შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემნები წესების გარეშე /სრულად/


დღეს, 09:25
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 173

- აბა? - ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ღიმილით გახედა ქალს.
- სად მივდივართ? - ღვედი შეიკრა ქალმა.
- გამომართვი.
- ეს რა არის?
- მონეტა. ყოველ მოსახვევთან ააგდე.
- რისთვის?
- თუ გერბი ამოვა, მარჯვნივ მივდივართ, თუ ციფრი მარცხნივ.
- რაა? - გაეცინა ქალს.
- ორნიშნა ციფრი მითხარი, ენ. - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
- 40.
- ბანალურია, ჩემი ასაკის აფიშირება. კარგი, იყოს 40. გამოდის, მეორმოცე შესახვევში ვჩერდებით.
- რა სისულელეა. - სიცილს ვეღარ იკავებდა ქალი.
- ვითომ? - მშვიდად გაუღიმა მამაკაცმა. - რესტორნის დაჯავშნა სჯობდა, არა? გაპრანჭული საზოგადოება და კერძების არომატი. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა ავტომობილის სალონში, ისეთი სიჩუმე, რომელიც უხერხული კი არა, რაღაცის დასაწყისს ჰგავს. თითქოს საღამო ჯერ კიდევ კართან იდგა და ელოდა, როდის შეუშვებდნენ შიგნით. ქალი ხელისგულზე დადებულ მონეტას უყურებდა. პატარა, ცივი მეტალის ნაჭერს, რომელსაც სრულიად შემთხვევით უნდა გადაეწყვიტა, საით წავიდოდნენ. სასაცილო იყო, ზოგჯერ ადამიანები ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზებს დიდხანს არჩევენ, ყველაზე უმნიშვნელოს კი ბედს ანდობენ. ამ საღამოს კი თითქოს პირიქით გადაწყვიტეს, არც გეგმას ეკითხებოდნენ, არც გონებას, მიმართულებას მონეტას აბარებდნენ. გაეღიმა. თითქოს ამ პატარა თამაშში რაღაც ბავშვური თავისუფლება იმალებოდა, უფლება, რამდენიმე საათით არ სცოდნოდა, სად მიდიოდა. მონეტა ააგდო. წამით ჰაერში დატრიალდა, სალონის მკრთალი შუქი აირეკლა და ისევ მის ხელისგულზე დაეცა.
- გერბი. - თქვა მხიარულად.
- ანუ პირველი შესახვევი მარჯვნივ. - ძრავი აამუშავა მამაკაცმა და გზას გახედა.
ქალს მონეტა ისევ ხელისგულში მოექცია. თითებით ნელა ათამაშებდა და ღიმილით აკვირდებოდა მამაკაცს. ჯერ მხოლოდ პირველი მოსახვევი იყო.
წინ კიდევ ოცდაცხრამეტი რჩებოდა და არც ერთმა მათგანმა იცოდა, სად მიიყვანდა მეორმოცე.
ცენტრალურ ქუჩებს ოცდამესამე გადასახვევში გასცდნენ. ქალაქის ხმაური ნელ-ნელა უკან დარჩათ, ჯერ შენობები შეთხელდა, მერე შუქნიშნები დაიკარგა, ბოლოს კი გზაც თითქოს გათავისუფლდა თბილისისგან. ახლა უკვე უფრო ბედს მინდობილები, უფრო ხმაურიანი სიცილით მიუყვებოდნენ მონეტის მიერ ნაკარნახევ გზას. თავიდან თამაში იყო, მარჯვნივ თუ მარცხნივ, გერბი თუ ციფრი, ახლა კი თითქოს მონეტამაც თავისი ხასიათი გამოაჩინა და ჯიუტად მიათრევდა ორივეს იქით, სადაც საღამოს დასაწყისში არც ერთს მოუვიდოდა აზრად წასვლა. ყოველ ახალ მოსახვევთან ქალი მონეტას აგდებდა, მამაკაცი კი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მის განაჩენს.
მარჯვნივ.
მარცხნივ.
ისევ მარჯვნივ. რაც უფრო შორდებოდნენ ნაცნობ ქუჩებს, მით უფრო თავისუფლდებოდა მათი სიცილი. თითქოს ქალაქში, მათთან ერთად, რაღაც უხილავი წესებიც დატოვეს, სად უნდა წახვიდე, როგორ უნდა გაატარო საღამო, რა ითვლება კარგ პაემნად და რა სისულელედ. და აი, ისიც, მეორმოცე შესახვევი. სადღაც გადაკარგულში, ქალაქიდან შორს. ხრეშიანი გზა. ალაგ-ალაგ მიმოფანტული სახლები, ჩამქრალი ფანჯრები და ისეთი სიჩუმე, ქალაქის ცენტრში რომ თითქმის აღარ არსებობს. ირგვლივ სრულიად არაფერი ჩანდა, ერთი უბნის პატარა ჯიხურის გარდა, რომლის ვიტრინიდან გადმოსული მკრთალი შუქი სიბნელეში თითქმის ღირსშესანიშნაობას ჰგავდა. ავტომობილიც მის წინ გააჩერა მამაკაცმა. ძრავი ჩააქრო და ქალს შეხედა. ქალს სახეზე ერთდროულად ყველა ემოცია ასახვოდა, გაოცება, სიცილი, მცირედი უნდობლობა და ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, რომელიც ადამიანში მაშინ იღვიძებს, როცა წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდება შემდეგ. მამაკაცმა ჯიხურისკენ გაიხედა, მერე ისევ ქალს მიუბრუნდა.
- ეს, ჩემო კარგო, თბილისის საუცხოო ბარია.
- დარწმუნებული ხარ, რომ თბილისში ვართ? - იცინოდა ქალი.
- რას ინებებთ? სუშს, ხინკალს თუ რამე უფრო მსუბუქ სალათს? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მამაკაცმა. - და ღვინოს ტრადიციულად წითელს ხომ? -
ქალმა კიდევ ერთხელ გახედა ჯიხურს, თითქოს მართლა ცდილობდა იქ სადმე სუშის მენიუ ან ღვინის ბარათი აღმოეჩინა.
- აფრენ, იცი?
- დავბრუნდეთ? - გაუღიმა მამაკაცმა. ქალს პასუხი მაშინვე არ გაუცია.
ჯიხურის ვიტრინა შეათვალიერა. რამდენიმე წამით იქ გამოფენილ სრულიად უბრალო ნივთებს უყურებდა, მერე მამაკაცს გახედა. თვალებში ჯერ კიდევ სიცილი ჰქონდა ჩარჩენილი.
- მზესუმზირაზე რას იტყვი? - მამაკაცმა ვიტრინისკენ გაიხედა.
- ლარიანი ჯაკობსიც წავა, არა?
- წავა, - გაუღიმა ქალმა. - და უცებ აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ კარგი პაემნისთვის არც დაჯავშნილი მაგიდაა საჭირო, არც ქალაქის საუკეთესო რესტორანი და არც ღვინო სწორ ტემპერატურაზე. ზოგჯერ საკმარისია ერთი მონეტა, მეორმოცე შემთხვევითი მოსახვევი, გზისპირა ჯიხური და ადამიანი, ვისთან ერთადაც მზესუმზირაც კი შეიძლება საღამოს ყველაზე სწორ არჩევანად მოგეჩვენოს.
ავტომობილის სალონში მოხალული, ალაგ-ალაგ თითქმის დამწვარი მზესუმზირისა და იაფფასიანი ყავის მძაფრი არომატი იდგა. ქაღალდის ჭიქებიდან ორთქლი ამოდიოდა და ორივე ისეთი სერიოზული სახით წრუპავდა ყავას, თითქოს სადღაც ძვირადღირებული ბარის ტერასაზე ისხდნენ და მსოფლიოში საუკეთესო ყავას აგემოვნებდნენ.
- საოცარი არომატი აქვს. - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ჭიქას ჩახედა და ძლივს შეიკავა სიცილი. ქალმა მზესუმზირის მარცვალი გატეხა, ყავა მოსვა და თავი დაუქნია.
- დამწვარი რობუსტა, პლასტმასის თავსახურის მსუბუქი ნოტებით. - ერთი წამით გაუძლეს საკუთარ სერიოზულობას. მერე ორივეს ერთდროულად გაეცინა.
იცინოდნენ ჯიხურზე, ყავაზე, დამწვარ მზესუმზირაზე, საკუთარ თავზე და იმ აბსურდულ საღამოზე, რომელიც რატომღაც სულ უფრო კარგი ხდებოდა.
ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ ბედნიერებას ხარისხი კი არა, თანამზრახველი სჭირდება...
- მომიყევი შენი ცხოვრების ერთი მომენტი, რომელიც უცებ მოგაგონდება, - მისკენ შებრუნდა მამაკაცი.
- ვითომ რატომ?
- უბრალოდ. - ყავა მოსვა მამაკაცმა.
ქალმა თვალებში ჩახედა. თითქოს პასუხის მოსაფიქრებლად, თუმცა ფიქრი არც დასჭირვებია, მოგონება თვითონ ამოტივტივდა. არსაიდან. ისე, როგორც წლების წინ დაკარგული ნივთი შეიძლება სრულიად შემთხვევით იპოვო ძველი უჯრის ფსკერზე და უცებ ზუსტად გახსოვდეს, ბოლოს როდის გეჭირა ხელში.
- შვიდი წლის რომ ვიყავი, გადავწყვიტე, სახლიდან სამუდამოდ წავსულიყავი. სკოლის ჩანთაში შარვალი და მაისური ჩავდე, კარადიდან ორცხობილა მოვიპარე და სახლიდან ჩუმად გავიპარე.
- ოჰო. - გაეღიმა მამაკაცს. - მერე?
- მერე პარკში ვიჯექი. იმ იმედით, რომ ვინმე ძებნას დამიწყებდა. - ქალსაც გაეღიმა, მაგრამ ამჯერად ღიმილი თითქოს იმ შვიდი წლის ბავშვს ეკუთვნოდა, პატარას, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება სკოლის ჩანთაში ჩაეტია და გულწრფელად სჯეროდა, რომ რამდენიმე წუთში მისი არყოფნა მთელ სახლს თავდაყირა დააყენებდა. - დრო გადიოდა. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. მე ისევ იქ ვიჯექი. ბოლოს ორცხობილაც შემომეჭამა და სიცივემაც ამიტანა.
- მერე? - ამ დრომდე მომღიმარ სახეზე სევდა შეეპარა მამაკაცს. ქალმა მხრები ოდნავ აიჩეჩა.
- მერე სახლში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი წასვლა არც არავის გაუგია. ჩაი დამისხეს და დასაძინებლად გამიშვეს. - საუბარი შეწყვიტა. რამდენიმე წამით ავტომობილის სალონში მხოლოდ მათი სუნთქვა და გარედან შემოჭრილი ღამის ჩუმი ხმები დარჩა. მამაკაცს არაფერი უთქვამს. უბრალოდ თვალებში უყურებდა.
ალბათ იმიტომ, რომ ზოგი მოგონება პასუხს არ ითხოვს. ვერაფერს ეტყვი შვიდი წლის ბავშვს, რომელიც სახლიდან იმის გასაგებად გაიქცა, მოენატრებოდათ თუ არა და უკან ისე დაბრუნდა, რომ ვერავინ მოასწრო მისი მონატრება.
ქალმა მზერა აარიდა. ხელში დარჩენილ ქაღალდის ჭიქას დახედა, ერთხელ შეატრიალა, თითქოს იქ დაწერილი ეტიკეტის ამოკითხვას ცდილობდა. - შევცდი. - თქვა სრულიად სერიოზული სახით. - რობუსტა არაა. ჰესპერიას მარცვალია. - მამაკაცმა წარბი ასწია.
ქალმა ყავა კიდევ ერთხელ მოსვა და პროფესიონალი დეგუსტატორივით რამდენიმე წამით დააყოვნა. - მცირედი იამაიკური ნარევით. - დაამატა სიცილით. მამაკაცს გაეცინა. სევდაც თითქოს იმ სიცილს გაჰყვა, ბოლომდე არა, მხოლოდ იმდენად, რომ სალონში ისევ დაბრუნებულიყო მათი საღამო. - ახლა შენ.
- მე რა?
- ერთი მომენტი შენი ცხოვრებიდან. რომელიც უცებ მოგაგონდება. - მამაკაცმა მზერა საქარე მინას გაუსწორა. თითქოს გონებაში ბევრი კარი ჰქონდა და არ იცოდა, რომელი გაეღო.
- ერთხელ ჩემი ცოლის დაბადების დღე დამავიწყდა. - ქალს ღიმილი ნელა გაუქრა სახიდან. - მისი გარდაცვალებიდან პირველივე დაბადების დღე. მანამდე ყველა თარიღი მახსოვდა. დაბადების დღე, ჩვენი გაცნობის დღე, ქორწინების... სიკვდილის დღეც, რა თქმა უნდა. - რამდენიმე წამით გაჩუმდა. - მერე ერთ დილას ავდექი, სამსახურში წავედი და ჩვეულებრივად დავიწყე ცხოვრება. - ქალი ჩუმად უსმენდა. - შეხვედრები მქონდა. ვიღაცაზე გავბრაზდი, ვიღაცამ გამაცინა. შუადღეს ყავა დავლიე. საღამოს მაღაზიაშიც შევიარე... სახლში რომ მივედი, ტელეფონს დავხედე და თარიღი დავინახე. - მამაკაცმა ყავის ჭიქა თითებს შორის შეატრიალა. - მისი დაბადების დღე იყო. - სალონში სიჩუმე ჩამოწვა. - ყველაზე უცნაური იცი რა იყო? - განაგრძო ცოტა ხნის შემდეგ. - მთელი დღე კარგად ვიყავი. მართლა კარგად. რაღაცაზე ვიცინე კიდეც. და როცა თარიღი დავინახე, პირველად სწორედ ამის გამო ვიგრძენი თავი დამნაშავედ. - ქალი თვალს არ აშორებდა.
- თითქოს მის გარეშე კარგად ყოფნა არ შეიძლებოდა? - მამაკაცმა შეხედა.
- დაახლოებით. მანამდე მეგონა, გლოვა ასე მუშაობდა, სანამ გტკივა, ადამიანი შენთანაა. თუ ტკივილმა გაგიარა, რაღაცას კარგავ მისგანაც. იმ დღეს კი პირველად მივხვდი, რომ რამდენიმე საათი ისე ვიცხოვრე, საერთოდ არ გამხსენებია. ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრება ჩუმად, ჩემ დაუკითხავად წავიდა წინ და მე შემთხვევით გავყევი.
- მერე რა ქენი?
- ტორტი ვიყიდე.
- ტორტი?
- პატარა, შოკოლადის. მისი საყვარელი იყო.
- და?
- სახლში მივიტანე. სანთელი ჩავარჭე და ავანთე.
- მარტო?
- ხო ბავშვი ჩემებთან იყო. - ქალი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა. - სალონში სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად მძიმე აღარ ყოფილა. უფრო იმ სიჩუმეს ჰგავდა, რომელიც ორ ადამიანის შორის მაშინ ჩნდება, როცა ერთმა მეორეს თავისი წარსულის კარი რამდენიმე წუთით გაუღო და მეორემ იცის, რომ შიგნით დაუკაკუნებლად აღარ უნდა შევიდეს. - ენი ფანჯრისკენ შეტრიალდა. გარეთ ჯიხურის მკრთალი შუქი ხრეშიან გზაზე იღვრებოდა. ხელში მოქცეული ყავა მოსვა და რამდენიმე წამით ჭიქას უყურებდა. მერე სახე შეეცვალა. მამაკაცმა შეამჩნია. - რა იყო? - ქალმა პასუხი არ გასცა. კიდევ ერთხელ მოსვა, თითქოს პირველ ჯერზე მიღებული შთაბეჭდილების გადამოწმება გადაწყვიტა. - ენ? - ქალმა ჭიქა ნელა ჩამოსწია.
- მგონი გაცივდა.
- ხუთი წუთის წინაც ცივი იყო.
- არა, მაშინ „ჰესპერიას მარცვალი მცირედი იამაიკური ნარევით“ იყო. - მამაკაცს გაეღიმა.
- მაპატიე ცუდი ყავისთვის
- ყავა ცუდია. საღამო - არა. - გაუღიმა ქალმა. - და მადლობა.
- რისთვის?
- ამ საღამოსთვის. - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა.
- იცი, ენ... - ქალის ხელები საკუთარში მოიქცია და თითებით ნაზად შეეხო მის გლუვ კანს.
- ვიცი. - აღარ დაასრულებინა ქალმა. და ალბათ მართლა იცოდა. მამაკაცსაც აღარ უცდია წინადადების დასრულება. ზოგჯერ სიტყვა, რომელსაც ბოლომდე ამბობ, მნიშვნელობას კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე ადამიანს უკვე ესმის მისი უთქმელი ნაწილიც. სალონში მშვიდი მუსიკა გაიშალა, ჯერ თითქმის შეუმჩნევლად, მერე ნელ-ნელა შეერია გამათბობლის მსუბუქ ხმას, ქაღალდის ჭიქებში დარჩენილი გაციებული ყავის სურნელსა და მოხალული, ალაგ-ალაგ დამწვარი მზესუმზირის მარილიან არომატს. არც ერთს ხელი არ გაუწევია. გარეთ თითქმის არაფერი ხდებოდა. გზისპირა ჯიხურის მკრთალი ნათება ხრეშიან გზას პატარა ყვითელ ლაქად ეცემოდა, მის მიღმა კი სიბნელე იწყებოდა, მშვიდი, უსასრულო და სრულიად გულგრილი ორი ადამიანის მიმართ, რომლებიც სადღაც ქალაქისგან შორს, გაჩერებულ ავტომობილში ისხდნენ და შინ დაბრუნებას ჯერ არც ერთი ჩქარობდა. რამდენიმე საათის წინ მათ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ორმოცი შემთხვევითი მოსახვევი გამოიარეს. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. იცინეს საკუთარ სისულელეზე, დალიეს ალბათ ყველაზე ცუდი ყავა ქალაქში, მზესუმზირა ჭამეს და ერთმანეთის ცხოვრებიდან თითო პატარა კარი გააღეს, ერთი შვიდი წლის გოგონასთან მიდიოდა, რომელიც პარკში იჯდა და ელოდა, როდის მოიკითხავდნენ; მეორე კაცთან, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩინა, რომ ცხოვრებას ზოგჯერ წინ წასვლა შეუძლია მაშინაც, როცა შენ ჯერ მზად არ ხარ. უცნაური იყო. მონეტას მხოლოდ გზის არჩევა დაავალეს, მან კი თითქოს გაცილებით შორს წაიყვანა. ქალი სავარძელს მიეყრდნო და საქარე მინის მიღმა გაიხედა. მამაკაცის თითები ისევ მის თითებში იყო ჩახლართული. მუსიკა ისევ უკრავდა. არც მომავალზე უსაუბრიათ. არც იმაზე, რას ნიშნავდა ეს საღამო. არც იმაზე, რა მოხდებოდა ხვალ.
ამ ღამეს პასუხები საერთოდ არ უხდებოდა. საკმარისი იყო გაცივებული ყავა, ნახევრად ცარიელი მზესუმზირის პაკეტი, ხელისგულში მივიწყებული მონეტა და ორი ადამიანი, რომლებმაც რამდენიმე საათით ყველა გზა შემთხვევითობას მიანდეს და საბოლოოდ ერთმანეთთან მოვიდნენ. მუსიკა ოდნავ ხმამაღლა ჟღერდა. ქალმა თავი სავარძელს მიაყრდნო, თვალები დახუჭა და გაეღიმა. მამაკაცს ხელი არ გაუშვია. კადრი კი თითქოს ნელ-ნელა შორდებოდა ავტომობილს, ჯერ საქარე მინის მიღმა დარჩენილ ორ სილუეტს, მერე ჯიხურის პატარა შუქს, მერე ხრეშიან გზას... სანამ სიბნელეში მხოლოდ მუსიკა არ დარჩა. და მონეტა, რომელსაც იმ საღამოს თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა...

2

- აბა. - მხიარულად იკითხა, როგორც კი ღვედი შეიკრა. - დღეს რა მორიგი უგეგმობა გვაქვს?
- ნუ ხარ სულსწრაფი. - გაეღიმა მამაკაცს და იდეალურად შემოსილი ქალი შეათვალიერა. გემოვნებით შერჩეულ, სხეულზე სასიამოვნოდ მომდგარ მოკლე კაბას გრძელი პალტო და მაღალყელიანი ჩექმა ისე შეხამებოდა, თითქოს დილას სარკესთან დიდხანს არც უფიქრია, რა უნდა ჩაეცვა, უბრალოდ ყველაფერი თავის ადგილას აღმოჩნდა. გიორგი რამდენიმე წამით ზედმეტად დიდხანს უყურებდა. მზერა კაბის კიდესთან შეაჩერა, მერე პალტოს აჰყვა და ბოლოს ქალის სახეს დაუბრუნდა. თითქოს გონებამაც სწორედ ამ რამდენიმე წამში გადაწყვიტა პაემნის მიმართულება.
- რა იყო? - ჩაეკითხა ქალი, როცა მისი მზერა დაიჭირა.
- იდეალური ხარ, ეს იცი, არა? - პასუხის ნაცვლად ენმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, იმ ბუნებრივი თავდაჯერებით, რომელსაც კომპლიმენტი არც უკვირს და არც სჭირდება, თუმცა მაინც სასიამოვნოდ ეხება. კაცმა ძრავი აამუშავა და ჩაახველა, თითქოს საკუთარი ფიქრისთვის წერტილის დასმა დასჭირდა.
- ახლა ზუსტად ვიცი, სად უნდა წაგიყვანო. - დაამატა მხიარულად.
შემოდგომის მზე ძალადაკარგული დაჰყურებდა თბილისის ცას. ზაფხულის თავხედური სიმხურვალე დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა და ახლა მხოლოდ ფერმკრთალ სინათლეს აფენდა ქალაქს, თითქოს ათბობდა არა ქუჩებს, არამედ მათ მოგონებას სითბოზე. თბილისის ხალხით სავსე ქუჩებში ცხოვრება ტრადიციულად დუღდა. ვიღაც სადღაც აგვიანებდა, ვიღაც შუქნიშანთან ნერვიულად აჭერდა სიგნალს, ტროტუარებზე ადამიანები ერთმანეთს გვერდს უვლიდნენ, მაღაზიების კარები იღებოდა და იხურებოდა, ქალაქი კი საკუთარ ჩვეულ ქაოსში ისე ცხოვრობდა, თითქოს ამ ქაოსის გარეშე არსებობა არც შეეძლო. გადატვირთულ გზებზე მათი ავტომობილი მშვიდად მიიწევდა. მუსიკა არ ჩაურთავთ. არც დასჭირვებიათ. ერთმანეთს დილის ამბებს უყვებოდნენ, იმ პატარა, ყოფით ამბებს, რომლებიც თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სწორედ მათი მოყოლისას ხვდები, რამდენად ბუნებრივად შემოუშვი ადამიანი შენს ყოველდღიურობაში. შვილების შესახებ საუბრობდნენ. იმ ფაქტზე, რომ გოგონებს ზამთრის არდადეგებზე ბანაკში წასვლა სურდათ და ვერ გადაეწყვიტათ, რამდენად მისაღები იყო ეს მათთვის. საუბარი რამდენჯერმე გადაიხარა მშობლური შფოთვისკენ, იმ უცნაური სურვილისკენ, როცა გინდა შვილს თავისუფლება მისცე და ამავე დროს სამყაროს ყველა შესაძლო საფრთხისგან საკუთარი ხელებით შემოსაზღვრო. თუმცა ბოლოს ორივე იმ აზრზე მივიდა, რომ არაფერი მოხდებოდა, ერთი კვირით მათგან შორს, სხვა ბავშვებთან ერთად თუ გაატარებდნენ არდადეგებს. გადაწყვეტილება თითქოს უმნიშვნელო იყო, მაგრამ საუბარში რაღაც ძალიან შინაური გაჩნდა. ისეთი, რასაც არც ერთი მათგანი ხმამაღლა არ აღნიშნავდა, უბრალოდ ორი ადამიანი ისხდა ავტომობილში და საკითხს, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, უკვე ინსტინქტურად განიხილავდა.
- ესეც ასე, მოვედით. - ავტომობილი გააჩერა მამაკაცმა და ქალს თვალებში მხიარული განწყობა შეანათა. ენმა ფანჯრიდან გაიხედა.
- ეს რა ადგილია? - უნდობლად მოათვალიერა უცნობი გარემო.
მის ხმაში უკვე ის ფრთხილი ეჭვი გაჩნდა, რომელიც გიორგის ბოლო დროს განსაკუთრებით ახალისებდა, ენმა უკვე იცოდა, რომ მის გვერდით ფრაზა „მოვედით“ სულაც არ ნიშნავდა, რომ წინ რაღაც ნორმალური ელოდა.
- იმ მაღაზიას ხომ ხედავ? - თითი ერთ-ერთი მაღაზიისკენ გაიშვირა გიორგიმ.
ენი მზერით თითის მიმართულებას გაჰყვა.
- მერე?
- მერე ახლა მე და შენ შევალთ. დრო მხოლოდ ოცი წუთი გვაქვს, ბიუჯეტი კი ორმოცდაათ-ორმოცდაათი ლარი.
- მერე? - გაეცინა ქალს. გიორგი ახლა უკვე მთელი ტანით მისკენ ოდნავ მიბრუნა.
- ეს ძველმანების მაღაზიაა. მე შენ შეგირჩევ ტანსაცმელს, შენ - მე. „ამას არ ჩავიცვამ“ არ მოსულა. მერე კი ამ შერჩეული ტანსაცმლით წავალთ და თბილისის ყველაზე პერო ბარში ყავას დავლევთ. რამდენიმე წამით ენი უყურებდა.
- არ მომწონს ეს იდეა. - გაეცინა ქალს, თუმცა სახეზე უკვე ასახვოდა ბავშური აღფრთოვანება და მოუთმენლობა.
სწორედ ის ღიმილი გასცემდა, რომელსაც სიტყვები ჯერ კიდევ უარყოფდნენ.
- მე კი ვფიქრობ, რომ ძალიანაც მოგწონს.
- იმისთვის გამოვიცვალე ოთხჯერ, რომ ახლა ღმერთმა უწყის, რა შეუსაბამო ტანსაცმელში უნდა გამომაწყო? - გიორგის გაეღიმა, მაგრამ ამჯერად პასუხი მაშინვე არ გაუცია. მანქანის სალონში რაღაც შეუმჩნევლად შეიცვალა. ქალაქის ხმაური დახურული მინების მიღმა დარჩა. თითქოს რამდენიმე წამისთვის ყველაფერი, რაც მათ გარშემო არსებობდა, ოდნავ მოშორდა. გიორგი მისკენ გადაიხარა. არა იმდენად, რომ შეხებოდა. მხოლოდ იმდენად, რომ ენს მისი სუნამოს ნაცნობი სურნელი ეგრძნო და კაცის მზერა უკვე აღარ ყოფილიყო უბრალოდ მზერა, ძალიან ახლოს იყო ამისთვის.
- ენ. - თქვა მშვიდად, თითქმის ხმადაბლა. - შენ მართლა გგონია, რომ არსებობს ტანსაცმელი, რომელშიც მე შენ არ მომეწონები? - ქალს პასუხი არ გაუცია.
სინამდვილეში არც ჰქონდა. რაღაც ძალიან მარტივი იყო ამ სიტყვებში და სწორედ ამიტომ მოხვდა იქ, სადაც არ ელოდა. გულის რითმი ერთი დარტყმით აერია. ის უცნაური, თბილი მღელვარება იგრძნო, რომელიც ჯერ მკერდში ჩნდება და მერე სადღაც ყელისკენ გეპარება. გიორგი კი ისევ უყურებდა. მათ შორის დარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრი უცებ ზედმეტად მცირე აღმოჩნდა. ენმა იგრძნო, როგორ გაურბინა მზერამ მამაკაცის თვალებიდან ტუჩებისკენ და მაშინვე უკან დაბრუნდა, თითქოს საკუთარ თავს გამოუტყდა, სად გაიხედა და ამის დაფარვა უკვე გვიანი იყო.
გიორგიმ ეს დაინახა. რა თქმა უნდა, დაინახა. ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაუჩნდა და კიდევ ოდნავ მიუახლოვდა. ერთი წამი. მეორე. და ზუსტად მაშინ, როცა ჰაერში გაჩენილი დაძაბულობა უკვე თითქმის შეხებად იქცა, გიორგიმ სრულიად სერიოზული სახით ჩასჩურჩულა: - ასე რომ. - განაგრძო გიორგიმ უფრო ჩუმად. - დღეს ჩემი ერთადერთი შანსია, ისეთი რამ ჩაგაცვა, რომ ერთხელ მაინც შევამოწმო ეს თეორია. - ენის ტუჩებზე ღიმილი გაჩნდა.
- და თუ ვერ მოახერხებ? - გიორგიმ რამდენიმე წამით უყურა. თითქოს პასუხს არჩევდა.
- მაშინ მომიწევს შევეგუო იმ ფაქტს, რომ პრობლემა ტანსაცმელში საერთოდ არ ყოფილა. - ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ზუსტად იმდენით, რომ ენს სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა ბოლომდე გაეაზრებინა. გიორგიმ კი უცებ კარი გააღო. - კარგი, რომანტიკული სისულელეების ლიმიტი ამოიწურა. ოცი წუთი გვაქვს და მე ძალიან მჭირდება, რომ შენთვის რამე კატასტროფული ვიპოვო.
- გიორგი! - სიცილით მიაძახა ქალმა.
- ცხრამეტი წუთი და ორმოცდათხუთმეტი წამი! - უკვე მანქანის გარედან უპასუხა. - და იცოდე, თუ ბებიის ჟაკეტს ვიპოვი, ჩემი ხარ!
- იდიოტი ხარ!
- ცხრამეტი ორმოცდაათი!
მაღაზიაში შესვლისთანავე შეთანხმდნენ, ერთმანეთის არჩევანში ჩარევა აკრძალული იყო. და ოცი წუთი პატარა ქაოსად იქცა. ენი საკიდებს ისეთი სისწრაფით აცურებდა, თითქოს გიორგისთვის ტანსაცმელს კი არა, სასჯელის ფორმას არჩევდა. ერთხელ ოქროსფერი პერანგი მკერდზე მიადო, თავი გადააქნია და უკან დაკიდა. მეორედ უზარმაზარი წითელი პიჯაკით გაეკიდა.
- გაჩერდი, ზომას ვამოწმებ!
- თვალით შეამოწმე!
- თვალით სხვა რაღაცებს ვამოწმებ.
- ენ! - ქალი სიცილით გაუჩინარდა საკიდებს შორის. გიორგიც არ ჩამორჩა. ხან ბრჭყვიალა კაბას უჩვენებდა, ხან ბებიის დროინდელ ქუდს, ხან ისეთ ქვედაბოლოს, რომლის დანახვაზეც ენმა შორიდანვე თითი დაუქნია.
- გაფრთხილებ!
- „ამას არ ჩავიცვამ“ არ მოსულა, გახსოვს?
- ჯერ კიდევ შემიძლია მოგკლა.
- ოღონდ ოცი წუთის მერე. - ბოლოს ორივე თითქმის ერთდროულად გაჩერდა.
თითქოს ხუმრობის შუაგულში შემთხვევით მართლა ეპოვათ ის, რასაც ეძებდნენ. გიორგიმ ენს დიდი, ძველი ტვიდის პიჯაკი და ზოლიანი ჰალსტუხი გაუწოდა. ენმა წარბი ასწია.
- შურს იძიებ?
- ჯერ ჩაიცვი. - ქალმა კი პასუხად გიორგის ხელებში ბრჭყვიალა ოქროსფერი ზედა და ვარდისფერი, გრძელყურებიანი კურდღლის ქუდი ჩაუდო. კაცი რამდენიმე წამით უხმოდ დაჰყურებდა ნადავლს.
- შენ მე გძულვარ.
- ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი დამიჯდა შენი ლუქი. - კმაყოფილებით გაუღიმა ენმა. - ყოველი თეთრი ღირდა.
ბარაემდე ფეხით გადაწყვიტეს წასვლა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შედევრების ავტომობილში დამალვა ქალაქის წინაშე დანაშაული იქნებოდა. ენი უზარმაზარ ტვიდის პიჯაკში თითქმის იკარგებოდა, მკერდზე ზოლიანი ჰალსტუხი დაუდევრად ჩამოჰკიდებოდა და მაინც, რაღაც გაუგებარი უსამართლობით, ეს აბსურდული სამოსიც ისე ეცვა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ რომელიმე მოდის ჟურნალის სტილისტს საგანგებოდ მისთვის შეერჩია. გიორგის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. ოქროსფერი ბრჭყვიალა ზედა ყოველ ნაბიჯზე სინათლეს ისხლეტდა, ბეწვის მოსასხამი მხრებზე მეფური ღირსებით ჰქონდა მოგდებული, ყველაფერს კი ვარდისფერი კურდღლის ქუდი აგვირგვინებდა, რომლის გრძელი ყურებიც სიარულისას მხრებზე უხტოდა.
- გიხდება. - ძლივს შეიკავა სიცილი ენმა.
- მადლობა. შენს გვერდით ჩემი ქალურობის არ მრცხვენია. - ენი შუა ქუჩაში გაჩერდა სიცილისგან. ხალხი უყურებდა. მაგრამ ამ მზერებში დაცინვა თითქმის არ ყოფილა. ზოგმა ჩაუარა და გაეღიმა. ზოგმა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკანაც მოიხედა. ერთმა ასაკოვანმა ქალმა გიორგის კურდღლის ყურებს შეხედა, მერე ენს, რომელსაც სიცილისგან თვალები დასველებოდა, და ისეთი თბილი ღიმილით გააყოლა თვალი, თითქოს მათი სიგიჟიდან პატარა ნაჭერი თვითონაც შეხვდა. უცნაური იყო, ისინი სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, მაგრამ სასაცილოები არ იყვნენ. ადამიანებს ალბათ სწორედ ეს მოსწონდათ. ორი ზრდასრული ადამიანი შუა თბილისში ისე დადიოდა, თითქოს დროებით დაევიწყებინათ ყველა ის უხილავი წესი, რომელსაც ასაკთან ერთად ვსწავლობთ, სად შეიძლება ხმამაღლა სიცილი, რა უნდა ჩაიცვა, როგორ უნდა მოიქცე და საერთოდ, რამდენად გაქვს უფლება გამოჩნდე ბედნიერი საჯაროდ. ბართან თითქმის მისულები იყვნენ, როცა უკან ქალის ხმა დაეწიათ.
- უკაცრავად... - ორივე შემობრუნდა.
ოციოდე წლის გოგონა იდგა ტელეფონით ხელში. აშკარად უხერხულობდა, თუმცა ღიმილს ვერ მალავდა. - შეიძლება... ცოტა უცნაური თხოვნა მაქვს. თქვენთან ფოტო გადავიღო? - ენმა გიორგის შეხედა.
გიორგიმ კურდღლის ერთი ყური საზეიმოდ გაისწორა.
- რა თქმა უნდა. ოღონდ გთხოვთ, ჩემი სტილისტი კადრში არ მოხვდეს. კარიერა დამინგრია.
- მე?! - აღშფოთდა ენი. - შენ შემომხედე!
გოგონას გაეცინა.
- არა, მართლა... ძალიან კარგები ხართ. ქუჩის ბოლოდან გიყურებთ და... არ ვიცი, უბრალოდ კარგ ხასიათზე დამაყენეთ.
ამჯერად არც ერთს უხუმრია. ენმა მხოლოდ გაუღიმა.
- მაშინ ფოტო აუცილებლად უნდა გადავიღოთ. გოგონა მათ შორის ჩადგა. გიორგიმ კურდღლის ერთი გრძელი ყური მასაც გადააფარა თავზე, ენი სიცილით მიეკრო მეორე მხრიდან და ტელეფონის კამერამ ზუსტად ის წამი დაიჭირა, როცა სამივეს ერთდროულად გაეცინა.
- მადლობა. - უთხრა გოგონამ ფოტოს დახედვის შემდეგ. - მართლა ძალიან კარგები ხართ. მერე წავიდა. ენი რამდენიმე წამით გაჰყურებდა.
- ხედავ? ზ თქვა გიორგიმ.
- რას?
- ორმოცდაათ ლარად უკვე ადამიანებს ვაბედნიერებთ.
- შენ ორმოცდაათი არ ღირხარ. ორმოცდაცხრა და ოთხმოცი ხარ.
- ოცი თეთრი სად წავიდა? - ენმა ბარის კარი გამოაღო.
- საკომისიოა. შემოდი, კურდღელო. - გიორგიმ კურდღლის ყურები გაისწორა და სრული ღირსებით შეჰყვა წინ წასულ ქალს. ბარში შესვლისას რამდენიმე თავი ერთდროულად შემოტრიალდა.
ენი გიორგისკენ გადაიხარა. - მგონი თბილისის ყველაზე პერო ბარ ჩვენთვის მზად არ იყო.
- ხუთი წუთი მიეცი. - ჩუმად უპასუხა კაცმა. - შეგვეჩვევიან. - და მართლაც, შეეჩვივნენ. ან იქნებ უბრალოდ მოეწონათ. რადგან რამდენიმე წუთში ბარში ისევ ჩვეულებრივ გაგრძელდა საუბრები, ფინჯნების წკარუნი და ყავის აპარატის ხმა, მხოლოდ აქა-იქ ვიღაცის მზერა ისევ პოულობდა მათ მაგიდას და უნებლიე ღიმილად იქცეოდა. ზოგჯერ სხვისი ბედნიერება ხმაურიანი არ არის.
უბრალოდ ხედავ ორ ადამიანს, რომლებსაც იმ წუთას საერთოდ არ ადარდებთ, სასაცილოდ გამოიყურებიან თუ არა, და რამდენიმე წამით შენც გახსენდება, რომ ცხოვრება ბევრად მსუბუქია, როცა საკუთარ თავს მუდმივად გვერდიდან არ უყურებ.


3
თბილისის თავზე შემოდგომის საღამო ზანტად ჩამოწოლილიყო. დღის სინათლე ჯერ ბოლომდე არ გამქრალიყო, მაგრამ ქალაქს უკვე ღამის ფერები ეპარებოდა. ცა სიმუქეში გადადიოდა, ქუჩის ლამპიონები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა და ვიტრინებიდან გადმოღვრილი თბილი სინათლე ტროტუარებზე გრძელ, უსწორმასწორო ოთხკუთხედებად იშლებოდა. ჰაერში ის სიგრილე იდგა, რომელიც ჯერ სიცივე არ არის, მაგრამ ადამიანებს უნებურად აჩქარებს, ხელებს ჯიბეებში ამალინებს, ყავის ჭიქაზე თითებს ახვევინებს და ქუჩის მეორე მხარეს დანახულ განათებულ სივრცეებს უფრო მყუდროს აჩენს. ქალაქი კი ჯერ არ ჩქარობდა დაძინებას. მანქანები სველ საფარზე სინათლის ზოლებს ტოვებდნენ, სადღაც ახლოს ვიღაც ხმამაღლა იცინოდა, შორიდან სიგნალის ხმა ისმოდა, ღია ბარების კარებთან ადამიანები იდგნენ. თბილისი საღამოს თავის ჩვეულ ხმაურს ირგებდა, თითქოს დღის განმავლობაში დაგროვილ ამბებს ახლა ერთდროულად ჰყვებოდა. გიორგიმ მანქანა ძველი კინოთეატრის წინ გააჩერა. ენმა შენობას ახედა. ფასადზე ჩამწკრივებული პატარა ნათურები უკვე ენთო. მინის კარების მიღმა მოჩანდა წითელი ხალიჩა, კედლებზე ძველი ფილმების აფიშები და სალაროს თავზე ჩამოკიდებული საათი, რომელსაც თითქოს რამდენიმე ათეული წელი არაფერი შეცვლოდა.
- კინო? - მისკენ გაიხედა ქალმა.
- რაღაც მაგდაგვარი.
- გიორგი...
- ჯერ არც შევსულვართ და უკვე უკმაყოფილო ხარ.
- უკმაყოფილო არ ვარ. უბრალოდ შენთან სიტყვა „კინო“ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ხუთ წუთში მუნჯ ფილმში მსახიობებად გვამუშავებენ. მამაკაცს გაეცინა.
- კარგი იდეაა. შემდეგისთვის დავიმახსოვრებ.
- ღმერთო... - ენი მანქანიდან გადავიდა. კინოთეატრის კარი რომ შეაღეს, ქალაქი თითქმის ერთ წამში დარჩა გარეთ. შიგნით სხვა დრო იდგა. ჰაერს ძველი ხის, ყავისა და კარაქიანი პოპკორნის ერთმანეთში არეული სუნი ჰქონდა. კედლებზე ოქროსფერი სანათები მკრთალად ენთო, მუქი წითელი ხალიჩა ნაბიჯების ხმას ყლაპავდა, სადღაც ძალიან ჩუმად ძველი მუსიკა უკრავდა. ენი ნელა მიდიოდა და გარემოს ათვალიერებდა. უცნაურად ცარიელი იყო. არც სალაროსთან იდგა რიგი. არც პოპკორნის აპარატთან ირეოდა ხალხი. არც დარბაზებიდან გამოდიოდა ხმაური. მხოლოდ ახალგაზრდა თანამშრომელი დახვდათ, რომელმაც გიორგის დანახვისას ისე გაუღიმა, როგორც ადამიანს, რომელსაც ელოდა.
- საღამო მშვიდობისა.
- საღამო მშვიდობისა. - გიორგიმ ორი დიდი ჭიქა პოპკორნი აიღო, ერთი ენს გაუწოდა და დერეფნისკენ წავიდა. ქალი რამდენიმე ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა.
- რომელ ფილმზე მივდივართ?
- არ ვიცი.
- რას ნიშნავს, არ იცი?
- ზუსტად იმას, რასაც სიტყვები ნიშნავს.
- კინოში წამომიყვანე და არ იცი, რას ვუყურებთ?
- ჯერ უნდა ავირჩიოთ. - დარბაზის კარი გააღო. ენი პირველი შევიდა და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა. უზარმაზარი ეკრანი ჯერ ჩაბნელებული იყო. მხოლოდ დარბაზის კიდეებთან დატოვებული პატარა სანათები ანათებდა წითელი სავარძლების რიგებს. ცარიელი სავარძლების. ენი რამდენიმე წამს უყურებდა დარბაზს, მერე უკან მოიხედა. გიორგი კართან იდგა, პოპკორნით ხელში და სრულიად მშვიდი სახით ელოდა.
- მგონი დარბაზი შეგვეშალა.
- არა.
- გიორგი, აქ არავინაა.
- შევამჩნიე.
- ფილმი როდის იწყება?
- როცა გვინდა. - ქალმა წარბები შეკრა. ჯერ კაცს შეხედა, მერე ისევ უსასრულოდ ცარიელ სავარძლებს.
- რა გააკეთე? - გიორგი მიუახლოვდა.
- კინოთეატრი ვიქირავე. - ენი გაშეშდა.
- მთელი?
- არა, შენობის ყიდვას ჯერ არ ვაპირებ. - გაეცინა. - ეს დარბაზი.
- ჩვენთვის? - გიორგიმ თითქოს კითხვა ვერ გაიგოო, მხრები აიჩეჩა.
- არა. ჩემთვის და ერთი ძალიან ლამაზი ქალისთვის. შენ უბრალოდ შემთხვევით წამოგიყვანე. ენმა პოპკორნიდან ერთი მარცვალი ამოიღო და ესროლა. გიორგის გაეღიმა თავი გვერდზე გასწია.
- აგრესია რატომ?
- იმიტომ, რომ იდიოტი ხარ.
- სამაგიეროდ, იდიოტს კარგი ადგილები აქვს. - ენი ისევ დარბაზს მიუბრუნდა.
ახლა უკვე სხვანაირად შეხედა.
ასობით ცარიელი სავარძელი, უზარმაზარი თეთრი ეკრანი და ორი ადამიანი სივრცეში, რომელიც ჩვეულებრივ უცნობების ჩურჩულით, ტელეფონების შუქით, პოპკორნის შრიალითა და დაგვიანებულთა უხერხული მოძრაობით იყო სავსე. ახლა კი არაფერი ისმოდა. თითქოს გიორგიმ მხოლოდ დარბაზი კი არ დაიქირავა, რამდენიმე საათით მათთვის სიჩუმეც იყიდა.
- რატომ? - იკითხა ენმა ბოლოს.
- რა რატომ?
- რატომ მთელი დარბაზი? - გიორგიმ ამჯერად აღარ იხუმრა. რამდენიმე წამით უყურებდა.
- იმიტომ, რომ ზოგჯერ მინდება, სადღაც ვიყოთ, სადაც შენს ყურადღებას არავის გავუყოფ. - სიტყვები ძალიან მშვიდად თქვა. თითქოს მათში განსაკუთრებული არაფერი ყოფილიყო. მაგრამ ენმა მზერა მაინც მოარიდა. გიორგიმ შეამჩნია.
რა თქმა უნდა, შეამჩნია. და როგორც ყოველთვის, ზუსტად იმ წამს, როცა ჰაერი მათ შორის ოდნავ უფრო მძიმე გახდა, პოპკორნის ჭიქა წინ გაუწოდა. - ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ: პოპკორნს არ გიყოფ. ენმა ჭიქაში ხელი ჩაყო და მთელი მუჭა ამოიღო.
- ვერ მოგართვი.
- აი ამიტომ მინდოდა ცალკე დარბაზი. მოწმეები არ მეყოლება, როცა მოგკლავ. - მერე სიცილით ჩაუყვნენ ცარიელ რიგებს.
ეკრანი ჯერ ისევ თეთრი იყო. ფილმი ჯერ არ აერჩიათ. და ალბათ სწორედ ამიტომ ჩანდა საღამო ასეთი კარგი, მათ წინ რამდენიმე საათი იყო, რომელთა ერთადერთი წინასწარ დაწერილი ნაწილი ის გახლდათ, რომ აქ მხოლოდ ორნი უნდა ყოფილიყვნენ. დანარჩენი ჯერ არც ერთმა იცოდა.
ფილმის არჩევას იმაზე მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე თავად ფილმის ყურებას. ჯერ ჟანრზე იკამათეს. ენმა საშინელებათა ფილმი მაშინვე გამორიცხა, გიორგიმ მძაფრსიუჟეტიანი დაუწუნა, რომანტიკულ კომედიაზე კი ორივემ ერთდროულად თქვა უარი და ამ დამთხვევაზე გაეცინათ. ბოლოს არჩევანი ძველ ევროპულ დრამაზე შეაჩერეს, ძირითადად იმიტომ, რომ არც ერთს ჰქონდა ნანახი და აღწერიდან ვერაფერი გაიგეს.
- იდეალურია. - დაასკვნა გიორგიმ. - წარმოდგენა არ გვაქვს, რას ვირჩევთ.
- ბოლო დროს ეს შენი ცხოვრებისეული ფილოსოფია გახდა. - შუქი ჩაქრა. ეკრანმა დარბაზი მოცისფრო სინათლით გაანათა და რამდენიმე წუთით ორივე კეთილსინდისიერად შეეცადა ფილმის ყურებას. ოცი წუთის შემდეგ ენმა პოპკორნის ჭიქაში ჩაიხედა.
- რამე გაიგე?
- ჯერ ვფიქრობ, რომ ფრანგია და მოწყენილია.
- იტალიელია.
- მაშინ უბრალოდ მოწყენილია. - ქალს გაეცინა. კიდევ რამდენიმე წუთი გაძლეს.
მალე ფილმი მხოლოდ ფონად დარჩა. ჯერ ეკრანზე მიმდინარე ამბავზე დაიწყეს ჩურჩულით საუბარი, მერე საუბარი სრულიად სხვა თემაზე გადავიდა და ბოლოს ორივეს დაავიწყდა, რომ კინოში საერთოდ ფილმის სანახავად იყვნენ მოსულები. გიორგიმ პულტი აიღო და კადრი გააჩერა. ეკრანზე უცნობი მამაკაცი შუა მოძრაობაში გაიყინა. ენი მისკენ შეტრიალდა.
- რატომ გააჩერე? - გიორგიმ პულტი გვერდით გადადო.
- იმიტომ, რომ უკვე ათი წუთია შენ გისმენ და მივხვდი, ეს უფრო მაინტერესებს. - ქალს გაეღიმა. რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა. უზარმაზარი ეკრანიდან გადმოსული მკრთალი სინათლე ცარიელ დარბაზში იფანტებოდა, ფილმის ნაცვლად კი ახლა მხოლოდ მათი ხმებისთვის დარჩენილიყო მთელი სივრცე. გიორგიმ სავარძელში უფრო მოხერხებულად მოიკალათა და ენს შეხედა.
- რაღაც უნდა გკითხო.
- საშიში დასაწყისია.
- მომიყევი ერთი რამ შენზე, რითიც შენს შესახებ ყველას არასწორი დასკვნა გამოაქვს. ენს ღიმილი ნელა გაუქრა სახიდან.
- თითქმის ყველას?
- თითქმის ყველას. - ქალი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა გაჩერებულ კადრს.
- კარგი. - თქვა ბოლოს. - თითქმის ყველას ჰგონია, რომ მარტოობა მიყვარს. - თქვა ბოლოს. გიორგის არაფერი უკითხავს. ენი სავარძელში ოდნავ ჩაცურდა და მზერა ეკრანს მიაპყრო. გაჩერებულ კადრში ვიღაც უცხო კაცი ისევ შუა მოძრაობაში იდგა, თითქოს მოთმინებით ელოდა, როდის დაასრულებდა ქალი საკუთარ ამბავს. - ალბათ იმიტომ, რომ ხშირად თვითონ ვირჩევ. მარტო ვსვამ ყავას, მარტო დავდივარ, მარტო ვმოგზაურობ... სახლში მარტო ყოფნაც არასდროს მაწუხებს. შემიძლია მთელი დღე ისე გავატარო, არავის დაველაპარაკო და საღამოს აღმოვაჩინო, რომ საერთოდ არ მომიწყენია.
წამით გაჩუმდა. ადამიანებს ეს დამოუკიდებლობა ჰგონიათ. მეც ასე მეგონა დიდი ხანი. ვფიქრობდი, უბრალოდ იმ იშვიათ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებსაც საკუთარი თავიც ჰყოფნით. - ტუჩებზე სუსტი ღიმილი გაუჩნდა. - ცოტა ამპარტავნულადაც კი მომწონდა ეს აზრი. - გიორგის გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მერე ერთხელ ძალიან ცუდი დღე მქონდა. - ენის ხმა შეუმჩნევლად შეიცვალა. - ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც ტრაგედიას დაარქმევ. უბრალოდ ზოგჯერ ბევრი პატარა რამ გროვდება და საღამოს აღმოაჩენ, რომ ვეღარაფერს იტევ. - ხელში დარჩენილი პოპკორნის მარცვალი თითებს შორის შეატრიალა.
- სახლში მარტო ვიყავი. ტელეფონი ავიღე და კონტაქტები გავხსენი. სახელებს მივყვებოდი... ერთი, მეორე, მესამე... ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. ადამიანები, რომლებიც ალბათ მართლა მოვიდოდნენ, რომ დამერეკა. ზოგს ღამის სამ საათზეც კი გავაღვიძებდი და ვიცი, არ გამიბრაზდებოდა. - გიორგი ახლა მხოლოდ მას უყურებდა. - და ვერავის დავურეკე. - სიჩუმე ჩამოვარდა. - იმიტომ არა, რომ არავინ მყავდა. სწორედ ეგ იყო ყველაზე უცნაური. ბევრი ადამიანი მყავდა... უბრალოდ ვერ ვიპოვე ის ერთი, ვისთანაც იმ საღამოს შემეძლო ცუდად ვყოფილიყავი. - მზერა გიორგისკენ გადაიტანა. - ხომ ხვდები განსხვავებას? არა ის, ვისთანაც პრობლემას მოვყვებოდი და რჩევას მივიღებდი. არა ის, ვინც მეტყოდა, რომ ძლიერი ვარ და ყველაფერს მოვერევი. უბრალოდ ადამიანი, ვისთანაც შეიძლებოდა მივსულიყავი, სავარძელზე დავწოლილიყავი და მეთქვა დღეს ვერ ვარ კარგად. და მერე აღარაფერი ამეხსნა. - გიორგის სახეზე ღიმილის კვალიც აღარ დარჩენილიყო. ენი ისევ ეკრანს მიუბრუნდა. - ბოლოს ჩავიცვი, მანქანით სადღეღამისო მაღაზიაში წავედი, ნაყინი ვიყიდე და პარკინგზე ავტომობილში ვჭამე.
- ნაყინი? - ჩუმად იკითხა გიორგიმ.
- ჰო.
- რა გემო? - ენი მისკენ შეტრიალდა და გაეღიმა.
- მართლა ეგ გაინტერესა?
- მნიშვნელოვანი დეტალია.
- შოკოლადის. - გიორგიმ თავი დაუქნია, თითქოს პასუხმა რაღაც მნიშვნელოვანი დაადასტურა. ენის ღიმილი რამდენიმე წამს დარჩა, მერე ისევ ჩაქრა. - იმ ღამეს პირველად ვიფიქრე, რომ შეიძლება მარტოობა საერთოდ არ მიყვარდეს. შეიძლება უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიყო მარტო. - ამჯერად გიორგის აღარაფერი უთქვამს. არც იყო საჭირო. უზარმაზარ ეკრანზე ფილმი ისევ გაჩერებული იდგა, დარბაზში კი ისეთი სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელშიც ენს პირველად აღარ ჰქონდა სურვილი, საკუთარი ნათქვამი ხუმრობით გადაეფარა. გიორგი რამდენიმე წამს უყურებდა. მერე ხელი ასწია და სახეზე ჩამოშლილი თმის ღერი ნელა გადაუწია ყურს უკან. თითები მაშინვე არ მოუშორებია, საფეთქელთან შეჩერდა, ლოყას ძალიან მსუბუქად ჩამოჰყვა და ნიკაპთან გაჩერდა. ენი არ განძრეულა. მხოლოდ მზერა გაუსწორა.
- რა? - თითქმის ჩურჩულით ჰკითხა. გიორგის გაეღიმა. ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად.
- უბრალოდ ვფიქრობ, რა უსამართლოდ კარგად გამოგდის ყველას დარწმუნება, რომ არაფერი გჭირდება.
- კომპლიმენტია?
- არა. - თითის ბალიშით ერთხელ, ძალიან ნაზად შეეხო ლოყას. - კომპლიმენტი ისაა, რომ როცა აღარ ცდილობ ძლიერი იყო, კიდევ უფრო ლამაზი ხარ. - ენის მზერა წამით მის ტუჩებზე შეჩერდა. იმდენად ცოტა ხნიატ, რომ შეიძლებოდა შემთხვევითობად ჩაგეთვალა. გიორგის რომ არ შეემჩნია. რა თქმა უნდა, შეამჩნია.
მათ შორის ისედაც მცირე მანძილი უცებ ზედმეტად მცირე გახდა. ეკრანის მკრთალი სინათლე გიორგის სახის მხოლოდ ერთ მხარეს ანათებდა, ენს კი პირველად მოუნდა, კაცს კიდევ ცოტათი მიახლოებოდა. მაგრამ გიორგი არ განძრეულა. მხოლოდ ხელი ჩამოსწია თითქოს არჩევანი განზრახ მას დაუტოვა. ენმა რამდენიმე წამს უყურა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- ახლა შენი ჯერია. - თქვა ჩუმად. გიორგიმ წარბი ასწია.
- დარწმუნებული ხარ?
- არა. მაგრამ მაინც მოყევი.
- ჩემზე თითქმის ყველას ჰგონია, რომ ადამიანებთან დაახლოება ძალიან მარტივად შემიძლია.
- შეგიძლია კიდეც.
- შემიძლია. - დაეთანხმა. - უბრალოდ დაახლოება და შეჩვევა ერთი და იგივე არ არის. - ენმა ინტერესით შეხედა. გიორგიმ პოპკორნის ჭიქა იატაკზე დადო და სავარძელში ოდნავ გასწორდა.
- ბავშვობაში ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს, ახალი სკოლა, ახალი ეზო... თავიდან ძალიან მძულდა. მერე ვისწავლე.
- რა?
- ადამიანების სწრაფად გაცნობა. - გაეღიმა. - ახალ კლასში რომ შევდიოდი, რამდენიმე დღეში უკვე ვიცოდი, ვისთან შეიძლებოდა მეგობრობა, ვისთან ფეხბურთის თამაში და ვისგან უნდა დამემალა ჩემი საჭმელი. - ენს გაეცინა.
- ანუ ბავშვობიდან ასეთი იყავი.
- ბევრად უარესი. - წამით თვითონაც გაეღიმა, მერე მზერა ეკრანისკენ გადაიტანა. - მაგრამ კიდევ რაღაც ვისწავლე. როცა ვიცოდი, რომ მალე ისევ უნდა წავსულიყავით, ადამიანებს მანამდე ვშორდებოდი, სანამ რეალურად დავშორდებოდით. - ენი აღარ ჩარეულა.
- ერთხელ ერთი მეგობარი მყავდა. მართლა ძალიან ახლო. თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. მერე გავიგე, რომ ორ თვეში სხვაგან გადავდიოდით და... ნელ-ნელა შევწყვიტე მასთან სიარული. აღარ ვურეკავდი. როცა მეძახდა, მიზეზებს ვიგონებდი. - გიორგის სახეზე უცნაური, მშვიდი ღიმილი გაჩნდა. - ერთ დღეს პირდაპირ მკითხა, რამე დაგიშავეო.
- და?
- ვუთხარი, არა, უბრალოდ მომბეზრდი-მეთქი. - ენმა წარბები შეკრა
- სისასტიკიე.
- ჰო. - გიორგიმ თავი დაუქნია. - იმ მომენტშიც ვიცოდი. - რამდენიმე წამით გაჩუმდა. - უბრალოდ თორმეტი წლის ვიყავი და ვერ ვიტყოდი: „ორ თვეში მივდივარ და მეშინია, რომ მომენატრები.“ ბევრად მარტივი იყო დამეჯერებინა, რომ თუ პირველი მე გავუშვებდი ადამიანს, მერე მისი დაკარგვა აღარ მეტკინებოდა.
- იმუშავა? - გიორგიმ ჩუმად ჩაიცინა.
- საერთოდ არა. - ენს გაეღიმა. - მაგრამ ჩვევა დარჩა. - განაგრძო მან. - მერე უკვე ადგილებს აღარ ვიცვლიდი, ადამიანებს კი მაინც... როცა ვგრძნობდი, რომ ვიღაც ზედმეტად ახლოს მოდიოდა, რაღაც მერთვებოდა. ერთი ნაბიჯით უკან. ზოგჯერ ისე, რომ თვითონაც ვერ ვამჩნევდი. - ენი ცოტა ხანს უყურებდა.
- ანუ ადამიანებთან დაახლოება არ გაშინებს.
- არა.
- მათი შეყვარება გაშინებს. - გიორგის მზერა მასზე შეჩერდა.ნრამდენიმე წამი არაფერი უთქვამს.
- მათი საჭიროება. - გაასწორა ბოლოს მშვიდად. - ალბათ უფრო ეგ. - ამ პასუხის შემდეგ სიჩუმე სხვანაირი გახდა. ენი მის სახეს აკვირდებოდა, თითქოს რაღაცას პირველად ხედავდა მასში.
- ჩემთანაც? - ჰკითხა ბოლოს. - გიორგის ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა. ამჯერად მზერა არ მოურიდებია.
- შენთან რატომღაც ჩემი თავდაცვის ყველა ინსტინქტი ძალიან ცუდად მუშაობს. - ენის გულმა ერთი მძიმე დარტყმა გამოტოვა.
- ცუდია?
- ჯერ ვერ გადავწყვიტე.
- მატყუარა. - გიორგის გაეღიმა.
- კარგი. გადავწყვიტე. -ოდნავ მისკენ გადაიხარა. იმდენად, რომ მომდევნო სიტყვები მხოლოდ ენს ეკუთვნოდა. - მომწონს. ენმა რამდენიმე წამს უყურა.
- იდიოტი ხარ.
- ვიცი. - ქალს გაეცინა. ეკრანზე გაყინული უცხო კაცი ისევ მოთმინებით ელოდა საკუთარი ისტორიის გაგრძელებას.
მაგრამ არც ერთ მათგანს გახსენებია პულტისთვის ხელის მოკიდება. - იცი, რა ვიფიქრე? - სიჩუმე ბოლოს გიორგიმ დაარღვია.
- რა?
- ეს კაცი საერთოდაც გერმანელია. - ეკრანისკენ გაიშვირა ხელი. ენი რამდენიმე წამს უძრავად იჯდა, თითქოს ნათქვამიდან აზრი უნდა გამოეტანა. მერე გაეცინა, ჯერ ჩუმად, შემდეგ უფრო გულწრფელად და უნებურად მამაკაცის გაშლილ მკლავს მინდობილი მის მკერდთან მიყუჩდა. გიორგის ხელი უხმოდ შემოეხვია მხრებზე. აღარაფერი უთქვამთ. ეკრანზე ისევ გაყინული იდგა კაცი, რომლის ეროვნებაზეც შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს. დარბაზში კი ორი ადამიანის სუნთქვა ერეოდა ერთმანეთს და სადღაც, სიტყვებსა და სიჩუმეს შორის, ის რამდენიმე სანტიმეტრიც გამქრალიყო, რომლის გადალახვაც ცოტა ხნის წინ ვერც ერთმა გაბედა. ალბათ ყველა სიახლოვე კოცნით არ იწყება. ზოგჯერ უბრალოდ ვიღაცის მკერდთან თავს დებ და მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ სიმშვიდესაც შეიძლება ადამიანის გულისცემა ჰქონდეს.

4
წვიმას რამდენიმე საათის წინ გადაეღო და ქალაქი ჯერ კიდევ სველი იყო. გზის საფარზე შუქნიშნების წითელი და ყვითელი ფერები ირეკლებოდა, ტროტუარებზე დარჩენილ პატარა გუბეებში ვიტრინები თავდაყირა ენთო, ჰაერს კი წვიმის, სველი ფოთლებისა და სადღაც ახლოს მოდუღებული ყავის ერთმანეთში არეული სურნელი ჰქონდა. ჯერ ბოლომდე არ დაბნელებულიყო. ცა იმ უცნაურ მოლურჯო ფერში გაჩერებულიყო, როცა დღე უკვე წასულია, ღამე კი ჯერ საკუთარ თავს ქალაქისთვის ბოლომდე არ იმეტებს. ენი სადარბაზოდან გამოვიდა და გიორგის მანქანა მაშინვე დაინახა. კაცი მანქანას მიყრდნობოდა, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და მისკენ იყურებოდა. როგორც კი ქალი დაინახა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ენი კიბეებს ჩამოუყვა.
- გამარჯობა.
- მოიცადე. - ქალი შუა ნაბიჯზე გაჩერდა.
- რა? - გიორგი რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა.
- არაფერი.
- მაშინ რატომ გამაჩერე?
- მინდოდა მენახა. ენმა წარბი აიწია.
- რას უყურებ?
- ჯერ ვერ გადავწყვიტე.
- გიორგი...
- ნუ მაჩქარებ. მნიშვნელოვანი კვლევაა. - ქალს გაეცინა და მისკენ გზა განაგრძო.
- დაასკვნი რამეს? - გიორგიმ მანქანის კარი გაუღო.
- ჯერჯერობით მხოლოდ იმას, რომ ძალიან ცუდად იქცევი.
- რას ვაკეთებ?
- ასე მოდიხარ. - ენი წამით შეჩერდა, მერე თავი გააქნია.
- ოთხი პაემანი დაგჭირდა ასეთი იდიოტური კომპლიმენტების დასაწყებად?
- არა. ოთხი პაემანი დამჭირდა, ხმამაღლა რომ მეთქვა. - ქალს ღიმილი შეეპარა.
წინა საღამოს შემდეგ გიორგის მზერას რაღაც დამატებოდა. ან იქნებ არაფერი დამატებოდა, უბრალოდ ენმა დაიწყო მისი შემჩნევა. ადრეც უყურებდა ასე. დიდხანს. მშვიდად. ზოგჯერ საუბრის შუაშიც კი ავიწყდებოდა მზერის მოშორება. მაგრამ ახლა ქალმა უკვე იცოდა, როგორი იყო მის მკერდთან მიყუჩებული მისი გულისცემა. იცოდა, როგორი თბილი ჰქონდა ხელი და როგორი მცირე შეიძლებოდა ყოფილიყო მანძილი ორ ადამიანს შორის, სანამ კოცნა ჯერ კიდევ არ მომხდარა. ზოგი სიახლოვე უცნაურად ცვლის შემდეგ შეხვედრას. ადამიანი იგივეა. სახეც იგივე აქვს, ხმაც. მაგრამ ერთხელ თუ მის სუნთქვას ზედმეტად ახლოდან იგრძნობ, შემდეგ უკვე ჩვეულებრივი „გამარჯობაც“ ძველებურად აღარ ჟღერს. ენი მანქანაში ჩაჯდა. გიორგიმ კარი მიუხურა, მეორე მხრიდან შემოუარა და საჭესთან მოთავსდა. ქალმა მაშინვე შენიშნა უკანა სავარძელზე დადებული პატარა შავი ჩანთა.
- ეგ რა არის? - გიორგიმ ძრავა ჩართო.
- არაფერი.
- შენთან „არაფერი“ უკვე საეჭვო სიტყვაა.
- ძალიან უნდობელი გახდი.
- გამოცდილება. - მანქანა ნელა დაიძრა. რამდენიმე წუთი ჩვეულებრივ საუბარში გავიდა. ქალაქის საღამოს საცობში ხან რამდენიმე მეტრს გადიოდნენ, ხან ისევ ჩერდებოდნენ. მუსიკა ჩუმად უკრავდა. ფანჯრებს მიღმა ადამიანები ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდნენ სველ ქუჩებს, ბარების მინის მიღმა თბილი სინათლე იდგა და თბილისი ნელ-ნელა ღამეში გადადიოდა. ერთ-ერთ შუქნიშანთან ენმა ისევ უკან გაიხედა.
- მაინც გავიგებ.
- ვიცი.
- მაშინ მითხარი.
- არა.
- რატომ? - გიორგის მზერა გზიდან არ მოუშორებია.
- იმიტომ, რომ ჯერ ერთი წესი უნდა აგიხსნა. - ენს გაეცინა.
- აჰა. დაიწყო.
- რა დაიწყო?
- შენი „წესების გარეშე“ პაემნის წესები. - გიორგიმ ამჯერად თვითონაც ჩაიცინა.
- სამართლიანი შენიშვნა. - შუქნიშანი მწვანეზე გადავიდა. მანქანა კვლავ გაუყვა გზას. - დღეს მხოლოდ სამი წესია. - თქვა ცოტა ხნის შემდეგ. - არ პოზირებ. არაფერს ვშლით. და ფრაზა „ეს ფოტო არ მომწონს“ აკრძალულია. - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. მერე უკანა სავარძელზე დადებულ შავ ჩანთას გახედა.
- ფოტოაპარატი? - გიორგიმ მანქანა გზის კიდესთან გააჩერა, ღვედი შეიხსნა და უკან გადაიხარა. ჩანთა აიღო, გახსნა და იქიდან პატარა კამერა ამოიღო.
ენს გაუწოდა.
- დღეს უნდა დამიმტკიცო, რომ ისეთი ლამაზი არ ხარ, როგორიც მგონია. - ქალმა ჯერ კამერას დახედა. მერე გიორგის.
- ეს რა სულელური დავალებაა? - გაეცინა.
- რთულია?
- შეუძლებელია. - პასუხი ისე სწრაფად გასცა, მხოლოდ შემდეგ მიხვდა, რა თქვა.
გიორგის სახეზე ღიმილი მოეფინა.
- აი, ეს მომწონს. - ენი სიცილით მიეყრდნო სავარძელს.
- კამერა მომეცი.
- რატომ? - ქალმა გამოართვა, ჩართო და პირდაპირ გიორგისკენ მიმართა.
- შენგან დავიწყებ.
- ენ, ჯერ მზად არ ვარ. - პირველი ჩხაკუნი გაისმა. გიორგი გაშეშდა.
- წესები გახსოვს? - სრულიად მშვიდად ჰკითხა ქალმა. - არ პოზირებ. - მეორე ჩხაკუნი. - არაფერს ვშლით. - მესამე. - გიორგიმ სიცილით სახეზე ხელი აიფარა.
ენმა კამერის ეკრანს დახედა და კმაყოფილმა გაიღიმა. - მგონი კარგი საღამო იქნება. - და ალბათ პირველად გიორგის გაუჩნდა ეჭვი, რომ საკუთარი თამაშის წესები ძალიან "ცუდ" ადამიანს გაანდო.
პირველი ნახევარი საათი გიორგი საკუთარი იდეის მსხვერპლი იყო.
ენი კამერას თითქმის არ უშვებდა ხელიდან. ფოტო გადაუღო მაშინ, როცა მანქანის კარი გაუღო. მაშინაც, როცა ქუჩის კუთხეში ყავას ყიდულობდა. მაშინაც, როცა გამყიდველს ხურდას უთვლიდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ქალი ობიექტივიდან აკვირდებოდა.
- ეს უკვე თვალთვალია. - უთხრა გიორგიმ, როცა მორიგი ჩხაკუნი გაიგონა.
- ხელოვნებაა.
- დანაშაულებრივ სამყაროში ამას სხვა სახელი აქვს.
- ხელოვნებას ყოველთვის ვერ უგებდნენ. - გიორგიმ ორი ყავის ჭიქით მისკენ გამოიწია.
- ძალიან მალე მიითვისე ჩემი თამაში.
- შენი პირველი შეცდომა იყო, კამერა ჩემთვის რომ მომეცი.
- და მეორე? - ენმა ყავა გამოართვა.
- ჯერ არ დაგიშვია.
- იმედის მომცემია.
- საღამო წინაა. - გიორგის გაეცინა. ქალაქში უმიზნოდ დადიოდნენ. არც მარშრუტი ჰქონდათ და არც ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მისულიყვნენ. ქუჩას მაშინ ცვლიდნენ, როცა რომელიმე მათგანს მოპირდაპირე მხარეს რაღაც მოეწონებოდა, განათებული აივანი, ძველი სადარბაზო, პატარა საცხობიდან გამოსული სუნი, კედელზე უცნაური წარწერა. თბილისი კი თითქოს გულუხვად აძლევდა ფონებს. სველი ქვაფენილი, ყვითელი ლამპიონები, ძველი სახლების აივნები, ვიტრინების შუქი და შემოდგომის ქარი, რომელიც ენის თმას ხან სახეზე აყრიდა, ხან გიორგისკენ მიაქანებდა. ერთ-ერთ ქუჩაზე მაწანწალა ძაღლი აედევნათ. გიორგი მაშინვე ჩაიმუხლა.
- მოდი, მეგობარო.
- არ შეეხო. - გააფრთხილა ენმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მერე მთელი საღამო გამოგვყვება.
- იქნებ მეც ეგ მინდა. - ძაღლმა კუდი ააქიცინა და პირდაპირ მისკენ წავიდა. კამერის ხმა გაისმა. გიორგიმ თავი ასწია.
ენი კვლავ კამერით იდგა. - ეგ წაშალე.
- პირველი წესი?
- არ პოზირებ.
- მეორე?
- არაფერს ვშლით. - ამოიოხრა კაცმა. - სწრაფად სწავლობ. - გიორგი წამოდგა, ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა და უცებ ენისკენ დიაძრა. ქალმა ნაბიჯი უკან გადადგა.
- რას აკეთებ?
- მომეცი კამერა.
- არა.
- ენ.
- გიორგი. - კიდევ ერთი ნაბიჯი. ენს გაეცინა და უკან დაიხია. - არ გაბედო.
- კამერა.
- შენი იდეა იყო! - ქალი შემოტრიალდა და გაიქცა. გიორგი სიცილით გაეკიდა.
რამდენიმე წამით ორივეს სრულიად დაავიწყდა ასაკიც, ქალაქიც და ისიც, რომ ქუჩაში სხვა ადამიანები არსებობდნენ. ენი კამერას მკერდზე იხუტებდა და იცინოდა, გიორგი კი ბოლოს მაინც დაეწია, წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- დაგიჭირე.
- ძალადობაა.
- საკუთრების დაბრუნებაა.
- კამერა უკვე ემოციურად ჩემია.
- ნახევარი საათია გაქვს.
- ურთიერთობებში დრო არაფერს ნიშნავს.
- ეგ ფრაზა დაიმახსოვრე. ოდესმე შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ. - ენი მის მკლავებში ჯერ კიდევ იცინოდა. მერე სიცილი თავისით მიწყნარდა. იმიტომ, რომ უცებ ორივემ შეამჩნია, რა ახლოს იდგნენ. გიორგის ხელი ისევ მის წელზე ჰქონდა მოხვეული. ენის თითები მის მკერდს ეხებოდა. რამდენიმე წამის წინ სრულიად უწყინარი თამაში იმ ნაცნობ, უხილავ საზღვრამდე მისულიყო, რომლის მეორე მხარეს უკვე სხვა სურვილები იწყებოდა. ენმა თვალებში ჩახედა გიორგის ხელი არ მოუშორა. - კამერა. - თქვა ჩუმად.
- ამისთვის გამომეკიდე?
- თავიდან კი.
- და ახლა? - მამაკაცის თვალებში ღიმილი გაიბნა, მაგრამ პასუხი - არა. ენმა რამდენიმე წამს აცადა. მერე კამერა მკერდიდან ნელა გამოაცურა და გაუწოდა. - მშიშარა. - გიორგიმ კამერა გამოართვა.
- პროვოკატორი.
- ეგ კომპლიმენტად მივიღე.
- ასეც იყო. - ისევ დაიძრნენ. ახლა კამერა გიორგის ჰქონდა. და თამაშის ხასიათიც შეიცვალა. ენი თითქმის მაშინვე მიხვდა, რომ კაცი ფოტოებს სხვანაირად იღებდა.
არ სთხოვდა გაჩერებას. არ ეძებდა ლამაზ კედელს და არ ეუბნებოდა, საით გაეხედა. უბრალოდ ელოდებოდა. მერე აპატარის ხმა ისმოდა. ენი ყავის ჭიქაზე თითებს ითბობდა. კიდევ ისმოდა ხმა. ქარი თმას სახეზე აყრიდა და ქალი გაღიზიანებული ცდილობდა მის უკან გადაწევას. მორიგი ხმა. ვიტრინასთან გაჩერებულიყო და რაღაცას ინტერესით უყურებდა.
- გიორგი.
- რა?
- რამდენი ფოტო გადამიღე?
- არ ვიცი.
- მატყუებ.
- თექვსმეტი. - ენი გაჩერდა.
- თექვსმეტი?!
- ჩვიდმეტი. - კიდევ გაისმა აპარატის ხმა.
- იდიოტი ხარ! - გიორგიმ კამერა ჩამოსწია და ეკრანს დახედა. გაეღიმა. ენი მიუახლოვდა.
- მაჩვენე.
- არა.
- წესებში არ ყოფილა, რომ ფოტოების ნახვა არ შეიძლებოდა.
- ახლა დავამატე.
- წესებს შუა თამაშში ვერ დაამატებ.
- ჩემი კამერაა. - ქალი მის წინ დადგა და კამერის წართმევა სცადა. გიორგიმ ხელი მაღლა ასწია.
- სერიოზულად? — აღშფოთდა ენი.
- რა?
- სიმაღლეს იყენებ?
- ბუნებრივ უპირატესობას. - ენი ფეხის წვერებზე აიწია. გიორგიმ კამერა კიდევ უფრო მაღლა ასწია.
- მძულხარ.
- არა. - პასუხი იმდენად მშვიდად გასცა, ენი წამით გაჩერდა.
- ძალიან თავდაჯერებული ხარ.
- ამ კონკრეტულ საკითხში კი. - მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა. გიორგიმ ხელი ნელა ჩამოსწია. ეკრანზე ბოლო ფოტო იყო. ენი ვიტრინასთან იდგა, ოდნავ გვერდულად. ერთ ხელში ყავა ეჭირა, მეორე ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა ჩამალული. ქარს თმის რამდენიმე ღერი აერია. არ იღიმოდა. კამერის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. უბრალოდ რაღაცას უყურებდა. და ლამაზი იყო არა იმ ზუსტი, თითქმის დაუჯერებელი სილამაზით, რომელსაც ადამიანები მის დანახვისთანავე ამჩნევდნენ. სხვანაირად. ცოცხლად. ენი ფოტოს ცოტა ხანს უყურებდა.
- ახლა რატომ გადამიღე? - გიორგიმ ჯერ ფოტოს დახედა, მერე მას.
- იმიტომ, რომ არ მიყურებდი.
- მერე? - მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა.
- ყველაზე მეტად მაშინ მომწონხარ, როცა არ იცი, რომ გიყურებ. - ენმა მზერა კამერის ეკრანზე გადაიტანა. უცნაური იყო. მთელი ცხოვრება უყურებდნენ.
მის სახეს, სხეულს, ჩაცმულობას. ამჩნევდნენ ოთახში შესვლისას, აყოლებდნენ თვალს ქუჩაში, ეუბნებოდნენ, რომ ლამაზი იყო იმდენჯერ, რომ სიტყვას მნიშვნელობის ნაწილი უკვე დიდი ხნის წინ დაეკარგა. მაგრამ პირველად მოეჩვენა, რომ ვიღაც მის სილამაზეს კი არ უყურებდა. მას უყურებდა.
- მომეცი კამერა. - თქვა ბოლოს. - გიორგიმაც გაუწოდა.
- შურისძიება?
- შეიძლება. - რამდენიმე წუთი ისე იარეს. გიორგი რაღაცას უყვებოდა. ხელებით ხსნიდა, იცინოდა, დროდადრო მისკენ იხრებოდა. ენი კამერას არ იღებდა.
უბრალოდ უსმენდა. მერე გიორგი გაჩერდა.
- რას მიყურებ? - და სწორედ ამ დროს გაისმა აპარატის ხმა. კაცმა წარბი ასწია.
ენმა კი ღიმილით დახედა ეკრანს .
- ახლა რატომ გადამიღე? - ქალმა ფოტო რამდენიმე წამით შეათვალიერა. მერე თვალები ასწია.
- მინდოდა მენახა, როგორი ხარ, როცა მე მიყურებ. - ამჯერად გიორგი გაჩუმდა.
ენი კი კამერით ხელში მშვიდად გაუყვა ქუჩას წინ. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოიხედა. კაცი ისევ იმავე ადგილას იდგა. - მოდიხარ? გიორგის გაეცინა და მისკენ დაიძრა.
- საშიში ქალი ხარ, ენ.
- გვიან მიხვდი.
- არა. - გვერდით ამოუდგა. - უბრალოდ აქამდე მომწონდა. - ქალს მისკენ არ გაუხედავს.
- და ახლა? გიორგიმ ხელიდან ყავის ცარიელი ჭიქა გამოართვა და გზად ურნაში ჩააგდო.
- ახლა ძალიან მომწონს. - ქალი გაჩუმდა. მაგრამ ღიმილი ვერ დამალა, მათ შორის მანძილი ნელ-ნელ მცირდებოდა. და ამჯერად არც ერთი ცდილობდა მის გაზრდას. კამერამ იმ საღამოს ბევრი რამ დაიმახსოვრა, სიცილი, შემთხვევითი მზერები, ქარში არეული თმა, ხელში გაციებული ყავა და წამები, რომლებიც ფოტოს გადაღებამდე ჩვეულებრივი ჩანდა. მხოლოდ ერთი რამ ვერ მოხვდა ვერც ერთ კადრში. მანძილი, რომელიც მათ შორის ნელ-ნელა ქრებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ზოგი რამ ფოტოზე არ ჩანს. უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ადამიანი, რომელსაც ადრე ობიექტივის მეორე მხრიდან უყურებდი, უკვე იმდენად ახლოს დგას, ფოკუსისთვის ადგილი აღარ რჩება.

5
ქალაქში, სადაც დიდხანს ცხოვრობ, ქუჩებს ნელ-ნელა სახელები ეკარგებათ.
ისინი უბრალოდ გზებად იქცევიან, სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან მაღაზიამდე, მეგობართან, სკოლასთან, აფთიაქთან... გზებად, რომლებსაც თვალებით კი აღარ უყურებ, სხეულით იმახსოვრებ. იცი, რომელ მოსახვევში უნდა შეანელო, სად დგას მარადიული საცობი, რომელ შუქნიშანზე დაგაგვიანდება და სად უნდა გადახვიდე მეორე ზოლში. და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ქალაქში ცხოვრობ, რომელსაც თითქმის ვეღარ ხედავ. იმ საღამოს გიორგიმ ენი სწორედ ასეთ თბილისში წაიყვანა. არ უთქვამს სად მიდიოდნენ.
თავიდან ქალიც არ დაინტერესებულა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე გათბობასთან ხელები მიიტანა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და გიორგის ყავის ჭიქა ისე გამოართვა, არც უკითხავს, მისთვის იყო თუ არა. ბოლო დროს მის გვერდით ზოგიერთი მოძრაობა უცნაურად ბუნებრივი გამხდარიყო. ყავის წართმევა. მის მანქანაში საკუთარი ნივთების დატოვება. საუბრისას მკლავზე ხელის შეხება. და ზოგჯერ დუმილიც. ალბათ სიახლოვე სწორედ ასე იწყება, არა დიდი აღიარებებით, არამედ პატარა თავხედობებით, რომლებზეც მეორე ადამიანი აღარ გიბრაზდება.
ქალაქის ნაცნობი ნაწილი თანდათან უკან დარჩა. ენი ფანჯრიდან იყურებოდა.
რამდენიმე ქუჩის შემდეგ წარბები შეკრა. აქ თითქმის არასოდეს ხვდებოდა. ძველი სახლები ერთმანეთს მჭიდროდ მიყრდნობოდა, აივნებიდან სარეცხი ეკიდა, პირველ სართულებზე პატარა მაღაზიები ანათებდა. სადღაც ღია ფანჯრიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა, სადღაც ქალი ბავშვს ეძახდა, სადღაც ორი კაცი ტროტუარზე იდგა და ისეთი მონდომებით კამათობდა, თითქოს ქალაქის ბედი მათ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. გიორგიმ მანქანა პატარა ქუჩაზე გააჩერა.
- მოვედით?
- არა.
- აბა რატომ ვჩერდებით?
- იმიტომ, რომ აქედან ფეხით მივდივართ. - ენმა გარეთ გაიხედა. არც რესტორანი ჩანდა. არც ბარი. არც თეატრი. არც ისეთი ადგილი, სადაც ნორმალური ადამიანი ქალს პაემანზე მიიყვანდა. უკვე ეს უკანასკნელი გარემოება საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ გიორგი სრულიად კმაყოფილი იქნებოდა. ქალი მანქანიდან გადავიდა. ჰაერი ცივი იყო. შემოდგომას უკვე ის სიმკვეთრე შეჰპარვოდა, რომელიც ზამთრის მოახლოებას გაფრთხილებს. ენმა ქურთუკი შეიკრა და მამაკაცს გახედა. გიორგიმ მანქანა ჩაკეტა, ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა.
- აიღე.
- შენი ტელეფონი რად მინდა?
- შენიც მომეცი. - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. უკვე იცოდა, რომ ასეთ მომენტებში ზედმეტი კითხვები არაფერს ცვლიდა. ტელეფონი გაუწოდა. გიორგიმ ორივე მანქანაში დატოვა.
- მშვენიერია. - თქვა ენმა. - ახლა თუ მოგვიტაცებენ, ძალიან ორგანიზებულად ვერავის შევატყობინებთ.
- ოპტიმიზმი ყოველთვის მომწონდა შენში. - გიორგიმ მანქანა ჩაკეტა. და მხოლოდ მაშინ უთხრა: - დღეს თბილისში არ ვცხოვრობთ. ქალი გაჩერდა.
- სად ვცხოვრობთ?
- არსად.
- ძალიან იაფი ქირა გვექნება. - გიორგის გაეღიმა.
- დღეს პირველად ვართ აქ. ქალაქი არ ვიცით. არც ქუჩები, არც ადამიანები. რუკა არ გვაქვს. არც დანიშნულების ადგილი. - ქალი იდგა და უყურებდა. მერე ნელა მოავლო თვალი ქუჩას. უცნაური იყო, მაგრამ ერთი წინადადება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გარემო ოდნავ შეცვლილიყო. სახლები, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ უბრალოდ ძველ სახლებად აღიქვამდა, ახლა დეტალებად დაიშალა, ხის აივანი, რომელსაც ერთი მოაჯირი აკლდა; მესამე სართულის ფანჯარასთან ჩამოკიდებული წითელი ფარდა; პატარა საცხობის კარი, საიდანაც თბილი პურის სუნი გამოდიოდა; კედელზე მიწერილი ვიღაცის სახელი; ქუჩის ბოლოს ეკლესიის გუმბათი. ქალაქი იგივე დარჩა. მხოლოდ ენმა შეხედა პირველად. ალბათ ადამიანებთანაც ასე იყო. ზოგჯერ წლები იცნობ მათ და უკვე აღარ უყურებ. დარწმუნებული ხარ, რომ იცი მათი ხასიათი, ჩვევები, სიტყვები, რეაქციები. მათ შესახებ წარმოდგენა იმდენად დასრულებული გაქვს, რომ ახალ დეტალებს ადგილიც აღარ რჩება. და მერე რაღაც ხდება. ერთი საღამო. ერთი ფრაზა. ერთი შემთხვევითი შეხება. და ნაცნობ სახეში უცებ სრულიად უცხო ადამიანს ხედავ. ენის მზერა გიორგიზე შეჩერდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ეს კაცი მისთვის სწორედ ასე იცვლებოდა. არადა თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანდა. მომხიბვლელი კაცი. კარგი იუმორით. ზედმეტად თავდაჯერებული ღიმილით. და იმ აუტანელი ჩვევით, თითქოს ყოველთვის ერთი ნაბიჯით ადრე იცოდა, რას იტყოდა ქალი. ახლა კი ენს სულ უფრო ხშირად უჩნდებოდა შეგრძნება, რომ რაც უფრო ახლოს მიდიოდა, მით უფრო ნაკლები იცოდა მის შესახებ. უცნაურად სასიამოვნო აღმოჩნდა ადამიანის ბოლომდე ვერ ცოდნა. სივრცეს ტოვებდა. აღმოსაჩენად.
- კარგი. თქვა ბოლოს. - უცხოები ვართ. - გიორგიმ თავი დაუქნია და ქუჩას გაუყვა.
ენი რამდენიმე ნაბიჯში დაეწია. - ოღონდ ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა?
- ერთმანეთს ვიცნობთ. - გიორგი შეჩერდა.
თითქოს სწორედ ამ კითხვას ელოდა.
- აღარ ვიცნობთ. - ენის სახეზე ეჭვი გაჩნდა.
- გიორგი...
- გიორგი ვინ არის? - ქალი რამდენიმე წამს უყურებდა. მერე გაეცინა. ახლა მიხვდა. - ღმერთო.
- რა?
- ისევ რაღაც მოიფიქრე.
- მე არაფერი მომიფიქრებია. პირველად გხედავ. - ენი თვალებმოჭუტული უყურებდა. მამაკაცმა ხელი გაუწოდა. - სასიამოვნოა. ქალმა ჯერ მის ხელს დახედა. შემდეგ სახეს. რამდენიმე წამი სპეციალურად დააყოვნა, თითქოს მართლა წყვეტდა, ღირდა თუ არა ამ უცნობი მამაკაცის გაცნობა. ბოლოს ხელი გაუწოდა. გიორგის თითები მის თითებს შემოეხვია. - ლევანი. - თქვა სრულიად სერიოზული სახით. ენი სიცილს ძლივს იკავებდა.
- ლევანი?
- რამე პრობლემა გაქვთ ჩემს სახელთან? - ქალმა თავი გააქნია.
- არა, ლევან. საერთოდ არა.
- თქვენ? - აქ უკვე შეჩერდა. შეეძლო პირველი შემთხვევითი სახელი ეთქვა.
მაგრამ მოულოდნელად ამ უმნიშვნელო თამაშმა უცნაური თავისუფლების გემო შეიძინა. რამდენჯერ ეძლევა ადამიანს საშუალება, რამდენიმე საათით საკუთარი სახელიც კი გვერდზე გადადოს? სახელთან ერთად ხომ იმდენი რამ მოგყვება. შენი წარსული. ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ. ადამიანები, რომლებსაც ატკინე. შეცდომები. პასუხისმგებლობები. ვერსიები შენი თავისა, რომლებსაც სხვები წლების განმავლობაში აგროვებდნენ. „ენი“ უკვე ვიღაც იყო. მისგან რაღაცებს ელოდნენ.
რაღაცები იცოდნენ. რაღაცებს პატიობდნენ და რაღაცებს არა. მაგრამ ქალი, რომელიც ახლა ამ უცნობ ქუჩაზე იდგა, ჯერ არავის იცნობდა. მის შესახებ არავის არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი. ენმა გიორგის, უფრო სწორად, ლევანს შეხედა. და პირველად იმ საღამოს თამაში მართლა მოეწონა.
- დეა. - სახელი თავისით მოვიდა. გიორგიმ ოდნავ გაიღიმა.
- დეა. - ისე გაიმეორა, თითქოს ამოწმებდა, უხდებოდა თუ არა. - საიდან ხარ, დეა? - ენმა ქუჩას გახედა. ახლა უკვე შეეძლო ნებისმიერი პასუხი გაეცა. ნებისმიერი ქალაქი. ნებისმიერი ქვეყანა. ნებისმიერი ცხოვრება. და მოულოდნელად მიხვდა, რამდენად სახიფათო რამ იყო თავისუფლება, როცა რამდენიმე საათით საკუთარ თავზე ტყუილის თქმის უფლება გეძლეოდა. იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანი გამოგონილ ამბებში ყველაზე ნამდვილ რაღაცებს მალავს. ქალს გაეღიმა.
- ჯერ არ გადამიწყვეტია. - და ქუჩას გაუყვა. გიორგი რამდენიმე წამით უყურებდა, მერე უკან მიჰყვა. იმ საღამოს თბილისს ორი ახალი ადამიანი დაემატა.
ლევანი და დეა. არც ერთ მათგანს წარსული არ ჰქონდა. ჯერ.
დეა არქიტექტორი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, პირველი ათი წუთი. შემდეგ გაახსენდა, რომ არქიტექტურაზე თითქმის არაფერი იცოდა და პროფესია ფოტოგრაფით შეცვალა. ცხოვრობდა ხან პრაღაში, ხან ფლორენციაში, მოგზაურობდა მარტო, ადამიანებს ქუჩაში უღებდა ფოტოებს და არასოდეს რჩებოდა ერთ ქალაქში იმდენხანს, რომ ვინმეს მისთვის ლოდინი დაეწყო. ლევანი უსმენდა. იშვიათად უსწორებდა.
უფრო ხშირად იღიმოდა. თავის მხრივ, ლევანი ღვინის მწარმოებელი იყო, რომელსაც სადღაც კახეთში პატარა ვენახი ჰქონდა, დილაობით ცხენით დადიოდა და წელიწადში რამდენიმე თვეს საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.
დეამ მხოლოდ ერთხელ შეხედა ეჭვით.
- ცხენით?
- კარგი. ცხენი ზედმეტი იყო. და ისევ განაგრძეს გზა. თამაში უცნაურად მარტივი აღმოჩნდა. თავიდან ერთმანეთის მოტყუება სახალისო იყო. იგონებდნენ ქალაქებს, პროფესიებს, მოგზაურობებს, ადამიანებს, რომლებიც არასოდეს შეხვედრიათ. რამდენიმე წუთში ორივეს ისეთი წარსული ჰქონდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო მთელი ცხოვრება დაეკავებინა. მაგრამ ტყუილს ერთი საინტერესო თვისება აქვს. თუ დიდხანს ჰყვები, ბოლოს მაინც საკუთარ თავამდე მიდიხარ. დეა ამბობდა, რომ არ უყვარდა ერთ ადგილას დიდხანს დარჩენა. ენი კი სინამდვილეში ადამიანებზე ამბობდა. ამბობდა, რომ ნივთებს ადვილად ტოვებდა და არასოდეს ენანებოდა ის, რაც უკან რჩებოდა. ლევანმა არაფერი უთხრა. მხოლოდ შეხედა. და ქალმა მაშინვე იცოდა, რომ არ დაუჯერა. ალბათ იმიტომ, რომ გიორგი უკვე საკმარისად იცნობდა ენს იმისთვის, რომ დეას ტყუილებში ის ადგილები დაენახა, სადაც სიმართლე იმალებოდა. ერთ პატარა ბარში შევიდნენ. თითქმის ცარიელი იყო. ფანჯარასთან დასხდნენ. გარეთ ქალაქი სველ მინაზე ოდნავ ბუნდოვანი ჩანდა და ქუჩის განათებები წვიმის ძველ ნაკვალევში ირეკლებოდა.
ენი - დეა - თითებს ფინჯანზე ითბობდა. უცებ გაიფიქრა, რომ ძალიან მოსწონდა ეს ქალი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოიგონა. დეას არავინ იცნობდა.
არავის წინაშე ჰქონდა ძლიერი ადამიანის რეპუტაცია დასაცავი. არავის ახსოვდა მისი შეცდომები. არავის ჰქონდა მისთვის ნათქვამი, როგორი უნდა ყოფილიყო. შეეძლო ეთქვა, რომ ეშინოდა. რომ ენატრებოდა. რომ ზოგჯერ რჩებოდა იქ, საიდანაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო. და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ ყველაფრის სათქმელად ტყუილი დასჭირდა. გიორგი მის მოპირდაპირედ იჯდა. დიდხანს საუბრობდნენ. ბარიდან გვიან გამოვიდნენ. ქუჩები დაცარიელებულიყო. წვრილად ისევ წვიმდა, იმდენად მსუბუქად, ქოლგის გახსნა სისულელე იქნებოდა. ქალაქს სველი ქვის სუნი ჰქონდა და ფანჯრებში ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდა სინათლე. ნელა მიდიოდნენ. არც ერთს ახსოვდა მანქანა ზუსტად რამდენად შორს დატოვეს. და არც ერთს ეჩქარებოდა მისი პოვნა. ერთ მომენტში ენი გაჩერდა.
- ლევან. - გიორგიმ შეხედა. - ქალს გაეღიმა.
- ხვალ რა ხდება? - კითხვა თამაშს ეკუთვნოდა. მაგრამ პასუხს, უკვე აღარ.
- არაფერი.
- ანუ?
- ლევანი და დეა აღარ არსებობენ. - ენი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. უცნაურად დასწყდა გული. რამდენიმე საათის წინ გამოგონილ ქალზე. ქალზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი, იმიტომ რომ წარსული არ გააჩნდა და მომავალი არ ელოდა. ალბათ ამიტომ არის ზოგჯერ უცხო ადამიანთან გულწრფელობა უფრო მარტივი. მას შენი გუშინდელი დღე არ ახსოვს. და ხვალინდელისთვის პასუხს არ გთხოვს.
- ცუდია. - თქვა ენმა. - გიორგი ახლოს იდგა.
- რატომ? - ქალმა მხრები აიჩეჩა.
- მომწონდა. - გიორგიმ რამდენიმე წამს უყურა. შემდეგ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- ჯერ არ გათენებულა. - ამჯერად ენს არ გაუღიმია. უბრალოდ უყურებდა. ქალაქი მათ ირგვლივ ისევ არსებობდა, მანქანები სადღაც შორს დადიოდნენ, სახურავებიდან წყალი წვეთავდა, ვიღაცის ფანჯარაში ტელევიზორის ცისფერი შუქი ციმციმებდა. მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ რამდენიმე წამი ჩნდება, რომელსაც გარემო აღარ სჭირდება. ყველაფერი ზედმეტი ხდება. ქუჩაც. ქალაქიც. სახელებიც. გიორგიმ სახესთან ჩამოშლილი სველი თმა თითებით გადაუწია. ენს სუნთქვა ოდნავ შეეცვალა. მაგრამ უკან არ დაუხევია. მხოლოდ თვალები დახუჭა წამით, თითქოს საკუთარ თავს უკანასკნელ შესაძლებლობას აძლევდა, ისევ ენი გამხდარიყო. არ გახდა. როცა თვალები გაახილა, გიორგი ისევ უყურებდა.
- დეა... - ჩუმად თქვა კაცმა. და სწორედ ამ სახელმა გააქრო უკანასკნელი მანძილიც.
ენი თვითონ მიუახლოვდა. კოცნა არც მოულოდნელი ყოფილა და არც ისეთი, როგორსაც ადამიანები პირველ კოცნას უწოდებენ. ზედმეტად დიდი ხანს ელოდნენენ ამ კოცნას. გიორგის ხელი მის კისერზე გაჩერდა, ენის თითები კი ქურთუკის საყელოს ჩაეჭიდა. რამდენიმე წამით არც ერთი ცდილობდა გაერკვია, სად მთავრდებოდა თამაში და სად იწყებოდა ის, რასაც უკვე დიდი ხანია ორივე გაურბოდა. ალბათ არც იყო საჭირო. როცა ერთმანეთს მოშორდნენ, ენი ისევ ძალიან ახლოს დარჩა.
შუბლი მის ნიკაპთან ჰქონდა მიყრდნობილი და ჯერ კიდევ თვალდახუჭული იღიმოდა.
- ერთი პრობლემა გვაქვს. - თქვა ბოლოს.
- რა? - ქალმა თვალები გაახილა.
- მე მგონი დეას ლევანი მოსწონს. - გიორგის გაეღიმა.
- ლევანსახ აქვს მსგავსი პრობლემა. - და ამჯერად ენს გაეცინა. ისე მშვიდად, თითქოს რამდენიმე წამის წინ არაფერი შეცვლილიყო. არადა შეიცვალა. იმ ღამეს მანქანასთან უკვე ენი და გიორგი დაბრუნდნენ. დეა და ლევანი სადღაც იმ უცნობ ქუჩებში დატოვეს, გამოგონილი წარსულით, რამდენიმე საათის სიცოცხლით და ერთი კოცნით, რომელიც წესით მათ ეკუთვნოდათ. მხოლოდ ერთი რამ წამოიღეს თან. ის, რაც ყველაზე ნაკლებად ემორჩილებოდა თამაშის წესებს. იმიტომ, რომ გამოგონილი სახელით კოცნა მარტივი აღმოჩნდა. რთული ნაწილი მეორე დილით იწყებოდა. როცა ისევ საკუთარი სახელებით უნდა გაეღვიძათ.


6
სახლში დაბრუნებისას ყველაზე უცნაური ის არის, რომ იქ ყველაფერი თავის ადგილზე გხვდება. ჭიქა ისევ ნიჟარასთან დგას. სავარძელზე დილით დატოვებული პლედი ისევ ისეა მოკეცილი. ბავშვის ფეხსაცმელი ისევ იქ გხვდება, სადაც ასჯერ უთხარი, აღარ დატოვოს. საათი ისევ იმავე ხმაზე ითვლის წუთებს. თითქოს შენი არყოფნისას არაფერი მომხდარა. თითქოს რამდენიმე საათის წინ ვიღაცას პირველად არ უკოცნია შენთვის. თითქოს საერთოდ შესაძლებელია სახლში დაბრუნდე იმავე ადამიანად, ვინც იქიდან გავიდა. გიორგიმ კარი ფრთხილად შეაღო. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა მოდიოდა. ქალიშვილი სავარძელზე იჯდა, ფეხები პლედში ჰქონდა გახვეული და მუხლებზე ლეპტოპი ედო. გვერდით ნახევრად შეჭმული ვაშლი, რვეული და რამდენიმე ფერადი კალამი ეყარა. გოგომ მხოლოდ ერთხელ გამოხედა.
- მოხვედი?
- მოვედი. - და ისევ ეკრანს მიუბრუნდა. ამაზე ჩვეულებრივი არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. გიორგიმ ქურთუკი გაიხადა. სველი იყო. მხრები, საყელო, სახელოები. ქურთუკს წვიმის სუნი ჰქონდა. წამით ხელში გაუჩერდა. სულელური იყო, მაგრამ მოულოდნელად მოუნდა არ დაეკიდა. თითქოს სველ ქსოვილში რაღაც დარჩენილიყო იმ ქუჩიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სხვა სახელი ერქვა. ბოლოს მაინც დაკიდა. სამზარეულოში გავიდა. წყალი დაისხა. არ დაულევია. ჭიქას ხელებით დაეყრდნო და ფანჯრიდან ქალაქს გახედა.

ენის სახლში ჯერ კიდევ არავის ეძინა. პატარას პიჟამა არ მოსწონდა. მეორე უნდოდა. მეორე რომ ჩააცვა, პირველი მოენატრა. შემდეგ წყალი მოუნდა. წყლის შემდეგ გაახსენდა, რომ სათამაშო კურდღელი მისაღებში დარჩა და მის გარეშე დაძინება, როგორც აღმოჩნდა, სრულიად შეუძლებელი იყო. უფროსი შვილი ოთახიდან რაღაცას ეკითხებოდა სკოლაზე, დამტენი ვერ ეპოვა და თან დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ბოლოს სწორედ ენმა აიღო. რამდენიმე წუთში ქალი უკვე იატაკზე დაჩოქილი ეძებდა კურდღელს სავარძკლის ქვეშ, ერთი ხელით ტელეფონის ფანარს ანათებდა, მეორე ხელით კი თმას სახიდან იშორებდა. რამდენიმე საათის წინ წვიმიან ქუჩაზე იდგა. კაცის თითები კისერზე ჰქონდა. ახლა სავარძლის ქვეშ სათამაშო კურდღელს ეძებდა. ცხოვრებას საო ცარი უნარი ჰქონდა, ყველაზე დიდ განცდებსაც კი ყოველდღიურობის გვერდით სრულიად ბუნებრივად დაესვა. კურდღელი იპოვა. პატარამ ჩაიხუტა. სამყარო გადარჩა.

გიორგის ქალიშვილმა ოთახიდან დაუძახა. რაღაც დავალებაში დახმარება სჭირდებოდა. მის გვერდით ჩამოჯდა. გოგო უხსნიდა, სად იყო პრობლემა, გიორგი კი უსმენდა. მართლა უსმენდა. რამდენიმე წუთში პასუხიც იპოვეს. შემდეგ ქალიშვილმა თმა ყურს უკან გადაიწია. სრულიად ჩვეულებრივი მოძრაობა. გიორგის მზერა წამით გაუჩერდა. ზოგჯერ გარდაცვლილი ადამიანები ყველაზე უცნაური ადგილებიდან ბრუნდებიან. არა ფოტოებიდან. არა სიზმრებიდან. არა იმ ნივთებიდან, რომლებსაც მათი სურნელი წლების წინ გაუქრა. ბრუნდებიან ბავშვის ხელის მოძრაობაში. წარბის აწევაში. სიცილისას თავის უკან გადაწევაში. ერთ სიტყვაში, რომელსაც ზუსტად იმავე ინტონაციით ამბობს. წამით წარსული ოთახში შემოვარდა. გიორგიმ შვილს შეხედა და გაიღიმა. შემდეგ თავზე აკოცა.
- დაიძინე მალე. - თავის ოთახში დაბრუნებულს უცნაური სიმძიმე გაჰყვა.
არა ტკივილი. ტკივილს უკვე იცნობდა. ეს სხვა რამ იყო. წლების განმავლობაში ეგონა, რომ ადამიანის დაკარგვის ყველაზე რთული ნაწილი მონატრება იყო.
მერე მიხვდა, რომ არა. ყველაზე რთული ცხოვრება აღმოჩნდა. პირველად სიცილი.
პირველი დღე, როცა აღარ გახსენდება. პირველი მოგზაურობა, რომელზეც მის გარეშე მიდიხარ. პირველი კარგი ამბავი. ცხოვრება ნელ-ნელა გართმევს გლოვას და უკან ყოველდღიურობას გაძლევს. და ზოგჯერ ამისთვის მადლობის ნაცვლად ბრაზდები. იმ ღამეს კი გიორგიმ პირველად იგრძნო რაღაც, რისთვისაც ჯერ სახელიც ვერ დაერქმია. მას სხვა ქალმა აკოცა. არა. ეს ფორმულირება არასწორი იყო. მან სხვა ქალს აკოცა.
და ამ ორ წინადადებას შორის მთელი განსხვავება იდგა. ეს არ მომხდარა შემთხვევით. არც მარტოობისგან. არც იმ წამიერი სისუსტისგან, რომელსაც მეორე დილით უხერხულად იხსენებენ. მას უნდოდა. ენის კოცნა უნდოდა. და ყველაზე მეტად სწორედ ეს აშინებდა. არა იმიტომ, რომ წარსულს ღალატობდა. გარდაცვლილ ადამიანებს ვერ უღალატებ იმით, რომ ცოცხალი რჩები. ეს დიდი ხნის წინ ჰქონდა გააზრებული.
მაგრამ გაგება და შეგრძნება ყოველთვის ერთ დროს არ მოდის. ზოგჯერ გონება წლებით ადრე მიდის იქ, სადაც გულს ჯერ კიდევ ეშინია ფეხის შედგმა.

პატარა ბოლოს მაინც ჩაეძინა. ენის მკერდზე. ერთი ხელი დედის მაისურზე ჰქონდა ჩაბღუჯული, მეორე კურდღლის ყურზე. ენი გაუნძრევლად იწვა. ბავშვის სუნთქვა კისერზე ეხებოდა. ოთახში მხოლოდ პატარა სანათი ენთო და კედელზე სათამაშოების უცნაურ ჩრდილებს ტოვებდა. ამ დროს უყვარდა საკუთარი სახლი ყველაზე მეტად. როცა ყველაფერი ჩუმდებოდა. როცა აღარავის არაფერი სჭირდებოდა. როცა დედობა რამდენიმე საათით მოვალეობიდან უბრალოდ სხეულის სითბოდ იქცეოდა.
ფრთხილად გადააწვინა ბავშვი საწოლში. საბანი გაუსწორა. შუბლზე აკოცა. კარი ნახევრად ღია დატოვა. აბაზანაში შესულმა შუქი აანთო და სარკეში საკუთარ თავს შეხედა. თმა ჯერ კიდევ ოდნავ ნესტიანი ჰქონდა. თვალებთან დაღლილობა ეტყობოდა. ტუჩებზე - არაფერი. რა თქმა უნდა, არაფერი. მაგრამ მაინც იქ შეჩერდა მისი მზერა.
და სხეულს გაახსენდა ის, რაც თვალისთვის აღარ ჩანდა. წვიმა. ცივი კედელი ზურგს უკან. სველი თმა ლოყაზე. გიორგის ხელი კისერზე. მისი სუნთქვა კოცნამდე ერთი წამით ადრე. უცნაურია, რამდენად ზუსტად შეუძლია სხეულს დაიმახსოვროს რამდენიმე წამი.
ზოგჯერ გონებას მთელი ურთიერთობები ავიწყდება. სხეულს კი ერთი შეხება რჩება. ენმა წყალი მოუშვა. სახეზე შეისხა. თითქოს ამით შეიძლებოდა რაღაცის ჩამობანა. არ შეიძლებოდა.

გიორგი საწოლზე იჯდა. ტელეფონი ხელში ეჭირა. ენის სახელი ეკრანზე ციმციმებდა. არაფერი დაუწერია. უბრალოდ უყურებდა. რამდენიმე სიტყვა მოიფიქრა. ყველა ზედმეტი აღმოჩნდა.
„სახლში მშვიდობით მიხვედი?“ მეტისმეტად ჩვეულებრივი იყო იმ ადამიანისთვის, რომელსაც ცოტა ხნის წინ კოცნიდა.
„კარგი საღამო იყო.“ თითქმის შეურაცხმყოფლად მცირე.
„შენზე ვფიქრობ.“ ზედმეტად ზუსტი.
ტელეფონი გვერდზე გადადო.

ენსაც ხელში ეჭირა გელეფონი. გიორგის ჩატი გახსნა. დახურა. ისევ გახსნა. არ იცოდა, რას ელოდა. ალბათ ერთ წინადადებას. ნებისმიერს. და ამავე დროს უხაროდა, რომ არაფერი მოდიოდა. რადგან სანამ არც ერთი დაწერდა, ის რამდენიმე წამი ისევ იქ რჩებოდა, წვიმიან ქუჩაზე, ახსნა-განმარტების გარეშე. ენის ცხოვრებაში სიყვარული არასოდეს ყოფილა მხოლოდ სიყვარული. ყოველთვის რაღაც მოჰყვებოდა.
იმედი.
შიში.
მოლოდინი.
დაკარგვა.
დაბრუნება.
პატიება.
კიდევ ერთი შანსი.
კიდევ ერთი იმედგაცრუება. ერთ დროს ადამიანებთან მისვლა მარტივად შეეძლო. ჯერ არ იცოდა, რა შეიძლებოდა დაეკარგა. ახლა იცოდა. ასაკი ალბათ წლები კი არა, იმ ადგილების რაოდენობაა შენში, სადაც ერთხელ უკვე გტკიოდა. და როცა ვინმე ახალს ხვდები, მარტო მას აღარ უყურებ. შენს ძველ ჭრილობებსაც ეკითხები, რას ფიქრობენ. ენი საწოლში დაწვა. თვალები დახუჭა. და ყველაზე საშიში სწორედ ის იყო, რომ პასუხი უკვე იცოდა. უნდოდა გიორგი. არა კიდევ ერთი პაემანი. არა მისი ყურადღება. არა თამაშები, მოულოდნელი ადგილები და ის შეგრძნება, რომ მის გვერდით რამდენიმე საათით ცხოვრება უფრო მსუბუქი ხდებოდა. თვითონ ის კაცი უნდოდა. მისი ყოფნა. მისი ხმა. მისი ხელი. ისეთი ჩვეულებრივი დღეებიც კი, რომლებშიც არაფერი საინტერესო არ მოხდებოდა. და ამ სურვილში უკვე აღარაფერი იყო მსუბუქი.

ქალაქის მეორე მხარეს გიორგიც იწვა და ჭერს უყურებდა. წლების განმავლობაში პირველად მის მომავალში ქალის სახე გაჩნდა. ამას არც გეგმავდა. არც ეძებდა.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები სწორედ ასე შემოდიან ცხოვრებაში, მაშინ, როცა კარი მათთვის საერთოდ არ გაგიღია. უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ უკვე შიგნით არიან. გიორგიმ თვალები დახუჭა. ენი გაახსენდა. არა კოცნისას. მანქანაში ყავის წართმევისას. კამერით ხელში სიცილისას. კინოში მის მკერდთან მიყუჩებული. ქუჩაში, როცა „დეა“ დაირქვა და რამდენიმე საათით საკუთარი ცხოვრებისგან გათავისუფლდა.
და მაშინ პირველად აღარ სცადა ამ გრძნობისთვის სხვა სახელი დაერქმია.

იმ ღამეს არც ერთს მიუწერია ერთმანეთისთვის. ორივე საკუთარ სახლში იყო. ბავშვების ოთახების კარები ნახევრად ღია დარჩენილიყო. ორივე სახლში ღამისთვის დამახასიათებელი პატარა ხმები ისმოდა, მაცივრის ჩუმი გუგუნი, გათბობის ხმა, ქუჩიდან შემოსული მანქანის შორი ხმაური. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.
მხოლოდ ისინი აღარ იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც დილით. დეა და ლევანი იმ წვიმიან ქუჩაზე დატოვეს. იქვე დატოვეს მათი გამოგონილი პროფესიები, ქალაქები, წარსული და ის რამდენიმე საათი, როცა შეეძლოთ ეცხოვრათ ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდა. მაგრამ ერთი რამ ვერ დატოვეს. კოცნა სახლში ენმა და გიორგიმ წამოიღეს. და ახლა, ქალაქის ორ სხვადასხვა მხარეს, ორი ადამიანი პირველად ცდილობდა დაძინებას იმ ცოდნით, რომ მათ ცხოვრებაში ისევ გაჩნდა ვიღაც, ვისი დაკარგვაც უკვე შესაძლებელი იყო. ალბათ სიყვარულის დასაწყისში ყველაზე საშიში ბედნიერება სწორედ ეს არის. ჯერ არაფერი დაგიკარგავს. მაგრამ უკვე არსებობს ადამიანი, რომლის დაკარგვაც გატკენს.
რამდენიმე დღე გავიდა. კოცნაზე არც ერთს არაფერი უთქვამს. არ გაურბოდნენ ერთმანეთს. არც ის უხერხული სიჩუმე გაჩენილა, რომელსაც ადამიანები ხშირად შეცდომის შემდეგ ტოვებენ. პირიქით, ისევ წერდნენ. ზოგჯერ დილით, ზოგჯერ შუა სამუშაო დღეს. გიორგი უგზავნიდა რაღაცას, რაზეც იცოდა, რომ ენს გაეცინებოდა. ენი პასუხობდა ფოტოთი, ერთი წინადადებით, ზოგჯერ მხოლოდ ერთი სიტყვით. ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ზედმეტად ჩვეულებრივადაც კი. მხოლოდ ახლა ყოველი სიტყვის უკან კიდევ ერთი რამ არსებობდა. წვიმიანი ქუჩა. კოცნა, რომელიც არც ერთს უხსენებია და ამიტომ თითქოს არსად დასრულებულა. ზოგჯერ უთქმელი ამბები უფრო დიდ ადგილს იკავებენ, ვიდრე ნათქვამი. არაფერს ითხოვენ. უბრალოდ შენთან ცხოვრობენ.

საღამოს გიორგის ტელეფონზე მოკლე შეტყობინება მიუვიდა.
„სად ხარ?“
მისამართი გაუგზავნა.
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
„კარგი. გამოდი.“
სულ ეს იყო.
არც კითხვა.
არც ახსნა.
არც შესაძლებლობა, უარი ეთქვა. და ალბათ სწორედ ამიტომ გაეღიმა.

ამჯერად მანქანას ენი მართავდა. გიორგი გვერდით იჯდა და პირველად აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ქალი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ ჩაეგდო, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდა. ენი არაფერს უხსნიდა. ქალაქი ფანჯრებს მიღმა ნელ-ნელა იცვლებოდა. საღამოს მოძრაობა იშლებოდა, ვიტრინები ერთმანეთის მიყოლებით რჩებოდა უკან, ქუჩის განათებები კი მანქანის მინებზე წამიერად ჩნდებოდა და ქრებოდა. გიორგის რამდენჯერმე გახედა. არ უკითხავს. ეს მოეწონა. შეეძლო ეკითხა. შეეძლო თავისი ჩვეული ირონიით ათი ვერსია მოეფიქრებინა. მაგრამ უბრალოდ იჯდა. ენდობოდა. ენის ცხოვრებაში ამ სიტყვას ყოველთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე სიყვარულს. სიყვარული ბევრჯერ ეგრძნო. ნდობა, გაცილებით იშვიათად. შეიძლება სწორედ ამიტომაც მიიყვანა იმ საღამოს იქ. არა იმიტომ, რომ ადგილის ჩვენება უნდოდა. იმიტომ, რომ საკუთარი თავის რაღაც ნაწილის ჩვენება გადაწყვიტა.
დარბაზი თითქმის ბნელი დახვდათ. ენი პირველი შევიდა და კედელთან პატარა სანათები აანთო. თაფლისფერი შუქი ხის იატაკზე დაიღვარა. ერთ კედელს მთლიანად სარკეები ფარავდა. მათ წინ გრძელი ხის მოაჯირი გასდევდა. მაღალ ფანჯრებთან ჩამოშვებული ღია ფერის ფარდები ქუჩიდან შემოსულ სუსტ სინათლეს არბილებდა. კუთხეში რამდენიმე ხალიჩა და ბალიში ეწყო, თაროებზე კი მუსიკის აპარატურა და წვრილმანები იყო მიმოფანტული. ღამით ეს სივრცე სხვანაირი ხდებოდა. დღის განმავლობაში აქ მუსიკა, ნაბიჯების ხმა, სუნთქვა და ადამიანების მოძრაობა იყო. ახლა კი დარბაზი თითქოს საკუთარ სხეულში დაბრუნებულიყო. ცარიელი. თბილი. ჩუმი. გიორგი ზღურბლთან გაჩერდა. და მაშინვე მიხვდა, რომ აქ ენი სხვანაირი იყო. არა გარეგნულად. სხეულით. ადამიანს ყოველთვის ეტყობა, როცა საკუთარ სივრცეში შედის. მხრები ეშვება. ნაბიჯი იცვლება. აღარ აკვირდება, სად უნდა დადგეს. აღარ ცდილობს ოთახში საკუთარი ადგილის პოვნას, რადგან იცის ადგილი უკვე აქვს. ენმა ქურთუკი გაიხადა. შემდეგ ფეხსაცმელიც. შიშველი ტერფებით შეეხო ხის იატაკს და რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა. ეს პატარა მოძრაობა იმდენად ბუნებრივი იყო, გიორგიმ უცებ თავი სტუმრად იგრძნო. არა დარბაზში. მის სამყაროში. ენი მუსიკის აპარატურასთან მივიდა. რამდენიმე წამში დარბაზში ძალიან ჩუმი მელოდია გაიშალა. არ იყო ისეთი მუსიკა, რომელიც ყურადღებას ითხოვს. უფრო სივრცეს ავსებდა. თითქოს ოთახს სუნთქვა დაეწყო. ენი სარკესთან იდგა. თავისი ანარეკლი დაინახა. შემდეგ გიორგის. რამდენიმე მეტრით უკან. და მოულოდნელად გაახსენდა, რამდენჯერ მდგარა ამავე ადგილას მარტო. იყო დღეები, როცა აქ ბედნიერი მოდიოდა. იყო დღეებიც, როცა მუსიკას იმდენად ხმამაღლა რთავდა, საკუთარი ფიქრების გაგონება აღარ უნდოდა. ცეკვა მისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ მოძრაობა. ზოგჯერ სხეული ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ტყუილი არ შეეძლო. სიტყვებით ადამიანს თითქმის ყველაფრის დამალვა შეუძლია. შეუძლია თქვას, რომ კარგადაა. რომ აღარ სტკივა. რომ არ ენატრება. რომ არ ეშინია. სხეულს ასეთი ნიჭი ნაკლებად აქვს. ის იმახსოვრებს. დაძაბულ მხრებში. შეკრულ ყბაში. სუნთქვაში. იმაში, რამდენად ახლოს უშვებ ადამიანს საკუთარ თავთან. ალბათ ამიტომაც მოუნდა გიორგის აქ მოყვანა. მეხუთე პაემანზე უცხო სახელი დასჭირდა იმისთვის, რომ გაბედული ყოფილიყო. ახლა საკუთარი სხეულის უკან დასამალი აღარაფერი ჰქონდა. სარკეში ერთმანეთს შეხედეს. გიორგი ისევ არაფერს ეკითხებოდა. ენი შემოტრიალდა.
- ცეკვავ? - კაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს კითხვა უსამართლოდ რთული იყო.
- გააჩნია, რამდენად მკაცრია შეფასების სისტემა. - ქალს გაეღიმა. მეტი არაფერი უთქვამს. ხელი გაუწოდა. გიორგიმ ჯერ მის ხელს დახედა. შემდეგ სახეს. და მიუახლოვდა.
პირველი რამდენიმე წუთი ცუდად ცეკვავდა. არა კატასტროფულად. უბრალოდ იმ კაცივით, რომელიც ზედმეტად ბევრს ფიქრობს იმაზე, სად უნდა დადგას ფეხი. ენს რამდენჯერმე გაეცინა. ერთხელ ფეხზეც დააბიჯა. გიორგი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ქალმა მხოლოდ თავი გააქნია და მისი ხელი ოდნავ დაბლა ჩამოსწია. წელზე.
- აქ. - ერთი სიტყვა. მაგრამ გიორგის თითების ქვეშ მისი სხეული მაშინვე დაიძაბა. სულ ოდნავ. იმდენად, რომ სხვა ვერ შეამჩნევდა. გიორგიმ შეამჩნია. ენი უფრო ახლოს მივიდა. ერთი ხელი მის მხარზე ჰქონდა, მეორე ხელში. თავიდან ნაბიჯებს აკონტროლებდა.
ერთს. მეორეს. მობრუნებას. შემდეგ რაღაც მომენტში შეწყვიტა. ალბათ ცეკვის ყველაზე ლამაზი ნაწილი სწორედ ის არის, როცა აღარ ითვლი. როცა სხეული სწავლობს მეორის მოძრაობას და ცოტა ხანში აღარ სჭირდება იმის ცოდნა, რა მოდის შემდეგ. გიორგიც ნელ-ნელა აღარ უყურებდა ფეხებს. ენს უყურებდა. ქალი ამას გრძნობდა. არ სჭირდებოდა თვალების აწევა. ადამიანის მზერას ზოგჯერ კანიც ხედავს. მუსიკა უკრავდა. სარკეში ორი ადამიანი მოძრაობდა. თავიდან მათ შორის დატოვებული რამდენიმე სანტიმეტრი ყოველი ნაბიჯის შემდეგ ცოტათი ქრებოდა. ენის ხელი გიორგის მხრიდან კისერთან გადავიდა. მისი თითები თმასთან გაჩერდა. გიორგის ხელი ისევ წელზე ჰქონდა. აღარ ცეკვავდნენ სწორად. შეიძლება საერთოდ აღარ ცეკვავდნენ. უბრალოდ მუსიკას ჰქონდათ მიზეზად დატოვებული. ენი პირველად მიხვდა, რომ ამჯერად არ ეშინოდა იმ წამის, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა. რამდენიმე დღის წინ კოცნა მოულოდნელად მოხდა. წვიმაში. სხვა სახელებით. ისეთი თავისუფლებით, რომელიც საკუთარ თავს რამდენიმე საათით ნასესხები ჰქონდა. ახლა ყველაფერი გაცილებით რთული იყო. აქ დეა არ არსებობდა. არც ლევანი. სარკეში ენი იდგა. მის წინ გიორგი. საკუთარი სახელებით. საკუთარი წარსულით. ბავშვებით. დანაკარგებით.
შეცდომებით. შიშებით. ყველაფრით, რასაც ადამიანები თან მიათრევენ, როცა ვიღაცასთან ახლოს მისვლას ცდილობენ. გიორგიმ მოძრაობა შეანელა. ბოლოს საერთოდ გაჩერდნენ. მუსიკა მათ გარეშე გაგრძელდა. ენის ხელი ისევ მის კისერზე იყო.
გიორგის თითები მის წელზე. რამდენიმე წამს არც ერთი განძრეულა. მერე გიორგიმ ძალიან ჩუმად ჰკითხა:
- ახლა ვინ ხარ? - ენის თვალებში რაღაც შეიცვალა. კითხვა მაშინვე იცნო. დეა. წვიმა. უცნობი ქუჩა. კაცი, რომელსაც იმ ღამეს ლევანი ერქვა. და ის რამდენიმე საათი, როცა ორივემ საკუთარ თავს უფლება მისცა, შედეგებზე არ ეფიქრა. ამჯერად პასუხი აღარ დასჭირვებია. გიორგის კისერზე შემოხვეული თითები ოდნავ მოუჭირა და თვითონ მიუახლოვდა. აკოცა. არ იყო იმ პირველი კოცნის აჩქარება. არც წვიმა. არც სიცივე. არც გამოგონილი სახელები. მხოლოდ თბილი დარბაზი, ჩუმი მუსიკა და კაცი, რომლის კოცნაც ამჯერად ენმა სრულიად შეგნებულად აირჩია. ზოგჯერ ერთსა და იმავე ადამიანს მეორედ სულ სხვანაირად კოცნი. პირველად შეიძლება სურვილი იყოს. მეორედ პასუხი. გიორგის ხელი მის ზურგზე გადავიდა. ენი უფრო ახლოს მიეკრა. და უცნაურად, ამ სიახლოვეში ყველაზე ძლიერი ვნება კი არ აღმოჩნდა. სიმშვიდე იყო. ის იშვიათი სიმშვიდე, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა სხეული საბოლოოდ წყვეტს იმასთან კამათს, რაც გულმა უკვე იცის. კოცნა ენმა დაასრულა. მაგრამ უკან არ დაუხევია. შუბლი გიორგის შუბლს მიაყრდნო. თვალები დახუჭული ჰქონდა. სარკეში მათი ანარეკლი ისევ ჩანდა. ორი ადამიანი, რომლებიც აღარ ცეკვავდნენ. და მაინც პირველად იმ საღამოს სრულიად ერთ რითმში სუნთქავდნენ. ენი არ გაქცეულა. სწორედ ეს იყო მისთვის ყველაზე უცნაური. ამდენი წლის განმავლობაში სიყვარული ხშირად ნიშნავდა ბრძოლას დარჩენას მაშინ, როცა უნდა წასულიყო; პატიებას მაშინ, როცა აღარ უნდა ეპატიებინა; საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ რაღაცის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. ალბათ ამიტომ ჰქონდა დავიწყებული, რომ სიახლოვეს ყოველთვის ძალისხმევა არ სჭირდება. ზოგჯერ არავის უნდა დაედევნო. არავის უნდა დაუმტკიცო. არავინ უნდა გადაარჩინო. ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ დგას შენ წინ. და შენ რჩები. არა იმიტომ, რომ წასვლა არ შეგიძლია. იმიტომ, რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ უბრალოდ წასვლა არ გინდა.არ უნდოდა.
ამ აღმოჩენას რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სხეულში ბოლომდე ჩამჯდარიყო. ენი ისევ თვალდახუჭული იდგა, შუბლით გიორგის შუბლს მიყრდნობილი. მუსიკა სადღაც მათ უკან აგრძელებდა არსებობას, სარკეში კი ორი უძრავი სხეული ირეკლებოდა, იმდენად ახლოს, თითქოს რამდენიმე წუთის წინ დატოვებული მანძილი საერთოდ აღარ ახსოვდათ. ალბათ შეიძლებოდა, საღამო სწორედ ასე გაგრძელებულიყო. მშვიდად. ლამაზად. იმ განსაკუთრებული სიფრთხილით, რომლითაც ადამიანები ახლად დაწყებულ გრძნობას ეპყრობიან, სანამ ჯერ კიდევ ეშინიათ, შემთხვევით რამე არ გაუფუჭონ. მაგრამ ენსა და გიორგის სიმშვიდე დიდხანს არასოდეს გამოსდიოდათ. გიორგიმ თვალები გაახილა.
- ერთი კითხვა მაქვს. - ენი არ განძრეულა.
- არ გააფუჭო.
- ძალიან გვიანია. - ქალს გაეღიმა.
- თქვი.
- ახლა უკვე ოფიციალურად შემიძლია ვთქვა, რომ ცეკვა ვიცი? - ენი მოშორდა.
რამდენიმე წამს სახეზე უყურებდა. შემდეგ გაეცინა.
- შენ?
- საკმაოდ დამაჯერებლად ვმოძრაობდი.
- გიორგი, ათი წუთის წინ ფეხზე დამაბიჯე.
- ერთხელ.
- სამჯერ.
- მეორე და მესამე განზრახ იყო.
- რა თქმა უნდა.
- კონტაქტის შენარჩუნებას ვცდილობდი. - ენის სიცილი ცარიელ დარბაზში გაიფანტა. იმდენად მარტივად, რომ რამდენიმე წუთის წინანდელი სიმძიმე თითქოს სადღაც გაქრა. ესეც მოსწონდა მასში. გიორგის შეეძლო რაღაც ძალიან ახლოს მიეტანა გულთან და შემდეგ, სანამ ენი მის სიმძიმეს შეუშინდებოდა, ისევ მსუბუქად დაებრუნებინა მიწაზე. არ აუფასურებდა. უბრალოდ სუნთქვის საშუალებას ტოვებდა. ენი მუსიკის აპარატურასთან მივიდა. სიმღერა შეცვალა. ამჯერად დარბაზი სრულიად სხვა რითმმა შეავსო. უფრო სწრაფმა. ხმამაღალმა. ცოცხალმა. გიორგიმ წარბი ასწია. - ეს რა არის? - ქალმა თმა შეიკრა.
- ახლა ვნახოთ, მართლა ცეკვავ თუ მხოლოდ ქალის წელზე ხელის დადება გეხერხება.
- მეორე ნაწილში ჩემი შესაძლებლობები უკვე დადასტურებულია. - ენი შემოტრიალდა.
- ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
- რამდენიმე წუთის წინ მაკოცე. გარკვეული სტატისტიკური საფუძველი მაქვს. - ქალმა მისკენ პატარა ბალიში ისროლა. გიორგიმ სიცილით აიცილა. და სწორედ აქ დასრულდა პაემნის ღირსეული ნაწილი.
შემდეგი ოცი წუთი ქორეოგრაფიასთან თითქმის არაფერ შუაში იყო. ენი ცდილობდა მისთვის რაღაც მარტივი მოძრაობები ესწავლებინა. გიორგი პირველ ორ წუთს კეთილსინდისიერად ცდილობდა. მესამეზე საკუთარი ინტერპრეტაცია შექმნა. მეხუთეზე ენმა უთხრა, რომ მუსიკის შეურაცხყოფისთვის დარბაზიდან გააგდებდა. მეშვიდეზე გიორგი უკვე სპეციალურად ცეკვავდა ცუდად. ენის სიცილის გამო. ადამიანები ხშირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, როგორ გვიყვარს ვინმე. იშვიათად კი ფიქრობენ, როგორ ვიცინით მის გვერდით. არადა ზოგჯერ სწორედ იქ ჩანს ყველაზე მეტი. სიცილის დროს საკუთარი თავის კონტროლი გვავიწყდება. სახე აღარ გვემორჩილება. ხმა იცვლება. სხეული იშლება. და რამდენიმე წამით ზუსტად ისეთები ვხდებით, როგორებიც ვართ მაშინ, როცა არავის წინაშე არაფერს ვიცავთ. გიორგი იმ საღამოს პირველად ხედავდა ენს ასე. არა ლამაზად მოცინარს. არა იმ ღიმილით, რომელსაც ქალი ადამიანებს ჩუქნის. მართლა გაცინებულს. თმა უკვე ნახევრად დაშლოდა. ლოყები შეწითლებოდა. სუნთქვა აჩქარებოდა და რამდენჯერმე საერთოდ ვეღარ შეძლო საუბარი. ერთ მომენტში იატაკზეც ჩამოჯდა.
- მორჩა. აღარ შემიძლია. - გიორგი მის წინ იდგა.
- ძალიან სუსტი მასწავლებელი ხარ. - ენმა ქვემოდან ახედა.
- ძალიან უნიჭო მოსწავლე მყავს.
- ეს შეურაცხყოფაა.
- შეფასებაა. - გიორგიმ ხელი გაუწოდა.
ენიც დაეყრდნო. მხოლოდ ადგომას აპირებდა. მაგრამ მამაკაცმა ზედმეტად ძლიერად მოქაჩა და ქალი პირდაპირ მის მკერდს შეეჯახა. - შენ ნორმალურად არაფერი შეგიძლია?
- შემიძლია.
- მაგალითად? - გიორგის სახეზე ის ნაცნობი ღიმილი გაჩნდა.
- ეს. - და სანამ ენი მიხვდებოდა, რას აპირებდა, წელზე მოხვია ხელი, ასწია და შემოატრიალა. ქალმა შეჰკივლა. შემდეგ გაეცინა.
- დამსვი! - გიორგიმ კიდევ ერთხელ შემოატრიალა.
- გიორგი!
- მგონი ძალიან კარგად ვცეკვავ.
- დაგახრჩობ! - თმას, ისევ დაიშალა. ენის ხელებს გიორგის მხრებზე გაიშალა. იმ ბავშვური სიხარულით, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს ძალიან იშვიათად გვემართება, რადგან მუდამ ზედმეტად კარგად გვახსოვს, რამდენი წლის ვართ და როგორ უნდა მოვიქცეთ. ბოლოს გიორგიმ დასვა. ენი ჯერ კიდევ იცინოდა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდა. თვალებში ის სახიფათო გამომეტყველება გაუჩნდა, რომელიც გიორგიმ უკვე იცოდა.
- რას ფიქრობ? - ჰკითხა.
- არაფერს.
- ეგ სახე „არაფერს“ არ ნიშნავს. - ენმა პასუხის ნაცვლად რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. გიორგი მაშინვე მიხვდა.
- ენ. - ქალი იღიმოდა.
- არ გაბედო. - გიორგი უკვე იცინოდა. - სერიოზულად გეუბნები.
და ენი გაიქცა.
ცარიელ საცეკვაო დარბაზში ორი ზრდასრული ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულიად უაზროდ დასდევდა ერთმანეთს.
არც ერთს ახსოვდა, რომ რამდენიმე დღის წინ საკუთარი გრძნობების ეშინოდათ. არც ის, რამდენი ურთიერთობა დამთავრებულიყო ცუდად. არც დანაკარგები. არც ასაკი. არც ხვალინდელი დღე. ზოგჯერ ბედნიერება სწორედ ასეთი უმადური რამ არის. მთელ შენს ტრაგიკულ ბიოგრაფიას რამდენიმე წუთით საერთოდ არ სცემს პატივს. გაიძულებს ფეხშიშველმა ირბინო ხის იატაკზე, იცინო იქამდე, სანამ მუცელი არ აგტკივდება და იმ ადამიანს დაემალო, რომლისგან დამალვაც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ გინდა. გიორგიმ ბოლოს სარკესთან დაიჭირა. ენი მის მკლავებში მოქცეული ისევ ცდილობდა გათავისუფლებას, თუმცა უკვე ორივემ იცოდა, რომ მხოლოდ ფორმალურად.
- დამიჭირე. - ამოისუნთქა ქალმა.
- აშკარად.
- და ახლა? - გიორგიმ არაფერი უპასუხა. მხოლოდ უყურებდა. სიცილი ჯერ კიდევ ჰქონდათ სუნთქვაში დარჩენილი. ენს თმა სრულიად არეოდა. გიორგის მაისური მხართან ჰქონდა დაჭმუჭნილი იქ, სადაც რამდენიმე წამის წინ ქალი ეჭიდებოდა.
არც ერთი ჰგავდა იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ამ დარბაზში შემოვიდნენ. და ალბათ სიყვარული ყოველთვის მხოლოდ ის არ არის, ვისთან შეგიძლია იტირო. ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვისთან შეგიძლია ასე სულელურად ბედნიერი იყო. ენს გაეღიმა. ამჯერად გიორგის აღარ უკოცნია. არც იყო საჭირო. ქალმა თავი მის მკერდზე მიადო და ჯერ კიდევ აჩქარებულ გულისცემას მოუსმინა.
გარეთ ქალაქი ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას. დარბაზში მუსიკა ისევ უკრავდა. სარკეში კი ორი ადამიანი იდგა, რომლებმაც იმ საღამოს ერთმანეთს ჯერ ძალიან სერიოზულად აკოცეს, მერე ცუდად იცეკვეს, იჩხუბეს, ირბინეს და თითქმის ბავშვებივით იცინეს. და ენმა მოულოდნელად გაიფიქრა, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად არ უნდოდა სიყვარული მხოლოდ გადაეტანა. უნდოდა მასში ეცხოვრა.
მთელი მისი სიღრმით.
სისულელით.
ხმაურით.
სიცილით. და იმ ძველებური, გიჟური მუხტით, რომელიც თურმე არსად გამქრალიყო.
უბრალოდ დიდი ხანი არავინ შეხვედროდა, ვისთანაც მისი გაღვიძება მოუნდებოდა.

7
ბედნიერებას სახლში დაბრუნებისას ერთი უცნაური თვისება აქვს, მაშინვე არ ქრება. თან მოგყვება. ლიფტში. სადარბაზოში. გასაღების ძებნისას. ზოგჯერ ტანსაცმელზეც კი გრჩება, როგორც უცხო სუნამოს სუნი, რომელსაც მხოლოდ შენ ამჩნევ. ენი ლიფტის სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და ჯერ კიდევ ეღიმებოდა. თმა არეოდა. რამდენჯერმე სცადა ხელით გაესწორებინა, მერე გადაიფიქრა. აზრი არ ჰქონდა. გიორგიმ იმ საღამოს საკმარისად იზრუნა იმაზე, რომ მისი ვარცხნილობისგან ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო. ამის გახსენებაზე ისევ გაეღიმა. სარკეში საკუთარ ღიმილს შეხვდა და უცებ ცოტა უხერხულადაც იგრძნო თავი. დიდი ხანი იყო, სახლში ასე არ დაბრუნებულიყო. არა უბრალოდ კარგ ხასიათზე. ბედნიერი. ამ სიტყვას ჯერ ხმამაღლა ვერ ამბობდა. ზედმეტად ხმაურიანი იყო. ზედმეტად საშიში. მაგრამ სხეულს სიტყვები არ სჭირდება. სხეულმა უკვე იცოდა. ჯერ კიდევ ახსოვდა გიორგის ხელები წელზე. სიცილი. მუსიკა. მის მკერდზე მიყრდნობილი თავი. და ის აბსურდული სირბილი ცარიელ დარბაზში, რომლის გახსენებაზეც საკუთარ თავზე ისევ ეცინებოდა. ლიფტის კარი გაიღო. ენი დერეფანს გაუყვა. გასაღები საკეტში გადაატრიალა. და სახლში შესვლისთანავე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ეს ჯერ არ დაუნახავს.
იგრძნო. ადამიანებს, რომლებთანაც დიდხანს გიცხოვრია, საკუთარი არსებობის ხმა აქვთ. ზოგჯერ ოთახში ვერც დაინახავ, იგრძნობ, რომ იქ არიან. მისაღებიდან საუბარი ისმოდა. უფროსი შვილის ხმა. შემდეგ კაცის. ენის თითები ჯერ კიდევ კარის სახელურზე იდო. ღიმილი გაქრა. არა ნელა. ერთ წამში. სხეულმა კაცის ხმა გონებაზე ადრე იცნო.

იმავე დროს ქალაქის მეორე მხარეს გიორგი მეგობრის მისაღებში იჯდა და უკვე მესამედ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. არავინ უჯერებდა. მაგიდაზე რამდენიმე ბოთლი ლუდი იდგა, საჭმლის ნახევარი დიდი ხნის წინ გაციებულიყო და საუბარი იმ ეტაპზე იყო მისული, როცა მრავალწლიანი მეგობრობის მქონე ადამიანები ერთმანეთის პირად საზღვრებს მხოლოდ დეკორატიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. გიორგი მათ იშვიათად ხვდებოდა ყველას ერთად. ცხოვრებას წლების განმავლობაში ჰქონდა ჩვევა, ადამიანები სხვადასხვა მხარეს გაეფანტა, სამსახური, ოჯახი, ბავშვები, ვალდებულებები. მაგრამ როცა იკრიბებოდნენ, დრო უცნაურად კარგავდა მნიშვნელობას. ისევ იმავე ადგილებზე სხდებოდნენ. ერთმანეთს ისევ ძველი სისულელეებით დასცინოდნენ. და ყოველთვის მოიძებნებოდა ვინმე, ვისაც ოცწლიანი ისტორიის გახსენება ზუსტად მაშინ მოუნდებოდა, როცა მისი მთავარი გმირი ოთახში იჯდა. იმ საღამოს კი სამიზნე გიორგი იყო. არა იმიტომ, რომ რამე მოუყვა მათ. სწორედ იმიტომ, რომ თითქმის არაფერი მოუყოლია. ძველ მეგობრებს სიტყვები იშვიათად სჭირდებათ. ადამიანს წლები რომ იცნობ, ცვლილებას ზოგჯერ იმითაც ამჩნევ, ტელეფონს როგორ უყურებს. გიორგიმ ეკრანი აანთო. არაფერი მოსულიყო. ისევ დადო. მის მოპირდაპირედ მჯდომმა მეგობარმა ეს შენიშნა. არაფერი უთქვამს. ჯერ.

ენი მისაღებში შევიდა. ყოფილი ქმარი სავარძელზე იჯდა. ისე ბუნებრივად, თითქოს წლების წინ ამ სახლიდან საერთოდ არ წასულიყო. უფროსი ბავშვი გვერდით ეჯდა და რაღაცას უყვებოდა. პატარა იატაკზე თამაშობდა. ყველაზე მძიმე სწორედ ეს იყო. სურათი გარედან სრულიად ნორმალური ჩანდა. მამა. შვილები. სახლი. ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე საშიში ამბებიც ხშირად ძალიან ჩვეულებრივ დეკორაციებში ხდება. კაცი წამოდგა. ენისკენ გამოიხედა. მზერა ჯერ სახეზე შეაჩერა. შემდეგ თმაზე. ტანსაცმელზე. ისევ სახეზე. ძველი ჩვევა. ერთ დროს ამ მზერის ყოველი მოძრაობა იცოდა. იცოდა, რომელ მზერას მოჰყვებოდა კითხვა. რომელს ირონია. რომელს ბრაზი. და რომელის შემდეგ უნდა დაეწყო საკუთარი დღის ახსნა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ვინმე რამეს ჰკითხავდა. წლები გასულიყო. სხეულს კი არაფერი დავიწყებოდა. ენის მხრები თავისთავად დაიძაბა. მუცელში ის ძველი, უსიამოვნო სიცივე იგრძნო. და ამან გააბრაზა. არა კაცმა. საკუთარმა სხეულმა. იმიტომ, რომ შიშს ზოგჯერ გაცილებით მეტი მეხსიერება აქვს, ვიდრე სიყვარულს. შეიძლება ადამიანს დიდი ხნის წინ გაექცე. შეიძლება ახალი სახლი გქონდეს. სხვა ცხოვრება. სხვა სიყვარული. მაგრამ საკმარისია ძველი ხმა გაიგონო და სხეული წამით ისევ იმ ასაკში ბრუნდება, როცა ჯერ კიდევ არ იცოდი, როგორ უნდა დაგეცვა საკუთარი თავი.
- ბავშვებს მოვაკითხე. - თქვა კაცმა. ენმა პასუხის ნაცვლად უფროს შვილს გაუღიმა. პატარამ დედა დაინახა, სათამაშო დააგდო და მისკენ გამოიქცა.
ენი დაიხარა. ბავშვი ხელში აიყვანა. მისი პატარა სხეულის სიმძიმე უცნაურად დაეხმარა. რეალობაში დააბრუნა. აქ იყო. საკუთარ სახლში. საკუთარი შვილით ხელში. აღარ იყო ის ქალი, რომელსაც ოდესღაც ამ კაცის ხმის ტონის მიხედვით უნდა გადაეწყვიტა, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა საღამო.
- ძიძა სად არის?
- გავუშვი. - მშვიდად უპასუხა მამაკაცმა.

- ვინ არის? - გიორგიმ მეგობარს შეხედა.
- ვინ? - ოთახში სიცილი გაისმა. ძალიან ცუდი პასუხი იყო. გიორგიმ თვითონაც იცოდა.
- აი ზუსტად ეგ „ვინ“ გვაინტერესებს. - გიორგიმ ლუდი მოსვა. სახეზე ღიმილი მაინც შეეპარა. და ამ პატარა მოძრაობამ საბოლოოდ გასცა. მეგობრებს მეტი არც სჭირდებოდათ. დიდი ხნის შემდეგ პირველად საუბრობდნენ გიორგის ცხოვრებაში ქალზე ისე, რომ სიტყვებს შორის სიფრთხილე აღარ სჭირდებოდათ. იყო დრო, როცა მისი პირადი ცხოვრება ყველასთვის დახურულ ოთახს ჰგავდა. იცოდნენ, რომ კარი არსებობდა. მაგრამ სახელურს არავინ ეხებოდა. არა შიშით. პატივისცემით. ზოგიერთ ტკივილს მეგობრებიც კი გვერდს უვლიან. არა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ. იმიტომ, რომ უყვარხარ. ახლა კი კარი თითქოს თავისით შეღებულიყო. და ყველაზე მეტად მათ ის უხაროდათ, რომ გიორგი ამას აღარ კეტავდა.
- როდის გაგვაცნობ? - გიორგიმ თავი გააქნია.
- ჯერ თქვენთვის არაფერი მითქვამს.
- არც არის საჭირო. - ისევ სიცილი.
გიორგიმ ამჯერად აღარ უარყო.

ბავშვები ოთახში შევიდნენ. პატარა უფროსს გაჰყვა. დერეფანში მათი ნაბიჯები გაისმა, შემდეგ კარი დაიხურა. და თითქოს ამ კარის დახურვას ელოდა, კაცის სახეც შეიცვალა. ძალიან მცირედ. სხვას შეიძლება ვერც შეემჩნია. ენმა შეამჩნია. ოდესღაც ამ ცვლილებების შემჩნევაზე მისი უსაფრთხოება იყო დამოკიდებული.
- ვიღაცას ხვდები? - კითხვა მშვიდად დაისვა. სწორედ ამიტომ იყო უსიამოვნო.
ენი რამდენიმე წამს უყურებდა. არ გაუკვირდა. უფრო ის აინტერესებდა, საიდან გაიგო. მაგრამ კითხვა არ დაუსვამს. წარსულში მისი ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ჩვევა მუდმივი თავის მართლება იყო. სად იყო. ვისთან. რატომ. რამდენ ხანს. ვინ დაურეკა. რატომ გაუღიმა. რატომ არ უპასუხა. ადამიანს შეიძლება თავისუფლება ერთ დღეში წაართვა. მაგრამ უკან დაბრუნებას ხშირად წლები სჭირდება. ენი აღარ აპირებდა თუნდაც ერთი ნაბიჯით დაბრუნებულიყო იქ.
- ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე აღარ არის. - კაცს გაეღიმა. იმ ღიმილით, რომელსაც სითბოსთან არაფერი ჰქონდა საერთო.
- როცა ჩემი შვილებიც ამ ცხოვრებაში არიან, ჩემი საქმეც არის. - აი ისიც. ბავშვები. ყველაზე მოსახერხებელი კარი, როცა სხვა ყველა დაკეტილი დაგხვდება.
ენი მშვიდად იდგა. შიგნით კი ძველი ინსტინქტები ერთმანეთს ეჯახებოდა.
ერთი ეუბნებოდა, არ გაეღიზიანებინა. მეორე, ბავშვები გვერდით იყვნენ.
მესამე, საუბარი მალე დაესრულებინა. მაგრამ სადღაც მათ ქვეშ კიდევ ერთი ხმა არსებობდა. ახალი არა. უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად მყოფი.
აღარ ხარ ვალდებული, გეშინოდეს.

გიორგის მეგობრები უკვე სრულიად მოურიდებლად გეგმავდნენ ქალის გაცნობას, რომლის სახელიც მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს. გიორგი უსმენდა და დროდადრო იცინოდა. ენი. მისი სახელი უცნაურად ჟღერდა მეგობრების საუბარში. აქამდე თითქოს მხოლოდ მათ შორის არსებობდა. მანქანაში. კინოში. წვიმიან ქუჩაზე.
საცეკვაო დარბაზში. ახლა სხვების წინაშეც ჰქონდა სახელი. და ამ უმნიშვნელო ფაქტში რაღაც ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. ურთიერთობები ალბათ სწორედ ასე ტოვებენ ორ ადამიანს შორის არსებულ პატარა სივრცეს. ჯერ ვიღაცის სახელი მეგობრებმა იციან. შემდეგ ბავშვებმა. ოჯახმა. ერთ დღეს კი აღმოაჩენ, რომ ადამიანი, რომელიც თავიდან მხოლოდ შენს ტელეფონში არსებობდა, შენი ცხოვრების სხვა ოთახებშიც დადის.
უცნაურად არ შეშინებია ამ აზრის. პირიქით. მოეწონა.
- კარგია? - ჰკითხა მის გვერდით მჯდომმა მეგობარმა. გიორგიმ ვერ გაიგო.
- რა?
- მასთან. - ამჯერად ოთახში არავის გაუცინია. გიორგიმ ჭიქას დახედა. რამდენიმე წამს პასუხზე ფიქრობდა. შემდეგ გაეღიმა.
- ძალიან. - ერთი სიტყვასრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

- ვინ არის? - კაცმა ისევ ჰკითხა.
ენის სახეზე თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი გაჩნდა. არა გიორგის გახსენებაზე. იმ აბსურდზე, რომ მის წინ მდგომ ადამიანს ჯერ კიდევ ეგონა, პასუხის მოთხოვნის უფლება ჰქონდა.
- ადამიანი, რომელსაც მე ვხვდები.
- სახელი აქვს?
- აქვს.
- და ვერ მეტყვი? - ენი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. არა მუქარით.
უბრალოდ იმდენად, რომ მის ხმას აწევა აღარ დასჭირვებოდა.
- ვერა კი არა, არ გეტყვი. - სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ დროს ასეთი წინადადების თქმას მთელი სხეული დასჭირდებოდა. ახლა კი საოცრად მარტივად გამოვიდა. ალბათ გამოჯანმრთელების ყველაზე უცნაური ნიშანი სწორედ ეს არის. ერთ დღეს აკეთებ იმას, რაც ადრე წარმოუდგენელი გეგონა და მერე ხვდები, რომ არც მიწა გაიხსნა. არც ცა ჩამოიქცა. უბრალოდ თქვი „არა“. და სამყარო გაგრძელდა. კაცს ყბა დაეძაბა. ენის სხეულმა ესეც დაინახა. რა თქმა უნდა, დაინახა. მაგრამ ამჯერად უკან აღარ დაუხევია. რამდენიმე წამი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ძველი ცხოვრება და ახალი. და ენმა პირველად ძალიან მკაფიოდ იგრძნო განსხვავება კაცს შორის, რომლის გვერდითაც მუდამ საკუთარი თავის შემცირება უწევდა, და კაცს შორის, რომლის გვერდითაც ბოლო დროს სულ უფრო მეტ ადგილს იკავებდა. ეს შედარება უსამართლოც კი იყო.
გიორგი არაფერს აკეთებდა მის გადასარჩენად. სწორედ ეს იყო მთავარი.
ენის გადარჩენა არ სჭირდებოდა.
ყოფილი ქმარი რამდენიმე წუთში წავიდა. კარი დაიხურა. საკეტის ხმა გაისმა. ენი მაინც არ განძრეულა. ხელი კარის სახელურზე ედო. თითები ოდნავ უკანკალებდა. ამან გააღიზიანა. მერე აღარ. სხეულისგან ვერ მოითხოვ, ერთ დღეში დაივიწყოს ომი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უკვე მშვიდობაში ცხოვრობ. ზოგი ბრძოლა ნერვულ სისტემაში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე მეხსიერებაში. ღრმად ჩაისუნთქა. სამზარეულოში შევიდა. წყალი დაისხა. ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ტელეფონი აინთო.

გიორგი უკვე მანქანაში იჯდა.
მეგობრებს დაემშვიდობა. ძრავა ჯერ არ ჩაერთო. რამდენიმე წამს ტელეფონს უყურებდა.
მერე დაწერა:
„სახლში ხარ?“
არ უფიქრია, რატომ. ალბათ იმიტომ, რომ მისი ნახვა ისევ მოუნდა. ან უბრალოდ უნდოდა სცოდნოდა, რომ მშვიდობით მივიდა. შეტყობინება გაგზავნა.

ენის ეკრანზე გიორგის სახელი ენთო.
ორი სიტყვა. სრულიად ჩვეულებრივი. სხვა საღამოს შეიძლება არც დაფიქრებულიყო. მაგრამ ახლა, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მის სახლში იდგა კაცი, რომელიც ოდესღაც სიყვარულს კონტროლთან, შიშთან და მუდმივ სიფრთხილესთან ურევდა, ეს ორი სიტყვა უცნაურად თბილი აღმოჩნდა.
„სახლში ხარ?“
არც სად იყავი.
არც ვისთან.
არც რატომ დააგვიანე.
არც ვინ იყო შენ გვერდით. უბრალოდ - სახლში ხარ? ენი დიდხანს უყურებდა ეკრანს.
შემდეგ თითები კლავიატურაზე გადაიტანა. „ახლა უკვე კი.“ გაგზავნა. ტელეფონი მაგიდაზე დადო. ბავშვების ოთახიდან სიცილი მოესმა. გარეთ ქალაქი ისევ ხმაურობდა. ჭიქაში წყალი იდგა. კართან ჯერ კიდევ ყოფილი ქმრის ფეხსაცმლისგან შემოტანილი რამდენიმე წვეთი ჩანდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული. წარსული. აწმყო. შიში.
სიმშვიდე. და სადღაც ამ ყველაფრის შუაში ორი სიტყვა ეკრანზე, რომლებმაც ენს პირველად ძალიან მკაფიოდ აგრძნობინა ერთი რამ: სახლი ყოველთვის ადგილი არ არის. ზოგჯერ სახლად ის სიმშვიდე იქცევა, რომელშიც საკუთარი თავის დაცვა აღარ გჭირდება.

ბავშვებს ერთი "უსიამოვნო" თვისება აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე თორმეტი წლისები არიან. ხედავენ. არა იმას, რასაც ეუბნები. არც იმას, რასაც სპეციალურად აჩვენებ. ხედავენ იმას, რისი დამალვაც გინდა. ენი ამას, წესით, უნდა მიხვედრილიყო. მაგრამ იმ საღამოს საერთოდ არ უფიქრია. გოგოები სკოლიდან პირდაპირ მასთან წამოვიდნენ. ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ზოგჯერ აღარც კი ახსოვდა, სახლში ერთი თორმეტი წლის გოგო ჰყავდა თუ ორი. წლები იყო, რაც თითქმის ყველგან ერთად დადიოდნენ. ერთი კლასიდან დაწყებული მეგობრობა ნელ-ნელა იმ ასაკამდე მიეტანათ, როცა ერთმანეთის სახლებში კარზე დაკაკუნებაც ზედმეტი ფორმალობა გახდა. გიორგის გოგომ ზუსტად იცოდა, ენის სამზარეულოში ჭიქები რომელ კარადაში იდო. ენის შვილს კი გიორგის სახლში საკუთარი დამტენიც ჰქონდა დატოვებული. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა საღამოს გიორგიმ დარეკა და თქვა, რომ შვილს გამოუვლიდა. ენის გარდა. მას რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რატომ იგრძნო მუცელში ის სულელური, თითქმის თინეიჯერული შეკუმშვა. გიორგი მოდიოდა. კაცი, რომელიც უამრავჯერ ჰყავდა ნანახი როგორც თავისი შვილის საუკეთესო მეგობრის მამა. და კაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ცარიელ საცეკვაო დარბაზში კოცნიდა. როგორც აღმოჩნდა, ერთი და იგივე ადამიანის ამ ორი ვერსიას ერთ ოთახში მოთავსება არც ისე მარტივი იყო.

გიორგიმ ზარი რომ დარეკა, გოგოები იატაკზე ისხდნენ. ერთ-ერთი რაღაცას ტელეფონში აჩვენებდა მეორეს, ორივე იცინოდა, პატარა კი მათ გარშემო ტრიალებდა და დაჟინებით ცდილობდა საუბარში ჩართვას, რომლის ნახევარიც საერთოდ არ ესმოდა.
- მე გავაღებ. - თქვა ენმა. სრულიად ჩვეულებრივად. იმდენად ჩვეულებრივად, რომ თვითონვე იგრძნო ზედმეტად ჩვეულებრივად გამოუვიდა. კარი გააღო.
გიორგი იდგა. რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი უთქვამს. უცნაური იყო. სულ რამდენიმე დღის წინ მისი ხელები ენის წელზე იყო. ენს ჯერ კიდევ ახსოვდა მისი პერანგის ქსოვილი თითების ქვეშ, სარკეში არეული ორი სხეული, საკუთარი სიცილი, გიორგის სახე ძალიან ახლოს და ის მეორე კოცნა, რომლის უკან ამჯერად არც დეა იდგა და არც ლევანი. ახლა კი მათ შორის ზღურბლი იყო. მისაღებში შვილები. და მთელი ის ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელმაც ჯერ არაფერი იცოდა.
- გამარჯობა. - თქვა გიორგიმ. ენს გაეღიმა.
- გამარჯობა. - მხოლოდ ეს. მაგრამ გიორგი ისე უყურებდა, თითქოს ამ ორ სიტყვას გაცილებით გრძელი გაგრძელება ჰქონდა. ენი გვერდით გადგა.
- შემოდი. - გიორგი შევიდა და გოგოებს მიესალმა. მის შვილს განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევია. მხოლოდ ხელი აუწია.
- ხუთი წუთი.
- შენს ხუთ წუთს ვიცნობ. - უპასუხა გიორგიმ.
- მაშინ ათი.
- ეგეც ვიცი. - ენს გაეცინა. გიორგიმ მშვიდათ გახედა. უბრალოდ გახედა, და სწორედ აქ დაუშვეს პირველი შეცდომა.

გიორგის ქალიშვილმა თავი ასწია. მამას შეხედა. შემდეგ, ენს. არაფერი უთქვამს.
ისევ ტელეფონს დახედა. რამდენიმე წამის შემდეგ ენის გოგომაც ასწია თავი.
მეგობარმა შეხედა. ისეთი მზერა იყო, რომლის არსებობაც უფროსებს ხშირად ავიწყდებათ. სწრაფი. უხმო. და სრულიად გასაგები მხოლოდ მათთვის. ენი ვერაფერს მიხვდა. გიორგიც ვერაფერს. რაც, ალბათ, მათი მეორე შეცდომა იყო.

გიორგი რამდენიმე წუთით დარჩა. სინამდვილეში დარჩენის მიზეზი არ ჰქონდა. მისი შვილი ჯერ არ იყო მზად, მაგრამ თორმეტი წლის ბავშვის „ათი წუთი“ შეიძლებოდა მშვიდად ნახევარ საათად ქცეულიყო. ადრე ასეთ დროს ალბათ დერეფანში დაელოდებოდა ან მანქანაში. ახლა კი ენმა ჰკითხა:
- ყავა? - გიორგიმ შეხედა.
- თუ არ მაძევებ.
- ჯერ არა. - ამ „ჯერ“-ზე გაეღიმა. სამზარეულოში გავიდნენ. ბავშვები მისაღებში დარჩნენ. ენი ყავის აპარატთან იდგა. გიორგი მაგიდას მიეყრდნო. სიჩუმე უხერხული არ იყო.
პირიქით. ზედმეტად ნაცნობი იყო. და ალბათ სწორედ ეს იყო სახიფათო. ენმა ჭიქა წი დაუდო. გიორგიმ აიღო და რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა. - რა? - ჰკითხა ენმა.
- არაფერი.
- ეგ „არაფერი“ სახე არ გაქვს.
- უბრალოდ ვფიქრობდი, რომ უცნაურია.
- რა? - გიორგიმ მისაღებისკენ გაიხედა.
- აქამდე შენთან შეხვედრას ყოველთვის რაღაც გეგმა სჭირდებოდა. ენი მიხვდა.
მონეტა. უცნაური ტანსაცმელი. ცარიელი კინოდარბაზი. სხვისი სახელები. წვიმა. ცეკვა. ყოველ ჯერზე რაღაცას იგონებდნენ, თითქოს ჩვეულებრივი შეხვედრა საკმარისი არ იქნებოდა. ახლა კი სამზარეულოში იდგნენ. ბავშვები გვერდით ოთახში იცინოდნენ.
ყავია სურნელი ტრიალებდა სივრცეში ამჯერად მართლა კარგი ყავის. და არაფერი ხდებოდა. უცნაურად კარგი არაფერი. ენს გაეღიმა.
- იმედგაცრუებული ხარ?
- ძალიან. არც მონეტა გაქვს, არც სულელური ქუდი გახურავს.
- წადი მაშინ.
- ყავა ჯერ არ დამილევია. - ენს გაეცინა. და სიცილის შუაში უცებ გაჩერდა. გიორგიმ შეამჩნია. სულ ერთი წამი იყო. მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაში მან უკვე იმდენად კარგად ისწავლა ენის სახე, რომ მისი ღიმილის გაქრობაც შეეძლო შეემჩნია. წინა საღამო დაბრუნდა. კარი. ყოფილი ქმრის ხმა. მისი მზერა. ყბის დაჭიმვა. და საკუთარი ხელი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ რამდენიმე წუთი ვერ გააჩერა. ენმა ჭიქას დახედა. გიორგის არაფერი უკითხავს. მხოლოდ უყურებდა. ქალს ეგონა, რომ ჰკითხავდა. რა მოხდა? კარგად ხარ? ვინმემ რამე გითხრა? მაგრამ გიორგიმ ყავა მოსვა და მშვიდად თქვა:
- გემრიელია. - ენმა თვალები ასწია.
- ვიცი. სულ ეს იყო. და მაინც უცნაური სიმშვიდე იგრძნო. ზოგჯერ ადამიანის პატივისცემა ყველაზე მკაფიოდ იმ კითხვებში ჩანს, რომლებსაც არ სვამს.

მისაღებში ორი თორმეტი წლის გოგო უკვე საერთოდ აღარ უყურებდა ტელეფონს.
- შენც დაინახე? - ჩუმად ჰკითხა გიორგის გოგომ.
- რა? - მეგობარმა შეხედა. დიდხანს.
- ნუ სულელობ. - ენის გოგომ სამზარეულოსკენ გაიხედა. დედამისი რაღაცას ამბობდა. გიორგი უსმენდა. მაგრამ პრობლემა საუბარი არ იყო. პრობლემა ის იყო, როგორ უსმენდა.
- შეიძლება უბრალოდ მეგობრობენ.
გიორგის გოგომ ისეთი სახით შეხედა, თითქოს მეგობრის ინტელექტით პირველად იყო იმედგაცრუებული.
- მამაჩემს ვიცნობ.
- მეც დედაჩემს. - ისევ სამზარეულოსკენ გაიხედეს. მშობლები რწარაცაზე იცინოდნენ. გიორგის გოგომ თვალები ოდნავ მოჭუტა.
- როდის დაიწყო?
- რა?
- ეს.
- საიდან უნდა ვიცოდე? - რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. მერე ენის გოგოს სახე შეეცვალა. - მოიცა.
- რა?
- წინა პარასკევს დედა საღამოს გავიდა.
- მამაც. - ერთმანეთს შეხედეს.
- თქვა, სად მიდიოდა?
- არა.
- დედამაც არა. - სიჩუმე ჩამოწვა. ახლა უკვე ორივეს სახეზე ის განსაკუთრებული გამომეტყველება გაჩნდა, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა თორმეტი წლის ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსებზე გაცილებით ჭკვიანია.
და, სამწუხაროდ, ზოგჯერ მართალიც არის.
- საინტერესოა, — თქვა ერთმა.
- ძალიან. - პატარა გოგო მათ შორის ჩამოჯდა.
- რა არის საინტერესო? - ორივემ ერთდროულად უპასუხა:
- არაფერი.

ათი წუთი ოცდახუთად გადაიქცა. ბოლოს გიორგის ქალიშვილი წამოდგა, ჩანთა აიღო და მეგობარს ჩაეხუტა.
- ხვალ გნახავ. - გიორგიმ ქურთუკი ჩაიცვა. ენმა კართან მიაცილა სტუმრები. ისევ იგივე ზღურბლი. ახლა უკვე რაღაცნაირად უფრო პატარა ჩანდა. გიორგის უნდოდა რაღაც ეთქვა. შეიძლებოდა ეკითხა, კარგად იყო თუ არა. ენმა იცოდა. მის მზერაში დაინახა.
მაგრამ გოგოები იქვე იდგნენ. და გიორგიმ მხოლოდ ეს თქვა:
- მერე მოგწერ. ენს ამ ორი სიტყვის გაგონებაზე უცნაურად მოუნდა მისთვის მადლობა ეთქვა. იმისთვის, რომ არ ჰკითხა. იმისთვის, რომ შეამჩნია. იმისთვის, რომ დაელოდა.
- კარგი. - გიორგი შვილთან ერთად წავიდა.
კარი დაიხურა. ენი რამდენიმე წამით იქვე დარჩა. შემდეგ შემობრუნდა. მისი უფროსი გოგო დერეფანში იდგა. უყურებდა.
- რა იყო? — ჰკითხა ენმა.
- არაფერი. ენმა წარბი აეწია. - უბრალოდ კარგ ხასიათზე ხარ ბოლო დროს. - ენი წამით გაჩერდა.
- ეგ ცუდია?
- არა. - გოგომ მხრები აიჩეჩა და ოთახისკენ წავიდა. კართან შეჩერდა. - პირიქით. - თქვა მხიარულად და გაუჩინარდა. ენი დერეფანში მარტო დარჩა... უცნაურად მარტო.

ლიფტში გიორგის ქალიშვილიც ჩუმად იყო. გიორგიმ ტელეფონს დახედა, მერე ისევ ჯიბეში ჩაიდო. გოგონა გვერდიდან აკვირდებოდა. გარეთ რომ გამოვიდნენ, რამდენიმე ნაბიჯი ჩუმად გაიარეს. შემდეგ ბავშვმა თითქოს სხვათა შორის ჰკითხა:
- მამა?
- ჰო?
- ენი ლამაზია, არა?! - გიორგი შვილს შეხედა. ეს კითხვა არ იყო. ამიტომ პასუხიც არ გაუცია. გოგონამ გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი დაამატა. - თან ძალიან ლამაზია. - გიორგის გაეღიმა.
- ვიცი. ახლა ბავშვს გაეღიმა. მაგრამ აღარაფერი უთქვამს. არც იყო საჭირო.

