შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიჟრაჟის შემდეგ-თავი I


გუშინ, 20:52
ნანახია 337

28 ივნისი იდგა. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორეკურსელებმა სემესტრის დასრულება ხმაურიანი წვეულებით აღნიშნეს. ყველაფერი ფაკულტეტის ყველაზე ცნობილმა მექალთანემ, თოკა გრძელიძემ, საკუთარ აგარაკზე მოაწყო. ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. ქალაქს მშვიდი ძილით ეძინა, მხოლოდ წყნეთში, ერთ-ერთ ორსართულიან სახლში, გუგუნებდა მუსიკა და ირეოდა ხალხი. ნასვამი სტუდენტები უდარდელად ცეკვავდნენ, სვამდნენ და სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ რეალობას. მხოლოდ სამი გოგონა იდგა ოდნავ განზე, ნელა წრუპავდა სასმელს და დაღლილი, ოდნავ სკეპტიკური მზერით აკვირდებოდა აჟიოტაჟს.
– უკვე დავიღალე. წავიდეთ რა, – ხმა ამოიღო თაფლისფერთვალება ანა-მარიამ და გრძელი, წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოიყარა.
– ცოტაც მოითმინე, საბა წაგვიყვანს, ხომ იცი, – უპასუხა ლეამ და ბიძაშვილს კიდევ ერთხელ დაურეკა.
– სად დაიკარგა ეგ ბედოვლათი, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მესამემ. – დამაცადოს, რომ მოვა, ისე უნდა გამოვლანძღო ამდენი ხანი ლოდინისთვის...
– მოგენატრა, პაწკუ? – სიცილით ჰკითხა ლეამ და თიკას კარედ შეჭრილ თმაზე მსუბუქად წაეტანა.
– ჰო, აბა რა! დროზე თუ არ გამოჩნდება, ვინმე პირველივე შემხვედრს გავყვები ცოლად და სდიოს მერე, – გაიხუმრა თიკამ.
– ოო, მთლად ეგრეც ნუ გაწირავ ჩემს ბიძაშვილს, ტარიელივით ტყეში არ „გაიხიზნოს“, – თეატრალურად მოიწმინდა წარმოსახვითი ცრემლი ლეამ და გადაიკისკისა.
– ისევ არ პასუხობს? – ანა-მარიამ ტელეფონი ხელში შეათამაშა, შუბლი შეეკრა და შფოთვა დაეტყო. – მამიდაჩემი ჭკუიდან გადავა... ასე გვიან არასდროს დამიგვიანია. დარწმუნებული ვარ, მამასაც ეტყვის. თან ხვალ დილით სამსახურში ვარ...
– ნუ ნერვიულობ, ანა-მარია, რამეს მოვიფიქრებთ. მისწერე მამიდაშენს, რომ შეგაგვიანდა და ტყუილად არ იდარდოს.
– ...
– ეგრე ნუ ითრგუნები, არაფერი მოხდება, – თბილად უთხრა თიკამ და გრძელ თმაზე ხელი გადაუსვა.
– ხომ იცნობ მამიდაჩემს... რამეს აუწყობს და მამას აუცილებლად ეტყვის. მამა კი როგორიცაა, კარგად ვიცი – არ დამინდობს. ისიც არ იციან, აქ რომ წამოვედი...
– დამშვიდდი, მამიდაშენმა ხომ იცის, რომ ჩემთან ხარ, ზედმეტს არაფერს გეტყვის, – ჩაერთო ლეა. – ცოტა დალიე, მოეშვი, არაფერი დაგიშავდება, ერთი ჭიქა არ დაგათრობს. ამასობაში საბაც ინებებს და მოვა.
– კარგი... მხოლოდ ერთი ჭიქა, – დანებდა ანა-მარია და მწარე სითხე ფრთხილად მოსვა.
მოშორებით, ჩრდილში იდგა თოკა გრძელიძე და მტაცებლური, ავხორცი ღიმილით აკვირდებოდა ანა-მარიას. პირველივე კურსიდან ამოიჩემა. უნდოდა დაემორჩილებინა, თავისი გაეხადა, და ამისთვის არაფერზე იხევდა უკან. თვითონ მართლაც ეფექტური, სიმპათიური ბიჭი იყო – გოგონები თვითონ ეხვეოდნენ კისერზე, მაგრამ მას სწორედ ეს გრძელთმიანი, თავდაჭერილი გოგო იზიდავდა. აგიჟებდა მისი სიამაყე, შინაგანი სიმტკიცე და სინაზის ის უცნაური ნაზავი, რომელსაც ვერაფრით არყევდა. პირველ კურსზე, როცა კოცნა სცადა, ანა-მარიამ ისეთი მწარე სილა გააწნა და ისეთი ცივი, მტკიცე მზერით უთხრა – „კიდევ ერთხელ გაბედავ მსგავს რამეს და არ ვიცი, რას ვიზამ. მე შენს გოგონებში არ შეგეშალო“ – რომ თოკას თავმოყვარეობა შელახულად დარჩა. მას შემდეგ ჟინი ათმაგად გაუძლიერდა. მიუწვდომლობა ხომ ყველაზე მეტად აღვივებს ისეთი კაცების აზარტს, რომლებსაც „არა“-ს მოსმენა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ მოაწყო ეს წვეულებაც – იმ ღამეს უნდოდა მიზნისთვის მიეღწია.
