ვირტუოზი (თავი 2)
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარსულს ისე ტოვებენ, როგორც ძველ ბინას, კარს კეტავენ, გასაღებს აბარებენ და დარწმუნებულები არიან, რომ იქ აღარასოდეს დაბრუნდებიან. დემიან ავალიანი ასეთი ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. მას წარსულისგან გაქცევა არასოდეს უცდია. უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მომდევნო თავები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ ძველი მოგონებების ხმა თანდათან ჩაიკარგა. ნიუ-იორკმა მას ბევრი რამ ასწავლა. ასწავლა, რომ ნიჭი მხოლოდ მაშინ ფასობს, როცა მისი გაყიდვაც იცი. რომ წარმატება ადამიანებს არ ცვლის, მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს, უფრო თამამად გამოავლინონ ის, რაც ყოველთვის იყვნენ. და რომ მარტოობა ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს ნომერშიც ისეთივე მოუხერხებელია, როგორიც ბავშვობის პატარა ოთახში. მაგრამ ერთი რამ ვერ ასწავლა. როგორ უნდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც ოდესღაც სრულიად სხვა ადამიანი იყო.
თვითმფრინავის ილუმინატორს მიღმა ღრუბლები იშლებოდა. დემიანი სავარძელში ნახევრად გადაწოლილიყო, ყურსასმენები ეკეთა და თვალები დახუჭული ჰქონდა. გვერდით პატარა მაგიდაზე ხელუხლებელი ყავა ედგა. ძილი არ უნდოდა. ბოლო დღეებში იმდენი საქმე მოეგვარებინა, რომ დასვენება ნამდვილად ეკუთვნოდა, მაგრამ გონება უცნაური სიჯიუტით უბრუნდებოდა თბილისს. უფრო სწორად, ერთ კონკრეტულ ადამიანს. ლივია ქავთარაძეს. მის შესახებ ინტერნეტში გაცილებით მეტი ინფორმაცია აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. რამდენიმე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება. სატელევიზიო ინტერვიუები. სასამართლო პროცესები. გავლენიანი ადამიანების გაბრაზებული განცხადებები და კომენტარები, რომლებშიც ქალს ხან არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდნენ, ხან ზედმეტ სითამამეში, ხანაც იმაში, რომ საკუთარი ადგილი არ იცოდა. დემიანს სწორედ ეს უკანასკნელი ბრალდება მოეწონა. ლივია სკოლაშიც არასოდეს ცნობდა იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები უწესებდნენ. ერთხელ, მეთერთმეტე კლასში, ისტორიის მასწავლებელს მთელი გაკვეთილი ეკამათა. არა იმიტომ, რომ მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვა სურდა, არამედ იმიტომ, რომ სახელმძღვანელოში აღმოჩენილ შეცდომაზე პასუხი ვერ მიიღო. დემიანი ბოლო მერხზე იჯდა და უყურებდა. მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ ადამიანში ყველაზე მიმზიდველი ზოგჯერ სწორედ ის თვისებაა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს. ლივიას საკუთარი სიმართლის ისეთი ჯიუტი რწმენა ჰქონდა, თითქოს სამყარო ვალდებული ყოფილიყო, მისთვის ანგარიში გაეწია. დემიანს კი საკუთარი სიმართლის არანაკლებ მტკიცე რწმენა გააჩნდა. ალბათ ამიტომაც ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ან იქნებ სწორედ ამიტომ ეძებდნენ ერთმანეთის ყურადღებას ასე გამუდმებით. მოგონებამ უნებლიეთ გააღიმა. ერთხელ ლივიას რვეულში მთელი გვერდი მისივე სახელით შეავსო. ლივია ქავთარაძე. ლივია ქავთარაძე. ლივია ქავთარაძე. ქვემოთ კი მიაწერა: „როცა გაიზრდები, მაინც ავალიანზე გათხოვდები და ამდენი წერა ტყუილად გამოგივა.“ მეორე დღეს საკუთარი მათემატიკის სახელმძღვანელოში დაკეცილი ფურცელი იპოვა. „დემო, თუ ოდესმე შენზე გავთხოვდები, ესე იგი კაცობრიობა გადაშენებულა და არჩევანი აღარ დამრჩენია.“ დემიანმა მაშინ იმდენი იცინა, რომ მასწავლებელმა კლასიდან გააძევა. ფურცელი კი არ გადაუგდია. რატომღაც. ზოგიერთი ნივთის შენახვის მიზეზს მხოლოდ წლების შემდეგ ხვდები. თუმცა იყო მოგონებებიც, რომელთაც ღიმილი არ მოჰქონდათ. გამოსაშვები საღამო. ლივიას თეთრი კაბა. მუსიკის ხმა, რომელიც დარბაზიდან დერეფანში აღწევდა. და მისი სახე. არა გაბრაზებული. არა ირონიული. არამედ ისეთი, როგორიც დემიანს მანამდე არასოდეს ენახა. იმ ღამეს რაღაც შეიცვალა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ცვლილების მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. დემიანმა თვალები გაახილა. ყურსასმენებში მუსიკა ისევ უკრავდა, მაგრამ აღარ უსმენდა. წარსულს ერთი საზიზღარი თვისება ჰქონდა, მაშინ ბრუნდებოდა, როცა დარწმუნებული იყავი, რომ მისგან აღარაფერი გჭირდებოდა. ლივია ქავთარაძეს ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა არასოდეს ჰქონია. სინამდვილეში, ხშირად საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებაც კი ეზარებოდა. მისი მაცივარი მუდმივად შეიცავდა პროდუქტების ისეთ უცნაურ კომბინაციას, რომ მათგან სადილის მომზადება მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მზარეულს ან სასოწარკვეთილ ადამიანს შეეძლო. სამუშაო მაგიდაზე დოკუმენტები ქაოსურად ეწყო, ტელეფონი თითქმის არასოდეს ჩუმდებოდა, ხოლო ძილი მის ცხოვრებაში უფრო შემთხვევითი სტუმარი იყო, ვიდრე ყოველდღიური აუცილებლობა. მაგრამ პროფესიულ საქმიანობაში სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა. ზუსტი. მომგმენი. სასტიკად ყურადღებიანი. შეეძლო საათობით ეკითხა ერთი და იგივე დოკუმენტი, სანამ უმნიშვნელო შეუსაბამობას არ აღმოაჩენდა. ადამიანების სიტყვებს კი არასოდეს ენდობოდა ისე, როგორც მათ ქმედებებს. რადგან სიტყვები ხშირად იმისთვის არსებობდა, რომ რაღაც დაემალა. ქმედებები კი, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ტოვებდა კვალს. იმ დილით სამუშაო ოთახში ჩვეულებრივზე ადრე მივიდა. რედაქციის შენობა ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი იყო. დერეფანში ახლად მოდუღებული ყავის სურნელი იდგა, ფანჯრებზე წვიმის წვეთები შრებოდა, ხოლო ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა. ლივიამ კომპიუტერი ჩართო. ეკრანზე დემიან ავალიანის საქაღალდე გამოჩნდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში მასზე იმდენი ინფორმაცია შეეგროვებინა, რომ უკვე შეეძლო საკმაოდ ვრცელი ბიოგრაფიული სტატიის დაწერა. მაგრამ ბიოგრაფიები არ აინტერესებდა. მას ის აინტერესებდა, რაც ოფიციალურ ბიოგრაფიებში არ იწერებოდა. ნიუ-იორკის მუსიკალური ფონდი, სახელწოდებით „აურორა“, რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დაფინანსებით იყო დაკავებული. ფონდის ღონისძიებებში დემიანი ხშირად მონაწილეობდა. მისი სახელი არაერთ საქველმოქმედო საღამოსა და კონცერტის პროგრამაში ფიგურირებდა. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. წარმატებული მუსიკოსი ახალგაზრდა ტალანტებს ეხმარებოდა. ლამაზი ისტორია. ზუსტად ისეთი, როგორსაც საზოგადოება სიამოვნებით იღებდა. მაგრამ ლივიამ დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ განსაკუთრებით ლამაზ ისტორიებს ზოგჯერ განსაკუთრებით მახინჯი გაგრძელება ჰქონდათ. ფონდის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან მოულოდნელად წასულიყო. შემდეგ საჯარო სივრციდან თითქმის მთლიანად გამქრალიყო. ამავე პერიოდში ერთ-ერთმა ახალგაზრდა პიანისტმა, რომელსაც ფონდი აფინანსებდა, დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსიდან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ოფიციალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. არაოფიციალურად კი რაღაც სხვა ხდებოდა. ლივიას ხელთ ჰქონდა ელექტრონული წერილის ასლი, რომლის ნამდვილობა ჯერ დასადგენი იყო. მასში ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაძლო ფინანსურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. და ერთ ადგილას დემიან ავალიანის გვარიც ფიგურირებდა. არა როგორც ბრალდებულის. არც როგორც მოწმის. უბრალოდ, როგორც ადამიანის, რომელმაც შესაძლოა რაღაც იცოდა. ლივიას ეს განსხვავება კარგად ესმოდა. სახელის ხსენება დანაშაულს არ ნიშნავდა. და ეჭვი მტკიცებულება არ იყო. მაგრამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სწორედ ის აღმოჩნდებოდა, ვისაც ოფიციალურ დოკუმენტებში ყველაზე უმნიშვნელო ადგილი ეკავა. მან წერილი კიდევ ერთხელ წაიკითხა. შემდეგ დემიანის ბოლო ინტერვიუ გახსნა. მამაკაცი ჟურნალისტის შეკითხვებს ჩვეულებრივი სიმსუბუქით პასუხობდა. ირონიულად იღიმოდა, ზოგჯერ განზრახ აჭიანურებდა პასუხს და ისე იქცეოდა, თითქოს მთელი ინტერვიუ მის გასართობად მოწყობილი პატარა წარმოდგენა ყოფილიყო. ლივიამ ვიდეო შეაჩერა. კადრში დემიანი პირდაპირ კამერას უყურებდა. რამდენიმე წამით ქალს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ეკრანიდან ისევ ის ბიჭი უყურებდა, რომელსაც მთელი ბავშვობა მისი გაბრაზება სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა ახლა ერთი განსხვავება იყო. დემიანს უკვე აღარ სჭირდებოდა სასკოლო ოინები ყურადღების მისაქცევად. მისი ყურადღება მილიონობით ადამიანს სურდა. და სწორედ ეს ხდიდა მას კიდევ უფრო აუტანელს. ლივიამ ვიდეო გამორთო. - ვნახოთ, დემო, რამდენად კარგად უკრავ სიმართლის კლავიშებზე... თბილისის აეროპორტში დემიან ავალიანს რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდა. ჟურნალისტები. ფოტოგრაფები. კონცერტის ორგანიზატორები. თაყვანისმცემლები, რომლებმაც როგორღაც მისი ჩამოფრენის დრო შეიტყვეს. დემიანს მსგავსი შეხვედრები არ უკვირდა. ადამიანის ცნობადობას ერთი უცნაური თვისება ჰქონდა - თანდათან საკუთარი პირადი სივრცის საზღვრებს კარგავდი, ხოლო სრულიად უცხო ადამიანები ისე გესალმებოდნენ, თითქოს წლების მეგობრობა გაკავშირებდათ. მაგრამ საქართველოში ყველაფერი სხვანაირად იგრძნობოდა. აქ მისი სახელი მხოლოდ საკონცერტო აფიშებზე არ ეწერა. აქ ოდესღაც ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მოსწავლე, რომელსაც გაკვეთილებზე ხშირად აგვიანდებოდა, მათემატიკა არ უყვარდა და სკოლის დირექტორის კაბინეტში იმდენჯერ იყო ნამყოფი, რამდენჯერაც ალბათ საპირფარეშოში. ახლა კი იმავე ქალაქში კამერების ციმციმით ხვდებოდნენ. დემიანმა მზის სათვალე მოიხსნა. რამდენიმე ფოტოსთვის შეჩერდა, ვიღაცას ავტოგრაფი მისცა, ახალგაზრდა გოგოსთან სელფი გადაიღო და ჟურნალისტების შეკითხვებს მოკლედ უპასუხა. მისი ღიმილი ბუნებრივი ჩანდა. სინამდვილეში, დემიანმა წლების განმავლობაში სრულყოფილად ისწავლა, როგორ უნდა ყოფილიყო მომხიბვლელი მაშინაც კი, როცა ადამიანებთან საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ნიკოლასი მის გვერდით მიდიოდა და განრიგს ამოწმებდა. - საღამოს ოფიციალური ვახშამია. ხვალ რეპეტიცია, შემდეგ პრესკონფერენცია. - პრესკონფერენციაზე ყველა ჟურნალისტი იქნება? - ალბათ. რატომ? - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - უბრალოდ მაინტერესებს, საქართველოში ჟურნალისტიკა ისევ ისეთივე მოსაწყენია თუ პროგრესი განიცადა. - ნიკოლასმა ეჭვით შეხედა. მას კარგად ესმოდა, რომ დემიანის თითქოს შემთხვევით დასმულ შეკითხვებს ხშირად სრულიად კონკრეტული მიზანი ჰქონდა. - რომელიმე ჟურნალისტს იცნობ? - ერთს. - მეგობარია? - დემიანს გაეცინა. - გააჩნია, მას ჰკითხავ თუ მე. ლივიამ მისი ჩამოსვლის კადრები ტელეფონში ნახა. მოკლე ვიდეო იყო. აეროპორტის გასასვლელი, კამერების შუქი, ჟურნალისტების შეკითხვები და შუაში დემიანი, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საკუთარი დაბადებითაც კი სამყაროსთვის დიდი პატივი დაედო. ლივიამ ვიდეო მეორედ ჩართო. არა იმიტომ, რომ მამაკაცის ყურება სიამოვნებდა. უბრალოდ, ადამიანების ქცევებზე დაკვირვება მისი პროფესიული ჩვევა იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე აუხსნა საკუთარ თავს. დემიანი იღიმოდა. მშვიდად საუბრობდა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ყველა ნიშანი ჰქონდა. მაგრამ ლივიამ შეამჩნია ერთი დეტალი. როცა ჟურნალისტმა ნიუ-იორკში ბოლო პერიოდის საქმიანობაზე ჰკითხა, დემიანის ღიმილი წამით შეიცვალა. თითქმის შეუმჩნევლად. თვალებში რაღაც ცივი გაუკრთა. შემდეგ ისევ გაიღიმა. ლივიამ ვიდეო შეაჩერა. ეს შეიძლებოდა არაფერს ნიშნავდა. შეიძლებოდა უბრალოდ დაღლილი იყო. ან შეკითხვა არ მოეწონა. მაგრამ ჟურნალისტის ინტუიცია ყოველთვის მტკიცებულება არ იყო და სწორედ ამიტომ არ ენდობოდა მას ბრმად. მან მხოლოდ პატარა ჩანაწერი გააკეთა. „ნიუ-იორკი. ბოლო საქმიანობა. რეაქცია.“ შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო. საღამოს რედაქტორისგან შეტყობინება მიიღო. დემიან ავალიანის პრესკონფერენციაზე მისი დასწრება დადასტურებული იყო. ლივიამ შეტყობინება წაიკითხა. და პირველად, მთელი ამ დღეების განმავლობაში, იგრძნო, რომ საქმესთან ერთად რაღაც პირადიც უახლოვდებოდა. ეს არ მოსწონდა. მას პროფესიულ ცხოვრებაში პირადი ემოციების ჩარევა არასოდეს უყვარდა. მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ადამიანს ეხებოდა, რომელსაც ოდესღაც მისი განწყობის გაფუჭება ერთ წინადადებაში შეეძლო. თუმცა ახლა ჩვიდმეტი წლის გოგო აღარ იყო. აღარც დემიანი იყო ის ბიჭი, რომელიც საკლასო ოთახში მის კალამს მალავდა. წლები გავიდა. ადამიანები შეიცვალნენ. სულ მცირე, ასე უნდა ყოფილიყო. დემიანის სასტუმროს ნომერი ქალაქს გადაჰყურებდა. საღამოს თბილისი განათებულიყო. ქუჩებში მანქანები მოძრაობდნენ, შენობების ფანჯრებიდან თბილი შუქი იღვრებოდა, შორს კი მთაწმინდის კონტური იკვეთებოდა. დემიანი აივანზე იდგა. ხელში ტელეფონი ეჭირა. ეკრანზე ლივია ქავთარაძის ჟურნალისტური გვერდი ჰქონდა გახსნილი. მის ბოლო სტატიას კითხულობდა. მკვეთრი ტექსტი იყო. ზუსტი. კარგად აგებული. არავითარი ზედმეტი ემოცია, არავითარი იაფფასიანი სენსაცია. ქალი ფაქტებს ისე ალაგებდა, რომ მკითხველს დასკვნის გაკეთების საშუალებას თავად უტოვებდა. დემიანმა სტატია ბოლომდე ჩაიკითხა. შემდეგ მეორედ გადახედა. უნდა ეღიარებინა, ლივია თავის საქმეში ნამდვილად კარგი იყო. ეს აღმოჩენა უცნაურად ესიამოვნა. ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში იცნობ, მეხსიერებაში ხშირად იმავე ასაკში რჩებიან. თითქოს დრო მხოლოდ შენთვის გადის, ისინი კი უცვლელად ცხოვრობენ ძველ საკლასო ოთახებში, სკოლის ეზოებსა და მოგონებების გაყვითლებულ ფურცლებზე. მაგრამ ლივია გაზრდილიყო. არა მხოლოდ ასაკით. მას საკუთარი ადგილი მოეპოვებინა სამყაროში. საკუთარი ხმა. საკუთარი გავლენა. და, როგორც ჩანდა, საკუთარი მტრებიც. დემიანს ყოველთვის მოსწონდა ადამიანები, რომლებიც სხვების უკმაყოფილების შიშით საკუთარ გზას არ ცვლიდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონაც ასეთი იყო. ტელეფონი დაბლოკა. რამდენიმე წამით ქალაქს უყურებდა. შემდეგ მოულოდნელად გაახსენდა გამოსაშვები საღამოს უკანასკნელი წუთები. ლივია მის წინ იდგა. თვალებში უყურებდა. და რაღაც უთხრა. სიტყვები ზუსტად ახსოვდა. სწორედ ეს იყო ყველაზე ცუდი. "შენ გგონია, ყველაფერი თამაშია, დემიან. მაგრამ ერთხელაც ვიღაცას მართლა ატკენ და მაშინ შენი ნიჭი ვეღარ გიშველის.“ მაშინ გაიცინა. როგორც ყოველთვის. რადგან ჩვიდმეტი წლის დემიან ავალიანს ეგონა, რომ სამყაროში არ არსებობდა ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მომხიბვლელი ღიმილით არ შეიძლებოდა. ახლა უკვე იცოდა, რომ ცდებოდა. მაგრამ იმ საღამოს მომხდარის გახსენება მაინც არ სურდა. ტელეფონი ისევ აიღო. ლივიას ფოტო გახსნა. გაეღიმა. - აბა, ქავთარაძე... ვნახოთ, რამდენად გაიზარდე. იმავე ღამით ლივიას ელექტრონულ ფოსტაზე უცნობი მისამართიდან წერილი მიუვიდა. სათაური არ ჰქონდა. ტექსტიც მოკლე იყო. „თუ დემიან ავალიანის შესახებ სიმართლის გაგება გინდა, ჰკითხე, რა მოხდა ნიუ-იორკში გასული წლის 16 ოქტომბერს.“ ქვემოთ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა. „და ნუ დაუჯერებ, როცა გეტყვის, რომ არაფერი იცის.“ ლივიამ წერილი რამდენჯერმე წაიკითხა. შემდეგ გამგზავნის მისამართი შეამოწმა. უცნობი. სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნილი ანგარიში. მსგავსი წერილები ხშირად მოსდიოდა. ზოგი გულწრფელი იყო, ზოგი, შურისძიების მცდელობა, ზოგი კი უბრალოდ ვიღაცის ცუდად მოფიქრებული ხუმრობა. მაგრამ ამ წერილში კონკრეტული თარიღი ეწერა. 16 ოქტომბერი. ლივიამ კალენდარი გახსნა. თარიღი ჩაინიშნა. შემდეგ დემიანის ფოტო კიდევ ერთხელ გამოიტანა ეკრანზე. მისი მზერა ამჯერად სრულიად სხვანაირი იყო. აღარ უყურებდა ძველ კლასელს. აღარც აუტანელ ბიჭს, რომელმაც ოდესღაც მისი ცხოვრების რამდენიმე წელი გამუდმებულ ნერვების მოშლად აქცია. ახლა მის წინ იდგა მამაკაცი, რომლის შესახებაც შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაეგო. და რომლის წარსულშიც, როგორც ჩანდა, გაცილებით მეტი რამ იმალებოდა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. ლივიამ ნოუთბუქი დახურა. ფანჯარასთან მივიდა. წვიმა შეწყვეტილიყო. ქალაქის თავზე ღამის სიჩუმე ჩამოწოლილიყო, თუმცა შორიდან მანქანების ხმაური ისევ ისმოდა. ხვალ დემიან ავალიანს შეხვდებოდა. თხუთმეტი წლის შემდეგ. საინტერესო იყო, რას იგრძნობდა მისი დანახვისას. ბრაზს? გულგრილობას? თუ იმ უცნაურ, აუხსნელ შეგრძნებას, რომელსაც ზოგჯერ წარსულიდან დაბრუნებული ადამიანები იწვევდნენ? ლივიამ საკუთარ ფიქრზე უკმაყოფილოდ გაიღიმა. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხვალ ის ჟურნალისტი იქნებოდა. დემიან ავალიანი კი - ადამიანი, რომელსაც შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევდა. და თუ რამე არსებობდა, რაც ლივიას წლების განმავლობაში არ შეცვლოდა, ეს ერთი მარტივი თვისება იყო: არ უყვარდა, როცა მის შეკითხვებს გაურბოდნენ. განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებსაც ეგონათ, რომ ერთი მომხიბვლელი ღიმილით ყველაფრის პატიება შეიძლებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



