგო ცივად. ხელების კანკალი რომ დაეფარა ძლიერად გადააჭდო თითები ერთმანეთს. ანჯაფარიძე უხალისოდ მიუბრუნდა თხრობას.
- ასე გრძელდებოდა წლები. მამაჩემი მათთან მუშაობდა. სახლში იშვიათად მოდიოდა. დედასთან სულ კამათობდა. დალიმ არაერთხელ სცადა პოლიციაში წასვლა, მაგრამ ოთარმა დაუშალა. უყვირა არც კი გაბედო, თუ არ გინდა ყველა ამოგვხოცონო. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მიჭირდა მამაჩემის ყურება. შეიცვალა. ხისტი და უტყვი გახდა. საკმარისი იყო გამოლაპარაკებოდი, რომ დენთის კასრივით ფეთქდებოდა. ერთ დღესაც სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გადიოდა დღეები, კვირეები მამაჩემი არ ჩანდა. დედამ ისევ პოლიციაში გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ვიღაცამ სახლის კართან კონვერტი მოგვიგდო. შიგნით სოლიდური თანხა იდო წარწერით „ენას კბილი დააჭირეთ და ფული აიღეთ, მკვდარს ვეღარაფერს უშველით, უკან თუ არ მიეწევით“. დედა ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ისევ მე შევაჩერე. ვხვდებოდი, რომ მათ ვერაფრით დავუპირისპირდებოდი და ოჯახსაც დავკარგავდი. გავჩუმდი.
თავი ჩახარა. ელი მიხვდა, რომ იმდენად სრცხვენოდა თავისი საქციელის მსმენელებისთვის თვალის გასწორება უჭირდა. უადგილო კი იყო, მაგრამ ერთი კითხვა დაებადა თავში - ნეტა მილენამ თუ იცოდა ამის შესახებ? ყველაფერს მოუყვა, თუ სიმართლე დაუმალა, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი?
- იცი მამაშენს რა შეემთხვა? - საკვირველი იყო, მაგრამ ისევ შუკვანმა ამოიღო ხმა. სახე გაქვავებოდა.
- არა, - თავი გააქნია - დღემდე არ ვიცი რა მოხდა. გაგვიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გავაგრძელეთ და ალბათ ამისთვის დავისაჯეთ, რადგან მოგვიანებით ქეთიმაც მიგვატოვა სამუდამოდ. მენინგიტით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა პირთამდე ავსებულ ფიალაში. წონასწორობა დავკარგე. ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მათ შორის ოჯახიც. სასმელში ვახრჩობდი საკუთარ სიმხდალესა და უსუსურობას. ჩემში რაღაც გატყდა, მოვიწამლე... სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ქეთის საფლავთან გავიაზრე, რომ ოჯახის ორი უახლოესი წევრი დავკარგე და ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი. საკუთარი თავის მიმართ აუტანელი სიძულვილი ვიგრძენი. ვსვამდი ვჩხუბობდი, მერე ისევ ვსვამდი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ან მე შემომაკვდებოდა ვინმე, ან მომკლავდნენ. ბიძაჩემმა ჩამომაკითხა რუსეთიდან და თავისთან წამიყვანა. ჰაერის გამოცვლამ ცოტა მიშველა, მაგრამ ღია ჭრილობებს ვერაფერი მოუხერხა. იქაც მომივიდა კამათი, სულ არაფრის გამო დავეტაკე ბარში მეზობლად მჯდარ სტუმრებს. ქალი რომ არ ჩამდგარიყო შუაში, შეიძლებოდა მართლა მომეკლა ვიღაც.
თავი ასწია და ელს თვალი თვალში გაუყარა. სავანელი წელში გასწორდა. მიხვდა ვისზე იყო საუბარი.
- მილენა. - წარმოთქვა ხმადაბლა. ანჯაფარიძემ თავი დაუქნია. შუკვანმა კი თვალები ჭყიტა.
- მილენა? - ელს გადახედა - სარანგიძე? გამომძიებელი?
- მთელი თავისი ბრწყინვალებით, - ირონიულად გაეღიმა სავანელს და მზერა ისევ ივაზე გადაიტანა - თქვენი ლავსთორი არ მაინტერესებს. პირდაპირ მთავარზე გადადი. ვინ და როდის დაგიწყო შანტაჟი?
შუკვანმა დაბნეულმა აახამხამა თვალები და მზერა მანაც ანჯაფარიძეზე გადაიტანა. ნელ-ნელა ხვდებოდა რაში იყო საქმე და ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ივა ორივეს არიდებდა თვალს. თითებს ისრესდა. მარცხენა ფეხი ნერვიულად უხტოდა ადგილზე.
- როცა ქალაქში მკვლელობები დაიწყო და მედია ისევ დაინტერესდა მილენათი. იმ ფსიქოპატი მანიაკის სახელს მილენას და მის გუნდს უკავშირებდნენ. ყველა არხი ამაზე ბოდავდა. მინდოდა საერთოდ ჩამოშორებოდა ამ საქმეს. ერთხელ უკვე მოუტანა ზიანი იმ არანორმალურის დევნამ, მაგრამ არ მისმენდა. ერთ-ერთი შეხვედრიდან მილენას სახლიდან გამოვდიოდი, როცა უცხო ქალი დამხვდა ეზოში. მითხრა სასაუბრო გვაქვსო და იქვე შეჩერებულ მანქანაზე მანიშნა თავით. თავიდან მოშორება მინდოდა, მაგრამ იარაღი მომადო ფერდში - არ მითხოვია, გაინძერიო!
ელი მტაცებელივით გადაიხარა წინ. იცოდა ვინ ქალზე იყო საუბარი, ახლა ის აინტერესებდა თუ დადასტურდებოდა მისი ვარაუდი, რომელში ეჭვიც არ ეპარებოდა.
- სხვა რა გზა მქონდა, დავემორჩილე - აგრძელებდა სვანი - სალონში კი ვიღაც ამაზრზენი ტიპი დამხვდა, მოლოპრილი თავით.
ელს წარბი შეუტოკდა. სახელის და გვარის მოსმენა არ სჭირდებოდა, თვალწინ წარმოუდგა კახა კახაძის საზიზღარი სიფათი.
- თავის წარდგენით არ შეწუხებულა. პირდაპირ საქმეზე გადავიდა - რა გაკავშირებს სარანგიძესთანო? ვუთხარი, ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის-მეთქი. დამცინა. ჩემი საქმეა და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, თუ არ გინდა უბადრუკი სიცოცხლე შენ და შენმა ოჯახმა მამაშენის მსგავსად დაასრულოთო. მერე მივხვდი ვინ იჯდა ჩემ წინ და ვის ემსახურებოდა ოთარი ბოლო წლები, სანამ გაუჩინარდებოდა.
კბილები დაკრიჭა და სარდიონის მსგავსი თვალები ავად წამოენთო. ელს ნირი არ უცვლია. მაგას თავიდანვე მიხვდა, მოსმენილმა უბრალოდ ვარაუდი დაუდასტურა.
- რა ინფორმაცია სჭირდებოდა შენგან? - იკითხა ცივად - რისთვის მიგაგზავნა მილენასთან?
- იმ წყეული ფსიქოპატის შესახებ უნდა გამეგო ყველაფერი.
- მოიცა, - ელმა წარბი შეიკრა - მონარქს გულისხმობ?
- რა ჯანდაბაც ჰქვია! - წაიღრინა გაღიზიანებულმა - აინტერესებდათ რა ინფორაციას ფლობდა, მილენა და თუ იცოდა, ან ვარაუდი ჰქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე. მაგრამ ბოლო დროს მელოტი აღარ გამოჩენილა, ქალი მაკითხავდა ხოლმე. დღეს კი ის ტიპი მომიგზავნეს, რომელსაც თავში ქვა უთავაზე.
ელმა და შუკვანმა მეორედ გადახედეს ერთმანეთს. სავანელი ამას ნამდვილად არ მოელოდა. ნუთუ კახაძე ბოლოს და ბოლოს მიხვდა რისთვის ეხოცებოდა წიწილებივით ქვეშევრდომები? მიხვდა, რომ მონარქი ვისკენ „მიიკაფავდა“ გზას და მოქმედებაზე გადავიდა? უნდოდა იქამდე მოეძებნა და მისთვის ბოლო მოეღო, სანამ მონარქი „მას“ მისწვდებოდა? კინაღამ გაეცინა.
- სულ ეს იყო შენი მისია? - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის დასაფარად - ამიტომ იკარგებოდი ხოლმე ღამღამობით, როცა მილენას ეძინა? მის ნივთებში იქექებოდი რაიმეს პოვნის იმედით?
- და ეს საიდანღა იცი? - ნერვებმა უმტყუნეს სვანს და ხმას აუწია.
- წყნარად! - შეუღრინა შუკვანმა.
ელი მოსმენილს აანალიზებდა. რა გამოდიოდა - მომაკვდავი ვირთხა კბენაზე გადავიდა? იგრძნო სიკვდილის მოახლოება? აშკარად იგრძნო და მილენას მიუმაგრა „სათვალთვალო კამერა“, რათა მისი ყოველი ნაბიჯი სცოდნოდა. სასოწარკვეთილი იყო, აბა რანაირად აეხსნა „მისი“ დაუფიქრებელი და აბსურდული ნაბიჯი?
სავანელი ფეხზე წამოდგა და ისევ ფანჯარასთან აიტუზა. ფიქრებით შორს დაფრინავდა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ აქ რაღაც ვერ იყო რიგზე. რაღაც ბოლომდე არ ემთხვეოდა ისტორიას. მის მახვილ ყურს ზედმეტად ხშირად მოხვდა მონარქის მისამართით აგრესიული კომენტარები. ანჯაფარიძე მის მიმართ სიძულვილსა და აგესიას ვერ მალავდა. რატომ? რა დაუშავა?
- მართლა... - შეტრიალდა და მზერა ანჯაფარიძეზე გადაიტანა, რომელმაც შუკვანთან საუბარი შეწყვიტა და გოგონას მიაჩერდა - იმ დღეს როცა გესროლეს, დამნაშავე დაინახე? სანამ შენამდე მოვაღწიე, გაიქცა.
- ტყავში უნდა დატეულიყავი, ო! - მითხრა და ტყვია დამახალა.
- მჰმ... - ელმა ნელა დაუქნია თავი - დაინახე, ვინც გესროლა? იცი როგორ გამოიყურება?
- ვიღაც ტატუებით მოხატული ნაძირალა იყო, სახეს ნიღაბში მალავდა, მაგრამ მუქ ყავისფერ თვალებსა და თეთრ წამწამებს მოვკარი თვალი. ან შეღებილი ჰქონდა, ან ალბინოსი იყო.
- ალბინოსიო ამბობ? - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
შუკვანი ხან ერთ შეხედავდა, ხან მეორეს დაბნეული. მათი საუბრიდან დიდად აზრი ვერ გამოიტანა და გაღიზიანებული ფეხზე წამოიჭრა.
- შეიძლება, ორი წუთით გაგესაუბრო?
პასუხს არ დალოდებია ისე გააბოტა სამზარეულოში. ელი უკან მიჰყვა. შუკვანმა მაშინვე ზურგსუკან მიიკეტა კარი და სავანელს მოუბრუნდა.
- ვინ ჯანდაბაა ეს ტიპი, გამაგებინე? - წასჩურჩულა ცხარედ.
- მეც მაგის გარკვევას ვცდილობ... - სამზარეულოს მაგიდას ჩაფიქრებული მიეყრდნო.
- ხვდები რამხელა საფრთხეში ჩაიგდე თავი, რომ სახე აჩვენე? მოვილაპარაკეთ, რომ შენი ვინაობის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს!
- ანჯაფარიძეს წარმოდგენა არ აქვს ვინ ვარ და ეს ასეც უნდა დარჩეს, - უპასუხა ხმადაბლა - მაგრამ უნდა გავსაუბრებოდი, მისი ვერსია უნდა მომესმინა. სხვანაირად ამ ამოცანას ვერ ამოვხსნი.
- რაზე ლაპარაკობ, თუ ღმერთი გწამს?
- ანჯაფარიძე არ არის ის ტიპი, რომელსაც იარაღს ხახში ჩათხრი და ყველაფერს დაგიფქვავს. თავს მოგაკვლევინებს, მაგრამ ჯიუტად გაიტანს თავისას თუ ძალით მიაწვები. უნდა გამერისკა.
- და მერე? რა მოგიტანმა მაგ რისკმა, გარდა იმისა, რომ ორივე კინაღამ გამოგბუგეს იმ წყეულ სახლში?
- უსმენდი რას ლაპარაკობდა? - გაღიზიანდა.
- კი, ვუსმენდი და მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, - წაიღრინა სახეგაქვავებულმა.
ელი დადუმდა. შუკვანს უნდობლობა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. საკუთარ ჩრდილსაც კი ეჭვის თვალით უყურებდა, ამიტომ მისი რეაქცია დიდად არ გაკვირვებია. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ არც ელს სჯეროდა ანჯაფარიძის მონათხრობის. იყო ამ მამაკაცში რაღაც ამოუხსნელი და ალოგიკური.
- მისმინე, უნდა გავარკვიო სიმართლეს ამბობს თუ არა. არ იცის ვინ ვართ და ეს ასეც უნდა დარჩეს. კახაძესთან რომ რაღაც აკავშირებს ეს უკვე გავიგეთ და ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ რა სახისაა მათი ურთიერთობა სწორედ ეს არის საქმე.
- საერთოდ რა გინდა მისგან? რაში გაინტერესებს რა აკავშირებს? რატომ ვიგდებთ თავს საფრთხეში ვიღაც უცნობის გამო?
- ინტუიცია მკარნახობს, რომ ანჯაფარიძე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთელს ამ თავსატეხში. მე კი არ მოვისვენებ სანამ სიმართლეს არ გავიგებ...
შუკვანმა თავი გააქნია. სავანელის ახირება გვარიანად აღიზიანებდა, მაგრამ იცოდა, რომ თუ რიამეს აიჩემებდა ვერაფრით გადაათქმევინებდა. ერთ ეგ იყო აშინებდა გოგონას დანის წვერზე სიარული. ვერაფრით მოიშორა აუტანელი შეგრძნება, რომელიც საფრთხის წინაშე აფრთხილებდა.
- რა ვუყოთ ახლა ამას? - თავი გაიქნია მისაღები ოთახისკენ.
ელმა ნიკაპი მოისრისა და წამით ჩაფიქრდა. შემდეგ კი შუკვანს თვალი გაუსწორა.
- შენთან თხოვნა მექნება...
- მოსმენაც კი არ მინდა. - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი.
- მასზე თვალი გეჭიროს. - მოქუფრულმა გახედა მიხურულ კარს - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენთან მთლად გულწრფელი არ არის.
ირაკლიმ ამოიოხრა და ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი. ელმა რამდენიმე წუთს იყოყმანა, შემდეგ ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა, სასურველი ნომერი მოძებნა და მოკლე შეტყობინება გააგზავნა. შემდეგ კი ისევ მოქუფრულ შუკვანს მიუბრუნდა.
- შენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.
- სიკვდილისგან გიხსენი, კიდევ რამე ვალი მაქვს? - იკითხა სარკასტრულად. ელს ჩაეღიმა.
- თმა უნდა შემჭრა, შეტრუსული თავით სახლში ვერ მივალ, ათას კითხვას დამაყრიან.
მაშინ როცა ანჯაფარიძე და შუკვანი ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ სავანელისთვის თავი არ გადაეკორტნათ და ისე შეეჭრათ შეტრსული ბოლოები - სამი ათასი კილომეტრის დაშორებით, პოლონეთში, უშხვანი ელის შეტყობინებას კითხულობდა ვერანდაზე, რომელიც ბალტიის ზღვას გადაჰყურებდა. „ანჯაფარიძეს რატომ აქვს შენზე აკრეფილი?“ - ეკითხებოდა სავანელი.
უცნაური ფერის თვალები მტრედისფერ ჰორიზონტს გაუშტერა. დეკემბრის სუსხიანი აწმყო თოვლის თხელ ფიფქებს შეალღვა და წარსულში გადაინაცვლა:
2010 წელი, 23:01 წთ, მესტია:
ბეთქილ ონიანი ფიქრებში გართული პატარა კვიცს ჯაგრისით უწმენდდა ტანს. კარგა ხნის ჩამობნელებულიყო, მაგრამ სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა. ნავთის ლამპა პატრონის ფეხებთან ბჟუტავდა. შორიდან მგლების ყმუილი მოისმოდა. ბეთქილმა წარბი შეიკრა. ერთი კვირის წინ მურყვანებს სამი ცხენი შეუჭამა ნადირმა, მას შემდეგ ბეთქილი სანადირო თოფლით ხელში საჯინიბოს სადარაჯოზე იდგა. ცალი თვალით ეძინა ხოლმე ღამით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩარეულიყო.
- ვერავინ გავნებს, ჩემო ძვირფასო... - კედზე მიეალერსა კვიცს - „ალე“... „ალე“... ლამაზი სახელია, მოგწონს?
გაუღიმა კვიცს. სახელი მისმა უფროსმა ვაჟმა მოუფიქრა - ხალხის დამცველს ნიშნავსო. ალე რომ გაიზრდება მისგან ფიცხი და ძლიერი ფაშატი დადგება, ჯერ კიდევ ნახავ, მამა რა ამორძალს გამოვზრდიო. მოგონებას გაუღიმა და კვიცს თბილი ხელის გული გადაატარა ზურგზე. შავი, დიდრონი და ჭკვიანი თვალებით უმზერდა პატრონს. ხვნეშით წამოდგა ფეხზე, „ალე“ დედისთვის უნდა დაებრუნებინა თავიანთ სადგომში, რომ უცებ საჯინიბოს კარი შავქოჩორა კიკომ შემოგლიჯა.
- ბიძია... ბიძია... - აღელვებისგან თვალები გაფართოებოდა პატარას - ძლივს გიპოვე...
- რა მოხდა, შვილო? - წარბი შეიკრა ბეთქილმა და წელში გასწორდა - ხომ მშვიდობაა?
- ჯუანშერ პაპა კრებას იწვევს, ყველა ადგილზეა, მხოლოდ შენ გელოდებიან.
- კრებას?
გაიმეორა მოქუფრულმა. ბევრი აღარ უფიქრია - ჯაგრისი ბავშვს მიაჩეჩა ხელში, დაავალა - ალე სადგომში დააბინავეო და თავად ბნელში გაილანდა.
თხელი ქვისგან ნაშენები ოროთახიანი ოდა, მესტიის მაცხოვრებლების ერთგვარ შტაბს წარმოადგენდა, სადაც საბჭო საგანგებო სიტუაციაში იკრიბებოდა და მნიშვნელოვან თემებს განიხილავდა, როგორიც იყო მაგალითად - სისხლის აღება, სიკვდილით დასჯა, ან სვანეთიდან ადამიანის სამუდამოდ მოკვეთა. ეს უკანასკნელი ყველაზე დამამცირებელი იყო, რადგან გაძევებულის ოჯახს პატივს აღარავინ სცემდა.
ასე ხდებოდა ძველ დროს, მხოლოდ... დროთა განმავლობაში შტაბმა ერთგვარი გარდაქმნა განიცადა - ახლა კრებას მაშინ იწვევდნენ, როცა ვიღაცის ოჯახის წევრი უკვალოდ უჩინარდებოდა, ან მკვდარს პოულობდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ უვარგისი სამართალდამცავი სისტემის გადამკიდე ქვეყანაში ღია კრიმინალი დაუსჯელი დათარეშობდა, მესტია საკუთარი ძალებით ცდილობდა თავდაცვას.
ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა ონიანს. ორი წელი გასულიყო „პაპას“ სხდომა არ მოუწვევია. ვინმე ხომ არ მოკლესო?! - გულმა რეჩხი უყო და ფეხს აუჩქარა. „ქვის სახლამდე“ ლამის სირბილით იარა.
დანიშნულების ადგილს, რომ მიაღწია ხის კარი შეაღო და აქოშინებული ზღურბლთან გაქვავდა - უხუცესთა საბჭო, თხუთმეტი კაცით, ბეტონის იატაკზე დანთებული, ქვით მოპირკეთებული კოცონის გარშემო შეკრებილიყო. კარის ხმაზე ყველამ ახალმოსულისკენ მიიხედა.
- გამარჯობა... - აღმოხდა გაფითრებულს და კარი ზურგსუკან მიიხურა.
- ღმერთმა გაგიმარჯოს.
თავი დაუკრა კრების უხუცესმა ჯუანშერმა. მოხუცს თოვლივით თეთრი თმა და კაშკაშა ცისფერი თვალები ჰქონდა. ოთხმოც წელს გადაცილებული ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახე ნაოჭებისგან დაღაროდა, მამაკაცისგან უშრეტი ენერგია იგრძნობოდა. წლებს ვერაფერი დაეკლოთ მისი მტკიცე ბუნებისთვის, ჯერ კიდევ ძალუძდა ერთი გამოხედვით ადამიანის გაჩუმება.
- დაჯექი, შვილო, სალაპარაკო გვაქვს...
ონიანმა ავალიანსა და ზურაბიანს შორის პატარა ხის სკამზე დაიკავა ადგილი და მთელი ყურადღება ჯუანშერზე გადაიტანა. ოთახში გამეფებულ სიწყნარეს მხოლოდ ცეცხლის ალზე მოტკაცუნე შეშის ხმა არღვევდა, რომელიც სინათლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ყველას დაძაბულობა ეხატა სახეზე, აშკარა იყო არც მათ იცოდნენ კრების მოწვევის მიზეზი და მოთმინებით უცდიდნენ უხუცესს, როდის ამოიღებდა ხმას.
- რახან ყველანი შევიკრიბეთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ... - თავი აიღო და გამჭოლი მზერა მოატარა დამსწრეებს - წლებია სვანები ვირთხებს ვებრძვით, მაგრამ მათი მოშთობა არადა არ იქნა! ცხვირწინ ძმებსა და დებს გვიკლავენ, შვილებს გვპარავენ... ჩვენ კი თოფითა და ხანჯლით ხელშიც კი დაუცველები ვართ. ეს უნდა შეწყდეს!
ბასრი მზერა მოავლო გასუსულ დამსწრეებს. ცეცხლის ალზე მოტკაცუნე შეშამ ნაპერწკლები გაყარა.
- კიბო სვანეთიდან გავრცელდა და მთელს საქართველოს მოედო... - გააგრძელა მოხუცმა - პოლიცია და მაღალჩინოსნები მოსყიდული ჰყავთ. თავისუფლად დათარეშობენ ქვეყანაში და ოჯახებს აუბედურებენ! საზარელია ის ფაქტი, თუ რამდენ გატაცებასა და მკვლელობას ინახავს არქივის ფურცლები, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა!
ფეხებთან მდებ უზარმაზარ წიგნს, რომელსაც სიძველისგან ფურცლები გაყვითლებოდა - საჩვენებელი თითი დაუკაკუნა.
- ბებერი კაცი სიკვდილის ეპოქის მემატიანედ ვიქეცი, - ცისფერი თვალები აუწყლიანდა - მთელი ეს წლები საკუთარი ხელით ვბეჭდავდი ფურცლებზე თითოეული ადამიანის სისხლიან ისტორიას, რადგან მეტი არაფერი შემეძლო... ეს წყეული არქივი მახსენებს ყოველდღიურად, რომ სვანებმა ჩვენი სახე დავკარგეთ... რას ემსახურება საბჭო? რისთვის არსებობს ხალხური ბერკეტი? ისტორიისთვის? ლეგენდებისთვის? სად გაქრა სვანის მებრძოლი სული, რომელიც მრავალრიცხოვან მტერს სისხლის ბოლო წვეთამდე ეომებოდა? არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც გამოვიარეთ! არ შეიძლება იმაზე თვალის დახუჭვა, რასაც დღემდე გავდივართ... სვანებო... ნუთუ დაგავიწყდათ რას ნიშნავს სისხლის აღება?!
დასჭექა ყბააცახცახებულმა. უმრავლესობა შეკრთა. ზოგმა სიმწრით გააღრჭიალა კბილები და თავი ჩახარა. დანარჩენები ჯიუტად დუმდნენ და პირქუში გამომეტყველებით ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ბოლოს ისევ ავალიანმა გაბედა ხმის ამოღება:
- დიდი პატივისცემით, პაპა, მაგრამ რაზე მიგვანიშნებ?
- იმაზე, რომ სვანის გენმა უნდა გაიღვიძოს! ნაძირალა ბაბლუანს ბოლოს და ბოლოს კისერი უნდა წაწყდეს! ეგ არის მესტიის მთავარი სიმსივნე!
ცისფერი თვალები ავად აუელვარდა. საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გადახედეს. ბაბლუანი ადგილობრივი ბიზნესმენი გალხდათ, რომელსაც კრიმინალური დაჯგუფება მფარველობდა. ჭორის დონეზე იცოდნენ, რომ მამაკაცს ბინძურ საქმეებში ერია ხელი, მაგრამ პოლიცია ყურს იყრუებდა. ბაბლუანი მესტიაში ხელშეუხებელი გახლდათ.
- და რომელმა ჩვენგანმა არ სცადა იმ ნაძირლისთვის კისრის წაჭრა? - წაიღრინა ავალიანმა - ზურგს უკან მთელი არმია ჰყავს! რამდენი ახლოს მიკარება ვცადეთ მწარედ გვაზღვევინეს. მურყვანს ცხენები ამოუხოცეს - ხელი გაიშვირა მოპირდაპირედ მჯდომი ახმახი მამაკაცისკენ - გაზდელიანს პირუტყვი და ფრინველი ერთ ღამეში გაუწყვიტეს! - ცერით ანიშნა გვერდით მჯდომზე - ხალხს იმ ერთადერთ სარჩოს ართმევენ, რითაც ოჯახს არჩენენ. მაგრამ, მე? მე, ოჯახი გამიუბედურეს, პაპა! შვილიშვილები თურქებზე გამიყიდეს! როგორ ფიქრობ, რა ჭკუაზე ვარ მოხუცი კაცი? ფიქრობ, თავში აზრად არ მომივიდა იმ ნაბიჭვრისთვის ტყვია დამეხლია? მაგრამ ერთი შვილი ჯერ კიდევ დამრჩა ცოცხალი! მისი ხათრით ვითრევ ბებერ ძვლებს! ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, ცალი ფეხი სამარეში მიდგას, მაგრამ დანარჩენებს რას სთავაზობ? დაირაზმონ და ბანდიტებს შეუტიონ, რომლებსაც მთავრობაც კი ვერ მოსდის თავს? თავად თქვი პოლიცია და მაღალჩინოსნები მოსყიდული ჰყავთო და ჩვენ რა, დანა-ჩანგლით გავართვათ თავი? გადახედე ხალხს... უმრავლესობა ორმოცი-ორმოცდაათი წლის კაცები არიან, ოჯახი და შვილები ჰყავთ. მტერს არ ვუსურვებ იმის გამოვლას, რაც საკუთარ ტყავზე გამოვცადე...
შეკრებილები თანხმობის ნიშნად აზუზუნდნენ. ავალიანმა ყველას სათქმელი თქვა. არცერთ მათგანს არ სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია, პირიქით... ვენებში სისხლი უდუღდათ, რომ ერთი ჰაერით სუნთქავდნენ, როგორითაც ის ნაძირლები, მაგრამ საბჭოს მცირერიცხოვან წევრებს რა შეეძლოთ? რითი უნდა შებრძოლებოდნენ კაციჭამიებს, რომელთაც არანაირი მორალი და ღირსება არ გააჩნდათ? ეშმაკებს, რომლებიც უკანასკნელ სიბინძურეზე იყვნენ წამსვლელები? ბუნებრივი იყო, რომ ეშინოდათ, რადგან თითოეული მათი მცდელობა კრახით დასრულდა. შედეგები კი სავალალო აღმოჩნდა.
- დავითი მართალია, პაპა - მხარი აუბა ავალიანს, გვერდით მჯდარმა ონიანმა - სახლში ორი ბიჭი მეზრდება. ყოველდღე დაძაბული ვუშვებ ბავშვებს სკოლაში. შიში მჭამს, რომ შეიძლება შინ აღარ დაბრუნდნენ. რთულია ბოროტებასთან ბრძოლა, როცა დასაკარგი ბევრი გაქვს...
- მაშინ დაეხმარეთ იმ ადამიანს, ვისაც დასაკარგი აღარაფერი აქვს...
არსაიდან ცივი ხმა გაისმა. შეკრებილებმა ერთმანეთს გადახედეს - ვერ მიხვდნენ, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები. პაპამ თავი გვერდით შეატრიალა; დანარჩენებმაც მის მზერას გააყოლეს თვალი და გვერდითა ოთახის ზღურბლზე მაღალი ფიგურა შეამჩნიეს. ორ ოთახს შორის გამყოფ ქვის კედელს ცალი მხარით მიყრდნობოდა და კრებას შორიდან ადევნებდა თვალს. ვერცერთმა მათგანმა ვერ იგრძნო დაუპატიჟებელი სტუმრის არსებობა და ცოტა არ იყოს, აფორიაქდნენ.
- რა უნდა უცხო პირს კრებაზე, პაპა?
ფეხზე წამოიჭრა ზურაბიანი. დანარჩენებიც წამოიშალნენ. მხოლოდ უხუცესი არ განძრეულა ადგილიდან. თითები ერთმანეთს გადააჭდო, მომჭკნარ ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა.
- არ არის უცხო, - წარმოთქვა დინჯად - სვანეთის მთების შვილია. ერთ-ერთი დაკარგული მარგალიტი, რომელიც თავის დროზე უმოწყალოდ მოსტაცეს ოჯახს...
დაასრულა სევდიანად და ქვედა ტუჩი ზემოთ აპრიხა. ცისფერ თვალებში ტკივილი და სინანული ედგა. საბჭოს წევრებმა ჯერ გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს, შემდეგ კი მზერა ისევ უცნობზე გადაიტანეს, რომელიც წამით მეორე ოთახში გაუჩინარდა და მალევე შემობრუნდა უკან, თან რაღაცას მოათრევდა, უფრო სწორად - ვიღაცას.
დაკოჭილი მამაკაცი ტომარასავით ისროლა საბჭოს წევრებისკენ. ტყვე ყრუ ბრაგვანით დაენარცხა ავალიანის წინ. ყველამ მასზე გადაიტანა მზერა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ.
- ქალდანების ტრაგედიაში ლომის წვლილი ბაბლუანს მიუძღვის. მისი დაკვეთით წაგართვეს შვილიშვილები, დავით ბატონო - უცნაური ფერის თვალებით ბურღავდა ადგილზე გახევებულ ავალიანს - დღეს შენს ფეხებთან გდია, შენი ოჯახის დამანგრეველი. წუთის წინ აღნიშნე, რომ მისი სისხლი გწყურია. აგერ ბატონო, არჩევანი შენთვის მომინდია...
წარმოთქვა ხმადაბლა. ტყვეს ფეხსაცმლის წვერი მიკრა და ავალიანის ფეხებთან მიაგორა. თმაგაბურძგნული და ხელფეხშეკრული ბაბლუანი ჭიაყელასავით იგრიხებოდა და თავის დახსნას უშედეგოდ ცდილობდა. პირაკრულს ბინძურ სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.
ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა შოკში იყო, განსაკუთრებით კი ავალიანი - აცრემლებულს ხელები დაემუშტა და ერთიანად ცახცახებდა. თვალებს ვერ უჯერებდა, რომ ადამიანი რომლის სიკვდილსაც ყოველი მზის ამოსვლისას ნატრობდა მის ფეხებთან ეგდო და განაჩენს ელოდა... მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, მიუხედავად ენით აუწერელი სურვილისა, ვერაფრით გაბედა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა. ასეთი საქმისთვის მეტისმეტად ბებერი იყო.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
სიჩუმე ონიანმა დაარღვია, ახალმოსულს თვალით ზომავდა. პაპამ სხვების შეუთანხმებლად ახალმოსულს კრებაზე დასწრების ნება დართო, რომელმაც თან ხელშეუხებელი ბაბლუანი მოათრია ძაღლივით - რას მოასწავებდა ეს ყველაფერი, თუ არა ომის დასაწყისს?
- ახალი ისტორიის დასაწყისს, რომელშიც ასეთ ვირთხებს არსებობის უფლება არ აქვთ!
უპასუხა ცივად. ძირს დაგდებულ ტყვეს ქეჩოში ჩაავლო ხელი და ფეხზე წამოაყენა. მერე კი სანამ ვინმე გააზრებას მოასწრებდა, ზურგსუკნიდან ბასრპირიანი დანა გამოაძვრინა და ბაბლუანს პირდაპირ ყელში ატაკა. სისხლის წვეთები ყველაზე ახლოს მდგომ ავალიანს სახეში შეეწუწა. მოხუცი მთელი სხეულით შეკრთა, როცა ბაბლუანი ყრუ ხროტინით დაეცა მის ფეხებთან. რამდენჯერმე ძლიერად გაუსვა ფეხი ბეტონის იატაკს და საბოლოოდ გაშეშდა.
საბჭოს წევრებს შიში და გაკვირვება გამოესახათ სახეზე, მხოლოდ ჯუანშერს არ უცვლია ნირი. ზიზღით მისჩერებოდა მიცვალებულის ღიად დარჩენილ თვალებს, რომლებშიც სიცოცხლის სხივი სამუდამოდ გამქრალიყო. მძიმედ ამოისუნთქა, წელში მოიხარა, არქივის წიგნს ხელი წამოავლო და სტუმარს გაუწოდა.
- აქ ყველაფერია, რისი შეგროვებაც წლების განმავლობაში შევძელი, - მიუგო მშვიდად - დანარჩენი კრებამ გადაწყვიტოს...
სტუმარმა უხუცესს მძიმე წიგნი გამოართვა და მზერა შეკრებილებზე გადაიტანა.
- შურისძიება გინდათ, მაგრამ რეალურად ძალა არ შეგწევთ... - მიმართა საბჭოს წევრებს - ამბობთ, რომ გეშინიათ, რადგან დასაკარგი ბევრი გაქვთ. ხელების სისხლში გასვრას არ გთხოვთ. მხოლოდ ინფორმაცია მჭირდება...
- რა ინფორმაციაზეა საუბარი? - წარბი შეიკრა ერთ-ერთმა წევრმა.
- სად ვიპოვო ირაკლი შუკვანი და მისი ოჯახი?
მომლოდინედ მოავლო თვალი მამაკაცებს. ერთმანეთს უჩუმრად გადახედეს. აშკარა იყო რაღაც იცოდნენ, მაგრამ არავის სურდა ხმის ამოღება. როცა იმედი გადაეწურა, რომ ვინმე მაინც გამოიჩენდა ინიციატივას ავალიანსა და ონიანს მაღალი ფიგურა გამოეყო:
- სულა სავანელს თუ იპოვი, შუკვანის ოჯახსაც მიაგნებ. - მიუგო ხრინწიანი ხმით - სავანელი ერთადერთი იყო, ვისაც შუკვანი ბოლომდე ენდობოდა.
- ოთარ! - შეუღრინა ონიანმა და მამაკაცს მუჯლუგუნი მიკრა.
- რა, ოთარ? - უყვირა ანჯაფარიძემ - ამ ნაბიჭვარმა სახლი გადამიწვა! - გამწარებულმა ბაბლუანის გვამს დააფურთხა - უფლის წყალობით ჩემი ოჯახი არ დაშავებულა, მაგრამ უდანაშაულო ბავშვს სამუდამოდ დაუსახიჩრდა ცხოვრება! თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ კაცის მადლობელი ვარ!
თავი გაიქნია სტუმრისკენ, რომელიც უხმოდ ადევნებდა თვალს წამოჭრილ კონფლიქტს.
- შუკვანის წყალობით იხსნეს ავალიანის შვილიშვილი, როგორ არ გრცხვენია?! - შეუტია ზურაბიანმა - კი, დააშავა! ჩაისვარა! ბევრიც მიქარა, მაგრამ გამიზნულად არავისთვის არაფერი დაუშავებია!
- თუ ასეთი წმინდანია, მეეჭვება ბაბლუანის ბედი გაიზიაროს. ვტყუი?!
- ტყუი! - შეუღრინა ონიანმა - არც შენ ხარ წმინდანი, ოთარ! გგონია არ ვიცით, რომ ბაბლუანის ფული გემართა? იქნებ გულზეც მოგეშვა ფეხები რომ გააფშეკინეს? ღმერთმა იცის კიდევ რაში გიყენ...
- ერთმანეთის დაჭმა შორს ვერ წაგვიყვანს. - ჯუანშერმა სიტყვა გააწყვეტინა აქოჩრილ ონიანს - თავის დროზე ყველამ ჩახარა თავი ეშმაკის წინაშე. ზოგს ფული სჭირდებოდა, ზოგსაც ეშინოდა და ენაზე კბილს აჭერდა. ერთმანეთისთვის ცოდვების წამოყვირება წარსულს ვერ შეცვლის. მტრის წინაშე თუ არ გავერთიანდებით, ერთი კაცი ვერაფერს გახდება. მხარში დაუდექით ამ ბიჭს და მე გაძლევთ სიტყვას, რომ არავის წაართმევს სიცოცხლეს უმიზეზოდ.
- ისიც კი არ ვიცით ვინ არის, რატომ უნდა ვენდოთ?
წაიღრინა ზურაბიანმა, დანარჩენებიც თანხმობის ნიშნად აჩოჩქოლდნენ და სტუმარი ეჭვის თვალით შეათვალიერეს. ერთადერთი ოთარ ანჯაფარიძეს არ შეხრია წარბი. წინ გამოვიდა და მამაკაცს მარჯვენა გაუწოდა:
- ჩემთვის საქმე სიტყვაზე ფასეულია. საკმარისი ვიხილე, რომ გვერდით დაგიდგე.
წარმოთქვა მტკიცედ და უცნაური ფერის თვალებს უტეხი მზერა შეაგება. ორი ძლიერი ხელი ერთმანეთს გადაეჭდო...