– მოიტანე? – გადახედა თავის ბიჭს.
იმან უსიტყვოდ დაუქნია თავი და ხელში პატარა პაკეტი გაუელვა.
– კარგი. ახლა მიდი და ჩუმად ჩაუყარე ანა-მარიას ჭიქაში, ისე, რომ ვერაფერი შენიშნოს. გასაგებია?!
– კი, მაგრამ... – შეყოყმანდა ბიჭი, მაგრამ თოკამ მკაცრი, დაუნდობელი მზერით გააჩუმა და ჯიბიდან ასდოლარიანი კუპიურა დაანახა. ბიჭიც დაიძრა გოგონებისკენ. თოკამ კი კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ანა-მარიას და ავხორცი კმაყოფილებით გაილოკა ტუჩები.
– მაინც ვერ ვხვდები, რას გადაეკიდე ამ გოგოს, – გვერდიდან მიუახლოვდა გიორგი. – გოგოები აქეთ გახვევია კისერზე, შენ კი ვის დასდევ... ლამაზი კია, მაგრამ ზედმეტად უკარებაა.
– სწორედ ეგ უკარებობა მაგიჟებს, – ჩაილაპარაკა თოკამ და თვალები მოჭუტა. – საოცრად მიზიდავს. დღეს გავტეხ. უნდა თუ არ უნდა, ჩემი გახდება.
– საბამ დარეკა, – შეწუხებული სახით დაბრუნდა ლეა. – მანქანა გაფუჭებია, ერთ საათში მოვალო.
– რა?! მოვკლავ მაგას... ახლა რა ვქნათ?
– დაველოდოთ ერთი საათი, სხვა რა გზა გვაქვს, – ამოიოხრა ლეამ და ბიძაშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
– მაშინ მე ტაქსის გამოვიძახებ და წავალ, – დაიძაბა ანა-მარია და ტელეფონს დახედა. – მამიდაჩემი მართლა მომკლავს.
– ხომ არ გაგიჟდი?! ამ შუაღამეს ტაქსით გაგიშვებთ, გგონია?! – მკაცრად შეაჩერა თიკამ. – მოიცადე ერთი საათი. თუ გინდა, მამიდაშენს მე დაველაპარაკები და ვეტყვი, რომ ჩემთან რჩები და არ ინერვიულოს.
– ...
– მომეცი ტელეფონი, – უფრო მშვიდად, მაგრამ მაინც მტკიცედ უთხრა თიკამ და სამივე გარეთ გავიდა.
სწორედ ამ მომენტში მიეპარა ის ბიჭი ანა-მარიას ჭიქას. სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, სასმელში ფხვნილი ჩაყარა და მოშორებით მდგარ თოკას თვალი ჩაუკრა.
– ეგეც ასე... – ვნებიანი, ბინძური კმაყოფილებით ჩაილაპარაკა თოკამ. – დღეს ღამე ჩემი იქნება.
გოგონები მალევე მობრუნდნენ. თოკა თვალს არ აშორებდა მათ. როცა ანა-მარიამ ჭიქა აიღო და მოსვა, სახეზე გამარჯვებულის ავხორცი ღიმილი გადაეფინა. გოგო ნელ-ნელა სვამდა და ლეასა და თიკას ესაუბრებოდა. ცოტა ხანში თიკას სასმელი გადაესხა თეთრ კაბაზე და ლეა სააბაზანოში გაჰყვა ლაქის ამოსაყვანად. ანა-მარია მარტო დარჩა. თოკა ჩუმად აედევნა, მაგრამ თვალს მოფარებულად ადევნებდა თვალყურს – ეშინოდა, ვინმეს რამე არ ეეჭვა და გეგმა არ ჩაშლოდა.
