ვირტუოზი (თავი 7)
ლივია ქავთარაძეს ცხოვრებაში ბევრი რამ ენახა. გავლენიანი ადამიანები, რომლებიც კამერის წინ ღირსებაზე საუბრობდნენ, დახურულ კარს მიღმა კი საკუთარ ხელქვეითებს აშინებდნენ. პოლიტიკოსები, რომელთაც სინდისი მხოლოდ წინასაარჩევნო გამოსვლებისთვის სჭირდებოდათ. ბიზნესმენები, რომლებიც მილიონობით ლარს იპარავდნენ და შემდეგ საქველმოქმედო საღამოებზე ბავშვების მომავალზე ღელავდნენ. ლივიას არაერთი ასეთი ადამიანის კარიერა დაესრულებინა. და არც ერთხელ არ ეგრძნო სინანული მაშინ, როცა საკუთარი გამოძიების სისწორეში დარწმუნებული იყო. მისი პროფესიული რეპუტაცია სწორედ ამ დაუნდობელ სიზუსტეზე იდგა. რედაქტორსაც ამიტომ უყვარდა. ან, უფრო სწორად, ამიტომ სჭირდებოდა.
„დამარხე ვირტუოზი.“ ეს სიტყვები ჯერ კიდევ პირველივე დღეს უთხრა. არა „გაერკვიე, რა მოხდა“. არა „საინტერესო ინტერვიუ მოამზადე“. არამედ - დამარხე. ლივიას მაშინ არაფერი გაუპროტესტებია. დემიან ავალიანის მიმართ მისი ძველი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დავალება თითქმის სასიამოვნოდაც კი მოეჩვენა. მაგრამ ახლა, როცა სამუშაო მაგიდაზე ვიღაც უჩუმრად იქექებოდა და უცნობი ადამიანები ღამის საათზე მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდნენ, ერთი უსიამოვნო აზრი გაუჩნდა. შესაძლოა ვიღაცას მართლაც სურდა ვირტუოზის დამარხვა. უბრალოდ, ამ საქმეში თავად ლივიას იყენებდნენ ნიჩბად. და ეს გაცილებით მეტად აღიზიანებდა, ვიდრე დემიან ავალიანის არსებობა. თუმცა ამ უკანასკნელსაც არ აკლდა ძალისხმევა. კარზე ზარი დარეკეს. ლივიამ საათს დახედა. ღამის თორმეტს გადასცილებოდა. დემიანმა მოსვლა ისე სწრაფად მოახერხა, თითქოს მთელი თბილისი მისთვის საგანგებოდ გაეთავისუფლებინათ. ქალმა კარის ჭუჭრუტანიდან გაიხედა. მამაკაცი დერეფანში იდგა. მუქი პალტო ეცვა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვინმესთვის ძალიან უსიამოვნო საღამოს მოწყობას აპირებდა. ლივიამ კარი გააღო. - საოცარია. მართლა მოხვედი. - დემიანმა ზღურბლს გადააბიჯა. - მეც მიხარია შენი ნახვა, ქავთარაძე. - ქალს თვალი შეავლო. ფართო, რბილი შარვალი ეცვა, თმა დაუდევრად აეკრა და ფეხშიშველი იდგა. - ღმერთო, ჟურნალისტებიც ადამიანები ყოფილხართ. - იმედგაცრუებული ხარ? - ცოტათი. მეგონა, სახლში ძილშიც პიჯაკი გეცვა და ვინმეს დაკითხვას აწარმოებდი. - ლივიამ კარი მიხურა. - თუ დაცინვა დაამთავრე, შეტყობინებას გაჩვენებ. დემიანმა პალტო გაიხადა. სავარძელზე გადააგდო. შემდეგ ოთახს თვალი მოავლო. და გაჩერდა. მისაღები პატარა არ იყო, მაგრამ აშკარად განსხვავდებოდა იმ სივრცეებისგან, რომლებშიც თავად ცხოვრობდა. კედლებთან წიგნების თაროები იდგა. მაგიდაზე დოკუმენტები ეწყო. ფანჯარასთან რამდენიმე მცენარე იყო, რომელთაგან ერთს აშკარად უკეთესი დღეები ენახა. ოთახში