იმავე დროს, ორი მეგობრის ტელეფონზე თითქმის ერთდროულად აინთო ეკრანი.
- მამაჩემი არ მომწონს. რამდენიმე წამში პასუხი მოვიდა. დედაჩემს ვკითხე, კარგ ხასიათზე რატომ ხარ-მეთქი. სახე უნდა გენახა.
- ანუ? პაუზა. სამი წერტილი.
- ანუ რაღაც ხდება. მეორე პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
- გავარკვიოთ? ამჯერად პაუზა უფრო მოკლე იყო.
- რა თქმა უნდა. და ასე, სანამ ენსა და გიორგის ჯერ კიდევ ეგონათ, რომ თავიანთ ურთიერთობას ფრთხილად, ნელა და მხოლოდ საკუთარი წესებით აშენებდნენ, ორი თორმეტი წლის გოგო უკვე სრულიად სხვა გეგმას ადგენდა. ალბათ უფროსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ საიდუმლოს შესანახად მხოლოდ დუმილი არ კმარა. ზოგჯერ საჭიროა, ერთმანეთს ისე აღარ შეხედო, თითქოს ოთახში ყველა დანარჩენი ადამიანი რამდენიმე წამით გაქრა. და სწორედ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ენსა და გიორგის ერთმანეთის დანახვისას ჯერ კიდევ საერთოდ არ გამოსდიოდათ.
ღამის თორმეტს გადასცდა. სახლმა ბოლოს და ბოლოს ის ხმა მიიღო, რომელიც მხოლოდ ბავშვების დაძინების შემდეგ აქვს. არა სიჩუმე. სახლი, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ, ბოლომდე არასოდეს ჩუმდება. სადღაც მაცივარი ჩაირთვება. მილებში წყალი გაივლის. პატარა საწოლში გადაბრუნდება და საბანი იატაკზე ჩამოცურდება. უფროსის ოთახიდან ხანდახან დამტენზე შეერთებული ტელეფონის ეკრანი გაანათებს კედელს.
მაგრამ მაინც დგება დრო, როცა დედას აღარავინ ეძახის. აღარავის უნდა წყალი.
აღარავის ახსენდება ძილის წინ, რომ ხვალისთვის რაღაც სჭირდება. აღარავინ ეკითხება სად არის მისი მეორე წინდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე წინდის ძებნას დილამდე თავისუფლად შეიძლებოდა მოეცადა. და მხოლოდ მაშინ რჩები საკუთარ თავთან.
ენი სამზარეულოში იჯდა. წინ ჩაი ედგა, რომელსაც დიდი ხნის წინ გაციებულიყო. ტელეფონი რამდენჯერმე აიღო. გიორგის ბოლო შეტყობინება ისევ იქ იყო. მერე მოგწერ. არ მოუწერია. უცნაური იყო, მაგრამ არ სწყენია. ალბათ იმიტომ, რომ უკვე იცოდა, გიორგის დუმილიც კი არასოდეს ჰგავდა გაუჩინარებას. ზოგი ადამიანის არყოფნა ოთახიდან ჰაერსაც მიაქვს. ზოგის კი უბრალოდ ნიშნავს, რომ ახლა აქ არ არის.
განსხვავება პატარა ჩანდა. სინამდვილეში უზარმაზარი იყო. ენი ადგა, ჭიქა ნიჟარაში ჩადგა და სწორედ მაშინ გაიგონა კარზე ძალიან ფრთხილი კაკუნი. არა ზარი. კაკუნი. ისეთი, ბავშვები რომ არ გააღვიძოს. გაშეშდა. სულ ერთი წამით. მაგრამ სხეულს ერთი წამიც ჰყოფნის იმისთვის, რომ წარსულში დაბრუნდეს. გუშინდელი საღამო.
იგივე კარი. იგივე გვიანი საათი. სხვა კაცი. ენმა ჰაერი ნელა ჩაისუნთქა და კარისკენ წავიდა. ამჯერად ნაბიჯები არ დაუთვლია. ან იქნებ დაითვალა და უბრალოდ აღარ შეიმჩნია. კარი გააღო. გიორგი იდგა. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. თმა ოდნავ აჩეჩილი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გზაში რამდენჯერმე გადაიფიქრა მოსვლა და მაინც მოვიდა. ენი რამდენიმე წამი უყურებდა. მერე კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
- „მერე მოგწერ“ შენს ენაზე ამას ნიშნავს?
გიორგიმ ძალიან ჩუმად უპასუხა:
- წერა დამეზარა. - ენს გაეღიმა. პატარა ღიმილი იყო. მაგრამ ნამდვილი.
- ღამის თორმეტზე ადამიანებთან მისვლა უფრო მარტივია?
- გააჩნია ადამიანსაც. ბავშვებს სძინავთ?
- წესით.
- „წესით“ ცოტა საშიშად ჟღერს.
- ორი შვილის მშობელს უფრო ზუსტი პასუხები არ აქვს. - გიორგის გაეღიმა.
რამდენიმე წამით ისევ ისე იდგნენ. უცნაურად ფრთხილად. თითქოს ორივემ იცოდა, რომ ამჯერად ზღურბლის მეორე მხარეს რაღაც უფრო მძიმე ელოდათ, ვიდრე რამდენიმე საათის წინ დარჩენილი ფლირტი. ენი გვერდზე გაიწია. - შემოდი.
მისაღებში მხოლოდ კუთხის პატარა სანათი ენთო. თბილისის ღამის სინათლე ფანჯრებიდან იპარებოდა და იატაკზე გრძელ, ბუნდოვან ზოლებად იშლებოდა.
გიორგიმ ქურთუკი გაიხადა. ენი სამზარეულოსკენ წავიდა.
- ყავა აღარ შემომთავაზო.
- არც ვაპირებდი.
- კარგი.
- უკვე დალიე ერთი უფასოდ. ზედმეტად ნუ გათამამდები. - გიორგი ჩუმად გაეცინა.
ეს რამდენიმე წამი ენს სჭირდებოდა. ჩვეულებრივი სიტყვები. პატარა ხუმრობა.
ადამიანებს ზოგჯერ სერიოზულ თემებამდე მისასვლელად სწორედ სისულელეები სჭირდებათ. თითქოს გონებამ იცის, სად მიდიხარ, მაგრამ სხეულს ცოტა დრო უნდა მისცე, რომ გამოგყვეს. ენი სავარძელში დაჯდა. გიორგი მის გვერდით მოთავსდა, თუმცა არა ძალიან ახლოს. ესეც შეამჩნია ენმა. ბოლო დროს გიორგის უამრავ უმნიშვნელო რამეს ამჩნევდა. როგორ ტოვებდა სივრცეს. როგორ არ ავსებდა ყველა სიჩუმეს სიტყვებით. როგორ არასოდეს ეხებოდა მაშინ, როცა დარწმუნებული არ იყო, რომ ენსაც უნდოდა. საოცარი იყო, რამდენად ეროტიკული შეიძლებოდა ყოფილიყო პატივისცემა ქალისთვის, რომელსაც ოდესღაც საკუთარი საზღვრების არსებობის დამტკიცება უწევდა. გიორგი წინ გადაიხარა. ხელები ერთმანეთში გადააჭდო.
- თუ არ გინდა, ნუ მომიყვები. - ენმა შეხედა.
აი ეს იყო.
არც „რა მოხდა“.
არც „ვინ იყო“.
არც „რატომ ხარ ასეთი“.
უბრალოდ უფლება. არ ეთქვა. და სწორედ ამ უფლებამ მოანდომა თქმა. უცნაურია ადამიანი. ზოგჯერ ყველაზე დიდხანს მაშინ დუმს, როცა პასუხს სთხოვენ. და ლაპარაკს მაშინ იწყებს, როცა ეუბნებიან, რომ შეუძლია გაჩუმდეს. ენი საზურგეს მიეყრდნო. რამდენიმე წამს ფანჯარას უყურებდა.
- გუშინ ჩემი ყოფილი ქმარი იყო აქ. - გიორგი არ განძრეულა. მხოლოდ სახე შეეცვალა ოდნავ. იმდენად, რომ სხვა ალბათ ვერ შეამჩნევდა, მაგრამ ენმა შეამჩნია.
- ბავშვების მამა?
- ჰო. - სიჩუმე გაიშალა ოთახში. - გაიგო, რომ ვიღაცას ვხვდები. - ახლა უკვე შეიძლებოდა უამრავი კითხვა დასმულიყო. ვინ უთხრა. რა უნდოდა. რა თქვა. რატომ მოვიდა. გიორგიმ არც ერთი არ დასვა. ენმა თითებს დახედა. - ადრე მისი გაბრაზებისას ყოველთვის ვიცოდი, რამდენი ნაბიჯი იყო ჩემგან კარამდე. სიტყვები ოთახში დარჩა. უბრალოდ დარჩა. არც მუსიკა ყოფილა მათ დასამძიმებლად. არც ცრემლი. არც კანკალი. ზოგიერთ წინადადებას გაფორმება არ სჭირდება. ისედაც მთელი ცხოვრება დევს შიგნით. გიორგიმ თავი ნელა ასწია. და პირველად იმ საღამოს მის სახეზე ბრაზი გამოჩნდა. არა ხმაურიანი. არა ის ბრაზი, რომელიც კაცებს საკუთარი ძალის საჩვენებლად სჭირდებათ. უფრო ჩუმი და საშიში, უსამართლობის წინაშე გაჩენილი უძლურება. მაგრამ ენს ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ გიორგიმ ეს ბრაზიც კი თავისთვის დაიტოვა. არ უთქვამს, რას უზამდა. არ უკითხავს, სად ცხოვრობდა.
არ უთქვამს, რომ ამიერიდან თვითონ დაიცავდა. ენისთვის ახალი გალიის აშენებას თავისუფლება არ ერქმეოდა, თუნდაც ის სიყვარულით აეშენებინათ. დიდხანს ჩუმად იყო. შემდეგ ძალიან მშვიდად ჰკითხა:
- გუშინაც დაითვალე? - ენმა წარბები ოდნავ შეკრა.
- რა?
- კარამდე ნაბიჯები. - და რაღაც შიგნით ჩამოეშალა. არა იმიტომ, რომ კითხვა მტკივნეული იყო. იმიტომ, რომ ზუსტი იყო. ენი გუშინდელ საღამოს დაუბრუნდა.
ყოფილი ქმრის დაჭიმულ ყბას. საკუთარ მშვიდ ხმას. ხელებს, რომლებიც არ უკანკალებდა მანამ, სანამ კარი არ დაიხურა. და იმ ადგილს, სადაც იდგა.
კარამდე მანძილს. შვიდი. თითქოს სხეულმა პასუხი გონებაზე ადრე იცოდა.
- შვიდი. - თქვა ბოლოს. გიორგი არ განძრეულა. ენმა ჩაიცინა. მაგრამ სიცილი არ იყო მხიარული. - ხედავ? ახლაც მახსოვს. - გიორგის თვალებში რაღაც შეიცვალა. ენმა თავი გააქნია. - ყველაზე ცუდი იცი რა არის? მე აღარ მეშინია მისი. მართლა აღარ მეშინია. გუშინაც არ დავიხიე უკან. არ მივეცი უფლება, ჩემთვის ეკარნახა ვის შევხვდები, ვისთან ვიქნები... არაფერი. გაჩერდა. - მაგრამ სხეულმა მაინც დაითვალა. - ხმა ბოლო სიტყვაზე ოდნავ დაურბილდა. გიორგი ისევ ჩუმად იყო. ენი ხელებს უყურებდა. - ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი დავამთავრე. გამოვედი. გადავრჩი. გავაგრძელე ცხოვრება. მერე ვიღაც ერთ ძველ ტონზე გელაპარაკება და უცებ ხვდები, რომ შენს სხეულში ჯერ კიდევ ცხოვრობს ქალი, რომელმაც ოთახში შესვლისას პირველად კარი უნდა მოძებნოს.
ახლა უკვე აღარ უყურებდა გიორგის. ალბათ ამიტომ შეძლო შემდეგის თქმაც. - ძალიან არ მიყვარს ის ქალი. - პასუხი მაშინვე არ მიუღია. გიორგი ოდნავ მისკენ შეტრიალდა.
- მე მგონი უსამართლო ხარ მის მიმართ. - ენმა შეხედა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იმ ქალმა გამოგიყვანა იქიდან. - შეიძლება შეშინებული იყო. შეიძლება კარამდე ნაბიჯებს ითვლიდა. შეიძლება ბევრ რამეს იტანდა, რაც არ უნდა აეტანა... მაგრამ ბოლოს მაინც გამოგიყვანა. - ენს თვალები უცებ აემღვრა. ეს არ მოსწონდა. ცრემლები იშვიათად მოსწონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმე უყურებდა. სახე გვერდზე მიაბრუნა.
- ძალიან ბრძენი გახდი ღამის თორმეტის შემდეგ.
- დღისითაც ასეთი ვარ. - უბრალოდ ხალხი ვერ აფასებს. - ენს გაეცინა. ცრემლი მაინც ჩამოუგორდა გიორგიმ დაინახა. დაინახა და არ მოწმინდა. ესეც მოეწონა ენს. არ წაართვა ისიც კი. უბრალოდ იჯდა მის გვერდით. ზოგჯერ ნუგეში ჩახუტება არ არის. ზოგჯერ ნუგეში ადამიანია, რომელიც შენს ტკივილს ხედავს და მაშინვე მის შეკეთებას არ ცდილობს. რადგან ხვდება, შენ გაფუჭებული ნივთი არ ხარ. ენი თვითონ გადაიწია მისკენ. ჯერ მხრით შეეხო. მერე თავი დაადო. გიორგის მკერდზე. იქ უკვე იცნობდა ადგილს. ერთხელ კინოდარბაზში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სიმშვიდესაც შეიძლებოდა ადამიანის გულისცემა ჰქონოდა. ახლა აღარ აღმოუჩენია. იცნო. გიორგიმ მხოლოდ მაშინ მოხვა ხელი. ნელა. ისე, რომ ამ მოძრაობაშიც კი არჩევანის ადგილი დარჩენილიყო. ენმა თვალები დახუჭა. მისი გულისცემა ესმოდა. გარეთ მანქანა ჩაივლიდა ხოლმე. სადღაც ზედა სართულზე წყალი მოუშვეს. ბავშვებს ეძინათ. სამყარო არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა. და სწორედ ამიტომ იყო ეს წუთი ასეთი დიდი.
სიყვარული ადვილი იყო წვიმაში. ადვილი იყო ცარიელ კინოდარბაზში. საცეკვაო დარბაზში, მუსიკის ფონზე, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავს სხვა სახელს არქმევდი. იქ სიყვარული თითქმის კინოს ჰგავდა. მაგრამ ღამის თორმეტზე, ნახევრად ჩაბნელებულ მისაღებში, როცა ვიღაცას უყვები, როგორ ითვლიდი ოდესღაც კარამდე ნაბიჯებს და ის შენს წარსულს არც გართმევს, არც გისწორებს, არც საკუთარ გმირობად აქცევს იქ სიყვარული უკვე სხვა რამ იყო. იქ მას დეკორაცია აღარ სჭირდებოდა.
გიორგი დიდხანს არ დარჩენილა. საათს დახედა და წამოდგა.
- წავალ. ხვალ დილით ჩემი შვილი ოფიციალურად შემიძულებს, თუ მაღვიძარას ისევ ვერ გავიგონებ. - ენი სავარძლიდანნ უყურებდა. უცნაური სიმსუბუქე ჰქონდა სხეულში. თითქოს არაფერი გამქრალიყო, არც გუშინდელი საღამო, არც ის შვიდი ნაბიჯი, არც ძველი მოგონებები, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნებულიყო. ტკივილი ყოველთვის არ ქრება. ზოგჯერ უბრალოდ წყვეტს მთელი ოთახის დაკავებას. კართან გიორგი ქურთუკს იცვამდა, ენი კი კედელს მიყრდნობოდა და უყურებდა.
- მადლობა. - თქვა ბოლოს. გიორგიმ თავი ასწია.
- რისთვის? - ქალს პასუხი შეეძლო. იმისთვის, რომ მოხვედი. იმისთვის, რომ არ მკითხე იმაზე მეტი, ვიდრე მინდოდა მეთქვა. იმისთვის, რომ არ გადაწყვიტე ჩემი გადარჩენა. იმისთვის, რომ იმ ქალზე, რომლის გახსენებაც თვითონ არ უყვარდა, ერთი ისეთი წინადადება უთხარი, რომლის თქმაც მისთვის აქამდე არავის მოეფიქრებინა. მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი მადლობები ახსნისას პატარავდება. ამიტომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
- შენ იცი. - იორგიმ რამდენიმე წამს უყურა.
- ვიცი. - კარი გააღო. ერთი ნაბიჯი გადადგა და უცებ გაჩერდა. შემობრუნდა.
სახეზე ის გამომეტყველება ჰქონდა, რომელსაც ენი უკვე ცნობდა. ასეთი სახით გიორგი, როგორც წესი, ან რაღაც სისულელეს ამბობდა, ან რაღაც სისულელის გაკეთებას აპირებდა. - სხვათა შორის... - ენმა ეჭვით შეხედა.
- რა?
- ხვალ საღამო თავისუფალი დატოვე.
- რატომ?
- ახალი თავგადასავალი გვაქვს. - ენის სახეზე ღიმილი თავისით გაჩნდა.
- „გვაქვს“ რას ნიშნავს? მე რატომ არავინ მკითხა?
- იმიტომ, რომ დემოკრატია ჩვენს პაემნებზე თავიდანვე ცუდად მუშაობს.
- და სად მივდივართ?
- არ გეტყვი.
- გიორგი, კარგი რა უნდა ჩავიცვა? - გიორგი დაფიქრდა.
- ისეთი რამ, რის გაფუჭებაც ძალიან არ დაგენანება. - ენის ღიმილი გაქრა.
- რას ნიშნავს „გაფუჭება“?
- ღამე მშვიდობისა.
- გიორგი. - უკვე დერეფანში იდგა. - ტალახია? - გიორგი იღიმოდა.
- მშვიდად დაიძინე.
- წყალია? - ლიფტის ღილაკს დააჭირა.
- ხვალამდე.
- ცხენია?! - ამჯერად გიორგის გაეცინა.
ხმამაღლა არა, ბავშვებს ეძინათ. ლიფტის კარი გაიღო.
- ძველი ტანსაცმელი, ენ.
- ეგ პასუხი არ არის!
- ზუსტად ამიტომაა კარგი. - ლიფტში შევიდა. ენი კართან იდგა და თვალებმოჭუტული უყურებდა. კარის დახურვამდე გიორგიმ მხოლოდ ერთი რამ მოასწრო: - და თმა არ გაისწორო. - ლიფტის კარი დაიხურა. ენი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. მერე გაეცინა. ნამდვილად გაეცინა. ისე, რომ ხელი პირზე აიფარა, ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა. რამდენიმე წუთის წინ ამავე კაცს უყვებოდა იმ ქალზე, რომელიც კარამდე ნაბიჯებს ითვლიდა. ახლა კი იდგა იმავე კართან და ფიქრობდა, სად ჯანდაბაში მიჰყავდა ხვალ და რატომ არ უნდა გაესწორებინა თმა. ალბათ ესეც იყო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თვისება. მას საერთოდ არ აინტერესებდა, მზად იყავი თუ არა. ერთ დღეს გასწავლიდა, როგორ დაგეთვალა კარამდე შვიდი ნაბიჯი. წლების შემდეგ კი ვიღაც მოვიდოდა და სრულიად სხვა რამის დათვლას დაგაწყებინებდა, რამდენი საათი დარჩა ხვალამდე. ენმა კარი დაკეტა. ამჯერად საკეტი აღარ შეუმოწმებია. ტელეფონი აიღო და გიორგის მისწერა:
- თუ ხვალ ცხენიდან გადმოვვარდი, მოგკლავ. - პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
- ცხენი არ არის. - ენმა შვებით ამოისუნთქა. მეორე შეტყობინებაც მოვიდა. - ცხენზე უარესია. ენმა ეკრანს რამდენიმე წამი უყურა.
- მძულხარ. - სამი წერტილი გამოჩნდა.
- ხვალამდე გადაიფიქრებ. - ქალი საწოლისკენ წავიდა. ჯერ კიდევ იღიმოდა.
და, ალბათ, სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, წარსულმა იმ ღამეს კარზე დააკაკუნა. მაგრამ ხვალინდელი დღე უკვე გარეთ ელოდებოდა.

8
მეორე დღეს ენმა პირველად საღამოს ექვს საათზე ინანა, რომ გიორგის კითხვების გარეშე ენდობოდა. შვიდზე, მეორედ. რვის ნახევარზე კი, როცა შავი მანქანა ქალაქის განათებულ ქუჩებს გასცდა და გზის საფარი თანდათან ისეთი გზით შეიცვალა, რომელსაც გზას მხოლოდ განსაკუთრებული ოპტიმიზმის მქონე ადამიანი თუ დაარქმევდა, უკვე დარწმუნებული იყო, რომ ნდობა ზოგადად გადაჭარბებულად დაფასებული ადამიანური თვისება იყო. ფანჯრის მიღმა თბილისი ნელ-ნელა უკან რჩებოდა. ჯერ შენობები შეთხელდა. მერე ვიტრინების სინათლე გაქრა. მერე ქუჩის ლამპიონებიც ერთმანეთისგან ისე დაშორდნენ, თითქოს ქალაქმა მათი გაყოლა გადაიფიქრა. ბოლოს მხოლოდ მანქანის ფარები დარჩა. ორი თეთრი ზოლი სიბნელეში, რომლებიც გზას კი არ ანათებდნენ, თითქოს ყოველ წამს თავიდან იგონებდნენ. ენი გვერდით იჯდა, ერთი ფეხი სავარძელზე აეკეცა და ფანჯარას ეყრდნობოდა. გიორგის მოთხოვნა პირნათლად შეესრულებინა, ძველი შავი ჯინსი, სპორტული ფეხსაცმელი, უბრალო თბილი მაისური. თმა არ გაესწორებინა. გრძელი შავი თმა ბუნებრივად ეშლებოდა მხრებზე და უკვე რამდენჯერმე გაღიზიანებით გადაეყარა უკან. გიორგი საჭესთან იჯდა იმ საეჭვოდ მშვიდი სახით, რომელიც ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ზუსტად იცის, სად მიდის და განზრახ არ გეუბნება. პირველ ორმოც წუთს ენმა ღირსეულად გაუძლო. ორმოცდამეერთეზე მანქანა ორმოში ჩავარდა. ენი სავარძლიდან ოდნავ წამოხტა. გიორგისკენ არც გაუხედავს.
- გიორგი.
- ჰო?
- ეს გზა არ არის.
- რუკაზე არის. ენი მისკენ შებრუნდა. - რუკას უჩივლე. გიორგის გაეცინა. სწორედ ამიტომ ვერ იტანდა ენი მის ამ სახეს. და სწორედ ამიტომ უყვარდა. ჯერ საკუთარ თავთანაც არ ამბობდა ამ სიტყვას ხშირად. უყვარდა. ზოგი სიტყვა პირველად რომ შემოდის ცხოვრებაში, ხმაურით არ შემოდის. კარს არ ამტვრევს. არ აცხადებს საკუთარ თავს. უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ უკვე დიდი ხანია შენს სახლში ცხოვრობს.
ჰაერი ქალაქგარეთ სხვანაირი იყო. უფრო ცივი. უფრო ნოტიო. წვიმა ჯერ არ მოდიოდა, მაგრამ მიწას უკვე ჰქონდა ის მძაფრი, მძიმე სუნი, რომელიც წვიმას წინ უსწრებს. თითქოს ბუნებაც ადამიანივით იყო, ჯერ არაფერი ეთქვა, მაგრამ ხმის ტონზე უკვე მიხვდებოდი, რომ რაღაც მოდიოდა. გიორგიმ მანქანა ძველ, ნახევრად მიტოვებულ სივრცესთან გააჩერა. ოდესღაც აქ რაღაც სამრეწველო ტერიტორია უნდა ყოფილიყო. რამდენიმე ბეტონის კედელი დარჩენილიყო, რკინის კონსტრუქციები, ფართო ცარიელი მოედანი და მის მიღმა ბნელი ფერდობი. ქალაქის შუქი აქედან მხოლოდ შორეული ნათება იყო. იმდენად შორს, რომ ვეღარაფერს გთხოვდა. ენი მანქანიდან გადავიდა. ფეხსაცმლის ქვეშ სველი მიწა რბილად ჩაიზნიქა. გარშემო მიმოიხედა. შემდეგ გიორგის შეხედა.
- თუ აქ ჩემი მოკვლა გადაწყვიტე, ძალიან არაორიგინალური ადგილი შეარჩიე. - გიორგი საბარგულს ხსნიდა.
- შენთან რომანტიკა შეუძლებელია.
- შუაღამისას მიტოვებულ ადგილას მომიყვანე.
- ცხრა საათია.
- ემოციურად შუაღამეა. - გიორგიმ გაიცინა. შემდეგ საბარგულიდან რაღაც ამოიღო.
ენი გაჩუმდა. დიდი თეთრი ტილო. რამდენიმე ქილა საღებავი. ორი პატარა საღებავის პისტოლეტი. და პლასტმასის პარკი, რომელშიც კიდევ რაღაცები ეწყო.
ენი დიდხანს უყურებდა. მერე გიორგის. მერე ისევ ნივთებს. - არა. - გიორგიმ წარბი ასწია.
- ჯერ არაფერი მითქვამს.
- სახეზე გეტყობა.
- რა მეტყობა?
- რომ ჩემი ტანსაცმლის განადგურება შენი საღამოს გეგმის ნაწილია.
- ამიტომ გითხარი, ძველი ჩაიცვი-მეთქი.
- ანუ წინასწარგანზრახული დანაშაულია.
გიორგი ტილოს იღებდა და იცინოდა. ენი კი უყურებდა და ნელ-ნელა ხვდებოდა, რატომ უყვარდა მასთან ეს გაუთავებელი სისულელეები. სიცილი ყოველთვის სიმსუბუქეს არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე მსუბუქი ადამიანები ყველაზე მძიმე ადგილებიდან გამოდიან.
უბრალოდ ერთ დღეს ხვდებიან, რომ თუ ცხოვრება მაინც აპირებს შენზე კვალის დატოვებას, ყველა კვალი ჭრილობა არ უნდა იყოს. ზოგი შეიძლება საღებავიც იყოს.
ტილო ორ ძველ ბეტონის საყრდენს შორის გაჭიმეს. თეთრი იყო. ზედმეტად სუფთა ამ გარემოსთვის. ღამის შუაგულში თითქოს კედელი კი არა, სინათლის ნაჭერი ეკიდა. გიორგიმ ენს პისტოლეტი გაუწოდა.
- წესები მარტივია.
- ჩვენ პაემნებს წესები როდის ჰქონდა? - გიორგი წამით გაჩერდა.
- კარგი შენიშვნაა.
- მადლობა.
- მაშინ ერთი წესი.
- გისმენ.
- ტილოს ვესვრით. - ენმა პისტოლეტს დახედა. მერე გიორგის.
- მხოლოდ ტილოს? - გიორგიმ ოდნავ მოჭუტა თვალები.
- მხოლოდ ტილოს. - ენის ღიმილი ისეთი იყო, რომ გიორგი ალბათ სწორედ მაშინ უნდა მიმხვდარიყო შეთანხმება უკვე დარღვეული იყო. პირველი რამდენიმე წუთი მართლა ხატავდნენ. თუ ამას ხატვა ერქვა. საღებავი თეთრ ზედაპირზე ხან წვრილ ხაზებად ეცემოდა, ხან დიდ, უსწორმასწორო ლაქებად იშლებოდა. წითელი ლურჯში შედიოდა. ყვითელი კიდეებზე ეფანტებოდა. ფერები ერთმანეთის საზღვრებს საერთოდ არ სცემდნენ პატივს. ენი სწრაფად მიხვდა, რომ შედეგი არ აინტერესებდა. პროცესი მოსწონდა. მოძრაობა. საღებავის მძაფრი სუნი. ღამის სიცივე ლოყებზე. გიორგის რამდენიმე მეტრში ყოფნა. მისი ხმა. საკუთარი თმა, რომელსაც ქარი განუწყვეტლივ სახეზე აყრიდა და რომლის გასწორებაც ამჯერად საერთოდ აღარ აინტერესებდა. უცნაური იყო თავისუფლება. ხშირად დიდ გადაწყვეტილებად წარმოგვიდგენია.
ქალაქის შეცვლა. ადამიანის დატოვება. ახალი ცხოვრების დაწყება. მაგრამ ზოგჯერ თავისუფლება უბრალოდ ის წამია, როცა აღარ ფიქრობ, როგორ გამოიყურები. ენმა უკან დაიხია, თავისი ნამუშევარი შეათვალიერა და ცხვირი აიბზუა.
- საშინელებაა.
- თანამედროვე ხელოვნებაა.
- თანამედროვე ხელოვნებას ნუ აბრალებ ჩვენს უნიჭობას.
- ჩემს მხარეს შეხედე.
- შენს მხარეს განსაკუთრებით ვგულისხმობდი. - გიორგი შეტრიალდა.
და სწორედ მაშინ მოხდა ის რაც პაემნის საწყისშივე უნდა შეემჩნია წესით. ერთი პატარა წითელი წვეთი ჰაერში გაიჭრა და პირდაპირ მის შავ მაისურს დაეცა. ორივემ დახედა. წითელი ლაქა ნელა გაიშალა ქსოვილზე. სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ თავი ასწია. ენი სრულიად უდანაშაულო სახით იდგა. - შემთხვევით იყო. - გიორგიმ მის ხელში პისტოლეტს შეხედა.
- რა თქმა უნდა.
- ხელი გამექცა.
- ენ.
- გიორგი. - რამდენიმე წამი უყურებდნენ ერთმანეთს. და ზოგჯერ ადამიანს მომავალი ძალიან ნათლად შეუძლია დაინახოს. ენმა დაინახა. დაიანახა მაგრამ გვიან იყო. გიორგიმ პისტოლეტი ასწია. ენი შეტრიალდა და გაიქცა.
პირველი საღებავი ზურგში მოხვდა. ენმა შეჰკივლა. არა შიშით. აღშფოთებით.
იმ განსაკუთრებული, თითქმის ბედნიერი აღშფოთებით, რომელსაც მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა ზუსტად იცი, სამაგიეროს გადახდა შეგიძლია.
- მოკვდი! - მისი ხმა ცარიელ სივრცეში გაიფანტა. გიორგი უკვე იცინოდა. ენი შეტრიალდა და ესროლა. ააცილა. კიდევ ერთხელ. ამჯერად მხარში მოხვდა.
- აჰა!
- ომი შენ დაიწყე!
- შემთხვევით მოგხვდა!
- მეორედაც შემთხვევით?
- მეორე უკვე განზრახ იყო! - და მერე აღარაფერი არსებობდა. არც ტილო.
არც შეთანხმება. არც ღირსება. ორი ზრდასრული ადამიანი დარბოდა ღამის ცარიელ სივრცეში და ერთმანეთს საღებავებს ესროდა. ენი ბეტონის კედელს ეფარებოდა, მერე მოულოდნელად გამოდიოდა და გიორგისკენ ისროდა. გიორგი მის დაჭერას ცდილობდა. ერთხელ ენი ტალახში ფეხით მოსრიალდა, სასწაულით შეინარჩუნა წონასწორობა და საკუთარი გადარჩენით ისეთი ამაყი დარჩა, თითქოს მთიდან ჩამოსულიყო.
მეორედ აღარ გაუმართლა. გიორგის გაექცა. ფეხი სველ მიწაზე დაუსრიალდა.
წამით ჰაერი დაკარგა. და პირდაპირ ტალახში ჩაჯდა. სიჩუმე მოედო არემარეს.
გიორგი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. ენს შეხედა. ენის შავი ჯინსი უკვე აღარ იყო შავი. თმაზე ლურჯი საღებავის წვეთი ჰქონდა. ლოყაზე, წითელი. ხელები ტალახში ჩაეყო. გიორგიმ ტუჩები მოკუმა. ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო.
- არ გაბედო! - გიორგის მხრები აუკანკალდა. - გიორგი. - ვეღარ გაუძლო.
სიცილი აუტყდა. ენი რამდენიმე წამი უყურებდა. შემდეგ ძალიან მშვიდად წამოდგა. ზედმეტად მშვიდად. გიორგის სიცილი შეწყდა.
- ენ... - მან მიწიდან ტალახი აიღო. - არა.
- მოდი, ზრდასრული ადამიანები ვიყოთ. ენი მისკენ წავიდა.
- ახლა გაგახსენდა? - გიორგიმ უკან დაიხია.
- შეგვიძლია ამაზე საუბარი.
- გვიანია. - გიორგი შეტრიალდა. გაიქცა. ენი უკან დაედევნა. და სწორედ სადღაც ამ სირბილში, სიცილში, ქოშინში, საღებავსა და ტალახში რაღაც ძალიან ძველი ჩამოეცალა. არა მოგონება. მოგონებები ასე მარტივად არ მიდიან. არც ტკივილი. ტკივილიც ზოგჯერ ჯიუტია. მაგრამ სხეული... სხეულმა თითქოს პირველად აღმოაჩინა, რომ აჩქარებული გულისცემა ყოველთვის საფრთხეს არ ნიშნავს. შეიძლება იმიტომ გიცემდეს ასე გული, რომ ვიღაცას დასდევ. იმიტომ, რომ იცინი. იმიტომ, რომ ჰაერი აღარ გყოფნის სიცილისგან. იმიტომ, რომ გინდა დაიჭირო. და არა იმიტომ, რომ გაქცევა გჭირდება. გუშინ ამავე სხეულმა შვიდი ნაბიჯი დაითვალა კარამდე. დღეს არც ერთი დაუთვლია.
ხან ენი მისდევდა გიორგის, ხან პირიქით. გიორგიმ ბოლოს დაიჭირა.
ენი ბეტონის კედელსა და გიორგის შორის აღმოჩნდა. ორივე ქოშინებდა. ჯერ კიდევ იცინოდნენ. ენის ხელები გიორგის მაისურზე ჰქონდა ჩავლებული. გიორგის ერთი ხელი მის წელზე ედო, მეორე კედელს მიყრდნობოდა.
- დაგიჭირე.
- გმირობაა.
- საკმაოდ სწრაფი ხარ.
- შენ ხარ მოხუცი.
- ორი წლით ვარ შენზე უფროსი.
- ზუსტად. - გიორგიმ სიცილით თავი გააქნია. ენი ისევ რაღაცის თქმას აპირებდა. მაგრამ ვერ თქვა. არაფერი შეცვლილა. და მაინც ყველაფერი შეიცვალა. სიცილი უბრალოდ შეწყდა. არა ერთბაშად. ნელა. როგორც მუსიკა წყდება ოთახში და მხოლოდ ამის შემდეგ ამჩნევ, რამდენად ახლოს დგახარ ვიღაცასთან. ენის სუნთქვა ჯერ კიდევ სწრაფი იყო. გიორგისიც. მისი ხელი ისევ წელზე ედო. მაისურის თხელი ქსოვილის მიუხედავად ენი თითების სითბოს გრძნობდა. ჰაერში სველი მიწის, საღებავისა და წვიმის მოახლოებული სუნი ირეოდა. გიორგის სახეზე ლურჯი საღებავი ჰქონდა. პატარა ლაქა ყბასთან.
კიდევ ერთი ტუჩის კუთხესთან. ენი უყურებდა. და უცებ მთელი სამყარო ძალიან პატარა გახდა. იმდენად პატარა, რომ მასში მხოლოდ რამდენიმე რამ ეტეოდა. გიორგის ხელი. მისი სუნთქვა. საკუთარი გულისცემა. და ის რამდენიმე სანტიმეტრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ ტუჩებს შორის რჩებოდა. პირველი კოცნის წინ ენს ეშინოდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა. მეორის წინ უკვე იცოდა, რომ შეცვლა უნდოდა. ახლა კი საერთოდ აღარ ფიქრობდა. სხეულს ზოგჯერ გონებაზე ნაკლები ეშინია. უბრალოდ დიდი დრო სჭირდება ამის გასახსენებლად. ენმა გიორგის ტუჩის კუთხეს დახედა. - საღებავი გაქვს. - გიორგიმ არ მოაშორა მზერა.
- სად? - ენმა ხელი ასწია. ცერი ქვედა ტუჩზე მიადო და ლურჯ ლაქას ნელა გადაუსვა თითი. - აქ. - გიორგი არ განძრეულა.
- მომშორდა? - ენმა საკუთარ თითს დახედა. ლურჯი საღებავი ახლა მასზე იყო. შემდეგ ისევ გიორგის შეხედა.
- არა.
- მაშინ ცუდად ცდილობ მოშორებას. - ეს წინადადება თითქმის ჩურჩული იყო.
ენი მიხვდა, რომ გაეღიმა.
- შეიძლება. - და ისევ შეეხო. ამჯერად საღებავს აღარ ეძებდა. გიორგიმ აკოცა. კოცნა არ ჰგავდა პირველ ორს. პირველში ჯერ კიდევ ორი ადამიანი ამოწმებდა, სად მთავრდებოდა თამაში და სად იწყებოდა სინამდვილე. მეორეში ენმა არჩევანი გააკეთა. ამ კოცნაში კი არჩევანი უკვე გაკეთებული იყო. აქ აღარავის არაფერი უნდა დაემტკიცებინა.
გიორგის ხელი უფრო მჭიდროდ შემოეხვია წელზე. ენმა თითები მის თმაში შეუცურა და კედელს ზურგით მიეყრდნო. სველი მიწის სიცივე ფეხებიდან ამოდიოდა. გიორგის სხეულის სითბო მეორე მხრიდან. და სადღაც ამ ორ ტემპერატურას შორის ენი საკუთარ თავს გრძნობდა. არა როგორც ქალს, რომელსაც რაღაც გადახდა. არა როგორც ქალს, რომელმაც რაღაც გადაიტანა. არც როგორც ქალს, რომელიც ძლიერი უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ქალს. ცოცხალს. მოსურნეს. ბედნიერს. საოცარი იყო, რამდენად დიდი გზა შეიძლებოდა გაევლო ადამიანს იმისთვის, რომ ბოლოს მხოლოდ საკუთარ სხეულში დაბრუნებულიყო. გიორგი წამით მოშორდა. მათი შუბლები ერთმანეთს ეხებოდა. ორივეს სუნთქვა ისევ არეული ჰქონდა. ენი თვალებს არ ახელდა. მერე გაახილა. გიორგის შეხედა. და გაეცინა. თავიდან ჩუმად. შემდეგ უფრო ხმამაღლა. გიორგიმ დაბნეულმა შეხედა.
- რა? - ენი ცდილობდა გაჩერებას. ვერ შეძლო. - რა გაცინებს? - ენმა მის სახეზე მიუთითა.
- საშინლად გამოიყურები. - გიორგი რამდენიმე წამი უყურებდა.
- სერიოზულად? - ენი უკვე სიცილისგან თვალებს იწმენდდა.
- ძალიან. - გიორგიმ თავი გააქნია.
- შენ საკუთარი თავი არ გინახავს. - ენის სიცილი შეწყდა.
- რას ნიშნავს? - გიორგის სახეზე ნელა გაჩნდა ღიმილი.
- არაფერს.
- გიორგი.
- ულამაზესი ხარ. - ენი ეჭვით უყურებდა.
- მატყუებ.
- ამჯერად განსაკუთრებით. - ენმა ხელი მის მაისურზე გაიწმინდა.
- საზიზღარი ხარ.
- და მაინც მაკოცე.
- საღებავს გწმენდდი.
- დაახლოებით სამი წუთი?
- რთული ლაქა იყო. - გიორგის გაეცინა. და ენმაც ვეღარ შეიკავა თავი. კედელს ორივე ისევ ეყრდნობოდა. საღებავით მოთხვრილები. ტალახიანები. ქოშინით. სრულიად არასერიოზულები. და ალბათ სწორედ ამაში იყო რაღაც ძალიან სერიოზული. ადამიანს შეიძლება წლები დასჭირდეს იმის სწავლაში, როგორ გადარჩეს. როგორ არ იტიროს.
როგორ არ ენდოს. წინასწარ რპგორ დაინახოს საფრთხე. როგორ დაიცვას თავი. მაგრამ მერე შეიძლება მოვიდეს საღამო, როცა საერთოდ არაფრის სწავლა აღარ გჭირდება. მხოლოდ დავიწყება. რამდენიმე საათით მაინც. დავიწყება, რომ ოდესღაც ფრთხილად უნდა გევლო. რომ ვიღაცის ხმის ტონი უნდა გაგეშიფრა. რომ ოთახში შესვლისას კარის ადგილმდებარეობა უნდა დაგემახსოვრებინა. და უცებ აღმოჩნდე ღამის ცივ ჰაერში, სახეზე საღებავით, ფეხსაცმელზე ტალახით, იმ კაცის ხელებში, ვისგანაც გაქცევა მხოლოდ იმიტომ გჭირდება, რომ ბოლოს მაინც დაგიჭიროს. სხეულს კარგი მეხსიერება აქვს. ამიტომ ინახავს ტკივილს ასე დიდხანს. მაგრამ იქნებ სწორედ ამიტომ ღირს მისთვის ახალი მოგონებების მიცემაც. სხვა გულისცემის. სხვა სუნთქვის. სხვა შეხების. სხვა მიზეზის, რატომ შეიძლება კანკალებდე. და სხვა მიზეზის რატომ შეიძლება საერთოდ აღარ გინდოდეს გაქცევა.
რამდენიმე წამი ასე იდგნენ. ერთმანეთის სუნთქვაში ჯერ კიდევ დარჩენილ სიცილს უსმენდნენ, თითქოს ღამესაც მათთან ერთად დაეკარგა სერიოზულობა. სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.
- იცი რა? - ენმა თავი ოდნავ ასწია.
- რა? - გიორგის გაეღიმა. მაგრამ ამ ღიმილში უკვე აღარაფერი იყო ბავშვური.
- არ მეყო. ენს პასუხის გაცემა არ დასცალდა. გიორგიმ წელზე შემოხვეული ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია, ერთი სწრაფი, თითქმის ინსტინქტური მოძრაობით მიწას მოსწყვიტა და ხელში აიყვანა. ენს გაკვირვებისგან სუნთქვა შეეკრა, მერე კი სიცილით შემოაჭდო ხელები კისერზე. გიორგიმ წელზე შემოისვა. და ენმაც ფეხები შემოხვია, თითები მის თმაში შეაცურა. წამით ერთმანეთს შეხედეს, იმდენად ახლოდან, რომ თვალებში ღამის მთელი სიბნელე და ერთმანეთის სურვილის მთელი სინათლე ერთდროულად დაინახეს. შემდეგ გიორგი ისევ მის ტუჩებს დაეწაფა. ამჯერად კოცნა აღარ ჰგავდა ფრთხილად გაღებულ კარს. უფრო ქარიშხალი იყო, რომელიც დიდხანს იკავებდა თავს და ბოლოს ყველა ფანჯარა ერთდროულად შეაღო. ხარბად კოცნიდა. თითქოს ყოველი შეხება კიდევ ერთს ითხოვდა, ყოველი ამოსუნთქვა კი მხოლოდ მოკლე შესვენება იყო იმ სურვილში, რომელსაც დასრულება არ უნდოდა. ენის თითები მის თმაში დაიკარგა. ზურგს უკან ცივი ბეტონი იგრძნო, წინ გიორგის სხეულის სითბო. ამ ორ უკიდურესობას შორის თითქოს ღამე გაჩერდა. აღარ ისმოდა ქარი, აღარ იგრძნობოდა სველი მიწის სიცივე. მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა რჩებოდა, ტუჩებზე შერეული ღიმილი და ის თავბრუდამხვევი სიახლოვე, რომელსაც სიტყვები მხოლოდ დააპატარავებდა. გიორგი წამით მოშორდა, შუბლი მის შუბლს მიაყრნო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ენს გაეღიმა.
- ახლა? - გიორგიმ თვალები გაახილა.
- უარესად. - და ენმა თვითონ აკოცა. იმ ღამეს პირველად აღარავინ ცდილობდა ვნების მოთოკვას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ლამაზი და მოწესრიგებული დარჩენილიყო. სიყვარული ყოველთვის ნაზი არ არის. ზოგჯერ მოუთმენელია, თავხედი, სუნთქვაარეული. ზოგჯერ ისე გიახლოვდება, თითქოს მთელი დაკარგული დრო ერთ წამში უნდა აინაზღაუროს. და ენს სწორედ ეს აგიჟებდა, გიორგის ხელებში მოქცეულს არსად უნდოდა წასვლა. მიწას რამდენიმე წუთის წინ მოსწყდა, მაგრამ პირველად დიდი ხნის შემდეგ აღარ ჰქონდა შეგრძნება, რომ საყრდენს კარგავდა.


ღამის თერთმეთ საათს გადასცდენოდა. თბილისს წვიმა გადაევლო და ახლა ფანჯრებზე მხოლოდ მისი ნარჩენები ცხოვრობდნენ, წვრილი, გამჭვირვალე წვეთები, რომლებიც მინას ნელა მიუყვებოდნენ, თითქოს სადღაც ძალიან აგვიანდებოდათ, მაგრამ სიჩქარისთვის საკმარისი მიზეზი არ ჰქონდათ. ქალაქი თანდათან მშვიდდებოდა. სახლების ფანჯრებში სინათლეები ქრებოდა. ქუჩებში მანქანები იშვიათდებოდა. სადღაც შორს ძაღლი ყეფდა, კიდევ უფრო შორს კი ღამის ავტობუსი მიათრევდა დაღლილ სხეულს თითქმის ცარიელ ქუჩაზე. ამ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ღამეს ორი ადამიანი საკუთარ სახლებში ბრუნდებოდა. ორივეს ტანსაცმელზე საღებავი ჰქონდა. ორივეს თმაში - ქარი. და ორივეს სახეზე ის სულელური, დაუმორჩილებელი ღიმილი, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ჩვეულებრივ სარკის წინ მალავენ. საინტერესოა, რა ასაკში ვიწყებთ ბედნიერების დამალვას? ალბათ მაშინ, როცა პირველად გვრცხვენია, რომ ვინმემ ზედმეტად ბედნიერი დაგვინახოს. იმ ღამეს კი ენიც და გიორგიც იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამორჩათ. სახლში მათ ელოდნენ.
და ეს მოლოდინი სიყვარულთან არაფერ შუაში იყო. ეს გამოძიება გახლდათ. ენი ბინაში თითქმის ფეხაკრეფით შევიდა. კარი ფრთხილად მიიხურა და წამით მის ცივ ზედაპირს ზურგით მიეყრდნო. სიჩუმე. ისეთი შინაური, ნაცნობი სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ მაშინ აფასებ, როცა მთელი დღე ვიღაცის ხმა, ვიღაცის მოთხოვნა, ტელეფონის ზარი, ბავშვების სიცილი და საკუთარი ფიქრები ერთმანეთში გერევა. ბინაში თბილოდა.
მისაღების ფარდებს შორის ღამის თბილისი ჩანდა. ქუჩის სველი განათებები შორიდან მოციმციმე მძივებს ჰგავდა. სამზარეულოდან ყავის აპარატის პატარა მწვანე ნათურა ანათებდა. ენი ფეხსაცმლის გახდას შეუდგა. მარჯვენა ფეხსაცმელი უპრობლემოდ გაიხადა. მარცხენა კი ტალახისგან ისე გამაგრებულიყო, თითქოს მიწას მასთან განშორება არ სურდა. ჩუმად შეიკურთხა. მერე გაეღიმა. გიორგის სახე გაახსენდა. ლურჯი საღებავით მოთხვრილი ყბა. სიცილისგან მოჭუტული თვალები. მისი ხელები, რომლებსაც საკუთარი წელის სითბო თითქოს ჯერ კიდევ შერჩენოდა. მეხსიერება უცნაური მხატვარია. ზოგჯერ მთელ საღამოს ერთ ფერში ტოვებს. ზოგჯერ კი ერთი შეხების გასახსენებლად ათასობით უმნიშვნელო დეტალს ინახავს. ენმა თმაში ხელი შეიცურა. თითებზე რაღაც გამხმარი მოხვდა. ლურჯი საღებავი.
- ღმერთო ჩემო... - ჩაილაპარაკა სიცილით. ერთი სული ჰქონდა აბაზანამდე მიეღწია.
ცხელი წყალი უნდოდა. ისეთი ცხელი, რომ კუნთებში ჩარჩენილი სიცივე გაედნო, თმიდან საღებავი ჩამოერეცხა და დღის ყველა შეგრძნება ორთქლში გაეხვია. მაგრამ ჯერ ორი მძინარე გოგონა უნდა შეემოწმებინა. პატარა, როგორც წესი, საბანს ძილში ისე იშორებდა, თითქოს მასთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. უფროსს კი ხშირად წიგნი რჩებოდა მკერდზე. ენი დერეფნისკენ შეტრიალდა. და გაჩერდა. მისაღებში სინათლე აინთო. სავარძელზე მისი თორმეტი წლის ქალიშვილი იჯდა. ფეხები ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა. მუხლებზე პლედი ეფარა. გვერდით წყლით სავსე ჭიქა ედგა, ხელში კი წიგნი ეჭირა, რომელიც, სავარაუდოდ, მთელი საღამოს განმავლობაში ერთი გვერდითაც არ გადაუშლია. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც ენს საკუთარი დედისგან ახსოვდა. სწორედ ის გამომეტყველება. რომელიც არც ყვირილს საჭიროებდა, არც საყვედურს. მხოლოდ ერთ კითხვას.
- სად იყავი, დედა? -ენი კარის სახელურს ისევ ჩაეჭიდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ საკუთარ სახლში შესვლისას შეიძლებოდა ვინმესთვის ახსნა-განმარტება ჩაებარებინა.
- შენ რატომ არ გძინავს? - გოგონამ წიგნი მშვიდად დახურა.
- მე პირველი გკითხე. - ენი რამდენიმე წამი უყურებდა. მერე გაეცინა.
- უკაცრავად?
- სად იყავი?
- გარეთ.
- მაგაცლს მეც მივხვდი. - მის ხმაში ისეთი მოთმინება ისმოდა, როგორიც უფროსებს აქვთ, როცა ბავშვი აშკარა სისულელეს ეუბნება. ენი სავარძლისკენ წავიდა.
- საყვარელო, ხვალ სკოლა გაქვს.
- ვიცი.
- უკვე გვიანია.
- ეგეც ვიცი.
- მაშინ?
- შენ სად იყავი? - ენი გაჩერდა. ამჯერად მართლა გაჩერდა. საკუთარ ქალიშვილს შეხედა და უცებ რაღაც ძალიან უსამართლო აღმოაჩინა: ბავშვებს მშობლებისგან არა მხოლოდ თვალების ფერი, ხასიათი და ცუდი ჩვევები გადაეცემათ. ზოგჯერ მათი ყველაზე გამაღიზიანებელი ინტონაციაც. გოგონამ დედა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
და სწორედ მაშინ შენიშნა. ჯინსზე გამხმარი ტალახი. მაისურზე წითელი და ლურჯი ლაქები. თმაში ჩარჩენილი რაღაც გაურკვეველი. ლოყაზე ყვითელი საღებავის პატარა კვალი. წარბები ნელა ასწია. - დედა... - ენი უკვე ხვდებოდა, რომ ეს საუბარი აბაზანამდე მისვლას საგრძნობლად დააგვიანებდა.
- ჰო?
- შენ რა გჭირს?
- არაფერი.
- მაშინ რატომ გამოიყურები ისე, თითქოს ვიღაცამ კედელი შეგაღებინა? - ენის ტუჩები აუთამაშდა.
- დაახლოებით ეგ მოხდა. - გოგონამ თავი გვერდზე გადახარა.
- დაახლოებით?
- ვხატავდი.
- ღამის თერთმეტ საათზე?
- ხელოვნებას საათი არ აქვს.
- და აბაზანა არ გაქვთ იმ ხელოვნებაში? - ენმა სიცილი ძლივს შეიკავა. სავარძელზე ჩამოჯდა, მაგრამ ქალიშვილმა მაშინვე გვერდზე გაიწია. - არა, არა! სავარძელი არ დასვარო! ენმა გაოგნებულმა შეხედა.
- ეს ჩემი სავარძელია.
- და მერე ვინ გაწმენდს?
- შენ ჩემი შვილი ხარ თუ დედაჩემი? - გოგონამ პასუხის ნაცვლად ხელი გაუწოდა.
- ტელეფონი მაჩვენე.
- რა?!
- არაფერი, უბრალოდ.
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- რატომ ნერვიულობ?
- იმიტომ, რომ საკუთარი შვილი დაკითხვას მიწყობს! - გოგონას გაეღიმა. ისე ოდნავ, რომ ენს მაშინვე ეჭვი გაუჩნდა, ეს ბავშვი რაღაცას გეგმავდა. სინამდვილეში გეგმავდა კიდეც.
და თანაც საკმაოდ კარგად.
- მარტო იყავი? - ენი წამით გაჩუმდა.
სწორედ ეს წამი აღმოჩნდა საბედისწერო.
გოგონამ შენიშნა. თვალებში პატარა გამარჯვებამ გაუელვა.
- ა-ჰა.
- რა ა-ჰა?
- არაფერი.
- არ მიყვარს ეგ შენი „არაფერი“.
- მეც არ მიყვარს შენი „გარეთ ვიყავი“. - ენს უნებურად გაეცინა. შემდეგ ქალიშვილს შეხედა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. იმ ასაკში, როცა სამყარო ერთდროულად ძალიან გასაგებიც გეჩვენება და ძალიან საიდუმლოც. როცა გგონია, რომ უფროსების ყველა ტყუილს ხვდები, მაგრამ ჯერ არ იცი, რამდენი რამ შეიძლება დაიმალოს უბრალო ღიმილში. ენი მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
- წავედი, დავიბან. შენ კი დაიძინე, გამომძიებელო. -გოგონამ ცხვირი შეჭმუხნა.
- საღებავის სუნი გაქვს.
- მადლობა, საყვარელო.
- და ვიღაცის სუნამოსიც. - ენი კარისკენ მიმავალი შეჩერდა. ნელა შემოტრიალდა.
გოგონა უკვე ღიმილს მალავდა. - ღამე მშვიდობისა, დედა. ენი რამდენიმე წამი უყურებდა. შემდეგ თავი გააქნია და აბაზანისკენ წავიდა. კარი რომ მიიხურა, გოგონამ წიგნი გვერდზე გადადო. ტელეფონი აიღო. ეკრანზე უკვე გახსნილი ჰქონდა საუკეთესო მეგობრის ჩატი. მაგრამ ჯერ არაფერი მიუწერია.
მტკიცებულებას ელოდებოდა.

გიორგის გაცილებით რთული მდგომარეობა ჰქონდა. ამის მიზეზი მარტივი იყო. ენმა სახლში შესვლისას მაინც მოასწრო ფეხსაცმლის გახდა. გიორგიმ ვერა. კარი გააღო თუ არა, დერეფანში სინათლე აინთო. მისი ქალიშვილი პირდაპირ მის წინ იდგა.
ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა. თმა მხრებზე ჩამოშლოდა. ფეხზე ფუმფულა ჩუსტები ეცვა. და ისეთი სახით უყურებდა, თითქოს მთელი საღამო სწორედ ამ მომენტისთვის ემზადებოდა. გიორგიმ კარის დაკეტვა მოასწრო.
- შენ რატომ არ გძინავს?
- შენ რატომ მოხვედი ასე გვიან? - გიორგიმ საათს დახედა.
- ჯერ თორმეტიც არ არის.
- ძალიან დამაჯერებელი არგუმენტია. - გიორგიმ გაიღიმა.
- დედაჩემივით ნუ მელაპარაკები.
- მაშინ ბავშვივით ნუ იქცევი. - ეს უკვე დარტყმა იყო. ზუსტად მიზანში. გიორგიმ თავი დახარა, რომ სიცილი დაემალა. და სწორედ ამ დროს გოგონამ მისი ტანსაცმელი დაინახა. ჯერ მაისური. შემდეგ შარვალი. შემდეგ ფეხსაცმელი. ბოლოს სახე. დიდხანს უყურებდა.
ძალიან დიდხანს. - მამა...
- ჰო?
- რა მოხდა?
- არაფერი.
- ვინმეს ეჩხუბე?
- არა!
- მაშინ რატომ გაქვს სახეზე ლურჯი? - გიორგიმ ლოყაზე ხელი მოისვა. ცუდი გადაწყვეტილება იყო. თითებზე საღებავი დარჩა. გოგონამ თვალები დააწვრილა. - და ყვითელი. - გიორგიმ საკუთარ ხელს დახედა.
- ჰო, ესეც.
- და წითელი.
- ფერების გარჩევა მშვენივრად გცოდნია.
- მამა! - გიორგიმ სიცილი ვეღარ შეიკავა. გოგონა კი არ იცინოდა. ან, უფრო სწორად, ცდილობდა არ გაეცინა. რადგან გამოძიების ამ ეტაპზე ზედმეტი მეგობრულობა პროფესიონალიზმს დააზიანებდა. - სად იყავი?
- ვხატავდი. - გოგონა გაშეშდა.
- რას აკეთებდი?
- ვხატავდი.
- შენ?
- ჰო.
- მამა, შენ ადამიანს ისე ვერ ხატავ, რომ თავი და ფეხები ერთმანეთისგან გაარჩიო.
- აბსტრაქტული ხელოვნებაა. - გოგონამ თვალები აატრიალა.
- ღმერთო ჩემო... - გიორგიმ ქურთუკი გაიხადა.
- ახლა შეგიძლია დაიძინო?
- ვისთან ერთად ხატავდი? - ქურთუკი ხელში შეეყინა. ძალიან მოკლე წამით. მაგრამ ზოგჯერ ბავშვებს წამები იმაზე უკეთ ესმით, ვიდრე უფროსებს წლები.
- მეგობართან.
- რომელ მეგობართან?
- შენ ყველას იცნობ?
- შეიძლება. - გიორგიმ ქალიშვილს შეხედა. და უცებ გაახსენდა, როგორ იდგა თვითონ თორმეტი წლის ასაკში დედის წინ, როცა ფარულად ნაყიდი ფეხბურთის ბურთი სახლში შეჰქონდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არაფერი დაუშავებია. იმ დროს დედამისის მზერა სრულიად აუტანელი ეჩვენებოდა. ახლა კი საკუთარი შვილის სახეზე ზუსტად იგივე მზერა დაინახა. სამყარო საოცრად დახვეწილი შურისმაძიებელია.
- შენ რა, მიკონტროლებ? - გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- ვზრუნავ.
- რაზე?
- შენზე.
- რატომ?
- უცნაურად იქცევი ბოლო დროს. - გიორგიმ გაღიმება სცადა.
- როგორ?
- სულ იღიმი. - ეს სიტყვები ისეთი უბრალო იყო, რომ გიორგის წამით პასუხი არ აღმოაჩნდა. სულ იღიმი. ადამიანი ზოგჯერ ვერ ამჩნევს, როდის უბრუნდება სახეს დაკარგული გამომეტყველება. გარშემო მყოფები კი ამჩნევენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველაზე დიდხანს გიყურებდნენ მაშინ, როცა აღარ იღიმოდი. გიორგიმ ქალიშვილს შეხედა. მის თვალებში ჯერ კიდევ იყო ის ბავშვური სიფრთხილე, რომელსაც დედის დაკარგვის შემდეგ ადამიანები ძალიან ადრე სწავლობენ. მაგრამ ახლა იქ სხვა რამეც ჩანდა. ცნობისმოყვარეობა. მხიარული ეჭვი. და, იქნებ, სადღაც სიღრმეში პატარა სიხარულიც.
- ცუდია, რომ ვიღიმი? - ჰკითხა გიორგიმ რბილად. გოგონამ თავი გააქნია.
- არა. - მერე ოდნავ გაეღიმა.
- უბრალოდ მაინტერესებს, ვინ გაცინებს ასე. - გიორგიმ თვალი აარიდა. და სწორედ ამით გასცა პასუხი. გოგონამ ეს მაშინვე გაიგო.
- ა-ჰა!
- რა ა-ჰა?
- არაფერი.
- თქვენ ბავშვებს ეს „არაფერი“ ვინ გასწავლათ? - ოგონამ თავი ოდნავ გადახარა.
- ალბათ მშობლებმა. - გიორგიმ სიცილით ამოიოხრა.
- წადი, დაიძინე.
- ერთი კითხვა.
- ბოლო.
- შეყვარებული ხარ? - სიტყვა დერეფანში ისე მოულოდნელად გაისმა, თითქოს ვიღაცამ შუქი პირდაპირ გიორგის გულში აანთო. გიორგიმ ქალიშვილს შეხედა.
შეეძლო ეხუმრა. შეეძლო თავი აერიდებინა. შეეძლო ეთქვა, რომ ჯერ პატარა იყო ასეთი კითხვებისთვის. მაგრამ იმ წამს უცნაურად არ მოუნდა ტყუილი.
- რატომ მეკითხები? - გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- ისე. - გიორგიმ მისკენ ნაბიჯი გადადგა და თმაზე ხელი გადაუსვა.
- თუ ოდესმე რამე მნიშვნელოვანი იქნება სათქმელი, პირველი შენ გაიგებ. - გოგონამ თვალები მოჭუტა.
- ეს პასუხი არ არის.
- ვიცი.
- ძალიან ცუდი პასუხია.
- მეც ვიცი. - გოგონამ ამოიოხრა.
- კარგი. ღამე მშვიდობისა. - გიორგიმ შუბლზე აკოცა.
- ღამე მშვიდობისა, ჩემო გამომძიებელო.
გოგონა ოთახისკენ წავიდა. კართან გაჩერდა. მოიხედა. - მამა?
- ჰო?
- შემდეგში, როცა ხატვას გადაწყვეტ, სახე მაინც დაიბანე, სანამ სახლში მოხვალ. -
გიორგიმ თავი გააქნია. გოგონა ოთახში შევიდა. კარი მიიხურა. და რამდენიმე წამში იქიდან სიცილის ჩახშობილი ხმა გაისმა.

მტკიცებულებები
ღამის თერთმეტის ორმოცდაშვიდი წუთი. თბილისის ორ სხვადასხვა ბინაში, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ორი თორმეტი წლის გოგონა საწოლში იწვა. ორივეს საბანი ნიკაპამდე აეწია. ორივეს ოთახში სინათლე ჩამქრალიყო. ორივეს ტელეფონის ეკრანი სახეს ლურჯად უნათებდათ. და ორივეს ჰქონდა ის განსაკუთრებული განცდა, რომელიც ბავშვებს მაშინ ეუფლებათ, როცა უფროსების სამყაროს ერთ პატარა საიდუმლოს მიაგნებენ. პირველმა შეტყობინებამ სიჩუმე გაჭრა.
ენის ქალიშვილი:
„დედაჩემი მოვიდა.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამაჩემიც.“
რამდენიმე წამი.
ენის ქალიშვილი:
„საღებავებით იყო მოთხვრილი.“
მეორე ბინაში გოგონა საწოლში წამოჯდა.
გიორგის ქალიშვილი:
„რაააა?!“
ენის ქალიშვილი:
„ტანსაცმელზე. თმაში. სახეზეც.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამაჩემიც!!!“
პაუზა.
ისეთი პაუზა, რომლის დროსაც ორი ბავშვური გონება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის.
ენის ქალიშვილი:
„მითხრა, ვხატავდიო.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამამაც.“
სამი წერტილი გამოჩნდა.
გაქრა.
ისევ გამოჩნდა.
ენის ქალიშვილი:
„შენი მამა ხატავს საერთოდ?“
გიორგის ქალიშვილი:
„არა. ერთხელ ცხენი დახატა და ძაღლი მეგონა.“ ენის ქალიშვილს სიცილი აუტყდა. ბალიშში ჩარგო სახე, რომ ხმა ოთახიდან არ გასულიყო. შემდეგ ისევ აკრიფა.
ენის ქალიშვილი:
„დედაჩემი სულ იღიმოდა.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამაჩემიც.“
კიდევ ერთი პაუზა.
ამჯერად უფრო გრძელი.
ენის ქალიშვილი:
„შენი აზრით...“
გიორგის ქალიშვილი:
„ჰო.“
ენის ქალიშვილი:
„ჯერ არაფერი მითქვამს.“
გიორგის ქალიშვილი:
„ვიცი, რასაც იტყვი.“
და მერე ეკრანზე თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ორი შეტყობინება.
ენის ქალიშვილი:
„ერთად იყვნენ.“
გიორგის ქალიშვილი:
„ერთად იყვნენ!!!“ ორივე გოგონამ გამარჯვებულივით გაიღიმა. მაგრამ საქმე ჯერ ბოლომდე გახსნილი არ იყო.
ენის ქალიშვილი:
„და ახლა რა ვქნათ?“
გიორგის ქალიშვილი:
„ჯერ არაფერი.“
ენის ქალიშვილი:
„რატომ?“
გიორგის ქალიშვილი:
„იმიტომ, რომ გვგონია, ვერაფერს ვხვდებით.“
ენის ქალიშვილი:
„და?“
გიორგის ქალიშვილი:
„მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ დამალვას.“
პირველ გოგონას გაეცინა.
შემდეგ ტელეფონი უფრო ახლოს მიიტანა.
ენის ქალიშვილი:
„ანუ ვაგრძელებთ?“
პასუხი დაუყოვნებლივ მოვიდა.
გიორგის ქალიშვილი:
„რა თქმა უნდა.“
და ბოლოს, თითქოს ერთობლივი საიდუმლო ოპერაციის ოფიციალურ დასასრულს აწერდნენ ხელს, ეკრანზე გამოჩნდა:
„გამოვიჭირეთ.

იმ ღამეს ენი ცხელი წყლის ქვეშ იდგა და თმიდან ლურჯ საღებავს ირეცხავდა.
გიორგი საკუთარ აბაზანაში სარკეს უყურებდა და ლოყაზე შერჩენილი ყვითელი ლაქის მოშორებას ცდილობდა. ორივეს ჯერ კიდევ ეღიმებოდა. ორივეს ეგონა, რომ საღამოს საიდუმლო მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ. და ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რომ მათი სიყვარულის ისტორიაში უკვე ორი ახალი პერსონაჟი ჩაერთო. ორი პატარა, საოცრად ცნობისმოყვარე გამომძიებელი. რომლებსაც არც მოწმე სჭირდებოდათ. არც აღიარება. მხოლოდ საღებავის ორი ლაქა და მშობლების ორი სულელური ღიმილი.
ზრდასრულებმა იმ ღამეს წესები დაარღვიეს და ბავშვებმა ამაში გამოიჭირეს…

9
შემოდგომას ერთი უცნაური თვისება აქვს, შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივი დღე ისე დაამძიმოს, თითქოს ცას რაღაც სათქმელი დაუგროვდა და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, წვიმად ჩამოღვაროს თუ ღრუბლებში შეინახოს. თბილისი იმ საღამოს სწორედ ასეთი იყო. ნაცრისფერი, ნოტიო, ოდნავ დაღლილი. ტროტუარებზე ჩამოცვენილი ფოთლები წინა ღამის წვიმას დაესველებინა. მანქანები სველ საფარზე უხმაუროდ მისრიალებდნენ, შენობების ფანჯრებში კი სინათლეები ჩვეულებრივზე ადრე ინთებოდა. ქალაქს თითქოს სციოდა და ცდილობდა, საკუთარი თავი შიგნიდან გაეთბო. ენი პატარა ბარში იჯდა, ფანჯარასთან. ყავა დიდი ხნის წინ მოეტანათ. ფინჯანს ორთქლი აღარ ასდიოდა. ენმა ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა მესამედ მოურია კოვზით სასმელს, რომელშიც შაქარი საერთოდ არ ჩაეყარა. ზოგჯერ ადამიანს ხელები უფრო ადრე გასცემენ, ვიდრე სიტყვები.
მისი თითები გამუდმებით რაღაცას ეძებდნენ, ხან ფინჯნის სახელურს, ხან ტელეფონს, ხან ჩანთის საკეტს. თითქოს სხეულს მოძრაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ გონებაში გამეფებული ხმაური როგორმე დაეფარა. წინა ღამის შემდეგ საკუთარ ქალიშვილზე ფიქრს ვერ წყვეტდა. არა იმიტომ, რომ რამე ცუდი მომხდარიყო. სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური. არაფერი მომხდარა. მისი თორმეტი წლის გოგონა უბრალოდ სავარძელზე იჯდა, დედას ელოდებოდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. ჩვეულებრივი კითხვები. სად იყავი? ვისთან ერთად? რატომ გაქვს საღებავი სახეზე? მაგრამ ენს იმ მზერაში რაღაც ახალი დაენახა. თითქოს ბავშვმა, რომელიც აქამდე დედის ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი პატარა სამყაროს გაგრძელებად აღიქვამდა, პირველად შენიშნა, რომ ამ ქალს მისგან დამოუკიდებელი გულიც ჰქონდა. გული, რომელსაც შეეძლო სხვაგან წასვლა.
ვიღაცის მონატრება. ვიღაცის დანახვაზე აჩქარება. და იქნებ, ვიღაცის შეყვარებაც.
ეს აღმოჩენა თავისთავად არ იყო საშიში. საშიში ის იყო, რაც მას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ენი წლების განმავლობაში ცდილობდა, შვილებისთვის სამყარო იმდენად მყარი გაეხადა, რომ მათ ფეხქვეშ მიწა არასოდეს შერყეოდათ. ზოგჯერ ამისთვის საკუთარი დაღლილობის დამალვა უწევდა, ზოგჯერ ტკივილის, ზოგჯერ იმ კითხვებისაც, რომლებზეც თავად არ ჰქონდა პასუხი. დედობა მისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ სიყვარული. ეს იყო მუდმივი სიფხიზლეც. შუქის ანთება მანამდე, სანამ ბავშვს სიბნელის შეეშინდებოდა. კარის დახურვა მანამდე, სანამ ქარი შემოაღწევდა. და ახლა პირველად დაფიქრდა, შეიძლებოდა თუ არა იმავე სახლში ახალი ფანჯრის გაღება ისე, რომ ძველი კედლები არ დაზიანებულიყო. გიორგისთან ყველაფერი იმდენად ბუნებრივად დაიწყო, რომ შედეგებზე ფიქრისთვის დრო თითქმის არ დარჩენოდა. თავიდან იყო თამაში. მონეტის აგდება. უცნაური გზები. სიცილი. საღამოები, რომლებსაც გაგრძელება არ უნდა ჰქონოდათ და მაინც გრძელდებოდნენ. მერე კოცნა. მერე ის საოცარი სიმშვიდე, რომელსაც გიორგის მკერდზე მიყრდნობილი გრძნობდა. მერე საღებავებით მოთხვრილი ღამე, რომელმაც საკუთარი სხეული სრულიად სხვა თვალით დაანახა. და ახლა, როცა ყველაფერი თითქოს ყველაზე ლამაზ მომენტამდე მივიდა, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ბედნიერებასაც შეეძლო შიში მოეტანა. არა იმიტომ, რომ ცუდი იყო. იმიტომ, რომ ძვირფასი ხდებოდა. გიორგიმ რამდენიმე წუთით დააგვიანა.
ენი მის გამოჩენას ფანჯრიდან ხედავდა. მუქი პალტო ეცვა. ქუჩა გადმოკვეთა, ბარის კართან წამით შეჩერდა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და შიგნით შემოვიდა. არ ჩქარობდა. გიორგის საერთოდ ჰქონდა ეს თვისება, მაშინაც კი, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა, მოძრაობებში ზედმეტი არაფერი ნდებოდა. თითქოს იცოდა, რომ აჩქარებით დროს ვერ მოიგებდი, მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეს დაკარგავდი. ენი მისკენ შეტრიალდა. გიორგიმ ჯერ გაიღიმა. შემდეგ მისი სახე დაინახა. ღიმილი არ გამქრალა, მაგრამ შეიცვალა. დარბილდა. მიუახლოვდა, ლოყაზე მსუბუქად აკოცა და მოპირდაპირე სკამზე დაჯდა.
- დიდი ხანია მელოდები?
- არა. - გიორგიმ გაციებულ ყავას დახედა. არაფერი უთქვამს. მხოლოდ მიმტანს ანიშნა და ახალი ყავა შეუკვეთა. ეს პატარა ჟესტი ენს რატომღაც უფრო მეტად შეეხო, ვიდრე ნებისმიერი კითხვა შეეხებოდა. გიორგი არ ცდილობდა მისი განწყობის გამოცნობით საკუთარი ყურადღებიანობა დაემტკიცებინა. უბრალოდ ხედავდა. და ზოგჯერ დანახვა საკმარისია. ბარში ჩუმი მუსიკა უკრავდა. სადღაც უკან ჭურჭელი აწკრიალდა. ფანჯრის მიღმა ახალგაზრდა ქალი ქოლგას ებრძოდა, რომელსაც ქარი გამუდმებით უკუღმა აბრუნებდა. ენი ამ ყველაფერს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. - გუშინ ჩემი შვილი გაღვიძებული დამხვდა. - თქვა ბოლოს. გიორგიმ თავი ოდნავ დაუქნია.
- ჩემიც. - ენმა გაკვირვებით შეხედა.
- რა?
- მელოდებოდა.
- და? - გიორგიმ ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- მკითხა, სად ვიყავი. ვისთან ერთად. რატომ მქონდა საღებავი სახეზე. - ენმა თვალები დახუჭა.
- ღმერთო...
- ბოლოს ისიც მკითხა, შეყვარებული ხომ არ ხარო. - ენმა მაშინვე გაახილა თვალები. მის სახეზე ერთდროულად გაჩნდა გაოცება, უხერხულობა და რაღაც ისეთი, რასაც ჯერ სახელიც არ ჰქონდა.
- და შენ რა უთხარი?
- სიმართლე არ მითქვამს. - გიორგიმ ეს მშვიდად თქვა. ისე, თითქოს საკუთარი თავის გამართლება არც უფიქრია. - მაგრამ არც მომიტყუებია. ენმა ფანჯარას გახედა. წვიმის პირველი წვეთი მინას დაეცა. შემდეგ მეორე. სულ მალე ქალაქსა და ბარს შორის გამჭვირვალე, მოძრავი ფარდა გაჩნდა.
- ჩემი შვილიც რაღაცას ეჭვობს. - თქვა ენმა. - ისეთი სახით მიყურებდა... თითქოს თვითონ იყო დედა და მე თორმეტი წლის ბავშვი. - გიორგის ოდნავ გაეღიმა. მაგრამ ხუმრობა არ უცდია.
- ალბათ უკვე რაღაც იციან.
- რა იციან, გიორგი? ჩვენ თვითონაც არ ვიცით, რას ვაკეთებთ. - სიტყვები იმაზე მკვეთრად გამოუვიდა, ვიდრე უნდოდა. მაშინვე ინანა. გიორგის სახე არ შეცვლია.
- შენ მართლა ასე ფიქრობ? - ენი გაჩუმდა.
ფინჯნის კიდეს თითი ნელა შემოატარა. არა. ასე არ ფიქრობდა. ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. უბრალოდ პირველად შეეშინდა იმის ხმამაღლა თქმის, რაც აქამდე ასე ბუნებრივად გამოსდიოდა.
- არ ვიცი. - ჩაილაპარაკა ბოლოს. - შეიძლება უბრალოდ მეშინია.. -გარეთ წვიმა გაძლიერდა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იჯდა. და ამ სიჩუმეს არაფერი ჰქონდა საერთო იმ უხერხულ პაუზებთან, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთისგან გაქცევით ავსებენ. ეს იყო ადგილი, სადაც ფიქრს შეეძლო ბოლომდე ასპარეზზე გამოსვლა.
- იქნებ დროა, ენ? - გიორგის ხმა მშვიდი იყო. ენმა თავი ასწია.
- რისი დრო?
- დროა, ჩვენს შვილებს სიმართლე ვუთხრათ. ერთი სიტყვა. სიმართლე. ზოგჯერ სიტყვებს უცნაური ბედი აქვთ. ყოველდღიურ საუბარში ისე მარტივად ვიყენებთ, თითქოს მათი მნიშვნელობა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული იყოს. თითქოს სიმართლე მხოლოდ ფაქტის სწორად დასახელებაა, ტყუილის საპირისპირო, რაღაც ისეთი, რასაც იტყვი და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მაგრამ არსებობს სიმართლეები, რომელთა წარმოთქმაც გაცილებით რთულია, ვიდრე დამალვა. იმიტომ, რომ წარმოთქმის შემდეგ ისინი უკვე მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის. სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც იწყებენ არსებობას. ენი გიორგის უყურებდა.
- რა სიმართლე? - გიორგიმ პასუხი არ იჩქარა.
- ის, რაც ჩვენს შორის ხდება.
- და რა ხდება ჩვენს შორის? - კითხვა განზრახ არ დაუსვამს ასე. მაგრამ როგორც კი წარმოთქვა, მიხვდა, რომ პასუხის მოსმენა უნდოდა. არა იმიტომ, რომ არ იცოდა. იმიტომ, რომ ზოგჯერ ყველაზე აშკარა გრძნობასაც სჭირდება სხვისი ხმა, რათა საბოლოოდ დაიჯერო. გიორგიმ მის მზერას გაუძლო.
- შენ როგორ დაარქმევდი? - ენი სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- აი, სწორედ ესაა პრობლემა. - საკუთარი სიტყვების სიმძიმე თვითონაც იგრძნო. - თუ ვეტყვით, რომ ერთმანეთს ვხვდებით, ეს რას ნიშნავს? რომ ხანდახან ერთად დავდივართ სადღაც? რომ ერთმანეთს ვკოცნით? რომ გვიყვარს ერთმანეთის გვერდით ყოფნა? - შეჩერდა.
- და თუ ვეტყვით, რომ შეყვარებულები ვართ... - წინადადება დაუსრულებელი დარჩა. სიტყვა ჰაერში ჩამოეკიდა. რამდენად მსუბუქად ჟღერდა ოდესღაც. თითქოს მხოლოდ ორი ადამიანის საქმე იყო. ორი გული. ორი სურვილი. ორი ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ ახლა ამ სიტყვას სხვა ადამიანების სახელებიც მოჰყვებოდა.
გიორგის ქალიშვილი. ენის უფროსი გოგონა. მისი პატარა, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ დედის ხელებს ყველა პრობლემის მოგვარება შეეძლო. და იმ უხილავი ადამიანების მოგონებებიც, რომლებიც მათ ცხოვრებაში აღარ იყვნენ, მაგრამ იქ დატოვებული ადგილი ჯერ კიდევ ჰქონდათ. გიორგის გარდაცვლილი მეუღლე. ენის წარსული, რომელიც ზოგჯერ კარზე დაუპატიჟებლად აკაკუნებდა. რამდენი ადამიანი შეიძლებოდა მდგარიყო ორი შეყვარებულის უკან, მაშინაც კი, როცა მაგიდასთან მხოლოდ ორნი ისხდნენ? - შენთვის ეს სიმართლე არ არის? - ჰკითხა გიორგიმ. ენი გაშეშდა. გარეთ მანქანამ ჩაიარა და სველი გზის საფარიდან წყალი ტროტუარზე გადაიღვარა. ვიღაცამ ბარის კარი გააღო. ცივი ჰაერი შემოვიდა. ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. მხოლოდ ენს მოეჩვენა, რომ დრო წამით გაჩერდა. შენთვის ეს სიმართლე არ არის? კითხვაში საყვედური არ ყოფილა. არც მოთხოვნა. გიორგი არ სთხოვდა აღიარებას. უბრალოდ იმ სიტყვას უყურებდა, რომლის გარშემოც ორივე ამდენი ხანი დადიოდა. ენი მიხვდა, რომ სწორედ ეს აშინებდა. არა იმის თქმა, რომ გიორგი მოსწონდა. არა იმის აღიარება, რომ მასთან ბედნიერი იყო. არამედ იმ სიტყვის წარმოთქმა, რომელსაც ერთხელ უკვე ძალიან ბევრი რამ შეეწირა. სიყვარული. რა საოცრად უსამართლო სიტყვაა ზოგჯერ. შეუძლია ერთ ადამიანს თავისუფლება აგრძნობინოს, მეორეს კი საკუთარი თავის დაკარგვა გაახსენოს. შეუძლია იყოს სახლი. და შეუძლია იყოს კარი, რომლის გასაღებიც სხვას უჭირავს. ენმა დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ სიყვარულის სახელით ადამიანებს ზოგჯერ ყველაზე უსიყვარულო რამეების ჩადენა შეუძლიათ. მის ცხოვრებაში ყოფილა დღეები, როცა ვიღაცის განწყობა საკუთარი უსაფრთხოების საზომად ქცეულა. ყოფილა საღამოები, როცა სიჩუმეს ხმაურზე მეტად უფრთხოდა. და ყოფილა დილები, როცა სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და ცდილობდა გაეხსენებინა, სად გაქრა ქალი, რომელსაც ოდესღაც საკუთარი სურვილების ხმამაღლა თქმა შეეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ სიყვარული მისთვის უბრალო გრძნობა აღარ იყო. ეს იყო რისკიც. გაბედვაც. საკუთარი თავისთვის ხელახლა მიცემული ნებართვა. მაგრამ ახლა მარტო საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდა.
- გიორგი. - თქვა ჩუმად. - მე ჩემს შვილებს ერთხელ უკვე ვაჩვენე, როგორი არ უნდა იყოს სიყვარული. - გიორგის სახე ოდნავ დაეძაბა. არაფერი უთქვამს. - არ მინდა, კიდევ ერთხელ დავაყენო ისინი რაღაცის წინაშე, რასაც მერე თვითონ ვერ გავუმკლავდები. - მის ხმაში ცრემლი არ ყოფილა. არც თავის შეცოდება. იყო მხოლოდ ის დაღლილი გულწრფელობა, რომელიც ადამიანში მაშინ ჩნდება, როცა საკუთარ შიშს ბოლოს და ბოლოს სწორ სახელს არქმევს. - არ მინდა, ჩემს უფროს გოგონას კიდევ ერთხელ მოუწიოს იმის გამოცნობა, ბედნიერია თუ არა დედამისი. არ მინდა, ვინმეს მიეჩვიოს და მერე... - შეჩერდა. ბოლო სიტყვა აღარ უთქვამს. დაკარგოს. მაგრამ გიორგიმ გაიგო. გიორგის თავისი ქალიშვილი გაახსენდა. ის ღამე, როცა პირველად მიხვდა, რომ ბავშვს დედის არყოფნა უკვე არა მხოლოდ ენატრებოდა, არამედ ესმოდა კიდეც. ბავშვები თავიდან დანაკარგს ხშირად კითხვებად აქცევენ. სად არის? როდის მოვა? რატომ არ შეიძლება დაბრუნდეს? მერე კითხვები იშვიათდება. და უფროსებს ჰგონიათ, რომ ტკივილიც შემცირდა. სინამდვილეში ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ სწავლობს, რომელ კითხვას აღარ აქვს პასუხი. გიორგის ქალიშვილიც ასე გაიზარდა. მისი სიცილი დაბრუნდა. სკოლა, მეგობრები, ყოველდღიური პატარა სიხარულები, დაბადების დღეები, გაკვეთილებზე წუწუნი. ცხოვრება გაგრძელდა. მაგრამ გიორგიმ იცოდა, რომ ბავშვის გულში ერთი ადგილი არსებობდა, რომელსაც ვერავინ დაიკავებდა. და არც უნდა დაეკავებინა.
მას არასოდეს უფიქრია, რომ ახალი სიყვარული ძველს შეცვლიდა. სიყვარული ნივთი არ არის, დაკარგულის ნაცვლად სხვა რომ შეიძინო. არც ცარიელი სკამია, რომელზეც აუცილებლად ვინმე უნდა დასვა. ადამიანებს გულში საკუთარი ადგილები აქვთ. ზოგი ადგილი ტკივილით რჩება სავსე. ზოგი მოგონებით. და ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელად, აღმოაჩენ, რომ იქ, სადაც ყველაფერი უკვე დასრულებული გეგონა, კიდევ ერთი ფანჯრის გაღება შეიძლება. გიორგიმ ენს შეხედა.
- გგონია, მე არ მეშინია? - ენმა თავი ასწია. მის ხმაში პირველად გაისმა რაღაც უფრო მძიმე. არა გაღიზიანება. სიმართლე. - ჩემს შვილს დედა ვერავინ დაუბრუნებს. ეს მე ვიცი. მანაც იცის. მაგრამ არ ვიცი, როგორ მიიღებს იმას, რომ მამამისს ვიღაც უყვარს. - ენი ჩუმად უსმენდა. - შეიძლება გაუხარდეს. შეიძლება ეწყინოს. შეიძლება ეგონოს, რომ რაღაცას ვივიწყებ. შეიძლება უბრალოდ დაიბნეს. და მე ვერ ვეტყვი, რომ რომელიმე ამ გრძნობის უფლება არ აქვს. გიორგიმ ფინჯანი ოდნავ გვერდზე გასწია. - უბრალოდ, არ მინდა, ერთ დღეს თვითონ აღმოაჩინოს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა და მე ვმალავდი. - ენი მის ხელებს უყურებდა. ძლიერ, მშვიდ ხელებს. იმავე ხელებს, რომლებმაც წინა ღამით სიცილით აიყვანეს, ტალახში წაქცევას გადაარჩინეს და რამდენიმე წუთით სრულიად დაავიწყეს, რამდენად რთული შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება. ახლა ეს ხელები უბრალოდ მაგიდაზე ეწყო. და მაინც, ამ სიმშვიდეში გაცილებით მეტი ძალა იგრძნობოდა.
- შენ როგორ ახერხებ? - ჰკითხა ენმა.
- რას?
- ასე მშვიდად ყოფნას. - გიორგიმ რამდენიმე წამი იფიქრა.
- მშვიდად არ ვარ, ენ. - ენი გაკვირვებით უყურებდა. - უბრალოდ, თუ ორივეს შეგვეშინდება და ორივე გავჩერდებით, ამით რა შეიცვლება? მერე დაამატა: - მე არ მინდა, ჩვენი შვილები გადაწყვეტილების წინაშე დავაყენოთ. მინდა, უბრალოდ სიმართლე იცოდნენ. დანარჩენს დრო მივცეთ. - ეს იყო განსხვავება. ენი მომავალს წინასწარ ხედავდა, ყველა შესაძლო ტკივილით, ყველა შეცდომით, ყველა დაკარგვის ალბათობით. გიორგი კი ცდილობდა, მომავლისგან მხოლოდ ის მოეთხოვა, რისი გაკეთებაც დღეს შეეძლოთ. არც ერთი არ იყო უფრო მართალი. უბრალოდ სხვადასხვა გზით იცავდნენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ.
- და თუ არ მიიღებენ? - იკითხა ენმა.
გიორგიმ მზერა არ მოარიდა.
- მაშინ არ მიიღებენ.
- ასე მარტივად?
- მარტივი არ იქნება.
- და მერე?
- მერე მათთან ვიქნებით. - ენი გაჩუმდა. - არ მოვთხოვთ, რომ გაუხარდეთ. - განაგრძო გიორგიმ. - არც იმას, რომ ყველაფერი მაშინვე გაიგონ. არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, როგორი კარგია ჩვენი ურთიერთობა. ეს ჩვენი საქმეა, ენ. მათ მხოლოდ უნდა იცოდნენ, რომ მათ ცხოვრებაში არაფერი იცვლება მათი თანხმობის გარეშე. - ენი ფიქრობდა.
- მაგრამ რაღაც ხომ შეიცვლება?
- შეიძლება. - გიორგიმ პასუხი არ გაალამაზა. - თუ ერთად ყოფნას გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან რაღაცები შეიცვლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ერთი ოჯახი უნდა გავხდეთ, ან ბავშვებს ერთმანეთის მიმართ ახალი როლები მოვუგონოთ. - ენის მზერა ფანჯარას გასცდა. მისი უფროსი ქალიშვილი და გიორგის გოგონა ისედაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ერთმანეთის სახლებში წლები დადიოდნენ. ერთმანეთის მშობლებს იცნობდნენ. ერთმანეთის სამზარეულოებში თავისუფლად იღებდნენ წყალს, იცოდნენ, სად იდო ჭიქები, რომელ კარადაში ინახებოდა ტკბილეული. მათი სამყაროები დიდი ხანია ერთმანეთს ეხებოდა. უბრალოდ აქამდე ეს შეხება ბავშვების მეგობრობას ეკუთვნოდა. ახლა კი უფროსების სიყვარულიც ჩნდებოდა იმავე სივრცეში. და ენს პირველად გაუჩნდა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ბავშვებს ეგრძნოთ, რომ მათი მეგობრობა რაღაც უფრო დიდი ისტორიის ნაწილად აქციეს, მათთან შეუთანხმებლად?
- იცი, ყველაზე მეტად რა მაშინებს? - თქვა ბოლოს. - რომ მათ შორის რამე შეიცვალოს. - გიორგიმ მაშინვე გაიგო ქალის ფიქრები.
- მეგობრობა? - ენმა თავი დაუქნია. - ისინი ჩვენამდე იყვნენ მეგობრები, გიორგი. ჩვენამდე ჰქონდათ თავიანთი სამყარო. არ მინდა, ჩვენი ურთიერთობის გამო ერთმანეთისთვის რაღაცის ახსნა უწევდეთ. - გიორგი დაფიქრდა.
- მაშინ სწორედ ეს უნდა ვუთხრათ. რომ მათ მეგობრობას ჩვენი ურთიერთობა არ განსაზღვრავს.
- და თუ ჩვენ შორის რამე არ გამოვიდა? - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა. ეს კითხვა უკვე მხოლოდ ბავშვებს აღარ ეხებოდა. ენი თავადაც მიხვდა. გიორგის შეეძლო ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რომ არასოდეს დაშორდებოდნენ. რომ არაფერს ატკენდა. რომ ყოველთვის მის გვერდით დარჩებოდა. სიყვარულის დასაწყისში ასეთი დაპირებები ადვილად მოდის. ზოგჯერ იმდენად ადვილად, რომ ადამიანებს ავიწყდებათ მომავალზე სრული ძალაუფლება არავის აქვს. გიორგიმ არც ერთი არ თქვა.
- არ ვიცი, ენ. - ენი მისკენ შეტრიალდა.
- არ იცი?
- არა. არ ვიცი, რა იქნება ათი წლის შემდეგ. ან ხუთის. ან ერთის. მაგრამ ვიცი, რომ დღეს შენთან მინდა ყოფნა. ვიცი, რომ ამას თამაშად არ ვუყურებ. და ვიცი, რომ თუ ოდესმე რამე შეიცვლება, ჩვენი შვილები ამის გამო ერთმანეთს არ უნდა დაშორდნენ. - ენის თვალებში რაღაც შერბილდა. ზოგჯერ ყველაზე საიმედო პასუხი სწორედ ის არის, რომელიც შეუძლებელს არ გპირდება. ბარში ხალხი შეთხელდა. მიმტანმა შორეულ მაგიდებზე სანთლები აანთო. მათი პატარა ალები ფანჯრის მინაში აირეკლა და წვიმის წვეთებს შორის დაიშალა. ენი უკვე აღარ ეხებოდა ტელეფონს. არც ჩანთის საკეტს. ხელები მაგიდაზე ეწყო. მშვიდად. თითქოს მისი სხეულიც თანდათან ეჩვეოდა იმ აზრს, რომ ყველა რთულ საუბარს საფრთხე არ მოჰყვება.
- მე კიდევ ერთი რამის მეშინია. ზთქვა ჩუმად. - გიორგიმ შეხედა - რომ თუ ამ ყველაფერს სახელს დავარქმევთ, მერე უფრო რეალური გახდება.
- და ახლა არ არის რეალური? - ენმა გაიღიმა.
- ახლა თითქოს მხოლოდ ჩვენია. - გიორგი ჩაფიქრდა.
- და გინდა, მხოლოდ ჩვენი დარჩეს? ენი დიდხანს არ პასუხობდა. ფანჯრის მიღმა ვიღაც წყვილი მიდიოდა ერთი ქოლგის ქვეშ. ქალი კაცს რაღაცას ეუბნებოდა, კაცი კი თავს ხრიდა, რომ უკეთ გაეგონა. მათი ნაბიჯები ერთმანეთის რითმს ეწყობოდა. ალბათ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ჩვეულებრივი პრობლემებით. ჩვეულებრივი შიშებით. და მაინც, შორიდან ყველაფერი საოცრად მარტივი ჩანდა. ენი მათ უყურებდა და უცებ მიხვდა, რომ საკუთარი ბედნიერების დამალვას ზოგჯერ იმავე გულმოდგინებით ცდილობდა, რომლითაც ოდესღაც ტკივილს მალავდა.
თითქოს ორივე რაღაც სამარცხვინო ყოფილიყო. თითქოს საკუთარ შვილებს მხოლოდ მაშინ დაიცავდა, თუ მის ცხოვრებაში არასოდეს არაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ ბავშვები ხომ მხოლოდ იმით არ იზრდებიან, რასაც ვეუბნებით. ისინიც ხედავენ. როგორ გვიყვარს. როგორ ვუშვებთ შეცდომებს. როგორ ვთხოვთ პატიებას. როგორ ვდგებით დაცემის შემდეგ. და როგორ ვბედავთ ხელახლა ბედნიერებას.
შესაძლოა, ენს საკუთარი შვილებისთვის მხოლოდ უსაფრთხოება კი არა, სწორედ ესეც უნდა ეჩვენებინა. რომ ქალი შეიძლება იყოს დედა და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც საკუთარი გულის სურვილებიც აქვს. რომ სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის გაქრობას. და რომ ბედნიერება შვილებისთვის წართმეული დრო ყოველთვის არ არის. ზოგჯერ ბედნიერი დედა სწორედ ის ადამიანია, რომელიც სახლში უფრო მეტი სინათლით ბრუნდება. ენმა გიორგის შეხედა.
- არა. - თქვა ბოლოს. - არ მინდა, მხოლოდ ჩვენი დარჩეს. - სიტყვები მშვიდად წარმოთქვა. თითქოს დიდი ხნის შემდეგ პირველად დაემთხვა მისი ხმა საკუთარ ფიქრს. - უბრალოდ მინდა, სწორად გავაკეთოთ. გიორგიმ თავი დაუქნია.
- მეც. - მათ შორის ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ ამჯერად ის აღარ იყო ფიქრებით გადატვირთული. უფრო იმ სიმშვიდეს ჰგავდა, რომელიც წვიმის შემდეგ მოდის, როცა მიწა ჯერ კიდევ სველია, მაგრამ ცამ უკვე გადაწყვიტა, რომ ამ საღამოს მეტი არაფერი აქვს სათქმელი. ენი ფინჯანს უყურებდა. შემდეგ მოულოდნელად გაიღიმა.არა მხიარულად. ოდნავ სევდიანად.
- იცი, რა უცნაურია?
- რა?
- მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ყველაზე რთული ვინმეს შეყვარება იყო. - გიორგიმ არაფერი თქვა. - მერე მივხვდი, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული იმის დაჯერებაა, რომ შეგიძლია გიყვარდეს და ამისთვის არაფერი დაკარგო. - გიორგის სახეზე რაღაც შეიცვალა. ენმა ეს შეამჩნია. და პირველად იმ საღამოს აღარ მოერიდა მის თვალებში დიდხანს ყურებას. - მე შენ მიყვარხარ, გიორგი. სიტყვები ძალიან ჩუმად თქვა.
იმდენად ჩუმად, რომ ბარის მეორე ბოლოში ვერავინ გაიგონებდა. მაგრამ გიორგისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ზოგჯერ სამი სიტყვა უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე მთელი ქალაქის ხმაური. გიორგი არ განძრეულა. მხოლოდ უყურებდა. და ენმა მის თვალებში დაინახა ის, რაც აქამდე ასე ხშირად უგრძვნია მის შეხებაში, ხმაში, ღიმილში, დუმილში. სიყვარული. არა ახალი და მოულოდნელი. არამედ უკვე არსებული. უბრალოდ პირველად სახელდარქმეული. - მე შენ მიყვარხარ. - გაიმეორა ენმა, თითქოს ამჯერად საკუთარ თავსაც ეუბნებოდა. - უბრალოდ მეშინია, რომ ამ სიყვარულით ვინმეს რამე არ წავართვა. გიორგიმ მაგიდაზე გაშლილ მის ხელს ხელი დააფარა. არ მოუჭერია. არ მიუზიდავს თავისკენ. უბრალოდ შეეხო. ისე, როგორც ადამიანი ეხება რაღაც ძალიან ძვირფასს, რომლის ფლობა კი არა, შენარჩუნება უნდა.
- მაშინ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ არავის არაფერი წავართვათ. - ენი დიდხანს უყურებდა. გიორგიმ ოდნავ გაიღიმა.
- მეც მიყვარხარ, ენ. - და ამ სიტყვებს არ მოჰყოლია არც დიდი ჟესტი, არც კოცნა, არც რაიმე განსაკუთრებული. მხოლოდ ენმა ნელა გადააბრუნა ხელი და თითები მის თითებში ახლართა. თითქოს ამ პატარა მოძრაობით საბოლოოდ დათანხმდა რაღაცას, რასაც გული დიდი ხანია ეუბნებოდა.
როცა ბარიდან გამოვიდნენ, წვიმა თითქმის შეწყვეტილიყო. ჰაერში სველი ფოთლებისა და ახლად მოხარშული ყავის სუნი ირეოდა. ტროტუარზე სინათლეები ირეკლებოდა, ქალაქის ხმაური კი შორიდან მოდიოდა, თითქოს თბილისსაც არ უნდოდა მათი საუბრის დასრულება. გიორგიმ მანქანის კარი გაუღო. ენი ჯერ არ ჩამჯდარა.
- გიორგი...
- ჰო?
- ჯერ ცალ-ცალკე ვუთხრათ. - გიორგიმ თავი დაუქნია.
- კარგი.
- და არ ვიჩქაროთ. არც მათ პასუხს დაველოდოთ მაშინვე.
- არ ვიჩქაროთ. - ენი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. - და თუ ათასი კითხვა დაგვისვეს? - გიორგის ოდნავ გაეღიმა.
- მაშინ ათასივეს ვუპასუხოთ.
- თუ ისეთი კითხვა დაგვისვეს, რომელზეც პასუხი არ გვეცოდინება?
- ვუთხრათ, რომ არ ვიცით. - ენმა თავი დახარა. მერე გაეღიმა. რამდენად უცნაური იყო. მთელი ცხოვრება ცდილობდა, შვილებისთვის ისეთი დედა ყოფილიყო, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი ექნებოდა. ახლა კი პირველად დაუშვა, რომ შესაძლოა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის ყოფილიყო, რომ ზოგჯერ პასუხი არც დედას აქვს. და მაინც შეუძლია სიმართლის თქმა. გიორგიმ კარი ოდნავ უფრო ფართოდ გაუღო. ენი ჩაჯდა. მანქანაში ჯერ კიდევ იგრძნობოდა საღებავის ძალიან სუსტი სუნი. გუშინდელი ღამის პატარა, ჯიუტი ნარჩენი. ენმა ეს სუნი მაშინვე იცნო. და გაეღიმა. რამდენიმე საათის წინ ეს ორი ადამიანი სიყვარულზე საუბარს გაურბოდა, თითქოს სახელის დარქმევით მის თავისუფლებას დაკარგავდნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სიმართლემ არაფერი წაართვა. არც სიცილი. არც სურვილი. არც ის თავბრუდამხვევი სიახლოვე, რომელიც ერთმანეთისკენ ასე დაუძლევლად ექაჩებოდათ. პირიქით. თითქოს მათ შორის რაღაც უხილავი კარი გაიღო. არა იმიტომ, რომ ყველა შიში გაქრა. არამედ იმიტომ, რომ პირველად გადაწყვიტეს, ამ შიშებთან მარტო აღარ დარჩენილიყვნენ. წინ ჯერ კიდევ ელოდათ შვილების კითხვები. მათი გაკვირვება. შესაძლოა, უხერხულობაც. შესაძლოა, სიხარულიც. და ის უამრავი პატარა ცვლილება, რომლის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ იმ საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე მოხდა. ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთთან მისასვლელად მონეტებს ანდეს გზის არჩევა, უცხო სახელები დაირქვეს, წვიმაში იკოცნეს და საღებავებით მოთხვრილებმა ღამის სიბნელეში ბავშვებივით ირბინეს, პირველად დადგა გზის წინაშე, რომელსაც არც მონეტა სჭირდებოდა და არც შემთხვევითობა. ამჯერად მიმართულება თავად აირჩიეს. სიმართლე. და აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამბედაობა არც თავგადასავალშია, არც ვნებაში, არც იმაში, რომ სიყვარულისთვის მთელი სამყარო დაივიწყო. ზოგჯერ ყველაზე დიდი გამბედაობა ის არის, რომ საყვარელი ადამიანის ხელი გეჭიროს და მზად იყო, ამ სიყვარულში მთელი შენი სამყარო ფრთხილად, პატივისცემით და სიმართლით შემოიყვანო. რადგან სიყვარული მხოლოდ მაშინ არ ხდება ნამდვილი, როცა პირველად ამბობ - მიყვარხარ. ზოგჯერ ის სწორედ მაშინ იწყებს ზრდას, როცა ამ სიტყვას კიდევ სხვას უმატებ.
„მიყვარხარ. და მინდა, ეს ჩემმა შვილმაც იცოდეს.“

ზოგჯერ ყველაზე რთული საუბრები სწორედ იმ ადამიანებთან გვიწევს, რომლებთანაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდება სიტყვები. იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჩვენი სახე ჯერ კიდევ მანამდე იცოდნენ, სანამ საკუთარ თავს ხელახლა გავიცნობდით. რომლებმაც ჩვენი ხმის ყველა ცვლილება დაიმახსოვრეს, ჩვენი დაღლილობა ნაბიჯების ხმაზე ისწავლეს და რომელთა წინაშეც, მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის რაღაცნაირად დაუცველები ვრჩებით. შვილებთან სიმართლის თქმა უცნაური გამბედაობაა. მათ შეიძლება სრულიად მშვიდად მიიღონ ის, რისი წარმოთქმაც შენ მთელი ღამე გაშინებდა. შეიძლება ისეთი კითხვა დაგისვან, რომლისთვისაც არ მომზადებულხარ. შეიძლება საერთოდ არაფერი გკითხონ. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ საუბრის დაწყებამდე ვერასოდეს გაიგებ, შენი სიტყვები მათ პატარა სამყაროში სად დაეცემა. რბილ მიწაზე თუ იქ, სადაც ჯერ კიდევ ძველი ბზარებია. იმ საღამოს თბილისის ორ სხვადასხვა ბინაში ორი მშობელი თითქმის ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებდა. ორივეს უნდოდა სიმართლე ეთქვა.
ორივეს ეშინოდა, რომ რაღაცას შეცვლიდა. და ორივემ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ზოგჯერ ბავშვებს ყველაზე რთული ამბის მისაღებად გაცილებით ნაკლები დრო სჭირდებათ, ვიდრე უფროსებს - მის მოსაყოლად.