მოულოდნელად ანა-მარიას თავბრუ დაესხა. სხეულში უცნაური, მძიმე სიმხურვალე ჩაეღვარა, ქუთუთოები უმძიმდებოდა, აზრები ეფანტებოდა. ორიენტაციადაკარგული, ხელების ცეცებით გავიდა გარეთ. ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა ასე უეცრად – გაიფიქრა, ალბათ სასმელი ზედმეტი მომივიდა და სუფთა ჰაერი მიშველისო. მაგრამ გარეთ გამოსულს სამყარო თვალწინ გაუორმაგდა, თავბრუსხვევა კი უფრო გაძლიერდა. ეზო ცარიელი იყო. იქვე, ონკანთან მივიდა, ცივი წყალი შეისხა სახეზე და მაჯებზე, მაგრამ შვება ვერ იგრძნო. შავი ტყავის კაბა საშინლად ეკვროდა გახურებულ კანზე, თითქოს სუნთქვას უკრავდა, ძილი კი დაუძლეველი ტალღასავით ერეოდა. გოგონებს ვეღარ დაელოდა – თითები აღარ ემორჩილებოდა, ძლივს აკრიფა ლეასთან მისაწერი შეტყობინება: „მე წავედი სახლში. დილას გნახავთ“. ტელეფონი პატარა ჩანთაში ჩაიდო და ბარბაცით, სრულიად უცნობ, ბნელ გზას გაუყვა.
თიკას კაბიდან ლაქის ამოყვანას და ფენით გაშრობას დიდი დრო დასჭირდა; ფენის გუგუნში შეტყობინების ხმა არც ერთს გაუგონია.
ამასობაში თოკა პირველ სართულზე ჩამოვიდა. ანა-მარია რომ ვერსად დაინახა, სიბრაზისგან სახე აელეწა. ორივე სართული და ეზო შემოირბინა, მაგრამ გოგო არსად იყო. გაცოფებული მუშტებს კრავდა. უცებ მივარდა იმ ბიჭს, ვინც წამალი ჩაუყარა, და საყელოში ჩაავლო ხელი.
– ხომ გითხარი, თვალი არ მოგეშორებინა-მეთქი! სად არის ანა-მარია?!
– არ ვიცი... შენთან არ არის? – შეშინებულმა ამოილუღლუღა ბიჭმა.
– შე ს*რო, ჩემთან რომ იყოს, აქ ვიქნებოდი, როგორ გგონია?! – იღრიალა თოკამ, ხელი ჰკრა და გიორგისთან გაიქცა. – ხომ გითხარი, უთვალთვალე-მეთქი!
– ეე, ძმაო, ზედმეტი ხომ არ მოგდის?! შენი ნაშების სადევნად მცალია, შენი აზრით?! – უხეშად მოიშორა გიორგიმ.
თოკამ მუშტები შეკრა და გინებით გავარდა ეზოში.
სწორედ მაშინ ჩამოვიდნენ ქვემოთ ლეა და თიკა. ანა-მარია რომ ვერსად ნახეს, შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
– სად წავიდა? – იკითხა ლეამ და ანერვიულებულმა დაიწყო აქეთ-იქით ყურება. ტელეფონის ეკრანი რომ გაანათა, მაშინღა შენიშნა ანა-მარიას შეტყობინება. გოგონები ერთმანეთს გაფითრებულები მიაჩერდნენ და სასწრაფოდ დაურეკეს, მაგრამ პასუხი არ იყო.
– ღმერთო, რამე არ დაემართოს... – ცრემლები მოერია თიკას და ეზოში გავარდა, მაგრამ კვალიც არ ჩანდა. მალე საბაც მოვიდა და ატირებული გოგონების დანახვაზე შეშფოთდა. ვინც კი ფხიზელი იყო, ყველა ძებნაში ჩაერთო. პოლიციაშიც დარეკეს, მაგრამ იქ ცივად უთხრეს – სანამ ოცდაოთხი საათი არ გავა, ადამიანს დაკარგულად ვერ ვაცხადებთო. მანქანებითაც მოიარეს მიდამოები, მაგრამ უშედეგოდ.
თოკა გრძელიძეს კი სულ სხვა შიში ღრღნიდა. კამერების ჩანაწერები რომ ვინმეს ენახა, იქ აშკარად გამოჩნდებოდა, როგორ ჩაუყარეს გოგოს სასმელში რაღაც – და მამამისის ფულიც ვეღარ დაიხსნიდა ციხისგან. სწრაფად მივიდა დაცვის უფროსთან და ასდოლარიანი კუპიურა ჩაუჩურთა.
– ყველა ჩანაწერი წაშალე. ახლავე. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო თოკა, – უსიტყვოდ დაეთანხმა ისიც და ჩანაწერები გააქრო.