ყველაფერი პრაქტიკული, მოწესრიგებული და ზედმეტი ფუფუნებისგან თავისუფალი იყო. დემიანმა ნელა შემოატარა მზერა. - აქ ცხოვრობ? - ლივიამ თვალები მოჭუტა. - არა, დემო. ღამღამობით უცხო ადამიანების ბინებში ვიჭრები და მუქარის შეტყობინებებს იქ ვიღებ. - გასაგებია. - მამაკაცი წიგნების თაროს მიუახლოვდა. - უბრალოდ მაინტერესებდა, ამდენი ადამიანის კარიერის დანგრევის შემდეგ უფრო შთამბეჭდავი ინტერიერი რატომ არ გაქვს. - შენგან განსხვავებით, საკუთარი მნიშვნელობის დასამტკიცებლად იტალიური ავეჯი არ მჭირდება. - დემიანმა თავი დაუქნია. - მტკივნეული დარტყმაა. განსაკუთრებით ჩემი დივნისთვის, რომელიც შენზე გაცილებით ძვირი ღირს. - ლივიამ ტელეფონი გაუწოდა. - წაიკითხე. - დემიანმა ეკრანს დახედა. ღიმილი მაშინვე გაუქრა. შეტყობინება რამდენჯერმე გადაიკითხა. შემდეგ ნომერს დააკვირდა. - ეს როდის მოვიდა? - დაახლოებით ნახევარი საათის წინ. - წინა შეტყობინებები? - შენახული მაქვს. - სამუშაო მაგიდის ამბავი? - ისიც. - დემიანმა ტელეფონი დაუბრუნა. - პოლიციას ახლავე დაუკავშირდი. - უკვე გადავუგზავნე ყველაფერი ჩემს ადვოკატს. განცხადებასაც მოვამზადებთ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - კარგი. - ლივიამ წარბი ასწია. - რა კარგი? - პირველად ცხოვრებაში რაღაც გითხარი და წინააღმდეგობა არ გამიწიე. - არ მიეჩვიო. - დემიანს გაეღიმა. მაგრამ თვალებში ჯერ კიდევ ის ცივი, მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც ლივიას რედაქციაში უკვე ენახა. დემიანი სამზარეულოში ისე შევიდა, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. მაცივარი გამოაღო. შიგნით ჩაიხედა. რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ნელა შემობრუნდა. - ქავთარაძე. - ლივია კართან გამოჩნდა. - რა? - აქ ვინმე ცხოვრობს? - შენ რა გჭირს? - მაცივარს ვეკითხები. აშკარად მიტოვებული ობიექტია. - ლივიამ თვალები აატრიალა. - ყველი მაქვს. - დემიანმა თარო შეამოწმა. - ყველი, ნახევარი ლიმონი და რაღაც, რასაც სავარაუდოდ საკუთარი ბიოგრაფია უკვე აქვს. - იოგურტია. - თუ ჯერ კიდევ ცოცხალია, შეიძლება იყოს. - ლივიას გაეცინა. თავის შეკავება ვერ შეძლო. დემიანმა გამარჯვებული გამომეტყველებით შეხედა. - აი, თურმე სიცილიც შეგიძლია. - მაცივარი დახურე. - შენ ამით იკვებები? - ძირითადად სამსახურში ვჭამ. - გასაგებია. ჟურნალისტური პროფესიის კიდევ ერთი მსხვერპლი. - მამაკაცმა ტელეფონი ამოიღო. - რას აკეთებ? - ჰკითხა ლივიამ. - საჭმელს ვუკვეთავ. - არ მშია. - დემიანმა თვალი შეავლო. - ეს უკვე სამედიცინო პრობლემას ჰგავს. - დემო... - ქავთარაძე, თუ ამაღამ აქ უნდა ვიყო, შიმშილით სიკვდილს არ ვაპირებ. მსოფლიო მუსიკალური საზოგადოება ამას ვერ გადაიტანს. - ვინ გითხრა, რომ აქ უნდა იყო? - მამაკაცმა მშვიდად შეხედა. - შენ დამირეკე. - იმიტომ, რომ ვიღაც მემუქრება. - ჰოდა, სანამ გავარკვევთ, ვინ არის ეს ვიღაც, აქ ვრჩები. - ლივიამ ხელები გადაიჯვარედინა. - შენ რა, ჩემთან საცხოვრებლად გადმოხვედი? - დემიანმა ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. - არა. ჩემი ცხოვრების დონე ასეთ მსხვერპლს ვერ გაუძლებს. - ქალმა ბალიში ესროლა. დემიანმა ჰაერში დაიჭირა. გაეცინა. და ლივიამ მოულოდნელად იგრძნო, როგორ შემსუბუქდა ოთახში რამდენიმე წუთის წინ გამეფებული დაძაბულობა. ეს კაცი ნამდვილად აუტანელი იყო. მაგრამ ერთი რამ უნდა ეღიარებინა. მის გვერდით სიჩუმე არასოდეს რჩებოდა დიდხანს ცარიელი. საჭმელი ორმოცი წუთის შემდეგ მოიტანეს. დემიანმა იმდენი რამ შეუკვეთა, თითქოს პატარა წვეულებას მასპინძლობდა. პიცა. სალათი. პასტა. დესერტი. ლივიამ პაკეტებს დახედა. - რამდენ ადამიანს ელოდები? - შენს მაცივარს თუ გავითვალისწინებთ, რამდენიმე დღით უნდა გეყოს. - ჩემი მაცივრის შეურაცხყოფას როდის დაამთავრებ? - როცა მასში საკვებს აღმოვაჩენ. - მაგიდასთან დასხდნენ. დემიანმა პიჯაკი გაიხადა, პერანგის სახელოები აიკაპიწა და სრულიად შინაურულად მოეწყო. ლივიას ეს სურათი უცნაურად ეჩვენებოდა. მსოფლიოში ცნობილი პიანისტი მის სამზარეულოში იჯდა, პიცას ჭამდა და ხუმრობდა იმაზე, რომ ქალს თეფშებიც კი სხვადასხვა კომპლექტიდან ჰქონდა. და მაინც, ამ ყველაფერში რაღაც სრულიად ბუნებრივი იყო. თითქოს დემიანს არასოდეს დასჭირვებია განსაკუთრებული გარემო იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო. მას უბრალოდ შეეძლო იქ ყოფილიყო. და მთელი სივრცე საკუთარი არსებობით შეევსო. - რედაქტორმა რა გითხრა ჩემზე? - ჰკითხა მოულოდნელად. - ლივიას ჩანგალი ჰაერში გაუჩერდა. - რა? - შენს რედაქტორს ვგულისხმობ. საინტერესო დავალება მოგცა? - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. დემიანი მშვიდად ჭამდა. თითქოს ჩვეულებრივ ამბავს ეკითხებოდა. ლივიამ წყალი მოსვა. - საკმაოდ საინტერესო. - მაგალითად? - ქალმა თეფში გვერდზე გადადო. შემდეგ მამაკაცს პირდაპირ შეხედა. - „დამარხე ვირტუოზი.“ - დემიანს ჩანგალი გაუშეშდა.. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თავი უკან გადასწია და ხმამაღლა გაეცინა. ლივიამ წარბები შეკრა. - რა გაცინებს? - ღმერთო, რა დრამატული ხალხი ხართ ჟურნალისტები. - დემიან... - დამარხე ვირტუოზი. - გაიმეორა თეატრალური ინტონაციით. - მუსიკალური ტრაგედიის სათაურია. ორკესტრიც უნდა ახლდეს. - ლივიამ ღიმილი ძლივს შეიკავა. - შენი თავდაჯერება მართლა პათოლოგიურია. - დემიანმა ჩანგალი დადო. ქალს თვალებში შეხედა. - და შენ რას აპირებ, ქავთარაძე? მართლა დამმარხავ? - შეკითხვა ღიმილით დასვა. მაგრამ მზერაში რაღაც სერიოზული გაჩნდა. ლივიამ არ მოარიდა მზერა. - თუ ამის საფუძველი მექნება აუცილებლად. - დემიანის სახიდან ღიმილი ნელა გაქრა. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მამაკაცმა თავი დაუქნია. - მშვენიერია. - რა არის მშვენიერი? - ყოველ შემთხვევაში, ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. - ლივიამ თავი ოდნავ დახარა. - და მე ჯერ არ ვიცი, ვისთან მაქვს. - დემიანმა ქალს ხანგრძლივად შეხედა. შემდეგ ისევ თეფშს მიუბრუნდა. - მაშინ უკეთ უნდა გამოიძიო. - ამ პასუხში რაღაც ისეთი იყო, რამაც ლივია ერთდროულად გააღიზიანა და დააინტერესა. მამაკაცი არ სთხოვდა, მისთვის დაეჯერებინა. არც თავის მართლებას ცდილობდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე მის მხარეს იდგა. და ლივიას სწორედ ასეთი ადამიანები აშინებდნენ ყველაზე მეტად. ისინი, ვინც საკუთარი უდანაშაულობის შესახებ იმდენად მშვიდად საუბრობდნენ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდ მატყუარებს ჰგავდნენ. საუბარი თანდათან გამწვავდა. თავდაპირველად ელიზა მორგანზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ ფონდზე. ფინანსურ დოკუმენტებზე. უცნობ შეტყობინებებზე. და ბოლოს დემიანმა ისეთი რამ თქვა, რამაც ყველაფერი შეცვალა. - ამ საქმეს თავი დაანებე. - ლივიამ ნელა ასწია თავი. - უკაცრავად? - მშვენივრა გაიგონე. - კიდევ ერთხელ გაიმეორე. - დემიანი სკამის საზურგეს მიეყრდნო. - იქ ნუ ჩაყოფ ცხვირს, სადაც არაფერი გესაქმება. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ლივიამ ჩანგალი მაგიდაზე დადო. ძალიან ნელა. ზედმეტად მშვიდად. - ახლა კარგად მომისმინე, ავალიანი. - დემიანმა წარბი ასწია. - ოჰო. - მე არ ვარ შენი მენეჯერი, რომელსაც განრიგს შეუცვლი. არც შენი თაყვანისმცემელი, რომელსაც ორი ღიმილით გააჩუმებ. და მით უმეტეს, არ ვარ ქალი, რომელსაც უბრძანებ, სად უნდა ჩაყოს ცხვირი. - დემიანის სახე გამკაცრდა. - ვიღაც უკვე გემუქრება, ლივია. - და ეს ყველაფერი ზუსტად მას შემდეგ დაიწყო, რაც შენ საქართველოში დაბრუნდი. - მამაკაცი გაჩერდა. ქალს შეხედა. ამჯერად ყოველგვარი ღიმილის გარეშე. - რას გულისხმობ? - ლივია სკამიდან წამოდგა. - იმას, რომ სანამ შენი საქმე არ ავიღე, არავინ მითვალთვალებდა. არავინ იქექებოდა ჩემს მაგიდაზე. არავინ მიგზავნიდა მუქარის წერილებს. - დემიანიც წამოდგა. - და ამიტომ გადაწყვიტე, რომ მე ვარ დამნაშავე? - მე არაფერი გადამიწყვეტია. ფაქტებს ვაკავშირებ. - ძალიან ცუდად აკავშირებ. - მაშინ მომეცი უკეთესი ახსნა! - მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. მის თვალებში ბრაზი გაჩნდა. არა ისეთი, რომელიც კონტროლს აკარგვინებდა. უფრო ცივი, მკვეთრი, თითქმის შეურაცხყოფილი. - შენ მართლა გგონია, რომ შენს დასაშინებლად დრო დავხარჯე? - ლივიამ უკან არ დაიხია. - მე ვიცი, რომ რაღაცას მალავ. - იმიტომ, რომ ყველაფერი შენი საქმე არ არის! - როცა ჩემს