დუმილის ფასი (თავი 1)
თავი 1
წვიმა საღამოს შვიდი საათიდან არ შეწყვეტილა. თბილისის ქუჩებზე წყალი ნელა მიედინებოდა, ტროტუარების კიდეებთან გროვდებოდა და მანქანების საბურავების ქვეშ ნაცრისფერ შხეფებად იფანტებოდა. ფანჯრებში ანთებული შუქები სველ ასფალტზე ირეკლებოდა. სადღაც შორს, რამდენიმე კვარტალის მიღმა, სასწრაფოს სირენა გაისმა, წამით გაჰკვეთა ღამე და ისევ ჩაქრა, ისე, თითქოს თბილისს ეს ხმაური არც შეუმჩნევია. გიორგი აბაშიძის სახლში კი მძიმე, თითქმის ხელშესახები სიჩუმე იდგა. მისაღებში მხოლოდ კედლის საათის თანაბარი წიკწიკი ისმოდა. ოთახი მოწესრიგებული იყო, თითქმის ზედმეტადაც მუქი კაკლის ხის თაროებზე წიგნები სიმაღლისა და ყდების ფერის მიხედვით ელაგა. ფანჯარასთან მდგარი რბილი სავარძლის სახელურზე არც პლედი იყო გადაგდებული და არც დაუდევრად მიტოვებული ტანსაცმელი. დაბალ, მინისმაგიდაზე ორი გაზეთი იდო, ორივე ზუსტად ერთმანეთის პარალელურად, გასწორებული კუთხეებით.. გიორგი ასეთ წესრიგს მიჩვეული იყო. მას არ უყვარდა ნივთების დაკარგვა, მოულოდნელი ცვლილებები და ადამიანები, რომლებიც შეთანხმებულ დროს არ იცავდნენ. წლების განმავლობაში ისწავლა, რომ ქაოსი ხშირად იქ იწყებოდა, სადაც ვიღაცას ეგონა, რომ პატარა დარღვევა არაფერს შეცვლიდა. იმ საღამოს კი თავად ვერ ახერხებდა შინაგანი კანკალის დაძლევას. სამუშაო ოთახიდან მისაღებში გამოვიდა, საათს დახედა და ისევ ფანჯარასთან გაჩერდა. მინაზე წვიმის წვეთები ერთმანეთს უერთდებოდა და ქვემოთ ეშვებოდა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. მოპირდაპირე სადარბაზოს თავზე დამაგრებული ნათურა რამდენჯერმე აციმციმდა, მერე ისევ აინთო და ნაცრისფერ ქუჩას ყვითელი სინათლე მოჰფინა. გიორგიმ ფარდა ბოლომდე გადაწია. ტელეფონი მაგიდაზე იდო. ეკრანი ჩაბნელებული იყო. აიღო, თითის ანაბეჭდით გაახსნა, შეამოწმა. არც გამოტოვებული ზარი, არც შეტყობინება. ისევ დადო. არავისთვის დაურეკავს. სამუშაო ოთახის კართან შეჩერდა. იქ, მაგიდაზე, რამდენიმე საქაღალდე დაეწყო. ერთი მათგანი დანარჩენებისგან განცალკევებით იდო. მუქი ლურჯი ყდა ჰქონდა, კიდეები კი იმდენჯერ გაეხსნათ, რომ ერთ კუთხეში გაცვეთილი მუყაო გამოჩენილიყო. გიორგი რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა მას. შემდეგ ნელი, დაყოვნებული ნაბიჯით მივიდა, საქაღალდე უჯრის სიღრმეში ჩადო და გასაღები ორჯერ გადაატრიალა. ზუსტად იმ წამს კარის ზარი გაისმა. მჭახე ხმამ სიჩუმე ისე მკვეთრად გაჭრა, რომ გიორგი უნებურად შეკრთა. მაშინვე არ განძრეულა. ჯერ კედლის საათს შეხედა — ისევ შვიდი ხდებოდა, მერე ნელი ნაბიჯით წავიდა შემოსასვლელისკენ. ზარი მეორედ დაირეკა. — მოვდივარ, — თქვა მან, თუმცა კარს მიღმა მყოფი ვერ გაიგონებდა. საკეტის გაღების ხმა დერეფანში გაისმა. გიორგი კარს მიადგა და სახელურს ხელი მოჰკიდა. კარის მიღმა მდგომი ადამიანი მისაღებიდან გამოსულ განათებაში თითქმის არ ჩანდა. სადარბაზოს სუსტი ნათურა მის ზურგს უკან იწვოდა, სტუმრის სახეს კი ქუდისა და ქურთუკის მაღალი საყელოსგან ჩამოწოლილი ჩრდილი ფარავდა. გიორგი გაჩერდა. — მოხვედი, - თქვა ბოლოს. ეს კითხვა არ ყოფილა, უფრო საკუთარი ეჭვის დადასტურებას ჰგავდა. კარს მიღმა მდგომს მაშინვე არ უპასუხია. წვიმის ხმა მათ შორის არსებულ სიჩუმეში უფრო მკაფიო გახდა. — შემომიშვებ? — იკითხა სტუმარმა. გიორგი რამდენიმე წამს უყურებდა სიბნელეში დაკარგულ სახეს, შემდეგ უხმოდ გადგა გვერდზე. — შემოდი. სტუმარი სახლში შევიდა. სველი ფეხსაცმლის კვალი იატაკზე დარჩა. კარმა ჩუმად გაიხურა. — ქურთუკი შეგიძლია აქ დაკიდო, — უთხრა გიორგიმ. — არ გავჩერდები დიდხანს. — როგორც გინდა. გიორგი წინ გაუძღვა, სტუმარი უკან მიჰყვა. დერეფნიდან მისაღებში გადავიდნენ, სადაც საათი ისევ თანაბრად და შეუჩერებლად წიკწიკებდა. — დაჯდები? — არა. — მაშინ რამეს დალევ? სტუმარმა ოთახს ნელა მოავლო თვალი. მზერა წამით მაგიდაზე შეჩერდა, სადაც გაზეთები იდო, შემდეგ ფანჯრისკენ გადაიტანა, რომელსაც წვიმა უწყალოდ ეხეთქებოდა. — წყალი საკმარისია. გიორგიმ თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა. სანამ ჭიქას წყლით ავსებდა, მოულოდნელად შენიშნა, რომ თითები ოდნავ უკანკალებდა. ჭიქა მაგიდაზე დადგა და ხელისგულები ერთმანეთს ძლიერად მოუჭირა. „ეს მხოლოდ დაღლილობაა,“ — უთხრა საკუთარ თავს, — „ბოლო დღეებში უბრალოდ ცუდად გვძინავს. ზედმეტს ვფიქრობ.“ როდესაც მისაღებში დაბრუნდა, სტუმარი უკვე სავარძელთან იდგა და ზურგით ფანჯარას ეყრდნობოდა.. — მაგიდასთან დაჯექი, — უთხრა გიორგიმ. — ასე მირჩევნია. — როგორც გინდა. გიორგიმ წყლის ჭიქა მაგიდაზე დადგა. თავად სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ მალევე წამოდგა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა, სად უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს. — არ მეგონა, თუ მოხვიდოდი, — თქვა მან. — შენ თვითონ მითხარი, რომ უნდა გველაპარაკა. — ლაპარაკი ერთია. — მაშინ სხვა რა გეგონა? გიორგიმ პასუხი არ გასცა. სტუმარმა ჯიბიდან რაღაც ამოიღო. პატარა, დაკეცილი ფურცელი იყო. მაგიდაზე დადო, მაგრამ ხელი არ გაუშვია. — ეს გახსოვს? გიორგიმ ფურცელს დახედა. — ბევრი რამ მახსოვს. — მაშინ ესეც გემახსოვრება. — არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. სტუმარმა ფურცელი გაშალა და მისკენ შემოაბრუნა. გიორგიმ მაშინვე ვერ წაიკითხა. სათვალე პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო, გაიკეთა და რამდენიმე წამი ჩუმად დაშტერებოდა ტექსტს. მისი სახე თითქმის არ შეცვლილა, თუმცა ყბის კუნთი მკვეთრად დაეჭიმა. — ეს სად იშოვე? — ამას მნიშვნელობა არ აქვს. — პირიქით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. — მაშინ მიპასუხე. გიორგიმ სათვალე მოიხსნა. — ყველაფერზე პასუხის გაცემა ისე მარტივი არ არის, როგორც შენ გგონია. — მე პასუხი არ მითხოვია ყველაფერზე. — მაშინ რას ითხოვ? სტუმარმა ფურცელი ისევ დაკეცა. — იმას, რაც მაშინ უნდა გაგეკეთებინა. გიორგის მზერა გაუმკაცრდა. — ფრთხილად იყავი. შენ არ იცი, რა ზღვარს გადადიხარ. — რატომ? ახლა მაინც უნდა ვიყო ფრთხილად? — შენ არ იცი, რაზე ლაპარაკობ. — მაშინ ამიხსენი. აი, აქ ვარ, ამიხსენი. გიორგიმ პირი გააღო, მაგრამ სიტყვა ვერ თქვა. რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა სტუმარს, შემდეგ თვალი უნებურად სამუშაო ოთახის ჩაბნელებული კარისკენ გაექცა. სტუმარმა ეს მოძრაობა შეამჩნია. — იქ არის? — რა? — რასაც ვეძებ. — არ ვიცი, რას ეძებ. — გიორგი. სახელის წარმოთქმაში არც მუქარა ყოფილა და არც თხოვნა. სწორედ ამან გააღიზიანა აბაშიძე ყველაზე მეტად. — შენ აქ მოსვლა არ უნდა გაგებედა, — თქვა მან დაბალი ხმით. — საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყავი. — მაგრამ მოვედი. — და ახლა გგონია, რომ რამდენიმე ფურცელს იპოვი, წაიკითხავ და ყველაფერს გაიგებ? — მე არ მითქვამს, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ ის მაინც ვიცი, რაც დამალეთ. — მაშინ რატომ მოხვედი? რა გინდა ჩემგან?! სტუმარმა პასუხის ნაცვლად ფანჯრისკენ გაიხედა. წვიმა არ წყდებოდა. ქუჩის განათების ქვეშ მანქანა გაჩერდა, რამდენიმე წამს იდგა და შემდეგ ისევ დაიძრა. — რამდენ ხანს აპირებ, მოიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? — იკითხა სტუმარმა და ისევ გიორგის მიუტრიალდა. გიორგი გაშეშდა. — აქედან უნდა წახვიდე. — ჯერ არა. — საუბარი დასრულებულია. — შენთვის შეიძლება. გიორგი კარისკენ წავიდა, მაგრამ სტუმარმა ხელი არ შეუშალა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ აბაშიძე გაჩერდა და უკან შემობრუნდა. — შენ არ იცი, რა მოხდება, თუ ამას შეეხები. — იქნებ სწორედ ამიტომ უნდა შევეხო. — არ გესმის, რას ამბობ. — მაშინ მითხარი, რა უნდა გავიგო. გიორგიმ თავი გააქნია. თვალებში დაღლა ეტყობოდა, მაგრამ მის მიღმა სხვა რამეც ჩანდა, ისეთი შიში, რომლის დამალვასაც მთელი საღამო ცდილობდა. — ზოგიერთი რამ წარსულში უნდა დარჩეს. — წარსული იქ არ რჩება, სადაც შენ ტოვებ, გიორგი. ის ყოველთვის ბრუნდება. ამჯერად გიორგი აღარ შეწინააღმდეგებია. უბრალოდ იდგა, თითქოს უცებ რამდენიმე წლით დაბერდა და საკუთარ სახლში არსებული ყველა ნივთი მისთვის უცხო და უსარგებლო გახდა. შემდეგ მძიმე ნაბიჯით შევიდა სამუშაო ოთახში. სტუმარმა რამდენიმე წამს უცადა. მისაღებში საათის წიკწიკი ისევ ისმოდა. კედელზე ჩამოკიდებული ფოტოს ჩარჩოს მინაზე ქუჩის შუქი ირეკლებოდა. სამუშაო ოთახიდან უჯრის გაღების