*******
2020 წელი, დანტე ლოლაძის ბინა, 07:45 წთ, პოლონეთი.
ვანილისფერ ცას ვარდის თბილი ფერები ეპარებოდა. მზე მოჩოჩავდა ჰორიზონტზე. თენდებოდა. ქარვისფერი ფარდა ზანტად ფრიალებდა ვერანდაზე გამავალ კარში. ხის, პატარა, მრგვალ მაგიდაზე უამრავი ფაილი გაშლილიყო. ღამენათევი ლეპტოპი 2%-ზე ღაფავდა სულს. გაითიშებოდა კიდეც მალე. ყავის, ნახევრად სავსე, მესამე ფინჯანი გვერდით ედგა მშვიდად მთვლემარე პატრონს. ყურსზემოთ ფანქარგარჭობილ მილენას მუშაობისას ჩასძინებოდა. მაგიდაზე გაწოლილს, თავი მკლავზე ჩამოედო და ღრმად სუნთქავდა.
საძინებლის კარი ჭრიალით გაიღო. ზღურბლზე თმააბურძგნული ექიმი გამოჩნდა. მძინარე მილენას დანახვაზე, ამოიოხრა და სახე მოისრისა. რაც პოლონეთში ჩამოვიდნენ წამითაც არ დაუსვენია. დღეს და ღამეს ასწორებდა, ძველი საქმის ფაილების ქექვაში. დღისით სადღაც უჩინარდებოდა, საღამოს კი სახლში ახალი საქაღალდით ბრუნდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა სად დადიოდა, ვისთან კონტაქტობდა და რა ინფორმაციას ეზიდებოდა სახლში. რამდენჯერმე ჰკითხა კიდეც, მაგრამ ჟურნალისტმა თავი აარიდა - არაფერი ისეთიო, ასეთი იყო მოკლე პასუხი.
ყველაზე ხშირად დევდარიანთან და ავალიანთან საუბრობდა. თანაშემწემ ქალის გამგზავრებიდან ერთ კვირაში მოახსენა, რომ მილენას ადგილზე უკვე ვიღაც დედაკაცი წამოასკუპეს. ხელმძღვანელობას არაფრით ეპიტნავა სარანგიძის სკანდალში გახვევა. მისი გამგზავრება ხელსაც კი აძლევდათ, რადგან პირდაპირ სამსახურიდან „გაპანღურებას“ თავი აარიდეს. „ვაითპრესის“ ჟურნალისტებს საჭორაო მასალას ხომ არ მისცემდნენ? სარანგიძის გაქრობა ისედაც ფერდზე ჭვალად ედგათ - ვერაფრით გაეგოთ სად გაუჩიანრდა აწ უკვე ყოფილი რედაქტორი, ან რატომ. სვანი თავისებურად ამშვიდებდა, სამსახურზე არ იდარდო, ბევრი არაფერი დაგიკარგავს, აქ ნამდვილი საგიჟეთიაო.
რაც შეეხება ავალიანს - დანტეს უკვირდა, ამჩნევდა, რომ მასთან საუბრისას მილენას ემოციები ელვის სისწრაფით ეცვლებოდა ხოლმე სახეზე. ქალი ისე ხმადაბლა ესაუბრებოდა დეტექტივს, ექიმს საუბრიდან სიტყვაც არ ესმოდა. მიყურადება კი არ იკადრა. რამდენჯერაც მის შესახებ ჰკითხა რამე, სარანგიძემ ისევ თავი აარიდა. გაურკვევლობაში ჩავარდნილი თეთრხალათიანი ზედმეტი კითხვების დასმას ერიდებოდა. რახან არაფერს უყვებოდა - ესე იგი, ასეც იყო საჭირო და ზუსტად ეს აშინებდა. აქამდე არ არსებობდა რაიმე საკითხი რაზე საუბარიც ამ ორს არ შეეძლო.
როცა მილენა წამოსვლაზე დათანხმდა იფიქრა, რომ მეგობარს თბილისს გაარიდებდა და იმ საგიჟეთსაც, რაც უკან ჩამოიტოვეს, მაგრამ მძინარე ქალს უყურებდა და თვალებჩამქრალი ხვდებოდა, რომ ცდებოდა - მილენა, არ გამოქცეულა. მან დრო ითხოვა, ცოტაოდენი დრო, რომ ყველაფერში გარკვეულიყო და ახალი ძალებით დაბრუნებულიყო უკან. ექიმი ამას გვიან მიხვდა.
მეგობარს ნელა მიუახლოვდა. მკლავები მუხლებში შეუცურა, წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა. ქალმა კისერში ჩაუმალა სახე. არ გაღვიძებია. გათიშულს ისიც არ გაუგია, როგორ წაიყვანეს საძინებლისკენ - უკვე მეშვიდედ ამ კვირაში. არ შეიძლება ფუტკარო, ასე არ შეიძლებაო - ფიქრობდა დაღვრემილი, როცა მეგობარს საწოლზე აწვენდა. ბალიში შეუსწორა და საბანი ამოუკეცა. გვერდით ჩამოუჯდა და სახიდან თმა გადაუწია.
ერთი თვე გასულიყო, მას შემდეგ, რაც პოლონეთში გამოემგზავრნენ. სამსახურში იმდენად იყო დაკავებული, რომ ახლაღა შეძლო მეგობრის რიგიანად შეთვალიერება - მილენა დასუსტებული ეჩვენა. ხორბლისფერ კანს ფერი დაჰკარგვოდა. მუდამ ღვინისფერი ტუჩები კი გაფერმკრთალებოდა. თუმცა, თვალები ისე უელავდა როგორც არასდროს. სარდიონის სფეროები მტკიცედ და შეუპოვრად იმზირებოდნენ.
თმას ფანქრით აიკეცავდა ხოლმე, ყავას გვერდით მოიდგამდა და საქმეში ისე ეფლობოდა, ვერც დანის წასვლას გებულობდა და ვერც მოსვლას. მხოლოდ გამოსამშვიდობებელი კოცნა თუ ააწევინებდა თავს ფაილებში ჩარგულს, თორემ უკან დაბრუნებულს, ქალი მაგიდაზე დაძინებული ხვდებოდა.
- რით დაგეხმარო, ბი? - წაიჩურჩულა ნაღვლიანმა - ხელებში მადნები და შენი შველა არ შემიძლია. არ გამომდის და ეს ჭკუიდან მშლის. რა მოგიხერხო?
სახე ხელებში ჩარგო და ოხვრას ლამის გულიც ამოაყოლა. დარდობდა ექიმი, ძალიან დარდობდა მეგობარზე, რომელსაც სიტყვაც არ ესმოდა მისი. წამოდგა და უკანმოუხედავად გაილანდა ოთახიდან. ვერანდაზე გამოსულმა დიდი ხნის მივიწყებული ჩვევა გაიხსენა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაცალა და მოუკიდა.
მაგიდასთან, ხისგან მოწნულ სკამზე მძიმედ დაეშვა და თვალები მოისრისა. „რა ჯანდაბა ხდება შენს თავს, დანტე?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს - „აქ, რას აკეთებ? ვის გამოექეცით, ან ერთი, ან მეორე?“. ფილტრს ძლიერად მოქაჩა და ისე გააბოლა, თითქოს გულში დალექილ სადარდებელს თან გააყოლებდა, თავიდან მოიშორებდა და თავისუფლად სუნთქვას შეძლებდა. არ გამოვიდა.
ხელის გულებს დახედა, წამით თითებზე სისხლს მოჰკრა თვალი და ყბაზე კუნთი დაეჭიმა. ხელები დამუშტა და მზერა ჰორიზონტს გაუშტერა. ადრე უფრო ფიცხი იყო, ძალიან ფიცხი და დაკარგული. არ იცოდა რა უნდოდა; არ იცოდა სად უნდოდა; არც ის იცოდა ვინ უნდოდა.
ერთადერთი რაშიც დარწმუნებული იყო - დიდი სურვილი ჰქონდა ხალხს დახმარეობდა. უნდოდა სიცოცხლე გადაერჩინა, უნდოდა ხალხისთვის ღიმილისა და ბედნიერი ცრემლების მიზეზი ყოფილიყო. ამიტომ ჩაიცვა თეთრი ხალათი, კისერზე ფონედოსკოპი ჩამოიკიდა და გულისხმიერი ღიმილით, სნეული ადამიანების იმედად იქცა.
მზისფერი, ასე უწოდა მილენამ - სიტყვის ყველა გაგებითა და მნიშვნელობით შეეფერებოდა დანტე ლოლაძე მეგობრის შერქმეულ ზედმეტსახელს. საკმარისი იყო მისი გამოჩენა პალატაში, რომ პაციენტებს უნებურ ღიმილს ჰგვრიდა ექიმის დადებითი აურა. გამომშვიდობებისას კი, როცა მათი გაწერის დრო დგებოდა ლოლაძეს ისეთი მადლიერი თვალებით შესცქეროდნენ, იბადრებოდა ხოლმე ქერა კაცი.
ექიმს რთული გზის გავლა მოუწია, სანამ საავადმყოფოს კართან მოვიდოდა, სანამ სუპერგმირად იქცეოდა და ყველასთვის უიმედო ადგილას, დაკარგულ თავს იპოვიდა. „თეთრ სახლში“ სადაც ასე ხშირად დააბიჯებდა სიკვდილი, სადაც კედლები მედიკამენტებისა და სასოწარკვეთის სუნად ყარდა სადაც, ერთ პალატაში მაინც, ადამიანი სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.
„თეთრი სახლი“ სიკვდილისა და სიცოცხლის გამუდმებული ჭიდილისა და ფრონტის ადგილი გახლდათ, სადაც დანი ლოლაძე მუხლჩაუხრელად იბრძოდა სიცოცხლის მხარეს. წყვდიადში, გადაწურულ იმედებთან, მზესავით გამოანათებდა ხოლმე და სიკვდილის პირას მისულ ადამიანებს, მომკელის გამხმარი თითებიდან უბოდიშოდ გლეჯდა. ხანდახან მზესუმზირები დამარცხების ნიშნად თავებს ხრიდნენ, სევდა გულზე შემოეჭდობოდა და დამძიმებული მხრებით ტოვებდა ბრძოლას, როცა მტერი მასზე ძლიერი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
რთული ბავშვობა ჰქონდა ლოლაძეს. ნაადრევად მოუწია გაზრდა. ოჯახზე რომ ეზრუნა, არასტაბილური მამა რომ ეკონტროლებინა, დედისთვის რომ მიეხედა და მომავალიც ისე აეწყო, როგორც სურდა. პატარა დანტე ხშირად იკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში. ძველისძველ, შენახულ სათამაშო ჯარისკაცებს ყუთიდან გადმოყრიდა და უცხოდ დამძიმებული, ნოსტალგიას აყოლილი მისჩერებოდა ხოლმე, ასე საათობით. ვერ გეტყოდათ ამას რატომ აკეთებდა, ვერც საკუთარი გრძნობებისა გაეგო რამე. ერთს განიცდიდა მხოლოდ - საოცარი მარტოსულობის შეგრძნებას, რომელმაც არ იქნა და არ მიატოვა მისი სხეული.
ერთადერთი დამლაპარაკებელი, რომელსაც ასე თუ ისე გულს უშლიდა ხოლმე, მარიამი იყო, დეიდამისი, პედაგოგი ქალი, რომელიც ფსიქოლოგიას ასწავლიდა უნივერსიტეტში. საკმარისი იყო, დიშვილისთვის ერთხელ შეევლო თვალი და ხვდებოდა რა აწუხებდა „მზესუმზირას“. იცოდა, როგორ შეერჩია სწორი სიტყვები, რომ პატარა დანის თავი უფრო მსუბუქად ეგრძნო, არა განკურნებულად, უბრალოდ მსუბუქად. არ გეგონოთ, რომ ლოლაძე უმეგობრო ადამიანი იყო, არა, პირიქით, უამრავი ძმაკაცი ეხვია გარს, სკოლაშიც და შემდგომ უნივერსიტეტშიც პოპულარული ახალგაზრდა გახლდათ და არაერთი გოგონა ინტერესდებოდა მისით, მაგრამ თავად არ აინტერესებდა არავინ. სანამ იმ საბედისწერო დღეს, რუსთავში, დეიდასთან ჩასულს, მირანდას არ შეხვდა - გოგონას, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
უცნაურად რომანტიკოს კაცს, დანახვის წამიდან ჩაუვარდა გულში გრძელთმიანი, თვალებრდღვიალა გოგონა, გრძელი წამწამებით, ლამაზი პირი-სახითა და ატეხილი წარბებით. ახსნას ვერ უძებნიდა უეცარ მოხეთქილ გრძნობებს გულში, რომელიც მანამდე არ განეცადა და ცხოვრებაში პირველად, უამრავ სიგიჟეს, კიდევ ერთი დაუმატა. გოგონას პირველივე გამოლაპარაკებაზე, როცა მისი სახელი გაიგო, ასე გაეცნო - სასიამოვნოა, მირანდა, მე დანტე ვარ და მგონი... მგონი, მე შენ მიყვარხარ. არა, მგონი არა, მართლა მიყვარხარ!
გოგონას დაბნეულ გამომეტყველებაზე ახლაც ეცინებოდა. გიჟურად ჟღერდა, დაუჯერებლად, იქნებ არარეალურადაც, მაგრამ დანი ასეთი გულწრფელი არასოდეს ყოფილა. არასოდეს უთქვამს აქამდე - მე შენ მიყვარხარ. ამ იმპულსურმა საქციელმა თავისი ქნა, გოგონა მომავალი ექიმით დაინტერესდა. მისმა თამამამმა ნაბიჯმა რთულ პერიოდში მყოფი (მირანდას პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე პირად ცხოვრებაში. მისი ყოფილი, ლოთი გახლდათ და ცხოვრებას უმწარებდა) გოგონა ისე მიიზიდა, როგორც მიუსაფარი კნუტი საიმედო, თბილ თავშესაფარში.
ორის ურთიერთობა უცნაურად დაიწყო და კიდევ უფრო უცნაურად გაგრძელდა. მათ შორის სიყვარულსა და ვნებასთან ერთად ცხოვრობდა კიდევ ერთი გრძნობა, რომელსაც სიცივე ერქვა. მირანდას წარსულმა, თუ უბრალოდ ხისტმა ხასიათმა ისე შეიჩვია ეს გრძნობა, რომ აფრთხობდა ექიმს. მზის მოყვარულს, თბილს და მასთან მუდამ გულღიას ეხამუშებოდა გოგონას სიცივე, ვერ ჰგუობდა გაცემულ 10-ს და უკან დაბრუნებულ 5-ს.
ექიმის არეულ გონებაში კიდევ უფრო მეტი ქაოსი გამეფდა. უცხო გრძნობით უყვარდა მირანდა, მაგრამ კლავდა შეუვსებელი ფიალა. სულს უღონებდა ვერ აგიზგიზებული ნაპერწკლები, რომელსაც ნამდვილი კოცონი უნდა აენთო, ამის ნაცვლად კი საცოდავად ბჟუტავდა. ხშირად ჩაფიქრდებოდა ხოლმე გოგონას გულგრილ დამოკიდებულებაზე - ვინ იყო მისთვის? - თავშესაფარი? მიჩვეული კომფორტი? თუ საყვარელი მამაკაცი, ვის გვერდითაც სურდა დარჩენილი ცხოვრების გატარება? აირია მზისფერი. ძალიან აირია. ახლა უკვე თავად აღარ იცოდა, რამდენად სურდა ისეთი ქალი გვერდით, რომელიც ბუნებით თბილ ფერს ცივს ურევდა ლამაზ პალიტრაში.
ხშირი იყო ჩხუბი, კამათი, გაუგებრობა, დაშორება, შემდეგ ისევ შერიგება და ერთჯერადი ურთიერთბები, რომელიც დროებით ავიწყებდა სადარდებელს. თუმცა, გულის სიღრმეში ყოველთვის ცხოვრობდა ურჩხული, რომელიც ღამით მარტო დარჩენილს მუჭში მოიმწყვდევდა ხოლმე და შეუბრალებდა ამსხვრევდა ძვლებში. ასეთ დროს ისევ ის საშინელი განცდა ეუფლებოდა, როგორც ბავშვობაში სათამაშო ჯარისკაცებს მიშტერებულს - აუხსნელი მარტოობის, დაუძლეველი სიცარიელის, თითქოს საერთდ არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. იმდენად ძლიერი იყო ხოლმე სასოწარკვეთა, სული სტკიოდა ექიმს. არავინ იყო მშველელი, არც ის ქალი ვისმა გამოჩენამაც დაარწმუნა სრულიად აფსურდულ იდეაში - ერთი ნახვით შეყვარება არსებობს, არსებობს თუ შენს ადამიანს ჩახედავ თვალებში.
კი მაგრამ, იყო მირანდა „მისი“? თუ არა, მაშინ რატომ იყო მის გარდა ყველა ქალი ამოწურვადი და უინტერესო? რატომ ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს? რატომ გასჯდომოდა ამ ქალის სითბო კანში, სულში და მთლიანად არსებაში? ქაოტური მდგომარეობის ფონზე, ექიმმა „ტაიმაუტი“ აიღო. დროებით ყველას და ყველაფერს გაერიყა. მირანდას ჩამოშორდა და წიგნების მიღმა გაუჩინარდა. ოცნება აისრულა - ექიმი გახდა. საავადმყოფოს შეაფარა თავი და წარმატებულ მამაკაცად იქცა, თუმცა მის ბედნიერებას მაინც აკლდა „მარილი“, სწორედ ასეთ დროს გადაეყარნენ ერთმანეთს მილენა და ლოლაძე.
მსგავსი განსაცდელით, მსგავსი ტკივილებით და მსგავსი სიცარიელით. შვება იგრძნო. მზესუმზირებმა თავები წამოყეს. ისევ აუბრიალდა სხივები მზესავით კაცს, ახლა ყველაფერი უფრო ასატანი იყო, შედარებით ასატანი ვიდრე მანამდე. ჰყავდა ადამიანი, რომლის გვერდითაც არასოდეს იგრძნობდა თავს ისე როგორც სათამაშო ჯარისკაცებთან, თუმცა... მირანდა... მირანდა, იყო მისი გულის მუქი აჩრდილი. რომელსაც ვერაფერი მოუხერხა.
სწორედ მას გამოექცა პოლონეთში. უნდოდა საკუთარ თავში გარკვეულიყო. უნდოდა გაეგო რაში იყო პრობლემა. შეძლებდა? დაზუსტებით ვერ გეტყოდათ, თუმცა იმ ქალის იმედი ჰქონდა, რომელიც ერთ-ერთ საძინებელში ღამენათევი მშვიდად თვლემდა. ყველაფერი გაცილებით მარტივი გეჩვენება ადამიანს, როცა გეგულება პიროვნება, ვისაც შენი საუბარი კი არა, წარმოუთქმელი სიტყვები ესმის და იცის როგორ გიმკურნალოს სულზე.
თბილად გაეღიმა თეთრხალათიანს, მისი ბაგეების მოძრაობას კი ალიონმა მზის მცხუნვარე სხივები შეაგება. უეცარი ენერგიის მოზღვავება იგრძნო, თავი დაირწმუნა ყველაფერი კარგად იქნებაო. წამოდგა და ბინაში გაუჩინარდა.
მილენამ თვალი რომ აახილა, შუადღეს კარგად გადასცილებოდა. დაბნეულმა მიმოიხედა და საწოლში წამოჯდა. არ ახსოვდა, როდის დაწვა. ღრმად ამოისუნთქა და სახეზე ხელი მოისვა. თავს სუსტად და გამოუძინებლად გრძნობდა. დაამთქნარა და ფეხზე წამოდგა. მაშინღა შეამჩნია, რომ ტანზე ისევ გუშინდელი ტანსაცმელი ეცვა და მიხვდა, რომ საწოლში ისევ დანიმ ჩააწვინა.
გრძელი თმა მაღლა აიკეცა და ტუმბოზე მდები კალმით შეიკრა. ტელეფონისთვის არც დაუხედავს. არც შეტყობინებები შეუმოწმებია. პირველ რიგში ყავა ესაჭიროებოდა, რომ ცოტა მოფხიზლებულიყო. სამზარეულოში გავიდა და ყავის აპარატს ჭიქა შეუდგა. მაცივრიდან რძე გამოიღო და პლასტმასის კონტეინერი ნახევრამდე აავსო. ეკრანზე ლატეს გამოსახულება აარჩია და თითი დააჭირა. აპარატი მაშინვე შეუდგა არომატული ყავის მზადებას.
ვერანდის ფარდა გადასწია. მოჟამულმა ამინდმა კიდევ უფრო გაუმძაფრა ცუდი ხასიათი. დეკემბერი იდგა, ზამთარში კი პოლონეთში სწრაფად ღამდებოდა. მტრედისფერ ცას ნელ-ნელა ეპარებოდა ბნელი. გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა, მაგრამ ვერანდის კარი მაინც გამოაღო და ყინულივით ცივი ჰაერი შემოუშვა ოთახში.
კლინიკამ, რომელმაც დანი პოლონეთში მოიწვია სამუშაოდ, დროებით საცხოვრებლად ულამაზესი სამოთახიანი ბინა გადასცა. ორი საძინებლითა და ერთი უზარმაზარი ოთახით, რომელიც მისაღებსა და სამზარეულოს აერთიანებდა. ბინას დამატებით პლუსად ფართე ვერანდა ამშვენებდა, რომელიც მცენარეებით გადაეხურათ და კოხტა მაგიდა-სამებით მოეწყოთ. გარეთ გამოსულს ულამაზესი ხედი ეშლებოდა თვალწინ. ლოლაძის ოთხმოცდაათ კვადრატულიანი ფართე ბინა პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. ზაფხულში ზღაპრული ხედით ტკბობის საშუალება ექნებოდა ექიმს.
თბილი პლედი მოიხურა მხრებზე და ვერანდაზე გავიდა. მოაჯირს ჩამოეყრდნო და მონაბერი ზღვის მარილიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ნაცრისფერ ჰორიზონტს მზერა მოატარა. თოლიების ხმა მკვეთრად მოისმოდა სანაპიროდან. მიუხედავად უჟმური ამინდისა და სიცივისა პლაჟზე ხალხი მაინც მოძრაობდა. დამშეული ჩიტები კი არხეინად დააბოტებდნენ ქვიშაზე და დრო და დრო, გამვლელებს საჭმელს პარავდნენ. მილენას ჩიტების თავზეხელაღებულობა მუდამ ღიმილს ჰგვრიდა.
ერთ საღამოს დანისთან ერთად სეირნობდა სანაპიროზე. თან კარტოფილის ჩიფს შეექცეოდნენ. შეკვრა დანის ეჭირა, როცა მოულოდნელად მოზრდილი თოლია თავზე დააფრინდა და ხახისკენ გაქანებულ ჩიფს რომ ვერ მისწვდა, მთლიანად შეკვრა წაართვა ნისკარდით და იქამდე მოცოცხა, სანამ გაოგნებული ექიმი რეაგირებას მოასწრებდა. მილენას სიცილისგან მუცელი ასტკივდა. ყველაზე კარგი დასანახი ექიმის სახე იყო - რას მესხმოდა თავს, იქნებ ჩემი ნებით ვაძლევდიო. ბურტყუნებდა უკანაკნელი ჩიფსის ხრამუნით.
თბილი მოგონებებიდან ყავის აპარატის ზუზუნმა გამოარკვია. შიგნით შებრუნდა და გამზადებული ლატე თითებში მოიქცია. ვერანდაზე გამობრუნდა და მაგიდის წინ, სკამზე ჩამოჯდა. ცხელი ყავა მოსვა და ფიქრებში წასულს აბსტრაქტულ წერტილზე გაუშტერდა თვალი.
რაც საქართველო მიატოვა ერთი ღამე არ უძინია მშვიდად. იფიქრა, სამშობლოს თუ გამოეცლებოდა სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავდა, გონებას გაანიავებდა და მის თავს დატეხილ ტრაგედიას სხვა თვალით შეხედავდა. ცდებოდა. პოლონეთში ჩამოსვლით სიტუაცია არ გამოსწორებულა, პირიქით - ყოველ ღამით თვალის მოხუჭვისას ტანჯავდნენ კოშმარები. გივი ხელებში აკვდებოდა, ისევ და ისევ, დაუსრულებლად. ვერაფრით მოიშორა მეწყვილის ხატება და მისი უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ყელიდან ძლივს ამოუშვა: „მილენა... მშობლების სულს გაფიცებ, შეჩერდი!“. ვისი ეშინოდა ასე ძალიან? მონარქის? თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ჭკადუა მონარქს არ მოუკლავს. ადამიანის მოწამვლა მისი სტილი არ იყო. მაშინ ვის წინაშე აფრთხილებდა სიკვდილის წინ? რატომ უნდოდა, რომ მილენას გამოძიება შეეწყვიტა?
თვალის კუთხიდან გამოჟონილი ცრემლი თითით შეიმშრალა და ყავა მოსვა. განსაკთრებით გაუჭირდა გადაყლაპვა. სარანგიძისთვის გივი ჭკადუა თანამშრომელზე მეტი იყო. მისი ახლო მეგობარი, თანამოზიარე და მენტორი გახლდათ. განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულთა განყოფილებაში თავის გატანა და ადგილის დამკვიდრება სულაც არ იყო მარტივი. ბევრი რთული და უსიამოვნო სიტუაციის გამოვლა მოუწია, სანამ თანამშრომლებს მისდამი პატივისცემას მიაჩვევდა. ასეთ დროს გივი მუდამ გვერდით ედგა მამასავით.
მერე კი აღმოაჩინა, რომ ჭკადუა სულაც არ ყოფილა ის ადამიანი ვინც ეგონა. გოგი რეხვაძე მისი მოკლული იყო. აღიარა. თავისი პირით უთხრა. დაამატა სხვა გზა არ მქონდაო, მაგრამ განა ასეთმა რა ძალამ აიძულა ადამიანის აკუწვა? რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ სულიერ არსებას ასე გასწორებოდა? თავი გააქნია. სახეზე ცრემლები მოხოხავდნენ. იფიქრა, რომ ჭკადუას სიკვდილი და მისი ცოდვები მოინელა, გადალახა, როგორღაც გაუმკლავდა, მაგრამ ახლა როცა სამშობლოსგან ძალიან დიდი მანძილი აშორებდა, პარადოქსულად იქაური „ხმაური“ უფრო ახლოდან ჩაესმოდა, ვიდრე თბილისში ყოფნის დროს.
საკუთარ თავზე მწარედ გაეცინა. გონების გაწმენდა მოუნდა... ფიქრების დალაგება... რა უნდა დაელაგებინა? რა დარჩა დასალაგებელი? ყველაფერი მიწასთან გასწორდა - მისი სამსახურიც და პირადი ცხოვრებაც. უახლოესი მეგობარი დაკარგა, თანამშრომელი მოუკლეს, საყვარელმა ადამიანმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ზურგში დანა და ამ ჩამონათვალიდან რა ექვემდებარებოდა გამოსწორებას?
ლოლაძე რომ არ ჰყოლოდა, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. დანტე ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი სიახლოვეც ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. მზესავით უნათებდა გზას წყვდიადში დაკარგულს. ყველა სიკეთესთან ერთად, ვერაფრით მოიშორა აკვიატება, რომ მონარქი მასთან ძალიან ახლოს ტრიალებდა. საითკენაც ნაბიჯი გადადგა მის ფეხებთან გვამები ცვიოდა და ამას დამატებული წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვის რა მიზეზით კლავდა. ჭკუიდან გადაჰყავდა ამ კოშმარს.
ბინის სიღრმიდან საკეტის გაჩხაკუნების ხმა მოისმა. მაჯის საათს დახედა, ჯერ ძალიან ადრე იყო დანი გვიან ღამით ასრულებდა ხოლმე მუშაობას, ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა ვერანდაზე ლოლაძე გამოვიდა.
- მილენა, - წარბშეკრულს ხელში თბილი პლედი ეკავა, - რატომ ზიხარ ამ სიცივეში გარეთ? გაიყინები.
მიუახლოვდა და ქალს ფუმფულა ქსოვილი მხრებზე მოახურა. სახეზე უკმაყოფილება და მზრუნველობა ეწერა.
- სუფთა ჰაერზე უნდა გამოვუსლიყავი, შიგნით სუნთქვა მიჭირს, - მიუგო ხმადაბლა - ასე მალე რატომ დაბრუნდი? რამე ხომ არ მოხდა?
- ოპერაცია გადამიდეს და აღარ გავჩერდი. თან დავიდიც უფრო ადრე მოვიდა დღეს სამსახურში და წამოსვლა შევძელი.
მილენას წინ დაიკავა ადგილი და მზესუმზირის მსგავსი თვალები ქალს მიაპყრო. ჩალურჯებული უპეები და შესიებული ქუთუთოები მოუთვალიერა. საშინლად გამოიყურებოდა.
- ეი, - თითი ნიკაპში ამოსდო და თავი ააწევინა - გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ? ან ქალაქში გავიდეთ და სადმე ვისადილოთ.
- ალბათ გშია... - დამნაშავე გამომეტყველება მიიღო - კარგი, ვისადილოთ.
დათანხმდა. ლოლაძემ თავი დაუქნია, შუბლზე აკოცა და ფეხზე წამოაყენა. მილენა პირველი შევიდა ბინაში. საშინლად გუნებაწამხდარი დანტე კი უკან მიჰყვა მეგობარს. ზურგსუკან პირქუში სახით მიიკეტა ვერანდის კარი.
სასადილოდ გდანსკის პორტში გავიდნენ. უკვე დაღამებულიყო, ამიტომ ზღვისპირა რესტორნები უკვე ლამაზ-ლამაზი ნათურებით მორთულნი ფერადად ციმციმებდნენ. დაწესებულებაში სასიამოვნო მუსიკის ფონზე კოხტად ჩაცმული მიმტანები მოძრაობდნენ, გადაჭედილ მაგიდებს შორის. რესტორანი „პური და ღვინო“ ცნობილი იყო უნიკალური სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით.
თუ გაგიმართლებდათ რიგში დგომა მხოლოდ ნახევარ საათს მოგიწევდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საათზე მეტსაც იცდიდნენ ხოლმე კლიენტები. ლოლაძეს მაგიდის დაჯავშნა მოესწრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რესტორანში დაგეგმილი ჰქონდა საღამოს ვახშამი და მისი უეცარი სამსახურიდან გათავისუფლება არაფრით უკავშირდებოდა „გადადებულ ოპერაციას“. კოხტა შარვალ-პერანგში გამოწყობილმა მიმტანმა წყვილი ერთ-ერთ მაგიდასთან მიაცილა, სქელყდიანი მენიუ წინ დაულაგა, თავი დაუკრა ღიმილით და იქაურობას გაეცალა.
ლოლაძემ მაშინვე გადაშალა მენიუ და ჩამონათვალს თვალი გადაავლო. მცირე ყოყმანის შემდეგ ისევ საყვარელი კარძი ამოარჩია, რომელსაც მუდამ მიირთმევდა ხოლმე რესტორანში მოსვლისას და მომლოდინედ გადახედა მილენას, რომელსაც წიგნაკისთვის თითიც არ დაუკარებია. ლოლაძეს მისჩერებოდა გამჭოლი მზერით.
- იცი რასაც შეუკვეთავ? - იკითხა გაკვირვებულმა.
- ვხვდები, რომ შენთან სამსახურში არანაირი ოპერაცია არ გადაუდიდათ, დანი. რესტორანში მაგიდა დილიდანვე გქონდა დაჯავშნილი - მრავალმნიშვნელოვნად გახედა ფანჯრის მიღმა გაჭიმულ უზარმაზარ რიგს.
ლოლაძემ ამოიოხრა. სახეზე ხელი ჩამოისვა და მენიუ მაგიდაზე მიაგდო. სკამზე გადაწვა და მზერა წინ მჯდომზე გადაიტანა.
- შენზე ვნერვიულობ, ბი. - ამოიოხრა - ღამით თითქმის არ გძინავს. ნორმალურად არ ჭამ. მეგონა აქ წამოსვლა ცოტა აზრზე მოგიყვანდა. ამოისუნთქავდი, მაგრამ შევცდი. დღითი დღე მადნები ხელებში. აღარც მესაუბრები. არ ვიცი რით დაგეხმარო...
ექიმს მონოლოგი მიმტანმა შეაწყვეტინა. შორიდან შეამჩნია, რომ არცერთი არ უყურებდა მენიუს და შეკვეთის მისაღებად ეახლა წყვილს.
- კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გადაწყვიტეთ რას შეუკვეთავთ? - იკითხა და თავაზიანი ღიმილით გადახედა ორს.
- საშუალოდ შემწვარი სტეიკი გრილზე დაბრაწულ ბოსტნეულთან ერთად, - წელში გასწორდა ლოლაძე - მხოლოდ სატაცურს ნუ გაურევთ, არ მიყვარს. იტალიურ წითელ ღვინოზეც არ ვიტყოდი უარს.
მიმტანი შესაშური სისწრაფით იწერდა შეკვეთას ბოლკნოტში. მიუხედავად იმისა, რომ დანის პოლონური მაინც და მაინც არ ბრწყინავდა, რესტორანში შეკვეთის მიცემას მაინც უმკლავდებოდა. მიმტანმა წერა, რომ დაასრულა მილენას გადახედა მომლოდინეთ.
- თქვენ, რას ინებებთ?
- იგივეს, გმადლობთ.
მიმტანმა თავი დაუკრა წყვილს და გაეცალა. დანიმ მზერა ისევ მილენაზე გადაიტანა. სარანგიძეს იდაყვები მაგიდისთვის ჩამოეყრდნო და თითზე წამოცმულ ბრჭყვიალა ყვავილის ფორმის ბეჭედს ნერვიულად აწვალებდა.
- ბი... დამელაპარაკე.
ხელი მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა და ქალის ცივი თითები მუჭში მოიქცია. მილენას თვალები დაეხარა და რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. ლოლაძის შეხებამ მხნეობა შემატა და თავი ასწია.
- ჩემი აქ ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო, დანი.
მამაკაცის შემოჭდობილ ხელს ხელი დაადო და მზესუმზირის მსგავს თვალებში ჩახედა.
- დანი, სახლში დაბრუნება მინდა, - ხმა მტკიცე ჰქონდა - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ, თუ ზურგსუკან უზარმაზარი კითხვის ნიშნები დამრჩება.
საუბარი ისევ მოახლოებულმა მიმტანმა გააწყვეტინათ. ლოლაძემ და სარანგიძემ ერთმანეთს ხელი უშვეს. მიმტანმა ღვინის ორი მბზინავი ბოკალი განათავსა მაგიდაზე, ღვინო ჩამოასხა და უხმოდ გაეცალა წყვილს. მილენა დანის მისჩერებოდა, ექიმს კი მაგიდის ზედაპირისთვის გაეშტერებინა თვალი.
- დანი...
- როცა პოლონეთში წამოსვლაზე დამთანხმდი, გული იმედით ამევსო, - ბოკალს თითები შემოაჭდო და არომატული ღვინით ბაგეები გაისველა. შემდეგ ისევ მაგიდაზე დააბრუნა და როგორც იქნა მეგობარს თვალი გაუსწორა - თბილისში საფრთხე გემუქრება. შენი მეორე მეწყვილე სიცოცხლეს გამოასალმეს. შენი საგამოძიებო გუნდიდად შენ გარდა ცოცხალი აღავინ დარჩა. სიკვდილის წინ, ჭკადუამაც კი გაგაფრთხილა გამოძიებას თავი დაანებეო. ჩემთან უსაფრთხოდ ხარ, მილენა. ვერ გამიგია, რატომ მიგეჩქარება სამარისკენ?
- შენთვის არ მითქვამს რა მითხრა გივიმ სიკვდილის წინ. - წარბი შეიკრა - ჩემ სატელეფონო საუბრებს უსმენდი?
- არ გაყურადებდი, მილენა, - ამოიოხრა და სახეზე ხელი ჩამოისვა - ღამის ორ საათზე სამზარეულოში, რომ ტელეფონზე საუბრობ, ბუნებრივია საძინებელში ყველაფერი გავიგონე.
- მეგონა გეძინა. - შეიშმუშნა უხერხულად.
- ერთადერთი არ ხარ, ვისაც ღამით ძილი უჭირს. გეცოდინებოდა, ჩემგან თავს შორს რომ არ იჭერდე.
- დანი, არ ხარ მართალი... - თავი გააქნია - შენგან თავს შორს არ ვიჭერ.
- ავალიანისა და დევდარიანის გარდა არავის ესაუბრები, - ხმაში წყენა გამოერია - ერთი შენი ყოფილი თანამშრომელია, მეორე კი უბრალოდ ადგილობრივი გამომძიებელი. რით დაიმსახურეს, რომ ჩემზე მეტად მათ ენდობი?
მილენა დადუმდა. ექიმი არ ტყუოდა. რაც პოლინეთში ჩამოვიდა, მხოლოდ ავალიანთან და დევდარიანთან საუბრობდა. სხვას არავის ეკონტაქტებოდა, კრისტინასაც კი და ამას არავითარი საერთო არ ჰქონდა, რაიმე განსაკუთრებულ მიზეზთან. უბრალოდ თბილისის ამბებს ბიჭებისგან იგებდა და თავადაც ვერ აგიხსნიდათ რატომ, მაგრამ ამ ორთან კონტაქტი დანაშაულის შეგრძნებას უმსუბუქებდა.
- სულელობ დანი... - გაბრაზდა - საკუთარ თავს ისე არ ვენდობი, როგორც შენ!
- სიმართლეს მეუბნები? - თვალები დაუცვიწროვდა.
- ჰო.
- მაშინ შეჩერდი, როცა ასე გულით გთხოვ. მიმოიხედე, ცხოვრება გრძელდება მილს. დღეები და კვირეები აბსურდში გაგყავს. მუდამ უკან იყურები. რა გელოდება თბილისში, პრობლემებისა და ხიფათის გარდა? არ მითხრა ანჯაფარიძეო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
დაამატა მუქარით და მარჯვენა დაემუშტა. მილენას ყოფილის ხსენებაზე გულში უსიამოვნოდ გაკრა რაღაცამ.
- მასთან ყველაფერი დავასრულე, დანი. ამჯერად სამუდამოდ.
ბრდღვიალა ბეჭედს თითის ბალიში გადაუსვა. თვალისმომჭრელად ბზინავდა ვარდისფერი ყვავილის გვირგვინი. ანჯაფარიძის ნაჩუქარი იყო, რუსეთში უყიდა სანამ პირველად დაშორდებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ ერთხელაც არ მოუხსნია. არც მაშინ, როცა დარწმუნებული იყო, რომ უკან აღარასდროს მიიღებდა სვანს, მაგრამ მისდა სამარცხვინოდ პირობა გატეხა. მაგრამ ახლა...
როგორც იქნა შეკვეთა მოიტანეს. რთული საუბარი დროებით გვერდით გადადეს და ყურადღება უგემრიელეს სტეიკზე გადაიტანეს. გრილზე შებრაწულ ბოსტნეულთან ერთად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. უხმოდ ისადილეს, ღვინო ბოლომდე დალიეს და რესტორანი დატოვეს.
- მილენა... - წამოიწყო დანტემ და ქალის მკლავში გაყრილ ხელს მარჯვენა დაადო.
- მმ?
აუჩქარებლად მიუყვებოდნენ პორტს. თოლიების ხმა შორიდან მოისმოდა. უკვე დაღამებულიყო. ცოტახნით ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს, სანამ ტაქსით დაბრუნდებოდნენ შინ.
- სიმართლე მითხარი, ფუტკარო, - შედგა და სარანგიძეს სარდიონისფერ თვალებში ჩახედა - რატომ გინდა საქართველოში დაბრუნება?
- უნდა გავიგო ვინ არის მონარქი.
- რატომ? - მზესუმზირისებრ სფეროებს უცნაური ნაპერწაკლი გაუკრთათ.
- მეწყვილეები დამიხოცა, დანი! - კბილებში გამოსცრა - და გივის თქმით მე შემდეგი ვიქნები, თუ გამოძიებას არ შევწყვეტ. უნდა გავიგო, რატომ? რისთვის?
- და როგორც უკვე გაიგე, შენი მეწყვილეები, ყოველ შემთხვევაში ჭკადუა ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა. მასზე ალბათ კიდევ ბევრი რამ არ იცი, იქნებ ჰქონდა მიზეზი...
- არ მითხრა, რომ ქირურგი კაცი, რომელიც ყოველ დღე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, მკვლელობას ამართლებ?! - მეგობარს უცხო თვალით შეხედა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ლოლაძემ ამოიოხრა და სახეზე ხელი ჩამოისვა.
- მკვლელობას არ ვამართლებ, მილენა - მიუგო წყნარად - მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დიდი ალბათობით არსებობდა მიზეზი, რის გამოც ასე მოექცნენ. უდანაშაულოს არავინ გამიზნულად არ კლავს, მილენა, თუ ავადმყოფი არაა დამნაშავე...
- დანი... - წარბი შეიკრა სარანგიძემ - ვერ გცნობ. რას ლაპარაკობ?
- მილენა, მე მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ უმიზეზოდ არ მოუკლავთ ჭკადუა...
- და შენი ლოგიკით, მე რა დავაშავე, რომ სიაში შემდეგი ვარ? რა დავუშავე მონარქს, რომ ჩემი მოკვლა უნდა?
- და საიდან მოიტანე, რომ მაინც და მაინც მონარქს უნდა შენგან რამე? - იფეთქა გაღიზიანებულმა - ჭკადუას არ უთქვამს შენთვის მონარქი გემუქრებაო.
სარანგიძემ დაბნეულმა აახამხამა თვალები. ვერ ხვდებოდა ლოლაძეს საით მიჰყავდა საუბარი და საერთოდაც მათი დიალოგი ძალიან უცნაურად ეჩვენა.
- რისი თქმა გინდა? - დაძაბულობისგან ხმა ჩაუწყდა.
- იმის, რომ ჭკადუა მონარქს არ მოუკლავს, მილენა - ხელები ფართოდ გაშალა გაღიზიანებულმა - დაფიქრდი, მთელი ეს პერიოდი ხალხს დანით კუწავდა. ჰგავს კი მის ხელწერას? ჭკადუამ თვითნებურად მიიღო საწამლავი და სწორედ ეს მაშინებს, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ დგას მთელი ამ ბინძური ამბის უკან. მაშინებს ის ფაქტი, რომ უხილავი მტრისგან დარტყმა დარტყმაზე მოდის და ამ ყველაფერის წინაშე დაუცველი ხარ. არ იცი ვისგან გემუქრება საფრთხე და რა მიზეზით. შენი შინ დაბრუნება თვითმკვლელობის ტოლფასია!
მილენა გაშტერებული უსმენდა ლოლაძეს. მსგავსი საუბარი არასოდეს ჰქონიათ. ექიმი მუდამ გაწონასწორებული პიროვნება ახსოვდა. მის მხიარულსა და სევდიან სახეს იმდენად იყო მიჩვეული დაავიწყდა კიდეც, რომ ადამიანს შეიძლება სხვა გრძნობებიც ჰქონდეს, მათ შორის თეთრხალათიან სუპერგმირსაც.
- დანი ვერ გცნობ... - წარბშეკრულმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან - საიდან ამხელა დაინტერესება მონარქის მიმართ? რა იცი ვის კლავს და ვის არა?
ლოლაძეს წამით ისეთი სახე გაუხდა თითქოს სილა გააწნესო, გამოფხიზლდა. თვალები აახამხამა და მილენას დამფრთხალ მზერას რომ წააწყდა, მიხვდა, რომ გადაამლაშა.
- მაპატიე... - დოინჯი შემოირტყა და მარჯვენათი თვალები მოისრისა - ძალიან გავითქვიფე შენს კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარი თეორიები ჩამომიყალიბდა. დღე არ გავა ამაზე არ ვიფიქრო, რადგან შენ ხარ ავადმყოფურად ჩაციკლული წარსულზე. მონარქის თემაზე ჩემთან არ საუბრობ...
- არ ვსაუბრობ, დანი, რადგან ეს არ არის მეგობრებს შორის სასაუბრო თემა, - შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა - საქმის დეტალების გამხელა საუკეთესო მეგობართანაც კი არ შემიძლია.
- შენ აღარ ხარ დეტექტივი - წარბი ასწია გაგულისებულმა.
- შეიძლება, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. - შეეკამათა - არ მსურს ამ თემაზე შენთან ან ვინმე სხვასთან საუბარი.
- მოსე ავალიანი კი გამონაკლისია... - თავი დაუქნია და წყენით მოარიდა სახე.
- დიახ, მასთან ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან მონარქის გარდა არაფერი გვაკავშირებს - დაუმოწმა წარბშეკრულმა - მასაც ისევე სურს მისი პოვნა, როგორც მე.
- სიგიჟეა...
თავი გააქნია და ქვედა ტუჩზე გამეტებით იკბინა. აშკარა იყო მოწოლილ ემოცეიბს ებრძოდა, რომ არ აფეთქებულიყო. მილენა პირველად ხედავდა მამაკაცს ასეთ მდგომარეობაში და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეფიქრა.
- დანი, რა გემართება? - იკითხა ხმადაბლა.
- მილენა, შეიძლება არ ვარ გამომძიებელი და შენი საქმისაც ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ელემენტარული ლოგიკა გამაჩნია! - წაიღრინა განერვიულებულმა და მეგობარს მტკიცედ გაუსწორა თვალი - საფრთხე გემუქრება და არ ვიცი ვისგან. ვინც მონარქის საქმეში ჩაყო ცხვირი, ყველამ ოთხი ფიცრით დაასრულა. გენიოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა ეს ამბავი მზის სინათლეზე გამოვიდეს. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. არც ის ვიცი რა ამოძრავებს მონარქს, მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ თუ დროულად არ შეგაჩერებ, მერე ძალიან გვიანი იქნება. შენს დაკარგვას კი ვერ გადავიტან, მილენა...
თვალზე ცრემლი მოადგა და სახე მოარიდა, რომ სარანგიძეს არაფერი შეემჩნია, მაგრამ შეამჩნია. მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და ექიმს მკერდზე მიეკრა. თავი გულზე დაადო, მკლავები კი ძლიერად შემოხვია წელზე.
- არაფერი მომივა, დანი. ყველაფერი დალაგდება.
ლოლაძემ ნელა ასწია მკლავები და ქალს ბეჭებზე შემოხვია ძლიერად. ცხვირი სურნელოვან თმაში ჩაუმალა და თვალები დაეხუჭა.
- მეშინია, მილენა. ძალიან მეშინია შენი დაკარგვის. გთხოვ... შეჩერდი...


******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 23:30 წთ, თბილისი.
ელმა სახლის კარი მიიხურა და შიგნიდან გადაკეტა. თოვლიანი ფეხსაცმელები შემოსასვლელში დატოვა და მისაღებ ოთახს მიაშურა. კანდელაკი ისევ ლეპტოპს უჯდა გამოღამებული თვალებით და დაპროგრამებული რობოტივით კრეფდა ტექსტს ვორდის ფაილში. ბოლო პერიოდში მუზა დაუბრუნდა და ლეპტოპთან აღამებდა ყოველ დღეს.
იმდენად იყო წერით გატაცებული თავიდან მისი მოსვლა ვერც კი შეამჩნია, სანამ სავანელი მოწყვეტით არ დაეხეთქა რბილ დივანზე. წამით ასწია თავი, ზერელედ შეავლო თვალი მეგობარს და ისევ ლეპტოპს მიუბრუნდა. თუმცა, აკრეფილი წინადადება შუაზე გაუწყდა და ელვის სისწრაფით შეაბრუნა თავი უკან.
- თმაზე რა დაგემართა? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებულს - ახლა არ ამოვწყდე! „ადამს“, ასე ვინ აგღიჯნა?
უცებ სიცილი წასკდა და გულიანად ახარხარდა. სავანელმა შეუბღვირა.
- ეგრე ცუდად გამოვიყურები?
- გაიძვერა ტურას ცოცხისგან შეკერილი პარიკი, რომ დაახურო იმას ჰგავხარ.
ხარხარებდა თვალზეცრემლმომდგარი. კანდელაკის კისკისზე საძნებლიდან შუკვანმა გამოჰყო გადახოტრილი თავი - რა ხდებაო, მაგრამ ელს რომ შეხედა ნამძინარევი თვალები ფართოდ დააჭყიტა და ახლა იმას აუტყდა ხროტინი.
- რას ჰგავხარ „ადამს“? „პოტერი“ გეჯდა ზურგზე, თუ ძველ ცოცხს რატომ ჰგავხარ?
სავანელმა თვალები გადაატრიალა. შუკვანი წელს ზემოთ შიშველი და ქვედა პიჟამის ამარა, საძინებლიდან გამოვიდა, დივანთან მილასლასდა და ელის გვერდით დაიკავა ადგილი.
- მოდი ერთი, რიგიანად შეგხედო... ოჰ, ოჰ... საახალწლოდ ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტე? - ახითხითდა გახალისებული - ლიზიკომ, დაიჩემა ხე ვიყიდოთო, მაგრამ ახლა რომ გიყურებ, მგონი აღარ გვინდა...
- ელ, სტილისტის ნაცვლად ყასაბს მიაკითხე? - სიცილისგან უკვე ფერდები სტკიოდა კანდელაკს.
სავანელი ბრაზნარევი მხიარულებით მისჩერებოდა მეგობრებს, თან გულში გეგმას აწყობდა როგორ ეძია შური ირაკლი შუკვანზე. აშკარად გააღიზიანა ელის დამოუკიდებელმა მოქმედებამ და ბრაზი მის თმაზე გადმოანთხია. არადა იფიქრა, რომ გაბრაზებამ გადაუარა.
სარკეში არ ჩაუხედავს და არა მხოლოდ იმ საღამოს, დიდი ხანი იყო, რაც საკუთარ გამოსახულებას თვალს არიდებდა. თუმცა, შუკვანის მისაღებში მჯდარი პირველად ნანობდა, რომ ასე არ მოიქცა და ირაკლის მასხრად აგდების უფლება მისცა.
- ლიზიკო, ცოცხის ყიდვა გინდოდა საახალწლო ნაძვის ხისთვის, - აგრძელებდა შუკვანი, თან ხითხითებდა - ბარაქის მომტანიაო, ხოდა რად გინდა? ელი მიაყუდე მორთული ხის გვერდით, სანამ მაშხალას გაისვრი.
- ბიჭო ახალი წელი მოდის, ჰელოუინი კი არა. - კოხტა წარბები აწკიპა კანდელაკმა - ჭინკა სავანელს ნაძვისხეს როგორ გავაკარებ, თუნდაც ცოცხს ჰგავდეს?! გინდა არმაგედონი და მეორედ მოსვლა დაგვებედოს?!
- პატარა ბავშვებივით ლაზღანდარობა რომ მოგბეზრდებათ, ვინმემ „ცოცხს“ უსწორმასწორო ბოლოები შეუსწოროს, მადლიერი დაგრჩებათ.
წარმოთქვა უდარდელად და მოლოდინში ხელები მუცელზე დაილაგა, თან ეშმაკურად ცვლიდა მზერას მეგობრებს შორის. შუკვანს თვალები დაუვიწროვდა, ტუჩის კუთხეში კი ღიმილი გაეპარა.
- ლიზიკო, როგორც იქნა რეალური საქმე გამოგიჩნდა. მაკრატელი აიღე და „ადამსი“ ადამიანს დაამგვანე!
გასძახა მეგობარს ისე, რომ მზერა ელისთვის არ მოუშორებია. დიდი შეცდომაც დაუშვა, რადგან მისკენ გამოქანებული ფუმფულა ჩუსტი ვერ შეამჩნია. შხუილის ხმა რომ შემოესმა ძალიან გვიანი აღმოჩნდა, თავი ცუდ დროს მიატრიალა და ფლამინგოს გამოსახულებიანი ჩუსტი პირდაპირ ცხვირზე მიეტყეპა.
- იდიოტო, ჩემი წიგნი ბესთესლერია!
დაუსისინა აჯაგრულმა. ამჯერად ელს გაეცინა. კანდელაკს ისე არაფერი აცოფებდა, როგორც მისი ნამუშევრების არასათანადოდ დაფასება. თავი გააქნია და წამოდგა.
- არაა თქვენგან ხეირი, არა - ხელი ჩაიქნია და აბაზანას მიაშურა - ჩემით შევისწორებ, არ მჭირდებით.
აბაზანის კარს რომ იხურავდა შუკვანი და კანდელაკი ჯერ კიდევ კინკლაობდნენ. შავი სვეტერი თავიდან გადაიძრო და სანამ სარეცხის კალათში მოისროდა შეამჩნია, რომ იდაყვთან გამომწვარი ჰქონდა. გასარეცხებში ჩაგდება გადაიფიქრა, იქვე მიაგდო მოგვიანებით მოვისვრი სანაგვეშიო. კიდევ კარგი ირაკლისთან შხაპი მიიღო, თორემ დამწვრის სუნს აცულებლად იკრავდნენ და ასე სიცილი-ხითხითით არ შეხვდებოდნენ უკან დაბრუნებულს.
წარბშეკრულმა დანარჩენ ტანსაცმელზე დაიხედა რაც ჯერ კიდევ ტანზე ეცვა, კიდევ რამე ხომ არ დამეწვაო, მაგრამ მოკლემკლავიანი შავი მაისური და ამავე ფერის ჯინსის შარვალი უვნებლად გამოიყურებოდა. სარკეს მიუახლოვდა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. წარბები მაღლა გაექცა. ახლა გასაგები იყო, რატომ ფხუკუნებდა ანჯაფარიძე თავშეკავებულად. ირაკლის მისი მუდამ გრძელი და სწორი თმა საახალწლო ნაძვისხესავით აეღიჯნა. გაშტრიკინებული ბოლოები მართლაც ეზოს ცოცხს მიუგავდა.
- კიდევ მოგინდება ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, დამაცადე!
დაიქადნა გაღიზიანებულმა და პირსაბანის ქვედა უჯრიდან მაკრატელი გამოაძვრინა. საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორა, თმის ერთი ზოლი თითებით გამოაცალკევა და უყოყმანოდ მიუშვირა მაკრატელი. აბაზანაში ლითონის ყრუ ჩხაკუნი ისმოდა, პარალელურად კი გრძელი შავი თმის ღერები ფარფატით ეცემოდნენ კანდელაკის იდეალურად გაპრიალებულ რძისფერ ფილებს.
საქმეს თითქმის ბოლომდე მორჩა. ყორანივით შავი თმა, რომელიც მანამდე წელამდე სწვდებოდა ახლა მხრებს გაჭირვებით სცდებოდა. თანაბრად შესწორება მაინც ვერ შეძლო, მაგრამ ხელი ჩაიქნია. მისთვის გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უსწორმასწორო თმის ბოლოები რა მოსატანი იყო, იმასთან რაც სარკიდან უყურებდა? სახის ნახევარ ნაწილს გრძელ ზოლად გასდევდა კარგა ხნის წინ შეხორცებული იარა. თითქოს პანტერას ჩამოეკაწროს ცალი ბრჭყალით. უშხვანის გამოცდილი და ნატიფი ხელები რომ არა, ჭრილობა უფრო მახინჯად შეუხორცდებოდა.
სარკასტრული და იმავდროულად შემზარავი იყო იმაზე ფიქრი, რომ სწორედ იმ ხელებმა უმკურნალეს, რომლებმაც არაერთს გადაუხსნეს გულმკერდი ბასრი დანის პირით. თავი გააქნია და თვალები აახამხამა. ძირს დაიხედა და თვალი მოავლო თმებით მოფენილ იატაკს. მაშინვე აქანდაზს წამოავლო ხელი და დასუფთავებას შეუდგა, სანამ კანდელაკი წირვას გამოუყვანდა. სწორედ ამ დრო კარზე მოუკაკუნეს და აბაზანაში შუკვანმა შემოყო თავი.სავანელს რომ შეავლო თვალი, შიგნით შემოვიდა და კარი ზურგსუკან მიხურა.
- მოდი, დაგეხმარები.
სარეცხის მანქანაზე შემოდებულ მაკრატელს მისწვდა, ზურგით თავისკენ შეაბრუნა და უსწორმასწორო ბოლოების შესწორებას შეუდგა. უხმოდ და ყურადღებით მუშაობდა. წარბშეკრულს მთელი ყურადღება თმაზე ჰქონდა გადატანილი. ლითონი ისევ ყრუდ ჩხაკუნებდა. იატაკს კი წვრილი ღინღლები ეფინებოდნენ. ელი სარკეში მისჩერებოდა შუკვანის პროფილს.
რამდენი რამის თქმა უნდოდა მისთვის. უნდა სცოდნოდა, რომ მამამისი ახლოს იყო და ყველანაირად ცდილობდა შვილის დაცვას. უნდა სცოდნოდა, რომ არ იყო ისეთი ცუდი ადამიანი, როგორც ყოველთვის მიაჩნდა კიტას. ბევრი შეცდომა დაუშვა და უამრავი არასწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ირაკლი არასოდეს აღმართავდა ხელს საკუთარ შვილზე. არასოდეს ავნებდა გამიზნულად, როგორც ეს სულამ გაუკეთა ელს. სამ წლიანმა ნაცნობობამ საშუალება მისცა უკეთ გაეცნო ახლო მეგობრის მამა. მშვენივრად მოეხსენებოდა მისი ბნელი წარსულის შესახებ, იცოდა რატომ მიატოვა ოჯახი, ისიც კი გაიგო, რომ კიტას გარდა, კიდევ ჰყავდა უფროსი ვაჟი.
უსამართლობა იყო, რომ კიტამ არაფერი იცოდა ოჯახის შესახებ, მაგრამ ერთ დღეს გაიგებდა, გაიგებდა და მთელი გულით შეიძულებდა ელს სიმართლის დამალვისთვის. ყელში ბურთი მოაწვა. ველურმა შიშმა მოუწამლა ვენები. დადგებოდა დღე, როცა შუკვანი ზურგს აქცევდა და არა მხოლოდ მისი ოჯახის საიდუმლოს შენახვისთვის... დადგებოდა დღე, როცა მასთან ბოლომდე გულწრფელი იქნებოდა, მერე კი ყველაფერი თავისით მოხდებოდა. ლიზაც და კიტაც ზურგს აქცევდნენ, რადგან ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მათ ადგილზე სწორედ ასე მოიქცეოდა.
- ეგ არის...
შუკვანი წელში გაიმართა და ღიმილით შეხედა სარკეში სავანელის გამოსახულებას, მაგრამ ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან, როცა გოგონას თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლები შეამჩნია.
- ელ? - თავისკენ შეაბრუნა და ყურადღებით შეხედა მეგობარს - რა გჭირს? ასე ცუდიც არ არის შენი ვარცხნილობა, მხოლოდ ვხუმრობდით.
ელმა თავი გააქნია და სწრაფად შეიმშრალა თვალები, ნეტავ მისი სადარდებელი მართლაც სულელური ვარცხნილობა ყოფილიყო და მეტი არაფერი - ყველაფერს დათმობდა ამისთვის.
- ეი, - ნიკაპში თითი ამოსდო და თავი ააწევინა - შემომხედე, რამე მოხდა?
- ერთ კვირაში ახალი წელი ახლოვდება... - წამოსცდა დაუფიქრებლად.
- შენებთან შეხვედრა გინდა? - იკითხა იმედით.
- არა. - მიუგო ცივად და სახე მოარიდა - თავიდან არ დაიწყო, კიტა. არ მინდა ამაზე საუბარი.
- გასაგებია, კარგი, - მკლავებზე ხელები ჩამოუსვა დასამშვიდებლად - მაშინ, რაშია საქმე?
სავანელმა ცოტა არ იყოს მორიდებით ახედა შუკვანს. ამის ასე თქმას არ აპირებდა, მაგრამ კუთხეში მიიმწყვიდა და სანამ შესაბამის პასუხს არ მიიღებდა, არ მოეშვებოდა.
- ვიცი, გინდოდა ბედობას სამივე ერთად შევხვედროდით, მაგრამ...
- მაგრამ... - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- ისიც კი არ ვიცი, ახალ წელს თქვენთან ერთად თუ ვიქნები, კიტა.
- აჰა...
ესღა თქვა, მაგრამ თვალები გაუცივდა. ყბაზე კი კუნთი სახიფათოდ აუთამაშდა. ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავით როგორ მოეშალა ნერვები.
- და მაინც სად აპირებ წასვლას?
- საქმე მაქვს.
- რომელიც ჩვენ არ გვეხება? - ჩაეკითხა სუსხიანი ხმით.
- რომელიც, არ მინდა რომ გეხებოდეთ, კიტა.
- შენ ისევ შენსას...
ხელი ჩაიქნია. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. გაღიზიანებულმა შიშველ წელზე დოინჯი შემოირტყა და წამით რძისფერ კაფელს დააცქერდა. საკუთარ თავს ებრძოდა, რომ არ აფეთქებულიყო. საფეთქელზე ამობერილი ძარღვი შესამჩნევად პულსირებდა.
- ყველაფერი მალე დასრულდება, - მიუგო ყრუდ.
- მართლა? - იკითხა ირონიულად და თავი ასწია - და ეს რას ნიშნავს, ელ? საახალწლო სიურპრიზს მიმზადებ, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება ისევ თავდაყირა უნდა დააყენოს?
სავანელს ტუჩები მოეკუმა, შუკვანის სიტყვები გულზე მოხვდა. მის მზერას ვეღარ გაუძლო და განზე გაიხედა. გრძნობდა როგორ უსივდებოდა მკერდში გული. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ასეთ ემოციურ წნეხს ვერ გაუძლებდა, მასში მთვლემარე მხეცი მილიონჯერ გამოანგრევდა ცოდვით აღმართულ „გისოსებს“, რომლსაც ქვეცნობიერში ყოველ დღე აშენებდა, მაგრამ თავის კონტროლი ისწავლა. რაც ფსიქიატრიულიდან თავი დააღწია და ახლო ადამიანები გვერდში ამოიყენა, იმის შიშით, რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა ქვეცნობიერს კონტროლი აიძულა.
თავადაც არ იცოდა ამას როგორ ახერხებდა, მაგრამ იმდენად იყო კონცენტრირებული იმ ფიქრზე, რომ კიტა და ლიზა მის გვერდით უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, შეძლო და მძინარე მხეცი „გალიაში“ გამოამწყვდია. შეაკავა, დააბრმავა და დააყრუა, თუმცა არსად გამქრალა და არც არასდროს გაქრებოდა მისი სულიდან. შეეგუა ამ აზრს და მასთან ერთად ცხოვრებაც ისწავლა.
კიტა გააფთრებული ელოდა პასუხს, სავანელი კი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. არ უნდოდა პირი გაეღო და მორიგი ტყუილი ეთქვა. სიმართლეს კი ვერაფრით გაუმხელდა. საქმე ჰქონდა. გეგმას, რომელიც უშხვანთან ერთად შეიმუშავა, მალე სისრულეში მოიყვანდნენ და ეს ერთი დიდი კოშმარიც დასრულდებოდა. შუკვანს მოთმინების ფიალა ამოეწურა. ერთ ნაბიჯში დაფარა ორ შორის მანძილი და ძლიერი ხელი კისერზე შემოხვია სავანელს.
- რას აპირებ, ელ? ისევ უნდა გამექცე? - იკითხა ნერვიული ჩურჩულით. მის სუნთქვას ბაგეებზე გრძნობდა.
- კიტა...
- ისევ გინდა მარტო დამტოვო? არ მომატყუო, შენს თვალებში ყველაფერს ვკითხულობ, კარგს არაფერს გეგმავ. მე კი ჩუმად ყოფნა ძალიან მომბეზრდა!
- მინდა რომ თავისუფალი იყო, მინდა რომ ნორმალური ცხოვრებით იცხოვრო. - ხმა ჩაეხლიჩა.
- რას გადაეკიდე, ამ ნორმალურ ცხოვრებას? - მსუბუქად შეანჯღრია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, მის ზურმუხტისფერ სფეროებში საკუთარ ანარეკლს ხედავდა - არ მჭირდება ნორმალური ცხოვრება. მინდა, ბედობას და შობას ჩემთან ერთად შეხვდე. მინდა, ყოველ დღეს ჩემთან ერთად შეხვდე. ბევრს ვითხოვ? ხმას არ ვიღებ, როცა მთელი დღე სადღაც უჩინარდები. სპეციალურად არ გამოგყოლივარ უკან, გამეგო რას ხლართავ. იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს დუმილს პატივს ვცემ. არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ჩემ ადგილზე ამას არ იზამდა, მე კი ისევ ბრმად გენდობი. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყოველ ნაბიჯში საპირისპიროს მაჩვენებ. წლების შემდეგ ისევ აქ ვდგავარ, შენ წინ და მხოლოდ ერთს გთხოვ, რომ ჩემ გვერდით დარჩე. ასეთი რთულია, ამ თხოვნის შესრულება? მიპასუხე!
წაიღრინა და ისევ მსუბუქად დაქაჩა თავისკენ. ელს მის სიტყვებზე კონცენტრირება უჭირდა, შუკვანის ბრაზიც ვერ ახერხებდა მზერა მისი ბაგეებისთვის მოეშორებინა. იმდენად ახლოს იდგა, სვანის სახეზე უფერულ ჭორფლებსაც კი ამჩნევდა. თითები აეწვა. გულმა ძლიერად მისცხო ნეკნებს. ძარღვებს მოდებულმა ადრენალინმა გონიერებას წამში დაუხუჭა თვალები. ორგანიზმა იქამდე იმოქმედა, ვიდრე ტვინი მის შეჩერებას მოასწრებდა.
მარჯვენა ხელი კისერზე შემოხვია აღრენილს და მსხვილ ბაგეებზე დაეწაფა. შუკვანის გაოცება, წამში ჩაანაცვლა ვნებამ. ბრაზი გადაავიწყდა და უყოყმანოდ უპასუხა. სავანელმა პირველად გამოიჩინა ინიციატივა! სვანს გული ლამის საბუდიდან ამოხტომოდა. არც კი იცოდა, როგორ ენატრებოდა მასთან სიახლოვე, მხოლოდ ახლა გაიაზრა, როცა ვარდისფერი ბაგეები თავდავიწყებით კოცნიდნენ და უკვირდა კიდეც, როგორ ახერხებდა მთელი ეს დრო თავის შეკავებას. როგორ ახერხებდა სავანელის გვერდით მშვიდად ჯდომას და თავის მოჩვენებას, რომ მათ შორის არაფერი იყო მეგობრობაზე მეტი.
იმდენად კარგი მსახიობი აღმოჩნდა სავანელი, რომ შუკვანიც დააჯერა ამ ფარსში. ამიტომ ეცადა ემოციების სარანგიძეზე გადმონთხევას, მაგრამ როცა აბაზანაში სხვა ქალს შხაპის ქვეშ კოცნიდა იმის მეასედსაც კი არ განიცდიდა, რასაც ახლა. ძარღვებში სისხლი აუდუღდა. კანი ისე გაუხურდა, მის შიშველ მკერდზე მიკრულ სავანელს თხელ მაისურში დასცხა. პატარა სხეული ისე ძლიერად მოემწყვდია მკლავებში, თითქოს სამყაროსთვის ცდილობდა თქმას, რომ არავის და არაფერს დაუთმობდა, ადამიანს ვისითაც სუნთქავდა, ვინც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა - უაზროდ, უსაზღვროდ, ტკივილამდე.
დიდი ხნის შემდეგ ფილტვებს ისევ მისწვდათ ნანატრი ჟანგბადი, ცხოვრებას ისევ მიეცა აზრი, ნაცრისფერმა სამყარომ ფერები დაიბრუნა, ჭრელ-ჭრელი და მომხიბვლელი. სულში იმედმა გამოიღვიძა, რომელიც დიდი ხნის მკვდარი ეგონა. გრძნობამორეულმა სავანელი ხელში აიტაცა და სარეცხის მანქანაზე შემოსვა. არ ადარდებდა, რომ მეორე ოთახში კანდელაკი იჯდა და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა კარი შემოეღო. არაფერი ადარდებდა ბედნიერებით გაბერილს - ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა, რომ სავანელი არ იყო მისდამი გულგრილი.
არ იყო, ვერ იქნებოდა. ასე ვერასდროს აკოცებდა ადამიანს ვინც არ უყვარდა, ასეთი ვნებით ვერასდროს შეეხებოდნენ ქალის თითები მამაკაცის სხეულს. ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. მაშინაც კი, როცა ამ გრძნობის მნიშვნელობა არცერთს არ ესმოდა. მათი ყოველდღიური ცხოვრება თვითგადარჩენის პრინციპზე იყო აგებული.
პატარა ზურგით იცავდნენ ერთმანეთს, როგორც შეეძლოთ, როგორც ახერხებდნენ, მაგრამ როცა წამოიზარდნენ და კინაღამ ერთმანეთი სამუდამოდ დაკარგეს, მანამდე მათთვის შეუმჩნეველმა გრძნობამ ბოლოს და ბოლოს თვალი აახილა. ფეიერვერკივით იფეთქა ორის სხეულში და ორი ნახევარი, ერთ მთლიანობად აქცია.
- მიყვარხარ, ელ... - უჩურჩულა გოგონას ტუჩებზე მიწებებულმა, გულაძგერებული მძიმედ სუნთქავდა. - სიგიჟემდე მიყვარხარ!
სავანელს სვანის ვნებიანი ალერსისგან ტუჩები შესიებოდა, გული გამალებით უცემდა და კიტას თვალებში უყურებდა.
- ვიცი რომ იგივეს გრძნობ, ამას შენს თვალებში ვხედავ, - შუკვანი ისევ მის ბაგეებზე აგრძელებდა ჩურჩულს და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ტუჩებს ნაზად ულოკავდა - მომეცი საშუალება დაჩვენო, რომ შენი შიშები უსაფუძვლოა.
ცხელმა ბაგეებმა ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლეს და აუჩქარებლად ჩაუყვნენ მკერდის ღარს. სავანელს შუკვანის შიშველ წელზე შემოხვეული თითები მოეკუნჩხა და უნებურად მწარედ დაკაწრა. აგზნებულმა ხელი უშვა აცახცახებულს. მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და შიგნიდან გადაკეტა. ისევ სავანელთან გაჩნდა და სანამ გააზრებას მოასწრებდა მოკლემკლავიანი თხელი მაისური თბილი სხეულიდან მოაშორა.
კანდელაკს საკეტის ჩხაკუნზე ჩაეღიმა. კოხტა წარბები მაღლა აწკიპა და თავი სიცილით გააქნია. გვერდით გადადებული ფუმფულაბალიშიანი ყურსასმენები ღიღინით მოირგო, მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია და წერა განაგრძო...


*******
2020 წელი, თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავზე, იგივე დღე, 00:01 წთ, თბილისი.
შორენა შეროზია შეფიქრიანებული გაჰყურებდა მძინარე თბილისს. ერთი თვე ისე გასულიყო კახაძე თვალით აღარ უნახავს, აღელვებდა საყვარლის გაუჩინარება, მაგრამ მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მის დროებით გაქრობებს მიჩვეული იყო. საერთო მეგობრები და ნაცნობები არ ჰყავდათ, რომ ვინმესთან მოეკითხა. კახაძეს ოჯახი არ ჰყავდა, მხოლოდ საშიში ხალხი ეხვია გარშემო, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობდნენ და უფროსის ბრძანებებს თვალდახუჭული ასრულებდნენ, ბოლო დროს კი შორენასიც, რაც უზარმაზარ სიამოვნებას ჰგვრიდა შეროზიას!
იმდენად იყო „მაფიის დედოფლის“ როლით დაკავებული და დაბრმავებული ცხვირის იქით რა ხდებოდა ვერ ამჩნევდა. ასე გამორჩა კახაძის გაუჩინარებით აციმციმებული პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი. ჯერჯერობით არ ნერვიულობდა, ისევ დალოდება ამჯობინა, თავისით გამოჩნდებაო. ამასობაში მის დატოვებულ დანაბარებს პირნათლად ასრულებდა - ანჯაფარიძე მუჭში ჰყავდა მომწყვდეული.
ნუ, კარგი, შეიძლება ცოტა ზედმეტი მოუვიდა, სვანისთვის სახლი არ უნდა გადაეწვა, მაგრამ გააცოფა ანჯაფარიძის თავხედობამ. ზარებს არ პასუხობდა, მის გაფრთხილებას აიგნორებდა, ბოლოს მიგზავნილი კაცი კი, თავგაჩეხილი უპატრონოდ მიაგდო ქუჩაში. რაც მხოლოდ და მხოლოდ ქალის „უპატივცემულობაზე“ მიანიშნებდა. ბუნებრივია, რომ შორენამ შეახსენა ვისთან ჰქონდა საქმე. აბა, რა რეაქციას ელოდა? კარზე დაუკაკუნებდა და ტბილად სთხოვდა ერთი ადგილის განძრევას?
ქალს ყველაზე მეტად ის აცოფებდა, რომ ანჯაფარიძე მას არასოდეს აღიქვამდა სერიოზულად, მის საუბარს მუდამ დამცინავად ისმენდა და ზემოდან უყურებდა რასაც წყობიდან გამოჰყავდა. სვანს მხოლოდ შეროზიას საყვარლის, კახაძის რიდი ჰქონდა, ჰოდა ძალიანაც ცდებოდა, რომ მისი იგნორი გაბედა და სათანადოდ ვერ შეაფასა.
ჭკუა ასწავლა, აჩვენა სად იყო მისი ადგილი, რომ არ აპატიებდა ყურის მოყრუებას. აღარავის აღარასდროს მისცემდა უფლებას ვინმეს მისთვის ზემოდან ეყურებინა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა აბუჩად იგდებდნენ ოჯახსა და სკოლაში, მოგვიანებით კი სამსახურშიც. აღარ იყო პატარა და დაუცველი გოგო, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაზე ოცნებობდა. ახლა გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდა, რომელიც ზურგს უმაგრებდა და შეეძლო ტარაკანივით გაესრისა ყველა შემხვედრი, ვინც უდიერად მოპყრობას გაბედავდა.
სწორედ ამიტომ გადადგა ასეთი რადიკალური ნაბიჯი და ანჯაფარიძის მოთვინიერება სცადა. ჯერ სად იყო... დაუმტკიცებდა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირდა! აუჩქარებლად დახედა მაჯის საათს, სვანი ხუთ წუთში უნდა გამოჩენილიყო შეხვედრის ადგილზე, ერთ წამსაც არ მოიცდიდა. თუ ისევ გაბედავდა მის იგნორს, ამჯერად მეორე დარტყმას მიაყენებდა, გაცილებით მწარეს და მტკივნეულს, რის შემდეგადაც წელში ვეღარასდროს გაიმართებოდ!
სისხლივით წითელი ბაგეების კუთხეში ცბიერი ღიმილი გაეპარათ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი ძლიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო, სხვაგვარად როგორ გაუმკლავდებოდა ამდენ გიჟს, ერთ ადგილას შეყრილს? - უყვარდა საკუთარ თავზე ასეთი კუთხით ფიქრი, ყელი მოიღერა ამაყად.
დეკემბრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა და ბეწვიანი ლაბადის კალთები აუფრიალა. უზადო ვარცხნილობა სრულიად უმიზეზოდ შეისწორა, რადგან ზედმეტი გელისგან გადატკეპნილი თმიდან არცერთ ღინღლს არ უცდია ადგილიდან დაძვრა. მაღლა აწეული კოსა ისე მჭიდროდ შეეკრა და დაემაგრებინა, თითქოს აღარასდროს აპირებდა თმის ჩამოშლას. სახურავის მსუბუქი განათების შუქზე თვალისმომჭრელად უბზინავდა უზადო ვარცხნილობა.
ის იყო ბოლოჯერ გადაწყვიტა საათის შემოწმება, რომ ზურგსუკან მამაკაცის სწრაფი ნაბიჯების ხმა შემოესმა. მოვიდა! აბა რას იზამდა?! წითელი საცხით მოხატული ტუჩები კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო და აუჩქარებლად შეტრიალდა. ენით აუწერელი სიამოვნება იგრძნო, როცა შენიშნა რომ ანჯაფარიძე აწყვეტილი ხარივით მოიწევდა ქალისკენ. სიბრაზისგან ნესტოები დაბეროდა.
- გააფრინე? - უღრიალა გაცოფებულმა - არანორმალურო, ძუკნა! როგორ გაბედე?! როგორ გაბედე, სახლისთვის ცეცხლის წაკიდება?!
- სიტყვები შეარჩიე, ივა. სანამ სანანებელი გაგიხდა.
იუკადრისა ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა და ისევ უაზროდ შეისწორა საფლავის ქვასავით მტკიცე ვარცხნილობა. ანჯაფარიძე წინ მდგომთან ერთ ნაბიჯში შეჩერდა. ისე ქშინავდა, სადაც იყო ცეცხლს გამოაფრქვევდა პირიდან.
- გაჩვენე ჩემს არასათანადოდ შეფასებას რა მოჰყვება. ეს უბრალოდ გაფრთხილება იყო და მეტი არაფერი, - განაგრძო აუჩქარებლად, თან გესლიანად უღიმოდა - სხვა დროს ასე აღარ გაგიმართლებს.
- მემუქრები? - აიფხორა სვანი.
შორენამ ძირს დაიხედა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ანჯაფარიძეს. ნელა აატარა მზერა მამაკაცის ძლიერ სხეულს და მზერა ბრაზით აბრიალებულ სარდიონებზე შეაჩერა.
- ისევ არასწორად გამიგე, ივა, - წაიჩურჩულა საშინლად თვითკმაყოფილმა - გეუბნები რა მოელის შენს ოჯახს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ძალიან გინდა იხილო, პატარა ალექსი როგორ იწვ...
ამჯერად მართლა ზედმეტი მოუვიდა. შეროზია მძაფრსიუჟეტიანმა ფილმებმა, სადაც „ბოსი“ ქალები მარტივად უმკლავდებიან ორი ზომით მათზე ძლიერ მამაკაცებს მხოლოდ მუქარით, შეცდომაში შეიყვანეს - შეროზიამ სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან თვალებგადმოკარკლულმა ანჯაფარიძემ ღონიერი მარჯვენა ყელში წაუჭირა და თითები ისე ძლიერ შემოაჭდო შორენას წარმოუთქმელი ბგერები ხახაშივე ჩაუხრჩო.
- ჩემს შვილზე საუბარი არ გაბედო! - წაისისინა ავად.
შორენამ ფართხალი დაიწყო და ხელები უმწეოდ აასავსავა, მაგრამ სვანი მასზე გაცილებით მაღალი იყო და შანსიც კი არ ჰქონდა ფრჩხილი მაინც გაეკრა. ტანზე რომ ვერ მისწვდა მარჯვენას წაეტანა, რომელიც ნელ-ნელა ახრჩობდა და დაკაწვრა სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ანჯაფარიძეს ტყავის ხელთათმანები ეკეთა. ხიფათის მომასწავებელი დეტალი არც კი შეუმჩნევია, ისე ხარობდა კაცის გაგიჟებით. ცოტა მეტი ტვინი, რომ ჰქონოდა თავში ვიდრე ამბიცია, იქნებ მიმხვდარიყო რომ მაღალსართულიანი შენობის სახურავზე დათქმული შეხვედრა კარგს არაფერს მოასწავებდა? იქნებ ეჭვი შეპარვოდა, რომ წყობიდან გამოსული სვანი ასეთ საქციელს უბრალოდ არ აპატიებდა? ზედმეტად სწამდა კახაძის გავლენის. ეგონა შიშით თითს ვერავიინ დააკარებდა. შეცდომა კი საბედისწერო აღმოჩნდა.
ნელ-ნელა სიწითლე სილურჯეში გადაუვიდა, ხელებსაც ვეღარ იქნევდა ისე გამეტებით. ცოტაც და გაგუდავდნენ. ანჯაფარიძემ თითები ოდნავ შეუშვა, რომ სიკვდილის უფლება არ მიეცა და რა წამსაც შორენამ ნანატრი ჟანგბადი ხროტინით ჩაუშვა ფილტვებში სვანი ქალის უმწეო სხეულისკენ დაიხარა და ყურში ღვარძლით ჩასჩურჩულა.
- ეგღა მაკლია, ვიღაც კახპას სიტყვაზე ვიხტუნაო! მთელი ეს დრო გაიგნორებდი, რადგან ჩემთვის არაფერს წარმოადგენ! ჩვეულებრივი მეძავი ხარ, რომელსაც უბრალოდ ხმარობენ! დღეს კი ზედმეტი მოგივიდა. ჩემი დის ოთახი განადგურდა. ჩემი ყურადღების მიქცევა გინდოდა? გამოგივიდა!
უსისინა შხამიანი გველივით. შორენას შიშისგან თვალები გაუფართოვდა, როცა ანჯაფარიძემ წიწილივით წაათრია მოაჯირისკენ და ძლიერად მიახეთქა ბეტონის დაბალ კედელს.
- დაუფიქრებელი, ამპარტავანი, უტვინო ძუკნა!
ყოველ სიტყვაზე მწარედ ახლიდა ბეტონის მოაჯირს. შორენას ტკივილისგან ყრუ კვნესა ამოსდიოდა ყელიდან. ლამის წელში გადატეხა.
- სანამ ჯოჯოხეთს მიაღწევ, გზაში საკუთარ საქციელზე დაფიქრდი. ნამდვილად გიღირდა, ჩემი გამოწვევა?
მიუგდო ღვარძლით და უყოყმანოდ უბიძგა უკან. შეროზია თავის ბეწვიან ლაბადასთან ერთად ბნელში გაფრინდა. ქალის ხავილის მსგავსი კივილი დაგვიანებით გაისმა, თითქოს ტვინმა გვიან გაიაზრა სასიკვდილო საფრთხეო. სახეშეშლილი სვანი თვალს ადევნებდა, როგორი სისწრაფით უახლოვდებოდა დასალეწად განწირული სხეული ასფალტს და ტუჩები ზიზღით მოღრეცოდა.
სულ რაღაც სამ წამში შორენა ყრუ ბრაგვანით დაასკდა ასფალტს და გარშემო ყველაფერი, რასაც კი მისწვდა, სისხლით მოწუწა. გამვლელს ცხვირ-პირში შეეშხეფა, თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, მაგრამ მის წინ გვამი რომ დაინახა საზამთროსავით შუაზე გადახსნილი შემზარავად იკივლა.
ანჯაფარიძემ ყოველი შემთხვევისთვის მიმოიხედა, დარწმუნდა რომ სახურავზე მის გარდა არავინ იყო. არავის არაფერი დაუნახავს. ქურთუკის საყელო შეისწორა და ცივი მზერით მიაშურა გასასვლელს. ირაკლი შუკვანი, რომელიც მთელი ეს დრო გასასვლელის კარს ამოფარებული შორიდან ადევნებდა თვალს სანახაობას, მაშინვე დაფაცურდა. სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე, სანამ ანჯაფარიძე ადგილზე გამოიჭერდა. სვანმა სახურავზე გასასვლელი კარი შემოაღო და საუბედუროდ თვალი შეასწრო ლანდს, რომელიც იმ წამს გაუჩინარდა საევაკუაციო გასასვლელში. გაბოროტებულს ყბაზე კუნთი დაეჭიმა...


*******
2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, იგივე დღე 00:02 წთ, თბილისი.
საძინებელში, გადაწეული ფარდებიდან სავსე მთვარის ვერცხლისფერი შუქი აღწევდა და ოთახს სუსტად ანათებდა. მხართეძოზე წამოწოლილი შუკვანი ნაზად ეალერსებოდა სავანელს შიშველ ფეხებზე. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე ადგილი არ დაუტოვა უკოცნელი, მაინც ვერ იჯერებდა, რომ რაც მათ შორის მოხდა რეალობა იყო და არა სიზმარი.
მოიხარა, თბილი ბაგეები მუცელზე მიაკრო და ნაზი კოცნით აუყვა მაღლა, მკერდის ღარს ასცდა, ნიკაპზე მიეალერსა და საბოლოოდ ტუჩებზე დააკვდა. მარჯვენა ხელი ფეხის მოსახრელში ამოსდო და გოგონას კიდური წელზე შემოიდო. ტკბილად უკოცნიდა ბაგეებს, თითის ბალიშები კი თეძოზე დასრიალებდნენ.
იმდენად დაუჯერებელი, მოულოდნელი და ჯადოსნური იყო მომენტი ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ერთმანეთით ტკბებოდნენ და ყოველ წარმოუთქმელ თბილ სიტყვას კოცნად აკრავდნენ ერთმანეთს სხეულზე. არ იყო საჭირო სიტყვები და დაპირებები, სვანის მზერაში ყველაფერს კითხულობდა. უცნაური იყო, იმის გააზრება რომ მეორედ მოსვლას უფრო მარტივად წარმოიდგენდა, ვიდრე იმას რომ ოდესმე შუკვანის მკლავებში აღმოჩნდებოდა ისე, როგორც ახლა და თავს უცხოდ კი არ იგრძნობდა, პირიქით - სამყაროში დაკარგული, თავის ადგილს იპოვიდა.
შუკვანი მისთვის უახლოესი მეგობარი და მყარი საყრდენი იყო, იმ მთვარიან ღამეს კი მასში სხვა მხარე დაინახა, აღმოაჩინა რომ ისე ანთებდა როგორც არავინ. არასდროს მამაკაცის მიმართ მსგავსი არაფერი უგრძვნია. არასდროს არავინ არ ყოფილა ისეთი მიმზიდველი და მაცდური, როგორც შუკვანი, რომელიც ყელს უკოცნიდა და სიამოვნებისგან თავბრუსახვევდა. იმდენად ნაზი იყო, ფრთხილი და იმავდროულად ვნებიანი გაბრუებული გაუცნობიერებლად ჰყვებოდა ალერსში.
- სრულყოფილი ხარ, იდეალური... - ყურში ეჩურჩულებოდა სავანელს და ცხელი ბაგეებით უკოცნიდა კისერს.
- ოკულისტთან ვიზიტი არ გაწყენდა, შუკვანო.
ჩუმად გაეცინა ელს. სვანმა საპასუხოდ უკანალზე უჩქმიტა. მშვენივრად ხვდებოდა რა იგულისხმა გოგონამ. ცხვირით ააწევინა თავი და მთვარის შუქზე სახის მარცხენა მხარეს შეავლო თვალი.
- მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ისტორია აქვს, მე მაინც მომწონს, უფრო სექსუალურს გაჩენს. - ჩაეღიმა ეშმაკურად და ნაიარევზე აკოცა.
- სიყვარული მართლა ადებილებს, თურმე. - წარბები მაღლა გაექცა.
- მართლა გეუბნები, - სერიოზულად გაუსწორა თვალი - არასდროს მითქვამს, რადგან არ მინდოდა ცუდად გაგეგო, მაგრამ მე მომწონს. მეც მაქვს მსგავსი ნაიარევი, დაგავიწყდა?
ბავშვობაში დედის მიერი გაჩეხილი წარბი შეათამაშა. ელმა ნაზად გადაუსვა თითები, კარგა ხნის შეხორცებულ იარაზე.
- შენ გიხდება, მე კი ფრანკეშტეინს მამსგავსებს.
- „ადამს“ შენ უკვე გაქვს შენი პირადი ზედმეტსახელი და ძალიან გთხოვ სხვას ნუ ეპოტინები, - წელზე მოხვია ხელი და გულმკერდზე გადაიგორა - და ეგ ზედმეტსახელიც მშვენიერი გარეგნობის გამო კი არა, ხასიათის გამო დაიმსახურე.
თვალი ჩაუკრა ეშმაკურად, კისეზე ხელი მოხვია და თავისკენ დაქაჩა, რომ ბაგეებს მისწვდომოდა. ელს სიცილი წასკდა.
- ხასიათის? - ამოიჩურჩულა შუკვანის ტუჩებზე მიწებებულმა.
- რა გაგიკვირდა, პირველად გესმის? - ქვედა ტუჩზე უკბინა - კლასში ყველას ეშინოდა შენი.
- აი, თურმე თაყვანისმცემლები, რატომ არასდროს მყავდა. - ისევ გაეცინა.
- ამიტომ შევინარჩუნეთ მრავალი წელი მეგობრული ურთიერთობა, თორემ მე რომ პატარაობიდანვე ეჭვიანობა დამეწყო, კაცმა არ იცის ახლა სად ვიქნებოდით.
ერთმანეთს თვალი გაუსწორეს და ერთდროულად წასკდათ სიცილი.
- იდიოტი ხარ.
მიუგო ელმა და სვანის სხეულზე მოხერხებულად შესწორა. შუკვანს ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორეთი კი ლოყაზე ეფერებოდა გულზე დაწვენილს.
- მართალი ხარ, - მიუგო ხმადაბლა, გრძნობამორეულს ზურმუხტისფერი თვალები მთვარის შუქზე უბზინავდა - აბა, რომელი ჭკვიანი არ გამოგიტყდებოდა გრძნობებში აქამდე? პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი, ელ. დღემდე მახსოვს რა გეცვა.
- რას ბოდავ, სვანო?
მოგონებებში გაჭრილი თბილი ღიმილით ეალერსებოდა გოგონას ლოყაზე.
- სულ პატარა იყავი, ექვსი წლის. ახალი გადმოსულები იყავით მესხეთის ქუჩაზე. სატყეოს ეზოში მარტოს გიყვარდა თამაში. არასოდეს მინახიხარ ბავშვებთან ერთად.
- თანატოლებთან საერთო ენას ვერასოდეს ვპოულობდი, - ჩაეღიმა.
- კაბების ჩაცმა არ გიყვარდა, გრძელი თმა რომ არა, ვიფიქრებდი, რომ ბიჭი იყავი. - ახითხითდა შუკვანი.
- დღემდე არ მიყვარს, - სავანელსაც გაეცინა.
- მაგრამ იმ დღეს გეცვა, როცა პირველად დამელაპარაკე, გახსოვს? - თვალებში სითბო ჩაუდგა - თეთრი სარაფანი გეცვა, პაწაწინა იებით გაწყობილი. თავზე კი ყვავილების გვირგვინი გეკეთა. მაშინ პირველად შევამჩნიე, რომ მართლა გოგო იყავი.
ელს ნათლიამისის უმცროსი ვაჟის დაბადების დღე მოაგონდა. გურანდამ ძალით დაისვა და დიდი ხნის ნანატრ სამოსში გამობზიკა თოჯინასავით. უხ, როგორ არ უნდოდა ასე სადმე გამოჩენა, მაგრამ დედამ დაიჟინა - უხერხულია, დედი იმდენი ხალხი იქნება, ერთხელ მაინც მომეცი საშუალება სხვებს ვაჩვენო, რომ ქალიშვილი მყავს და არა ვაჟიო. ელმა ჩაიფრუტუნა.
- არ გამახსენო! მთელი დღე ეკლებზე ვიჯექი. ერთი სული მქონდა როდის გავიხდიდი, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა გადავიფიქრე. სულამ დაბადების დღეზე ბლომად დალია და მოელანდა, რომ გურანდა ნათლიაჩემის ქმარს ეფლირტავებოდა. ავადმყოფი. იქ ხმა არ გაუღია, მაშინ ჯერ კიდევ აკონტროლებდა თავს, მაგრამ ვიცოდი, სახლში კონცერტებს გამართავდა. ამიტომ შინ დაბრუნებულმა ეზოში დარჩენა გადავწყვიტე.
- მახსოვს, საქანელაზე მარტო იჯექი და ტიროდი, - ჩაურთო შუკვანმა, ცერი ნაზად გადაუსვა თვალის კუთხეზე - გულმა არ მომითმინა და მოგიახლოვდი. რომ დამინახე, გაჩუმდი.
- იმიტომ, რომ ნახევარი სახე სისხლით გქონდა მოთხვრილი. შემეშინდა. - შუკვანის წარბზე გაჩენილ ღრმა იარას შეეხო.
- მაქმანიანი ცხვირსახოცი გამომიწოდე. მითხარი, შენ უფრო გჭირდებაო.
- მართლა გახსოვს.
- მახსოვს? - წარბები მაღლა აზიდა - მიდი, ტუმბოს ქვედა უჯრა გამოაღე.
ელმა უნდობლად შეხედა შუკვანს, მაგრამ სვანს ღიმილი არ მოშორებია ბაგეებიდან. საწოლზე გადაბობღდა და ის უჯრა გამოსწია, რომელზეც მიუთითეს. გაშრა, როცა ბეების მოქარგული მაქმანებიანი ცხვირსახოცი დაინახა, შავი ხავერდის ყუთში ლამაზად ჩაკეცილი. გაოცებულმა შუკვანს მოხედა.
- ჭრილობა ისე არ მტკიოდა, როგორც სოფოს სიტყვები, რაც ფეხებში მომაძახა სახლიდან გამოქცეულს. მძიმე ლოდებად მომთრავდა დედის ნათქვამი „არ უნდა გამეჩინეო“. მაგრამ საქანელაზე აცრემლებული რომ დაგინახე, საკუთარი ტკივილი გადამავიწყდა. დიდი, ლამაზი, შავი თვალები შემომანათე და სლუკუნი შეწყვიტე. შევამჩნიე, რომ შეგაშინე და უკან დახევას ვაპირებდი, მაგრამ ცხვირსახოცი გამომიწოდე - სისხლი მოგდისო, ვითომ მე ვერ ვგრძნობდი. - გაეცინა. ზურმუხტისფერ სფეროებს სევდა ჩაბუდებოდათ - მაშინ შემიყვარდი, ელ, პატარა ბავშვის გულწრფელი გრძნობით, რადგან შენს თვალებში საკუთარი თავი დავინახე. მძიმე ლოდები, რომელიც სატყეოს ეზომდე მომთრავდა შემიმსუბუქდნენ. გულმა კი სხვანაირად დამიწყო ძგერა. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა „ადამს“.
მხართეძოზე წამოწილილმა ელს კოჭში წაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა. ძლიერ მკლავებში მოიქცია და ბაგეებზე ტკბილად აკოცა.
- მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები.
უჩურჩულა გრძნობამორეულმა და ისევ მის ტუჩებს დააკვდებოდა, რომ არა ტელეფონზე ზარი, რომელმაც ორივე მწარე რეალობაში დააბრუნა. შუკვანს ურეკავდნენ.
- ოღონდ ახლა არა!
წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, სავანელს უხალისოდ უშვა ხელი. ტუმბოზე მიგდებულ სმართფონს გადასწვდა და ეკრანზე ბარბაქაძის ნომერს რომ მოჰკრა თვალი წარბშეკრული საწოლზე წამოჯდა. უპასუხა:
- რატომ მიმწარებ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ღამეს?! - ელმა ფერდში მისცხო.
- ქავთარაძეზე მკვლელობა მოხდა, - შეაწყვეტინა თანამშრომელმა - ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი, შორენა შეროზია, შენობის სახურავიდან გადმოაგდეს. მთელი ეკიპაჟი ადგილზეა, მალე მოდი.
- დამნაშავე? - დასერიოზულდა შუკვანი და სავანელის კოჭზე წავლებული ხელი მოუდუნდა.
- ადგილიდან მიიმალა. კორპუს კამერები არ აქვს, ქუჩაში მოგვიწევს წანწალი და მეზობელი შენობების მონიტორინგის შემოწმება. ქვეყანა საქმეა. თაბაგარიც კი წამოაგდეს საწოლიდან.
- უკვე გამოვდივარ. - უპასუხა და ტელეფონი გათიშა. ელიც წამოჯდა საწოლში.
- რა ხდება, კიტა?
- ფსიქიატრიული კლინიკის დირექოტრი მოკლეს, შენობის სახურავიდან გადმოაგდეს ქავთარაძეზე.
მიუგო პირქუშად, მაშინვე ადგა და ჩაცმა დაიწყო. ელს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. არა, არა, აუცილებელი ხომ არაა იმ ფსიქიატრიულზე იყოს საუბარი, სადაც თავად იყო გამომწყვდეული? ქალაქში ალბათ ბევრი ასეთი დაწესებულებაა. ნამდვიალად!
- ვინ იყო დირექტორი? - იკითხა ფრთხილად.
- ვინმე, შორენა შეროზია.
უპასუხა სვანმა, უკვე თბილ სვეტერს იცვამდა. ელს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა და დაბნეულმა თვალები დააცეცა. მოაგონდა წითელტუჩსაცხიანი სანიტარი, რომელიც სვავივით დაიძურწებოდა კლინიკის დერეფნებში, ქალი რომელიც სევერინის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი და ეჭვის ჭია შეუჩნდა - ვინ გააფრთხობინა სული? და რაც უფრო საინტერესო იყო რა მიზეზით? უშხვანი ვერ იქნებოდა, საერთოდ არ იყო საქართველოში.
- მაპატიე, უნდა წავიდე.
უკვე გამზადებული ისევ საწოლზე ჩამოჯდა და ელს კისერზე მოხვია ხელი, ტუჩებს შორის ენა შეუცურა და ვნებიანად აკოცა.
- დაიძინე, როგორც კი შევძლებ დავბრუნდები.
ბოლოჯერ მიეალერსა ბაგეებზე და წამოდგა. იარაღის ბუდეში პისტოლეტი შეისწორა და უკანმოუხედავად გავარდა ბინიდან. რა წამსაც შუკვანი თვალს მიეფარა. ელი მაშინვე წამოფრინდა. სწრაფად მოხვეტა ძირს დაყრილი ტანსაცმელი და ჩაცმა დაიწყო.
მერე ტელეფონს დაუწყო ძებნა და საწოლის ქვეშ მიგდებულს მიაგნო. მუხლებზე დამდგარმა ეკრანი აანთო და გული გადაუქანდა. ხუთმა გამოტოვებულმა სატელეფონო ზარმა წითლად შეანათა ირაკლი შუკვანის სახელით. ტელეფონზე ხმა მუდამ ჩაწეული ჰქონდა, როცა შინ ბრუნდებოდა, რომ ლიზას და შუკვანს არაფერი შეემჩნიათ.
იმწამსვე გადაურეკა. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. შეუძლებელია ტელეფონი ასე სწრაფად მოეშორებინა თავიდან, სულ რაღაც ათი წუთის წინ ჰქონდა დარეკილი. თან შუკვანი სმართფონს არასოდეს იშორებდა გვერდიდან. რაღაც მოხდა! მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რომ შეროზიას მკვლელობას ამასთან კავშირი ჰქონდა - შუკვანის ზარი სასწაულებრივად ემთხვეოდა პოლიციის ზარს.
ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და თავის საძინებელში გავარდა. სწრაფად შეიმოსმა თბილი ტანსაცმლით, თავზე კეპიანი ქუდი ჩამოიფხატა, კაპიუშონი გადმოიწია და ჰოლში გავარდა. სწრაფად ამოიცვა ზამთრის ფეხსაცმელები და კარი გაიხურა.