გამოძიებას ეხება, ჩემი საქმეა! - დემიანმა მწარედ გაიღიმა. - ღმერთო, რა აუტანელი ქალი ხარ. - შენ კი ზედმეტად მიჩვეული ხარ, რომ ყველა შენს გარშემო ტრიალებდეს! - მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. - საინტერესოა. შენ ხომ მთელი საღამოა ჩემზე ლაპარაკობ. - ლივიამ გაბრაზებით ამოისუნთქა. - შენ მართლა იდიოტი ხარ. - და მაინც აქ ვარ. - მე არ მითხოვია, რომ დარჩენილიყავი! - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდად უპასუხა: - არა. შენ უბრალოდ დამირეკე, როცა შეგეშინდა. - ლივიას სახე შეეცვალა. ეს სიტყვები ყველაზე მტკივნეულ ადგილას მოხვდა. არა იმიტომ, რომ შიში სისუსტედ მიაჩნდა. არამედ იმიტომ, რომ დემიანმა მისი ნდობა კამათში იარაღად გამოიყენა. ქალი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ჩემი შეცდომა იყო. - დემიანის მზერა გამკაცრდა. - ლივია... - და მეორედ აღარ განმეორდება. - ქალი გვერდით გასვლას აპირებდა. დემიანმა მკლავში ხელი წაავლო. - მოიცადე. - ლივია მაშინვე შემობრუნდა. - ხელი გამიშვი. - დემიანმა ხელი მაშინვე გაუშვა. მაგრამ ქალი უკვე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ გაჩერებას არ აპირებდა. - იცი, რა არის შენი პრობლემა, დემიან? გგონია, ყველაფერი შენი წესებით უნდა ხდებოდეს. სცენაზე, ცხოვრებაში, ადამიანებთან... - შენ კი გგონია, რომ ყველას განაჩენი წინასწარ უნდა გამოუტანო! - მე მტკიცებულებებით ვმუშაობ! - მაშინ ერთხელ მაინც სცადე, მტკიცებულება შენს სიძულვილს არ მოარგო! - ეს სიტყვები ჰაერში დარჩა. ლივიას თვალები გაუფართოვდა. დემიანმაც მაშინვე იგრძნო, რომ ზედმეტი მოუვიდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ქალმა გაიღიმა. - გგონია, ისევ ის ჩვიდმეტი წლის გოგო ვარ, რომელსაც შენს სიტყვებზე გული აუჩქარდება? - დემიანმა მზერა არ აარიდა. - არა. - მისი ხმა დაბალი იყო. - ახლა გაცილებით საშიში ხარ. რამდენიმე წამით ერთმანეთის წინ იდგნენ. მათ შორის დაძაბულობა თითქმის ხელშესახები გახდა. ლივიას სახე ბრაზისგან ოდნავ შეფაკვლოდა. თვალებში ის ნაცნობი ნაპერწკალი უკრთოდა, რომელიც დემიანს ჯერ კიდევ სკოლიდან ახსოვდა. მამაკაცს ყოველთვის მოსწონდა მისი ასეთი მზერა. იმაზე მეტადაც, ვიდრე საკუთარ თავს უტყდებოდა. ლივია მის გვერდით გავლას შეეცადა. დემიანი წინ გადაუდგა. ქალმა მხარი ჰკრა. - გამატარე. - ჯერ მომისმინე. - სათქმელი უკვე მითხარი. - დემიანმა ისევ შეაჩერა, ამჯერად წელზე ხელი მოხვია და ერთი სწრაფი მოძრაობით კედელთან მიიყვანა. მოულოდნელობისგან ლივიას სუნთქვა შეეკრა. ზურგით კედელს მიეყრდნო. დემიანი მის წინ იდგა. ძალიან ახლოს. ერთი ხელი კედელზე ჰქონდა დაყრდნობილი, მეორე კი ქალის წელიდან უკვე მოეშორებინა. ლივიამ თვალები ასწია. მამაკაცის სახე სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული. მის