ენი - დედის მეორე ცხოვრება.
საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა.
ბინაში ახლად გარეცხილი თეთრეულის სუნი იდგა. სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთფეროვნად ზუზუნებდა, ფანჯრის მიღმა კი თბილისი ნელ-ნელა იძირებოდა ნოემბრის ნოტიო სიბნელეში. პატარა გოგონას უკვე ეძინა. დღის განმავლობაში იმდენი ენერგია დაეხარჯა, რომ ძილის წინ დედისთვის ზღაპრის დასრულებაც აღარ დაეცადა. ერთი ხელი ბალიშის ქვეშ შეეყო, მეორე საბნის გარეთ დაეტოვებინა, თითქოს სიზმარშიც აპირებდა რაღაცის დაჭერას. ენმა საბანი შეუსწორა. რამდენიმე წამი უყურა. ბავშვების ძილი საოცრად გულუბრყვილო სანახაობაა. ისე მშვიდად სუნთქავენ, თითქოს სამყაროს ჯერ არასოდეს დაურღვევია მათთვის მიცემული პირობა. ენმა შუბლზე აკოცა, ოთახის კარი ოდნავ გამოიხურა და დერეფანში გავიდა. უფროსი ქალიშვილი მისაღებში იჯდა. მუხლებზე სახატავი რვეული ედო, ხელში ფანქარი ეჭირა. ყურსასმენები მხოლოდ ერთ ყურში ჰქონდა გაკეთებული, მისი ჩვეული მეთოდი, ერთდროულად საკუთარ სამყაროშიც ყოფილიყო და სახლში მიმდინარე არაფერი გამორჩენოდა. ენი კართან შეჩერდა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოედგინა ეს საუბარი. ყველა შესაძლო დასაწყისი მოეფიქრებინა. არც ერთი არ მოსწონდა.
შვილო, რაღაც უნდა გითხრა.
ზედმეტად სერიოზული იყო.
ერთი ამბავი მაქვს.
თითქოს სამსახურში დაწინაურებულიყო.
მე და გიორგი...
აი, სწორედ აქ წყდებოდა ყველა წინასწარ მომზადებული წინადადება.
რამდენად მარტივი იყო გიორგისთვის ეთქვა დროა, სიმართლე ვუთხრათ.
და რამდენად რთული აღმოჩნდა ამ სიმართლის სახლში მოტანა.
- რას ხატავ? - ჰკითხა ბოლოს. გოგონამ თავი ასწია.
- ჯერ არ ვიცი. - ენი გვერდით მიუჯდა. ფურცელზე ფანჯარა იყო დახატული. მის მიღმა, რამდენიმე სახლი, შიშველი ხეები და პატარა ადამიანის სილუეტი, რომელსაც სახე არ უჩანდა.
- ლამაზია.
- ჯერ არ დამისრულებია.
- ვიცი. - გოგონამ ფანქარი გვერდზე დადო. დედას შეხედა.
- რამე მოხდა? - ენმა უნებურად გაიღიმა.
სწორედ ეს იყო. საკუთარი ქალიშვილი ზოგჯერ იმაზე ადრე ამჩნევდა მის მღელვარებას, ვიდრე თვითონ ასწრებდა მის დამალვას.
- არა, საყვარელო. უბრალოდ შენთან საუბარი მინდა. - გოგონამ რვეული დახურა. ყურსასმენიც მოიხსნა. ეს პატარა მოძრაობა ენს გულზე რაღაცნაირად შეეხო. ბავშვმა მთელი თავისი ყურადღება დაუთმო. ახლა მხოლოდ სიმართლე რჩებოდა. - გახსოვს, იმ საღამოს რომ დამელოდე? - გოგონას ტუჩის კუთხე ოდნავ აუთამაშდა.
- საღებავებით დასვრილი რომ მოხვედი?
- ჰო.
- ეგ როგორ დამავიწყდება? - ენმა ჩაისუნთქა.
- მაშინ რაღაცები მკითხე. მე კი წესიერად არ გიპასუხე. - გოგონა ჩუმად იყო. - იმიტომ არა, რომ შენი მოტყუება მინდოდა. უბრალოდ ჯერ თვითონაც მჭირდებოდა დრო, რომ გამერკვია, როგორ უნდა მეთქვა. - ფანჯარას წვიმის რამდენიმე წვეთი მიეკრო. ენი წამით მათ მიაშტერდა. მისი ქალიშვილი უკვე თორმეტი წლის იყო. საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ადამიანების ურთიერთობებში ბევრი რამ შეემჩნია. და ჯერ კიდევ საკმარისად პატარა იმისთვის, რომ უფროსების გადაწყვეტილებები ზოგჯერ საკუთარ თავთან დაეკავშირებინა. ამიტომ ენს განსაკუთრებით ფრთხილად უნდოდა ეთქვა მთავარი. - ჩემს ცხოვრებაში ვიღაც არის. - დაიწყო. გოგონამ წარბები ოდნავ ასწია. - ენი მაშინვე მიხვდა, რამდენად უაზროდ ჟღერდა ეს წინადადება. ვიღაც. თითქოს უცხო ადამიანზე ლაპარაკობდა. - უფრო სწორად, ვიღაც, ვისაც შენ ძალიან კარგად იცნობ. -
გოგონას სახეზე არაფერი შეცვლილა. მაგრამ ფანქარი, რომელსაც თითებს შორის ატრიალებდა, გაჩერდა.
- გიორგი? - იკითხა მშვიდად. - ენი დადუმდა. მთელი დღის ნაფიქრი წინადადებები ერთ წამში გაუქრა.
- შენ... - გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- დედა, მართლა გეგონა, ვერ მივხვდებოდი? - ენს გაეღიმა. მერე ისევ დასერიოზულდა.
- მივხვდი, რომ რაღაცას ეჭვობდი. მაგრამ მაინც მინდოდა ჩემგან გაგეგო. - გოგონამ თავი დაუქნია. და ამ უბრალო თანხმობაში ენმა პირველად იგრძნო, რომ საუბარი შესაძლოა იმაზე ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო, ვიდრე წარმოედგინა. - ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. - თქვა. - უკვე გარკვეული ხანია. - გოგონა რამდენიმე წამი უყურებდა.
- ანუ შეყვარებულები ხართ? - აი, ის სიტყვა. რომელსაც ბარში გიორგისთან საუბრისას ამდენი მნიშვნელობა აღმოაჩნდა. ახლა კი საკუთარი ქალიშვილის პირიდან საოცრად პირდაპირ და ბუნებრივად გაისმა.
ენმა თავი დაუქნია.
- ჰო. მე გიორგი მიყვარს. - ამჯერად სიტყვები გაცილებით მარტივად მოვიდა.
მაგრამ მათი წარმოთქმის შემდეგ ენს მაინც მოუნდა ქალიშვილის სახეზე პასუხის ამოკითხვა. გოგონა ფიქრობდა. არც გაბრაზებული ჩანდა. არც აღფრთოვანებული. უბრალოდ ცდილობდა, უკვე ნაცნობი ადამიანები სრულიად ახალ ურთიერთობაში წარმოედგინა.
- და გიორგისაც უყვარხარ?
- ასე მეუბნება. - გოგონას ოდნავ გაეღიმა.
- კარგი. - ენი ელოდა. რაღაც უფრო დიდს. კითხვას. შეშფოთებას. იქნებ უხერხულობას. მაგრამ გოგონამ მხოლოდ ფანქარს დახედა. - შენ კარგად ხარ მასთან? - ენმა თავი ასწია. ამ კითხვას არ ელოდა. კარგად ხარ მასთან? არც რამდენი ხანია. არც სად დადიხართ. არც რატომ დამიმალე. უბრალოდ - კარგად ხარ? ბავშვებს ზოგჯერ საოცარი უნარი აქვთ, მთელი ცხოვრებისეული სირთულე ერთი წინადადებით შეამოწმონ. ენმა იგრძნო, როგორ მოეშვა ყელში შეკრული რაღაც პატარა, ჯიუტი კვანძი.
- ძალიან კარგად. - უპასუხა. და მერე, თითქმის თავისდაუნებურად, დაამატა: - ბედნიერი ვარ. - გოგონამ დედას შეხედა. ამჯერად უფრო დიდხანს.
- შევამჩნიე. - ენს გაეღიმა.
- რა შეამჩნიე?
- ბოლო დროს ხშირად იღიმი. ხანდახან ტელეფონს უყურებ და ისე გეღიმება, თითქოს რაღაც სასაცილო წაიკითხე. ერთხელ საჭმელს აკეთებდი და საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდი.
- საჭმელი მაინც კარგი გამოვიდა ხომ?
- მარილი ორჯერ ჩაყარე. - ენმა სახეზე ხელი აიფარა. ორივეს ჩაეცინა. მაგრამ სიცილი მალე ჩაცხრა. ენმა ქალიშვილის ხელი ხელში აიღო.
- ერთი რამ მინდა იცოდე. გიორგი რომ მიყვარს, ეს შენს ცხოვრებაში არაფერს ცვლის ისე, რომ შენთვის არ მიკითხავს. არც შენგან ველი, რომ ამის გამო რაღაც განსაკუთრებულად უნდა მოიქცე. გოგონა ყურადღებით უსმენდა. - გიორგი შენთვის ის ადამიანია, ვინც აქამდეც იყო. შენი მეგობრის მამა. შენ არ გჭირდება მისთვის სხვა რამის დაძახება, სხვანაირად მოქცევა ან იმის განცდა, რომ ვიღაცის ადგილი უნდა შეიცვალოს.
ენმა მცირე პაუზა გააკეთა. - და არც ის მინდა, რომ შენ და შენმა მეგობარმა ჩვენი ურთიერთობის გამო რამე დაკარგოთ. - გოგონამ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
- ჩვენ რატომ უნდა დავკარგოთ რამე?
- არ ვიცი. შეიძლება ზოგჯერ უფროსების ურთიერთობები ბავშვებსაც ეხებოდეს. ამიტომ მინდა, შენს აზრსაც მოვუსმინო. - გოგონა დაფიქრდა.
- მე გიორგი ისედაც მომწონს. შენც იცი.
- ვიცი.
- და ჩემი მეგობარი ისედაც ჩემი მეგობარია. თქვენ რომ ერთმანეთი მოგწონთ, ამან რა უნდა შეცვალოს? - ენი უყურებდა. ამ პასუხში ბავშვური გულუბრყვილობაც იყო და ისეთი ჯანსაღი სიმარტივეც, რომელსაც უფროსები ხშირად საკუთარი შიშებით კარგავენ.
- იმედი მაქვს, არ შეიცვლება.
- მაშინ კარგი. - მაგრამ ენმა იცოდა, რომ საუბარი აქ არ უნდა დაესრულებინა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჯერ კიდევ თავად ჰქონდა დასასმელი. - შენთვის უხერხული ხომ არ არის? - გოგონამ რამდენიმე წამი იფიქრა.
- ცოტა უცნაურია. - ენმა თავი დაუქნია.
- მესმის.
- იმიტომ, რომ აქამდე გიორგი უბრალოდ ჩემი მეგობრის მამა იყო. ახლა კიდევ... შენი შეყვარებულია. სიტყვა შეყვარებულზე ორივეს ოდნავ გაეღიმა.
- უცნაური შეიძლება იყოს. - დაეთანხმა ენი.
- მაგრამ ცუდი არაა. - ენი გაჩუმდა. გოგონამ კიდევ ცოტა ხანს უყურა. - დედა, შენ გგონია, მე არ მინდა, რომ ბედნიერი იყო? - ეს კითხვა ისე მშვიდად გაისმა, რომ ენს უფრო მეტად შეეხო, ვიდრე ნებისმიერი ხმამაღალი აღიარება შეეხებოდა.
- ვიცი, რომ გინდა, საყვარელო.
- მაშინ რატომ ნერვიულობ ასე? - ენი რამდენიმე წამი პასუხს ეძებდა. ბოლოს სიმართლე აირჩია.
- იმიტომ, რომ შენ და შენი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. და როცა რაღაც ახალი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თქვენც კარგად იქნებით. - გოგონამ დედის ხელს ოდნავ მოუჭირა.
- მე კარგად ვარ. - მერე დაფიქრდა და დაამატა: - უბრალოდ, თუ ოდესმე რამე არ მომეწონება, გეტყვი. - ენმა გაიღიმა.
- სწორედ ეს მინდა. - გოგონამ ისევ რვეული აიღო. მერე უცებ შეჩერდა.
- პატარა დას როდის ეტყვი?
- ჯერ არა ისე, როგორც შენ. მისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ასახსნელია. და სანამ რაიმე შეიცვლება, აუცილებლად ვეტყვი მისთვის გასაგებად. - გოგონამ თავი დაუქნია.
- კარგი. - ენი წამოდგა. მაგრამ ქალიშვილმა ხელი დაუჭირა. - დედა?
- ჰო?
- ერთი რამ მაინც მაინტერესებს. - ენს ისევ შეეკუმშა გული.
- რა?
- მართლა ხატავდით იმ ღამეს? - ენი რამდენიმე წამი უყურებდა. მერე სიცილი აუტყდა.
- კი, მართლა. - გოგონამ ეჭვით მოჭუტა თვალები.
- და ეგრე რატომ გამოიყურებოდი?
- იმიტომ, რომ გიორგის ხელოვნების ძალიან უცნაური გაგება აქვს. - გოგონამ თავი გააქნია.
- თქვენ აშკარად ბავშვებზე უარესები ხართ. - ენი ქალიშვილს ჩაეხუტა. დიდხანს არა. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც თორმეტი წლის გოგონა დაუშვებდა ისე, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. მერე შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. დერეფანში რამდენიმე წამით შეჩერდა. გული ჯერ კიდევ სწრაფად უცემდა. მაგრამ ეს უკვე სხვა გულისცემა იყო. იმ საღამოს შვილთან არაფერი დაუმალავს. და სანაცვლოდ არაფერი დაუკარგავს. მხოლოდ ერთი ახალი რამ აღმოაჩინა. მისი პატარა გოგონა ნელ-ნელა იზრდებოდა. და ზოგჯერ დედასაც შეეძლო მისგან ესწავლა, როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი ზედმეტი შიშის გარეშე.

გიორგი
გიორგის სახლში საღამო უფრო ჩუმი იყო. სამზარეულოში მხოლოდ მაცივრის მსუბუქი ხმა ისმოდა. მისაღებში იატაკის სანათი ენთო და კედელზე რბილ, მოყვითალო სინათლეს აფენდა. გოგონა მაგიდასთან იჯდა და სასკოლო ჩანთას ალაგებდა. გიორგიმ რამდენიმე წუთი უყურა. ბავშვის მოძრაობებში რაღაც ნაცნობი იყო. წიგნებს ყოველთვის ზომის მიხედვით აწყობდა. კალმებს ცალკე ჯიბეში დებდა. მერე ყველაფერს თავიდან ამოწმებდა, თითქოს ხვალინდელი დღის წესრიგის სწორად დალაგებით სამყაროსაც უფრო საიმედოს გახდიდა. ზოგი ჩვევა დედისგან დარჩა. გიორგის ეს ყოველ ჯერზე ახსენდებოდა. არა მტკივნეულად. უფრო იმ მშვიდი სევდით, რომელიც წლების შემდეგ დანაკარგის გვერდით ცხოვრებას სწავლობს. ქალიშვილი გაიზარდა. მისი სახე იცვლებოდა. ხმა. ინტერესები. სიცილის მანერა. მაგრამ ზოგჯერ უცებ ისეთ მოძრაობას გააკეთებდა, რომ გიორგის რამდენიმე წამით წარსული და აწმყო ერთმანეთში ერეოდა. იმ საღამოსაც ასე მოხდა. გოგონამ თმა ყურს უკან გადაიწია. ზუსტად ისე, როგორც დედამისი იწევდა. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა. მერე მაგიდასთან მივიდა.
- ცოტა ხანს ვისაუბროთ? - გოგონამ ჩანთის ელვა შეკრა.
- რამე დავაშავე? - გიორგის გაეღიმა.
- არა.
- მაშინ კარგი. - სავარძელში გადავიდნენ. გიორგი გვერდით მიუჯდა. მისთვის ეს საუბარი ენზე არანაკლებ რთული იყო. უბრალოდ სხვანაირად. ენმა შიშის ყველა შესაძლო სახე წინასწარ დაინახა. გიორგი კი ცდილობდა, საკუთარი შიშისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიეცა. იცოდა, რომ მისი ქალიშვილი დედის დაკარგვის შემდეგ სამყაროს სხვანაირად უყურებდა.იცოდა ისიც, რომ ბავშვის ცხოვრებაში ახალი ადამიანის გამოჩენა ყოველთვის მხოლოდ სიხარულის ამბავი არ იყო. ზოგჯერ ახალ ბედნიერებას ძველი დანაკარგის გახსენებაც შეუძლია. და გიორგის ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მისი სიყვარული ქალიშვილს დედის ხსოვნის მიმართ რაიმე ვალდებულებად ეგრძნო.
- რაღაც მინდა გითხრა. - დაიწყო მშვიდათ.
გოგონამ შეხედა.
- ენზე? - გიორგი გაჩერდა. მერე ჩუმად გაეცინა.
- თქვენ ბავშვებს მართლა ვერაფერს დაგიმალავთ?
- გააჩნია, რამდენად კარგად მალავთ. - გიორგიმ თავი გააქნია.
- არც ისე კარგად, როგორც ჩანს. - გოგონას გაეღიმა. მაგრამ მერე დასერიოზულდა. გრძნობდა, რომ მამას რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. გიორგიმ რამდენიმე წამი სიტყვები შეარჩია.
- მე და ენი ერთმანეთს ვხვდებით. - გოგონამ თავი დაუქნია.
- მივხვდი.
- და ერთმანეთი გვიყვარს. - ეს უკვე სხვა წინადადება იყო. გიორგიმ თვითონაც იგრძნო მისი წონა. დიდი ხნის განმავლობაში სიტყვა მიყვარს მისთვის მხოლოდ წარსულთან იყო დაკავშირებული. მოგონებებთან. ადამიანთან, რომელიც აღარ იყო. იმდენად დიდხანს ცხოვრობდა ამ გრძნობის ერთ მხარეს, რომ თითქმის დაავიწყდა, სიყვარული შეიძლებოდა ისევ აწმყოში დაბრუნებულიყო. ახლა კი ეს სიტყვა საკუთარი ქალიშვილის წინაშე წარმოთქვა. და უცნაურად იგრძნო, თითქოს ცხოვრების ორ სხვადასხვა დროს შორის უხილავი ხიდი გადო. გოგონამ მამას შეხედა.
- მართლა გიყვარს? - გიორგიმ თავი დაუქნია.
- მართლა.
- ძალიან? - გიორგის ოდნავ გაეღიმა.
- ძალიან. - გოგონამ თვალები დახარა. რამდენიმე წამი დუმდა. გიორგი არ აჩქარებდა. ბავშვებსაც სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ საკუთარ გულში ახალი ამბისთვის ადგილი გამონახონ. ბოლოს გოგონამ იკითხა:
- და ახლა რა მოხდება? - გიორგი სწორედ ამ კითხვას ელოდა.
- ხვალ არაფერი განსაკუთრებული არ შეიცვლება.
- ანუ?
- ისევ აქ ვიცხოვრებთ. ისევ სკოლაში ივლი, ისევ შენს მეგობრებს შეხვდები. ენიც ისევ ენი იქნება, რომელსაც აქამდეც იცნობდი. - გოგონამ თავი დაუქნია.
- და მერე?
- მერე ნელ-ნელა გავიგებთ. არ ვაპირებთ არაფრის დაჩქარებას. - გიორგიმ მცირე პაუზა გააკეთა. - მინდა, შენც იცოდე, რომ შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ რამე გაგიჭირდება ან არ მოგეწონება, შეგიძლია მითხრა. - გოგონა დაფიქრდა.
- მე ენი მომწონს.
- ვიცი.
- სულ მომწონდა.
- ეგეც ვიცი.
- და მგონი შენც უფრო მხიარული გახდი. - გიორგის გაეღიმა.
- შეიძლება. - გოგონამ მამის სახე ყურადღებით შეათვალიერა.
- მამა...
- ჰო?
- შენ ხომ იცი, რომ დედა არ დამავიწყდება? - სიტყვები მოულოდნელად მოვიდა. მაგრამ გიორგის არ გაჰკვირვებია. ზუსტად იცოდა, რომ სადღაც ამ საუბრის სიღრმეში ეს კითხვაც ცხოვრობდა. მისი ქალიშვილი არ ტიროდა. არც შეშინებული ჩანდა. უბრალოდ უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ახალი ამბავი ძველ სიყვარულს არაფერს წაართმევდა.
გიორგიმ მისკენ ოდნავ გადაიწია.
- ვიცი, ჩემო კარგო.
- შენც ხომ არ დაგავიწყდება? - გიორგის გულში რაღაც ჩუმად შეირხა. ზოგი ტკივილი არასოდეს ქრება. უბრალოდ დროთა განმავლობაში სწავლობ, როგორ ატარო ისე, რომ ყოველ ნაბიჯზე აღარ დაგამძიმოს.
- არა. - უპასუხა მშვიდად. - არასოდეს. - გოგონამ თავი დაუქნია. გიორგიმ კი განაგრძო: - დედაშენი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყოველთვის იქნება. ის, რომ მე ენი მიყვარს, ამას არ ცვლის. - რამდენიმე წამი დუმდნენ. - და ენი არ ცდილობს დედას დაემსგავსოს. - დაამატა გიორგიმ. - არც შენგან ელოდება, რომ მის მიმართ რამე ისეთი იგრძნო, რისთვისაც მზად არ ხარ. - გოგონამ თავი ასწია.
- ეგ ვიცი.
- ვიცი, რომ იცი. უბრალოდ მინდოდა მეთქვა. - გოგონა ფიქრობდა. შემდეგ ძალიან მშვიდად თქვა:
- მე მგონი, დედასაც გაუხარდებოდა, რომ სულ მოწყენილი აღარ ხარ. - გიორგიმ პასუხი ვერ გასცა. არც იმიტომ, რომ არ ეთანხმებოდა. უბრალოდ იცოდა, რომ ამ წინადადებაში ბავშვის სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი ზრდასრულს სიტყვით შეიძლებოდა გამოეთქვა. მას არ სჭირდებოდა ქალიშვილისგან გარდაცვლილი მეუღლის სახელით თანხმობა. არც იმის დამტკიცება, რომ ახალი ბედნიერების უფლება ჰქონდა. მაგრამ ამ პატარა, გულწრფელ სურვილში მაინც იგრძნო რაღაც საოცრად თბილი.
გოგონას თმაზე ხელი გადაუსვა.
- მადლობა.
- რისთვის?
- რომ მითხარი. - გოგონამ მხრები აიჩეჩა. - უბრალოდ ასე ვფიქრობ. - გიორგიმ გაიღიმა. და პირველად იმ საღამოს იგრძნო, რომ შიშმა ოდნავ უკან დაიხია. არ გამქრალა. არც უნდა გამქრალიყო. მშობლობა სწორედ ამას ნიშნავს, ზოგჯერ ყველაზე მშვიდ წუთებშიც ფიქრობდე იმაზე, რაც შეიძლება შენს შვილს ეტკინოს. მაგრამ ახლა უკვე იცოდა, რომ ქალიშვილთან ამაზე საუბარი შეეძლო. და ეს ბევრს ნიშნავდა. - ერთი რამ კიდევ. - თქვა გოგონამ. - გიორგიმ შეხედა.
- გისმენ.
- ენმა იცის, რომ მე ვიცი? - გიორგის გაეცინა.
- ახლა უკვე ალბათ ეცოდინება. - გოგონამ თავი დაუქნია.
- კარგი. - მერე წამოდგა, ჩანთა აიღო და ოთახისკენ წავიდა. კართან შეჩერდა.
- მამა?
- ჰო?
- თუ ისევ ხატვას გადაწყვეტთ, ძველი ტანსაცმელი ჩაიცვი. - გიორგის სიცილი აუტყდა.
- გავითვალისწინებ.
- და სახლში მოსვლამდე სახე დაიბანე. - გიორგიმ თავი გააქნია. გოგონა ოთახში შევიდა. კარი მიიხურა. გიორგი კი რამდენიმე წუთი ისევ სავარძელში იჯდა. მისაღებში სიჩუმე დაბრუნდა. მაგრამ ეს აღარ იყო ის სიჩუმე, რომელსაც წლების განმავლობაში ეჩვეოდა. ახლა მასში რაღაც ახალი არსებობდა. არა დავიწყება. არა წარსულის წაშლა. არამედ სიცოცხლის გაგრძელების უფლება. გიორგიმ ტელეფონი აიღო.
ენის შეტყობინება დახვდა.
„ვუთხარი.“
რამდენიმე წამი უყურა.
მერე უპასუხა:
„მეც.“
ენის პასუხი მალევე მოვიდა.
„როგორ მიიღო?“
გიორგიმ გაიღიმა.
„იმაზე უკეთ, ვიდრე მეშინოდა. შენმა?“
„მანაც.“
მერე კიდევ ერთი შეტყობინება გამოჩნდა.
„გიორგი, მგონი ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან.“
გიორგიმ ჩუმად გაიცინა.
„ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი.“

ღამის თერთმეტის ოცი წუთი.
ორი სხვადასხვა ბინა. ორი სხვადასხვა ოთახი. ორი თორმეტი წლის გოგონა.
და ორი ტელეფონის ეკრანი, რომლებზეც თითქმის ერთდროულად აინთო შეტყობინება.
ენის ქალიშვილი:
„დედამ მითხრა.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამამაც.“
რამდენიმე წამი.
ენის ქალიშვილი:
„ოფიციალურად.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამამაც ოფიციალურად.“
ენის ქალიშვილი:
„მითხრა, გიორგი მიყვარსო.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამამაც მითხრა, ენი მიყვარსო.“
პაუზა.
შემდეგ:
ენის ქალიშვილი:
„ანუ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით.“
გიორგის ქალიშვილი:
„და მაინც ისე გვიყვებოდნენ, თითქოს საუკუნის საიდუმლოს გვიმხელდნენ.“
ენის ქალიშვილი:
„დედა ძალიან ნერვიულობდა.“
გიორგის ქალიშვილი:
„მამაც. ოღონდ არ იმჩნევდა.“
ენის ქალიშვილი:
„საყვარლები არიან ცოტა.“
გიორგის ქალიშვილი:
„ცოტა ძალიან.“
რამდენიმე წამი გავიდა.
შემდეგ ენის ქალიშვილმა ახალი შეტყობინება გაგზავნა.
„შენ წინააღმდეგი ხომ არ ხარ?“
მეორე ბინაში გოგონამ ეკრანს დახედა.
დაფიქრდა.
მერე აკრიფა:
„არა. შენ?“
„არც მე.“
„მამა ბედნიერია.“
„დედაც.“ ამჯერად პაუზა უფრო გრძელი იყო. არც ერთს არ სჭირდებოდა ამ სიტყვებისთვის დამატებითი განმარტება. ორივემ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა სახლში ბედნიერი მშობლის დანახვა. იცოდნენ, რომ უფროსებსაც ჰქონდათ ცუდი დღეები. რომ ზოგჯერ დაღლილები იყვნენ. რომ ზოგჯერ ღიმილს ძალით ირგებდნენ სახეზე. და ახლა ორივე ხედავდა, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდებოდა. რაღაც, რაც მათგან არაფერს ითხოვდა. მხოლოდ არსებობდა. და ეს საკმარისი იყო. მაგრამ თორმეტი წლის გოგონებს დიდხანს სერიოზულად ყოფნა არ შეეძლოთ. მით უმეტეს, როცა ასეთი ამბავი ჰქონდათ ხელში.
ენის ქალიშვილი:
„ერთი რამე მაინტერესებს.“
გიორგის ქალიშვილი:
„რა?“
„მამაშენი დედაჩემს როგორ ეარშიყება?“
„არ ვიცი, მაგრამ საღებავებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ცუდად.“
ენის ქალიშვილს სიცილი აუტყდა.
„დედაჩემს მთელი თმა ლურჯი ჰქონდა.“
„მამაჩემს ყვითელი ლოყა.“
„წარმოიდგინე, ერთმანეთს რომ ეუბნებოდნენ, რა ლამაზი ხარო.“
„გთხოვ, აღარ მინდა წარმოდგენა.“
ორივე სიცილისგან ბალიშებში ჩაიმალა.
რამდენიმე წუთის შემდეგ საუბარი გაგრძელდა.
ენის ქალიშვილი:
„ანუ ახლა რა გამოდის?“
გიორგის ქალიშვილი:
„რა?“
„ჩვენი მშობლები შეყვარებულები არიან.“
„დიდი აღმოჩენაა, შერლოკ.“
„და ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ.“
„ესეც ვიცოდით.“
„ანუ ძალიან მაგარი სიტუაციაა.“
„სანამ არ დაიწყებენ ჩვენს წინაშე კოცნას.“
„ფუუუ, არააა“
„ეგ უნდა ავუკრძალოთ.“
„წესები დავუწესოთ?“
„აუცილებლად.“
„პირველი წესი: ჩვენ თვალწინ არანაირი რომანტიკა.“
„მეორე: არანაირი საყვარელი ზედმეტსახელები.“
„მესამე: საღებავებით სახლში აღარ მოვიდნენ.“
„მესამე არ გამოვა. აშკარად მოსწონთ.“
„კარგი, მაშინ მეოთხე: არ გვკითხონ, ხომ არ გვაწუხებს მათი ურთიერთობა ყოველ ხუთ წუთში.“
ამ შეტყობინებაზე ორივეს გაეღიმა. იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ, მშობლები ამას მაინც გააკეთებდნენ. და ალბათ კიდევ დიდხანს. სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. ბოლოს გიორგის ქალიშვილმა დაწერა:
„იცი, რა არის ყველაზე მაგარი?“
„რა?“
„მამა ისევ ისე იცინის, როგორც ადრე.“
ენის ქალიშვილმა შეტყობინებას დიდხანს უყურა.
მერე აკრიფა:
„დედაც.“
და ბოლოს დაამატა:
„მაშინ მგონი მართლა კარგი ამბავია.“
პასუხი მაშინვე მოვიდა.
„ძალიან კარგი."

იმ ღამეს არც ენმა იცოდა, რა მისწერა მისმა ქალიშვილმა საუკეთესო მეგობარს.
არც გიორგიმ იცოდა, რომ მისმა გოგონებმა უკვე ოთხი წესი მოიფიქრა მათი მომავალი ურთიერთობისთვის. ორივე მშობელი საკუთარ სახლში იჯდა და იმ უცნაურ სიმშვიდეს ეჩვეოდა, რომელიც გულწრფელი საუბრის შემდეგ მოდის. მათ ეგონათ, რომ იმ საღამოს შვილებს რთული სიმართლე გაუმხილეს. სინამდვილეში კი ბავშვებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ მთავარი. უბრალოდ ელოდებოდნენ, როდის გაბედავდნენ უფროსები მის აღიარებას. სიყვარულს ყოველთვის არ სჭირდება დიდი სიტყვები. ზოგჯერ ის დედის სახეზე დაბრუნებული ღიმილია. ზოგჯერ, მამის სიცილი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ისევ მთელ სახლში ისმის. და ზოგჯერ ორი თორმეტი წლის გოგონაა, რომლებიც ღამის სიბნელეში ერთმანეთს წერენ და პირველად ხვდებიან, რომ უფროსებიც შეიძლება იყვნენ შეყვარებულები, დაბნეულები, შეშინებულები და საოცრად ბედნიერები. იმ საღამოს ენმა და გიორგიმ შვილებს სიმართლე უთხრეს. გოგონებმა კი ერთმანეთში კიდევ ერთი საიდუმლო დატოვეს. რომ მშობლების ბედნიერება მათთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რამდენი დრო დასჭირდათ უფროსებს იმის სათქმელად, რაც ბავშვებმა ერთი საღებავიანი მაისურით გამოიცნეს.

10

ზოგჯერ ბედნიერებას ადამიანი ისე ეჩვევა, რომ საფრთხის არსებობა ავიწყდება. არა იმიტომ, რომ გულუბრყვილო ხდება. უბრალოდ, დიდი ხნის შემდეგ პირველად იწყებს ცხოვრებას ისე, რომ ყოველი ნაბიჯის წინ უკან აღარ იხედება. დილით იღვიძებს და იმაზე ფიქრობს, რა ჩაიცვას, სად დალიოს ყავა, ვის დაურეკოს. საღამოს სახლში ბრუნდება და აღარ ითვლის, რამდენი წუთი დარჩა სხვისი გაღიზიანების დაწყებამდე. და სწორედ მაშინ, როცა სხეული ნელ-ნელა სწავლობს სიმშვიდეს, წარსულს შეუძლია სრულიად ჩვეულებრივ ადგილას დაგხვდეს. მაგალითად, სამსახურის კართან.
ნოემბრის ცივი საღამო იყო. ენი შენობიდან მაშინ გამოვიდა, როცა ქალაქს უკვე დაეწყო საკუთარი თავის ელექტრონათურებით განათება. ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეების ტოტები თითქმის გაშიშვლებულიყო. ქარი ტროტუარზე დარჩენილ ფოთლებს ასრიალებდა, მანქანების ფარები კი ნესტიან გზაზე გრძელ, მოყვითალო ზოლებად იშლებოდა. დაღლილი იყო. იმ სასიამოვნო დაღლილობით, რომელსაც დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი სამუშაო დღის შემდეგ გრძნობ. ჩანთაში ტელეფონი აუწკრიალდა. გიორგის შეტყობინება იყო.
„დღეს ბიჭებთან ვარ. თუ ძალიან გვიან არ იქნება, მოგწერ.“
ენმა გაიღიმა.
„კარგად გაერთე. და ჩემზე ჭორაობა აკრძალულია.“
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
„დაგაგვიანდა აკრძალვა.“ ენის ტუჩებზე ღიმილი ჯერ კიდევ იყო, როცა თავი ასწია.
და დაინახა. ყოფილი ქმარი რამდენიმე მეტრში იდგა, საკუთარ მანქანასთან. ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. არ ეწეოდა, არ დადიოდა, არ იყურებოდა აქეთ-იქით. უბრალოდ ელოდებოდა. იმ ადამიანის თავდაჯერებით, რომელსაც არასოდეს შეჰპარვიათ ეჭვი, რომ მისი გამოჩენა სხვის გეგმებს შეცვლიდა. ენის ღიმილი გაქრა. არა ნელ-ნელა. ერთბაშად. თითქოს ვიღაცამ სახეზე სინათლე ჩაუქრო. სხეულმა კაცის დანახვა უფრო ადრე გაიაზრა, ვიდრე გონებამ. მხრები ოდნავ დაეძაბა. თითები ჩანთის სახელურს შემოეჭდო. მუცლის ქვემოთ რაღაც ცივი და მძიმე ჩაეღვარა. ეს შიში არ იყო იმ მნიშვნელობით, რომლითაც ენი დღეს შიშს განმარტავდა. ეს მეხსიერება იყო. სხეულის მეხსიერება, რომელიც ზოგჯერ წლებსაც არ ემორჩილება. კაცი მისკენ წამოვიდა.
- მანქანაში დაჯექი. - არც მისალმება.
არც კითხვა. ბრძანება. ისეთი ხმით ნათქვამი, რომელსაც ოდესღაც ენის ცხოვრებაში მთელი საღამოს განწყობის შეცვლა შეეძლო. ენმა პირდაპირ შეხედა.
- რა გინდა?
- სალაპარაკო გვაქვს.
- აქაც შეგიძლია მითხრა. - კაცს ყბა დაჭიმა.
- მანქანაში დაჯექი, ენ. - ქალი რამდენიმე წამი უყურებდა. შეეძლო უარი ეთქვა. შეეძლო გვერდი აევლო. შეეძლო საკუთარი მანქანისკენ წასულიყო და საერთოდ არ მოესმინა. და მაინც, რაღაც ძველმა, კარგად ნასწავლმა ინსტინქტმა შეახსენა, რომ ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევა კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე ადამიანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გაბრაზებული უნდა ყოფილიყო. ენმა შენობის განათებულ შესასვლელს გახედა. იქ ხალხი მოძრაობდა. კაცი კი მის წინ იდგა და ელოდებოდა. ბოლოს მანქანისკენ წავიდა. არა იმიტომ, რომ დაემორჩილა მის უფლებას. არამედ იმიტომ, რომ იმ წამს საუბრის დასრულების ყველაზე სწრაფ გზად ეს მოეჩვენა. მაინც, როგორც კი კარი გამოაღო, გულში რაღაც უსიამოვნოდ შეირხა. ზოგჯერ ადამიანი თავისუფლებას სწორედ მაშინ გრძნობს ყველაზე მძაფრად, როცა საკუთარი ნებით აკეთებს იმას, რასაც ოდესღაც იძულებით აკეთებდა.
მანქანაში მისი სუნამოს სუნი იდგა. იგივე. მკვეთრი, ოდნავ მწარე, ძვირადღირებული სურნელი, რომელითაც ოდესღაც სახლში მისი მოსვლის გამოცნობა შეეძლო. ენმა ღვედი შეიკრა. კაცმა ძრავა ჩართო. არაფერი უთქვამს. მანქანა ქუჩის ნაკადს შეუერთდა. ქალაქი ფანჯრებს მიღმა ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა. სადღაც მაღაზიიდან ქალი გამოდიოდა პურის პარკით. გაჩერებაზე სტუდენტები იცინოდნენ. პატარა ბიჭი დედას ხელზე ექაჩებოდა და ვიტრინაში გამოფენილ სათამაშოზე მიუთითებდა. სამყარო საოცრად გულგრილია ზოგჯერ. შეუძლია ათასობით ადამიანის ჩვეულებრივი საღამო გააგრძელოს მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მათგანისთვის ჰაერი მოულოდნელად მძიმდება. ენი ფანჯარაში იყურებოდა. კაცი სწრაფად არ მართავდა მანქანას. სწორედ ეს იყო შემაშფოთებელი. მისი მოძრაობები ზედმეტად ზუსტი იყო. საჭე ორივე ხელით ეჭირა, თითები დაძაბული ჰქონდა. დროდადრო ქვედა ყბის კუნთი უთამაშდებოდა. ენი ამ ნიშნებს იცნობდა. ოდესღაც მისი ყოველდღიურობა ამ პატარა დეტალების ამოკითხვაზე იყო დამოკიდებული. როგორ დაკეტა კარი. როგორ დადო გასაღები. როგორ უპასუხა ჩვეულებრივ კითხვას. რამდენად ძლიერად მოუჭირა საჭეს ხელი. ადამიანს შეუძლია ისწავლოს უცხო ენა, მუსიკალური ინსტრუმენტი, ცეკვა. ენს ოდესღაც სხვისი გაბრაზების ენა ჰქონდა ნასწავლი. და ყველაზე უსამართლო ის იყო, რომ ეს ცოდნა ჯერ კიდევ ახსოვდა.
- სად მივდივართ? - იკითხა.
- ცოტა გავიაროთ.
- მე სახლში უნდა წავიდე.
- მიგიყვან. - ენი გაჩუმდა. არ მოსწონდა, რომ ისევ მის პასუხებზე იყო დამოკიდებული. არც ის მოსწონდა, რომ საკუთარ თავში ძველ სიფრთხილეს ამჩნევდა. მაგრამ ამჯერად ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობდა. მან იცოდა, რომ ეს კაცი მისი ცხოვრების პატრონი აღარ იყო. იცოდა. უბრალოდ სხეულს ამ ცოდნის ბოლომდე დაჯერება ჯერ კიდევ უჭირდა. რამდენიმე წუთი ასე იარეს. ბოლოს კაცმა მანქანა შედარებით წყნარ ქუჩაზე გადააყენა. ძრავა არ გამოურთავს. წინ იყურებოდა. ენი მის პროფილს ხედავდა. დაჭიმულ ყბას. შეკრულ წარბებს. და იმ სიჩუმეს, რომელიც ყოველთვის რაღაც უსიამოვნოს უძღოდა წინ. მერე კაცმა თავი მისკენ მოაბრუნა. - ჩვენი შვილის მეგობრის მამასთან წევხარ?! - სიტყვები ისე მკვეთრად გაისმა, რომ ენს რამდენიმე წამით სუნთქვა შეეკრა. არა კითხვის შინაარსის გამო. ტონის გამო. იმ ხმის გამო, რომელმაც წარსულიდან მთელი ოთახები, კედლები და დახურული კარები მოიტანა. მაგრამ ამჯერად ენმა მზერა არ აარიდა.
- ჯერ ერთი, ასე ნუ მელაპარაკები.
- კითხვაზე მიპასუხე.
- ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება. - კაცს ირონიულად ჩაეცინა.
- არ მეხება?
- არა.
- ჩვენი შვილის მეგობრის მამასთან გაქვს ურთიერთობა და არ მეხება?
- შენ ჩვენი შვილების მამა ხარ. ჩემი ცხოვრების განმკარგავი აღარ ხარ. - კაცმა თავი გააქნია.
- შენ საერთოდ ხვდები, რას აკეთებ?
- ძალიან კარგად.
- ბავშვებზე იფიქრე?
- ყოველდღე ვფიქრობ.
- გეტყობა. - ენმა ღრმად ჩაისუნთქა. - თუ ბავშვებზე საუბარი გინდა, ვისაუბროთ. თუ ჩემი პირადი ცხოვრების გაკონტროლება გინდა, ეს საუბარი დასრულებულია. - კაცი მისკენ შეტრიალდა.
- შენ ახლა მე პირობებს მიყენებ?
- საზღვრებს გისაზღვრავ. - სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. ბასრი. კაცმა მზერა მოარიდა. რამდენიმე წამი საჭეს უყურებდა. მერე ჩუმად, თითქმის კბილებში გამოსცრა:
- არ მომწონს ეს ამბავი.
- არ არის აუცილებელი მოგწონდეს.
- შენ გგონია, ასე მარტივად იქნება ყველაფერი? - ენი მისკენ შეტრიალდა.
- მარტივი არაფერი ყოფილა. არც ახლა მგონია.
- და მაინც აკეთებ.
- იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებაა. - კაცმა მწარედ გაიღიმა.
- შენი ცხოვრება... ძალიან კარგად მოგირგია ეს სიტყვები. - ენმა პასუხი აღარ გასცა. არ აპირებდა საკუთარი თავისუფლების დაცვას ისე, თითქოს სასამართლოზე იდგა და დანაშაულის უდანაშაულობაში უნდა დაერწმუნებინა ვინმე. ზოგი გადაწყვეტილება ახსნას არ საჭიროებს. მხოლოდ პატივისცემას. მაგრამ კაცს სწორედ ეს არ შეეძლო.
მისთვის ენის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ შეურაცხყოფას ჰგავდა. თითქოს ქალმა, რომელმაც ერთხელ მისი ცხოვრება დატოვა, ვალდებული იყო, ემოციურადაც სადღაც ახლოს დარჩენილიყო. საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ მისი განწყობისთვის ანგარიში გაეწია. საკმარისად შორს იმისთვის, რომ დაბრუნება არ მოეთხოვა. მაგრამ არასოდეს იმდენად თავისუფალი, რომ სხვა კაცთან ბედნიერება გაებედა. - ბავშვებმა იციან? - იკითხა ბოლოს.
- უფროსმა იცის. - კაცმა მკვეთრად შეხედა.
- შენ უთხარი?
- კი.
- ჩემთან შეუთანხმებლად?
- ამაზე შენი ნებართვა არ მჭირდებოდა.
- მე მათი მამა ვარ!
- და ყოველთვის იქნები. ამას არავინ გართმევს. კაცმა ხელი საჭეს დაჰკრა.
ენი უნებურად შეკრთა. ძალიან ოდნავ. თითქმის შეუმჩნევლად. მაგრამ თვითონ იგრძნო. და ეს პატარა მოძრაობა ყველაზე მეტად ეწყინა. არა იმიტომ, რომ შეეშინდა. იმიტომ, რომ საკუთარ სხეულში ისევ აღმოაჩინა ქალი, რომელსაც ეგონა, რომ უკვე საბოლოოდ დაემშვიდობა. კაცმაც შენიშნა. მის სახეზე წამით რაღაც შეიცვალა. მაგრამ სინანული არ ყოფილა. უფრო ის კმაყოფილება, რომელსაც ადამიანი მაშინ გრძნობს, როცა ხვდება, რომ ძველი გავლენა ბოლომდე არ დაუკარგავს. ენმა კარის სახელურს დახედა. მერე კაცს. - სახლში წამიყვანე.
- ჯერ არ დაგვისრულებია.
- მე დავასრულე.
- ენ...
- სახლში წამიყვანე. ამჯერად მისი ხმა აღარ კანკალებდა. კაცმა რამდენიმე წამი უყურა. მერე მანქანა დაძრა.
------
ქალაქის მეორე მხარეს გიორგი მეგობრებთან ერთად იჯდა. პატარა რესტორანში, სადაც ხის მაგიდებს შორის შემწვარი ხორცისა და ახლად გამომცხვარი პურის სუნი ტრიალებდა, კედლებზე ძველი ფოტოები ეკიდა და მიმტანებს მუდმივად ეჩქარებოდათ.
მაგიდასთან სიცილი არ წყდებოდა. გიორგის მეგობრები იმ ადამიანებს ეკუთვნოდნენ, რომლებმაც მისი ცხოვრების რამდენიმე განსხვავებული ვერსია იცოდნენ. იცნობდნენ ახალგაზრდა გიორგის, რომელსაც ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა. იცნობდნენ შეყვარებულ გიორგის. ქმარს. მამას. მერე იმ გიორგისაც, რომელსაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში თითქოს საკუთარი ხმის ნაწილი დაეკარგა. მის გვერდით იყვნენ მაშინაც, როცა სიტყვები ვერაფერს შველოდა. და ახლა, როცა მასში რაღაც ძველი სიცოცხლე დაბრუნებულიყო, ამ ცვლილებას სხვებზე ადრე ამჩნევდნენ.
- მოკლედ. - დაიწყო ერთ-ერთმა. - რამდენ ხანს აპირებ ამ ქალის დამალვას? - გიორგიმ ჭიქა დადგა.
- არ ვმალავ.
- აბა, რატომ არ გვაცნობ?
- იმიტომ, რომ თქვენთან ადამიანის გაცნობა მარტივი საქმე არ არის. - მეგობრებს გაეცინათ.
- ესე იგი სერიოზულადაა საქმე? - გიორგიმ თავი ოდნავ დახარა. გაეღიმა.
- სერიოზულადაა. - სიტყვა მაგიდასთან რამდენიმე წამით დარჩა. მეგობრებს ერთმანეთისთვის გადახედვა არ დასჭირვებიათ. ყველამ გაიგო. ამჯერად გიორგი არ ხუმრობდა.
- გიყვარს? - ჰკითხა ერთ-ერთმა.
გიორგიმ მშვიდად უპასუხა:
- ჰო. - სიჩუმე ძალიან ხანმოკლე იყო.
მერე მეგობარმა ჭიქა ასწია.
- მაშინ ამას გაუმარჯოს. - გიორგიმ გაიღიმა. ჭიქები ერთმანეთს შეეხო.
მაგრამ ამ პატარა ჟესტში რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სადღეგრძელო. მეგობრები არ ზეიმობდნენ მხოლოდ ახალი ქალის გამოჩენას მის ცხოვრებაში. ისინი ზეიმობდნენ გიორგის დაბრუნებას. იმ ადამიანისას, ოდესღაც რომ ეგონათ, ბედნიერების ერთი ნაწილი სამუდამოდ დაკარგა.
- კარგი. - თქვა გიორგიმ ბოლოს. - გაგაცნობთ.
- როგორც იქნა!
- მაგრამ ჯერ ენს უნდა ვკითხო.
- რატომ? - გიორგიმ წარბი ასწია.
- იმიტომ, რომ ადამიანი ნივთი არ არის, სადაც მომინდება, იქ რომ მივიყვანო. - გასაგებია, ბატონო შეყვარებულო. სიცილი ისევ ატყდა. გიორგიც იცინოდა. და ამ სიცილში არ ყოფილა არც დანაშაულის განცდა, არც წარსულის ღალატი. იყო მხოლოდ ის მშვიდი სიხარული, რომელიც ადამიანს მაშინ უბრუნდება, როცა ხვდება, რომ სიცოცხლე მისგან ჯერ კიდევ რაღაც კარგს ელოდება.

ენის ყოფილი ქმარი მთელი გზა დუმდა. მანქანის სალონში გათბობა ჩართული იყო, მაგრამ ქალს მაინც სციოდა. ეს სიცივე კანს არ ეხებოდა. სადღაც შიგნით იდგა. ისეთი, რომელსაც არც პალტო შველის და არც ცხელი ჩაი. ენი ფანჯარაში იყურებოდა. ქუჩები იცვლებოდა. შუქნიშნები. ვიტრინები. სველი ტროტუარები. მაგრამ კაცის გვერდით ჯდომის განცდა უცნაურად უცვლელი რჩებოდა. თითქოს დრო მხოლოდ გარეთ მოძრაობდა. სალონში კი წლების წინ გაჩერდა.
- ერთ რამეს გეტყვი. - თქვა კაცმა მოულოდნელად. ენმა თავი არ მიუბრუნა.
- გისმენ.
- ეს ამბავი უნდა დაამთავრო. - ქალმა ნელა შეხედა.
- არა. - კაცს გაეცინა. მოკლედ. უსიამოვნოდ.
- კარგად დაფიქრდი.
- უკვე დავფიქრდი.
- შენ გგონია, მე ამას შევეგუები?
- შენი შეგუება ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. - კაცმა საჭეს უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.
- სხვა კაცთან ყოფნის უფლებას არ მოგცემ. - სიტყვები სალონში დარჩა. მძიმე. უცხო. და ამავე დროს საშინლად ნაცნობი. ენი რამდენიმე წამი უყურებდა. მისი წარსული სწორედ ამ წინადადებაში იყო მოქცეული. უფლებას არ მოგცემ. რამდენჯერ მოესმინა მსგავსი სიტყვები სხვა ფორმით. არ წახვიდე. არ ჩაიცვა. არ შეხვდე. არ მითხრა. არ გაბედო. თითქოს მისი ცხოვრება სხვისი ნებართვებისგან შედგებოდა. თითქოს ქალი კი არა, მუდმივად გასაკონტროლებელი საზღვარი ყოფილიყო. ენმა ღრმად ჩაისუნთქა.
- შენ აღარ გაქვს უფლება, რამე ამიკრძალო. კაცმა მკვეთრად შეხედა.
- ვნახავთ.
- არა. - შეაწყვეტინა ენმა. - ვერაფერს ვნახავთ. ეს უკვე დასრულებულია. მის ხმაში ყვირილი არ ყოფილა. არც სიბრაზე. იყო მხოლოდ საბოლოოობა. ისეთი, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ წლების განმავლობაში სწავლობს. - მე შენთან მხოლოდ ჩვენი შვილები მაკავშირებს. მათთან დაკავშირებით ყოველთვის შეგეძლება ჩემთან საუბარი. დანარჩენი ჩემი ცხოვრება შენ არ გეკუთვნის. - კაცი გაჩუმდა. მაგრამ ენმა იცოდა, რომ ეს სიჩუმე თანხმობა არ იყო. უფრო დროებითი შეჩერება იყო. გაბრაზების გადადება. მანქანა მისი კორპუსის წინ გაჩერდა. ენი ღვედს შეეხო.
- კიდევ ერთი რამ. - თქვა კაცმა. ქალმა შეხედა. - ამ თემას ასე არ დავტოვებ. - ენმა კარის სახელური ჩამოსწია.
- შენ რასაც გადაწყვეტ, შენი პასუხისმგებლობაა. მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მივიღე. კარი გააღო. ცივი ჰაერი სახეზე მოხვდა. და უცნაურად იგრძნო შვება. თითქოს მანქანის სალონიდან გამოსვლისას მხოლოდ ჰაერი კი არა, საკუთარი სხეულიც დაიბრუნა. კაცს არაფერი უთქვამს. ენი კორპუსისკენ წავიდა. უკან არ მოუხედავს. მაგრამ სანამ სადარბაზოს კარს შეაღებდა, მანქანის ძრავის ხმა ჯერ კიდევ ესმოდა. და ეს ხმა იმაზე დიდხანს გაჰყვა, ვიდრე უნდოდა.

იმავე დროს გიორგის საღამო დასასრულს უახლოვდებოდა. მეგობრები ისევ იცინოდნენ. რაღაც ძველ ამბავს იხსენებდა. ვიღაც ამტკიცებდა, რომ გიორგის შეყვარება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შეამჩნია. გიორგი მათ უსმენდა და ხანდახან ტელეფონს დახედავდა. ენისთვის მიწერა უნდოდა. მოეყოლა, როგორ აიძულეს მეგობრებმა პირობა მიეცა, რომ მალე გააცნობდა. წარმოედგინა კიდეც მისი რეაქცია.
ალბათ ჯერ თვალებს გადაატრიალებდა. მერე ჰკითხავდა, რამდენნი იყვნენ.
შემდეგ კი აუცილებლად იტყოდა, რომ თუ ვინმე ზედმეტ კითხვას დაუსვამდა, პასუხზე პასუხისმგებელი არ იქნებოდა. ამ წარმოდგენაზე გიორგის გაეღიმა. მან ჯერ არ იცოდა, რომ იმავე ქალაქში ენი სახლში ბრუნდებოდა სრულიად სხვა საღამოდან. არ იცოდა, რომ მისმა სახელმა იმ დღეს სხვის პირში მუქარის მიზეზი მიიღო. არ იცოდა, რომ ქალი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სიყვარულის აღიარებისას თვალებში უყურებდა, ახლა ლიფტის სარკეში საკუთარ სახეს აკვირდებოდა და ცდილობდა, დაძაბულობა მოეშორებინა, სანამ შვილები დაინახავდნენ. ენი მეშვიდე სართულზე ავიდა. ლიფტის კარი გაიღო. დერეფანში ჩვეულებრივი სიჩუმე იდგა. სახლში შევიდა. ფეხსაცმელი გაიხადა. ჩანთა იქვე დადო. ბავშვების ოთახიდან ჩუმი ხმა ისმოდა. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. მისი სახლი. მისი შვილები. მისი ცხოვრება. და მაინც, რაღაც უხილავი უკვე შემოჰყოლოდა. არა კაცი. არა მისი სუნამო. არა მანქანის ჩაკეტილი სივრცე. მხოლოდ ერთი წინადადება. „სხვა კაცთან ყოფნის უფლებას არ მოგცემ.“ ენი სამზარეულოში შევიდა. წყალი დაისხა. ჭიქა ხელში ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. ტელეფონი განათდა. გიორგი იყო.
„კარგი საღამო გამოვიდა. ბიჭები შენს გაცნობას ითხოვენ. ჯერ შენ გკითხავ, რა თქმა უნდა.“
ენი შეტყობინებას უყურებდა.
სახეზე ძალიან სუსტი ღიმილი გამოესახა.
გიორგი მის თანხმობას ელოდებოდა იმისთვისაც კი, რომ მეგობრებისთვის გაეცნო. სხვა კაცი კი იმავე საღამოს მისთვის იმის აკრძალვას ცდილობდა, ვისთან ჰქონოდა ურთიერთობა. რა საოცარი მანძილია ორ ადამიანს შორის.
ზოგჯერ მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის ადამიანს მის გასავლელად. ენმა ტელეფონი ხელში გადაატრიალა. უნდოდა გიორგისთვის ყველაფერი მოეყოლა. მაგრამ ჯერ სიტყვები არ ჰქონდა. ჯერ მხოლოდ დაძაბულობა იყო.
ძველი, სხეულში ჩარჩენილი, უსიამოვნო.
ამიტომ მხოლოდ მოკლე პასუხი მისწერა.
„მიხარია, რომ კარგად გაერთე. ამაზე მერე ვილაპარაკოთ."
გიორგიმ თითქმის მაშინვე უპასუხა.
„კარგი, საყვარელო. დაისვენე.“ ენმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქი განათებული იყო. სადღაც, ამ სინათლეების მიღმა, გიორგი მეგობრებთან ერთად იცინოდა. მის ცხოვრებაში სიყვარული იმ საღამოს თავისუფლებას ჰგავდა. ენის ცხოვრებაში კი იმავე სიყვარულს წარსული დაუდგა წინ და კიდევ ერთხელ მოსთხოვა ნებართვა. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე შეცვლილიყო. ოდესღაც ენი ასეთ საღამოს საკუთარ თავს დაადანაშაულებდა. იფიქრებდა, რა უნდა ეთქვა სხვანაირად. რა არ უნდა გაეკეთებინა. როგორ შეიძლებოდა სხვისი გაბრაზების თავიდან აცილება. ახლა კი მხოლოდ ერთი რამ იცოდა: არაფერი დაუშავებია. უბრალოდ უყვარდა. და ეს სიყვარული არავის საკუთრება არ იყო. მაგრამ იმ ღამეს, როცა შვილებს მშვიდად გაუსწორა საბნები და საკუთარი საძინებლის კარი დახურა, ჯერ კიდევ ვერ მოიშორა განცდა, რომ წარსულს მისთვის საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. გარეთ ქარი ფანჯრებს ეხებოდა. სადღაც შორს მანქანის სიგნალი გაისმა. ენი საწოლზე ჩამოჯდა. და პირველად დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რომ თავისუფლებას ზოგჯერ მხოლოდ მოპოვება კი არა, დაცვაც სჭირდება. იმ საღამოს გიორგი ბედნიერი დაბრუნდა სახლში. ენი - დაძაბული. ერთს მომავლისკენ ჰქონდა მზერა. მეორეს წარსული ისევ ზურგს უკან ამოსდგომოდა. და მათ შორის, ჯერ კიდევ უთქმელი, ერთი საფრთხე იდგა. კაცი, რომელსაც სიყვარული უკვე აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ეგონა, რომ მისი აკრძალვის უფლება ჰქონდა.

დილა წვიმით დაიწყო.ნოემბერი ფანჯრის მინებზე წვრილ, უსასრულო ხაზებს ავლებდა, თითქოს ქალაქს საკუთარი ხელით შლიდა და თავიდან ხატავდა. თბილისი ნესტში გახვეულიყო. სახლების სახურავები ერთმანეთისგან ძლივს ირჩეოდა, შორს, მთების კონტურებს კი ნაცრისფერი ცა თითქმის მთლიანად შთანთქავდა. ენი სამზარეულოში იდგა. ყავა დიდი ხნის წინ გაცივებოდა. ღამით რამდენჯერმე გაეღვიძა. არა კოშმარისგან, არც განსაკუთრებული შიშით. უბრალოდ, გონება ჯიუტად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე მომენტს. მანქანაში დაჯექი. და ის ჩაჯდა. აი, სწორედ ეს იყო ყველაზე აუტანელი. არა კაცის გაბრაზება. არა მისი მუქარა. არც ის საზიზღარი თავდაჯერება, რომლითაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ ენის ცხოვრების განმკარგავად მიიჩნევდა. ყველაზე მეტად საკუთარი მორჩილება სტკიოდა. თითქოს წლების განმავლობაში ნაგები დამოუკიდებლობა ერთმა ნაცნობმა ხმამ წამიერად ჩამოანგრია. თითქოს ქალმა, რომელმაც საკუთარი თავი ამდენი ტკივილის ფასად დაიბრუნა, სადღაც, სხეულის ყველაზე ბნელ კუნჭულში, მაინც შეინახა ძველი ბრძანებების მორჩილი ვერსია.
სამზარეულოში პატარა გოგონა შემოფრატუნდა. თმა ძილისგან აბურდვოდა, ხელში სათამაშო კურდღელი ეჭირა.
- დედა, დღესაც წვიმს? - ენმა ფანჯარას გახედა.
- როგორც ჩანს, წვიმას ჩვენი ქალაქი ძალიან შეუყვარდა.
- მაშინ რატომ ტირის? - ენი წამით გაჩერდა. მერე ჩაიმუხლა და შვილს ლოყაზე აკოცა.
- შეიძლება სიხარულისგანაც ტირიან, ხომ იცი? - ბავშვმა სერიოზულად დაუქნია თავი, თითქოს ეს სრულიად მისაღები ახსნა იყო. ენი წამოდგა. საკუთარ თავს კი ვერაფერი აუხსნა.
გიორგიმ შუადღისას დაურეკა. მისი ხმა ჩვეულებრივზე მხიარული იყო. მეგობრებთან გატარებული საღამო ჯერ კიდევ ეტყობოდა იმ ადამიანური სიმსუბუქით, რომელიც კარგ ურთიერთობებს საუბრის დასრულების შემდეგაც მოჰყვება.
- როგორ არის ჩემი საყვარელი ქალი?
- ყავის აპარატთან ბრძოლაში დამარცხებული.
- ასეთი საშიში მოწინააღმდეგეა?
- განსაკუთრებით მაშინ, როცა ყავას გიმზადებს და დალევას გავიწყებს.
გიორგის გაეცინა. ენსაც. მაგრამ მის სიცილს რაღაც აკლდა. სიცილი ზოგჯერ საოცრად ჰგავს ლამაზად შეფუთულ სიცარიელეს. გარედან ყველაფერი თავის ადგილზეა, შიგნით კი ხმა აღარ აღწევს.
- ენ...
- ჰო?
- რა მოხდა? - ქალმა თვალები დახუჭა.
- არაფერი.
- კარგი. - ეს „კარგი“ არც თანხმობა ყოფილა და არც უნდობლობა.
უბრალოდ, გიორგიმ იგრძნო, რომ ტელეფონი ამ საუბრისთვის შესაფერისი ადგილი არ იყო. - საღამოს გნახავ? - ენი რამდენიმე წამი დუმდა.
- გნახავ.
გიორგის სახლში სითბო იდგა. არა მხოლოდ გათბობისგან. იმ მშვიდი, ადამიანური სითბოსგან, რომელსაც ზოგიერთ სივრცეში ნივთებიც კი ინახავენ. წიგნები თაროებზე, მაგიდაზე დარჩენილი ჭიქა, დივანზე დაუდევრად გადაკიდებული პლედი, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს აქ ცხოვრებას საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა არ სჭირდებოდა. გიორგის ქალიშვილი იმ საღამოს სახლში არ იყო. ენი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და წვიმას უყურებდა. გიორგი სამზარეულოდან ორი ფინჯნით დაბრუნდა. ერთი მის გვერდით დადგა.
- დღესაც ცივ ყავას აპირებ?
- შეიძლება.
- მაშინ ტყუილად მიწვალია. - ენმა სუსტად გაიღიმა. გიორგი მის გვერდით გაჩერდა. რამდენიმე წამი ორივე ფანჯარაში იყურებოდა. მერე ენმა თქვა:
- გუშინ ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ვიყავი. - სიტყვები მოულოდნელად გაისმა. ისე, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში შეკავებულმა სუნთქვამ ბოლოს გამოსასვლელი იპოვა. გიორგის სახეზე ღიმილი გაქრა.
- სად?
- მანქანაში. სამსახურთან დამხვდა.
- თვითონ მოგაკითხა?
- ჰო. - გიორგიმ ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
ნელა. ზედმეტად ნელა.
- და რა უნდოდა? - ენი ფანჯარას მოსცილდა.
- იცის ჩვენ შესახებ. - ოთახში რამდენიმე წამით მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.
- გემუქრებოდა? - იკითხა გიორგიმ. ენმა თავი ოდნავ დახარა.
- თავისი აზრით, ალბათ უბრალოდ მელაპარაკებოდა.
- ენ. - ამჯერად მის ხმაში ისეთი სიმტკიცე გაისმა, ქალმა შეხედა. - გემუქრებოდა?
- მითხრა, სხვა კაცთან ყოფნის უფლებას არ მოგცემო. გიორგი გაშეშდა. არა დიდხანს. მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც ადამიანს სჭირდება იმის გასააზრებლად, რომ მოსმენილი წინადადება მართლაც არსებობდა. მერე ფანჯარას მოშორდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. ენმა მის მოძრაობაში რაღაც ახალი დაინახა. გიორგი იშვიათად კარგავდა წონასწორობას. მის სიმშვიდეში ყოველთვის იყო რაღაც ბუნებრივი, თითქმის ჯიუტი თავდაჯერება. ახლა კი ყბა ისე დაეჭიმა, თითქოს სიტყვებს კბილებს შორის აკავებდა.
- მანქანაში რატომ ჩაჯექი? — იკითხა ბოლოს. კითხვა მშვიდად დასვა. მაგრამ ენს მაინც უსიამოვნოდ მოხვდა.
- მეც მთელი ღამე მაგას ვეკითხებოდი საკუთარ თავს. გიორგიმ შეხედა. ენმა მწარედ გაიღიმა. - იმიტომ, რომ ოდესღაც ასე უფრო უსაფრთხო იყო. - ამჯერად გიორგი აღარ განძრეულა. ქალმა თვალი აარიდა. - იცი, რა არის ყველაზე დამამცირებელი? ის, რომ უკვე აღარ მეშინია მისი. მართლა აღარ მეშინია. შემიძლია თვალებში შევხედო, უარი ვუთხრა, საკუთარი აზრი დავიცვა... მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმ ძველი ტონით ეთქვა „მანქანაში დაჯექი“ და მე...სიტყვა გაუწყდა.
- ჩაჯექი. - ჩუმად დაასრულა გიორგიმ.
ენმა თავი დაუქნია.
- თითქოს სხეულს დაავიწყდა, რომ უკვე თავისუფალი ვარ. - გიორგი ნელა მიუახლოვდა.
- ენ, მე ეს საყვედურად არ მიკითხავს.
- ვიცი.
- არა მგონია, იცოდე. - ქალმა შეხედა. გიორგის თვალებში ბრაზი ჯერ კიდევ იდგა. მაგრამ ის ენისკენ არ იყო მიმართული. - უბრალოდ, იმის წარმოდგენა, რომ შენ გვერდით იჯდა და ისევ იმავე ხმით გელაპარაკებოდა... - წინადადება აღარ დაასრულა. ხელი სახეზე ჩამოისვა. - ჯანდაბა. - ენი პირველად ხედავდა მას ასეთ მდგომარეობაში. არა ხმამაღალს. არა აგრესიულს. უბრალოდ ადამიანს, რომელსაც ბრაზი იმდენად ძლიერად აწვებოდა, რომ საკუთარი სიმშვიდის შენარჩუნება ძალისხმევად უჯდებოდა.
- გიორგი...
- ხელი ხომ არ უხლია?
- არა.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. - გიორგიმ თავი დაუქნია. მერე ღრმად ჩაისუნთქა.
- კარგი. - ეს სიტყვა უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად წარმოთქვა.
ენი მიხვდა. და უცნაურად, სწორედ ამან გაუთბო გული. მის წინაშე იდგა კაცი, რომელსაც შეეძლო გაბრაზებულიყო, მაგრამ არ მიაჩნდა, რომ ბრაზი ვინმეზე ძალაუფლების უფლებას აძლევდა. რამდენად დიდი განსხვავებაა ამ ორს შორის. ზოგი კაცი სიყვარულის სახელით გაკონტროლებს. ზოგი კი სწორედ სიყვარულის გამო სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს.
- იცი, რა არის ყველაზე საშინელი? - იკითხა ენმა. გიორგი მისკენ შეტრიალდა.
- რა?
- რომ გუშინ რამდენიმე წამით ისევ ის ქალი ვიყავი. გიორგიმ შეხედა.
- რომელი ქალი?
- რომელიც მის ხმაზე ჩუმდებოდა. რომელიც წინასწარ ფიქრობდა, რა ეთქვა, რომ არ გაბრაზებულიყო. რომელიც საკუთარ სახლში ნაბიჯების ხმას უსმენდა და ხვდებოდა, როგორი საღამო ელოდა. - ენის ხმა არ კანკალებდა. სწორედ ეს ხდიდა მის სიტყვებს უფრო მძიმეს. ზოგჯერ ტკივილი მაშინ აღწევს ყველაზე ღრმად, როცა უკვე ტირილის გარეშეც შეგიძლია მისი აღწერა.
- არა, ენ. - თქვა გიორგიმ ბოლოს. - გუშინ ის ქალი არ ყოფილხარ. - ენი გაჩუმდა. - უბრალოდ გაგახსენდა, როგორი იყო მის ადგილას ყოფნა.
- რა განსხვავებაა?
- ძალიან დიდი. - გიორგიმ ფანჯრისკენ გაიხედა. - მაშინ არჩევანი არ გქონდა, ან ასე გეგონა. გუშინ კი მანქანიდან გადმოხვედი, უთხარი, რომ შენი ცხოვრება აღარ ეკუთვნის და სახლში დაბრუნდი. - ენი უსმენდა. - შიში რომ გაგახსენდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ იქ ხარ. - ქალს თვალები აუწყლიანდა. სწრაფად დახარა თავი.
- მე მეგონა, ეს ყველაფერი უკვე გავლილი მქონდა.
- შეიძლება გავლილი გქონდეს და მაინც გტკიოდეს. - გიორგიმ ხელი გაუწოდა. არ ჩახუტებია დაუკითხავად. არ მიუზიდავს თავისკენ. უბრალოდ ხელი გაუწოდა. ენი რამდენიმე წამი უყურებდა მის თითებს. მერე საკუთარი ხელი ჩაუდო. ამ პატარა მოძრაობაში იმდენი ნდობა იყო, რომ არც ერთს აღარ დასჭირვებია მისი სახელით მოხსენიება. გიორგიმ ნაზად მოუჭირა თითები. - ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. - ენის სახეზე სიფრთხილემ გაიელვა. გიორგიმ შენიშნა. - არა. - ოდნავ გაეღიმა. - ბრძანებას არ ვაპირებ. - ქალს უნებურად ჩაეცინა.
- აბა?
- თუ ისევ დაგემუქრება, მარტო ნუ დარჩები ამ ამბავთან. მე მითხარი. და თუ საჭირო გახდა, შესაბამისი დახმარებაც მოვიძიოთ. - ენი რამდენიმე წამი ფიქრობდა.
- არ მინდა, ჩემს გამო მასთან დაპირისპირება მოგიწიოს.
- არც მე მინდა მასთან დაპირისპირება.
- მართლა?
- მართლა. მაგრამ ისიც არ მინდა, რომ შენ მისი მუქარები ჩვეულებრივ ამბად მიიღო. - ენი ჩუმად იყო. გიორგიმ დაამატა: - და გადაწყვეტილებებს შენ მიიღებ. მე უბრალოდ შენ გვერდით ვიქნები. - ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს მთელი დღის განმავლობაში პირველად შეძლო ფილტვების ბოლომდე ჰაერით ავსება.
- მისი შეტყობინებები უნდა შევინახო. - თქვა ბოლოს. - და თუ კიდევ დამემუქრება, ამას აღარ დავაიგნორებ.
- კარგი აზრია.
- და მანქანაში აღარ ჩავუჯდები. - გიორგიმ თავი დაუქნია.
- ეგ განსაკუთრებით კარგი აზრია. - ენი მიუახლოვდა. ხელები წელზე შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. გიორგი მოეხვია. გარეთ წვიმა ისევ იმავე მონოტონური სიჯიუტით მოდიოდა, მაგრამ ოთახში რაღაც შეიცვალა. არც საფრთხე გამქრალა. არც წარსული.
უბრალოდ ენს აღარ უწევდა საკუთარი სიმტკიცის დამტკიცება იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც მისი სისუსტის დანახვაც შეეძლო. რამდენიმე წუთი ასე იდგნენ. მერე ენმა თავი ასწია.
- სხვათა შორის, შენი მეგობრების ამბავში რა ხდება? - გიორგის გაეღიმა.
- შენ ახლა მართლა მაგაზე გინდა საუბარი?
- რატომაც არა?
- იმიტომ, რომ ნახევარი საათია ვცდილობ, ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული მამაკაცის შთაბეჭდილება დავტოვო.
- არც ისე კარგად გამოგდის.
- შევამჩნიე. - ენმა პირველად მთელი გულით გაიცინა. გიორგიმ მის სახეს შეხედა. და სწორედ მაშინ მიხვდა, რამდენად მონატრებოდა ეს სიცილი იმ რამდენიმე საათშიც კი, როცა ქალი საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი.
- მოკლედ. - თქვა მან. - ჩემი მეგობრები შენს გაცნობას ითხოვენ.
- ითხოვენ?
- დაჟინებით.
- და შენ რას აპირებ?
- შენს ნებართვას ველოდები. - ენმა წარბი ასწია.
- რა თავაზიანი კაცი ხარ.
- ვცდილობ.
- რამდენნი არიან?
- ოთხნი.
- ოთხი კაცი?
- დიახ.
- და ოთხივე შენნაირია? - გიორგიმ გაიღიმა.
- სამწუხაროდ, უარესები. - ენი ჩაფიქრდა.
- მაშინ ერთი პირობა მაქვს.
- გისმენ.
- თუ ვინმე მკითხავს, როგორ გავიცანით ერთმანეთი, შენ უპასუხებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე აუცილებლად საღებავების ამბავს მოვყვები. - გიორგის სიცილი აუტყდა.
- ენ, გთხოვ.
- განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ყვითელი საღებავი წარბში გქონდა გაჭედილი.
- ეგ ისტორია სამუდამოდ უნდა დაივიწყო.
- ვერაფერს დაგპირდები. - გიორგიმ თავი გააქნია და ქალს შუბლზე აკოცა.
გვიან, როცა ენი წასასვლელად ემზადებოდა, გიორგიმ კართან მიაცილა.
ქალმა პალტო მოიცვა. თმა საყელოდან ამოიწია. მერე მოულოდნელად შეჩერდა.
- გიორგი...
- ჰო?
- მადლობა, რომ არ მითხარი, რა უნდა გამეკეთებინა. - გიორგიმ რამდენიმე წამი უყურა.
- შენ ისედაც იცი, რა უნდა გააკეთო, ენ.
- ყოველთვის არა.
- არც არის აუცილებელი ყოველთვის იცოდე. ენმა ოდნავ გაიღიმა. გიორგიმ კარი გაუღო. და სანამ ქალი ზღურბლს გადააბიჯებდა, ვნებით დაეკრო მის ბაგეებს, არა ისე, თითქოს წასვლას უშლიდა. არამედ ისე, როგორც ადამიანს კოცნიან, რომლის დაბრუნებაშიც დარწმუნებულები არიან.
იმ ღამეს ენი საკუთარ სახლში მშვიდად დაბრუნდა. პატარა გოგონას ეძინა. უფროსი თავის ოთახში კითხულობდა. სამზარეულოში დილის ფინჯანი ისევ ნიჟარასთან იდგა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. და სწორედ ეს ჩვეულებრიობა აღმოჩნდა ყველაზე ძვირფასი. ენმა ფინჯანი გარეცხა, ფანჯარა დახურა და ტელეფონი აიღო.
ყოფილი ქმრისგან ახალი შეტყობინება არ ჰქონდა. ეს ჯერ არაფერს ნიშნავდა.
მაგრამ ამჯერად ენმა ეკრანს შიშით არ დახედა. არც საკუთარ თავს შეჰპირებია, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა. ზოგი საფრთხე მხოლოდ იმიტომ არ ქრება, რომ ჩვენ სიმშვიდე გვინდა. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად იცოდა, რას აღარ დათმობდა.
ტელეფონზე გიორგის შეტყობინება გამოჩნდა.
„სახლში მიხვედი?“
ენმა უპასუხა:
„კი. და უკვე ყავას ვსვამ.“
„ღამის თერთმეტზე?“
„ცივს.“
„ენ, შენ გამოუსწორებელი ხარ.“
ქალს გაეღიმა.
„ვიცი. ამიტომაც გიყვარვარ.“
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
„არა მხოლოდ ამიტომ.“
ენი ფანჯარასთან გაჩერდა. წვიმა შეწყვეტილიყო. მინაზე დარჩენილი წვეთები ნელ-ნელა ჩამოდიოდა, თითქოს ქალაქი დღის უკანასკნელ მძიმე სიტყვებს იშორებდა. ენმა ტელეფონი მკერდთან მიიტანა და თვალები დახუჭა. იმ საღამოს არაფერი დასრულებულა საბოლოოდ. არც საფრთხე. არც წარსულის ჩრდილი. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მაინც შეიცვალა. წარსულს ჯერ კიდევ შეეძლო მის კარზე დაკაკუნება. მხოლოდ ის აღარ შეეძლო, რომ ენს კარი საკუთარი ნებით გაეღო.


11

ნოემბრის საღამოებს ერთი უცნაური თვისება აქვთ, დღის სინათლეს ისე იპარავენ, თითქოს ქალაქს რაღაც დასამალი ჰქონდეს. წვიმა ახალი გადაღებული იყო. გზის საფარზე გაჩენილი გუბეები შენობების განათებულ ფანჯრებს ირეკლავდა, ქარი კი ხეებიდან უკანასკნელ ფოთლებს გლეჯდა და ქუჩაში უსახლკარო წერილებივით დაატარებდა. გიორგი ავტოსადგომისკენ მიდიოდა. სამუშაო დღე ჩვეულებრივზე ხანგრძლივი გამოსვლოდა. ტელეფონში ენის რამდენიმე შეტყობინება ჰქონდა. უკანასკნელი ათი წუთის წინ გამოეგზავნა.
„შენს მეგობრებთან შეხვედრისთვის მორალურად ვემზადები. იმედია, ოთხივე ნორმალურია.“
გიორგის გაეღიმა.
„ოთხიდან ორი ნამდვილად.“
„დანარჩენი ორი?“
„ჩემი მეგობრები არიან. ნუ იქნები ზედმეტად მომთხოვნი.“
ენის პასუხს ჯერ კიდევ კითხულობდა, როცა საკუთარი მანქანის გვერდით მდგარი მამაკაცი შენიშნა. ღიმილი ნელა გაუქრა. კაცი იცნო. რა თქმა უნდა, იცნო.
წლების განმავლობაში არაერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს. სკოლის ღონისძიებებზე, ბავშვების დაბადების დღეებზე, შემთხვევით შეკრებებზე. ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, რამდენიმე თავაზიან სიტყვას უცვლიდნენ. იმ ადამიანებივით, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, გარდა შვილების სამყაროში გადაკვეთილი გზებისა. ახლა კი ამ კაცის აქ ყოფნა შემთხვევითობას არ ჰგავდა. ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთელი საღამო მხოლოდ ამ შეხვედრისთვის დაეხარჯა. გიორგიმ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
- გამარჯობა. - კაცს არ უპასუხია.
- შენთან სალაპარაკო მაქვს. - გიორგი შეჩერდა. ავტოსადგომზე სადღაც მანქანის კარი გაჯახუნა. შორს ძრავის ხმა გაისმა და მალევე მიწყდა.
- გისმენ.
- ჩემს ყოფილ ცოლს თავი დაანებე. - გიორგის მზერა არ შეცვლია.
მხოლოდ რამდენიმე წამით გაჩუმდა.
- ენზე მელაპარაკები?
- ნუ მაბრიყვებ.
- მაშინ პირდაპირ გეტყვი. ენი თვითონ წყვეტს, ვისთან უნდა იყოს. - კაცს ყბა დაეჭიმა.
- შენ გგონია, ყველაფერი ასე მარტივადაა?
- მარტივი არ არის. მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
- ჩემს ოჯახში შემოძვერი. - გიორგიმ ოდნავ დახარა თავი. სიტყვა შემოძვერი უსიამოვნოდ მოხვდა. არა საკუთარი თავის გამო. იმის გამო, თუ როგორი ბუნებრივობით უწოდებდა ეს კაცი ოჯახს იმას, რაზეც უფლება დიდი ხნის წინ დაკარგა.
- შენ შვილების მამა ხარ. - უპასუხა მშვიდად. - ამას არავინ გართმევს. მაგრამ ენთან შენი ქორწინება დასრულებულია.
- შენ ნუ მიხსნი, რა დასრულდა და რა არა. - გიორგიმ აღარ უპასუხა. ზოგჯერ დუმილი საუკეთესო საშუალებაა, ადამიანს საკუთარი სიტყვების სიმახინჯე ბოლომდე მოასმენინო. მაგრამ ეს კაცი დუმილს ვერ იტანდა. მისთვის სიჩუმე თანხმობა არ იყო. გამოწვევა იყო. - იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? - განაგრძო კაცმა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობდით. ჩემს სახლში დადიოდი. ჩემს შვილს იცნობ. და ახლა ჩემს ცოლთან ჟიმაობ. - გიორგის სახეზე პირველად გაჩნდა რაღაც მკაცრი.
- სიტყვები შეარჩიე.
- რატომ? სიმართლე გეწყინა?
- ენზე ასე ნუ ილაპარაკებ. - კაცს ჩაეცინა.
- შეხედე ერთი. დამცველიც გამოუჩნდა. - გიორგიმ თვალებში შეხედა.
- ენს ჩემი დაცვა არ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება ჰქონდეს.
- მაშინ შენ რა გინდა მისგან? - კითხვა მოულოდნელად გულწრფელს დაემსგავსა. თითქოს მთელი მისი აგრესიის მიღმა ერთი შეურაცხყოფილი, გაუგებრობაში დარჩენილი აზრი იდგა: როგორ შეიძლებოდა ქალი, რომელიც ოდესღაც მას ეკუთვნოდა, ახლა სხვას ჰყვარებოდა? - გიორგიმ მშვიდად უპასუხა:
- მიყვარს. - სიტყვა ჰაერში დარჩა. არც განსაკუთრებული სიმაღლით წარმოთქმულა, არც თეატრალური სიმტკიცით. უბრალოდ ითქვა. როგორც ამბობენ იმას, რაც დიდი ხანია საკუთარ თავში გარკვეული აქვთ. კაცმა რამდენიმე წამი უყურა.
- გიყვარს?
- ჰო.
- და გგონია, ამის უფლებას მოგცემ?
- შენი ნებართვა არ მჭირდება. - ყოფილმა ქმარმა მწარედ გაიღიმა.
- მაგარი კაცი ყოფილხარ. - გიორგიმ არაფერი უპასუხა. - ეტყობა, ცოლის სიკვდილის შემდეგ ძალიან მოგბეზრდა მარტოობა. - აი, სწორედ მაშინ შეიცვალა რაღაც. არა გარეთ. არც კაცის სახეზე. გიორგის შიგნით. თითქოს ვიღაცამ ხელით შეეხო ჭრილობას, რომელიც დიდი ხნის წინ შეხორცებულიყო, მაგრამ არასოდეს გამქრალიყო. მისი გარდაცვლილი ცოლი. ქალი, რომლის სახელი ამ საღამოს საერთოდ არ უნდა გაჟღერებულიყო. რომლის ხსოვნა არც ამ კაცს ეკუთვნოდა და არც ამ საზიზღარ საუბარს. გიორგის თითები ნელა შეეკრა. ერთი წამით წარმოუდგა საკუთარი სახლი წლების წინ. სიცილით სავსე ოთახი. ბავშვის პატარა ფეხსაცმელები კართან. ქალის ხმა სამზარეულოდან. და შემდეგ ის სიჩუმე, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დარჩა. კაცმა შეამჩნია, რომ სიტყვამ მიზანს მიაღწია. - რა იყო? - ჩაეცინა. - მტკივნეულ ადგილს შევეხე? - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- ჩემს ცოლს ნუ ახსენებ. - მის ხმაში რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც აქამდე არ ყოფილა. კაცი წამით შეყოვნდა. მაგრამ უკან დახევა უკვე საკუთარ დამარცხებად მიაჩნდა.
- რატომ? შენ ხომ ჩემი ყოფილი ცოლი მიგყავს ახლა იმ საწოლში? - გიორგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- კიდევ ერთხელ გეუბნები. ენზე და ჩემს გარდაცვლილ ცოლზე ასე საუბარს თავი დაანებე.
- თორემ? - ეს ერთი სიტყვა ზოგჯერ მთელ ჩხუბზე უფრო ხმაურიანია. გიორგიმ შეხედა.
- თორემ საუბარს დავასრულებ. - კაცს გაეცინა.
- რა ზრდილობიანი ბიჭი ყოფილხარ. - მერე ხელი ჰკრა. ძლიერად. გიორგი ნახევარი ნაბიჯით უკან გადაიხარა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა.
თვალებში შეხედა.
- ხელი აღარ დამაკარო. - კაცი კიდევ მიუახლოვდა.
- და რას იზამ? მეორე დარტყმა მოულოდნელად წამოვიდა. მუშტი გიორგის ყბასთან მოხვდა. ტკივილი მკვეთრი იყო, ცხელი, თითქმის დამაბრმავებელი. პირში რკინის გემო იგრძნო. ტუჩის კუთხიდან სისხლი წამოუვიდა. რამდენიმე წამით სამყარომ უცნაურად დაკარგა ხმა. გიორგიმ ნელა მოიწმინდა ტუჩი. ხელის ზურგზე სისხლი დაინახა. და მერე კაცს შეხედა. მასში ბრაზი უკვე აღარ იყო მხოლოდ გრძნობა. სხეულში მოძრაობდა. მხრებში. ყბაში. თითებში. იმ უძველესი ინსტინქტით, რომელიც ადამიანს ტკივილის საპასუხოდ ტკივილის მიყენებას სთხოვს. მაგრამ გიორგი ჯერ კიდევ იდგა.
ჯერ კიდევ არჩევდა.
- გეყოფა. - თქვა ჩუმად. - კაცი კიდევ ერთხელ წამოვიდა მისკენ. და ამჯერად გიორგიმ დაარტყა. ერთხელ. მოკლედ, ძლიერად, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე. დარტყმამ კაცი უკან გადააგდო. წონასწორობა დაკარგა და მანქანის გვერდით მუხლზე დაეშვა. გიორგი ადგილზე დარჩა. არ მიჰყოლია. არ უცდია მეორე დარტყმა. მხოლოდ მძიმე სუნთქვა ჰქონდა. მისი შეკრული მუშტი ნელა გაიშალა. ქვემოთ დახედა კაცს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა. და იმ წამს საკუთარ თავში რაღაც საშიში აღმოაჩინა. მას შეეძლო გაეგრძელებინა. შეეძლო მთელი ის ბრაზი, რომელიც ენის მონაყოლიდან გულში ჩარჩენოდა, ამ კაცისთვის დაებრუნებინა. მაგრამ არ გააკეთა. იმიტომ, რომ ძალის გამოყენებასა და ძალადობის გაგრძელებას შორის საზღვარი სწორედ იქ გადიოდა, სადაც მეორე დარტყმა აღარ მოჰყოლია პირველს. კაცი წამოდგა. სახეზე გაცოფება ეწერა.
- ამას ინანებ. - გიორგიმ სისხლიანი ტუჩი ხელის ზურგით მოიწმინდა.
- შეიძლება. მერე პირდაპირ შეხედა. - მაგრამ ერთ რამე მარგად დაიმახაოვრე. ენი არც შენი საკუთრებაა და არც ჩემი. მას ვერ ამიკრძალავ, ვერ დამიმალავ და ვერ მაიძულებ, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებები მივიღო.
- შენ არაფერი გესმის...
- იმაზე მეტი მესმის, ვიდრე გგონია. - გიორგის ხმა ისევ მშვიდდებოდა. სწორედ ეს სიმშვიდე იყო ახლა ყველაზე მძიმე. - ვიცი, რომ ემუქრები. ვიცი, როგორ ელაპარაკებოდი. და ისიც ვიცი, რომ გგონია, ამის უფლება ჯერ კიდევ გაქვს. -
კაცმა მზერა მოარიდა.
- ჩვენს ოჯახში ნუ ერევი.
- თქვენს შვილებთან ურთიერთობაში არ ვერევი. მაგრამ თუ ენს კიდევ დაემუქრები ან ხელს ახლებ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
- პოლიციით მაშინებ?
- არაფრით გაშინებ. გეუბნები, რა მოხდება. - რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. ორი მამაკაცი. ორივე გაბრაზებული. ორივეს სახეზე დარტყმის კვალი. მაგრამ მათ შორის განსხვავება გაცილებით ღრმა იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. ერთს სჯეროდა, რომ სიყვარული უფლებას აძლევდა, ქალი დაემორჩილებინა. მეორეს კი უკვე ესმოდა, რომ სიყვარული ზოგჯერ სწორედ სხვის თავისუფლებასთან შეგუების უნარია. გიორგიმ მანქანის კარი გამოაღო.
- კიდევ ერთი რამ. - კაცი შეჩერდა.
- ენს ამ შეხვედრის შესახებ მე ვეტყვი. და არ მინდა, ამის გამო მასთან მიხვიდე.
- შენ ვერაფერს ამიკრძალავ.
- მართალი ხარ. მაგრამ თუ კიდევ შეავიწროებ, შედეგებზე პასუხს აგებ. - გიორგი მანქანაში ჩაჯდა. კარი დახურა. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელი. არა შიშისგან. იმ ბრაზისგან, რომელსაც სხეული ჯერ კიდევ ვერ იშორებდა.
მანქანის სალონში სიჩუმე იდგა. გიორგიმ სარკეში ჩაიხედა. ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. ყბასთან კანი უწითლდებოდა. მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი სრულად. საჭეს ხელები დააწყო. თვალები დახუჭა. მისი გარდაცვლილი ცოლის სახე გაახსენდა. უცნაურია, როგორ შეუძლია ადამიანს წლების შემდეგაც გული აგიჩქაროს იმ ადამიანის გახსენებამ, რომელსაც ვეღარასოდეს შეხვდები. მერე ენი გაახსენდა. მისი სიცილი. თვალები, რომლებიც ხანდახან საოცრად თამამი იყო, ხანდახან კი რაღაც ძველი ტკივილისგან მოულოდნელად ფერმკრთალდებოდა. და ის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ უთხრა:
„იმიტომ, რომ ოდესღაც ასე უფრო უსაფრთხო იყო.“
გიორგიმ თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. ახლა უკეთ ესმოდა. არა ბოლომდე სხვისი ტკივილის ბოლომდე გაგება ალბათ შეუძლებელიცაა.
მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად ეგრძნო, რამდენი ძალა დასჭირვებოდა ენს საკუთარი თავის დასაბრუნებლად. ტელეფონი აიღო.
ენის ნომერი მოძებნა. რამდენიმე წამი უყურებდა. შეეძლო ხვალამდე მოეცადა.
შეეძლო ტუჩის ამბავი უბრალო შემთხვევად გაესაღებინა. შეეძლო ეთქვა, რომ ყველაფერი მოგვარდა და ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ იყო. მაგრამ ეს ყველაფერი იმ ქალისთვის სიმართლის ნაწილის დამალვა იქნებოდა, რომელსაც სულ ახლახან დაჰპირდა, რომ მის ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად არ მიიღებდა.
დარეკა. ენმა მეორე ზარზე უპასუხა.
- გიორგი? - მის ხმაში ღიმილი ისმოდა. - აბა, რა ხდება? მეგობრებთან შეხვედრის თარიღი დანიშნე უკვე? - გიორგის უნებურად გაეღიმა. გახეთქილმა ტუჩმა მაშინვე შეახსენა თავი.
- ენ, სად ხარ? - ქალის ხმაში რაღაც შეიცვალა.
- სახლში. რა მოხდა? - გიორგიმ ფანჯარაში გაიხედა. გარეთ ისევ წვიმა იწყებოდა.
- შენს ყოფილ ქმარს შევხვდი. -სიჩუმე.
მერე ენის ჩუმი ხმა:
- სად?
- ავტოსადგომზე. მელოდებოდა.
- გიორგი... - ამ ერთ სიტყვაში იმდენი რამ ჩაეტია, რომ კაცმა თვალები დახუჭა.
შიში. დაძაბულობა. და ის ძველი, მტკივნეული მოლოდინი, რომ ვიღაცის გაბრაზებას აუცილებლად ცუდი გაგრძელება ექნებოდა.
- მომისმინე, ენ. კარგად ვარ.
- რა მოხდა? - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- ვიჩხუბეთ. - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენ... - ენს სიტყვა გაუწყდა. - შენ ხომ კარგად ხარ?
- კი.
- გიორგი, სიმართლე მითხარი.
- ტუჩი მაქვს გახეთქილი მეტი არაფერი. -
ენი აღარ პასუხობდა. გიორგიმ იგრძნო, როგორ დაეძაბა გულმკერდი. - ენ...
- მას რა მოუვიდა?
- ერთხელ დავარტყი. - ქალმა ხმამაღლა ამოისუნთქა.
- ღმერთო ჩემო...არ უნდა მომხდარიყო ეს... - გიორგიმ თვალები დახუჭა.
- ვიცი.
- მე არ მინდოდა...
- ენ. - შეაწყვეტინა მშვიდად. - შენ არაფერი გაგიკეთებია. - ქალი გაჩუმდა.
- ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ჩემიც, როგორ მეპასუხა. შენ არც ერთის პასუხისმგებლობა არ გეკისრება. -
რამდენიმე წამი მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ.
მერე ენმა ჩუმად იკითხა:
- ახლა სად ხარ?
- მანქანაში.
- მოდი. - გიორგი გაჩუმდა.
- ენ, გვიანია.
- ვიცი.
- ბავშვები...
- სძინავთ. გიორგი, უბრალოდ მოდი. - მის ხმაში არც ბრძანება იყო და არც მოთხოვნა. იყო რაღაც გაცილებით ძლიერი. სურვილი, რომ საკუთარი თვალით ენახა ადამიანი, რომლის უსაფრთხოებაც ახლა ყველაზე მეტად ადარდებდა. გიორგიმ გასაღები გადაატრიალა.
- მოვდივარ.
ტელეფონი რომ გათიშა, ენი რამდენიმე წამი უძრავად იდგა. ოთახში მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა. მერე ნელა ჩამოჯდა სავარძელზე ხელები მუხლებზე დაიწყო. ძველმა შიშმა ისევ სცადა დაბრუნება. იმ ნაცნობმა, უსიამოვნო განცდამ, რომელიც ჩხუბის შემდეგ ყოველთვის ეუფლებოდა.
ახლა რა მოხდება?
ვინ გაბრაზდება?
ვინ ვის დაადანაშაულებს?
მაგრამ ამჯერად რაღაც სხვაგვარად იყო. გიორგიმ არ დაუმალა. არ უთქვამს, რომ ყველაფერი მისი გულისთვის გააკეთა. არ მოსთხოვა მადლიერება. არც საკუთარი დარტყმა გამოუცხადებია გამარჯვებად. უბრალოდ დაურეკა. უთხრა სიმართლე. და მისცა საშუალება, თვითონ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა იმ საღამოს მისი ნახვა. ენი ფანჯარასთან მივიდა. წვიმის წვეთები მინაზე ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ქვემოთ გრძელ, გამჭვირვალე ნაკადებად ეშვებოდნენ. ქალს უცებ გაახსენდა საკუთარი თავი წლების წინ. რამდენჯერ მდგარა ფანჯარასთან, როცა სახლში კაცის დაბრუნებას ელოდებოდა. რამდენჯერ უგრძნია შიში გასაღების გადატრიალების ხმაზე. ახლა კი ისევ ფანჯარასთან იდგა. ისევ მამაკაცს ელოდებოდა. მაგრამ ამჯერად კარის გაღება უნდოდა.
მთელი გულით. და სწორედ ამ განსხვავებაში იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი, ყველაზე ჩუმი გამარჯვება. ოდესღაც კაცის მოსვლას შიშით ელოდებოდა. ახლა კი სიყვარულით.

წვიმას იმ ღამით თითქოს ქალაქის გარეცხვა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ფანჯრის მინაზე წვეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ზოგი სწრაფად ეშვებოდა, ზოგი შუა გზაში ჩერდებოდა, თითქოს ქვემოთ ჩასვლის ეშინოდა. ქუჩის განათებები მათში იშლებოდა და ხელახლა იკრიბებოდა, პატარა, მოცახცახე ვარსკვლავებად, რომლებსაც მიწაზე დაცემა ჰქონდათ მისჯილი. ენი ფანჯარასთან იდგა. მარცხენა ხელში ტელეფონი ეჭირა, მარჯვენით კი საკუთარი იდაყვი მოექცია, თითქოს სიცივისგან იცავდა თავს. თუმცა სახლში თბილოდა. იმდენად თბილოდა, რომ რამდენიმე წუთის წინ გათბობასაც კი დაუწია. სიცივე სხვაგან ჰქონდა. იმ ადგილას, სადაც შიში იბადება, სანამ გონება მისთვის მიზეზის მოძებნას მოასწრებს. გიორგის ზარის შემდეგ თითქმის ოცი წუთი გასულიყო. ოცი წუთი, რომლის განმავლობაშიც ათჯერ მაინც წარმოიდგინა მისი სახე. გახეთქილი ტუჩი. ჩხუბი. ორი მამაკაცი სველ ავტოსადგომზე. და მათ შორის საკუთარი სახელი, თითქოს რაღაც ნივთი ყოფილიყო, რომელსაც ერთი მეორეს არ უთმობდა. ამ აზრზე ბრაზი მოერია. არავის ჰქონდა უფლება, მისი ცხოვრება ბრძოლის ველად ექცია. მაგრამ ბრაზს სხვა განცდაც ერეოდა. გაცილებით ნაზი და ამიტომ უფრო შემაშფოთებელი. გიორგი დაშავდა. მის გამო კი არა, ეს განსხვავება უკვე ესმოდა. უბრალოდ დაშავდა ადამიანი, რომლის ტკივილიც რატომღაც საკუთარ სხეულში იგრძნო. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ენი ისე სწრაფად შებრუნდა, თითქოს მთელი ეს ოცი წუთი სწორედ ამ ერთი ხმისთვის ეცოცხლა. კარი გააღო. გიორგი ზღურბლზე იდგა. შავი პალტოს მხრებზე წვიმის წვრილი წვეთები უბრწყინავდა, თმა ოდნავ დასველებოდა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ თვალებში ისევ ის ნაცნობი სიმშვიდე ჰქონდა, რომელიც ენს ზოგჯერ აღიზიანებდა კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად მთელი შინაგანი სამყარო თავდაყირა ედგა. მერე მის ტუჩს შეხედა. ღიმილი, რომლითაც გიორგი მისალმებას აპირებდა, ქალს სახეზე შეეყინა.
- ღმერთო, გიორგი...
- გამარჯობა შენც.
- ნუ ხუმრობ.
- არც ვაპირებდი. უბრალოდ ძალიან მკაცრად მიყურებ. - ენმა პალტოს საყელოში ჩაავლო ხელი და სახლში შეიყვანა.
- შემოდი. - კარი დაკეტა. რამდენიმე წამით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ენის მზერა მის სახეზე მოძრაობდა, თითქოს თითოეული დაზიანების სიმძიმეს ცალ-ცალკე ითვლიდა. გტკივა? - ჰკითხა ბოლოს.
- ცოტა.
- მატყუებ?
- ასატანად. - ენმა თავი გააქნია.
- წამოდი. - სამზარეულოში შუქი აანთო. კარადიდან პატარა სამედიცინო ყუთი გამოიღო, შემდეგ მაცივრიდან ცივი კომპრესი მოამზადა. გიორგი მაგიდასთან ჩამოჯდა. საოცარი იყო, როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე მამაკაცი ცოტა ხნის წინ სიბნელეში მუშტშეკრული მდგარიყო, ახლა კი სრულიად მორჩილად მჯდარიყო სამზარეულოში და ქალისთვის საკუთარი დაზიანებული სახის დათვალიერების უფლება მიეცა. ენი მის წინ დადგა. - თავი ასწიე. - გიორგიმაც ასწია. - ცოტა მარჯვნივ. - დაემორჩილა.
- არ გაინძრე.
- ენ, შემთხვევით დაკითხვაზე ხომ არ ვარ?
- უარესზე. - გიორგის გაეღიმა. ტკივილისგან მაშინვე შეიჭმუხნა. - აი, ხომ ხედავ! - გაბრაზდა ქალი. - რა გაცინებს?
- შენ. - ენი წამით შეჩერდა. მის ხელში მარლის პატარა ნაჭერი უძრავად დარჩა.
შემდეგ ძალიან ფრთხილად შეეხო გიორგის ტუჩის კუთხეს. კაცმა თვალები დახუჭა. ქალის თითებს საპნისა და რაღაც მსუბუქი, ნაცნობი სურნელი ასდიოდა. იმდენად ახლოს იდგა, რომ გიორგი მისი სუნთქვის სითბოსაც გრძნობდა.
- რატომ არ წამოხვედი მაშინვე? - იკითხა ენმა ჩუმად.
- იმიტომ, რომ თავიდან მეგონა, ლაპარაკით დასრულდებოდა.
- და მერე?
- მერე მივხვდი, რომ ზოგიერთ ადამიანს საუბარი მხოლოდ მაშინ უნდა, როცა მეორე ჩუმად უსმენს. - ენმა ხელი შეაჩერა.
- ჩემი ყოფილი ქმარი ასეთია.
- ვიცი.
- არა, გიორგი. შენ ყველაფერი არ იცი. - კაცმა თვალები გაახილა.
- მართალი ხარ. - ამ უბრალო თანხმობამ ენი მოულოდნელად დაადუმა. გიორგიმ მისი ხელი ნაზად დაიჭირა. - და არც ვაპირებ, თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს ვიცი. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, შენგან პასუხს არ მოითხოვს. ენი მის თვალებს უყურებდა.
- მან შენს ცოლზე რაღაც თქვა, არა? - გიორგის სახეზე თითქმის შეუმჩნეველმა ჩრდილმა გადაიარა. ქალმა მაშინვე გაიგო. ზოგჯერ ადამიანს სიტყვებზე მეტად ის ერთი წამი ამხელს, როცა პასუხის გაცემამდე სუნთქვა ავიწყდება.
- ჰო. - თქვა გიორგიმ.
- რა თქვა?
- მნიშვნელობა არ აქვს.
- შენთვის ჰქონდა. - გიორგიმ მზერა დახარა. გარეთ წვიმა მინას უფრო ძლიერად აწყდებოდა.
- ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ადამიანი, რომელსაც ის საერთოდ არ იცნობდა, მის ხსოვნას ისე შეეხო, თითქოს ჩვეულებრივი იარაღი ყოფილიყო. - ენი გაჩუმდა. მის წინ აღარ იჯდა მხოლოდ ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა სწორი სიტყვების პოვნას. მის წინ იჯდა კაცი, რომელსაც ოდესღაც მთელი სამყარო ერთ ადამიანში ეტეოდა და შემდეგ ეს ადამიანი გამოეცალა. ენი ოდნავ დაიხარა. შუბლზე აკოცა. არა როგორც შეყვარებულმა, რომელსაც ალერსი უნდოდა. როგორც ადამიანმა, რომელსაც სხვისი ტკივილის პატივისცემა შეეძლო.
- ძალიან ვწუხვარ. - ჩასჩურჩულა. - გიორგიმ ხელი წელზე შემოხვია.
- ვიცი.
მოგვიანებით მისაღებში გადავიდნენ. სამზარეულოს შუქი ჩააქრეს. ოთახში მხოლოდ კუთხის სანათი ანათებდა, რომლის რბილი, თაფლისფერი ნათება სავარძელს, ხის იატაკსა და ფანჯარასთან ჩამოშვებულ ფარდებს ედებოდა. ქალაქი გარეთ თავის ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა. სადღაც მანქანა ჩაივლიდა, შორს ძაღლი დაიყეფებდა, წვიმა კი შეუჩერებლად წერდა რაღაცას მინაზე. გიორგი სავარძელზე იჯდა. ენი მის გვერდით, ფეხებაკეცილი, მხრით მიყრდნობოდა. დიდხანს არ საუბრობდნენ. ეს სიჩუმე იმ უხერხულ სიჩუმეებს არ ჰგავდა, რომელშიც ადამიანები სასწრაფოდ ეძებენ თემას, რათა ერთმანეთის არსებობა გაამართლონ. პირიქით. თითქოს ორივეს საკმარისად ბევრი ეთქვა და ახლა სიტყვებისგან დასვენება სჭირდებოდათ. გიორგის ხელი ენის თმაში ჰქონდა ჩაფლული. თითებს ნელა ატარებდა მუქ, რბილ ტალღებში.
- იცი, რა არის უცნაური? - თქვა ბოლოს ენმა.
- რა?
- დღეს რომ დამირეკე, შემეშინდა.
- ბუნებრივია.
- არა მხოლოდ იმის გამო, რომ დაშავდი. - გიორგი დაელოდა. - შემეშინდა, რომ ყველაფერი ისევ ისე დაიწყებოდა. ჩხუბი, ბრაზი, ახსნა-განმარტებები... მერე ვიღაც აუცილებლად მეტყოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. - გიორგიმ თმაზე ხელი შეაჩერა.
- მე არ გეტყვი.
- ვიცი. - და სწორედ ამ ორმა სიტყვამ შეაშინა ენი ყველაზე მეტად. ვიცი. როგორ შეუმჩნევლად გაჩნდა ეს დარწმუნება? როდის მოასწრო ამ კაცმა მის ცხოვრებაში ისეთი ადგილის დაკავება, სადაც მუდმივი ეჭვი აღარ იყო საჭირო? გიორგიმ თავი ოდნავ დახარა.
- რაზე ფიქრობ? - ენმა შეხედა.
- იმაზე, რომ საშინლად არახელსაყრელ დროს შემიყვარდი. - გიორგის თვალებში ღიმილი გაჩნდა.
- მე პირიქით მგონია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ აქამდე არ გიცნობდი ასე.
- და ახლა მიცნობ?
- ყოველდღე ცოტა უფრო მეტად. - ენმა რამდენიმე წამი უყურა. მერე ფრთხილად შეეხო მის სახეს.
- ტუჩი ისევ გტკივა?
- მხოლოდ მაშინ, როცა მეკითხები.
- ანუ თუ გაკოცებ...
- სამედიცინო თვალსაზრისით, შემოწმება აუცილებელია. ენმა გაიცინა. მერე ძალიან ფრთხილად აკოცა. ისე, თითქოს მისი ტუჩები მინისგან ყოფილიყო და ოდნავი მოუფრთხილებლობით დაიმსხვრეოდა. გიორგიმ ხელი კეფაზე შემოხვია. კოცნა წამით გაგრძელდა. მერე კიდევ ერთით. და კიდევ. თავდაპირველად ეს მხოლოდ სინაზე იყო, ჩუმი, ფრთხილი, თითქმის სამკურნალო. მაგრამ ზოგჯერ სურვილი სწორედ იქ იღვიძებს, სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. ენის თითები გიორგის თმაში შეერია. კაცმა ოდნავ უკან დაიხია, მის თვალებში ჩაიხედა. თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა. ენმა პასუხად თვითონ აკოცა. ამჯერად უფრო თამამად.
ოთახში თითქოს ჰაერი შეიცვალა. სანათის თბილი შუქი ისევ იმავე ადგილას იდგა. წვიმაც ისევ იმავე მინას ეცემოდა. მაგრამ სამყაროს ჩვეულებრივმა საგნებმა მნიშვნელობა დაკარგეს. გიორგიმ ენი წელზე შემოხვეული ხელებით ახლოს მიიზიდა. ქალი მის კალთაში აღმოჩნდა, მუხლებით დივანზე დაყრდნობილი. გიორგის ხელები მის ზურგზე გაჩერდა, თითქოს ამ სიახლოვეს ჯერ კიდევ ეჩვეოდა.
ენი იღიმოდა.
- ფრთხილად. - ჩასჩურჩულა. - ტუჩი.
- მგონი უკვე აღარ მტკივა.
- მატყუარა.
- შესაძლებელია. კიდევ აკოცა. ამჯერად ენს აღარ გასცინებია. მისი ხელები გიორგის მხრებზე დაეშვა, შემდეგ კისერზე შემოეხვია. კოცნებს შორის სუნთქვა ერეოდათ, ერთმანეთის სახეს თითებით სწავლობდნენ, თითქოს აქამდე მხოლოდ გარეკანი წაეკითხოთ და ახლა პირველად გადაეშალათ წიგნი. გიორგის ტუჩები მის ლოყას შეეხო, მერე საფეთქელს, ყურის ქვემოთ გაჩერდა. ენმა თვალები დახუჭა. დიდი ხანი იყო, რაც სხვისი სიახლოვე ასე არ უნდოდა. არა იმიტომ, რომ მარტოობა უჭირდა. არა იმიტომ, რომ რაღაც სიცარიელეს ავსებდა. უბრალოდ ეს კაცი უნდოდა. მისი ხელები. მისი სუნთქვა. მისი სიმშვიდე, რომელიც ახლა თავადაც ოდნავ დაკარგული ჰქონდა.
გიორგიმ ისევ შეხედა. - კარგად ხარ? - ენმა თავი დაუქნია.
- ძალიან. - და კვლავ აკოცა. მათი მოძრაობები ნელ-ნელა უფრო თავისუფალი გახდა. ენს თმა მხრებზე ჩამოეშალა. გიორგის შავი ზედა სავარძლის საზურგეზე აღმოჩნდა, ქალის თხელი ნაქსოვი სვიტერი კი ცოტა ხანში მის გვერდით ეგდო. ახლა მათ შორის თითქმის აღარაფერი რჩებოდა იმ ფრთხილი მანძილიდან, რომელსაც აქამდე ყოველთვის ინარჩუნებდნენ. გიორგის ხელი ენის შიშველ ზურგს შეეხო. ქალს მსუბუქმა ჟრუანტელმა დაუარა. კაცმა შუბლზე აკოცა, შემდეგ მხარზე. ენი მის მკერდს მიეყრდნო, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა და ისეთი სიმშვიდე იგრძნო, რომელიც სურვილს არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა. გიორგიმ სახე აუწია.
ისევ აკოცეს ერთმანეთს. და სწორედ მაშინ... სადღაც დერეფანში იატაკმა ოდნავ გაიჭრიალა. ენი ერთბაშად გაირინდა. თვალები გაახილა. გიორგიმ მაშინვე შეწყვიტა მოძრაობა.
- რა მოხდა? - ქალმა დერეფნისკენ გაიხედა. რამდენიმე წამი უსმენდა.
სიჩუმე. მერე ძალიან ნელა დაუბრუნდა გიორგის მზერას.
- ბავშვები. კაცმა მაშინვე გაიგო.
ხელი, რომელიც მის ზურგზე ჰქონდა შემოხვეული, მშვიდად მოაშორა.
- ჰო. ენი ისევ მის კალთაში იჯდა, თმა არეული ჰქონდა, ლოყები აწითლებოდა და სახეზე ისეთი გამომეტყველება ეწერა, თითქოს საკუთარი თავი დანაშაულის ადგილზე გამოეჭიროს.
- ღმერთო ჩემო. - ჩაიჩურჩულა და სიცილი აუტყდა. - გვერდით ოთახში ბავშვებს სძინავთ. - გიორგიმ დერეფნისკენ გაიხედა. მერე ისევ ენს შეხედა.
- საკმაოდ მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტალია. - ენმა სიცილით შუბლზე მიადო ხელი.
- გიორგი!
- რა? ერთი კედელი გვაშორებს მშობელთა კრებას. - ქალმა სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი აიფარა.
- ჩუმად!
- მე ჩუმად ვარ. შენ იცინი.
- იმიტომ, რომ სულელი ხარ. - გიორგიმ სვიტერი აიღო და მიაწოდა.
- ჩაიცვი, სანამ შენი უფროსი ქალიშვილი ოთახში შემოვა და ორივეს ახსნა-განმარტებით ბარათებს შეგვავსებინებს. ენმა სვიტერი გამოართვა.
- ჩემი შვილი შენს შვილზე უარესი არ არის.
- ჩემს შვილს დაკითხვის დროს თვალის დახამხამებაც კი არ უყვარს.
- ჩემსას მტკიცებულებების შეგროვება შეუძლია.
- მშვენიერია. მომავალში იურიდიული პრობლემები არ მოგვაკლდება. - ორივეს ისევ გაეცინა. გიორგიმ ენს აკოცა და დივანზე გვერდით დაისვა. სურვილი არსად გამქრალიყო. ის ისევ იქ იყო, მათ შორის, თბილი, ცოცხალი, მოუთმენელი.
მაგრამ მას ახლა კიდევ ერთი რამ შეემატა. სითბო, რომელიც ერთმანეთის საზღვრების გაგებას მოჰყვება. ენი მხარზე მიეყრდნო.
- მაპატიე. - თქვა ჩუმად. გიორგიმ გაკვირვებით დახედა.
- რისთვის?
- არ ვიცი... ასე რომ გავჩერდით. გიორგიმ თითებით ნიკაპი აუწია.
- ენ, შეჩერებისთვის ბოდიშს ნუ მიხდი. - ქალმა შეხედა.
- უბრალოდ არ მინდა იფიქრო, რომ...
- ვიცი, რომ გინდა, - მშვიდად უთხრა გიორგიმ. - მეც მინდა. ძალიან. ენმა თავი დახარა და გაეღიმა.
- ეგ შევამჩნიე.
- მაშინ შეთანხმებულები ვართ.
- რაზე?
- რომ მომავალში უკეთესი ადგილი უნდა შევარჩიოთ. - ენმა სიცილით მხარზე უბიძგა.
- შენ მართლა გამოუსწორებელი ხარ.
- არა. უბრალოდ ორგანიზებული. - რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ. მერე ენმა თავი ასწია.
- გიორგი?
- ჰო?
- არ მინდა, რომ ეს უბრალოდ რაღაც მომენტი იყოს. - გიორგის ღიმილი ოდნავ გაუნელდა. მაგრამ არა სევდისგან. მისი თვალები უფრო სერიოზული გახდა.
- არც მე.
- და არც მინდა, რომ იმიტომ მოხდეს, თითქოს უკვე დროა. - გიორგიმ ხელი ხელზე დაადო.
- მაშინ იმიტომ მოხდება, რომ ორივეს მოგვინდება. იქ, სადაც მშვიდად ვიქნებით. - ენი დიდხანს უყურებდა. შემდეგ თავი მის მხარზე მიაყრდნო. ფანჯრის მიღმა წვიმა ნელდებოდა. ოთახში ისევ ჩვეულებრივი ღამის სიმშვიდე დაბრუნდა, თუმცა დივნის საზურგეზე დარჩენილი გიორგის ზედა და ენის ოდნავ არეული თმა აშკარად ამტკიცებდა, რომ ამ სიმშვიდეს ცოტა ხნის წინ სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
- იცი, რა არის ყველაზე ცუდი? - ჩაილაპარაკა ენმა.
- რა?
- ახლა რომ წახვალ, ძალიან მომენატრები. - გიორგიმ თმაზე აკოცა.
- მეც.
- და ყველაზე უარესი იცი, რა არის?
- მითხარი. ენმა თავი ასწია და ეშმაკურად შეხედა.
- შემდეგ ჯერზე ბავშვების ოთახამდე მანძილს წინასწარ გავზომავ.
გიორგის გაეცინა. - გახეთქილმა ტუჩმა ისევ შეახსენა თავი.
- ჯანდაბა, ენ!
- რა მოხდა?
- ნუ მაცინებ! - ქალმა მის ტუჩს ფრთხილად აკოცა.
- კარგი. აღარ გაგაცინებ.
- ამას რატომღაც ვერ ვიჯერებ.
ცოტა ხნის შემდეგ გიორგი წავიდა. კართან კიდევ ერთხელ აკოცა ენს, მოკლედ, მაგრამ იმ დაპირებით, რომელსაც სიტყვები არ სჭირდებოდა. ქალმა კარი დაკეტა და რამდენიმე წამით ზურგით მიეყრდნო. მისაღებში ისევ ის თბილი სინათლე ენთო. დივანზე ბალიში გადაბრუნებულიყო. მაგიდაზე ორი გაუციებელი ჩაის ფინჯანი იდგა, რომელთათვისაც მთელი საღამოს განმავლობაში თითქმის არავის მიუქცევია ყურადღება. ენი ნელა გაემართა ბავშვების ოთახისკენ. კარი ფრთხილად შეაღო. ორივე გოგონას ეძინა. უფროსს საბანი ნახევრად გადაეხადა, პატარას კი სათამაშო გულში ჩაეკრა. ქალმა საბანი გაუსწორა. მერე რამდენიმე წამით უყურა მათ. უცნაური რამ იყო ცხოვრება. ერთ ოთახში მისი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მშვიდად სუნთქავდა. მეორეში კი ცოტა ხნის წინ მისი ყველაზე მოულოდნელი ბედნიერება იჯდა. და პირველად არ ეჩვენებოდა, რომ ამ ორ სამყაროს ერთმანეთისთვის ადგილი უნდა წაერთმია. ფრთხილად დახურა კარი.
ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
გიორგი: „სახლში მივედი.“
ენს გაეღიმა.
ენი: „ტუჩზე რამე დაიდე.“
გიორგი: „დავიდებ.“
ენი: „და შემდეგ ჯერზე ჩხუბი არ გაბედო.“
გიორგი: „შემდეგ ჯერზე სხვა გეგმები მაქვს.“
ენი რამდენიმე წამი უყურებდა ეკრანს.
შემდეგ მისწერა:
„იმედია, უკეთესი.“
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
„ბევრად უკეთესი. და ამჯერად კედლის მეორე მხარეს არავის ეძინება.“
ენმა ტელეფონი გულზე მიიდო და ჩუმად გაიცინა. გარეთ წვიმა საბოლოოდ შეწყდა.
ქალაქის თავზე ღრუბლები ნელა იშლებოდა. და იმ ღამით ენმა პირველად იგრძნო, რომ ზოგჯერ ყველაზე ვნებიანი დაპირება ის არ არის, რაც უკვე მოხდა.
არამედ ის, რისთვისაც ორი ადამიანი სიამოვნებით იცდის.


12

შემოდგომას ბევრ სხვა თვისებას შორის ერთი უცნაური თვისება აქვს, შეუძლია, ერთდროულად გაგახსენოს ყველაფერი, რაც დაკარგე, და მოგანდომოს ყველაფერი, რაც ჯერ არ გამოგიცდია. იმ დილით თბილისს მზე ისე მოულოდნელად დაადგა თავზე, თითქოს მთელი კვირის წვიმებისთვის ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა. სველი გზის საფარი ბრწყინავდა, ხეებს ოქროსფერი ფოთლები ჯერ კიდევ ჯიუტად ეჭირათ, ჰაერში კი ის გამჭვირვალე სიცივე ტრიალებდა, რომელიც ადამიანს სახეზე ეფერება და ყურის ბიბილოებს უწითლებს. ენი მანქანასთან იდგა და გიორგის ეჭვის თვალით უყურებდა. კაცს ხელში ორი ქაღალდის ჭიქა ეჭირა, სახეზე კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც ბავშვებს აქვთ მაშინ, როცა რაღაც უკვე გააფუჭეს, მაგრამ უფროსებს ჯერ არაფერი შეუმჩნევიათ.
- სად მივდივართ?
- ქალაქგარეთ.
- ეს გეოგრაფიული მიმართულებაა, გიორგი. მისამართი გკითხე.
- მისამართი რომ ვიცოდე, თავგადასავალი რაღა გამოვიდოდა? - ენმა თვალები მოჭუტა.
- შენთან ურთიერთობის დაწყებამდე საკმაოდ მოწესრიგებული ცხოვრება მქონდა.
- ვიცი. სწორედ ამიტომ შეგიყვარდი.
- ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
- და შენ ზედმეტად ლამაზი იმისთვის, რომ ამდენი ილაპარაკო. - ენს გაეცინა.
- ეს კომპლიმენტი იყო თუ გაჩუმების მცდელობა?
- წარუმატებელი მცდელობა. - მანქანის კარი გაუღო. ენი ჩაჯდა, ყავა გამოართვა და მაშინვე შეამჩნია უკანა სავარძელზე მიგდებული პლედი, პატარა ზურგჩანთა და ორი წყვილი რეზინის ჩექმა.
- გიორგი...
- ჰო?
- ეს ჩექმები რატომ გვჭირდება?
- იმიტომ, რომ ფეხები გვაქვს.
- შესანიშნავია. ძალიან დამამშვიდე. - გიორგიმ კარი მიუხურა. და იმ წამს, როცა მანქანა ქალაქის ხმაურიან ქუჩებს გასცდა, ენმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე სწორედ მაშინ იწყება, როცა მას საღამოს შინ დაბრუნება აქვს დაგეგმილი.
გიორგიმ ქალი ქალაქგარეთ, შემოდგომის ტყით შემოსაზღვრულ პატარა სოფელთან მიიყვანა. გზის ორივე მხარეს ხეები აწოწილიყო, მაღალი, ფერადი, ქარისგან ოდნავ გადახრილი. მზის სხივები ტოტებს შორის იფანტებოდა და მიწაზე ისეთი მოხატულობა ჩნდებოდა, თითქოს ვიღაცას მთელი ტყე უხილავი ფუნჯით დაეფერა. მათ ჯერ პატარა სოფლის მაღაზიაში იყიდეს ყველაფერი რაც შეიძლებოდათ მონდომებოდათ.
შემდეგ გიორგი გზიდან გადავიდა და მანქანა ტყის პირას გააჩერა.
- გადმოდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ პაემანზე ვართ.
- მანქანაშიც შეიძლება პაემანზე ყოფნა.
- ენ.
- გიორგი. - კაცმა კარი გამოაღო, ხელი გაუწოდა და ისეთი საზეიმო გამომეტყველება მიიღო, თითქოს სამეფო სასახლის კიბეზე ეპატიჟებოდა.
- ქალბატონო, თქვენი თავგადასავალი გელოდებათ. - ენი გადმოვიდა.
- თუ სადმე ტალახში ჩავვარდი, იცოდე, ამ ურთიერთობას სასამართლოში დავასრულებ.
- შენს ადვოკატს წინასწარ ვუთანაგრძნობ. - ტყეში ბილიკი თითქმის არ ჩანდა. მიწაზე დაყრილი ფოთლები ფეხქვეშ შრიალებდნენ, ტოტებიდან წვიმის დარჩენილი წვეთები ცვიოდა. ჰაერს სველი ხის, მიწისა და შემოდგომის ის განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ქალაქგარეთ არსებობს. გიორგიმ ზურგჩანთიდან პატარა ფურცელი ამოიღო. - წესები ასეთია: დღეს უნდა ვიპოვოთ ადგილი, სადაც არც ერთი არასოდეს ვყოფილვართ.
- და საიდან ვიცით, რომ ვიპოვით?
- არ ვიცით.
- შენ ფსიქიატრთან უნდა მიხვიდე.
- შენ წამომყვები?
- აუცილებლად. ექიმს ბევრი რამ უნდა მოვუყვე. - გიორგიმ გაიცინა და ბილიკს გაუყვა. ენი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა. კაცი შემობრუნდა.
- რა მოხდა?
- არაფერი.
- მაშინ რატომ დგახარ?
- იმიტომ, რომ ვტკბები იმ იშვიათი სანახაობით, როცა ზრდასრული მამაკაცი სრულიად თავდაჯერებულად მიდის იქით, სადაც წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება. - გიორგი მისკენ დაბრუნდა. ენი მაშინვე მიხვდა, რას აპირებდა.
- არა! - კაცი მიუახლოვდა.
- რა არა?
- ვიცი ეგ სახე.
- რომელი სახე?
- აი, ეგ! როცა რაღაც სისულელეს აპირებ! -
გიორგიმ წელზე ხელი შემოხვია. ენმა სიცილით უკან დაიხია.
- გიორგი, გამიშვი!
- ერთი კოცნა.
- არა!
- ნახევარი?
- ნახევარი კოცნა რა არის?
- ექსპერიმენტულად დავადგენთ. - მან ქალს ტუჩებზე სწრაფად აკოცა. ენი სიცილით გაექცა. გიორგი უკან დაედევნა.
ფოთლები ფეხქვეშ აფრიალდნენ, ტოტები შეირხა, ტყის სიჩუმე კი ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ისე დაუნდობლად დაარღვია, თითქოს ბავშვობა სადღაც აქ, ამ ხეებს შორის დარჩენოდათ და ახლა მის დასაბრუნებლად გარბოდნენ.
ენი ხის უკან დაიმალა. გიორგი მეორე მხრიდან მიუახლოვდა. - დაგიჭირე.
- ეს უსამართლობაა!
- სიყვარული საერთოდ უსამართლო რამეა.
- შენ სიყვარულს ბოროტად იყენებ! - კაცმა წელზე ხელები შემოხვია და ახლოს მიიზიდა. ამჯერად ენს გაქცევა აღარ უცდია. მის სახესთან გაჩერდა, თითებით პალტოს საყელო გაუსწორა და თვალებში ჩახედა. გიორგის ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. ზოგჯერ ვნება სიცილის გაგრძელებაა, მხოლოდ უფრო ჩუმი, უფრო ღრმა და ისეთი, რომლისთვისაც სიტყვები ზედმეტია. კაცმა აკოცა. ფრთხილად, თითქოს ჯერ კიდევ ახსოვდა საკუთარი გახეთქილი ტუჩი. ენმა ხელები კისერზე შემოხვია. ტყეში ქარი ამოვარდა. რამდენიმე ყვითელი ფოთოლი მათ მხრებზე დაეშვა.
გიორგიმ ოდნავ უკან დაიხია.
- იცი, რა?
- რა?
- შენთან სერიოზული პრობლემა მაქვს.
- მხოლოდ ერთი?
- ვერაფრით ვისწავლე, როგორ უნდა გაგიშვა. - ენმა გაიღიმა.
- მაშინ ნუ გამიშვებ. - და ისევ აკოცა. შუადღე ისე გაიპარა, თითქოს საათიც მათთან ერთად თამაშებოდა. იპოვეს პატარა ნაკადული, რომლის თავზეც ძველი ხის ხიდი იყო გადებული. ენმა ხიდზე გასვლა გადაწყვიტა, გიორგიმ კი მაშინვე გააფრთხილა, რომ ფიცრები სველი იქნებოდა. ქალმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა. მესამე ნაბიჯზე ფეხი დაუცდა. გიორგიმ ხელი წელზე შემოხვია და შეაკავა.
- ხომ გითხარი!
- ნუ ყვირი, გმირო, ისედაც შემეშინდა!
- ახლა უნდა მაკოცო.
- რატომ?
- გადარჩენის საფასურია.
- მძარცველი ხარ!
- რომანტიკული მძარცველი. - ენი სიცილით დაეყრდნო მის მხარს.
შემდეგ მდინარის პირას ჩამოსხდნენ, მაღაზიაში ნაყიდი პური და ყველი მიირთვეს, მანდარინის კანი ფოთლებზე დააწყვეს და ერთმანეთს ყველაზე აბსურდულ ისტორიებს უყვებოდნენ საკუთარი ბავშვობიდან. გიორგიმ აღიარა, რომ ათი წლის ასაკში მეზობლის ქათამი მოიპარა მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა გაეგო, შეძლებდა თუ არა მის გაწვრთნას.
ენმა იმდენი იცინა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
- და გაწვრთენი?
- არა. მამაჩემმა დამოიჭირა.
- ქათამი?
- მეც და ქათამიც. - მზე ნელ-ნელა გადაიხარა. ტყეს ფერი შეეცვალა. ოქროსფერი სინათლე ჯერ სპილენძისფერი გახდა, შემდეგ ნაცრისფერში გადაიზარდა. ენმა საათს დახედა.
- გიორგი, მგონი უნდა დავბრუნდეთ.
- კიდევ ცოტა ხანი.
- არა, მართლა. მალე დაბნელდება. - კაცმა მისი ხელი დაიჭირა.
- ხუთი წუთი. - ენმა თავი გააქნია, მაგრამ მაინც დარჩა. რადგან ზოგჯერ ხუთი წუთი იმდენად ძვირფასია, რომ ადამიანს საკუთარი გონივრულობის ღალატიც კი უღირს.
მანქანამდე რომ მივიდნენ, უკვე ბინდდებოდა. გიორგიმ გასაღები გადაატრიალა. ძრავამ ერთხელ დაიღრინა. მეორედაც. შემდეგ გაჩუმდა.
ენმა გვერდით გაიხედა.
- გიორგი? - კაცმა კიდევ სცადა.
უშედეგოდ. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იჯდა. - მითხარი, რომ ესეც შენი გეგმის ნაწილია. - თქვა ენმა.
- სამწუხაროდ, არა. - გიორგი მანქანიდან გადავიდა, კაპოტი ახადა და რაღაცას დახედა. ენი გვერდით დაუდგა.
- გესმის რამე?
- დაახლოებით.
- ეს „დაახლოებით“ საშინლად არ მომწონს. - ტელეფონზე ქსელი სუსტად იჭერდა. გიორგიმ გზის დახმარებას დაურეკა, მაგრამ უახლოეს საათებში მათთან მისვლას ვერავინ დაჰპირდა. მანქანის პრობლემა კი ისეთი აღმოჩნდა, რომლის მოგვარებაც ადგილზე ვერ მოხერხდებოდა. საღამო უკვე სწრაფად ეშვებოდა. ქარი გაძლიერდა. ენი ხელებს პალტოს ჯიბეებში მალავდა. - ახლა რას ვაკეთებთ? - გიორგიმ ტყის მიღმა, ფერდობზე გაფანტულ რამდენიმე სახლის შუქს გახედა.
- იქ სოფელია. იქნებ ვინმეს ღამის გასათევი ოთახი ჰქონდეს. - ენმა ისეთი სახით შეხედა, თითქოს კაცს ახლახან მთვარეზე გადასახლება შეეთავაზებინოს.
- რას ნიშნავს, ვინმეს?
- მივალთ, ვიკითხავთ.
- უცნობ ადამიანებთან?
- ჰო.
- ღამით?
- ენ, შენ ხომ ხვდები, რომ თუ ამ კითხვებს კიდევ ცოტა ხანს გააგრძელებ, დილაც გათენდება? - ქალმა ღრმად ამოისუნთქა.
- არ მჯერა, რომ ამას მართლა ვაკეთებთ.
გიორგი მიუახლოვდა.
- თუ არ გინდა, სხვანაირად მოვიფიქროთ. - ენი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. ბავშვები მამასთან იყვნენ. უფროსიც და პატარაც. თვითონვე შეთანხმდნენ, რომ შაბათ-კვირას მამასთან გაატარებდნენ.
გიორგის ქალიშვილი კი ბებიასთან რჩებოდა. არც ერთს არ ელოდა სახლში შეშინებული ბავშვი. არც ერთს არ უწევდა ვინმესთვის დაპირებული დროის დარღვევა. მხოლოდ ერთმანეთის წინაშე იყვნენ პასუხისმგებლები. და მაინც, ენისთვის დაუგეგმავი ღამე უცნაურად დიდი გადაწყვეტილება ჩანდა.
- კარგი. - თქვა ბოლოს. - მაგრამ თუ ამ სახლში ცალთვალა მოხუცი დაგვხვდა, რომელიც სარდაფში ადამიანებს ინახავს, შენ პირველი ჩახვალ. - გიორგის გაეცინა.
- შევთანხმდით.

სახლი სოფლის განაპირას იდგა.
პატარა, ქვის კედლებით, ხის აივნითა და დაბალი სახურავით, რომელზეც შემოდგომის ფოთლები დაგროვილიყო. ფანჯრებიდან თბილი სინათლე იღვრებოდა, ეზოში კი შეშის სურნელი ტრიალებდა. კარი ხანში შესულმა ქალმა გაუღო. მათი ამბავი მოისმინა, გიორგის დასველებულ პალტოს დახედა, მერე ენის შეწუხებულ მაგრამ უღმერთოდ ლამაზ სახეს.
- სტუმრებს იშვიათად ვიღებთ, შვილებო, მაგრამ ერთი პატარა ოთახი თავისუფალია. ადრე დამსვენებლებს ვაქირავებდით. - ენმა გიორგის გახედა.
კაცს არაფერი უთქვამს. არჩევანი მას დაუტოვა.
- ძალიან დაგვეხმარებით. - თქვა ქალმა.
მოხუცმა გაიღიმა.
- მაშინ შემოდით, სანამ სულ გაიყინებით. -
ოთახი სახლის გვერდით, პატარა დამოუკიდებელ ფლიგელში აღმოჩნდა.
ხის იატაკი, დაბალი ჭერი, ძველი კომოდი, თეთრი ფარდები და დიდი საწოლი, რომელზეც სქელი, კრემისფერი გადასაფარებელი ეფარა. კუთხეში ბუხარი იყო. მოხუცმა შეშა შეუკეთა, ცეცხლი გააჩაღა და ჩაიდანი დაუტოვა.
- დილით საუზმეზე დაგიძახებთ. ახლა დაისვენეთ. კარი დაიხურა. და უცებ ყველაფერი შეიცვალა. გარეთ ქარი ქროდა. სადღაც ფოთლები შრიალებდნენ.
ბუხარში ცეცხლი ტკაცუნობდა.
ოთახში კი ორი ადამიანი იდგა, რომლებმაც მთელი დღე სიცილში, სირბილსა და მოპარულ კოცნებში გაატარეს და ახლა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან გასაქცევი ადგილი აღარ ჰქონდათ. ენი შუა ოთახში გაჩერდა. საწოლს შეხედა.
მერე გიორგის.
- არ თქვა.
- რა?
- არაფერი თქვა. - გიორგიმ ორივე ხელი ასწია.
- სიტყვასაც არ ვამბობ. - ქალმა პალტო გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა.
- ძალიან საეჭვოდ იღიმი.
- იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ.
- გიორგი...
- კარგი, გავჩუმდი. - ენი ბუხართან მივიდა.
ცეცხლის სინათლე მის სახეზე თამაშობდა. თმა ოდნავ არეული ჰქონდა, ლოყები სიცივისგან შეფაკლოდა, თვალებში კი მთელი დღის სიცილი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო. გიორგი მის უკან გაჩერდა. მაშინვე არ შეხებია. უბრალოდ უყურებდა. ქალს მხრებზე თბილი, ნაქსოვი სვიტერი ეცვა. თითებით სახელოს კიდეს აწვალებდა და ცეცხლს დაჰყურებდა.
- ენ.
- ჰო?
- თუ გინდა, მე იატაკზე დავიძინებ. - ქალმა ნელა მოაბრუნა თავი.
- იატაკზე?
- ჰო.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ არ მინდა, თავი უხერხულად იგრძნო. - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. მერე გაეღიმა.
- გიორგი, იცი, რა არის ყველაზე სასაცილო?
- რა?
- მთელი დღე ცდილობდი ჩემს დაჭერას, ახლა კი მზად ხარ, იატაკზე დაიძინო.
- გარემოებები შეიცვალა.
- არა. - ენი მიუახლოვდა. - უბრალოდ შენ ხარ ასეთი.
- როგორი? - ქალმა ხელი მის მკერდზე დაადო.
- ისეთი, რომ შენთან ახლოს ყოფნა არ მაშინებს. - გიორგის ღიმილი გაუქრა. მის ნაცვლად რაღაც უფრო ღრმა გამოჩნდა. ისეთი განცდა, რომელსაც მამაკაცები ხშირად სიტყვების მიღმა მალავენ, რადგან მისი გამოთქმა საკუთარი გულის ხელისგულზე დადებას ჰგავს.
ენმა ხელები კისერზე შემოხვია. - და კიდევ ერთი რამ.
- გისმენ.
- დღეს იატაკზე არ დაიძინებ.
პირველი კოცნა ძალიან ნელი იყო. თითქოს ორივეს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ეს წამი ნამდვილად არსებობდა. გარეთ ქარი ფანჯარას მიაწვა. ბუხარში შეშა ჩამოიშალა და ნაპერწკლები მაღლა აიჭრა. გიორგიმ ხელები ენს წელზე შემოხვია. ქალი უფრო ახლოს მივიდა. მათ შორის აღარ იყო არც ქალაქის ხმაური, არც ყოველდღიური ვალდებულებები, არც ის საათი, რომელიც მუდამ ახსენებდათ, როდის უნდა დაბრუნებულიყვნენ. იყო მხოლოდ პატარა ოთახი, ცეცხლის სუნი და ორი ადამიანის სუნთქვა, რომელიც ნელ-ნელა ერთ რითმს პოულობდა. ენი თითებით გიორგის სახეს შეეხო. ტუჩის კუთხესთან დარჩენილ თითქმის შეუმჩნეველ კვალს დააკვირდა.
- ისევ გტკივა?
- აღარ.
- მართლა?
- მართლა. - ქალმა აკოცა. მერე კიდევ ერთხელ. გიორგიმ შუბლზე მიადო შუბლი.
- ენ... - ქალმა თვალები გაახილა.
- რა?
- დარწმუნებული ხარ? - მის ხმაში სურვილიც იყო და სიფრთხილეც. ენი რამდენიმე წამით უყურებდა. სწორედ ეს უყვარდა მასში. ის, რომ შეეძლო, მთელი დღე დაუღალავად დასდევნებოდა კოცნის მოსაპარად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წამს გაჩერებულიყო და მისთვის არჩევანის თავისუფლება დაეტოვებინა.
- დარწმუნებული ვარ. - და ამ ერთ სიტყვაში გაცილებით მეტი რამ იდო, ვიდრე თანხმობა. იქ იყო ნდობა.
სურვილი. მონატრება, რომელიც ჯერ კიდევ ერთად ყოფნისას იბადებოდა.
და ყველაზე მთავარი, სიმშვიდე.
საღამო მათ ირგვლივ ნელ-ნელა იშლებოდა. ბუხრის შუქი კედლებზე ცოცხალ ჩრდილებს ხატავდა. გარეთ ქარი ხეებს არხევდა, მაგრამ ოთახში დრო თითქოს გაჩერებულიყო. გიორგიმ ენი ხელში აიყვანა. ქალს გაეცინა და კისერზე უფრო მაგრად შემოხვია ხელები.
- ღმერთო, გიორგი, დამსვი!
- მთელი დღე მაგას მეუბნები.
- იმიტომ, რომ მთელი დღე არ მიჯერებ!
- ახლაც არ ვაპირებ. - საწოლთან ფრთხილად დასვა. მერე მის წინ ჩაიმუხლა და ხელები ხელებში მოიქცია. რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ეს იყო ის იშვიათი სიჩუმე, რომელშიც ადამიანს აღარ სჭირდება საკუთარი თავის ლამაზად წარმოჩენა. ენი გიორგის თმაში თითებს ატარებდა. კაცმა მის ხელისგულს აკოცა. შემდეგ წამოდგა. და როცა კვლავ ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მათი კოცნა უკვე აღარ ჰგავდა დღის განმავლობაში მოპარულ, მხიარულ წამებს. მასში მთელი ის მოუთმენლობა იყო, რომელიც აქამდე მოთმინებით დაეგროვებინათ. გიორგიმ ისევ აკოცა. ამჯერად კოცნაში აღარ იყო ის ფრთხილი შეკითხვა, რომელსაც აქამდე ყოველთვის უსვამდა. პასუხი უკვე იცოდა. ენის თითები მის თმაში აიხლართა, კაცის ხელები კი მის წელზე შეჩერდა, თითქოს უნდოდა, ზუსტად დაემახსოვრებინა ის ადგილი, სადაც ორი ადამიანის სიახლოვე ერთ საერთო სითბოდ იქცევა. გარეთ ქარმა ფანჯრის დარაბა შეაზანზარა. ენმა უკან დაიხია, მაგრამ მხოლოდ იმდენით, რომ გიორგისთვის გაეღიმა. კაცმა მისკენ ნაბიჯი გადადგა. ქალმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია და ზურგით კედელს მიეყრდნო.
- დამიჭირე? - ჩურჩულით ჰკითხა.
- დიდი ხანია. და ისევ ერთმანეთს მიეკრნენ. კედელზე ჩამოკიდებული პატარა სურათი შეირხა. ენს სიცილი აუტყდა, მაგრამ სიცილი გიორგის მხარზე ჩაეკარგა. კაცმა ხელები წელზე უფრო მჭიდროდ შემოხვია, წამით ასწია და შემოატრიალა. სწორედ მაშინ მოხდა პირველი პატარა კატასტროფა. გიორგის ფეხი სკამის ფეხს წამოედო. სკამი ჯერ საეჭვოდ გადაიხარა, მერე მთელი თავისი ხის ღირსებით იატაკზე დაენარცხა.
ორივე გაშეშდა. ერთი წამით მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.
- მოვკალით. - თქვა ენმა. გიორგიმ იატაკზე დაგდებულ სკამს შეხედა.
- მგონი გადარჩება.
- შენთან ერთად სადმე წასვლა მატერიალურ ზარალს უკავშირდება.
- სამაგიეროდ, ემოციური სარგებელი აქვს. - ენი ახარხარდა, კაცმა სკამი წამოაყენა, მაგრამ ქალს ხელი არ გაუშვა. იმ ღამით სიცილი და ვნება ერთმანეთს არ ებრძოდნენ. პირიქით, თითქოს ერთსა და იმავე ცეცხლს კვებავდნენ. ყოველი უხერხული მოძრაობა ახალ სიცილს იწვევდა, ყოველი სიცილი კი კიდევ ერთ კოცნაში იკარგებოდა. გარეთ წვიმა გაძლიერდა. წყალი სახურავზე დაუნდობლად ცეკვავდა, ქარი ხის ტოტებს ფანჯრებზე ახეთქებდა. ბუნება თითქოს მთელი თავისი მოუთმენლობით ცდილობდა იმ პატარა ოთახში შეღწევას, სადაც ორი ადამიანი საბოლოოდ გათავისუფლებულიყო საათის, მანძილისა და დამშვიდობების აუცილებლობისგან. რამდენჯერ წარმოედგინა ოროვე მათგანს ეს სიახლოვე და რამდენჯერ გაუჩერებიათ საკუთარი თავი უკანასკნელ წამს. ახლა კი აღარავინ დაუძახებდათ გვერდითა ოთახიდან. აღარავინ შეაწყვეტინებდათ მათ საღამოს. არავის ელოდა შინ დაბრუნების დაპირება. და სწორედ ამ თავისუფლებამ ააღელვა ენი ყველაზე მეტად. მან გიორგის სახე ხელებში მოიქცია. დიდხანს უყურებდა, თითქოს ამ კაცში ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰქონდა რაღაც, არა გარეგნობა, არა ხასიათი, არამედ ის უცნაური სიმშვიდე, რომელიც მის გვერდით საკუთარი თავის დავიწყების უფლებას აძლევდა.
- რას მიყურებ? - ჩუმად ჰკითხა გიორგიმ.
- ვცდილობ, დავიმახსოვრო.
- რა?
- როგორი ხარ, როცა ასეთი ბედნიერი ხარ. - გიორგიმ არაფერი უპასუხა.
მხოლოდ შუბლზე მიადო შუბლი. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი გრძნობა სწორედ მაშინ კარგავს ხმას, როცა სათქმელი ყველაზე მეტი აქვს. მერე ენმა თვითონ აკოცა. ამ კოცნაში იყო მთელი მათი განვლილი გზა, პირველი გაუბედაობა, წვიმიანი ქუჩა, ცეკვის დარბაზი, საღებავებით დასვრილი ხელები, ნახევრად შეწყვეტილი ღამე და ყველა ის წამი, როცა ერთმანეთისგან წასვლა არ უნდოდათ. გიორგიმ ქალი ხელში აიყვანა. ენი კისერზე შემოეხვია, სიცილით კიდევ რაღაც უთხრა, მაგრამ სიტყვები სადღაც მათ შორის დაიკარგა. საწოლამდე რამდენიმე ნაბიჯი იყო. ამ რამდენიმე ნაბიჯში კი თითქოს მთელი ის დრო ჩაეტია, რომელიც აქამდე ერთმანეთის მოლოდინში გაეტარებინათ.
ბუხარში ცეცხლმა მოულოდნელად იფეთქა და კედლებს ოქროსფერი სინათლე გადაავლო. მათ ჩრდილებს ერთმანეთისგან გამყოფი საზღვარი აღარ ჰქონდათ. ღამე ნელ-ნელა კარგავდა თავის ჩვეულებრივ მნიშვნელობას. აღარ იზომებოდა საათებით, წუთებით, დილის მოახლოებით. მხოლოდ იმ შეგრძნებით არსებობდა, რომ ამჯერად არსად ეჩქარებოდათ. არც ერთს არ სჭირდებოდა უფრო ძლიერი, უფრო გაბედული ან უფრო გამოცდილი ადამიანის როლის თამაში. შეეძლოთ ყოფილიყვნენ უბრალოდ ენი და გიორგი. ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი ისე უნდოდათ, რომ ამ სურვილში სინაზისთვისაც საკმარისი ადგილი რჩებოდა. გარეთ წვიმა ყველაფერს ანგრევდა, რაც გზად ხვდებოდა, ფოთლების გროვებს შლიდა, მიწას რეცხავდა, ქარს ხეებში ატარებდა. შიგნით კი რაღაც სრულიად საპირისპირო ხდებოდა. იქ, სადაც ადრე შიში, მონატრება და ფრთხილი მოლოდინი ცხოვრობდა, ნელ-ნელა ახალი სიმშვიდე იკავებდა ადგილს. და როდესაც ბუხარში შეშა კიდევ ერთხელ ჩამოიშალა, პატარა ოთახს უკვე აღარ სჭირდებოდა მოწმე.
არც კედლებს.
არც წვიმას.
არც ღამეს. მხოლოდ მათ იცოდნენ, როგორი შეიძლება იყოს ბედნიერება, როცა მისგან თავის დაცვას საბოლოოდ წყვეტ. იმ ღამით შემოდგომამ გარეთ ყველაფერი ააფორიაქა.
შიგნით კი ორმა ადამიანმა პირველად მისცა საკუთარ სიყვარულს უფლება, ბოლომდე დაუფლებოდნენ ერთმანეთს.
გვიან, როცა ბუხარში მხოლოდ ნაკვერჩხლები დარჩა, ენს გაეღვიძა.
თავი გიორგის მკერდზე ედო. კაცს ერთი ხელი მის მხარზე შემოეხვია, მეორე კი ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. ფანჯრის მიღმა წვიმა დაწყებულიყო. ისევ წვიმა. ენი ჩუმად იღიმოდა. რა უცნაური იყო, რამდენჯერ შეხვედროდა ამ კაცს წვიმაში და რამდენჯერ გამხდარიყო წყალი მათი ამბის უხილავი მოწმე.
გიორგიმ თვალები გაახილა.
- არ გძინავს?
- გამეღვიძა.
- რამე მოხდა? - ენი წამით ჩაფიქრდა.
- ჰო. -კაცი ოდნავ წამოიწია.
- რა? - ქალმა თავი ასწია და შეხედა.
- მგონი, მანქანა გაგვიფუჭდა. - გიორგის გაეცინა.
- მართლა?
- საშინელი ამბავია.
- წარმოუდგენელი.
- და ვიღაც უცნობი ქალის სახლში გვიწევს ღამის გათევა.
- ტრაგედიაა. - ენი მკერდზე დაეყრდნო.
- გიორგი?
- ჰო?
- რატომ მგონია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე? - კაცმა წარბი ასწია.
- მანქანის გაფუჭებაც?
- შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. - გიორგიმ ცხვირზე აკოცა.
- სოფელში ერთი ადამიანი დავიქირავე, სანამ მე და შენ ტყეში დავბროდით, აკუმულატორი დაასტუკა.
- თავხედი ხარ!
- მაგრამ მართალი. - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. მერე ღიმილი შეუნელდა.
- ჰო. - თქვა ჩუმად. - მართალი ხარ. - და პირველად მთელი დღის განმავლობაში არც ერთს აღარ უხუმრია. გიორგიმ ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.
- კარგად ხარ? - ენმა თავი დაუქნია.
- ძალიან. - შემდეგ მის მკერდზე თავი ისევ ჩამოდო. გარეთ წვიმა ფანჯარას ეხეთქებოდა, თითქოს მთელი ღამე ცდილობდა ოთახში შემოხედვას.
მაგრამ იქ, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდით სრულიად შიშვლები და ვნება დაცლილები მშვიდად სუნთქავდნენ, უკვე აღარაფერი იყო სანახავი. ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე მომხდარიყო. და ამჯერად, როცა დილა მოვიდოდა, არც ერთს აღარ მოუწევდა იმის გამოცნობა, რას ნიშნავდა მათ შორის დარჩენილი სიჩუმე.
იმ ღამით ენმა და გიორგიმ პირველად გაიზიარეს არა მხოლოდ ერთმანეთის სხეულები, არამედ ის სიმშვიდეც, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აღარაფრის დამტკიცება გჭირდება.
დილამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო.
დილა ისე შემოიპარა ოთახში, თითქოს ღამით მომხდარის შესახებ ყველაფერი იცოდა და ახლა ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. ფანჯრის მიღმა წვიმას გადაეღო. ხის ტოტებიდან წყლის უკანასკნელი წვეთები ცვიოდა, სველი ფოთლები მიწას მიკრული იწვნენ, ხოლო მთებს შორის ჩარჩენილი ნისლი ზანტად იშლებოდა, თითქოს თავადაც უჭირდა იმ ღამის დატოვება. ბუხარში ცეცხლი ჩამქრალიყო. მხოლოდ ნაცრის ქვეშ შემორჩენილი სითბო მოწმობდა, რომ რამდენიმე საათის წინ ამ ოთახში რაღაც გაცილებით ძლიერი მძვინვარებდა, ვიდრე გარეთ ატეხილი ქარიშხალი.
ენმა თვალები გაახილა. პირველი, რაც იგრძნო, სითბო იყო. არა საბნის, არა ოთახის, არამედ ადამიანის. გიორგის მკლავი წელზე ჰქონდა შემოხვეული, მისი მშვიდი სუნთქვა კი ქალის თმაში იკარგებოდა. არ განძრეულა. არსებობს დილები, როცა გაღვიძება რეალობაში დაბრუნებას ნიშნავს. როცა თვალების გახელასთან ერთად ადამიანს თავისი ვალდებულებები, შიშები, დაუმთავრებელი საქმეები და საკუთარი ცხოვრების მთელი სიმძიმე ახსენდება. ეს დილა სხვანაირი იყო. ენმა პირველად იგრძნო, რომ გაღვიძება არაფრის დაკარგვას არ ნიშნავდა. ღამე დასრულებულიყო, მაგრამ გიორგი ისევ იქ იყო. უცნაურია ადამიანის ბუნება. შეიძლება მთელი ღამე ვიღაცის სიახლოვეში გაატარო, მისი გულისცემა საკუთარ სუნთქვაში აგერიოს, მისი შეხება კანზე სამუდამოდ დაგამახსოვრდეს და მაინც ყველაზე მეტად დილის უბრალოებამ შეგაშინოს. რადგან ვნება ღამეს ეკუთვნის. ღამე ბევრ რამეს პატიობს ადამიანს, სითამამეს, დაუფიქრებლობას, სურვილს, რომელსაც დღის სინათლეზე ხშირად სახელსაც ვერ არქმევენ. დილა კი გაცილებით მომთხოვნია. დილა გეკითხება, რა დარჩა. ენმა თავი ოდნავ ასწია და გიორგის შეხედა. ეძინა. ძილში სახე სრულიად სხვანაირი ჰქონდა. გაქრობოდა ის ფრთხილი, თითქმის შეუმჩნეველი თავდაჭერილობა, რომლითაც ჩვეულებრივ სამყაროს ხვდებოდა. ახლა უბრალოდ კაცი იყო, სიამოვნებისგან დაღლილი, მშვიდი, თბილი. კაცი, რომელმაც ღამით მის წინაშე არც საკუთარი სიმტკიცის დამტკიცება სცადა და არც მისი სისუსტის აღმოჩენა. და ენს მოულოდნელად მოუნდა, ეს სახე დიდხანს დაემახსოვრებინა.
- თუ კიდევ დიდხანს მიყურებ, უხერხულად ვიგრძნობ თავს. - გაისმა გიორგის ჩახლეჩილი ხმა. ენი შეკრთა.
- არ გეძინა?
- მეძინა. მაგრამ ვიღაც ისეთი დაჟინებით მათვალიერებს, ალბათ ინვენტარიზაციას ატარებს. - ქალს გაეცინა. ჩუმად, ჯერ კიდევ ძილნარევად.
- უბრალოდ ვამოწმებდი, ისევ აქ იყავი თუ არა. - გიორგიმ თვალები გაახილა. ამჯერად აღარ გაუღიმია.
- აქ ვარ. - ორი სიტყვა. არც დაპირება, არც ფიცი, არც მომავლის გრანდიოზული გეგმა. მაგრამ ენს ზოგჯერ სწორედ ასეთი სიტყვების უფრო სჯეროდა. სიტყვების, რომლებიც არაფერს ამტკიცებდნენ, უბრალოდ არსებობდნენ. გიორგიმ ხელი თმაზე გადაუსვა. - ყავა გინდა? - და სწორედ მაშინ, სრულიად მოულოდნელად, ენს ყელში რაღაც მოაწვა. არა იმიტომ, რომ ყავა განსაკუთრებული იყო. არამედ იმიტომ, რომ ამ კაცმა მათი პირველი ღამის შემდეგ ყველაზე ჩვეულებრივი შეკითხვა დაუსვა. არ უკითხავს, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. არ უცდია იმ ღამის სიტყვებით დამძიმება, თითქოს ბედნიერებას აუცილებლად სჭირდებოდა განმარტება, რომ ნამდვილ ბედნიერებად ჩათვლილიყო. უბრალოდ ყავა შესთავაზა.
და ენმა გაიფიქრა, რომ შესაძლოა, სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი განსაზღვრება სწორედ ეს ყოფილიყო, ადამიანი, რომელსაც შენი სხეული უკვე უყვარს, დილით კი ისიც ახსოვს, როგორ სვამ ყავას.
გიორგი ფანჯარასთან იდგა, ხელში ორი ფინჯნით. გარემოს შემოდგომას წვიმის შემდეგ განსაკუთრებული სისუფთავე დაჰკრავდა. ხეები თითქოს ღამით გადატანილი ქარიშხლისგან გათავისუფლებულიყვნენ და ახლა თავიანთი გადარჩენილი ფერებით იწონებდნენ თავს. ენმა პლედი მხრებზე მოიხვია და მიუახლოვდა. გიორგიმ ფინჯანი გაუწოდა. რამდენიმე წუთი უხმოდ იდგნენ. გიორგისთვის ეს სიჩუმე უცხო არ ყოფილა. წლების განმავლობაში სიჩუმე მისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრად ქცეულიყო. თავიდან მტანჯველი, მერე ასატანი, ბოლოს კი თითქმის აუცილებელი. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. მათ შორის იმასაც, რომ აღარავინ ელოდება მის გაღვიძებას. და სწორედ ამიტომ იყო ეს დილა მისთვის მოულოდნელად რთული. არა იმიტომ, რომ ეშინოდა. არამედ იმიტომ, რომ ბედნიერება ზოგჯერ წარსულის წინაშე დანაშაულის შეგრძნებას ჰგავს. თითქოს ხელახლა გაცინებით ძველ ტკივილს ღალატობ. თითქოს ახალი სითბო ძველ სიყვარულს აუფასურებს. თითქოს გული მხოლოდ ერთხელ უნდა გაიღოს ბოლომდე და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ერთი სიყვარულის მუზეუმად იქცეს. გიორგიმ დიდი ხნის წინ ისწავლა დანაკარგთან ცხოვრება. მაგრამ ახლა სწავლობდა რაღაც გაცილებით რთულს, დანაკარგის შემდეგ ბედნიერებას. ენმა მისი მზერა დაიჭირა.
- რაზე ფიქრობ? - გიორგიმ ფინჯანი ფანჯრის რაფაზე დადგა.
- იმაზე, რომ კარგი დილაა. - ქალმა ოდნავ გაუღიმა.
- მხოლოდ?
- და იმაზეც, რომ გუშინ ღამით ძალიან ცუდი ამინდი იყო.
- საშინელი.
- საბედნიეროდ, თავშესაფარი ვიპოვეთ. - ენმა თვალები მოჭუტა.
- გიორგი...
- რა?
- შენ საერთოდ არ ნანობ, რომ მანქანა "გაგვიფუჭდა", ხომ? - კაცს გაეღიმა.
- მანქანა ნამდვილად მეცოდება. - ენმა მხარზე მსუბუქად ჰკრა ხელი.
და ამ სიცილში რაღაც გათავისუფლდა. მათ არ სჭირდებოდათ იმის მტკიცება, რომ ღამემ ყველაფერი შეცვალა. ისედაც შეცვლილიყო. ზოგჯერ ორი ადამიანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარი საწოლში კი არ იშლება, არამედ მის შემდეგ, როცა ერთმანეთს ისევ თვალებში უყურებენ და აღმოაჩენენ, რომ არაფერი გამხდარა უხერხული, არაფერი დაკარგულა, არაფერი დამძიმებულა. პირიქით. თითქოს უფრო ადვილი გახდა ერთმანეთის გვერდით ყოფნა.
თბილისისკენ დაბრუნებისას გზას მზის სუსტი სხივები მიუყვებოდა. მანქანის მინებზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო წვიმის კვალი. გზისპირა ხეები ერთმანეთის მიყოლებით რჩებოდნენ უკან, თითქოს ქალაქისკენ მიმავალ ორ ადამიანს თავიანთი პატარა საიდუმლოთი აცილებდნენ. ენი გვერდით იჯდა, ფეხები ოდნავ მოეკეცა და ფანჯარაში იყურებოდა. გიორგიმ ხელი გაუწოდა. ქალმა ისე ჩაჰკიდა თითები, არც კი გამოუხედავს. ამ მოძრაობაში უკვე აღარ იყო პირველი შეხების მღელვარება. იყო რაღაც უფრო მშვიდი და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ უფრო სახიფათო - შეჩვევა. შეჩვევა ადამიანს შეუმჩნევლად ეპარება. ჯერ ვიღაცის შეტყობინებას ელოდები. მერე მის ხმას. შემდეგ მისი დღის ამბები გაინტერესებს. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ შენი ცხოვრების ყველაზე ჩვეულებრივ წუთებშიც მისთვის ადგილი გაგიჩენია. ენი სწორედ ამაზე ფიქრობდა, როცა ტელეფონზე უფროსი ქალიშვილის შეტყობინება მოუვიდა.
„დედა, საღამოს რას ვჭამთ?“
ქალს გაეღიმა.
სამყარო შეიძლება თავდაყირა დადგეს, სიყვარული შეიძლება თავიდან აღმოაჩინო, შეიძლება მთელი ღამე ისე გაატარო, რომ დროის არსებობა დაგავიწყდეს, მაგრამ თორმეტი წლის ბავშვისთვის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ის არის, საღამოს რა იქნება საჭმელად.
- სახლში მელოდებიან. - თქვა ენმა.
- ვიცი.
- საღამოს რაღაც უნდა მოვამზადო. - გიორგიმ გზას თვალი არ მოაშორა.
- ჩვენც რომ მოვიდეთ? - ენი მისკენ შეტრიალდა.
- ჩვენც ვინ?
- მე და ჩემი შვილი. თუ, რა თქმა უნდა, თქვენს ოჯახურ საბჭოს ჩვენი კანდიდატურები არ დაუწუნებია. - ქალს გაეცინა, მაგრამ მალევე ჩაფიქრდა.
აქამდე მათი შვილები ერთმანეთის ცხოვრებაში ისედაც არსებობდნენ. გოგონები წლებია მეგობრობდნენ, ერთმანეთის სახლებში დადიოდნენ, ერთად სწავლობდნენ, ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ, საიდუმლოებებს ინახავდნენ. მაგრამ ახლა რაღაც იცვლებოდა. სულ სხვაა, როცა შენი შვილის მეგობრის მამა სტუმრად მოდის.
და სულ სხვაა, როცა ის კაცი მოდის, რომლის მკლავებშიც იმ დილით გაიღვიძე. ამ ორ ვითარებას შორის მთელი ცხოვრება ეტევა.
- ცოტა უცნაური იქნება. - თქვა ბოლოს.
- ალბათ.
- ბავშვები დაგვაკვირდებიან.
- უეჭველად.
- კითხვებს დაგვისვამენ.
- ძალიან ბევრს.
- და შენ ასე მშვიდად ხარ? - გიორგიმ წამით შეხედა.
- ენ, ჩვენ მათ უკვე ვუთხარით სიმართლე. ახლა უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ სიმართლესთან ერთად ჩვეულებრივად ცხოვრებაც შეგვიძლია. - ქალი გაჩუმდა.
სწორედ ეს იყო ის, რაც გიორგიში ყველაზე მეტად ამშვიდებდა. მისი სიმშვიდე პრობლემების უარყოფას არ ნიშნავდა. გიორგი არასოდეს იქცეოდა ისე, თითქოს ყველაფერი მარტივი ყოფილიყო. უბრალოდ, რთულ საკითხებს იმაზე მეტ მნიშვნელობას არ აძლევდა, ვიდრე ეკუთვნოდათ.
- კარგი. - თქვა ენმა. -მოდით.
- შესანიშნავია.
- ოღონდ იცოდე, ჩემი პატარა ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
- შენგან განსხვავებით? - ენმა თვალები დაუბრიალა. გიორგიმ სიცილით მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.
საღამოს ენის ბინაში ისეთი ხმაური იდგა, როგორიც მხოლოდ იმ სახლებში არსებობს, სადაც ადამიანები ერთმანეთის ყოფნას შეჩვეულები არიან.
სამზარეულოდან შემწვარი ქათმისა და სანელებლების სურნელი გამოდიოდა. მაგიდაზე სალათის თეფშები, პურის კალათა და ჭიქები ეწყო. ფანჯრებს მიღმა თბილისი ნელ-ნელა ინთებოდა, ხოლო მისაღებში გოგონები რაღაცაზე ჩურჩულებდნენ ისეთი გამომეტყველებით, რომ მათი დანახვისას ნებისმიერ ზრდასრულს ეჭვი გაუჩნდებოდა. ენი სამზარეულოში იდგა და უკვე მესამედ ასწორებდა მაგიდაზე დადებულ ხელსახოცებს. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ღელავდა. გიორგი ამ სახლში ადრეც ყოფილა. მისი ქალიშვილიც. არავინ იყო უცხო. მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს გარემო კი არ გვაღელვებს, არამედ მნიშვნელობა, რომელსაც მას ვანიჭებთ. ამ საღამოს ჩვეულებრივი ვახშამი უნდა ყოფილიყო.და სწორედ ეს „ჩვეულებრივი“ აშინებდა ენს. იმიტომ, რომ დიდი მოვლენებისთვის მზადება უფრო ადვილია. განსაკუთრებულ შემთხვევებს განსაკუთრებული ქცევები უხდება. ჩვეულებრივ საღამოს კი ვერაფერს ამოეფარები. იქ უბრალოდ შენ ხარ. შენი შვილები. და ადამიანი, რომელსაც შენს ცხოვრებაში უკვე ისეთი ადგილი უკავია, რომ მისთვის ცალკე სკამის გამოყოფა აღარ გყოფნის. კარზე ზარი გაისმა. - მოვიდნენ! - დაიყვირა უფროსმა ქალიშვილმა ისეთი სიხარულით, თითქოს სტუმრების მოსვლა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ენი კარისკენ წავიდა. გიორგი ზღურბლზე იდგა, ერთ ხელში პატარა ნამცხვრის ყუთით, მეორეში კი ქალიშვილის ქურთუკით.
- საღამო მშვიდობისა. - თქვა ისეთი ოფიციალური ტონით, რომ ენს მაშინვე გაეღიმა.
- მობრძანდით. - გიორგი ოდნავ დაიხარა და ჩუმად ჰკითხა:
- ძალიან ვღელავ?
- საშინლად.
- მშვენიერია. ვცდილობ, პასუხისმგებლიანი სტუმრის შთაბეჭდილება დავტოვო. ენი სიცილს ძლივს იკავებდა, როცა მისაღებიდან ორი ერთნაირად ეჭვიანი ხმა გაისმა:
- ჩვენ ყველაფერი გვესმის! - გიორგიმ თავი ასწია.
- შესანიშნავია. ესე იგი, სმენის პრობლემა არ გვაქვს.
ვახშამი თავიდან მართლაც ჩვეულებრივად დაიწყო. გოგონები სკოლის ამბებს ჰყვებოდნენ, ერთმანეთს სიტყვას აწყვეტინებდნენ და ისეთი თავდაჯერებით განიხილავდნენ მასწავლებლების გადაწყვეტილებებს, თითქოს განათლების სამინისტროს საგანგებო კომისიის წევრები ყოფილიყვნენ. ენის უმცროსი ქალიშვილი საკუთარ თეფშში კარტოფილის ნაჭრებს ალაგებდა და დროდადრო გიორგის აკვირდებოდა.
გიორგი მას უკვე კარგად იცნობდა, მაგრამ იმ საღამოს პატარას განსაკუთრებული ინტერესი ეტყობოდა.
- გიორგი.
- გისმენ.
- შენ დედაჩემი გიყვარს? - სუფრაზე ჩანგლის მსუბუქი წკარუნი გაისმა. ენმა წყლის ჭიქას ხელი მოჰკიდა. უფროსმა გოგონებმა ერთმანეთს შეხედეს. გიორგიმ კი პატარას ისეთი სერიოზულობით უპასუხა, თითქოს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას უსმენდა.
- კი, მიყვარს.
- ძალიან?
- ძალიან. - პატარამ თავი დაუქნია, თითქოს მიღებული პასუხი მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.
- მეც.
- ვიცი. - გაუღიმა გიორგიმ.
- მაგრამ მე უფრო ადრე მიყვარდა. - ენს წყალი კინაღამ გადასცდა. გიორგიმ თავი დახარა.
- ამ საკითხში კონკურენციას ნამდვილად ვერ გაგიწევ.
- კარგია. - თქვა პატარამ და კარტოფილის ჭამა განაგრძო. უფროსმა გოგონებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. და ენმა უცებ იგრძნო, როგორ მოეშვა მთელი დღის განმავლობაში დაჭიმული მხრები. ბავშვებს საოცარი უნარი აქვთ, იქ, სადაც უფროსები მნიშვნელობების რთულ ქსელს ხლართავენ, ისინი ერთ უბრალო კითხვას სვამენ და ყველა კვანძს ერთიანად ხსნიან. მათთვის სიყვარული ჯერ კიდევ არ არის სირთულე. არც წარსულის ტვირთი აქვს, არც მომავლის შიში. მათთვის სიყვარული უბრალოდ ის არის, რასაც ადამიანი ამბობს და შემდეგ თავისი საქციელით ადასტურებს.
- ერთი კითხვა მაქვს. - გამოაცხადა გიორგის ქალიშვილმა. ენმა ამოიოხრა.
- მგონი უკვე ვხვდები, საით მიდის ეს საღამო.
- უბრალოდ მაინტერესებს, ახლა ოფიციალურად შეყვარებულები ხართ?
- ოფიციალურად რას ნიშნავს? - ჰკითხა ენმა.
- ანუ, მაგალითად, თუ იჩხუბებთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ? ' გიორგიმ ჩანგალი დადო.
- ვფიქრობ, ამ საკითხზე იურისტის კონსულტაცია დაგვჭირდება.
- მამა!
- რა? საკმაოდ სერიოზული იურიდიული საკითხია. მით უმეტეს, თუ ორივე მხარეს არასრულწლოვანი წარმომადგენლები ჰყავს.
- სამი. - შეასწორა ენის უფროსმა ქალიშვილმა.
- მართალია. სამი. და ერთ-ერთს აშკარად განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს. - ყველამ პატარას შეხედა.
ის კი ამ დროს პურის ნაჭერს კარაქს უსვამდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საოჯახო მოლაპარაკებების უმაღლეს ინსტანციად ახლახან აღიარეს.
საღამო ნელ-ნელა თავის ბუნებრივ რითმს დაუბრუნდა. საუბრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. გოგონები ხან სკოლაზე კამათობდნენ, ხან რომელიღაც ვიდეოს განიხილავდნენ. პატარა რამდენჯერმე წამოდგა, სათამაშო მოიტანა, მერე ისევ მაგიდასთან დაბრუნდა და გიორგის თავისი თოჯინის უცნაურად ჩახლართული ბიოგრაფია მოუყვა. ენი ზოგჯერ საუბარში ერთვებოდა, ზოგჯერ კი უბრალოდ უყურებდა. და სწორედ ამ ყურებისას აღმოაჩინა რაღაც, რისთვისაც მზად არ ყოფილა. გიორგი მის სახლში არ ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
არ ცდილობდა ბავშვებისთვის თავის მოწონებას, არ თამაშობდა იდეალური მამაკაცის როლს, არ ცდილობდა ისეთი ავტორიტეტის მოპოვებას, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. უბრალოდ იქ იყო. უსმენდა, იცინოდა, პასუხობდა, ზოგჯერ პატარას თეფშს უახლოვებდა, ზოგჯერ საკუთარ ქალიშვილს თმას უსწორებდა.
და ენს უცებ მოეჩვენა, რომ სიყვარულის ყველაზე რთული გამოცდა სწორედ ეს იყო. ვიღაცის შეყვარება ადვილი შეიძლება აღმოჩნდეს იმ წუთებში, როცა სამყარო მხოლოდ თქვენ ორს გეკუთვნით. მაგრამ გაცილებით რთულია, ის ადამიანი შენი ცხოვრების ხმაურში შემოუშვა. იქ, სადაც ბავშვები ერთმანეთს ეჩხუბებიან, სადილი შეიძლება დაგეწვას, იატაკზე სათამაშოები ყრია, ტელეფონი რეკავს და შენ ყოველთვის ისეთი ლამაზი, მშვიდი და სასურველი არ ხარ, როგორიც პაემანზე. აქამდე ენმა იცოდა, როგორი იყო გიორგი მასთან მარტო. ახლა ხედავდა, როგორი იყო იგი მის სამყაროში. და ეს აღმოჩენა მოულოდნელად უფრო მეტად აღელვებდა, ვიდრე წინა ღამის ყველა კოცნა ერთად. მაგიდის ქვეშ გიორგის თითები მის ხელისგულს შეეხო. ენმა შეხედა. კაცს არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაეღიმა. ქალმა თითები ჩაჰკიდა. და ამ პატარა, სხვებისთვის შეუმჩნეველ მოძრაობაში მთელი მათი ახალი ურთიერთობა ჩაეტია, სიყვარული, რომელიც ჯერ კიდევ ვნებით იწვოდა, მაგრამ უკვე სწავლობდა, როგორ გამხდარიყო ყოველდღიურობის ნაწილიც.
ვახშმის ბოლოს პატარა დივანზე ჩაეძინა, თოჯინით ხელში. უფროსი გოგონები ოთახში გავიდნენ. მათი ჩურჩული და დროდადრო ატეხილი სიცილი კედლებს მიღმა ისმოდა. ენი სამზარეულოში თეფშებს ალაგებდა. გიორგი გვერდით დაუდგა და ჭიქების შეგროვება დაიწყო.
- სტუმარი ხარ. - უთხრა ქალმა.
- ძალიან ცუდი სტუმარი. ჭურჭელსაც ვეხები.
- გიორგი...
- ენ... - ქალს გაეცინა. ფანჯრის მიღმა ქალაქი უკვე ღამის ფერებში ჩაძირულიყო. სამზარეულოს თბილი სინათლე მინის ზედაპირზე მათ ანარეკლებს აჩენდა, ორ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იდგნენ და ჩვეულებრივ საოჯახო საქმეს აკეთებდნენ. გიორგიმ ბოლო ჭიქა ნიჟარასთან დადგა. ენი მისკენ შეტრიალდა. რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. წინა ღამის გახსენებას არც ერთი ცდილობდა, მაგრამ ორივეს ახსოვდა. ახსოვდათ წვიმა, ბუხარი, ერთმანეთის სუნთქვა, სითბო, რომელსაც ვეღარაფერი აშორებდა. ახლა კი მათ შორის მხოლოდ სამზარეულოს პატარა სივრცე იყო, მაგიდაზე დარჩენილი პურის ნამცეცები და გვერდით ოთახში ბავშვების სიცილი. და რატომღაც ეს ყველაფერი ისეთივე ინტიმური აღმოჩნდა. გიორგიმ ხელი წელზე შემოხვია და ოდნავ მიიზიდა.
- როგორ ფიქრობ, ჩავაბარეთ გამოცდა? - ენმა თავი მხარზე მიადო.
- ჯერ არ ვიცი. კომისია დახურულ სხდომაზეა. - გიორგის ჩაეცინა. ქალმა თავი ასწია და აკოცა. მოკლედ. მშვიდად.
ისე, როგორც კოცნიან ადამიანს, რომლის გვერდით ყოფნაც უკვე აღარ არის მხოლოდ დღესასწაული.
- ცნაურია. - ჩურჩულით თქვა ენმა.
- რა?
- გუშინ მეგონა, რომ ყველაზე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. - გიორგიმ თმაზე გადაუსვა ხელი.
- და დღეს? - ენმა სამზარეულოს გახედა. მაგიდაზე დარჩენილ თეფშებს, მისაღებში დაგდებულ სათამაშოს, ოთახს, სადაც ორი ბავშვი ცხოვრობდა თავისი პატარა და უზარმაზარი პრობლემებით. მერე ისევ გიორგის შეხედა.
- დღეს მივხვდი, რომ სიახლოვეს თურმე სხვა ფორმებიც ჰქონია. - გიორგის არაფერი უპასუხია. ზოგჯერ სიტყვები მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანმა მათზე უარის თქმა შეძლოს. მან უბრალოდ აკოცა. და ენმა იგრძნო, რომ ეს კოცნა არაფრით ჩამოუვარდებოდა იმათ, რომლებიც წინა ღამით ქარიშხლის ხმაურში დაკარგულიყვნენ. რადგან ვნებას შეუძლია ორი ადამიანი ერთმანეთისკენ წაიყვანოს. მაგრამ სიყვარულს გაცილებით რთული საქმე აქვს, უნდა ასწავლოს მათ, როგორ დარჩნენ ერთმანეთის გვერდით მაშინაც, როცა ქარიშხალი გადაივლის.
იმავე დროს, ბავშვების ოთახში, ორი თორმეტი წლის გოგო საწოლზე იჯდა.
- როგორ ფიქრობ, კარგად გამოვიდა? - იკითხა ერთმა.
- მგონი კი.
- დედაჩემი ძალიან ბედნიერია.
- მამაჩემიც. - რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა. მერე გიორგის ქალიშვილმა ჩუმად თქვა: - დიდი ხანია, ასე არ მინახავს. - მეგობარმა შეხედა. ეს ის წამი იყო, როცა ბავშვური ხუმრობა რაღაც უფრო ღრმას შეეხო. ორივემ იცოდა, რომ მათი მშობლების ცხოვრებაში ბედნიერება ყოველთვის მარტივად არ მოსულა. და მიუხედავად იმისა, რომ თორმეტი წლის ასაკში ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით უფროსების ყველა ტკივილი, ისინი საოცარი სიზუსტით გრძნობენ, როდის უბრუნდება სახლს სინათლე. ენის ქალიშვილმა მეგობარს ხელი მოჰკიდა.
- მიხარია.
- მეც. - სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.
- მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა?
- თუ ესენი მართლა ერთად იქნებიან, შეიძლება ერთ დღესაც დები გავხდეთ. - მეორემ თვალები გააფართოვა.
- მოიცა... ანუ შენს ტანსაცმელს ოფიციალურად ავიღებ?
- არც იოცნებო! - და ოთახში ისეთი სიცილი ატყდა, რომ სამზარეულოში მდგომმა ენმა თავი ასწია.
- რას აკეთებენ ნეტავ? - გიორგიმ კარისკენ გაიხედა.
- სავარაუდოდ, ჩვენს მომავალს გეგმავენ.
- საშიშია.
- ძალიან. - ენს გაეცინა და თავი ისევ მის მხარს მიადო. გარეთ ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა. სადღაც მანქანის სიგნალი გაისმა, მეზობელ კორპუსში ფანჯარა განათდა, შემოდგომის ქარმა აივნის მინას მსუბუქად შეახო ხელი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. არც წვიმა ანგრევდა სამყაროს. არც ბუხარში მძვინვარებდა ცეცხლი. არც რომელიმე მათგანს სჭირდებოდა სიყვარულის დასამტკიცებლად დიდი სიტყვების თქმა. უბრალოდ ერთ სახლში იყვნენ.
ერთი მაგიდის გარშემო ნავახშმები. და იმ საღამოს, სრულიად შეუმჩნევლად, მათმა სიყვარულმა პირველად შეიძინა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ორს აღარ ეკუთვნოდა. ადგილი, სადაც სხვებსაც შეეძლოთ ბედნიერები ყოფილიყვნენ.