ძებნა უშედეგოდ გრძელდებოდა. თიკა და ლეა ტიროდნენ და თავს იდანაშაულებდნენ.
– რატომ დავთანხმდით, საპირფარეშოში რომ არ გამოგვყვა... რატომ... – ქვითინებდა ლეა და ბიძაშვილს ეხუტებოდა.
– ნუ იტირებთ, ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით, – ცდილობდა საბა მათ დამშვიდებას, თუმცა ხმა თვითონაც უტყდებოდა.
ბარბაცით მიიწევდა წინ. უკვე ღამის პირველი საათი იყო. აზროვნება სრულიად დაებინდა, სუფთა ჰაერმა უფრო მეტად დაუმძიმა მდგომარეობა. ქუთუთოებს ვეღარ სწევდა. უცებ, ტყის პირას, პატარა წყაროს მოჰკრა თვალი. ჩაიკეცა, ხარბად დალია წყალი, გახურებულ სახესა და ხელებზე სველი ხელისგულები გადაისვა და იქვე, ბალახზე მიწვა.
მაგრამ შვება ვერ იპოვა. შავი ტყავის კაბა თითქოს უჭერდა და წვავდა, სხეულში ისევ ის აუტანელი სიმხურვალე ტრიალებდა. მძიმე, არაცნობიერ მოძრაობით გადაიძრო კაბა და იქვე მიაგდო; შემდეგ საცვლებიც გაიხადა და ტყის პირას, სრულიად შიშველი, მძიმე, უგონო ძილში ჩაიძირა.
ცის გათენებისას, პირველი გარიჟრაჟისას, ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაფხიზლა. დილის სუსხი მთელ სხეულზე ეკარებოდა და ვერ ხვდებოდა, ასე რატომ სციოდა. საფეთქლებში თითქოს უროს ურტყამდნენ – თავის ტკივილი აუტანელი იყო. ქუთუთოები შეწებებული ჰქონდა, კანზე კი ცივი „ბუსუსები“ აყრიდა. ნელ-ნელა ამოტივტივდა ფრაგმენტები: ლოდინი, გადასხმული სასმელი, უარი სააბაზანოში გაყოლაზე, უეცარი სისუსტე, ბარბაცით სიარული, აუტანელი სიცხე და გახდის მომენტი...
სხეულში მწვავე კანკალმა დაუარა. ძლივს გაახილა თვალები. დაბინდული მზერა გარემოს მოავლო, შემდეგ კი საკუთარ სხეულს დახედა. იმედი ჰქონდა, რომ კოშმარი იყო, სიზმარი, რომელიც ახლავე გაქრებოდა – მაგრამ სუსხიანი რეალობა არსად გამქრალა. აცრემლებული წამოიწია და ორივე ხელი თავზე შემოიჭირა. პატარა ჩანთა იქვე, ბალახში ეგდო, ტელეფონთან ერთად; კაბა და საცვლები კი წყაროს წყალში იყო ჩაძირული.
– ღმერთო... ეს რა დამემართა... – აკანკალდა და ცხარე ცრემლით ატირდა.
ინსტინქტურად მიწვდა კაბას, მაგრამ სრულიად სველი და ტალახში ამოსვრილი იყო – საცვლებიანად. სირცხვილისა და შოკისგან ისეთი სიმძიმე დააწვა, თითქოს მიწა სკდებოდა ფეხქვეშ. ნანობდა, რომ საერთოდ წავიდა იმ წვეულებაზე – იქნებ მაშინ არაფერი მომხდარიყო. ტირილს თავის ტკივილიც ემატებოდა. გრძელი თმა წინ ჩამოიყარა და მკერდზე გადაიფარა, ხელები კი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე, რომ როგორმე დაეფარა სიშიშვლე. ტელეფონი მკვდარი იყო – ბატარეა დამჯდარი ჰქონდა.
არ იცოდა, ეს კანკალი სიცივისგან იყო თუ შიშისგან და შინაგანი რღვევისგან. უსუსურობისა და სასოწარკვეთისგან მხოლოდ ერთს ევედრებოდა ღმერთს – ხსნას და დახმარებას. მუხლები ეკვეთებოდა, ძალა სრულიად გამოცლილი ჰქონდა და მხოლოდ ცრემლებსღა უშვებდა. უცებ გაახსენდა ლეასთვის გაგზავნილი შეტყობინება და გულში კიდევ უფრო მწარედ ჩასწყდა რაღაც.
– გოგონებო, მიპოვეთ რა... – ჩაიჩურჩულა აკანკალებული, ჩამწყდარი ხმით და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია ხელები აცივებულ სხეულზე.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent