ვირტუოზი (თავი 8)
დილას ერთი უპირატესობა აქვს ღამით ჩადენილ სისულელეებს განსაკუთრებული სიცხადით გვახსენებს. ლივია ქავთარაძემ ეს მაშინ გაიფიქრა, როცა საძინებლის კარი გამოაღო და საკუთარი სამზარეულოდან მამაკაცის ხმა გაიგონა. ინგლისურად საუბრობდა. მშვიდად, მკაფიოდ, ოდნავ გაღიზიანებული ინტონაციით.
- ნიკოლას, თუ მათ ბეთჰოვენის მეხუთე კონცერტის შესრულება უნდათ, პროგრამა ერთი თვით ადრე უნდა შეეთანხმებინათ. მე მუსიკას არ ვუკვეთავ ისე, როგორც ისინი სასტუმროს ნომრებს. - ლივია კარის ჩარჩოს მიეყრდნო. დემიან ავალიანი მის სამზარეულოში იდგა. გუშინდელი შავი პერანგი ეცვა, სახელოები იდაყვებამდე აეკაპიწებინა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა. ერთ ხელში ტელეფონი ეჭირა, მეორეთი ყავას ასხამდა. - არა. - განაგრძო ინგლისურად. - ჰონორარზე არ ვვაჭრობ. პროგრამაზე ვსაუბრობ. თუ განსხვავებას ვერ ხვდებიან, სხვა პიანისტი მოძებნონ. - რამდენიმე წამით უსმენდა. შემდეგ გაეცინა. - ნიკოლას, ორივემ ვიცით, რომ სხვას არ მოძებნიან. - ზარი გათიშა. მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია ლივია. ქალს თვალი თავიდან ფეხებამდე შეავლო. - დილა მშვიდობისა, ქავთარაძე. შენი მაცივარი ჯერ კიდევ ცოცხალია. ღამით შევამოწმე. - ლივიამ ხელები გადაიჯვარედინა. - შენ რატომ ხარ ასეთი ბედნიერი დილაობით? - წარმატებული კარიერა, შესანიშნავი გარეგნობა, სტაბილური შემოსავალი... - თავმდაბლობაც არ დაგავიწყდეს. - ეს განსაკუთრებით. - მამაკაცმა მეორე ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ლივიამ ყავას დახედა. - ჩემი ყავის აპარატი გამოიყენე? - არა, პირადად კოლუმბიიდან ჩამოვიტანე მარცვლები. - ქალმა ფინჯანი აიღო. მოსვა. და უნებლიეთ წარბები ასწია. ყავა შესანიშნავი იყო. დემიანმა ეს მაშინვე შეამჩნია. - ვიცი. - რა იცი? - რომ კარგია. - აუტანელი ხარ. - და მაინც, უკვე მეორე დილაა, ჩემს არსებობას უძლებ. - ლივიამ მაგიდასთან ჩამოჯდომა არჩია. დემიანმა მის წინ სკამი გამოსწია და დაჯდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ მამაკაცმა სრულიად მშვიდად იკითხა: - როგორ გეძინა? - მშვენივრად. - სასიამოვნოა. მე მთელი ღამე ვფიქრობდი, მომავალში შვილები მეყოლება თუ არა. - ლივიას ყავა გადასცდა. დემიანმა კმაყოფილმა გაიღიმა. - ხედავ? ძალადობას ყოველთვის აქვს შედეგები. - თუ კიდევ ერთხელ ახსენებ იმ ამბავს, მეორე მუხლსაც გამოვიყენებ. - მადლობა გაფრთხილებისთვის. დღეს მნიშვნელოვანი რეპეტიცია მაქვს. მჭირდება რომ ჯანმრთელი ვიყო. - ლივიამ სიცილი ვერ შეიკავა. მამაკაცმა ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. მისი ღიმილის უკან რაღაც გამარჯვების მსგავსი ჩანდა. დემიანს სცენაზე ათასობით ადამიანის ყურადღების დაპყრობა შეეძლო. მაგრამ ლივია ქავთარაძის გაცინება გაცილებით რთული და, შესაბამისად, გაცილებით საინტერესო ამოცანა აღმოჩნდა. ტელეფონმა დარეკა. ლივიამ ეკრანს დახედა. რედაქტორი. ღიმილი მაშინვე გაუქრა. ზარს უპასუხა და მისაღებში გავიდა. - გისმენთ. - სად არის მასალა, ქავთარაძე? - კაცის ხმაში მისალმების მცდელობაც არ იგრძნობოდა. - გამოძიება მიმდინარეობს. - ამას უკვე რამდენიმე დღეა მეუბნები. - იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. - შენ ინტერვიუ გქონდა ავალიანთან. პრესკონფერენციაზეც იყავი. კიდევ რა გჭირდება? - ლივიამ ფანჯარაში გაიხედა. - მტკიცებულებები. - ღმერთო, ლივია, როდის აქეთ გახდი ასეთი ფრთხილი? ქალს სახე დაეძაბა. - მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკა დავიწყე. - რედაქტორმა უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. - მისმინე, ამ კაცის სახელი სათაურებში უნდა მოხვდეს. ფონდის ფინანსური საქმეები, გაუჩინარებული სტიპენდიატი, დახურული ღონისძიება... ყველაფერი გაქვს. - ეჭვები მაქვს. არა დადასტურებული ბრალდებები. - შენ ადრე გაცილებით სწრაფად მუშაობდი. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - ადრე არასოდეს გამომიქვეყნებია მასალა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს მისი ნახვა უნდოდა. - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კაცმა ცივად ჰკითხა: - რაღაც შეიცვალა? - ლივია მაშინვე მიხვდა რას გულისხმობდა. და ეს განსაკუთრებით არ მოეწონა. - არაფერი შეცვლილა. - მაშინ შედეგი მინდა. - მიიღებთ, როცა მზად იქნება. - ზარი დასრულდა. ლივია რამდენიმე წამით ტელეფონს უყურებდა. რედაქტორის მოუთმენლობა ახალი არ იყო. მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად ჟღერდა. თითქოს მას მხოლოდ სტატიის გამოქვეყნება კი არა, წინასწარ განსაზღვრული შედეგი სჭირდებოდა. ლივიას ეს არ მოსწონდა. საერთოდ არ მოსწონდა. - ცუდი დილაა? - დემიანის ხმა ზურგს უკან გაისმა. ქალი შემობრუნდა. მამაკაცი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა. - სამსახურის ამბებია. - ანუ ისევ ჩემი დამარხვის ორგანიზაციული საკითხები. - ლივიამ წარბი ასწია. - მოსმენა გიყვარს? - მუსიკოსი ვარ. პროფესიული აუცილებლობაა. - სხვისი საუბრის მოსმენას ვგულისხმობ. - შენ ისე ხმამაღლა საუბრობდი, მეზობლებმაც გაიგეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. - ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. - დემიან, შენს საქმეზე მასალას მაინც მოვამზადებ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - მოამზადე. - და თუ რაიმე აღმოვაჩინე... - გამოაქვეყნე. - მისმა სიმშვიდემ ქალი გააღიზიანა. - ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? - დემიანმა საათს დახედა. - იმიტომ, რომ შენზე უკეთ ვიცი, რა გავაკეთე და რა არა. - შემდეგ პალტო აიღო. - თერთმეტზე რეპეტიცია მაქვს. - მერე? - მოდიხარ. - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - სად? - რეპეტიციაზე. - შენ კიდევ ვერ ისწავლე, რომ ადამიანებს ბრძანებებს არ უნდა აძლევდე? - დემიანი კარისკენ წავიდა. - გუშინდელი გაკვეთილის შემდეგ გარკვეული პროგრესი მაქვს. ამიტომ წინადადებას შევცვლი: ქავთარაძე, იქნებ შენი ძვირფასი დროიდან ორი საათი გამონახო და ნახო, როგორ მუშაობს ადამიანი, რომლის დამარხვასაც აპირებ? - ლივიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - რატომ? - მამაკაცი შეჩერდა. შემობრუნდა. და სრულიად სერიოზულად უპასუხა: - იმიტომ, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ. და კარგი ჟურნალისტი ჯერ ადამიანს სწავლობს, მერე წერს მასზე. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. ეს პასუხი არ მოეწონა. ძირითადად იმიტომ, რომ სწორი იყო. საკონცერტო დარბაზი თითქმის ცარიელი დახვდათ. სცენაზე უზარმაზარი შავი როიალი იდგა. დარბაზში რამდენიმე ტექნიკოსი მუშაობდა. ვიღაც განათებას ამოწმებდა, ვიღაც ნოტებს ალაგებდა, კულისებში კი ნიკოლასი ტელეფონით საუბრობდა და აშკარად ცუდ ხასიათზე იყო. დემიანის გამოჩენისთანავე ყველაფერი შეიცვალა. არა იმიტომ, რომ ვინმემ საგანგებო ყურადღება მოითხოვა. უბრალოდ, ადამიანები ინსტინქტურად მისკენ იყურებოდნენ. ის მათთვის ცნობილი მამაკაცი კი არა, მუსიკოსი იყო, რომლის შესრულების მოსასმენად ათასობით ადამიანი ბილეთებში დიდ თანხას იხდიდა. დემიანი რამდენიმე თანამშრომელს მიესალმა. შემდეგ როიალთან მივიდა. თავსახური შეამოწმა. სკამი ოდნავ გადაადგილა. რამდენიმე კლავიშს შეეხო. მისი სახიდან ღიმილი გაქრა. ლივია დარბაზის შუა რიგში დაჯდა. და უცებ სრულიად სხვა დემიან ავალიანი დაინახა. მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მის მაცივარს დასცინოდა, ახლა ისეთი კონცენტრირებული იყო, თითქოს დარბაზში არავინ არსებობდა. პირველი ბგერები მშვიდად გაისმა. შემდეგ მუსიკა გაძლიერდა. ბეთჰოვენი. მეხუთე საფორტეპიანო კონცერტის რთული მონაკვეთები. დემიანის თითები კლავიშებზე წარმოუდგენელი სიზუსტით მოძრაობდა. მაგრამ ლივიას ყველაზე მეტად მისი სახე აინტერესებდა. იქ აღარ იყო ჩვეული თავხედობა. არც ფლირტი. არც ის დაუდევარი თავდაჯერება, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს აღიზიანებდა. მხოლოდ მკაცრი ყურადღება. დისციპლინა. და თითქმის სასტიკი მოთხოვნილება, ყველაფერი სრულყოფილი ყოფილიყო. რამდენიმე წუთის შემდეგ დემიანი მოულოდნელად შეჩერდა. - არა. - დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. აკომპანიატორი, რომელიც ორკესტრის პარტიას მეორე ინსტრუმენტზე ასრულებდა, დაიბნა. დემიანმა ნოტებზე მიუთითა. - აქ ტემპს კარგავ. თუ ასე გააგრძელებ, შემდეგ მონაკვეთში ერთმანეთის მოსმენას ვეღარ მოვასწრებთ. მამაკაცმა რაღაც უპასუხა. დემიანმა თავი გააქნია. - კიდევ ერთხელ. მის ხმაში არც ყვირილი იყო. არც შეურაცხყოფა. მაგრამ ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა, რომ კამათის სურვილს არავის უტოვებდა. მუსიკა თავიდან დაიწყო. მეორედაც შეაჩერა. მესამედაც. მეოთხე ცდაზე კი კმაყოფილმა თავი დაუქნია. - აი, ახლა. - ლივიას გაეღიმა. სწორედ ეს იყო დემიან ავალიანი. კაცი, რომელსაც საკუთარი ნიჭი არასოდეს მიუჩნევია საკმარისად. და რომელიც სხვებისგანაც იმავე სიზუსტეს მოითხოვდა, რასაც საკუთარი თავისგან. რეპეტიციის დასრულებისას დარბაზში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ტექნიკოსებიდან ვიღაცამ ტაში დაუკრა. დანარჩენებიც აჰყვნენ. დემიანმა მხოლოდ თავი დაუკრა. შემდეგ ლივიასკენ გაიხედა. და ის აუტანელი ღიმილი დაუბრუნდა. - აბა? - ჰკითხა მამაკაცმა, როცა