13

იმ საღამოს ენი ბედნიერი იყო. არა განსაკუთრებულად, არა ხმაურიანად, არა ისე, როგორც ადამიანები ხანდახან ცდილობენ საკუთარი ბედნიერება სხვებსაც დაუმტკიცონ. უბრალოდ, ბედნიერი იყო. იმ მშვიდი, თითქმის შეუმჩნეველი ბედნიერებით, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ მოძრაობებში ეპარება და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენინებს, რომ დიდი ხანია აღარ უწევს საკუთარი ღიმილის მიზეზის ძებნა. ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაახსენდა მათი საერთო ვახშამი. გიორგის ღიმილი, უფროსი გოგონების ეშმაკური გამოხედვები, პატარას სრულიად მოულოდნელი კითხვები და ის საოცარი სიმსუბუქე, რომლითაც ხუთი ადამიანი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა. ხუთი ადამიანი, რომელთაგან არც ერთს არ უცდია ოჯახის თამაში. და მაინც, რაღაც ოჯახურს ჰგავდა. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახურობისთვის ყოველთვის საერთო გვარი, მისამართი ან წარსული არ არის აუცილებელი. ზოგჯერ საკმარისია, ვიღაცამ იცოდეს, რომელ ჭიქაში გიყვარს წყლის დალევა, ვიღაცამ შენი შვილის ნათქვამზე შენზე ადრე გაიცინოს და ვიღაცამ მაგიდის ქვეშ თითებზე ხელი ისე მოგიჭიროს, თითქოს გეუბნებოდეს — აქ ვარ. ენმა მუსიკას აუწია. სტუდია დაცარიელებული იყო. ბოლო მოსწავლე ათი წუთის წინ წავიდა. დიდ სარკეებში თბილი განათება ირეკლებოდა, ფანჯრებს მიღმა კი ნოემბრის საღამო ნელ-ნელა შთანთქავდა ქალაქს. ფეხსაცმელი გაიხადა. იატაკის სითბო ტერფებში სასიამოვნოდ შეეპარა. ცეკვა ყოველთვის მისი ყველაზე გულწრფელი ენა იყო. სიტყვებს ზოგჯერ არჩევა სჭირდებოდა, გრძნობებს, დამალვა, ღიმილს, მიზეზი. სხეულს კი არასოდეს სჭირდებოდა ახსნა, რატომ უნდოდა მოძრაობა. ენმა თვალები დახუჭა.
მუსიკა ნელა დაიწყო, შემდეგ აჩქარდა. ქალმა ხელები გაშალა, შემოტრიალდა, თმა მხრებზე დაეფინა. რამდენიმე წამით საკუთარი ანარეკლიც დაკარგა. მას უყვარდა ეს მდგომარეობა, როცა საკუთარ სხეულში ცხოვრობდა და არა საკუთარი მოგონებების ტყვეობაში. მორიგი ბრუნისას თვალები გაახილა. და სარკეში კაცი დაინახა. კართან იდგა. უძრავად. ენმა მოძრაობა შუაში შეწყვიტა. მუსიკა ისევ უკრავდა. იყო რაღაც განსაკუთრებულად სასტიკი იმაში, რომ სამყაროს შეეძლო ჩვეულებრივად გაეგრძელებინა არსებობა მაშინაც კი, როცა ადამიანის შიგნით ყველაფერი ერთ წამში იცვლებოდა. ყოფილ ქმარს ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. სახეზე, თვალთან ახლოს, ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩალურჯების კვალი. გიორგისთან შეხვედრის კვალი. ენი ნელა შემობრუნდა.
- აქ რას აკეთებ? - კაცმა პასუხამდე დარბაზი მოათვალიერა. სარკეები, იატაკი, ფანჯრები. თითქოს ადგილის დათვალიერებით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ იქ ყოფნის სრული უფლება ჰქონდა.
- კარგად ერთობი, არა? - ენმა მუსიკის გასათიშად გაიწია.
- გკითხე, აქ რას აკეთებ-მეთქი.
- მე შენ გელაპარაკები. - ხმა აუწია არა იმდენად, რომ ეყვირა, არამედ ზუსტად იმდენად, რამდენიც ოდესღაც საკმარისი იყო ენის გასაჩუმებლად. და სხეულმა გაიხსენა. ჯერ მხრები დაეჭიმა. შემდეგ ყელში რაღაც მოებჯინა. თითები, რომლებითაც რამდენიმე წამის წინ ჰაერს თავისუფლად კვეთდა, უნებურად მოეკუმშა. ენმა ეს ყველაფერი იგრძნო.
და საკუთარ თავზე გაბრაზდა. არა. ახლა არა. მუსიკა გამორთო. სიჩუმე იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, თითქოს ვიღაცამ ოთახიდან ჰაერიც გაიტანა.
- თუ ბავშვებთან დაკავშირებით რამე გაქვს სათქმელი, მითხარი. სხვა შემთხვევაში, წადი. - კაცს გაეცინა. - ეს სიცილი ენს კარგად ახსოვდა. არასოდეს ნიშნავდა მხიარულებას.
- ბავშვები, რა თქმა უნდა. ახლა ბავშვები გაგახსენდა.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ სანამ შენ აქ ცეკვავ და ვიღაც კაცთან ერთობი, მე უნდა ვუყურო, როგორ აქცევ ჩვენს შვილებს შენი ახალი ცხოვრების ნაწილად? - ენმა ღრმად ჩაისუნთქა.
- ჩვენი შვილები ორივეს გვიყვარს. და სწორედ ამიტომ არ ვაპირებ, მათ ჩვენი ურთიერთობის პრობლემები გადავატანინო.
- ჩვენი ურთიერთობის? - კაცი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- ჩვენ ურთიერთობა აღარ გვაქვს, ენ?
- ცოლ-ქმრული არა.
- სამაგიეროდ იმასთან გაქვს. - ენი გაჩუმდა. არა იმიტომ, რომ პასუხი არ ჰქონდა. იმიტომ, რომ მიხვდა ეს საუბარი სიმართლის გასარკვევად არ დაწყებულა. კაცს არც ახსნა სჭირდებოდა და არც პასუხი. მას უნდოდა, ენი ისევ იმ მდგომარეობაში დაებრუნებინა, სადაც საკუთარი ცხოვრების ყოველი ნაბიჯის გამართლება უწევდა.
- მის გიორგი ჰქვია. - თქვა მშვიდად.
კაცს ყბა დაეჭიმა.
- ძალიან კარგად ვიცი, რა ჰქვია. - მის სახეზე ჩალურჯებას ხელი გადაუსვა. - მაგ შენმა გიორგიმ უკვე გამაცნო თავი. - ენმა მზერა არ მოარიდა.
- ვიცი.
- იცი?
- ვიცი, რომ შეხვდით.
- და არაფერი გაქვს სათქმელი?
- შენ მას დაუპირისპირდი.
- შენ გამო!
- არა. იმიტომ, რომ ვერ ეგუები ჩემს არჩევანს. - კაცმა თავი გადააქნია, თითქოს ენის სიტყვები რაღაც განსაკუთრებულად სასაცილო იყო. - შენი არჩევან? შენ საერთოდ იცი, რას ირჩევ? - ენმა პასუხი აღარ გასცა. ყოფილმა ქმარმა ეს დუმილი თავის სასარგებლოდ მიიღო. - გგონია, იმ კაცმა შეგიყვარა? გგონია, შენთან ცხოვრება იცის, როგორი იქნება? ორი შვილი, შენი ხასიათი, შენი ამბიციები... ახლა ყველაფერი ლამაზია. ახლა შენც ლამაზი ხარ, საინტერესო, ახალი. მერე? - მის ხმაში თანდათან ჩნდებოდა ის ძველი, ნაცნობი სიამოვნება, რომლითაც ოდესღაც ენის თავდაჯერებას ნაწილ-ნაწილ შლიდა. - მერე დაიღლება. ყველა დაიღლება. შენ ხომ არასოდეს იცი, როდის უნდა გაჩერდე.
ენი უყურებდა. - უცნაური იყო, როგორ შეეძლო ადამიანს წლების განმავლობაში შენ გვერდით ეცხოვრა, შენი სისუსტეები ზეპირად სცოდნოდა და ერთხელაც არ გამოეყენებინა ეს ცოდნა შენს გასაგებად. მხოლოდ შენს დასაზიანებლად.
- და შენ რატომ არ დაიღალე? - იკითხა ენმა. კაცი შეკრთა.
- რა?
- ჩემი კონტროლი რატომ არ მოგბეზრდა? - სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კაცმა ჩაიცინა.
- ისევ ეგ სიტყვები. კონტროლი, ძალადობა... ახლა უკვე ყველაფერი ჩემი ბრალია? - ენმა თავი ოდნავ დახარა. რამდენიმე წლის წინ ამ კითხვაზე ალბათ დიდხანს ილაპარაკებდა. აუხსნიდა, შეახსენებდა, ჩამოთვლიდა. იქნებ თვითონვე დაეწყო ეჭვი, მართლა ყველაფერი ისე მოხდა თუ არა, როგორც ახსოვდა. ახლა კი მხოლოდ ერთი რამ იცოდა. საკუთარი ტკივილის დასამტკიცებლად აღარავის წინაშე უნდა წარმდგარიყო.
- მე შენთან წარსულის განხილვას არ ვაპირებ.
- იმიტომ, რომ სიმართლე არ გაწყობს.
- იმიტომ, რომ ის უკვე ვიცხოვრე. - კაცის სახეზე ღიმილი გაქრა.
- ძალიან თამამი გახდი. - ენმა იგრძნო, როგორ გადაურბინა ცივმა ჟრუანტელმა ზურგზე. ეს სიტყვებიც ახსოვდა. ზუსტად ამ ინტონაციით. ოდესღაც მათ შემდეგ ყოველთვის რაღაც ცუდი ხდებოდა. კაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. - შენ გგონია, ვიღაც გიორგი რომ გამოგიჩნდა, ახლა ყველაფერი შეგიძლია?
- გიორგი არაფერ შუაშია.
- აბა ვინ არის შუაში?
- მე. - ეს ერთი სიტყვა დარბაზში მოულოდნელად მკაფიოდ გაისმა. - მე ვარ შუაში. ჩემი ცხოვრება. ჩემი გადაწყვეტილებები. ჩემი უფლება, ვიყო ბედნიერი ისე, რომ შენგან ნებართვა არ ვითხოვო. - კაცი სწრაფად მიუახლოვდა.
- შენ ჩემს შვილებს იმ კაცის გვერდით ვერ გაზრდი.
- ჩვენს შვილებს ორივე ვზრდით. და ჩემს პირად ცხოვრებას შენ ვერ განსაზღვრავ.
- მე შენ გაგაფრთხილე.
- მეც. - ენმა გვერდის ავლა სცადა. კაცმა მკლავში ხელი ჩაავლო. ძლიერად. იმდენად ძლიერად, რომ ქალს სახე შეეცვალა. - გამიშვი.
- ჯერ არ დამიმთავრებია.
- ხელი გამიშვი. - კაცი არ განძრეულა. და ენს უცებ გაახსენდა ყველაფერი, რის გახსენებასაც წლების განმავლობაში გაურბოდა. არა კონკრეტული ჩხუბი. არა რომელიმე დარტყმა. არამედ ის საშინელი, დამამცირებელი წამები, როცა ხვდები, რომ შენს სხეულზე გადაწყვეტილებას სხვა ადამიანი იღებს. რომ შენი „არ მინდა“ არაფერს ნიშნავს.
რომ შენი ხმა ოთახში არსებობს, მაგრამ ძალა არ აქვს. ენმა მკლავი მკვეთრად გამოსტაცა. უკან დაიხია. ფეხი სკამს წამოჰკრა და ისიც ხმაურით გადაყირავდა. ხის იატაკზე დაცემულმა სკამმა ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს მთელმა სტუდიამ ერთდროულად იყვირა. - აღარასოდეს შემეხო ასე! - კაცს სახე აელეწა.
- ხმას დაუწიე.
- წადი აქედან.
- ენ...
- წადი! - კაცი წამით გაჩერდა. შემდეგ ხელი სწრაფად ასწია. შეიძლება მხოლოდ გაბრაზებული ჟესტი იყო. შეიძლება მართლაც აპირებდა დარტყმას. ენმა ეს ვერ გაარჩია. მისმა სხეულმა კი გაარჩია თავისებურად. თვალები დახუჭა და თავი ინსტინქტურად გვერდით გასწია. წამით ისევ იქ აღმოჩნდა. იმ ძველ სახლში. იმ ძველ ცხოვრებაში. იმ ქალის სხეულში, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ თუ სწორ სიტყვებს შეარჩევდა, თუ დროულად გაჩუმდებოდა, თუ კაცს ზედმეტად არ გააბრაზებდა, ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა. დარტყმა არ მოჰყოლია. მაგრამ ენს უკვე შერცხვა. საკუთარი შეკრთომის. საკუთარი დახუჭული თვალების. იმის, რომ ამდენი წლის შემდეგაც მის სხეულს შეეძლო წარსულის წინაშე დანებება. მერე თვალები გაახილა.
და პირველად ცხოვრებაში იმ კაცს შეხედა არა როგორც ადამიანს, რომლის გაბრაზებაც უნდა აერიდებინა, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც მის ცხოვრებაში ადგილი აღარ ჰქონდა. - ხედავ? - ჩუმად ჰკითხა. კაცმა არაფერი უპასუხა. - აი, ეს გააკეთე შენ. - ენმა საკუთარი აკანკალებული ხელისკენ დაიხედა. - წლები გავიდა. მე აღარ ვარ შენი ცოლი. აღარ ვცხოვრობ შენთან. აღარ გეკითხები, სად წავიდე, ვის შევხვდე, რა ჩავიცვა... და მაინც, ხელი რომ ასწიე, შემეშინდა. - მის ხმაში ტირილი არ იყო. სწორედ ამიტომ ჟღერდა ასე მძიმედ. - შენ ეს გინდოდა, არა? რომ მახსოვდეს?
- ენ, ნუ აზვიადებ. - ქალს მწარედ გაეღიმა.
- არა. პირველად არაფერს ვაზვიადებ. - კაცი მისკენ გაიწია, მაგრამ ენმა ხელი ასწია.
- ახლოს არ მოხვიდე. - და ამჯერად კაცმა ნაბიჯი შეაჩერა. შესაძლოა, იმიტომ, რომ ენის ხმაში რაღაც შეიცვალა. შესაძლოა, იმიტომ, რომ პირველად დაინახა ქალი, რომელსაც შიშის მიუხედავად აღარ უნდოდა მისი დამშვიდება. - ერთხელ უკვე წამართვი წლები. - თქვა ენმა. - მეორედ ვეღარ წამართმევ.
- შენ გგონია, ასე მარტივად დამთავრდება ყველაფერი?
- არა. - ენმა თავი გააქნია.
- ვიცი, რომ მარტივი არ იქნება. მაგრამ შენთან დაბრუნება არასოდეს იქნება გამოსავალი. კაცმა კარისკენ გაიხედა.
მერე ისევ მას შეხედა.
- ახლა სად არის შენი გმირი?
- წადი!
- გაგანადგურებთ. - ეს სიტყვა ჰაერში დატოვა. როგორც მუქარა. როგორც დაპირება, რომლის შესრულების უფლებაც არავის მიუცია. შემდეგ შეტრიალდა და წავიდა. კარი ისე ძლიერად გაიჯახუნა, რომ სარკეებთან მიდგმული პატარა თარო შეირხა.
დიდხანს იდგა ენი გაუნძრევლად. არც ტიროდა. არც მოძრაობდა. უბრალოდ ცდილობდა გაეგო, მართლა დასრულდა თუ არა ყველაფერი. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ საფრთხის დასრულებას შვება მოჰყვება. სინამდვილეში ზოგჯერ პირიქით ხდება. სწორედ მაშინ, როცა საშიში ადამიანი მიდის, სხეული საბოლოოდ აძლევს თავს უფლებას, შეეშინდეს. ენმა სკამი წამოაყენა. ეს სრულიად უაზრო მოქმედება იყო, მაგრამ რატომღაც აუცილებელი ეჩვენა. თითქოს ოთახში ერთი ნივთის მაინც თავის ადგილზე დაბრუნებით შეძლებდა საკუთარი შინაგანი უწესრიგობის დალაგებას. შემდეგ სარკეს მიუახლოვდა. მის წინ ქალი იდგა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ თავისუფლად ეცეკვა. იგივე სახე. იგივე თვალები. იგივე თმა. მაგრამ მხრები ისევ დაძაბული ჰქონდა. ენმა ხელები ჩამოუშვა. სარკეში საკუთარ ანარეკლს დიდხანს უყურა. რატომ შეკრთი? ეს კითხვა ისე მკაცრად დაუსვა საკუთარ თავს, თითქოს დამნაშავე სწორედ ის ყოფილიყო. რატომ დახუჭე თვალები? რატომ ვერ გაჩერდი? რატომ შეგეშინდა? და მერე, სრულიად მოულოდნელად, გიორგის სიტყვები გაახსენდა.
იმ ღამით ნათქვამი. როცა პირველად მოუყვა, როგორ ითვლიდა ოთახში კარამდე ნაბიჯებს. „მე მგონი უსამართლო ხარ მის მიმართ... იმიტომ, რომ იმ ქალმა გამოგიყვანა იქიდან.“ ენმა თვალები დახუჭა. იქნებ მართლა უსამართლო იყო. იქნებ იმ ქალს, რომელსაც ოდესღაც ეშინოდა, სირცხვილი კი არა, მადლობა ეკუთვნოდა. იმიტომ, რომ შიშის მიუხედავად წავიდა. იმიტომ, რომ გადარჩა. იმიტომ, რომ დღეს ამ დარბაზში იდგა, საკუთარი სტუდიის შუაგულში, საკუთარი სახელით, საკუთარი ცხოვრებით. და პირველად შეძლო, საკუთარი თავისთვის ეთქვა: შეგეშინდა. მაგრამ არ დამორჩილებიხარ. ამ ორს შორის მთელი ცხოვრება გადაჭიმულიყო.
ტელეფონმა გაანათა.
გიორგი.
„რას აკეთებ, ჩემო მოცეკვავევ?“
ენმა ეკრანს დახედა.
და რაღაც უცნაური დაემართა.
კაცის უხეშ სიტყვებს გაუძლო. მუქარას გაუძლო. საკუთარ შიშსაც კი გაუძლო.
მაგრამ ამ ერთმა, სრულიად ჩვეულებრივმა ალერსიანმა მიმართვამ ყელში ისეთი ბურთი გაუჩხირა, რომ რამდენიმე წამით სუნთქვა გაუჭირდა. იმიტომ, რომ სიყვარულს ზოგჯერ სწორედ ასეთი სასტიკი ძალა აქვს. შეიძლება მთელი დღე მტკიცედ იდგე, ყველას უმტკიცებდე, რომ კარგად ხარ, და ბოლოს ერთმა ადამიანმა ისე მოგმართოს, როგორც მხოლოდ შენ მოგმართავს და უცებ მიხვდე, რამდენად დაღლილი ხარ.
ენმა აკრიფა:
„სტუდიაში ვარ. ცოტა ხანში გამოვალ.“
გიორგიმ თითქმის მაშინვე უპასუხა.
„კარგი. სახლში რომ მიხვალ, მომწერე.“
მერე კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა.
„და დღეს არ გადაიღალო. ხვალ ისევ უნდა გამიძლო.“
ჩვეულებრივ, ენი ამაზე აუცილებლად იხუმრებდა. მიწერდა, რომ მისი ატანა უკვე გმირობის ტოლფასი იყო. ან შეახსენებდა, რომ ბოლოს სწორედ გიორგი დარჩა წვიმაში გაჭედილი მანქანით. ახლა კი მხოლოდ ტელეფონი დადო. მოეჩვენა, რომ თუ გიორგის ხმას გაიგონებდა, ატირდებოდა. და ჯერ არ უნდოდა ტირილი. ჯერ რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა. სტუდიის კარი შეამოწმა. შემდეგ ტელეფონი აიღო და ყოფილი ქმრის მუქარის სიტყვები, დრო და მომხდარი მოკლედ ჩაინიშნა. მკლავზე გაწითლებულ ადგილსაც ფოტო გადაუღო. ამჯერად აღარ აპირებდა მომხდარის ისე დავიწყებას, თითქოს არაფერი ყოფილიყო. მერე ისევ სარკის წინ დაბრუნდა. ფანჯრებს მიღმა ქალაქის განათებები ციმციმებდა. სადღაც მანქანის სიგნალი გაისმა. ზემოთ, ჭერზე, პატარა სანათი ოდნავ ბჟუტავდა. სამყარო ჩვეულებრივად აგრძელებდა არსებობას. ენმა მუსიკა თავიდან ჩართო. იგივე მელოდია. იგივე დარბაზი. იგივე ქალი. პირველი ნაბიჯი გაუჭირდა. მეორეც. მესამეზე ტერფები ოდნავ აუკანკალდა. მერე გაჩერდა. მუსიკა არ გამოურთავს. არ უცდია, საკუთარ თავს ძალით დაბრუნებოდა იმ ბედნიერ მდგომარეობაში, რომელშიც საღამოს დასაწყისში იყო. უბრალოდ იატაკზე ჩამოჯდა, ზურგით სარკეს მიეყრდნო და პირველად მისცა თავს უფლება, ეტირა. უხმოდ. მშვიდად. იმ ადამიანივით, რომელსაც აღარ სჭირდება საკუთარი ცრემლების დამალვა. ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონი აიღო. გიორგის მიმოწერა გახსნა. დიდხანს უყურებდა ცარიელ ველს.
მერე დაწერა:
„გიორგი, დღეს რაღაც მოხდა.“
თითები გაუჩერდა.
რამდენიმე წამი შეტყობინებას უყურებდა.
შემდეგ გაგზავნას დააჭირა. ამჯერად ენს არ უნდოდა, ვიღაცას მის ნაცვლად ებრძოლა. არ უნდოდა, გიორგი მის გადასარჩენად მოსულიყო, ვინმესთვის რამე დაემტკიცებინა ან მისი წარსული საკუთარი მუშტებით დაესრულებინა. უბრალოდ აღარ უნდოდა, ამ ყველაფრის ტარება მარტო გაეგრძელებინა. და ეს, შესაძლოა, სიყვარულის კიდევ ერთი, გაცილებით რთული გაკვეთილი იყო. იმ საღამოს ენმა გაიგო, რომ წარსულიდან გამოსვლა და წარსულისგან გათავისუფლება ერთი და იგივე არ ყოფილა. პირველისთვის კარის გამოხურვა კმაროდა. მეორისთვის კი ზოგჯერ იმავე კართან დაბრუნება გიწევდა, აკანკალებული ხელებით, შეშინებული გულით და იმის აღიარება, რომ შიში ჯერ კიდევ არსებობდა. მაგრამ კარის გასაღები უკვე შენ გეკუთვნოდა. და ამჯერად, როცა ტელეფონმა გიორგის პასუხით გაანათა, ენმა ეკრანს აღარ მოარიდა თვალი.
ზოგჯერ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ის ნაწილი აშინებს, რომელსაც ჯერ არ იცნობს. გიორგის ყოველთვის ეგონა, რომ საკუთარი საზღვრები კარგად იცოდა. იცოდა, როდის უნდა გაჩუმებულიყო, როდის უნდა წასულიყო და როდის ღირდა ბრძოლა. წლების განმავლობაში ისწავლა, რომ ყველა შეურაცხყოფას პასუხი არ სჭირდება და ყველა გამოწვევის მიღება სიმამაცე არ არის. მაგრამ არსებობს სიმშვიდე, რომელიც ხასიათიდან მოდის, და არსებობს სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე ძალდატანებით ინარჩუნებს. ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მოთმინება უკანასკნელ ძაფზე კიდია. გიორგის ეს ძაფი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. უბრალოდ, არ იცოდა, რამდენად გათხელებულიყო.
იმ საღამოს ენი ჩვეულებრივზე გვიან მივიდა მასთან. ქალს თმა დაუდევრად შეეკრა, სახეზე დაღლილობა ეტყობოდა და ისეთი ღიმილით შევიდა სახლში, რომელსაც გიორგი უკვე კარგად ცნობდა. ეს იყო ღიმილი, რომელსაც ენი მაშინ ირგებდა, როცა არ სურდა ვინმეს მისთვის ზედმეტი კითხვა დაესვა. გიორგიმ კარი მიხურა და ქალს შეხედა.
- მძიმე დღე გქონდა?
- არაჩვეულებრივი. - უპასუხა ენმა. - განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც სამყარომ გადაწყვიტა, ჩემი ნერვული სისტემა პირადად გამოეცადა. - გიორგის გაეღიმა. ენი მისაღებში შევიდა, ჩანთა სავარძელზე მიაგდო და დივანზე ჩამოჯდა. რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. გიორგი გვერდით მიუჯდა.
- სტუდიაში იყო? - ენმა თვალები გაახილა.
- ვინ?
- ენ. - ეს ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა. ქალმა მზერა აარიდა. ზოგჯერ სიმართლის დამალვას ყველაზე მეტად ის ართულებს, რომ ვიღაც უკვე ძალიან კარგად გიცნობს. გიორგისთან ენს სწორედ ეს ემართებოდა. საკუთარი თავის ისეთი ვერსიის თამაში უწევდა, რომელიც ამ კაცს არასოდეს სჯეროდა.
- მოვიდა. - თქვა ბოლოს. გიორგის სახე არ შეცვლია.
- რა უნდოდა?
- დაახლოებით ის, რაც ყოველთვის. ჩემი ცხოვრების მართვა.
- და?
- და შევახსენე, რომ ეს სამსახური წლების წინ დაკარგა. - გიორგიმ პასუხი არ გასცა.
ენმა მას გახედა. - ნუ მიყურებ ასე.
- როგორ?
- თითქოს ახლა ჩემს ნათქვამში რაღაც გამოტოვებულ წინადადებას ეძებ.
- ვეძებ. - ქალს უნებურად გაეღიმა.
- აუტანელი ხარ.
- ვიცი. - გიორგიმ მისი ხელი აიღო, თითქოს ჩვეულებრივად, ალერსით. მაგრამ როგორც კი სახელო ოდნავ აუწია, მაჯასთან მოლურჯო კვალი დაინახა.
ერთი წამით ორივე გაჩუმდა. ენმა ხელი ინსტინქტურად უკან გასწია. და სწორედ ეს მოძრაობა აღმოჩნდა გიორგისთვის უფრო მძიმე, ვიდრე თვითონ კვალი. არა იმიტომ, რომ ენს მისი შეხების შეეშინდა. იმიტომ, რომ სხეულმა ძველი გამოცდილება უფრო სწრაფად გაიხსენა, ვიდრე გონებამ მოასწრო იმის გარკვევა, ვინ ეხებოდა. - ეს მან გააკეთა? -ენი წამოდგა.
- გიორგი, გთხოვ.
- ეს მან გააკეთა? - გაიმეორა კაცმა.
- ხელი მომიჭირა. უბრალოდ ხელი მომიჭირა. დამთავრდა.
- რამდენად ძლიერად?
- იმდენად, რომ ახლა ამაზე საუბარი აღარ მინდა. - გიორგი ფეხზე არ წამომდგარა.
ისევ დივანზე იჯდა, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და ხელებს უყურებდა.
ენმა პირველად იგრძნო, რომ მისი სიჩუმე აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ სიმშვიდეს. - გიორგი...
- ბავშვებზე რამე თქვა? - ქალმა პასუხი დააგვიანა. კაცმა თავი ასწია. - თქვა?
- მითხრა, რომ თუ შენთან ურთიერთობას გავაგრძელებდი, ბავშვების საკითხს სხვანაირად მიუდგებოდა. - გიორგიმ ნელა ამოისუნთქა.
- დაგემუქრა.
- ხო. ეს „ხო“ ოთახში ისე დარჩა, თითქოს ვიღაცამ მძიმე ნივთი იატაკზე დადო.
ენი მიუახლოვდა. - მომისმინე. მე ვიცი, რას ვაკეთებ. მის სიტყვებს ძალა მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ისევ მივცემ უფლებას, ჩემი ცხოვრება მართოს. ამას აღარ ვაპირებ. - გიორგიმ შეხედა.
- მე შენს ძალაში ეჭვი არ მეპარება.
- მაშინ რა ხდება? - კაცმა პასუხის ნაცვლად მისი მაჯა ფრთხილად დაიჭირა და დაზიანებულ ადგილს შეხედა.
- ის ხდება, რომ ამ კვალს ვუყურებ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანმა ხელი ასე მოუჭიროს ქალს, რომელსაც ოდესღაც სიყვარულს ეფიცებოდა. - ენმა თავი დახარა.
- ადამიანები ზოგჯერ სიყვარულსაც საკუთრების დამადასტურებელ საბუთად იყენებენ. - გიორგიმ ხელი გაუშვა.
- ამას აღარ გააკეთებს.
- გიორგი...
- აღარ გააკეთებს, ენ. - მის ხმაში დაპირება იყო. და ენს სწორედ ეს არ მოეწონა.
- შენ არაფერი უნდა გააკეთო. - მკაცრად უთხრა. - გესმის? არაფერი. მე არ მჭირდება, რომ ჩემს ნაცვლად ვინმემ იბრძოლოს. - გიორგი წამოდგა, ქალს მიუახლოვდა და აკოცა. უკითხავად, უბრალოდ აკოცა.
- ვიცი. - მაგრამ იმ საღამოს პირველად მოხდა, რომ ენმა მის ნათქვამში ბოლომდე ვერ ამოიკითხა სიმართლე.
მეორე დღეს გიორგი დიდხანს იჯდა მანქანაში. ტელეფონის ეკრანზე ერთი მისამართი ენთო. რამდენჯერმე ჩააქრო ეკრანი. რამდენჯერმე ისევ გაანათა. მას შეეძლო სახლში დაბრუნებულიყო. შეეძლო ენისთვის დაერეკა, ეთქვა, რომ გაბრაზებული იყო, და მისთვის მოესმინა. შეეძლო ეთხოვა, ერთად ეფიქრათ, როგორ დაეცვათ თავი მუქარისგან. ყველაფერი ეს იცოდა. სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებით მძიმე ის ფაქტი, რომ არც ერთის გაკეთება არ უნდოდა. გიორგი სულელი არ ყოფილა. კარგად ესმოდა, რომ ძალადობა პრობლემებს არ აგვარებს. მაგრამ ახლა გონება და გრძნობა ერთმანეთისგან იმდენად შორს იდგნენ, თითქოს ერთსა და იმავე ადამიანში აღარ ცხოვრობდნენ. მას თვალწინ ედგა ენის მაჯა. და ქალის ის თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა, რომლითაც ხელი უკან გასწია. სწორედ ამ მოძრაობას ვერ ივიწყებდა.
ადამიანი შეიძლება ბევრ რამეს შეურიგდეს. საკუთარ ტკივილს, უსამართლობას, შეურაცხყოფასაც კი. მაგრამ ზოგჯერ სხვისი შიში ისეთ ადგილას გხვდება, სადაც საკუთარი სიმშვიდე აღარ გყოფნის. გიორგიმ მანქანა დაქოქა.
კაცი ოფისის შენობიდან საღამოს გამოვიდა. გიორგი ავტოსადგომთან ელოდებოდა. ენის ყოფილმა ქმარმა შორიდანვე იცნო. წამით შეჩერდა, შემდეგ ირონიულად გაეღიმა.
- შენ კიდევ რა გინდა? - გიორგი მანქანას მოშორდა.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ.
- მაშინ კარგად ვერ გაიგე. - კაცმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო.
- ჩემს ცოლზე სალაპარაკოდ მოხვედი?
- შენს ყოფილ ცოლზე.
- ჩემთვის განსხვავება არ არის.
- სწორედ ეგ არის პრობლემა. - ყოფილმა ქმარმა ჩაიცინა.
- შენ მართლა გგონია, რომ რადგან რამდენიმე თვეა მასთან ერთობი, უკვე რაღაც უფლებები გაქვს? - გიორგიმ ყბა დაჭიმა.
- ენზე უფლებები არც მე მაქვს და არც შენ. ამიტომაც მოვედი. მის ცხოვრებაში ჩარევას თავს დაანებებ.
- და თუ არ დავანებებ?
- მას აღარ შეეხები. აღარ დაემუქრები. ბავშვებს მის წინააღმდეგ არ გამოიყენებ.
კაცმა გასაღები ხელისგულზე შეათამაშა.
- შენ ვინ გეკითხება, ჩემს შვილებთან რა ურთიერთობა მექნება?
- შვილებთან ურთიერთობაზე არ გელაპარაკები. მათით შანტაჟზე გელაპარაკები.
- ოჰ, როგორი კეთილშობილი ყოფილხარ. - გიორგი დუმდა. ყოფილი ქმარი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - იცი, რა არის შენი პრობლემა? ქალი შეგიყვარდა და გგონია, რომ მისი წარსული შენამდე არ არსებობდა.
- მისი წარსული ძალიან კარგად ვიცი.
- არა, ბიჭო. შენ ის იცი, რაც თვითონ მოგიყვა. - გიორგის მზერა გაუმკაცრდა.
- ფრთხილად ილაპარაკე.
- თორემ? - პასუხი არ მიუღია. კაცი კიდევ უფრო გათამამდა. ზოგიერთ ადამიანს სხვისი თავშეკავება სისუსტე ჰგონია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ცხოვრება საკუთარი ხმის სიმაღლით ზომავდა ძალაუფლებას. - მე მაგ ქალთან წლები ვიცხოვრე. შენ კი ახლა გმირის როლს თამაშობ. იცი, რამდენჯერ მომისმენია მისი ტირილი? რამდენჯერ უთქვამს, რომ ვეღარ გაუძლებდა? და მაინც ჩემთან რჩებოდა. - გიორგის ხელები დაეძაბა.
- გაჩერდი.
- რატომ? სიმართლე არ მოგწონს?
- გითხარი, გაჩერდი. - კაცი ახლოს მივიდა.
- შენ გგონია, რომ შენთან სხვანაირი იქნება? ცოტა ხანში იმავე სახეს გაჩვენებს, რაც მე ვნახე. და მერე მიხვდები, რომ ასეთი ქალის მოთოკვა… წინადადება ვერ დაასრულა. - გიორგის მუშტი მოულოდნელად მოხვდა სახეში. დარტყმა იმდენად სწრაფი იყო, რომ თვითონ გიორგისაც რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რა გააკეთა. კაცი უკან წაბარბაცდა და მანქანას მიეყრდნო. შემდეგ გამწარებული წამოვარდა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. შეჯახება, ერთმანეთის ქურთუკებში ჩაფრენილი ხელები, ფეხქვეშ მოცურებული სველი გზა, გიორგიმ კიდევ ერთხელ დაარტყა. კაცმა საპასუხოდ სახეში გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. მაგრამ გიორგი აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მშვიდად ელაპარაკებოდა. მასში დაგროვილი ბრაზი ახლა ერთბაშად ამოხეთქილიყო. ბრაზი ენის მაჯაზე, მის შეშინებულ მზერაზე, წარსულში დათვლილ ნაბიჯებზე, იმ წლებზე, რომლებშიც ქალი საკუთარ სახლში თავისუფლად სუნთქვას ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი გიორგის არ განუცდია. და მაინც, იმ წამს თითქოს სხვისი ტკივილის საკუთარი ძალით გასწორებას ცდილობდა. ყოფილი ქმარი მანქანასთან ჩაიკეცა. გიორგი მისკენ კიდევ ერთხელ დაიძრა. მერე გაჩერდა.
კაცს ქვემოდან ახედა. ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. გიორგის მუშტი ჯერ კიდევ შეკრული ჰქონდა. რამდენიმე წამს ასე იდგა. და უცებ საკუთარი ხელი დაინახა.
იგივე ხელი, რომლითაც წინა საღამოს ენის მაჯას ფრთხილად ეხებოდა. ახლა ამ ხელით სხვა ადამიანს ურტყამდა. გიორგიმ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. შემდეგ კიდევ ერთით.
- თუ კიდევ ერთხელ დაემუქრები. - ძლივს წარმოთქვა. - ამას ასე აღარ დავტოვებთ. მაგრამ შენთან შემდეგი საუბარი უკვე სხვაგან იქნება. კაცმა სისხლი მოიწმინდა და ირონიულად გაიღიმა.
- შენ ამას ინანებ. - გიორგიმ პასუხი არ გასცა. მანქანაში ჩაჯდა. და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ხელები უკანკალებდა.
გზაში რამდენჯერმე მოუნდა ენისთვის დაერეკა.
რა უნდა ეთქვა?
რომ მის გამო იჩხუბა?
რომ საკუთარი სიმშვიდით ამაყი კაცი დღეს ავტოსადგომზე ვიღაცას მუშტებით უსწორდებოდა? რომ რამდენიმე წამით მართლა უნდოდა, მეორე ადამიანი რაც შეიძლება ძლიერად დაეზიანებინა? გიორგიმ საჭეს ხელი მოუჭირა. მას არ ნანობდა, რომ ენს გვერდით დაუდგა. ნანობდა იმას, რომ ამის გაკეთებისას საკუთარ თავს უღალატა.
და კიდევ უფრო მეტად აშინებდა ერთი აზრი: ენის დაცვა უნდოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ შესაძლოა ქალს ახლა მისგანაც დასჭირვებოდა საკუთარი სიმშვიდის დაცვა.
ერთი საათის შემდეგ ენი გიორგის კართან იდგა. კარი, რომ გაუღო, ქალმა ჯერ გახეთქილ ტუჩს შეხედა, შემდეგ ხელის მტევნებს. სახეზე ფერი ეცვალა.
- რა მოხდა? - გიორგი გვერდით გადგა.
- შემოდი.
- გიორგი, რა მოხდა? - კაცმა კარი დახურა.
- მას შევხვდი. - ენმა რამდენიმე წამს უყურა. შემდეგ ძალიან მშვიდად იკითხა:
- რას ნიშნავს, შეხვდი?
- ვილაპარაკეთ.
- და სახე საუბარმა დაგიზიანა? - გიორგიმ თვალები დახარა. ენმა ნელა ამოისუნთქა. - სცემე?
- ხო. - ეს სიტყვა თითქოს ოთახში ყველაფერს შეეხო. ენი გაშეშდა. მერე გაეცინა. მაგრამ ეს არ იყო მხიარული სიცილი. უფრო იმ ადამიანის რეაქციას ჰგავდა, რომელმაც ისეთი რამ გაიგო, რის დასაჯერებლადაც ჯერ მზად არ არის.
- არ მჯერა. - გიორგი დუმდა. - გითხარი, არაფერი გააკეთო-თქო.
- ვიცი.
- გითხარი, რომ ეს ჩემი საქმეა.
- ვიცი, ენ.
- მაშინ რატომ?! - მისი ხმა მოულოდნელად აუკანკალდა. გიორგიმ თავი ასწია.
- იმიტომ, რომ შენს მაჯაზე მისი თითების კვალი ვნახე! იმიტომ, რომ ვიცი, როგორ გეშინოდა მისი! იმიტომ, რომ იმ კაცს დღემდე ჰგონია, შენზე უფლება აქვს და...
- და შენ გადაწყვიტე, რომ ჩემი უფლებები მუშტებით უნდა დაგეცვა?!
- არა! - გიორგიმ ხმას აუწია. ორივე გაჩუმდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ენმა გიორგის ასეთი ხმა გაიგონა. კაცმა თვალები დახუჭა, შემდეგ უფრო ჩუმად გააგრძელა: - არა. ეს არ მინდოდა, მაგრამ როცა მას შევხვდი და იმ სიტყვების თქმა დაიწყო... ვერ გავჩერდი. - ენი მის წინ იდგა, ხელებჩამოშვებული.
- იცი, ყველაზე მეტად რა მტკივა? - გიორგიმ პასუხი არ გასცა. - ის კი არა, რომ მას დაარტყი. ის, რომ მე გთხოვე, არ ჩარეულიყავი. და შენ მაინც წახვედი. - კაცი თითქოს შეირხა.
- მე შენი დაცვა მინდოდა.
- ვიცი. სწორედ ეს არის ყველაზე რთული. - ენი ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ქალაქის ჩვეულებრივი საღამო იდგა. მანქანები მოძრაობდნენ, შუქნიშნები იცვლებოდა, ვიღაც სადღაც მიიჩქაროდა. სამყაროს არაფერი ეტყობოდა იმ ქარიშხლისა, რომელიც ახლა ამ ოთახში ტრიალებდა.
- იცი, რისთვის დამჭირდა ყველაზე დიდი დრო ამ ქორწინების შემდეგ? - იკითხა ქალმა, ზურგშექცევით. - იმის დაჯერება, რომ ჩემი სიტყვა საკმარისია. რომ თუ ვიტყვი „არა“, ეს ნიშნავს „არას“. რომ თუ რამეს არ ვთხოვ, არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით გადაწყვიტოს. - გიორგი მიუახლოვდა, მაგრამ არ შეხებია.
- ენ...
- შენ მას არ ჰგავხარ. არც ერთი წამით არ შემიდარებიხარ მასთან. მაგრამ დღეს შენც გადაწყვიტე, რომ უკეთ იცოდი, რა მჭირდებოდა. - ამ სიტყვებმა გიორგის უფრო ძლიერად დაარტყა, ვიდრე ავტოსადგომზე მიღებულმა მუშტმა. იმიტომ, რომ ენი მართალი იყო. შეიძლება ადამიანმა კეთილი განზრახვითაც გადააბიჯოს სხვის საზღვარს. შეიძლება სიყვარულიც იქცეს გამართლებად, როცა საკუთარ მოქმედებას სხვისი სახელით ასრულებ. და ყველაზე რთული სწორედ ამის აღიარებაა. გიორგიმ გვერდით ჩაიარა და სავარძელზე ჩამოჯდა.
- მართალი ხარ. - ენი შემობრუნდა.
- რა?
- მართალი ხარ. შენ მთხოვე, არ ჩავრეულიყავი. მე კი წავედი. თან ისე, რომ არც კი გითხარი, რისი გაკეთება გინდოდა. - ქალი რამდენიმე წამს უყურებდა.
- რატომ, გიორგი? - ამჯერად კითხვაში ბრაზი აღარ იყო. მხოლოდ დაღლილობა.
კაცმა ხელისგულებს დახედა.
- იმიტომ, რომ ძალიან შემეშინდა. - ენმა წარბები შეკრა.
- რისი?
- იმის, რომ ერთ დღეს ისევ დაგაზიანებს. რომ შენ კიდევ ერთხელ მომიყვები რაღაცას ისეთი სახით, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომ ისევ იტყვი „არაფერია“, როცა სინამდვილეში ძალიან ბევრი რამეა. - ხმა გაუწყდა. - და კიდევ იმის შემეშინდა, რომ ვერაფერს შევცვლიდი. - ენი ნელა ჩამოჯდა მის მოპირდაპირედ. გიორგიმ პირველად შეხედა პირდაპირ. - მთელი ცხოვრება მეგონა, რომ თუ საკუთარ თავს აკონტროლებ, ყველაფერს გაუმკლავდები. მაგრამ შენ რომ დაგინახე იმ კვალით... ისეთი ბრაზი ვიგრძენი, რომლის არსებობაც ჩემში არ ვიცოდი.
- და გგონია, ახლა უკეთ ვარ?
- არა.
- გგონია, ის გაჩერდება?
- არ ვიცი.
- გგონია, ხვალ ბავშვების საკითხს აღარ გამოიყენებს? - გიორგიმ თავი გააქნია.
- არა. - ენი ჩუმად იჯდა.
- მაშინ რა მოიგე? - ამ კითხვას გიორგი დიდხანს არ პასუხობდა. ბოლოს თქვა:
- არაფერი. - და ეს სიტყვა იმ საღამოს ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყო. ენი გიორგის ხელებს უყურებდა.
მტევანზე კანი გადასძრობოდა. ტუჩთან სისხლი უკვე შეშრობოდა. უცნაური იყო, რამდენად უცხოდ გამოიყურებოდა ეს პატარა დაზიანებები იმ კაცზე, რომლის ხელებიც ენისგვის მხოლოდ ალერსთან ასოცირდებოდა. ქალი წამოდგა და სააბაზანოდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა. გიორგიმ გაკვირვებით შეხედა.
- რას აკეთებ?
- ჭრილობას გიმუშავებ.
- ენ...
- გაბრაზებული ვარ, გიორგი. ბრმა არა. - მის გვერდით ჩამოჯდა. ბამბა სადეზინფექციო ხსნარში დაასველა და ფრთხილად შეეხო გახეთქილ ტუჩთან.
გიორგიმ სახე ოდნავ შეიჭმუხნა.
- გტკივა? - ჰკითხა ენმა.
- ცოტა.
- კარგი. - კაცს გაეღიმა.
- კარგი?
- დიახ. ცოტა უნდა გტკიოდეს. - გიორგიმ თავი დახარა.
- დამსახურებულად. - ენი რამდენიმე წამს უყურებდა, შემდეგ თვითონაც ძლივს შეიკავა ღიმილი. მაგრამ სიცილი არ გაგრძელებულა. ქალმა ბამბა გვერდიატ გადადო.
- არ მინდა, შენც დაკარგო თავი ამ ამბავში. - გიორგიმ შეხედა.
- არ დავკარგავ.
- დღეს დაკარგე. - კაცმა პასუხი ვერ გასცა. ენი მიუახლოვდა. - მე ის კაცი შემიყვარდა, რომელმაც იცოდა, როგორ უნდა გაჩერებულიყო. რომელმაც იცოდა, როდის უნდა მოესმინა და როდის არ უნდა ეთქვა არაფერი. რომელმაც პირველად მაგრძნობინა, რომ ჩემი „არა“ ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩემი „კი“. - გიორგის მზერა შეეცვალა.
- და ახლა? - ენმა ხელი მის ლოყას მიადო.
- ახლა იმავე კაცს ვუყურებ. უბრალოდ პირველად ვხედავ, რომ მასაც შეუძლია შეცდომა დაუშვას. - გიორგიმ მისი ხელი დაიჭირა.
- ძალიან მიყვარხარ. - ენმა თვალები დახუჭა. ეს სიტყვები უკვე აღარ იყო მათთვის მოულოდნელი, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ნიშნავდა. იმ საღამოს სიყვარულის აღიარება არც რომანტიკული ჟესტი იყო და არც შერიგების მარტივი საშუალება. ეს იყო კაცის მცდელობა, აეხსნა ის, რასაც ვერ ამართლებდა.
- მეც მიყვარხარ. - უპასუხა ენმა. -მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მოგიწონებ იმას, რასაც ჩემთვის გააკეთებ.
- ვიცი.
- და არც იმას, რომ თუ ძალიან მიყვარხარ, ყველაფერს გაპატიებ. - გიორგიმ თავი დაუქნია.
- არც მინდა. - ქალმა ხელი გაუშვა.
- ახლა რას ვაკეთებთ? - გიორგი ცოტა ხანს ფიქრობდა.
- იმას, რაც თავიდანვე უნდა გაგვეკეთებინა. შენ გადაწყვეტ, როგორ გინდა ამ ამბის მოგვარება. მე გვერდით ვიქნები. თუ სამართლებრივი დახმარება დაგჭირდება, ერთად მოვძებნით. თუ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მოგიწევს, მოგისმენ. და თუ უბრალოდ გინდა, რომ არ ჩავერიო...
- არ ჩაერევი. - დაასრულა ენმა.
- არ ჩავერევი. - ქალმა ღრმად ამოისუნთქა.
- მაშინ კიდევ ერთი რამ უნდა იცოდე.
- რა?
- მე შენს გვერდით იმიტომ არ ვარ, რომ ვინმესგან დამიცვა. - გიორგი უსმენდა.
- შენს გვერდით ვარ იმიტომ, რომ შენთან ყოფნა მინდა. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა. - კაცმა ნელა დაუქნია თავი.
- მესმის.
- იმედი მაქვს.
უკვე გვიანი იყო, როცა ენი წასასვლელად წამოდგა. გიორგიმ კარამდე გააცილა. რამდენიმე წამს ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ეს არ იყო მათი ჩვეულებრივი დამშვიდობება. არ ყოფილა მოპარული კოცნა, ხუმრობა ან ის მოუთმენელი სიახლოვე, რომელიც ბოლო დროს თითქმის ყოველ შეხვედრას ახლდა. ენმა ხელი გაუწოდა. გიორგიმ მისი თითები დაიჭირა.
- ჯერ კიდევ გაბრაზებული ხარ? - ჰკითხა კაცმა.
- ძალიან.
- ხვალაც იქნები?
- სავარაუდოდ.
- ზეგ? - ენმა პირველად გაიღიმა გულწრფელად.
- გააჩნია, რამდენად ჭკვიანად მოიქცევი. -
გიორგიმ მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა.
- ვეცდები. - ქალმა კარის სახელურს ხელი მოჰკიდა, მაგრამ არ გაუღია.
- გიორგი...
- ჰო?
- კიდევ ერთხელ თუ მოგინდება ჩემი ყოფილი ქმრის ცემა, ჯერ მე დამირეკე. - კაცს გაეღიმა.
- და რას მეტყვი?
- ალბათ გეტყვი, რომ იდიოტი ხარ.
- ეფექტური მეთოდია.
- განსაკუთრებით მაშინ, თუ დროულად გამოიყენებ. - გიორგიმ თავი დახარა და ქალს შუბლზე აკოცა. ენი რამდენიმე წამით მის მკერდს მიეყრდნო. ეს ჩახუტება შერიგებას ჰგავდა, მაგრამ ბოლომდე არ იყო შერიგება. მათ შორის ჯერ კიდევ იდგა ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, ერთი დარღვეული თხოვნა და ერთი მძიმე კითხვა, რამდენად შეუძლია სიყვარულს ადამიანის შეცვლა ისე, რომ საკუთარი თავი არ დააკარგვინოს. და მაინც, ენმა ხელები მის წელს შემოხვია. იმიტომ, რომ სიყვარული მხოლოდ იმ ადამიანის მიღება არ არის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. ზოგჯერ სიყვარულს ისიც უწევს, რომ ადამიანს მისივე ყველაზე ცუდ დღეს შეხედოს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს გაამართლებს.
ენი რომ წავიდა, გიორგი დიდხანს იდგა დახურულ კართან.მისაღებში დაბრუნდა და დივანზე ჩამოჯდა. ტელეფონი აიღო. რამდენიმე წამს ეკრანს უყურებდა.
შემდეგ ენს მისწერა:
„ბოდიში, რომ არ მოგისმინე.“
პასუხი მაშინვე არ მოსულა. გიორგიმ ტელეფონი გვერდით გადადო. იმ საღამოს პირველად არ უცდია საკუთარი თავის გამართლება. უბრალოდ იჯდა სიჩუმეში, გახეთქილი ტუჩითა და მტკივანი ხელით, და ფიქრობდა, რა უცნაურია ადამიანის ბუნება. შეიძლება მთელი ცხოვრება გეგონოს, რომ ძალა იმაშია, რამდენად მტკიცედ შეგიძლია დგომა. და ერთ დღეს აღმოაჩინო, რომ ყველაზე დიდი ძალა ზოგჯერ სწორედ უკან დახევას სჭირდება. ტელეფონი განათდა. ენის პასუხი მოკლე იყო.
„ხვალ ვისაუბროთ. მიყვარხარ, მაგრამ ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ.“
გიორგიმ შეტყობინება რამდენჯერმე წაიკითხა. შემდეგ გაეღიმა. არა იმიტომ, რომ ყველაფერი გამოსწორდა. არამედ იმიტომ, რომ ენმა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გრძნობა ერთ წინადადებაში დაატია. სიყვარული და ბრაზი. სიახლოვე და საზღვარი. და პირველად ცხოვრებაში გიორგის არ უცდია, ამ ორიდან ერთ-ერთი გაექრო. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქს ეძინა, ან თავს აჩვენებდა, რომ ეძინა. სადღაც, ამავე ქალაქში, ენიც ალბათ ფხიზლობდა. და სადღაც კიდევ ერთი კაცი იყო, რომელსაც დღეს პირველად დაუპირისპირდნენ მისივე ენაზე. მაგრამ გიორგი უკვე ხვდებოდა იმას, რაც ავტოსადგომზე ვერ გაიგო: მოძალადის ენაზე გამარჯვება ყოველთვის გამარჯვება არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ გამარჯვების საფასურად იმ ადამიანის ნდობას რისკავ, ვისთვისაც იბრძვი. იმ ღამეს გიორგიმ პირველად ინატრა, რომ დრო უკან დაებრუნებინა. არა იმისთვის, რომ ნაკლებად ჰყვარებოდა ენი. არამედ იმისთვის, რომ საკუთარი სიყვარული უკეთ გამოეხატა. და ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მუშტის მოქნევა.

14

შემოდგომას სასაფლაოებზე განსაკუთრებული სიჩუმე აქვს. თითქოს ხეები უფრო ფრთხილად იშორებენ ფოთლებს, ქარი უფრო ჩუმად მოძრაობს საფლავის ქვებს შორის და ადამიანებიც, რომლებიც აქ მოდიან, საკუთარ ნაბიჯებს უნებურად ანელებენ. თითქოს სიკვდილის სიახლოვეს ხმამაღლა სიარულიც კი უზრდელობად მიაჩნიათ.
გიორგიმ მანქანა შესასვლელთან გააჩერა. გვერდითა სავარძელზე თეთრი ვარდების თაიგული ედო. ყვავილები გზაში რამდენჯერმე გადაეწყო, თითქოს მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ მიიტანდა მათ ქალთან, რომელსაც ოდესღაც ყვავილების არჩევისას ყოველთვის ერთი და იგივე შენიშვნა ჰქონდა, თეთრი ლამაზია, მაგრამ ცხოვრება ცოტა ფერადიც უნდა იყოსო. მაშინ ეცინებოდა. ახლა კი უცნაურად ეჩვენებოდა, რომ ამდენი წლის შემდეგაც ახსოვდა მისი ხმა ზუსტად იმ ინტონაციით, რომლითაც ეს სიტყვები უთქვამს. მანქანიდან გადმოვიდა, პალტოს საყელო შეისწორა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ნაცნობ ბილიკს. საფლავთან მისულმა ჯერ ჩამოცვენილი ფოთლები მოაშორა ქვას. შემდეგ ყვავილები წყლიან ჭურჭელში ჩააწყო და ცოტა ხანს უბრალოდ იდგა. ფოტოდან ქალი უღიმოდა. ახალგაზრდა. ლამაზი. იმ ასაკში სამუდამოდ დარჩენილი, რომელშიც გიორგის მეხსიერებას მისი გაშვება მოუხდა. თავად კი უკვე სხვა კაცი იყო. სახეზე მეტი დაღლა ჰქონდა, თვალებთან, მეტი ნაოჭი, ცხოვრებაში, მეტი ამბავი, რომელთა მოყოლაც მისთვის ვეღარ მოესწრო. საფლავის გვერდით დაბალ სკამზე ჩამოჯდა.
- გამარჯობა. - თქვა ბოლოს ჩუმად. საკუთარი ხმა უცხოდ მოეჩვენა. ადრე აქ ხშირად ლაპარაკობდა. უყვებოდა შვილზე, სკოლაზე, სამსახურზე, იმაზე, როგორ გაიზარდა მათი გოგონა და როგორ დაემსგავსა დედას სიცილისას. ზოგჯერ ეჩხუბებოდა კიდეც რატომ დამტოვე ამ ყველაფერთან მარტოო. მერე საკუთარი სიტყვების რცხვენოდა და ბოდიშს უხდიდა. მაგრამ დღეს სხვანაირი საუბარი ჰქონდა. ამბავი უნდა მოსაყოლი. ისეთი, რომლის დაწყებაც ჯერ კიდევ მანქანაში უჭირდა. - ჩვენი გოგო კარგადაა. - თქვა და მზერა ფოტოს აარიდა. - უკვე იმ ასაკშია, როცა ჰგონია, რომ ყველაფერი ჩვენზე უკეთ იცის. და, სიმართლე რომ გითხრა, ზოგჯერ მართალიც არის. - ოდნავ გაეღიმა. - შენ რომ იყო აქ, ალბათ ორივე ერთად დამცინებდით. - ქარმა ყვავილების ფურცლები შეარხია. გიორგიმ დაზიანებულ ხელს დახედა. თითებთან კანი გადაყვლეფოდა, მტევანი ჯერ კიდევ ოდნავ შესიებული ჰქონდა. ტუჩის კუთხეში პატარა ჭრილობაც ეტყობოდა. - რაღაც სისულელე ჩავიდინე. - გაჩუმდა. - შეიძლება არც ისეთი სისულელე, მაგრამ მაინც... საკუთარ თავს არ ვგავდი. - თითქოს ელოდა, რომ ქალი ჩვეულებისამებრ წარბს ასწევდა და ეტყოდა, ჯერ ყველაფერი მომიყევი და მერე გადავწყვიტოთ, რამდენად სულელი ხარო. ეს მოლოდინი ყველაზე მეტად სტკიოდა. ადამიანის დაკარგვა მხოლოდ მისი არყოფნა არ არის. ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული ის პასუხებია, რომლებიც ზუსტად იცი, როგორი იქნებოდა, მაგრამ ვეღარასოდეს მოისმენ. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა. - ერთი ქალი გავიცანი. - სიტყვები ჰაერში დარჩა. თითქოს პირველად თქვა რაღაც, რაც წლების განმავლობაში აკრძალულად მიაჩნდა. - უფრო სწორად, დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენი შვილები მეგობრობენ. შენც გეცოდინებოდა, ალბათ. აუცილებლად გაიცნობდი. - ტუჩებზე სევდიანი ღიმილი გაუჩნდა. - ენი ჰქვია. - ამ სახელის წარმოთქმისას სახე უნებურად შეეცვალა. თავადაც იგრძნო. და სწორედ ამან ააღელვა. - უცნაური ქალია. - განაგრძო ცოტა ხნის შემდეგ. - შეუძლია, ყველაზე სერიოზულ მომენტში ისეთი სისულელე თქვას, სიცილისგან ყველაფერი დაგავიწყდეს. მერე უცებ გაჩუმდება და აღმოაჩენ, რომ მის თვალებში იმაზე მეტი ტკივილია, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. - ხელები ერთმანეთს გადააჭდო. - ორი გოგო ჰყავს. ძალიან კარგი დედაა. ძლიერი. ზოგჯერ ზედმეტადაც. ისეთი ადამიანია, დახმარება რომც სჭირდებოდეს, ჯერ თვითონ შეეცდება მთელი სახლის გადატანას და მერე გკითხავს, შემთხვევით ხომ არ გცალია. - გაეცინა. სიცილი მალევე ჩაუწყდა. - მიყვარს. - ეს სიტყვა თითქმის ჩურჩულით თქვა. შემდეგ თავი დახარა. რამდენიმე წამს საკუთარი გულისცემა ესმოდა.
სიყვარულის აღიარება არასოდეს ყოფილა მისთვის ასეთი მძიმე. ენთან ეს სიტყვა სიხარულით მოდიოდა, ბუნებრივად, თითქოს დიდი ხნის დაკარგული ენა გაიხსენა. აქ კი იმავე სიტყვას უცნაური სიმძიმე ჰქონდა. თითქოს ერთ ქალს მეორის არსებობისთვის ბოდიშს უხდიდა. - იცი, ყველაზე მეტად რა მაწუხებდა? - თქვა ბოლოს. - მეგონა, თუ კიდევ ვინმე შემიყვარდებოდა, შენგან რაღაცას წავიღებდი. თითქოს შენთვის განკუთვნილი ადგილი უნდა დამეცარიელებინა. - თვალები აუწყლიანდა. - მაგრამ ასე არ ყოფილა. - საფლავის ქვას შეხედა. - შენ ისევ აქ ხარ. ჩემს ცხოვრებაში, ჩვენს გოგოში, ყველაფერში, რაც ერთად გვქონდა. უბრალოდ... მე აღარ ვარ მხოლოდ ის კაცი, რომელმაც შენ დაგკარგა. - ხმა გაებზარა. - მე ისევ ცოცხალი ვარ. - ეს აღიარება ყველაზე რთული აღმოჩნდა. იმდენი წელი სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას მოვალეობად აღიქვამდა. შვილის გაზრდა, სამსახური, სახლის მოვლა, დაბადების დღეები, დღესასწაულები, ყველაფერი კეთდებოდა, რადგან უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ ენთან პირველად აღარ ასრულებდა ცხოვრებას. ცხოვრობდა. - მასთან სიცილი მიყვარს. დილით გაღვიძება მიხარია. ხანდახან ისეთი მოუთმენელი ვარ, საკუთარ თავზე მეცინება. ტელეფონის ხმაზე გული მიჩქარდება, წარმოგიდგენია? - თვალზე ხელი მოისვა. - და ამ ყველაფრის გამო ზოგჯერ საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ თავს. - დიდხანს გაჩუმდა. შემდეგ ნელა წამოდგა, ფოტოსთან მივიდა და თითებით ცივი ქვის კიდეს შეეხო. - ძალიან მიყვარდი. - თქვა. - ეს არასოდეს შეცვლილა. - პასუხი, ცხადია, არ ყოფილა. მაგრამ პირველად აღარ უცდია სიჩუმის საკუთარი დანაშაულით შევსება. - უბრალოდ, მგონი, ახლა უკვე შემიძლია ბედნიერი ვიყო. - წასვლის წინ კიდევ ერთხელ შეხედა ფოტოს. - ჩვენს გოგოს მივხედავ. ეს ხომ ისედაც იცი. - მერე ცოტა ხანს იდგა. - და ენსაც გავუფრთხილდები. ოღონდ ჯერ საკუთარ თავთან მომიწევს რაღაცების გარკვევა. -
დაზიანებულ ხელს დახედა და სევდიანად გაეღიმა. - შენ ამას ნამდვილად არ მომიწონებდი. - ქარმა კიდევ ერთხელ შეარხია თეთრი ვარდები. გიორგი შებრუნდა და ბილიკს გაუყვა. ამჯერად უკან აღარ მოუხედავს.

იმავე საღამოს, ქალაქის მეორე მხარეს, ენის მისაღებ ოთახში სამი ქალი იჯდა და მეოთხეს ისეთი გამომეტყველებით უყურებნენ, თითქოს დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული. მარიამს ფეხები დივანზე მოეკეცა, ლენა ყავის ფინჯანს ხელებში ატრიალებდა, ნინუცა კი მშვიდად იჯდა და დროდადრო ეღიმებოდა. ენი სამზარეულოდან დაბრუნდა, მაგიდაზე ხილის თეფში დადგა და მაშინვე მიხვდა, რომ მის არყოფნაში რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს.
- რა ხდება?
- ველოდებით. - თქვა მარიამმა.
- რას?
-აღსარებას. - ენმა თვალები გადაატრიალა.
- ეკლესიაში წადით.
- ნინუცა აქ გვყავს. -უპასუხა ლენამ. - თითქმის იგივეა. - ნინუცას გაეცინა.
- მე ნუ ჩამრევთ თქვენს სისულელეებში.
- კარგი. - მარიამი წინ გადაიხარა. - ახლა სერიოზულად. რამდენი ხანია ვიცით, რომ ვიღაც გყავს, მაგრამ შენ ისე იქცევი, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს იცავდე. - ენი სავარძელში ჩაჯდა. დიდხანს არ უპასუხია. უცნაური იყო: გიორგისთან საკუთარი გრძნობების აღიარება უკვე აღარ უჭირდა, მაგრამ მეგობრებისთვის მისი სიყვარულის მოყოლა სრულიად სხვა რამ აღმოჩნდა. სანამ გრძნობას მხოლოდ ორი ადამიანი ინახავს, თითქოს სამყაროსგან დამოუკიდებელი არსებობს. როგორც კი სხვებს უზიარებ, ის ნამდვილ ადგილს იკავებს შენს ცხოვრებაში. სახელს იძენს. მომავალს ითხოვს. და ენს, რომელსაც წარსულში არაერთხელ ენახა საკუთარი ბედნიერების ნანგრევები, ამ მომავლის ხმამაღლა წარმოთქმა ჯერ კიდევ ოდნავ აშინებდა.
- გიორგი ჰქვია. - თქვა ბოლოს. მარიამმა წარბები ასწია.
- ეს ვიცით.
- ძალიან კარგი ადამიანია.
- ეგეც ვიცით. - დაამატა ლენამ. - სხვა შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ დამალავდი.
ენს გაეცინა.
- იცით, რა არის ყველაზე უცნაური? მის გვერდით არაფრის თამაში არ მჭირდება. -
ქალები გაჩუმდნენ. - არ მჭირდება, სულ ძლიერი ვიყო. არც სულ მხიარული. არც განსაკუთრებულად ლამაზი, ჭკვიანი ან საინტერესო. შემიძლია დაღლილი ვიყო, გაბრაზებული, უაზროდ ჩუმი... და მაინც ისე მიყურებს, თითქოს სწორედ იქ უნდა ვიყო. - ლენამ ფინჯანი დადგა.
- ანუ შეგიყვარდა. - ენმა ფანჯრისკენ გაიხედა. ქალაქში საღამოს განათებები ინთებოდა. მინის ანარეკლში საკუთარი სახე დაინახა და უცებ აღმოაჩინა, რომ იღიმებოდა.
- ჰო.
- მარიამმა ხელები გაშალა.
- დიდება ღმერთს!
- ნუ ყვირი, ბავშვს სძინავს.
- მე კი არა, შენი პირადი ცხოვრება ყვირის უკვე, ენ! - ოთხივეს გაეცინა. შემდეგ საუბარი უფრო მშვიდი გახდა. ენმა მოუყვა მათ უცნაურ პაემნებზე. მონეტის აგდებაზე, სასაცილო ტანსაცმელზე, ცარიელ კინოდარბაზზე, წვიმაში კოცნაზე. იმაზე, როგორ აღმოჩნდნენ ერთხელ ქალაქგარეთ, როგორ გაუთენდათ პატარა სახლში ბუხართან და როგორ შეიცვალა რაღაც მათ შორის იმ ღამის შემდეგ. ყველაფერი არ მოუყოლია. ზოგი მოგონება მხოლოდ იმიტომ არის ძვირფასი, რომ ჯერ კიდევ ორი ადამიანის საკუთრებაა. მაგრამ მისი სახე საკმარისს ამბობდა. ნინუცა ჩუმად უსმენდა.
- დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ. - თქვა ბოლოს. ენმა შეხედა.
- როგორი?
- მშვიდი. ბედნიერი ადრეც ყოფილხარ, მაგრამ სულ რაღაცას ებრძოდი. ახლა თითქოს პირველად აღარ გჭირდება საკუთარი ბედნიერების დაცვა. - ენის ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.
- დაცვა მაინც მჭირდება. - ლენა მაშინვე მიხვდა.
- ყოფილი? - ენმა თავი დაუქნია. რამდენიმე წამი ფიქრობდა, საიდან დაეწყო. მერე მოუყვა სტუდიაში მისვლაზე, მუქარაზე, იმაზე, როგორ ცდილობდა ყოფილი ქმარი კვლავ ეკონტროლებინა მისი ცხოვრება.
მეგობრების სახეები თანდათან შეიცვალა. მარიამს ყბა დაეჭიმა.
- ისევ ხელი დაგავლო?
- ჰო.
- და შენ არაფერი გააკეთე?
- მარიამ, ხელი გავაშვებინე და გავაგდე.
- პოლიციაში უნდა წახვიდე, ენ. - თქვა ლენამ მკაცრად.
- ვიცი.
- არა, უბრალოდ კი არ უნდა იცოდე...
- ლენა, მესმის. - მის ხმაში ისეთი დაღლა გაისმა, რომ მეგობარი გაჩუმდა. ენი ცოტა ხანს თითებზე დაჰყურებოდა. - გიორგი შეხვდა.
- რა? - ერთდროულად იკითხეს მარიამმა და ლენამ.
- ჯერ ერთხელ. მერე კიდევ. - ნინუცა გაიმართა.
- და?
- იჩხუბეს.
- როგორ იჩხუბეს? - მარიამს თვალები გაუფართოვდა.
- გიორგიმ სცემა. - ოთახში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მარიამმა ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- როგორც იქნა!
- მარიამ!
- რა „მარიამ“? წლებია, ეს კაცი ყველას ცხოვრებას წამლავს. ერთხელ მაინც ხომ უნდა გაეგო, რომ ყველაფერი არ გაუვა! - ლენამ თავი გააქნია, თუმცა კმაყოფილი ღიმილი ვერ დამალა.
- არ ვამბობ, რომ ჩხუბი გამოსავალია, მაგრამ სიმართლე გითხრა, დიდად არ მენანება.
- მე კი მეშინია. - თქვა ენმა. მისმა ხმამ სამივე გააჩუმა. - გიორგის გამო მეშინია. იმის გამო, რომ ჩემს წარსულს მის ცხოვრებაში შემოაქვს რაღაც, რაც იქ არ უნდა იყოს. - ნინუცამ ხელი ხელზე დაადო.
- ენ, გიორგი ზრდასრული კაცია. საკუთარ გადაწყვეტილებებზე თვითონ აგებს პასუხს.
- ვიცი. მაგრამ არ მინდა, ჩემი სიყვარული ვიღაცისთვის ომად იქცეს.
- მაშინ ნუ აქცევთ ომად. - თქვა ლენამ. - მაგრამ არც იმას მისცე უფლება, რომ შიშით იცხოვრო. მუქარები შეინახე, მომხდარი დააფიქსირე. ეს მხოლოდ შენი და გიორგის ურთიერთობის საკითხი აღარ არის. - ენი ჩაფიქრდა. სწორედ ეს უჭირდა ყველაზე მეტად: წარსულს მუდმივად უნდოდა აწმყოში შემოჭრა. თითქოს ყოფილი ქმარი ვერ ეგუებოდა, რომ ქალი, რომლის ცხოვრებასაც ოდესღაც აკონტროლებდა, მის გარეშე არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ბედნიერებაც შეძლო.
- ერთი რამ ვიცი. თქვა ბოლოს. - არ დავთმობ გიორგის მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჩემი ბედნიერება აღიზიანებს. - მარიამმა კმაყოფილებით დაუქნია თავი.
- აი, ეს უკვე ჩემი ენია. - ცოტა ხანს სიჩუმე იდგა. შემდეგ ლენამ სრულიად მშვიდად იკითხა:
- კარგი, ახლა მთავარი კითხვა. როდის გაგვაცნობ ამ კაცს? - ენმა ამოიოხრა.
- თქვენ ხომ ახლახან სერიოზულ თემაზე მელაპარაკებოდით?
- სერიოზულად გეკითხები. - მიუგო ლენამ. - უნდა ვნახოთ, ვის ხელში ხარ.
- ლენა, მე არავის ხელში არ ვარ.
- კარგი, ვის გვერდით ხარ. ნუ მეკიდები სიტყვებზე. - მარიამმა თითი ასწია.
- თან მინდა იმ კაცს პირადად ვუთხრა, რომ თუ ოდესმე გატკენს, მე თვითონ...
- შენ თვითონ არაფერი. - შეაწყვეტინა ნინუცამ სიცილით. - ამ ოჯახში ძალადობა ისედაც საკმარისი იყო. - ყველას გაეცინა.
ენი დივნის საზურგეს მიეყრდნო. მის ცხოვრებაში პირველად მეგობრების ეს ხმაურიანი ცნობისმოყვარეობა არ აღიზიანებდა. პირიქით, სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ მის სიყვარულს ახლა სხვა ადამიანებიც ელოდნენ, არა ეჭვით, არამედ სიხარულით.
- კარგი. - თქვა ბოლოს. - გავაცნობთ. - მარიამმა ტაში შემოჰკრა.
- როდის?
- ჯერ თვითონ ვკითხავ. ლენა გადაიხარხარა.
- რა საოცარია! თურმე ორივე ერთნაირად ზრდილობიანები ხართ.

გიორგი სახლში მაშინ დაბრუნდა, როცა გარეთ უკვე ბნელოდა. შესასვლელში ფეხსაცმელი გაიხადა, პალტო საკიდზე ჩამოკიდა და სამზარეულოში შევიდა.
ქალიშვილი მაგიდასთან იჯდა. წინ გაშლილი რვეული ედო, მაგრამ კალამი გაუნძრევლად ეჭირა. გიორგიმ მაცივარი გამოაღო.
- ჭამე?
- ჰო.
- რა?
- ბებოს გაკეთებული საჭმელი.
- კონკრეტულად?
- მამა. - გიორგიმ მაცივრის კარი დახურა და შვილისკენ შებრუნდა. გოგონა უკვე მის ხელს უყურებდა. შემდეგ მზერა ტუჩზე გადაიტანა. - რა დაგემართა?
- არაფერი განსაკუთრებული.
- მამა. - ამ ერთ სიტყვაში ისეთი ინტონაცია იყო, გიორგის საკუთარი ცოლის ხმა გაახსენდა. გოგონამ კალამი დადო. - ჩხუბობდი? - გიორგი სკამზე ჩამოჯდა. ბავშვების წინაშე სიმართლის თქმა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმართლე შენს საუკეთესო მხარეს არ აჩვენებს. შეეძლო ეთქვა, რომ შემთხვევით დაეცა. ან რაღაცას დაეჯახა. გოგონა შესაძლოა არც შეჰკამათებოდა. მაგრამ მაშინ საკუთარი შვილისგან მოითხოვდა პატიოსნებას, რომელსაც თავად ვერ გამოიჩენდა.
- ჰო. - უპასუხა ბოლოს. - ვიჩხუბე. - გოგონას სახე შეეცვალა.
- ვისთან? - გიორგიმ რამდენიმე წამი იფიქრა.
- ერთ კაცთან, რომელიც ცუდად ექცეოდა ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- ენს? - გიორგიმ გაკვირვებით შეხედა.
- შენ ყველაფერი იცი?
- ყველაფერი არა. მაგრამ რაღაცებს ვხვდები. - გიორგის გაეღიმა.
- რა თქმა უნდა. - გოგონამ მის ხელს კიდევ ერთხელ დახედა.
- შენ დაარტყი?
- ჰო.
- ძალიან? - გიორგიმ პასუხი არ იჩქარა.
- იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო. - ქალიშვილი ჩაფიქრდა.
- ენს რამე დაუშავა?
- ენი ახლა უსაფრთხოდ არის.
- და შენ?
- მეც. - გოგონამ თავი დახარა.
- არ მომწონს, როცა ჩხუბობ.
- მეც არ მომწონს.
- მაშინ რატომ გააკეთე? - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- იმიტომ, რომ ძალიან გავბრაზდი. და იმიტომ, რომ ზოგჯერ უფროსებიც ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. ის, რომ ვინმეს დაცვა გინდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. - ქალიშვილმა რვეული დახურა.
- ანუ ინანე?
- ვნანობ, რომ თავი ვერ შევიკავე. მაგრამ იმას არ ვნანობ, რომ ენს გვერდით ვუდგავარ. - გოგონა ცოტა ხანს აკვირდებოდა.
- ენი გიყვარს, მესმის ეს რატომაც გააკეზტე. - გიორგიმ თავი ასწია. - დღეს დედასთან იყავი? - გიორგის სუნთქვა წამით შეეკრა.
- ჰო.
- ენზე მოუყევი?
- მოვუყევი. - გოგონამ თავი დაუქნია.
შემდეგ ნელა თქვა:
- კარგია. - გიორგიმ შეხედა. და მამა?
- ჰო?
- კიდევ აღარ იჩხუბო, კარგი? - გიორგიმ თავზე აკოცა.
- ვეცდები, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
- და ტუჩზე რამე წაისვი. საშინლად გამოიყურები. - გიორგის გაეცინა.
- მადლობა გულწრფელობისთვის.
- არაფრის. - გოგონა ოთახისკენ წავიდა, მაგრამ კართან შეჩერდა.
- და კიდევ...
- რა?
- ენი ძალიან მომწონს. - გიორგის გაეღიმა.
- ვიცი.
- უბრალოდ, ძალიან უცნაური იქნება, თუ ახლა შენ და ენი ერთმანეთს ჩემს თვალწინ აკოცებთ.
- ძილის დროა.
- კარგი, კარგი. - გოგონა სიცილით გაუჩინარდა ოთახში. გიორგი მარტო დარჩა სამზარეულოში. დიდხანს უყურებდა დახურულ კარს. მთელი დღე ეშინოდა, რომ საკუთარი ცხოვრების ახალი ბედნიერება ძველ სიყვარულს რაღაცას დააკლებდა. ახლა კი მისი თორმეტი წლის ქალიშვილი გაცილებით მარტივად ხედავდა იმას, რასაც თავად ამდენი ხანი ებრძოდა. დედის სიყვარული და ენის სიყვარული ერთმანეთის წინააღმდეგ არ იდგა. ორივეს თავისი ადგილი ჰქონდა.