სუნთქვას გრძნობდა. მის სურნელს. იმ აუტანელ სიახლოვეს, რომელიც ბრაზსა და სურვილს შორის არსებულ ზღვარს სახიფათოდ აპატარავებდა. დემიანის მზერა მის ტუჩებზე შეჩერდა. წამით. შემდეგ ისევ თვალებში დაბრუნდა. ლივიას გულისცემა აუჩქარდა. მაგრამ შიშისგან არა. და ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო გააბრაზა. მამაკაცი ნელა დაიხარა. იმდენად ახლოს, რომ მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დარჩა. ლივიას შეეძლო ეგრძნო, როგორ შეიცვალა მისი სუნთქვა. დემიანი შეჩერდა. არ უკოცნია. უბრალოდ უყურებდა. თითქოს პირველად ცხოვრებაში ვერ გადაეწყვიტა, რისი გაკეთება სურდა უფრო მეტად, ქალის გაჩუმება თუ მისი კოცნა. ლივიამ ტუჩები ოდნავ გახსნა. - დემიან... - მამაკაცის მზერა დაბლა დაეშვა. და სწორედ იმ წამს, როცა ორივესთვის ნათელი გახდა, რამდენად სახიფათოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ლივიამ მუხლი სწრაფად ასწია. დემიანმა მყისიერად უკან დაიხია. მაგრამ გვიან. დარტყმა ზუსტად იქ მოხვდა, სადაც ქალს ჰქონდა განზრახული. მამაკაცმა მკვეთრად ამოისუნთქა. შემდეგ ორად მოიკეცა. რამდენიმე წამით ოთახში მხოლოდ მისი ჩახშობილი გინება ისმოდა. ლივია კედელს მოშორდა. თმა შეისწორა. და სრულიად მშვიდი გამომეტყველებით შეხედა. - თხუთმეტი წლის წინანდელი ვალი იყო, ავალიანი. - დემიანმა თავი ნელა ასწია. მის სახეზე ერთდროულად ბრაზი, ტკივილი და სრული დაუჯერებლობა ჩანდა. - ქავთარაძე... - ჰო? - წყალი მომიტანე... - იოცნებე. - დაუჯერებელი ქალი ხარ. - ლივიამ მხრები აიჩეჩა. - შენ კი ძალიან ცუდად აფასებ რისკებს. - მამაკაცი სავარძელში ჩაეშვა. რამდენიმე წამით თვალდახუჭული იჯდა. შემდეგ ნელა გაიცინა. ჯერ ჩუმად. შემდეგ ხმამაღლა. ლივიამ წარბები შეკრა. - რა გაცინებს? - დემიანმა თავი ასწია. - ღმერთო, როგორ ვერ გიტან. - ორმხრივია. - ერთ დღეს აუცილებლად გამაგიჟებ. ქალმა გაიღიმა. - ეს პროცესი, მგონი, უკვე დაწყებულია. - დემიანმა თავი უკან გადააგდო. და ისევ გაეცინა. მისი სიცილი იმდენად გულწრფელი იყო, რომ ლივიამაც ვერ შეიკავა ღიმილი. თუმცა რამდენიმე წამში ისევ დასერიოზულდა. - მეორედ ასე აღარ მომექცე. დემიანმა შეხედა. ღიმილი ნელა გაუქრა. - გასაგებია. - პასუხი მოკლე იყო. მაგრამ ამჯერად სრულიად სერიოზული. ღამის ორ საათზე სამზარეულოში ისევ ისხდნენ. დემიანს ყინულით სავსე პაკეტი ეჭირა. ლივია კი ჩაის სვამდა და ცდილობდა, მისთვის არ შეეხედა. რადგან ყოველი შეხედვისას სიცილი უტყდებოდა. - ძალიან კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით? - ჰკითხა მამაკაცმა. - ლივიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - საკმაოდ. - მშვენიერია. მეც მყავს რამდენიმე იურისტი, რომლებიც ხვალ დილით სიამოვნებით მოგისმენენ. - საჩივრის შეტანას აპირებ? - ჯერ ვფიქრობ. საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსზე თავდასხმა საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. - ლივიამ სიცილი ვერ შეიკავა. დემიანმა თავი გააქნია. - ჩემი შვილების მომავალი საფრთხეში ჩააგდე, ქავთარაძე. - შენი შვილების მომავალი? - დიახ. და შენ ამაზე იცინი. - ნუ დრამატიზებ. - შენ რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, მკვლელობის მცდელობა იყო. - ლივიამ კიდევ ერთხელ გაიცინა. მამაკაცი რამდენიმე წამით უყურებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სტკიოდა, საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ ამ სიცილის მოსმენა სიამოვნებდა. ეს ქალი სრულიად აუტანელი იყო. ამაყი. ჯიუტი. მკვეთრი. და ისეთი საშიში, რომ მის გვერდით ყოფნას, როგორც ჩანდა, ჯანმრთელობის დაზღვევაც სჭირდებოდა. მაგრამ დემიანს ერთი რამ უკვე ნათლად ესმოდა. ლივია ქავთარაძე იმ ქალებს არ ჰგავდა, რომლებთანაც ურთიერთობა მისთვის მარტივი და წინასწარ განსაზღვრული იყო. და სწორედ ამიტომ არ სურდა მისგან შორს ყოფნა. მოგვიანებით ლივიამ სტუმრის ოთახი მოუმზადა. დემიანი კართან გაჩერდა. შიგნით შეიხედა. პატარა საწოლი. წიგნების თარო. უბრალო სანათი. მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ლივიას მიუბრუნდა. - ეს საკუჭნაოა? - ქალმა თვალები აატრიალა. - თუ არ მოგწონს, სასტუმროში დაბრუნდი. - ჩემი ნომრის აბაზანა ამ ოთახზე დიდია. - მშვენიერია. შეგიძლია იქ დაიძინო. - დემიანს გაეღიმა. შემდეგ ოთახში შევიდა. პერანგის ზედა ღილი შეიხსნა. ლივიამ ეს მოძრაობა უნებლიეთ შეამჩნია. მამაკაცის კისერი. მხრები. თეთრი პერანგის ქვეშ გამოკვეთილი სხეული. ლივიამ მზერა სწრაფად აარიდა. დემიანს ეს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია. მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს. მხოლოდ კარის ჩარჩოს მიეყრდნო. - ქავთარაძე. - ლივია შემობრუნდა. - რა? - ხვალ დილისთვის ყავა მაინც გაქვს? - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი გააქნია. - სამწუხაროდ. - დემიანმა კმაყოფილმა გაიღიმა. - მშვენიერია. მაშინ გადარჩენის შანსი არსებობს. - ლივია წასასვლელად შემობრუნდა. მაგრამ მამაკაცმა ისევ დაუძახა. - ლივია. - ქალი გაჩერდა. ამჯერად მის ხმაში ირონია აღარ იყო. - ის, რაც დღეს მოხდა... მეორედ არ განმეორდება. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი ოდნავ დაუქნია. - კარგი. - და საკუთარ ოთახში შევიდა. დემიანი საწოლზე წამოწვა. ოთახი მისთვის მეტისმეტად პატარა იყო. ბალიში მეტისმეტად რბილი. საბანი მეტისმეტად თხელი. და მთელი ეს სიტუაცია მეტისმეტად აბსურდული. მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, რომელსაც ნიუ-იორკში საკუთარი ბინა, თბილისში ოჯახური