ქალი სცენასთან მივიდა. - რა? - როგორი იყო? - ლივიამ მხრები აიჩეჩა. - არაუშავდა. - დემიანმა ხელი გულზე მიიდო. - ქავთარაძე, შენგან ასეთი აღფრთოვანება თითქმის ქორწინების შეთავაზებას უდრის. - ნუ ღელავ. კაცობრიობა ჯერ არ გადაშენებულა. - მამაკაცს გაეცინა. ეს ფრაზა ახსოვდა. სკოლიდან. იმ დროიდან, როცა ლივია მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ დემიან ავალიანზე გათხოვება სამყაროს აღსასრულის უტყუარი ნიშანი იქნებოდა. - შენს ძველ შეხედულებებს ისევ ერთგულად იცავ? - განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გეხება. - დემიანმა პირსახოცი აიღო. სახე შეიმშრალა. შემდეგ ქალს შეხედა. - იცი, რა არის საინტერესო? შენს სტატიებში ადამიანებს ძალიან კარგად შიფრავ. ჩემთან კი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, რა გინდა. - ლივიამ წარბი ასწია. - მე ზუსტად ვიცი, რა მინდა. - მაშინ რატომ მიყურებდი მთელი რეპეტიციის განმავლობაში ისე, თითქოს ბეთჰოვენმა პირადად შენთვის დაწერა ეს კონცერტი? - ქალმა მშვიდად უპასუხა: - ვცდილობდი გამერკვია, როგორ ახერხებს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამდენ სისულელეს ლაპარაკობს, სცენაზე ასეთი ჭკვიანი იყოს. - დემიანმა გაიცინა. - აღიარებ, რომ კარგი ვარ? - ვაღიარებ, რომ დაკვრა იცი. - ღმერთო, რა გულუხვი ქალი ხარ. - ლივია სცენის კიდეს მიეყრდნო. მამაკაცი მის წინ იდგა. ახლოს. მაგრამ ამჯერად მათ შორის დაძაბულობა სხვანაირი იყო. დემიანმა ქალის მზერა დაიჭირა. შემდეგ ოდნავ დაიხარა. - სხვათა შორის, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ჩემი დაზღვევის პირობები გადავამოწმე. - ლივიას გაეცინა. - და? - შენთან ურთიერთობა მაღალი რისკის კატეგორიაში გადის. - ძალიან გონივრული შეფასებაა. - განსაკუთრებით გამრავლების საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო. - ქალმა თავი გააქნია. - შენ ამას არასოდეს დაივიწყებ, ხომ? - დემიანმა თვალებში შეხედა. - ქავთარაძე, შენთან დაკავშირებული რაღაცები ძალიან ძნელად მავიწყდება. - ლივიას ღიმილი შეეცვალა, წამკერათ. მამაკაცმა ეს შეამჩნია. მაგრამ არაფერი დაუმატებია. და სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე გამაღიზიანებელი. შუადღის შემდეგ ლივია რედაქციაში დაბრუნდა. დემიანს რეპეტიციიდან პირდაპირ საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. ნიკოლასი უკვე ელოდებოდა. გამომშვიდობებისას მამაკაცმა მხოლოდ ის უთხრა, რომ საღამოს კონცერტის ორგანიზატორებთან ვახშამზე მიდიოდა და ტელეფონზე შეიძლება ვერ ეპასუხა. ლივიამ მხრები აიჩეჩა. თითქოს ეს ინფორმაცია საერთოდ არ აინტერესებდა. მაგრამ საკუთარ თავზე გაბრაზდა, როცა ნახევარი საათის შემდეგ მაინც გაახსენდა. რედაქციაში სამუშაო ელოდა. და სამუშაო ყოველთვის უკეთესი საშუალება იყო ზედმეტი ფიქრების მოსაშორებლად. კომპიუტერში „აურორას“ დოკუმენტები გახსნა. დენიელ რიდის გამოგზავნილი ინფორმაცია. ფონდის ფინანსური ანგარიშები. ელიზა მორგანის სტიპენდიის ხელშეკრულების ფრაგმენტები. და იმ ნაწარმოების რეგისტრაციის მონაცემები, რომლის ავტორობაც სადავო იყო. ლივიამ ორი დოკუმენტი გვერდიგვერდ გახსნა. თავიდან არაფერი განსაკუთრებული შეუმჩნევია. შემდეგ ერთმა სახელმა მიიქცია ყურადღება. Whitmore & Hale. იურიდიული კომპანია. იგივე სახელწოდება ეწერა ელიზას სტიპენდიის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე. და იმ დოკუმენტზეც, რომელიც სადავო მუსიკალური ნაწარმოების საავტორო უფლებების გადაცემას ეხებოდა. ლივიამ ძიება გააგრძელა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი კავშირი აღმოაჩინა. კომპანია წლების განმავლობაში რიჩარდ ჰეისის ფონდის იურიდიულ მომსახურებას ახორციელებდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. სადავო ნაწარმოები საბოლოოდ დარეგისტრირდა ახალგაზრდა კომპოზიტორის, ადრიან უიტმორის სახელით. ადრიანი ფონდის ერთ-ერთი მთავარი დონორის, ედვარდ უიტმორის შვილი იყო. ლივიამ ეკრანს დიდხანს უყურა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. ახლა სურათი გაცილებით მკაფიო ხდებოდა. ფონდი. დონორი. იურიდიული კომპანია. და ახალგაზრდა გოგონა, რომლის მუსიკაც შესაძლოა სხვის კარიერას ემსახურებოდა. ლივიამ ჩანაწერების რვეული გადაშალა. რამდენიმე სახელი ჩამოწერა. შემდეგ კიდევ ერთი კითხვა დაამატა: „ვინ და რატომ ცდილობს დემიან ავალიანის ამ ისტორიაში დამნაშავედ წარმოჩენას?“ ამჯერად პასუხი ჯერ არ ჰქონდა. მაგრამ ერთი რამ უკვე იცოდა. გამოძიება იმაზე გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონა. საღამოს რედაქტორის კაბინეტში შევიდა. მამაკაცი კომპიუტერთან იჯდა. ლივიას დანახვისთანავე სათვალე მოიხსნა. - ახალი ამბავი გაქვს? - მაქვს. - ქალმა საქაღალდე მაგიდაზე დადო. - მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ერთი შეკითხვა მაქვს. - რედაქტორმა წარბი ასწია. - გისმენ. - „აურორას“ ფონდის შესახებ პირველი ინფორმაცია საიდან მიიღეთ? - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. - წყაროს ვინაობა რატომ გაინტერესებს? - იმიტომ, რომ გამოძიების მასალებში რამდენიმე დეტალი ერთმანეთს არ ემთხვევა. - კერძოდ? - თავდაპირველი შეტყობინება დემიან ავალიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ რაც უფრო მეტს ვიკვლევ, მით უფრო ნაკლები მტკიცებულება მხვდება მის წინააღმდეგ და მით უფრო მეტი ფონდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. - რედაქტორმა სავარძელში უკან გადაიწია. - შესაძლოა ავალიანი უბრალოდ უკეთ მალავს საკუთარ მონაწილეობას. - შესაძლოა. მაგრამ ეს დასკვნა არ არის. - კაცმა კალამი მაგიდაზე დადო. - ლივია, შენ რა, მის დაცვას აპირებ? - ქალის სახე მაშინვე გამკაცრდა. - მე სიმართლის გარკვევას ვაპირებ. - შენ დავალება მიიღე. - ჟურნალისტური დავალება. არა წინასწარ გამოტანილი განაჩენი. - რედაქტორმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ საქაღალდე გახსნა. შიგნიდან ამობეჭდილი წერილი ამოიღო. - ეს ინფორმაცია მის ჩამოსვლამდე მივიღეთ. - ლივიამ ფურცელს დახედა. წერილი თითქმის სამი კვირით ადრე იყო გამოგზავნილი. ანონიმური მისამართიდან. შიგნით დემიანის სახელი, 16 ოქტომბრის თარიღი და „აურორას“ ფინანსური დარღვევები იყო ნახსენები. მაგრამ ერთი წინადადება განსაკუთრებით გამოირჩეოდა. „თუ გსურთ, ამ კაცის ნამდვილი სახე აჩვენოთ საზოგადოებას, საქართველოში მისი დაბრუნება საუკეთესო დროა.“ ლივიამ ფურცელი ნელა დაუშვა. - ეს რატომ არ მაჩვენეთ თავიდან? - რედაქტორმა მხრები აიჩეჩა. - საჭიროდ არ ჩავთვალე. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ფურცელი საქაღალდეში ჩადო. - ასლი მჭირდება. - რისთვის? - იმისთვის, რომ ვიღაც ცდილობს, ჩემი გამოძიება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. - რედაქტორს სახე დაეძაბა. - ფრთხილად იყავი, ქავთარაძე. ზედმეტად ნუ გაართულებ საქმეს. - ლივიამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. შემდეგ შემობრუნდა. - საქმეს მე არ ვართულებ. უბრალოდ, ვიღაცამ ძალიან ცუდად შეარჩია ადამიანი, რომლის გამოყენებაც გადაწყვიტა. - და კაბინეტიდან გავიდა. იმ საღამოს დემიანი კერძო ვახშამზე იმყოფებოდა. მაგიდასთან რამდენიმე გავლენიანი ადამიანი იჯდა. კონცერტის ორგანიზატორები. სპონსორები. კულტურის სფეროს წარმომადგენლები. დემიანი საუბრობდა, იღიმოდა, ხანდახან ირონიულ შენიშვნას აკეთებდა და საოცარი სიმარტივით ართმევდა ამ ყოველივეს თავს. მას ეს კარგად გამოსდიოდა. ადამიანების მოხიბვლა არასოდეს ყოფილა მისთვის რთული. მაგრამ ვახშმის შუაში ტელეფონმა დაიწკრიალა. ლივია. „შენი ჩამოსვლა ვიღაცამ წინასწარ დაგეგმა როგორც სკანდალის დასაწყისი.“ დემიანმა შეტყობინება წაიკითხა. შემდეგ კიდევ ერთხელ. ღიმილი გაუქრა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ უპასუხა: „საინტერესოა. მე კი მეგონა, საქართველოში მხოლოდ კარგი ღვინისა და ცუდი ჟურნალისტების გამო ჩამოვდიოდი.“ პასუხი მაშინვე მოვიდა. „შენი იუმორი გამოძიებას ვერ შეაჩერებს.“ დემიანს გაეღიმა. „არც ვცდილობ. უბრალოდ შენს ხასიათს ვაუმჯობესებ.“ რამდენიმე წამით სიჩუმე. შემდეგ: „ხვალ უნდა გნახო.“ დემიანმა ეკრანს დახედა. თითქოს ამ სამი სიტყვის უკან გაცილებით მეტი რამ იკითხებოდა. შემდეგ აკრიფა: „ქავთარაძე, ეს უკვე ჩვევად გექცა.“ პასუხი აღარ მოსულა. დემიანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ აიღო. ამჯერად თავად დაწერა: „სად ხარ?“ პასუხი მოკლე იყო. „სახლში.“ დემიანმა საათს დახედა. შემდეგ ნიკოლასს მიუბრუნდა. - უნდა წავიდე. - მენეჯერმა გაკვირვებით შეხედა. - ახლა? - ხო. - დემიან, ვახშამი ჯერ არ დასრულებულა. - მამაკაცმა მშვიდად გაიღიმა. - ნიკოლას, ჩემი კონცერტებიც ყოველთვის მაშინ მთავრდება, როცა მე ვწყვეტ. ლივიამ კარზე ზარის ხმა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიგონა. კარი გააღო. დემიანი იდგა. ამჯერად მუქი კოსტიუმი ეცვა. თმა მოწესრიგებული ჰქონდა. მისგან ძვირადღირებული სუნამოსა და გრილი ღამის ჰაერის სურნელი მოდიოდა. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - აქ რას აკეთებ? - შენთან მოვედი. - ეს უკვე აკვიატებას ჰგავს. - დემიანმა ზღურბლს გადააბიჯა. - გუშინ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდე. მსხვერპლის მდგომარეობის შემოწმება მევალება. - ლივიამ თვალები აატრიალა. - დემო... - თანაც შენი მაცივარი მომენატრა. - ქალს გაეცინა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რაღაც აღმოვაჩინე. - ვიცი. ამიტომაც მოვედი. - მისაღებში შევიდნენ. ლივიამ საქაღალდე გახსნა. დემიანს რედაქტორისგან მიღებული წერილი აჩვენა. მამაკაცმა ყურადღებით წაიკითხა. შემდეგ ფურცელი მაგიდაზე დადო. - ეს ადამიანი ძალიან კარგად არის ინფორმირებული. - შენც ასე ფიქრობ? - ჰო. - და ვინ შეიძლება იყოს? - დემიანმა რამდენიმე წამით იფიქრა. - ჯერ არ ვიცი. - ლივიამ სკამის საზურგეს ხელი დაადო. - თავიდან მართლა მინდოდა, შენი დანაშაული დამემტკიცებინა. ძ დემიანმა წარბი ასწია. - რა გულწრფელი აღიარებაა. - ჯერ არ დამიმთავრებია. - გისმენ, ქავთარაძე. - ქალი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. - მაგრამ ახლა ვიღაც ცდილობს, მაიძულოს, ზუსტად ის დავწერო, რაც მას აწყობს. - დემიანის მზერა დასერიოზულდა. - და შენ რას აპირებ? - ლივიამ თვალებში შეხედა. - იმას, რაც ყოველთვის. ყველაფერს გავარკვევ. - მამაკაცს გაეღიმა. - აი, ეს უკვე მომწონს. - შენს წინააღმდეგაც რომ აღმოჩნდეს? - განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმართლე იქნება. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. მათ შორის უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. დემიანი მისაღების შუაში იდგა. ლივია მის წინ. ძალიან ახლოს. მაგრამ ამჯერად არც ერთი არ ჩქარობდა. ქალმა მამაკაცის პიჯაკის საყელოს შეხედა. ოდნავ გადაკეცილი ჰქონდა. სრულიად უმნიშვნელო დეტალი. და მაინც, რატომღაც ხელი ასწია. საყელო გაუსწორა. დემიანი გაშეშდა. მის თვალებში ღიმილი გაჩნდა. - ქავთარაძე... - ქალმა თავი ასწია. - რა? - შენ ახლა ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავ? - ლივიამ ხელი მაშინვე დაუშვა. - უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა. - პიჯაკი თუ მე? - ორივე. - დემიანს გაეღიმა. შემდეგ ოდნავ დაიხარა. მაგრამ ამჯერად არ შეხებია. მხოლოდ შეხედა. - იცი, რა არის საინტერესო? - ლივიამ თვალები მოჭუტა. - რა? - გუშინ, დაახლოებით ამავე ადგილას, კინაღამ მომკალი. - ჯერ კიდევ შემიძლია. - ამიტომაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ. - ქალს გაეცინა. დემიანმა მის ტუჩებს შეხედა. მხოლოდ წამით. შემდეგ ისევ თვალებში ჩახედა. - თუმცა ერთი კითხვა მაინც მაქვს. - გისმენ. - შენ მართლა არ გინდოდა, რომ მეკოცნა? - ლივიას ღიმილი გაუქრა. მოულოდნელად. მამაკაცი არ იღიმოდა. არც ხუმრობდა. უბრალოდ ელოდებოდა. ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა. იმდენად, რომ მათ შორის მანძილი თითქმის გაქრა. დემიანს სუნთქვა შეეცვალა. ეს პატარა ცვლილება ლივიას არ გამოჰპარვია. და პირველად იგრძნო, როგორი სასიამოვნო შეიძლებოდა ყოფილიყო იმ მამაკაცის წონასწორობიდან გამოყვანა, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავში ასე დარწმუნებული ჩანდა. ქალმა ხელი მის პერანგზე დაადო. თითები ნელა ააყოლა საყელომდე. დემიანი არ განძრეულა. მხოლოდ უყურებდა. ლივია ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია. მისი ტუჩები მამაკაცის ტუჩებთან შეჩერდა. ერთი წამი. მეორე. დემიანმა თვალები დახუჭა. და სწორედ მაშინ ლივიამ ჩუმად უთხრა: - შენ ხომ ვირტუოზი ხარ, დემო. მოთმინებაც უნდა შეგეძლოს. - შემდეგ უკან დაიხია. დემიანმა თვალები გაახილა. რამდენიმე წამით ქალს უყურებდა. სრულიად გაოგნებული. შემდეგ გაეცინა. - ქავთარაძე... - ლივიამ გამარჯვებული ღიმილით შეხედა. - ჰო? - მამაკაცმა თავი გააქნია. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ეთამაშები. - ქალმა მხრები აიჩეჩა. - პირიქით. პირველად ცხოვრებაში მგონია, რომ წესები ზუსტად ვიცი. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა. ლივიას სუნთქვა შეეკრა. მაგრამ მამაკაცი ისევ შეჩერდა. გაეღიმა. - ერთი პატარა პრობლემა გაქვს. - რა? - მე ძალიან ცუდად ვიტან წაგებას. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - მაშინ რთული ცხოვრება გელოდება. - დემიანმა გაიცინა. შემდეგ პიჯაკი აიღო. კარისკენ წავიდა. ლივია გაკვირვებით უყურებდა. - მიდიხარ? - მამაკაცი შეჩერდა. შემობრუნდა. მის სახეზე ისევ ის აუტანელი ღიმილი დაბრუნდა. - დიახ. დღეს უკვე საკმარისად გავრისკე. - ლივიამ წარბი ასწია. - შეგეშინდა? - დემიანმა კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. - არა, ქავთარაძე. - წამით შეჩერდა. შემდეგ მშვიდად დაამატა: - უბრალოდ მინდა, შემდეგ ჯერზე შენ თვითონ მთხოვო. - კარი გაიღო. დაიხურა. და ლივია მარტო დარჩა. რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა. - თავხედი. - მაგრამ სიცილი ნელ-ნელა გაუქრა. რადგან ერთი რამ უნდა ეღიარებინა. დემიან ავალიანმა ამჯერადაც მოახერხა, რომ ბოლო სიტყვა თავად ეთქვა. და ეს ლივიას სრულიად აუტანლად ეჩვენებოდა. იმავე ღამეს, როცა ლივია სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა, ელექტრონულ ფოსტაში ახალი წერილი დახვდა. უცნობი მისამართი. სათაური: „ელიზა მორგანი -16 ოქტომბერი“ ქალმა წერილი გახსნა. შიგნით მხოლოდ ერთი წინადადება იყო. „თუ სიმართლე გაინტერესებს, ჰკითხე შენს ვირტუოზს, რატომ გადაიხადა იმ ღამეს ელიზა მორგანის სახელით 250 000 დოლარი.“ ლივიას სახე შეეცვალა. წერილს კიდევ ერთხელ დახედა. შემდეგ ნელა წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქს გადახედა. დემიანის მანქანა უკვე აღარ ჩანდა. რამდენიმე წუთის წინ მამაკაცის სიახლოვეს ჯერ კიდევ გრძნობდა. მის სურნელს. მის ხმას. მის მზერას. ახლა კი ეკრანზე ერთი ციფრი ანათებდა. 250 000 დოლარი. და ლივია ქავთარაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ზოგჯერ ყველაზე სახიფათო კითხვები სწორედ მაშინ ჩნდებოდა, როცა ადამიანს პასუხის მოსმენა ყველაზე ნაკლებად სურდა. მაგრამ მას პასუხი სჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ დემიანის დამარხვა ჰქონდა დავალებული. არამედ იმიტომ, რომ თუ ეს კაცი მართლაც რაღაცას მალავდა, ლივია აუცილებლად გაიგებდა, რას. თუნდაც ამისთვის საკუთარი გულისცემის იგნორირება დასჭირვებოდა. პ.ს აბა მეგობრებო რას ფიქრობთ ვირტუოზზე?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