ენის სახლში იმ საღამოსაც ჩვეულებრივი ოჯახური ხმაური იდგა. პატარა გოგონა საძინებელში სათამაშოებს ალაგებდა, უფრო სწორად, ერთი ყუთიდან მეორეში გადაჰქონდა და ამ პროცესს დალაგებას ეძახდა. უფროსი ქალიშვილი კი დედის საწოლზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. ენი ოთახში შევიდა, კარადასთან გაჩერდა და რამდენიმე წამი ჩუმად აკვირდებოდა. მერე საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- რაღაცაზე მინდა გელაპარაკო. - გოგონამ წიგნი დახურა.
- გიორგიზე? - ენს გაეცინა.
- თქვენ ბავშვები საერთოდ როდის გახდით ასეთი დაკვირვებულები?
- დაახლოებით მაშინ, როცა თქვენ უფროსებმა გადაწყვიტეთ, რომ ვერაფერს ვხვდებით. - ენმა თავი გააქნია.
მაგრამ ღიმილი მალევე გაუქრა.
- მამამ იცის, რომ გიორგი მიყვარს. - გოგონას სახე დასერიოზულდა.
- და გაბრაზდა?
- ჰო.
- შენზე?
- ჩემზე. ზოგადად იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანია. - გოგონამ საბნის ნაკერს თითი ჩამოუსვა.
- ამიტომ ჩხუბობენ? - ენის გულმა თითქოს ერთი დარტყმა გამოტოვა. ბავშვები იმაზე მეტს ამჩნევენ, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. ზოგჯერ ისინი კითხვებს არ სვამენ არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, არამედ იმიტომ, რომ პასუხების ეშინიათ.
- რაღაც უთანხმოება აქვთ. - თქვა ფრთხილად. - მაგრამ ეს შენი მოსაგვარებელი არ არის.
- მამა გიორგის ვერ იტანს?
- როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ მე გიორგი მიყვარს. - გოგონა დაფიქრდა.
- მაგრამ მამა ხომ აღარ არის შენი ქმარი?
- აღარ არის.
- მაშინ რატომ უნდა წყვეტდეს, ვინ გიყვარს? - ენს თვალები აუწყლიანდა.
ამ კითხვას ზრდასრული ადამიანებისგან ხშირად ისმენდა, მაგრამ შვილისგან ნათქვამს სხვა ძალა ჰქონდა.
- არ უნდა წყვეტდეს, ჩემო საყვარელო.
- და შენ მაინც ნერვიულობ?
- ვნერვიულობ, რადგან არ მინდა, ამ ყველაფერმა შენ გატკინოს. არც ის მინდა, რომ ოდესმე იფიქრო, თითქოს გიორგის სიყვარულით მამაშენს რამეს ვართმევ. - გოგონამ დედას შეხედა.
- მე ხომ მამა მაინც მეყოლება?
- ყოველთვის შენი მამა იქნება.
- და გიორგი? - ენი ცოტა ხანს გაჩუმდა.
- გიორგი ადამიანია, რომელიც მიყვარს. შენთვის არავის შეცვლას არ ვაპირებ. არც იმას მოვითხოვ, რომ მას რაღაც განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიყვარს. - გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- მე ისედაც მომწონს გიორგი.
- ვიცი.
- თან მისი შვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- ეგეც ვიცი.
- და საერთოდ, მგონი, თქვენ უფრო ართულებთ ყველაფერს, ვიდრე საჭიროა. - ენს გაეცინა.
- შეიძლება. - გოგონა ცოტა ხანს დედას უყურებდა. შემდეგ წიგნი გვერდზე გადადო და მისკენ მიიწია.
- დედა, შენ ხომ ყოველთვის მეუბნები, რომ ადამიანი არ უნდა დარჩეს იქ, სადაც ცუდად გრძნობს თავს?
- ჰო.
- მაშინ რატომ გგონია, რომ შენ უნდა დარჩე მარტო, თუ მარტო ყოფნა აღარ გინდა? - ენმა პასუხი ვერ გასცა. შვილის სიტყვებში არ ყოფილა ზრდასრულისთვის დამახასიათებელი სიბრძნე. ეს იყო ბავშვის პირდაპირობა, რომელსაც ჯერ არ უსწავლია, როგორ უნდა გაართულოს ყველაზე მარტივი სიმართლე. გოგონამ დედას თავი მხარზე დაადო. - მე მინდა, ბედნიერი იყო. - ენის თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა.
- ვიცი, ჩემო სიყვარულო.
- ოღონდ ერთი პირობით. - ენმა თავი დახარა.
- რა პირობით?
- თუ შენ და გიორგი დაქორწინდებით, წინასწარ უნდა ვიცოდე. იმიტომ, რომ კაბის არჩევას დრო სჭირდება. - ენმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ღმერთო ჩემო, არ ვთხოვდები!
- უბრალოდ გეუბნები.
- გასაგებია, ქალბატონო. - ამ დროს კარი გაიღო და ოთახში პატარა გოგონა შემოვიდა, ხელში სათამაშო დათვით.
- დედა, მე კაბა მინდა! - უფროსმა დამ სიცილი დაიწყო.
- ხედავ? უკვე ორი ხმა გვაქვს. - ენი ორივეს მოეხვია. და პირველად მთელი დღის განმავლობაში იგრძნო, რომ მისი ბედნიერება მხოლოდ მისი პირადი ამბავი აღარ იყო. ის ნელ-ნელა ადგილს პოულობდა იმ პატარა სამყაროშიც, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა. ზოგჯერ ცხოვრებას ერთი უცნაური ჩვევა აქვს, იმდენად სერიოზულად გექცევა, რომ ბოლოს შენც გავიწყდება, როგორ უნდა გაიცინო. ბოლო კვირებში ენს სწორედ ეს დაემართა. არაფერი შეჩერებულა. დილაობით ისევ ბავშვებს აღვიძებდა, ყავას ნახევრად ცივს სვამდა, სამსახურში მიდიოდა, სტუდიაში მუსიკას რთავდა, საღამოობით კი გიორგის ხვდებოდა. უყვარდა, ენატრებოდა, ეხუტებოდა. ზოგჯერ იმდენად ძლიერადაც, თითქოს მის სხეულში რაღაც უხილავი ძაფი იყო გაბმული, რომლის მეორე ბოლოც გიორგის ეჭირა. მაგრამ სიყვარული ყოველთვის ვერ ახერხებს ადამიანის ცხოვრებიდან მძიმე ამბების გაქრობას. ზოგჯერ მხოლოდ იმას ახერხებს, რომ მათი ტარება ოდნავ უფრო ადვილი გახადოს. გიორგი ამას ამჩნევდა.
ამჩნევდა, როგორ იღიმებოდა ენი და შემდეგ, სრულიად უმიზეზოდ, წამით სადღაც შორს იყურებოდა. როგორ ჩუმდებოდა ტელეფონის ეკრანზე გამოჩენილი ზოგიერთი შეტყობინების შემდეგ. როგორ ცდილობდა, საკუთარი დაღლილობა ხუმრობაში დაემალა. და ერთ საღამოს გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ამ ქალისთვის რაღაც დაებრუნებინა. არა სიმშვიდე. სიმშვიდე მათ ისედაც ჰქონდათ ერთმანეთის მკლავებში.
სიგიჟე.

ენი სტუდიიდან საღამოს რვის ნახევარზე გამოვიდა. ჰაერში შემოდგომის სუსხი იდგა. ქუჩის განათებები სველ ასფალტზე იშლებოდა, მანქანების ფარებს შორის კი ქალაქი იმ ჩვეულებრივი, დაღლილი რითმით მოძრაობდა, რომელიც სამუშაო დღის ბოლოს ყველა დიდ ქალაქს ემსგავსება. გიორგი მანქანასთან ელოდებოდა. შავი პალტოს ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და ისეთი გამომეტყველებით უყურებდა, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ რაღაც ძალიან საეჭვო ჩაიდინა. ენმა ჯერ ეს გამომეტყველება შეამჩნია. შემდეგ მანქანის კარზე მიკრული თეთრი კონვერტი.
- გიორგი...
- სანამ რამეს მკითხავ, უნდა იცოდე, რომ უკან დასახევი გზა აღარ გაქვს.
- შენთან ურთიერთობის დაწყების დღიდან მაქვს ეგ ეჭვი. კონვერტი მოხსნა.
შიგნით პატარა ბარათი იდო.
„დღეს შენ არ ხარ ენი.“ - ქალმა წარბი ასწია.
- მშვენიერია. ვინ ვარ? - გიორგიმ მეორე კონვერტი ამოიღო. „და მე არ ვარ გიორგი.“
- არ მითხრა, რომ ისევ დეა და ლევანი უნდა ვიყოთ.
- არა. ისინი უკვე ერთმანეთს იცნობენ. თან საკმაოდ ახლოს. - ენმა სიცილი ვერ შეიკავა.
- და ჩვენ?
- ჩვენ დღეს პირველად ვხვდებით. ოღონდ ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა?
- მე უკვე საშინლად მომწონხარ.
- ეგ შენი პრობლემაა, უცნობო. გიორგიმ მანქანის კარი გაუღო.
- ვნახოთ, საღამოს ბოლოს ვისი პრობლემა იქნება.
პირველ გაჩერებაზე ენმა იფიქრა, რომ გიორგი ნამდვილად გაგიჟდა. პატარა ბარი იყო. ნახევრად ჩაბნელებული, ძველი ხის მაგიდებითა და კედლებზე ჩამოკიდებული ვინილის ფირფიტებით. სადღაც კუთხეში საქსოფონი უკრავდა. ადამიანების ხმები მუსიკას ისე ერეოდა, თითქოს ოთახში ყველა თავის პატარა ისტორიას ჰყვებოდა. გიორგიმ კარი გაუღო, მაგრამ შიგნით არ შეჰყოლია.
- ხუთ წუთში შემოვალ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჯერ არ გიცნობ. - ენი რამდენიმე წამს უყურებდა, შემდეგ თავი გააქნია და სიცილით შევიდა. ბართან დაჯდა, ღვინის ჭიქა შეუკვეთა და გადაწყვიტა, ამ საღამოს წესები თავადაც დაერღვია. გიორგი ზუსტად ხუთ წუთში გამოჩნდა. მშვიდად მიუახლოვდა, გვერდით დაუდგა და ისეთი სერიოზულობით ჰკითხა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავდა:
- შეიძლება აქ დავჯდე? - ენმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
- დაკავებულია. - გიორგიმ ცარიელ სკამს დახედა.
- ვის ელოდებით?
- კაცს.
- იღბლიანი ყოფილა.
- ჯერ არ ვიცი. ცოტა მოსაწყენი ტიპია. - გიორგიმ ღიმილი ვერ შეიკავა.
- იქნებ მე უფრო საინტერესო აღმოვჩნდე?
- ეჭვი მეპარება. მოასწყენია მაგრამ ძალიან კარგად კოცნა იცის.. - გიორგიმ სკამი გამოსწია და დაჯდა.
- რთული კონკურენციაა.
- საშინელი. - რამდენიმე წუთში ორივეს უკვე უჭირდა სერიოზული სახის შენარჩუნება. გიორგი საკუთარ თავზე აბსურდულ ამბებს იგონებდა. ხან საერთაშორისო ჯაშუში იყო, ხან იტალიელი რესტავრატორი, რომელსაც იტალიური თითქმის არ ესმოდა. ენი კი ამტკიცებდა, რომ ცნობილი კრიმინალისტი იყო და ადამიანების ტყუილს მათი წარბების მოძრაობით ამოიცნობდა.
- და ჩემზე რას იტყვით? - ჰკითხა გიორგიმ.
ენი ოდნავ მიუახლოვდა.
- თქვენ რაღაცას მალავთ.
- მაგალითად?
- შეყვარებული ხართ. - გიორგიმ თვალებში შეხედა.
- ძალიან. - ამ ერთ სიტყვაში ისეთი სიმართლე აღმოჩნდა, რომ თამაშმა წამით აზრი დაკარგა. ენმა მზერა ღვინის ჭიქაზე გადაიტანა. გიორგიმ მისი ხელის მტევანს თითები მსუბუქად შეახო.
- შეიძლება გაკოცოთ?
- პირველივე შეხვედრაზე?
- ცუდი შთაბეჭდილება დავტოვე?
- პირიქით. უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებული ხართ.
- ესე იგი, შანსი მაქვს. - ენმა თავი ოდნავ დახარა, თითქოს რაღაცის მოფიქრება სურდა, შემდეგ უცებ წამოდგა.
- თუ დამეწევით. - და სანამ გიორგი სკამიდან წამოდგომას მოასწრებდა, ბარის კარისკენ გაიქცა.
ქუჩაში სიცივემ ორივეს სახეზე დაჰკრა. ენი სწრაფად მიდიოდა, თან უკან იხედებოდა და იცინოდა. გიორგი განზრახ არ ჩქარობდა, თითქოს ქალისთვის გაქცევის ილუზიის შენარჩუნება სურდა. მერე, როცა ენმა პატარა ჩიხში შეუხვია, რამდენიმე ნაბიჯში დაეწია. წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- დაგიჭირე.
- არ ითვლება! შენ უფრო გრძელი ფეხები გაქვს!
- ეს ბუნების უპირატესობაა.
- უსამართლო ბუნების. - გიორგიმ კედელთან შეაჩერა. მათ შორის იმდენად მცირე მანძილი დარჩა, რომ ენის სიცილი ნელ-ნელა სუნთქვაში გადაიზარდა. ქალმა პალტოს საყელოში ხელი ჩაავლო.
- ახლა რას აპირებ?
- კონკურენციის შეფასებას.
- რომელი კონკურენციის?
- იმ კაცის, რომელიც თურმე ძალიან კარგად კოცნის. ენი უკვე იცინოდა, როცა გიორგიმ აკოცა. ეს არ იყო მათი პირველი კოცნის ფრთხილი, თითქმის მორიდებული სიახლოვე. ახლა ერთმანეთის ხასიათიც იცოდნენ, სურვილებიც, ის პატარა სისუსტეებიც, რომლებიც მხოლოდ შეყვარებულ ადამიანებს ემჩნევათ. გიორგიმ წელზე ხელი უფრო მჭიდროდ შემოხვია. ენმა თითები თმაში შეუცურა და როცა კოცნა დასრულდა, ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა.
- შეფასება? - გიორგიმ შუბლი მის შუბლს მიადო.
- კიდევ ერთი ცდა მჭირდება.
- გაუმაძღარი ხარ.
- შენთან დაკავშირებით სრულიად.
მეორე გაჩერება გაცილებით ხმაურიანი აღმოჩნდა. პატარა გასართობ სივრცეში ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ძველი სათამაშო აპარატები იდგა. გიორგიმ ჯიბიდან მონეტა ამოიღო.
- დღეს ყველაფერს ერთი წესი აქვს: ვინც წააგებს, გამარჯვებულის სურვილს ასრულებს.
- ნებისმიერ სურვილს?
- გონივრულ ფარგლებში.
- ანუ შენს შემთხვევაში ძალიან შეზღუდულ ფარგლებში.
- ენ!
- რა? ჯერ არაფერი მითქვამს. - პირველი თამაში ენმა მოიგო. მეორე გიორგიმ.
მესამეზე კი ყველაფერი ისე აირია, რომ გამარჯვებული უკვე აღარავის ახსოვდა.
ენი მაგიდის ფეხბურთს ისეთი მონდომებით თამაშობდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო. გიორგი კი მოწინააღმდეგეზე მეტად მის სახეს უყურებდა, შეკრულ წარბებს, ტუჩებს შორის მოქცეულ ენას, გამარჯვებისას მხრების სასაცილო მოძრაობას. ერთ მომენტში ენმა შეამჩნია, რომ კაცი საერთოდ აღარ თამაშობდა.
- გიორგი! ბურთი გაგაქვს!
- ვიცი.
- შენს კარში!
- ეგეც ვიცი.
- მაშინ რას აკეთებ?!
- შენ გიყურებ. - ენი წამით გაჩერდა.
შემდეგ ბურთი პირდაპირ მის კარში გაიტანა.
- ძალიან კარგი. ახლა სურვილი მაქვს.
- გისმენ.
- ხუთი წუთი არ უნდა შემეხო. - გიორგიმ ისეთი სახე მიიღო, თითქოს სასჯელი გამოუტანეს.
- ხუთი წუთი?
- სრული.
- წამებში რამდენია?
- სამასი.
- სისასტიკეა. - ენმა ტელეფონზე წამზომი ჩართო. პირველი წუთი გიორგიმ გმირულად გადაიტანა. მეორეზე ქალის გარშემო სიარული დაიწყო. მესამეზე ყურთან დაიხარა. - იცი, რომ საშინლად უსამართლო ხარ?
- შეხება აკრძალულია. ლაპარაკი არა.
- მაშინ სიტყვებით მოგეფერები. - ენი ისე ახარხარდა, რომ კინაღამ ტელეფონი გაუვარდა. მეოთხე წუთზე გიორგიმ საათს შეხედა. - დრო გაჩერდა?
- სიყვარული მოთმინებაა, ძვირფასო.
- ვინც ეგ თქვა, შენ არ გიცნობდა. - როცა წამზომმა ბოლო წამები დაითვალა, ენმა უკან დაიხია.
- სამი... ორი... - ერთზე გიორგი მისკენ დაიძრა, მაგრამ ენი უკვე გარბოდა.
ამჯერად დიდხანს აღარ აცალა.
დარბაზის შედარებით წყნარ კუთხეში დაეწია, ხელები წელზე შემოხვია და სიცილით აიტაცა.
- ეს უკვე წესების დარღვევაა! - შესძახა ენმა.
- შენ გამო წესები დიდი ხანია აღარ მოქმედებს. - ქალი ძირს დასვა, მაგრამ ხელი არ გაუშვია. ენმა მის მკერდზე ხელისგულები დააწყო.
- და ახლა?
- ახლა მინდა გაკოცო.
- შენ სულ ეგ გინდა.
- არა. - გიორგიმ მის სახეს ჩამოშლილი თმა გადაუწია.
- ხანდახან უბრალოდ მინდა გიყურო.
ამჯერად ენმა აკოცა პირველმა.
მესამე გაჩერებისკენ მიმავალ გზაზე ქალაქი თანდათან დაცარიელდა.
ენი სავარძელში ნახევრად მისკენ შებრუნებული იჯდა. ფეხსაცმელი გაეხადა, ფეხები მოეკეცა და გიორგის მოყოლილ რაღაც სულელურ ამბავზე ჯერ კიდევ იცინოდა. მათი ურთიერთობის ყველაზე ლამაზი თვისება ალბათ სწორედ ეს იყო, ერთმანეთზე აღარ სჭირდებოდათ შთაბეჭდილების მოხდენა. გიორგის შეეძლო სრულიად სულელურად მოქცეულიყო და მაინც სასურველი დარჩენილიყო. ენს შეეძლო ხმამაღლა ეხარხარა, გაბრაზებულიყო, ეჭვიანობა გაეთამაშებინა, გაბუტულიყო და ხუთი წუთის შემდეგ თვითონვე ჩახუტებოდა. მათ შორის თანდათან ქრებოდა ის უხილავი სიფრთხილე, რომელიც ახალი სიყვარულის დასაწყისში ადამიანებს საკუთარი თავის ყველაზე ლამაზი ვერსიის ჩვენებას აიძულებს. ახლა ერთმანეთის ნამდვილ ვერსიებს იცნობდნენ. და სწორედ ისინი უყვარდათ.
- სად მივდივართ? - იკითხა ენმა.
- მალე ნახავ.
- გიორგი, თუ სადმე ტყეში მიმიყვან და მეტყვი, რომ ვარსკვლავებს უნდა ვუყუროთ, წინასწარ გაფრთხილებ, გავიყინები.
- ვარსკვლავები არ არის.
- ცხენი?
- ისევ ცხენი?! გაშინებს? ერთხელ მართლა უნდა წაგიყვანო.
- შენგან ყველაფერს ველოდები. - გიორგიმ მანქანა ძველი შენობის წინ გააჩერა. ენმა ფანჯრიდან გაიხედა.
- ეს რა არის?
- შემოდი. - შიგნით დიდი, თითქმის ცარიელი დარბაზი დახვდა. ძველი ხის იატაკი, მაღალი ფანჯრები და ჭერზე ჩამოკიდებული რამდენიმე თბილი ნათურა. ერთ კუთხეში პატარა მაგიდა იდგა. მაგიდაზე, ყუთი. ენი მიუახლოვდა. გიორგი უკან გაჩერდა. ყუთს თავსახური რომ ახადა, ჯერ მონეტა დაინახა. შემდეგ ორი კინობილეთი. პატარა ქაღალდის პაკეტი მზესუმზირის რამდენიმე მარცვლით. სასაცილო ვარდისფერი ქუდი. და ფოტო, რომელზეც ორივე იმდენად აბსურდულად გამოიყურებოდა, რომ ენს სიცილი აუტყდა.
- ეს ყველაფერი შეინახე? - გიორგიმ მხრები აიჩეჩა.
- რაღაცები შემთხვევით დამრჩა.
- მზესუმზირის მარცვლებიც შემთხვევით?
- ეგენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისტორიული ექსპონატებია. - ენი ისევ იცინოდა, მაგრამ ნელ-ნელა სიცილი სხვა განცდამ შეცვალა. ხელში მონეტა აიღო.
რამდენი რამ დაიწყო ამ ერთი პატარა, არაფრით გამორჩეული ნივთით. რამდენი გზა გაიარეს მას შემდეგ, რამდენჯერ შეეშინდათ, რამდენჯერ მოუნდათ ერთმანეთისგან გაქცევა და რამდენჯერ მაინც დარჩნენ. გიორგი გვერდით ამოუდგა.
- ბოლო დროს სულ რაღაცას ვაგვარებთ, ენ. -ქალმა შეხედა.
- ვიცი.
- ხან შენს პრობლემებს, ხან ჩემსას. ხან წარსულს ვებრძვით, ხან მომავალზე ვნერვიულობთ. - გიორგიმ ყუთიდან სასაცილო ქუდი ამოიღო. - და არ მინდა, ესენი დავკარგოთ. - ენმა ქუდს შეხედა.
- ამას გულისხმობ?
- ამასაც. - გაეცინა, შემდეგ უფრო სერიოზულად განაგრძო: - არ მინდა, ერთ დღეს ისეთი ადამიანები გავხდეთ, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ აღარ ახსოვთ, როგორ უნდა გაერთონ ერთად. - ენმა თვალები დახარა. ამ კაცს რაღაც საოცარი ნიჭი ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ისე ეთქვა, თითქოს სრულიად ჩვეულებრივ რამეზე საუბრობდა. არ სჭირდებოდა დიდი სიტყვები. არც დაპირებების ხმამაღლა წარმოთქმა. უბრალოდ, მის წინ იდგა და ეუბნებოდა, რომ მათ სიყვარულში სიცილისთვისაც უნდა დარჩენილიყო ადგილი.
- გიორგი...
- ჰო?
- შენ მართლა არანორმალური ხარ.
- ვიცი.
- და ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვე, რომ მე ისევ ბევრი მეცინა?
- ნაწილობრივ.
- დანარჩენი? - გიორგიმ მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
- დანარჩენი იმიტომ, რომ მთელი საღამოა შენი კოცნა მინდა და ნორმალურად ვერ მოვახერხე. - ენი ახარხარდა.
- რამდენჯერ მაკოცე?!
- არასაკმარისად. - ქალმა მონეტა მაღლა ასწია.
- მოდი, მაშინ ბედს მივანდოთ.
- რას?
- თუ გერბი დაჯდება, შენ მაკოცებ. თუ ციფრი მე გაკოცებ. - გიორგიმ რამდენიმე წამს უყურა.
- ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ვაგებ? - ენმა მონეტა ჰაერში ააგდო. ლითონმა სინათლეში გაიელვა.
- არა, გიორგი. ნებისმიერ შემთხვევაში იგებ. - მონეტა იატაკზე დაეცა, რამდენჯერმე დატრიალდა და გაჩერდა. არც ერთს დაუხედავს, რომელი მხარე დაჯდა. გიორგიმ ქალი მიიზიდა. ენმა ორივე ხელი კისერზე შემოხვია და აკოცა. სადღაც დარბაზის გარეთ მანქანამ ჩაიარა. მაღალ ფანჯრებზე ფარების სინათლემ გადაირბინა და გაქრა. მათი კოცნა სიცილმა შეწყვიტა, სიცილი, კიდევ ერთმა კოცნამ. შემდეგ ენი ოდნავ მოშორდა, გიორგის მკლავებიდან გამოძვრა და იატაკზე დაგდებული მონეტის ასაღებად დაიხარა.
- რას აკეთებ? - ჰკითხა გიორგიმ.
- ისტორიას ვაგროვებ. - მონეტა ხელისგულზე დაიდო, ცერი გადაუსვა და გაიღიმა. სხვებისთვის ეს უბრალოდ ხურდა იქნებოდა. მათთვის კი პატარა, მეტალის მოწმე იმ საღამოსი, როცა ორმა ადამიანმა პირველად გადაწყვიტა, გზა შემთხვევითობისთვის მიენდო და ერთმანეთი სრულიად შეგნებულად აერჩია. - ეს არ დაიკარგება. - თქვა ენმა და მონეტა ჩანთის შიდა ჯიბეში ფრთხილად ჩადო. გიორგიმ შეხედა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ზოგჯერ ადამიანის სიყვარული სწორედ ასეთ უმნიშვნელო მოძრაობებში ჩანს, როგორ ინახავს იმას, რასაც შენც ვერასოდეს გადააგდებდი.
- წავედით? - ჰკითხა ბოლოს.
- სახლში?
- ჯერ არა. - ენმა თვალები მოჭუტა.
- გიორგი...
- ბოლო გაჩერება.
- შენს ბოლო გაჩერებებს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ.
- დამიჯერე, მოგეწონება.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ენი თბილისის ერთ-ერთ ღამის სამრეცხაოში იდგა.
დიდი მრგვალი სარეცხი მანქანები კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულიყო. თეთრი, ცივი განათება იატაკზე ირეკლებოდა. გარეთ ქალაქი თითქმის დაცარიელებულიყო, შიგნით კი რამდენიმე მანქანა ერთფეროვნად გუგუნებდა. ენი გიორგის ისე უყურებდა, თითქოს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კაცს სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
- სამრეცხაოში მომიყვანე?
- ჰო.
- რომანტიკულ პაემანზე?
- ჰო.
- ტანსაცმლის გასარეცხად?
- არა. საცეკვაოდ. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ენს ისეთი სიცილი აუტყდა, რომ ახლომახლო მყოფი მოხუცი ქალი გაკვირვებით შემობრუნდა.
- შენ მართლა გაგიჟდი!
- ეს უკვე რამდენჯერმე მითხარი. ახალი შეფასება მჭირდება. გიორგიმ ტელეფონი ამოიღო, მუსიკა ჩართო და ხელი გაუწოდა.
ენმა ჯერ მის ხელს დახედა, შემდეგ სამრეცხაოს, მერე ისევ გიორგის.
- აქ?
- ზუსტად აქ.
- ხალხია!
- ორი ადამიანი. ერთი ჩვენ საერთოდ არ გვიყურებს, მეორე კი, მგონი, ჩვენზე უკეთ ცეკვავს. მოხუც ქალს გაეღიმა. ენმა თავი გააქნია, მაგრამ ხელი მაინც ჩაჰკიდა.
თავიდან მხოლოდ ხუმრობდნენ. გიორგი განზრახ უხერხულად მოძრაობდა, ენი კი სიცილით ცდილობდა მისთვის ნაბიჯების სწორად დადგმა ესწავლებინა. შემდეგ მუსიკა შეიცვალა. რითმი შენელდა. გიორგიმ ქალი თავისკენ მიიზიდა და წელზე ხელი შემოხვია. ენი მის მკერდს მიეყრდნო. მათ გარშემო სარეცხი მანქანები ტრიალებდა. სადღაც მონეტები ჩხრიალებდა. ქუჩის მხრიდან გვიანი ავტობუსის ხმა ისმოდა. და მაინც, იმ სრულიად არარომანტიკულ ადგილას, თეთრი ნათურების ქვეშ, ერთმანეთთან იმდენად ახლოს იდგნენ, რომ მთელმა ქალაქმა თითქოს რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? - ჩურჩულით ჰკითხა ენმა.
- რა?
- რომ ეს საღამო მართლა არასოდეს დამავიწყდება. - გიორგიმ გაიღიმა.
- ჯერ არ დასრულებულა.
- კიდევ რას აპირებ?!
- არაფერს. უბრალოდ კოცნას.
- ამას უკვე მთელი საღამოა აკეთებ.
- ვვარჯიშობ.
- რისთვის? - გიორგი მის ყურთან დაიხარა.
- მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის. -
ენმა პასუხად მხარზე მსუბუქად უკბინა.
- ძალიან შორს მიდიხარ, უცნობო.
- შენც ხომ მომყვები? - ქალმა თავი ასწია.
- სამრეცხაოშიც კი. - და ისევ აკოცა. ამჯერად სიცილით, დაუფარავი სურვილით და იმ თავისუფლებით, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი სხვის გვერდით საკუთარ თავს აღარ აკონტროლებს. მუსიკა ჯერ კიდევ უკრავდა, როცა გასასვლელისკენ მიმავალი მოხუცი ქალი შეჩერდა, წყვილს ღიმილით გადახედა და თავი გააქნია.
- თქვენ, მგონი, მისამართი შეგეშალათ, შვილებო. აქ სამრეცხაოა და არა საქორწილო დარბაზი. - ენმა სიცილით სახე გიორგის მკერდში დამალა. - ხომ გითხარი, გამოგვაგდებენ-მეთქი! - გიორგიმ კი ქალს სრულიად სერიოზული სახით შეხედა.
- ჯერ ნუ გაგვაგდებთ, ქალბატონო. პატარძალი ძლივს დავითანხმე ცეკვაზე.
- მერე სახლში წაიყვანე, შვილო, სანამ სარეცხთან ერთად ეგეც დაგიტრიალებია! - გაეცინა ქალს.
- აი, ხედავ? - მიუბრუნდა ენი გიორგის. - სრულიად უცხო ადამიანებიც კი ჩემს გადარჩენას ცდილობენ.
- გვიანია. - ჩასჩურჩულა გიორგიმ და კიდევ ერთხელ აკოცა. - უკვე მოგიტაცე.
ღამის ორი საათი სრულდებოდა, როცა ბოლოს მანქანაში ჩასხდნენ. ენი ჯერ კიდევ იღიმებოდა. თმა არეოდა, ლოყები სიცილისგან უხურდა და ფეხები ცეკვისგან სტკიოდა.
გიორგიმ ძრავი აამუშავა
- დაიღალე?
- საშინლად.
- ინანე?
- ერთი წამითაც არა. - ჩანთაში ხელი ჩაყო, პატარა მონეტა ამოიღო და გიორგის დაანახა.
- იცი, რას ვფიქრობ?
- რას?
- შემდეგ ჯერზე პაემანს მე მოვაწყობ. - გიორგიმ ინტერესით შეხედა.
- მართლა?
- ჰო. და შენ წარმოდგენაც არ გექნება, სად მიგიყვან.
- მეშინოდეს? - ენმა მონეტა თითებს შორის შეათამაშა.
- ძალიან. - გიორგიმ გაიცინა.
- უკვე მომწონს. - ქალმა მონეტა ისევ ფრთხილად შეინახა, შემდეგ მისკენ გადაიხარა და აკოცა.
- ოღონდ ერთი პირობით.
- გისმენ.
- რაც უნდა მოვიფიქრო, გაქცევის უფლება არ გექნება. - გიორგიმ გაიღიმა.
- ენ, მე შენთან მოსასვლელად იმდენი გზა გამოვიარე, ახლა სადღა უნდა გავიქცე? - ქალმა რამდენიმე წამს უყურა. შემდეგ თითები მის თითებში ახლართა. მანქანა ნელა დაიძრა. თბილისს ეძინა. მათ კი ჯერ კიდევ ეცინებოდათ. და სადღაც ენის ჩანთის პატარა ჯიბეში მონეტა იდო, ჩვეულებრივი ხურდა, რომელსაც უკვე იმდენი მოგონება ჰქონდა, რომ მთელი სიმდიდრის ფასადაც აღარ გაცვლიდნენ.


15

გიორგის ყოველთვის ეგონა, რომ მოულოდნელობების მოწყობა კარგად გამოსდიოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის საფუძველიც ჰქონდა. ბოლო თვეების განმავლობაში მოახერხა, სრულიად ზრდასრული, ორი შვილის დედა, წარმატებული და საკმაოდ გონიერი ქალი ხან სუპერმარკეტის ურიკაში ჩაესვა, ხან უცნობი ადამიანივით გაეცნო, ხან კი შუაღამისას სამრეცხაოში ეცეკვა. და რაც ყველაზე სასაცილო იყო, ენს ეს ყველაფერი მოსწონდა. იმდენად მოსწონდა, რომ ბოლოს თავად გადაწყვიტა, ამ კაცისთვის ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ესწავლებინა: ქალს, რომელიც საკუთარი ნებით ჩაჯდა სუპერმარკეტის ურიკაში, ფანტაზიის ნაკლებობას ვერავინ დასწამებდა. გიორგიმ ამის შესახებ, რასაკვირველია, არაფერი იცოდა. პარასკევს, საღამოს ექვს საათზე, ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
ენი:„დღეს არაფერს გეგმავ. არაფერს მეკითხები. უბრალოდ მოდიხარ და მენდობი.“
ქვემოთ მისამართი ეწერა.
გიორგიმ შეტყობინება წაიკითხა და გაეღიმა.
გიორგი:„შეიძლება ანდერძის შედგენა მაინც მოვასწრო?“
ენი:„არ დაგჭირდება. ქონებას ისედაც მე ვიტოვებ.“
გიორგი:„მაშინ ერთი კითხვა მაქვს. როგორ ჩავიცვა?“
ენი:„ისე, რომ ბოლოს გაშიშვლება არ დაგენანოს.“
გიორგიმ წარბები ასწია.
გიორგი:„ენ.“
ენი:„რა?“
გიორგი:„სამსახურში ვარ.“
ენი:„მერე? მე ხომ არ მითქვამს, რომ ახლავე უნდა გაიხადო.“
გიორგიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო და რამდენიმე წამს უბრალოდ იცინოდა.
შემდეგ საათს დახედა. შვიდამდე ორმოცდაათი წუთი რჩებოდა.
პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდა, რას გააკეთებდა და როგორ დასრულდებოდა საღამო. და ეს გაურკვევლობა საოცრად მოეწონა.

კულინარიული ორთაბრძოლა
მისამართზე მისული გიორგი ჯერ შენობის ფასადს დააკვირდა, შემდეგ ტელეფონში მითითებული მისამართი გადაამოწმა. შეცდომა არ იყო. პატარა კულინარიული სტუდიის წინ იდგა. შიგნით შესულს ენი დახვდა. შავი, სხეულზე ლამაზად მომდგარი შარვალი, ღია ფერის აბრეშუმის ზედა და თმა, რომელიც მხრებზე თავისუფლად ჩამოშლოდა. ხელში ორი თეთრი წინსაფარი ეჭირა. მის დანახვაზე ისეთი ღიმილით გაიბრწყინა, გიორგიმ წამით საერთოდ დაივიწყა, რატომ იყო აქ მოსული.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო გიორგი.
- საღამო მშვიდობისა, ქალბატონო. აქ რისთვის მოვედი?
- საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების შედეგებთან შესახვედრად.
- ეს რას ნიშნავს? - ენმა წინსაფარი გაუწოდა.
- დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით. ორმოცი წუთი გაქვს, რომ ვახშამი მოამზადო. ერთი და იგივე პროდუქტები, ერთი და იგივე პირობები. ბოლოს პროფესიონალი შეფი შეაფასებს, რომელი ჩვენგანი უკეთესი მზარეულია. - გიორგიმ წინსაფარს დახედა.
- და შენ გადაწყვიტე, რომ სამზარეულოში უნდა დამამარცხო?
- არა, ძვირფასო. გადავწყვიტე, რომ ერთხელ მაინც საკუთარი თვალით ვნახო, როგორ კარგავ თავდაჯერებულობას.
- რთული ამოცანაა.
- ვიცი. ამიტომაც მოვემზადე. - ქალმა წინსაფარი თავად შეუკრა. მის უკან დადგა, თასმები წელზე შემოატარა და კვანძის გაკეთებამდე განზრახ ოდნავ შეაყოვნა ხელები. გიორგიმ თავი მიაბრუნა.
- ეს უკვე თამაშის ნაწილია?
- რა?
- ჩემი ყურადღების გაფანტვა.
- ჯერ არც დამიწყია. - გიორგიმ ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- მაშინ წინასწარ გამაფრთხილე, როდის იწყებ. - ენი ფეხის წვერებზე აიწია, თითქოს კოცნას აპირებდა, მაგრამ ბოლო წამს გვერდით გაიწია.
- დრო უკვე გადის.
პირველი ათი წუთი გიორგის სასარგებლოდ წარიმართა.
მან პროდუქტები მშვიდად დაალაგა, ხორცი დაამუშავა, ტაფა გააცხელა და ისეთი თავდაჯერებით დაიწყო კერძის მომზადება, თითქოს მთელი ცხოვრება პროფესიონალურ სამზარეულოში გაეტარებინოს. ენი თავის სამუშაო მაგიდასთან იდგა და პერიოდულად მისკენ იყურებოდა.
- შენ ეს ყველაფერი საიდან იცი?
- დამოუკიდებელი ცხოვრების უპირატესობაა.
- ანუ გემრიელად ამზადებ?
- შეგიძლია ოდესმე თავად შეამოწმო.
- უკვე ვამოწმებ.
- მაშინ ნუ მიშლი ხელს. - ენმა შეურაცხყოფილი სახე მიიღო.
- მე ხელს გიშლი?
- ამ წუთას განსაკუთრებით. - ქალი მიუახლოვდა, გიორგის გვერდით დადგა და მისი ტაფიდან სოუსი გასინჯა.
- ჰმ...
- რა „ჰმ“?
- საინტერესოა.
- კარგი გაგებით?
- ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. - გიორგიმ კოვზი გამოართვა.
- საკუთარ კერძს მიხედე, ქალბატონო. - ენმა უკან დაიხია, მაგრამ სანამ წავიდოდა, გიორგის ლოყაზე თითით ფქვილი წაუსვა.
- ახლა უკეთ გამოიყურები. - გიორგიმ მშვიდად მოიწმინდა ლოყა.
- ამას დავიმახსოვრებ.
- იმედი მაქვს. - შემდეგი ათი წუთი უკვე ნამდვილ ორთაბრძოლას დაემსგავსა.
ენი საოცარი სისწრაფით მუშაობდა. ხან რაღაცას ჭრიდა, ხან სოუსს ამზადებდა, ხან გიორგისთან მიდიოდა და ვითომ სრულიად შემთხვევით ეკითხებოდა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება. გიორგი თანდათან მიხვდა, რომ ქალს გამარჯვებაზე მეტად მისი გამწარება სიამოვნებდა.
- ენ, შენს მაგიდასთან დაბრუნდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ უკვე მესამედ მოდიხარ ჩემს მხარეს.
- უბრალოდ შენთან ახლოს ყოფნა მინდა.
- რა რომანტიკულია.
- ხოო?
- და ჩემი როზმარინი სად არის? - ენმა სრულიად უდანაშაულო სახით შეხედა.
- რომელი როზმარინი? - გიორგიმ მისი სამუშაო მაგიდისკენ გაიხედა. იქ როზმარინის ორი ტოტი იდო.
- ქურდი ხარ.
- სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს.
- ჩემი როზმარინის სახით?
- რაღაცით ხომ უნდა დაიწყო. - გიორგი მისკენ წავიდა. ენმა მაშინვე უკან დაიხია. - არ მომეკარო! ცხელი ტაფა მიჭირავს!
- ტაფას რომ დადებ, მერე მოგხედავ.
- მემუქრები?
- გპირდები. - ქალს სიცილი აუტყდა.
და სწორედ ამ დროს გიორგიმ, სრულიად მოულოდნელად, მის ცხვირზე ფქვილის პატარა ლაქა დატოვა. ენი გაშეშდა.
- რა გააკეთე?
- ისტორიული სამართლიანობა აღვადგინე.
- გიორგი...
- ჰო, საყვარელო?
- შენ ომი დაიწყე.
- შენ დაიწყე. მე უბრალოდ დავასრულებ.
ორმოცი წუთის ბოლოს ორივე კერძი მზად იყო. შეფმა ჯერ გიორგის მომზადებული ხორცი გასინჯა. შემდეგ ენის თეფშს მიუბრუნდა. გიორგი ხელებგადაჯვარედინებული იდგა. ენი კი ისეთი გამომეტყველებით აკვირდებოდა შეფს, თითქოს ქვეყნის ბედი წყდებოდა. ბოლოს კაცმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
- ორივე კერძი ძალიან კარგია, მაგრამ გემოების დაბალანსებით ქალბატონი იმარჯვებს. - ენმა გამარჯვებულივით ასწია ხელები.
- დიახ! - გიორგიმ თავი დახარა.
- ეს შედეგი გასაჩივრებას ექვემდებარება.
- ვერ გაასაჩივრებ, ძვირფასო. მოწმე გვყავს. - შეფმა სიცილით დატოვა ისინი.
ენი გიორგის მიუახლოვდა, წინსაფრის საყელოში თითები ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. - აბა, როგორია დამარცხება?
- დამცირებულია ჩემი ღირსება.
- საწყალი.
- შენ საერთოდ არ გეცოდები?
- ძალიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ლამაზი ხარ გაბრაზებული.
გიორგიმ წელზე ხელი შემოხვია. - იცოდე, ერთხელაც მოვიგებ.
- რა თქმა უნდა.
- და მაშინ...
- მაშინ რა? - გიორგი მის ყურთან დაიხარა.
- სურვილს მე ავირჩევ. - ენმა ლოყაზე ფქვილის დარჩენილი კვალი მოაშორა.
- მოუთმენლად ველოდები. - და სანამ გიორგი აკოცებდა, ქალმა ტუჩებზე თითი მიადო.
- არა. ჯერ მეორე გაჩერებაა.
- ღმერთო, ჯამში რამდენია?
- საკმარისი იმისთვის, რომ ბოლოს ძალიან შეგიყვარდე. გიორგიმ გაიღიმა
- მაგა საკუთხში უკვე დაგაგვიანდა საყვარელო.

სცენა, მიკროფონი და პატარა შურისძიება
მეორე მისამართზე მისულმა გიორგიმ ჯერ განათებულ აბრას შეხედა. შემდეგ ენს. შემდეგ ისევ აბრას.
- კარაოკე? - ენი ისეთი კმაყოფილი სახით უყურებდა, თითქოს წლის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.
- დიახ.
- შენ ხომ იცი, რომ არ ვმღერი?
- ვიცი.
- და მაინც აქ მომიყვანე?
- სწორედ ამიტომ. - გიორგიმ მანქანის საჭეზე ხელები დააწყო.
- ენ, არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანი სიყვარულის გამოც კი არ აკეთებს. ქალმა ღვედი შეიხსნა.
- მშვენიერია. მაშინ გავარკვევთ, სად გადის შენი სიყვარულის საზღვარი. - გიორგიმ სიცილით თავი გააქნია.
- ძალიან სახიფათო ქალი ხარ.
- და შენ ძალიან სექსუალური მსხვერპლი.
ბარში ხალხი ბევრი არ იყო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ სცენაზე ასვლა ნამდვილ გამოცდად ქცეულიყო. ენი წინასწარ დაჯავშნილ მაგიდასთან დაჯდა. გიორგიმ სასმელი შეუკვეთა და უკვე იმედოვნებდა, რომ ყველაფერი უბრალოდ ხუმრობა იყო, როცა წამყვანმა მიკროფონში გამოაცხადა:
- შემდეგი მონაწილე - გიორგი! - კაცმა თვალები დახუჭა. - ენი უკვე იცინოდა.
- შენ ეს წინასწარ მოაწყვე?
- რა თქმა უნდა.
- სიმღერაც შეარჩიე?
- თავისთავად.
- შემიძლია ვიცოდე, რა სიმღერაა?
- რომანტიკული.
- ეს ძალიან ცუდად ჟღერს.
- შენთვის შესაძლოა. - გიორგი ნელა წამოდგა.
- იცოდე, ამ ყველაფერს დავიმახსოვრებ. - უკვე მეორედ მეუბნები დღეს. მეხსიერება აშკარად გაგიუმჯობესდა. - სცენაზე ასულმა კაცმა მიკროფონი აიღო. რამდენიმე წამს ეკრანს უყურებდა. შემდეგ დარბაზს გადახედა.
- სანამ დავიწყებ, მინდა ერთი რამ განვაცხადო. - ენი მაშინვე დაიძაბა.
- გიორგი...
- აქ ჩემი ნებით არ ვდგავარ. - დარბაზში სიცილი გაისმა. - ერთი ძალიან ლამაზი ქალი ცდილობს, საჯაროდ შემარცხვინოს. - ენმა სახეზე ხელები აიფარა.
- ღმერთო ჩემო...
- და რადგან მე საკმაოდ კეთილშობილი ადამიანი ვარ, გადავწყვიტე, მარტო არ შევრცხვე. - გიორგიმ მისკენ ხელი გაიშვირა. - ენ, სცენაზე ამოდი. - ქალმა თავი გააქნია.
- არა!
- მეგობრებო. - მიმართა გიორგიმ დარბაზს. - მგონი, დახმარება დამჭირდება. - რამდენიმე ადამიანმა ტაში დაუკრა. ენი სკამზე ჩაიკეცა სიცილით.
- შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა! - გიორგიმ მიკროფონი ტუჩებთან მიიტანა.
- საყვარელო, შენ დამიწყე ომი. - ბოლოს ენი მაინც ავიდა სცენაზე.
- მძულხარ, — ჩასჩურჩულა ღიმილით.
- საოცარია, როგორი ლამაზი ხარ, როცა იტყუები. - მუსიკა დაიწყო. პირველი რამდენიმე სტრიქონი გიორგიმ სრულიად სერიოზულად იმღერა. სერიოზულობა დაახლოებით თხუთმეტ წამს გაგრძელდა. შემდეგ ერთ ნოტს ისე აუცდა, ენმა სიცილისგან სიმღერა ვეღარ გააგრძელა. გიორგიმ შეხედა. - რას იცინი? ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს.
- შენს შემთხვევაში მსმენელისგან! - დარბაზში ისევ სიცილი გაისმა. მაგრამ შემდეგ რაღაც მოულოდნელი მოხდა. გიორგიმ სიმღერის რითმი დაიჭირა. მისი ხმა პროფესიონალური არ იყო, თუმცა სასიამოვნო ტემბრი ჰქონდა, და როცა ენს შეხედა, სიტყვები თითქოს მხოლოდ მისთვის იმღერა. ენი თანდათან გაჩუმდა. რამდენიმე წამით საერთოდ დაავიწყდა, რომ სცენაზე იდგნენ. გიორგის თვალებში ის ნაცნობი, ოდნავ თავხედური ღიმილი ჰქონდა, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებდა რაღაცას, კოცნას, ხუმრობას, ან ისეთ სიტყვებს, რომელთა შემდეგაც ენს საკუთარი გულისცემის დამალვა უჭირდა.
სიმღერის ბოლოს გიორგიმ მიკროფონი გვერდზე გადადო და ქალს წელზე ხელი მოხვია.
- ახლა შეიძლება?
- რა?
- ჩემი ჯილდო მივიღო.
- რა ჯილდო?
- საჯარო დამცირების კომპენსაცია. - ენმა თვალები დააბრიალა.
- ხალხი გვიყურებს.
- დიდი ხანია თან. უარესი რა უნდა მოხდეს?
- შეიძლება ცუდად გაკოცო.
- მზად ვარ, გავრისკო. - ქალმა ორივე ხელი მის სახეზე ჩაავლო და აკოცა. დარბაზში ვიღაცამ ტაში შემოჰკრა. შემდეგ სხვებიც აჰყვნენ. ენმა სახეზე ხელი აიფარა.
- ახლა მართლა შემრცხვა. - გიორგიმ მისი ხელი დაიჭირა. ახლოს მიიზიდა და კიდევ ერთხელ აკოცა. - დარბაზი სტვენდა.
- მშვენიერია. ანგარიში გათანაბრდა.

სურვილების აუქციონი
ბარიდან გამოსვლისას უკვე გვიანი იყო. ქუჩები სველი და განათებული ჩანდა. ჰაერში ყავისა და წვიმის სუნი იდგა. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ საღამო დასრულდა. მაგრამ ენმა ჩანთიდან პატარა შავი კონვერტი ამოიღო.
- მესამე ეტაპი. - გიორგიმ შეხედა.
- ენ, შენ მართლა გეგმავდი ჩემს სრულ განადგურებას?
- არა, ძვირფასო. მხოლოდ ნაწილობრივს.
- და ახლა?
- ახლა სიმართლეს ვითამაშებთ. - მათ პატარა, მყუდრო კაფეში გადაინაცვლეს, სადაც ფანჯარასთან ახლოს მაგიდა აირჩიეს. ენი გიორგის პირდაპირ დაჯდა და მაგიდაზე ხუთი დაკეცილი ბარათი დააწყო. - ეს არის სურვილების აუქციონი.
- აუქციონი?
- დიახ. თითოეული ბარათის მისაღებად კითხვას უნდა უპასუხო. გულწრფელად. თუ პასუხი არ მომეწონება, ბარათს ვერ მიიღებ. - გიორგი სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- და ბარათებში რა წერია?
- სურვილები.
- ვისი?
- ჩემი. მაგრამ შენ უნდა შეასრულო.
- ანუ მე უნდა ვაღიარო რაღაცები და ბოლოს შენს სურვილებსაც მე ვასრულებ? - ენმა კმაყოფილებით დაუქნია თავი.
- ზუსტად.
- საოცარი ეკონომიკური მოდელია.
- მადლობა.
- მძარცველი ხარ.
- შეყვარებული მძარცველი.
- ეს ოდნავ ამსუბუქებს მდგომარეობას. - პირველი კითხვა მარტივი აღმოჩნდა.
- როდის მოგინდა პირველად ჩემი კოცნა? - გიორგიმ პასუხი არ იჩქარა.
- გაცილებით ადრე, ვიდრე გაკოცე.
- კონკრეტულად?
- მაშინ, როცა პირველად მივხვდი, რომ შენთან საუბრის დასრულება არ მინდოდა. - ენს გაეღიმა.
- ეს პასუხი ძალიან ლამაზია, მაგრამ კითხვას თავს არიდებ. - გიორგიმ მისკენ გადაიხარა.
- პირველი პაემნის დროს. მანქანაში. როცა მზესუმზირას ჭამდი და სრულიად სერიოზული სახით ცდილობდი დაგერწმუნებინე, რომ იაფფასიანი ყავა ზოგჯერ საუკეთესო ყავაა. - ენმა თვალები მოჭუტა.
- და რატომ არ მაკოცე?
- იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცოდი, გაქცევას ხომ არ აპირებდი.
- მე?
- შენ. ისეთი გამომეტყველება გქონდა, თითქოს თუ ზედმეტად მოგიახლოვდებოდი, მანქანიდან გადამაგდებდი. - ენმა გაიცინა.
- შეიძლება ასეც მომხდარიყო.
- ამიტომაც დავიცადე. - ქალმა პირველი ბარათი გაუწოდა. გიორგიმ გახსნა.
„შეგიძლია ხელი მომკიდო და მომდევნო გაჩერებამდე აღარ გამიშვა.“
კაცმა ბარათს დახედა. შემდეგ ენს.
- ამისთვის მთელი ისტორია მომაყოლე?
- ჯერ კიდევ იაფად გამოხვედი. - გიორგიმ მაგიდაზე დადებულ მის ხელს ხელი დააფარა.
- შესრულებულია.
მეორე კითხვა უფრო სახიფათო აღმოჩნდა.
- რომელი ჩემი ჩვევა გაგიჟებს ყველაზე მეტად? - გიორგიმ ჩაფიქრებული სახე მიიღო.
- დადებითად თუ უარყოფითად?
- როგორც გინდა.
- მაშინ ის, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, ჯერ ცდილობ, თავი მოაჩვენო, თითქოს საერთოდ არ გაინტერესებს. - ენი გაისუსა.
- მაგალითად?
- მაგალითად, როცა კოცნა გინდა.
- მე არასოდეს ვმალავ, როცა კოცნა მინდა. - გიორგიმ წარბი ასწია.
- მართლა?
- დიახ.
- მაშინ ახლა რატომ მიყურებ ტუჩებზე. - ენმა მზერა მაშინვე გაუსწორა.
- იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობ.
- რა თქმა უნდა. - გიორგიმ მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და თითებზე აკოცა. - და კიდევ ერთი ჩვევა გაქვს.
- რა?
- როცა გაბრაზებული ხარ, ჩემს სახელს სხვანაირად წარმოთქვამ.
- როგორ?
- „გიორგი!“ - გაიმეორა კაცმა ენის მკაცრი ინტონაციით. - ქალს სიცილი აუტყდა.
- ასე არ ვამბობ!
- ზუსტად ასე ამბობ. და ყოველთვის ვიცი, რომ რაღაც დავაშავე.
- ხშირადაც აშავებ.
- შენთან ურთიერთობა მუდმივი დანაშაულის განცდაა.
მეორე ბარათზე ეწერა:
„მითხარი ერთი კომპლიმენტი ისე, რომ არ იხუმრო.“ გიორგიმ ბარათი მაგიდაზე დადო. მისი სახე ოდნავ დასერიოზულდა.
- შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, ენ.
ქალს გაიღიმა.
- ეს ვიცი.
- ვიცი, რომ იცი. მაგრამ შენს სილამაზეზე მეტად ის მიყვარს, როგორ იცვლება შენი სახე, როცა ბედნიერი ხარ. თითქოს თვალებში სინათლეს ვიღაც შიგნიდან ანთებს. - ენის ღიმილი ნელ-ნელა შერბილდა. - გიორგიმ განაგრძო: - და ძალიან მიყვარს, რომ ზოგჯერ ამ სინათლის მიზეზი მე ვარ. - ქალმა მზერა დახარა.
- გიორგი...
- ხომ მთხოვე, არ მეხუმრა?
- ჰო.
- ჰოდა, ახლა ნუ მაწყვეტინებ. - ენმა სიცილით თავი გააქნია.
- კარგი. შემდეგი კითხვა.
მესამე ბარათის მისაღებად გიორგის უნდა ეთქვა, რა სურდა ენთან ერთად ისეთი, რაც ჯერ არ გაუკეთებიათ. ამჯერად დიდხანს ფიქრობდა. - მინდა, სადმე წავიდეთ.
- უკვე ბევრგან ვიყავით.
- არა, სხვანაირად. რამდენიმე დღით. ისე, რომ არ გვქონდეს წინასწარ გაწერილი გეგმები. დილით გავიღვიძოთ და მხოლოდ მაშინ გადავწყვიტოთ, სად წავალთ. - ენი ჩაფიქრდა.
- და რას გავაკეთებთ?
- არაფერს განსაკუთრებულს. ვივლით, ვჭამთ, ვიკამათებთ იმაზე, რომელი გზა ჯობია. შენ აუცილებლად სადღაც დამკარგავ, მერე მე მოგძებნი...
- რატომ უნდა დაგკარგო?
- იმიტომ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რუკას არ დაემორჩილები. - ენმა გადაიხარხარა.
- შეიძლება.
- და კიდევ მინდა, ერთხელ მაინც ისეთი დილა გვქონდეს, როცა არც ერთს არსად გვეჩქარება. -ქალმა დიდხანს უყურა.
ზოგჯერ ყველაზე რომანტიკული სურვილი სწორედ ჩვეულებრივი ცხოვრების სურვილია. არა გრანდიოზული თავგადასავალი. უბრალოდ დრო, რომელიც არავის ეკუთვნის, გარდა ორი ადამიანისა.
მესამე ბარათზე ეწერა:
„შეგიძლია ერთი კოცნა მოიპარო ნებისმიერ დროს, როცა ამას არ ველოდები.“ გიორგიმ ბარათი ჯიბეში ჩაიდო.
- ამას შევინახავ.
- რატომ?
- სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
- გიორგი!
- ჯერ არ გამომიყენებია.
მეოთხე კითხვა ენმა განსაკუთრებით კმაყოფილი გამომეტყველებით დასვა.
- რა არის ის, რასაც ჩემთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ფიქრობ, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობ? - გიორგიმ თვალები მოჭუტა. - დარწმუნებული ხარ, რომ პასუხი გინდა?
- სრულიად.
- აქ?
- აქ. - კაცმა ყავის ჭიქა დადგა და ოდნავ მიუახლოვდა. - ხშირად ვფიქრობ, რამდენად უსამართლოა, რომ შეგიძლია სრულიად ჩვეულებრივად იჯდე ჩემს წინ და წარმოდგენაც არ გქონდეს, რა გავლენას ახდენ ჩემზე. - ენმა წარბი ასწია.
- მაგალითად?
- მაგალითად, ახლა.
- ახლა რას ვაკეთებ?
- არაფერს. სწორედ ეგ არის პრობლემა. - ქალმა ქვედა ტუჩს მსუბუქად უკბინა.
გიორგიმ მაშინვე შენიშნა. - აი, ეგეც.
- რა?
- ეგ მოძრაობა.
- რა მოძრაობა?
- ენ, ნუ მაიძულებ, დეტალურად აგიხსნა. - ქალმა სიცილით თავი უკან გადასწია.
- კარგი, კარგი. პასუხი მიღებულია.
მეოთხე ბარათი გაუწოდა.
„შეგიძლია მაკოცო ისე, თითქოს მთელი საღამოა ამას ელოდები.“
გიორგიმ ბარათს დახედა.
შემდეგ ნელა წამოდგა.
- ამისთვის ოთხი საიდუმლო მათქმევინე?
- იაფად გამოხვედი. გიორგი მის გვერდით მივიდა. ენი სკამზე იჯდა.
- ახლა?
- ახლა. - გიორგიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა. არც ნაჩქარევად. არც მორიდებით. ისე, როგორც კოცნიან ადამიანს, რომლის სიახლოვეც უკვე კარგად იციან, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე თავიდან უნდათ აღმოჩენა.
ენმა თითები მის მაჯებზე შემოაჭდო.
როცა გიორგი მოშორდა, ქალი რამდენიმე წამს თვალებს არ ახელდა.
- შეფასება? - ჩურჩულით ჰკითხა კაცმა.
- დამაკმაყოფილებელი.
- მხოლოდ?
- შეგიძლია შემდეგ ჯერზე უკეთ მოემზადო. - გიორგიმ გაიცინა.
- მეხუთე ბარათი. - ენი უცებ დასერიოზულდა.
- მეხუთე კითხვა სხვანაირია. - გიორგი ისევ დაჯდა.
- გისმენ.
- რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია ჩვენთან დაკავშირებით? - კაცის სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა. გარეთ წვიმამ იმატა. ფანჯარაზე წყლის წვეთები ერთმანეთს უერთდებოდა და დაბლა ეშვებოდა. გიორგიმ რამდენიმე წამს არაფერი თქვა.
- იმის, რომ ერთ დღეს შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი ტკივილთან ასოცირდეს. - ენმა ყურადღებით შეხედა.
- რატომ ფიქრობ ასე?
- იმიტომ, რომ ბოლო დროს იმდენი რთული რამ მოხდა... არ მინდა, ჩემთან ყოფნა კიდევ ერთ ბრძოლად გექცეს. - ქალმა ხელი გაუწოდა.
- გიორგი, იცი, რა არის საინტერესო?
- რა?
- შენ გგონია, რომ სიყვარულმა მხოლოდ კარგი დღეები უნდა მოგვიტანოს, თორემ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.
- ასე არ მგონია.
- ცოტათი მაინც. - კაცმა თავი დახარა.
ენი მის ხელს მოეფერა. - მე შენ იმიტომ არ შემიყვარდი, რომ ჩემთვის იდეალური ცხოვრება შეგექმნა. შემიყვარდი იმიტომ, რომ შენთან ერთად ჩემი ჩვეულებრივი, არაიდეალური ცხოვრებაც ძალიან მომწონს. - გიორგიმ შეხედა.
- მაშინაც, როცა ვჩხუბობთ?
- მაშინაც. ოღონდ ნუ შეეჩვევი. - გაეცინათ.
ენი ოდნავ მიუახლოვდა.
- და კიდევ ერთი რამ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად უნდა გადაარჩინო. მე შენი ქალი მინდა ვიყო, შენი ადამიანი გიორგი. არა შენი პასუხისმგებლობა. - გიორგიმ მისი თითები ტუჩებთან მიიტანა.
- ვიცი.
- მაშინ ხანდახან უბრალოდ მომეცი უფლება, მეც გაგაბედნიერო. ამ სიტყვების შემდეგ მეხუთე ბარათი გაუწოდა. გიორგიმ გახსნა.
„დღეს ბოლო სურვილი ჩემია: მინდა, ერთხელ მაინც დაიჯერო, რომ შენც იმსახურებ ბედნიერებას.“ კაცმა დიდხანს უყურა ბარათს. შემდეგ ფრთხილად დაკეცა და დანარჩენებთან ერთად ჯიბეში ჩაიდო.
- ეს ყველაზე ძვირი დამიჯდა. - ენმა გაიღიმა. - სამაგიეროდ, ყველაზე ღირებული იყიდე.

ქალაქის თავზე
ბოლო მისამართზე მისულებმა მანქანა მაღალი შენობის წინ გააჩერეს.
გიორგიმ ზემოთ აიხედა.
- კიდევ რა მოიფიქრე?
- ამჯერად არაფერი საშიში.
- ეს წინადადება შენგან განსაკუთრებით საშიშად ჟღერს. - ლიფტით ბოლო სართულზე ავიდნენ. ენი წინ მიდიოდა, გიორგი უკან. ტერასის კარი რომ გააღო, გრილი ჰაერი სახეზე შეეგებათ. ქალაქი ქვემოთ ათასობით პატარა სინათლედ იშლებოდა. ტერასის ერთ მხარეს ორი რბილი სავარძელი იდგა, მათზე პლედები იყო გადაფარებული. პატარა მაგიდაზე თერმოსი, ორი ჭიქა და რამდენიმე ტკბილეული ელაგა.
მეორე მხარეს პატარა ეკრანი და პროექტორი დაედგათ. გიორგიმ გარემო მოათვალიერა.
- ეს ყველაფერი შენ მოაწყვე?
- ჰო.
- როდის მოასწარი?
- როცა შენ საკუთარი თავი სამყაროს საუკეთესო პაემნების ორგანიზატორი გეგონა. - გიორგიმ გაიცინა.
- ჯერ კიდევ მგონია.
- ვნახოთ. - ენი სავარძელში ჩაჯდა, პლედი მუხლებზე გადაიფარა და გიორგის გვერდით მიუთითა. - დაჯექი.
- რა ხდება?
- კინოსეანსი გვაქვს.
- ჩვენი ძველი პაემნის გამეორებაა?
- არა. ამჯერად მთავარი გმირი შენ ხარ. - პროექტორი ჩაირთო. ეკრანზე ჯერ შავი ფონი გამოჩნდა. შემდეგ თეთრი წარწერა:
„ერთი კაცის მოკლე ისტორია, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა.“
გიორგიმ თავი გააქნია.
- ცუდად იწყება. - ენმა სიცილით მხარზე თავი მიადო. ეკრანზე მისი საკუთარი სახე გამოჩნდა. ვიდეო ენს ტელეფონით გადაეღო. იჯდა საკუთარ სამზარეულოში, ხელში ყავა ეჭირა და ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებდა.
- „მოგესალმებით. დღეს მინდა მოგიყვეთ კაცზე, რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და გადაწყვიტა, რომ ნორმალური პაემნები ზედმეტად მოსაწყენი იყო.“ - გიორგიმ სიცილი დაიწყო. ვიდეოში ენი განაგრძობდა: „თავიდან მეგონა, უბრალოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. შემდეგ სუპერმარკეტის ურიკაში ჩამსვა. ამის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ საქმე ბევრად სერიოზულად იყო.“ ეკრანზე მათი ერთ-ერთი სასაცილო ფოტო გამოჩნდა. შემდეგ მეორე. მესამე. ფოტოები, რომლებიც გიორგის არც კი ახსოვდა, როდის გადაეღოთ. ზოგში ენი იცინოდა, ზოგში გიორგი აშკარად რაღაც სისულელეს აკეთებდა. ერთ ფოტოზე ორივეს ტანსაცმელი საღებავით ჰქონდა დასვრილი. მეორეში ენი გიორგის ისე უყურებდა, თითქოს კაცის მოკვლასა და კოცნას შორის არჩევანს აკეთებდა. ვიდეოში ენი ისევ გამოჩნდა.
- „მინდა ავღნიშნო, რომ ამ ადამიანს ძალიან ცუდი ჩვევა აქვს: ყოველთვის ჰგონია, რომ ბოლოს მაინც თავისას გაიტანს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მართლაც ასე ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა კოცნას იწყებს.“ - გიორგიმ თავი მისკენ მიაბრუნა.
- ეს უკვე ცილისწამებაა.
- ჩუმად. ფილმს უყურე. - ეკრანზე ისევ ფოტოები გამოჩნდა. მათი პირველი წვიმიანი კოცნის შემდეგ გადაღებული ქუჩა. პატარა კინოდარბაზი. მონეტა. სასაცილო ქუდი. და ბოლოს სამრეცხაოს მრგვალი სარეცხი მანქანა, რომლის წინაც ენს ფოტო გადაეღო. გიორგიმ გაიცინა.
- ესეც გადაიღე?
- ისტორიული მასალაა. - მაგრამ შემდეგ ვიდეო შეიცვალა. მუსიკა შენელდა. ეკრანზე ისევ ენი გამოჩნდა. ამჯერად აღარ იცინოდა. უბრალოდ კამერას უყურებდა.
- „გიორგი, ამ ვიდეოს ალბათ ახლა უყურებ და უკვე რამდენჯერმე გაიფიქრე, რომ მე სრულიად არანორმალური ვარ.“
ტერასაზე მჯდომ ენს გაეღიმა.
ეკრანიდან მისი ხმა განაგრძობდა: „მაგრამ მინდა რაღაც გითხრა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ისე ხშირად ვერ გეუბნები, როგორც საჭიროა.“
გიორგი აღარ მოძრაობდა.
„როცა პირველად დაგინახე, არ მიფიქრია, რომ შენ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდი. სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მინდოდა, ვინმეს რამე შეეცვალა. საკუთარი წესები მქონდა, საკუთარი საზღვრები, საკუთარი შიშები. და საკმაოდ კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა ისე, რომ არავის ჰქონოდა ჩემზე ზედმეტი გავლენა.“
ვიდეოში ენმა გაიღიმა.
„მერე შენ გამოჩნდი და მონეტის აგდება შემომთავაზე.“
გიორგიმ თავი ოდნავ დახარა.
„იცი, ყველაზე მეტად რა მომწონს შენში? ის კი არა, რომ შეგიძლია გამაცინო. არც ის, რომ ყოველთვის რაღაც მოულოდნელს იგონებ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შენს გვერდით აღარ მეშინია საკუთარი თავის.“
ენის ხმა წამით შეწყდა.
„შენამდე მეგონა, სიყვარული აუცილებლად რაღაცის დათმობას ნიშნავდა. სიმშვიდის, თავისუფლების, საკუთარი სურვილების. შენთან კი პირველად აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ადამიანი ძალიან გიყვარდეს და მაინც უფრო მეტად ჰგავდე საკუთარ თავს.“
გიორგიმ ნელა გადახედა მის გვერდით მჯდომ ქალს.
ენი ეკრანს უყურებდა. თითქოს ახლა თავადაც პირველად ისმენდა საკუთარ სიტყვებს.
„ვიცი, რომ შენს ცხოვრებაში ჩემამდე დიდი სიყვარული იყო. ვიცი, რომ მას თავისი ადგილი აქვს და ყოველთვის ექნება. და მინდა იცოდე, რომ მე ამ ადგილს არ ვეხები.“
გიორგის ყელში რაღაც მოაწვა.
„მე შენს წარსულს არ ვეჯიბრები, გიორგი. არ მინდა, ოდესმე არჩევანის გაკეთება მოგიწიოს იმ ადამიანს შორის, ვინც გიყვარდა, და იმას შორის, ვინც ახლა გიყვარს. იმიტომ, რომ სიყვარული ასეთი შეჯიბრი არ არის.“
ეკრანზე ენმა ღრმად ჩაისუნთქა.
„მე უბრალოდ შენი მომავალი მინდა.“
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ ქალმა ისევ გაიღიმა.
„და თუ ამ მომავალში კიდევ ბევრი სულელური პაემანი, ღამის სამრეცხაო, უცნაური საჭმელი და გაუთვალისწინებელი თავგადასავალი იქნება, მე თანახმა ვარ.“
ვიდეო დასრულდა.
ეკრანი ჩაბნელდა.
ტერასაზე მხოლოდ ქალაქის შორეული ხმაური და ქარის მსუბუქი შრიალი ისმოდა. გიორგი გაუნძრევლად იჯდა. ენი რამდენიმე წამს ელოდა. შემდეგ ფრთხილად ჰკითხა:
- ძალიან სენტიმენტალური გამოვიდა? - გიორგიმ პასუხი არ გასცა. უბრალოდ მისკენ შებრუნდა. ენმა მის თვალებში რაღაც დაინახა, რამაც ღიმილი გაუქრო.
არა სევდა. არც მხოლოდ მადლიერება. ეს იყო ადამიანის გამომეტყველება, რომელსაც დიდი ხნის შემდეგ ვიღაცამ ისეთი ადგილი მიუჩინა საკუთარ ცხოვრებაში, სადაც ყოფნისთვის არც ბოდიშის მოხდა სჭირდებოდა და არც წარსულის უარყოფა. გიორგიმ ხელი გაუწოდა. ენი მის კალთაში გადაჯდა, ხელები კისერზე შემოხვია და შუბლზე აკოცა.
- მიყვარხარ. - უთხრა ჩუმად. გიორგიმ წელზე ხელები შემოხვია.
- მეც მიყვარხარ. - რამდენიმე წამი უბრალოდ ჩახუტებულები ისხდნენ. ქალაქი ქვემოთ ცხოვრობდა თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებით. ვიღაც შინ ბრუნდებოდა, ვიღაც სამსახურში მიდიოდა, ვიღაც პირველად ხვდებოდა ადამიანს, რომელიც მომავალში მთელ მის სამყაროს შეცვლიდა. მათ კი ამ წუთას არსად ეჩქარებოდათ. გიორგიმ ენის თმაში სახე ჩარგო.
- ერთი რამ უნდა გითხრა.
- რა?
- დღეს მართლა გამაოცე. -ენმა თავი ასწია.
- ანუ ვაღიარებთ, რომ შენზე უკეთესი პაემანი მოვაწყვე?
- ჯერ არ მითქვამს.
- გიორგი!
- ვთქვი, რომ გამაოცე.
- ეს თითქმის იგივეა.
- არა. იურიდიულად სრულიად განსხვავებული განცხადებებია. - ენი სიცილით წამოდგა.
- წარმოუდგენელი ადამიანი ხარ! გიორგიმ ხელი დაუჭირა და ისევ თავისკენ მიიზიდა.
- სად მიდიხარ?
- სახლში. სანამ ამ საღამოს შთაბეჭდილებასაც გააფუჭებ.
- ერთი წუთი.
- რა? - გიორგიმ ჯიბიდან დაკეცილი ბარათი ამოიღო. ენი მაშინვე მიხვდა. - არა!
- რა „არა“?
- ეგ ბარათი უკვე გამოიყენე!
- არა, ქალბატონო. მეოთხე გამოვიყენე. მესამე ჯერ კიდევ ძალაშია.
ბარათი გაშალა.
„შეგიძლია ერთი კოცნა მოიპარო ნებისმიერ დროს, როცა ამას არ ველოდები.“
- ახლა უკვე ველოდები! - გიორგიმ ბარათი ისევ დაკეცა.
- მაშინ დაველოდები, სანამ დაგავიწყდება.
- შენ მართლა საშიში კაცი ხარ.
- შენ თვითონ მომეცი უფლება. ქალმა თავი გააქნია, შემდეგ კი ცხვირის წვერით შეეხო ლოყაზე, მაზად გაასრიალდა ყელში და ყურში დაბალი ხმით უჩურჩულა.
- მინდიხარ. - ჩასჩურჩულა დაბალი ხმით. - გიორგის ღიმილი სახეზე შეეყინა. იყო სიტყვები, რომლებსაც ადამიანის მთელი თავდაჭერილობის განადგურება შეეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ წარმოთქვამდა ქალი, რომელსაც მთელი საღამო ეთამაშებოდი, ეხუმრებოდი, კოცნას ჰპარავდი და საკუთარი სურვილების მოთოკვას მხოლოდ იმიტომ ახერხებდი, რომ თამაში ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
ახლა კი ენმა თავად დაასრულა თამაში. გიორგიმ ხელი წელზე შემოხვია და ნელა მოაშორა სახე, რომ თვალებში ჩაეხედა.
- ენ... - ქალს გაეღიმა.
- რა მოხდა? სიტყვები დაგეკარგა?
- შენ ძალიან კარგად იცი, რა მოხდა.
- მაშინ რატომ არაფერს აკეთებ? - გიორგიმ პასუხის ნაცვლად აკოცა. ამჯერად კოცნაში აღარ იყო არც გამოწვევა, არც გამარჯვების სურვილი, არც მათი ჩვეული სასიყვარულო შეჯიბრი. იყო მხოლოდ მთელი საღამოს განმავლობაში დაგროვილი მოუთმენლობა, რომელიც ერთბაშად გათავისუფლდა და მათ შორის დარჩენილი უკანასკნელი მანძილიც გააქრო. ქარმა ტერასაზე შემოუბერა. ენის შიშველ მხრებს სიცივემ გადაუარა, მაგრამ უკან არ დაუხევია. პირიქით, გიორგის პალტოს საყელოში თითები ჩაავლო და უფრო ახლოს მიიზიდა. მის ტუჩებს ახლა ისეთი სითბო ჰქონდა, თითქოს მთელი ნოემბერი გარეთ დარჩენილიყო და მათ გარშემო სრულიად სხვა სეზონი დაწყებულიყო. გიორგიმ პალტო გაიხადა და მხრებზე მოახურა.
- გაიყინები. - ჩასჩურჩულა.
- მაშინ გამათბე. - კაცს ჩაეცინა.
- მთელი საღამოა ჩემს მოთმინებას ცდი.
- და როგორია შედეგი?
- კატასტროფული. - ენმა ტუჩები მის ყელს შეახო.
- ძალიან კარგი. - გიორგიმ თვალები წამით დახუჭა. შემდეგ ქალს წელზე ორივე ხელი შემოხვია, მსუბუქად ასწია და ტერასის მოშორებით, მაღალი მინის კედლით ქარისგან შეფარებული კუთხისკენ წაიყვანა. იქ ქალაქის განათებები უფრო შორეული ჩანდა, თითქოს მათსა და დანარჩენ სამყაროს შორის გამჭვირვალე საზღვარი გავლებულიყო..
- სად მიგყავარ? - იკითხა ენმა სიცილით.
- იქ, სადაც ამდენს აღარ ილაპარაკებ.
- გიორგი, ეგ შეუძლებელია.
- ვცდი. - მინის კედელთან ფრთხილად დასვა. ენის ზურგს გრილი ზედაპირი შეეხო. უნებურად შეკრთა, მაგრამ გიორგიმ მაშინვე თავისკენ მიიზიდა, მის მხრებზე გადაფარებული პალტო ორივეს გარშემო შემოიკრა და შუბლით შუბლს მიეყრდნო. გარეთ ქარი მინის კიდეებთან უსტვენდა. მათ შორის კი სუნთქვაც გათბა. გიორგიმ ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ საფეთქელზე, ლოყაზე, ბოლოს კი ტუჩებთან შეჩერდა. ეს შეყოვნება ენს თითქმის ფიზიკურად ეტკინა.
- ნუ მაწვალებ. - ამოიჩურჩულა.
- მთელი საღამო შენ რას აკეთებდი?
- ეგ სხვა იყო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე ქალი ვარ. - გიორგის სიცილი აუტყდა.
- საოცარი არგუმენტია.
- და თან ძალიან ლამაზი.
- განსაკუთრებით მაშინ, როცა ასე უსირცხვილოდ იყენებ საკუთარ სილამაზეს. - ენმა მის სახეს ხელები შემოხვია.
- გიორგი... - ამჯერად კაცმა აღარ აცალა წინადადების დასრულება. აკოცა ისე, რომ ენს თითები უნებურად უფრო მჭიდროდ შემოეჭდო მის კისერზე.
ქალაქი მათ ქვემოთ ისევ ანათებდა. სადღაც შორს მანქანების ხმაური ისმოდა, ცაზე ღრუბლები მოძრაობდა, ნოემბრის ქარი კი დაუნდობლად ცდილობდა ტერასაზე დარჩენილი სითბოს წაღებას. მაგრამ ამ პატარა, მინის კედლით შეფარებულ კუთხეში სიცივე თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობდა, რომ ერთმანეთის სიახლოვე უფრო მძაფრად ეგრძნოთ. ენის ტუჩები გიორგის ყელზე შეჩერდა. კაცმა მისი სახე ფრთხილად ასწია.
- იცი, რა მემართება, როცა ასე მიყურებ?
- არა. - უპასუხა ქალმა, თუმცა თვალებში აშკარად ეწერა, რომ მშვენივრად იცოდა.
- ყველაფერს მავიწყებ. - ენმა გაიღიმა.
- მაშინ ერთი რამ მაინც დაიმახსოვრე.
- რა?
- დღეს მე მოვიგე. - გიორგიმ ჯერ გაკვირვებით შეხედა, შემდეგ სიცილი ვერ შეიკავა.
- შენ ახლა მართლა გამარჯვებაზე ფიქრობ?
- რა თქმა უნდა.
- ამ წუთას?
- განსაკუთრებით ამ წუთას. - გიორგიმ თავი გააქნია, ხელები მის წელს უფრო მჭიდროდ შემოხვია და ხარბი კოცნით დაეკრო ბაგეებზე.
- კარგი. შენ მოიგე. - ენი გამარჯვებულივით გაიბადრა. მაგრამ გიორგის მისთვის გამარჯვებით ტკბობის დრო აღარ მიუცია. კიდევ ერთხელ მიიზიდა თავისკენ და აკოცა. ქალის სიცილი მის ტუჩებზე შეწყდა, თითები კი პერანგის საყელოში უფრო მჭიდროდ ჩაეჭიდა. იმ ღამით ნოემბრის სიცივემაც ვერ აიძულა ისინი, ტერასა დაეტოვებინათ. ქალაქის თავზე, ქარისგან შეფარებულ კუთხეში, მათი ვნება ყოველგვარ გონივრულ გადაწყვეტილებაზე ძლიერი აღმოჩნდა. კოცნები გახანგრძლივდა, ჩურჩული გახშირებულ სუნთქვაში აირია და მალე სიტყვებიც სრულიად ზედმეტი გახდა.
ცოტა ხნის შემდეგ ტერასის იატაკზე უწესრიგოდ ეყარა ტანსაცმელი. ენი კი გიორგის ფართო პალტოში, სრულიად შიშველი, მის მკლავებში გახლართულიყო. სიცივისგან ოდნავ შეფაკლული ლოყებითა და ბედნიერი ღიმილით მის მკერდს ეკვროდა, თითქოს ამ პატარა, ქარისგან შეფარებულ სივრცეში მთელი სამყაროს სითბო მოეყარათ. გიორგის ჯერ კიდევ არ ეთმობოდა მისი ტუჩები, ენი კი ყოველ ახალ კოცნას იმავე მოუთმენლობით პასუხობდა, რომლითაც ცოტა ხნის წინ თავად აღიარა საკუთარი სურვილი. ქარი ისევ ქროდა. ქალაქს არაფერი შეუმჩნევია. არადა, რამდენიმე სართულით მაღლა, მის თავზე, ნოემბრის ღამემ ცოტა ხნით ზაფხულის სიმხურვალე იგრძნო. და იმ საღამოს მათ სიყვარულს აღარ სჭირდებოდა არც მონეტა, არც წესები, არც გამარჯვებულის გამოცხადება. მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთი უკვე აირჩიეს და მაინც, ყოველ ახალ შეხებაზე, თითქოს თავიდან ირჩევდნენ…