სახლი და სასტუმროში უზარმაზარი ნომერი ჰქონდა, ახლა ლივია ქავთარაძის სტუმრის ოთახში იწვა. ქალის, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ისეთი დარტყმა მიაყენა, რომლის გახსენებაზეც ჯერ კიდევ უსიამოვნოდ ეღიმებოდა. დემიანმა თვალები დახუჭა. გემდეგ გაეცინა. საკუთარ თავზე ამ სიტუაციაზე და იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აქ ყოფნა სასტუმროს მდიდრულ ნომერზე გაცილებით საინტერესო ეჩვენებოდა. მაგრამ რამდენიმე წუთში სიცილი გაუქრა. ლივიას სიტყვები გაახსენდა. „დამარხე ვირტუოზი.“ მამაკაცმა თვალები გაახილა. ჭერს უყურებდა. უცნაური იყო. მთელი ცხოვრება საკუთარი სახელის შესაქმნელად იბრძოდა. ახლა კი ქალი, რომლის მიმართაც სულ უფრო მძაფრ ინტერესს გრძნობდა, სწორედ ამ სახელის განადგურების დავალებით მუშაობდა. დემიანმა ნელა ამოისუნთქა. მას არ ეშინოდა ლივიას გამოძიების. ეშინოდა მხოლოდ იმის, რომ ქალი სიმართლემდე მისვლამდე ისეთ შეცდომას დაუშვებდა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ორივეს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. და ერთი რამ უკვე გადაეწყვიტა. თუ ლივია ქავთარაძეს ომი სურდა, ომს მიიღებდა. ლივია საკუთარ საძინებელში იწვა. ძილი არ ეკარებოდა. რამდენიმე საათის წინ მომხდარი სცენა ისევ თვალწინ ედგა. დემიანის გაბრაზებული სახე. მისი სიახლოვე. კედელი ზურგს უკან. და ის რამდენიმე წამი, როცა მამაკაცის ტუჩები მის ტუჩებთან თითქმის შეჩერდა. ლივიამ თვალები დახუჭა. შემდეგ გაეცინა. ღმერთო, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, როცა მუხლი მოარტყა. სრულიად დაუვიწყარი. თხუთმეტი წლის წინ გამოსაშვებ საღამოზე დემიანმა მას საკუთარი პირველი კოცნა ყველაზე მტკივნეულ მოგონებად უქცია. ახლა კი ლივიამ სრულიად ახალი მოგონება აჩუქა. სამართლიანობა ზოგჯერ მართლაც უცნაური გზებით მოდის. მაგრამ სიცილი მალე გაუქრა. რადგან ლივიას საკუთარ თავთან ერთი არასასიამოვნო სიმართლის აღიარება უწევდა. იმ რამდენიმე წამში, სანამ დემიანს მუხლს ამოარტყამდა, მისი კოცნა უნდოდა. არა წარსულის გამო. არა შურისძიებისთვის. არამედ იმიტომ, რომ მამაკაცი, რომელიც მის წინ იდგა, აუტანლად მიმზიდველი იყო. და ეს უკვე გაცილებით სახიფათო აღმოჩენა გახლდათ, ვიდრე ნებისმიერი ანონიმური შეტყობინება. ლივიამ საბანი უფრო მჭიდროდ შემოიხვია. შემდეგ თვალები დახუჭა. ხვალ ისევ ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო. ის ქალი, რომელსაც საკუთარი რედაქტორის დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდა. და რომელსაც დემიან ავალიანის მიმართ ნდობის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ახლა მის სახლში, რამდენიმე მეტრის მოშორებით, სრულიად მშვიდად იძინებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