ხმა გაისმა, შემდეგ — ქაღალდების შრიალი. — აქ არ არის, — თქვა გიორგიმ. — დარწმუნებული ხარ? — გითხარი, აქ არ არის-მეთქი. სტუმარი კართან მივიდა. — მაშინ სად არის? გიორგი შემობრუნდა. — შენ გგონია, რომ თუ იპოვი, ყველაფერი შეიცვლება? — არ ვიცი. — მაშინ რისთვის აკეთებ ამას? სტუმარი დიდხანს დუმდა. სიჩუმეში მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა. — იმიტომ, რომ სხვამ არ გააკეთა. გიორგიმ მზერა აარიდა. იმ წამს გარეთ ჭექა-ქუხილმა დაიგრგვინა. ფანჯრის მინები მსუბუქად აზანზარდა. სინათლე წამით ჩაქრა და მაშინვე დაბრუნდა. გიორგიმ ხელი მაგიდის კიდეს დაადო. — წადი, — თქვა ჩუმად. სტუმარი არ განძრეულა. გიორგი სამუშაო ოთახის კართან იდგა, სტუმარი კი მაგიდის მეორე მხარეს — მათ შორის რამდენიმე ნაბიჯი და შვიდი წლის განმავლობაში დაგროვილი უთქმელი სიტყვები იყო. — ბოლო შანსი გაქვს, — გაიმეორა სტუმარმა. — უკვე გიპასუხე. — არა. შენ უბრალოდ მითხარი ის, რისი თქმაც გაწყობს. გიორგიმ უჯრისკენ გაიხედა. ეს მოძრაობა წამიერი იყო, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ სტუმარმა მაინც დაინახა. — რას ეძებ? — იკითხა გიორგიმ. — იმას, რაც აქ უნდა იყოს. — აქ არაფერია შენთვის. — მაშინ რატომ გეშინია? გიორგის სახე საბოლოოდ შეეცვალა. მთელი საღამოს განვლობაში ნაშენები ცივი სიმშვიდის ნიღაბი ჩამოეშალა. — შენ წარმოდგენა არ გაქვს, რაში ერევი. — მაშინ ამიხსენი. — ვერ აგიხსნი. — რატომ? არ შეგიძლია თუ არ გინდა? გიორგიმ მაგიდას მოუარა და სტუმრისკენ გადადგა ნაბიჯი. — საკმარისია. უნდა წახვიდე. — ჯერ მითხარი, სად არის. — არ გეტყვი. — მაშინ მე თვითონ ვიპოვი. სტუმარი ღია უჯრისკენ დაიძრა. გიორგი წინ გადაუდგა და მკლავებში ეცა. — ხელი არ ახლო. — გამატარე. — გითხარი, ხელი არ ახლო-მეთქი! მის ხმაში მოულოდნელად გაჩენილმა ისტერიულმა სიხისტემ თავადაც გააოცა. რამდენიმე წამით ორივე გაუნძრევლად იდგა, ერთმანეთზე ჩაფრენილები. შემდეგ სტუმარმა გიორგის გვერდის ავლა მკვეთრი მოძრაობით სცადა. გიორგიმ მკლავში ხელი ჩაავლო. ყველაფერი ერთ წამში აირია. სტუმარი მკვეთრად შემობრუნდა, გიორგიმ წონასწორობა დაკარგა და მძიმე ხის მაგიდის კიდეს დაეჯახა. ზედ დადებული ქაღალდები ჰაერში აფრიალდა და იატაკზე ჩამოცვივდა. ჭიქა გვერდზე გადაბრუნდა და წყალი ხალიჩაში ჩაიღვარა. — გამიშვი! — თქვა სტუმარმა. გიორგის ხელი არ გაუშვია. — შენ არ იცი, რას აკეთებ! — ხელი გამიშვი-მეთქი! მათი ხმები ოთახის ვიწრო სივრცეში ერთმანეთს ეჯახებოდა. გიორგიმ სტუმრის შეჩერება სცადა, მაგრამ მოძრაობა ვერ გათვალა. სტუმარმა თავის დასაღწევად მკლავი მკვეთრად მოიქნია. გიორგი უკან გადადგა, სკამს ფეხი წამოკრა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო. ერთი წამით ორივე გაჩერდა. გიორგი მძიმედ სუნთქავდა. — ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, — თქვა მან. სტუმარმა არაფერი უპასუხა. — გესმის? — გიორგიმ მისკენ გაიწია. — შენ არ იცი, რა მოხდება, თუ— წინადადება აღარ დაუსრულებია. მათი სხეულები ერთმანეთს შეეჯახა. მაგიდა კედლისკენ გასრიალდა. ხის ზედაპირზე რაღაც მძიმედ დაეცა. გიორგიმ სტუმრის ხელის შეჩერება სცადა, მაგრამ მოძრაობა ვერ გათვალა. მოკლე, მკვეთრი, ყრუ ხმა გაისმა. გიორგი ადგილზე გაშეშდა. სახეზე გაკვირვება უფრო ადრე გამოეხატა, ვიდრე ტკივილი. თითქოს ჯერ ვერ გაეგო, რა მოხდა, რატომ გაჩერდა ჰაერი. ერთი ხელი მკერდთან მიიტანა, მეორეთი კი მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა. სტუმარი მის წინ იდგა. რამდენიმე წამი არც ერთს ხმა არ დაუძრავს. — არა... — ამოილაპარაკა გიორგიმ. მისი ხმა ისეთი ჩუმი იყო, რომ წვიმის ხმაურმა თითქმის მთლიანად დაფარა. მან მაგიდას ხელი გაუშვა. სკამი უკან გადაიწია, იატაკზე უსიამოვნოდ გაიჭრიალა და გადაყირავდა. გიორგი მუხლებზე დაეცა, ხელით სველ ხალიჩას დაეყრდნო, წამოდგომა სცადა, მაგრამ სხეულმა დამორჩილებაზე უარი თქვა. სტუმარი დაიხარა. გიორგიმ ძლივს ასწია თავი. მის თვალებში ახლა სულ სხვა რამ ჩანდა — არც ბრაზი და არც ის თავდაჯერებულობა, რომლითაც რამდენიმე წუთის წინ საუბარს მართავდა. პირველად მთელი საღამოს განმავლობაში ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაცის თქმა ნამდვილად სურდა. რაღაცის, რაც წლებია ყელში ეჩხირებოდა. ტუჩები გაამოძრავა. სიტყვა არ ისმოდა. — თქვი, — ჩურჩულით თქვა სტუმარმა. გიორგიმ სტუმარს შეხედა. — მე... — ამოილაპარაკა მან. შემდეგ თავი გვერდზე გადაუვარდა. სტუმარი გაუნძრევლად დარჩა. თითქოს ელოდა, რომ გიორგი ისევ ამოისუნთქავდა, თვალებს გაახელდა ან წინადადებას დაასრულებდა. მაგრამ ოთახში მხოლოდ წვიმის ხმა და კედლის საათის წიკწიკი ისმოდა. — გიორგი? პასუხი არ ყოფილა. სტუმარი მუხლებზე დაიხარა და გიორგის მხარს შეეხო. შემდეგ ხელი უკან წაიღო. გიორგი იატაკზე იწვა, სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული. მისი თვალები ღია დარჩენილიყო. სტუმარი ნელა წამოდგა. ოთახს თვალი მოავლო. მაგიდა გადახრილი იყო, სკამი გვერდზე ეგდო, ფურცლები იატაკზე მიმოფანტულიყო. წყალი ხალიჩაში იწოვებოდა. ყველაფერი რამდენიმე წუთის წინანდელ წესრიგს აღარ ჰგავდა. სტუმარმა საკუთარ ხელებს დახედა. შემდეგ კარისკენ გაიხედა. სახლში სხვა არავინ იყო. მან ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე გაჩერდა და უკან მოიხედა. თითქოს უნდოდა დაერწმუნებინა თავი, რომ მომხდარი რეალური იყო. რომ გიორგი აღარ წამოდგებოდა და ამ ოთახში ნათქვამ სიტყვებს ვეღარავინ დააბრუნებდა. კედლის საათმა კიდევ ერთი წუთი დათვალა. სტუმარი სამუშაო ოთახიდან გავიდა. მისაღებში მაგიდაზე ორი ჭიქა იდგა. ერთში წყალი თითქმის ხელუხლებელი დარჩენილიყო. მეორეში მხოლოდ რამდენიმე წვეთი იყო. კართან შეჩერდა, მოუსმინა. გარეთ მანქანამ ჩაიარა და წყალი ქუჩის კიდეს შეასხა. სადარბაზოში ვიღაცის ნაბიჯები გაისმა, შემდეგ თანდათან მიწყდა. სტუმარმა კარი გააღო და გარეთ გავიდა. საკეტი ჩუმად, თითქმის უხმოდ ჩაიკეტა. რამდენიმე წამს წვიმის გარდა არაფერი ისმოდა. მისაღებში საათი კვლავ მუშაობდა. ****** მეორე დილით წვიმა შეწყვეტილი იყო, მაგრამ ქალაქი ჯერ კიდევ სველი და ნაცრისფერი გახლდათ. გიორგი აბაშიძის თანაშემწე, ნოდარ ქავთარაძე, სახლთან ცხრის თორმეტ წუთზე მივიდა. მანქანა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა და რამდენიმე წამი საჭესთან დარჩა. წინა საღამოს აბაშიძესთან საუბარი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრა გადაიდო. მოგვიანებით დარეკა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. დილით ეს უცნაურად მოეჩვენა. აბაშიძე ტელეფონს იშვიათად თიშავდა. მაშინაც კი, როცა შეხვედრებზე იყო, შეტყობინებებს მალევე პასუხობდა. ნოდარმა ეს თავისთვის ასე ახსნა — შესაძლოა, უფროსს დასვენება სჭირდებოდა. თუმცა იმავე დროს იცოდა, რომ ასეთი ფიქრით მხოლოდ საკუთარ უხერხულობას აყუჩებდა. მანქანიდან გადმოვიდა და სახლამდე სწრაფი ნაბიჯით გაიარა. სადარბაზოში ავიდა და კარის ზარს დააჭირა. პასუხი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ დარეკა, უფრო ხანგრძლივად. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და აბაშიძის ნომერი აკრიფა. ბინიდან ზარის სუსტი ხმა გაისმა, მაგრამ კარი არავინ გააღო. — ბატონო გიორგი? — დაუძახა მან. მეზობლის ფანჯარა გაიღო. ხანში შესულმა ქალმა გარეთ გამოიხედა. — ვის ეძებთ? — გიორგი აბაშიძეს. სახლში უნდა იყოს. ქალმა მხრები აიჩეჩა. — დილიდან არაფერი გამიგია. არც გამოსულა. ნოდარი კარს მიუახლოვდა და სახელურს ფრთხილად შეეხო. კარი გაიღო. პირველი, რაც ნოდარმა შეამჩნია, დერეფნის იატაკზე დარჩენილი მუქი, გამხმარი ლაქა იყო, ფეხსაცმლის სველი კვალი. მისაღებში ყველაფერი მოწესრიგებული ჩანდა. ფარდები ნახევრად გადაწეულიყო, მაგიდაზე გაზეთები ისევ ერთმანეთის პარალელურად ეწყო. — ბატონო გიორგი? ნოდარი ოთახში შევიდა. თავდაპირველად ვერ მიხვდა, რას უყურებდა. აბაშიძე იატაკზე იწვა, მაგიდასთან ახლოს. ერთი ხელი სხეულის ქვეშ ჰქონდა მოქცეული, მეორე კი ოდნავ მოშორებით ედო. მისი სახე ფერმკრთალი იყო. თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა. ნოდარი ადგილზე გაშეშდა. — ბატონო გიორგი... საკუთარი ხმა თავადაც ვერ იცნო. ერთი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მეორე. თითქოს ჯერ კიდევ არსებობდა მცირე შესაძლებლობა, რომ აბაშიძე უბრალოდ ცუდად გამხდარიყო და რამდენიმე წამში თვალები გაეხილა. მუხლებზე დაეშვა, მაგრამ შეხება ვერ გაბედა. მხოლოდ მაშინ შენიშნა დაბალ მაგიდაზე გადაბრუნებული ჭიქა და მის გვერდით მეორე, თითქმის სავსე ჭიქა. ხალიჩის კიდესთან რამდენიმე ფურცელი ეყარა. ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ შეძვრალიყო. ნოდარმა ტელეფონი კანკალით ამოიღო. თითები ისე უთრთოდა, რომ ნომრის აკრეფა ორჯერ მოუწია. — პოლიცია მჭირდება, — თქვა, როგორც კი უპასუხეს. — მისამართს გეტყვით... აქ... აქ ადამიანი მკვდარია. ოპერატორის კითხვებს მექანიკურად პასუხობდა. მისამართი, სახელი, საკუთარი ვინაობა. შემდეგ უთხრეს, ადგილზე დარჩენილიყო და არაფერს შეხებოდა. ნოდარმა ტელეფონი ჩამოსწია. მისაღებში ისევ სიჩუმე იდგა. მან კარისკენ გაიხედა. კარი ბოლომდე ღია დარჩენილიყო. დერეფნიდან შემოსული დილის შუქი იატაკზე გრძელ ზოლად ეცემოდა. ნოდარმა უცებ იგრძნო, რომ ოთახში რაღაც აკლდა. არ იცოდა, რა. უბრალოდ, აბაშიძის სახლს კარგად იცნობდა. აქ რამდენჯერმე ყოფილიყო, სამუშაო დოკუმენტები გადაეცა, შეხვედრებს დასწრებოდა. იცოდა, სად ინახავდა აბაშიძე საქაღალდეებს, სად დებდა სათვალეს, როგორ აწყობდა მაგიდაზე ქაღალდებს. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ ოთახი მაინც სხვანაირად გამოიყურებოდა. ნოდარი სამუშაო ოთახისკენ წავიდა. კართან გაჩერდა. მაგიდა არეული იყო. უჯრის ერთი ნაწილი ღია დარჩენილიყო. რამდენიმე საქაღალდე იატაკზე ეყარა, თითქოს ვიღაცას სასწრაფოდ მოეძებნა რაღაც და შემდეგ ყველაფერი დაუფიქრებლად დაეტოვებინა. ნოდარი არაფერს შეხებია. მისი მზერა იატაკზე გაშლილ ერთ ფურცელზე შეჩერდა. ფურცელი სხვა დოკუმენტებისგან განცალკევებით ეგდო. ზედა კუთხე ოდნავ მოხრილი ჰქონდა. გვერდით ფეხსაცმლის სველი კვალი ჩანდა. ნოდარი დაიხარა, მაგრამ პოლიციის მითითება გაახსენდა და ხელი უკან წაიღო. ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტის რამდენიმე ხაზი შორიდანაც იკითხებოდა. ზედა ნაწილში ძველი თარიღი ეწერა, ქვემოთ — დოკუმენტის ნომერი. შუაში კი ერთი სახელი, რომელიც ნოდარს არაფერს ეუბნებოდა. მან თვალები მოჭუტა. სანდრო ქავთარაძე. სახელი თითქოს უცხო იყო, მაგრამ რატომღაც ნაცნობად ეჩვენა. შეიძლება სადღაც წაეკითხა. შეიძლება აბაშიძის ერთ-ერთ ძველ დოკუმენტში ენახა. ნოდარი ისევ გასწორდა. გარედან მანქანის კარის დახურვის ტყაპანი გაისმა. ქუჩაში ხმები ისმოდა — პოლიციის პირველი ეკიპაჟი მოვიდა. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა. ხოლო ოთახში, სადაც ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო, ერთი უცხო სახელი იდო იატაკზე — და ჯერ არავინ იცოდა, რატომ. ------ მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ისტორიით დაგიბრუნდით, იმედია დაგაინტერესებთ, ველი თქვენს მოსაზრებებს. სიყვარულით, მარიამი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