16

მერე?
მერე იყო კარგი დღეებიც. ცუდიც. იყო დღეები, რომლებიც მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდათ და ისეთებიც, რომელთა გახსენებასაც ვერასოდეს შეძლებდნენ, რადგან არაფრით გამოირჩეოდნენ. უბრალოდ გათენდნენ, ჩაიარეს და დაღამდნენ. თუმცა სწორედ ამ ჩვეულებრივ დღეებში ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ერთმანეთის ცხოვრებაში ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად იდგამდნენ ფესვებს. დრო გადიოდა. თავდაპირველად კვირებს ითვლიდნენ. შემდეგ თვეებს. ბოლოს კი დადგა დრო, როცა აღარც ახსოვდათ, რამდენი ხანი იყო გასული მათი პირველი პაემნიდან. სამაგიეროდ, ზუსტად იცოდნენ, ვის როგორ უყვარდა ყავა, ვის როდის სჭირდებოდა მარტო დარჩენა და რომელი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად უწყინარი ერთ დღეს და მტკივნეული მეორე დღეს. ნოემბერმა დეკემბერს დაუთმო ადგილი. ქალაქმა საახალწლო განათებები მოირგო, მაღაზიების ვიტრინებში ხელოვნური თოვლი გაჩნდა, ბავშვებმა საჩუქრების სიების შედგენა დაიწყეს, უფროსებმა კი, როგორც ყოველთვის, ერთმანეთის დარწმუნება, რომ წელს ყველაფერს წინასწარ მოასწრებდნენ. ენის სახლში ნაძვის ხე ჩვეულებრივზე ადრე დაიდგა. პატარას უნდოდა, ყველა სათამაშო ერთ ტოტზე ჩამოეკიდა, უფროსი გოგონები კი დეკორაციების ფერებზე ვერ შეთანხმდნენ. გიორგი ამ ყველაფერში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩართული და საღამოს ბოლოს აღმოაჩინა, რომ სამი ბავშვის სურვილების შესრულება გაცილებით რთული იყო, ვიდრე ერთი შეყვარებული ქალის გაოცება. თუმცა არც ენი ყოფილა მარტივი. მას საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ნაძვის ხე, როგორ უნდა განაწილებულიყო განათებები და რატომ არ შეიძლებოდა წითელი სათამაშოების ოქროსფერებთან არასწორი თანმიმდევრობით დაკიდება. გიორგიმ იმ საღამოს მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: წარმატებული, თავდაჯერებული ქალი, რომელსაც რთული მოლაპარაკებების წარმართვა შეეძლო, ზოგჯერ სრულიად კარგავდა სიმშვიდეს ოდნავ გადახრილი ვარსკვლავის გამო. და მაინც, სწორედ ასეთი საღამოები უყვარდებოდა ყველაზე მეტად. როცა მისაღებში სამი გოგონა იცინოდა, იატაკზე სათამაშოების ყუთები ეყარა, სამზარეულოდან ცხელი შოკოლადის სუნი გამოდიოდა და ენი, თმაზე შემთხვევით მიკრული ვერცხლისფერი წვიმით, ყველას რაღაცას უხსნიდა. გიორგი ზოგჯერ ჩუმად აკვირდებოდა ამ სურათს. არა იმიტომ, რომ საკუთარ წარსულს ივიწყებდა. არამედ იმიტომ, რომ დიდი ხნის შემდეგ აწმყოში ყოფნა აღარ ეჩვენებოდა ღალატად.
იყო დაბადების დღეებიც. ტორტები, სანთლები, საჩუქრები, მოუხერხებლად შეფუთული ყუთები და ბავშვების მოუთმენლობა, რომელიც ზოგჯერ თავად იუბილარზე მეტიც იყო. იყო საღამოები, როცა მათი სამი გოგონა ერთად რჩებოდა და უფროსები ცდილობდნენ, საკუთარი თავი დაერწმუნებინათ, რომ ბავშვების დაძინების შემდეგ მშვიდად შეძლებდნენ ფილმის ყურებას. როგორც წესი, ვერ ახერხებდნენ. ან პატარას წყალი უნდოდა, ან რომელიმე გოგონას რაღაც გაახსენდებოდა, ან სამზარეულოდან უცნაური ხმაური გამოვიდოდ, რომლის მიზეზიც აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გაერკვიათ. გიორგის ნელ-ნელა ეჩვეოდა ენის სახლი. თავდაპირველად სტუმარივით მოძრაობდა. ფრთხილად აღებდა კარადებს, ეკითხებოდა, სად იდო ჭიქები, ნივთებს ზუსტად იმ ადგილას აბრუნებდა, საიდანაც აიღებდა.
შემდეგ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ უკვე იცოდა, რომელ უჯრაში ინახებოდა პატარა გოგონას თმის სამაგრები, სად ეწყო ყავის დამატებითი მარაგი და რატომ არ შეიძლებოდა მისაღების დივანზე დადებული ერთი კონკრეტული ბალიშის გადაადგილება.
სახლი ნელ-ნელა იმახსოვრებდა მას. და ენიც.
მაგრამ ყველა დღე ასეთი არ ყოფილა. ზოგჯერ წარსული კარზე დაუკაკუნებლად ბრუნდებოდა. ენის ყოფილი ქმრის ამბავი პერიოდულად ისევ ჩნდებოდა მათ ცხოვრებაში, ხან მოულოდნელი შეტყობინების სახით, ხან უსიამოვნო საუბრის, ხანაც ისეთი დაძაბულობის, რომელიც ტელეფონის ეკრანის ჩაქრობის შემდეგაც დიდხანს რჩებოდა ოთახში. იყო დღეები, როცა ენი ისევ იმ ქალად იქცეოდა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა ზედმეტად კარგად ესწავლა. მკაცრდებოდა. დუმდებოდა. ყველაფრის მარტო მოგვარებას ცდილობდა. გიორგის კი ზოგჯერ ავიწყდებოდა, რომ მისი სიყვარული ენის ყველა პრობლემის გადაწყვეტის უფლებას არ აძლევდა. ამის გამო კამათობდნენ. ზოგჯერ ძალიანაც. იყვნენ ერთმანეთზე გაბრაზებულები, ნაწყენები, დაღლილები. ყოფილა ღამეებიც, როცა ორივემ იცოდა, რომ შერიგება უნდოდა, მაგრამ არც ერთს არ ჰყოფნიდა გამბედაობა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. სიყვარულს ხომ ყოველთვის არ ახლავს სიბრძნე. ზოგჯერ მხოლოდ ორი ჯიუტი ადამიანი ახლავს, რომლებიც ერთმანეთის დაკარგვის შიშით სწორედ იმას აკეთებენ, რაც ყველაზე მეტად აშორებთ ერთმანეთს. თუმცა ნელ-ნელა სწავლობდნენ. გიორგი სწავლობდა, რომ ენის სიძლიერე მისგან დამოუკიდებლად არსებობდა და მისი დაცვა ყოველთვის მის ნაცვლად ბრძოლას არ ნიშნავდა. ენი კი სწავლობდა, რომ დახმარების მიღება სისუსტე არ იყო და ზოგჯერ ყველაზე დიდი სიმამაცე სწორედ იმის აღიარებას სჭირდებოდა, რომ დაიღალა.
ზამთარი გავიდა. გაზაფხული მოვიდა თითქმის შეუმჩნევლად. ჯერ დღეები დაგრძელდა, შემდეგ ქუჩებში ხეები აყვავდა, ბოლოს კი ერთ დილას ენმა აივნის კარი გააღო და მიხვდა, რომ ჰაერს უკვე ზაფხულის მოლოდინის სუნი ჰქონდა. ამ დროისთვის მათი ურთიერთობა დიდი ხნის გასცდენოდა პაემნებს. იყო საყიდლების სიები, დავიწყებული გასაღებები, მანქანაში დატოვებული ნივთები, სამსახურის გამო გადადებული შეხვედრები და ტელეფონზე გაგზავნილი მოკლე შეტყობინებები, რომელთა შინაარსიც ხშირად მხოლოდ ერთი კითხვა იყო, ჭამე თუ არა. იყო ავადმყოფობებიც. ბავშვების სიცხიანი ღამეები. აფთიაქში გვიან გასვლა. დილით ადრე ადგომა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამეს თითქმის არ ეძინათ. იყო შემთხვევები, როცა გიორგი ენის სახლში მხოლოდ იმისთვის მიდიოდა, რომ საჭმელი მიეტანა, პატარა ცოტა ხნით გაერთო და ქალისთვის ერთი საათით მაინც მიეცა დასვენების საშუალება. და იყო დღეები, როცა ენი გიორგის დაღლილობას ისე ამჩნევდა, რომ კაცს არაფრის თქმა არ სჭირდებოდა. სიყვარული ნელ-ნელა კარგავდა საზეიმო ფორმას. აღარ იყო მხოლოდ ლამაზად ჩაცმა, მოულოდნელი შეხვედრები და საგანგებოდ შერჩეული ადგილები. ზოგჯერ სიყვარული იყო გარეცხილი ჭურჭელი. ზოგჯერ მანქანის სავარძელზე დატოვებული თბილი ყავა. ზოგჯერ კი უბრალოდ ის, რომ ვიღაცამ შენ ნაცვლად გააკეთა საქმე, რომლის გაკეთების ძალაც იმ დღეს აღარ გქონდა.
ზაფხულს თავისი ამბები მოჰყვა. ბავშვების არდადეგები, წყლით სავსე აუზები, მზეზე გამშრალი პირსახოცები, გვიან დაძინებები და დილები, რომლებიც უფროსებისთვის გაცილებით ადრე იწყებოდა, ვიდრე სასურველი იქნებოდა. იყო პატარა მოგზაურობებიც.
ზოგჯერ ყველა ერთად მიდიოდა, ზოგჯერ მხოლოდ ორნი ახერხებდნენ რამდენიმე დღით გაქცევას. ბავშვები ნელ-ნელა ეჩვეოდნენ იმას, რომ მათი მშობლები ერთმანეთის ცხოვრებაში უბრალოდ სტუმრები აღარ იყვნენ. ეს განსაკუთრებით უფროს გოგონებს ესმოდათ. მათ უკვე იცოდნენ, რომ უფროსების სიყვარული მხოლოდ ბედნიერი ღიმილები არ იყო. ზოგჯერ მასთან ერთად მოდიოდა გაურკვევლობაც, შიშიც და ცვლილებებიც, რომელთა მიღებას დრო სჭირდებოდა. მაგრამ მათ ისიც დაინახეს, რომ ახალი ადამიანის შეყვარება ძველი სიყვარულის გაქრობას არ ნიშნავდა.
გიორგის ქალიშვილს დედის მოგონებები ისევ ეკუთვნოდა. ენის შვილებს საკუთარი ისტორია. არავის უცდია ამ ისტორიების წაშლა ან ერთმანეთით ჩანაცვლება. ისინი უბრალოდ სწავლობდნენ, როგორ შეიძლებოდა რამდენიმე განსხვავებული წარსულისგან ერთი თბილი აწმყოს შექმნა. შემდეგ ისევ შემოდგომა მოვიდა. ქალაქს ნაცნობი სიგრილე დაუბრუნდა. აივნებზე დილის ყავის დალევა უფრო მოკლე გახდა, საღამოები უფრო გრძელი, ბავშვების სასკოლო ჩანთები კი ისევ კართან გამოჩნდა. და ერთ დღეს ენმა აღმოაჩინა, რომ თითქმის ერთი წელი გასულიყო იმ საღამოდან, როცა გიორგისთან ურთიერთობა დაიწყო. ერთი წელი. საოცარი იყო, რამდენი რამ შეიძლებოდა დატეულიყო დროის ასეთ პატარა მონაკვეთში. რამდენი სიცილი. რამდენი ცრემლი. რამდენი გაუგებრობა. რამდენი შერიგება. რამდენი ისეთი წუთი, როცა ეგონა, რომ ამ კაცზე მეტად ვერავის შეიყვარებდა, და რამდენი ისეთი დღეც, როცა მისი ჯიუტი ხასიათის ატანა თითქმის შეუძლებელი ეჩვენებოდა. მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა რამ იყო. ერთი წლის შემდეგ ენს აღარ ჰქონდა განცდა, რომ გიორგი მის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოჭრილი თავგადასავალი იყო. ის უკვე ამ ცხოვრების ნაწილი გახლდათ. არა მთელი მისი სამყარო. არა მისი არსებობის ერთადერთი აზრი. არამედ ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარ სამყაროში ადგილი თავად გამოათავისუფლა. და გიორგისთვისაც რაღაც შეიცვალა. მას აღარ სჭირდებოდა საკუთარი ბედნიერების გამართლება. აღარ ცდილობდა ყოველი კარგი დღის შემდეგ დანაშაულის განცდით გადაეხადა საფასური. წარსული ისევ უყვარდა. აწმყოც. და ბოლოს მიხვდა, რომ ადამიანის გულს გაცილებით მეტი სივრცე ჰქონდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.
მერე? მერე ისევ იყო კარგი დღეებიც. ცუდიც. ალბათ მომავალშიც იქნებოდა.
რადგან არც ერთი მათგანი არ იყო ზღაპრის პერსონაჟი და არც მათი სიყვარული ცხოვრებისგან დაცული, ხელუხლებელი სამყარო. ისინი უბრალოდ ორი ზრდასრული ადამიანი იყვნენ, საკუთარი შვილებით, პასუხისმგებლობებით, ძველი ჭრილობებითა და ახალი იმედებით. ორი ადამიანი, რომლებმაც ერთხელ მონეტას მიანდეს გზის არჩევა, შემდეგ კი თანდათან ისწავლეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შემთხვევით არ ირჩევა. მას ყოველდღე ირჩევ. ზოგჯერ სიცილით. ზოგჯერ ცრემლებით. ზოგჯერ ჩხუბის შემდეგ გაწვდილი ხელით. და ზოგჯერ სრულიად ჩვეულებრივ დილას, როცა თვალს ახელ და ხვდები, რომ გუშინდელი ყველა სირთულის მიუხედავად, დღესაც სწორედ ამ ადამიანის გვერდით გინდა ყოფნა. რადგან პაემნები შეიძლება წესების გარეშე იყოს. მაგრამ ერთად ცხოვრება უკვე გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ შეყვარებას. და ისინი, ნელ-ნელა, სწორედ ამას სწავლობდნენ.
ყველაფერი ერთი სრულიად ჩვეულებრივი კვირა დღით დაიწყო. ისეთი დღით, რომელსაც არავინ იმახსოვრებს, თუ მოულოდნელად რაღაც არ მოხდა. გიორგი საკუთარი სახლის მისაღებში იდგა და კედელზე დაკიდებულ ფოტოს უყურებდა. ფოტოზე სამი ადამიანი იყო, თავად, მისი მეუღლე და მათი პატარა გოგონა. მაშინ ბავშვი ალბათ ოთხი წლის იქნებოდა. დედას კისერზე ჩამოჰკიდებოდა, გიორგი კი ორივეს უკან იდგა და იცინოდა. ფოტოს გადაღებიდან თითქმის ათი წელი გასულიყო. ქალი აღარ იყო. პატარა გოგონა უკვე მოზარდად ქცეულიყო. გიორგი კი ისევ იმავე სახლში ცხოვრობდა, იმავე კედლებს შორის, სადაც ოდესღაც ეგონა, რომ მთელი ცხოვრება გაივლიდა. დიდი ხნის განმავლობაში ამ სახლის გაყიდვაზე ფიქრიც კი შეუძლებლად ეჩვენებოდა. თითქოს კედლებს რაღაც განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდათ და მათი დატოვებით იმ ადამიანსაც მეორედ დაკარგავდა, რომელიც აქ ოდესღაც ცხოვრობდა. მაგრამ ბოლო თვეებში რაღაც შეიცვალა. სახლში დაბრუნება აღარ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თავს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულად გრძნობდა. ახლა არსებობდა სხვა სახლიც. სახლი, სადაც სამი გოგონას სიცილი ისმოდა, სადაც პატარა ბავშვი მის დანახვაზე ხელებს შლიდა, სადაც სამზარეულოში ყოველთვის ვიღაც რაღაცას ეძებდა და სადაც ერთი შავთმიანი ქალი ზოგჯერ ისეთი გამომეტყველებით ხვდებოდა, თითქოს მისი მოსვლა საერთოდ არ უხაროდა, თუმცა რამდენიმე წამში მაინც კისერზე ეხვეოდა. გიორგიმ ფოტოს თვალი მოაშორა. პირველად არ უფიქრია, რომ ამ სახლიდან წასვლა ღალატი იქნებოდა. პირველად იფიქრა, რომ შესაძლოა, უბრალოდ დრო იყო.
გადაწყვეტილება შვილს იმავე საღამოს უთხრა. არ უფიქრია, რომ ეს რთული საუბარი იქნებოდა.გოგონას ენი უყვარდა, მის შვილებთან მეგობრობდა, მათთან გატარებულ დროს სიამოვნებით ელოდა. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ ახალი სახლის იდეა გაახარებდა. შეცდა. გოგონას არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაჩუმდა, მერე თავის ოთახში შევიდა და კარი დახურა გიორგის თავდაპირველად ეგონა, რომ შვილს უბრალოდ დრო სჭირდებოდა. თუმცა იმავე ღამეს, როცა გოგონას ოთახში შევიდა, მიხვდა, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო. საწოლზე იჯდა, მუხლები მკერდთან მიეტანა და ხელში პატარა, გაცრეცილი ფოტო ეჭირა. ფოტოზე დედა იყო, ახალგაზრდა, მომღიმარი, მზით განათებული სახით. გიორგი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- ჩემზე გაბრაზებული ხარ? გოგონამ თავი გააქნია.
- ენზე?
- არა, მამა. ენი მიყვარს.
- მაშინ რა მოხდა?- გოგონამ ფოტოს დახედა. თითი დედის სახეს ნელა გადაუსვა.
- ამ სახლში დედა ცხოვრობდა.- გიორგის ყელში რაღაც გაეჩხირა.
- ვიცი, საყვარელო.
- არა, არ იცი. - გოგონამ პირველად შეხედა პირდაპირ. - შენ მისი ხმა გახსოვს. როგორ იცინოდა, როგორ მეძახდა, როგორ ბრაზდებოდა. მე კი უკვე აღარ მახსოვს.- გიორგი გაშეშდა. - ზოგჯერ ვცდილობ გავიხსენო.- განაგრძო გოგონამ, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ფოტოებს ვუყურებ და ვიცი, რომ დედაჩემია, მაგრამ მისი ხმა აღარ მესმის. ხანდახან მგონია, რომ რაღაცებს ვიგონებ კიდეც, იმიტომ, რომ აღარ მახსოვს, სინამდვილეში როგორ იყო.- ცრემლები ჩუმად ჩამოუგორდა.- და თუ აქედანაც წავალთ, მერე რა დამრჩება? - გიორგიმ ხელი მოხვია, მაგრამ გოგონამ მაშინვე არ უპასუხა ჩახუტებით.
- შენ ენი გყავს. - ჩურჩულით თქვა ბოლოს. - მე კი დედას ვეღარ დავიბრუნებ. -ეს საყვედური არ ყოფილა. უფრო იმ ბავშვის სასოწარკვეთილი აღიარება იყო, რომელიც პირველად ხვდებოდა, რომ მამას შეეძლო ახალი ბედნიერების პოვნა, თავად კი დედასთან დაკავშირებულ ყოველ ახალ ცვლილებას დაკარგვად აღიქვამდა. გიორგის შეეძლო აეხსნა, რომ დედას არავინ ჩაანაცვლებდა. შეეძლო დაერწმუნებინა, რომ მოგონებები კედლებში არ ცხოვრობენ. მაგრამ იმ წამს ყველა ასეთი სიტყვა ზედმეტად მარტივად მოეჩვენა. ამიტომ მხოლოდ უფრო მაგრად ჩაიკრა შვილი გულში.
- სახლს არ გავყიდით, სანამ შენ მზად არ იქნები. -გოგონამ ტირილი ვეღარ შეიკავა.
გიორგიმ კი პირველად იგრძნო, რომ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილთან ერთად პასუხისმგებლობაც ჰქონდა არ დაეჩქარებინა იმ ადამიანის გამოჯანმრთელება, რომელსაც საკუთარი დანაკარგის ტარება ჯერ კიდევ უწევდა. იმ ღამეს შვილის ოთახიდან გამოსულმა მისაღებში დაკიდებულ ფოტოს დიდხანს უყურა.
წარსულს ვეღარ დაუბრუნდებოდა. მაგრამ არც ის უნდოდა, მომავალში მარტო წასულიყო. მომდევნო დღეებში მამას ჩვეულებრივ ესაუბრებოდა, სკოლაშიც დადიოდა, მეგობრებსაც ხვდებოდა, მაგრამ როგორც კი სახლის გაყიდვაზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, მისი სახე იცვლებოდა. გიორგი თანდათან მიხვდა, რომ შვილისთვის ეს სახლი მხოლოდ კედლები არ იყო. აქ დედის ნაბიჯების ხმა ახსოვდა. აქ იცოდა, რომელ ფანჯარასთან იდგა ქალი წვიმის დროს, სად უყვარდა კითხვა, რომელ კარადაში ინახავდა ტკბილეულს და როგორ შემოდიოდა საღამოს მის ოთახში. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოგონებებად ქცეულიყო, მაგრამ მოგონებებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მისამართი. გოგონას სწორედ ამ მისამართის დაკარგვის ეშინოდა. გიორგიმ გაყიდვის პროცესი შეაჩერა.
პირველად დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ისე, რომ არც საკუთარი მომავალი დაეთმო და არც შვილის წარსულს შეხებოდა.
ენმა ეს ამბავი მშვიდად მიიღო. მას გიორგისთვის არ უთხოვია სახლის გაყიდვა. არც ერთად ცხოვრება დაუყენებია ურთიერთობის აუცილებელ პირობად. საკუთარი სახლი ჰქონდა, საკუთარი საქმე, შვილები, ჩამოყალიბებული ყოველდღიურობა და ცხოვრების ის ნაწილი, რომლის შენარჩუნებისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა. მაგრამ მასაც უნდოდა გიორგი. არა მხოლოდ საღამოობით. არა მხოლოდ მაშინ, როცა ორივეს თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა. უნდოდა მისი ყოფნა ჩვეულებრივ დილებში, როცა სამსახურში აგვიანდებოდა. უნდოდა გვერდით ჰყოლოდა მაშინაც, როცა ბავშვები ავად ხდებოდნენ, როცა თვითონ ცუდ ხასიათზე იყო, როცა არც ლამაზი კაბა ეცვა და არც განსაკუთრებული ამბის მოყოლა შეეძლო. უნდოდა ცხოვრება. თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ საკუთარი სურვილის ასრულება სხვისი ტკივილის ხარჯზე არ შეიძლებოდა. ამიტომ გიორგის გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა. არც გოგონასთან დაუწყია საუბარი სახლის გაყიდვის აუცილებლობაზე. მხოლოდ ერთი რამ გააკეთა: მის ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად დატოვა. გოგონას ისევ შეეძლო მათთან მოსვლა, დარჩენა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება. არავინ ახსენებდა, რომ ოდესმე არჩევანი უნდა გაეკეთებინა ძველ და ახალ სახლს შორის. და სწორედ ამ სიმშვიდემ დაიწყო ნელ-ნელა იმის შეცვლა, რასაც დაჟინებული დარწმუნება ვერაფერს დააკლებდა. თუმცა სიმშვიდე იმას არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი მარტივად გამოსდიოდათ. ერთ საღამოს გიორგი ენისთან უჩვეულოდ ჩაფიქრებული მივიდა. ბავშვები თავიანთ ოთახებში იყვნენ, ენი კი სამზარეულოში იდგა და ყავას ამზადებდა. კაცმა უკნიდან მოხვია ხელები, სახე მის თმაში ჩარგო და დიდხანს არაფერი უთქვამს. ენმა ყავის აპარატი გამორთო.
- თუ ასე აპირებ დგომას, გაფრთხილებ, ვახშმის მომზადებაც შენ მოგიწევს. - გიორგის გაეღიმა, მაგრამ არ გაუშვა.
- დავიღალე, ენ. - ქალი მისკენ შეტრიალდა.
- ვიცი.
- მგონია, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვიღაცას მაინც ვტკენ. -ენმა სახეზე შეხედა. იმ კაცისგან, რომელსაც ჩვეულებრივ ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო, ასეთი დაუცველობის დანახვა იოლი არ იყო.
- გიორგი, შენ არ ხარ ვალდებული, ყველა ბედნიერი გახადო.
- ჩემი შვილი მაინც ხომ უნდა იყოს ბედნიერი?
- რა თქმა უნდა. მაგრამ მისი ბედნიერება იმას არ ნიშნავს, რომ შენ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს უარი უთხრა.- გიორგიმ თავი დახარა.
- და შენ?
- მე რა?
- შენ რამდენ ხანს უნდა მელოდო? - ენმა წარბი ასწია.
- ჯერ ერთი, ვინ გითხრა, რომ გელოდები? საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მაქვს, ბატონო გიორგი. ორი შვილი, სამსახური, მეგობრები და ერთი აუტანლად ჯიუტი კაცი, რომელიც პერიოდულად ჩემს სამზარეულოში დგას და ტრაგიკული გმირივით მიყურებს. - გიორგის გაეცინა.
- მეორე?
- მეორე ის, რომ მე შენთან ყოფნა მინდა და არა შენი გადაწყვეტილებების დაჩქარება. - კაცმა ხელები წელზე შემოხვია.
- შენ საერთოდ იცი, როგორ მიყვარხარ?
- დაახლოებით. თუმცა ოფიციალური მონაცემები ჯერ არ მიმიღია. - გიორგიმ ტუჩებში აკოცა. - ენი რამდენიმე წამით აჰყვა, შემდეგ ოდნავ უკან დაიხია. - და კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრე. მე შენი შვილის დედობის პრეტენზია არ მაქვს. მას დედა ჰყავდა. და ის ყოველთვის მისი დედა იქნება. მე უბრალოდ მინდა, ამ გოგონას ცხოვრებაში ისეთი ადამიანი ვიყო, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. - გიორგი დიდხანს უყურებდა.
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას აკეთებ ჩემთვის.
- წარმოდგენა მშვენივრად მაქვს. უბრალოდ ახლა მაკოცე, სანამ კიდევ რამე სერიოზული მითქვამს და საკუთარი რეპუტაცია საბოლოოდ გამინადგურებია. - გიორგიმ ამჯერად უფრო ხანგრძლივად აკოცა. და ენმა, რომელიც ხშირად ყველაფერზე პასუხს პოულობდა, იმ საღამოს საკუთარ თავს უფლება მისცა, ცოტა ხნით უბრალოდ მის მკლავებში დარჩენილიყო. არც ერთი მათგანი არ ცდილობდა მომავლის დაჩქარებას. მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ამ მომავალზე უარის თქმასაც არ აპირებდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი უფროს გოგონებს შორის შედგა.მათ მეგობრობას უკვე დიდი ისტორია ჰქონდა, საკუთარი საიდუმლოებებით, საერთო ხუმრობებით, პატარა წყენებითა და იმ განსაკუთრებული ერთგულებით, რომელიც მოზარდებს ზოგჯერ უფროსებზე უკეთ გამოსდით. ენის უფროსმა ქალიშვილმა კარგად იცოდა, რომ მეგობარს დედის დავიწყების ეშინოდა. და მიუხედავად იმისა, რომ თავად დედა გვერდით ჰყავდა, მშვენივრად ესმოდა, რამდენად საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო იმის განცდა, რომ საყვარელი ადამიანისგან უკანასკნელი ხელშესახები რამეც გერთმევა. რამდენიმე დღის განმავლობაში გოგონები ამ თემას არ შეხებიან. შემდეგ ერთ საღამოს, როცა ენის პატარას უკვე ეძინა და უფროსები სამზარეულოში იყვნენ, მათ ოთახში მომავალი სახლის შესახებ დაიწყეს საუბარი. არა გაყიდვაზე. არა გადასვლაზე.უბრალოდ იმაზე, როგორი იქნებოდა სახლი, სადაც ყველას საკუთარი ადგილი ექნებოდა. თავდაპირველად ეს ჩვეულებრივ ბავშვურ ოცნებას ჰგავდა. ოთახების ფერები, დიდი სამზარეულო, საერთო სივრცე ფილმებისთვის, პატარა გოგონას სათამაშოების კუთხე. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ახალ სახლში გიორგის ქალიშვილის დედის ფოტოებისთვისაც უნდა ყოფილიყო ადგილი. არა სადმე დამალულ უჯრაში. არა მხოლოდ მის საძინებელში. არამედ იქ, სადაც ოჯახური მოგონებები ინახებოდა. გოგონას პირველად გაუჩნდა აზრი, რომ დედის მოგონებების წაღება შეიძლებოდა. რომ სახლი არ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დედა არსებობდა. და რომ ახალი ცხოვრება აუცილებლად ძველის წაშლას არ ნიშნავდა. იმ საღამოს გოგონებმა ოთახის იატაკზე დიდი ფურცლები გაშალეს და მომავალი სახლის გეგმის დახატვა დაიწყეს. ენის უფროსი ქალიშვილი ხატავდა, გიორგის გოგონა კი დროდადრო შენიშვნებს აძლევდა. თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივ კამათს ჰგავდა, ვის უფრო დიდი ფანჯარა ექნებოდა, სად დაიდგმებოდა წიგნების თარო და რატომ არ შეიძლებოდა პატარა გოგონას სათამაშოებისთვის მთელი მისაღების დათმობა. შემდეგ გიორგის ქალიშვილმა ფანქარი გვერდზე გადადო.
- შენ ხომ არ გეწყინება, თუ დედაჩემის ფოტო მისაღებში იქნება? - ენის გოგონამ გაკვირვებით შეხედა.
- რატომ უნდა მეწყინოს?
- არ ვიცი. იქნებ ენს არ მოეწონოს.
- დედაჩემს?
- ჰო. - გოგონამ ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მეგობარმა რაღაც სრულიად წარმოუდგენელი თქვა.
- ენს თუ რამე არ მოეწონება, პირდაპირ გეტყვის. თანაც, რატომ არ უნდა მოეწონოს? დედაშენია. - გიორგის ქალიშვილმა თავი დახარა.
- უბრალოდ არ მინდა, ვინმეს უხერხულად ვაგრძნობინო თავი.
- და შენ რატომ უნდა იგრძნო თავი უხერხულად? - ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა. შემდეგ ენის გოგონამ ფურცლის შუაში პატარა მართკუთხედი დახატა. - აი, აქ იქნება ჩვენი ფოტოების კედელი. დედაშენისაც, ჩვენი ბავშვობისაც. ყველაფერი ერთად. დედაჩემი ძალიან კეთილი ადამიანია, ის არასდროს ეცდება დედაშენი ვინმემ დაივიწყოს. - გოგონები ერთმანეთს იმ სითბოთი ჩაეხუტნენ როგორიც მხოლოდ გულწრფელ მეგფობრებს შეუძლიათ.სწორედ ამ დროს ოთახში ენის პატარა შემოვარდა, ნახატს დახედა და დაუყოვნებლივ მოითხოვა, რომ მისთვის ვარდისფერი სახლი დაეხატათ, სასურველია, საკუთარი აუზითა და უზარმაზარი საქანელით. უფროსებმა ერთმანეთს გადახედეს. ახალი ოჯახის შექმნას, როგორც ჩანს, გაცილებით სერიოზული მოლაპარაკებები დასჭირდებოდა, ვიდრე წარმოედგინათ. მაგრამ იმ საღამოს გიორგის ქალიშვილმა პირველად დახატა საკუთარი ოთახი ახალ სახლში. და ფანჯარასთან, პატარა მაგიდაზე, დედის ფოტოც მიახატა. ფურცელი არ გადაუგდია. ფრთხილად დაკეცა და ჩანთაში ჩაიდო.
ამასობაში ენისა და გიორგის ურთიერთობა ისევ ჩვეულებრივად გრძელდებოდა. იყო სამუშაო დღეები, გადადებული შეხვედრები, დაღლილი საღამოები და ის პატარა კამათები, რომლებიც მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შორის ჩნდება. იყო შემთხვევებიც, როცა გიორგის ზედმეტი მზრუნველობა ენს აღიზიანებდა, ენის დამოუკიდებლობა კი გიორგის აფიქრებინებდა, რომ ქალი ზოგჯერ საერთოდ არ ტოვებდა მისთვის ადგილს საკუთარ პრობლემებში. მაგრამ უკვე იცოდნენ, როგორ დაბრუნებულიყვნენ ერთმანეთთან. იცოდნენ, რომ კამათი ურთიერთობის დასასრულს არ ნიშნავდა. იცოდნენ, რომ ბოდიშის მოხდა დამარცხება არ იყო. და რაც მთავარია, ისწავლეს, რომ ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის გადაკეთებას არ მოითხოვდა. ამ პერიოდში ენის ყოფილი ქმრის ამბავიც საბოლოო ეტაპზე გადავიდა. წარსულს ერთი ცუდი ჩვევა აქვს ყოველთვის მაშინ ბრუნდებოდა, როცა ადამიანს უკვე ეჩვენებოდა, რომ საბოლოოდ მოიშორა. იმ საღამოს ენი ბავშვებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. დღე ჩვეულებრივად დამღლელი იყო. სამსახურში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, შემდეგ პატარას საბავშვო ბაღში მიაკითხა, უფროსი გოგონა კი გზაში აიყვანა. მანქანაში მთელი გზა ბავშვების საუბარი ისმოდა. პატარა დაჟინებით ითხოვდა, რომ მეორე დღეს ბაღში თავისი საყვარელი სათამაშო წაეღო, უფროსი კი ცდილობდა აეხსნა, რატომ იყო ეს ცუდი იდეა. ენი საჭესთან იჯდა და დროდადრო იღიმოდა. სადარბაზოსთან მანქანა გააჩერა. ყოფილი ქმარი მაშინ დაინახა, როცა პატარას ღვედს უხსნიდა. კაცი რამდენიმე მეტრში, საკუთარ ავტომობილთან იდგა. ენის სახიდან ღიმილი გაქრა.
- დედა, რა მოხდა? - ჰკითხა უფროსმა.
- არაფერი, საყვარელო. პატარას ხელი მოჰკიდე. - კაცი მათკენ წამოვიდა.
- ენ, ორი წუთით უნდა დაგელაპარაკო. - ქალმა მანქანის კარი დახურა.
- სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
- ასე ქუჩაში უნდა მელაპარაკო?
- საერთოდ არ ვაპირებ შენთან საუბარს. მით უმეტეს, ბავშვების წინ. - კაცმა გოგონებს გადახედა, შემდეგ ისევ ენს მიუბრუნდა.
- მშვენიერი ოჯახური იდილია გაქვს მოწყობილი, როგორც ვხედავ. - ენმა პასუხი არ გასცა. - იმ შენს ახალ კაცს ვგულისხმობ. რა ჰქვია? გიორგი, არა?
- ბავშვებო, სადარბაზოსთან მიდით. - უფროსმა დედას შეხედა.
- შენ?
- ახლავე მოვალ. - გოგონა რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, თუმცა პატარას ხელი მაგრად ჩასჭიდა და ადგილზე გაჩერდა.
- ახლა უკვე ჩემს შვილებსაც მასთან ზრდი? - კაცის ხმაში ირონია გაჩნდა. - საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერი ოჯახობანა.
- შენ ჩემი პირადი ცხოვრება არ გეხება.
- მე მგონი, გავიწყდება, ვის ელაპარაკები. - ენმა თვალებში შეხედა.
- არა. ზუსტად მახსოვს. ამიტომაც არ მინდა შენთან საუბარი, მითუმეტეს ბავშვების თანდასწრებით. - კაცს სახე შეეცვალა.
- ძალიან გათამამებულხარ.
- არა. უბრალოდ აღარ მეშინია შენი უკმაყოფილების. - ეს პასუხი აშკარად არ მოეწონა.
- გგონია, რადგან ვიღაც ახალი გამოგიჩნდა, ყველაფერი შეგიძლია? გგონია, ასე მარტივად დამთავრდება?
- რა უნდა დამთავრდეს?
- ნუ მაიძულებ, ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც არ მოგეწონება. - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. ძალიან კარგად იცნობდა ამ ტონს. ოდესღაც სწორედ ასეთი წინადადებების შემდეგ იწყებოდა ყველაზე მძიმე დღეები. კაცი არასოდეს ამბობდა პირდაპირ, რას აპირებდა. ყოველთვის ტოვებდა სივრცეს შიშისთვის, რათა დანარჩენი მის წარმოსახვას გაეკეთებინა. მაგრამ ამჯერად ენმა უკან არ დაიხია.
- თუ მემუქრები, პირდაპირ მითხარი. - კაცმა ჩაიცინა.
- ისევ დრამატიზებ ყველაფერს.
- მშვენიერია. მაშინ საუბარიც დასრულებულია. - ენი ბავშვებისკენ შებრუნდა. კაცმა მკლავში ხელი ჩაავლო.
- როცა გელაპარაკები, ნუ მიდიხარ! - ენმა მკლავი მკვეთრად გაითავისუფლა.
- ხელი აღარ დამაკარო! - კაცმა დამცინავად ჩაიქირქილა.
- თორემ რას იზამ? - ენი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო.
- პოლიციას გამოვიძახებ. - კაცმა ჯერ ტელეფონს დახედა, მერე ქალს და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- პოლიციას? - სიცილს ვერ იკავებდა. - შენ მე პოლიციით მაშინებ, ენ?
- არ გაშინებ. გაფრთხილებ.
- და რას ეტყვი? რომ შენი ყოფილი ქმარი შენთან სალაპარაკოდ მოვიდა? - კიდევ უფრო მიუახლოვდა. - თუ იმას, რომ შენი ახალი საყვარლის გამო უკვე საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ ცნობ?
- უკან დაიხიე.
- აბა, დარეკე. მაინტერესებს, რას მოისმენენ. - ენმა ნომრის აკრეფა დაიწყო. კაცს ღიმილი სახეზე შეეყინა. - მართლა რეკავ?
- დიახ.
- მომეცი ეგ ტელეფონი.
- ხელი არ ახლო. - მაგრამ უკვე გვიანი იყო. კაცმა ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- დამიბრუნე!
- ჯერ საუბარს დავასრულებთ.
- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!
- მე კი მაქვს! - დაუყვირა კაცმა და ტელეფონი ისე ძლიერად მოისროლა მანქანისკენ, რომ გზის საფარზე დაცემისას მკვეთრი ხმა გაისმა. ენი წამით გაშეშდა. შემდეგ ბავშვებისკენ გაიხედა. უფროსი გოგონა სადარბაზოსთან იდგა, პატარას ორივე ხელით იკრავდა და შეშინებული უყურებდა.
- ბავშვებო, შიგნით შედით! - დაუძახა ენმა.
- დედა...
- ახლავე! - კაცმა ისევ მკლავში ჩაავლო ხელი.
- მე შენთან ლაპარაკი არ დამიმთავრებია!
- გამიშვი!
- რა, ახლა უკვე შეხებაც არ შეიძლება? - სახე ახლოს მიუტანა. - მაგ შენს გიორგის შეუძლია და მე არა?
- ხელი გამიშვი-მეთქი! - ენი მთელი ძალით შეეცადა გათავისუფლებას, მაგრამ კაცმა მეორე ხელიც ჩასჭიდა.
- შემომხედე, როცა გელაპარაკები! - და სანამ ქალი მიხვდებოდა, რას აპირებდა, სახე ძალით მიუბრუნა და ტუჩებზე დაეძგერა. ეს კოცნა არ ყოფილა. ეს იყო დამცირების, ძალაუფლებისა და საკუთრების უფლების დემონსტრირების მცდელობა. ენმა თავი მკვეთრად გაიწია, კაცს მკერდზე ორივე ხელი ჰკრა და მთელი ძალით მოიშორა.
- შე ! - კაცმა ირონიულად გაიღიმა.
- რა მოხდა? დაგავიწყდა, როგორ გკოცნიდი? - ენმა ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა. გარტყმის ხმამ წამით ორივე გააჩუმა. კაცმა ნელა მიაბრუნა თავი. ღიმილი გაუქრა. - ეს არ უნდა გაგეკეთებინა. მის ხმაში ისეთი სიმშვიდე გაჩნდა, რომელიც ენმა ძალიან კარგად იცოდა. შემდეგ ყველაფერი ერთდროულად მოხდა. კაცმა მკლავში ისევ ჩაავლო ხელი და თავისკენ უხეშად მოქაჩა. ენი წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა.
- გამიშვი!
- ახლა ნახავ, როგორ უნდა მელაპარაკო! - და სწორედ ამ დროს გაისმა მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა.
- ხელი გაუშვი! - ხმა ისეთი იყო, რომ კაცმა ინსტინქტურად მიიხედა. გიორგი მანქანიდან უკვე გადმოდიოდა. ნი რამდენიმე წამით ვერც კი მიხვდა, საიდან გაჩნდა. იცოდა, რომ იმ საღამოს უნდა ენახა, მაგრამ არ ელოდა, ასე ადრე თუ მოვიდოდა. გიორგიმ რამდენიმე ნაბიჯში დაფარა მანძილი. - გითხარი, ხელი გაუშვი! - კაცმა ენს ხელი არ გაუშვა.
პირიქით, უფრო მაგრად მოუჭირა.
- შენ ვინ გეკითხება? - გიორგის მზერა ქალის მკლავზე შეჩერდა. შემდეგ მის სახეზე.
ტუჩებთან დარჩენილ სიწითლეზე. და რაღაც შეეცვალა. ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგორიც ენს მის სახეზე არასოდეს ენახა.
- შე ! - მაჯაში ხელი ჩაავლო, ენს მოაშორა და კაცს ისეთი ძალით ჰკრა ხელი, რომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- გიორგი! - დაიყვირა ენმა. მაგრამ ყოფილი ქმარი უკვე მისკენ მოდიოდა. პირველი დარტყმა გიორგიმ აიცილა. შემდეგ კაცს სახეში მუშტი გაარტყა. ის მანქანას მიენარცხა.
წამით გაჩერდა, მერე ისევ წამოვარდა და გიორგის ეცა. ორივე ერთმანეთს ჩაეჭიდა.
ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა, მაგრამ ენს ეს წამები უსასრულობად მოეჩვენა.
გიორგიმ კაცი ისევ მოიშორა და კიდევ ერთი დარტყმისთვის მოემზადა.
- გიორგი, გაჩერდი! - მას არ გაუგონია. ან იქნებ გაიგონა, მაგრამ იმ წამს საკუთარ რისხვას ვეღარ ერეოდა. ენი მათკენ გაიქცა. - გიორგი! - კაცმა ყოფილი ქმარი მანქანის კაპოტთან მიიმწყვდია.
- კიდევ ერთხელ შეეხები და...
- გიორგი, გთხოვ! - ენი მათ შორის ჩადგა. ისე მოულოდნელად, რომ გიორგის აწეული ხელი ჰაერში გაუჩერდა.
- გამეცალე, ენ!
- არა!
- ენ, უკან დაიხიე! - ქალმა ორივე ხელი მკერდზე მიაბჯინა.
- შემომხედე! - გიორგის თვალებში ბრაზი იდგა.
- ამ ნაბიჭვარმა...
- ვიცი! ყველაფერი ვიცი! მაგრამ შემომხედე! - კაცი გაშეშდა. ენმა სახეზე ხელები მოჰკიდა. - ბავშვები გვიყურებენ, გიორგი. - ეს სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა.
მაგრამ გიორგის ისე მოხვდა, თითქოს მთელი ქუჩა ერთდროულად დადუმდა. - გთხოვ... ბავშვები გვიყურებენ. კაცმა მხარს მიღმა გაიხედა. სადარბაზოსთან ორი გოგონა იდგა.
უფროსი პატარას გულში იკრავდა. ბავშვს სახე მის მხარში ჩაემალა და ტიროდა.
გიორგის მზერა მათზე გაჩერდა. მერე ენს შეხედა. ქალს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. არა საკუთარი თავის გამო. იმის გამო, რომ შვილებს კიდევ ერთხელ უწევდათ იმის ყურება, როგორ კარგავდნენ უფროსები საკუთარ თავზე კონტროლს. - გთხოვ. - გაიმეორა ენმა. გიორგიმ ნელა დაუშვა ხელი. მძიმედ სუნთქავდა. მის უკან ყოფილი ქმარი რაღაცას ყვიროდა, მაგრამ არც ერთი აღარ უსმენდა. გიორგიმ ენს შეხედა. შემდეგ მისი მკლავი დაინახა, რომელზეც კაცის თითების კვალი უკვე წითლად ემჩნეოდა. თვალები დახუჭა. ერთი წამით თითქოს ისევ აპირებდა შებრუნებას. მაგრამ ენმა ხელი არ გაუშვა. - ჩემთან დარჩი, გიორგი. - კაცმა თვალები გაახილა. მერე თავი დაუქნია. და პირველად იმ საღამოს უკან დაიხია. ადარბაზოსთან უფროსმა გოგონამ პატარა კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა. ენი მათკენ შეტრიალდა. მიწაზე დამტვრეული ტელეფონი ეგდო. რამდენიმე მეტრში ყოფილი ქმარი იდგა, გაწითლებული სახით, გაცოფებული და ჯერ კიდევ რაღაცას ყვიროდა. მაგრამ ენს მისთვის აღარ შეუხედავს. ამჯერად უკან აღარ დაბრუნებულა.
მომხდარი იმ საღამოსვე ოფიციალურად დაფიქსირდა. პოლიციამ გამოკითხა მონაწილეები, მოისმინა მოწმეების მონაყოლი და შეისწავლა სადარბაზოსთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. ენმა დეტალურად აღწერა არა მხოლოდ იმ საღამოს მომხდარი, არამედ წინა შემთხვევებიც მუქარები, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, დაუპატიჟებელი გამოჩენები და ის მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც აქამდე საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა. ამჯერად აღარაფერი დაუმალავს. არც ის, როგორ წაართვა კაცმა ტელეფონი. არც ის, როგორ ჩაავლო ხელი.
არც ის, როგორ სცადა მისი ნების წინააღმდეგ კოცნა. არც გიორგისთან მომხდარი ჩხუბი.
ყველაფერი ზუსტად ისე მოყვა, როგორც მოხდა. მას აღარ უნდოდა წარსულის შელამაზება მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლის თქმა უსიამოვნო იყო. ყოფილი ქმარი სამართალდამცველებმა დააკავეს, ხოლო შემდგომი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში მისი მხრიდან ენთან მიახლოებისა და დაკავშირების შეზღუდვის საკითხიც გადაწყდა. ეს არ ყოფილა ჯადოსნური დასასრული, რომელმაც ერთ დღეში ყველა პრობლემა გააქრო. მაგრამ პირველად ენს ჰქონდა განცდა, რომ საფრთხისგან თავის დაცვა მხოლოდ მისი პირადი პასუხისმგებლობა აღარ იყო. და რომ დუმილი აღარ იყო ერთადერთი გზა სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
ყველაზე რთული, მოულოდნელად, ბავშვებთან საუბარი აღმოჩნდა. პატარა უკვე მშვიდად იყო. გიორგი მასთან ერთად მისაღებში იჯდა და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობდა, ვიდრე ის, შეიძლებოდა თუ არა სათამაშო დათვის აბაზანაში დაბანა. უფროსი გოგონა კი საკუთარ ოთახში იჯდა. ენმა კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
- შეიძლება? - გოგონამ თავი დაუქნია. ქალი გვერდით მიუჯდა. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. - შეგეშინდა? - ჰკითხა ენმა.
- ჰო.
- ვიცი.
- მეგონა, ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. ენს გული შეეკუმშა. ეს სიტყვები იმდენ რამეს ამბობდა, რომ პასუხის პოვნა გაუჭირდა.
- საყვარელო...
- შენ ხომ კარგად ხარ? - ენმა შვილგულში ჩაიკრა..
- კარგად ვარ.
- მაშინ რატომ ტიროდი მანქანაში? - ქალი გაშეშდა. ეგონა, ვერავინ შეამჩნია.
- იმიტომ, რომ ზოგჯერ ძლიერი ადამიანებიც ტირიან.
- გიორგიმ რომ არ მოსულიყო? - ენმა რამდენიმე წამით იფიქრა.
- მაშინაც მოვაგვარებდი. მაგრამ მიხარია, რომ მოვიდა. - გოგონამ თავი დახარა.
- აღარ მინდა, რომ გეშინოდეს. - ენმა შვილი გულში ჩაიკრა.
- არც მე მინდა, რომ შენ გეშინოდეს. ამიტომაც აღარ ვაპირებ იმის დამალვას, რაც ხდება. თუ ვინმე ჩვენს სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის, დახმარებას მოვითხოვთ. და ეს არც სირცხვილია და არც სისუსტე. - გოგონა უფრო მაგრად მიეკრა. ენი მის თმაში სახეჩარგული დიდხანს იჯდა. მხოლოდ ახლა, როცა ყველაფერი დასრულებული იყო და შვილები უსაფრთხოდ ჰყავდა, იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელები.
გვიან ღამით სამზარეულოში გავიდა. გიორგი ფანჯარასთან იდგა. ენმა მაცივრიდან წყალი გამოიღო, ჭიქაში ჩამოასხა და რამდენიმე ყლუპი დალია.
- ბავშვებს სძინავთ? - ჰკითხა კაცმა.
- ჰო. - გიორგი მისკენ შებრუნდა.
- შენ როგორ ხარ?
- უკეთ. - კაცმა გაუღიმა, მაგრამ თვალებში დაღლილობა ეტყობოდა. ენი მიუახლოვდა. - ისევ გაბრაზებული ხარ?
- ძალიან.
- ჩემზე?
- საკუთარ თავზე. მასზე. იმაზე, რომ უფრო ადრე არ მოვედი. - ენმა თავი გააქნია.
- შენ არ ხარ ვალდებული, ყველგან იყო, გიორგი.
- მაგრამ მინდა.
- ვიცი. - კაცმა სახეზე ხელი ჩამოუსვა.
- როცა დაგინახე... როცა დავინახე, როგორ გექცეოდა, ერთი წამით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი შეიძლებოდა დამეკარგა. - ენი მისკენ გადაიხარა.
- ვერ დამკარგავ ასე მარტივად.
- შენგან ეს სიტყვები დამამშვიდებლად უნდა ჟღერდეს?
- წესით, კი. საკმაოდ ძვირადღირებული ქალი ვარ, ასე ადვილად ვერ მომიშორებ. - გიორგის გაეცინა. პირველად იმ საღამოს. ენმა მის მკერდზე თავი მიადო. - იცი, რა არის ყველაზე საშინელი? — ჩუმად ჰკითხა.
- რა?
- ის, რომ ერთი წამით ისევ ძველი ენი გავხდი. ის, რომელიც წინასწარ ფიქრობდა, რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ კაცი არ გაბრაზებულიყო. თითქოს მთელი ეს წლები საერთოდ არ გასულა. - გიორგიმ ხელები მოხვია.
- მაგრამ მერე?
- მერე ჩემი შვილი დავინახე. - ქალს ხმა აუკანკალდა. - და მივხვდი, რომ არ მინდა, ოდესმე ისიც ასე ცხოვრობდეს. არ მინდა, სხვისი ხასიათის გამოცნობაში დახარჯოს საკუთარი ცხოვრება. - გიორგიმ შუბლზე აკოცა.
- არ დახარჯავს.
- ამის გარანტიას ვერავინ მისცემს, გიორგი.
- ვიცი.
- მაგრამ მე შემიძლია ვაჩვენო, რომ სხვანაირადაც შეიძლება. - კაცმა უფრო მაგრად ჩაიკრა გულში. დიდხანს იდგნენ ასე. შემდეგ ენმა თავი ასწია. - და კიდევ ერთი რამ.
- გისმენ.
- თუ ოდესმე ისევ გადაწყვეტ, რომ ჩემი ღირსების დასაცავად ვინმეს ცხვირი უნდა გაუტეხო, ჯერ ჩემთან შეათანხმე. - გიორგიმ წარბი ასწია.
- ნებართვას არ მომცემ?
- გააჩნია, რამდენად ლამაზად მთხოვ. - კაცს გაეცინა.
- აუტანელი ქალი ხარ.
- ვიცი. მაგრამ შენ რატომღაც მოგწონს. - გიორგიმ ტუჩებში აკოცა. არა ვნებიანად. არა ისე, როგორც ჩვეულებრივ, როცა ერთმანეთის გამოწვევას ცდილობდნენ. ამჯერად ძალიან ფრთხილად. თითქოს ამ კოცნით იმ ყველაფრის მოშორება უნდოდა, რაც ქალს იმ საღამოს გადაეტანა. ენი მის მკლავებში დარჩა. და პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, საკუთარ თავს უფლება მისცა, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი შიში ბოლომდე გამოეშვა. იტირა. ჩუმად, უხმოდ, გიორგის მკერდზე სახემიდებულმა.
კაცს არაფერი უკითხავს. არც დაუწყია მისი დამშვიდება გაცვეთილი დაპირებებით.
უბრალოდ ეფერებოდა. იმ ღამეს ენმა კიდევ ერთი რამ ისწავლა. შეიძლებოდა საკუთარი თავის დაცვა გცოდნოდა, დახმარების თხოვნაც შეგძლებოდა და მაინც გჭირდებოდა ადამიანი, რომლის მკლავებშიც რამდენიმე წუთით ძლიერი აღარ იქნებოდი. და ეს არაფერს გაკლებდა. პირიქით. ზოგჯერ სწორედ ასე ბრუნდებოდა ძალა.
დიდხანს გაჭიანურებული უსიამოვნებები, მოულოდნელი შეტყობინებები და პერიოდული დაძაბულობა თანდათან მკაფიო სამართლებრივ საზღვრებში მოექცა.
ენი ამ პროცესს თავად წარმართავდა, საჭირო პროფესიული დახმარებითა და ახლობლების მხარდაჭერით. გიორგი მის გვერდით იყო, მაგრამ მის ნაცვლად აღარ იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს მცირე ცვლილება არ ყოფილა. ოდესღაც ორივეს სიყვარულის დამტკიცება ბრძოლით ესმოდა. ახლა კი თანდათან სწავლობდნენ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ ის არის, ადამიანს საკუთარი ბრძოლის უფლება დაუტოვო და მაინც გვერდით დარჩე.
ერთ შაბათს ენის სახლში მარიამი, ლენა და ნინუცა შეიკრიბნენ. გარეთ წვიმდა. სამზარეულოში ყავის სუნი იდგა, მაგიდაზე რამდენიმე თეფში ეწყო, მისაღებიდან კი ბავშვების ხმები ისმოდა. მარიამი ისევ ისეთივე ენერგიული იყო, როგორიც ყოველთვის. ლენას ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა და ამ აზრის გამოთქმას არც ახლა ერიდებოდა. ნინუცა კი მეტწილად უსმენდა, თუმცა მისი რამდენიმე მშვიდი შენიშვნა ხშირად ყველაზე ზუსტად ხვდებოდა სათქმელს. მათ ენი სხვადასხვა მდგომარეობაში ენახათ. ენახათ ბედნიერი, გაბრაზებული, შეყვარებული, იმედგაცრუებული. ენახათ ქალი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა, და ქალი, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ არ ტიროდა, რომ ამის დრო არ ჰქონდა. ახლა კი მათ წინაშე იჯდა ენი, რომელსაც კვლავ უამრავი საქმე, პრობლემა და პასუხისმგებლობა ჰქონდა, მაგრამ რაღაც არსებითად შეცვლილიყო. აღარ ცდილობდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მარტო ყველაფერს გაუმკლავდებოდა. აღარ მალავდა, რომ უყვარდა. აღარ ეშინოდა იმის აღიარების, რომ ზოგჯერ თავადაც სჭირდებოდა ვინმეზე დაყრდნობა. მეგობრებმა ეს ცვლილება სხვადასხვანაირად მიიღეს. მარიამს ყველაზე მეტად მისი ბედნიერება უხაროდა. ლენა ისევ ფრთხილობდა. კარგად იცოდა, რამდენად ძვირი შეიძლებოდა დაჯდომოდა ენს არასწორი ადამიანის ნდობა. ნინუცა კი თითქოს ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებას ხედავდა: ენი აღარ იბრძოდა იმისთვის, რომ სიყვარულის ღირსი ყოფილიყო. მას უბრალოდ უყვარდა და უყვარდათ. და ეს საკმარისი აღმოჩნდა.
გიორგის მეგობრებმაც შენიშნეს ცვლილება. თავდაპირველად ხუმრობდნენ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც ნებისმიერ საღამოს მშვიდად გაატარებდა საკუთარ სახლში, ახლა სამი გოგონას სურვილების შესრულებასა და ერთი ქალის ხასიათის გამოცნობაში ატარებდა თავისუფალ დროს. შემდეგ ეს ხუმრობები თანდათან სხვა განცდამ შეცვალა. მათ კარგად ახსოვდათ გიორგი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.
მისი თავშეკავება. გაუთავებელი მუშაობა. ის სიჩუმე, რომელიც თითქოს ყველგან დაჰყვებოდა. ახლა კი ისევ იცინოდა. ზოგჯერ სრულიად უადგილოდაც. მეგობრებს ფოტოებს უგზავნიდა, უცნაურ ისტორიებს უყვებოდა, ხანდახან შეხვედრაზე აგვიანებდა, რადგან პატარა გოგონასთვის რაღაცის შეკეთება ჰქონდა დაპირებული. და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. გიორგი აღარ ცდილობდა მხოლოდ დროის გაყვანას. ის ცხოვრობდა.
გადაწყვეტილება საბოლოოდ ზაფხულის მიწურულს მიიღეს. არა ერთ საღამოს. არა ემოციური აღიარების შემდეგ. არამედ უამრავი პატარა საუბრის, ფიქრისა და შეთანხმების შედეგად. გიორგის ქალიშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ ახალ სახლში გადასვლაზე ეფიქრათ. ოღონდ ერთი პირობით: დედის ნივთებიდან თავად უნდა აერჩია, რას წაიღებდა. გიორგიმ დათანხმდა. სახლი მაშინვე არ გაუყიდიათ. ჯერ ახალი ადგილი მოძებნეს, სადაც ყველასთვის საკმარისი სივრცე იქნებოდა. არც ენის ბინაში გადასვლა გადაწყვიტეს და არც გიორგის ძველ სახლში დარჩენა. მათ უნდოდათ ადგილი, რომელიც არც ერთის წარსულის გაგრძელება არ იქნებოდა.
ადგილი, რომელსაც ერთად შექმნიდნენ. სახლს ეზო ჰქონდა. დიდი ფანჯრები.
მზიანი სამზარეულო. ბავშვებისთვის ცალკე ოთახები და საერთო სივრცე, სადაც ყველას შეეძლო შეკრება. არც უზარმაზარი იყო და არხ განსაკუთრებულად მდიდრული. მაგრამ პირველად რომ დაათვალიერეს, ენის პატარა გოგონამ ეზოში სირბილი დაიწყო, უფროსებმა ოთახების განაწილებაზე დაიწყეს მსჯელობა, გიორგიმ კი ენს შეხედა და მიხვდა, რომ ამ სახლის წარმოდგენა მის გარეშე აღარ შეეძლო.
გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგის ძველ სახლში ნივთების დალაგება დაიწყეს. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. კარადებში წლების განმავლობაში დაგროვილი ნივთები ინახებოდა. ზოგი სრულიად უსარგებლო იყო, ზოგს კი ისეთი ისტორია ჰქონდა, რომ მისი გადაგდება შეუძლებლად ეჩვენებოდათ. გიორგის მეგობრები მძიმე ავეჯს ეზიდებოდნენ, ბავშვები ყუთებზე წარწერებს აკეთებდნენ, ენი ნივთების დახარისხებაში ეხმარებოდა. მარიამი და ლენაც მოვიდნენ. ნინუცამ ყველას საჭმელი მოუტანა, რადგან წინასწარ იცოდა, რომ მთელი დღის მუშაობის შემდეგ არც ერთს სამზარეულოში დგომის ძალა აღარ ექნებოდა. სახლი, რომელიც წლების განმავლობაში ჩუმად იდგა, უცებ ადამიანების ხმებით აივსო.
და სწორედ ამ ხმაურში, ერთ-ერთ ძველ კარადაში, გიორგის ქალიშვილმა პატარა ხის ყუთი იპოვა. ყუთი დედას ეკუთვნოდა. შიგნით ფოტოები, წერილები, რამდენიმე სამკაული და ძველი ვიდეოჩანაწერები ინახებოდა. გოგონამ ნივთები ფრთხილად ამოალაგა. გიორგი გვერდით მიუჯდა. რამდენიმე წუთში ორივე წარსულში დაბრუნდა.
იმ საღამოს ვიდეოები ერთად ნახეს. თავდაპირველად მხოლოდ გიორგი და მისი ქალიშვილი აპირებდნენ ყურებას, მაგრამ გოგონამ თავად სთხოვა ენს, მათთან დარჩენილიყო. მალე დანარჩენი ბავშვებიც შეუერთდნენ. ეკრანზე წლების წინანდელი ზაფხული გამოჩნდა. პატარა გოგონა ბაღში დარბოდა. ახალგაზრდა ქალი მისკენ ხელებს იშვერდა, შემდეგ სიცილით იჭერდა და ჰაერში ატრიალებდა. კამერის მიღმა გიორგის ხმა ისმოდა. ქალი კამერისკენ იყურებოდა და იცინოდა. ეს სიცილი გიორგის მრავალი წლის განმავლობაში აღარ გაეგონა. თავიდან უცნაური განცდა დაეუფლა. თითქოს დროის ორი სრულიად განსხვავებული მონაკვეთი ერთმანეთს შეეხო. მის გვერდით ენი იჯდა. ეკრანზე კი ქალი იცინოდა, რომელიც ოდესღაც მისი მთელი სამყარო იყო. გიორგიმ იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში ნაცნობი ტკივილი. მაგრამ ამჯერად ტკივილს მარტო არ შეხვედრია. ენის ხელი მის ხელს შეეხო. არაფერი უთქვამს. არც იყო საჭირო. ეკრანზე ვიდეო გრძელდებოდა. პატარა გოგონამ დედას ლოყაზე აკოცა. ამ დროს ენის უმცროსმა ქალიშვილმა ეკრანზე გამოსახულ ქალზე იკითხა. უფროსებმა აუხსნეს, რომ ეს გიორგის ქალიშვილის დედა იყო. პატარამ კიდევ რამდენიმე კითხვა დასვა, ისეთები, რომლებსაც მხოლოდ ბავშვები სვამენ, რადგან მათ ჯერ არ უსწავლიათ, რომ ზოგიერთ თემაზე უფროსები უხერხულად დუმან. და პასუხებიც მიიღო. მარტივი. გულწრფელი. სევდიანი, მაგრამ სიყვარულით სავსე. გიორგის ქალიშვილმა დედის შესახებ რამდენიმე ისტორია მოყვა. შემდეგ კიდევ ერთი. მალე თვითონაც იცინოდა. და გიორგი უყურებდა საკუთარ შვილს, რომელიც დედას იხსენებდა არა მხოლოდ დაკარგვის ტკივილით, არამედ იმ ბედნიერი დღეებითაც, რომლებიც ოდესღაც ერთად ჰქონდათ. იმ საღამოს პირველად იგრძნო, რომ მოგონებები შეიძლება სახლიდან გაიტანო ისე, რომ არაფერი დაკარგო. ვიდეოს დასრულების შემდეგ ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. ეკრანზე უკვე მხოლოდ ბოლო კადრი ჩანდა, პატარა გოგონა დედის კალთაში იჯდა, ქალი კი თმას თითებით უსწორებდა. გიორგის ქალიშვილმა პულტი აიღო და ჩანაწერი უკან გადაახვია.
- კიდევ ერთხელ მინდა მისი ხმა გავიგონო. - არავის გაუპროტესტებია. ქალის სიცილი ოთახში ხელახლა გაისმა. გიორგიმ თვალები დახუჭა. წლების განმავლობაში ეშინოდა, რომ ერთ დღეს ეს ხმა მის მეხსიერებაშიც გაქრებოდა. ახლა კი ისევ ისმოდა, ისეთი ცოცხალი, ისეთი ნაცნობი, თითქოს წარსულმა რამდენიმე წამით დროის საზღვარი გადმოკვეთა. ენის ხელი ისევ მის ხელში იყო. ქალმა არ სცადა მისი ყურადღების გადატანა. არც თავი მოაჩვენა, თითქოს ეს საღამო ჩვეულებრივი ყოფილიყო. უბრალოდ იქ იყო. გიორგის ქალიშვილმა ეკრანს თვალი მოსწყვიტა და ენს შეხედა.
- ლამაზი იყო, არა? - ენი რამდენიმე წამით უყურებდა ფოტოზე გაჩერებულ ქალს.
- ძალიან.
- მამას ძალიან უყვარდა.
- ვიცი. - გოგონამ თავი დახარა.
- ზოგჯერ მგონია, რომ თუ თქვენ ერთად იცხოვრებთ, დედა ყველას დაგავიწყდებათ. ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გიორგიმ მაშინვე შვილისკენ გაიხედა. მაგრამ ენმა არ იჩქარა. გოგონასთან ახლოს გადაჯდა და ფრთხილად შეეხო მხარზე.
- იცი, რა მგონია? ადამიანს მაშინ არ ივიწყებენ, როცა მის შესახებ აღარ ლაპარაკობენ. ზოგჯერ პირიქით ხდება იმდენად გვეშინია მისი გახსენების, რომ ყველაფერს გულში ვკეტავთ. - გოგონამ თვალები ასწია.
- და შენ არ გეწყინება, თუ მამას ისევ ეყვარება? - ენმა გიორგის შეხედა. მერე ისევ გოგონას მიუბრუნდა.
- არა. იმიტომ, რომ მე არ მინდა, მამაშენს ოდესმე ისეთი ადამიანი დავავიწყო, ვინც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. მე მინდა, ბედნიერი იყოს. ისიც და შენც. - გოგონას თვალები ცრემლებით აევსო.
- დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თქვენ ხომ ერთად არ იქნებოდით? - გიორგის სუნთქვა შეეკრა. ეს იყო კითხვა, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა ისეთი, რომ არავის სტკენოდა. ენმა კი სიმართლის დამალვა არ სცადა.
- ალბათ არა, საყვარელო. - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
- მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაშენის წასვლა კარგი რამ იყო. - განაგრძო ენმა. - არც იმას, რომ ვინმეს ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ზოგჯერ ცხოვრებაში ძალიან ცუდი რამ ხდება და მერე, დიდი ხნის შემდეგ, რაღაც კარგიც მოდის. ეს კარგი იმ ცუდს არ ამართლებს. უბრალოდ ადამიანს ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს. გოგონა ატირდა. გიორგიმ შვილი გულში ჩაიკრა. ენი მათ გვერდით დარჩა. იმ საღამოს არავის უცდია ცრემლების შეჩერება. რამდენიმე წუთის შემდეგ ენის პატარა გოგონამ, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ის აინტერესებდა, რატომ ტიროდნენ უფროსები, გიორგის ქალიშვილს თავისი საყვარელი სათამაშო მიუტანა და კალთაში ჩაუდო. ბავშვური ლოგიკით, თუ ვინმე მოწყენილი იყო, მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი უნდა გაეზიარებინა. გოგონამ სათამაშო გულში ჩაიკრა და ცრემლებს შორის გაეღიმა. გიორგიმ ამ სურათს შეხედა. ერთ მხარეს მისი წარსული იდგა ეკრანზე დარჩენილი ქალი, რომელიც მუდამ ეყვარებოდა. მეორე მხარეს კი აწმყო, ენი, სამი გოგონა და ის უცნაური, ხმაურიანი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოსულიყო. და პირველად აღარ იგრძნო, რომ ამ ორ სამყაროს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. იმ ღამეს, როცა ყველანი წავიდნენ, გიორგის ქალიშვილმა დედის ყუთი თავად დახურა. მერე მამას სთხოვა, ახალ სახლში მისთვის ისეთი თარო გაეკეთებინა, სადაც ეს ნივთები ერთად იქნებოდა. გიორგიმ თავი დაუქნია. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ გოგონას აღარ ეშინოდა. მაგრამ ნიშნავდა, რომ შიშის მიუხედავად, წინ წასვლას უკვე ცდილობდა.
გადასვლის დღეს ცა მოღრუბლული იყო. დილიდან ყველა რაღაცას ეძებდა. ერთი ყუთი დაიკარგა. მეორეს არასწორი წარწერა ჰქონდა. გიორგის მეგობრებს ავეჯის გადატანისას ერთმანეთთან კამათი მოუვიდათ, ლენამ ყველას აუხსნა, რომ საქმე თავიდანვე არასწორად ჰქონდათ დაგეგმილი, მარიამი სიცილით ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ნინუცა კი მშვიდად ალაგებდა იმას, რასაც დანარჩენები ერთმანეთში ურევდნენ. ენი ცდილობდა ყველაფრის გაკონტროლებას. გიორგი ცდილობდა ენისთვის ყველაფრის გაკონტროლების საშუალება არ მიეცა. და, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პერიოდულად ბრაზდებოდა. ყველაზე დიდი უთანხმოება სამზარეულოს ნივთების გამო მოუვიდათ. ენმა აღმოაჩინა, რომ გიორგიმ ყუთში ერთად ჩაალაგა ყავის აპარატის ნაწილები, რამდენიმე თეფში, ბავშვის ფერადი ჭიქები და სრულიად გაურკვეველი დანიშნულების ელექტროსადენი.
- გიორგი, ეს რა არის? - კაცმა ყუთში ჩაიხედა.
- ნივთები.
- ვხედავ, რომ ნივთებია. მაინტერესებს, რა პრინციპით ჩაალაგე.
- სივრცის ოპტიმიზაციის. - ენმა რამდენიმე წამით უყურა.
- შენ მართლა გგონია, რომ ამ პასუხით თავს გადაირჩენ? - გიორგიმ ყუთს სახურავი დააფარა.
- ჩემი გამოცდილებით, შენთან თავის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
- ძალიან კარგი. თვითშეგნება მაინც შეგრჩენია. - მარიამმა, რომელიც კართან იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა, სიცილი ვეღარ შეიკავა. ლენამ კი მაშინვე განაცხადა, რომ სამზარეულოს ნივთების შეფუთვა თავიდანვე ქალებისთვის უნდა მიენდოთ. გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ამის საპასუხოდ იკითხა, თუ ასე იყო, მძიმე ავეჯის გადატანას რატომ არ ანდობდნენ იმავე ქალებს. რამდენიმე წამში სამზარეულოში ისეთი კამათი გაჩაღდა, თითქოს მთელი სახლის მომავალი სწორედ ამ საკითხზე ყოფილიყო დამოკიდებული. ნინუცა ჩუმად იდგა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ამ სანახაობას აშკარა სიამოვნებით აკვირდებოდა. ენი გიორგისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უთხრა:
- იცოდე, ახალ სახლში ყავის აპარატს შენ არ გაეკარები.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მინდა, ახალ ცხოვრებაში მაინც მქონდეს ერთი ნივთი, რომელიც შენგან დაცული იქნება. - გიორგიმ წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- შენგან განსხვავებით, მე ახალი ცხოვრებისგან გაცილებით საინტერესო რამეებს ველოდები. - ენმა თვალები მოჭუტა.
- მაგალითად? - კაცმა ყურთან რაღაც ჩასჩურჩულა. ქალს წამით სახე შეეცვალა, მერე იდაყვი მსუბუქად გაჰკრა.
- უზრდელი ხარ.
- შენგან ვისწავლე. - მარიამმა ორივეს გადახედა.
- იქნებ ჯერ გადავიდეთ და მერე გააგრძელოთ ეს სექსუალური დაძაბულობა? - ენმა ისე შეხედა, თითქოს სრულიად უსამართლოდ დაადანაშაულეს. გიორგი კი იცინოდა. მათი მეგობრები ამ სანახაობას უკვე შეჩვეულები იყვნენ. ერთი წლის შემდეგაც ეს ორი ადამიანი ისე ახერხებდა ერთმანეთის წყობიდან გამოყვანას, თითქოს ჯერ კიდევ პირველ პაემანზე იყვნენ. და ალბათ სწორედ ამიტომ იყო მათი ურთიერთობა ასეთი ცოცხალი. სიყვარული მათ ყოველდღიურობას კი არ გაქცეოდა. პირიქით ყველაზე ჩვეულებრივ ქაოსშიც ახერხებდა თავის გამოჩენას.. მათი სამი გოგონა მთელი დღის განმავლობაში ახალ სახლში დარბოდა. უფროსებმა უკვე იცოდნენ, სად დადგამდნენ საწოლებს, სად დაკიდებდნენ ფოტოებს და რომელ ოთახში შეიძლებოდა ყველაზე კარგად ფილმების ყურება. პატარამ კი საკუთარი ოთახისთვის ერთი კონკრეტული კუთხე აირჩია და კატეგორიულად განაცხადა, რომ იქ მისი სათამაშო სახლი უნდა მდგარიყო. არავის გაუპროტესტებია. საღამოს, როცა ნივთების უმეტესობა უკვე გადატანილი იყო, გიორგიმ ძველი სახლის კარი უკანასკნელად გამოაღო. შიგნით შევიდა. ოთახები თითქმის ცარიელი დახვდა. კედელზე, სადაც ოდესღაც ოჯახის ფოტო ეკიდა, ოდნავ უფრო ღია ფერის ოთხკუთხედი დარჩენილიყო. გიორგი დიდხანს იდგა მის წინ. გაახსენდა პირველი დღე, როცა მეუღლესთან ერთად ამ სახლში შევიდა. გაახსენდა ბავშვის დაბადება. მისი პირველი ნაბიჯები. დაბადების დღეები. შემდეგ ავადმყოფობა. დაკარგვა. სიჩუმე. და წლები, რომლებიც ამ სიჩუმეში გაატარა. თვალები აუწყლიანდა. მაგრამ ამჯერად არ უცდია ცრემლების დამალვა. ეს სახლი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. და ყოველთვის დარჩებოდა. უბრალოდ მისი ცხოვრება აქ აღარ მთავრდებოდა. კარი ფრთხილად დახურა.
ახალ სახლში იმ საღამოს ყველა ერთად შეიკრიბა. მეგობრები, ბავშვები, ახლობლები. სამზარეულოში ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დალაგებული, ამიტომ საჭმელი შეკვეთით მოიტანეს. მაგიდაზე სხვადასხვა ზომის თეფშები იდგა, ჭიქები ერთმანეთს არ ჰგავდა, სკამები კი ყველასთვის არ ჰყოფნიდათ. ვიღაც იატაკზე დაჯდა. ვიღაც ფანჯრის რაფაზე. მარიამმა მუსიკა ჩართო. ლენამ მაშინვე შენიშნა, რომ ჯერ კიდევ უამრავი რამ ჰქონდათ მოსაწესრიგებელი. ნინუცამ უპასუხა, რომ ამისთვის მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ. ბავშვებმა სიცილი ატეხეს. გიორგის მეგობრებმა სადღეგრძელო თქვეს. და ენმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაღლილობასაც ვერ გრძნობდა, უცებ აღმოაჩინა, რომ მის გარშემო შეკრებილი ადამიანები რაღაც ახალს ქმნიდნენ.
არა უბრალოდ სახლს. არამედ ოჯახს, რომლის არსებობაც არც ერთი მათგანის წარსულს არ აუქმებდა. იმ საღამოს გიორგის ქალიშვილმა დედის ფოტო მისაღებში დადგა, საერთო მოგონებების თაროზე მოათავსა. არავის არაფერი უთქვამს. სტუმრები გვიან წავიდნენ. ბავშვებს დაღლილობისგან თითქმის ფეხზე ეძინათ. უფროსი გოგონები მაინც ცდილობდნენ, თავიანთ ოთახებში კიდევ რაღაცები მოესწროთ, პატარა კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ საერთოდ არ ეძინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წუთის განმავლობაში უკვე სამჯერ ჩასძინებოდა გიორგის მხარზე. ბოლოს სახლშიც ჩამოწვა სიჩუმე. ბავშვების დაძინება იმ საღამოს ენს ხვდა წილად. პატარა ახალ საწოლში მოკალათებულიყო, საბანი ნიკაპამდე აეწია და დაჟინებით ითხოვდა ზღაპარს პრინცესაზე, რომელსაც დრაკონის არ ეშინოდა. ენმა ზღაპარი სახელდახელოდ მოიგონა. პრინცესა, რასაკვირველია, ჯიუტი აღმოჩნდა, დრაკონი კი ისეთი კეთილი, რომ ბოლოს თავად სთხოვა გოგონას, მის ციხესიმაგრეში საცხოვრებლად გადასულიყო.
- მერე შეუყვარდა? - ძილმორეულმა იკითხა პატარამ.
- ვინ, დრაკონი?
- ჰო.
- ძალიან. მაგრამ პრინცესამ უთხრა, ჯერ შენი ოთახი დაალაგეო. - პატარას გაეცინა.რამდენიმე წუთში უკვე ეძინა. ენმა საბანი გაუსწორა, შუბლზე აკოცა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა. უფროსი ქალიშვილი ჯერ კიდევ კითხულობდა. დედის დანახვაზე წიგნი გადადო.
- შენ არ უნდა გეძინოს? - ჰკითხა ენმა.
- შენ არ უნდა ისვენებდე?
- ნუ მელაპარაკები ჩემი ტონით, ქალბატონო. - გოგონას გაეღიმა. ენმა ლოყაზე აკოცა, თმა გადაუწია და ღამის მშვიდობა უსურვა. მესამე ოთახის კართან კი შეჩერდა. ხელი სახელურისკენ წაიღო, მაგრამ შუა გზაზე შეაჩერა. რამდენიმე წამით იდგა ასე, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა უფლება, ამ ოთახშიც ისევე თავისუფლად შესულიყო, როგორც დანარჩენ ორში. ბოლოს ფრთხილად დააკაკუნა.
- შეიძლება?
- შემოდი. - ენი შევიდა. გოგონა საწოლზე იჯდა. მის დანახვაზე რაღაც სწრაფად შეაცურა ბალიშის ქვეშ. ენმა მოასწრო დანახვა. ფოტო იყო. დედის ფოტო. მაგრამ არაფერი შეუმჩნევია.
- უბრალოდ ღამის მშვიდობის სათქმელად შემოვიარე, - გაუღიმა. - ახალ ოთახში პირველი ღამეა. ხომ არაფერი გჭირდება?
- არა, ყველაფერი მაქვს.
- კარგი. მაშინ აღარ შეგაწუხებ. - უკვე კარისკენ შებრუნდა, როცა გოგონამ დაუძახა:
- ენ? - ქალი შეჩერდა.
- ჰო, საყვარელო?
- შენ ხომ არ გწყინს დედას რომ ხშირად ვიხსენებ? - ენის სახეზე ღიმილი ოდნავ შეიცვალა. საწოლთან მივიდა და ჩამოჯდა.
- რატომ უნდა მეწყინოს? - გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი... ახლა ხომ ერთად ვცხოვრობთ.
- მერე?
- უბრალოდ… - ენმა გოგონას ხელი ფრთხილად მოიქცია საკუთარში.
- მომისმინე. მე არასოდეს ვეცდები დედაშენის ადგილის დაკავებას. არც მინდა. ის შენი დედაა და ყოველთვის იქნება. მე კი უბრალოდ მინდა, რომ ამ სახლში სიყვარული არ მოგაკლდეს. არც შენ, არც დანარჩენ გოგონებს. - გოგონა ჩუმად უსმენდა. - და კიდევ მინდა იცოდე, რომ ჩემთან ყველაფერზე შეგიძლია საუბარი. მაშინაც კი, თუ რაღაცის მამასთან თქმა გაგიჭირდება.
- ყველაფერზე?
- აბსოლუტურად ყველაფერზე. მაგალითად, ერთ დღეს თუ ვინმე შეგიყვარდება.. - გოგონას გაეცინა.
- ენ!
- რა იყო? სრულიად რეალური საფრთხეა. თან მამაშენის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, წინასწარ სტრატეგიის შემუშავება დაგვჭირდება.
- მამა გაგიჟდება!
- ჰოდა, ჯერ მე მეტყვი, მერე ერთად მოვიფიქრებთ, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია ისე, რომ კაცი გადავარჩინოთ. - ორივეს გაეცინა. შემდეგ ენმა უფრო მშვიდად დაამატა: - ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე. ჩემთან მოსასვლელად არასოდეს დაგჭირდება იმის დამალვა, რაც გიყვარს ან ვინც გენატრება. კარგი? - გოგონამ თავი დაუქნია.
- კარგი. - ენმა შუბლზე აკოცა.
- ღამე მშვიდობისა, ჩემო კარგო. - წამოდგა, მაგრამ წასვლამდე ბალიშისკენ გაიხედა. შემდეგ გოგონას შეხედა და თბილად გაუღიმა. - მგონი, ვიღაცას იქიდან გამოხედვა უნდა. - გოგონა წამით დაიბნა. მერე ნელა გამოიღო ბალიშის ქვემოდან დედის ფოტო. ენმა ხელი გაუწოდა და გოგონამაც ფოტო მიაწოდა. ქალმა რამდენიმე წამით უყურა გამოსახულებას. შემდეგ ღიმილით, ძალიან ფრთხილად გადაუსვა თითები ფოტოზე აღბეჭდილი ქალის სახეს. - ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონია. - ჩუმად თქვა. - შემდეგ ფოტო საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე, გოგონას თავთან დადგა. - ასე უკეთესია. აქ არავის დამალვა არ სჭირდება. - გოგონას თვალები აუწყლიანდა.
- მადლობა, ენ. - ენმა თმაზე ხელი გადაუსვა.
- არაფრის, საყვარელო. - კართან მისულმა კიდევ ერთხელ მოიხედა. გოგონა უკვე საბანში იწვა, დედის ფოტო კი საწოლთან ედგა. ენი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა. და კარი ბოლომდე არ მიუხურავს. ისევე, როგორც დანარჩენი ორი გოგონას ოთახში. ბავშვებს ეძინათ. სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოწოლილიყო, თითქოს მთელი დღის ხმაურსაც საბოლოოდ მიეძინა. ენი მისაღებში დაბრუნდა და ოთახს თვალი მოავლო. იატაკზე ყუთები ეწყო, დივანს ჯერ კიდევ დამცავი გადასაფარებელი ეფარა, მაგიდაზე ერთმანეთის გვერდით იდგა ორი შეუსაბამო ჭიქა და ვიღაცის მიერ დავიწყებული თეფში.
- ღმერთო ჩემო. - ამოიოხრა. -მგონი, ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.
- უკვე ნანობ? - მოესმა ზურგს უკან. გიორგი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა და უყურებდა.
- რა თქმა უნდა. შენთან ერთად ცხოვრება გადავწყვიტე და ახლა აღმოვაჩინე, რომ ნივთების ჩალაგებაც არ იცი.
- სამაგიეროდ, სხვა რაღაცები მშვენივრად გამომდის.
- მაგალითად? - კაცი ნელა მიუახლოვდა.
- გინდა, შეგახსენო? - ენმა წარბი ასწია.
- ბატონო გიორგი, გაფრთხილებთ, ამ სახლში წესები იქნება.
- მართლა?
- ძალიან მკაცრი. პირველი: ჩემს ყავას არავინ ეხება. მეორე: სამზარეულოში ნივთებს ჩემი ნებართვის გარეშე არავინ გადაადგილებს. მესამე… - გიორგიმ წელზე ხელი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- მესამე?
- მესამე ის არის, რომ… - კაცმა ტუჩებში აკოცა. ენმა რამდენიმე წამით სცადა წინადადების დასრულება, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ზოგჯერ წესების დარღვევა გაცილებით სასიამოვნო იყო, ვიდრე მათი ჩამოთვლა. როცა გიორგი ოდნავ მოშორდა, ქალმა თვალები გაახილა. - ეს აშკარა საბოტაჟია.
- ოფიციალური საჩივარი შეგიძლია ხვალ შემოიტანო.
- ხვალ ძალიან დაკავებული ვიქნები.
- რითი?
- შენი არასწორად ჩალაგებული ყუთების გადალაგებით. - გიორგის გაეცინა. შემდეგ ისევ აკოცა. ამჯერად უფრო ნელა, უფრო ხანგრძლივად, თითქოს მთელი დღის განმავლობაში გადადებულ ყველა შეხებას ერთად იბრუნებდა. ენმა ხელები კისერზე შემოხვია. გარეთ ქარი ფანჯრებს ეხებოდა. სადღაც კედლის საათი წიკწიკებდა. ზედა სართულზე სამ გოგონას ეძინა. ქვემოთ კი ორი ადამიანი იდგა, რომლებსაც ერთმანეთთან მისასვლელად აღარ სჭირდებოდათ არც წინასწარ შეთანხმებული პაემანი, არც დროის გამონახვა და არც დილით ადრე დამშვიდობება.
- იცი, რა არის ყველაზე კარგი? - ჩურჩულით ჰკითხა გიორგიმ.
- ის, რომ ხვალ ყუთებს შენ დაალაგებ?
- ის, რომ დღეს არსად უნდა წავიდე. - ენის ღიმილი ოდნავ შეიცვალა. ეს უბრალო წინადადება იყო. მაგრამ მასში იმდენი რამ იდო, რომ ქალს რამდენიმე წამით თავისი ჩვეული ენამოსწრებულობაც დაავიწყდა.
- ჰო. - ჩუმად უპასუხა. - არსად უნდა წახვიდე. - გიორგიმ შუბლზე აკოცა, მერე ლოყაზე, ბოლოს კი ისევ ტუჩებთან შეჩერდა.
- თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა?
- ჩვენი საძინებელი ჯერ კიდევ ყუთებითაა სავსე. - ენმა მისაღებს თვალი მოავლო. შემდეგ კაცს შეხედა. სახეზე ის ნაცნობი, სახიფათო ღიმილი გაუჩნდა.
- გიორგი, ძალიან იმედს გამიცრუებ, თუ ამხელა სახლში ერთი თავისუფალი ადგილი ვერ იპოვე. - კაცმა გადაიხარხარა.
- შენ მართლა აუტანელი ხარ.
- სამაგიეროდ, ძალიან მოხერხებული. გიორგიმ ხელში აიყვანა. ენმა მოულოდნელობისგან ხმადაბლა შეჰკივლა, შემდეგ კი სიცილით კისერზე ჩამოეკიდა. - ფრთხილად! აქ სადღაც ჭურჭელია!
- ახლა ჭურჭელზე ფიქრობ?
- ძვირადღირებული ჭურჭელია!
- ენი...
- კარგი, კარგი. გავჩუმდი. - მაგრამ, რასაკვირველია, არ გაჩუმებულა. რც მაშინ, როცა გიორგიმ სავარძლისკენ წაიყვანა და არც მაშინ, როცა ორივეს სიცილი კოცნაში გაერია.
მერე სიტყვები თანდათან გაქრა. დარჩა მხოლოდ სიახლოვე, რომელიც მათ შორის ყოველთვის ახერხებდა ყველაზე ჩვეულებრივი წუთის განსაკუთრებულად ქცევას.
სახლს ჯერ არ ჰქონდა მათი ცხოვრების კვალი. კედლები ცარიელი იყო, თაროები, დაუმთავრებელი, ყუთებს კი ჯერ კიდევ ძველი მისამართები ეწერა. მაგრამ იმ ღამეს ამ უცნობ სივრცეში რაღაც ძალიან ნაცნობი დასახლდა. მათი სიცილი. მათი სითბო.
ის მოუთმენლობა, რომელიც ერთი წლის შემდეგაც ისე უბრუნდებოდათ ერთმანეთის შეხებისას, თითქოს პირველი პაემნიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გასულიყო. და ის თავისუფლება, რომელიც ყველაზე სრულყოფილად მაშინ იგრძნეს, როცა ერთმანეთისთვის არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდებოდათ.
დილით ენმა თვალები მისაღებში გაახილა. დივანზე იწვა, გიორგის მკლავებში გახვეული. იატაკზე ორი გადმოვარდნილი ბალიში ეგდო, გვერდით კი ნახევრად გახსნილი ყუთი იდგა, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „ფრთხილად - მსხვრევადი“.
ენმა წარწერას დახედა. შემდეგ გიორგის.
- სხვათა შორის. - ჩურჩულით თქვა. -ამ ყუთის შიგთავსზე მეტად გუშინ მე ვიყავი საფრთხეში. - გიორგიმ თვალების გაუხელად გაიღიმა.
- საჩივარი ხვალ შემოიტანე.
- დღეს უკვე ხვალ არის, ძვირფასო. - კაცმა ხელი უფრო მაგრად მოხვია.
- მაშინ მტკიცებულებები დამჭირდება. - ენმა სიცილი ძლივს შეიკავა.
- შენ გამოუსწორებელი ხარ.
- შენ კი ჯერ კიდევ არ იცი, რამდენი ყუთი გვაქვს დასალაგებელი. - ენმა თავი წამოსწია.
- ეს მუქარაა? - გიორგიმ თვალები გაახილა.
- დაპირება. - და ენი მაშინვე მიხვდა, რომ ამ სახლში სიმშვიდე ნამდვილად არ ელოდა.
საბედნიეროდ, არც არასოდეს უოცნებია მშვიდ ცხოვრებაზე, რომელშიც სიყვარულს სიცილი, სიგიჟე და ცოტა თავხედობაც არ ახლდა.
- ჩაიცვი სანამ ბავშვებს გაუღვიძიათ. - ვნებიანი კოცნა მოპარა ქალმა ჯერ კიდევ მძინეს და პირველი თავად წამოდგა. - სად ჯანდაბაშია ჩემი საცვალი.
- სადმე ყუთში ეგდება, მგონი ფანჯრისკენ ვისროლე.
- სახლში სამი ბავშვი გვყავს. - ღიმილით უსაყვედურა ქალმა. - გიორგიმ არაფერი უპასუხა, ისეთივე მონუსხული უყურებდა ქალის შიშველ სხეულს როგორც პირველად…

რამდენიმე თვე გავიდა. სახლმა თანდათან საკუთარი ხასიათი შეიძინა.
სამზარეულოში უკვე ყველამ იცოდა, სად რა იდო, თუმცა ენი პერიოდულად მაინც ვერ პოულობდა საკუთარ ნივთებს.მისაღებში ბავშვების წიგნები და სათამაშოები ჩნდებოდა. გიორგის სამუშაო ნივთები ხან ერთ მაგიდაზე ეწყო, ხან მეორეზე. კედლებზე ფოტოები ეკიდა. ძველი და ახალი. სხვადასხვა დროის. სხვადასხვა ადამიანების. და ყველა მათგანს საკუთარი ადგილი ჰქონდა. სახლი არ იყო იდეალური. ზოგჯერ ხმაურიანი იყო. ზოგჯერ არეული. ზოგჯერ იმდენად სავსე ადამიანებით, რომ ენს რამდენიმე წუთით მარტო დარჩენა უნდოდა. მაგრამ ეს ის არეულობა იყო, რომელსაც სიცოცხლე მოჰქონდა.
ერთ საღამოს ბავშვებს უკვე ეძინათ. სახლში სიმშვიდე ჩამოწოლილიყო.
გიორგი სამზარეულოში იჯდა, ენი კი ყავას ამზადებდა. გარეთ წვიმდა.
ზუსტად ისეთი წვიმა იყო, როგორიც მათი პირველი პაემნის საღამოს. ენმა ორი ჭიქა მაგიდაზე დადგა და მის გვერდით ჩამოჯდა. გიორგიმ ჯიბიდან პატარა მონეტა ამოიღო. ის მონეტა. ოდესღაც სრულიად უმნიშვნელო ნივთი, რომელსაც ორი ადამიანის გზის არჩევა მიანდეს. წლების შემდეგ კი მათი სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სიმბოლოდ ქცეულიყო. გიორგიმ მონეტა თითებს შორის შეათამაშა. ენმა შეხედა და გაეღიმა. არაფერი უკითხავს. არც გიორგის უთქვამს რამე. უბრალოდ მონეტა მაგიდაზე დადო. ამჯერად აღარ ააგდო. გარეთ წვიმა ისევ ფანჯრებს ეხეთქებოდა. ზედა სართულზე ერთ-ერთმა ბავშვმა ძილში რაღაც დაილაპარაკა. სახლმა თავისი ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებით განაგრძო სუნთქვა. ოდესღაც მათ ერთი უბრალო მონეტა სჭირდებოდათ იმის გადასაწყვეტად, საით წასულიყვნენ. ახლა კი, ამ ხმაურიან, არეულ, ბოლომდე მოუწესრიგებელ სახლში, სადაც ბავშვების სიცილი, მეგობრების ხმები, ძველი მოგონებები და ახალი ოცნებები ერთმანეთში ირეოდა, ორივემ ზუსტად იცოდა, სად უნდოდათ დარჩენა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მათი თავგადასავლები დასრულდა. ენი ისევ ისეთივე თავხედი, ჯიუტი და მომხიბვლელად აუტანელი იყო. ისევ შეეძლო გიორგის ერთი მზერით გამოწვევა, სრულიად უწყინარი წინადადებით წყობიდან გამოყვანა და ყველაზე სერიოზულ მომენტშიც ისეთი რამის თქმა, რომ კაცს ერთდროულად სიცილიც უნდოდა და მისი ტუჩების დაუფლებაც. გიორგის კი კვლავ ჰქონდა ის სახიფათო ჩვევა, ენის ყოველი გამოწვევა პირად მოწვევად მიეღო. ისევ ისე უყვარდა მისი მოულოდნელად მოხვევა, შუა კამათში მოპარული კოცნა და ქალის სახეზე იმ წამიერი დაბნეულობის დანახვა, რომელსაც ენი მთელი თავისი თავდაჯერებულობის მიუხედავად ვერასოდეს მალავდა. წლები მათ ვნებას ვერაფერს აკლებდა. უბრალოდ ახლა უკეთ იცოდნენ, როგორ გაეღვიძებინათ ერთმანეთში ის ცეცხლი, რომელიც პირველი შეხვედრიდან მოჰყვებოდათ. და რაც მთავარია, პაემნებიც არ დასრულებულა. კვლავ უგონებდნენ ერთმანეთს სრულიად გიჟურ თავგადასავლებს. ხან შუაღამისას გარბოდნენ სახლიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც შორს ყავა დაელიათ, ხან უცხო ქალაქში უცნობებივით ეცნობოდნენ ერთმანეთს, ხან კი საკუთარი სახლის სამზარეულოში აწყობდნენ ისეთ პაემანს, რომლის შემდეგაც დილით ჭურჭლის დალაგება ყველაზე უმნიშვნელო საზრუნავი ხდებოდა. ზოგჯერ ისევ კამათობდნენ, ვინ უკეთესი პაემნის ორგანიზატორი იყო. ენი, რასაკვირველია, დარწმუნებული იყო, რომ თავად. გიორგი კი, როგორც ყოველთვის, სიამოვნებით აძლევდა საშუალებას, ასე ეფიქრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცოდა, რომ რამდენიმე წამში ერთი კოცნით მთელ მის თავდაჯერებულობას თავდაყირა დააყენებდა. მათი სიყვარული არ დამშვიდებულა. უბრალოდ გაიზარდა. ისწავლა ბავშვების დაძინების ლოდინი, სამსახურის გრაფიკებთან შეგუება, დაღლილ დღეებში ერთმანეთის მოფრთხილება და ყველაზე ჩვეულებრივ ყოფაშიც იმ პატარა სიგიჟეების შენარჩუნება, რომელთა გარეშეც არც ენი იქნებოდა ენი და არც გიორგი - გიორგი.
იმ საღამოსაც, როცა სამზარეულოს მაგიდაზე ძველი მონეტა იდო, ენმა ის თითებს შორის მოიქცია და გიორგის თავისი ნაცნობი, ეშმაკური ღიმილით შეხედა. კაცმა მაშინვე იცნო ეს მზერა. ეს იყო მზერა, რომლის შემდეგაც არასოდეს იცოდა, სად აღმოჩნდებოდა, რას გააკეთებდა ან რამდენჯერ მოუწევდა საკუთარი ღირსების გადარჩენა. სამაგიეროდ, ზუსტად იცოდა, რომ ბოლოს მაინც ამ ქალის კოცნით დასრულდებოდა ყველაფერი. გიორგიმ მონეტა ხელიდან გამოართვა, მაგიდაზე დადო და ენი თავისკენ მიიზიდა. იმ ღამით მონეტა აღარ აუგდიათ. არც მიმართულების არჩევა დასჭირვებიათ. მათ უკვე ჰქონდათ სახლი, ოჯახი, ერთმანეთი და ის თავისუფლება, რომლის პოვნასაც ორივე ამდენი ხანი ცდილობდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ თამაშის დასრულებას აპირებდნენ. რადგან მათი ისტორიის ყველაზე დიდი სიგიჟე ის კი არ იყო, რომ ერთმანეთი შეიყვარეს, არამედ ის, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ერთმანეთის შეყვარებას ყოველდღე თავიდან ახერხებდნენ.
და პაემნები წესების გარეშე?
ისინი არასოდეს დასრულებულა.

დასასრული…







სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent