ვირტუოზი (თავი 3)
დემიან ავალიანს საკუთარი თავის სიყვარულში არასოდეს გამოუჩენია მოკრძალება. სხვათა შორის, ამაში განსაკუთრებულ პრობლემასაც ვერ ხედავდა. მისი აზრით, ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლის ნახევარს იმაში ხარჯავდა, რომ სხვებისთვის საკუთარი მნიშვნელობა დაემტკიცებინა, მეორე ნახევარს კი, იმის უარყოფაში, რომ ეს მნიშვნელობა საერთოდ აინტერესებდა. დემიანს ასეთი წინააღმდეგობები არ აწუხებდა. მოსწონდა საკუთარი გარეგნობა, საკუთარი ნიჭი, საკუთარი ცხოვრება და ის კომფორტი, რომლის მოსაპოვებლადაც წლების განმავლობაში თითქმის არაადამიანურად შრომობდა. მოსწონდა ძვირადღირებული სასტუმროები, სუფთა თეთრეული, დიდი ფანჯრები, საიდანაც ქალაქი ხელისგულივით ჩანდა, და განსაკუთრებით იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთელი სამყარო კარს მიღმა დაეტოვებინა. სწორედ ამიტომ გაატარა თბილისში დაბრუნების პირველი ღამე სასტუმროში. არა იმიტომ, რომ საქართველოში სახლი არ ჰქონდა. პირიქით. თბილისში ჰყავდა მშობლები, უმცროსი და, ნათესავების მთელი არმია და იმდენი ადამიანი, რომელთაც მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად სუფრის გაშლა სურდათ, რომ მათი ერთდროულად გამასპინძლება საშუალო ზომის რესტორანსაც გაუჭირდებოდა. უბრალოდ, დემიანმა მშვენივრად იცოდა, რას ნიშნავდა სახლში დაბრუნება. დედის ჩახუტება. მამის შეკითხვები. დის დაუსრულებელი დაცინვა. ნათესავების ზარები.
მეზობლების მოულოდნელი სტუმრობა. და აუცილებლად ვინმე, ვინც იკითხავდა, "ცოლი რატომ არ მგოგყავს". თორმეტსაათიანი მგზავრობის, აეროპორტის ხმაურისა და ათობით უცხო ადამიანის ღიმილის შემდეგ დემიანს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რამდენიმე საათით არავის არაფერი მოეთხოვა მისგან. ამიტომაც სასტუმროს ყველაზე კომფორტული ნომერი აირჩია, ცხელი შხაპი მიიღო, ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა და საკუთარი ეგოიზმით სრულიად კმაყოფილმა დაიძინა. დილით კი დედის თერთმეტი გამოტოვებული ზარი დახვდა. და ერთი შეტყობინება დისგან: „თუ ცოცხალი ხარ, დედას დაურეკე. თუ მკვდარი ხარ, მაინც დაურეკე, თორემ შენს დაკრძალვასაც თვითონ დაგეგმავს.“ დემიანს გაეცინა. საკუთარი ოჯახი ერთადერთი აუდიტორია იყო, რომელზეც მისი მსოფლიო აღიარება თითქმის არ მოქმედებდა. ავალაინების სახლი ვაკის ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე იდგა. ძველი, ორსართულიანი შენობა იყო დიდი აივნით, ხის კიბეებითა და ეზოთი, სადაც გაზაფხულობით იასამანი ყვაოდა. დემიანის ბავშვობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოგონება ამ სახლს უკავშირდებოდა. პირველი ველოსიპედი. პირველი გატეხილი ფანჯარა. პირველი ტყუილი, რომლის გამოც მამამ მთელი კვირით აუკრძალა გარეთ გასვლა. და პირველი პიანინო. შავი, ოდნავ გაცვეთილი ინსტრუმენტი, რომელიც მისაღები ოთახის კუთხეში იდგა და რომლის კლავიშებზეც ექვსი წლის დემიანმა პირველად აღმოაჩინა, რომ ბგერებს ზოგჯერ სიტყვებზე გაცილებით მეტი ძალა ჰქონდათ. მაშინ ჯერ არ იცოდა, რას ნიშნავდა ვირტუოზობა. არც ის იცოდა, რომ ერთ დღეს მისი თითების მოძრაობას ათასობით ადამიანი სუნთქვაშეკრული დააკვირდებოდა. უბრალოდ, უკრავდა. იმიტომ, რომ მუსიკის გარეშე სამყარო რაღაცნაირად დაუმთავრებელი ეჩვენებოდა. სახლში შესვლისთანავე ნაცნობი სურნელი იგრძნო. ახლად გამომცხვარი ხაჭაპური. ყავა. დედის სუნამო. და ბავშვობის ის აუხსნელი სიმყუდროვე, რომელსაც ვერანაირი ძვირადღირებული ინტერიერი ვერ იმეორებდა. დედა სამზარეულოდან გამოვიდა. მარინა ავალიანი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც შვილის ასაკი მხოლოდ საბუთებში ახსოვდათ. მისთვის დემიანი ისევ ის ბიჭი იყო, რომელიც ბავშვობაში ხეზე ადიოდა, მერე ჩამოსვლის ეშინოდა და დახმარების ნაცვლად ამტკიცებდა, აქ ყოფნა მინდოდაო. ქალმა რამდენიმე წამით შეხედა. შემდეგ ჩაეხუტა. ისე ძლიერად, თითქოს თხუთმეტი წლის განმავლობაში დაგროვილი ყველა მონატრება ერთ ჩახუტებაში უნდა ჩაეტია. დემიანმა თვალები დახუჭა. უცნაური იყო. მსოფლიოს ყველაზე დიდ დარბაზებში ათასობით ადამიანის აღფრთოვანება არასოდეს ანიჭებდა იმ სიმშვიდეს, რომელსაც დედის ხელების უბრალო შეხება იწვევდა. - სასტუმროში რატომ გაჩერდი? - პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს აღმოჩნდა. - დედა, მეც მიხარია შენი ნახვა. - სახლში საწოლი არ გაქვს? - მაქვს, მაგრამ სასტუმროში ოთახის მომსახურებაც მოჰყვება. - მარინამ ისეთი მზერით შეხედა, რომ დემიანს გაეცინა. - კარგი, ვაღიარებ. მომენატრე. - იმდენად, რომ მთელი ღამე ტელეფონი გამორთული გქონდა? - სიყვარულს ზოგჯერ დისტანცია უხდება. - შენს თავთან დისტანციასაც რომ სცადო, არ გაწყენდა. - ეს უკვე მისი უმცროსი და, ანა იყო. კიბეზე ჩამოდიოდა, ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელიც დემიანს ბავშვობიდანვე პრობლემებს უქმნიდა. ოცდაექვსი წლის ანა ავალიანი ძმისგან განსხვავებით არანაირ სურვილს არ განიცდიდა, საკუთარი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაეტარებინა. არქიტექტორი იყო. მშვიდი, დაკვირვებული და საოცრად ნიჭიერი იმაში, რომ დემიანის თავდაჯერება ერთი წინადადებით დაემიწებინა. - პატარა ურჩხულო. - დემიანმა ხელები გაშალა. ანა ჩაეხუტა. შემდეგ უკან დაიხია და ძმას თავიდან ფეხებამდე შეავლო თვალი. - ტელევიზორში უფრო მაღალი ჩანხარ. - შენ კი ბავშვობაში უფრო საყვარელი იყავი. - იმიტომ, რომ მაშინ ჯერ არ ვიცოდი, როგორი აუტანელი ხარ. - დემიანმა დას შუბლზე აკოცა. ამ სახლში ყველაფერი თავის ადგილზე იყო. და ეს უცნაურად სიამოვნებდა. მამა მისაღებ ოთახში დახვდა. ალექსანდრე ავალიანი ყოფილი ინჟინერი იყო, რომელსაც საკუთარი ემოციების გამოხატვა არასოდეს ეხერხებოდა ისე თავისუფლად, როგორც მეუღლეს. შვილით ამაყობდა. შესაძლოა იმაზე მეტადაც, ვიდრე ოდესმე აღიარებდა. მაგრამ დემიანის წარმატების შესახებ საუბრისას ყოველთვის ერთი და იგივე თავშეკავებული გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს შვილის მსოფლიო აღიარება უბრალოდ ბუნებრივი შედეგი ყოფილიყო იმ შრომისა, რომელსაც ბავშვობიდან ადევნებდა თვალს. მამა წამოდგა. ხელი ჩამოართვა. შემდეგ მხარზე ხელი დაადო. მათ შორის სიყვარულს ზედმეტი სიტყვები არასოდეს სჭირდებოდა. დემიანმა ოთახს თვალი მოავლო. კუთხეში ისევ ის ძველი პიანინო იდგა. მისი დანახვისას რაღაც შეეცვალა. წლების განმავლობაში უამრავ ინსტრუმენტზე დაეკრა. იშვიათ, ძვირადღირებულ როიალებზე, რომელთა ხმოვანებას საუკეთესო ოსტატები ამოწმებდნენ. მაგრამ ამ გაცვეთილ პიანინოსთან რაღაც ისეთი აკავშირებდა, რასაც ვერანაირი სრულყოფილი ჟღერადობა ვერ შეცვლიდა. მიუახლოვდა. სკამზე ჩამოჯდა. თითები კლავიშებზე დააწყო. პირველი ბგერა ოდნავ არასწორად გაიჟღერა. ინსტრუმენტი ასაწყობი იყო. დემიანს გაეღიმა. ცხოვრებაში პირველად სწორედ ამ პიანინომ ასწავლა, რომ სრულყოფილება ყოველთვის სილამაზეს არ ნიშნავდა. ზოგჯერ ოდნავ არასწორი ბგერაც კი შეიძლებოდა ყველაზე ძვირფასი ყოფილიყო. რამდენიმე ტაქტი დაუკრა. ძველი მელოდია. მარტივი. ბავშვობიდან ნაცნობი. დედა კართან გაჩერდა. ანა დივანზე ჩამოჯდა. მამამ გაზეთი გადადო. არავინ არაფერი თქვა. და დემიანმა პირველად იგრძნო, რომ სახლში ნამდვილად დაბრუნდა. ლივია ქავთარაძეს დილა ცუდად დაეწყო. არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა. უბრალოდ, იმ ღამით თითქმის არ ეძინა. უცნობი გამგზავნის წერილი გონებიდან ვერ ამოეგდო. 16 ოქტომბერი. თარიღი არაფერს ეუბნებოდა. ნიუ-იორკში იმ დღეს უამრავი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. კონცერტი, საქმიანი შეხვედრა, ფინანსური გარიგება, ვიღაცის პირადი ტრაგედია. მაგრამ წერილის ავტორს რატომღაც სწორედ დემიან ავალიანის სახელი დაეკავშირებინა მასთან. ლივიამ რამდენიმე საათი გაატარა ღია წყაროებში. ფონდის საჯარო ანგარიშები შეამოწმა. კონცერტების არქივები. სოციალური ქსელები. მუსიკალური გამოცემები. და ბოლოს ერთ პატარა დეტალს მიაგნო. გასული წლის 16 ოქტომბერს „აურორას“ ფონდის დახურული საქველმოქმედო საღამო გამართულიყო. დემიან ავალიანი მოწვეულ შემსრულებელთა შორის იყო. ოფიციალურ ფოტოებზე იღიმოდა. შავ კოსტიუმში გამოწყობილი, ხელში შამპანურის ჭიქით, ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად. ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული საღამო. მაგრამ ღონისძიების მეორე დღეს ერთ-ერთ ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი სოციალური ქსელები წაეშალა. რამდენიმე კვირაში კი მისი სახელი ფონდის ვებგვერდიდანაც გაქრა. ლივიამ ფოტო გაადიდა. ახალგაზრდა ქალი იყო. დაახლოებით ოცდაორი წლის. მუქი თმით, ფერმკრთალი სახითა და ისეთი სერიოზული მზერით, რომელიც კამერის წინ უხერხულობას უფრო გამოხატავდა, ვიდრე სიამოვნებას. ელიზა მორგანი. პიანისტი. „აურორას“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტიპენდიატი. ლივიამ სახელი ჩაინიშნა. შემდეგ მისი ბოლო საჯარო ინტერვიუ მოძებნა. გოგონა მუსიკაზე საუბრობდა. საკუთარ ოცნებებზე. იმაზე, როგორ უნდოდა ერთ დღეს დიდ სცენაზე დაკვრა. ინტერვიუ 16 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ჩაწერილი. შემდეგ - თითქმის სრული სიჩუმე. ლივიას გამოცდილებით, ადამიანების მოულოდნელი გაქრობა საჯარო სივრციდან ყოველთვის დანაშაულს არ ნიშნავდა. ზოგჯერ ისინი უბრალოდ იღლებოდნენ. ზოგჯერ ცხოვრებას ცვლიდნენ. ზოგჯერ კი ვიღაც ან რაღაც აიძულებდათ, გაჩუმებულიყვნენ. ჯერ არ იცოდა, ამ სამიდან რომელ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელი იყო. ელიზა მორგანის მოძებნა მოუწევდა. პრესკონფერენცია ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში იმართებოდა. დარბაზში ყველაფერი საგულდაგულოდ იყო გათვლილი. განათება. სცენის გაფორმება. დემიანის უზარმაზარი პორტრეტი. შავი როიალი, რომელიც დეკორაციის ნაწილად დაედგათ და რომლის დანახვაზეც ლივიას უნებლიეთ გაეღიმა. ადამიანებს მართლაც საოცარი უნარი ჰქონდათ, ხელოვნება ძვირადღირებულ შეფუთვად ექციათ. ჟურნალისტები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. ვიღაც კამერას ამოწმებდა. ვიღაც შეკითხვებს იმეორებდა. ვიღაც კი უკვე ცდილობდა გაერკვია, რომელ ცნობილ ქალთან ჰქონდა დემიანს უკანასკნელი რომანი. ლივია დარბაზის შუა ნაწილში დაჯდა. შავი შარვალი, ღია ფერის აბრეშუმის პერანგი და მკაცრი, თუმცა დახვეწილი პიჯაკი ეცვა. მუქი თმა თავისუფლად ჩამოშლოდა მხრებზე. გარეგნობაზე ზრუნვა უყვარდა, მაგრამ არასოდეს ცდილობდა, სილამაზე პროფესიული უპირატესობის შემცვლელად გამოეყენებინა. იცოდა, რომ ლამაზი იყო. ისიც იცოდა, რომ ზოგიერთ მამაკაცს ეს ფაქტი ხელს უშლიდა მის შეკითხვებზე კონცენტრირებაში. და, სიმართლე რომ ითქვას, მათი დაბნეულობა დიდად არ აწუხებდა. მაგიდაზე ბლოკნოტი დადო. ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა. და დაელოდა. დემიანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გამოჩნდა. რასაკვირველია. ლივიას არც კი გაჰკვირვებია. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იგვიანებდნენ იმიტომ, რომ დროს ვერ აკონტროლებდნენ. და არსებობდნენ ისეთებიც, რომელთაც მოსწონდათ, როცა სხვები ელოდნენ. დემიან ავალიანი, მისი აზრით, მეორე კატეგორიის კლასიკური წარმომადგენელი იყო. დარბაზში შესვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგის ზედა ღილი შეხსნილი ჰქონდა, თმა კი ისევ იმ მოჩვენებითი დაუდევრობით იყო დავარცხნილი, რომელსაც, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირადღირებული სტილისტი ქმნიდა. ლივიამ თვალები ოდნავ მოჭუტა. ღმერთო, რამდენი შრომა სჭირდებოდა ზოგიერთ მამაკაცს იმისთვის, რომ ისეთი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, თითქოს საერთოდ არ შრომობდა. დემიანი მაგიდასთან დაჯდა. მიკროფონი შეისწორა. გაიღიმა. და დარბაზს თვალი მოავლო. თავდაპირველად ჩვეულებრივ. მექანიკურად. შემდეგ მისი მზერა ერთ წერტილში შეჩერდა. ლივია. რამდენიმე წამი ერთმანეთისკენ იყურებოდნენ. თხუთმეტი წელი. სრულიად განსხვავებული ცხოვრება. სხვადასხვა ქალაქები, ადამიანები, გამოცდილებები. და მაინც, იმ წამს ორივემ თითქმის ერთდროულად იგრძნო რაღაც უცნაური. თითქოს დრომ, რომელსაც მათი შეცვლა უნდა მოეხერხებინა, მოულოდნელად უკან დაიხია. დემიანის გაეღიმა. ლივიამ ეს ღიმილი იცნო. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა სკოლაში, როცა რაღაც სისულელეს აპირებდა. ქალმა მზერა მშვიდად აარიდა. დემიანს კი გაეღიმა. არა იმ ღიმილით, რომელსაც ფოტოგრაფებისთვის იყენებდა. სხვანაირად. გულწრფელად. თითქოს მოულოდნელად რაღაც ძალიან ძველი და ძალიან სასიამოვნო სათამაშო ეპოვა. პრესკონფერენცია დაიწყო. შეკითხვები ძირითადად მუსიკას ეხებოდა. შემოქმედებით გეგმებს. საქართველოში დაბრუნებას. ახალ პროექტებს. დემიანი პასუხობდა მშვიდად, თავდაჯერებით, ზოგჯერ იუმორით. ლივია უსმენდა. აკვირდებოდა მის ხელებს. მზერას. იმ მცირე პაუზებს, რომლებსაც პასუხის გაცემამდე აკეთებდა. მამაკაცის ხმის ტემბრიც კი შეცვლილიყო. დაბალი, ოდნავ ხრინწიანი გამხდარიყო. უცნაურად სასიამოვნო მოსასმენი. ლივიამ საკუთარ თავს გონებაში მკაცრად შეუტია. მისი ხმის შესაფასებლად არ მოსულხარ. ბოლოს შეკითხვების დასმის დრო მასაც მიეცა. ლივია წამოდგა. დემიანმა მაშინვე შეხედა. და ამჯერად ღიმილი აღარ დაუმალავს. - ბატონო დემიან. - დაიწყო ქალმა მშვიდად. - თქვენი საერთაშორისო კარიერა არაერთ საქველმოქმედო პროექტს უკავშირდება. მათ შორის „აურორას“ ფონდსაც. მაინტერესებს, რამდენად აქტიურად მონაწილეობთ ფონდის საქმიანობაში კონცერტების მიღმა? - დემიანის სახეზე არაფერი შეცვლილა. მაგრამ მის გვერდით მჯდომმა ნიკოლასმა კალამი მაგიდაზე დადო. ეს პატარა მოძრაობა ლივიას არ გამოჰპარვია. დემიანმა რამდენიმე წამით შეხედა. შემდეგ მიკროფონს მიუახლოვდა. - გააჩნია, აქტიურობაში რას გულისხმობთ. - გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას. დაფინანსების პროცესს. ახალგაზრდა მუსიკოსების შერჩევას. - ჩემი მთავარი პროფესია მუსიკაა, ქალბატონო... - წამით შეჩერდა. თითქოს გვარის გახსენებას ცდილობდა. ლივიამ თვალები ოდნავ მოჭუტა. ეს თამაში მშვენივრად იცნო. - ქავთარაძე. - დიახ, ქალბატონო ქავთარაძე. - დემიანმა ისეთი ღიმილით გაიმეორა მისი გვარი, თითქოს ამ სიტყვას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. - და, როგორც მუსიკოსს, მირჩევნია ახალგაზრდებს სცენაზე დავეხმარო, ვიდრე ბუღალტრულ დოკუმენტებში ვიქექო. - დარბაზში რამდენიმე ადამიანს გაეღიმა. ლივიას ზ არა. - ანუ ფონდის ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას არ იღებთ? - დემიანმა მზერა არ მოაშორა. - პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიღებ იმაზე, რასაც თავად ვაკეთებ. - პასუხი ზუსტი იყო. და ამავდროულად არაფერს ამბობდა. ლივიამ ბლოკნოტი დახურა. - გასაგებია. მადლობა. - დაჯდა. დემიანმა კი კიდევ რამდენიმე წამით უყურა. ქალის შეკითხვამ არ გააკვირვა. გააკვირვა იმან, თუ რამდენად სწრაფად გაახსენდა ძველი შეგრძნება. ლივიასთან საუბარი ყოველთვის პატარა ომს ჰგავდა. და დემიანს ომები უყვარდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგე დანებებას არ აპირებდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლივია დარბაზიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. განზრახ. არ სურდა ძველი ნაცნობობის გამო ზედმეტი ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მით უმეტეს, როცა საქმე პროფესიულ გამოძიებას ეხებოდა. დერეფანში უკვე თითქმის გასული იყო, როცა ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. - ქავთარაძე. - გაჩერდა. ნელა შემობრუნდა. დემიანი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო. სახეზე ის აუტანლად კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც ლივიას ბავშვობიდან ახსოვდა. ახლოდან კიდევ უფრო შეცვლილიყო. მაღალი იყო. უფრო მაღალი, ვიდრე ახსოვდა. მხრებიც დახვეწოდა. მაგრამ თვალებში ისევ ის თავხედური ნაპერწკალი უკრთოდა. ლივიამ ეს ყველაფერი წამებში შეამჩნია. და მაშინვე გადაწყვიტა, რომ არცერთი დეტალი არ იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას. - დემიან. - მამაკაცმა წარბი ასწია. - რა ოფიციალური ხარ. გული მეტკინა. - როგორმე გადაიტან. - დემიანს გაეცინა. სწორედ ასეთი ახსოვდა. მკვეთრი. მშვიდი. და საოცრად ნიჭიერი იმაში, რომ ადამიანს საკუთარი უპირატესობის განცდა რამდენიმე სიტყვით წაერთმია. - თხუთმეტი წელი გავიდა, ლივია. - კალენდარსაც ვიყენებ, მადლობა. - და ისევ ისეთი თბილი ხარ. - შენ კი ისევ ისეთი მოკრძალებული. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. უცნაური სიჩუმე. არა უხერხული. უფრო ისეთი, რომელშიც ზედმეტად ბევრი რამ იყო სათქმელი. დემიანმა ქალი ყურადღებით შეათვალიერა. არა გამომწვევად. არც ისე, როგორც ქალებს ჩვეულებრივ უყურებდა. ამ მზერაში რაღაც სხვა იყო. ცნობისმოყვარეობა. გაკვირვება. და წარსულის იმ ნაწილის ამოცნობის მცდელობა, რომელიც მის წინ სრულიად ახალი სახით იდგა. ლივიამ მზერა არ აარიდა. - რამე გჭირდება? - წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება უბრალოდ შენი ნახვა გამიხარდა. - ასაკთან ერთად აშკარად ფანტაზია გაგიმდიდრდა. - დემიანმა თავი ოდნავ დახარა. გაიღიმა. - ისევ ვერ მიტან? - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ისეთი მშვიდი გამომეტყველებით უპასუხა, თითქოს ამ შეკითხვაზე ფიქრი საერთოდ არ სჭირდებოდა. - დემო, შენს მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად მიზეზი ჯერ არ მოგიცია. - დემიანი გაშეშდა. მხოლოდ წამით. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა. დემო. თხუთმეტი წლის შემდეგ. ეს სახელი მისგან ისევ ისე ჟღერდა, როგორც ოდესღაც. ოდნავ დამცინავად. ოდნავ გამაღიზიანებლად. და რატომღაც წარმოუდგენლად ნაცნობად. - ღმერთო, როგორ მომნატრებია შენი საზიზღარი ხასიათი. - ლივიამ წარბი ასწია. - ეს უკვე სერიოზული დიაგნოზია. კარგი ექიმი მოძებნე. - შემდეგ გვერდი აუარა. დემიანს მისი შეჩერება არ უცდია. მხოლოდ უყურებდა, როგორ მიდიოდა დერეფანში. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა მარმარილოს იატაკზე მკაფიოდ ისმოდა. ქალს არც ერთხელ მოუხედავს უკან. დემიანმა ნელა ამოისუნთქა. ტუჩებზე ღიმილი ჯერ კიდევ შერჩენოდა. რამდენიმე წამით ისევ ჩვიდმეტი წლის ბიჭად იგრძნო თავი. იმ განსხვავებით, რომ ახლა მშვენივრად ესმოდა, რატომ უყვარდა ლივიას გაღიზიანება ასე ძალიან. და ეს აღმოჩენა სულაც არ იყო დამამშვიდებელი. საღამოს ლივიამ პრესკონფერენციის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოისმინა. დემიანის პასუხები ზუსტი იყო. ფრთხილი. არაფერი ისეთი, რაც პირდაპირ ეჭვს გაამყარებდა. მაგრამ ერთი დეტალი არ ასვენებდა. როცა „აურორას“ ფონდის საქმიანობაზე ჰკითხა, ნიკოლასმა კალამი დადო. დემიანმა კი პასუხამდე ძალიან მცირე პაუზა გააკეთა. შესაძლოა ეს არაფერს ნიშნავდა. შესაძლოა ყველაფერი მხოლოდ მისი პროფესიული ეჭვიანობის შედეგი იყო. მაგრამ ლივიამ გადაწყვიტა, რომ ელიზა მორგანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეძიებინა. სწორედ მაშინ მიიღო კიდევ ერთი შეტყობინება. ამჯერად უცნობი ნომრიდან. „16 ოქტომბერს მხოლოდ ფინანსური გარიგება არ მომხდარა. იმ ღამეს ვიღაცის კარიერა დასრულდა. ჰკითხე ავალიანს, რატომ დატოვა ღონისძიება შუაღამემდე.“ ლივიამ შეტყობინება წაიკითხა. შემდეგ კიდევ ერთხელ. ფანჯრის მიღმა ქალაქი ღამის განათებაში იძირებოდა. მის წინ დემიან ავალიანის ფოტო იდო. მამაკაცი იღიმოდა. თავდაჯერებულად. თითქოს სამყაროში არაფერი არსებობდა, რაც მის სიმშვიდეს დაარღვევდა. ლივიამ ფოტო გვერდით გადადო. მან ჯერ არ იცოდა, რომ ამ გამოძიებაში ყველაზე რთული სიმართლის პოვნა კი არ იქნებოდა. ყველაზე რთული იმის გარკვევა აღმოჩნდებოდა, რამდენად შეეძლო ნდობა ადამიანისა, რომელმაც ოდესღაც უკვე ასწავლა, რომ ერთი და იგივე ღიმილი ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავდა. და დემიან ავალიანს, რომელიც იმავე საღამოს ოჯახურ სახლში ძველ პიანინოსთან იჯდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ წარსულის ორი სრულიად განსხვავებული ისტორია ნელ-ნელა ერთმანეთისკენ მიიწევდა. ერთი - თბილისიდან. მეორე - ნიუ-იორკიდან. ორივეს ერთი საერთო ჰქონდა. სიჩუმე. და ორივე სიჩუმის დარღვევას აპირებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