*******
2020 წელი, იგივე ღამე, ირაკლი შუკვანის ბინა, 00:55 წთ, თბილისი.
ელი გულამოვარდნილი არბოდა კიბეებზე. მეშვიდე სართულს რომ მიაღწია ბოლო საფეხურზევე გაქვავდა. ბინის კარი შეღებული დაეტოვებინათ. შუკვანი არასდროს ტოვებდა სახლის კარს ღიას! ზურგსუკნიდან იარაღი ამოიღო, ხელის გულზე მჭიდროდ მიიბჯინა ტარი და ფრთხილად გადადგა წინ ნაბიჯი. მხრით შეაღო კარი და შიგნით ფეხაკრეფით შეიპარა.
ბინაში ბნელოდა. ოთახებს უჩუმრად ჩამოუარა, მაგრამ სულიერი ვერსად დალანდა. სახლში სრული ქაოსი სუფევდა - ავეჯის უმეტესობა გადაეყირავებინათ, კომოდის გამოგლეჯილი უჯრები კი მთელს მისაღებ ოთახში მიმოეფანტათ. ვიღაცა რაღაცას ეძებდა, მაგრამ გულს ის უხეთქავდა, რომ შუკვანი არსად ჩანდა და კიდევ უფრო უარესი - ტელეფონს არ პასუხობდა. მისაღებ ოთახში შედგა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. სხვა გზა არ იყო, ტელეფონი ამოიღო და უშხვანს გადაურეკა. მეორე ზუმერზევე უპასუხეს.
- ელ? - მამაკაცის ხმაში გაკვირვება ამოიკითხა.
- შუკვანი გაქრა, - მიაყარა სწრაფად - მისი ბინა თავდაყირა დგას, ტელეფონზე ზარებს არ პასუხობს. მგონი დახმარება სჭირდება.
- ნამდვილად, ნამდვილად...
გაისმა შემპარავი ხმა შემოსასვლელი კარიდან. ელს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, ხმა იცნო. აუჩქარებლად შეტრიალდა უკან. მისაღები ოთახის ზღურბლზე ანჯაფარიძე იდგა, სავანელს იარაღს უმიზნებდა გულში.
- ელ? - მოემსა უშხვანის მკაცრი ხმა ყურმილიდან - რა ხდება?!
- პატივს დამდებ, შენს მეგობარს გავესაუბრო?
იკითხა წყნარად და თავით ტელეფონზე ანიშნა, თან მრავალმნიშვნელოვნად ასწია იარაღი ოდნავ მაღლა.
- ელ, მიაწოდე ტელეფონი! - გაისმა უშხვანის ცივი ხმა - გააკეთე რასაც გებნება!
როგორც ჩანს ყველაფერი ესმოდა და ხვდებოდა, როგორ სიტუაციაშიც ამოჰყო თავი, მაგრამ სავანელს ანჯაფარიძის მითითების შესრულება არც უფიქრია. უყოყმანოდ გაწყვიტა კავშირი. ტელეფონი ძირს დააგდო და წიხლი ჩააზილა. ანჯაფარიძეს სიბრაზისგან ყელზე ძარღვი გამოებერა. სავანელმა თავი ასწია.
- კრახი მართლაც მტკივნეული ყოფილა, - წამოიწყო მშვიდად - ისე არასდროს არავისში შევმცდარვარ, როგორც შენში.
სავანელმა ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ ანჯაფარიძემ გამაფრთხილებლად შეამართა იარაღი.
- მესვრი? - წაიღრინა და თავადაც ასწია მარჯვენა - იმისთვის გიხსენი სიკვდილისგან, რომ შენგან ტყვია მივიღო?
- შენ არაფერში მჭირდები, - წაისისინა თვალებანთებულმა - მე „ის“ მჭირდება და მივიღებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს!
თავი გაიქნია დამტვრეულ ტელეფონზე.
- რა გინდა მისგან? - შავი თვალები მტრულად წამოენთო.
- მითხარი ვინ არის და როგორ მოვძებნო, თორემ...
- თორემ რა, მომკლავ? სიკვდილით ვერ შემაშინებ, ივა. გაცილებით უარესი მინახავს ცხოვრებაში! გეკითხები და მიპასუხე, რა გინდა მისგან?!
- სწორად ვივარაუდე... ეს შენ ხარ, - ანჯაფარიძეს თვალები გაუფართოვდა - შენ საშველად გადმოხტა მდინარეში, ხომ ასეა? კი მაგრამ, რატომ? რაში აინტერესებ?
- ა? - ელს მოულოდნელობისგან ელდა ეცა - რას ბოდიალობ?
- ცხრა წლის წინ სხირტლაძის სანახავად ჩამოვედი ქალაქში, შემომაღამდა. ძალიან წვიმდა, ხილვადობა ჭირდა და მგზავრობა გადავიფიქრე. მანქანაში ვიცდიდი, როდის გადაიღებდა, რომ გზა გამეგრძელებინა და ხიდზე თვალი შევასწარი როგორ გადააგდო მოზარდი უცხო მამაკაცმა მტკვარში. მანქანიდან გადმოვედი, რომ მენახა რა ხდებოდა და დავინახე როგორ გადაეშვა კიდევ ერთი ადამიანი ადიდებულ წყალში. ძლიერმა დინებამ ორივე წაიღო, მაგრამ მაშველმა მოახერხა სხეულის ხელში მოგდება. ეს შენ იყავი... შენ გადმოგყვა მონარქი...
გაოცებულს ავადმყოფურად გაფართოებოდა თვალები. უცებ სიცილი წასკდა. არანორმალურის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
- არ მჯერა, - მარცხენა ხელი თავზე გადაისვა, მარჯვენათი ისევ იარაღს უმიზნებდა ყინულის ქანდაკებასავით გაშეშებულ სავანელს - საინფორმაციოში მოვისმინე, რომ გოგონა ადგილობრივი სკოლის მოსწავლე იყოო. ვარაუდობდნენ რომ მტკვარში დაიხრჩო, რადგან მისი სამოსი ნაპირზე გამორიყა მდინარემ, სხეული კი ვერსად იპოვეს. მერე კი კახაძის ფინიები ჭორაობდნენ ზურგსუკან, ნუთუ მოზარდზე ხელი მართლა გაისვარაო?! ტყეში წაგისწრია, მკვლელობის დროს, თუ არ ვცდები. მერე მომაგონდა, რომ უცნაური რეაქცია გქონდა, როცა რეზი სხირტლაძე ვახსენე და მარტივად დავაკავშირე ფაქტები ერთმანეთს.
ხმამაღლა ფიქრობდა, თუ მოპოვებულ ინფორმაციას უზიარებდა სავანელს ვერავინ გეტყოდათ, მაგრამ საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულს სიტყვები თავისით სცვიოდა პირიდან.
- კახაძე ილანძღებოდა, ლაწირაკმა მოკვლა დამიპირა და მისაღები მიიღო, სამუდამოდ დავუმახინჯე სახეო, - სიცილით შეავლო თვალი ელის მარცხენა სახეს - ეს მართლა შენ ხარ, სავანელი... ხომ სწორად მახსოვს გვარი? საკმაოდ „პოპულარული“ ხარ ორგანიზაციაში, დღემდე ახსენებენ კახაძეს შენს ამბავს.
შეშლილივით უელავდა სარდიონები. ელი გაშტერებული შეჰყურებდა სვანს და მისი უეცარი მეტამორფოზის შემყურე პირში ენას ვერ იბრუნებდა. როგორ შეიძლებოდა ანჯაფარიძეში ასე შემცდარიყო? როგორ ახერხებდა ასე ოსტატურად შენიღბვას? თვით მილენაც კი ვერასდროს მიხვდა, რამხელა ეშმაკი იჯდა სვანის ტყავში. უყურებდა მის არანორმალურ გამოხედვას და უადგილო კითხვა უღრნიდა ტვინს - ანჯაფარიძე როდის მერე შეიშალა ჭკუიდან? როცა და დაკარგა? თუ როცა მონარქს გადაეკიდა?
- დღეს კი გავიგონე, სამზარეულოში როგორ გელაპარაკებოდა შენი უფროსი მეგობარი მონარქზე - აგრძელებდა საუბრის ეშხში შესული ანჯაფარიძე - თავი ძლივს შევიკავე, რომ ორივესთვის ყელში არ წამეჭირა ხელი და ძალით არ მეთქმევინებინა ყველაფერი, მაგრამ სიკვდილისგან მიხსენი, არ მინდოდა ასეთი ხერხით გამეგო შენგან სიმართლე.
- რას იძახი? - წარბები დამცინავად ასწია მაღლა - აზრი რამ შეგაცვლევინა?
ეს კი იკითხა, მაგრამ გონებაში ახვევდა შუკვანთან მისი ბოლო საუბარს. არ ახსოვდა მონარქი ეხსენებინოს. ფრთხილობდა, იცოდა რომ ანჯაფარიძე მეორე ოთახში იყო და ყოველ სიტყვას წონიდა. შუკვანს მხოლდო ეჭვები გაუზიარა ჩვენთან ბოლომდე გულწრფელი არ არისო. კახაძეც ახსენა, მაგრამ მონარქზე სიტყვა არ დაუძრავს. საიდან მოიტანა, რომ სწორედ მონარქმა იხსნა სიკვდილისგან ცხრა წლის წინ?
- შენმა მეგობარმა დღეს ცოტა უხერხულ სიტუაციაში წამასწრო. შენიღბვასაც აზრი დაეკარგა.
ელმა თვალები აახამხამა, ანჯაფარიძის სიტყვებიდან აზრი ვერ გამოიტანა, რადგან გონება სულ სხვა ფიქრებით ჰქონდა დაკავებული.
- რა? - იკითხა დაბნეულმა.
- ერთმა ძუკნამ წყობიდან გამომიყვანა და მეთხუთმეტე სართულიდან იფრინა, - უპასუხა გესლიანად - შენი მეგობარი კი, არასასურველი მოწმე აღმოჩნდა! რას ვიფიქრებდი, თუ მართლა მომიქსევდი ვინმეს სათვალთვალოდ.
- შეროზია შენ გადმოაგდე სახურავიდან? - იკითხა გაკვირვებულმა.
- ჩემი მოკვლა სცადა და სახლი გადამიწვა, რას ელოდი?! - წაიღრინა.
- სად არის ირაკლი? რა უქენი?! - იმ თემაზე გადაერთო, რომელიც უფრო აინტერესებდა.
- ჯერ არაფერი, მაგრამ პრობლემები ნამდვილად ექნება, თუ არ ალაპარაკდები!
ელმა ეჭვის თვალით შეხედა. ანჯაფარიძის ამოკითხვა მარტივი საქმე არ იყო, ვერ მიხვდებოდი როდის იტყუებოდა. ანგრეულ სახლს თვალი მოავლო და მზერა ისევ ანჯაფარიძეზე გადაიტანა.
- ესე იგი, ამტკიცებ, რომ ირაკლი გყავს? - თვალები მოეწკურა - მაშინ სახლის ანგრევა რისთვის დაგჭირდა? მისი ძველი ტრუსების მოსაპარად მოხვედი?
ანჯაფარიძემ დუმილით უპასუხა. ელს ჩაეღიმა.
- გინდა პატარა ბავშვივით მომატყუო? ისტორიების კერვას მოეშვი, ივა და სიმართლე მითხარი, საიდან გაიგე მონარქის შესახებ? დარწმუნებული ვარ, რომ მე ის არც კი მიხსენებია! შენდა საუბედუროდ ძალიან ვუკვირდები და ვიმახსოვრებ სად რას ვამბობ!
სვანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. საქმის ამგვარ შემოტრიალებას არ ელოდა. უკვე ძალიან აღიზიანებდა სავანელთან საუბარი, მაგრამ მისთვის ასე უბრალოდ სროლაც არ შეეძლო. სჭირდებოდა, წამის წინ თავად დარწმუნდა საკუთარ თეორიაში, გოგონას მართლა ჰქონდა კონტაქტი მონარქთან!
- დაგეხმარო?
ელმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ანჯაფარიძის მიმართულებით, იარაღი ისევ შემართული ეკავა ხელში და სიმართლე ითქვას უკვე მკლავი სტკიოდა ლითონის სიმძიმისგან, მაგრამ დაშვება არც უფიქრია.
- სხირტლაძესთან ვიყავიო ახსენე, უფრო სწორად აღელვებულზე წამოგცდა - ისეთი სახით შეასწორა, თითქოს ისტორიის გაკვეთილს ჰყვებოდა და უნებურად თარიღი შეეშალა - მონარქს მაშინ შეხვდი ხომ ასეა? იმ ღამეს სხირტლაძესთან იყო სასაუბროდ. ასე ნუ მიყურებ, ვიცი, რომ კონტაქტი აქვთ და რა ქენი? მათი საუბარი მოისმინე? სავარაუდოდ მისი სახე არ გინახავს, რახან დღემდე არ იცი ვის მალავს მონარქის ნიღაბი. მაგრამ მთელს ამ ამბავში ერთი რამ ვერ გამიგია..
თავი გვერდით გადახარა და თვალები ეჭვით მოწკურა.
- თუ მათი საუბარი მართლა მოისმინე და იცოდი ვის ესაუბრებოდა სხირტლაძე, რატომ მაშინვე არ დაადექი თავზე? რატომ გამობრუნდი უკან? რეზის არ უნახიხარ, თორემ მონარქს ეტყოდა.
სპეციალურად არ ახსენებდა უშხვანის გვარს. მოკვდეობდა და მის ვინაობას არ გაუმხელდა. აი თავის კითხვაზე პასუხი კი გულწრფელად აინტერესებდა. ანჯაფარიძეს ხელი აუკანკალდა და ელისდა გასაკვირად იარაღი დაუშვა. თვალზე ცრემლი მოსდგომოდა.
- რადგან მაშინ არაფერი ვიცოდი, - წაიჩურჩულა ავად - არ ვიცოდი, რომ მისი სისხლიანი ვენდეტა ჩემს ოჯახს შეიწირავდა. არ ვიცოდი, რომ მამაჩემი მას ეხმარებოდა. მოვისმინე საუბარი, რაც არ უნდა მომესმინა. უკან გამოვბრუნდი, რადგან ჩემი საქმე არ იყო ვის ასხმევინებდა ტვინს ის შეშლილი, ან რატომ ეხმარებოდა ამაში სხირტლაძე. არ მინდოდა ამ ამბავში გარევა, საკუთარი პრობლემებიც კისრამდე მქონდა. ამიტომ უკან გამოვბრუნდი და მას მერე აღარასდროს მომიძებნია სხირტლაძე, სანამ კახაძემ არ მომახალა სახეში მამაშენს ჩვენგან გაჰქონდა ინფორმაცია და მონარქს უკაკლავდა ყველაფერსო. მის სინდისზეა ოთარის სისხლი, ვირთხად რომ შემოაგზავნა ორგანიზაციაშიო. უფროსმა გაიგო და ძაღლივით მიაკლა რა გიკვირსო! მაშინვე სხირტლაძის მოძებნა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მშობლებმა არ იციან სად არის. შვიდი წელია უკვალოდ გაუჩინარდა.
- შენს თავს უსმენ? - წაიჩურჩულა ელმა და მანაც დაუშვა იარაღი - კარგად იცი, ვინ გამოასალმა სიცოცხლეს მამაშენი და ამაში მონარქს ადანაშაულებ? ნორმალური ხარ?
- მისი ბრალია! მას რომ არ მოეწამლა ტვინი, ვალს დააბრუნებდა და ამ საქმეს მოეშვებოდა, მაგრამ გმირობა მიმონდომა!
- მამაშენის მსგავსად უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით! - გამოსცრა კბილებში - მესტიაში სულიერს ვერ იპოვი ვინც მის წინააღმდეგ დაძრავს სიტყვას! არაფერზე მიგანიშნებს ეს, ივა? იმ გახრწნილ ხალხთან რომელთანაც ურთიერთობა გაქვს ადამიანებით ვაჭრობენ ოდითგანვე. შენ კი პრეტენზია მონარქთან გაქვს?
- ყველა მიიღებს თავის წილ ტყვიას, მხოლოდ რიგრიგობით!
წაიჩურჩულა ავად და სანამ ელი რეაგირებას მოასწრებდა, ანჯაფარიძემ ელვის სისწრაფით მოიქნია იარაღის კონდახი და გოგონას საფეთქელში შემოსცხო. სავანელი უგონოდ დაეცა იატაკს.
ანჯაფარიძეს წამისწინანდელი მრისხანება გაუქრა. მკაცრი ნიღბისგან აღარაფერი დარჩა - ბრაზი სასოწარკვეთამ და სინანულმა ჩაანაცვლა.
- მაპატიე... - წაიჩურჩულა ძლივს გასაგონად, დაიხარა და გოგონა ბეჭზე მოიგდო - სხვა გამოსავალი არ მაქვს...


******
2020 წელი, იგივე ღამე, კიტა შუკვანის ბინა, 05:10 წთ, თბილისი.
კანდელაკი კარზე ზარმა ღრმა ძილიდან გამოაღვიძა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი საწოლზე წამოჯდა და დაბნეულმა მიმოიხედა. არც კი გათენებულიყო, ვინ იყო კარზე ამ შუაღამისას? იქნებ ელს ან შუკვანს გასაღები დაავიწყდათ? ბოლოს ორივე აბაზანაში დატოვა. მას შემდეგ არცერთი არ უნახავს. საძინებელში შეიკიტა და გადაღლილს მაშინვე ჩაეძინა. წამოდგა და გზად მეგობრების ოთახებში შეიჭყიტა, ცარიელი დახვდა. ნელ-ნელა ნერვიულობა შეეპარა. უეცრად კარზე დააბრახუნეს და დაფეთებული მთელი სხეულით შეხტა. თითის წვერებზე მიირბინა კართან და სამზერეში გაიჭყიტა. შუახნის ოდნავ თმაშევერცხლილი კაცი არ ეცნო.
- ახლავე მოშორდი აქაურბას, სანამ პოლიციას დავურეკე! - დაუყვირა ლიზამ გაწვრილებული ხმით.
- კარი გამიღე, კიტას მამა ვარ.
- მე კი ბებიამისი! - შეყვირა გაჯავრებულმა - აქედან მოშორდი-მეთქი!
- შვილო, შენთან ძიძგილაობის დრო არ მაქვს, ელი სახლშია? უსაფრთოხდაა? არაფერი უჭირს?
კანდელაკი გაქვავდა. ელის სახელის ხსენებას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ შიშისგან ერთიანად აკანკალებდა, საკეტი მაინც გადაატრიალა და კარი გამოაღო. ირაკლი შუკვანი შურდულივით შევარდა შიგნით და რკინის კარი ზურგსუკან მიიხურა. ნერვიული მზერა ოთახს მოავლო.
- აქ არის? სახლში დაბრუნდა? - ჰკითხა დაფეთებულ ლიზას, რომლის გაფთირებულ სახეს არაფრად აგდებდა და დროული პასუხი რომ ვერ მიიღო ოთახებს თავად ჩამოუარა.
- ვინ ხართ? საიდან იცნობთ ელს?
- უკვე გითხარი, შუკვანის მამა ვარ-მეთქი! - მიუგო უხეშად.
ბოლო კარიც რომ შეაღო და დარწმუნდა შინ ლიზას გარდა არავინ იყო, კიდევ უფრო დაეკარგა ფერი.
- კიტას მამა ცოცხალი აღარ არის, - შეეპასუხა გაუბედავად.
- შენი აზრით მკვდარს ვგავარ? - მოთმინება დაეკარგა შუკვანს - კიტას დაურეკე, უთხარი სახლში მოვიდეს. მეტი გაჯანჯლება აღარ იქნება. შეხვედრას თავს ვეღარ ავარიდებ. ელი საფრთხეშია!
კანდელაკს მუხლები აუცახცახდა შიშისგან. მაშინვე დაფაცურდა და საძინებლისკენ მოუსვა. ნერვიულად წეწავდა საბანს, სანამ აიფონს ბალიშის ქვეშ არ მიაგნო. ხელის ცახცახით მოხსნა ბლოკადა და შუკვანს გადაურეკა. ქვედა ტუჩს ნერვიულად კბენდა. კიტა არ პასუხობდა.
- კიტა, გეხვეწები! - ჩურჩულებდა ტირილის ზღვარზე მისული.
- ლიზა, დაკავებული ვარ...
- ახლავე სახლში მოდი, ამ წუთში! - ამოიტირა შვებისგან, როცა მეგობრის ხმა გაიგონა.
- რა მოხდა?! - ხმა შეეცვალა სვანს.
აკანკალებული უცნობი მამაკაცისკენ შებრუნდა, რომელიც მთელი ეს დრო მოუთმენლად სცემდა ბოლთას და თითებს იგრეხდა აღელვებული.
- სახლში ვიღაც კაცია, ამტკიცებს რომ მამაშენია. მითხრა ელი საფრთხეშიაო. ელს სახლში ვერ ვპოულობ, კიტა!
შუკვანი ამ დროს პროზექტურაში იმყოფებოდა, ლიზას სიტყვები გაგონებაზე კი, იმ მკვდარზე მეტად გაფითრდა, რომელიც წინ ესვენა ლითონის მაგიდაზე. ყურადღება არ მიუქცევია თანამშრომლების გამკიცხავი ბურტყუნისთვის. ტელეფონი გათიშა, გაოგნებულ ბარბაქაძეს ორი სიტყვით უთხრა - დანარჩენი შენ დაასრულეო და ისე, რომ აღშფოთებული ექსპერტ-კრიმინალისტისთვის ზედაც არ შეუხედავს გასასვლელს სირბილით მიაშურა.




                                               
მთვარის ფინალური სიმფონია      



                                                                  
   ******



         პატარა ქალაქის ტაქსისტი,
თემურ ლესელიძე, მთქნარებით გამოვიდა სადარბაზოდან,
თან საჩვენებელი თითით ყურს იჩხრეკდა. მოჩაჩული შარვალი ქამრით დაიმაგრა, ბაგეებში
მოქცეულ სიგარეტს გაუკიდა და ღიღინით მიაშურა თავის გაცვეთილ „ფორდს”. კარი გამოაღო,
ჩაჯდა და მანქანა დაქოქა. რადიოში ძმიშვილის საყვარელი მულტფილმის, „შრეკის“,  საუნდრეკი „Hallelujah” გაჟღერდა. უყვვარდა ეს მუსიკა. სიამოვნებისგან გაბადრულმა რადიოს ბოლო
ხმაზე აუწია. სავარძელზე გადაწვა და ტკბილ ჰანგებს ყური მიუგდო. საჭადრაკო დაფაზე განლაგებული
ფიგურები ამოძრავდნენ, თეთრების მხედარმა გაბედული ნაბიჯი გადადგა წინ:



I heard there was a
secret chord



That David played, and
it pleased the Lord



But you don't really
care for music, do ya?



        კიტა შუკვანი გახევებული იდგა მამის წინ,
რომელიც თვალით არასოდეს უნახავს. სახედამანჭულს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე.
ირაკლი ათრთოლებული ხმითა და მხრების ცახცახით ყვებოდა ისტორიას, რომელიც სარჩულად
დაედო კიტას გაუბედურებულ ცხოვრებას. პანდორას ყუთს თავი მოსძვრა - მკვდარი თევზებივით  ამოტივტივდნენ ირაკლი შუკვანის ცოდვები წყლის ზედაპირზე.
კიტას მხარს ჩაბღაუჭებული კანდელაკი, პირზე აფარებული ხელით უხმოდ ტიროდა. საკუთარ
ყურებს ვერ უჯერებდა რასაც ისმენდა…



Well, it goes like
this



The fourth, the fifth



The minor fall and the
major lift



The baffled king
composing hallelujah



       ანჯაფარიძემ მანქანა შეაჩერა და გაქვავებული
სახით გადახედა მგზავრის სავარძელში მისვენებულ უგონო სავანელს. დარტყმული ადგილიდან
სისხლი მდორედ მოჟონავდა სახეზე და ტანსაცმელზე ზანტად წვეთავდა. გულმა მტკივნეულად
მოუჭირა. თვალები დახარა, შეყოყმანდა, მაგრამ მაინც გააღო კარი და მანქანიდან გადავიდა.



       საპირისპიროდ გაჩერებული მერსედესის მძღოლმაც
იგივე მოიმოქმედა და მოლოდინში, ანჯაფარიძეს უსიტყვოდ მიაჩერდა. სვანმა ბოლოჯერ მოხედა
გათიშულ სავანელს, დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუტოკდა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, თვალები
დაეხუჭა და მძღოლისკენ მანქანის გასაღები ისროლა. რა წამსაც გასაღების შეკვრა ჟღალთმიანი
მძღოლის ხელში აღმოჩნდა, შავი მერსედესის უკანა კარი გაიღო და სალონიდან პატარა ალექსმა
ისკუპა.



-       
მამი!



         იყვირა
დამფრთხალმა და ანჯაფარიძისკენ გამოიქცა კისრისტეხით. თვალცრემლიანი სვანი მუხლებზე
დაეცა და შვილი გულში ჩაიკრა. უცნობი მამაკაცის ფეხსაცმელებმა უსიტყვოდ ჩაუარეს გვერდით
და რუხ სედანში გაუჩინარდნენ. ორივე მანქანა თვალისდახამხამებაში გაეცალა მინდორს და
მამა-შვილი მარტო შეატოვა სისხლისფერ ალიონს.



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



        მილენა სარანგიძე აეროპორტიდან შინ ბრუნდებოდა.
არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ათვალიერებდა ფანჯარაში მორბენალ თბილისის ხედს,  მალულად იწმენდდა თვალის კუთხიდან გამოჟონილ ცრემლს.
როცა ტაქსმა მის კორპუსთან შეაჩერა, შეამჩნია რომ სადარბაზოსთან უკვე ელოდნენ. გულხელდაკრეფილი
ავალიანი თავის მანქანას ბეჭებით მიყრდნობოდა და სარანგიძეს თბილად უღიმოდა. მილენა
ტაქსიდან გადავიდა. კარი არ მიუხურავს, არც ბარგი ამოულაგებია. ავალიანისკენ გაემართა
დაუფიქრებლად, ბოლოს სირბილზე გადავიდა და ატირებული მამაკაცს გაშლილ მკლავებში ჩაუვარდა.



-       
ყველაფერი რიგზეა. უკვე სახლში ხარ… - უჩურჩულა მეგობარს
და გულში ძლიერად ჩაიკრა.



Your faith was strong but you needed proof



You saw her bathing on the roof



Her beauty and the moonlight overthrew ya



She tied you to her kitchen chair



She broke your throne and she cut your hair



And from your lips she drew the hallelujah



       საიმონ სავანელი სკოლისთვის ემზადებოდა. წიგნებს
ჩანთაში ალაგებდა, როცა გურანდამ სამზარეულოდან გამოსძახა, საუზმე მზადააო. მორჩილად
მიჰყვა დედის ხმას. ძალით გადაყლაპა სენდვიჩის რამდენიმე ლუკმა, ჩაი მოსვა და ჩანთას
ხელი წამოავლო - მეჩქარებაო. გურანდამ სიყვარულით ჩაიკრა შვილი გულში, შუბლზე ნაზად
აკოცა და კარამდე მიაცილა.



       პატარა სავანელმა ბოლოჯერ მოხედა დედას, მკრთალად
გაუღიმა, ხელი დაუქნია და კიბეებს ჩაუყვა. პატარა ხელები ჩანთის თასმებისთვის ჩაევლო.
მძიმე წიგნები გაჭირვებით მისთრავდა პაწია მხრებით. მესხეთის ქუჩა გაიარა და სანამ
მთავარ გზაზე გააბიჯებდა ფეხებთან ლურჯმა ფურგნომა დაუმუხრუჭა.



      აზრზე მოსვლა ვერც მოასწრო, ისე გადმოცვივდნენ
ნიღბიანი შავოსნები და მანქანაში შეათრიეს. კარი ხმაურით მიიჯახუნეს და საბურავების
წივილით გაეცალნენ იქაურობას. მანქანას რეზი სხირტლაძე გამოეკიდა, მაგრამ რას დაეწეოდა,
ტყვიასავით მიქროდა აწყვეტილი ფურგონი ნისლში… გულამოვარდნილი შუა გზაზე შეჩერდა და
დაჭრილი მხეცივით იღრიალა ბრაზისგან...



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



       უშხვანი გალიაში დამწვდეული მხეცივით გადი-გამოდიოდა
სახლის სხვენში და გზად ყველაფერს ლეწავდა, რაც ხელთ ხვდებოდა. შეშინებული კახაძე კუთხეში
მოკუნტულიყო და თავზე ხელები წაეფარებინა. აქვითინებულს გული უსკდებოდა, რომ მის ხმას
გააფთრებული ჯალათის ყურადღება არ მიექცია.



        უშხვანი შედგა, დოინჯი შემოირტყა და თვალდახუჭულმა
ღრმად ჩაისუნთქა. ამის უფლებას ვერ მისცემდა… წყალს წაუღია მთელი გეგმა, არცერთი ბავშვის
სიკვდილს აღარ დაუშვებდა. არავითარ შემთხვევაში! ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და გადარეკა.
პირველივე ზუმერზე უპასუხეს:



-       
რეზი… დრო აღარ იცდის. ბიჭები გააფრთხილე, კახეთის აგარაკზე
შევხვდებით ერთმანეთს!



-       
შენთან ვაპირებდი დარეკვას, დამასწარი! - სულს ძლივს ითქვამდა
სხირტლაძე - ჩემ თვალწინ სავანელის უმცროსი ძმა გაიტაცეს! რეაგირება ვერ მოვასწარი...



      უშხვანს ტელეფონზე შემოჭდობილი ხელი აუცახცახდა
და მომაკვდინებელი მზერით გახედა კუთხეში მიყუჟულ კახაძეს…



Maybe there's a God above



But all I've ever learned from love



Was how to shoot somebody who outdrew ya



And it's not a cry that you hear at night



It's not someone who's seen the light



It's a cold and it's a broken hallelujah



      ვარლამ არეშიძე კაბინეტის ფანჯარასთან იდგა
და ამომავალ მზეს ღიმილით გასცქეროდა. კეფაზე შეკრული ჭაღარა კიკინა არაფრით შეეფერებოდა
მის, ელეგანტურ შარვალ-პიჯაკში ჩაეკვეტებულ, მასიურ სხეულს. მის გამომჭკნარ თითებში
ძვირადღირებული სიგარა ბოლავდა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, კაბინეტში ერთ-ერთმა
მისმა დაცვის წევრმა შემოჰყო თავი.



-       
და-ძმა აიყვანეს, ბატონო ვარლამ. კახეთისკენ მოემართებიან.



-       
მშვენიერი, - მოუწონა ახალი ამბავი ქვეშევრდომს - როგორც
იქნა!



       წარმოთქვა სიცილით და სიგარა კბილებს შორის
მოიქცია. მოწკურული თვალებით მისჩერებოდა სასახლის წინ წამოჭიმულ ჩამუქებულ ტყეს, რომელიც
უსახელო სასაფლაო გახლდათ, უკვალოდ გაუჩინარებული სულების. სამუშაო მაგიდასთან, რბილ
სავარძელში გიგი არეშიძე ჩამომჯდარიყო და წარბშეკრული მისჩერებოდა ბაბუამისს. შვილის
გვერდით, მიხეილ არეშიძეს ფეხი ფეხზე გადაედო და ძვირადღირებულ ბრენდს მშვიდად აგემოვნებდა.



         საჭადრაკო დაფაზე შავი ქვები შეტევაზე გადადიოდნენ,
თეთრი ფიგურები ნელ-ნელა კარგავდნენ უპირატესობას, თეთრების დაფას შემორჩენილი არმია
თავგანწირვით იცავდა შამათისთვის განწირულ მეფეს… კუთხეში ჩასაფრებული ეშმაკი აგზნებით
იფშვნეტდა ხელებს…



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



       სამი ათასი კილომეტრის დაშორებით, პოლონეთის
ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებელმა “25” ნომერი ოთახის კარი შეაღო და შიგნით შევიდა.
კარტა ციფრულ წამკითხველში მოათავსა და შემობრუნდა, რომ საწოლიდან ბინძური ზეწრები
მოეხვეტა და შეამჩნია, რომ ლოგინზე გაფატრული მამაკაცი იწვა გაშოტილი.



       ქალის შემზარავმა კივილმა მთელი სასტუმრო შეძრა.
მიცვალებულის გვერდით, სისხლის შხეფებით მოთხუპნული პლასტიკური ბარათი ეგდო - “სელიმ
ქურთი”, იუწყებოდა თურქული პირადობის მოწმობა. მონარქს შავი ფიგურების ლაზიერისთვის
წირვა გამოეყვანა.



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



         საბა შუკვანმა საჭირო ზარი მიიღო ტელეფონზე.
ორი წუთის განმავლობაში პირქუში გამომეტყველებით უსმენდა მითითებებს. მოსაუბრეს დაუდასტურა,
რომ ყველაფერი გაიგო. შემდეგ შემოტრიალა და ხმამაღლა დაუსტვინა. შეკრებილებმა ერთმაენთში
საუბარი შეწყვიტეს და წინამძღოლს მოხედეს.



-       
დროა! - საჩვენებელი თითით ჰაერში მოხაზა ფართე წრე.



        ასაფრენად გამზადებულმა მონარქის პეპელამ
ჭრელი ფრთები გაშალა და ძლიერად მოიქნია - ზუსტად თხუთმეტ წუთში სტამბოლის ერთ-ერთი
ყველაზე მსხვილი სატრანზიტო კომპანია, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის ტვირთის გადატანას  ემსახურებოდა, ჰაერში აიწია.



        აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მიწამ
რყევა იწყო. უზარმაზარ სატვირთოებს ერთი მეორის მიყოლებით უფეთქდებოდათ გრძელი საბარგულები.
კომპანიის თანამშრომლები კივილით ეცლებოდნენ შემთხვევის ადგილს. თურქეთისა და საქართველოს
დროშას ცეცხლის ენები ნთქავდნენ ნელ-ნელა...



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



       გიორგი ტაბატაძემ მოკლე შეტყობინება მიიღო
ტელეფონზე. თვალი გადაავლო მონაწერს და ტუჩებზე პირქუშმა ღიმილმა გადაურბინა. ყავის
აპარატს ფინჯანი გამოაცალა და თავის ლეპტოპს მიუჯდა. კისერი გაავარჯიშა და კლავიატურაზე
ელვის სისწრაფით აამოძრავა თითები.



       ზუსტად ორ წამში ინტერნეტს ვირუსულად მოედო
საშინელი კადრების ამსახველი ვიდეომასალა, თუ როგორ გადაჰყავდათ სატვირთოებს ბავშვები
და ქალები, წინასწარ გამზადებულ უზარამაზარ კონტეინერებში. ბათუმის პორტში ჩამომდგარ
საკონტეინერო ხომალდს კი, „ტვირთი“ სტამბოლის პორტში გადაჰქონდა შავი ზღვის გავლით.
დრონით გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანდა, როგორ მარტივად უვლიდა გვერდს საბაჟოს, სასაზღვროსა
და საზღვაო კონტროლს. 



      ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეტყობინებად მიუვიდა
შესაბამისი ვიდეომასალა. გამვლელები გზაში ჩერდებოდნენ და ერთმანეთს ტელეფონებს აჩვენებდნენ,
თუ როგორ უხეშად ტენიდნენ ხალხს საზღვაო კონტეინერებში. ერთ-ერთ ჩანაწერში კახაძის
მოლოპრილი თავი ჩანდა, როგორ ზედამხედველობდა პროცესს. სწორედ ის კახაძე, რომელიც ოდესღაც
მხოლოდ არეშიძის პირადი ეზოს ფინია გახლდათ, ახლა კი პარლამენტის წევრი ბრძანდებოდა
საკანონმდებლო სისტემაში!



        გაოცებული
და დაზაფრული ხალხი პირზე ხელს იფარებდა. ზუსტად ათ წუთში ქვეყანა გაბრაზებული ფუტკრების
სკას დაემსგავსა. ოცდახუთი წლის ნაგროვებმა ინფორმაციამ 5 წუთში გაჟონა მთელ ქვეყანაში
და კორუმპირებულ გარეწრებს ჯოჯოხეთური ცეცხლი შეუნთო უკანალში.



        მთავრობის მთელი სტრატეგიული კომუნიკაციების
დეპარტამენტი ფეხზე დადგა - სპეციალური დანაყოფის უფროსი ფილტვების დახეთქვამდე ყვიროდა
„დეზინფორმაცია“ სასწრაფოდ ჩაახშეთო. ეგეთი მარტივი რომ ყოფილიყო ცხოვრება, რომიც აშენდებოდა
ერთ დღეში...



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



Hallelujah



        საჭადრაკო დაფისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.
ყველაფერი ნაცარტუტად იქცა, ფერფლის ფიფქები ცვიოდა დედამიწისკენ. მიუხედავად კოლოსალური
დანაკარგისა, მთავარი ფიგურები მაინც უდრეკად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, წინ გადამწყვეტი
ბრძოლა იცდიდა...





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent