ვირტუოზი /სრულად/
ნიუ-იორკს უძილობა სჭირდა. ეს ქალაქი ღამითაც ისე სუნთქავდა, თითქოს სადღაც აგვიანდებოდა. ცათამბჯენების განათებულ ფანჯრებში ათასობით უცხო ცხოვრება ირეკლებოდა, ქუჩებში მანქანების გაუთავებელი ნაკადი მიედინებოდა, ხოლო ადამიანები, რომელთაც ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, ყოველდღე ერთსა და იმავე ტროტუარებზე ტოვებდნენ საკუთარი მარტოობის უხილავ ნაკვალევს. ქალაქს ყველაფერი ჰქონდა, გარდა სიჩუმისა. დემიან ავალიანს კი სიჩუმე უყვარდა. უფრო სწორად, ის რამდენიმე წამი, რომელიც მუსიკის დაწყებამდე დგებოდა. როცა დარბაზში უკანასკნელი ჩურჩული წყდებოდა, ათასობით მზერა ერთ წერტილში იყრიდა თავს და ჰაერი რაღაც აუხსნელი მოლოდინით მძიმდებოდა. სწორედ მაშინ გრძნობდა საკუთარ ძალაუფლებას ყველაზე მძაფრად. არა მაშინ, როცა უკრავდა. მანამდე. როცა ჯერ არაფერი მომხდარიყო, მაგრამ ყველა უკვე მას ეკუთვნოდა.
იმ საღამოს კარნეგი-ჰოლში თავისუფალი ადგილი არ დარჩენილიყო. პირველ რიგებში ნიუ-იორკის კულტურული ელიტა იჯდა. მუსიკალური კრიტიკოსები, რომელთაც კომპლიმენტის თქმა თითქმის ფიზიკურ ტკივილს აყენებდათ; მდიდარი ქალები, რომლებიც კლასიკურ მუსიკაზე მეტად ახალგაზრდა პიანისტის პირადი ცხოვრებით ინტერესდებოდნენ; ადამიანები, რომლებიც კონცერტზე მხოლოდ იმიტომ მოდიოდნენ, რომ მეორე დღეს ეთქვათ - იქ ვიყავითო. და, რა თქმა უნდა, ისინიც, ვისთვისაც მუსიკა ჯერ კიდევ რაღაც წმინდა იყო. დემიანი ამ უკანასკნელებს ყველაზე მეტად აფასებდა. დანარჩენებს კი მშვენივრად იყენებდა. შავი ფრაკი უნაკლოდ ერგებოდა მაღალ, გამართულ სხეულზე. მუქი თმა ოდნავ დაუდევრად ჰქონდა გადავარცხნილი, თითქოს გარეგნობაზე ზრუნვა მისთვის მეტისმეტად უმნიშვნელო საქმე ყოფილიყო. სინამდვილეში დემიან ავალიანის დაუდევრობაც კი საგულდაგულოდ იყო გათვლილი. ოცდათორმეტი წლის ასაკში მან უკვე მოასწრო ყველაფერი, რაზეც სხვა მუსიკოსები მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ. საერთაშორისო აღიარება. პრესტიჟული ჯილდოები. კონცერტები, რომელთა ბილეთებიც რამდენიმე საათში იყიდებოდა. და რეპუტაცია, რომელიც მის მუსიკალურ ნიჭზე არანაკლებ ხმაურიანი იყო. ერთმა გავლენიანმა კრიტიკოსმა ოდესღაც დაწერა, დემიან ავალიანი როიალს ისე ეპყრობა, თითქოს ინსტრუმენტი მისი სხეულის გაგრძელება იყოსო. დემიანმა სტატია წაიკითხა, გაიღიმა და მეგობარს უთხრა, როგორც ჩანს, კაცს ჯერ არ უნახავს, სხეულის სხვა ნაწილებს როგორ ვმართავო. მეორე დილით ეს ფრაზა უკვე რამდენიმე ტაბლოიდის სათაურში მოხვდა. დემიანს არც უარუყვია. მას საერთოდ იშვიათად აწუხებდა სინდისი იმის გამო, რასაც სხვები მასზე ფიქრობდნენ. სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ერთი და იგივე ჩვევა ჰქონდა: მარჯვენა ხელის მაჯაზე საათს იხსნიდა, პიჯაკის შიდა ჯიბეში დებდა და რამდენიმე წამით საკუთარ თითებს აკვირდებოდა. გრძელი, მოქნილი თითები ჰქონდა. მუსიკოსის ხელები. თუმცა ქალები, რომლებიც მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ, ამ განსაზღვრებას ხშირად სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ. იმ საღამოსაც მოიხსნა საათი. შემდეგ სცენაზე გავიდა. აპლოდისმენტები ისეთი ძლიერი იყო, რომ წამით დარბაზის კედლებიც კი თითქოს შეირხა. დემიანმა თავი ოდნავ დახარა. არც ზედმეტი მოკრძალება უყვარდა და არც მადლიერების თეატრალური დემონსტრირება. კარგად იცოდა საკუთარი ფასი და არასოდეს ცდილობდა მის დამალვას. როიალთან დაჯდა. თითები კლავიშებს ზემოთ შეაჩერა. და დარბაზი დადუმდა. პირველი ბგერა თითქმის შეუმჩნევლად დაიბადა. შოპენი. ნოქტიურნი. მელოდია დარბაზში ნელა გაიშალა, როგორც ღამით ფანჯარასთან მისული ქალი, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ფარდა გადასწიოს თუ სიბნელეში დარჩეს. დემიანი უკრავდა ისე, როგორც ცხოვრობდა, თავდაჯერებით, მოულოდნელი გადასვლებით, ზოგჯერ დაუნდობლად, ზოგჯერ კი ისეთი სინაზით, რომელსაც მისგან არავინ ელოდა. მისი შესრულება მხოლოდ ტექნიკური სრულყოფილება არ იყო. ტექნიკა ბევრს ჰქონდა. დემიანს კი რაღაც სხვა გააჩნდა. მას შეეძლო მუსიკაში ის ეთქვა, რისი წარმოთქმაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არასოდეს მოუნდებოდა. ტკივილი, რომელსაც არ აღიარებდა. მონატრება, რომელსაც სახელიც არ ჰქონდა. სინაზე, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისას თითქმის ყოველთვის ირონიით ფარავდა. როიალთან დემიანი უცნაურად გულწრფელი ხდებოდა. ალბათ ამიტომაც არ უყვარდა, როცა შესრულების შემდეგ ეკითხებოდნენ, რას გრძნობდითო. საკუთარი განცდების ახსნა მისთვის ისეთივე უაზრობა იყო, როგორიც სუნამოს სურნელის აღწერა ადამიანისთვის, რომელსაც ყნოსვა არ ჰქონდა. მუსიკა უნდა მოგესმინა. დანარჩენი შენი პრობლემა იყო. უკანასკნელი აკორდის შემდეგ დარბაზში რამდენიმე წამით სიჩუმე დარჩა. ეს მისი საყვარელი მომენტი გახლდათ. შემდეგ ტაში ატყდა. ადამიანები ფეხზე დგებოდნენ, ერთმანეთს აღფრთოვანებულ მზერებს უცვლიდნენ, ზოგი იღიმოდა, ზოგიც თვალებზე ხელსახოცს იფარებდა. დემიანი წამოდგა. თავი დახარა. და გაიფიქრა, რომ კიდევ ერთი საღამო დასრულდა. კიდევ ერთი ტრიუმფი. კიდევ ერთი ღამე, რომელიც ხვალინდელ გაზეთებში შესანიშნავი ზედსართავი სახელებით იქნებოდა აღწერილი. უცნაური იყო, როგორ კარგავდა მნიშვნელობას ყველაფერი, რისთვისაც ოდესღაც სუნთქვაშეკრული იბრძოდი, როგორც კი მის მოპოვებას შეეჩვეოდი. კონცერტის შემდეგ გამართულ დახურულ მიღებაზე შამპანური ისე უხვად მოედინებოდა, თითქოს სტუმრების მთავარი დანიშნულება საკუთარი სისხლის ალკოჰოლით ჩანაცვლება ყოფილიყო. დემიანი ფანჯარასთან იდგა. ერთ ხელში ჭიქა ეჭირა, მეორით ტელეფონს ატრიალებდა. მის ირგვლივ ადამიანები საუბრობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს აცნობდნენ და დაუღალავად ცდილობდნენ რამდენიმე წუთით მაინც მოხვედრილიყვნენ მისი ყურადღების ცენტრში. მას ეს ყველაფერი ერთდროულად ართობდა და ღლიდა. ქალები განსაკუთრებით. არა იმიტომ, რომ არ უყვარდა. პირიქით. ქალები დემიან ავალიანის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სისუსტე იყვნენ, ოღონდ სისუსტე, რომლის მართვაც, საკუთარი აზრით, სრულყოფილად შეეძლო. უყვარდა მათი სურნელი, სიცილი, მზერის ცვლილება იმ წამს, როცა ხვდებოდნენ, რომ მამაკაცი მათით დაინტერესდა. უყვარდა ფლირტის ინტელექტუალური მხარე. სიტყვების ორმაგი მნიშვნელობები. შეჩერებული მზერა. საუბარი, რომელიც თითქოს არაფერს ნიშნავდა, სინამდვილეში კი უკვე რაღაც ძალიან კონკრეტულისკენ მიდიოდა. მაგრამ არ უყვარდა მოლოდინები. განსაკუთრებით სხვისი. მას არასოდეს უთქვამს ქალისთვის „მიყვარხარ“ მხოლოდ იმისთვის, რომ მასთან ღამე გაეტარებინა. ამ მხრივ უცნაურად პატიოსანი იყო. უბრალოდ, ადამიანებს ზოგჯერ სიმართლის მოსმენა არ სურდათ. - დემიან. - გვერდით მისი მენეჯერი, ნიკოლასი გაჩნდა. ორმოცს გადაცილებული, მუდამ მოწესრიგებული მამაკაცი, რომელსაც დემიანის კარიერის მართვასთან ერთად მისი პერიოდული სკანდალების ჩაქრობაც ევალებოდა. - ხვალინდელი ფრენის დეტალები გამოგიგზავნე. - მშვენიერია. - საერთოდ წაიკითხე? - შენი ხმის ტემბრიდან ვხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი წერია. - ნიკოლასმა ამოიოხრა. ათი წლის განმავლობაში უკვე შეეჩვია, რომ დემიანთან საქმიანი საუბარი ხშირად საკუთარი მოთმინების გამოცდას ჰგავდა. - საქართველოში გამგზავრება საბოლოოდ დადასტურებულია. კონცერტი, ორი ოფიციალური შეხვედრა, საქველმოქმედო საღამო და პრესასთან ურთიერთობა. დემიანმა ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. საქართველო. სიტყვამ უცნაური შეგრძნება დაუტოვა. თითქოს ვიღაცამ დიდი ხნის დაკეტილი ოთახის კარი შეაღო და იქიდან ბავშვობის ნაცნობი სუნი გამოვარდა. მზით გახურებული გზის საფარი. სკოლის დერეფანი. ცარცის მტვერი. და გოგოს გაბრაზებული ხმა. იმდენად მკაფიოდ გაახსენდა, რომ უნებლიეთ გაეღიმა. - რა გაცინებს? - ჰკითხა ნიკოლასმა. - არაფერი. ერთი ძველი დანაშაული გამახსენდა. - შენი დანაშაულების რაოდენობის გათვალისწინებით, ცოტა დამიკონკრეტე. - დემიანმა გაიცინა. მაგრამ მოგონება არ გამქრალა. სკოლის ბოლო წელი. მეორე სართულის დერეფანი. მუქთმიანი გოგო, რომელსაც წიგნები მკერდზე ჰქონდა მიხუტებული და ისეთი სახით უყურებდა, თითქოს კაცობრიობის ყველა უბედურებაში პირადად დემიანი ყოფილიყო დამნაშავე. ლივია ქავთარაძე. უცნაური იყო, რომ ამდენი წლის შემდეგ მისი სრული სახელი ასე მარტივად გაახსენდა. ლივია არასოდეს ყოფილა იმ გოგონებს შორის, რომლებიც დემიანის ყურადღების მოსაპოვებლად ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას. პირიქით. თუკი ვინმეს შეეძლო მისი არსებობის სრული იგნორირება, ეს ლივია იყო. და ალბათ სწორედ ამიტომ ხდებოდა მისი გაღიზიანება დემიანის ყოველდღიური გართობის განუყოფელი ნაწილი. ერთხელ გოგოს ჩანთაში პლასტმასის პატარა თაგვი ჩაუდო. ლივიამ მთელი კლასის თვალწინ ამოიღო, რამდენიმე წამით დააკვირდა, შემდეგ დემიანთან მივიდა და მშვიდად დაუდო მერხზე. - დედაშენმა გამოგატანა? - კლასი სიცილით დაინგრა. დემიანმა კი პირველად იგრძნო, რომ საკუთარივე ოინი მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. მას შემდეგ მათი ურთიერთობა ერთგვარ ომად იქცა. ომად, რომელშიც არცერთი მხარე აპირებდა დანებებას. თუმცა იყო ერთი საღამო, რომელიც ამ მოგონებებისგან სრულიად განსხვავდებოდა. გამოსაშვები საღამო. მუსიკა. ცარიელი დერეფანი. და რაღაც, რაც დემიანს წლების შემდეგაც არასოდეს გახსენებია ბოლომდე. ზოგი მოგონება იმიტომ კი არ გვავიწყდება, რომ უმნიშვნელოა. იმიტომ ვტოვებთ წარსულში, რომ მისი გახსენება საკუთარი თავისთვის არასასიამოვნო შეკითხვების დასმას გვაიძულებს. დემიანმა ჭიქა მაგიდაზე დადგა. - საქართველოში რამდენი ხნით მივდივართ? - ათი დღით. რატომ? - შეიძლება გავახანგრძლივო. - ნიკოლასმა ეჭვით შეხედა. - შენ? საქართველოში? საკუთარი სურვილით? - ნიკოლას, ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ არ მიცნობ. - პირიქით. სწორედ იმიტომ მეშინია, რომ ძალიან კარგად გიცნობ. - დემიანმა პასუხად მხოლოდ გაიღიმა. მან ჯერ არ იცოდა, რომ თბილისში დაბრუნება საკუთარი ცხოვრების ყველაზე არასწორად გათვლილ გადაწყვეტილებად ექცეოდა. თბილისში იმ დილით წვიმდა. არა ისეთი წვიმა, რომელიც ქალაქს რეცხავს და ჰაერს ამსუბუქებს. უფრო ისეთი, რომელიც ყველაფერს ნაცრისფერ ფერს ადებს და ადამიანებს საკუთარ ფიქრებთან მარტო ტოვებს. ლივია ქავთარაძე სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, ფეხშიშველი, აბრეშუმის ხალათში გახვეული და მესამე ფინჯან ყავას სვამდა. ნოუთბუქის ეკრანზე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ფოტო ჩანდა. მამაკაცი ფართოდ იღიმოდა. ლივიას ყოველთვის აოცებდა, როგორი გულწრფელი ღიმილი შეეძლოთ ადამიანებს, რომელთა სინდისზეც ზოგჯერ მთელი ადამიანური ტრაგედიები იდო. მის წინ რამდენიმე საქაღალდე ეწყო. საბანკო ამონაწერები. სასამართლო დოკუმენტები. მიმოწერის ასლები. და ერთი ინტერვიუ, რომლის გამოქვეყნებაც, დიდი ალბათობით, მორიგ სკანდალს გამოიწვევდა. ლივია სკანდალებს არ ეძებდა. ეს მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. ის სიმართლეს ეძებდა, სკანდალი კი ხშირად სიმართლის ყველაზე ხმაურიანი თანმხლები აღმოჩნდებოდა ხოლმე. ოცდათერთმეტი წლის ასაკში უკვე მოესწრო რამდენიმე გავლენიანი ადამიანის კარიერის შერყევა, ორი სასამართლო დავა, უამრავი მუქარა და იმდენი შეურაცხმყოფელი წერილი, რომ მათგან ცალკე წიგნის გამოცემაც შეიძლებოდა. ყველაზე მეტად მაინც ერთი რამ აღიზიანებდა. როცა ვინმე ეუბნებოდა, რომ ზედმეტად მკაცრი იყო. თითქოს სიმართლეს ვალდებულება ჰქონოდა, სასიამოვნო ფორმით გამოცხადებულიყო. ლივია არ იყო ქალი, რომელსაც ადამიანების განადგურება სიამოვნებას ანიჭებდა. მაგრამ არც მათი გადარჩენის სურვილი ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ისინი უყვარდა. მისთვის ცნობილი სახელი უდანაშაულობის მტკიცებულება არასოდეს ყოფილა. და მომხიბვლელი გარეგნობა - მით უმეტეს. მობილურმა დარეკა. ეკრანზე რედაქტორის სახელი გამოჩნდა. ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. დილის ცხრა საათიც არ იყო. ეს ან ძალიან ცუდ ამბავს ნიშნავდა, ან ძალიან საინტერესო ამბავს. ხშირად ორივეს ერთად. - გისმენ. - ახალი მასალა მაქვს შენთვის. - ძველიც ჯერ არ დამიმთავრებია. - ეს მოგეწონება. - ასე ყოველთვის მაშინ მეუბნები, როცა რაღაც საშინელების გაკეთებას აპირებ. - რედაქტორს გაეცინა. შემდეგ სახელი წარმოთქვა. - დემიან ავალიანი. - ლივიას თითები კლავიატურაზე გაუშეშდა. სულ რამდენიმე წამით. იმდენად მცირე ხნით, რომ გვერდით ვინმე რომ მჯდარიყო, ალბათ ვერც შეამჩნევდა. მაგრამ თვითონ იგრძნო. იყო სახელები, რომლებიც უბრალოდ ადამიანებს აღნიშნავდა. და იყო სახელები, რომელთა გაგონებაც წარსულის რომელიმე კარს დაუკითხავად აღებდა. დემიან ავალიანი. თხუთმეტი წელი. ამდენი დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ნახა. და მაინც, მისი სახელის გაგონებაზე პირველ რიგში არც ცნობილი პიანისტი გაახსენდა, არც საერთაშორისო აღიარება, არც ჟურნალების გარეკანები. გაახსენდა ჩვიდმეტი წლის აუტანელი ბიჭი, რომელსაც საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, თითქოს ღმერთს კაცობრიობის შექმნის შემდეგ მთელი დარჩენილი ნიჭი მხოლოდ მისთვის დაეხარჯა. და მერე... გამოსაშვები საღამო. ლივიამ თვალები წამით დახუჭა. არა. ამაზე ფიქრი არ უნდოდა. - რა დაემართა? - იკითხა მშვიდად. - ჯერ არაფერი. მაგრამ შეიძლება დაემართოს. - რედაქტორმა აუხსნა, რომ დემიანი რამდენიმე დღეში თბილისში ბრუნდებოდა. კონცერტთან დაკავშირებით დიდი ინტერვიუ იგეგმებოდა, თუმცა საქმე მხოლოდ მუსიკას არ ეხებოდა. ნიუ-იორკიდან უცნაური ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული. ერთ-ერთი გავლენიანი მუსიკალური ფონდი. გაურკვეველი ფინანსური გარიგებები. რამდენიმე ადამიანის მოულოდნელი დუმილი. და დემიან ავალიანის სახელი, რომელიც ამ ისტორიაში იმაზე ხშირად ჩნდებოდა, ვიდრე უბრალო დამთხვევას შეეფერებოდა. ჯერ არაფერი იყო დამტკიცებული. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ ლივია. ქალს შეეძლო კვირების განმავლობაში ეძებნა ერთი უმნიშვნელო დეტალი, რომელიც საბოლოოდ მთელ სურათს შეცვლიდა. საუბრის დასრულების შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო. ფანჯარასთან მივიდა. წვიმის წვეთები მინაზე ერთმანეთში ირეოდა. ლივიას არ სჯეროდა ბედისწერის. მისთვის ეს სიტყვა ადამიანების მიერ გამოგონილი მოსახერხებელი ახსნა იყო იმ მოვლენებისთვის, რომელთა მიზეზების ძებნაც ეზარებოდათ. მაგრამ იმ დილით, როცა თხუთმეტი წლის შემდეგ დემიან ავალიანის სახელი კვლავ მის ცხოვრებაში გაჩნდა, რაღაც ძალიან ძველი და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება დაუბრუნდა. ბრაზი? შესაძლოა. ცნობისმოყვარეობა? აუცილებლად. მონატრება? ამ აზრზე თვითონვე გაეცინა. დემიან ავალიანის მონატრება დაახლოებით ისეთივე გონივრული იქნებოდა, როგორიც ხანძრის მონატრება მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთარში ერთხელ გაგათბო. ლივია მაგიდას დაუბრუნდა. ლეპტოპში საძიებო სისტემა გახსნა და მისი სახელი აკრიფა. ეკრანი ფოტოებით აივსო. დემიანი სცენაზე. დემიანი წითელ ხალიჩაზე. დემიანი უცნობ ქერათმიან ქალთან. დემიანი კიდევ ერთ ქალთან. დემიანი ჟურნალის გარეკანზე. დემიანი როიალთან, თეთრ პერანგში, ოდნავ შეხსნილი საყელოთი და იმავე აუტანლად თავდაჯერებული გამომეტყველებით. ლივიამ ფოტო გაადიდა. წლები მის მიმართ აშკარად გულუხვი აღმოჩენილიყო. ბიჭური სილამაზე მამაკაცურ მომხიბვლელობად ქცეულიყო. სახის ნაკვთები გამოკვეთოდა, მზერა დამძიმებოდა, ღიმილს კი რაღაც ისეთი შეჰმატებოდა, რაც სკოლის წლებში ჯერ არ ჰქონდა. გამოცდილება. საფრთხე. და საკუთარი მომხიბვლელობის ზედმიწევნით გაცნობიერება. ლივიამ ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა. - ღმერთო, რა აუტანელი ხარ... - სურათს კიდევ რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ ახალი საქაღალდე შექმნა. სახელად მხოლოდ ორი სიტყვა დააწერა: „დემიან ავალიანი“. საინტერესო იყო, რომ ამავე დროს, ოკეანის მეორე მხარეს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ აპარტამენტში, დემიანიც სწორედ მის სახელს ეძებდა ინტერნეტში. პირველი სტატიის სათაური რომ წაიკითხა, წარბი ასწია. მეორე სტატიის შემდეგ გაეღიმა. მესამემ კი ხმამაღლა გააცინა.ლივია ქავთარაძე. გამოძიებითი ჟურნალისტი. ქალი, რომელსაც გავლენიანი ადამიანები ერიდებოდნენ. დემიანმა მისი ფოტო გახსნა. დიდხანს უყურა. მუქი თმა. გამჭოლი მზერა. ოდნავ ამაყად აწეული ნიკაპი. სკოლის დროინდელი გოგოსგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. თითქმის. რადგან თვალებში ისევ ის გამომეტყველება ჰქონდა. გამომეტყველება, რომელიც თითქოს წინასწარ აფრთხილებდა მთელ სამყაროს, სისულელეების მოსმენას არ ვაპირებო. დემიანმა თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. რატომღაც გაეღიმა. იყო ქალები, რომელთა მოხიბვლაც სიამოვნებას ანიჭებდა. იყვნენ ქალები, რომელთა დავიწყებაც მარტივად შეეძლო. და იყო ერთი, რომელიც მთელი სკოლის განმავლობაში ისე უყურებდა, თითქოს მისი არსებობა ბუნების გაუმართლებელი შეცდომა ყოფილიყო. დემიანმა ფოტოს თითი მსუბუქად მიაკაკუნა. - აბა, ლივია... - ღიმილი ოდნავ გაუფართოვდა. - ისევ ისეთი საზიზღარი ხასიათი გაქვს? - მან ჯერ არ იცოდა, რომ ლივია უკვე მის საქმეს სწავლობდა. ლივიამ კი არ იცოდა, რომ დემიანს მისი სახელი ჯერ კიდევ ახსოვდა. ორივეს ეგონა, წარსული დიდი ხნის წინ დასრულდა. მაგრამ ზოგჯერ ყველაზე სახიფათო შეცდომა სწორედ ის არის, როცა გგონია, რომ წერტილი დასვი იქ, სადაც სინამდვილეში მხოლოდ მრავალწერტილი იყო. და მუსიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ის ნოტი არ არის, რომელმა უკვე გაიჟღერა. ზოგჯერ ყველაფერს ის ცვლის, რომელსაც ჯერ კიდევ ელოდები. 2 არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარსულს ისე ტოვებენ, როგორც ძველ ბინას, კარს კეტავენ, გასაღებს აბარებენ და დარწმუნებულები არიან, რომ იქ აღარასოდეს დაბრუნდებიან. დემიან ავალიანი ასეთი ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. მას წარსულისგან გაქცევა არასოდეს უცდია. უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მომდევნო თავები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ ძველი მოგონებების ხმა თანდათან ჩაიკარგა. ნიუ-იორკმა მას ბევრი რამ ასწავლა. ასწავლა, რომ ნიჭი მხოლოდ მაშინ ფასობს, როცა მისი გაყიდვაც იცი. რომ წარმატება ადამიანებს არ ცვლის, მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს, უფრო თამამად გამოავლინონ ის, რაც ყოველთვის იყვნენ. და რომ მარტოობა ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს ნომერშიც ისეთივე მოუხერხებელია, როგორიც ბავშვობის პატარა ოთახში. მაგრამ ერთი რამ ვერ ასწავლა. როგორ უნდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც ოდესღაც სრულიად სხვა ადამიანი იყო. თვითმფრინავის ილუმინატორს მიღმა ღრუბლები იშლებოდა. დემიანი სავარძელში ნახევრად გადაწოლილიყო, ყურსასმენები ეკეთა და თვალები დახუჭული ჰქონდა. გვერდით პატარა მაგიდაზე ხელუხლებელი ყავა ედგა. ძილი არ უნდოდა. ბოლო დღეებში იმდენი საქმე მოეგვარებინა, რომ დასვენება ნამდვილად ეკუთვნოდა, მაგრამ გონება უცნაური სიჯიუტით უბრუნდებოდა თბილისს. უფრო სწორად, ერთ კონკრეტულ ადამიანს. ლივია ქავთარაძეს. მის შესახებ ინტერნეტში გაცილებით მეტი ინფორმაცია აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. რამდენიმე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება. სატელევიზიო ინტერვიუები. სასამართლო პროცესები. გავლენიანი ადამიანების გაბრაზებული განცხადებები და კომენტარები, რომლებშიც ქალს ხან არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდნენ, ხან ზედმეტ სითამამეში, ხანაც იმაში, რომ საკუთარი ადგილი არ იცოდა. დემიანს სწორედ ეს უკანასკნელი ბრალდება მოეწონა. ლივია სკოლაშიც არასოდეს ცნობდა იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვები უწესებდნენ. ერთხელ, მეთერთმეტე კლასში, ისტორიის მასწავლებელს მთელი გაკვეთილი ეკამათა. არა იმიტომ, რომ მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვა სურდა, არამედ იმიტომ, რომ სახელმძღვანელოში აღმოჩენილ შეცდომაზე პასუხი ვერ მიიღო. დემიანი ბოლო მერხზე იჯდა და უყურებდა. მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ ადამიანში ყველაზე მიმზიდველი ზოგჯერ სწორედ ის თვისებაა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს. ლივიას საკუთარი სიმართლის ისეთი ჯიუტი რწმენა ჰქონდა, თითქოს სამყარო ვალდებული ყოფილიყო, მისთვის ანგარიში გაეწია. დემიანს კი საკუთარი სიმართლის არანაკლებ მტკიცე რწმენა გააჩნდა. ალბათ ამიტომაც ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ან იქნებ სწორედ ამიტომ ეძებდნენ ერთმანეთის ყურადღებას ასე გამუდმებით. მოგონებამ უნებლიეთ გააღიმა. ერთხელ ლივიას რვეულში მთელი გვერდი მისივე სახელით შეავსო. ლივია ქავთარაძე. ლივია ქავთარაძე. ლივია ქავთარაძე. ქვემოთ კი მიაწერა: „როცა გაიზრდები, მაინც ავალიანზე გათხოვდები და ამდენი წერა ტყუილად გამოგივა.“ მეორე დღეს საკუთარი მათემატიკის სახელმძღვანელოში დაკეცილი ფურცელი იპოვა. „დემო, თუ ოდესმე შენზე გავთხოვდები, ესე იგი კაცობრიობა გადაშენებულა და არჩევანი აღარ დამრჩენია.“ დემიანმა მაშინ იმდენი იცინა, რომ მასწავლებელმა კლასიდან გააძევა. ფურცელი კი არ გადაუგდია. რატომღაც. ზოგიერთი ნივთის შენახვის მიზეზს მხოლოდ წლების შემდეგ ხვდები. თუმცა იყო მოგონებებიც, რომელთაც ღიმილი არ მოჰქონდათ. გამოსაშვები საღამო. ლივიას თეთრი კაბა. მუსიკის ხმა, რომელიც დარბაზიდან დერეფანში აღწევდა. და მისი სახე. არა გაბრაზებული. არა ირონიული. არამედ ისეთი, როგორიც დემიანს მანამდე არასოდეს ენახა. იმ ღამეს რაღაც შეიცვალა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ცვლილების მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. დემიანმა თვალები გაახილა. ყურსასმენებში მუსიკა ისევ უკრავდა, მაგრამ აღარ უსმენდა. წარსულს ერთი საზიზღარი თვისება ჰქონდა, მაშინ ბრუნდებოდა, როცა დარწმუნებული იყავი, რომ მისგან აღარაფერი გჭირდებოდა. ლივია ქავთარაძეს ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა არასოდეს ჰქონია. სინამდვილეში, ხშირად საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებაც კი ეზარებოდა. მისი მაცივარი მუდმივად შეიცავდა პროდუქტების ისეთ უცნაურ კომბინაციას, რომ მათგან სადილის მომზადება მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მზარეულს ან სასოწარკვეთილ ადამიანს შეეძლო. სამუშაო მაგიდაზე დოკუმენტები ქაოსურად ეწყო, ტელეფონი თითქმის არასოდეს ჩუმდებოდა, ხოლო ძილი მის ცხოვრებაში უფრო შემთხვევითი სტუმარი იყო, ვიდრე ყოველდღიური აუცილებლობა. მაგრამ პროფესიულ საქმიანობაში სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა. ზუსტი. მომგმენი. სასტიკად ყურადღებიანი. შეეძლო საათობით ეკითხა ერთი და იგივე დოკუმენტი, სანამ უმნიშვნელო შეუსაბამობას არ აღმოაჩენდა. ადამიანების სიტყვებს კი არასოდეს ენდობოდა ისე, როგორც მათ ქმედებებს. რადგან სიტყვები ხშირად იმისთვის არსებობდა, რომ რაღაც დაემალა. ქმედებები კი, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ტოვებდა კვალს. იმ დილით სამუშაო ოთახში ჩვეულებრივზე ადრე მივიდა. რედაქციის შენობა ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი იყო. დერეფანში ახლად მოდუღებული ყავის სურნელი იდგა, ფანჯრებზე წვიმის წვეთები შრებოდა, ხოლო ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა. ლივიამ კომპიუტერი ჩართო. ეკრანზე დემიან ავალიანის საქაღალდე გამოჩნდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში მასზე იმდენი ინფორმაცია შეეგროვებინა, რომ უკვე შეეძლო საკმაოდ ვრცელი ბიოგრაფიული სტატიის დაწერა. მაგრამ ბიოგრაფიები არ აინტერესებდა. მას ის აინტერესებდა, რაც ოფიციალურ ბიოგრაფიებში არ იწერებოდა. ნიუ-იორკის მუსიკალური ფონდი, სახელწოდებით „აურორა“, რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დაფინანსებით იყო დაკავებული. ფონდის ღონისძიებებში დემიანი ხშირად მონაწილეობდა. მისი სახელი არაერთ საქველმოქმედო საღამოსა და კონცერტის პროგრამაში ფიგურირებდა. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. წარმატებული მუსიკოსი ახალგაზრდა ტალანტებს ეხმარებოდა. ლამაზი ისტორია. ზუსტად ისეთი, როგორსაც საზოგადოება სიამოვნებით იღებდა. მაგრამ ლივიამ დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ განსაკუთრებით ლამაზ ისტორიებს ზოგჯერ განსაკუთრებით მახინჯი გაგრძელება ჰქონდათ. ფონდის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან მოულოდნელად წასულიყო. შემდეგ საჯარო სივრციდან თითქმის მთლიანად გამქრალიყო. ამავე პერიოდში ერთ-ერთმა ახალგაზრდა პიანისტმა, რომელსაც ფონდი აფინანსებდა, დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსიდან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ოფიციალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. არაოფიციალურად კი რაღაც სხვა ხდებოდა. ლივიას ხელთ ჰქონდა ელექტრონული წერილის ასლი, რომლის ნამდვილობა ჯერ დასადგენი იყო. მასში ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაძლო ფინანსურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. და ერთ ადგილას დემიან ავალიანის გვარიც ფიგურირებდა. არა როგორც ბრალდებულის. არც როგორც მოწმის. უბრალოდ, როგორც ადამიანის, რომელმაც შესაძლოა რაღაც იცოდა. ლივიას ეს განსხვავება კარგად ესმოდა. სახელის ხსენება დანაშაულს არ ნიშნავდა. და ეჭვი მტკიცებულება არ იყო. მაგრამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სწორედ ის აღმოჩნდებოდა, ვისაც ოფიციალურ დოკუმენტებში ყველაზე უმნიშვნელო ადგილი ეკავა. მან წერილი კიდევ ერთხელ წაიკითხა. შემდეგ დემიანის ბოლო ინტერვიუ გახსნა. მამაკაცი ჟურნალისტის შეკითხვებს ჩვეულებრივი სიმსუბუქით პასუხობდა. ირონიულად იღიმოდა, ზოგჯერ განზრახ აჭიანურებდა პასუხს და ისე იქცეოდა, თითქოს მთელი ინტერვიუ მის გასართობად მოწყობილი პატარა წარმოდგენა ყოფილიყო. ლივიამ ვიდეო შეაჩერა. კადრში დემიანი პირდაპირ კამერას უყურებდა. რამდენიმე წამით ქალს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ეკრანიდან ისევ ის ბიჭი უყურებდა, რომელსაც მთელი ბავშვობა მისი გაბრაზება სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა ახლა ერთი განსხვავება იყო. დემიანს უკვე აღარ სჭირდებოდა სასკოლო ოინები ყურადღების მისაქცევად. მისი ყურადღება მილიონობით ადამიანს სურდა. და სწორედ ეს ხდიდა მას კიდევ უფრო აუტანელს. ლივიამ ვიდეო გამორთო. - ვნახოთ, დემო, რამდენად კარგად უკრავ სიმართლის კლავიშებზე... თბილისის აეროპორტში დემიან ავალიანს რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდა. ჟურნალისტები. ფოტოგრაფები. კონცერტის ორგანიზატორები. თაყვანისმცემლები, რომლებმაც როგორღაც მისი ჩამოფრენის დრო შეიტყვეს. დემიანს მსგავსი შეხვედრები არ უკვირდა. ადამიანის ცნობადობას ერთი უცნაური თვისება ჰქონდა - თანდათან საკუთარი პირადი სივრცის საზღვრებს კარგავდი, ხოლო სრულიად უცხო ადამიანები ისე გესალმებოდნენ, თითქოს წლების მეგობრობა გაკავშირებდათ. მაგრამ საქართველოში ყველაფერი სხვანაირად იგრძნობოდა. აქ მისი სახელი მხოლოდ საკონცერტო აფიშებზე არ ეწერა. აქ ოდესღაც ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მოსწავლე, რომელსაც გაკვეთილებზე ხშირად აგვიანდებოდა, მათემატიკა არ უყვარდა და სკოლის დირექტორის კაბინეტში იმდენჯერ იყო ნამყოფი, რამდენჯერაც ალბათ საპირფარეშოში. ახლა კი იმავე ქალაქში კამერების ციმციმით ხვდებოდნენ. დემიანმა მზის სათვალე მოიხსნა. რამდენიმე ფოტოსთვის შეჩერდა, ვიღაცას ავტოგრაფი მისცა, ახალგაზრდა გოგოსთან სელფი გადაიღო და ჟურნალისტების შეკითხვებს მოკლედ უპასუხა. მისი ღიმილი ბუნებრივი ჩანდა. სინამდვილეში, დემიანმა წლების განმავლობაში სრულყოფილად ისწავლა, როგორ უნდა ყოფილიყო მომხიბვლელი მაშინაც კი, როცა ადამიანებთან საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ნიკოლასი მის გვერდით მიდიოდა და განრიგს ამოწმებდა. - საღამოს ოფიციალური ვახშამია. ხვალ რეპეტიცია, შემდეგ პრესკონფერენცია. - პრესკონფერენციაზე ყველა ჟურნალისტი იქნება? - ალბათ. რატომ? - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - უბრალოდ მაინტერესებს, საქართველოში ჟურნალისტიკა ისევ ისეთივე მოსაწყენია თუ პროგრესი განიცადა. - ნიკოლასმა ეჭვით შეხედა. მას კარგად ესმოდა, რომ დემიანის თითქოს შემთხვევით დასმულ შეკითხვებს ხშირად სრულიად კონკრეტული მიზანი ჰქონდა. - რომელიმე ჟურნალისტს იცნობ? - ერთს. - მეგობარია? - დემიანს გაეცინა. - გააჩნია, მას ჰკითხავ თუ მე. ლივიამ მისი ჩამოსვლის კადრები ტელეფონში ნახა. მოკლე ვიდეო იყო. აეროპორტის გასასვლელი, კამერების შუქი, ჟურნალისტების შეკითხვები და შუაში დემიანი, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საკუთარი დაბადებითაც კი სამყაროსთვის დიდი პატივი დაედო. ლივიამ ვიდეო მეორედ ჩართო. არა იმიტომ, რომ მამაკაცის ყურება სიამოვნებდა. უბრალოდ, ადამიანების ქცევებზე დაკვირვება მისი პროფესიული ჩვევა იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე აუხსნა საკუთარ თავს. დემიანი იღიმოდა. მშვიდად საუბრობდა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ყველა ნიშანი ჰქონდა. მაგრამ ლივიამ შეამჩნია ერთი დეტალი. როცა ჟურნალისტმა ნიუ-იორკში ბოლო პერიოდის საქმიანობაზე ჰკითხა, დემიანის ღიმილი წამით შეიცვალა. თითქმის შეუმჩნევლად. თვალებში რაღაც ცივი გაუკრთა. შემდეგ ისევ გაიღიმა. ლივიამ ვიდეო შეაჩერა. ეს შეიძლებოდა არაფერს ნიშნავდა. შეიძლებოდა უბრალოდ დაღლილი იყო. ან შეკითხვა არ მოეწონა. მაგრამ ჟურნალისტის ინტუიცია ყოველთვის მტკიცებულება არ იყო და სწორედ ამიტომ არ ენდობოდა მას ბრმად. მან მხოლოდ პატარა ჩანაწერი გააკეთა. „ნიუ-იორკი. ბოლო საქმიანობა. რეაქცია.“ შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო. საღამოს რედაქტორისგან შეტყობინება მიიღო. დემიან ავალიანის პრესკონფერენციაზე მისი დასწრება დადასტურებული იყო. ლივიამ შეტყობინება წაიკითხა. და პირველად, მთელი ამ დღეების განმავლობაში, იგრძნო, რომ საქმესთან ერთად რაღაც პირადიც უახლოვდებოდა. ეს არ მოსწონდა. მას პროფესიულ ცხოვრებაში პირადი ემოციების ჩარევა არასოდეს უყვარდა. მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ადამიანს ეხებოდა, რომელსაც ოდესღაც მისი განწყობის გაფუჭება ერთ წინადადებაში შეეძლო. თუმცა ახლა ჩვიდმეტი წლის გოგო აღარ იყო. აღარც დემიანი იყო ის ბიჭი, რომელიც საკლასო ოთახში მის კალამს მალავდა. წლები გავიდა. ადამიანები შეიცვალნენ. სულ მცირე, ასე უნდა ყოფილიყო. დემიანის სასტუმროს ნომერი ქალაქს გადაჰყურებდა. საღამოს თბილისი განათებულიყო. ქუჩებში მანქანები მოძრაობდნენ, შენობების ფანჯრებიდან თბილი შუქი იღვრებოდა, შორს კი მთაწმინდის კონტური იკვეთებოდა. დემიანი აივანზე იდგა. ხელში ტელეფონი ეჭირა. ეკრანზე ლივია ქავთარაძის ჟურნალისტური გვერდი ჰქონდა გახსნილი. მის ბოლო სტატიას კითხულობდა. მკვეთრი ტექსტი იყო. ზუსტი. კარგად აგებული. არავითარი ზედმეტი ემოცია, არავითარი იაფფასიანი სენსაცია. ქალი ფაქტებს ისე ალაგებდა, რომ მკითხველს დასკვნის გაკეთების საშუალებას თავად უტოვებდა. დემიანმა სტატია ბოლომდე ჩაიკითხა. შემდეგ მეორედ გადახედა. უნდა ეღიარებინა, ლივია თავის საქმეში ნამდვილად კარგი იყო. ეს აღმოჩენა უცნაურად ესიამოვნა. ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში იცნობ, მეხსიერებაში ხშირად იმავე ასაკში რჩებიან. თითქოს დრო მხოლოდ შენთვის გადის, ისინი კი უცვლელად ცხოვრობენ ძველ საკლასო ოთახებში, სკოლის ეზოებსა და მოგონებების გაყვითლებულ ფურცლებზე. მაგრამ ლივია გაზრდილიყო. არა მხოლოდ ასაკით. მას საკუთარი ადგილი მოეპოვებინა სამყაროში. საკუთარი ხმა. საკუთარი გავლენა. და, როგორც ჩანდა, საკუთარი მტრებიც. დემიანს ყოველთვის მოსწონდა ადამიანები, რომლებიც სხვების უკმაყოფილების შიშით საკუთარ გზას არ ცვლიდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონაც ასეთი იყო. ტელეფონი დაბლოკა. რამდენიმე წამით ქალაქს უყურებდა. შემდეგ მოულოდნელად გაახსენდა გამოსაშვები საღამოს უკანასკნელი წუთები. ლივია მის წინ იდგა. თვალებში უყურებდა. და რაღაც უთხრა. სიტყვები ზუსტად ახსოვდა. სწორედ ეს იყო ყველაზე ცუდი. „შენ გგონია, ყველაფერი თამაშია, დემიან. მაგრამ ერთხელაც ვიღაცას მართლა ატკენ და მაშინ შენი ნიჭი ვეღარ გიშველის.“ მაშინ გაიცინა. როგორც ყოველთვის. რადგან ჩვიდმეტი წლის დემიან ავალიანს ეგონა, რომ სამყაროში არ არსებობდა ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მომხიბვლელი ღიმილით არ შეიძლებოდა. ახლა უკვე იცოდა, რომ ცდებოდა. მაგრამ იმ საღამოს მომხდარის გახსენება მაინც არ სურდა. ტელეფონი ისევ აიღო. ლივიას ფოტო გახსნა. გაეღიმა. - აბა, ქავთარაძე... ვნახოთ, რამდენად გაიზარდე. იმავე ღამით ლივიას ელექტრონულ ფოსტაზე უცნობი მისამართიდან წერილი მიუვიდა. სათაური არ ჰქონდა. ტექსტიც მოკლე იყო. „თუ დემიან ავალიანის შესახებ სიმართლის გაგება გინდა, ჰკითხე, რა მოხდა ნიუ-იორკში გასული წლის 16 ოქტომბერს.“ ქვემოთ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა. „და ნუ დაუჯერებ, როცა გეტყვის, რომ არაფერი იცის.“ ლივიამ წერილი რამდენჯერმე წაიკითხა. შემდეგ გამგზავნის მისამართი შეამოწმა. უცნობი. სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნილი ანგარიში. მსგავსი წერილები ხშირად მოსდიოდა. ზოგი გულწრფელი იყო, ზოგი, შურისძიების მცდელობა, ზოგი კი უბრალოდ ვიღაცის ცუდად მოფიქრებული ხუმრობა. მაგრამ ამ წერილში კონკრეტული თარიღი ეწერა. 16 ოქტომბერი. ლივიამ კალენდარი გახსნა. თარიღი ჩაინიშნა. შემდეგ დემიანის ფოტო კიდევ ერთხელ გამოიტანა ეკრანზე. მისი მზერა ამჯერად სრულიად სხვანაირი იყო. აღარ უყურებდა ძველ კლასელს. აღარც აუტანელ ბიჭს, რომელმაც ოდესღაც მისი ცხოვრების რამდენიმე წელი გამუდმებულ ნერვების მოშლად აქცია. ახლა მის წინ იდგა მამაკაცი, რომლის შესახებაც შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაეგო. და რომლის წარსულშიც, როგორც ჩანდა, გაცილებით მეტი რამ იმალებოდა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. ლივიამ ნოუთბუქი დახურა. ფანჯარასთან მივიდა. წვიმა შეწყვეტილიყო. ქალაქის თავზე ღამის სიჩუმე ჩამოწოლილიყო, თუმცა შორიდან მანქანების ხმაური ისევ ისმოდა. ხვალ დემიან ავალიანს შეხვდებოდა. თხუთმეტი წლის შემდეგ. საინტერესო იყო, რას იგრძნობდა მისი დანახვისას. ბრაზს? გულგრილობას? თუ იმ უცნაურ, აუხსნელ შეგრძნებას, რომელსაც ზოგჯერ წარსულიდან დაბრუნებული ადამიანები იწვევდნენ? ლივიამ საკუთარ ფიქრზე უკმაყოფილოდ გაიღიმა. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხვალ ის ჟურნალისტი იქნებოდა. დემიან ავალიანი კი - ადამიანი, რომელსაც შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევდა. და თუ რამე არსებობდა, რაც ლივიას წლების განმავლობაში არ შეცვლოდა, ეს ერთი მარტივი თვისება იყო: არ უყვარდა, როცა მის შეკითხვებს გაურბოდნენ. განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებსაც ეგონათ, რომ ერთი მომხიბვლელი ღიმილით ყველაფრის პატიება შეიძლებოდა. 3 დემიან ავალიანს საკუთარი თავის სიყვარულში არასოდეს გამოუჩენია მოკრძალება. სხვათა შორის, ამაში განსაკუთრებულ პრობლემასაც ვერ ხედავდა. მისი აზრით, ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლის ნახევარს იმაში ხარჯავდა, რომ სხვებისთვის საკუთარი მნიშვნელობა დაემტკიცებინა, მეორე ნახევარს კი, იმის უარყოფაში, რომ ეს მნიშვნელობა საერთოდ აინტერესებდა. დემიანს ასეთი წინააღმდეგობები არ აწუხებდა. მოსწონდა საკუთარი გარეგნობა, საკუთარი ნიჭი, საკუთარი ცხოვრება და ის კომფორტი, რომლის მოსაპოვებლადაც წლების განმავლობაში თითქმის არაადამიანურად შრომობდა. მოსწონდა ძვირადღირებული სასტუმროები, სუფთა თეთრეული, დიდი ფანჯრები, საიდანაც ქალაქი ხელისგულივით ჩანდა, და განსაკუთრებით იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთელი სამყარო კარს მიღმა დაეტოვებინა. სწორედ ამიტომ გაატარა თბილისში დაბრუნების პირველი ღამე სასტუმროში. არა იმიტომ, რომ საქართველოში სახლი არ ჰქონდა. პირიქით. თბილისში ჰყავდა მშობლები, უმცროსი და, ნათესავების მთელი არმია და იმდენი ადამიანი, რომელთაც მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად სუფრის გაშლა სურდათ, რომ მათი ერთდროულად გამასპინძლება საშუალო ზომის რესტორანსაც გაუჭირდებოდა. უბრალოდ, დემიანმა მშვენივრად იცოდა, რას ნიშნავდა სახლში დაბრუნება. დედის ჩახუტება. მამის შეკითხვები. დის დაუსრულებელი დაცინვა. ნათესავების ზარები. მეზობლების მოულოდნელი სტუმრობა. და აუცილებლად ვინმე, ვინც იკითხავდა, "ცოლი რატომ არ მგოგყავს". თორმეტსაათიანი მგზავრობის, აეროპორტის ხმაურისა და ათობით უცხო ადამიანის ღიმილის შემდეგ დემიანს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რამდენიმე საათით არავის არაფერი მოეთხოვა მისგან. ამიტომაც სასტუმროს ყველაზე კომფორტული ნომერი აირჩია, ცხელი შხაპი მიიღო, ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა და საკუთარი ეგოიზმით სრულიად კმაყოფილმა დაიძინა. დილით კი დედის თერთმეტი გამოტოვებული ზარი დახვდა. და ერთი შეტყობინება დისგან: „თუ ცოცხალი ხარ, დედას დაურეკე. თუ მკვდარი ხარ, მაინც დაურეკე, თორემ შენს დაკრძალვასაც თვითონ დაგეგმავს.“ დემიანს გაეცინა. საკუთარი ოჯახი ერთადერთი აუდიტორია იყო, რომელზეც მისი მსოფლიო აღიარება თითქმის არ მოქმედებდა. ავალაინების სახლი ვაკის ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე იდგა. ძველი, ორსართულიანი შენობა იყო დიდი აივნით, ხის კიბეებითა და ეზოთი, სადაც გაზაფხულობით იასამანი ყვაოდა. დემიანის ბავშვობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოგონება ამ სახლს უკავშირდებოდა. პირველი ველოსიპედი. პირველი გატეხილი ფანჯარა. პირველი ტყუილი, რომლის გამოც მამამ მთელი კვირით აუკრძალა გარეთ გასვლა. და პირველი პიანინო. შავი, ოდნავ გაცვეთილი ინსტრუმენტი, რომელიც მისაღები ოთახის კუთხეში იდგა და რომლის კლავიშებზეც ექვსი წლის დემიანმა პირველად აღმოაჩინა, რომ ბგერებს ზოგჯერ სიტყვებზე გაცილებით მეტი ძალა ჰქონდათ. მაშინ ჯერ არ იცოდა, რას ნიშნავდა ვირტუოზობა. არც ის იცოდა, რომ ერთ დღეს მისი თითების მოძრაობას ათასობით ადამიანი სუნთქვაშეკრული დააკვირდებოდა. უბრალოდ, უკრავდა. იმიტომ, რომ მუსიკის გარეშე სამყარო რაღაცნაირად დაუმთავრებელი ეჩვენებოდა. სახლში შესვლისთანავე ნაცნობი სურნელი იგრძნო. ახლად გამომცხვარი ხაჭაპური. ყავა. დედის სუნამო. და ბავშვობის ის აუხსნელი სიმყუდროვე, რომელსაც ვერანაირი ძვირადღირებული ინტერიერი ვერ იმეორებდა. დედა სამზარეულოდან გამოვიდა. მარინა ავალიანი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც შვილის ასაკი მხოლოდ საბუთებში ახსოვდათ. მისთვის დემიანი ისევ ის ბიჭი იყო, რომელიც ბავშვობაში ხეზე ადიოდა, მერე ჩამოსვლის ეშინოდა და დახმარების ნაცვლად ამტკიცებდა, აქ ყოფნა მინდოდაო. ქალმა რამდენიმე წამით შეხედა. შემდეგ ჩაეხუტა. ისე ძლიერად, თითქოს თხუთმეტი წლის განმავლობაში დაგროვილი ყველა მონატრება ერთ ჩახუტებაში უნდა ჩაეტია. დემიანმა თვალები დახუჭა. უცნაური იყო. მსოფლიოს ყველაზე დიდ დარბაზებში ათასობით ადამიანის აღფრთოვანება არასოდეს ანიჭებდა იმ სიმშვიდეს, რომელსაც დედის ხელების უბრალო შეხება იწვევდა. - სასტუმროში რატომ გაჩერდი? - პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს აღმოჩნდა. - დედა, მეც მიხარია შენი ნახვა. - სახლში საწოლი არ გაქვს? - მაქვს, მაგრამ სასტუმროში ოთახის მომსახურებაც მოჰყვება. - მარინამ ისეთი მზერით შეხედა, რომ დემიანს გაეცინა. - კარგი, ვაღიარებ. მომენატრე. - იმდენად, რომ მთელი ღამე ტელეფონი გამორთული გქონდა? - სიყვარულს ზოგჯერ დისტანცია უხდება. - შენს თავთან დისტანციასაც რომ სცადო, არ გაწყენდა. - ეს უკვე მისი უმცროსი და, ანა იყო. კიბეზე ჩამოდიოდა, ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელიც დემიანს ბავშვობიდანვე პრობლემებს უქმნიდა. ოცდაექვსი წლის ანა ავალიანი ძმისგან განსხვავებით არანაირ სურვილს არ განიცდიდა, საკუთარი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაეტარებინა. არქიტექტორი იყო. მშვიდი, დაკვირვებული და საოცრად ნიჭიერი იმაში, რომ დემიანის თავდაჯერება ერთი წინადადებით დაემიწებინა. - პატარა ურჩხულო. - დემიანმა ხელები გაშალა. ანა ჩაეხუტა. შემდეგ უკან დაიხია და ძმას თავიდან ფეხებამდე შეავლო თვალი. - ტელევიზორში უფრო მაღალი ჩანხარ. - შენ კი ბავშვობაში უფრო საყვარელი იყავი. - იმიტომ, რომ მაშინ ჯერ არ ვიცოდი, როგორი აუტანელი ხარ. - დემიანმა დას შუბლზე აკოცა. ამ სახლში ყველაფერი თავის ადგილზე იყო. და ეს უცნაურად სიამოვნებდა. მამა მისაღებ ოთახში დახვდა. ალექსანდრე ავალიანი ყოფილი ინჟინერი იყო, რომელსაც საკუთარი ემოციების გამოხატვა არასოდეს ეხერხებოდა ისე თავისუფლად, როგორც მეუღლეს. შვილით ამაყობდა. შესაძლოა იმაზე მეტადაც, ვიდრე ოდესმე აღიარებდა. მაგრამ დემიანის წარმატების შესახებ საუბრისას ყოველთვის ერთი და იგივე თავშეკავებული გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს შვილის მსოფლიო აღიარება უბრალოდ ბუნებრივი შედეგი ყოფილიყო იმ შრომისა, რომელსაც ბავშვობიდან ადევნებდა თვალს. მამა წამოდგა. ხელი ჩამოართვა. შემდეგ მხარზე ხელი დაადო. მათ შორის სიყვარულს ზედმეტი სიტყვები არასოდეს სჭირდებოდა. დემიანმა ოთახს თვალი მოავლო. კუთხეში ისევ ის ძველი პიანინო იდგა. მისი დანახვისას რაღაც შეეცვალა. წლების განმავლობაში უამრავ ინსტრუმენტზე დაეკრა. იშვიათ, ძვირადღირებულ როიალებზე, რომელთა ხმოვანებას საუკეთესო ოსტატები ამოწმებდნენ. მაგრამ ამ გაცვეთილ პიანინოსთან რაღაც ისეთი აკავშირებდა, რასაც ვერანაირი სრულყოფილი ჟღერადობა ვერ შეცვლიდა. მიუახლოვდა. სკამზე ჩამოჯდა. თითები კლავიშებზე დააწყო. პირველი ბგერა ოდნავ არასწორად გაიჟღერა. ინსტრუმენტი ასაწყობი იყო. დემიანს გაეღიმა. ცხოვრებაში პირველად სწორედ ამ პიანინომ ასწავლა, რომ სრულყოფილება ყოველთვის სილამაზეს არ ნიშნავდა. ზოგჯერ ოდნავ არასწორი ბგერაც კი შეიძლებოდა ყველაზე ძვირფასი ყოფილიყო. რამდენიმე ტაქტი დაუკრა. ძველი მელოდია. მარტივი. ბავშვობიდან ნაცნობი. დედა კართან გაჩერდა. ანა დივანზე ჩამოჯდა. მამამ გაზეთი გადადო. არავინ არაფერი თქვა. და დემიანმა პირველად იგრძნო, რომ სახლში ნამდვილად დაბრუნდა. ლივია ქავთარაძეს დილა ცუდად დაეწყო. არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა. უბრალოდ, იმ ღამით თითქმის არ ეძინა. უცნობი გამგზავნის წერილი გონებიდან ვერ ამოეგდო. 16 ოქტომბერი. თარიღი არაფერს ეუბნებოდა. ნიუ-იორკში იმ დღეს უამრავი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. კონცერტი, საქმიანი შეხვედრა, ფინანსური გარიგება, ვიღაცის პირადი ტრაგედია. მაგრამ წერილის ავტორს რატომღაც სწორედ დემიან ავალიანის სახელი დაეკავშირებინა მასთან. ლივიამ რამდენიმე საათი გაატარა ღია წყაროებში. ფონდის საჯარო ანგარიშები შეამოწმა. კონცერტების არქივები. სოციალური ქსელები. მუსიკალური გამოცემები. და ბოლოს ერთ პატარა დეტალს მიაგნო. გასული წლის 16 ოქტომბერს „აურორას“ ფონდის დახურული საქველმოქმედო საღამო გამართულიყო. დემიან ავალიანი მოწვეულ შემსრულებელთა შორის იყო. ოფიციალურ ფოტოებზე იღიმოდა. შავ კოსტიუმში გამოწყობილი, ხელში შამპანურის ჭიქით, ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად. ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული საღამო. მაგრამ ღონისძიების მეორე დღეს ერთ-ერთ ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი სოციალური ქსელები წაეშალა. რამდენიმე კვირაში კი მისი სახელი ფონდის ვებგვერდიდანაც გაქრა. ლივიამ ფოტო გაადიდა. ახალგაზრდა ქალი იყო. დაახლოებით ოცდაორი წლის. მუქი თმით, ფერმკრთალი სახითა და ისეთი სერიოზული მზერით, რომელიც კამერის წინ უხერხულობას უფრო გამოხატავდა, ვიდრე სიამოვნებას. ელიზა მორგანი. პიანისტი. „აურორას“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტიპენდიატი. ლივიამ სახელი ჩაინიშნა. შემდეგ მისი ბოლო საჯარო ინტერვიუ მოძებნა. გოგონა მუსიკაზე საუბრობდა. საკუთარ ოცნებებზე. იმაზე, როგორ უნდოდა ერთ დღეს დიდ სცენაზე დაკვრა. ინტერვიუ 16 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ჩაწერილი. შემდეგ - თითქმის სრული სიჩუმე. ლივიას გამოცდილებით, ადამიანების მოულოდნელი გაქრობა საჯარო სივრციდან ყოველთვის დანაშაულს არ ნიშნავდა. ზოგჯერ ისინი უბრალოდ იღლებოდნენ. ზოგჯერ ცხოვრებას ცვლიდნენ. ზოგჯერ კი ვიღაც ან რაღაც აიძულებდათ, გაჩუმებულიყვნენ. ჯერ არ იცოდა, ამ სამიდან რომელ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელი იყო. ელიზა მორგანის მოძებნა მოუწევდა. პრესკონფერენცია ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში იმართებოდა. დარბაზში ყველაფერი საგულდაგულოდ იყო გათვლილი. განათება. სცენის გაფორმება. დემიანის უზარმაზარი პორტრეტი. შავი როიალი, რომელიც დეკორაციის ნაწილად დაედგათ და რომლის დანახვაზეც ლივიას უნებლიეთ გაეღიმა. ადამიანებს მართლაც საოცარი უნარი ჰქონდათ, ხელოვნება ძვირადღირებულ შეფუთვად ექციათ. ჟურნალისტები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. ვიღაც კამერას ამოწმებდა. ვიღაც შეკითხვებს იმეორებდა. ვიღაც კი უკვე ცდილობდა გაერკვია, რომელ ცნობილ ქალთან ჰქონდა დემიანს უკანასკნელი რომანი. ლივია დარბაზის შუა ნაწილში დაჯდა. შავი შარვალი, ღია ფერის აბრეშუმის პერანგი და მკაცრი, თუმცა დახვეწილი პიჯაკი ეცვა. მუქი თმა თავისუფლად ჩამოშლოდა მხრებზე. გარეგნობაზე ზრუნვა უყვარდა, მაგრამ არასოდეს ცდილობდა, სილამაზე პროფესიული უპირატესობის შემცვლელად გამოეყენებინა. იცოდა, რომ ლამაზი იყო. ისიც იცოდა, რომ ზოგიერთ მამაკაცს ეს ფაქტი ხელს უშლიდა მის შეკითხვებზე კონცენტრირებაში. და, სიმართლე რომ ითქვას, მათი დაბნეულობა დიდად არ აწუხებდა. მაგიდაზე ბლოკნოტი დადო. ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა. და დაელოდა. დემიანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გამოჩნდა. რასაკვირველია. ლივიას არც კი გაჰკვირვებია. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იგვიანებდნენ იმიტომ, რომ დროს ვერ აკონტროლებდნენ. და არსებობდნენ ისეთებიც, რომელთაც მოსწონდათ, როცა სხვები ელოდნენ. დემიან ავალიანი, მისი აზრით, მეორე კატეგორიის კლასიკური წარმომადგენელი იყო. დარბაზში შესვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგის ზედა ღილი შეხსნილი ჰქონდა, თმა კი ისევ იმ მოჩვენებითი დაუდევრობით იყო დავარცხნილი, რომელსაც, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირადღირებული სტილისტი ქმნიდა. ლივიამ თვალები ოდნავ მოჭუტა. ღმერთო, რამდენი შრომა სჭირდებოდა ზოგიერთ მამაკაცს იმისთვის, რომ ისეთი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, თითქოს საერთოდ არ შრომობდა. დემიანი მაგიდასთან დაჯდა. მიკროფონი შეისწორა. გაიღიმა. და დარბაზს თვალი მოავლო. თავდაპირველად ჩვეულებრივ. მექანიკურად. შემდეგ მისი მზერა ერთ წერტილში შეჩერდა. ლივია. რამდენიმე წამი ერთმანეთისკენ იყურებოდნენ. თხუთმეტი წელი. სრულიად განსხვავებული ცხოვრება. სხვადასხვა ქალაქები, ადამიანები, გამოცდილებები. და მაინც, იმ წამს ორივემ თითქმის ერთდროულად იგრძნო რაღაც უცნაური. თითქოს დრომ, რომელსაც მათი შეცვლა უნდა მოეხერხებინა, მოულოდნელად უკან დაიხია. დემიანის გაეღიმა. ლივიამ ეს ღიმილი იცნო. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა სკოლაში, როცა რაღაც სისულელეს აპირებდა. ქალმა მზერა მშვიდად აარიდა. დემიანს კი გაეღიმა. არა იმ ღიმილით, რომელსაც ფოტოგრაფებისთვის იყენებდა. სხვანაირად. გულწრფელად. თითქოს მოულოდნელად რაღაც ძალიან ძველი და ძალიან სასიამოვნო სათამაშო ეპოვა. პრესკონფერენცია დაიწყო. შეკითხვები ძირითადად მუსიკას ეხებოდა. შემოქმედებით გეგმებს. საქართველოში დაბრუნებას. ახალ პროექტებს. დემიანი პასუხობდა მშვიდად, თავდაჯერებით, ზოგჯერ იუმორით. ლივია უსმენდა. აკვირდებოდა მის ხელებს. მზერას. იმ მცირე პაუზებს, რომლებსაც პასუხის გაცემამდე აკეთებდა. მამაკაცის ხმის ტემბრიც კი შეცვლილიყო. დაბალი, ოდნავ ხრინწიანი გამხდარიყო. უცნაურად სასიამოვნო მოსასმენი. ლივიამ საკუთარ თავს გონებაში მკაცრად შეუტია. მისი ხმის შესაფასებლად არ მოსულხარ. ბოლოს შეკითხვების დასმის დრო მასაც მიეცა. ლივია წამოდგა. დემიანმა მაშინვე შეხედა. და ამჯერად ღიმილი აღარ დაუმალავს. - ბატონო დემიან. - დაიწყო ქალმა მშვიდად. - თქვენი საერთაშორისო კარიერა არაერთ საქველმოქმედო პროექტს უკავშირდება. მათ შორის „აურორას“ ფონდსაც. მაინტერესებს, რამდენად აქტიურად მონაწილეობთ ფონდის საქმიანობაში კონცერტების მიღმა? - დემიანის სახეზე არაფერი შეცვლილა. მაგრამ მის გვერდით მჯდომმა ნიკოლასმა კალამი მაგიდაზე დადო. ეს პატარა მოძრაობა ლივიას არ გამოჰპარვია. დემიანმა რამდენიმე წამით შეხედა. შემდეგ მიკროფონს მიუახლოვდა. - გააჩნია, აქტიურობაში რას გულისხმობთ. - გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას. დაფინანსების პროცესს. ახალგაზრდა მუსიკოსების შერჩევას. - ჩემი მთავარი პროფესია მუსიკაა, ქალბატონო... - წამით შეჩერდა. თითქოს გვარის გახსენებას ცდილობდა. ლივიამ თვალები ოდნავ მოჭუტა. ეს თამაში მშვენივრად იცნო. - ქავთარაძე. - დიახ, ქალბატონო ქავთარაძე. - დემიანმა ისეთი ღიმილით გაიმეორა მისი გვარი, თითქოს ამ სიტყვას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. - და, როგორც მუსიკოსს, მირჩევნია ახალგაზრდებს სცენაზე დავეხმარო, ვიდრე ბუღალტრულ დოკუმენტებში ვიქექო. - დარბაზში რამდენიმე ადამიანს გაეღიმა. ლივიას ზ არა. - ანუ ფონდის ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას არ იღებთ? - დემიანმა მზერა არ მოაშორა. - პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიღებ იმაზე, რასაც თავად ვაკეთებ. - პასუხი ზუსტი იყო. და ამავდროულად არაფერს ამბობდა. ლივიამ ბლოკნოტი დახურა. - გასაგებია. მადლობა. - დაჯდა. დემიანმა კი კიდევ რამდენიმე წამით უყურა. ქალის შეკითხვამ არ გააკვირვა. გააკვირვა იმან, თუ რამდენად სწრაფად გაახსენდა ძველი შეგრძნება. ლივიასთან საუბარი ყოველთვის პატარა ომს ჰგავდა. და დემიანს ომები უყვარდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგე დანებებას არ აპირებდა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლივია დარბაზიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. განზრახ. არ სურდა ძველი ნაცნობობის გამო ზედმეტი ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მით უმეტეს, როცა საქმე პროფესიულ გამოძიებას ეხებოდა. დერეფანში უკვე თითქმის გასული იყო, როცა ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. - ქავთარაძე. - გაჩერდა. ნელა შემობრუნდა. დემიანი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო. სახეზე ის აუტანლად კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც ლივიას ბავშვობიდან ახსოვდა. ახლოდან კიდევ უფრო შეცვლილიყო. მაღალი იყო. უფრო მაღალი, ვიდრე ახსოვდა. მხრებიც დახვეწოდა. მაგრამ თვალებში ისევ ის თავხედური ნაპერწკალი უკრთოდა. ლივიამ ეს ყველაფერი წამებში შეამჩნია. და მაშინვე გადაწყვიტა, რომ არცერთი დეტალი არ იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას. - დემიან. - მამაკაცმა წარბი ასწია. - რა ოფიციალური ხარ. გული მეტკინა. - როგორმე გადაიტან. - დემიანს გაეცინა. სწორედ ასეთი ახსოვდა. მკვეთრი. მშვიდი. და საოცრად ნიჭიერი იმაში, რომ ადამიანს საკუთარი უპირატესობის განცდა რამდენიმე სიტყვით წაერთმია. - თხუთმეტი წელი გავიდა, ლივია. - კალენდარსაც ვიყენებ, მადლობა. - და ისევ ისეთი თბილი ხარ. - შენ კი ისევ ისეთი მოკრძალებული. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. უცნაური სიჩუმე. არა უხერხული. უფრო ისეთი, რომელშიც ზედმეტად ბევრი რამ იყო სათქმელი. დემიანმა ქალი ყურადღებით შეათვალიერა. არა გამომწვევად. არც ისე, როგორც ქალებს ჩვეულებრივ უყურებდა. ამ მზერაში რაღაც სხვა იყო. ცნობისმოყვარეობა. გაკვირვება. და წარსულის იმ ნაწილის ამოცნობის მცდელობა, რომელიც მის წინ სრულიად ახალი სახით იდგა. ლივიამ მზერა არ აარიდა. - რამე გჭირდება? - წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება უბრალოდ შენი ნახვა გამიხარდა. - ასაკთან ერთად აშკარად ფანტაზია გაგიმდიდრდა. - დემიანმა თავი ოდნავ დახარა. გაიღიმა. - ისევ ვერ მიტან? - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ისეთი მშვიდი გამომეტყველებით უპასუხა, თითქოს ამ შეკითხვაზე ფიქრი საერთოდ არ სჭირდებოდა. - დემო, შენს მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად მიზეზი ჯერ არ მოგიცია. - დემიანი გაშეშდა. მხოლოდ წამით. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა. დემო. თხუთმეტი წლის შემდეგ. ეს სახელი მისგან ისევ ისე ჟღერდა, როგორც ოდესღაც. ოდნავ დამცინავად. ოდნავ გამაღიზიანებლად. და რატომღაც წარმოუდგენლად ნაცნობად. - ღმერთო, როგორ მომნატრებია შენი საზიზღარი ხასიათი. - ლივიამ წარბი ასწია. - ეს უკვე სერიოზული დიაგნოზია. კარგი ექიმი მოძებნე. - შემდეგ გვერდი აუარა. დემიანს მისი შეჩერება არ უცდია. მხოლოდ უყურებდა, როგორ მიდიოდა დერეფანში. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა მარმარილოს იატაკზე მკაფიოდ ისმოდა. ქალს არც ერთხელ მოუხედავს უკან. დემიანმა ნელა ამოისუნთქა. ტუჩებზე ღიმილი ჯერ კიდევ შერჩენოდა. რამდენიმე წამით ისევ ჩვიდმეტი წლის ბიჭად იგრძნო თავი. იმ განსხვავებით, რომ ახლა მშვენივრად ესმოდა, რატომ უყვარდა ლივიას გაღიზიანება ასე ძალიან. და ეს აღმოჩენა სულაც არ იყო დამამშვიდებელი. საღამოს ლივიამ პრესკონფერენციის ჩანაწერი კიდევ ერთხელ მოისმინა. დემიანის პასუხები ზუსტი იყო. ფრთხილი. არაფერი ისეთი, რაც პირდაპირ ეჭვს გაამყარებდა. მაგრამ ერთი დეტალი არ ასვენებდა. როცა „აურორას“ ფონდის საქმიანობაზე ჰკითხა, ნიკოლასმა კალამი დადო. დემიანმა კი პასუხამდე ძალიან მცირე პაუზა გააკეთა. შესაძლოა ეს არაფერს ნიშნავდა. შესაძლოა ყველაფერი მხოლოდ მისი პროფესიული ეჭვიანობის შედეგი იყო. მაგრამ ლივიამ გადაწყვიტა, რომ ელიზა მორგანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეძიებინა. სწორედ მაშინ მიიღო კიდევ ერთი შეტყობინება. ამჯერად უცნობი ნომრიდან. „16 ოქტომბერს მხოლოდ ფინანსური გარიგება არ მომხდარა. იმ ღამეს ვიღაცის კარიერა დასრულდა. ჰკითხე ავალიანს, რატომ დატოვა ღონისძიება შუაღამემდე.“ ლივიამ შეტყობინება წაიკითხა. შემდეგ კიდევ ერთხელ. ფანჯრის მიღმა ქალაქი ღამის განათებაში იძირებოდა. მის წინ დემიან ავალიანის ფოტო იდო. მამაკაცი იღიმოდა. თავდაჯერებულად. თითქოს სამყაროში არაფერი არსებობდა, რაც მის სიმშვიდეს დაარღვევდა. ლივიამ ფოტო გვერდით გადადო. მან ჯერ არ იცოდა, რომ ამ გამოძიებაში ყველაზე რთული სიმართლის პოვნა კი არ იქნებოდა. ყველაზე რთული იმის გარკვევა აღმოჩნდებოდა, რამდენად შეეძლო ნდობა ადამიანისა, რომელმაც ოდესღაც უკვე ასწავლა, რომ ერთი და იგივე ღიმილი ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავდა. და დემიან ავალიანს, რომელიც იმავე საღამოს ოჯახურ სახლში ძველ პიანინოსთან იჯდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ წარსულის ორი სრულიად განსხვავებული ისტორია ნელ-ნელა ერთმანეთისკენ მიიწევდა. ერთი - თბილისიდან. მეორე - ნიუ-იორკიდან. ორივეს ერთი საერთო ჰქონდა. სიჩუმე. და ორივე სიჩუმის დარღვევას აპირებდა. 4 ადამიანის სხეულს მეხსიერების საკუთარი სისტემა აქვს. ის ინახავს იმასაც, რასაც გონება დიდი ხნის წინ დასრულებულად მიიჩნევს. სურნელს, რომელიც ოდესღაც რაღაცას ნიშნავდა. ხმის ტემბრს, რომელიც წლების შემდეგაც ნაცნობად ჟღერს. შეხებას, რომელიც შეიძლება არც კი მომხდარა, მაგრამ რომლის მოლოდინიც უცნაურად მკაფიოდ შემორჩენილა. ლივია ქავთარაძეს ასეთი მეხსიერების არსებობა არასოდეს აინტერესებდა. მას ფაქტები უყვარდა. ის, რისი შემოწმებაც შეიძლებოდა. ის, რასაც ხელში დაიჭერდი, დოკუმენტად აქცევდი, თარიღს მიუწერდი და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც წარადგენდი. მაგრამ წინა დღის შეხვედრის შემდეგ ერთი შემაშფოთებელი გარემოება აღმოაჩინა. დემიან ავალიანის არსებობა მის გონებაში გაცილებით მეტ ადგილს იკავებდა, ვიდრე გამოძიებისთვის იყო აუცილებელი. ეს ფაქტი აღიზიანებდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვერაფერს უხერხებდა. დილით, ყავის მომზადებისას, მოულოდნელად გაახსენდა, როგორ გაეცინა მამაკაცს ძველი მეტსახელის გაგონებაზე. სამსახურისკენ მიმავალს მისი ხმა ამოუტივტივდა. საღამოს კი, როცა ნიუ-იორკის საქველმოქმედო ფონდის დოკუმენტებს ამოწმებდა, რამდენჯერმე აღმოაჩინა, რომ ეკრანზე გაჩერებულ ფოტოს იმაზე დიდხანს უყურებდა, ვიდრე საჭირო იყო. ლივიას ეს არ მოსწონდა. ქალს, რომელიც საკუთარი ემოციების მართვას მიჩვეული იყო, ყველაზე მეტად სწორედ ის აშინებდა, რასაც სახელს ვერ არქმევდა. თუმცა შიში მეტისმეტად ძლიერი სიტყვა იქნებოდა. უფრო გაღიზიანება. დიახ. გაღიზიანება ბევრად უფრო მისაღები განმარტება იყო. დემიანს იმ დილით რეპეტიცია ჰქონდა. თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯერ კიდევ ცარიელი სავარძლები სიბნელეში ჩაძირულიყვნენ. სცენის განათება მხოლოდ შავ როიალს ეცემოდა, რომლის გაპრიალებულ ზედაპირზე ჭერის ნათურები ირეკლებოდა. დემიანი თითქმის ორი საათის განმავლობაში უკრავდა. ზოგჯერ ერთსა და იმავე მონაკვეთს რამდენჯერმე იმეორებდა, ჩერდებოდა, ხელებს მუხლებზე იწყობდა და რამდენიმე წამით უძრავად იჯდა. შემდეგ თავიდან იწყებდა. მისი მუსიკალური სრულყოფილება მხოლოდ ნიჭის შედეგი არ ყოფილა. დემიანი იმ ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც საკუთარ თავთან ყველაზე დაუნდობლები იყვნენ. სხვებისთვის შეიძლებოდა ბევრი რამ ეპატიებინა. საკუთარი შეცდომები კი თითქმის ფიზიკურ ტკივილს აყენებდა. მისთვის მუსიკაში დაუდევრობა უპატივცემულობის ერთ-ერთი ფორმა იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ხშირად იქცეოდა თავხედურად, სცენაზე არასოდეს აძლევდა თავს უფლებას, საკუთარ ნიჭს უპატივცემულოდ მოჰქცეოდა. რეპეტიციის დასრულების შემდეგ ტელეფონს დახედა. რამდენიმე შეტყობინება დახვდა. ნიკოლასი. კონცერტის ორგანიზატორი. ორი ქალი, რომელთაგან ერთის სახელი მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა. და დედა, რომელიც ეკითხებოდა, საღამოს სახლში ივახშმებდა თუ ისევ მსოფლიო მნიშვნელობის საქმეებით იყო დაკავებული. დემიანმა დედას უპასუხა. შემდეგ სოციალური ქსელი გახსნა. ლივია ქავთარაძის გვერდი მოძებნა. ახალი არაფერი გამოქვეყნებულიყო. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ გაეღიმა. საკუთარი თავისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა ახსნილი, რატომ აინტერესებდა ეს ქალი ასე ძალიან. შესაძლოა იმიტომ, რომ ლივია ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მისი სახელის გაგონებაზე აღფრთოვანებით არ სუნთქავდა. ან იმიტომ, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მისი თვალები ახსოვდა. მუქი, გამჭოლი, უცნაურად მშვიდი. თვალები, რომლებშიც არც მოწიწება ჩანდა და არც დაბნეულობა. მხოლოდ გამოწვევა. დემიანს გამოწვევები უყვარდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ლამაზ ქალებს ჰგავდნენ. ლივიას ტელეფონმა დღის ოთხ საათზე დარეკა. უცნობი ნომერი იყო. ჩვეულებრივ, ასეთ ზარებს უპასუხოდ არ ტოვებდა. მისი პროფესიის ადამიანისთვის უცნობი ნომერი ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიშნავდა. - გისმენთ. - ქავთარაძე, შენთან საუბარი ისევ ისეთივე რთულია, როგორც თხუთმეტი წლის წინ? - ლივიამ თვალები დახუჭა. ერთი წამით. მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავისთვის მოთმინება შეეხსენებინა. - საიდან გაქვს ჩემი ნომერი? - გამარჯობა, დემიან. როგორ ხარ? სასიამოვნოა შენი ხმის გაგონება. - ნომერი საიდან გაქვს? - შენს რომანტიკულ ბუნებას წლები ვერაფერს აკლებს. - ლივიამ კალამი მაგიდაზე დადო. დემიანის ხმა ტელეფონში ოდნავ უფრო დაბალი ჟღერადობის იყო. თბილი. ზედმეტად მშვიდი. ისეთი, როგორიც მამაკაცებს მაშინ აქვთ, როცა ზუსტად იციან, რომ მეორე მხარეს ვიღაცას ნერვებს უშლიან. - თუ საქმეზე მირეკავ, გისმენ. - საქმეზე. - კონკრეტულად? - ინტერვიუ. - ლივია გასწორდა. - რა ინტერვიუ? - გუშინ იმდენი საინტერესო შეკითხვა გქონდა, გადავწყვიტე, ცოტა მეტი დრო დაგითმო. - ქალმა წარბები შეკრა. ეს მოულოდნელი იყო. საჯარო პირები, რომელთა საქმიანობაშიც შესაძლო დარღვევების ნიშნები ჩნდებოდა, ჩვეულებრივ, ჟურნალისტებთან დამატებით შეხვედრას არ ჩქარობდნენ. დემიანი კი თავად სთავაზობდა. ან რაღაც იცოდა. ან რაღაცის კონტროლი სურდა. ან უბრალოდ ისევ ის აუტანელი ბიჭი იყო, რომელსაც სხვისი გეგმების არევა სიამოვნებას ანიჭებდა. - როდის? - დღეს. - სად? - რეპეტიციაზე. - ლივიამ საათს დახედა. - და შენ გგონია, ყველაფერს მივატოვებ და შენთან გამოვიქცევი? - არა, ლივია. მგონია, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ და საინტერესო შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებ. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. დემიანმა იცოდა, რომელ ღილაკზე უნდა დაეჭირა. ეს მისი პროფესიული უნარი იყო. და, როგორც ჩანდა, პირად ურთიერთობებშიც წარმატებით იყენებდა. - მისამართი გამომიგზავნე. - რა სასიამოვნოა, როცა ბოლოს მაინც თანხმდები. - დემო... - ჰო? - ტელეფონის გათიშვამდე სამი წამი გაქვს. - მამაკაცის სიცილი გაიგონა. შემდეგ ზარი შეწყდა. ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. რამდენიმე წამით უყურებდა. და უნებლიეთ გაეღიმა. სწორედ ამ ღიმილმა გააღიზიანა ყველაზე მეტად. საკონცერტო დარბაზში მისვლისას ლივიამ აღმოაჩინა, რომ რეპეტიცია უკვე დასრულებულიყო. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. სცენაზე მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა. დემიანი. თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკაპიწებინა. პიჯაკი როიალის გვერდით სკამზე გადაედო, საყელო შეხსნილი ჰქონდა. არ უკრავდა. თითებს კლავიშებზე მსუბუქად აყრდნობდა, თითქოს ინსტრუმენტთან უხმოდ საუბრობდა. ლივია შესასვლელთან შეჩერდა. მამაკაცს ჯერ არ შეემჩნია. და ქალს პირველად მიეცა შესაძლებლობა, მისთვის ისე შეეხედა, რომ საპასუხო მზერას არ დალოდებოდა. დემიანი სცენაზე სხვანაირი იყო. მოძრაობებშიც კი რაღაც განსაკუთრებული სიზუსტე იგრძნობოდა. თითქოს სხეულის თითოეულ ნაწილს საკუთარი დანიშნულება ჰქონდა და ყველა მათგანი ერთ უხილავ რითმს ემორჩილებოდა. მისი ხელები... ლივიამ მზერა უნებლიეთ შეაჩერა. გრძელი თითები. მოქნილი მაჯები. მოძრაობის საოცარი სიმსუბუქე. უცნაური იყო, როგორ შეიძლებოდა ადამიანის ხელები ასეთი გამომსახველი ყოფილიყო მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებდა. შემდეგ დემიანმა დაკვრა დაიწყო. მელოდია მშვიდად გაიშალა. არც ზედმეტი პათოსი ჰქონდა. არც ტექნიკური შესაძლებლობების დემონსტრირების სურვილი. უბრალოდ, მუსიკა იყო. თბილი. ოდნავ სევდიანი. ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარი ცხოვრების იმ ნაწილს ახსენებდა, რომლის არსებობაც თითქოს დავიწყებული ჰქონდა. ლივია არ განძრეულა. მას არასოდეს უყვარდა საკუთარი თავის მოტყუება. დემიან ავალიანი მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო. ამის უარყოფა ისეთივე უაზრობა იქნებოდა, როგორიც იმის მტკიცება, რომ მზეს სინათლე არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიცხე გაღიზიანებდა. მელოდია დასრულდა. დემიანს თავი არ მოუბრუნებია. - შეგიძლია ტაში დაუკრა, ქავთარაძე. არ მეწყინება. - ლივიამ თვალები აატრიალა. ჯადოსნური მომენტი მაშინვე გაქრა. - თავმდაბლობის გაკვეთილებსაც რომ ესწრებოდე, მუსიკის გარდა, ცუდი არ იქნებოდა. - დემიანმა გაიცინა. შემდეგ მისკენ შემობრუნდა. რამდენიმე წამით უყურა. და ლივიამ იგრძნო, როგორ შეიცვალა მამაკაცის მზერა. გუშინ, პრესკონფერენციაზე, დემიანი მას როგორც ძველ ნაცნობს უყურებდა. ახლა კი... ახლა მის მზერაში რაღაც აშკარად მამაკაცური გაჩნდა. არა უხეში. არა ვულგარული. უფრო ისეთი ყურადღება, რომელსაც ქალი მაშინვე გრძნობს, მაშინაც კი, როცა მამაკაცი არაფერს ამბობს. დემიანმა მზერა მის სახეზე შეაჩერა. შემდეგ ოდნავ ქვემოთ ჩამოატარა. და ისევ თვალებში შეხედა. - გაიზარდე, ქავთარაძე. - ლივიამ ჩანთა სკამზე დადო. - შენ კი, როგორც ჩანს, ვერა. - გარეგნობას ვგულისხმობდი. - მეც. - დემიანს გაეცინა. მოსწონდა. ღმერთო, როგორ მოსწონდა ეს ქალი. მისი ენა. მისი სიჯიუტე. ის აუტანელი სიმშვიდე, რომლითაც ნებისმიერ ირონიას უკან უბრუნებდა. და ყველაზე მეტად ის, რომ მის გვერდით საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი აღარ სჭირდებოდა. შეეძლო უბრალოდ ყოფილიყო. თავხედი. ცინიკური. ზოგჯერ აუტანელიც. და მაინც არ ეგრძნო, რომ ქალს რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა. ინტერვიუ სცენაზე დაიწყეს. ლივიამ დიქტოფონი ჩართო. დემიანი როიალთან იჯდა, ქალი კი მის გვერდით, ოდნავ მოშორებით. შეკითხვები თავდაპირველად ჩვეულებრივი იყო. კარიერა. ნიუ-იორკი. მუსიკალური განათლება. წარმატების ფასი. დემიანი პასუხობდა. ზოგჯერ სერიოზულად. ზოგჯერ ირონიით. მაგრამ ლივიამ მალე შეამჩნია, რომ მამაკაცი შეკითხვებს გაცილებით ყურადღებით უსმენდა, ვიდრე პრესკონფერენციაზე. ის აღარ ცდილობდა თითოეული პასუხის პატარა წარმოდგენად ქცევას. თითქოს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რას იფიქრებდა სწორედ ეს ქალი. ლივიამ რამდენიმე წამით შეისვენა. შემდეგ მთავარი შეკითხვა დასვა. - 16 ოქტომბერს „აურორას“ ფონდის დახურულ საღამოზე იყავი? - დემიანის თითები კლავიშებზე გაჩერდა. წამით. მხოლოდ წამით. შემდეგ მამაკაცმა ქალს შეხედა. ღიმილი სახიდან ნელა გაუქრა. - საიდან გაქვს ეს თარიღი? - ლივიამ მაშინვე იგრძნო ცვლილება. ხმის ტემბრში. მზერაში. სხეულის მდგომარეობაში. დემიანი პირველად აღარ ჰგავდა ადამიანს, რომელიც საუბრის მიმდინარეობას სრულყოფილად აკონტროლებდა. - შეკითხვას შეკითხვით პასუხობ. - მამაკაცმა მზერა არ მოაშორა. - ლივია. - მისი სახელი პირველად წარმოთქვა სრულიად უირონიოდ. და სწორედ ამან იმოქმედა ქალზე ყველაზე უცნაურად. - საიდან გაქვს ეს თარიღი? ლივიამ დიქტოფონს დახედა. - წყაროს ვინაობას ვერ გაგიმხელ. - დემიანი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ ნელა წამოდგა. სცენაზე რამდენიმე ნაბიჯი გაიარა. ლივიას მისთვის თვალი არ მოუშორებია. მამაკაცი აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა. არა იმაზე, როგორ აერიდებინა შეკითხვა. უფრო იმაზე, რამდენის თქმა შეეძლო. და ეს განსხვავება ლივიას არ გამოჰპარვია. - იმ საღამოს იქ ვიყავი. - თქვა ბოლოს. - შუაღამემდე წახვედი? - ხო. - რატომ? - დემიანმა შეხედა. ხანგრძლივად. - იმიტომ, რომ იქ დარჩენა აღარ მინდოდა. - ლივიამ ოდნავ გაიღიმა. - შთამბეჭდავი პასუხია. - შენ ყოველთვის ასეთი აუტანელი იყავი თუ ჟურნალისტიკამ დაგხვეწა? - ორივემ. - მამაკაცს გაეღიმა. მაგრამ თვალები ისევ სერიოზული ჰქონდა. ლივიამ იგრძნო, რომ რაღაცას მალავდა. და პირველად გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს რაღაც შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო ის, რასაც ეძებდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ ლივიამ დიქტოფონი გამორთო. რამდენიმე ჩანაწერი გადაამოწმა. დემიანი ისევ როიალთან დაბრუნდა. ქალი წასასვლელად ემზადებოდა, როცა მამაკაცმა მოულოდნელად ჰკითხა: - დაკვრა იცი? - ლივიამ შეხედა. - არა. - მშვენიერია. - რატომ? - პირველად ცხოვრებაში რაღაცაში აშკარად შენზე უკეთესი ვარ. - ლივიამ თავი გადააქნია. - შენი თავმდაბლობა უკვე ხელოვნების ცალკე დარგია. - დემიანმა გვერდით ადგილი გაათავისუფლა. - მოდი. - რა? - დაჯექი. - ლივიამ ეჭვით შეხედა. - დემო, თუ ფიქრობ, რომ ახლა მუსიკის გაკვეთილს ჩამიტარებ და ამით ჩემი შეკითხვები დამავიწყდება... - ქავთარაძე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლია ხუთი წუთით გაჩუმდე? - ქალმა წარბი ასწია. დემიანმა გაიღიმა. - რთული მოთხოვნაა, ვიცი. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ, საკუთარი თავის გასაკვირად, როიალთან მივიდა. გვერდით ჩამოჯდა. სკამი ვიწრო იყო. მათ შორის მანძილი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ლივიას კომფორტულად მიაჩნდა. დემიანმა ეს, რა თქმა უნდა, მაშინვე შეამჩნია. მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ კლავიშებზე მიუთითა. - ხელი აქ დადე. - ლივიამ მარჯვენა ხელი ინსტრუმენტზე დააწყო. დემიანმა მის თითებს დახედა. რამდენიმე წამით. შემდეგ საკუთარი ხელი მის ხელს დაადო. მსუბუქად. თითქოს ჯერ მხოლოდ ნებართვას ამოწმებდა. ლივიას სხეულში უცნაურმა შეგრძნებამ გაიარა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უბრალოდ, მამაკაცის თითები მის თითებს შეეხო. მაგრამ შეხებას ზოგჯერ გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმ მოქმედებას, რომლისკენაც შეიძლება მიგიყვანოს. დემიანის ხელი თბილი იყო. თითები საოცრად მოქნილი. მან ლივიას საჩვენებელი თითი ოდნავ გადაადგილა. შემდეგ მეორე. და კლავიშს მსუბუქად დააჭერინა. ბგერა გაისმა. უბრალო. სუფთა. თითქმის ბავშვური. - ხედავ? - ჩაილაპარაკა დემიანმა. - არც ისე რთულია. - ლივიამ მისკენ გაიხედა. და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რამდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მამაკაცის სახე რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული. იმდენად ახლოს, რომ მისი სუნამოს სურნელიც იგრძნო. ხის თბილი ნოტები. ოდნავ მწარე. ძვირადღირებული. უცნაურად შესაფერისი მისთვის. დემიანმა ქალის მზერა დაიჭირა. და თითები აღარ გაუნძრევია. რამდენიმე წამით ორივე გაჩერდა. ლივიას შეეძლო ხელი გაეთავისუფლებინა. არაფერი უშლიდა ხელს. მაგრამ არ გაუკეთებია. ეს აღმოჩენა საკუთარ თავზე მეტად გააკვირვებდა, დრო რომ ჰქონოდა. დემიანმა მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. სულ ერთი წამით. შემდეგ ისევ თვალებში შეხედა. ამჯერად აღარ იღიმოდა. მის სახეზე რაღაც ისეთი გამოჩნდა, რაც ლივიას ჯერ არ ენახა. სრული ყურადღება. მძაფრი. თითქმის შემაშფოთებელი. ისეთი, როგორსაც მამაკაცი მაშინ იჩენს, როცა მის წინ არსებული ქალი მოულოდნელად აღარ არის უბრალოდ ლამაზი. არამედ სასურველი ხდება. დემიანმა ხელი ნელა მოაშორა. ლივიას ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. მაგრამ მამაკაცი ოდნავ გადაიხარა. მისი ხმა დაბალი იყო. - იცი, რა არის ყველაზე საინტერესო? - ლივიამ პასუხი არ გასცა. -შენ ისევ ზუსტად ისე მიყურებ, როგორც სკოლაში. - როგორ? - დემიანს გაეღიმა - თითქოს ჩემი მოკვლა გინდა. - ლივიამ ძლივს შეიკავა ღიმილი. - ეს სურვილი ჯერ არ გამქრალა. - კარგი. - რა არის კარგი? - მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. - და ხმას მიდევ უფრო დაუწია. - სულ მცირე, რაღაცას მაინც გრძნობ. - ლივიას გულისცემა აუჩქარდა. ამა გააღიზიანა. საკუთარი სხეულის ასეთი დაუმორჩილებლობა განსაკუთრებით მაშინ იყო უსიამოვნო, როცა მის წინ დემიან ავალიანი იჯდა. ქალი წამოდგა. ზედმეტად სწრაფად. დემიანმა მაშინვე შეამჩნია. და, რა თქმა უნდა, გაეღიმა. -სად გეჩქარება? - სამსახურში. - უკვე საღამოა. - ჟურნალისტებს სამუშაო საათები არ გვაქვს. - გასაგებია. ესე იგი, ჩემგან გაქცევას პროფესიული მიზეზი აქვს. - ლივიამ ჩანთა აიღო. შემდეგ შემობრუნდა. მამაკაცს პირდაპირ თვალებში შეხედა. - დემო, ერთი რამ დაიმახსოვრე. - დემიანმა წარბი ასწია. - ყურადღებით გისმენ. - მე იმ ქალების სიაში არ ვარ, რომლებსაც შენი თითების მოძრაობა გონებას აკარგვინებს. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. დემიანის სახეზე ნელა, ძალიან ნელა გაჩნდა ღიმილი. არა ჩვეულებრივი. სხვანაირი. თითქოს ახლახან რაღაც განსაკუთრებით სასიამოვნო მოესმინა. - ქავთარაძე... - ლივიამ კარისკენ ნაბიჯი გადადგა. - რა? - მე ჯერ მხოლოდ როიალზე დაკვრა გასწავლე. - ქალი გაჩერდა. მამაკაცს შეხედა. და პირველად, მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში, პასუხი მაშინვე ვერ მოიფიქრა. დემიანმა ეს წამი სრულყოფილად შეიგრძნო. მისთვის გამარჯვება არასოდეს ნიშნავდა მოწინააღმდეგის დამარცხებას. ზოგჯერ საკმარისი იყო, რამდენიმე წამით მაინც წაგერთმია მისთვის ჩვეული თავდაჯერება. ლივიამ თავი ოდნავ გადააქნია. - ღმერთო, რა აუტანელი ხარ. - ვიცი. - დემიანმა ისევ კლავიშებს დახედა. - მაგრამ დღეს მაინც მოხვედი. ქალმა პასუხი აღარ გასცა. დარბაზიდან გავიდა. და მხოლოდ მაშინ, როცა დერეფანში აღმოჩნდა, მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სუნთქვას რაღაც უცნაური სიფრთხილით აკონტროლებდა. დემიანი რამდენიმე წუთით ისევ როიალთან იჯდა. არ უკრავდა. თითები იმავე კლავიშებზე ეწყო, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ლივიას ხელი შეეხო. მამაკაცს საკუთარ თავზე გაეცინა. ოცდათორმეტი წლის იყო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პიანისტი. ქალებთან ურთიერთობაში გამოცდილების ნაკლებობას ნამდვილად ვერავინ დასწამებდა. და მაინც, სკოლის დროინდელმა ნაცნობმა, რომელსაც ნახევარი საათის წინ მისი დაკითხვა სურდა, რაღაც სრულიად აუხსნელი მოეხერხებინა. მისი ყურადღება დაიპყრო. არა რამდენიმე წუთით. არამედ ისე, რომ ქალის წასვლის შემდეგაც მის არსებობას გრძნობდა. დემიანს ეს შეგრძნება არ მოსწონდა. უფრო სწორად, ზედმეტად მოსწონდა. და სწორედ ეს იყო პრობლემა. ტელეფონი აიღო. ნიკოლასის შეტყობინება დახვდა. „ნიუ-იორკიდან დაგვიკავშირდნენ. ელიზა მორგანის საკითხი ისევ წამოიჭრა. სასწრაფოდ უნდა ვისაუბროთ.“ დემიანის ღიმილი გაქრა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო. თვალები დახუჭა. 16 ოქტომბერი. ის საღამო, რომლის დავიწყებასაც მთელი წელი ცდილობდა. და ლივია ქავთარაძე, რომელიც, როგორც ჩანდა, სწორედ იმ კარს უახლოვდებოდა, რომლის გაღებაც დემიანს ყველაზე ნაკლებად სურდა. მამაკაცმა ნელა ამოისუნთქა. შემდეგ კლავიშებს თითები დაადო. მუსიკა დარბაზში მკვეთრად გაისმა. ამჯერად არც ნაზი იყო. არც მშვიდი. ბგერები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, თითქოს რაღაცისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ. დემიანი უკრავდა. სწრაფად. დაუნდობლად. თითქოს მუსიკის დახმარებით შეეძლო საკუთარი ფიქრების გაჩუმება. მაგრამ ზოგიერთი სიჩუმე ყველაზე ხმამაღალ მუსიკასაც კი უძლებს. ლივია მანქანაში იჯდა. ძრავა ჯერ არ ჩაერთო. ხელები საჭეზე ეწყო. და საკუთარ თავზე ბრაზობდა. არა დემიანის თავხედობის გამო. არც მისი სიტყვების გამო. არამედ იმიტომ, რომ იმ რამდენიმე წამში, როცა მამაკაცის თითები მის თითებს შეეხო, ჟურნალისტი ლივია ქავთარაძე სადღაც გაქრა. დარჩა უბრალოდ ქალი. ქალი, რომელმაც მამაკაცის სურნელი დაიმახსოვრა. მისი ხმის ტემბრი. თვალების ფერი. და ის შემაშფოთებელი სიმშვიდე, რომლითაც დემიანი მის პირად სივრცეში შემოვიდა. ლივიამ თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. გაეცინა. მწარედ. საკუთარი თავის დაცინვით. თხუთმეტი წელი.თხუთმეტი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დემიან ავალიანი საბოლოოდ წარსულში დაეტოვებინა. და ამ აუტანელმა კაცმა ერთ საღამოს, ერთი შეხებით, მოახერხა ის, რაც ალბათ თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი. წარსული ისევ აწმყოდ აქცია. მაგრამ ლივიას ერთი რამ ჯერ კიდევ არ ესმოდა. დემიანის მიმართ მისი გაღიზიანება ყოველთვის ასე მძაფრი რატომ იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვერ იტან, როცა შენზე ისეთი გავლენა აქვს, რომლის აღიარებაც არ გსურს. ქალმა ძრავა ჩართო. ავტომობილი ნელა დაიძრა. და მხოლოდ რამდენიმე ქუჩის შემდეგ შეამჩნია, რომ ტუჩებზე ღიმილი შერჩენოდა. ეს უკვე ნამდვილად ცუდი ნიშანი იყო. რადგან ლივია ქავთარაძეს ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაეშვა. მაგრამ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ იშვიათად იმეორებდა. დემიან ავალიანი კი, როგორც ჩანდა, სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ადამიანი შეცდომას მანამდე ვერ უწოდებდა, სანამ ძალიან გვიანი არ გახდებოდა. 5 სიმართლეს ერთი არასასიამოვნო თვისება აქვს - იშვიათად მოდის მარტო. როგორც წესი, მას თან მოჰყვება ადამიანების მიერ საგულდაგულოდ დამალული გადაწყვეტილებები, გაუმართლებელი საქციელები, შეუსრულებელი დაპირებები და ის პატარა სისუსტეები, რომელთა არსებობის აღიარებაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ლივია ქავთარაძეს სიმართლის არ ეშინოდა. ეშინოდა მხოლოდ იმ შემთხვევებისა, როცა სიმართლის პოვნის შემდეგ ადამიანებზე საკუთარი წარმოდგენების შეცვლა უწევდა. პროფესიულ ცხოვრებაში ეს არაერთხელ მომხდარიყო. ზოგჯერ ადამიანი, რომელსაც მთელი საზოგადოება პატივს სცემდა, ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდებოდა. ზოგჯერ კი ის, ვისაც ყველა დამნაშავედ მიიჩნევდა, უბრალოდ სხვისი კარგად მოფიქრებული ტყუილის მსხვერპლი იყო. ლივიამ დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ სიმპათია მტკიცებულება არ იყო. არც ანტიპათია. და სწორედ ამიტომ ცდილობდა, დემიან ავალიანის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოძიებისგან რაც შეიძლება შორს დაეჭირა. პრობლემა მხოლოდ ის გახლდათ, რომ თავად დემიანი ამ მანძილის შენარჩუნებაში არანაირ დახმარებას არ უწევდა. პირიქით. თითქოს განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებდა იმით, რომ ქალის საგულდაგულოდ მოწყობილ შინაგან წესრიგში სრულიად დაუპატიჟებლად შედიოდა. უკვე ორი დღე გასულიყო მათი უკანასკნელი შეხვედრიდან. ლივიას მისი ხმა ჯერ კიდევ ახსოვდა. მისი ხელის სიმძიმე საკუთარ თითებზე. და ის აუტანელი ღიმილი, რომლითაც მამაკაცმა გააცილა. თუმცა ამჯერად გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა მასზე ფიქრისთვის. ელიზა მორგანი. ელიზას შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. ახალგაზრდა პიანისტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა. მისი შესრულების ჩანაწერები ინტერნეტში ჯერ კიდევ იძებნებოდა. გამხდარი, ფერმკრთალი გოგონა როიალთან საოცარი სიმშვიდით იჯდა. სახეზე თითქმის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ თითების მოძრაობაში ისეთი შინაგანი დაძაბულობა იგრძნობოდა, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ იმ რამდენიმე წუთისთვის ეცხოვრა. ლივიამ მისი ერთ-ერთი შესრულება ბოლომდე მოისმინა. მუსიკის პროფესიონალი არ იყო. მაგრამ ადამიანური ემოციის ამოცნობა შეეძლო. და ელიზას დაკვრაში რაღაც ისეთი იგრძნო, რასაც მხოლოდ ტექნიკური ოსტატობა ვერ ხსნიდა. ტკივილი. არა დემონსტრაციული. არა ისეთი, რომელსაც სხვების თანაგრძნობის მოსაპოვებლად აჩვენებენ. უფრო ჩუმი, შინაგანი, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი და ბოლოს მუსიკაში გადატანილი. ლივიამ ვიდეო გამორთო. შემდეგ ეკრანზე რამდენიმე დოკუმენტი გახსნა. „აურორას“ ფონდი ახალგაზრდა მუსიკოსებს სტიპენდიებს, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას და ცნობილი შემსრულებლების მასტერკლასებს უფინანსებდა. ელიზა ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტიპენდიატი იყო. სწორედ ამიტომ ჩანდა მისი მოულოდნელი გაუჩინარება განსაკუთრებით უცნაურად. ლივიამ ფონდის ყოფილი თანამშრომლის, დენიელ რიდის, საკონტაქტო ინფორმაცია მოიძია. მამაკაცი გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სამსახურიდან წასულიყო. რამდენიმე დღის განმავლობაში მის წერილებს არ პასუხობდა. მეოთხე დღეს კი მოკლე შეტყობინება მიიღო. „თუ ამ ამბავს იძიებთ, ერთი რამ უნდა იცოდეთ: 16 ოქტომბერს ფონდში ფული არ გამქრალა. იმ ღამეს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მოხდა.“ ლივიამ შეტყობინება რამდენჯერმე წაიკითხა. შემდეგ დაუყოვნებლივ უპასუხა. „რა მოხდა?“ პასუხი თითქმის ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა. „ელიზა მორგანმა საჯაროდ დაუკრა ნაწარმოები, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.“ ლივია ეკრანს მიაშტერდა. მუსიკალური პლაგიატი? ინტელექტუალური საკუთრების მითვისება? შესაძლოა საქმე სწორედ ამას ეხებოდა. მაგრამ მაშინ რატომ გაქრა ელიზა? და რატომ ფიგურირებდა ამ ისტორიაში დემიან ავალიანის სახელი? შემდეგი შეტყობინება კიდევ უფრო უცნაური აღმოჩნდა. „დემიან ავალიანი იმ საღამოს ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ყველაფერი გაიგო.“ ლივიამ მაშინვე აკრიფა პასუხი. „და რა გააკეთა?“ ამჯერად პასუხი აღარ მიუღია. დემიან ავალიანის ცხოვრებაში არსებობდა რამდენიმე წესი, რომელთა დარღვევას არასოდეს აპირებდა. არასოდეს გამოსულა სცენაზე მოუმზადებელი. არასოდეს დაეკრა მუსიკა მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმესთვის თავი მოეწონებინა. და არასოდეს მიეცა უფლება, სხვისი შეცდომის გამო საკუთარი სახელი გაესვარათ. ამ უკანასკნელ წესს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. იმ დილით ნიკოლასმა სასტუმროში მიაკითხა. დემიანი ფანჯარასთან იდგა, თეთრი პერანგის სახელოებს იკრავდა და ტელეფონში ვიღაცის შეტყობინებას კითხულობდა. მისი სახე ჩვეულებრივზე სერიოზული იყო. - ნიუ-იორკიდან ისევ დამიკავშირდნენ. - დაიწყო ნიკოლასმა. დემიანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. - ვიცი. - საქმე რთულდება. - საქმე ერთი წლის წინ გართულდა. ახლა უბრალოდ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ძველი ამბავი ისევ საინტერესოა. ნიკოლასმა საქაღალდე გახსნა. რამდენიმე დოკუმენტი მაგიდაზე დააწყო. ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ ჰეისი, კვლავ ცდილობდა მომხდარის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაკონტროლებას. რამდენიმე გავლენიანი დონორი ფინანსური ანგარიშების გადამოწმებას ითხოვდა. ელიზა მორგანის სახელი კი ისევ არსად ჩანდა. დემიანმა ერთ-ერთ დოკუმენტს დახედა. შემდეგ ფანჯრისკენ შებრუნდა. მას კარგად ახსოვდა 16 ოქტომბერი. დარბაზი. მუსიკა. ელიზას სახე. და ის რამდენიმე წუთი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. იმ საღამოს გოგონა მასთან თავად მივიდა. ფერმკრთალი იყო. ხელები უკანკალებდა. და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც ადამიანს მაშინ აქვს, როცა უკვე იცის, რომ რაღაც საშინელება უნდა გააკეთოს, მაგრამ გამოსავალს ვეღარ ხედავს. დემიანს მისი სიტყვებიც ახსოვდა. „თუ დღეს დავუკრავ, საკუთარ თავს ვეღარასოდეს ვაპატიებ.“ მაშინ ჯერ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო. და როცა გაიგო, უკვე არჩევანის გაკეთება მოუწია. არჩევანის, რომლის გამოც იმ საღამოს ღონისძიება შუაღამემდე დატოვა. - დემიან. - ნიკოლასის ხმამ მოგონება გაწყვიტა. - ქართველ ჟურნალისტს შენთან შეხვედრა ჰქონდა. - ვიცი. - ლივია ქავთარაძე. - მამაკაცმა თავი მოაბრუნა. - მისი სახელიც იცი? - მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. თუ რამეს მიაგნო, გაჩერება გაუჭირდება. დემიანს გაეღიმა. - დამიჯერე, ეს ჯერ კიდევ სკოლაში ვიცოდი. - ნიკოლასმა გაკვირვებით შეხედა. - ერთმანეთს იცნობთ? - სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის მონაწილეები ვართ. - დემიან, სერიოზულად გელაპარაკები. - მეც. - მამაკაცმა პიჯაკი აიღო. მაგრამ ნიკოლასის მომდევნო სიტყვებმა შეაჩერა. - თუ ლივია ელიზას იპოვის, შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს. დემიანი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. შემდეგ მშვიდად უპასუხა: - იქნებ სწორედ დროა, რომ დაიწყოს. იმ საღამოს ლივია ძველ ფოტოებს ათვალიერებდა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ასე უმტკიცებდა. კარადის ზედა თაროზე ერთ-ერთი საქაღალდის ძებნისას პატარა ყუთი ჩამოუვარდა. შიგნით სკოლის დროინდელი ნივთები ეწყო. რამდენიმე წერილი. ძველი სამკერდე ნიშნები. ფოტოები. და გამოსაშვები საღამოს მოსაწვევი. ლივიამ მოსაწვევი ხელში აიღო. თითები ნელა გადაუსვა გაცრეცილ ზედაპირს. უცნაური იყო, როგორ შეეძლო უბრალო ქაღალდს წლების განმავლობაში ისეთი ემოციების შენახვა, რომელთა დავიწყებასაც ადამიანი მთელი ძალით ცდილობდა. ფოტოებზე ყველა იღიმოდა. ჩვიდმეტი წლის სახეები. მომავლის მიმართ გულუბრყვილო თავდაჯერება. იმ ასაკის განსაკუთრებული სისასტიკე, როცა ჯერ კიდევ არ იცი, რამდენად ადვილად შეიძლება სხვისთვის ტკივილის მიყენება. ერთ-ერთ ფოტოზე დემიანიც ჩანდა. შავი კოსტიუმი ეცვა. თმა ჩვეულებრივზე მოწესრიგებული ჰქონდა. სახეზე კი ისევ ის აუტანელი ღიმილი დასთამაშებდა. ლივიამ ფოტო დიდხანს ათვალიერა. იმ საღამოს ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. დემიანი უჩვეულოდ მშვიდი იყო. თითქოს მთელი სკოლის განმავლობაში დაგროვილი ოინები, დაცინვა და გამუდმებული შეჯიბრი ერთ ღამეში სადღაც გამქრალიყო. მასთან მივიდა. ცეკვა შესთავაზა. ლივიამ თავიდან იფიქრა, მორიგი ხუმრობა იყო. მაგრამ დემიანს არ გაუცინია. არც ირონიული შენიშვნა გაუკეთებია. უბრალოდ ხელი გაუწოდა. და ლივია დათანხმდა. ცეკვა დიდხანს არ გაგრძელებულა. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გოგოს პირველად შეემჩნია რაღაც, რაც მანამდე დემიანში არასოდეს დაენახა. მისი სიახლოვე სასიამოვნო იყო. ეს აღმოჩენა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ლივიას საკუთარი თავის შერცხვა. შემდეგ დემიანმა რაღაც უთხრა. ჩუმად. ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ. ლივიას იმ წამს ეგონა, რომ მთელი მათი მრავალწლიანი დაპირისპირება რაღაც სრულიად ახალში გადაიზრდებოდა. და სწორედ მაშინ მოხდა ის, რის გამოც იმ საღამოს გახსენება დღემდე არ უყვარდა. დემიანის მეგობრების სიცილი. ვიღაცის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები. და მოულოდნელი გაცნობიერება, რომ შესაძლოა ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ გულწრფელად მიიჩნია, მხოლოდ მორიგი თამაში ყოფილიყო. ლივიას ახსოვდა საკუთარი სახის სიმხურვალე. დამცირების შეგრძნება. და დემიანის გამომეტყველება. ის არ იცინოდა. სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური. მაგრამ არც არაფერი უთქვამს. არაფერი გააკეთა. უბრალოდ იდგა. და ლივიამ იმ საღამოს პირველად იგრძნო, რომ ადამიანის დუმილი ზოგჯერ ყველაზე სასტიკი პასუხია. ფოტო ყუთში დააბრუნა. სახურავი დახურა. თხუთმეტი წელი გავიდა. და მაინც, იმ საღამოს ყველაზე მეტად სწორედ ის ახსოვდა, რომ დემიანმა არაფერი თქვა. მეორე დღეს დემიანმა ლივიას რედაქციასთან მიაკითხა. ეს გადაწყვეტილება წინასწარ არ დაუგეგმავს. უბრალოდ, დილით მისი სახელი კიდევ ერთხელ გაიგონა ნიკოლასისგან, შემდეგ მთელი საათი უაზროდ იფიქრა იმაზე, რატომ არ დაურეკა ქალს, ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ ზედმეტი ფიქრი მისი ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელი საქმიანობა იყო. მანქანა შენობის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა. ლივიას გამოსვლას დაელოდა. ქალი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა. მუქი ფერის კაბა ეცვა, მხრებზე მსუბუქი პალტო მოეგდო. თმა თავისუფლად ჩამოშლოდა. ტელეფონზე საუბრობდა. დემიანმა მანქანის ფანჯარა ჩასწია. - ქავთარაძე! - ლივიამ თავი მოაბრუნა. რამდენიმე წამით მამაკაცს უყურებდა. შემდეგ ტელეფონში საუბარი დაასრულა და მანქანასთან მივიდა. - შენ აქ რას აკეთებ? - შენს ნახვას ვცდილობ. აშკარად წარმატებით. - ჩემთან შეხვედრის სურვილი უკვე პროფესიულ პრობლემად გექცა? - ჯერ მხოლოდ სასიამოვნო გართულებაა. - ლივიამ თვალები აატრიალა. მაგრამ დემიანმა შეამჩნია, რომ ქალს ტუჩის კუთხე ოდნავ აუკანკალდა. ეს პატარა გამარჯვება განსაკუთრებულად ესიამოვნა. - ჩაჯექი. - რატომ? - იმიტომ, რომ ფეხით სეირნობა ჩემი დღევანდელი გეგმების ნაწილი არ არის. - დემო, შენს გეგმებს ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. - დემიანმა კარი შიგნიდან გააღო. - დღეს აქვს. - ლივია რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ, საკუთარი სიჯიუტის მიუხედავად, მანქანაში ჩაჯდა. არა იმიტომ, რომ დემიანის ბრძანებებს ემორჩილებოდა. არამედ იმიტომ, რომ ამ კაცთან საუბრისას ყოველთვის ჩნდებოდა რაღაც უცნაური სურვილი, გაეგო, კიდევ რა სისულელეს მოიფიქრებდა. და, შესაძლოა, იმიტომაც, რომ პროფესიული თვალსაზრისით მასთან მეტი დროის გატარება სასარგებლო იქნებოდა. ეს უკანასკნელი ახსნა განსაკუთრებით მოეწონა. დემიანმა მანქანა ქალაქის ხმაურიან ქუჩებს მოაშორა. საღამოს თბილისს უცნაური სილამაზე ჰქონდა. მზის უკანასკნელი სხივები შენობების ფასადებს ედებოდა, ქუჩებში შემოდგომის გრილი ჰაერი ტრიალებდა, ხოლო ქალაქის ხმაური თანდათან შორეულ, ერთფეროვან გუგუნად იქცეოდა. ლივია ფანჯარაში იყურებოდა. დემიანი საჭეს ერთი ხელით მართავდა. მეორე თავისუფლად ედო სავარძლის საყრდენზე. მისგან სიმშვიდე მოდიოდა. ისეთი, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების ზედმიწევნით სჯერა. მაგრამ ლივიამ უკვე იცოდა, რომ ამ სიმშვიდის უკან რაღაც იმალებოდა. 16 ოქტომბერი. ელიზა მორგანი. და დემიანის მოულოდნელი სერიოზულობა, როცა ამ თემას ეხებოდნენ. - სად მივდივართ? - იკითხა ბოლოს. - იქ, სადაც ჟურნალისტები ხუთი წუთით მაინც წყვეტენ მუშაობას. - ასეთი ადგილი არსებობს? - იმედი მაქვს. - მანქანა მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე აუხვია. ქალაქი თანდათან დაბლა დარჩა. რამდენიმე წუთის შემდეგ პატარა, მშვიდ ადგილას გაჩერდნენ, საიდანაც თბილისი თითქმის მთლიანად ჩანდა. დემიანი მანქანიდან გადავიდა. ლივიაც მიჰყვა. ჰაერი გრილი იყო. ქალმა პალტო უფრო მჭიდროდ შემოიხვია. დემიანი მოაჯირთან დადგა. რამდენიმე წამით ქალაქს უყურებდა. შემდეგ ლივიას მიუბრუნდა. - ისევ არ მაპატიე? - შეკითხვა მოულოდნელი იყო. იმდენად მოულოდნელი, რომ ქალმა მაშინვე ვერ გაიგო, რას გულისხმობდა. ან იქნებ ზედმეტად კარგად გაიგო. ლივიას სახიდან ღიმილი გაქრა. - რა? - გამოსაშვები საღამო. - ქარმა ქალს თმა ოდნავ აუწეწა. ლივიამ მზერა ქალაქისკენ გადაიტანა. თხუთმეტი წელი. ამდენი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ დემიანს ეს სიტყვები წარმოეთქვა. და ახლა ისე მშვიდად იკითხა, თითქოს უბრალო გაუგებრობაზე საუბრობდნენ. - შენ მართლა გგონია, რომ პატიებაა პრობლემა? - დემიანმა პასუხი არ გასცა. ლივიამ მისკენ გაიხედა. - იცი, რა იყო ყველაზე ცუდი იმ საღამოს? - მამაკაცის სახე დასერიოზულდა. - ვიცი. - არა, დემიან. არ იცი. - ქალის ხმაში ბრაზი არ იგრძნობოდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე მძიმე. იქ უფრო ძველი, დიდი ხნის წინ გადატანილი ტკივილის კვალი ჩანდა. - მე მაშინ პირველად დაგიჯერე. - დემიანმა მზერა არ აარიდა. ლივიას თვალებში რაღაც გაუკრთა. მოგონება. წყენა. და ის უცნაური სიმწარე, რომელსაც მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა წარსულში საკუთარ გულუბრყვილობას იხსენებ. - მთელი სკოლის პერიოდი რაღაც სისულელეებს აკეთებდი. მაბრაზებდი, ნერვებს მიშლიდი, ყველაფერს თამაშად აქცევდი. იმ საღამოს კი პირველად ვიფიქრე, რომ იქნებ შენში რაღაც სხვა არსებობდა. - ქალი შეჩერდა. შემდეგ მწარედ გაეღიმა. - და რამდენიმე წუთში მთელი კლასის წინაშე თავი უკანასკნელ იდიოტად ვიგრძენი. - დემიანმა ნელა ამოისუნთქა. მას შეეძლო ეთქვა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ლივიას ეგონა. შეეძლო აეხსნა, რომ მეგობრების სისულელე მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. რომ ის სიცილი... ის სიტყვები... ის საზიზღარი რამდენიმე წამი... არ ყოფილა მისი დაგეგმილი. მაგრამ ერთი რამ მაინც არ იცვლებოდა. მაშინ არაფერი გააკეთა. და სწორედ ეს იყო მისი დანაშაული. - მართალი ხარ. - თქვა ბოლოს. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. დემიან ავალიანისგან ამ სიტყვების მოსმენა თითქმის ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორიც უდაბნოში წვიმა. - რა? - მართალი ხარ. მაშინ უნდა მეთქვა რაღაც. უნდა გამეჩერებინა ისინი. - ლივია ჩუმად იდგა. მამაკაცმა თვალებში შეხედა. - მაგრამ ჩვიდმეტი წლის იდიოტი ვიყავი. - ქალს უნებლიეთ გაეღიმა. - ამ ნაწილში მაინც ვთანხმდებით. - დემიანმაც გაიღიმა. მაგრამ ღიმილი მალე გაუქრა. - იმ საღამოს შენთვის არაფერი მითქვამს ტყუილად, ლივია. - ქალმა იგრძნო, როგორ შეეკუმშა რაღაც გულში. ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა იყო. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამით ისევ იმ გამოსაშვებ საღამოზე დაბრუნებულიყო. თეთრ კაბაში. მუსიკის ფონზე. დემიანის ხელებში. და იმ სიტყვებთან, რომელთა დავიწყებასაც თხუთმეტი წელი ცდილობდა. - ახლა ამის თქმა ადვილია. - ჩაილაპარაკა. დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. არა იმდენად, რომ ქალს უკან დახევა დასჭირვებოდა. უბრალოდ, მათ შორის მანძილი შემცირდა. ლივიამ მისი სურნელი იგრძნო. ისევ ის. ხის თბილი ნოტები. ოდნავ მწარე. უცნაურად ნაცნობი. დემიანმა ქალს შეხედა. დიდხანს. ამჯერად არც ირონია ჰქონდა მზერაში. არც ჩვეულებრივი თავდაჯერება. მხოლოდ რაღაც ისეთი, რასაც ლივია ვერ არქმევდა სახელს. - იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? - იკითხა მამაკაცმა. ლივიამ თავი ოდნავ ასწია. - რა? - მთელი ცხოვრება ადამიანებს ვარწმუნებ, რომ რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი. - გაეღიმა. - შენთან კი, როგორც ჩანს, არაფერი გამომდის სწორად. - ქალს გაეცინა. მოულოდნელად. გულწრფელად. დემიანმა ეს სიცილი ისე შეათვალიერა, თითქოს რაღაც იშვიათი და ძვირფასი აღმოეჩინოს. ლივიას სიცილი ყოველთვის მოსწონდა. სკოლაშიც. მაშინაც კი, როცა თვითონ იყო მისი დაცინვის მიზეზი. უბრალოდ, იმ ასაკში ჯერ არ იცოდა, რომ ზოგჯერ ადამიანის გაღიზიანება მხოლოდ იმიტომ გინდა, რომ მისი ყურადღება სხვას არ დარჩეს. მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ ამჯერად ეს სიჩუმე უხერხული არ ყოფილა. ქალაქის განათებები ქვემოთ ციმციმებდა. ქარი თანდათან ძლიერდებოდა. ლივიამ პალტოს საყელო შეისწორა. დემიანმა შენიშნა. პიჯაკი გაიხადა. ქალს მხრებზე მოახურა. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - დემო... - ვიცი, ვიცი. დამოუკიდებელი ქალი ხარ, სიცივესაც მარტო გაუმკლავდები. - ქალს გაეღიმა. პიჯაკი არ მოუშორებია. მამაკაცის სითბო ქსოვილს ჯერ კიდევ შემორჩენოდა. და ამ უბრალო ჟესტში რაღაც ისეთი იყო, რაც მის ჩვეულებრივ თავხედობას სრულიად არ შეეფერებოდა. დემიანი მოაჯირს მიეყრდნო. ლივიაც გვერდით დაუდგა. რამდენიმე წუთით უბრალოდ ქალაქს უყურებდნენ. საუბრის გარეშე. წარსულის გარეშე. იმ ყველაფრის გარეშე, რაც მათ შორის ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა. მაგრამ სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. ლივიას ტელეფონმა დაიწკრიალა. ელექტრონული წერილი. უცნობი გამგზავნი. ქალმა ეკრანს დახედა. შემდეგ წერილი გახსნა. შიგნით მხოლოდ ერთი ფოტო იყო. გასული წლის 16 ოქტომბერი. „აურორას“ ფონდის დახურული საღამო. ფოტოზე დემიან ავალიანი ჩანდა. მის გვერდით - ელიზა მორგანი. გოგონა ტიროდა. დემიანს კი ხელი მის მხარზე ედო. ფოტოს ქვემოთ მოკლე წარწერა იყო: „ჰკითხე, რატომ წაიყვანა იმ ღამეს ელიზა მორგანი შენობიდან.“ ლივიას სახე შეეცვალა. დემიანმა მაშინვე შეამჩნია. - რა მოხდა? -ქალმა ტელეფონი ნელა დაუშვა. რამდენიმე წამით მამაკაცს უყურებდა. მის გვერდით იდგა ადამიანი, რომლის მიმართაც სულ რამდენიმე წუთის წინ რაღაც ძველი, თითქმის დავიწყებული სითბო იგრძნო. ადამიანი, რომელმაც პირველად აღიარა საკუთარი შეცდომა. და რომლის შესახებაც ახლა კიდევ ერთი საეჭვო ინფორმაცია მიიღო. ლივიამ ტელეფონი გაუწოდა. დემიანმა ფოტოს დახედა. მის სახეზე ღიმილის კვალიც აღარ დარჩა. რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. - საიდან გაქვს ეს? - ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. - აქვს, ლივია. - ქალის ხმა მშვიდი იყო. მაგრამ ამ სიმშვიდეში უკვე ჟურნალისტის სიმტკიცე იგრძნობოდა. - იმ ღამეს ელიზა მორგანი შენობიდან შენ გაიყვანე? - დემიანმა თვალებში შეხედა. დიდხანს. შემდეგ თავი ოდნავ დაუქნია. - ხო. - ლივიას გული უცნაურად შეეკუმშა. არა იმიტომ, რომ პასუხი მოულოდნელი იყო. არამედ იმიტომ, რომ მამაკაცმა პირველად აღარ სცადა შეკითხვისთვის თავის არიდება. - რატომ? - დემიანმა ქალაქისკენ გაიხედა. მის სახეზე ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, როგორიც ლივიას ჯერ არ ენახა. დაღლილი. მძიმე. თითქოს რაღაც ძველი ტვირთი მოულოდნელად ისევ მხრებზე დააწვა. - იმიტომ, რომ იმ ღამეს ელიზას დახმარება სჭირდებოდა. - ლივია ჩუმად იდგა. - ვისგან? - დემიანმა ნელა მოაბრუნა თავი. მის თვალებში რაღაც ცივმა გაიელვა. - იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მთელი მუსიკალური სამყარო პატივს სცემს. - ქალმა იგრძნო, როგორ შეიცვალა ჰაერი მათ შორის. რამდენიმე წუთის წინ ეს ადგილი ძველი წყენისა და მოულოდნელი სიახლოვის სივრცე იყო. ახლა კი რაღაც გაცილებით სერიოზულის წინაშე იდგნენ. დემიანმა ტელეფონი დაუბრუნა. - ლივია, ამ ისტორიაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს. - მაშინ მითხარი, როგორ არის. - მამაკაცმა პასუხი არ გასცა. ქარმა ქალს თმა აუწეწა. დემიანმა ხელი ასწია. თითქოს სახიდან უნდა გადაეწია. მაგრამ შუა მოძრაობაში შეჩერდა. შემდეგ ხელი დაუშვა. ეს პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თავშეკავება ლივიას არ გამოჰპარვია. და რატომღაც უფრო ძლიერად იმოქმედა, ვიდრე შეხება იმოქმედებდა. დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. - ჯერ არ შემიძლია. - ლივიას სახე დაეძაბა. - რატომ? - იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ამბავი არ არის. - რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. ლივიას სურდა, კიდევ რაღაც ეკითხა. მოეთხოვა პასუხი. გაეგრძელებინა ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდა - სიმართლის ძებნა. მაგრამ პირველად იგრძნო, რომ ზოგჯერ პასუხის მიღება მხოლოდ შეკითხვის დასმაზე არ იყო დამოკიდებული. ზოგჯერ ადამიანს ჯერ უნდა გადაეწყვიტა, ჰქონდა თუ არა უფლება, სხვისი ტკივილი საკუთარი სიმართლის ნაწილად ექცია. იმ საღამოს დემიანმა ლივია სახლამდე მიიყვანა. გზაში თითქმის არ უსაუბრიათ. მანქანის სალონში მშვიდი მუსიკა უკრავდა. ქალაქის განათებები მინებზე ირეკლებოდა. ლივია ფანჯარაში იყურებოდა. დემიანი საჭეს მართავდა. ორივეს საკუთარი ფიქრები ჰქონდა. მაგრამ ამ ფიქრებში თქვად უკვე გაცილებით მეტ ადგილს იკავებდნენ, ვიდრე რომელიმე მათგანი აღიარებდა. მანქანა გაჩერდა. ლივიამ უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა. პიჯაკი გაიხადა. მამაკაცს გაუწოდა. დემიანმა არ გამოართვა. - დაიტოვე. - დემო... - ხვალ დამიბრუნებ. - ლივიამ წარბი ასწია. - ხვალ რატომ უნდა გნახო? - დემიანმა გაიღიმა. ისევ იმ აუტანელი ღიმილით. მაგრამ ამჯერად მასში რაღაც უფრო თბილი იყო. - იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ უამრავი შეკითხვა გაქვს. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ პიჯაკი ისევ მხრებზე მოიხვია. - ნუ გგონია, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხის გარეშე დამტოვებ. - არც ვაპირებ. - ლივიამ კარი გააღო. გადასვლამდე კიდევ ერთხელ შეხედა. - დემიან... - მამაკაცმა თავი მოაბრუნა. - ჰო? - ქალი წამით შეყოვნდა. შემდეგ მშვიდად თქვა: - იმ საღამოს... გამოსაშვებზე... შენ მართლა არ იცოდი, რას აპირებდნენ? - დემიანის სახე დასერიოზულდა. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თავი გააქნია. - არა, ლივია. - ქალმა თვალები დახარა. - კარგი. - მეტი არაფერი უთქვამს. მანქანიდან გადავიდა. დემიანი უყურებდა, როგორ მიდიოდა სადარბაზოსკენ. და პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, იგრძნო, რომ გამოსაშვები საღამოს ამბავი შესაძლოა ჯერ კიდევ არ ყოფილიყო საბოლოოდ დასრულებული. მაგრამ იმ ღამეს გაცილებით მძიმე საფიქრალი ჰქონდა. რადგან ლივია ქავთარაძე ნელ-ნელა უახლოვდებოდა სიმართლეს, რომლის გამჟღავნებაც შეიძლებოდა ვიღაცისთვის თავისუფლების დაბრუნებას ნიშნავდა. სხვებისთვის კი ყველაფრის დაკარგვას. და დემიანმა კარგად იცოდა, რომ ამჯერად მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია არ იდო სასწორზე. 6 არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში იმდენად ადრე ჩნდებიან, რომ მათი გავლენის მნიშვნელობას მხოლოდ წლების შემდეგ ვაცნობიერებთ. ისინი გვასწავლიან პირველ იმედგაცრუებას, პირველ სირცხვილს, პირველ ნამდვილ სიხარულს. ზოგჯერ კი ისე მიდიან, რომ ვერც ხვდებიან, რამდენი რამ დატოვეს ჩვენში. ლივია ქავთარაძეს თავისი პირველი კოცნა არასოდეს დავიწყებია. და ეს ფაქტი განსაკუთრებით აღიზიანებდა. თხუთმეტი წლის განმავლობაში არაერთხელ უფიქრია, რომ ადამიანის მეხსიერება უსამართლოდ იყო მოწყობილი. შეიძლებოდა დავიწყებოდა მნიშვნელოვანი შეხვედრის თარიღი, რომელიმე ძველი ნაცნობის სახელი, წლების წინ წაკითხული წიგნის დასასრული, მაგრამ ის რამდენიმე წამი, რომელიც გამოსაშვები საღამოს აივანზე გაატარა, თითქმის შემაშფოთებელი სიზუსტით ახსოვდა. თეთრი კაბის თხელი ქსოვილი. ივნისის თბილი ჰაერი. დარბაზიდან გამომავალი მუსიკა. დემიანის ხელი მის წელზე. და ის უცნაური, თითქმის მტკივნეული შეგრძნება, როცა ბიჭმა პირველად შეხედა ისე, თითქოს მათ შორის არსებული მრავალწლიანი ომი ერთ წამში დასრულებულიყო. მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო. საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი ყველასთან დაეცვა. და სრულიად მოუმზადებელი იმისთვის, რომ ერთი კოცნის შემდეგ საკუთარი გულისცემა ვეღარ ეკონტროლებინა. დემიანს არ უკითხავს, შეეძლო თუ არა მისი კოცნა. უბრალოდ, ნელა მიუახლოვდა. იმდენად ნელა, რომ ლივიას უკან დახევის დრო ჰქონდა. მაგრამ არ დაუხევია. პირიქით. თვალები თავად დახუჭა. და როცა მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, პირველად იგრძნო, რომ არსებობდა რაღაც, რისი ახსნაც არ შეეძლო. არც სჭირდებოდა. მაშინ. იმ რამდენიმე წამში. შემდეგ კი ყველაფერი დაინგრა. ლივიამ თვალები გაახილა. საძინებელში დილის სინათლე შემოდიოდა. მის გვერდით, სავარძლის საზურგეზე, დემიანის პიჯაკი ეკიდა. ქალმა დიდხანს უყურა. შავი, ძვირადღირებული ქსოვილი სრულიად უადგილოდ გამოიყურებოდა მის მშვიდ, მოწესრიგებულ ოთახში. თითქოს ვიღაცამ წარსულის პატარა ნაწილი დაუკითხავად შემოიტანა და იქ დატოვა. ლივია წამოდგა. პიჯაკს მიუახლოვდა. მისი სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. ქალმა გაღიზიანებით ამოისუნთქა. - აუტანელი კაცი. - მაგრამ პიჯაკი არ გადაუგდია. ფრთხილად დაკეცა. და სავარძელზე დადო. დემიანს დილა გაცილებით სასიამოვნოდ დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად. დედასთან საუზმობდა. მარინა ავალიანი მაგიდასთან იჯდა და შვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველად ჰქონდა შესაძლებლობა, მასთან მშვიდად ესაუბრა. დემიანი ყავას სვამდა, ტელეფონს ამოწმებდა და პერიოდულად დასთან კამათობდა. ანა ამტკიცებდა, რომ მისი ძმის ინტერვიუები იმდენად თავმომწონე იყო, მალე ჟურნალისტები შეკითხვების ნაცვლად სარკეებს დაუდგამდნენ. დემიანი კი სრულიად სერიოზული გამომეტყველებით პასუხობდა, რომ კარგი განათების შემთხვევაში ეს იდეა მართლაც საინტერესო იქნებოდა. მამას გაზეთის უკან ეღიმებოდა. დედა თავს აქნევდა. და რამდენიმე წუთით ყველაფერი ისეთი იყო, როგორიც დემიანს ბავშვობიდან ახსოვდა. შემდეგ ანამ მოულოდნელად ჰკითხა: - ლივია ქავთარაძე გახსოვს? - დემიანს ყავის ფინჯანი ჰაერში გაუჩერდა. წამით. შემდეგ მაგიდაზე დადგა. - გააჩნია, რომელს გულისხმობ. - ანამ წარბი ასწია. - რამდენ ლივია ქავთარაძეს იცნობ? - ერთს. მაგრამ იმდენი პრობლემის შექმნა შეუძლია, რამდენიმე ადამიანად ითვლება. - ანას გაეცინა. - გუშინ მისი სტატია წავიკითხე. ძალიან კარგი ჟურნალისტია. - დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - შენგან აღიარება ცოტა გამიკვირდა. - ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობები ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება ამ ოჯახში. - მარინამ შვილს შეხედა. - ლივია კარგი გოგო იყო. - დემიანმა დედისკენ გაიხედა. - იყო? - არის, ალბათ. წლებია არ მინახავს. - ქალმა ცოტა ხნით შეყოვნება არჩია. შემდეგ დაამატა: - სკოლის პერიოდში სულ მასზე ლაპარაკობდი. - ანამ სიცილი ვერ შეიკავა. დემიანმა დას ისეთი მზერა ესროლა, რომელიც ბავშვობაში აუცილებლად ჩხუბით დასრულდებოდა. - დედა, სკოლაში ბევრ რამეზე ვლაპარაკობდი. - ჰო, მაგრამ დანარჩენებზე ყოველდღე არ წუწუნებდი. - დემიანს გაეღიმა. მარინა შვილს ყურადღებით უყურებდა. დედებს ზოგჯერ საოცარი უნარი აქვთ, ზრდასრულ ადამიანებში ის ბავშვები ამოიცნონ, რომლებიც თავად ამ ადამიანებს დიდი ხნის წინ დავიწყებული ჰგონიათ. - რა მოხდა მაშინ თქვენ შორის? - იკითხა ქალმა მოულოდნელად. - დემიანის ღიმილი ნელა გაქრა. მან ფინჯანს დახედა. - არაფერი ისეთი. - მარინამ თავი ოდნავ გადააქნია. - დემიან, შენ როცა ამბობ „არაფერი ისეთი“, ჩვეულებრივ, სწორედ მაშინ ხდება რაღაც. - მამაკაცმა პასუხი არ გასცა. და დედაც აღარ ჩაეკითხა. ზოგიერთ კითხვას პასუხი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ადამიანი მის სათქმელად მზად არის. ლივიას რედაქციაში მისვლისთანავე უცნაური ამბავი დახვდა. მისი სამუშაო მაგიდის უჯრა ნახევრად ღია იყო. თავიდან განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. შესაძლოა წინა საღამოს თავად დარჩა ასე. მაგრამ შემდეგ საქაღალდე შეამჩნია. „აურორა“. დოკუმენტები სხვა თანმიმდევრობით ეწყო. ლივიამ რამდენიმე წამით უძრავად უყურა. ის იმ ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სამუშაო სივრცეში ყველაფერს საკუთარი სისტემით ალაგებდნენ. და ზუსტად იცოდა, სად რა უნდა ყოფილიყო. საქაღალდე გახსნა. ფურცლები გადათვალა. არაფერი აკლდა. მაგრამ ერთ-ერთი დოკუმენტი აშკარად სხვა ადგილას იდო. ქალმა კომპიუტერი ჩართო. შემდეგ რედაქციის უსაფრთხოების თანამშრომელს დაურეკა. ნახევარი საათის შემდეგ უკვე იცოდა, რომ წინა საღამოს, მისი წასვლის შემდეგ, შენობაში რამდენიმე ტექნიკური თანამშრომელი მუშაობდა. მაგრამ მისი მაგიდის სიახლოვეს არავის უნდა ემუშავა. ლივიამ ჩანაწერების შემოწმება მოითხოვა. პასუხი მოგვიანებით მიიღო. იმ მონაკვეთის კამერა, სადაც მისი სამუშაო ადგილი ჩანდა, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გათიშული ყოფილიყო. ტექნიკური ხარვეზი. ზუსტად იმ დროს, როცა რედაქციაში თითქმის არავინ იმყოფებოდა. ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. ეს უკვე აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ ჟურნალისტურ გამოძიებას. ვიღაცას მისი საქმიანობა აინტერესებდა. და, როგორც ჩანდა, იმაზე მეტადაც, ვიდრე თავად ელოდა. შუადღისას დენიელ რიდისგან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო. ამჯერად მოკლე წერილი იყო. „ელიზას ისტორია მხოლოდ საავტორო უფლებებს არ ეხება. ფონდის ანგარიშებში მის სახელზე გადარიცხული თანხებია, რომლებიც მას არასოდეს მიუღია. ეს თანხები სხვა პროექტებში გადაიტანეს. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ გოგონა არ ალაპარაკდეს.“ ლივიამ წერილი ყურადღებით წაიკითხა. შემდეგ კომპიუტერში არსებული დოკუმენტები გახსნა. რამდენიმე გადარიცხვა. სხვადასხვა თარიღი. ერთი და იგივე ფონდი. ერთი და იგივე სტიპენდიატი. და თანხები, რომელთა დანიშნულებაც ბუნდოვნად იყო აღწერილი. ახლა სურათი უფრო მკაფიო ხდებოდა. ელიზას მუსიკალური ნაწარმოების მითვისება მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. შესაძლოა მისი სახელი ფინანსური მანიპულაციებისთვისაც გამოიყენეს. ლივიამ დენიელს შეხვედრა შესთავაზა. პასუხი თითქმის მაშინვე მიიღო. „პირადად ვერ შეგხვდებით. მაგრამ თუ მართლა გინდათ სიმართლის გაგება, ელიზას თავდაპირველი ხელნაწერი მოძებნეთ. მასზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არსებობს.“ - ლივიამ შეტყობინება შეინახა. შემდეგ დემიანის ნომერი აკრიფა. მამაკაცმა მესამე ზარზე უპასუხა. - ქავთარაძე, თუ ჩემი ხმა მოგენატრა, შეგიძლია პირდაპირ მითხრა. - ლივიას ამჯერად არ გაუღიმია. - უნდა გნახო. - დემიანის ხმა მაშინვე შეიცვალა. - რა მოხდა? - ტელეფონით ვერ გეტყვი. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - სად ხარ? - რედაქციაში. - ოც წუთში მოვალ. - ზარი შეწყდა. ლივია რამდენიმე წამით ტელეფონს უყურებდა. უცნაური იყო. არანაირი ზედმეტი შეკითხვა. არანაირი ხუმრობა. მხოლოდ ორი სიტყვა, რომლებიც მოულოდნელად იმაზე მეტ სიმშვიდეს ანიჭებდა, ვიდრე სურდა ეღიარებინა. მოვალ. დემიანი ოცდახუთ წუთში გამოჩნდა. ლივიამ ფანჯრიდან დაინახა, როგორ გადმოვიდა მანქანიდან. მუქი შარვალი და შავი პერანგი ეცვა. მზის სათვალე მოიხსნა. შენობას ახედა. შემდეგ შიგნით შევიდა. ლივიას საკუთარ თავზე გაეღიმა. ზოგიერთ მამაკაცს სრულიად განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, უბრალოდ სიარულითაც კი ზედმეტ ყურადღებას იქცევდა. დემიანი სწორედ ასეთი იყო. რედაქციაში შესვლისთანავე რამდენიმე ადამიანმა იცნო. ვიღაც მიესალმა. ვიღაც ფოტოს გადაღებას შეეცადა. მამაკაცმა ყველას თავაზიანად გაუღიმა. მაგრამ ლივიას დანახვისთანავე პირდაპირ მისკენ წავიდა. - რა მოხდა? - ქალმა ოთახის კარი დახურა. შემდეგ საქაღალდე მაგიდაზე დადო. - ვიღაც ჩემს სამუშაო მაგიდას შეეხო. - დემიანის სახე დასერიოზულდა. - დარწმუნებული ხარ? - სრულიად. - ლივიამ აუხსნა ყველაფერი. გათიშული კამერა. გადაადგილებული დოკუმენტები. უცნაური შეტყობინებები. მამაკაცი უსმენდა. არ აწყვეტინებდა. არ ხუმრობდა. და ლივიამ პირველად შეამჩნია, რამდენად მკვეთრად შეეძლო დემიანს საკუთარი ხასიათის შეცვლა, როცა რაღაც მართლა მნიშვნელოვანი ხდებოდა. - პოლიციას მიმართე? - ჰკითხა ბოლოს. - ჯერ არა. არაფერი დაკარგულა, მაგრამ ჩანაწერებსა და წვდომის მონაცემებს შევინახავ. - უნდა მიმართო. - დემიან, ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. - მამაკაცმა თვალებში შეხედა. - მაშინ მოიქეცი. - ლივიამ წარბები შეკრა. - ახლა ბრძანებების გაცემას აპირებ? - დემიანმა ღრმად ამოისუნთქა. - არა. - ელიზა მორგანის შესახებ მეტი გავიგე. - დემიანის მზერა მაშინვე შეიცვალა. - რა გაიგე? - მისს სახელზე ფონდიდან თანხები ირიცხებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, არასოდეს მიუღია. და ის ნაწარმოები, რომლის შესრულებაც 16 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო, შესაძლოა საერთოდ სხვა ადამიანის სახელით იყოს დარეგისტრირებული. - დემიანმა თავი დახარა. რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა. ლივიას მისთვის თვალი არ მოუშორებია. - შენ ეს ყველაფერი იცოდი, არა? - მამაკაცმა პასუხი არ გასცა. - დემიან. - შემობრუნდა. - ნაწილობრივ. - და არაფერი თქვი? - ლივია, შენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ხედავ, რომელიც ხელში გაქვს. მე იმ ადამიანსაც ვიცნობ, ვის ცხოვრებასაც ეს ინფორმაცია ეხება. - სწორედ ამიტომ მინდა მასთან საუბარი. - და თუ მას არ უნდა? - ქალი გაჩერდა. დემიანი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. - ელიზა არ არის შენი სტატიის პერსონაჟი. ცოცხალი ადამიანია. და მას უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა ის, რაც მოხდა. - ლივიას სახე დაეძაბა. - შენ გგონია, ეს არ მესმის? - მგონია, რომ სიმართლის პოვნა იმდენად გინდა, ზოგჯერ გავიწყდება, მისი გამჟღავნება ვის რა ფასად დაუჯდება. - ეს სიტყვები მტკივნეულად მოხვდა. არა იმიტომ, რომ დემიანი აუცილებლად მართალი იყო. არამედ იმიტომ, რომ მისი პროფესიული ეთიკის ეჭვქვეშ დაყენება ყველაზე ნაკლებად სწორედ მისგან სურდა. - მე ადამიანების ცხოვრებით არ ვთამაშობ, დემიან. - მამაკაცმა თვალებში შეხედა. და იმ წამს ორივემ გაიგო, რომ საუბარი მხოლოდ ელიზას აღარ ეხებოდა. ლივიას ხმაში რაღაც ძველი გაისმა. დემიანმა ნელა ამოისუნთქა. - ვიცი. - ქალმა მზერა არ აარიდა. - მართლა? - ლივია... - მაშინ ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს ადამიანების გრძნობების ფასი შენ უნდა მასწავლო. სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. მოულოდნელი. დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდად თქვა: - ამის უფლება ნამდვილად არ მაქვს. - ლივიას პასუხი არ გაუცია. მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. - მაგრამ ელიზას დახმარება მინდა. და არ მინდა, შენც საფრთხეში აღმოჩნდე. - ქალმა მზერა დახარა. ეს ორი წინადადება სრულიად განსხვავებული იყო იმ ყველაფრისგან, რასაც დემიანისგან ელოდა. მათში არც თავდაჯერებული ხუმრობა იყო. არც ირონია. მხოლოდ გულწრფელი შეშფოთება. და სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული მისაღები. დემიანმა ტელეფონი ამოიღო. ნიკოლასს დაურეკა. მოკლედ აუხსნა, რომ ფონდის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა და იურისტთან დაკავშირება სურდა. შემდეგ ზარი შეწყვიტა. ლივიას შეხედა. - ერთი რამ უნდა გაჩვენო. - ქალი გასწორდა. - რა? - რაღაც, რაც იმ საღამოს მოხდა. - დემიანმა ტელეფონში ძველი ვიდეო მოძებნა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ ლივიას გაუწოდა. ვიდეო დაბალი ხარისხის იყო. დახურული საღამოს კულისები ჩანდა. ვიღაც კამერით შემთხვევით იღებდა. კადრში ელიზა მორგანი გამოჩნდა. ფერმკრთალი. აღელვებული. მის გვერდით რიჩარდ ჰეისი იდგა. მამაკაცი რაღაცას ეუბნებოდა. ხმა მკაფიოდ არ ისმოდა. მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც გაირჩა. „შენ უკვე მოაწერე ხელი.“ შემდეგ ელიზას ხმა. დაბალი. აკანკალებული. „ეს ჩემი მუსიკაა.“ კადრი შეწყდა. ლივია რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ვიდეო თავიდან ჩართო. კიდევ ერთხელ. და კიდევ ერთხელ. - ეს საიდან გაქვს? - დემიანმა ტელეფონი გამოართვა. - იმ საღამოს ერთ-ერთმა ტექნიკოსმა გამომიგზავნა. - რატომ არ გამოაქვეყნე? - მამაკაცმა თვალებში შეხედა. - იმიტომ, რომ ელიზამ მთხოვა, არ გამეკეთებინა. - ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. ახლა უკვე ესმოდა. სრულად არა. მაგრამ საკმარისად, რომ დემიანის დუმილი მხოლოდ თავის არიდებად აღარ აღექვა. - ხელნაწერი სად არის? - მამაკაცმა თავი გააქნია. - არ ვიცი. ელიზას ჰქონდა. - მასთან დაკავშირება შეგიძლია? - დემიანმა რამდენიმე წამით იფიქრა. შემდეგ უპასუხა: - ვცდი. მაგრამ თუ საუბარზე დათანხმდება, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. ლივიამ თავი დაუქნია. - სამართლიანია. - მათ შორის პირველად გაჩნდა რაღაც, რაც ძველ დაპირისპირებას არ ჰგავდა. არც ფლირტი იყო. არც კონკურენცია. ნდობის ძალიან პატარა, ჯერ კიდევ მყიფე დასაწყისი. საღამოს დემიანმა ლივია სახლამდე მიაცილა. ქალს თავიდან წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა. შემდეგ გადაიფიქრა. ალბათ იმიტომ, რომ მთელი დღე დაძაბული იყო. ან იმიტომ, რომ დემიანის გვერდით მოულოდნელად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ეს უკანასკნელი აზრი იმდენად უცნაური აღმოჩნდა, რომ სწრაფად მოიშორა. მანქანაში მშვიდი მუსიკა უკრავდა. ლივია ფანჯარაში იყურებოდა. დემიანი პერიოდულად მისკენ აპარებდა მზერას. და ქალს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. - გზას უყურე, დემო. - მამაკაცს გაეღიმა. - შენც ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც ისე მითხრა რამე, რომ არ მეჩხუბო? - შემიძლია. უბრალოდ არ მინდა. - გასაგებია. პირადი პრინციპია. - ლივიას გაეცინა. და დემიანმა იგრძნო, როგორ მოეშვა მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა. სახლთან გაჩერდნენ. ქალმა უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა. მაგრამ მაშინვე არ გადასულა. რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ მამაკაცს შეხედა. - დემიან... - ჰო? - გამოსაშვებ საღამოსთან დაკავშორებით ერთი რამ არასოდეს მითქვამს შენთვის. - დემიანის სახე დასერიოზულდა. ლივიამ მზერა დახარა. თითქოს სიტყვების პოვნა უჭირდა. და ეს მისთვის სრულიად უჩვეულო იყო. - ის ჩემი პირველი კოცნა იყო. - დემიანი გაშეშდა. არაფერი უთქვამს. მხოლოდ უყურებდა. ლივიას ტუჩებზე სევდიანი ღიმილი გაჩნდა. - ალბათ სასაცილოა, არა? ამდენი წლის შემდეგ ამის გახსენება. - მამაკაცმა ნელა გააქნია თავი. - არა. - მის ხმაში ისეთი რამ გაისმა, რომ ლივიამ თვალები ასწია. დემიანი აღარ იღიმოდა. სახეზე უცნაური სინანული ეწერა. თითქოს ახლახან გაიგო რაღაც, რაც წარსულის მთელ სურათს ცვლიდა. - არ ვიცოდი. - თქვა ჩუმად. ლივიამ თავი დაუქნია. - ვიცი. - შემდეგ მანქანის კარი გააღო. მაგრამ დემიანმა შეაჩერა. არა ხელით. მხოლოდ ხმით. - ლივია. - ქალი შემობრუნდა. მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ჩუმად ამოთქვა - ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ კოცნა. - ლივიას სუნთქვა შეეკრა. სულ წამით. მაგრამ საკმარისად, რომ საკუთარი გულისცემა გაეგონა. დემიანმა მზერა არ აარიდა. - არ ყოფილა გესმის?! - ქალს პასუხი არ გაუცია. არც შეეძლო. რადგან არსებობდა სიტყვები, რომელთა მოსმენასაც ადამიანი იმდენ ხანს ელოდება, რომ როცა ბოლოს მართლა ისმენს, აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს. ლივია მანქანიდან გადავიდა. დემიანი უყურებდა, როგორ შევიდა სადარბაზოში. და როცა კარი დაიხურა, რამდენიმე წუთით ისევ უძრავად იჯდა. შემდეგ თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. თვალები დახუჭა. თხუთმეტი წელი. თხუთმეტი წელი ეგონა, რომ იმ საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სისულელე იყო. ახლა კი მიხვდა, რომ ვიღაცისთვის ის რამდენიმე წამი პირველი ნდობა ყოფილა. პირველი სურვილი. პირველი კოცნა. და პირველი დიდი იმედგაცრუება. დემიანს ცხოვრებაში უამრავი რამ დაუკრავს. მაგრამ იმ ღამეს პირველად იგრძნო, რომ არსებობდა რაღაც, რისი გამოსწორებაც ვერც ერთი სრულყოფილი მელოდიით ვერ მოხერხდებოდა. ლივია სახლში შესვლისთანავე ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ დემიანის მანქანა ჯერ კიდევ იდგა. ქალი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ დაინახა, როგორ დაიძრა და ქუჩის მოსახვევში გაუჩინარდა. ლივიამ ფარდა ჩამოსწია. მაგრამ ფანჯრიდან მოშორება ვერ შეძლო. მისი სიტყვები ჯერ კიდევ ყურში ჩაესმოდა. „ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ კოცნა.“ უცნაური იყო. თხუთმეტი წლის წინ ეს სიტყვები ალბათ მთელ მის სამყაროს შეცვლიდა. ახლა კი მხოლოდ იმას ახსენებდა, რამდენად ბევრი რამ შეიძლებოდა დაკარგულიყო ადამიანის სიამაყის გამო. ტელეფონმა დაიწკრიალა. ლივიამ ეკრანს დახედა. უცნობი ნომერი. შეტყობინება მოკლე იყო. „შეწყვიტე ელიზა მორგანის ძებნა. შემდეგ ჯერზე მხოლოდ შენს სამუშაო მაგიდას აღარ შევეხებით.“ ლივიას სახე გაუმკაცრდა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ შეტყობინება შეინახა. ამჯერად აღარ აპირებდა, ყველაფერი უბრალო გაფრთხილებად მიეჩნია. ტელეფონი აიღო. დემიანის ნომერი მოძებნა. რამდენიმე წამით შეყოვნდა. შემდეგ დაურეკა. მამაკაცმა თითქმის მაშინვე უპასუხა. - ქავთარაძე, უკვე მოგენატრე? - ლივიას ამჯერად არ გაუღიმია. - დემიან, ვიღაც მემუქრება. - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მამაკაცის ხმა გაისმა. დაბალი. მკაცრი. სრულიად განსხვავებული იმ ტემბრისგან, რომლითაც ჩვეულებრივ ელაპარაკებოდა. - კარი ჩაკეტე. ახლავე მოვდივარ. და ზარი შეწყდა. - ლივია რამდენიმე წამით ტელეფონს უყურებდა. უცნაური იყო, როგორ სწრაფად შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო. დილით დემიან ავალიანი მხოლოდ წარსულის ყველაზე მტკივნეული მოგონება იყო. საღამოს კი პირველი ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც საფრთხის დროს დაურეკა. ქალმა ტელეფონი ნელა დაუშვა. და პირველად, დიდი ხნის შემდეგ, საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვა. შესაძლოა ადამიანი, რომელმაც ერთხელ ყველაზე მეტად ატკინა, სწორედ ის ყოფილიყო, ვის გვერდითაც ახლა ყველაზე ნაკლებად ეშინოდა?! 7 ლივია ქავთარაძეს ცხოვრებაში ბევრი რამ ენახა. გავლენიანი ადამიანები, რომლებიც კამერის წინ ღირსებაზე საუბრობდნენ, დახურულ კარს მიღმა კი საკუთარ ხელქვეითებს აშინებდნენ. პოლიტიკოსები, რომელთაც სინდისი მხოლოდ წინასაარჩევნო გამოსვლებისთვის სჭირდებოდათ. ბიზნესმენები, რომლებიც მილიონობით ლარს იპარავდნენ და შემდეგ საქველმოქმედო საღამოებზე ბავშვების მომავალზე ღელავდნენ. ლივიას არაერთი ასეთი ადამიანის კარიერა დაესრულებინა. და არც ერთხელ არ ეგრძნო სინანული მაშინ, როცა საკუთარი გამოძიების სისწორეში დარწმუნებული იყო. მისი პროფესიული რეპუტაცია სწორედ ამ დაუნდობელ სიზუსტეზე იდგა. რედაქტორსაც ამიტომ უყვარდა. ან, უფრო სწორად, ამიტომ სჭირდებოდა. „დამარხე ვირტუოზი.“ ეს სიტყვები ჯერ კიდევ პირველივე დღეს უთხრა. არა „გაერკვიე, რა მოხდა“. არა „საინტერესო ინტერვიუ მოამზადე“. არამედ - დამარხე. ლივიას მაშინ არაფერი გაუპროტესტებია. დემიან ავალიანის მიმართ მისი ძველი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დავალება თითქმის სასიამოვნოდაც კი მოეჩვენა. მაგრამ ახლა, როცა სამუშაო მაგიდაზე ვიღაც უჩუმრად იქექებოდა და უცნობი ადამიანები ღამის საათზე მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდნენ, ერთი უსიამოვნო აზრი გაუჩნდა. შესაძლოა ვიღაცას მართლაც სურდა ვირტუოზის დამარხვა. უბრალოდ, ამ საქმეში თავად ლივიას იყენებდნენ ნიჩბად. და ეს გაცილებით მეტად აღიზიანებდა, ვიდრე დემიან ავალიანის არსებობა. თუმცა ამ უკანასკნელსაც არ აკლდა ძალისხმევა. კარზე ზარი დარეკეს. ლივიამ საათს დახედა. ღამის თორმეტს გადასცილებოდა. დემიანმა მოსვლა ისე სწრაფად მოახერხა, თითქოს მთელი თბილისი მისთვის საგანგებოდ გაეთავისუფლებინათ. ქალმა კარის ჭუჭრუტანიდან გაიხედა. მამაკაცი დერეფანში იდგა. მუქი პალტო ეცვა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვინმესთვის ძალიან უსიამოვნო საღამოს მოწყობას აპირებდა. ლივიამ კარი გააღო. - საოცარია. მართლა მოხვედი. - დემიანმა ზღურბლს გადააბიჯა. - მეც მიხარია შენი ნახვა, ქავთარაძე. - ქალს თვალი შეავლო. ფართო, რბილი შარვალი ეცვა, თმა დაუდევრად აეკრა და ფეხშიშველი იდგა. - ღმერთო, ჟურნალისტებიც ადამიანები ყოფილხართ. - იმედგაცრუებული ხარ? - ცოტათი. მეგონა, სახლში ძილშიც პიჯაკი გეცვა და ვინმეს დაკითხვას აწარმოებდი. - ლივიამ კარი მიხურა. - თუ დაცინვა დაამთავრე, შეტყობინებას გაჩვენებ. დემიანმა პალტო გაიხადა. სავარძელზე გადააგდო. შემდეგ ოთახს თვალი მოავლო. და გაჩერდა. მისაღები პატარა არ იყო, მაგრამ აშკარად განსხვავდებოდა იმ სივრცეებისგან, რომლებშიც თავად ცხოვრობდა. კედლებთან წიგნების თაროები იდგა. მაგიდაზე დოკუმენტები ეწყო. ფანჯარასთან რამდენიმე მცენარე იყო, რომელთაგან ერთს აშკარად უკეთესი დღეები ენახა. ოთახში ყველაფერი პრაქტიკული, მოწესრიგებული და ზედმეტი ფუფუნებისგან თავისუფალი იყო. დემიანმა ნელა შემოატარა მზერა. - აქ ცხოვრობ? - ლივიამ თვალები მოჭუტა. - არა, დემო. ღამღამობით უცხო ადამიანების ბინებში ვიჭრები და მუქარის შეტყობინებებს იქ ვიღებ. - გასაგებია. - მამაკაცი წიგნების თაროს მიუახლოვდა. - უბრალოდ მაინტერესებდა, ამდენი ადამიანის კარიერის დანგრევის შემდეგ უფრო შთამბეჭდავი ინტერიერი რატომ არ გაქვს. - შენგან განსხვავებით, საკუთარი მნიშვნელობის დასამტკიცებლად იტალიური ავეჯი არ მჭირდება. - დემიანმა თავი დაუქნია. - მტკივნეული დარტყმაა. განსაკუთრებით ჩემი დივნისთვის, რომელიც შენზე გაცილებით ძვირი ღირს. - ლივიამ ტელეფონი გაუწოდა. - წაიკითხე. - დემიანმა ეკრანს დახედა. ღიმილი მაშინვე გაუქრა. შეტყობინება რამდენჯერმე გადაიკითხა. შემდეგ ნომერს დააკვირდა. - ეს როდის მოვიდა? - დაახლოებით ნახევარი საათის წინ. - წინა შეტყობინებები? - შენახული მაქვს. - სამუშაო მაგიდის ამბავი? - ისიც. - დემიანმა ტელეფონი დაუბრუნა. - პოლიციას ახლავე დაუკავშირდი. - უკვე გადავუგზავნე ყველაფერი ჩემს ადვოკატს. განცხადებასაც მოვამზადებთ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - კარგი. - ლივიამ წარბი ასწია. - რა კარგი? - პირველად ცხოვრებაში რაღაც გითხარი და წინააღმდეგობა არ გამიწიე. - არ მიეჩვიო. - დემიანს გაეღიმა. მაგრამ თვალებში ჯერ კიდევ ის ცივი, მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც ლივიას რედაქციაში უკვე ენახა. დემიანი სამზარეულოში ისე შევიდა, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. მაცივარი გამოაღო. შიგნით ჩაიხედა. რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ნელა შემობრუნდა. - ქავთარაძე. - ლივია კართან გამოჩნდა. - რა? - აქ ვინმე ცხოვრობს? - შენ რა გჭირს? - მაცივარს ვეკითხები. აშკარად მიტოვებული ობიექტია. - ლივიამ თვალები აატრიალა. - ყველი მაქვს. - დემიანმა თარო შეამოწმა. - ყველი, ნახევარი ლიმონი და რაღაც, რასაც სავარაუდოდ საკუთარი ბიოგრაფია უკვე აქვს. - იოგურტია. - თუ ჯერ კიდევ ცოცხალია, შეიძლება იყოს. - ლივიას გაეცინა. თავის შეკავება ვერ შეძლო. დემიანმა გამარჯვებული გამომეტყველებით შეხედა. - აი, თურმე სიცილიც შეგიძლია. - მაცივარი დახურე. - შენ ამით იკვებები? - ძირითადად სამსახურში ვჭამ. - გასაგებია. ჟურნალისტური პროფესიის კიდევ ერთი მსხვერპლი. - მამაკაცმა ტელეფონი ამოიღო. - რას აკეთებ? - ჰკითხა ლივიამ. - საჭმელს ვუკვეთავ. - არ მშია. - დემიანმა თვალი შეავლო. - ეს უკვე სამედიცინო პრობლემას ჰგავს. - დემო... - ქავთარაძე, თუ ამაღამ აქ უნდა ვიყო, შიმშილით სიკვდილს არ ვაპირებ. მსოფლიო მუსიკალური საზოგადოება ამას ვერ გადაიტანს. - ვინ გითხრა, რომ აქ უნდა იყო? - მამაკაცმა მშვიდად შეხედა. - შენ დამირეკე. - იმიტომ, რომ ვიღაც მემუქრება. - ჰოდა, სანამ გავარკვევთ, ვინ არის ეს ვიღაც, აქ ვრჩები. - ლივიამ ხელები გადაიჯვარედინა. - შენ რა, ჩემთან საცხოვრებლად გადმოხვედი? - დემიანმა ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. - არა. ჩემი ცხოვრების დონე ასეთ მსხვერპლს ვერ გაუძლებს. - ქალმა ბალიში ესროლა. დემიანმა ჰაერში დაიჭირა. გაეცინა. და ლივიამ მოულოდნელად იგრძნო, როგორ შემსუბუქდა ოთახში რამდენიმე წუთის წინ გამეფებული დაძაბულობა. ეს კაცი ნამდვილად აუტანელი იყო. მაგრამ ერთი რამ უნდა ეღიარებინა. მის გვერდით სიჩუმე არასოდეს რჩებოდა დიდხანს ცარიელი. საჭმელი ორმოცი წუთის შემდეგ მოიტანეს. დემიანმა იმდენი რამ შეუკვეთა, თითქოს პატარა წვეულებას მასპინძლობდა. პიცა. სალათი. პასტა. დესერტი. ლივიამ პაკეტებს დახედა. - რამდენ ადამიანს ელოდები? - შენს მაცივარს თუ გავითვალისწინებთ, რამდენიმე დღით უნდა გეყოს. - ჩემი მაცივრის შეურაცხყოფას როდის დაამთავრებ? - როცა მასში საკვებს აღმოვაჩენ. - მაგიდასთან დასხდნენ. დემიანმა პიჯაკი გაიხადა, პერანგის სახელოები აიკაპიწა და სრულიად შინაურულად მოეწყო. ლივიას ეს სურათი უცნაურად ეჩვენებოდა. მსოფლიოში ცნობილი პიანისტი მის სამზარეულოში იჯდა, პიცას ჭამდა და ხუმრობდა იმაზე, რომ ქალს თეფშებიც კი სხვადასხვა კომპლექტიდან ჰქონდა. და მაინც, ამ ყველაფერში რაღაც სრულიად ბუნებრივი იყო. თითქოს დემიანს არასოდეს დასჭირვებია განსაკუთრებული გარემო იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო. მას უბრალოდ შეეძლო იქ ყოფილიყო. და მთელი სივრცე საკუთარი არსებობით შეევსო. - რედაქტორმა რა გითხრა ჩემზე? - ჰკითხა მოულოდნელად. - ლივიას ჩანგალი ჰაერში გაუჩერდა. - რა? - შენს რედაქტორს ვგულისხმობ. საინტერესო დავალება მოგცა? - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. დემიანი მშვიდად ჭამდა. თითქოს ჩვეულებრივ ამბავს ეკითხებოდა. ლივიამ წყალი მოსვა. - საკმაოდ საინტერესო. - მაგალითად? - ქალმა თეფში გვერდზე გადადო. შემდეგ მამაკაცს პირდაპირ შეხედა. - „დამარხე ვირტუოზი.“ - დემიანს ჩანგალი გაუშეშდა.. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თავი უკან გადასწია და ხმამაღლა გაეცინა. ლივიამ წარბები შეკრა. - რა გაცინებს? - ღმერთო, რა დრამატული ხალხი ხართ ჟურნალისტები. - დემიან... - დამარხე ვირტუოზი. - გაიმეორა თეატრალური ინტონაციით. - მუსიკალური ტრაგედიის სათაურია. ორკესტრიც უნდა ახლდეს. - ლივიამ ღიმილი ძლივს შეიკავა. - შენი თავდაჯერება მართლა პათოლოგიურია. - დემიანმა ჩანგალი დადო. ქალს თვალებში შეხედა. - და შენ რას აპირებ, ქავთარაძე? მართლა დამმარხავ? - შეკითხვა ღიმილით დასვა. მაგრამ მზერაში რაღაც სერიოზული გაჩნდა. ლივიამ არ მოარიდა მზერა. - თუ ამის საფუძველი მექნება აუცილებლად. - დემიანის სახიდან ღიმილი ნელა გაქრა. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მამაკაცმა თავი დაუქნია. - მშვენიერია. - რა არის მშვენიერი? - ყოველ შემთხვევაში, ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. - ლივიამ თავი ოდნავ დახარა. - და მე ჯერ არ ვიცი, ვისთან მაქვს. - დემიანმა ქალს ხანგრძლივად შეხედა. შემდეგ ისევ თეფშს მიუბრუნდა. - მაშინ უკეთ უნდა გამოიძიო. - ამ პასუხში რაღაც ისეთი იყო, რამაც ლივია ერთდროულად გააღიზიანა და დააინტერესა. მამაკაცი არ სთხოვდა, მისთვის დაეჯერებინა. არც თავის მართლებას ცდილობდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე მის მხარეს იდგა. და ლივიას სწორედ ასეთი ადამიანები აშინებდნენ ყველაზე მეტად. ისინი, ვინც საკუთარი უდანაშაულობის შესახებ იმდენად მშვიდად საუბრობდნენ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდ მატყუარებს ჰგავდნენ. საუბარი თანდათან გამწვავდა. თავდაპირველად ელიზა მორგანზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ ფონდზე. ფინანსურ დოკუმენტებზე. უცნობ შეტყობინებებზე. და ბოლოს დემიანმა ისეთი რამ თქვა, რამაც ყველაფერი შეცვალა. - ამ საქმეს თავი დაანებე. - ლივიამ ნელა ასწია თავი. - უკაცრავად? - მშვენივრა გაიგონე. - კიდევ ერთხელ გაიმეორე. - დემიანი სკამის საზურგეს მიეყრდნო. - იქ ნუ ჩაყოფ ცხვირს, სადაც არაფერი გესაქმება. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ლივიამ ჩანგალი მაგიდაზე დადო. ძალიან ნელა. ზედმეტად მშვიდად. - ახლა კარგად მომისმინე, ავალიანი. - დემიანმა წარბი ასწია. - ოჰო. - მე არ ვარ შენი მენეჯერი, რომელსაც განრიგს შეუცვლი. არც შენი თაყვანისმცემელი, რომელსაც ორი ღიმილით გააჩუმებ. და მით უმეტეს, არ ვარ ქალი, რომელსაც უბრძანებ, სად უნდა ჩაყოს ცხვირი. - დემიანის სახე გამკაცრდა. - ვიღაც უკვე გემუქრება, ლივია. - და ეს ყველაფერი ზუსტად მას შემდეგ დაიწყო, რაც შენ საქართველოში დაბრუნდი. - მამაკაცი გაჩერდა. ქალს შეხედა. ამჯერად ყოველგვარი ღიმილის გარეშე. - რას გულისხმობ? - ლივია სკამიდან წამოდგა. - იმას, რომ სანამ შენი საქმე არ ავიღე, არავინ მითვალთვალებდა. არავინ იქექებოდა ჩემს მაგიდაზე. არავინ მიგზავნიდა მუქარის წერილებს. - დემიანიც წამოდგა. - და ამიტომ გადაწყვიტე, რომ მე ვარ დამნაშავე? - მე არაფერი გადამიწყვეტია. ფაქტებს ვაკავშირებ. - ძალიან ცუდად აკავშირებ. - მაშინ მომეცი უკეთესი ახსნა! - მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. მის თვალებში ბრაზი გაჩნდა. არა ისეთი, რომელიც კონტროლს აკარგვინებდა. უფრო ცივი, მკვეთრი, თითქმის შეურაცხყოფილი. - შენ მართლა გგონია, რომ შენს დასაშინებლად დრო დავხარჯე? - ლივიამ უკან არ დაიხია. - მე ვიცი, რომ რაღაცას მალავ. - იმიტომ, რომ ყველაფერი შენი საქმე არ არის! - როცა ჩემს გამოძიებას ეხება, ჩემი საქმეა! - დემიანმა მწარედ გაიღიმა. - ღმერთო, რა აუტანელი ქალი ხარ. - შენ კი ზედმეტად მიჩვეული ხარ, რომ ყველა შენს გარშემო ტრიალებდეს! - მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. - საინტერესოა. შენ ხომ მთელი საღამოა ჩემზე ლაპარაკობ. - ლივიამ გაბრაზებით ამოისუნთქა. - შენ მართლა იდიოტი ხარ. - და მაინც აქ ვარ. - მე არ მითხოვია, რომ დარჩენილიყავი! - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდად უპასუხა: - არა. შენ უბრალოდ დამირეკე, როცა შეგეშინდა. - ლივიას სახე შეეცვალა. ეს სიტყვები ყველაზე მტკივნეულ ადგილას მოხვდა. არა იმიტომ, რომ შიში სისუსტედ მიაჩნდა. არამედ იმიტომ, რომ დემიანმა მისი ნდობა კამათში იარაღად გამოიყენა. ქალი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ჩემი შეცდომა იყო. - დემიანის მზერა გამკაცრდა. - ლივია... - და მეორედ აღარ განმეორდება. - ქალი გვერდით გასვლას აპირებდა. დემიანმა მკლავში ხელი წაავლო. - მოიცადე. - ლივია მაშინვე შემობრუნდა. - ხელი გამიშვი. - დემიქნმა ხელი მაშინვე გაუშვა. მაგრამ ქალი უკვე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ გაჩერებას არ აპირებდა. - იცი, რა არის შენი პრობლემა, დემიან? გგონია, ყველაფერი შენი წესებით უნდა ხდებოდეს. სცენაზე, ცხოვრებაში, ადამიანებთან... - შენ კი გგონია, რომ ყველას განაჩენი წინასწარ უნდა გამოუტანო! - მე მტკიცებულებებით ვმუშაობ! - მაშინ ერთხელ მაინც სცადე, მტკიცებულება შენს სიძულვილს არ მოარგო! - ეს სიტყვები ჰაერში დარჩა. ლივიას თვალები გაუფართოვდა. დემიანმაც მაშინვე იგრძნო, რომ ზედმეტი მოუვიდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ქალმა მწარედ გაიღიმა. - გგონია, ისევ ის ჩვიდმეტი წლის გოგო ვარ, რომელსაც შენს სიტყვებზე გული აუჩქარდება? - დემიანმა მზერა არ აარიდა. - არა. - მისი ხმა დაბალი იყო. - ახლა გაცილებით საშიში ხარ. რამდენიმე წამით ერთმანეთის წინ იდგნენ. მათ შორის დაძაბულობა თითქმის ხელშესახები გახდა. ლივიას სახე ბრაზისგან ოდნავ შეფაკვლოდა. თვალებში ის ნაცნობი ნაპერწკალი უკრთოდა, რომელიც დემიანს ჯერ კიდევ სკოლიდან ახსოვდა. მამაკაცს ყოველთვის მოსწონდა მისი ასეთი მზერა. იმაზე მეტადაც, ვიდრე საკუთარ თავს უტყდებოდა. ლივია მის გვერდით გავლას შეეცადა. დემიანი წინ გადაუდგა. ქალმა მხარი ჰკრა. - გამატარე. - ჯერ მომისმინე. - სათქმელი უკვე მითხარი. - დემიანმა ისევ შეაჩერა, ამჯერად წელზე ხელი მოხვია და ერთი სწრაფი მოძრაობით კედელთან მიიყვანა. მოულოდნელობისგან ლივიას სუნთქვა შეეკრა. ზურგით კედელს მიეყრდნო. დემიანი მის წინ იდგა. ძალიან ახლოს. ერთი ხელი კედელზე ჰქონდა დაყრდნობილი, მეორე კი ქალის წელიდან უკვე მოეშორებინა. ლივიამ თვალები ასწია. მამაკაცის სახე სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული. მის სუნთქვას გრძნობდა. მის სურნელს. იმ აუტანელ სიახლოვეს, რომელიც ბრაზსა და სურვილს შორის არსებულ ზღვარს სახიფათოდ აპატარავებდა. დემიანის მზერა მის ტუჩებზე შეჩერდა. წამით. შემდეგ ისევ თვალებში დაბრუნდა. ლივიას გულისცემა აუჩქარდა. მაგრამ შიშისგან არა. და ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გააბრაზა. მამაკაცი ნელა დაიხარა. იმდენად ახლოს, რომ მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დარჩა. ლივიას შეეძლო ეგრძნო, როგორ შეიცვალა მისი სუნთქვა. დემიანი შეჩერდა. არ უკოცნია. უბრალოდ უყურებდა. თითქოს პირველად ცხოვრებაში ვერ გადაეწყვიტა, რისი გაკეთება სურდა უფრო მეტად, ქალის გაჩუმება თუ მისი კოცნა. ლივიამ ტუჩები ოდნავ გახსნა. - დემიან... - მამაკაცის მზერა დაბლა დაეშვა. და სწორედ იმ წამს, როცა ორივესთვის ნათელი გახდა, რამდენად სახიფათოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ლივიამ მუხლი სწრაფად ასწია. დემიანმა მყისიერად უკან დაიხია. მაგრამ გვიან. დარტყმა ზუსტად იქ მოხვდა, სადაც ქალს ჰქონდა განზრახული. მამაკაცმა მკვეთრად ამოისუნთქა. შემდეგ ორად მოიკეცა. რამდენიმე წამით ოთახში მხოლოდ მისი ჩახშობილი გინება ისმოდა. ლივია კედელს მოშორდა. თმა შეისწორა. და სრულიად მშვიდი გამომეტყველებით შეხედა. - თხუთმეტი წლის წი ანდელი ვალი იყო, ავალიანი. - დემიანმა თავი ნელა ასწია. მის სახეზე ერთდროულად ბრაზი, ტკივილი და სრული დაუჯერებლობა ჩანდა. - ქავთარაძე... - ჰო? - წყალი მომიტანე... - იოცნებე. - დაუჯერებელი ქალი ხარ. - ლივიამ მხრები აიჩეჩა. - შენ კი ძალიან ცუდად აფასებ რისკებს. - მამაკაცი სავარძელში ჩაეშვა. რამდენიმე წამით თვალდახუჭული იჯდა. შემდეგ ნელა გაიცინა. ჯერ ჩუმად. შემდეგ ხმამაღლა. ლივიამ წარბები შეკრა. - რა გაცინებს? - დემიანმა თავი ასწია. - ღმერთო, როგორ ვერ გიტან. - ორმხრივია. - ერთ დღეს აუცილებლად გამაგიჟებ. ქალმა გაიღიმა. - ეს პროცესი, მგონი, უკვე დაწყებულია. - დემიანმა თავი უკან გადააგდო. და ისევ გაეცინა. მისი სიცილი იმდენად გულწრფელი იყო, რომ ლივიამაც ვერ შეიკავა ღიმილი. თუმცა რამდენიმე წამში ისევ დასერიოზულდა. - მეორედ ასე აღარ მომექცე. დემიანმა შეხედა. ღიმილი ნელა გაუქრა. - გასაგებია. - პასუხი მოკლე იყო. მაგრამ ამჯერად სრულიად სერიოზული. ღამის ორ საათზე სამზარეულოში ისევ ისხდნენ. დემიანს ყინულით სავსე პაკეტი ეჭირა. ლივია კი ჩაის სვამდა და ცდილობდა, მისთვის არ შეეხედა. რადგან ყოველი შეხედვისას სიცილი უტყდებოდა. - ძალიან კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით? - ჰკითხა მამაკაცმა. - ლივიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - საკმაოდ. - მშვენიერია. მეც მყავს რამდენიმე იურისტი, რომლებიც ხვალ დილით სიამოვნებით მოგისმენენ. - საჩივრის შეტანას აპირებ? - ჯერ ვფიქრობ. საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსზე თავდასხმა საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. - ლივიამ სიცილი ვერ შეიკავა. დემიანმა თავი გააქნია. - ჩემი შვილების მომავალი საფრთხეში ჩააგდე, ქავთარაძე. - შენი შვილების მომავალი? - დიახ. და შენ ამაზე იცინი. - ნუ დრამატიზებ. - შენ რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, მკვლელობის მცდელობა იყო. - ლივიამ კიდევ ერთხელ გაიცინა. მამაკაცი რამდენიმე წამით უყურებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სტკიოდა, საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ ამ სიცილის მოსმენა სიამოვნებდა. ეს ქალი სრულიად აუტანელი იყო. ამაყი. ჯიუტი. მკვეთრი. და ისეთი საშიში, რომ მის გვერდით ყოფნას, როგორც ჩანდა, ჯანმრთელობის დაზღვევაც სჭირდებოდა. მაგრამ დემიანს ერთი რამ უკვე ნათლად ესმოდა. ლივია ქავთარაძე იმ ქალებს არ ჰგავდა, რომლებთანაც ურთიერთობა მისთვის მარტივი და წინასწარ განსაზღვრული იყო. და სწორედ ამიტომ არ სურდა მისგან შორს ყოფნა. მოგვიანებით ლივიამ სტუმრის ოთახი მოუმზადა. დემიანი კართან გაჩერდა. შიგნით შეიხედა. პატარა საწოლი. წიგნების თარო. უბრალო სანათი. მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ლივიას მიუბრუნდა. - ეს საკუჭნაოა? - ქალმა თვალები აატრიალა. - თუ არ მოგწონს, სასტუმროში დაბრუნდი. - ჩემი ნომრის აბაზანა ამ ოთახზე დიდია. - მშვენიერია. შეგიძლია იქ დაიძინო. - დემიანს გაეღიმა. შემდეგ ოთახში შევიდა. პერანგის ზედა ღილი შეიხსნა. ლივიამ ეს მოძრაობა უნებლიეთ შეამჩნია. მამაკაცის კისერი. მხრები. თეთრი პერანგის ქვეშ გამოკვეთილი სხეული. ლივიამ მზერა სწრაფად აარიდა. დემიანს ეს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია. მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს. მხოლოდ კარის ჩარჩოს მიეყრდნო. - ქავთარაძე. - ლივია შემობრუნდა. - რა? - ხვალ დილისთვის ყავა მაინც გაქვს? - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი გააქნია. - სამწუხაროდ. - დემიანმა კმაყოფილმა გაიღიმა. - მშვენიერია. მაშინ გადარჩენის შანსი არსებობს. - ლივია წასასვლელად შემობრუნდა. მაგრამ მამაკაცმა ისევ დაუძახა. - ლივია. - ქალი გაჩერდა. ამჯერად მის ხმაში ირონია აღარ იყო. - ის, რაც დღეს მოხდა... მეორედ არ განმეორდება. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი ოდნავ დაუქნია. - კარგი. - და საკუთარ ოთახში შევიდა. დემიანი საწოლზე წამოწვა. ოთახი მისთვის მეტისმეტად პატარა იყო. ბალიში მეტისმეტად რბილი. საბანი მეტისმეტად თხელი. და მთელი ეს სიტუაცია მეტისმეტად აბსურდული. მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, რომელსაც ნიუ-იორკში საკუთარი ბინა, თბილისში ოჯახური სახლი და სასტუმროში უზარმაზარი ნომერი ჰქონდა, ახლა ლივია ქავთარაძის სტუმრის ოთახში იწვა. ქალის, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ისეთი დარტყმა მიაყენა, რომლის გახსენებაზეც ჯერ კიდევ უსიამოვნოდ ეღიმებოდა. დემიანმა თვალები დახუჭა. გემდეგ გაეცინა. საკუთარ თავზე ამ სიტუაციაზე და იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აქ ყოფნა სასტუმროს მდიდრულ ნომერზე გაცილებით საინტერესო ეჩვენებოდა. მაგრამ რამდენიმე წუთში სიცილი გაუქრა. ლივიას სიტყვები გაახსენდა. „დამარხე ვირტუოზი.“ მამაკაცმა თვალები გაახილა. ჭერს უყურებდა. უცნაური იყო. მთელი ცხოვრება საკუთარი სახელის შესაქმნელად იბრძოდა. ახლა კი ქალი, რომლის მიმართაც სულ უფრო მძაფრ ინტერესს გრძნობდა, სწორედ ამ სახელის განადგურების დავალებით მუშაობდა. დემიანმა ნელა ამოისუნთქა. მას არ ეშინოდა ლივიას გამოძიების. ეშინოდა მხოლოდ იმის, რომ ქალი სიმართლემდე მისვლამდე ისეთ შეცდომას დაუშვებდა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ორივეს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. და ერთი რამ უკვე გადაეწყვიტა. თუ ლივია ქავთარაძეს ომი სურდა, ომს მიიღებდა. ლივია საკუთარ საძინებელში იწვა. ძილი არ ეკარებოდა. რამდენიმე საათის წინ მომხდარი სცენა ისევ თვალწინ ედგა. დემიანის გაბრაზებული სახე. მისი სიახლოვე. კედელი ზურგს უკან. და ის რამდენიმე წამი, როცა მამაკაცის ტუჩები მის ტუჩებთან თითქმის შეჩერდა. ლივიამ თვალები დახუჭა. შემდეგ გაეცინა. ღმერთო, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, როცა მუხლი მოარტყა. სრულიად დაუვიწყარი. თხუთმეტი წლის წინ გამოსაშვებ საღამოზე დემიანმა მას საკუთარი პირველი კოცნა ყველაზე მტკივნეულ მოგონებად უქცია. ახლა კი ლივიამ სრულიად ახალი მოგონება აჩუქა. სამართლიანობა ზოგჯერ მართლაც უცნაური გზებით მოდის. მაგრამ სიცილი მალე გაუქრა. რადგან ლივიას საკუთარ თავთან ერთი არასასიამოვნო სიმართლის აღიარება უწევდა. იმ რამდენიმე წამში, სანამ დემიანს მუხლს ამოარტყამდა, მისი კოცნა უნდოდა. არა წარსულის გამო. არა შურისძიებისთვის. არამედ იმიტომ, რომ მამაკაცი, რომელიც მის წინ იდგა, აუტანლად მიმზიდველი იყო. და ეს უკვე გაცილებით სახიფათო აღმოჩენა გახლდათ, ვიდრე ნებისმიერი ანონიმური შეტყობინება. ლივიამ საბანი უფრო მჭიდროდ შემოიხვია. შემდეგ თვალები დახუჭა. ხვალ ისევ ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო. ის ქალი, რომელსაც საკუთარი რედაქტორის დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდა. და რომელსაც დემიან ავალიანის მიმართ ნდობის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მიუხედავად იმოსა, რომ ეს კაცი ახლა მის სახლში, რამდენიმე მეტრის მოშორებით, სრულიად მშვიდად იძინებდა. 8 დილას ერთი უპირატესობა აქვს ღამით ჩადენილ სისულელეებს განსაკუთრებული სიცხადით გვახსენებს. ლივია ქავთარაძემ ეს მაშინ გაიფიქრა, როცა საძინებლის კარი გამოაღო და საკუთარი სამზარეულოდან მამაკაცის ხმა გაიგონა. ინგლისურად საუბრობდა. მშვიდად, მკაფიოდ, ოდნავ გაღიზიანებული ინტონაციით. - ნიკოლას, თუ მათ ბეთჰოვენის მეხუთე კონცერტის შესრულება უნდათ, პროგრამა ერთი თვით ადრე უნდა შეეთანხმებინათ. მე მუსიკას არ ვუკვეთავ ისე, როგორც ისინი სასტუმროს ნომრებს. - ლივია კარის ჩარჩოს მიეყრდნო. დემიან ავალიანი მის სამზარეულოში იდგა. გუშინდელი შავი პერანგი ეცვა, სახელოები იდაყვებამდე აეკაპიწებინა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა. ერთ ხელში ტელეფონი ეჭირა, მეორეთი ყავას ასხამდა. - არა. - განაგრძო ინგლისურად. - ჰონორარზე არ ვვაჭრობ. პროგრამაზე ვსაუბრობ. თუ განსხვავებას ვერ ხვდებიან, სხვა პიანისტი მოძებნონ. - რამდენიმე წამით უსმენდა. შემდეგ გაეცინა. - ნიკოლას, ორივემ ვიცით, რომ სხვას არ მოძებნიან. - ზარი გათიშა. მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია ლივია. ქალს თვალი თავიდან ფეხებამდე შეავლო. - დილა მშვიდობისა, ქავთარაძე. შენი მაცივარი ჯერ კიდევ ცოცხალია. ღამით შევამოწმე. - ლივიამ ხელები გადაიჯვარედინა. - შენ რატომ ხარ ასეთი ბედნიერი დილაობით? - წარმატებული კარიერა, შესანიშნავი გარეგნობა, სტაბილური შემოსავალი... - თავმდაბლობაც არ დაგავიწყდეს. - ეს განსაკუთრებით. - მამაკაცმა მეორე ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ლივიამ ყავას დახედა. - ჩემი ყავის აპარატი გამოიყენე? - არა, პირადად კოლუმბიიდან ჩამოვიტანე მარცვლები. - ქალმა ფინჯანი აიღო. მოსვა. და უნებლიეთ წარბები ასწია. ყავა შესანიშნავი იყო. დემიანმა ეს მაშინვე შეამჩნია. - ვიცი. - რა იცი? - რომ კარგია. - აუტანელი ხარ. - და მაინც, უკვე მეორე დილაა, ჩემს არსებობას უძლებ. - ლივიამ მაგიდასთან ჩამოჯდომა არჩია. დემიანმა მის წინ სკამი გამოსწია და დაჯდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ მამაკაცმა სრულიად მშვიდად იკითხა: - როგორ გეძინა? - მშვენივრად. - სასიამოვნოა. მე მთელი ღამე ვფიქრობდი, მომავალში შვილები მეყოლება თუ არა. - ლივიას ყავა გადასცდა. დემიანმა კმაყოფილმა გაიღიმა. - ხედავ? ძალადობას ყოველთვის აქვს შედეგები. - თუ კიდევ ერთხელ ახსენებ იმ ამბავს, მეორე მუხლსაც გამოვიყენებ. - მადლობა გაფრთხილებისთვის. დღეს მნიშვნელოვანი რეპეტიცია მაქვს. მჭირდება რომ ჯანმრთელი ვიყო. - ლივიამ სიცილი ვერ შეიკავა. მამაკაცმა ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. მისი ღიმილის უკან რაღაც გამარჯვების მსგავსი ჩანდა. დემიანს სცენაზე ათასობით ადამიანის ყურადღების დაპყრობა შეეძლო. მაგრამ ლივია ქავთარაძის გაცინება გაცილებით რთული და, შესაბამისად, გაცილებით საინტერესო ამოცანა აღმოჩნდა. ტელეფონმა დარეკა. ლივიამ ეკრანს დახედა. რედაქტორი. ღიმილი მაშინვე გაუქრა. ზარს უპასუხა და მისაღებში გავიდა. - გისმენთ. - სად არის მასალა, ქავთარაძე? - კაცის ხმაში მისალმების მცდელობაც არ იგრძნობოდა. - გამოძიება მიმდინარეობს. - ამას უკვე რამდენიმე დღეა მეუბნები. - იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. - შენ ინტერვიუ გქონდა ავალიანთან. პრესკონფერენციაზეც იყავი. კიდევ რა გჭირდება? - ლივიამ ფანჯარაში გაიხედა. - მტკიცებულებები. - ღმერთო, ლივია, როდის აქეთ გახდი ასეთი ფრთხილი? ქალს სახე დაეძაბა. - მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკა დავიწყე. - რედაქტორმა უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. - მისმინე, ამ კაცის სახელი სათაურებში უნდა მოხვდეს. ფონდის ფინანსური საქმეები, გაუჩინარებული სტიპენდიატი, დახურული ღონისძიება... ყველაფერი გაქვს. - ეჭვები მაქვს. არა დადასტურებული ბრალდებები. - შენ ადრე გაცილებით სწრაფად მუშაობდი. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - ადრე არასოდეს გამომიქვეყნებია მასალა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს მისი ნახვა უნდოდა. - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კაცმა ცივად ჰკითხა: - რაღაც შეიცვალა? - ლივია მაშინვე მიხვდა რას გულისხმობდა. და ეს განსაკუთრებით არ მოეწონა. - არაფერი შეცვლილა. - მაშინ შედეგი მინდა. - მიიღებთ, როცა მზად იქნება. - ზარი დასრულდა. ლივია რამდენიმე წამით ტელეფონს უყურებდა. რედაქტორის მოუთმენლობა ახალი არ იყო. მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად ჟღერდა. თითქოს მას მხოლოდ სტატიის გამოქვეყნება კი არა, წინასწარ განსაზღვრული შედეგი სჭირდებოდა. ლივიას ეს არ მოსწონდა. საერთოდ არ მოსწონდა. - ცუდი დილაა? - დემიანის ხმა ზურგს უკან გაისმა. ქალი შემობრუნდა. მამაკაცი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა. - სამსახურის ამბებია. - ანუ ისევ ჩემი დამარხვის ორგანიზაციული საკითხები. - ლივიამ წარბი ასწია. - მოსმენა გიყვარს? - მუსიკოსი ვარ. პროფესიული აუცილებლობაა. - სხვისი საუბრის მოსმენას ვგულისხმობ. - შენ ისე ხმამაღლა საუბრობდი, მეზობლებმაც გაიგეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. - ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. - დემიან, შენს საქმეზე მასალას მაინც მოვამზადებ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - მოამზადე. - და თუ რაიმე აღმოვაჩინე... - გამოაქვეყნე. - მისმა სიმშვიდემ ქალი გააღიზიანა. - ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? - დემიანმა საათს დახედა. - იმიტომ, რომ შენზე უკეთ ვიცი, რა გავაკეთე და რა არა. - შემდეგ პალტო აიღო. - თერთმეტზე რეპეტიცია მაქვს. - მერე? - მოდიხარ. - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - სად? - რეპეტიციაზე. - შენ კიდევ ვერ ისწავლე, რომ ადამიანებს ბრძანებებს არ უნდა აძლევდე? - დემიანი კარისკენ წავიდა. - გუშინდელი გაკვეთილის შემდეგ გარკვეული პროგრესი მაქვს. ამიტომ წინადადებას შევცვლი: ქავთარაძე, იქნებ შენი ძვირფასი დროიდან ორი საათი გამონახო და ნახო, როგორ მუშაობს ადამიანი, რომლის დამარხვასაც აპირებ? - ლივიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - რატომ? - მამაკაცი შეჩერდა. შემობრუნდა. და სრულიად სერიოზულად უპასუხა: - იმიტომ, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ. და კარგი ჟურნალისტი ჯერ ადამიანს სწავლობს, მერე წერს მასზე. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. ეს პასუხი არ მოეწონა. ძირითადად იმიტომ, რომ სწორი იყო. საკონცერტო დარბაზი თითქმის ცარიელი დახვდათ. სცენაზე უზარმაზარი შავი როიალი იდგა. დარბაზში რამდენიმე ტექნიკოსი მუშაობდა. ვიღაც განათებას ამოწმებდა, ვიღაც ნოტებს ალაგებდა, კულისებში კი ნიკოლასი ტელეფონით საუბრობდა და აშკარად ცუდ ხასიათზე იყო. დემიანის გამოჩენისთანავე ყველაფერი შეიცვალა. არა იმიტომ, რომ ვინმემ საგანგებო ყურადღება მოითხოვა. უბრალოდ, ადამიანები ინსტინქტურად მისკენ იყურებოდნენ. ის მათთვის ცნობილი მამაკაცი კი არა, მუსიკოსი იყო, რომლის შესრულების მოსასმენად ათასობით ადამიანი ბილეთებში დიდ თანხას იხდიდა. დემიანი რამდენიმე თანამშრომელს მიესალმა. შემდეგ როიალთან მივიდა. თავსახური შეამოწმა. სკამი ოდნავ გადაადგილა. რამდენიმე კლავიშს შეეხო. მისი სახიდან ღიმილი გაქრა. ლივია დარბაზის შუა რიგში დაჯდა. და უცებ სრულიად სხვა დემიან ავალიანი დაინახა. მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მის მაცივარს დასცინოდა, ახლა ისეთი კონცენტრირებული იყო, თითქოს დარბაზში არავინ არსებობდა. პირველი ბგერები მშვიდად გაისმა. შემდეგ მუსიკა გაძლიერდა. ბეთჰოვენი. მეხუთე საფორტეპიანო კონცერტის რთული მონაკვეთები. დემიანის თითები კლავიშებზე წარმოუდგენელი სიზუსტით მოძრაობდა. მაგრამ ლივიას ყველაზე მეტად მისი სახე აინტერესებდა. იქ აღარ იყო ჩვეული თავხედობა. არც ფლირტი. არც ის დაუდევარი თავდაჯერება, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს აღიზიანებდა. მხოლოდ მკაცრი ყურადღება. დისციპლინა. და თითქმის სასტიკი მოთხოვნილება, ყველაფერი სრულყოფილი ყოფილიყო. რამდენიმე წუთის შემდეგ დემიანი მოულოდნელად შეჩერდა. - არა. - დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. აკომპანიატორი, რომელიც ორკესტრის პარტიას მეორე ინსტრუმენტზე ასრულებდა, დაიბნა. დემიანმა ნოტებზე მიუთითა. - აქ ტემპს კარგავ. თუ ასე გააგრძელებ, შემდეგ მონაკვეთში ერთმანეთის მოსმენას ვეღარ მოვასწრებთ. მამაკაცმა რაღაც უპასუხა. დემიანმა თავი გააქნია. - კიდევ ერთხელ. მის ხმაში არც ყვირილი იყო. არც შეურაცხყოფა. მაგრამ ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა, რომ კამათის სურვილს არავის უტოვებდა. მუსიკა თავიდან დაიწყო. მეორედაც შეაჩერა. მესამედაც. მეოთხე ცდაზე კი კმაყოფილმა თავი დაუქნია. - აი, ახლა. - ლივიას გაეღიმა. სწორედ ეს იყო დემიან ავალიანი. კაცი, რომელსაც საკუთარი ნიჭი არასოდეს მიუჩნევია საკმარისად. და რომელიც სხვებისგანაც იმავე სიზუსტეს მოითხოვდა, რასაც საკუთარი თავისგან. რეპეტიციის დასრულებისას დარბაზში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ტექნიკოსებიდან ვიღაცამ ტაში დაუკრა. დანარჩენებიც აჰყვნენ. დემიანმა მხოლოდ თავი დაუკრა. შემდეგ ლივიასკენ გაიხედა. და ის აუტანელი ღიმილი დაუბრუნდა. - აბა? - ჰკითხა მამაკაცმა, როცა ქალი სცენასთან მივიდა. - რა? - როგორი იყო? - ლივიამ მხრები აიჩეჩა. - არაუშავდა. - დემიანმა ხელი გულზე მიიდო. - ქავთარაძე, შენგან ასეთი აღფრთოვანება თითქმის ქორწინების შეთავაზებას უდრის. - ნუ ღელავ. კაცობრიობა ჯერ არ გადაშენებულა. - მამაკაცს გაეცინა. ეს ფრაზა ახსოვდა. სკოლიდან. იმ დროიდან, როცა ლივია მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ დემიან ავალიანზე გათხოვება სამყაროს აღსასრულის უტყუარი ნიშანი იქნებოდა. - შენს ძველ შეხედულებებს ისევ ერთგულად იცავ? - განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გეხება. - დემიანმა პირსახოცი აიღო. სახე შეიმშრალა. შემდეგ ქალს შეხედა. - იცი, რა არის საინტერესო? შენს სტატიებში ადამიანებს ძალიან კარგად შიფრავ. ჩემთან კი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, რა გინდა. - ლივიამ წარბი ასწია. - მე ზუსტად ვიცი, რა მინდა. - მაშინ რატომ მიყურებდი მთელი რეპეტიციის განმავლობაში ისე, თითქოს ბეთჰოვენმა პირადად შენთვის დაწერა ეს კონცერტი? - ქალმა მშვიდად უპასუხა: - ვცდილობდი გამერკვია, როგორ ახერხებს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამდენ სისულელეს ლაპარაკობს, სცენაზე ასეთი ჭკვიანი იყოს. - დემიანმა გაიცინა. - აღიარებ, რომ კარგი ვარ? - ვაღიარებ, რომ დაკვრა იცი. - ღმერთო, რა გულუხვი ქალი ხარ. - ლივია სცენის კიდეს მიეყრდნო. მამაკაცი მის წინ იდგა. ახლოს. მაგრამ ამჯერად მათ შორის დაძაბულობა სხვანაირი იყო. დემიანმა ქალის მზერა დაიჭირა. შემდეგ ოდნავ დაიხარა. - სხვათა შორის, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ჩემი დაზღვევის პირობები გადავამოწმე. - ლივიას გაეცინა. - და? - შენთან ურთიერთობა მაღალი რისკის კატეგორიაში გადის. - ძალიან გონივრული შეფასებაა. - განსაკუთრებით გამრავლების საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო. - ქალმა თავი გააქნია. - შენ ამას არასოდეს დაივიწყებ, ხომ? - დემიანმა თვალებში შეხედა. - ქავთარაძე, შენთან დაკავშირებული რაღაცები ძალიან ძნელად მავიწყდება. - ლივიას ღიმილი შეეცვალა, წამკერათ. მამაკაცმა ეს შეამჩნია. მაგრამ არაფერი დაუმატებია. და სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე გამაღიზიანებელი. შუადღის შემდეგ ლივია რედაქციაში დაბრუნდა. დემიანს რეპეტიციიდან პირდაპირ საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. ნიკოლასი უკვე ელოდებოდა. გამომშვიდობებისას მამაკაცმა მხოლოდ ის უთხრა, რომ საღამოს კონცერტის ორგანიზატორებთან ვახშამზე მიდიოდა და ტელეფონზე შეიძლება ვერ ეპასუხა. ლივიამ მხრები აიჩეჩა. თითქოს ეს ინფორმაცია საერთოდ არ აინტერესებდა. მაგრამ საკუთარ თავზე გაბრაზდა, როცა ნახევარი საათის შემდეგ მაინც გაახსენდა. რედაქციაში სამუშაო ელოდა. და სამუშაო ყოველთვის უკეთესი საშუალება იყო ზედმეტი ფიქრების მოსაშორებლად. კომპიუტერში „აურორას“ დოკუმენტები გახსნა. დენიელ რიდის გამოგზავნილი ინფორმაცია. ფონდის ფინანსური ანგარიშები. ელიზა მორგანის სტიპენდიის ხელშეკრულების ფრაგმენტები. და იმ ნაწარმოების რეგისტრაციის მონაცემები, რომლის ავტორობაც სადავო იყო. ლივიამ ორი დოკუმენტი გვერდიგვერდ გახსნა. თავიდან არაფერი განსაკუთრებული შეუმჩნევია. შემდეგ ერთმა სახელმა მიიქცია ყურადღება. Whitmore & Hale. იურიდიული კომპანია. იგივე სახელწოდება ეწერა ელიზას სტიპენდიის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე. და იმ დოკუმენტზეც, რომელიც სადავო მუსიკალური ნაწარმოების საავტორო უფლებების გადაცემას ეხებოდა. ლივიამ ძიება გააგრძელა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი კავშირი აღმოაჩინა. კომპანია წლების განმავლობაში რიჩარდ ჰეისის ფონდის იურიდიულ მომსახურებას ახორციელებდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. სადავო ნაწარმოები საბოლოოდ დარეგისტრირდა ახალგაზრდა კომპოზიტორის, ადრიან უიტმორის სახელით. ადრიანი ფონდის ერთ-ერთი მთავარი დონორის, ედვარდ უიტმორის შვილი იყო. ლივიამ ეკრანს დიდხანს უყურა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. ახლა სურათი გაცილებით მკაფიო ხდებოდა. ფონდი. დონორი. იურიდიული კომპანია. და ახალგაზრდა გოგონა, რომლის მუსიკაც შესაძლოა სხვის კარიერას ემსახურებოდა. ლივიამ ჩანაწერების რვეული გადაშალა. რამდენიმე სახელი ჩამოწერა. შემდეგ კიდევ ერთი კითხვა დაამატა: „ვინ და რატომ ცდილობს დემიან ავალიანის ამ ისტორიაში დამნაშავედ წარმოჩენას?“ ამჯერად პასუხი ჯერ არ ჰქონდა. მაგრამ ერთი რამ უკვე იცოდა. გამოძიება იმაზე გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონა. საღამოს რედაქტორის კაბინეტში შევიდა. მამაკაცი კომპიუტერთან იჯდა. ლივიას დანახვისთანავე სათვალე მოიხსნა. - ახალი ამბავი გაქვს? - მაქვს. - ქალმა საქაღალდე მაგიდაზე დადო. - მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ერთი შეკითხვა მაქვს. - რედაქტორმა წარბი ასწია. - გისმენ. - „აურორას“ ფონდის შესახებ პირველი ინფორმაცია საიდან მიიღეთ? - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. - წყაროს ვინაობა რატომ გაინტერესებს? - იმიტომ, რომ გამოძიების მასალებში რამდენიმე დეტალი ერთმანეთს არ ემთხვევა. - კერძოდ? - თავდაპირველი შეტყობინება დემიან ავალიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ რაც უფრო მეტს ვიკვლევ, მით უფრო ნაკლები მტკიცებულება მხვდება მის წინააღმდეგ და მით უფრო მეტი ფონდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. - რედაქტორმა სავარძელში უკან გადაიწია. - შესაძლოა ავალიანი უბრალოდ უკეთ მალავს საკუთარ მონაწილეობას. - შესაძლოა. მაგრამ ეს დასკვნა არ არის. - კაცმა კალამი მაგიდაზე დადო. - ლივია, შენ რა, მის დაცვას აპირებ? - ქალის სახე მაშინვე გამკაცრდა. - მე სიმართლის გარკვევას ვაპირებ. - შენ დავალება მიიღე. - ჟურნალისტური დავალება. არა წინასწარ გამოტანილი განაჩენი. - რედაქტორმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ საქაღალდე გახსნა. შიგნიდან ამობეჭდილი წერილი ამოიღო. - ეს ინფორმაცია მის ჩამოსვლამდე მივიღეთ. - ლივიამ ფურცელს დახედა. წერილი თითქმის სამი კვირით ადრე იყო გამოგზავნილი. ანონიმური მისამართიდან. შიგნით დემიანის სახელი, 16 ოქტომბრის თარიღი და „აურორას“ ფინანსური დარღვევები იყო ნახსენები. მაგრამ ერთი წინადადება განსაკუთრებით გამოირჩეოდა. „თუ გსურთ, ამ კაცის ნამდვილი სახე აჩვენოთ საზოგადოებას, საქართველოში მისი დაბრუნება საუკეთესო დროა.“ ლივიამ ფურცელი ნელა დაუშვა. - ეს რატომ არ მაჩვენეთ თავიდან? - რედაქტორმა მხრები აიჩეჩა. - საჭიროდ არ ჩავთვალე. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ფურცელი საქაღალდეში ჩადო. - ასლი მჭირდება. - რისთვის? - იმისთვის, რომ ვიღაც ცდილობს, ჩემი გამოძიება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. - რედაქტორს სახე დაეძაბა. - ფრთხილად იყავი, ქავთარაძე. ზედმეტად ნუ გაართულებ საქმეს. - ლივიამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. შემდეგ შემობრუნდა. - საქმეს მე არ ვართულებ. უბრალოდ, ვიღაცამ ძალიან ცუდად შეარჩია ადამიანი, რომლის გამოყენებაც გადაწყვიტა. - და კაბინეტიდან გავიდა. იმ საღამოს დემიანი კერძო ვახშამზე იმყოფებოდა. მაგიდასთან რამდენიმე გავლენიანი ადამიანი იჯდა. კონცერტის ორგანიზატორები. სპონსორები. კულტურის სფეროს წარმომადგენლები. დემიანი საუბრობდა, იღიმოდა, ხანდახან ირონიულ შენიშვნას აკეთებდა და საოცარი სიმარტივით ართმევდა ამ ყოველივეს თავს. მას ეს კარგად გამოსდიოდა. ადამიანების მოხიბვლა არასოდეს ყოფილა მისთვის რთული. მაგრამ ვახშმის შუაში ტელეფონმა დაიწკრიალა. ლივია. „შენი ჩამოსვლა ვიღაცამ წინასწარ დაგეგმა როგორც სკანდალის დასაწყისი.“ დემიანმა შეტყობინება წაიკითხა. შემდეგ კიდევ ერთხელ. ღიმილი გაუქრა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ უპასუხა: „საინტერესოა. მე კი მეგონა, საქართველოში მხოლოდ კარგი ღვინისა და ცუდი ჟურნალისტების გამო ჩამოვდიოდი.“ პასუხი მაშინვე მოვიდა. „შენი იუმორი გამოძიებას ვერ შეაჩერებს.“ დემიანს გაეღიმა. „არც ვცდილობ. უბრალოდ შენს ხასიათს ვაუმჯობესებ.“ რამდენიმე წამით სიჩუმე. შემდეგ: „ხვალ უნდა გნახო.“ დემიანმა ეკრანს დახედა. თითქოს ამ სამი სიტყვის უკან გაცილებით მეტი რამ იკითხებოდა. შემდეგ აკრიფა: „ქავთარაძე, ეს უკვე ჩვევად გექცა.“ პასუხი აღარ მოსულა. დემიანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ აიღო. ამჯერად თავად დაწერა: „სად ხარ?“ პასუხი მოკლე იყო. „სახლში.“ დემიანმა საათს დახედა. შემდეგ ნიკოლასს მიუბრუნდა. - უნდა წავიდე. - მენეჯერმა გაკვირვებით შეხედა. - ახლა? - ხო. - დემიან, ვახშამი ჯერ არ დასრულებულა. - მამაკაცმა მშვიდად გაიღიმა. - ნიკოლას, ჩემი კონცერტებიც ყოველთვის მაშინ მთავრდება, როცა მე ვწყვეტ. ლივიამ კარზე ზარის ხმა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიგონა. კარი გააღო. დემიანი იდგა. ამჯერად მუქი კოსტიუმი ეცვა. თმა მოწესრიგებული ჰქონდა. მისგან ძვირადღირებული სუნამოსა და გრილი ღამის ჰაერის სურნელი მოდიოდა. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - აქ რას აკეთებ? - შენთან მოვედი. - ეს უკვე აკვიატებას ჰგავს. - დემიანმა ზღურბლს გადააბიჯა. - გუშინ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდე. მსხვერპლის მდგომარეობის შემოწმება მევალება. - ლივიამ თვალები აატრიალა. - დემო... - თანაც შენი მაცივარი მომენატრა. - ქალს გაეცინა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რაღაც აღმოვაჩინე. - ვიცი. ამიტომაც მოვედი. - მისაღებში შევიდნენ. ლივიამ საქაღალდე გახსნა. დემიანს რედაქტორისგან მიღებული წერილი აჩვენა. მამაკაცმა ყურადღებით წაიკითხა. შემდეგ ფურცელი მაგიდაზე დადო. - ეს ადამიანი ძალიან კარგად არის ინფორმირებული. - შენც ასე ფიქრობ? - ჰო. - და ვინ შეიძლება იყოს? - დემიანმა რამდენიმე წამით იფიქრა. - ჯერ არ ვიცი. - ლივიამ სკამის საზურგეს ხელი დაადო. - თავიდან მართლა მინდოდა, შენი დანაშაული დამემტკიცებინა. ძ დემიანმა წარბი ასწია. - რა გულწრფელი აღიარებაა. - ჯერ არ დამიმთავრებია. - გისმენ, ქავთარაძე. - ქალი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. - მაგრამ ახლა ვიღაც ცდილობს, მაიძულოს, ზუსტად ის დავწერო, რაც მას აწყობს. - დემიანის მზერა დასერიოზულდა. - და შენ რას აპირებ? - ლივიამ თვალებში შეხედა. - იმას, რაც ყოველთვის. ყველაფერს გავარკვევ. - მამაკაცს გაეღიმა. - აი, ეს უკვე მომწონს. - შენს წინააღმდეგაც რომ აღმოჩნდეს? - განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმართლე იქნება. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. მათ შორის უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. დემიანი მისაღების შუაში იდგა. ლივია მის წინ. ძალიან ახლოს. მაგრამ ამჯერად არც ერთი არ ჩქარობდა. ქალმა მამაკაცის პიჯაკის საყელოს შეხედა. ოდნავ გადაკეცილი ჰქონდა. სრულიად უმნიშვნელო დეტალი. და მაინც, რატომღაც ხელი ასწია. საყელო გაუსწორა. დემიანი გაშეშდა. მის თვალებში ღიმილი გაჩნდა. - ქავთარაძე... - ქალმა თავი ასწია. - რა? - შენ ახლა ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავ? - ლივიამ ხელი მაშინვე დაუშვა. - უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა. - პიჯაკი თუ მე? - ორივე. - დემიანს გაეღიმა. შემდეგ ოდნავ დაიხარა. მაგრამ ამჯერად არ შეხებია. მხოლოდ შეხედა. - იცი, რა არის საინტერესო? - ლივიამ თვალები მოჭუტა. - რა? - გუშინ, დაახლოებით ამავე ადგილას, კინაღამ მომკალი. - ჯერ კიდევ შემიძლია. - ამიტომაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ. - ქალს გაეცინა. დემიანმა მის ტუჩებს შეხედა. მხოლოდ წამით. შემდეგ ისევ თვალებში ჩახედა. - თუმცა ერთი კითხვა მაინც მაქვს. - გისმენ. - შენ მართლა არ გინდოდა, რომ მეკოცნა? - ლივიას ღიმილი გაუქრა. მოულოდნელად. მამაკაცი არ იღიმოდა. არც ხუმრობდა. უბრალოდ ელოდებოდა. ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა. იმდენად, რომ მათ შორის მანძილი თითქმის გაქრა. დემიანს სუნთქვა შეეცვალა. ეს პატარა ცვლილება ლივიას არ გამოჰპარვია. და პირველად იგრძნო, როგორი სასიამოვნო შეიძლებოდა ყოფილიყო იმ მამაკაცის წონასწორობიდან გამოყვანა, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავში ასე დარწმუნებული ჩანდა. ქალმა ხელი მის პერანგზე დაადო. თითები ნელა ააყოლა საყელომდე. დემიანი არ განძრეულა. მხოლოდ უყურებდა. ლივია ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია. მისი ტუჩები მამაკაცის ტუჩებთან შეჩერდა. ერთი წამი. მეორე. დემიანმა თვალები დახუჭა. და სწორედ მაშინ ლივიამ ჩუმად უთხრა: - შენ ხომ ვირტუოზი ხარ, დემო. მოთმინებაც უნდა შეგეძლოს. - შემდეგ უკან დაიხია. დემიანმა თვალები გაახილა. რამდენიმე წამით ქალს უყურებდა. სრულიად გაოგნებული. შემდეგ გაეცინა. - ქავთარაძე... - ლივიამ გამარჯვებული ღიმილით შეხედა. - ჰო? - მამაკაცმა თავი გააქნია. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ეთამაშები. - ქალმა მხრები აიჩეჩა. - პირიქით. პირველად ცხოვრებაში მგონია, რომ წესები ზუსტად ვიცი. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა. ლივიას სუნთქვა შეეკრა. მაგრამ მამაკაცი ისევ შეჩერდა. გაეღიმა. - ერთი პატარა პრობლემა გაქვს. - რა? - მე ძალიან ცუდად ვიტან წაგებას. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - მაშინ რთული ცხოვრება გელოდება. - დემიანმა გაიცინა. შემდეგ პიჯაკი აიღო. კარისკენ წავიდა. ლივია გაკვირვებით უყურებდა. - მიდიხარ? - მამაკაცი შეჩერდა. შემობრუნდა. მის სახეზე ისევ ის აუტანელი ღიმილი დაბრუნდა. - დიახ. დღეს უკვე საკმარისად გავრისკე. - ლივიამ წარბი ასწია. - შეგეშინდა? - დემიანმა კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. - არა, ქავთარაძე. - წამით შეჩერდა. შემდეგ მშვიდად დაამატა: - უბრალოდ მინდა, შემდეგ ჯერზე შენ თვითონ მთხოვო. - კარი გაიღო. დაიხურა. და ლივია მარტო დარჩა. რამდენიმე წამით უძრავად იდგა. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა. - თავხედი. - მაგრამ სიცილი ნელ-ნელა გაუქრა. რადგან ერთი რამ უნდა ეღიარებინა. დემიან ავალიანმა ამჯერადაც მოახერხა, რომ ბოლო სიტყვა თავად ეთქვა. და ეს ლივიას სრულიად აუტანლად ეჩვენებოდა. იმავე ღამეს, როცა ლივია სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა, ელექტრონულ ფოსტაში ახალი წერილი დახვდა. უცნობი მისამართი. სათაური: „ელიზა მორგანი -16 ოქტომბერი“ ქალმა წერილი გახსნა. შიგნით მხოლოდ ერთი წინადადება იყო. „თუ სიმართლე გაინტერესებს, ჰკითხე შენს ვირტუოზს, რატომ გადაიხადა იმ ღამეს ელიზა მორგანის სახელით 250 000 დოლარი.“ ლივიას სახე შეეცვალა. წერილს კიდევ ერთხელ დახედა. შემდეგ ნელა წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ქალაქს გადახედა. დემიანის მანქანა უკვე აღარ ჩანდა. რამდენიმე წუთის წინ მამაკაცის სიახლოვეს ჯერ კიდევ გრძნობდა. მის სურნელს. მის ხმას. მის მზერას. ახლა კი ეკრანზე ერთი ციფრი ანათებდა. 250 000 დოლარი. და ლივია ქავთარაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ზოგჯერ ყველაზე სახიფათო კითხვები სწორედ მაშინ ჩნდებოდა, როცა ადამიანს პასუხის მოსმენა ყველაზე ნაკლებად სურდა. მაგრამ მას პასუხი სჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ დემიანის დამარხვა ჰქონდა დავალებული. არამედ იმიტომ, რომ თუ ეს კაცი მართლაც რაღაცას მალავდა, ლივია აუცილებლად გაიგებდა, რას. თუნდაც ამისთვის საკუთარი გულისცემის იგნორირება დასჭირვებოდა. 9 დემიან ავალიანისთვის ხელები არასოდეს ყოფილა უბრალოდ სხეულის ნაწილი. ისინი მისი პროფესია იყო. მისი თავისუფლება. მისი ძალაუფლება სამყაროზე, რომელშიც ზოგჯერ სიტყვები ზედმეტად უხეში, ადამიანური ურთიერთობები კი ზედმეტად არაზუსტი ეჩვენებოდა. შვიდი წლის ასაკში პირველად აუხსნეს, რომ თითებს უნდა გაფრთხილებოდა. თორმეტისამ უკვე იცოდა, როგორ შეიძლებოდა ერთი არასწორი მოძრაობით მთელი კვირის შრომა წყალში ჩაყრილიყო. ოცდაორი წლისამ კი, როცა ნიუ-იორკში ერთ-ერთ კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე მაჯა დაიზიანა, პირველად გაიგო, რას ნიშნავდა ნამდვილი შიში. არა სცენის. არა მარცხის. არამედ იმის, რომ ერთ დღეს როიალთან დაჯდებოდა და საკუთარი სხეული აღარ დაემორჩილებოდა. მას შემდეგ საკუთარ ხელებს თითქმის რელიგიური სიზუსტით უფრთხილდებოდა. არ სრიალებდა თხილამურებით. არ თამაშობდა კალათბურთს. არ მონაწილეობდა ისეთ გართობებში, სადაც ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდა. და არასოდეს ჩხუბობდა. სულ მცირე, ფიზიკურად. სიტყვებით კი ადამიანების განადგურება საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. მაგრამ არსებობდა გარემოებები, რომელთა წინაშეც ადამიანის ყველაზე მტკიცე პრინციპებიც მოულოდნელად კარგავდა მნიშვნელობას. დემიანმა ეს ერთ ჩვეულებრივ საღამოს გაიგო. თბილისში. რედაქციის წინ. როცა პირველად ცხოვრებაში საკუთარი თითების უსაფრთხოებაზე ფიქრი უბრალოდ ვერ მოასწრო. ლივია ქავთარაძეს მთელი დღე საშინელი განწყობა ჰქონდა. დილიდან ფინანსურ დოკუმენტებს ამოწმებდა. ელიზა მორგანის სახელით გადარიცხული თანხები, „აურორას“ ხელშეკრულებები, ადრიან უიტმორის სახელზე გაფორმებული მუსიკალური ნაწარმოები და ის უცნაური 250 000 დოლარი, რომლის შესახებაც წინა ღამით შეიტყო, ერთმანეთს ჯიუტად არ ეწყობოდა. ყველაზე მეტად კი ის აღიზიანებდა, რომ ამ თანხის შესახებ დემიანს ჯერ არაფერი უთქვამს. არა იმიტომ, რომ კითხვა დაავიწყდა. უბრალოდ, პირველად ცხოვრებაში რაღაცის გაგებამდე დაფიქრება არჩია. ანონიმური წყაროები ზედმეტად მონდომებით აწვდიდნენ ინფორმაციას. და ლივია უკვე საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი იყო იმისთვის, რომ სცოდნოდა, როცა ვიღაც სიმართლეს ასე გულუხვად გაწვდის, ხშირად მხოლოდ იმ ნაწილს გაჩვენებს, რომელიც თავად აწყობს. საღამოს რვის ნახევარზე ტელეფონი აწკრიალდა. დემიანი. - ქავთარაძე, შენს რედაქციაში ადამიანებს საერთოდ უშვებენ სახლში თუ ჟურნალისტური მონობა ჯერ კიდევ კანონიერია? - ლივიამ კომპიუტერს თვალი არ მოაშორა. - რა გინდა, დემო? - წარმოუდგენელი ამბავი მაქვს. დღეს ვივახშმე და გადავრჩი. ახლა შენც მინდა გამოგცადო. - მადლობა, მაგრამ საქმე მაქვს. - შენ ყოველთვის საქმე გაქვს. - შენ კი ყოველთვის ზედმეტი დრო. - საყვარელო, ჩემი ერთი საათი ზოგიერთის წლიურ ხელფასზე ძვირი ღირს. - ლივიამ თვალები აატრიალა. - და მაინც, ამ ძვირფას საათს ჩემს გაღიზიანებაში ხარჯავ. - ინვესტიციაა. გრძელვადიანი. - ქალს გაეღიმა. მაგრამ სწრაფად მოიშორა ღიმილი. - დემიან, დღეს მართლა არ მცალია. - მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ მშვიდად იკითხა: - ისევ იმ წერილს ამოწმებ? - ლივია გასწორდა. - საიდან იცი? - ქავთარაძე, შენ როცა რაღაცას კბილს ჩაავლებ, ბულდოგსაც შეშურდება. - ძალიან რომანტიკული შედარებაა. - მე ჯერ რომანტიკა არც დამიწყია. - ქალმა პასუხი არ გასცა. დემიანმა განაგრძო: - შენს ოფისთან მოვალ. ოცი წუთი გაქვს. - დემო... - შეგიძლია მანქანაში გამლანძღო. ძალიან კომფორტული სავარძლები მაქვს. - ზარი შეწყდა. ლივიამ ტელეფონს შეხედა. - თავხედი. - შემდეგ საათს დახედა. და, მისდაგასაოცრად მუშაობის დასრულება დაიწყო. ქუჩაში უკვე ბნელოდა. ნოემბრის ცივი ჰაერი შენობებს შორის მოძრაობდა და ტროტუარზე დაყრილ ფოთლებს ატრიალებდა. ლივია რედაქციიდან ცხრის ნახევარზე გამოვიდა. მუქი პალტო ეცვა, მხარზე ჩანთა ეკიდა, ხელში კი ტელეფონი ეჭირა. დემიანის მანქანა მოპირდაპირე მხარეს იდგა. შავი, დაბალძარიანი, ზედმეტად ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც სრულიად შეუფერებლად გამოიყურებოდა რედაქციის გაცვეთილ ფასადთან. ლივიას გაეღიმა. ამ კაცს მოკრძალება რომ შეეძლოს, ალბათ ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. ტელეფონი აწკრიალდა. დემიანის შეტყობინება იყო. „ქავთარაძე, თუ შენს გამოსვლას კიდევ ათი წუთი დაველოდე, პენსიაზე გასვლას მოვასწრებ.“ ქალმა პასუხი აკრიფა. „შეგიძლია დაიწყო. ასაკი უკვე გეტყობა.“ შემდეგ ქუჩის გადაკვეთა დააპირა. სწორედ მაშინ გაიგონა ნაბიჯები. სწრაფი. ზედმეტად ახლოს. მობრუნება ვერ მოასწრო. ვიღაცამ მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი და შენობის კედლისკენ მიაბრუნა. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. - რა ჯანდაბაა?! - მამაკაცს მუქი ქურთუკი ეცვა. სახის ქვედა ნაწილი შარფით ჰქონდა დაფარული. ლივია მის თვალებს ხედავდა. და ამ თვალებში არაფერი იყო შემთხვევითი. - გაგაფრთხილეს. - გამოსცრა უცნობმა. ლივიამ მკლავის გათავისუფლება სცადა. - ხელი გამიშვი! - მამაკაცმა უფრო ძლიერად მოუჭირა. - ვერ გაიგე, როდის უნდა გაჩერდე? - ლივიამ თავისუფალი ხელი სახეში გაარტყა. დარტყმა მოულოდნელი აღმოჩნდა. უცნობმა თავი გვერდზე მიაბრუნა. მაგრამ მაშინვე უფრო აგრესიულად შეეპასუხა. ქალი კედელს მიაჯახა. ზურგში მკვეთრი ტკივილი იგრძნო ლივიამ, ჩანთა მხრიდან ჩამოუცურდა. - ბოლო გაფრთხილებაა, ჟურნალისტო. ლივიამ მუხლი ასწია, მაგრამ მამაკაცმა მოძრაობა შეამჩნია და გვერდზე გაიწია. შემდეგ მისი ჩანთის წართმევა სცადა. ლივია მთელი ძალით ჩაეჭიდა. - გამიშვი, შე ! დემიანი მანქანაში იჯდა. რადიოდან მუსიკა ისმოდა. ტელეფონში ნიკოლასის შეტყობინებას კითხულობდა. კონცერტამდე სამი დღე რჩებოდა. ბილეთები დიდი ხნის გაყიდული იყო. საორგანიზაციო საკითხები თითქმის დასრულებული. და ერთადერთი, რაც იმ საღამოს სურდა, ლივიასთან ნორმალურად ევახშმა. თუმცა სიტყვა „ნორმალურად“ მათ ურთიერთობას ნაკლებად შეეფერებოდა. მანქანის საქარე მინიდან ქუჩისკენ გაიხედა. თავიდან მხოლოდ ორი ადამიანის სილუეტი დაინახა. ქალი. მამაკაცი. კედელთან. შემდეგ ქალის პალტო იცნო. და ის მოძრაობა, რომლითაც უცნობი მას მკლავში ეჭიდებოდა. დემიანს სხეულში რაღაც უცნაურად გაეყინა. ერთი წამი დასჭირდა გასაგებად. მეორე მანქანის კარის გასაღებად. მესამე წამზე უკვე ქუჩაში გარბოდა. არც როიალი გახსენებია. არც კონცერტი. არც თითები. მხოლოდ ის დაინახა, როგორ მიაჯახა ვიღაცამ ლივია კედელს. და ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას მოკლებული გახდა. - ხელი გაუშვი! - მისი ხმა ქუჩაში მკვეთრად გაისმა. უცნობი შემობრუნდა. აშკარად არ ელოდა, რომ ვინმე გამოჩნდებოდა. დემიანი სწრაფად მიუახლოვდა. ლივიას მკლავზე ჩავლებული ხელი უხეშად მოაშორა. ქალი გვერდზე გაიყვანა. - მანქანასთან მიდი! - დემიან... - ახლავე! - უცნობმა დემიანს ხელი ჰკრა. - შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?! - დემიანმა ცივად შეხედა. - ადამიანი, რომელსაც ძალიან ცუდ დროს შეხვდი. - მამაკაცმა მუშტი მოუქნია. დემიანმა დარტყმას თავი აარიდა, მაგრამ მეორე დარტყმა მხარში მოხვდა. ტკივილმა გააღიზიანა. და შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. დემიანმა თავდამსხმელს საყელოში ჩაავლო ხელი და კედელს მიახეთქა. უცნობმა საპასუხოდ სახეში დაარტყა. დემიანს ტუჩი გაუსკდა. სისხლის გემო იგრძნო. ლივიამ შეჰკივლა. - დემიან! - მაგრამ მამაკაცს მისი ხმა თითქოს შორიდან ესმოდა. თავდამსხმელმა ისევ სცადა დარტყმა. დემიანმა ხელი დაუჭირა და მთელი ძალით უპასუხა. მუშტი უცნაურად მოხვდა. მკვეთრი ტკივილი თითებიდან მაჯისკენ გაექცა. იმავე წამს იგრძნო რაღაც არასასიამოვნო. თითქოს სახსარში რაღაც გადაადგილდა. მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. უცნობი უკან გადაიხარა. წონასწორობა დაკარგა. დემიანი მისკენ წავიდა. და სწორედ მაშინ დაინახა, როგორ ამოიღო მამაკაცმა ჯიბიდან პატარა, მბზინავი საგანი. დანა. დემიანი შეჩერდა. ერთი წამით. საკმარისად, რომ ლივიას ხმა გაეგონა. - დემიან, უკან! - მამაკაცმა ნაბიჯი გადადგა. თავდამსხმელი კი მოულოდნელად შებრუნდა და გაიქცა. ლივია ტროტუარზე იდგა. ფერმკრთალი. ერთი ხელით კედელს ეყრდნობოდა. დემიანი მაშინვე მისკენ შემობრუნდა. - კარგად ხარ? - ლივიამ თავი დაუქნია. მაგრამ დემიანმა არ დაუჯერა. მის წინ გაჩერდა. სახეზე შეხედა. შემდეგ მკლავებზე. -სადმე დაგარტყა? - არა, მე... - ლივია, შემომხედე. ქალმა თვალები ასწია. დემიანს ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. პერანგის საყელო არეული ჰქონდა. სუნთქვა ჯერ კიდევ აჩქარებული იყო. და მის თვალებში ისეთი რისხვა ჩანდა, როგორიც ლივიას არასოდეს ენახა. - კარგად ვარ. - გაიმეორა ქალმა. დემიანმა მისი მკლავი ფრთხილად შეამოწმა. პალტოს ქვეშ კანი უკვე შეწითლებოდა. მამაკაცს ყბა დაეჭიმა. - . - ლივიამ ხელი მის სახესთან მიიტანა. - შენ სისხლი მოგდის. - დემიანმა თავი ოდნავ გვერდზე გასწია. - არაფერია. - დემიან... - შენ გკითხე, კარგად ხარ-მეთქი?! - ხმამაღლა გამოუვიდა. ზედმეტად ხმამაღლა. ლივია გაჩერდა. მამაკაცმაც მაშინვე იგრძნო ეს. ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ უფრო მშვიდად გაიმეორა: - რამე გტკივა? - ლივიამ თავი გააქნია. - ზურგი ცოტა. და მკლავი. - დემიანმა თვალები დახუჭა. სულ წამით. შემდეგ ტელეფონი ამოიღო. პოლიციაში დარეკა. ზუსტად აუხსნა, სად იყვნენ და რა მოხდა. თავდამსხმელის გარეგნობა აღწერა. დანა ახსენა. შემდეგ ლივიას ტელეფონი ტროტუარიდან აიღო. ეკრანი გაბზარული იყო. ქალს გაუწოდა. - ესეც შენი ჟურნალისტური თავგადასავალი. ლივიას პასუხის გაცემა უნდოდა. მაგრამ მაშინ შეამჩნია. დემიანი მარჯვენა ხელს უცნაურად იჭერდა. თითები ნახევრად მოხრილი ჰქონდა. მტევანი კი სწრაფად უსივდებოდა. ქალს სახე შეცვალა. - დემიან, ხელი... მამაკაცმა ზელს დახედა. და მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი მთელი სიმძაფრით. მკვეთრი. მწველი. საშინლად ნაცნობი შიშის მომგვრელი. საჩვენებელი თითი უჩვეულოდ გამოიყურებოდა. დემიანმა მისი გასწორება სცადა. ტკივილმა სახე მოუღრიცა. ლივიამ ხელი პირზე აიფარა. - ღმერთო... - მამაკაცი რამდენიმე წამით საკუთარ თითს უყურებდა. შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა: - ჯანდაბა. საავადმყოფოში მისვლამდე დემიანმა თითქმის არაფერი თქვა. ლივია მის გვერდით იჯდა. სასწრაფო დახმარების მანქანაში ექიმი მის მტევანს ამოწმებდა. დემიანი კითხვებს მოკლედ პასუხობდა. ტკივილს აშკარად გრძნობდა. მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ აწუხებდა. მისი მარჯვენა ხელი. სამი დღის შემდეგ კონცერტი. და ის საშინელი შესაძლებლობა, რომ სცენაზე გასვლას ვერ შეძლებდა. ლივიას მისი სახე არასოდეს ენახა ასეთი. დემიანი, რომელიც ჩვეულებრივ ყველაფერს ირონიით ხვდებოდა, ახლა უჩვეულოდ ჩუმი იყო. და სწორედ ამ სიჩუმემ შეაშინა ყველაზე მეტად. - დემიან... - მამაკაცმა შეხედა. - რა? - მაპატიე. - დემიანმა წარბები შეკრა. - რა? - ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი გააქნია. - ქავთარაძე, ნუ დაიწყებ. - მაგრამ... - არ გაბედო. - მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იყო, რომ ლივია გაჩუმდა. დემიანმა მარცხენა ხელით შუბლზე მოიჭორა. შემდეგ ჩუმად დაამატა: - შენ არაფერი დაგიშავებია. - ლივიამ მზერა დახარა. მაგრამ სინდისის ქენჯნა არ გამქრალა. რადგან ძალიან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა დემიან ავალიანისთვის მარჯვენა ხელი. და პირველად ცხოვრებაში საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულმა საფრთხემ არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი სამყაროც შეარყია. რენტგენმა მოტეხილობა დაადასტურა. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ფალანგა. ექიმმა სურათი ყურადღებით შეამოწმა. შემდეგ დემიანს აუხსნა, რომ დაზიანება დამატებით შეფასებას საჭიროებდა და უახლოეს დღეებში როიალზე დატვირთვა დაუშვებელი იქნებოდა. დემიანი უძრავად იჯდა. - სამი დღის შემდეგ კონცერტი მაქვს. ექიმმა მშვიდად შეხედა. - ამ მდგომარეობაში დაკვრას არ გირჩევთ. - არ მიკითხავს, რას მირჩევთ. - ლივიამ თვალები მოჭუტა. ექიმმა სიმშვიდე შეინარჩუნა. - მე კი ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ნაადრევმა დატვირთვამ შეიძლება შეხორცებას ხელი შეუშალოს და თითის ფუნქციას საფრთხე შეუქმნას. - დემიანმა თავი უკან გადასწია. რამდენიმე წამით ჭერს უყურებდა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. - შესანიშნავია. - ლივიამ მის გვერდით სკამი გამოსწია. - დემიან... - მამაკაცმა ხელი ასწია. მარცხენა. - ახლა არა, ქავთარაძე. - ქალს აღარაფერი უთქვამს. ექთანი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ შემოვიდა. ახალგაზრდა ქალი იყო. მუქი თმა უკან ჰქონდა შეკრული. დემიანს ხელი ფრთხილად დაუფიქსირა. - ძალიან გტკივათ? - მამაკაცმა შეხედა. და თითქოს ვიღაცამ შიგნით ნაცნობი ჩამრთველი გადაუწია. მის სახეზე ღიმილი გაჩნდა. - ამ წუთამდე მეგონა, რომ კი. მაგრამ თქვენ რომ შემოხვედით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. - ექთანს გაეცინა. ლივიამ თვალები აატრიალა. დემიანმა ეს შეამჩნია. და, ბუნებრივია, კიდევ უფრო გათამამდა. - სხვათა შორის, თქვენთან მკურნალობა რამდენ ხანს გრძელდება? - ექთანმა გაკვირვებით შეხედა. - გააჩნია დაზიანებას. - ძალიან კარგი. მაშინ, მგონი, გამოჯანმრთელება არ უნდა ვიჩქარო. - ქალმა გაიცინა. ლივიამ მკვეთრად ჩაახველა. დემიანმა მისკენ გაიხედა. - რამე გაწუხებს, ქავთარაძე? - არა. უბრალოდ მაინტერესებს, ტვინის შერყევაზეც ხომ არ შეგამოწმონ. - ექთანმა სიცილი ძლივს შეიკავა. დემიანმა თავი გააქნია. - ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ჩემი პირადი კრიტიკოსია. - საკმაოდ მკაცრი, როგორც ჩანს. - გაეღიმა ექთანს. - წარმოდგენაც არ გაქვთ. დღეს დილით ჯერ კიდევ ორი ჯანმრთელი ხელი მქონდა. - ლივიამ წარბი ასწია. - და საღამოსაც გექნებოდა, ცოტა მეტი ჭკუა რომ გქონოდა. - დემიანმა ექთანს შეხედა. - ხედავთ? თანაგრძნობის საოცარი უნარი აქვს. - ექთანმა ფიქსაცია დაასრულა. მამაკაცს ინსტრუქციები აუხსნა. შემდეგ ოთახიდან გავიდა. დემიანმა ქალი თვალით გააცილა. ლივიამ ხელები გადაიჯვარედინა. - წარმოუდგენელი ხარ. - მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა. - რა ჩავიდინე? - საავადმყოფოშიც კი ვერ ჩერდები. - ქავთარაძე, ადამიანს თითი აქვს მოტეხილი. ცოტა დადებითი ემოცია ეკუთვნის. - დადებითი ემოცია თუ ექთნის ტელეფონის ნომერი? - დემიანის თვალებში ღიმილი გაჩნდა. - ოჰო. - ლივიამ მაშინვე ინანა. მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. - ეჭვიანობ? - შენზე? ნუ გამაცინებ. - უკვე მეორედ ახსენე ის ქალი, რაც გავიდა. - იმიტომ, რომ შენს საქციელს საზღვარი არ აქვს. - რა საინტერესოა. გუშინ ჩემს ტუჩებთან იდექი, დღეს კი სხვა ქალთან საუბარს მიკონტროლებ. - ლივიას სახე შეეცვალა. - დემიან! - მამაკაცმა გაიცინა. - ღმერთო, რა ადვილია შენი გაბრაზება. - ლივიამ თავი გააქნია. - მართლა იდიოტი კაცი ხარ. - დემიანმა მშვიდად უპასუხა: - და შენ მაინც იდიოტის გვერდით ზიხარ. - ქალს პასუხი არ გაუცია. რადგან ამჯერად ხუმრობა აღარ იყო. ის მართლაც იქ იჯდა. მის გვერდით. და საკუთარი თავისთვის ჯერ კიდევ ვერ აეხსნა, რატომ აშინებდა ამ კაცის დაზიანებული თითი იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი სისხლჩაქცევები. ნიკოლასი საავადმყოფოში თითქმის სირბილით შემოვარდა. მის უკან მარინა და ალექსანდრე ავალიანები მოდიოდნენ. დემიანმა დედის დანახვისთანავე თვალები დახუჭა. - ღმერთო, მთელი დელეგაცია. - მარინა პირდაპირ შვილთან მივიდა. სახეზე შეხედა. შემდეგ ხელზე. - დემიან! - დედა, ცოცხალი ვარ. - რა დაგემართა?! - მცირე გაუგებრობა მქონდა ქუჩაში. - ნიკოლასმა ხელები გაშალა. - მცირე გაუგებრობა?! - მისი ხმა თითქმის კივილს ჰგავდა. - სამი დღის შემდეგ კონცერტი გაქვს! სამი! ბილეთები გაყიდულია, სპონსორები ჩამოსულები არიან, პრესა... დემიანმა თავი ასწია. - ნიკოლას, თუ კიდევ ერთხელ იტყვი „სამი დღის შემდეგ“, მგონი მეორე ხელსაც დავიზიანებ. - ეს სასაცილო არ არის! - არც მეცინება. უბრალოდ შენს პანიკას ვუძლებ. - ალექსანდრე ჩუმად იდგა. შვილს ყურადღებით უყურებდა. შემდეგ მშვიდად ჰკითხა: - როგორ მოხდა? - დემიანმა ლივიასკენ გაიხედა. ქალი ოდნავ მოშორებით იდგა. სახეზე ჯერ კიდევ დაძაბულობა ეწერა. მამაკაცმა მზერა მამას დაუბრუნა. - ქუჩაში ქალს თავს დაესხნენ. ჩავერიე. მარინამ მაშინვე ლივიას შეხედა. - შენ იყავი? - ქალმა თავი დაუქნია. - დიახ. - ღმერთო ჩემო, კარგად ხარ? - ლივიამ სცადა გაეღიმა. - კი, მადლობა. არაფერი სერიოზული. - მარინა მიუახლოვდა. მკლავზე შეხედა. - ეს არაფერი სერიოზული არ არის? - უკვე შემამოწმეს. მხოლოდ დაჟეჟილობაა. - ქალმა ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ დემიანისკენ შებრუნდა. - შენ მაინც რა გჭირდა, ჩხუბში რომ ჩაერიე?! - დემიანმა გაკვირვებით შეხედა. - დედა, შემდეგ ჯერზე წინასწარ დავურეკავ თავდამსხმელს და ვთხოვ, სადაც მე ვიქნები იქ არ გამოჩნდნენ. - ალექსანდრეს გაეღიმა, მარინამ მკაცრად შეხედა. - დემიან! - კარგი, კარგი. - ნიკოლასი კი ჯერ კიდევ ვერ მშვიდდებოდა. - კონცერტი უნდა გადავდოთ. - დემიანის სახე მაშინვე შეიცვალა. - ჯერ არაფერი გადაწყვიტო. - დემიან, თითი გაქვს მოტეხილი! - ვიცი. პირადად ვესწრებოდი დიაგნოზის დასმას. - შენ ვერ დაუკრავ! - მამაკაცმა ცივად შეხედა. - ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, როცა სრული შეფასება დასრულდება. მაგრამ მანამდე არც ერთი განცხადება არ გაკეთდება. - ნიკოლასმა პირი გააღო. შემდეგ ისევ დახურა. ლივიამ პირველად დაინახა, როგორ შეეძლო დემიანს ერთი მზერით გაეჩერებინა ადამიანი, რომელიც მას წლებია იცნობდა. ეს არ იყო ახირება. ეს იყო პროფესიული ძალაუფლება. და შიში, რომელსაც მამაკაცი საკუთარი თავხედობის უკან მალავდა. ცოტა ხნის შემდეგ ექიმი დაბრუნდა. დაზიანების შესახებ დამატებითი ინფორმაცია აუხსნა. საჭირო იყო ხელის სპეციალისტის შეფასება, ფიქსაციის დაცვა და დატვირთვისგან თავის შეკავება. კონცერტის ჩატარება, არსებული მდგომარეობით, რეალისტური არ ჩანდა. დემიანმა კითხვები დასვა. ბევრი. ზუსტი. მშრალი. რამდენ ხანში შეიძლებოდა მოძრაობის აღდგენა. არსებობდა თუ არა სახსრის დაზიანების რისკი. როდის დაიწყებოდა რეაბილიტაცია. რამდენად სრულად დაუბრუნდებოდა თითს ფუნქცია. ლივია უსმენდა. და პირველად მიხვდა, რომ დემიანის თავდაჯერება მხოლოდ ხასიათი არ იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ათასობით საათის შრომაზე ააგო. და ახლა ამ შრომის შედეგს ერთი შემთხვევითი დარტყმა ემუქრებოდა. ექიმის გასვლის შემდეგ დემიანი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ მარცხენა ხელით ტელეფონი აიღო. ნიკოლასს შეხედა. - ხვალ დილით კონცერტის ორგანიზატორებთან შეხვედრა დანიშნე. - დემიან... - და ხელის საუკეთესო სპეციალისტთან კონსულტაციაც. - მენეჯერმა თავი დაუქნია. - კარგი. - მამაკაცმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. შემდეგ ყველას შეხედა. - ახლა შეგიძლიათ შეწყვიტოთ ისე ყურება, თითქოს ჩემი პანაშვიდია? - მარინამ თვალები დახუჭა. ალექსანდრეს გაეღიმა. ლივიამ კი პირველად იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში რაღაც უსიამოვნო. დემიანი ისევ ხუმრობდა. მაგრამ მის მარჯვენა ხელს რომ დახედა, თვალებში ერთი წამით ისეთი სიცარიელე გაუჩნდა, რომლის დამალვაც ვერ მოასწრო. და ლივიამ ეს დაინახა. საავადმყოფოდან გამოსვლისას უკვე ღამის პირველი საათი იყო. ნიკოლასი მანქანას ელოდებოდა. მარინა დაჟინებით ითხოვდა, რომ დემიანი ოჯახურ სახლში წასულიყო. მამაკაცი კი ამტკიცებდა, რომ სრულიად დამოუკიდებელი ზრდასრული ადამიანი იყო და საკუთარი საცხოვრებლის არჩევა ჯერ კიდევ შეეძლო. ბოლოს ალექსანდრემ ჩაერია. - მარინა, თავი დაანებე. თუ რამე დასჭირდება, დაგვირეკავს. - ქალმა უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. შემდეგ ლივიას მიუახლოვდა. - შენც თავს გაუფრთხილდი, კარგი? - ლივიამ თავი დაუქნია. - აუცილებლად. - მარინამ რამდენიმე წამით შეხედა. შემდეგ ჩუმად უთხრა: ზ მადლობა, რომ მასთან იყავი. - ლივიამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ქალი უკვე ქმრისკენ შებრუნდა. და ლივიას უცნაური შეგრძნება დარჩა. თითქოს მადლობას სრულიად არასწორ ადამიანს უხდიდნენ. დემიანი საავადმყოფოს შესასვლელთან იდგა. მარჯვენა ხელი დაფიქსირებული ჰქონდა. მარცხენით ტელეფონს ამოწმებდა. ლივია მიუახლოვდა. - ახლა სად მიდიხარ? - სახლში. - რომელში? - მამაკაცმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, შენს დაკითხვებს გეოგრაფიული მიმართულებაც დაემატა? - ლივიამ მკლავები გადაიჯვარედინა. - მარტო არ უნდა დარჩე. - დემიანს გაეღიმა. - ოჰო. - ნუ დაიწყებ. - არა, უბრალოდ ძალიან საინტერესოა. დილით ჩემი დამარხვა გინდოდა, ღამით კი ჩემზე ზრუნავ. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - ახლაც მინდა შენი დამარხვა. უბრალოდ დროებით გადაგივადე. - დემიანმა გაიცინა. შემდეგ სახე ოდნავ დაუსერიოზულდა. - კარგად ხარ? - ქალმა თავი დაუქნია. - კი. - მამაკაცმა ყურადღებით შეხედა. - მართლა? - დემიან, მესამედ მეკითხები. - და მეოთხედაც გკითხავ, თუ საჭირო იქნება. - ლივიამ მზერა აარიდა. ქუჩაში ცივი ქარი ქროდა. მანქანების ფარები სველ ასფალტზე ირეკლებოდა. საავადმყოფოს კართან ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. და ამ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ღამეში ლივიამ მოულოდნელად იგრძნო, რამდენად ახლოს იყო რამდენიმე საათის წინ რაღაც საშინელთან. უცნობი მამაკაცი. დანა. დემიანის სისხლიანი ტუჩი. მისი ხელი. და ის წამი, როცა თავდამსხმელი მისკენ გაიწია. ლივიამ თვალები დახუჭა. სულ წამით. დემიანმა მაშინვე შეამჩნია. - ჰეი. - ქალმა თვალები გაახილა. მამაკაცი მიუახლოვდა. - რა მოხდა? - ლივიამ თავი გააქნია. - არაფერი. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მარცხენა ხელით ნაზად შეეხო მის ნიკაპს. ლივიამ თვალები ასწია. - ქავთარაძე, შენ ახლა მართლა აპირებ, რომ ამ ყველაფრის გამო თავი დაიდანაშაულო? - ქალმა არაფერი უპასუხა. დემიანმა ღრმად ამოისუნთქა. - ძალიან ცუდი იდეაა. - შენ ხელი მოიტეხე. - დაკვირვებული ქალი ხარ. - დემიან! - მამაკაცს გაეღიმა. - რა? - ლივიას ხმა აუკანკალდა. - სამი დღის შემდეგ კონცერტი გაქვს. - დემიანის ღიმილი ნელა გაქრა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ მამაკაცმა მშვიდად თქვა: - ვიცი. - და ახლა როგორ დაუკრავ? - ეს კითხვა ჰაერში დარჩა. დემიანმა პასუხი არ გასცა. რადგან პირველად იმ საღამოს პასუხი ნამდვილად არ ჰქონდა. ლივიამ მისი დაფიქსირებული ხელი დაინახა. შემდეგ სახეზე შეხედა. და უცებ გააცნობიერა, რომ მის წინ იდგა კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება საკუთარი თითების დაცვას დაუთმო. მაგრამ როცა მას საფრთხე დაემუქრა, ამაზე არც ერთი წამით არ უფიქრია. ლივიამ ნელა გადადგა ნაბიჯი. მამაკაცს მიუახლოვდა. შემდეგ ძალიან ფრთხილად, ისე, რომ დაზიანებულ ხელს არ შეხებოდა, ხელები წელზე შემოხვია. დემიანი გაშეშდა. ეს მისთვის მოულოდნელი იყო. იმდენად მოულოდნელი, რომ რამდენიმე წამით არაფერი გაუკეთებია. შემდეგ მარცხენა ხელი ქალს ზურგზე დაადო. ლივია მის მკერდს მიეყრდნო. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში საკუთარ თავს უფლება მისცა, აღარ ყოფილიყო ძლიერი. მხოლოდ რამდენიმე წამით. დემიანმა თავი ოდნავ დახარა. ქალის თმის სურნელი იგრძნო. და თვალები დახუჭა. არც ერთს არაფერი უთქვამს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწორედ მაშინ ხდება, როცა ადამიანები საკუთარი თავის დაცვას წყვეტენ. რამდენიმე წამში ლივია მოშორდა. სახე გაასწორა, თითქოს არაფერი მომხდარა. დემიანმა შეხედა. მის ტუჩებზე ნაცნობი ღიმილი გაჩნდა. - ქავთარაძე... - ლივიამ თვალები მოჭუტა. - რა? - თუ კიდევ ერთხელ ჩამეხუტები ასე, შეიძლება მეორე ხელიც მოვიტეხო. ეფექტისთვის. - ქალმა გაბრაზებით ამოისუნთქა. - ღმერთო, შენ მართლა ვერ გამოსწორდები. - დემიანმა გაიცინა. - არც გინდა, რომ გამოვსწორდე. - ლივიამ პასუხი არ გასცა. მხოლოდ თავი გააქნია. მაგრამ ამჯერად ღიმილი ვერ დამალა. იმ ღამეს ლივია სახლში დაბრუნდა. მარტო. დემიანი ნიკოლასმა წაიყვანა. მამაკაცმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ქალს სახლში დაცვა დახვედროდა, მაგრამ ლივიამ კატეგორიულად უარი თქვა იმაზე, რომ მის ცხოვრებას ვინმე მისი ნებართვის გარეშე განაგებდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ პოლიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებდნენ, რედაქციისა და საცხოვრებელი კორპუსის კამერების ჩანაწერებს შეინახავდნენ და ლივია რამდენიმე დღით მარტო გვიან არ ივლიდა. ეს დათმობა არ იყო. საღი აზრი იყო. და ლივიას საღი აზრი არასოდეს აკლდა. საძინებელში შესვლისთანავე პალტო გაიხადა. მკლავზე სისხლჩაქცევა უკვე გამუქებულიყო. ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. დაღლილი იყო. შეშინებულიც. მაგრამ ყველაზე მეტად გაბრაზებული. ვიღაცამ მისი დაშინებას სცადა. ვიღაცამ დემიანის კარიერა საფრთხეში ჩააგდო. და ვიღაცას აშკარად ეგონა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ლივია ქავთარაძე გამოძიებას შეწყვეტდა. ქალმა კომპიუტერი ჩართო. ახალი დოკუმენტი გახსნა. ზედ სათაური დაწერა: „აურორა -16 ოქტომბერი. ვის აწყობს ვირტუოზის დაცემა?“ შემდეგ რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. დემიანის სახე გაახსენდა. სისხლიანი ტუჩი. დაზიანებული თითი. და ის ერთი წამი, როცა ექიმმა კონცერტის გადადებაზე დაიწყო საუბარი. ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. ახლა ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება აღარ იყო. მაგრამ არც პირადი ანგარიშსწორება უნდა გამხდარიყო. სიმართლე უნდა ეპოვა. ყველაფერი. თუნდაც ბოლოს აღმოჩენილიყო, რომ დემიან ავალიანი იმაზე გაცილებით უკეთესი ადამიანი იყო, ვიდრე მას თხუთმეტი წლის განმავლობაში ეგონა. ან გაცილებით უფრო საშიში. დემიანი სასტუმროს ნომერში ფანჯარასთან იდგა. თბილისის ღამის განათებები შორიდან ჩანდა. მარჯვენა ხელი სტკიოდა. ტკივილგამაყუჩებელმა მხოლოდ ნაწილობრივ უშველა. ნიკოლასმა რამდენიმე წუთის წინ დაურეკა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ხვალ დილით ექიმთან კონსულტაცია ჰქონდათ. დემიანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო. შემდეგ როიალს შეხედა. ნომერში სპეციალურად ჰქონდა მოტანილი. რეპეტიციებისთვის. ყოველდღიური ვარჯიშისთვის. იმ რამდენიმე საათისთვის, როცა სამყაროსგან გაქცევა სჭირდებოდა. მამაკაცი ინსტრუმენტთან მივიდა. დაჯდა. მარჯვენა ხელი კალთაში ედო. მარცხენით რამდენიმე კლავიშს შეეხო. მუსიკა გაისმა. ნაკლული. უცნაური. თითქოს ნაცნობი ენა უეცრად ნახევარი სიტყვებით უნდა ელაპარაკა. დემიანმა დაკვრა შეწყვიტა. რამდენიმე წამით კლავიშებს უყურებდა. შემდეგ მარცხენა ხელი ნელა ჩამოუშვა. და პირველად იმ საღამოს საკუთარი თავისთან აღიარა, რომ ეშინოდა. არა კონცერტის გადადების. არა დაკარგული ჰონორარის. არც პრესის სათაურების. ეშინოდა იმის, რომ ერთმა დაუფიქრებელმა დარტყმამ შესაძლოა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეცვალა. მაგრამ შემდეგ ლივია გაახსენდა. კედელთან მიჯახებული. შეშინებული. უცნობის ხელში მოქცეული. და დემიანმა სრულიად ნათლად გაიაზრა ერთი რამ. დრო რომ უკან დაბრუნებულიყო, ზუსტად იმავეს გააკეთებდა. ამ აღმოჩენამ თავადაც გააკვირვა. რამდენიმე წამით უძრავად იჯდა. შემდეგ გაეღიმა. მწარედ. თითქმის გაბრაზებით. - ჯანდაბა, ქავთარაძე. - ტელეფონი აიღო. ქალს შეტყობინება გაუგზავნა. „იმედია, ხვალ ჩემს სანახავად მოსვლას აპირებ. დაზარალებულს მორალური კომპენსაცია ეკუთვნის.“ პასუხი რამდენიმე წუთში მოვიდა. „შენთვის საუკეთესო კომპენსაცია დუმილი იქნება. დაიძინე, დემო.“ მამაკაცს გაეღიმა. შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება აკრიფა. „და მაინც, იმ ექთანს საკმაოდ ლამაზი თვალები ჰქონდა.“ ლივიას პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა. „მაშინ ხვალ ის წაგიყვანს ექიმთან.“ დემიანმა ხმამაღლა გაიცინა. მარჯვენა ხელმა მაშინვე შეახსენა თავი. ტკივილისგან სახე დაემანჭა. მაგრამ სიცილი მაინც ვერ შეიკავა. „ეჭვიანობა არ გიხდება, ქავთარაძე.“ რამდენიმე წამში ეკრანზე პასუხი გამოჩნდა. „შენ მი მოტეხილი თითკ. ღამე მშვიდობისა.“ დემიანმა ტელეფონი გვერდით დადო. შემდეგ ისევ როიალს შეხედა. და პირველად ცხოვრებაში გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდა რაღაც, რისთვისაც საკუთარი სრულყოფილი მუსიკალური სამყაროს დარღვევა ღირდა. თუმცა ამის ხმამაღლა აღიარებას ნამდვილად არ აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა. 10 მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტის კონცერტის გაუქმება ყოველთვის ხმაურიანი ამბავია. მაგრამ როცა ეს პიანისტი დემიან ავალიანია, ხმაურს ჩვეულებრივზე მეტი მიზეზი აქვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ კონცერტამდე ორი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ მან მარჯვენა ხელი ქუჩის ჩხუბში დაიზიანა. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ჩხუბის მიზეზი ქალია. ჟურნალისტი. ისეთი ჟურნალისტი, რომლის სახელსაც გავლენიანი ადამიანები თავიანთი კარიერის ყველაზე ცუდ დღეებს უკავშირებენ. თბილისს ასეთი ისტორიის ხელიდან გაშვება არ შეეძლო. და არც გაუშვა. დემიანმა კონცერტის გაუქმების შესახებ დილით, ათის ოც წუთზე გაიგო. უფრო სწორად, გადაწყვეტილება თავად მიიღო. ექიმმა მხოლოდ ის აუხსნა, რისი მოსმენაც არ სურდა. მოტეხილი საჩვენებელი თითი ფიქსაციას საჭიროებდა. მოძრაობის ნაადრევი დატვირთვა შეხორცებას შეუშლიდა ხელს, ხოლო სრული პროფესიული დატვირთვის დაბრუნება მხოლოდ შემდგომი შეფასებისა და რეაბილიტაციის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. დემიანი ექიმს უყურებდა. დიდხანს. იმდენად დიდხანს, რომ ნიკოლასმა სავარძელში მოუსვენრად შეიცვალა პოზა. - რამდენ ხანში? - იკითხა ბოლოს. - ზუსტ ვადას ახლა ვერ გეტყვით. რამდენიმე კვირა მაინც დაგჭირდებათ, შემდეგ კი ფუნქციური აღდგენის შეფასება. - რამდენიმე კვირა დაკვრის გარეშე? - სრულფასოვანი დაკვრის გარეშე, დიახ. - დემიანმა თავი დაუქნია. სრულიად მშვიდად. შემდეგ ნიკოლასს მიუბრუნდა. - გააუქმე. - მენეჯერმა გაკვირვებით შეხედა. - რა? - კონცერტი. - დემიან... - ნიკოლას, ამჯერად მართლა არ მაქვს განწყობა, ერთი და იგივე ორჯერ ვთქვა. - მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა. - პრესრელიზს მოვამზადებ. - მოკლე. - რა დავწერო? - დემიანმა დაზიანებულ ხელს დახედა. - რომ ავალიანი ცოცხალია, მაგრამ ბეთჰოვენს ცოტა ხნით დასვენება მოუწევს. - ნიკოლასმა თვალები დახუჭა. - იქნებ ერთხელ მაინც სერიოზულად მიუდგე რამეს? - დემიანმა შეხედა. და მის სახეზე ღიმილის ნატამალიც აღარ დარჩა. - ნიკოლას, მე ახლახან გავაუქმე კონცერტი, რომლისთვისაც თვეებია ვემზადები. თუ გინდა, აგიხსნი, რამდენად სერიოზულად ვუდგები ამას. - მენეჯერი გაჩუმდა. დემიანმა მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. გარეთ მზე ანათებდა. სრულიად შეუფერებელი ამინდი იყო იმისთვის, რომ ადამიანს საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიეღო. პირველი სტატია თერთმეტის ხუთ წუთზე გამოქვეყნდა. მეორე, თერთმეტის თორმეტზე. შუადღისთვის კი დემიან ავალიანის დაზიანებული ხელი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ამბად იქცა. „ვირტუოზის კონცერტი გაუქმებულია - დემიან ავალიანმა ქუჩის ჩხუბში ხელი მოიტეხა.“ „სიყვარული თუ სკანდალი? ვინ არის ქალი, რომლის გამოც მსოფლიო ვარსკვლავმა კარიერა საფრთხეში ჩაიგდო?“ „ჟურნალისტი ლივია ქავთარაძე და დემიან ავალიანი - შემთხვევითი შეხვედრა თუ ფარული რომანი?“ „აურორას ფონდის გამოძიება, თავდასხმა და გაუქმებული კონცერტი - რა კავშირია ამ მოვლენებს შორის?“ ლივიამ მეოთხე სათაური ორჯერ წაიკითხა. შემდეგ კომპიუტერი დახურა. და ისევ გახსნა. რადგან გაქცევას აზრი არ ჰქონდა. მისი ფოტოები უკვე ყველგან იყო. პრესკონფერენციიდან. რეპეტიციიდან. ერთ-ერთი ძველი ღონისძიებიდანაც კი, სადაც დემიანთან ერთად საერთოდ არ ყოფილა. ვიღაცას მათი სკოლის ფოტოებიც მოეძებნა. ლივიას თექვსმეტი წლის სახეს ახლა ინტერნეტში ათასობით უცნობი ადამიანი ათვალიერებდა. და ყველა რაღაცას ასკვნიდა. ვიღაცისთვის ის ქალი იყო, რომელმაც ცნობილი პიანისტი მოხიბლა. ვიღაცისთვის კარიერისტი ჟურნალისტი, რომელმაც სკანდალი პოპულარობისთვის გამოიყენა. ზოგისთვის კი უბრალოდ მორიგი ქალი, რომლის გამოც მამაკაცმა სისულელე ჩაიდინა. ლივიამ კბილები ერთმანეთს დააჭირა. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ თავდასხმის მსხვერპლი ახლა თითქმის აღარავის ახსოვდა. მის ნაცვლად საზოგადოება განიხილავდა, ვისთან ეძინა, ვის უყვარდა და რატომ იდგა დემიან ავალიანის გვერდით. ტელეფონი აწკრიალდა. რედაქტორი. - ქავთარაძე, ჩემს კაბინეტში. ახლავე. - შენ გესმის, რა ხდება?! - რედაქტორმა გაზეთი მაგიდაზე დააგდო. ლივიამ შეხედა. - საკმაოდ კარგად. ინტერნეტი მაქვს. - მთელი ქვეყანა შენზე და ავალიანზე ლაპარაკობს! - და თქვენ რატომ ყვირით? ესეც ჩემი ბრალია? - შენ მისი საქმის გამოძიება გევალებოდა და ახლა ყველა გამოცემა წერს, რომ მასთან რომანი გაქვს! - ლივიამ სკამი გამოსწია. დაჯდა. - ჯერ ერთი, რომანი არ მაქვს. მეორეც, რომ მქონდეს, ეს თავდასხმას არ გაამართლებდა. და მესამეც, მაინტერესებს, რატომ გაწუხებთ ჩემი პირადი ცხოვრება უფრო მეტად, ვიდრე ის ფაქტი, რომ თქვენს ჟურნალისტს ქუჩაში თავს დაესხნენ. კაცმა პირი გააღო. შემდეგ დახურა. - ეს საქმეს აზიანებს. - რომელ საქმეს? გამოძიებას თუ თქვენს წინასწარ დაგეგმილ სათაურს? - რედაქტორს სახე შეეცვალა. - ფრთხილად, ლივია. - ქალმა მშვიდად შეხედა. - მე უკვე საკმაოდ ფრთხილად ვიყავი. შედეგი მაინც სახეზე მაქვს. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ლივიამ საქაღალდე გახსნა. - მინდა ვიცოდე, ვინ იცოდა, რომ „აურორას“ საქმეზე ვმუშაობდი. სრული სია მჭირდება. რედაქციაში, მის გარეთ, ყველგან. - რატომ? - იმიტომ, რომ ვიღაც ჩემს სამუშაო მაგიდაზე ხელებს აფათურებდა. შემდეგ მემუქრებოდა. ბოლოს კი პირდაპირ რედაქციის წინ დამესხა თავს. - პოლიცია იძიებს. - პოლიცია თავდასხმას იძიებს. მე მიზეზს. - რედაქტორმა მძიმედ ამოისუნთქა. - შენ დროებით ამ საქმეს უნდა ჩამოშორდე. - ლივიამ ნელა ასწია თავი. - უკაცრავად? - სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება. - ქალს გაეცინა. მოკლედ. სრულიად უემოციოდ. - ანუ თავდამსხმელმა მიზანს მიაღწია. - მე შენს უსაფრთხოებაზე ვფიქრობ. - საინტერესოა. აქამდე მხოლოდ სტატიის ვადები გაწუხებდათ. - მამაკაცმა მაგიდას ხელი დაარტყა. - ქავთარაძე! - ლივია წამოდგა. - თუ ჩემი გამოძიებიდან ჩამოშორება გინდათ, წერილობით მომეცით გადაწყვეტილება. - ეს მუქარაა? - არა. დოკუმენტაციაა. ჟურნალისტიკაში საკმაოდ სასარგებლო ჩვევაა. - და კაბინეტიდან გავიდა. დემიანის სასტუმროს ნომერში ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. ნიკოლასი უკვე საათები ცდილობდა პრესის შეკავებას. მშობლები რეკავდნენ. კონცერტის ორგანიზატორები. ნიუ-იორკიდან აგენტები. ევროპული ფესტივალების წარმომადგენლები. ვიღაცები თანაგრძნობას გამოხატავდნენ. ვიღაცები კონტრაქტის პირობებს აზუსტებდნენ. ზოგი კი მხოლოდ იმას ცდილობდა გაეგო, მართლა იყო თუ არა ცნობილი პიანისტი შეყვარებული ქართველ ჟურნალისტზე. დემიანმა ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა. შემდეგ ერთ-ერთი სტატია გახსნა. ლივიას ფოტო. მის გვერდით საკუთარი. სათაური: „ქალი, რომელმაც ვირტუოზს მუსიკა დაავიწყა.“ დემიანს ხმამაღლა გაეცინა. - ღმერთო, რა დრამატული ხალხია. - ნიკოლასმა შეხედა. - რა არის სასაცილო? - მამაკაცმა ეკრანი აჩვენა. - მუსიკა დამავიწყაო. - დემიან, გთხოვ... - ნიკოლას, ოცდახუთი წელია ყოველდღე ვუკრავ. ერთი მოტეხილი თითი და უკვე ალცჰაიმერი დამმართეს. - მენეჯერმა შუბლი მოისრისა. - ამ ყველაფერს ძალიან ცუდი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. - დემიანმა ეკრანი დახურა. - კონკრეტულად? - სპონსორები. კონტრაქტები. ფონდის სკანდალი. ახლა ეს ქალი... - მამაკაცის სახე შეიცვალა. - სახელი აქვს. - ნიკოლასი გაჩერდა. - რა? - ლივია ჰქვია. - მენეჯერმა რამდენიმე წამით უყურა. - მე უბრალოდ ვამბობ, რომ მის გვერდით ყოფნა ახლა შენთვის რისკია. - დემიანმა თავი ოდნავ დახარა. - ნიკოლას, ძალიან ყურადღებით მომისმინე. თუ კიდევ ერთხელ ისე ისაუბრებ მასზე, თითქოს ჩემი კარიერისთვის არასასურველი აქსესუარია, საუბარი გაცილებით უსიამოვნო გახდება. - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკოლასმა თვალები მოჭუტა. - შენ მართლა შეყვარებული ხარ? - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - სამწუხაროდ, ჯერ თვითონაც ვერ გავარკვიე, რამდენად. - შემდეგ ტელეფონი აიღო. ლივიას დაურეკა. ქალმა მესამე ზარზე უპასუხა. - თუ იმის სათქმელად რეკავ, რომ მთელი ქვეყანა ჩვენს ქორწილს გეგმავს, უკვე ვიცი. - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, სასიძოს აზრი არავის უკითხავს? - შენს შემთხვევაში ეს ძალიან სარისკო იქნებოდა. - სხვათა შორის, ერთმა გამოცემამ დაწერა, რომ სკოლიდან მიყვარხარ. - ლივია წამით გაჩუმდა. - მერე? - აშკარად ჟურნალისტური სტანდარტები დაეცა. არც ერთი კომენტარი არ აუღიათ ჩემგან. - დემიან, ახლა ამის დრო არ არის. - მამაკაცის ღიმილი გაქრა. - ვიცი. როგორ ხარ? - გაბრაზებული. - ესე იგი, ჩვეულებრივად. - დემო... - მოდი ჩემთან. - ლივიამ ამოისუნთქა. - საქმე მაქვს. - მეც. შენთან. - ქალმა პასუხი არ გასცა. დემიანმა მშვიდად დაამატა: - და, ქავთარაძე, სანამ უარს მეტყვი, გაითვალისწინე, რომ მარჯვენა ხელი მოტეხილი მაქვს. ასეთ მდგომარეობაში მამაკაცისთვის უარის თქმა უკიდურესად უგულო საქციელია. - ლივიას გაეცინა. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. - აუტანელი ხარ. - ოცდაათი წუთი. თუ დაგაგვიანდება, პრესას ვეტყვი, რომ უკვე ორი შვილი გვყავს. ლივია სასტუმროში საღამოს ექვს საათზე მივიდა. დემიანმა კარი თავად გაუღო. მუქი ნაცრისფერი შარვალი და შავი მაისური ეცვა. მარჯვენა ხელი დაფიქსირებული ჰქონდა. ტუჩზე პატარა ჭრილობა ჯერ კიდევ ეტყობოდა. მაგრამ ისეთი კმაყოფილი ღიმილით იყურებდა, თითქოს ყველაფერი ზუსტად მისი გეგმის მიხედვით მიდიოდა. - ქალბატონო ქავთარაძე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი კარიერის ნანგრევებში. - ლივიამ შიგნით შეაბიჯა. - ძალიან ძვირადღირებული ნანგრევებია. - გემოვნება ტრაგედიის დროსაც უნდა შეინარჩუნო. - ქალმა პალტო გაიხადა. დემიანმა მარცხენა ხელი გაუწოდა. - მომეცი. - თვითონაც შემიძლია. - ვიცი. მაგრამ ხანდახან მეც მომეცი საშუალება, თავი სასარგებლოდ ვიგრძნო. - ლივიამ პალტო გადასცა. მამაკაცმა საკიდზე დაკიდება სცადა. ერთი ხელით მოუხერხებლად გამოუვიდა. ლივიამ შეხედა. შემდეგ პალტო გამოართვა და თავად დაკიდა. დემიანმა თავი გააქნია. - შესანიშნავია. უკვე ოჯახური უთანხმოებები დაგვეწყო. - ქალს გაეღიმა. მაგრამ მაშინვე სერიოზული სახე მიიღო. - როგორ ხარ? - ფიზიკურად შეუდარებელი. პროფესიულად დროებით უმუშევარი. - დემიან... - კარგი, ქავთარაძე. მტკივა. თითიც და თავმოყვარეობაც. განსაკუთრებით მეორე. - ლივიამ ყურადღებით შეხედა. - კონცერტი მართლა გააუქმე. - არა, მთელი მსოფლიოს მედია შევკრიბე, რომ შენზე შთაბეჭდილება მომეხდინა. - დემო. - მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა. - გავაუქმე. - ამჯერად აღარ გაუღიმია. ლივიამ მზერა მის ხელზე გადაიტანა. მამაკაცმა ეს შეამჩნია. - ნუ მიყურებ ასე. - როგორ? - თითქოს ჩემი დაკრძალვიდან დაბრუნდი. - ლივიამ თავი ასწია. - შენ ხომ იცი, რას ნიშნავს ეს? - დემიანს გაეღიმა. მაგრამ ღიმილში სიმწარე იგრძნობოდა. - ქავთარაძე, ბოლო ოცდახუთი წელია ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი როიალთან მაქვს გატარებული. საკმაოდ კარგად ვიცი. - ქალი გაჩუმდა. მამაკაცი ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ქალაქი ჩანდა. დემიანმა მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაიდო. - იცი, ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს? - ლივიამ თავი გააქნია. - რომ ადამიანები ფიქრობენ, თითქოს კონცერტის გაუქმება ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება დამემართოს. - და არ არის? - დემიანმა შეხედა. - არა. ყველაზე ცუდი ის იქნებოდა, რომ ერთ დღეს დავმჯდარიყავი როიალთან და ვეღარ დამეკრა ისე, როგორც შემიძლია. - ლივიამ მისი სახე დაინახა. იქ აღარ იყო ის მამაკაცი, რომელიც ექთანს ეფლირტავებოდა. არც ის, რომელიც საკუთარ პოპულარობაზე ხუმრობდა. იქ იდგა მუსიკოსი. შეშინებული. გაბრაზებული. და ამავდროულად ისეთი ამაყი, რომ საკუთარი შიშის აღიარებაც უჭირდა. ლივიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მის გვერდით გაჩერდა. - შენ ისევ დაუკრავ. - დემიანმა შეხედა. - საიდან იცი? - ქალმა მხრები აიჩეჩა. - იმიტომ, რომ ისეთი აუტანელი ხარ, საკუთარ თითსაც არ მისცემ უფლებას, შენს ნებას არ დაემორჩილოს. - მამაკაცს გაეცინა. მოულოდნელად. გულწრფელად. - ღმერთო, ქავთარაძე, ეს ყველაზე ცუდი გამამხნევებელი სიტყვებია, რაც ცხოვრებაში მომისმენია. - სამაგიეროდ, ეფექტური. - დემიანმა თავი დაუქნია. - სამწუხაროდ, კი. მოგვიანებით ვახშამი ნომერში შეუკვეთეს. ლივიამ პირველად ნახა დემიან ავალიანი, რომელიც ერთი ხელით ცდილობდა საჭმლის დაჭრას. შედეგი ტრაგიკომიკური აღმოჩნდა. - დახმარება გჭირდება? - ჰკითხა ქალმა. - არა. - რამდენიმე წამში დანა თეფშზე დაუცურდა. ლივიამ წარბი ასწია. - დარწმუნებული ხარ? - აბსოლუტურად. - მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ლივიამ მშვიდად გამოართვა დანა. - მომეცი. - დემიანმა შეხედა. - ქავთარაძე, თუ ახლა საჭმლის დაჭრას დამიწყებ, ჩემი მამაკაცური ღირსება საბოლოოდ განადგურდება. - შენს მამაკაცურ ღირსებას ერთი ხელი არ განსაზღვრავს. - დემიანის თვალებში ნაცნობი ეშმაკობა გაჩნდა. - ოჰო. საინტერესო თემას შევეხეთ. - ლივიამ მაშინვე თავი ასწია. - არც გაბედო. - მე არაფერი მითქვამს. - სახეზე გაწერია. - სამწუხაროა. მეგონა, უფრო დახვეწილად ვმუშაობდი. - ქალმა ხორცი დაუჭრა. თეფში დაუბრუნა. დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდად თქვა: - მადლობა. - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - ეს რა იყო? - მადლობა. - შენგან? - ხო. ხანდახან ადამიანური თვისებებიც მაქვს. - ქალს გაეღიმა. დემიანმა ჩანგალი აიღო. შემდეგ დაამატა: - ოღონდ არავის უთხრა. რეპუტაცია მაქვს შესანარჩუნებელი. ვახშმის შემდეგ ლივია დივანზე იჯდა. დემიანი მის გვერდით. მაგიდაზე დოკუმენტები ეწყო. ქალმა გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს ის კითხვა დაესვა, რომელიც მთელი დღე აწუხებდა. - დემიან, 250 000 დოლარი. - მამაკაცმა თავი ასწია. მისი სახე მაშინვე შეიცვალა. - რა? - ელიზა მორგანის სახელით. ჩვიდმეტ ოქტომბერს. გადარიცხვა. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადგა. - საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? - ანონიმური წერილიდან. - მამაკაცმა თვალები მოჭუტა. - რა ეწერა? - ლივიამ ტელეფონი გაუწოდა. დემიანმა წაიკითხა. მის სახეზე ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, რომ ლივიამ მაშინვე შეამჩნია. ეს თანხა მისთვის უცხო არ იყო. - დემიან? - მამაკაცმა ტელეფონი დაუბრუნა. - ეს ფული ელიზას დასახმარებლად გადავიხადე. - ვის გადაუხადე? - იურიდიულ და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული თანხა იყო. - კონკრეტულად? - დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. - ქავთარაძე, შენთვის ყველაფრის მოყოლა მინდა. მაგრამ რაღაც დოკუმენტები სხვა ადამიანის კონფიდენციალურობას ეხება. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - ისევ ელიზას? - დიახ. - და მე უბრალოდ უნდა დაგიჯერო? - მამაკაცმა შეხედა. - არა. - ქალი გაჩერდა. დემიანმა განაგრძო: - შენ ჟურნალისტი ხარ. გადაამოწმე. იპოვე მტკიცებულებები. მაგრამ სანამ ამ თანხას ჩემს დანაშაულად გამოაცხადებ, გაითვალისწინე, რომ ვიღაც ძალიან ცდილობს, სწორედ ასე დაგანახოს. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი დაუქნია. - გადავამოწმებ. - ვიცი. - და თუ აღმოჩნდა, რომ მატყუებ... - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, შენ ჩემს სიცოცხლეს უკვე საკმარისად ემუქრები. ცოტა მრავალფეროვნება შემოიტანე. - ლივიამ ბალიში ესროლა. მამაკაცმა მარცხენა ხელით დაიჭირა. - აი, ხომ ხედავ? ჯერ კიდევ კარგი რეაქცია მაქვს. - ქალს გაეცინა. და დაძაბულობა ნელ-ნელა გაქრა. ღამის თერთმეტ საათზე ლივიამ წასვლა გადაწყვიტა. პალტო აიღო. დემიანი მშვიდად წამოდგა დივნიდან. - სად მიდიხარ? - სახლში. - რატომ? - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - იმიტომ, რომ იქ ვცხოვრობ. - ძალიან სუსტი არგუმენტია. - დემიან... - დარჩი. - ქალი გაჩერდა. მამაკაცმა ეს სიტყვა ისე თქვა, თითქოს სრულიად ჩვეულებრივი რამ ეთხოვა. მაგრამ მის ხმაში რაღაც განსხვავებული იყო. არა ბრძანება. არც ხუმრობა. უბრალოდ სურვილი. ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. - რატომ? - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - იმიტომ, რომ დღეს პირველად ცხოვრებაში ისეთი დღე მქონდა, რომლის დასრულებაც მარტო არ მინდა. - ქალს სახე შეეცვალა. ეს არ იყო ის პასუხი, რომელსაც ელოდა. დემიანი მის წინ იდგა. მაღალი. მშვენიერი. აუტანლად თავდაჯერებული. და მაინც, ახლა მის თვალებში რაღაც დაუცველი ჩანდა. ლივიამ პალტო ნელა დადო. - მხოლოდ ცოტა ხნით. - მამაკაცს გაეღიმა. - რა თქმა უნდა. - და ნუ დაიწყებ. - ქავთარაძე, ხელი მაქვს მოტეხილი. ჩემი შესაძლებლობები ისედაც შეზღუდულია. - ქალმა თვალები აატრიალა. მაგრამ დივანზე დაბრუნდა. ღამის ქალაქი ფანჯრებს მიღმა ჩუმად ანათებდა. სასტუმროს ნომერში მხოლოდ ერთი სანათი ენთო. დემიანი დივანზე იჯდა. ლივია მის გვერდით. თავიდან რაღაცებზე საუბრობდნენ. სკოლაზე. ძველ მასწავლებლებზე. დემიანის პირველ კონცერტზე. ლივიას პირველ გამოქვეყნებულ სტატიაზე. შემდეგ საუბარი თანდათან შეწყდა. სიჩუმე დარჩა. მაგრამ ამჯერად უხერხული არ იყო. ლივიამ თავი დივნის საზურგეს მიაყრდნო. დემიანი მისკენ ოდნავ შებრუნდა. - ქავთარაძე. - ქალმა თვალები გაახილა. - ჰო? - ერთი რამ მაინტერესებს. - რა? - გუშინ რომ არ მოვსულიყავი... - ლივიამ შეხედა. მამაკაცმა წინადადება არ დაასრულა. მაგრამ ორივემ იცოდა, რას გულისხმობდა. ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ჩუმად თქვა: - არ ვიცი. - დემიანმა თავი დაუქნია. - მეც. - სიჩუმე ჩამოვარდა. ლივიამ მისი დაზიანებული ხელი დაინახა. შემდეგ თვალებში შეხედა. - შენ ხომ იცი, რომ არ უნდა გეჩხუბა? - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, ეს უკვე მითხარი. - იმიტომ, რომ ვერ ვიჯერებ. - რას? - რომ შენ... შენი ხელები... - სიტყვები ვერ დაასრულა. დემიანმა ყურადღებით შეხედა. შემდეგ მშვიდად ჰკითხა: - შენ რა გინდოდა, გამეკეთებინა? - ლივიამ პასუხი ვერ გასცა. მამაკაცმა კი მშვიდად განაგრძო: - მანქანაში დავმჯდარიყავი და მეყურებინა, როგორ გირტყამდა ვიღაც? - არა, მაგრამ... - მაშინ? - ქალმა თავი დახარა. დემიანმა მარცხენა ხელი მისკენ გასწია. თითებით ნაზად შეეხო სახეზე. ლივიამ თვალები ასწია. მამაკაცი ძალიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ მისი სუნთქვა იგრძნო. - ქავთარაძე. - ჩუმად თქვა დემიანმა. - ჩემი ხელები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - ქალმა თავი დაუქნია. - ვიცი. - მაგრამ იმ წამს შენ გაცილებით მნიშვნელოვანი იყავი. - ლივიას სუნთქვა შეეკრა. არაფერი უთქვამს. დემიანმაც აღარაფერი დაამატა. მხოლოდ უყურებდა. და ამ მზერაში აღარ იყო ის ბიჭი, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ საკუთარი გრძნობების აღიარებას საჯარო დუმილი არჩია. ახლა მის წინ მამაკაცი იჯდა. რომელმაც საკუთარი კარიერა საფრთხეში ჩააგდო. და ამის გამო არც ბოდიშს იხდიდა. არც სინანულს გამოხატავდა. ლივიამ ნელა ასწია ხელი. თითებით დემიანის სახეს შეეხო. იმ პატარა ჭრილობასთან ახლოს, რომელიც ტუჩზე ჯერ კიდევ ეტყობოდა. მამაკაცი არ განძრეულა. ქალის თითებს უყურებდა. შემდეგ მის თვალებს. - დემო... - ჰო? - ლივიამ ოდნავ გაიღიმა. - ამჯერად არანაირი სანაძლეო. დემიანს სახე შეეცვალა. სულ წამით. თხუთმეტი წელი თითქოს მათ შორის უხილავად ჩამოდგა. ის საღამო. სკოლის აივანი. პირველი კოცნა. სირცხვილი. და სიტყვები, რომელთა დაბრუნებაც შეუძლებელი იყო. დემიანმა ნელა დაუქნია თავი. - არანაირი სანაძლეო. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავად მიუახლოვდა. მის ტუჩებს ძალიან ფრთხილად შეეხო. მხოლოდ წამით. თითქოს ჯერ კიდევ ამოწმებდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა წარსულის საზღვრის გადაკვეთა. დემიანი გაშეშდა. არა იმიტომ, რომ კოცნა არ უნდოდა. არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად სწორედ ლივიამ გადადგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც თვითონ აღარ აპირებდა მისი სურვილის გარეშე. ქალი ოდნავ მოშორდა. დემიანმა თვალები გაახილა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ მამაკაცს გაეღიმა. - ქავთარაძე... - რა? - თუ ეს ჩემი დაზიანებული ხელის გამო მოწყალების აქტია, იცოდე, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. - ლივიას გაეცინა. - ღმერთო, შენ მართლა დეგენერატი ხარ. - და მაინც, ახლახან მაკოცე. - შემიძლია გადავიფიქრო. - დემიანმა თავი ოდნავ დახარა. - სამწუხაროდ, უკვე გვიანია. - ქალს თვალებში შეხედა. ამჯერად ხუმრობა აღარ გაუგრძელებია. მარცხენა ხელი წელზე ნელა შემოხვია. დაზიანებული მარჯვენა ხელი ფრთხილად გვერდით ედო. და ერთი ხელით მაიმც მოახერხა ქალის სხეულის მჯხლებზე დასმა. ლივიას არ გაუპროტესტებია. პირიქით. უფრო ახლოს მიიზიდა. და როცა დემიანმა აკოცა, ყველაფერი გაცილებით განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე თხუთმეტი წლის წინ. მაშინ ისინი ბავშვები იყვნენ. საკუთარი გრძნობებით შეშინებულები. სიამაყითა და გაუბედაობით სავსე. ახლა კი ორივემ კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ სიახლოვეს. კოცნა თავიდან ნელი იყო. ფრთხილი. თითქოს ორივე ცდილობდა გაერკვია, სად მთავრდებოდა წარსული და სად იწყებოდა ის, რისთვისაც ჯერ სახელი არ დაერქმიათ. შემდეგ ლივიამ ხელი დემიანს კისერზე შემოხვია. თითები მის თმაში შეუცურა. და მამაკაცის მოთმინებასაც ბოლო მოეღო. მარცხენა ხელით უფრო ახლოს მიიზიდა. კოცნა გაღრმავდა. დემიანის ტუჩები მის ტუჩებს ისეთი თავდაჯერებით ეძებდა, როგორიც მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება ზუსტად იცოდა, რა სურდა. მაგრამ ამჯერად თავდაჯერებას რაღაც სხვა ერეოდა. მონატრება. ხანგრძლივი. ჯიუტი. თხუთმეტი წლის განმავლობაში დაუმთავრებელი. ლივიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. და ეს აღარ იყო უბრალო ფლირტი. არც ძველი ანგარიშის გასწორება. ეს იყო სურვილი, რომელსაც ორივე ძალიან დიდხანს უარყოფდა. დემიანმა კოცნა შეწყვიტა. შუბლით მის შუბლს მიეყრდნო. სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა. ლივიას გაეღიმა. - რა მოხდა, ვირტუოზო? - მამაკაცმა თვალები გაახილა. - ვფიქრობ. - რაზე? - იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ძალიან ცუდ დროს მოვიტეხე. - ლივიას სიცილი აუტყდა. დემიანმაც გაიცინა. შემდეგ ქალმა მის დაზიანებულ ხელს შეხედა. - შენ მართლა აუტანელი ხარ. მამაკაცმა მშვიდად უპასუხა: - სამაგიეროდ, კარგი კოცნა ვიცი. - ლივიამ წარბი ასწია. - საშუალოდ. - დემიანმა გაოცებით შეხედა. - საშუალოდ?! - ჰო. პრაქტიკა გჭირდება. - მამაკაცის თვალებში ის ნაცნობი, თავხედური ღიმილი დაბრუნდა. - ქავთარაძე, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა საშინელი შეცდომა დაუშვი. - რატომ? დემიანმა მარცხენა ხელი წელზე ოდნავ მოუჭირა. - იმიტომ, რომ მე საშუალო შედეგებს ვერ ვიტან. - და ისევ აკოცა. ამჯერად ლივიას სიცილი კოცნაში ჩაეკარგა. ღამის პირველი საათისთვის ლივია ჯერ კიდევ მის გვერდით იყო. დემიანს დივნის საზურგეზე თავი მიეყრდნო. ქალი მის მკერდთან ახლოს იჯდა. მისი მარჯვენა ხელი ფრთხილად, ბალიშზე იყო მოთავსებული. რამდენიმე წუთის განმავლობაში არც ერთს არაფერი უთქვამს. შემდეგ ლივიამ ჩუმად იკითხა: - დემო... - ჰო? - ხვალ რა მოხდება? - მამაკაცმა თვალები გაახილა. - ხვალ? სავარაუდოდ ნიკოლასი ისევ იყვირებს, დედაჩემი ისევ დამირეკავს, ჟურნალისტები ისევ სისულელეებს დაწერენ... -ლივიამ თავი ასწია. - ჩვენზე გეკითხები. - დემიანმა შეხედა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ გაეღიმა. - ქავთარაძე, შენ მართლა გგონია, რომ ამდენი წლის შემდეგ ერთი კოცნით დავკმაყოფილდები? - ქალს გაეცინა. - ორი იყო. - მათემატიკაში აშკარად პრობლემები გაქვს. - ლივიამ თავი გააქნია. შემდეგ ისევ მის მკერდს მიეყრდნო. დემიანმა მარცხენა ხელი ფრთხილად შემოხვია. გარეთ ქალაქი ჯერ კიდევ ფხიზლობდა. ტელეფონები ისევ რეკავდა. სტატიები ისევ ქვეყნდებოდა. ვიღაცები სკანდალს ელოდნენ. ვიღაცები მის დასასრულს. მაგრამ იმ ღამეს, პირველად დიდი ხნის შემდეგ, დემიან ავალიანს საკუთარი კარიერის გარშემო ატეხილი ხმაური აღარ ესმოდა. მხოლოდ ქალის სუნთქვას უსმენდა. ქალისას, რომელიც ჯერ კიდევ არ ენდობოდა ბოლომდე. რომელიც ჯერ კიდევ აპირებდა მისი წარსულის გამოძიებას. და რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, უკვე შეეძლო მისთვის ყველაზე სახიფათო რამ გაეკეთებინა. საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგვინებინა. დილით ნიკოლასს ახალი შეტყობინება დახვდა. უცნობი ნომრიდან. ფოტო. დემიანი და ლივია სასტუმროს შესასვლელთან. წინა საღამოს გადაღებული. ქალის სახე მკაფიოდ ჩანდა. ფოტოს ქვემოთ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: „უთხარი ავალიანს, რომ თუ ელიზა მორგანის ამბავს არ დაასრულებს, შემდეგ ჯერზე მხოლოდ თითს არ დაკარგავს.“ ნიკოლასმა ეკრანს დიდხანს უყურა. შემდეგ დემიანის ნომერი აკრიფა. მაგრამ ზარი არ გავიდა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ სცადა. უშედეგოდ. და პირველად მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ნიკოლასს არა კონცერტის, არა კონტრაქტების და არა დაკარგული ფულის გამო შეეშინდა. არამედ იმის გამო, რომ ვიღაცამ დემიან ავალიანის ყველაზე სუსტი ადგილი უკვე იპოვა. 11 სიზმარში ისევ ჩვიდმეტი წლის იყო. გამოსაშვები საღამოს დარბაზში მუსიკა უკრავდა. ჭერიდან ჩამოშვებული ბროლის ჭაღები იატაკზე ოქროსფერ ლაქებს ტოვებდა, ფანჯრები ღია იყო და ივნისის თბილი ჰაერი ყვავილების, სუნამოსა და ახალგაზრდული აღტაცების ერთმანეთში არეულ სურნელს ატარებდა. ლივიას თეთრ კაბა ეცვა. სწორედ ის, რომლის შერჩევასაც დედასთან ერთად მთელი კვირა მოანდომა. თხელი ბრეტელებით, წელზე გამოყვანილი, მუხლს ოდნავ ქვემოთ დაშვებული. მაშინ ეგონა, რომ ამ კაბაში პირველად ჰგავდა ნამდვილ ქალს. თმა გაშლილი ჰქონდა. ტუჩებზე ღია ვარდისფერი საცხი ესვა. და მთელი საღამო ცდილობდა, არ შეემჩნია, როგორ ეძებდა თვალებით ერთ ადამიანს. დემიან ავალიანს. ის დარბაზის მეორე ბოლოში იდგა. შავი კოსტიუმი ეცვა, პერანგის ზედა ღილი შეხსნილი ჰქონდა და მეგობრებთან ერთად რაღაცაზე იცინოდა. ლივია მას ვერ იტანდა. სულ მცირე, ასე ამტკიცებდა. ვერ იტანდა მის ქედმაღლობას, იმ აუტანელ თავდაჯერებას, რომლითაც ყველა ოთახში შედიოდა, და განსაკუთრებით იმ ჩვევას, რომლითაც ლივიას გაღიზიანებას ახერხებდა მაშინაც კი, როცა საერთოდ არაფერს ამბობდა. მაგრამ იმ საღამოს დემიანი სხვანაირი იყო. ან იქნებ მხოლოდ ლივიას ეჩვენებოდა. როცა მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ბიჭმა ღიმილი შეწყვიტა. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ მეგობრებს რაღაც უთხრა და მისკენ წამოვიდა. ლივიამ მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა. სრულიად უაზროდ. რადგან უკვე იცოდა, რომ მოდიოდა. - ქავთარაძე. - მისი ხმა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის. თავხედური. მხიარული. და საშინლად სასიამოვნო. - ავალიანი. - დღეს განსაკუთრებით საშიშად გამოიყურები. - შენ კი, როგორც ყოველთვის, ზედმეტად თავდაჯერებული. - დემიანმა გაიცინა. შემდეგ ხელი გაუწოდა. - ვიცეკვოთ. - ლივიამ მის ხელს დახედა. - შენ ცეკვა იცი? - არა, ქავთარაძე. უბრალოდ მინდა, საჯაროდ შევრცხვე. - შენთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება. - ამიტომაც შენ აგირჩიე. - ლივიას გაეღიმა. და ხელი გაუწოდა. მუსიკა ნელი იყო. ბიჭმა წელზე ხელი შემოხვია. ლივიამ პირველად იგრძნო, როგორ შეიძლებოდა სრულიად ჩვეულებრივ შეხებას მთელი სხეული შეეცვალა. დემიანი ახლოს იდგა. საკმარისად ახლოს, რომ მისი სუნამოს სურნელი ეგრძნო. საკმარისად ახლოს, რომ საკუთარი გულისცემის დამალვა გასჭირვებოდა. ცეკვისას თითქმის არ საუბრობდნენ. უცნაური იყო. მთელი სასკოლო წლები ერთმანეთს სიტყვებით ებრძოდნენ, ახლა კი ორივეს თითქოს სიტყვები დაეკარგა. მუსიკის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დემიანი მისკენ დაიხარა. - იცი, რა არის ყველაზე ცუდი? - რა? - ხვალიდან აღარ მექნება მიზეზი, ყოველდღე გნახო. - ლივიამ თავი ასწია. ბიჭს არ ეღიმებოდა. და სწორედ ამან დააბნია. რადგან დემიან ავალიანი არასოდეს ამბობდა რამეს ისე, რომ უკან ირონიისთვის ადგილი არ დაეტოვებინა. ამჯერად კი მის სიტყვებში არაფერი იყო დასაცინი. აივანზე თვითონ გავიდნენ. დარბაზში ხმაური იყო, გარეთ კი ღამე მშვიდად სუნთქავდა. ქალაქის შორეული განათებები ციმციმებდა. ლივია მოაჯირს დაეყრდნო. დემიანი მის გვერდით დადგა. - ხვალ ნიუ-იორკში ხომ არ მიფრინავ? - ჰკითხა გოგონამ. - ხვალ არა. - სამაგიეროდ, მალე. - შეიძლება. - საოცრად კონკრეტული ხარ. - დემიანს გაეღიმა. - შენ გეწყინება? - ლივიამ თავი მისკენ მიაბრუნა. - რა? - რომ წავალ. - გოგონამ მზერა აარიდა. - რატომ უნდა მეწყინოს? - დემიანმა ჩუმად გაიცინა. - რა თქმა უნდა. - შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭმა ხელი მოაჯირზე დადო. მისი თითები ლივიას თითებს თითქმის ეხებოდა. ლივიამ იგრძნო ეს სიახლოვე. არ გაწეულა. დემიანი მისკენ შებრუნდა. - ქავთარაძე. - ჰო? - ერთი წუთით მაინც შეგიძლია, ჩემთან არ იჩხუბო? - ლივიას გაეღიმა. - რთულს მთხოვ. - ვიცი. - ბიჭმა ხელი ნელა ასწია. თითებით თმის ერთი ღერი ყურს უკან გადაუწია. ლივიამ სუნთქვა შეიკავა. დემიანი მის სახეს უყურებდა. თვალებს. ტუჩებს. შემდეგ ისევ თვალებს. და ისე რომივიასთვის არ უმითხვას დემიანმა გოგონას აკოცა. პირველად. იმდენად ფრთხილად, რომ ლივიას ერთი წამით ეგონა, ეს ყველაფერი საერთოდ არ ხდებოდა. შემდეგ ბიჭის ხელი მის წელზე აღმოჩნდა. და კოცნა უფრო ხანგრძლივი გახდა. ლივიას თვალები დახუჭული ჰქონდა. არ იცოდა, ხელები სად წაეღო. არ იცოდა, როგორ უნდა ეკოცნა. მხოლოდ ის იცოდა, რომ იმ წამს სამყაროში აღარაფერი არსებობდა, გარდა ბიჭისა, რომელიც წლების განმავლობაში ასე ჯიუტად აღიზიანებდა. როცა ერთმანეთს მოშორდნენ, დემიანმა შუბლი მის შუბლს მიადო. გაეღიმა. - ქავთარაძე... - ლივიამ თვალები გაახილა. - რა? - მგონი, პირველად ცხოვრებაში გაჩუმდი. - გოგონას გაეცინა. და სწორედ მაშინ გაისმა დარბაზის მხრიდან ხმაური. ჯერ სიცილი. შემდეგ ვიღაცის შეძახილი. - დემოოო! - აივნის კარი გაიღო. რამდენიმე ბიჭი გამოვიდა. მთვრალები იყვნენ. გაწითლებული სახეებით, ხმამაღალი სიცილით, ერთმანეთისთვის მხარზე ხელების ტყაპუნით. ლივიამ ინსტინქტურად უკან დაიხია. ერთ-ერთმა ბიჭმა დემიანს შეხედა. შემდეგ ლივიას. და ხმამაღლა გადაიხარხარა. - დემო, შეასრულე, შე !ქავთარაძეც დაითანხმე! - ლივიას ჯერ ვერ გაეგო. სიტყვები გაიგონა. მაგრამ მათი მნიშვნელობა თითქოს დაგვიანებით მივიდა გონებამდე. მეორე ბიჭმა მეგობარს ხელი ჰკრა. - გეუბნებოდით, მაგას ვერავინ გაუძლებს-მეთქი! - ბიჭო, ფული მიეცით! - დაიყვირა მესამემ. - კაცმა ნიძლავი მოიგო! - და შემდეგ მოხდა ის, რაც ლივიას მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. ერთ-ერთმა ბიჭმა ჯიბიდან დაკუჭული კუპიურები ამოიღო. დემიანს მიუახლოვდა. სიცილით სცადა ფული მისი პიჯაკის ჯიბეში ჩაეტენა. - აი, ძმაო, პატიოსნად დაიმსახურე! - დემიანმა ხელი ჰკრა. - გააჯვი, რა. - მაგრამ არ უთქვამს, რომ ნიძლავი არ არსებობდა. არ უთქვამს, რომ ლივია მისთვის თამაში არ იყო. არ უთქვამს არაფერი, რასაც გოგონას გადარჩენა შეეძლო. ბიჭები ისევ იცინოდნენ. ვიღაცამ კიდევ რაღაც თქვა. ლივიას აღარ ესმოდა. მხოლოდ დემიანის სახეს უყურებდა. იმ სახეს, რომელიც რამდენიმე წამის წინ მისთვის ყველაზე ლამაზი იყო მთელ სამყაროში. და ახლა უცნაურად უცხო გამხდარიყო. - ნიძლავი? - იკითხა გოგონამ. დემიანმა მისკენ გაიხედა. - ლივია... - რა ნიძლავი? - ბიჭს ყბა დაეჭიმა. - ეგენი მთვრალები არიან. - დემიან, რა ნიძლავი? - მამაკაცმა პასუხი ვერ მოასწრო. ერთ-ერთმა მეგობარმა ისევ გაიცინა. - რა იყო, ქავთარაძე, არ იცოდი? დემომ თქვა, ქავთარაძესაც კი ვაკოცებ თუ მოვინდომებო! - ლივიას სახიდან ფერი გადაუვიდა. აივნის მოაჯირს ხელი ჩაავლო. მოულოდნელად ყველაფერი საშინლად ნათელი გახდა. ცეკვა. სიტყვები. აივანი. კოცნა. მისი პირველი კოცნა. და ფული. დაკუჭული კუპიურები, რომლებიც ახლა დემიანის ფეხებთან ეყარა. - ლივია, მომისმინე. - თქვა ბიჭმა. მაგრამ გოგონა უკვე უკან იხევდა. - არ შემეხო. - ასე არ ყოფილა. - მაშინ როგორ იყო? - დემიანმა მეგობრებს გახედა. ისინი ჯერ კიდევ იქ იდგნენ. სულელური ღიმილებით. დემიანს შეეძლო მათთვის ეყვირა. შეეძლო ეთქვა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობად დაიწყო, მაგრამ ლივიასთან კოცნა არაფერ შუაში იყო. შეეძლო გოგონას წინაშე დამდგარიყო და დაეცვა. მაგრამ ჩვიდმეტი წლის სიამაყემ ის ყველაზე ცუდ ადგილას გააჩერა. სიჩუმეში. ლივიამ ნელა დაუქნია თავი. თითქოს საბოლოოდ რაღაც გაიგო. შემდეგ შებრუნდა. და წავიდა. დემიანი კიბესთან დაეწია. - ლივია! ზ გოგონა არ გაჩერებულა. ბიჭმა წინ გადაუსწრო. - მოიცადე! - გამატარე. - მომისმინე. - რისთვის? კიდევ რამე გაქვს მოსაგები? - დემიანს სახე დაეჭიმა. - იდიოტები არიან. - და შენ? - ბიჭმა პასუხი ვერ გასცა. ლივიას თვალები ცრემლებით აევსო. მაგრამ არ უტირია. იმ საღამოს ყველაზე მეტად სწორედ ეს ახსოვდა. როგორ ცდილობდა, მის წინ არ ეტირა. - შენ გგონია, ყველაფერი თამაშია, დემიან. მაგრამ ერთხელაც ვიღაცას მართლა ატკენ და მაშინ შენი ნიჭი ვეღარ გიშველის. - დემიანმა თავი გვერდით მიაბრუნა. ისიც შეურაცხყოფილი იყო. საკუთარი მეგობრებისგან. საკუთარი სისუსტისგან. და იმისგან, რომ გოგონა, რომლის კოცნაც სინამდვილეში მთელი საღამო უნდოდა, ახლა ისე უყურებდა, თითქოს სძულდა. მაგრამ ბოდიშის ნაცვლად სიამაყემ ისევ დაასწრო. - კარგი რა, ლივია. ერთი კოცნა იყო. შენ თვითონ რატომ აქციე ამხელა ამბად? - სიჩუმე ჩამოვარდა. ლივიამ შეხედა. და დემიანმა მაშინვე გაიგო, რომ რაღაც გამოუსწორებელი თქვა. გოგონას სახეზე არც ბრაზი დარჩენილა. არც ცრემლი. მხოლოდ ისეთი სიცარიელე, რომლის დანახვაც გაცილებით საშინელი იყო. - მართალი ხარ. - თქვა ჩუმად. - ერთი კოცნა იყო. - შემდეგ გვერდი აუარა. და წავიდა. დემიანს აღარ გაუჩერებია. - არა! - ლივიას საკუთარი ხმისგან გაეღვიძა. თვალები ფართოდ გაახილა. გული ისე უცემდა, თითქოს ისევ იმ კიბეზე გარბოდა. რამდენიმე წამით ვერ გაიგო, სად იყო. მაღალი ჭერი. დიდი ფანჯრები. ფარდებს შორის შემოსული მკრთალი დილის სინათლე. სასტუმროს ნომერი. დემიანის სასტუმროს ნომერი. ლივია დივანზე იწვა. ზემოდან მსუბუქი პლედი ეფარა. ღამის განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩასძინებოდა. დემიანი მის გვერდით აღარ იყო. ქალმა სახეზე ხელები აიფარა. თხუთმეტი წელი. თხუთმეტი წელი გავიდა. და მაინც, იმ ღამის გახსენებისას ისევ იმ ჩვიდმეტი წლის გოგონად იქცეოდა, რომელმაც პირველად აკოცა ბიჭს და რამდენიმე წუთში აღმოაჩინა, რომ მისი გრძნობები სხვების გასართობად აქციეს. მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად იყო. გუშინ დემიანმა ისევ აკოცა. ამჯერად ყოველგვარი სანაძლეოს გარეშე. და ლივიას პირველად შეეშინდა არა იმის, რომ მამაკაცი ისევ ატკენდა. არამედ იმის, რომ მისთვის კვლავ შეიძლებოდა იმაზე მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა, ვიდრე საკუთარი თავისთვის სურდა ეღიარებინა. - ქავთარაძე? - დემიანის ხმა საძინებლის მხრიდან გაისმა. ლივიამ სწრაფად მოიწმინდა თვალები. მამაკაცი კართან იდგა. შავი სპორტული შარვალი ეცვა. ზემოდან არაფერი. მარჯვენა ხელი ფრთხილად ჰქონდა დაფიქსირებული. თმა არეული ჰქონდა. და სახეზე ისეთი გამომეტყველება ეწერა, რომელიც მის ჩვეულებრივ თავდაჯერებას საერთოდ არ ჰგავდა. - რა მოხდა? - ლივიამ თავი გააქნია. - არაფერი. - დემიანმა შეხედა. შემდეგ მისკენ წამოვიდა. - ცუდი სიზმარი? - ქალმა მზერა აარიდა. - უბრალოდ სიზმარი. - მამაკაცი მის წინ გაჩერდა. - ქავთარაძე. - ლივიამ თავი ასწია. - რა? - შენ ტიროდი? - ქალმა მაშინვე წარბები შეკრა. - არა. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ დივნის კიდეზე ჩამოჯდა. - კარგი. მაშინ მე მესიზმრა, რომ ჩემი სასტუმროს ნომერში ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა. - ლივიას გაეღიმა. სუსტად. დემიანმა ეს ღიმილი დაინახა. მაგრამ არ უხუმრია. - რა ნახე? - ქალმა დიდხანს არაფერი თქვა. შემდეგ ჩუმად უპასუხა: - გამოსაშვები საღამო. - დემიანს სახე შეეცვალა. მარცხენა ხელი მუხლზე ჩამოიდო. რამდენიმე წამით იატაკს უყურებდა. - გასაგებია. - ლივიამ შეხედა. - მართლა გახსოვს ის ღამე? - დემიანმა თავი ასწია. - ყველაფერი. - ფულიც? - მამაკაცის თვალებში რაღაც ჩაქრა. - ფულიც. - და ისიც, რომ არაფერი თქვი? - დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. - განსაკუთრებით ეგ. - ლივია ჩუმად უყურებდა. მამაკაცმა მზერა არ აარიდა. - იცი, ყველაზე სამარცხვინო რა არის? - თქვა ბოლოს. - რომ მაშინ ნამდვილად მომწონდი. იმდენად, რომ საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი. მაგრამ როცა იმ იდიოტებმა პირი გააღეს, იმაზე დავიწყე ფიქრი, მათ წინაშე როგორ გამოვჩნდებოდი. შენზე უნდა მეფიქრა. - ლივიას ყელში რაღაც მოაწვა. დემიანმა მწარედ გაიღიმა. - არაჩვეულებრივი პრიორიტეტები მქონდა, არა? - ჩვიდმეტი წლის იყავი. - ეგ არ მამართლებს. - ქალმა შეხედა. ამ სიტყვები მისგან არ ელოდა. დემიანმა განაგრძო: - და კიდევ ერთი რამ. ის კოცნა ნიძლავის გამო არ ყოფილა. ნიძლავი არსებობდა, დიახ. მე არ გავაპროტესტე. ვიხალისე კიდეც, როგორც უკანასკნელმა იდიოტმა. მაგრამ აივანზე იმიტომ არ გამიყვანიხარ, რომ ფული მომეგო. - ლივიას თვალები აუწყლიანდა. - მაშინ რატომ? - მამაკაცმა თვალებში შეხედა. - იმიტომ, რომ მინდოდა შენი კოცნა. - სიჩუმე ჩამოვარდა. - და იმიტომაც, რომ ვიცოდი, მალე მივდიოდი. მეგონა, თუ არ გაკოცებდი, მთელი ცხოვრება ვინანებდი. - ლივიამ თვალები დახუჭა. დემიანმა ჩუმად დაამატა: - საბოლოოდ სხვა რამ ვინანე. - ქალი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ თავი ასწია. - გუშინ რომ გაკოცე, ერთი წამით ისევ იქ ვიყავი. - დემიანს სახე დაეძაბა. - ასეთი ცუდი იყო? - ლივიამ თავი გააქნია. - არა. სწორედ ეს არის პრობლემა. - მამაკაცს გაეღიმა. სულ ოდნავ. - ქავთარაძე, შენ პრობლემების საკმაოდ უცნაური კლასიფიკაცია გაქვს. - ლივიასაც გაეღიმა. დემიანმა მარცხენა ხელი გაუწოდა. - მოდი აქ. - ქალი წამით შეყოყმანდა. შემდეგ მისკენ გადაიხარა. მამაკაცმა ფრთხილად მიიზიდა. ლივიამ თავი მის შიშველ მხარზე ჩამოდო. მისი კანის სითბო იგრძნო. სუნთქვა. გულისცემა. და პირველად იმ დილით სიზმრის მძიმე შეგრძნება ნელ-ნელა გაქრა. ნიკოლასი სასტუმროს ნომრის კარზე დილის ათის ნახევარზე აკაკუნებდა. თავიდან თავაზიანად. შემდეგ დაჟინებით. ბოლოს კი ისე, თითქოს შიგნით საერთაშორისო კრიზისი მიმდინარეობდა. რაც, მისი აზრით, სიმართლეს არც ისე შორს იყო. დემიანმა კარი გააღო. ისევ ნახევრად შიშველი. მარჯვენა ხელი დაფიქსირებული. სახეზე აშკარად უკმაყოფილო გამომეტყველებით. - ნიკოლას, თუ შენობის ხანძრის შესახებ არ უნდა მაცნობო, იმედია, ანდერძი უკვე დაწერილი გაქვს. - მენეჯერმა მის გარეგნობას შეხედა. შემდეგ ოთახში შეაბიჯა. და გაჩერდა. ლივია სამზარეულოს პატარა სივრცესთან იდგა. დემიანის შავი მაისური ეცვა. საკუთარი შარვალი და ფეხსაცმელი ჯერ კიდევ გვერდით ეწყო. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული. ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა. ნიკოლასმა ჯერ ქალს შეხედა. შემდეგ დემიანს. შემდეგ ისევ ქალს. - ღმერთო ჩემო. - დემიანმა წარბი ასწია. - ნიკოლას, არ ვიცოდი, რომ ჩემი დილის ჩაცმულობა შენზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენდა. - მენეჯერმა კარი დახურა. - მითხარი, რომ ეს ის არ არის, რასაც ვფიქრობ. - ლივიამ მშვიდად მოსვა ყავა. - გააჩნია, რას ფიქრობთ. - დემიანს გაეცინა. ნიკოლასმა შუბლი მოისრისა. - დემიან, შენ ხვდები, რა ხდება გარეთ?! - ამინდის პროგნოზი არ შემიმოწმებია. - მე სერიოზულად გელაპარაკები! - მეც. წვიმას აპირებს? - ნიკოლასმა ტელეფონი ამოიღო. ეკრანი დემიანს მიუშვირა. ფოტო. დემიანი და ლივია სასტუმროს შესასვლელთან. წინა საღამოს გადაღებული. ქვემოთ შეტყობინება. „უთხარი ავალიანს, რომ თუ ელიზა მორგანის ამბავს არ დაასრულებს, შემდეგ ჯერზე მხოლოდ თითს არ დაკარგავს.“ დემიანის ღიმილი გაქრა. მამაკაცმა ტელეფონი გამოართვა. რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. შემდეგ ძალიან მშვიდად იკითხა: - როდის მიიღე? - დილის შვიდზე. - და ახლა მეუბნები? - ნიკოლასმა გაბრაზებით შეხედა. - იმიტომ, რომ შენს ტელეფონზე დილის შვიდიდან ვრეკავ! - დემიანმა მაგიდაზე დადებულ საკუთარ ტელეფონს დახედა. გამორთული იყო. ღამით ელემენტი დამჯდარიყო. მამაკაცმა ლივიასკენ გაიხედა. ქალი უკვე მის გვერდით იდგა. - მაჩვენე. - დემიანმა წამით დააყოვნა. შემდეგ ტელეფონი გაუწოდა. ლივიამ შეტყობინება წაიკითხა. სახე არ შესცვლია. მხოლოდ თვალები გაუმკაცრდა. - ნომერი? - დაფარულია. - უპასუხა ნიკოლასმა. - შეტყობინება არ წაშალოთ. პოლიციას უნდა გადავცეთ. და ფოტოს ორიგინალი შეინახეთ. - ნიკოლასმა გაკვირვებით შეხედა. - თქვენ საერთოდ გესმით, რამდენად საშიშია ეს? - ლივიამ მშვიდად უპასუხა: - საკმაოდ კარგად. გუშინწინ ამის პრაქტიკული დემონსტრაცია მივიღე. დემიანმა მარცხენა ხელი ქალს წელზე შემოხვია. - ქავთარაძე, შენს იუმორს აშკარად ცუდი გავლენა აქვს ჩემზე. - ლივიამ გვერდულად შეხედა. - შენზე ცუდი გავლენის მოხდენა ტექნიკურად შეუძლებელია. - ნიკოლასმა თვალები დახუჭა. - ღმერთო, თქვენ ორივე შეშლილები ხართ. ნიკოლასს კიდევ ერთი ამბავი ჰქონდა. და ეს ამბავი პირველზე ნაკლებად სასიამოვნო არ აღმოჩნდა. - დილით ორი საერთაშორისო გამოცემა დაგვიკავშირდა. - დაიწყო მან. - ერთს აინტერესებს, რატომ გადაიხადე ელიზა მორგანის სახელით 250 000 დოლარი. - ლივიამ თავი ასწია. დემიანი გაჩერდა. - რა? - ვიღაცამ ინფორმაცია გაავრცელა. - ნიკოლასმა ტელეფონში სტატია გახსნა. „დემიან ავალიანის საიდუმლო გადარიცხვა - რა კავშირი აქვს 250 000 დოლარს გაუჩინარებულ პიანისტთან?“ სტატიაში კონკრეტული საბანკო დოკუმენტი არ ჩანდა. მხოლოდ ანონიმური წყაროს მონათხრობი. მაგრამ თანხა ზუსტად ემთხვეოდა ლივიასთვის გამოგზავნილ წერილს. ქალმა ეკრანს დახედა. შემდეგ დემიანს. - ვიღაც ერთი და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით ავრცელებს. მამაკაცმა თავი დაუქნია. - და დროს ძალიან კარგად არჩევს. - ნიკოლასმა განაგრძო: - ახლა ორი პრობლემა გვაქვს. პირველი კონცერტის გაუქმება. მეორე ფონდის საქმე. და მესამე... - დემიანმა ხელი ასწია. - ნიკოლას, მათემატიკაში ორი და სამი ერთმანეთისგან განსხვავდება. - მესამე ის არის, რომ შენს პირად ცხოვრებასაც ყველა განიხილავს! - დემიანმა ლივიას შეხედა. შემდეგ მენეჯერს. - თუ ასეა, პრესას უთხარი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება შესანიშნავად გრძნობს თავს. - ლივიამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - დემიან! - მამაკაცმა მხრები აიჩეჩა. - რა? ცუდი განცხადებაა? - ნიკოლასი სავარძელში ჩაეშვა. - მე თქვენთან მუშაობას ვერ გადავიტან. - დემიანმა მხარზე ხელი დაადო. - ნუ ღელავ. ხელის გამოჯანმრთელებამდე მეც დროებით უმუშევარი ვარ. შეგიძლია შვებულება აიღო. - მენეჯერმა ისეთი მზერით შეხედა, თითქოს მკვლელობის რამდენიმე ვარიანტს ერთდროულად განიხილავდა. ნიკოლასი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ წავიდა. მანამდე პოლიციასთან დაკავშირება, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პრესისთვის ახალი განცხადების მომზადება მოასწრო. ლივიამაც რედაქციაში დარეკა. მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა. საკუთარი ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. და როცა ზარი დაასრულა, დემიანი სასტუმროს ნომრის შუაგულში დახვდა. მამაკაცი როიალთან იჯდა. არ უკრავდა. უბრალოდ კლავიშებს უყურებდა. ლივია რამდენიმე წამით კართან იდგა. შემდეგ მიუახლოვდა. - ისევ გინდა დაკვრა? - დემიანს გაეღიმა. - დაახლოებით ისე, როგორც ადამიანს სუნთქვა. - ქალი მის გვერდით ჩამოჯდა. - მაშინ რატომ არ უკრავ მარცხენა ხელით? მამაკაცმა შეხედა. - იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ მინდა დავუმტკიცო, რამდენად მაკლია მეორე. - ლივიამ პასუხი არ გასცა. დემიანმა მარცხენა ხელი კლავიშებზე დადო. ერთი ნოტი აიღო. შემდეგ მეორე. მესამე. მელოდია არ ჩამოყალიბებულა. მხოლოდ რამდენიმე ხმა გაისმა. და შეწყდა. დემიანმა ხელი ჩამოუშვა. - საზიზღრობაა. - ლივიამ შეხედა. - შენთვის შეიძლება. - ქავთარაძე, შენ მუსიკალური კრიტიკოსი არ ხარ. - სამაგიეროდ, შემიძლია გავარჩიო, როდის უკრავს ადამიანი და როდის ეჩხუბება საკუთარ თავს. - მამაკაცმა თავი მისკენ მიაბრუნა. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ გაეღიმა. - შენს გამო ოდესმე ვინმეს მოუკლავს თავი? - ლივიამ წარბი ასწია. - არა. რატომ? - იმიტომ, რომ შენი გამამხნევებელი სიტყვები ძალიან სპეციფიკურია. - ქალს გაეცინა. დემიანმა თავი უკან გადასწია. და მოულოდნელად თქვა: - არ ვიცი, რა გავაკეთო, თუ ხელი ისე აღარ აღდგა, როგორც უნდა. - ლივიას ღიმილი გაქრა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დემიანმა შიში ასე პირდაპირ აღიარა. ქალი მისკენ შებრუნდა. - ექიმმა თქვა, რომ ამის საფუძველი ჯერ არ არსებობს. - ექიმმა თქვა, რომ გარანტიას ვერ მომცემს. - ვერავინ მოგცემს. - დემიანმა შეხედა. - საოცრად დამამშვიდებელი ხარ. - ლივიამ ხელი მის მარცხენა ხელზე დადო. - მაგრამ შენ მარტო არ ხარ. - მამაკაცი გაჩუმდა. მის ხელს დახედა. შემდეგ ქალს. და სახეზე ისეთი გამომეტყველება გაუჩნდა, თითქოს სწორედ ეს სამი სიტყვა აღმოჩნდა იმ დილის ყველაზე მოულოდნელი რამ. შუადღის შემდეგ წვიმა დაიწყო. მსხვილი წვეთები ფანჯრებს ეცემოდა. ქალაქი ნელ-ნელა ნაცრისფერში იძირებოდა. დემიანი საძინებლის კართან იდგა. ლივია კი მის წინ. მამაკაცს მაისურის ჩაცმას ცდილობდა. ერთი ხელით ეს საკმაოდ მოუხერხებელი აღმოჩნდა. - ქავთარაძე. - თქვა დემიანმა. - თუ კიდევ ერთხელ ასე შემომხედავ, იძულებული ვიქნები ვიფიქრო, რომ ჩემი სხეული მოგწონს. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - მაისური ჩაიცვი. - ვცდილობ. ტექნიკური შეფერხებაა. - ქალმა თავი გააქნია. შემდეგ მიუახლოვდა. - მომეცი. - დემიანმა მაისური გაუწოდა. ლივიამ ჯერ დაზიანებული ხელი ფრთხილად გაატარა სახელოში. შემდეგ მეორე. მამაკაცი მშვიდად იდგა. უჩვეულოდ მშვიდად. ლივიამ მაისური მხრებზე გაუსწორა. შემდეგ ქვემოთ ჩამოუწია. მისი თითები შემთხვევით დემიანის შიშველ მუცელს შეეხო. ქალი წამით გაჩერდა. მამაკაცმა თავი დახარა. - ქავთარაძე. - რა? - ეს მაისური უკვე გაცილებით საინტერესო გახდა. - ლივიამ თვალები ასწია. დემიანი უყურებდა. იმ ნაცნობი ღიმილით. რომელიც ყოველთვის რაღაც ცუდს მოასწავებდა. ქალმა მაისურის კიდეს ხელი გაუშვა. - მზად ხარ. მამაკაცმა მარცხენა ხელი წელზე შემოხვია. - არა მგონია. - ლივიამ წარბი ასწია. - რა დაგრჩა? - დემიანი მისკენ დაიხარა. - ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა. - ექიმის დანიშნულებაა? - არა. პირადი რეაბილიტაციის პროგრამა. - ლივიას გაეცინა. - დემიან... - მამაკაცმა აკოცა. ნელა. სულ ოდნავ. შემდეგ მოშორდა. - აი, ახლა უკეთ ვარ. - ქალმა თავი გააქნია. - შენ მართლა გამოუსწორებელი ხარ. - უკვე ათი თავია ამას მეუბნები, ქავთარაძე. - ლივიას გაეცინა. მაგრამ დემიანმა ისევ მიიზიდა. ამჯერად კოცნა აღარ ყოფილა ხანმოკლე. მისი მარცხენა ხელი ქალის წელზე გაჩერდა. ლივიამ თითები მის მაისურს ჩაავლო. შემდეგ, თითქოს სრულიად დაუფიქრებლად, ხელები ქსოვილის ქვეშ შეუცურა. დემიანს სუნთქვა წამით შეეკრა. ქალის თითები მის ზურგს შეეხო. თბილ კანს. ხერხემლის გასწვრივ ნელა ასრიალდა. დემიანმა კოცნა შეწყვიტა. თვალებში შეხედა. - ქავთარაძე... ქალს გაეღიმა. - რა? - თუ ესეც შენი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილია, უნდა გაგაფრთხილო, რომ ობიექტურობას კარგავ. - ლივიამ თითები ისევ მის ზურგზე აასრიალა. მამაკაცმა თვალები წამით დახუჭა. - ღმერთო. - ამოისუნთქა. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას აკეთებ. - ლივიამ წარბი ასწია. - მართლა? - დემიანმა შეხედა. და იმ მზერაში ისეთი ღია სურვილი იყო, რომ ქალს საკუთარი ღიმილი შეეყინა. მამაკაცმა მარცხენა ხელი წელზე უფრო მჭიდროდ შემოხვია. შემდეგ ძალიან ფრთხილად მიიზიდა. ლივიამ მისი გულისცემა იგრძნო. სწრაფი. ძლიერი. და მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა იმის ცოდნა, რომ დემიან ავალიანს, ადამიანს, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებდა, ახლა საკუთარი სუნთქვის დამორჩილებაც უჭირდა. ქალმა ტუჩები მის ყბასთან მიიტანა. ფრთხილად აკოცა. შემდეგ კისერზე. დემიანმა თავი ოდნავ უკან გადასწია. მარცხენა ხელი მის თმაში შეაცურა. - ლივია... - ამჯერად მისი სახელი სხვანაირად გაისმა. ყოველგვარი ირონიის გარეშე. ქალმა თავი ასწია. დემიანმა მის სახეს შეხედა. შემდეგ ისევ აკოცა. ხანგრძლივად. მოუთმენლად. მაგრამ ისე, რომ დაზიანებული ხელი არ გაენძრია. ლივიამ იგრძნო, როგორ მიეყრდნო მამაკაცი კედელს. თითქოს საკუთარ სხეულს საყრდენი სჭირდებოდა. ქალმა გაიღიმა. - რა მოხდა, ვირტუოზო? ძალა გამოგელია? - დემიანმა თვალები გაახილა. - ქავთარაძე, ახლა რომ ორი ჯანმრთელი ხელი მქონდეს, ასეთი თავხედური აღარ იქნებოდი. - ლივიამ სიცილი ვერ შეიკავა. - ანუ შენი პრობლემაა, არა ჩემი. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - დროებითი პრობლემა. - შემდეგ მის ყურთან დაიხარა. - და გირჩევ, ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ ეს საუბარი გამახსენო. - ლივიამ თვალები დახუჭა. მის ხმაში ისეთი დაბალი, ხავერდოვანი სითბო იყო, რომ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მაგრამ შემდეგ ოდნავ მოშორდა. დემიანმა მაშინვე გაუშვა. ქალმა მაისური გაუსწორა. - დღეს ამაზე შორს არ წავალთ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - ვიცი. - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - ასე მარტივად? - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, მე საკმაოდ ბევრი ნაკლი მაქვს. მაგრამ როცა ქალი მეუბნება, რომ გაჩერება უნდა, ეს ჩემთვის სრულიად გასაგები წინადადებაა. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თითებით მის ტუჩებს შეეხო. - კარგი. - დემიანმა ხელი დაუკავა. ნაზად აკოცა თითებზე. - ოღონდ ერთი რამ უნდა გითხრა. - რა? - დემიანმა თვალებში შეხედა. - ამდენი წლის შემდეგ შენი კოცნა იმაზე გაცილებით საშიში აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. - ლივიას გაეღიმა. - რატომ? - იმიტომ, რომ ახლა უკვე ვიცი, რას ვკარგავდი. - ქალი გაჩუმდა. მამაკაცმა აღარაფერი დაამატა. და სწორედ ამ სიჩუმეში იყო რაღაც ისეთი, რასაც არც ერთი ხუმრობა აღარ სჭირდებოდა. საღამოს ნიკოლასმა კიდევ ერთხელ დარეკა. ამჯერად მისი ხმა ჩვეულებრივზე უფრო დაძაბული იყო. - დემიან, პოლიციამ ფოტო მიიღო. ნომრის დადგენაზე მუშაობენ. - კარგი. - და კიდევ ერთი რამ. - მამაკაცი ფანჯარასთან იდგა. ლივია დივანზე იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ამოწმებდა. - გისმენ. - ნიკოლასმა რამდენიმე წამით დააყოვნა. - ელიზა მორგანის ადვოკატს დავუკავშირდი. - დემიანის სახე შეიცვალა. - მერე? - ამბობს, რომ ბოლო დღეებში მასაც უცნობი ადამიანები უკავშირდებოდნენ. - რა უნდოდათ? - ელიზას ადგილსამყოფელი. - დემიანმა ყბა დაჭიმა. - რამე უთხრა? - რა თქმა უნდა, არა. - კარგი. - დემიან, ეს ხალხი აღარ ხუმრობს. - მამაკაცმა ფანჯრიდან ქალაქს გახედა. - არც მე. - ნიკოლასმა ღრმად ჩაისუნთქა. - და კიდევ... ადვოკატმა თქვა, რომ ელიზას შენთან საუბარი უნდა. - დემიანი გაჩერდა. - როდის? - ხვალ. დაცული არხით. მაგრამ მხოლოდ შენთან. - მამაკაცმა ლივიასკენ გაიხედა. ქალი ეკრანს უყურებდა. მისი სახე სერიოზული იყო. და დემიანმა პირველად იგრძნო, რომ შესაძლოა სიმართლის ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. - კარგი. - თქვა ბოლოს. - ხვალ დაველაპარაკები. - ზარი შეწყდა. ლივიამ თავი ასწია. - რა მოხდა? - დემიანი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ მისკენ წავიდა. - ქავთარაძე, მგონი, მალე შენს გამოძიებაში ძალიან საინტერესო თავი დაიწყება. - ქალმა წარბი ასწია. - უფრო საინტერესო, ვიდრე შენი მოტეხილი თითი და ჩვენი გამოგონილი ქორწილი? - დემიანს გაეღიმა. - გაცილებით. - ლივიამ ლეპტოპი დახურა. - მაშინ იმედია, ამჯერად სიმართლეს ბოლომდე მეტყვი. - დემიანი მის წინ გაჩერდა. - იმ ნაწილს, რომლის თქმის უფლებაც მექნება. - ქალმა თავი დაუქნია. ეს ჯერ კიდევ არ იყო სრული ნდობა. მაგრამ უკვე აღარ იყო ძველი მტრობა. და ზოგჯერ სწორედ ასეთი მცირე, ფრთხილი ნაბიჯებით იწყება ყველაფერი, რასაც ადამიანები მოგვიანებით სიყვარულს უწოდებენ. იმ ღამეს ლივია ისევ სასტუმროს ნომერში დარჩა. დემიანმა საძინებელი დაუთმო. თვითონ კი დივანზე დაწოლას აპირებდა. მაგრამ როცა ქალი კართან გაჩერდა და უკან მოიხედა, მოულოდნელად გაეღიმა. - დემო. - მამაკაცმა თავი ასწია. - ჰო? - შენ ხომ იცი, რომ საწოლი საკმაოდ დიდია? - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ნელა წამოდგა. - ქავთარაძე, შენ ჩემი მოთმინების განადგურების მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებ. - ლივიას გაეცინა. - უბრალოდ ძილი შემოგთავაზე. - რა თქმა უნდა. მე კი სრულიად უდანაშაულო კაცი ვარ. - ქალმა თავი გააქნია. - მოდიხარ თუ არა? - დემიანმა მარცხენა ხელი გულზე მიიდო. - ქალბატონო ქავთარაძე, ასეთ წინადადებაზე უარის თქმა ჩემს აღზრდას ეწინააღმდეგება. - საძინებელში შუქი ჩაქრა. ლივია მის გვერდით დაწვა. დემიანის დაზიანებული ხელი ბალიშზე ფრთხილად მოათავსეს. მამაკაცმა მარცხენა ხელი ქალს წელზე შემოხვია. ლივია მისკენ შებრუნდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ ერთმანეთს. შემდეგ ქალმა ჩუმად თქვა: - უცნაურია. - რა? - დღეს დილით იმ ღამის სიზმარმა გამაღვიძა. - დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - ახლა კი მგონია, რომ პირველად შემიძლია ის ღამე უბრალოდ წარსულში დავტოვო. - მამაკაცმა შუბლზე აკოცა. - კარგი იქნებოდა. - ლივიამ თავი მის მკერდზე დადო. და თვალები დახუჭა. დემიანმა დიდხანს ვერ დაიძინა. ფანჯრებს მიღმა წვიმა ისევ მოდიოდა. მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ სტკიოდა. კონცერტი გაუქმებული იყო. კარიერა გაურკვევლობაში დარჩენილიყო. ვიღაც მათ ემუქრებოდა. ელიზა მორგანი კი ხვალ პირველად აპირებდა მასთან დაკავშირებას იმ ღამის შემდეგ, რომელმაც ამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მაგრამ დემიანს იმ წუთას მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა გარკვეული. ქალი, რომელიც მის გვერდით მშვიდად სუნთქავდა, თხუთმეტი წლის წინ დაკარგა. და ამჯერად მის დაკარგვას ასე მარტივად აღარ აპირებდა. 12 დემიან ავალიანმა ცხოვრებაში ბევრი რამ იცოდა. იცოდა, როგორ დაემორჩილებინა ათასობით ადამიანი ერთი მუსიკალური ფრაზით. როგორ გაეჩერებინა დარბაზში სუნთქვა, როგორ გადაექცია რამდენიმე ნოტი ისეთ განცდად, რომლის ახსნასაც მსმენელი მთელი საღამო ცდილობდა. იცოდა, როგორ გაებრაზებინა ქალი ერთი წინადადებით. და როგორ დაებრუნებინა მისი ღიმილი მეორით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობდა რაღაც, რისთვისაც მთელი მისი მრავალწლიანი დისციპლინა სრულიად გამოუსადეგარი იყო. ლივია ქავთარაძესთან ერთ საწოლში გაღვიძება. მით უმეტეს მაშინ, როცა ქალს თავი მის მკერდზე ედო, ერთი ფეხი დაუდევრად ჰქონდა გადადებული მის ფეხზე და ძილში ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს დღისით ნახევარი მსოფლიოს წინააღმდეგ არ იბრძოდა. დემიანმა თვალები გაახილა. ფანჯრებს მიღმა თბილისი იღვიძებდა. მარჯვენა ხელი ისევ ფრთხილად ედო ბალიშზე, ექიმის დანიშნულებით დაფიქსირებული. მარცხენა კი ლივიას წელზე ჰქონდა შემოხვეული. ქალი ოდნავ შეორხა. შემდეგ თავი ასწია. დემიანი უკვე უყურებდა. - დილა მშვიდობისა, ქავთარაძე. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - რამდენი ხანია მიყურებ? - საკმარისად დიდხანს, რომ რამდენიმე საინტერესო დასკვნა გამოვიტანო. - მაგალითად? - ძილში გაცილებით ნაკლებად აგრესიული ხარ. სამწუხაროდ, ეს თვისება გაღვიძებისთანავე გეკარგება. - ქალს გაეღიმა. - შენ კი გაღვიძებისთანავე ლაპარაკს იწყებ. - ნიჭია. - დიაგნოზია. - დემიანმა გაიცინა. ლივიამ თავი ისევ მის მკერდზე დადო. და რამდენიმე წუთით ორივე გაჩუმდა. უცნაური სიმშვიდე იყო. ისეთი, რომელსაც არც ერთის ცხოვრება განსაკუთრებით ხშირად არ სთავაზობდა. მაგრამ სიმშვიდე დემიან ავალიანის ბუნებრივი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა. მამაკაცი ნიკაპით ქალის თმას შეეხო. - ქავთარაძე. - ჰო? - შენს მშობლებს ჩემი არსებობის შესახებ რამე უკითხავთ? - ლივიამ თავი ასწია. - რატომ? - უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად კარგად არიან ინფორმირებული მომავალი ოჯახური კატასტროფის შესახებ. - ქალს სიცილი აუტყდა. - დემიან, შენ ჩემს მშობლებს საერთოდ არ იცნობ. - ეს გამოსასწორებელია. - არა მგონია, მამაჩემს მოეწონო. - დემიანმა წარბი ასწია. - შეუძლებელია. - რატომ? - ქავთარაძე, მე ყველას მოვწონვარ. - აი, ზუსტად ამიტომ არ მოეწონები. ლივიას ტელეფონმა რამდენიმე წუთში დარეკა. ეკრანზე დედის სახელი გამოჩნდა. ქალმა თვალები დახუჭა. - აი, შენი ბრალია. - დემიანმა გაკვირვებით შეხედა. - მე რა ჩავიდინე? - დედაჩემი მირეკავს. — გადაეცი, რომ სიძე. დილა მშვიდობისა უსურვა. - ლივიამ ბალიში ესროლა. მამაკაცმა მარცხენა ხელით დაიჭირა. - ძალადობა ოჯახში, ქავთარაძე? ასე ადრე? - ქალმა ზარს უპასუხა. - დე. - ლივია, სად ხარ? - დედის ხმა ისეთი იყო, რომ ქალმა მაშინვე იცნო მომავალი საუბრის სიმძიმე. - კარგად ვარ, დედა. - ეგ არ მიკითხავს. - საქმეზე ვარ. - დემიანმა წარბი ასწია. ლივიამ მკაცრად შეხედა. მამაკაცმა უხმოდ გაიმეორა: „საქმეზე?“ ქალმა ფეხი მსუბუქად ჰკრა. დემიანი ტკივილისგან კი არა, სიცილის შეკავებისგან მოიკეცა. - ლივია. - დედის ხმა გამკაცრდა. - მამაშენმა დილიდან სამი გაზეთი წაიკითხა. ტელევიზორშიც შენზე ლაპარაკობენ. მე კი გუშინდელი საღამოდან ვერ გიკავშირდები ნორმალურად. - დედა, გუშინ გელაპარაკე. - ხუთი წუთით! - ზოგჯერ ხუთი წუთიც საკმარისია. - მამაშენი ასე არ ფიქრობს. - ლივიამ შუბლზე ხელი მიიდო. - რა მოხდა? - დღეს სახლში მოდი. ორივეს გვინდა შენთან საუბარი. - ქალმა დემიანს შეხედა. მამაკაცი აშკარად ერთობოდა. - კარგი, მოვალ. - და ლივია... - ჰო? - ის პიანისტიც მოიყვანე. - ლივია გაშეშდა. დემიანმა მისი სახე დაინახა. და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. - რომელი პიანისტი? - იკითხა ქალმა სრულიად უაზროდ. დედამ რამდენიმე წამით არაფერი თქვა. - შვილო, ქვეყანაში რამდენიმე დღეა მხოლოდ ერთ პიანისტზე ლაპარაკობენ. - ზარი დასრულდა. ლივიამ ტელეფონი ნელა ჩამოუშვა. დემიანმა ინტერესით შეხედა. - აბა? - დღეს ჩემს მშობლებთან მივდივართ. - მამაკაცის სახეზე ისეთი ღიმილი გაჩნდა, რომ ლივიამ მაშინვე ინანა. - ოჰო. - არ გაბედო. - ქავთარაძე, მე მხოლოდ ერთს ვიტყვი. - არ თქვა. - ოჯახთან ოფიციალური გაცნობა ურთიერთობის საკმაოდ სერიოზული ეტაპია. - ლივიამ თვალები აატრიალა. - დემიან, შენ ჯერ კიდევ შეგიძლია უარი თქვა. - მამაკაცმა მშვიდად უპასუხა: - და მამაშენს ჩემი გაცნობის სიამოვნება მოვაკლო? არასოდეს. საუზმის შემდეგ დემიანს ნიკოლასმა დაურეკა. ამჯერად საქმეზე. ელიზა მორგანთან საუბარი შუადღისთვის იყო დაგეგმილი. მისი ადვოკატი დაცულ ვიდეოკავშირს აწყობდა. დემიანმა ზარი დაასრულა. ლივიას შეხედა. - ქავთარაძე, დღეს რაღაცას გაიგებ. - ქალმა ლეპტოპი დახურა. - ელიზა? - მამაკაცმა თავი დაუქნია. - მას ჩემთან საუბარი უნდა. - და მე? - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. - შენზე არაფერი უთქვამს. - ლივიამ თავი დაუქნია. არ გაბრაზებულა. არც გაუპროტესტებია. მაგრამ მის სახეზე პროფესიული სიფრთხილე დაბრუნდა. - მაშინ მე არ დავესწრები. - დემიანმა წარბი ასწია. - ასე მარტივად? - დემო, ელიზა დაზარალებულია. თუ მას არ უნდა, რომ ჟურნალისტი მის საუბარს ესწრებოდეს, იქ არ ვიქნები. მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - იცი, ქავთარაძე, ხანდახან საშინლად მიმზიდველი ხარ. - მხოლოდ ხანდახან? - დანარჩენ დროს უბრალოდ საშიში. ვიდეოზარი ზუსტად თორმეტ საათზე დაიწყო. დემიანი სამუშაო მაგიდასთან იჯდა. ნიკოლასი გვერდით ჰყავდა. ეკრანზე ჯერ ადვოკატი გამოჩნდა. შემდეგ ახალგაზრდა ქალი. ელიზა მორგანი. ოცდასამი წლის. ღია ყავისფერი თმით. ფერმკრთალი სახით. და ისეთი დაღლილი თვალებით, რომლებიც ასაკს არ შეეფერებოდა. დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. - ელიზა. - ქალს გაეღიმა. სუსტად. - გამარჯობა, დემიან. - რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. შემდეგ გოგონამ მისი დაფიქსირებული ხელი დაინახა. - ეს ჩემს გამო მოხდა? - დემიანმა თავი გააქნია. - არა. ჩემი ცუდი ხასიათის გამო. - ელიზას ოდნავ გაეღიმა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - ადვოკატმა მითხრა, რომ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. - ჰო. - ის კარგად არის? - კარგად არის. - ისინი არ გაჩერდებიან. - დემიანის სახე გამკაცრდა. - ვინ? - ქალმა რამდენიმე წამით დააყოვნა. შემდეგ მშვიდად თქვა: - რიჩარდ ჰეისი. და ედვარდ უიტმორი. - ნიკოლასი გასწორდა. დემიანმა ხმა არ ამოიღო. ელიზამ განაგრძო: - მეგონა, თუ გავჩუმდებოდი, ყველაფერი დასრულდებოდა. თუ ჩემი მუსიკის უფლებებზე უარს ვიტყოდი, დედას აღარ შეეხებოდნენ. თუ ნიუ-იორკიდან გავქრებოდი, დამივიწყებდნენ. - ქალს ხმა აუკანკალდა. - მაგრამ ახლა სხვებსაც აზიანებენ. - დემიანმა თავი ოდნავ დახარა. - ელიზა, შენ არაფერში ხარ დამნაშავე. - გოგონამ მწარედ გაიღიმა. - ეგ უკვე მითხარი იმ ღამეს. - შემდეგ კამერისკენ გადაიხარა. - მინდა სიმართლე გამოაქვეყნონ. - დემიანმა შეხედა. - დარწმუნებული ხარ? - დიახ. - შენი სახელი? - ელიზამ ღრმად ჩაისუნთქა. - ჯერ არა. მაგრამ დოკუმენტები შეიძლება გამოიყენონ. ჩემი ადვოკატი გეტყვით, რა პირობებით. - ნიკოლასმა თავი დაუქნია. ადვოკატმა საუბარი გააგრძელა. და მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში პირველად გამოიკვეთა ის, რასაც ლივია თვეების განმავლობაში ეძებდა. ელიზა მორგანმა თავისი პირველი დიდი საფორტეპიანო ნაწარმოები ცხრამეტი წლის ასაკში დაწერა. ეს იყო რთული, თითქმის ოცწუთიანი კომპოზიცია, რომელიც მისმა მასწავლებელმა „იშვიათი სიმწიფის ნამუშევრად“ შეაფასა. „აურორას“ ფონდმა გოგონას სტიპენდია შესთავაზა. სწავლის დაფინანსება. კონცერტები. საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა. მაგრამ ხელშეკრულებაში ერთი პუნქტი იყო. ფონდის მიერ დაფინანსებული შემოქმედებითი პროექტების გამოყენების უფლება გარკვეულ პირობებში თავად ფონდს გადაეცემოდა. ელიზას ეგონა, ეს მხოლოდ შესრულებისა და გავრცელების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში კი მოგვიანებით სწორედ ამ პუნქტით სცადეს მისი ნაწარმოების მითვისება. ადრიან უიტმორი, ედვარდ უიტმორის ვაჟი, ნიჭიერი პიანისტი იყო. მაგრამ არა კომპოზიტორი. და მით უმეტეს, არა ისეთი კომპოზიტორი, როგორიც მისგან ოჯახის გავლენას სურდა შეექმნა. ელიზას ნაწარმოები ადრიანის სახელზე დაარეგისტრირეს. იურიდიული დოკუმენტები კი „Whitmore & Hale“-ის მონაწილეობით გაფორმდა. როცა გოგონამ პროტესტი გამოთქვა, რიჩარდ ჰეისმა შეახსენა, რომ მისი სტიპენდია, დედის მკურნალობის დაფინანსება და ოჯახის ფინანსური ვალდებულებები ფონდის გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. შემდეგ უფრო შორს წავიდნენ. ელიზას სახელით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში თანხები ირიცხებოდა. გოგონა კი ამ ფულს არასოდეს იღებდა. მისი სახელი გამოიყენებოდა. მისი მუსიკა გამოიყენებოდა. მისი შრომა გამოიყენებოდა. და როცა წინააღმდეგობა სცადა, უთხრეს, რომ ხელშეკრულების დარღვევისთვის უზარმაზარი თანხის გადახდა მოუწევდა. სწორედ მაშინ მიმართა დემიან ავალიანს. იმ საღამოს. ჩვიდმეტ ოქტომბერს. გალაზე. - 250 000 დოლარი. - თქვა ელიზას ადვოკატმა. - სწორედ იმ შეთანხმებას უკავშირდება, რომლითაც ფონდი ელიზასგან დუმილს და შემდგომ პრეტენზიებზე უარს მოითხოვდა. დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - თანხა დემიანმა გადაიხადა დროებითი იურიდიული დაცვისა და ვალდებულებების გასანეიტრალებლად, თუმცა შეთანხმების საბოლოო კანონიერება სადავოა. ამჟამად სასამართლოსთვის ვამზადებთ მოთხოვნას, რომ გადარიცხვის რეალური დანიშნულება და თანხის მიმღები ანგარიშები სრულად გამოიკვლიონ. - ნიკოლასმა წარბები შეკრა. - ანუ მათ ეს თანხა ახლა დემიანის წინააღმდეგ გამოიყენეს. - ადვოკატმა თავი დაუქნია. - ზუსტად. - ელიზამ ეკრანიდან დემიანს შეხედა. - შენ ჩემი გადარჩენა სცადე. ახლა კი ყველა ფიქრობს, რომ რაღაც დამიშავე. - დემიანმა გაეღიმა. - ელიზა, ჩემზე ისედაც ბევრ სისულელეს ფიქრობენ. - გოგონამ თავი გააქნია. - მაგრამ ამჯერად ეს ჩემი ბრალია. - არა. - მამაკაცის ხმა გამკაცრდა. - ეს იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც შენი მუსიკა მოიპარეს. - სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ელიზამ მშვიდად თქვა: - მინდა, იმ ჟურნალისტს დაელაპარაკო. - დემიანმა თავი ასწია. - ლივიას? - კი, ლივიას. - რა უნდა უთხრა? - ელიზამ ღრმად ჩაისუნთქა. - რომ მე მზად ვარ, მას დოკუმენტები გადავცე. და როცა უსაფრთხოდ ვიქნები, საკუთარ სახელზეც ვისაუბრო. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი დაუქნია. - კარგი. ლივია სასტუმროს ნომრის მეორე ნაწილში იჯდა. არ უსმენდა საუბარს. არც ცდილობდა. საკუთარ ლეპტოპში რედაქციის კამერების ჩანაწერებს ამოწმებდა. პოლიციამ თავდასხმის ადგილის მახლობლად მდებარე ორი მაღაზიის ვიდეოჩანაწერი უკვე ამოიღო. ერთ-ერთში თავდამსხმელი ჩანდა. სახე დაფარული ჰქონდა. მაგრამ ლივიამ რაღაც შენიშნა. მამაკაცის მარცხენა ხელზე დიდი ვერცხლისფერი ბეჭედი. უცნაური ფორმით. მუქი ქვით. და მეორე დეტალი. თავდამსხმელი შემთხვევით არ მისულა. ვიდეოზე ჩანდა, რომ ის რედაქციის გვერდით მდებარე შესახვევში თითქმის ოცი წუთის განმავლობაში ელოდა. ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა. შემდეგ, ზუსტად ლივიას გამოსვლამდე, ეკრანს დახედა და ქუჩისკენ დაიძრა. ქალმა კადრი გააჩერა. გაადიდა. და უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ეს არ იყო უბრალოდ გაფრთხილება. ვიღაცას მისი გადაადგილება აკონტროლებდა. ლივიამ ვიდეოს დრო ჩაინიშნა. შემდეგ რედაქციის შიდა კამერების ჩანაწერებს დაუბრუნდა. და სწორედ მაშინ დაინახა რაღაც, რაც მანამდე გამორჩა. თავდასხმამდე თხუთმეტი წუთით ადრე რედაქციის შენობიდან მისი რედაქტორი გამოვიდა. ტელეფონზე საუბრობდა. შესახვევისკენ გაიხედა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა. ლივიამ კადრი კიდევ ერთხელ გადაახვია. რედაქტორი თავდამსხმელს არ შეხვედრია. არც პირდაპირი კავშირი ჩანდა. მაგრამ დროის თანხვედრა ზედმეტად უცნაური იყო. ქალმა ჩანაწერი ცალკე შეინახა. და პირველად მთელი გამოძიების განმავლობაში საკუთარ რედაქციასაც ეჭვით შეხედა. დემიანი საუბრის დასრულების შემდეგ მის გვერდით მივიდა. ლივიამ ლეპტოპი დახურა. - როგორ ჩაიარა? - მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. შემდეგ მის წინ დაჯდა. - ქავთარაძე, შენ მართალი იყავი. - ქალმა წარბი ასწია. - კონკრეტულად რომელ ნაწილში? სია საკმაოდ გრძელია. - დემიანს გაეცინა. - იმაში, რომ ეს საქმე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი კომპოზიციის მოპარვა. - ლივიას სახე დაუსერიოზულდა. მამაკაცმა ყველაფერი მოუყვა, რისი გამჟღავნების უფლებაც ელიზამ მისცა. დოკუმენტები. ხელშეკრულებები. უიტმორების გავლენა. ჰეისის მუქარები. 250 000 დოლარის გადარიცხვის რეალური დანიშნულება. ლივია უსმენდა. არ აწყვეტინებდა. მაგრამ მისი თვალები თანდათან იცვლებოდა. ეს აღარ იყო ქალი, რომელიც დემიანის დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებას ეძებდა. ეს იყო ჟურნალისტი, რომელიც პირველად ხედავდა მთელ სურათს. და ამ სურათში დემიან ავალიანი დამნაშავე არ ჩანდა. პირიქით. ის აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც საკუთარი ფულითა და გავლენით ახალგაზრდა მუსიკოსის დაცვა სცადა. მაგრამ ლივიას პროფესიული ინსტინქტი ჯერ კიდევ ფხიზლად იყო. - დოკუმენტები მინდა. - დემიანმა თავი დაუქნია. - მიიღებ. - ორიგინალები. გადარიცხვების დამადასტურებელი საბუთები. საავტორო უფლებების რეგისტრაცია. ელიზას ადვოკატის წერილობითი თანხმობა. - მამაკაცს გაეღიმა. - ქავთარაძე, შენ რომ სასამართლოში გამომძიებლად გემუშავა, დამნაშავეები აღიარებას რიგში ჩადგებოდნენ. - ლივიამ შეხედა. - და კიდევ ერთი რამ. - გისმენ. - სანამ ეს ყველაფერი არ გადამოწმდება, შენს გამართლებას არ დავწერ. - დემიანმა მშვიდად დაუქნია თავი. - არც გთხოვ. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ჩუმად თქვა: - მაგრამ პირველად მგონია, რომ შენს წინააღმდეგ კი არა, შენს გვერდით ვეძებ სიმართლეს. - დემიანის სახეზე ღიმილი ნელა გაჩნდა. - ქავთარაძე, ეს სიყვარულის ახსნა იყო? - ლივიამ თვალები აატრიალა. - ნუ გააფუჭებ. საღამოს ლივიას მშობლებთან წასვლა ჰქონდათ დაგეგმილი. დემიანმა შავი პერანგი ჩაიცვა. მარცხენა ხელით ღილების შეკვრა სცადა. მესამე ღილთან დანებდა. - ქავთარაძე! - ლივია საძინებლიდან გამოვიდა. - რა მოხდა? - მამაკაცმა პერანგზე მიუთითა. - ეროვნული მნიშვნელობის კრიზისია. - ქალს გაეღიმა. მიუახლოვდა. ღილების შეკვრა დაიწყო. დემიანი მშვიდად იდგა. და უყურებდა. - იცი. - თქვა ბოლოს. - შენს მშობლებს რომ მოვეწონო, მერე რა ვქნათ? -ლივიამ თავი არ ასწია. - ეს ძალიან საეჭვო სცენარია. - და მაინც? - მერე შეიძლება დედაჩემმა შენს გამოკვებაზე იზრუნოს. ' დემიანმა წარბი ასწია. - შესანიშნავია. უკვე მომწონს ეს ქალი. - ლივიამ ბოლო ღილი შეუკრა.ბშემდეგ საყელო გაუსწორა. მამაკაცმა მარცხენა ხელი წელზე შემოხვია. - ქავთარაძე. - რა? - ძალიან ახლოს ხარ. - ქალმა თვალები ასწია. - პერანგს გიკრავ. - ვიცი. მაგრამ ჩემი ორგანიზმი ამ ინფორმაციას სათანადოდ ვერ ამუშავებს. - ლივიას გაეცინა. დემიანმა თავი დახარა. აკოცა. თავიდან მსუბუქად. შემდეგ უფრო ხანგრძლივად. ლივიამ ხელები კისერზე შემოხვია. და რამდენიმე წამში ორივეს სრულიად გადაავიწყდა, სად მიდიოდნენ. დემიანმა მარცხენა ხელით უფრო ახლოს მიიზიდა. ქალმა პერანგის საყელოს ჩაავლო თითები. კოცნა გაღრმავდა. ლივიამ უკან დაიხია. მამაკაციც მიჰყვა. საძინებლისკენ. სრულიად დაუგეგმავად. სრულიად დაუფიქრებლად. და რამდენიმე წამში საწოლთან აღმოჩნდნენ. ლივიამ დემიანის პერანგის ღილები ისევ გახსნა. - მამაკაცს გაეცინა. - ქავთარაძე, ხუთი წუთის წინ ამ ღილებზე გმირულად მუშაობდი. - გაჩუმდი. - როგორც მიბრძანებთ. - ქალმა აკოცა. დემიანმა მარცხენა ხელი მის ზურგზე აასრიალა. შემდეგ საწოლზე ფრთხილად დაეშვნენ. მამაკაცმა მის კისერში გაუჩინარდა მხურვალე ბაგეებით, ქალმა თვალები დახუჭა. სუნთქვა აუჩქარდა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა პოზიციის შეცვლა სცადა, მარჯვენა ხელი უნებლიეთ საწოლს ცუდათ მიადო. - ტკივილმა მკვეთრად დაუარა თითში. - ჯანდაბა! - ლივია მაშინვე გასწორდა. - დემიან! - მამაკაცმა თვალები დახუჭა. რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ მარცხენა ხელი სახეზე ჩამოისვა. - ეს თითი პირადად ჩემ წინააღმდეგ მუშაობს. - ლივიას თავიდან შეეშინდა. მაგრამ როცა დაინახა, რომ მამაკაცს უკვე ეღიმებოდა, სიცილი აუტყდა. - ღმერთო, დემო! - ნუ იცინი. ტრაგიკული მდგომარეობაა. - შენ თვითონ დაგავიწყდა, რომ ხელი მოტეხილი გაქვს! - ქავთარაძე, შენს გვერდით გაცილებით მნიშვნელოვანი რამეებიც მავიწყდება. - ქალმა თავი გააქნია. - აუტანელი ხარ. - დემიანმა დაზიანებული ხელი ფრთხილად დადო ბალიშზე. - მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ეს ყველაზე შეუფერებელი დროა მოტეხილობისთვის. - ლივიამ სიცილი ვერ შეეკავა. მამაკაცმა წარბი ასწია. - ძალიან გართობს ჩემი უბედურება? - საშინლად. - შესანიშნავია. როცა გამოვჯანმრთელდები, ამ სიცილისთვის პასუხს მოგთხოვ. - ლივიამ მისკენ გადაიხარა. ტუჩებში აკოცა. - ჯერ გამოჯანმრთელდი, ვირტუოზო. - დემიანმა თავი დაუქნია. - და შემდეგ? - ქალმა ეშმაკურად გაიღიმა. - შემდეგ ვნახოთ, რამდენად ვირტუოზი ხარ სცენის გარეთაც. - დემიანი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თავი უკან გადასწია. - ღმერთო, ქავთარაძე, შენ განზრახ მტანჯავ. - ქალს ისევ გაეცინა. და ამ სიცილში ის დაძაბულობა გაქრა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ორივეს სხეულში დაგროვილიყო. დემიანმა მარცხენა ხელი გაუწოდა. ლივია მის გვერდით დაწვა. თავი მკერდზე დაადო. დემიანი ნაზად ეფერებოდა თმებზე. - ერთი რამ უნდა გითხრა. - თქვა ჩუმად. - რა? - შენი მშობლების გაცნობა ახლა გაცილებით ნაკლებად მაშინებს, ვიდრე შენი მოთმინების გამოცდა. - ლივიას გაეცინა. - დემიან, შენ ჩემი მშობლების ჯერ კიდევ არ გეშინია?! - მამაკაცმა წარბი ასწია. - ეს მუქარაა? - გაფრთხილება. ლივიას მშობლების სახლი ვაკეში, ძველ, მშვიდ ქუჩაზე იდგა. მაგრამ იმ საღამოს იქ მისვლამდე ლივიას ტელეფონმა კიდევ ერთხელ დარეკა. რედაქციიდან. მისი კოლეგა, ნატა. - ლივია, სასწრაფოდ უნდა გელაპარაკო. ქალს სახე დაუსერიოზულდა. - რა მოხდა? - შენი რედაქტორის შესახებ რაღაც გავიგე. - ლივიამ დემიანს შეხედა. მამაკაცი მანქანაში მის გვერდით იჯდა. - გისმენ. - ნატამ ხმას დაუწია. - სამი კვირის წინ, როცა ავალიანზე ის ანონიმური წერილი მოვიდა, რედაქტორი ერთ ადამიანს შეხვდა. - ვის? - რიჩარდ ჰეისის წარმომადგენელს. - ლივიამ სუნთქვა შეიკავა. - დარწმუნებული ხარ? - შეხვედრა რედაქციის სტუმრების ჟურნალშია დაფიქსირებული. სახელი და გვარი მაქვს. თან ის ადამიანი ადრე „აურორას“ იურიდიულ გუნდში მუშაობდა. - ლივიამ თვალები დახუჭა. ყველაფერი ნელ-ნელა ერთიანდებოდა. წინასწარ გამოგზავნილი წერილი. რედაქტორის უცნაური მონდომება, დაემარხა დემიან ავალიანი. მუქარები. თავდასხმა. და ახლა ეს შეხვედრა. - ნატა, არაფერი წაშალო. არც ერთ დოკუმენტს არ შეეხო ისე, რომ ასლი არ შეინახო. - ვიცი. - და არავის უთხრა, რომ ვესაუბრეთ. - ზარი დასრულდა. დემიანმა შეხედა. - რა მოხდა? - ლივიამ ნელა ამოისუნთქა. - მგონი, ჩემი რედაქტორი ამ საქმეში გაცილებით ღრმად არის ჩართული, ვიდრე მეგონა. - მამაკაცის სახე გამკაცრდა. - რამდენად ღრმად? - ქალმა ფანჯრიდან ქუჩას გახედა. შემდეგ ჩუმად თქვა: - იმდენად, რომ შესაძლოა სწორედ მან იცოდა, როდის გამოვიდოდი რედაქციიდან იმ საღამოს. - დემიანი გაშეშდა. რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. შემდეგ ძალიან მშვიდად იკითხა: - ქავთარაძე, შენ ახლა იმას მეუბნები, რომ ვიღაცამ შენსავე რედაქციაში შეიძლება თავდამსხმელს ინფორმაცია მიაწოდა? - ლივიამ თავი დაუქნია. - ჯერ მტკიცებულება არ მაქვს. - მამაკაცმა ყბა დაჭიმა. - მაშინ მტკიცებულება ვიპოვოთ. - ქალმა შეხედა. დემიანის თვალებში ისევ ის ცივი, საშიში სიმტკიცე ჩანდა, რომელიც თავდასხმის ღამეს დაინახა. მაგრამ ამჯერად ლივიას არ შეშინებია. რადგან პირველად გრძნობდა, რომ ეს გამოძიება მხოლოდ მისი აღარ იყო. და სიმართლე, რომლის პოვნასაც ასე ჯიუტად ცდილობდა, უკვე ძალიან ახლოს იდგა. იმ საღამოს ლივიას მშობლების სახლის კარი მამამისმა გააღო. მაღალი, ჭაღარაშერეული მამაკაცი იყო. მკაცრი მზერით. ლივიას შეხედა. შემდეგ დემიანს. მამაკაცის დაფიქსირებულ ხელს. და ბოლოს ისევ მის სახეს. - დემიან ავალიანი? - დემიანმა თავაზიანად გაუღიმა. - პირადად. თუმცა ამჟამად ოდნავ შეზღუდული შესაძლებლობებით. - ლივიამ თვალები დახუჭა. დაიწყო. მამამისმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდად თქვა: - შემოდით. - დემიანმა ლივიას გადახედა. და ისეთი კმაყოფილი ღიმილი გაუგზავნა, თითქოს ყველაზე რთული გამოცდა უკვე ჩაებარებინოს. ქალმა ჩუმად ჩასჩურჩულა: - ჯერ არაფერი დაგიწყია. - დემიანმა უპასუხა: - ქავთარაძე, მე სცენაზე ათი ათასი ადამიანის წინაშე გამოვდივარ. ერთი გაბრაზებული მამა ვერ შემაშინებს. - ლივიამ თავი გააქნია. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს. - და როცა მისაღებში შევიდნენ, დემიან ავალიანმა პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ შესაძლოა არსებობდა აუდიტორია, რომლის წინაშეც მისი სახელგანთქმული თავდაჯერება სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩენილიყო. 13 დემიან ავალიანმა საკმაოდ ადრეულ ასაკში აღმოაჩინა, რომ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვდა. ზოგჯერ საკმარისი იყო სწორ დროს გაღიმება. ზოგჯერ, რამდენიმე წინადადება. ხოლო განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, როიალთან დაჯდომა და იმის გაკეთება, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა. მაგრამ ლივია ქავთარაძის მამის წინაშე აღმოჩნდა ორი აშკარა ნაკლით. პირველი როიალი არსად ჩანდა. მეორე მისი მარჯვენა ხელი სრულიად გამოუსადეგარი იყო. და მესამე, რომელსაც ნაკლად არ მიიჩნევდა, თუმცა გარემოებები საპირისპიროს მიანიშნებდა მამაკაცის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად უკვე მეორე ღამე გაეთენებინა. ლივიას მამა, ირაკლი ქავთარაძე, მისაღებში შეუძღვა. მაღალი, მხრებში ჯერ კიდევ გამართული კაცი იყო. ჭაღარა საფეთქლებთან უფრო შესამჩნევად შეჰპარვოდა, ვიდრე თმაში, ხოლო თვალებში ისეთი დაკვირვებული სიმშვიდე ჰქონდა, რომელიც დემიანს საკუთარი მამისგან კარგად ახსოვდა. ასეთი ადამიანები ხმას იშვიათად უწევდნენ. უბრალოდ საჭირო ადგილას სვამდნენ კითხვას. და პასუხს ისე ელოდნენ, რომ ტყუილის თქმა უხერხული ხდებოდა. - დაბრძანდით. - თქვა ირაკლიმ. დემიანი სავარძელში ჩაჯდა. ლივია მის გვერდით მოთავსდა. - დედა სად არის? - იკითხა ქალმა. - სამზარეულოში. მას შემდეგ, რაც გაიგო, სტუმარი მოგვყავდა, გადაწყვიტა, მთელი უბანი გამოკვებოს. - დემიანს გაეღიმა. - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. მე ყოველთვის მომწონდა ადამიანები, რომლებიც პრობლემებს საკვებით აგვარებენ. - ირაკლიმ შეხედა. - თქვენ პრობლემად მიიჩნევთ თავს? - ლივიამ თვალები დახუჭა. დემიანმა კი წამითაც არ დაკარგა თავდაჯერება. - ჯერჯერობით მხოლოდ საინტერესო შემთხვევად. - საინტერესო შემთხვევებზე ჩემი ქალიშვილი მუშაობს. - ვიცი. სამწუხაროდ, მის პროფესიულ ინტერესს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. - ლივიამ მამაკაცს გვერდულად შეხედა. მამამ ეს მზერა შენიშნა. და სწორედ მაშინ პირველად გაიღიმა. ლივიას დედა, ეკა, მისაღებში რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა. ქალიშვილს ისეთი მზერით შეხედა, რომელშიც ერთდროულად ეტეოდა გაბრაზება, შიში, მონატრება და ის დედობრივი ინსტინქტი, რომელსაც ზრდასრული შვილების დამოუკიდებლობა არასოდეს აჩერებს. - მოდი აქ. - ლივია წამოდგა. დედამ გულში ჩაიკრა. დიდხანს. იმაზე დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრივ. შემდეგ ოდნავ უკან დაიხია და სახეზე დააკვირდა. - გამხდარხარ. - დედა, სამი დღის წინაც მნახე. - სამი დღე საკმარისია, როცა ადამიანი არაფერს ჭამს და მთელ ქვეყანაში მასზე ლაპარაკობენ. - მე ვჭამ. - ყავა საჭმელი არ არის. - დემიანმა თავი დაუქნია. - სრულიად გეთანხმებით. - ლივიამ გახედა. - შენ არავინ გეკითხება. - ეკამ მამაკაცისკენ გაიხედა. და მოულოდნელად გაეღიმა. - თქვენ დემიანი ხართ. - მამაკაცი წამოდგა. - დიახ. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ეკამ ხელი ჩამოართვა. შემდეგ მის დაფიქსირებულ თითს დახედა. ღიმილი გაუქრა. - ეს მართლა ჩემი შვილის გამო მოხდა? - დემიანმა მშვიდად უპასუხა: - არა. ეს იმ კაცის გამო მოხდა, რომელმაც თქვენი ქალიშვილისთვის ხელის ხლება გაბედა. - ეკა გაჩუმდა. ლივიამ თავი დახარა. ირაკლი კი სავარძელში გასწორდა. - სწორედ ამაზე გვინდა საუბარი. სადილის მაგიდასთან თავიდან სრულიად ჩვეულებრივი თემები განიხილეს. დემიანის ოჯახი. მისი ცხოვრება ნიუ-იორკში. კონცერტები. საერთაშორისო ტურნეები. აღმოჩნდა, რომ ეკას დედამისი მარინა, სკოლიდან კარგად ახსოვდა. დემიანი საოცრად თავაზიანი აღმოჩნდა. ლივიას ეს თითქმის შეურაცხყოფად ეჩვენებოდა. მამაკაცი უსმენდა. კითხვებს პასუხობდა. ხუმრობდა მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო იყო. და ისეთი დახვეწილი მანერებით სარგებლობდა, რომ ქალმა რამდენჯერმე ეჭვითაც კი შეხედა. ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც დილით ჩემს ბალიშს ეჩხუბებოდა? დემიანმა მისი მზერა დაიჭირა. მაგიდის ქვეშ მარცხენა ხელით მუხლზე მსუბუქად შეეხო. ლივიამ მაშინვე შეხედა. მამაკაცმა სრულიად უდანაშაულო გამომეტყველებით განაგრძო საუბარი. ქალმა ფეხი ოდნავ მიარტყა. დემიანს სახეზე ღიმილი შეეპარა. - რამე მოხდა? - იკითხა ეკამ. - არაფერი, დედა. - უბრალოდ, ლივია მახსენებს, რომ ზედმეტად არ ვილაპარაკო. - განმარტა დემიანმა. ირაკლიმ თავი დაუქნია. - კარგი რჩევაა. - ვხედავ, საერთო ენა უკვე გამოვნახეთ. - უპასუხა დემიანმა. ლივიამ ჩანგალი დადო. - ღმერთო, მომეცი მოთმინება. სადილის დასრულების შემდეგ ეკამ ლივია სამზარეულოში გაიყვანა. დემიანი და ირაკლი მისაღებში დარჩნენ. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ წყალი დაისხა. შემდეგ პირდაპირ შეხედა. - ჩემი ქალიშვილი ყოველთვის ჯიუტი იყო. - დემიანს გაეღიმა. - შემიმჩნევია. - ბავშვობიდან. თუ რაღაცას სწორად მიიჩნევდა, უკან არ იხევდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის წინააღმდეგ ვინ იდგა. - ესეც შემიმჩნევია. - ირაკლიმ ჭიქა მაგიდაზე დადგა. - მაგრამ აქამდე მისი სამსახურის გამო საავადმყოფოში არავინ მოხვედრილა. - დემიანის ღიმილი გაქრა. - მესმის. - არა მგონია, ბოლომდე გესმოდეთ. - მამაკაცმა თავი ოდნავ დახარა. ირაკლიმ განაგრძო: - მე არ მაინტერესებს, რამდენად ცნობილი ხართ. რამდენ ქვეყანაში გიკრავთ ან რამდენი ადამიანი გიკრავთ ტაშს. მაინტერესებს, რა ხდება ჩემი შვილის გარშემო. - დემიანმა მშვიდად უპასუხა: - მას ემუქრებიან. - ირაკლი გაჩუმდა. - და მე მინდა, ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ. - განაგრძო დემიანმა. - მაგრამ ერთი რამ თავიდანვე უნდა გითხრათ. ლივიას ვერავინ აუკრძალავს მუშაობას. მით უმეტეს მე. - ირაკლიმ შეხედა. - თქვენ ეს უკვე სცადეთ? - დემიანს გაეღიმა. - მხოლოდ ერთხელ დავუშვი შეცდომა, მისთვის მეთქვა, რომ რაღაც არ უნდა გაეკეთებინა. - მერე? - საკმაოდ ვრცელი ლექცია მივიღე პირადი თავისუფლების შესახებ. - ირაკლის გაეცინა. პირველად გულწრფელად. მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - მე არ გთხოვთ, ჩემი შვილი გადაარჩინოთ, ავალიანი. არც გმირობას გთხოვთ. მინდა, როცა საფრთხეს დაინახავთ, ორივემ გონივრულად იმოქმედოთ. - დემიანმა თავი დაუქნია. - გპირდებით. - ირაკლიმ მის ხელს დახედა. - და მეორედ მუშტით ნუ გადაწყვეტთ ყველაფერს. - დემიანმა ამოისუნთქა. - ეს პირობა განსაკუთრებით მტკივნეულია, მაგრამ შევეცდები. სამზარეულოში ეკა ქალიშვილს უყურებდა. ლივია თეფშებს ალაგებდა. დედამ ბოლოს ვეღარ მოითმინა. - გიყვარს? - ლივიას თეფში ხელში გაუშეშდა. - დედა! - რა „დედა“? ჩვეულებრივი კითხვა დაგისვი. - ჩვეულებრივი კითხვები ასე მოულოდნელად არ ისმება. - ეკამ სკამი გამოსწია. - ლივია, შენ თხუთმეტი წლის აღარ ხარ. - ქალმა თავი ასწია. - ვიცი. - მაშინ ნუ მიყურებ ისე, თითქოს რაღაც აკრძალული გკითხე. - ლივია გაჩუმდა. დედა დიდხანს აკვირდებოდა. - ის ბიჭი სკოლიდან მახსოვს. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - დემიანი? - ხო შვილო. მაშინაც ძალიან ლამაზი ბიჭი იყო. და ძალიან კარგად იცოდა ეს. - ლივიას გაეცინა. - ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. - ეკამაც გაიღიმა. შემდეგ ქალიშვილის ხელი დაიჭირა. - მაგრამ შენ იმ დროს ძალიან გატკინა გული, არა? - ლივიას ღიმილი ნელა გაუქრა სახიდან. დედამ მისი სახე დაინახა. - იმ გამოსაშვები საღამოს შემდეგ რამდენიმე დღე ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდი. არაფერს მიყვებოდი. მეგონა, უბრალოდ სკოლის დამთავრება გიჭირდა. - ლივიამ მზერა დახარა. - მაშინ ბევრი რამ მოხდა. - ვიცი. - სიჩუმე ჩამოვარდა. - ეკამ თითები მოუჭირა. - ახლა სხვანაირად გიყურებს. - ლივიამ თავი ასწია. - საიდან იცი? - დედას გაეღიმა. - იმიტომ, რომ მთელი სადილის განმავლობაში შენს სახეს უფრო ხშირად უყურებდა, ვიდრე თეფშს. და დამიჯერე, ჩემი გაკეთებული ხაჭაპურის ფონზე ეს საკმაოდ სერიოზული ამბავია. - ლივიას სიცილი აუტყდა. შემდეგ დედას ჩაეხუტა. - არ ვიცი, რა იქნება, დე. - ეკამ თმაზე ხელი გადაუსვა. - არც არის საჭირო, ყველაფერი წინასწარ იცოდე. ოღონდ საკუთარ თავს ნუ დაკარგავ. - ლივიამ თვალები დახუჭა. - არ დავკარგავ. სასტუმროში იმ საღამოს გვიან დაბრუნდნენ. დემიანს ნიკოლასისგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი დახვდა. ლივიას - ნატას შეტყობინება. ორივე ერთდროულად გაჩერდა. - შენ პირველი. - თქვა დემიანმა. ლივიამ ტელეფონი გახსნა. ნატას მხოლოდ ერთი წინადადება მოეწერა: „სახელი გავარკვიე. მარტინ კელერია. და, ლივია, ეს კაცი მხოლოდ ჰეისის იურისტი არ ყოფილა.“ ქალმა მაშინვე დარეკა. ნატამ მეორე ზარზე უპასუხა. - გისმენ. - კელერზე რა გაიგე? - ბოლო ორი წლის განმავლობაში „აურორას“ რამდენიმე ფინანსურ დავას აგვარებდა. ოფიციალურად დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტია. მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამეა. - რა? - იმავე კომპანიასთან აქვს კავშირი, რომელიც თბილისში კერძო უსაფრთხოების მომსახურებას ყიდულობს. - ლივიას თვალები გაუმკაცრდა. - რომელ კომპანიასთან? — „Northbridge Consulting“. ოფიციალურად რისკების მართვისა და ბიზნესკონსულტაციის ფირმაა. - დოკუმენტები? - კომპანიის საჯარო რეესტრის ამონაწერები მაქვს. კელერის სახელი კონტრაქტში ჩანს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას აკეთებდა კონკრეტულად. ლივიამ რამდენიმე წამით იფიქრა. - რედაქტორთან შეხვედრა როდის იყო? - დემიანის ჩამოსვლამდე თერთმეტი დღით ადრე. ქალს სახე დაეძაბა. - ნატა, ეს ინფორმაცია სხვასთან არ განიხილო. - ვიცი. და კიდევ... დღეს რედაქტორმა მკითხა, შენთან ვკონტაქტობდი თუ არა. - ლივიამ სუნთქვა შეიკავა. - რა უპასუხე? - რომ მხოლოდ პირად ამბებზე ვსაუბრობდით. - კარგი. - ლივია, ფრთხილად იყავი. - ზარი დასრულდა. დემიანი მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით იდგა. - კელერი? - იკითხა ბოლოს. ქალმა თავი დაუქნია. - შენი საყვარელი ფონდის კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელი. - ქავთარაძე, ჩემი საყვარელი ფონდი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომელიც ჩემს სამედიცინო დაზღვევას აფინანსებს. - ლივიას გაეღიმა. მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა. - კელერი ჩემს რედაქტორს შეხვდა. და კავშირი აქვს უსაფრთხოების კომპანიასთან, რომელიც საქართველოში მუშაობს. - დემიანმა წარბები შეკრა. - ეს პოლიციამ უნდა იცოდეს. - უკვე ვამზადებ ყველაფერს. - მამაკაცმა თავი დაუქნია. შემდეგ ნიკოლასს დაურეკა. ნიკოლასის ხმა დაღლილი იყო. - ბოლოს და ბოლოს! - ნიკოლას, თუ კიდევ ერთხელ ასე მომესალმები, ხელფასს შეგიმცირებ. - შენ ჩემი ხელფასის შემცირებას ვეღარ მოასწრებ, თუ ამ საქმეს არ მოვრჩებით. - დემიანი ფანჯარასთან მივიდა. - რა მოხდა? - პოლიციამ თავდამსხმელის მანქანა იპოვა. - მამაკაცი გასწორდა. - სად? - ქალაქის გარეუბანში. მიტოვებული. ნაქირავები იყო ყალბი დოკუმენტებით, მაგრამ გაქირავების ოფისის ჩანაწერებში ერთი ნამდვილი მონაცემი დარჩა. - რა? - საკონტაქტო ნომერი. -დემიანმა ლივიას გახედა. ქალი უკვე მისკენ მიდიოდა. - და? - ნომერი ერთჯერადი იყო, მაგრამ იმავე მოწყობილობიდან სხვა ნომრებიც გამოიყენეს. პოლიცია ამ კავშირებს ამოწმებს. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია „Northbridge Consulting“-ის ადგილობრივ თანამშრომელთან. - ლივიამ დემიანის სახე დაინახა. - რა მოხდა? - მამაკაცმა ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე გადაიყვანა. ნიკოლასმა განაგრძო: - ჯერ არ ვიცით, ეს პირდაპირი კავშირია თუ დამთხვევა. მაგრამ მანქანის საბარგულში რაღაც იპოვეს. - რა? - იკითხა ლივიამ. ნიკოლასმა მისი ხმა გაიგონა. რამდენიმე წამით გაჩუმდა. - ქალბატონო ლივია, თქვენც აქ ხართ? - დემიანმა ამოისუნთქა. - ნიკოლას, ძალიან გთხოვ, ნუ მოიქცევი ისე, თითქოს ეს აღმოჩენა პირველად ხდება. - მენეჯერმა მისი კომენტარი უყურადღებოდ დატოვა. - საბარგულში ტანსაცმლის ნაწილი იპოვეს. და ერთი ხელთათმანი. - ლივიამ მაშინვე გაიხსენა. ვერცხლისფერი ბეჭედი. მუქი ქვა. - ბეჭედი? - იკითხა სწრაფად. ნიკოლასი გაჩუმდა. - რა ბეჭედი? - თავდამსხმელს მარცხენა ხელზე ბეჭედი ეკეთა. დიდი, ვერცხლისფერი, მუქი ქვით. - არ ვიცი. პოლიციის დეტალური ანგარიში არ მინახავს. - ლივიამ თავი დაუქნია. - ეს დეტალი აუცილებლად უნდა გადასცეთ. დემიანმა ტელეფონი გათიშა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკოლასმა პირობა დადო, რომ პოლიციის გამომძიებელს ლივიას დაკვირვებას დაუყოვნებლივ მიაწვდიდა. მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. ემდეგ ქალს შეხედა. - შენს რედაქტორს მართლა შეიძლება სცოდნოდა. ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. - შეიძლება. მაგრამ ჯერ მხოლოდ კავშირების ჯაჭვი გვაქვს. შეხვედრა დანაშაულს არ ამტკიცებს. - დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - და სანამ პირდაპირ მტკიცებულებას არ ვიპოვი, არავის დავადანაშაულებ. - მამაკაცს გაეღიმა. - აი, ამიტომ ხარ საშიში, ქავთარაძე. - რატომ? - იმიტომ, რომ როცა ვინმეს დამარხვას გადაწყვეტ, ჯერ დარწმუნდები, ნამდვილად მკვდარია თუ არა. - ლივიამ წარბი ასწია. - ეს კომპლიმენტი იყო? - საუკეთესო, რაც დღეს მომიფიქრებია. მეორე დილით ლივია რედაქცია მივიდა. დემიანი სასტუმროში დარჩა. ხელის ექიმთან დისტანციური კონსულტაცია ჰქონდა დაგეგმილი, ნიკოლასი კი მისი საერთაშორისო კონტრაქტების გადახედვას აპირებდა. ლივიას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონდა. არა იმიტომ, რომ დემიანის გარეშე მუშაობა უჭირდა. არამედ იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში ვიღაცის უსაფრთხოებაზე ისე ფიქრობდა, თითქოს საკუთარი სხეულის ნაწილი დაეტოვებინოს სხვა შენობაში. რედაქციის კართან დაცვამ შეაჩერა. - ქალბატონო ლივია, ხელმძღვანელობის მითითებაა. თქვენთვის სამუშაო სისტემებზე წვდომა დროებით შეჩერებულია. - ქალმა შეხედა. - წერილობითი ბრძანება? - დაცვამ მხრები აიჩეჩა. - მე მხოლოდ მითითება მაქვს. - ლივიამ ტელეფონი ამოიღო. რედაქტორს დაურეკა. მესამე ზარზე უპასუხა. - ლივია. - შენობის შესასვლელთან ვარ. - ვიცი. - ქალი გაჩერდა. - საიდან? - დაცვამ მითხრა. - მაშინ ჩამოდი. - ახლა შეხვედრაზე ვარ. - მეც. შენთან. - რედაქტორმა ამოისუნთქა. - ლივია, ეს შენი ინტერესებისთვის კეთდება. - ქალს გაეღიმა. ცივად. - ჩემი ინტერესები ძალიან ხშირად გაწუხებს ბოლო დროს. - რამდენიმე წამით სიჩუმე იყო. შემდეგ რედაქტორმა თქვა: - შენ ობიექტურობა დაკარგე. - ამას დოკუმენტებით ამტკიცებ თუ ჩემი პირადი ცხოვრების განხილვით. - ავალიანთან ერთად ცხოვრობ! - ლივიას მზერა გაუმკაცრდა. - და ეს ჩემს მიერ მოპოვებულ საბანკო დოკუმენტებს ცვლის? - შენ ვერ ხვდები, რა მდგომარეობაში ჩაგვაყენე. - პირიქით. პირველად ვხვდები, ვის მდგომარეობაზე ზრუნავ. - სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ რედაქტორმა ხმადაბლა იკითხა: - რას გულისხმობ? - ლივიამ პასუხამდე რამდენიმე წამით დააყოვნა. - იმას, რომ ძალიან მალე ამ კითხვას შენც დაგისვამენ. - ტელეცონი გათიშა. და რედაქციიდან წავიდა. მაგრამ ეს არ იყო უკან დახევა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლივია ქავთარაძემ გადაწყვიტა, საკუთარი გამოძიება იმ შენობის გარეთ გაეგრძელებინა, სადაც სიმართლის პოვნას ასწავლიდნენ, მაგრამ მისი გამოქვეყნების სულ უფრო ეშინოდათ. იმავე დღის შუადღეს ელიზა მორგანის ადვოკატმა ლივიას დაცული ბმული გამოუგზავნა. დოკუმენტები. ათობით გვერდი. ხელშეკრულებები. საავტორო უფლებების რეგისტრაციის ასლები. ელიზას კომპოზიციის ადრეული ჩანაწერები. ხელნაწერი პარტიტურის ფოტოები. და ერთი აუდიოფაილი. ლივიამ ჯერ დოკუმენტები შეამოწმა. თარიღები ერთმანეთს ემთხვეოდა. ელიზას ნაწარმოები რამდენიმე თვით ადრე იყო შექმნილი, ვიდრე ადრიან უიტმორის სახელით დარეგისტრირდებოდა. არსებობდა ელექტრონული წერილებიც. ფონდის თანამშრომლებს შორის მიმოწერა. რიჩარდ ჰეისის მითითებები. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ ეწერა: „ადრიანის პრემიერამდე ავტორობის საკითხი საბოლოოდ უნდა დაიხუროს. მორგანის ოჯახთან ფინანსური შეთანხმება ამის გარანტია უნდა იყოს.“ ლივიამ ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა. შემდეგ აუდიოფაილი გახსნა. თავიდან მხოლოდ ოთახის ხმაური ისმოდა. ვიღაც ჭიქას დებდა. კარი იღებოდა. შემდეგ მამაკაცის ხმა. რიჩარდ ჰეისი. - ელიზა, შენ უკვე მოაწერე ხელი. - გოგონას ხმა კანკალებდა. - მე შესრულების უფლებაზე მოვაწერე ხელი. ავტორობაზე არა. - ეს იურიდიული საკითხია. - ეს ჩემი მუსიკაა. - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მეორე მამაკაცის ხმა გაისმა. უფრო დაბალი. მკაცრი. - ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენ ვერ ხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. - ლივიამ ჩანაწერი შეაჩერა. უკან გადაახვია. ისევ მოუსმინა. შემდეგ ფაილის თანმხლებ აღწერას დახედა. მეორე ხმა ეკუთვნოდა ედვარდ უიტმორს. და პირველად ხელში ჰქონდა არა მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, არამედ უშუალო ჩანაწერი, სადაც ელიზა საკუთარი ნაწარმოების ავტორობას იცავდა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. ეს უკვე ისტორია იყო. ნამდვილი. საშიში. და გაცილებით დიდი, ვიდრე დემიან ავალიანის რეპუტაცია. საღამოს სასტუმროში დაბრუნებულს დემიანი როიალთან დახვდა. მარცხენა ხელით ერთ მარტივ მელოდიას არჩევდა. არა კონცერტისთვის. არა ვარჯიშისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ სიჩუმე ოდნავ შეემსუბუქებინა. ლივია კართან გაჩერდა. მამაკაცმა თავი ასწია. - ქავთარაძე. - ვირტუოზო. - დღეს რამდენი ადამიანი გაანადგურე? - ჯერჯერობით არც ერთი. - იმედგაცრუებული ვარ. - ქალმა ჩანთა დადო. შემდეგ მისკენ წავიდა. დემიანმა სკამი ოდნავ შეატრიალა. ლივია მის წინ გაჩერდა. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ დაიხარა. და აკოცა. მამაკაცს გაეღიმა. - საინტერესო მისალმებაა. - ქალმა ისევ აკოცა. - ამჯერად უფრო ხანგრძლივად. დემიანმა ხელი წელზე შემოხვია. - ქავთარაძე, თუ ასეთი წარმატებული დღე გქონდა, მგონი ყოველდღე უნდა გაგიშვა სამსახურში. - ლივიამ თვალებში ჩახედა. - დოკუმენტები მივიღე. - დემიანის ღიმილი გაქრა. - ყველაფერი? - თითქმის. ელიზას ხელნაწერი, მიმოწერა, ავტორობის რეგისტრაცია, ჰეისის მითითებები. აუდიოჩანაწერიც. - მამაკაცმა თვალები დახუჭა. რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. შემდეგ ჩუმად იკითხა: - საკმარისია? - ლივიამ თავი ოდნავ გააქნია. - პირველი პუბლიკაციისთვის კი. საბოლოო გამოძიებისთვის არა. - დემიანმა თავი დაუქნია. - რას აპირებ? - ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. - ჯერ ადვოკატთან ყველა მასალას გადავამოწმებ. ელიზას თანხმობის ფარგლებსაც. შემდეგ დამოუკიდებელი გამოცემის მეშვეობით გამოვაქვეყნებ პირველ ნაწილს. - მამაკაცმა შეხედა. - და შენი რედაქცია? - ლივიას გაეღიმა. - ჩემმა რედაქციამ დღეს შემობაში არ შემიშვა. - დემიანს სახე დაეძაბა. - რა? - ოფიციალურად გამოძიებას ჩამომაშორეს. არაოფიციალურად კი მგონია, ძალიან უნდათ, რომ გავჩუმდე. - შენ არ გაჩუმდები. - ლივიამ თავი გააქნია. - არა. - დემიანს გაეღიმა. - სწორედ ამიტომ შემიყვარდი სკოლაში. - ლივია გაშეშდა. მამაკაციც გაჩუმდა. სიტყვები ისე ბუნებრივად წამოსცდა, თითქოს თავადაც ვერ მოასწრო მათი შეჩერება. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ლივიამ მშვიდათ იკითხა: - რა თქვი? - დემიანმა თავი ოდნავ გადახარა. - ქავთარაძე, ჩემი აზრით, საკმაოდ გამართულად ვსაუბრობ ქართულად. - ქალს გაეღიმა. მაგრამ მზერა არ მოუშორებია. - დემიან. - მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ მისი ხელი დაიჭირა. - სკოლაში შემიყვარდი, ლივია. უბრალოდ იმდენად სულელი ვიყავი, რომ სიყვარულის ნაცვლად ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მისი გაფუჭება შეეძლო. - ქალმა რამდენიმე წამით არაფერი თქვა. შემდეგ მისკენ დაიხარა. ტუჩებშკ აკოცა. ნელა. ისე, თითქოს ამჯერად სიტყვების დამახსოვრება სურდა. როცა მოშორდა, დემიანმა ჰკითხა: - ეს პასუხია? - ლივიას გაეღიმა. - ეს წინასწარი შეფასებაა. - დემიანს გაიცინა. - ანუ საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდო? - აუცილებლად. - დემიანმა ხელი შემოხვია. - ქავთარაძე, მე მოთმინების გამოცდაში უკვე მსოფლიო რეკორდი უნდა მქონდეს. - ქალს გაეცინა. შემდეგ მის კალთაში ფრთხილად მოთავსდა ისე, რომ დაზიანებულ ხელს არ შეხებოდა. მამაკაცმა სახე მის თმაში ჩარგო. და რამდენიმე წამით ორივემ დაივიწყა ყველაფერი. სკანდალი. მუქარები. გამოძიება. მოტეხილი თითი. მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა, რომელთაც თხუთმეტი წელი დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები სწორედ მაშინ გცდება, როცა მათ თქმას საერთოდ არ გეგმავ. იმ ღამეს ლივიას ტელეფონზე უცნობი ნომრიდან შეტყობინება მოვიდა. ფოტო არ იყო. არც მუქარა. მხოლოდ ერთი დოკუმენტის ფრაგმენტი. საბანკო გადარიცხვის ამონაწერი. თარიღი გასული წლის 18 ოქტომბერი. თანხა 250 000 დოლარი. გამგზავნი დემიან ავალიანის წარმომადგენლის ანგარიში. მიმღები — სპეციალური იურიდიული დეპოზიტი, რომელსაც „Whitmore & Hale“ აკონტროლებდა. ლივიამ ეკრანს დახედა. ეს ის თანხა იყო, რომლის შესახებაც უკვე იცოდა. მაგრამ ქვემოთ დამატებითი ჩანაწერი ჩანდა. „თანხის შემდგომი განაწილება: 175 000 — Aurora Foundation; 75 000 — Northbridge Consulting.“ ქალმა სუნთქვა შეიკავა. „Northbridge Consulting“. იგივე კომპანია, რომლის თანამშრომელთანაც თავდამსხმელის მანქანის გაქირავებისას გამოყენებული ტელეფონი იყო დაკავშირებული. ლივიამ დოკუმენტი კიდევ ერთხელ წაიკითხა. შემდეგ დემიანს შეხედა. მამაკაცი საწოლთან იდგა და მარცხენა ხელით საათს იხსნიდა. - დემო. - მის ხმაში რაღაც ისეთი იყო, რომ მამაკაცი მაშინვე შებრუნდა. - რა მოხდა? - ლივიამ ტელეფონი გაუწოდა. დემიანმა ამონაწერს დახედა. სახე შეეცვალა. - ეს საიდან გაქვს? - ახლახან გამომიგზავნეს. - მამაკაცმა ტექსტი კიდევ ერთხელ წაიკითხა. შემდეგ ძალიან ნელა თქვა: - ეს გადარიცხვა ვიცი. მაგრამ თანხის ასეთი განაწილება პირველად ვნახე. ლივიამ შეხედა. - დარწმუნებული ხარ? - დემიანმა პირდაპირ თვალებში შეხედა. - სრულიად. - ქალი რამდენიმე წამით ფიქრობდა. შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დადო. - მაშინ ვიღაცამ ელიზას გასათავისუფლებლად გადახდილი ფულის ნაწილი იმ კომპანიას გადაურიცხა, რომლის კვალიც ჩემს თავდასხმამდე მიდის. - დემიანის სახე გამკაცრდა. - და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩემი ფულით დაგაფინანსეს თავდასხმა. - ლივიამ თავი გააქნია. - ჯერ არა. გადარიცხვა თითქმის ერთი წლის წინ განხორციელდა. ის მხოლოდ კომპანიებს შორის ფინანსურ კავშირს ამტკიცებს, თუ დოკუმენტი ნამდვილია. თავდასხმის დაფინანსებას ცალკე მტკიცებულება სჭირდება. დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ თავი დაუქნია. - კარგი. მაშინ ვიპოვოთ. - ლივიამ ფანჯრისკენ გაიხედა. ღამის თბილისი შუქებში ციმციმებდა. სადღაც, ამ ქალაქში, ვიღაც ძალიან კარგად იცნობდა მათ ნაბიჯებს. იცოდა, სად იყვნენ. ვის ხვდებოდნენ. რას იკვლევდნენ. და ახლა თითქოს თავად აწვდიდა სიმართლის ნაწილებს. ლივიამ ნელა ამოისუნთქა. - იცი, რა არ მომწონს ყველაზე მეტად? - დემიანმა შეხედა. - რა? - ვიღაც ძალიან ცდილობს, ზუსტად ის ვიპოვო, რისი პოვნაც მას უნდა. - მამაკაცი გაჩუმდა. ქალმა განაგრძო: - თავიდან შენს წინააღმდეგ მიგზავნიდნენ მასალებს. ახლა კი იმავე წყაროდან მოდის ინფორმაცია, რომელიც შენს უდანაშაულობას ამტკიცებს და სხვა ადამიანებისკენ მიმითითებს. - დემიანმა წარბები შეკრა. - ანუ? - ლივიამ ტელეფონს დახედა. - ანუ შეიძლება სიმართლეს ვუახლოვდებით. - შემდეგ თავი ასწია. - ან ვიღაც კიდევ ერთხელ ცდილობს, საკუთარი თამაშის წესებით გვათამაშოს. - და ამჯერად ლივია ქავთარაძეს ერთი რამ ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი. სხვისი დაწერილი სცენარით აღარ იმოქმედებდა. 14 თბილისს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, ადამიანის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივ საკუთრებად ექცია ისე, რომ თავად ადამიანს ამის შესახებ ყველაზე ბოლოს გაეგო. დემიან ავალიანის შემთხვევაში ეს პროცესი განსაკუთრებით წარმატებით მიმდინარეობდა. ერატი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პიანისტმა საკუთარი კონცერტი გააუქმა, მარჯვენა საჩვენებელი თითი მოიტეხა და ჟურნალისტ ქალთან ერთად რამდენიმე ისეთი ფოტოს მთავარი გმირი გახდა, რომლებზეც საზოგადოებას გაცილებით მეტი სათქმელი აღმოაჩნდა, ვიდრე მის ოცწლიან მუსიკალურ კარიერაზე. დილით ნიკოლასმა სასტუმროს ნომერში ახალი პრესმიმოხილვა მოიტანა. დემიანი საწოლში იჯდა. ლივია მის გვერდით, ლეპტოპით ხელში, საბანკო დოკუმენტებს ამოწმებდა. - ცუდი ამბავი მაქვს. - გამოაცხადა ნიკოლასმა. დემიანმა თავი ასწია. - ორსულად ხარ? - ლივიას სიცილი აუტყდა. ნიკოლასმა თვალები დახუჭა. - ზოგჯერ მართლა მაინტერესებს, რატომ არ დაგახრჩე ჯერ კიდევ ნიუ-იორკში. - იმიტომ, რომ ჩემი დაკრძალვის ორგანიზებაც შენ მოგიწევდა. ზედმეტი სამუშაოა. - მენეჯერმა პლანშეტი მაგიდაზე დადო. - წაიკითხეთ. ეკრანზე ქართული და უცხოური გამოცემების სათაურები ერთმანეთს ენაცვლებოდა. პრესის მიმოხილვა - ბოლო 48 საათი 1. „ვირტუოზის გაუქმებული კონცერტი: ტრავმა, რომლის შესახებაც მსოფლიო საუბრობს“ - კულტურის საერთაშორისო გამოცემა. 2. „ვინ არის ლივია ქავთარაძე - ქალი, რომლის გამოც დემიან ავალიანმა საკუთარი ხელები საფრთხეში ჩაიგდო?“ - ქართული გასართობი მედია. 3. „სასტუმროს ერთი ნომერი, ორი ღამე და პასუხგაუცემელი კითხვები“ - პაპარაცული გამოცემა. 4. „250 000 დოლარი გაუჩინარებული პიანისტის სახელზე - რა იცის დემიან ავალიანმა?“ - საერთაშორისო საგამოძიებო პორტალი. 5. „სკოლის დროინდელი მტრობა თუ თხუთმეტწლიანი სიყვარული? ავალიანისა და ქავთარაძის ძველი ფოტოები გავრცელდა“ - ქართული ონლაინმედია. 6. „Aurora Foundation-ის ფინანსური ანგარიშები კითხვებს აჩენს: მუსიკალური სტიპენდიები თუ გავლენიანი ოჯახების ინტერესები?“ - ეკონომიკური გამოცემა. 7. „დემიან ავალიანის მენეჯერი კომენტარზე უარს ამბობს; პიანისტი თბილისში რჩება“ - საერთაშორისო მუსიკალური მედია. 8. „ჟურნალისტი, რომელიც ვირტუოზს იძიებდა, ახლა მის სასტუმროში ცხოვრობს“ - ტაბლოიდი. ლივიამ ბოლო სათაური ხმამაღლა წაიკითხა. შემდეგ დემიანს შეხედა. - არაჩვეულებრივია. უკვე სასტუმროში ვცხოვრობ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - ქავთარაძე, ვფიქრობ, ნომრის საფასურის ნახევარი უნდა გადაიხადო. - მშვენიერია. შენ კი ჩემი იურიდიული მომსახურების საფასურს გადაიხდი. - შენ იურისტი არ ხარ. - სამაგიეროდ, შენი პირადი რეპუტაციის რეაბილიტაციაზე ვმუშაობ. - დემიანმა ნიკოლასს შეხედა. - ხედავ? ქალი პრაქტიკულად უფასოდ მშრომობს ჩემთვის. - დემიან. - ამოიოხრა მენეჯერმა. - ეს სასაცილო არ არის. - პირიქით. განსაკუთრებით მერვე სათაური მომეწონა. საოცარია, რამდენი დრო აქვთ ადამიანებს იმის გასარკვევად, ვის საწოლში სძინავს სხვას. - ლივიამ ლეპტოპი დახურა. - პრობლემა ის არის, რომ ამ სათაურების ნაწილი მიზანმიმართულად გვაშორებს მთავარ ამბავს. - ნიკოლასმა თავი დაუქნია. - სწორედ ამის თქმა მინდოდა. - შენი კლიენტის რომანტიკული თავგადასავალი გაცილებით იოლად იყიდება, ვიდრე მოპარული კომპოზიციის ისტორია. - განაგრძო ლივიამ. - და ვიღაც ამით სარგებლობს. - დემიანმა შეხედა. - ანუ ჩემი სილამაზე გამოძიებას აფერხებს? - ლივიამ თვალები აატრიალა. - შენს ნარცისიზმს თუ ოდესმე სამედიცინო სახელი დაერქმევა, იმ დაავადებას შენს პატივსაცემად დაარქმევენ. - ნიკოლასმა თავი გააქნია. მაგრამ ამჯერად აღარ გაუღიმია. - დემიან, ექიმთან ორ საათში ხარ ჩაწერილი. და სანამ წახვალთ, კიდევ რაღაც უნდა იცოდეთ. - მან მეორე ფაილი გახსნა. სასტუმროს შესასვლელთან გადაღებული ფოტოები. ლივია და დემიანი მანქანიდან გადმოდიოდნენ. მეორეში მამაკაცს ხელი ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული. მესამეში ლივია დემიანს რაღაცას ეუბნებოდა და ორივე იცინოდა. ფოტოები იმდენად ახლოდან იყო გადაღებული, რომ შემთხვევითი გამვლელი ვერ გადაიღებდა. - პაპარაცები. - თქვა ნიკოლასმა. - ორი დღეა სასტუმროსთან დგანან. - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - იმედია, კარგი ობიექტივები აქვთ. - ლივიამ ფოტოების ქვედა კუთხეს დახედა. - ეს სხვა რამეა. - რა? - იკითხა ნიკოლასმა. - მესამე ფოტოზე დრო წერია. გადაღებულია იმ შესასვლელთან, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურმა გვირჩია სარგებლობა. ეს ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა. დემიანის სახიდან ღიმილი გაქრა. - ანუ ისევ ვიღაც გვაკვირდება. - ლივიამ თავი დაუქნია. - ან სასტუმროს შიგნიდან ვიღაც აწვდის ინფორმაციას. კლინიკის დერეფანში დემიან ავალიანი ისეთი გამომეტყველებით იჯდა, თითქოს მას კი არა, მთელ მედიცინას ელოდა განაჩენი. მარჯვენა ხელი ისევ დაფიქსირებული ჰქონდა. თითის ტკივილი შესუსტებულიყო, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო მოძრაობაც საკმარისი იყო მის გასახსენებლად. ლივია მის გვერდით ეჯდა. ხელში სამედიცინო ჩანაწერები ეჭირა. - ნუ უყურებ საათს. - უთხრა ქალმა. - მე საათს არ ვუყურებ. - ბოლო ხუთ წუთში ექვსჯერ დახედე. - დროის შეგრძნება მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია. - ლივიამ წარბი ასწია. - ახლა მუსიკოსი კი არა, პაციენტი ხარ. - დემიანი მისკენ გადაიხარა. - ქავთარაძე, შენ ძალიან მკაცრი ექთანი იქნებოდი. - შენ კი ყველაზე აუტანელი პაციენტი. - სამაგიეროდ, სიმპათიური. - ქალმა გაეღიმა. - ეს მოტეხილ თითს ვერ გაგიმთელებს. - დემიანმა ღრმად ამოისუნთქა. რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ მარცხენა ხელი მის ხელს დაადო. - ცოტა მეშინია. - ლივიამ თავი მისკენ მიაბრუნა. მამაკაცი პირდაპირ უყურებდა. ამჯერად არც ღიმილი ჰქონდა. არც ირონია. - ვიცი. - უპასუხა ქალმა. - ვერ ვიტან ამ მდგომარეობას. - ვიცი. - და განსაკუთრებით ვერ ვიტან, რომ საკუთარ სხეულს ვეღარ ვენდობი. - ლივიამ თითები მოუჭირა. - ექიმს მოვუსმინოთ. - დემიანმა თავი დაუქნია. შემდეგ გაეღიმა. - ქავთარაძე, შენთან ერთად სიბერე ალბათ ძალიან დამღლელი იქნება. - ლივიამ თვალები მოჭუტა. - შენ ჯერ ახალგაზრდობაც ვერ გადაგიტანია ღირსეულად. ექიმმა ახალი რენტგენოგრამა შეათვალიერა. შემდეგ წინა კვლევას შეადარა. დემიანი უჩვეულოდ ჩუმად იჯდა. ლივია მის გვერდით იდგა. - ძვლის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მოსალოდნელია. - თქვა ექიმმა. - მაგრამ მოტეხილობის შეხორცება დასრულებული არ არის. დემიანმა მაშინვე იკითხა: - ანუ სახვევს ვერ მოხსნით? - ჯერ არა. თითის ფიქსაცია უნდა გაგრძელდეს. - მამაკაცმა მზერა დახარა. ექიმმა კი სქუბარი განაგრძო: - რამდენიმე დღე ძალიან მცირე დროა. თქვენ პროფესიონალი პიანისტი ხართ, ამიტომ ჩვენთვის მხოლოდ ძვლის შეხორცება არ არის მნიშვნელოვანი. უნდა შევინარჩუნოთ სახსრის ფუნქცია, მოძრაობის სიზუსტე და შემდგომი დატვირთვის შესაძლებლობა. - რამდენ ხანში შევძლებ დაკვრას? - ამას ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. მომდევნო კვირებში შეხორცებას გავაკონტროლებთ. შემდეგ, მდგომარეობის მიხედვით, რეაბილიტაციის ეტაპი დაიწყება. სრულფასოვან საშემსრულებლო დატვირთვაზე დაბრუნება მხოლოდ შემდგომი შეფასების შემდეგ იქნება შესაძლებელი. - დემიანმა თავი დაუქნია. ლივიამ ექიმს შეხედა. - თუ ტკივილი შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა უკეთესია? - ტკივილის შემცირება კარგია, მაგრამ შეხორცების დასრულებას არ ნიშნავს. ფიქსაცია თვითნებურად არ უნდა მოიხსნას. მით უმეტეს, არ შეიძლება თითის დატვირთვა. - ლივიამ დემიანს გადახედა. მამაკაცმა წარბი ასწია. - რატომ მიყურებ? - იმიტომ, რომ ექიმი შენ გელაპარაკება. - ძალიან ყურადღებით ვუსმენ. - ექიმს გაეღიმა. კიდევ ერთი რამ. თუ ტკივილი მკვეთრად გაძლიერდება, დაბუჟება, შეშუპების მატება ან თითის ფერის ცვლილება იქნება, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. - დემიანმა თავი დაუქნია. კაბინეტიდან გამოსვლისას დიდხანს არაფერი უთქვამს. ლივია მის გვერდით მიდიოდა. ბოლოს მამაკაცი დერეფნის ფანჯარასთან გაჩერდა. ქალაქს გახედა. - მთელი ცხოვრება იმაზე ვმუშაობდი, რომ ჩემი თითები ჩემს გონებას დამორჩილებოდნენ. ახლა კი ერთი თითი მთელი ჩემი ცხოვრების განრიგს ადგენს. - ლივია მის გვერდით გაჩერდა. - და შენ პირველად გიწევს მოცდა. - დემიანმა გაეღიმა. - საზიზღარი გამოცდილებაა. - ქალმა მხარზე თავი მიადო. - სამაგიეროდ, მოთმინების სწავლა არასოდეს არის გვიანი. - მამაკაცმა შეხედა. - შენ სპეციალურად ხარ ჩემს ცხოვრებაში მოვლენილი ჩემს გამოსასწორებლად? - ლივიამ გაიცინა. - არა, დემო. შენს გამოსწორებას არც ვაპირებ. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მარცხენა ხელით ნიკაპი აუწია. - მშვენიერია. მაშინ შეიძლება გაკოცო? - აქ? - კლინიკებს კოცნის აკრძალვა არ აქვთ. - ქალმა გაიღიმა. - ერთი პირობით. - გისმენ. - ამჯერად ხელს არაფერს დაარტყამ. - დემიანს სიცილი აუტყდა. - ქავთარაძე, შენ ამ ამბავს სიკვდილამდე გამახსენებ. - სავარაუდოდ. - მან აკოცა. ფრთხილად. მოკლედ. და სწორედ მაშინ დერეფნის ბოლოში კამერის ჩამკეტის ხმა გაისმა. - ლივიამ თავი მიაბრუნა. ახალგაზრდა მამაკაცი ტელეფონს მალავდა. - დემიანმა ამოისუნთქა. - შესანიშნავია. ხვალ სათაური იქნება: „ვირტუოზმა კლინიკაში რეაბილიტაციის ახალი მეთოდი აღმოაჩინა.“ - ლივიას გაეცინა. მაგრამ ტელეფონიანი მამაკაცის სახე დაიმახსოვრა. კლინიკიდან გამოსულებს გარეთ რამდენიმე ფოტოგრაფი დახვდათ. - დემიან! ექიმმა რა გითხრათ? - კონცერტებს როდის განაახლებთ? - ქალბატონო ლივია, მართალია, რომ ერთად ცხოვრობთ? - თქვენი ურთიერთობა ოფიციალურია? - დემიანი მანქანისკენ მიდიოდა. ლივია გვერდით მიჰყვებოდა. - დემიან, ამბობენ, რომ Aurora Foundation-თან დაკავშირებული ფინანსური სკანდალის გამო კონცერტი განზრახ გააუქმეთ! -მამაკაცი გაჩერდა. ნელა შებრუნდა. - ჩემს თითს ეს ვერსია განსაკუთრებით გაახარებს. - რამდენიმე ჟურნალისტს გაეცინა. დემიანმა განაგრძო: - კონცერტი სამედიცინო მიზეზით გაუქმდა. ფონდის საკითხზე კი დოკუმენტების გადამოწმება მიმდინარეობს. გთხოვთ, ერთმანეთში ნუ აურევთ ფაქტებს და ვარაუდებს. - ლივიამ გვერდულად შეხედა. მამაკაცმა სრულიად სერიოზული გამომეტყველებით დაამატა: - ხოლო ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებზე პასუხს მხოლოდ მას შემდეგ გავცემ, რაც თავად გავერკვევი, რა ხდება. - ჟურნალისტებში სიცილი ატყდა. ლივიამ იდაყვი ფრთხილად გაჰკრა მარცხენა მხარეს. - დემიან! - რა? მეც მაინტერესებს. მათ პირდაპირ სასტუმროში დაბრუნება არ ისურვეს. ლივიას რამდენიმე საათით სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. დემიანს კი, საკუთარი სიტყვებით, „ოთხი კედლისა და ერთი შეშლილი მენეჯერისგან დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი“. მანქანა ქალაქის ცენტრში გააჩერეს. მცველს მოშორებით დარჩენა სთხოვეს. ქუჩაში ხალხი მოძრაობდა. ნოემბრის გრილი ჰაერი შენობებს შორის მიედინებოდა. კაფეებიდან ყავის სურნელი გამოდიოდა. ლივია დემიანის გვერდით მიდიოდა. - იცი. -თქვა ლივიამ. - ახლა რომ ნორმალური ადამიანი იყო, სასტუმროში იწვებოდი და დაისვენებდი. - ქავთარაძე, შენ ჩემგან ნორმალურობას ითხოვ? - ერთხელ მაინც სცადე. - მაშინ სხვას უნდა შეხვედროდი. - ქალს გაეღიმა. - ჯერ კიდევ შემიძლია. - დემიანმა შეხედა. - არა, უკვე გვიანია. შენმა მშობლებმა უკვე შემიყვარეს - მამაჩემმა გითხრა, მეორედ მუშტით ნუ გადაწყვეტ ყველაფერსო. - ხედავ? მამობრივი რჩევა მომცა. პრაქტიკულად ოჯახში მიმიღო. - ლივიას სიცილი აუტყდა. და სწორედ მაშინ გაისმა ხმა. - დემო?! - მამაკაცი გაჩერდა. ქუჩის მეორე მხარეს სამი კაცი იდგა. მათი ასაკის. ერთს ხელში ყავის ჭიქა ეჭირა. მეორეს ტელეფონი. მესამე კი დემიანს ისეთი გაოცებით უყურებდა, თითქოს წლების წინ დაკარგული ადამიანი ეპოვოს. - დემო ავალიანი, შე ! - დემიანის სახეზე ღიმილი გაჩნდა. მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. რადგან მაშინვე იცნო. ლაშა. სანდრო. და ბექა. სკოლის მეგობრები. ისინი, ვისთან ერთადაც თხუთმეტი წლის წინ გამოსაშვები საღამო გაატარა. ისინი, ვინც აივანზე გამოვიდნენ. ვინც სიცილით ყვიროდნენ. ვინც დაკუჭული ფული მის ჯიბეში ჩატენეს. ლივიამაც იცნო. მისი ნაბიჯი შენელდა. მოულოდნელად ნოემბრის ქუჩა გაქრა. და მის ადგილას ივნისის ღამე დაბრუნდა. აივანი. მუსიკა. სიცილი. დაკუჭული კუპიურები. დემიანმა ქალს შეხედა. ლივიას სახე არ შეცვლია. მაგრამ მამაკაცმა დაინახა, როგორ დაეძაბა თითები. ბიჭები ახლა უკვე ზრდასრული კაცები მათთან მივიდნენ. მოულოდნელი შეხვედრით გახარებულები იყვნენ. - დემო, სად დაიკარგე, შე კაცო! - მთელი თბილისი შენზე ლაპარაკობს! - ხელი რა დღეში გაქვს? - დემიანმა მოკლედ უპასუხა. შემდეგ ლაშამ ლივიას შეხედა. რამდენიმე წამით სახეზე გაოცება გამოესახა. - მოიცა... ქავთარაძე? - სანდრომაც შეხედა. - ვაა, ლივია! - ქალმა თავაზიანად გაუღიმა. - გამარჯობა. - ბექამ დემიანს გადახედა. შემდეგ ისევ ლივიას. და გაეცინა. - ბიჭო, ესენი მართლა ერთად არიან? ტელევიზორში რომ ვნახე, არ მჯეროდა! - დემიანს სახე გაუმკაცრდა. ლივიამ იგრძნო. მაგრამ არაფერი უთქვამს. ლაშამ უხერხულად გაიღიმა. - ძველი დრო გამახსენდა. - სანდრომ მხარზე ხელი ჰკრა. - გამოსაშვები გახსოვს, დემო? - სიჩუმე ჩამოვარდა. ბექას სახეზე ისევ ის ძველი, დაუფიქრებელი ღიმილი გაჩნდა. - რა საღამო იყო, ბიჭო... - დემიანმა პირდაპირ შეხედა. - მახსოვს. - მის ხმაში რაღაც ისეთი იყო, რომ ბექას ღიმილი ნელა გაუქრა. ლაშამ ლივიას შეხედა. - სხვათა შორის, ქავთარაძე, მაშინ მაგრად სულელები ვიყავით. - ქალმა თავი ოდნავ გადახარა. - მაშინ? - სანდროს უხერხულად გაეცინა. - კარგი, ახლაც დიდად არ გამოვსწორებულვართ. - მაგრამ დემიანს არ გაეღიმა. მან მარცხენა ხელი ლივიას წელზე შემოხვია. და მეგობრებს შეხედა. - იცით, რა მახსოვს ყველაზე კარგად იმ საღამოდან? არავინ უპასუხა. - ის, რომ სამი იდიოტი გამოვიდა აივანზე და გოგონას, რომელსაც ვაკოცე, ისე მოექცა, თითქოს რაღაც ნივთი ყოფილიყო. - ლივიამ თავი ასწია. დემიანი მშვიდად ლაპარაკობდა. არც ხმას უწევდა. არც ბრაზს მალავდა. - და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეოთხე იდიოტიც იქ იდგა. - ლაშამ მზერა დახარა. სანდრომ ტუჩები მოკუმა. ბექამ რაღაცის თქმა სცადა. მაგრამ დემიანმა გააგრძელა: - მე. - სიჩუმე ჩამოვარდა. ქუჩაში ხალხი ისევ მოძრაობდა. ვიღაც გვერდით ჩაუარა. შორიახლოს მანქანამ დაასიგნალა. მაგრამ იმ რამდენიმე წამში თითქოს მხოლოდ ოთხი კაცი და ერთი ქალი არსებობდა. დემიანმა ლივიას შეხედა. შემდეგ ისევ მეგობრებს. - მაშინ უნდა მეთქვა, რომ ის კოცნა სანაძლეო არ ყოფილა. რომ მე მინდოდა მისთვის მეკოცნა. და რომ ფული, რომელსაც ჩემს ჯიბეში ტენიდით, არაფრად მიღირდა. ბექამ ჩუმად თქვა: - დემო, მართლა არ გვიფიქრია, რომ... - ვიცი. - შეაწყვეტინა დემიანმა. - არც მე მიფიქრია. სწორედ ეს იყო პრობლემა. - ლაშამ ლივიას შეხედა. - მაპატიე, ლივია. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. მისი სახე მშვიდი იყო. მაგრამ თვალებში რაღაც ძველი, ძალიან ღრმა ტკივილი ჩანდა. - თქვენთვის ეს ერთი სულელური საღამო იყო. - თქვა ბოლოს. - ჩემთვის ცოტა მეტი. - ლაშამ თავი დახარა. - ვიცი. - არა. - უპასუხა ქალმა მშვიდათ. - არ იცოდი. მაგრამ ახლა მაინც იცი. დემიანმა ლივიას ხელი დაიჭირა. შემდეგ მის წინ დადგა. ქალმა გაკვირვებით შეხედა. - დემო? - მამაკაცს გაეღიმა. მაგრამ ამჯერად მის ღიმილში არც ერთი ნატამალი ირონია არ ყოფილა. - ქავთარაძე, ერთი ძალიან ძველი შეცდომა მაქვს გამოსასწორებელი. - ლივიას გული აუჩქარდა. - აქ? - აქ. - მამაკაცმა წამით მეგობრებს გახედა. შემდეგ ისევ ქალს. - თხუთმეტი წლის წინ თქვენს წინაშე უნდა მეთქვა, რომ ეს გოგო ჩემთვის ნიძლავი არ ყოფილა. - მისი ხმა მშვიდი იყო. მტკიცე. და იმდენად ნათელი, რომ ახლოს მდგომმა რამდენიმე გამვლელმაც მოიხედა. - მაშინ ვერ გავბედე. დღეს კი არანაირი მიზეზი აღარ მაქვს, რამე დავმალო. - ლივიამ თვალები დახუჭა. მხოლოდ წამით. დემიანი მარცხენა ხელით მის ლოყას შეეხო. - შეიძლება? - ქალს გაეღიმა და თავი დაუქნია. დემიანმა აკოცა. არა ისე, როგორც კლინიკის დერეფანში. არა სწრაფად. არა შემთხვევით. არამედ მთელი იმ სიმშვიდითა და დარწმუნებულობით, რომელიც ჩვიდმეტი წლის ბიჭს არ აღმოაჩნდა. ლივიამ მკლავი შემოხვია, მეორე კი ფრთხილად მიადო მკერდზე, ისე, რომ დაზიანებულ ხელს არ შეხებოდა. კოცნა გაგრძელდა. ირგვლივ ხალხი ჩერდებოდა. ვიღაც იღიმოდა. ვიღაც ტელეფონს იღებდა. მაგრამ ლივიას აღარ რცხვენოდა. არ სურდა გაქცევა. არ სურდა დამალვა. რადგან ამჯერად ყველა ხედავდა იმას, რაც თხუთმეტი წლის წინ მხოლოდ მას ეგონა ნამდვილი. დემიან ავალიანი მას კოცნიდა. საკუთარი სურვილით. საკუთარი გადაწყვეტილებით. და არაფრის დამალვას აღარ ცდილობდა. როცა ერთმანეთს მოშორდნენ, დემიანი მის შუბლს დაეყრნო. - ქავთარაძე. - ჰო? - ამჯერად მგონი მთელი ქალაქი მოწმეა. - ლივიას გაეცინა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. - იდიოტი ხარ, ავალიანი. - დემიანმა გაიღიმა. - ვიცი. - ქალმა ისევ აკოცა. თვითონ. სრულიად დაუფიქრებლად. და ამჯერად, როცა შორიახლოს ვიღაცამ ტაში დაუკრა, ლივიას მხოლოდ გაეცინა. ლაშა, სანდრო და ბექა უხერხულად იდგნენ. ბოლოს ლაშამ დემიანს ხელი გაუწოდა. - მართალი ხარ, ძმაო. მაშინ ძალიან ცუდად მოვიქეცით. დემიანმაც ხელი ჩამოართვა. შემდეგ ლივიას შეხედა. - მე უფრო ცუდად. - ლივიამ თავი გააქნია. - საკმარისია. - მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა. ქალს გაეღიმა. - იმ ღამეს ვეღარ შეცვლი, დემო. მაგრამ დღეს უკვე სხვა რამ გააკეთე. დემიანმა მისი ხელი დაიჭირა. და რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. იმ მომენტში სიტყვები ზედმეტი იყო. პირველი ფოტო ინტერნეტში თერთმეტ წუთში გამოჩნდა. მეორე - თოთხმეტში. ვიდეო - ოც წუთში. საღამოს ექვს საათზე კი დემიან ავალიანისა და ლივია ქავთარაძის კოცნა უკვე ქვეყნის თითქმის ყველა გასართობი გამოცემის მთავარ გვერდზე იყო. „ვირტუოზმა ჟურნალისტს თბილისის ცენტრში აკოცა - შემთხვევითი კადრები თუ სიყვარულის საჯარო აღიარება?“ „თხუთმეტი წლის შემდეგ: დემიან ავალიანისა და ლივია ქავთარაძის რომანი დადასტურდა?“ „მოტეხილი თითი და დაუმორჩილებელი გული - ავალიანის ყველაზე გახმაურებული დაბრუნება საქართველოში“ „ქალი, რომელმაც ვირტუოზი შეცვალა: ახალი ფოტოები და სკოლის მეგობრების მოულოდნელი შეხვედრა“ „სკანდალის ფონზე რომანტიკა გრძელდება - რას მალავენ ავალიანი და ქავთარაძე?“ და ერთმა უცხოურმა მუსიკალურმა გამოცემამ გაცილებით მოკლე სათაური გამოაქვეყნა: „The Virtuoso Finds His Muse.“ დემიანმა ბოლო სათაური ხმამაღლა წაიკითხა. ლივია სასტუმროს დივანზე იჯდა. - მუზა? - იკითხა ქალმა. - მე? - მამაკაცმა თავი დაუქნია. - აშკარად. - დემიან, მე შენი მუზა არ ვარ. - მართალი ხარ. მუზები ჩვეულებრივ ნაკლებად კამათობენ. - ლივიამ ბალიში ესროლა. დემიანმა ხელით დაიჭირა. - ხედავ? შთაგონების ძალიან აგრესიული ფორმა ხარ. - ქალს სიცილი აუტყდა. მაგრამ იმ საღამოს ყველა სათაური სიყვარულს არ ეხებოდა. ლივიას დამოუკიდებელ საგამოძიებო პლატფორმასთან უკვე ჰქონდა შეთანხმება. ელიზას ადვოკატმა დოკუმენტების გამოქვეყნების კონკრეტული ნაწილი წერილობით დაამტკიცა. ფონდისგან კომენტარი ოფიციალურად მოითხოვეს. ედვარდ უიტმორის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს. რიჩარდ ჰეისმა პასუხი არ გასცა. და ზუსტად საღამოს რვა საათზე გამოქვეყნდა ლივიას პირველი დიდი სტატია. „მოპარული მუსიკა: როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა კომპოზიტორის ნაწარმოები მილიონერის შვილის სახელზე“ სტატიაში აღწერილი იყო ელიზა მორგანის კომპოზიციის შექმნის ქრონოლოგია, ხელნაწერის დათარიღებული ასლები, საავტორო უფლებების სადავო გადაცემა, „აურორას“ სტიპენდიის პირობები და ის ფინანსური ზეწოლა, რომლის გამოც ახალგაზრდა მუსიკოსი იძულებული გახდა საჯარო ცხოვრებას ჩამოშორებოდა. ელიზას პირადი ადგილსამყოფელი არ გამჟღავნებულა. მისი სამედიცინო და ოჯახური ინფორმაცია მხოლოდ იმდენად იყო ნახსენები, რამდენადაც თვითონ დაეთანხმა. დემიანის 250 000 დოლარიანი გადარიცხვა კი პირველად გაჩნდა არა როგორც დანაშაულის სავარაუდო მტკიცებულება, არამედ როგორც თანხა, რომელიც იურიდიული შეთანხმების ფარგლებში ახალგაზრდა ქალის დასაცავად გადაიხადეს. სტატიაში ესეც ნათლად ეწერა: თანხის შემდგომი განაწილება ჯერ კიდევ გამოძიების საგანი იყო. ლივიას არ დაუწერია, რომ ყველა დამნაშავე უკვე გამოვლენილი იყო. არ დაუწერია, რომ ყველა კითხვა პასუხგაცემული იყო. მაგრამ პირველად საზოგადოებამ დაინახა ის, რასაც აქამდე სათაურები ფარავდა. საქმის ცენტრში დემიან ავალიანის პირადი ცხოვრება კი არა, ახალგაზრდა ქალის მოპარული შემოქმედება იდგა. სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ საათში რედაქციაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ლივიას ყოფილი რედაქტორი საკუთარ კაბინეტში იჯდა. მაგიდაზე ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. ეკრანზე მისი სახელი - ზურაბ მაისურაძე - ჩანდა იმ ჟურნალისტების შეტყობინებებში, რომლებიც უკვე ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ ჩამოაშორა მან ლივია ქავთარაძე გამოძიებას სწორედ მაშინ, როცა საქმის მთავარი მტკიცებულებები ჩნდებოდა. ზურაბმა ტელეფონი გადადო. შემდეგ სხვა ნომერი აკრიფა. - კელერ. - მეორე მხარეს მამაკაცმა უპასუხა. - გისმენთ. - სტატია გამოვიდა. - ვნახე. - ეს არ უნდა მომხდარიყო. - მაშინ თქვენი სამუშაო უკეთ უნდა შეგესრულებინათ. - ზურაბს ყბა დაეჭიმა. - მე ყველაფერი გავაკეთე, რაც მითხარით. - არა, ბატონო მაისურაძე. თქვენ მხოლოდ ის გააკეთეთ, რაც საკმარისი გეგონათ. - ავალიანის წინააღმდეგ მასალა მე გავუშვი. ქავთარაძე გამოძიებიდან ჩამოვაშორე. მის ყველა ნაბიჯს გაწვდიდით! - კელერი გაჩუმდა. ზურაბმა ხმას დაუწია. - და ახლა რას მთავაზობთ? რომ უბრალოდ დაველოდო, როდის მომადგებიან? - მეორე მხარეს ცივი ხმა გაისმა. - გირჩევთ, საკუთარ სიტყვებს ყურადღება მიაქციოთ. - ზურაბმა ტელეფონი გათიშა. მაგრამ ვერ შენიშნა, რომ კაბინეტის ნახევრად ღია კართან ნატა იდგა. ხელში დოკუმენტების საქაღალდე ეჭირა. და ყველაფერი გაიგონა. იმავე დროს ლივიას ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ნატასგან. „ზურაბი კელერს ელაპარაკებოდა. საკუთარი პირით თქვა, რომ შენს გადაადგილებაზე ინფორმაციას აწვდიდა და ავალიანის წინააღმდეგ მასალას ავრცელებდა. ყველაფერი გავიგონე. ლივია, მგონი, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რატომ ცდილობდა შენს გაჩუმებას.“ ქალმა ეკრანს დახედა. შემდეგ დემიანს შეხედა. მამაკაცი მის გვერდით იჯდა. - რა მოხდა? - ლივიამ ნელა ამოისუნთქა. - ზურაბ მაისურაძე. - დემიანის სახე დაეძაბა - შენი რედაქტორი? - ქალმა თავი დაუქნია. - ის უბრალოდ არასწორ მხარეს არ იდგა, დემო. - ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. - ის ამ საქმის მონაწილეა. - და იმ წამს ლივია ქავთარაძემ საბოლოოდ გაიგო, რატომ უბრძანა რედაქტორმა თვეების წინ: „დამარხე ვირტუოზი.“ რადგან სიმართლის დასამარხად ჯერ ის ადამიანი უნდა გაენადგურებინათ, რომელსაც მისი გამხელა შეეძლო. მაგრამ ამჯერად ვირტუოზი ცოცხალი იყო. ჟურნალისტი - გაჩუმებას არ აპირებდა. და დამნაშავეებს დრო ეწურებოდათ.... 15 ზურაბ მაისურაძეს ყოველთვის სჯეროდა, რომ ადამიანების მართვა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე მათი დარწმუნება. დარწმუნებას არგუმენტები სჭირდებოდა, მართვას სისუსტეების ცოდნა. ოცდახუთი წელი ჟურნალისტიკაში საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ თითქმის ყველა ადამიანს ჰქონდა რაღაც, რისი დაკარგვაც ეშინოდა. სამსახური, რეპუტაცია, ფული, ოჯახი, საკუთარი თავის შესახებ შექმნილი წარმოდგენა. ზურაბი ამ სისუსტეებს კარგად იმახსოვრებდა. საკუთარი კი ყოველთვის ყველაზე საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული. მაგრამ იმ დილით, როცა რედაქციაში ჩვეულებრივზე ადრე მივიდა და სამუშაო მაგიდაზე თეთრი კონვერტი დახვდა, პირველად იგრძნო, რომ შესაძლოა ვიღაცას მისი სისუსტეებიც სცოდნოდა. კონვერტში მხოლოდ ერთი ფურცელი იდო. საბანკო ამონაწერის ასლი. მისი პირადი კომპანიის ანგარიშზე სამი თვის წინ ჩარიცხული ორმოცდახუთი ათასი დოლარი. გამგზავნი - უცხოური საკონსულტაციო კომპანია, რომლის სახელი რედაქციის არც ერთ თანამშრომელს არ უნდა სცოდნოდა. ქვემოთ ხელით მიწერილი ერთი წინადადება იყო: „ვიმედოვნებთ, ჩვენი შეთანხმების პირობები გახსოვთ.“ ზურაბმა ფურცელი დაკეცა. კაბინეტის კარი დაკეტა. და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვა საკუთარი თავისთვის შიშის უფლება. ტელეფონზე საჭირო ნომერი აკრიფა. მარტინ კელერმა მეოთხე ზარზე უპასუხა. - რა ჯანდაბაა ეს? - დილა მშვიდობისა, ბატონო მაისურაძე. - კონვერტი გამომიგზავნეთ? - მიიღეთ? - მემუქრებით? - კელერმა რამდენიმე წამით დააყოვნა. - მე უბრალოდ ვახსენებ ადამიანებს, რომ შეთანხმებებს შედეგები აქვთ. - ზურაბს ყბა დაჭიმა. - ქავთარაძემ სტატია გამოაქვეყნა. ჩემი ჟურნალისტები კითხვებს სვამენ. ნატა გუშინ კაბინეტთან დავინახე. ყველაფერი თავზე მენგრევა! - მაშინ შეაჩერეთ. - როგორ?! - თქვენ ხომ რედაქტორი ხართ. - ზურაბს მწარედ გაეცინა. - აღარ არის ჩემს რედაქციაში! - მაგრამ იქ ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ენდობა. ზურაბი გაჩუმდა. - კელერის ხმა უფრო ცივი გახდა. - განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა ქალი. ნატა, მგონი. - ზურაბმა თვალები დახუჭა. იმ წამს საბოლოოდ გაიგო, რომ ადამიანები, რომელთაც წლების განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა, ახლა თავად მასაც ისე იყენებდნენ, როგორც არასაჭირო დოკუმენტს. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ უკან დასახევი გზა აღარ დარჩენოდა. დემიან ავალიანი დილის შვიდ საათსა და ორმოც წუთზე სასტუმროს ნომრის სამზარეულოში ყავის მომზადებას ცდილობდა. ეს თავისთავად ისტორიული მოვლენა იყო. მით უმეტეს, რომ მარჯვენა ხელი ისევ დაფიქსირებული ჰქონდა, მარცხენით კი ყავის აპარატთან ურთიერთობა აშკარად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე შოპენის მეორე კონცერტის შესრულება. ლივია კართან იდგა. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ მშვიდად იკითხა: - დახმარება ხომ არ გჭირდება? - დემიანს თავი არ მიუბრუნებია. - არა. - აპარატმა უცნაური ხმა გამოსცა. მამაკაცმა წარბები შეკრა. - ტექნიკას აშკარად პირადი პრობლემა აქვს ჩემთან. - ლივია მიუახლოვდა. ერთს ღილაკს დააჭირა თითი. აპარატმა ყავა ჩამოასხა. დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ქალს შეხედა. - შენ და ეს მოწყობილობა შეთქმულებაში ხართ. - ლივიას გაეცინა. - უბრალოდ წყალი არ ჩაგისხამს. - ქავთარაძე, დეტალებზე ნუ გამომეკიდები. - ქალმა ფინჯანი აიღო. დემიანმა მარცხენა ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. - სხვათა შორის, გუშინდელზე უნდა გელაპარაკო. - რომელ ნაწილზე? იმაზე, რომ ქალაქის ნახევარმა ჩვენი კოცნა გადაიღო, თუ იმაზე, რომ შენი მენეჯერი გულის შეტევას გადაურჩა? - იმაზე, რომ ახლა მთელი საქართველო დარწმუნებულია, თითქოს შენ ჩემი მუზა ხარ. - ლივიამ წარბი ასწია. - და? - ვფიქრობ, ოფიციალური ხელშეკრულება გვჭირდება. - რა პირობებით? - შენ ყოველდღე მაკოცებ, მე კი სანაცვლოდ შენს აუტანელ ხასიათს ავიტან. - ძალიან არათანაბარი გარიგებაა. - ვიცი. შენს სასარგებლოდ. - ქალმა სიცილით თავი გააქნია. შემდეგ მისკენ დაიხარა. აკოცა. დემიანმა უფრო ახლოს მიიზიდა. - ქავთარაძე, ეს წინასწარი გადახდა იყო? - დილის ყავის საფასური. - მაშინ მეორე ფინჯანსაც მოვამზადებ. - ლივიამ თითი მკერდზე მიადო. - ჯერ ეს ისწავლე. - მამაკაცმა გაიცინა. მაგრამ მათი სიმშვიდე ტელეფონის ზარმა დაარღვია. ლივიას ეკრანზე ნატას სახელი გამოჩნდა. ქალმა მაშინვე უპასუხა. - ნატა? - მეორე მხარეს სუნთქვა ისმოდა. აჩქარებული. - ლივია, მგონი, ვიღაც მომყვება. - ლივიას სახე შეეცვალა. დემიანმაც მაშინვე შეამჩნია. - სად ხარ? - სახლიდან გამოვედი. რედაქციაში მივდიოდი. გუშინ საღამოსაც ერთი და იგივე მანქანა დავინახე. ახლა ისევ აქ არის. - სად დგახარ? - ნატამ მისამართი უთხრა. ლივიამ სწრაფად ჩაიწერა. - შენობაში შედი. მაღაზიაში, აფთიაქში, სადაც ხალხია. გარეთ მარტო არ დარჩე. - ლივია, მგონი, იციან, რომ გუშინ რაღაც გავიგონე. - პოლიციას ვურეკავ. შენ არსად წახვიდე. ზარი შეწყდა. - დემიანი უკვე ტელეფონს იღებდა. - ნიკოლასს დავურეკავ. ზ ლივიამ თავი გააქნია. - ჯერ გამომძიებელს. ნატას დაცვა სჭირდება, არა უბრალოდ მანქანა და ორი მცველი. - მამაკაცმა თავი დაუქნია. და იმ წამს ორივემ იგრძნო, რომ გამოძიება იმ საზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქით დამნაშავეები მხოლოდ თავის დაცვაზე აღარ ფიქრობდნენ. ისინი უკვე მოწმეების გაჩუმებას ცდილობდნენ. ნატა პოლიციის ეკიპაჟმა აფთიაქიდან გამოიყვანა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ნაცრისფერი ავტომობილი რამდენიმე წუთით ადრე წასულიყო. მაგრამ აფთიაქის კამერამ მისი ნომრის ნაწილი დააფიქსირა. მეორე კამერაზე მძღოლის პროფილიც ჩანდა. ლივიამ გამომძიებელთან საუბრისას ერთი რამ განსაკუთრებით მოითხოვა, ნატას განცხადება ოფიციალურად უნდა დარეგისტრირებულიყო, ვიდეოჩანაწერები კი დაუყოვნებლივ შეენახათ. ნატას დროებით უსაფრთხო ადგილას დარჩენა ურჩიეს. როცა ლივია და დემიანი მასთან მივიდნენ, ქალი ფანჯარასთან იჯდა. სახეზე ფერი არ ედო. ლივიამ ჩაეხუტა. ნატამ რამდენიმე წამით თავი მის მხარზე მიასვენა. შემდეგ ჩურჩულით თქვა: - მეგონა, ჟურნალისტობა მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ სხვების საიდუმლოებებს გავიგებდი. - ლივიამ თმაზე ხელი გადაუსვა. - ზოგჯერ იმასაც ნიშნავს, რომ ვიღაც შენს გაჩუმებას ეცდება. - დემიანი მოშორებით იდგა. ნატამ შეხედა. - თქვენზე სულ სხვანაირად ვფიქრობდი. - მამაკაცმა წარბი ასწია. - იმედია, კარგს. - ნატას გაეღიმა. - ჯერ ვერ გადამიწყვეტია. - ქავთარაძე. - მიუბრუნდა დემიანი ლივიას. - შენი კოლეგებიც შენნაირები არიან? - საბედნიეროდ. - ნატას პირველად გაეცინა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რაღაც მაქვს. - ლივიამ შეხედა. - რა? - გუშინ, სანამ ზურაბის საუბარს მოვისმენდი, მისი მდივნისგან ერთი საქაღალდე მივიღე. მასალების არქივში უნდა გადამეტანა. შიგნით რამდენიმე ანგარიშფაქტურა იყო. - რისი? - სარეკლამო მომსახურების. - ლივიამ წარბები შეკრა. ნატამ ტელეფონში ფოტოები გახსნა. - თითქოს უცხოური კომპანიები რედაქციაში რეკლამას ყიდულობდნენ. მაგრამ გადახდები იმ პერიოდში ხდებოდა, როცა საერთოდ არანაირი რეკლამა არ გამოქვეყნებულა. - ლივიამ ერთ-ერთ დოკუმენტს დახედა. შემდეგ მეორეს. მესამეს. ყველგან ერთი და იგივე კომპანია ჩანდა. „Northbridge Consulting“. - ეს ასლები საიდან გაქვს? - საქაღალდე ჩემთან სამუშაოდ იყო. სანამ არქივში გადავიტანდი, შეუსაბამობა შევამჩნიე და გადავიღე. ორიგინალები რედაქციაში დარჩა. ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. - ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ მხოლოდ ანგარიშფაქტურებით ვერ დავამტკიცებთ, რისთვის უხდიდნენ ზურაბს. - ნატამ თავი დაუქნია. - კიდევ ერთი რამ არის. - მან შემდეგი ფოტო გახსნა. ზურაბ მაისურაძის მიერ ხელმოწერილი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი. დოკუმენტში ეწერა: „საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და რეპუტაციული რისკების მართვის მომსახურება.“ თარიღი - დემიანის თბილისში ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე. დემიანმა ფოტოს დახედა. შემდეგ ლივიას. - ანუ ჩემს ჩამოსვლამდე უკვე ჩემი რეპუტაციის მართვაში იხდიდნენ ფულს? - ლივიამ თავი დაუქნია. - უფრო სწორად, ვიღაც ფულს იხდიდა, რომ შენს შესახებ საზოგადოებრივ აზრზე ემუშავათ. - ნატამ ხმადაბლა დაამატა: - და ეს ყველაფერი იმ პერიოდში, როცა ზურაბმა შენ ავალიანის წინააღმდეგ სტატიის მომზადება დაგავალა. - ლივიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. მტკიცებულებების ჯაჭვი ნელ-ნელა იკვრებოდა. მაგრამ ჯერ კიდევ აკლდა ერთი მთავარი რგოლი. ვინ გასცა თავდასხმის ბრძანება? იმავე შუადღეს გამომძიებელმა ლივიას დაურეკა. ახალი ინფორმაცია ჰქონდათ. ნაცრისფერი ავტომობილის მძღოლი, რომელიც ნატას უთვალთვალებდა, უკვე იდენტიფიცირებული იყო. გიორგი ქარსელაძე. კერძო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირი. მისი სახელი „Northbridge Consulting“-ის ადგილობრივ კონტრაქტორებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ მთავარი სხვა რამ აღმოჩნდა. ქარსელაძე იცნობდა მამაკაცს, რომელიც ლივიას რედაქციასთან დაესხა თავს. ეს კავშირი სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერებითა და საერთო სამუშაო კონტრაქტით დადასტურდა. თავდამსხმელის ვინაობაც დადგინდა. ლევან ჯაფარიძე. ყოფილი დაცვის თანამშრომელი. რამდენიმე წვრილმანი სამართალდარღვევის ისტორიით. და იმავე კერძო უსაფრთხოების ჯგუფთან კავშირით. პოლიციამ მისი დაკავების ღონისძიებები დაიწყო. ლივიამ ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. დემიანმა შეხედა. - რა მოხდა? - თავდამსხმელის ვინაობა იციან. - მამაკაცი გასწორდა. - იპოვეს? - ჯერ არა. მაგრამ ეძებენ. - დემიანის სახე გამკაცრდა. ლივიამ კი მშვიდად განაგრძო: - და ნატას მდევარი მას იცნობს. - ანუ ერთი და იგივე ხალხია. - სავარაუდოდ, ერთი ჯგუფი. მაგრამ ბრძანების გამცემი ჯერ არ ვიცით. - დემიანმა ფანჯარასთან გაიარა. მარჯვენა ხელი ინსტინქტურად შეარხია. ტკივილმა შეახსენა, რომ ფიქსაცია ისევ ადგილზე იყო. მამაკაცმა ამოისუნთქა. - ქავთარაძე, ერთი რამ უნდა გკითხო. - რა? - როცა ეს ყველაფერი დასრულდება, შენ მართლა შეძლებ უბრალოდ დასვენებას? - ლივიამ წარბი ასწია. - რას გულისხმობ? - იმას, რომ დილით გაიღვიძო და არ გქონდეს სურვილი, სამი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოიძიო. - ქალს გაეღიმა. - შენ შეძლებ, დილით გაიღვიძო და ფორტეპიანოზე არ იფიქრო? - დემიანმა თავი გააქნია. - არა. - ჰოდა, მეც ვერა. - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - ღმერთო, რა რთული ქალი შემიყვარდა. - ლივია გაშეშდა. დემიანმა ეს შენიშნა. - რა? - შენ ეს სიტყვა უკვე მეორედ თქვი ისე, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. - მამაკაცმა წარბი ასწია. - რომელი სიტყვა? - ლივიამ თვალები დააწვრილა. - დემიან. - ქავთარაძე, მე საკმაოდ მდიდარი ლექსიკა მაქვს. - ქალს გაეცინა. მამაკაცი მიუახლოვდა. მარცხენა ხელი წელზე შემოხვია. - თუ გინდა, მესამედაც ვიტყვი. - ლივიამ თავი ოდნავ ასწია. - არ მინდა, უბრალოდ თქვა. - დემიანის ღიმილი ნელა გაქრა. ქალმა განაგრძო: - მინდა, როცა ამბობ, იცოდე, რას ნიშნავს. - მამაკაცი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ ძალიან მშვიდად უპასუხა: - ზუსტად იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი. - ლივიას სუნთქვა შეეკრა. დემიანმა მის შუბლს ტუჩები შეახო. და პირველად, იმ რამდენიმე წამში, ქალმა ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ. საღამოს ლივიამ დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფორმის რედაქტორთან ონლაინშეხვედრა გამართა. პირველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მასალას საერთაშორისო ყურადღება მოჰყოლოდა. რამდენიმე მუსიკალურმა გამოცემამ ელიზას ავტორობის საკითხი დამოუკიდებლად გადაამოწმა. ერთმა ამერიკულმა გამოცემამ „აურორას“ წინა წლების ფინანსური ანგარიშების შესწავლაც დაიწყო. მაგრამ ლივიას მეორე სტატია გაცილებით საშიში იქნებოდა. ამჯერად საქმე არა მხოლოდ მოპარულ მუსიკას, არამედ საქართველოში მოქმედ სავარაუდო საინფორმაციო და თვალთვალის ქსელს ეხებოდა. - ყველაფერი უნდა გადავამოწმოთ. - თქვა ლივიამ. - ანგარიშფაქტურები, გადარიცხვები, შეხვედრების ჩანაწერები. და სანამ პოლიცია ოფიციალურად არ დაადასტურებს, თავდასხმას ზურაბს ვერ დავუკავშირებთ. - პლატფორმის რედაქტორმა თავი დაუქნია. - გასაგებია. მაგრამ ფინანსური კავშირების შესახებ უკვე შეგვიძლია მუშაობა. - დიახ. ოღონდ მეორე მხარეს პასუხის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. - მაისურაძეს? - მასაც. კელერსაც. „Northbridge“-საც. - რედაქტორმა რამდენიმე წამით უყურა. - შენ ხვდები, რომ ამით მათ წინასწარ გააფრთხილებ? - ლივიამ მშვიდად უპასუხა: - ამიტომ ჯერ მასალას სამართალდამცველებს გადავცემთ. შემდეგ მოვითხოვთ კომენტარს და პუბლიკაციის დროს ისე შევარჩევთ, რომ მტკიცებულებების განადგურების რისკი არ გავზარდოთ. - საუბრის დასრულების შემდეგ ლივიამ ლეპტოპი დახურა. დემიანი დივანზე იჯდა. მის წინ ნიკოლასი იდგა და რაღაც დოკუმენტებს აჩვენებდა. - არა. - ამბობდა დემიანი. - დემიან, უბრალოდ ხელმოწერაა საჭირო. - მარჯვენა ხელი მოტეხილი მაქვს. - მარცხენითაც შეგიძლია. - ჩემი მარცხენა ხელით გაკეთებული ხელმოწერა საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის შეურაცხყოფაა. - ნიკოლასმა თვალები დახუჭა. ლივია მიუახლოვდა. - რა ხდება? - მენეჯერმა ამოისუნთქა. - ნიუ-იორკის სააგენტოსთან რამდენიმე კონცერტის გადადების დოკუმენტებია. ბატონი ავალიანი კი ცდილობს, საკუთარი ხელმოწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. - დემიანმა თავი დაუქნია. - ზუსტად. - ლივიამ ფურცლებს დახედა. შემდეგ მამაკაცს. - ნიკოლას, ელექტრონული ხელმოწერა არ შეიძლება? - მენეჯერი გაჩუმდა. დემიანმაც შეხედა. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ნიკოლასმა მშვიდად თქვა: - შეიძლება. - დემიანმა თვალები მოჭუტა. - ქავთარაძე, შენ ჩემი მენეჯერის ავტორიტეტს მიზანმიმართულად ანადგურებ. - ლივიამ გაიცინა. - შენი კარიერის გადარჩენას ვცდილობ. - და ამ ყველაფერში არც ერთი კოცნა არ მეკუთვნის? - ნიკოლასმა საბუთები შეკრიბა. - მე გავდივარ. - დემიანმა წარბი ასწია. - რა მოხდა? - აღარ მინდა გავიგო, როგორ განიხილავთ თქვენს ურთიერთობას, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებას. - ლივიას სიცილი აუტყდა. ნიკოლასი კარისკენ წავიდა. მაგრამ გასვლამდე გაჩერდა. - და დემიან... - ჰო? - ხვალ დილით ნიუ-იორკიდან შენი ადვოკატი ჩამოდის. ხელშეკრულებებზე და „აურორას“ საქმეზე უნდა ვისაუბროთ. - დემიანმა თავი დაუქნია. - კარგი. - ნიკოლასმა ლივიას შეხედა. - თქვენც უნდა იყოთ. - ქალმა გაკვირვებით შეხედა. - რატომ? - იმიტომ, რომ იმ საბანკო გადარიცხვაში რაღაც აღმოვაჩინეთ. - ლივიას სახე დაუსერიოზულდა. - რა? - ნიკოლასმა რამდენიმე წამით დააყოვნა. - თანხის განაწილების შესახებ გამოგზავნილი დოკუმენტი ნამდვილია. - დემიანი გასწორდა. - დარწმუნებული ხარ? - იურისტებმა დეპოზიტის მოძრაობის დამოუკიდებელი დადასტურება მიიღეს. 250 000 დოლარიდან 75 000 მართლაც „Northbridge Consulting“-თან დაკავშირებულ ანგარიშზე გადავიდა. - ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. - რისთვის? - ნიკოლასმა თავი გააქნია. - სწორედ ეს არის საინტერესო. გადარიცხვის დანიშნულებაში წერია: „სპეციალური უსაფრთხოების მომსახურება“. - სიჩუმე ჩამოვარდა. დემიანმა დაბალი ხმით ამოთქვა: - ანუ ჩემი ფული იმ კომპანიას გადაურიცხეს, რომელიც ლივიას თავდამსხმელთან არის დაკავშირებული. - ნიკოლასმა თავი დაუქნია. - დიახ. თუმცა ჯერ არ ვიცით, რისთვის გამოიყენეს ეს თანხა მოგვიანებით. - ლივიამ თვალები დახუჭა. თითქმის ერთი წლის წინ გადახდილი თანხა. იურიდიული შეთანხმება. მოპარული მუსიკა. კერძო უსაფრთხოების კომპანია. თბილისში თავდასხმა. და რედაქტორი, რომელიც დემიანის წინააღმდეგ კამპანიას მართავდა. ყველაფერი ერთ სქემაში იწყებდა ჩაჯდომას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩებოდა. ვინ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტი უნდა გაეჩუმებინათ? ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა ლივიას გამომძიებელმა დაურეკა. დემიანი საძინებელში იდგა და პერანგს იცვლიდა. ლივიამ ტელეფონს უპასუხა. რამდენიმე წამით უსმენდა. შემდეგ სახე გაუმკაცრდა. - სად? როდის? - პაუზა გააკეთა. - გასაგებია. ახლავე მოვდივარ. - დემიანი კართან გამოჩნდა. - რა მოხდა? - ლივიამ ტელეფონი ჩამოუშვა. - ლევან ჯაფარიძე დააკავეს. - მამაკაცი გაშეშდა. - თავდამსხმელი? - ჰი. - დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. - და? - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. - პირველადი დაკითხვისას თქვა, რომ ჩემი ჩანთის წართმევა კონკრეტული ადამიანის დავალებით სცადა. - დემიანის სახე შეეცვალა. - ვისი? - ლივიამ ამოისუნთქა. - მარტინ კელერის ადგილობრივი წარმომადგენლის. - მამაკაცს ყბა დაეჭიმა. - ანუ ჰეისამდე მივდივართ. - შესაძლოა. მაგრამ კიდევ ერთი რამ თქვა. - დემიანმა შეხედა. ლივიას ხმა უფრო დაბალი გახდა. - თავდამსხმელს ჩემი სამუშაო გრაფიკი წინასწარ ჰქონდა. იცოდა, რომელ საათზე გამოვიდოდი რედაქციიდან და რომელი შესასვლელით. - საიდან? - ქალმა რამდენიმე წამით არაფერი თქვა. შემდეგ უპასუხა: - ეს ინფორმაცია რედაქციიდან მიიღო. - დემიანი გაჩუმდა. ლივიამ განაგრძო: - კონკრეტული პირის სახელი ჯერ არ დაუსახელებია. მაგრამ გამომძიებელი ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ გადარიცხვების მონაცემები და რამდენიმე სატელეფონო კავშირი, რომლებიც ზურაბ მაისურაძის გარემოცვამდე მიდის. - დემიანმა ამოისუნთქა. - ქავთარაძე... - ქალმა თავი ასწია. - ვიცი. - ახლა მაინც უნდა დამიჯერო, როცა გეტყვი, რომ მარტო არსად წახვიდე. - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - დემიან, შენც ხომ ჩემთან ერთად მოდიხარ? - მამაკაცმა წარბი ასწია. - ეს კითხვა იყო? - არა. - შესანიშნავია. - მან პალტო აიღო. ლივიამ მის დაფიქსირებულ ხელს შეხედა. - ოღონდ ამჯერად გმირობას ნუ დაიწყებ. - დემიანმა მშვიდად უპასუხა: - ქავთარაძე, მე უკვე ერთხელ დავამტკიცე, რომ მუშტით მუშაობა ჩემი პროფესია არ არის. - ქალს გაეცინა. მამაკაცმა კარისკენ მიუთითა. - წავედით. ვნახოთ, რას იტყვის ის იდიოტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შენს გაჩუმებას შეძლებდა. პოლიციის შენობაში ღამე უჩვეულოდ გრძელი აღმოჩნდა. ლივიამ ოფიციალურად გადასცა ნატას მიერ მოპოვებული დოკუმენტების ასლები და მათი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია. გამომძიებელმა აუხსნა, რომ ანგარიშფაქტურები, შეხვედრების ჩანაწერები და სატელეფონო კავშირები ცალ-ცალკე ჯერ კიდევ არ ამტკიცებდა ზურაბის მონაწილეობას თავდასხმის ორგანიზებაში. მაგრამ უკვე საკმარისი საფუძველი არსებობდა ფინანსური ურთიერთობებისა და ინფორმაციის გადაცემის შესასწავლად. ნატას ჩვენებაც ოფიციალურად ჩაიწერა. ლევან ჯაფარიძის დაკითხვის დეტალების ნაწილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუმჟღავნებიათ. თუმცა ერთი გარემოება დადასტურდა. თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა. ლივია კონკრეტულად იყო შერჩეული. მისი ჩანთის წართმევა კი მხოლოდ ძარცვის მცდელობა არ ყოფილა. ვიღაცას სურდა, ხელში ჩაეგდო ის მასალები, რომლებიც ჟურნალისტს „აურორას“ საქმეზე ჰქონდა შეგროვებული. ლივიამ რამდენიმე წამით არაფერი თქვა. შემდეგ გამომძიებელს შეხედა. - ანუ მათ იცოდნენ, რომ უკვე რაღაც მქონდა. - როგორც ჩანს. - და იცოდნენ, სად ვიყავი. - გამომძიებელმა თავი დაუქნია. ლივიამ თვალები დახუჭა. ახლა ყველაფერი უფრო მკაფიო იყო. რედაქციაში შესვლა. სამუშაო მაგიდის გადაქექვა. კამერების გათიშვა. ანონიმური მუქარები. ქუჩაში თავდასხმა. ეს ცალკეული შემთხვევები არ ყოფილა. ეს იყო ერთი მიზნისკენ მიმართული თანმიმდევრული მცდელობები. ლივია ქავთარაძეს სიმართლემდე არ უნდა მიეღწია. როცა პოლიციის შენობიდან გამოვიდნენ, ღამის ორი საათი სრულდებოდა. ქალაქი თითქმის დაცარიელებული იყო. დემიანი მანქანის კართან გაჩერდა. ლივიას შეხედა. - დაიღალე? - ქალმა თავი დაუქნია. - ძალიან. - მამაკაცმა მარცხენა ხელი გაუწოდა. ლივია მიუახლოვდა. დემიანმა გულში ჩაიკრა. ფრთხილად. დაზიანებული ხელი გვერდით ჰქონდა. ქალმა სახე მის მკერდში ჩარგო. რამდენიმე წამით ასე იდგნენ. სიჩუმეში. დემიანმა შუბლზე აკოცა. - იცი, ქავთარაძე, რა არის ყველაზე აუტანელი? - რა? - რომ მთელი ცხოვრება მეგონა, ყველაფრის კონტროლი შემეძლო. - ლივიამ თავი ასწია. - და ახლა? - მამაკაცმა გაეღიმა. - ახლა ერთი ქალი მყავს, რომელსაც ვერაფერს ვაკონტროლებ. ერთი თითი, რომელიც არ მემორჩილება. და მენეჯერი, რომელიც ყოველდღე მემუქრება. - ქალს გაეცინა. დემიანმა განაგრძო: - სრულიად ჩამოშლილი იმპერიაა. - ლივიამ მარცხენა ხელზე ხელი მოჰკიდა. - სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ძალიან კარგი იმპერატორი ხარ. - დემიანმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, ეს ფლირტი იყო? - შესაძლოა. - საშინლად ცუდ დროს დაიწყე. - რატომ? -მამაკაცი მისკენ დაიხარა. - იმიტომ, რომ ახლა ძალიან მინდა გაკოცო. - ლივიამ გაიღიმა. - მერე? - დემიანმა აკოცა. ვნებით, ღამის სიცივეში. და როცა ერთმანეთს მოშორდნენ, ქალმა ამოიჩურჩულა. - დემო... - ჰო? - როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მინდა რამდენიმე დღე საერთოდ არავინ გვიპოვოს. - მამაკაცმა შეხედა. - სად? - ლივიამ მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი. სადმე, სადაც არც ჟურნალისტები იქნებიან, არც ნიკოლასი, არც შენი კონცერტები. - დემიანმა თავი გააქნია. - ნიკოლასი ამას ვერ გადაიტანს. - ქალს გაეცინა. - მით უკეთესი. - მამაკაცმა მიიზიდა და აკოცა. - შევთანხმდით. იმავე ღამეს, როცა ლივია და დემიანი სასტუმროში დაბრუნდნენ, ზურაბ მაისურაძე საკუთარ კაბინეტში იჯდა. მის წინ ორი მამაკაცი იდგა. ერთი გამომძიებელი. მეორე ფინანსური დანაშაულების მიმართულებით მომუშავე თანამშრომელი. მაგიდაზე ოფიციალური დოკუმენტი იდო. ზურაბმა წაიკითხა. შემდეგ თავი ასწია. - ეს რა არის? - სასამართლოს განჩინების საფუძველზე გარკვეული დოკუმენტებისა და ელექტრონული მონაცემების ამოღებას ვახორციელებთ. - ზურაბს სახე შეეცვალა. - მე ჟურნალისტი ვარ. - გამომძიებელმა მშვიდად უპასუხა: - სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, ვინ და რა მიზნით იყენებდა თქვენს რედაქციას. - ზურაბმა არაფერი თქვა. მეორე თანამშრომელმა მაგიდაზე რამდენიმე საბუთი დააწყო. „Northbridge Consulting“. სარეკლამო მომსახურების ანგარიშფაქტურები. საბანკო გადარიცხვების ამონაწერები. და ერთი ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი. ზურაბმა ბოლო ფურცელს დახედა. სახეზე ფერი დაკარგა. წერილი მისივე სამუშაო მისამართიდან იყო გაგზავნილი. მიმღები - მარტინ კელერი. თარიღი - ლივიაზე თავდასხმის წინა დღე. ტექსტი მოკლე იყო: „ქავთარაძე ხვალ საღამოს ექვსის შემდეგ დატოვებს რედაქციას. უკანა შესასვლელით. თან იქნება ჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ ყველა შეგროვებული მასალა ინახება.“ ზურაბმა თვალები დახუჭა. გამომძიებელმა მშვიდად იკითხა: - ბატონო ზურაბ, გსურთ განმარტოთ, რატომ გადაეცით ეს ინფორმაცია პირს, რომლის წარმომადგენელთანაც ჟურნალისტზე თავდასხმის ორგანიზების კავშირი იკვეთება? - ზურაბმა პასუხი ვერ გასცა. პირველად ოცდახუთი წლის განმავლობაში სიტყვები არ ეყო. და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიმართლის დამალვას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა. ადრე თუ გვიან, ვიღაც აუცილებლად პოულობდა იმ დოკუმენტს, რომლის არსებობაც საერთოდ არ უნდა სცოდნოდა. სასტუმროს ნომერში ლივიას უკვე ეძინა. დემიანი ფანჯარასთან იდგა. ქალაქს უყურებდა. მარჯვენა ხელი ისევ ფრთხილად ჰქონდა დაფიქსირებული. მარცხენაში ტელეფონი ეჭირა. ნიკოლასის შეტყობინება ახლახან მოსვლოდა. „ნიუ-იორკიდან ადვოკატი ხვალ დილით ჩამოდის. ელიზას წარმომადგენელთანაც შეთანხმებულია შეხვედრა. უიტმორების წინააღმდეგ უკვე საკმარისი მასალაა, რომ ოფიციალური სამართლებრივი პროცესი დაიწყოს. მაგრამ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა - ფონდის ძველ არქივში დოკუმენტი იპოვეს, რომელიც ადრიან უიტმორის ავტორობის შესახებ განცხადებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.“ დემიანმა შეტყობინება კიდევ ერთხელ წაიკითხა. შემდეგ ლივიას შეხედა. ქალს მშვიდად ეძინა. თმა ბალიშზე გაშლოდა. სახეზე დღის დაღლილობა ჯერ კიდევ ეტყობოდა. დემიანმა ტელეფონი გადადო. საწოლთან მივიდა. ფრთხილად დაწვა. ლივია ძილში მისკენ გადმოიწია. თავი მკერდზე დაადო. დემიანმა ხელი შემოხვია. და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. ხვალ კიდევ ერთი ბრძოლა იწყებოდა. მაგრამ ამჯერად მათ მხოლოდ ეჭვები აღარ ჰქონდათ. ჰყავდათ მოწმეები. ჰქონდათ დოკუმენტები. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, სიმართლე თანდათან კარგავდა იმ ადამიანების შიშს, რომლებიც წლების განმავლობაში მის დამალვას ახერხებდნენ. 16 დემიან ავალიანმა ოცდათორმეტი წლის განმავლობაში უამრავი რამ დაკარგა. ბავშვობის სათამაშოები, მეგობრები, რომლებსაც დრო და მანძილი თანდათან უცხო ადამიანებად აქცევდა, ქალაქები, რომელთა ქუჩებიც აღარ ახსოვდა, და ადამიანები, რომელთა სახეებიც ზოგჯერ მხოლოდ ძველ ფოტოებში უბრუნდებოდა. მაგრამ არასოდეს დაუკარგავს ის, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად უყვარდა. საკუთარი ხელებისადმი ნდობა. დილით, როცა ლივიას ჯერ კიდევ ეძინა, დემიანი ფანჯარასთან იდგა და მარჯვენა ხელს დაჰყურებდა. სახვევი ისევ ადგილზე იყო. მის ქვეშ მოტეხილი ძვალი ნელა ხორცდებოდა, მაგრამ ეს პროცესი იმაზე გაცილებით მეტ მოთმინებას მოითხოვდა, ვიდრე მამაკაცს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუგროვებია. მარცხენა ხელის თითები ფანჯრის რაფაზე უხმოდ მოძრაობდნენ. დო. მი. სოლ. არარსებული კლავიშები. წლების განმავლობაში მის სხეულს მუსიკა ისე ჰქონდა დამახსოვრებული, როგორც ფილტვებს სუნთქვა. ახლა კი საკუთარი ხელის თითოეული მოძრაობის წინ ფიქრი უწევდა. - თუ კიდევ ხუთ წუთს ასე გააგრძელებ, ფანჯარას შოპენის შესრულება მოუწევს. - ლივიას ხმა ზურგს უკან გაისმა. დემიანმა თავი მიაბრუნა. ქალი საწოლში წამომჯდარიყო. თმა მხრებზე არეულად ჩამოშლოდა, თვალებში ძილის ნარჩენი ჯერ კიდევ შერჩენოდა. მამაკაცს გაეღიმა. - ქავთარაძე, შენს დილას ყოველთვის ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით იწყებ? - - მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს გვერდით ნარცისი პიანისტი იღვიძებს. - ანუ ყოველდღე? - სამწუხაროდ. - დემიანი საწოლთან მივიდა. ლივია ქვემოდან უყურებდა. - მოდი აქ. - უთხრა ქალმა. მამაკაცმა წარბი ასწია. - ეს ბრძანებაა? - მოწვევა. - გაცილებით მომწონს. - დემიანი მის გვერდით ჩამოჯდა. ლივიამ მარცხენა ხელი დაიჭირა და თითებზე აკოცა. ერთს. მეორეს. მესამეს. მამაკაცი მშვიდათ უყურებდა. ქალმა მისი სახე შეათვალიერა. - გუშინ ისევ გეტკინა? - არა. - დემიან. - ოდნავ. - ლივიამ წარბი ასწია. - რამდენად ოდნავ? - იმდენად, რომ ექიმთან საჩივრის შეტანა ჯერ არ ღირს. - ქალს გაეღიმა. შემდეგ მარჯვენა ხელზე ფრთხილად შეეხო, სახვევის ზემოთ. - შენ დაბრუნდები. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. - სცენაზე? - იქაც. - და სხვაგან? - ლივიას გაეღიმა. - თუ კარგად მოიქცევი, ჩემს საწოლშიც აღმოვნდები. - მამაკაცმა თავი უკან გადასწია. - ღმერთო, ქავთარაძე, შენთან სამედიცინო რეაბილიტაციას ძალიან საინტერესო პერსპექტივები აქვს. - ქალს სიცილი აუტყდა. დემიანმა ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. კოცნა ამჯერად არ ჰგავდა იმ კოცნებს, რომლებსაც ბოლო დღეებში ერთმანეთს ჩქარ-ჩქარა პარავდნენ. ნელა დაიწყო. თითქოს ორივეს დრო ჰქონდა. ლივიამ თითები მის თმაში შეაცურა. დემიანმა ტუჩები ყბის გასწვრივ ჩამოაყოლა. ქალს თვალები უნებჯრად დაეხუჭა. სწორედ მაშინ, როცა მამაკაცი მის კისერს შეეხო, ტელეფონმა დარეკა. ორივემ ერთდროულად ამოიოხრა. დემიანმა თავი ქალის მხართან შეაჩერა. - თუ ეს ნიკოლასია, ანდერძიდან ამოვშლი. - ლივიამ ტელეფონს დახედა. - ნიკოლასია. - ღმერთო, რა თანმიმდევრული ადამიანია. - ქალს სიცილი აუტყდა. დემიანმა ზარს უპასუხა. - ნიკოლას, თუ ვინმე არ მომკვდარა, ძალიან ცუდ დროს მირეკავ. - არავინ მომკვდარა, დემიან. მაგრამ ვიღაცის კარიერა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს. მამაკაცის სახიდან ღიმილი გაქრა. ნიუ-იორკიდან ჩამოსული ადვოკატი, დევიდ როზენბერგი, სასტუმროს საკონფერენციო ოთახში ელოდებოდათ. ნიკოლასი უკვე იქ იყო. მაგიდაზე დოკუმენტების რამდენიმე საქაღალდე ეწყო. დემიანი და ლივია ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. დევიდმა საუბარი შესავლის გარეშე დაიწყო. - „აურორას“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა ჩვენება მისცა. - ლივიამ მაშინვე თავი ასწია. - ვის? - ამერიკელ გამომძიებლებს. მისმა ადვოკატმა დაადასტურა, რომ თანამშრომლობს სამართალდამცველებთან. - დემიანმა წარბები შეკრა. - რატომ ახლა? - იმიტომ, რომ ელიზას დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მიხვდა, ფონდის ფინანსური ოპერაციები უკვე საჯარო შემოწმების საგანია. და იმიტომაც, რომ მის სახელზე რამდენიმე გადარიცხვა აღმოჩნდა, რომლის ახსნასაც თავად ჰეისი არ აპირებდა. - ლივიამ კალამი აიღო. - კონკრეტულად რა თქვა? - დევიდმა საქაღალდე გახსნა. - მისი განცხადებით, რიჩარდ ჰეისი წლების განმავლობაში იყენებდა სტიპენდიების პროგრამას თანხების არამიზნობრივი გადამისამართებისთვის. გარკვეულ დონორებს საგადასახადო და რეპუტაციულ სარგებელს ჰპირდებოდნენ, თანხის ნაწილი კი დაკავშირებულ კომპანიებში გადიოდა. - უიტმორი? - იკითხა ლივიამ. ადვოკატმა თავი დაუქნია. - ედვარდ უიტმორი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო. გამოძიება ამოწმებს, იცოდა თუ არა მან და რა როლი ჰქონდა ამ ოპერაციებში. მაგრამ ელიზას კომპოზიციის მითვისების საკითხზე გაცილებით პირდაპირი მასალა გვაქვს. მან მეორე საქაღალდე გახსნა. ფოტო. ხელნაწერი პარტიტურის პირველი გვერდი. კუთხეში პატარა, ოდნავ გადახრილი ასოებით ეწერა: Eliza Morgan. ქვემოთ თარიღი. ნაწარმოების პირველი მონახაზი. დევიდმა შემდეგი დოკუმენტი დადო. ელექტრონული წერილი. რიჩარდ ჰეისისგან ედვარდ უიტმორს. „ადრიანის საჯარო დებიუტამდე ავტორობის საკითხი უნდა დასრულდეს. ელიზას სახელი პროგრამაში არ გამოჩნდება. იურიდიულ ნაწილს კელერი მოაგვარებს.“ ლივიამ წერილი წაიკითხა. შემდეგ დემიანს შეხედა. მამაკაცი ჩუმად იჯდა. სახეზე არაფერი ეტყობოდა. მაგრამ მარცხენა ხელის თითები მაგიდაზე ისე დაეჭიმა, რომ სახსრები გაუთეთრდა. - ეს წერილი დადასტურებულია? - იკითხა ლივიამ. - მისი ავთენტურობა დამოუკიდებელმა ციფრულმა ექსპერტმა შეამოწმა, ხოლო ორიგინალური ელექტრონული ჩანაწერი გამოძიებას გადაეცა. უპასუხა დევიდმა. - არსებობს მიმოწერის სრული ჯაჭვიც. და რაც მთავარია, ელიზას ადრეული ჩანაწერები, რომელთა შექმნის თარიღი ადრიანის საჯარო პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრეა დადასტურებული. - ლივიამ ნელა ამოისუნთქა. - ეს უკვე მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვა აღარ არის. - არა. - თქვა ადვოკატმა. - ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მტკიცებულებების ერთობლიობაა. - დემიანმა თავი ასწია. - და ელიზა? - დევიდმა რამდენიმე წამით დააყოვნა. - დღეს თავად აპირებს განცხადების გაკეთებას. - ლივიამ იგრძნო, როგორ შეიცვალა ოთახში ჰაერი. თითქოს ყველაფერი, რაც ბოლო კვირების განმავლობაში მხოლოდ დოკუმენტებში, ჩურჩულსა და მუქარებში არსებობდა, ბოლოს და ბოლოს რეალურ სახეს იღებდა. - საჯაროდ? - დევიდმა თავი დაუქნია. - საკუთარი სახელით. ადვოკატთან ერთად. მას უკვე ესაუბრნენ სამართალდამცველები და უსაფრთხოების ზომებიც შეთანხმებულია. დემიანი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ ხმადაბლა თქვა: - დარწმუნებულია? - რამდენჯერმე ვკითხეთ. - და? - თქვა, რომ საკუთარი მუსიკის დაბრუნება უნდა. - დემიანმა თვალები დახუჭა. ლივიამ მისკენ გაიხედა. მამაკაცის სახეზე ისეთი განცდა დაინახა, რომელსაც იშვიათად ამჟღავნებდა. შვება. არა საკუთარი თავისთვის. სხვისთვის. და სწორედ ამ წამს კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რამდენად ცოტა იცოდა დემიან ავალიანის შესახებ მაშინ, როცა მისი განადგურების დავალება მიიღო. საუბარი თითქმის ორ საათს გაგრძელდა. გაირკვა, რომ ამერიკულ მხარეს უკვე გადაცემული ჰქონდა საეჭვო გადარიცხვების საბანკო ჩანაწერები, ელიზას ავტორობის დამადასტურებელი მასალები და კელერის მონაწილეობით მომზადებული იურიდიული დოკუმენტები. საქართველოში კი გამოძიება სხვა მიმართულებით ვითარდებოდა. ზურაბ მაისურაძის სამუშაო მიმოწერა. „Northbridge Consulting“-ის გადარიცხვები. ლივიას გადაადგილების შესახებ გაგზავნილი ინფორმაცია. და ლევან ჯაფარიძის ჩვენება. ყველაფერი ერთსა და იმავე ქსელზე მიუთითებდა. მაგრამ ლივიამ ერთი კითხვა მაინც დასვა. - რატომ დასჭირდათ ჩემი გაჩუმება მაშინ, როცა ელიზა ჯერ კიდევ არ აპირებდა საჯაროდ გამოსვლას? - დევიდმა შეხედა. - იმიტომ, რომ თქვენ უკვე მოძებნეთ დენიელ რიდი. - ქალი გაშეშდა. - საიდან იცით? - რიდმა ამერიკელ გამომძიებლებს ჩვენება მისცა. მან დაადასტურა, რომ თქვენთან საუბრის შემდეგ კელერისგან შეტყობინება მიიღო. - ლივიამ კალამი მაგიდაზე დადო. - რა შეტყობინება? - დევიდმა ფურცელი გადმოუწია. მოკლე ელექტრონული წერილი. „ქავთარაძე თუ არქივის საკითხს გააგრძელებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას არ დაეკისრება.“ ლივიამ ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა. - ანუ მათ იცოდნენ, რომ არქივზე ვმუშაობდი. - დიახ. - და იცოდნენ, რომ რიდი ჩემი წყარო იყო. - დევიდმა თავი დაუქნია. ლივიამ დემიანს შეხედა. - ამიტომაც გაჩნდა ჩემს მაგიდაზე მუქარის წერილი. - დემიანის სახე დაეძაბა. - და ამიტომაც გამოგყვნენ ქუჩაში. - ადვოკატმა ფრთხილად დაამატა: - საქართველოს გამოძიება ამ კავშირებს დამოუკიდებლად ამოწმებს. მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია და ფიზიკური დაშინება ერთი მიზნისთვის გამოიყენეს, ელიზას საქმის საჯაროდ გახსნის შესაჩერებლად. - ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ მშვიდათ დაამატა. - ზურაბი მათთვის მხოლოდ რედაქტორი არ იყო. - დევიდმა თავი გააქნია. - არა. ის ადგილობრივი ინფორმაციის წყარო და კამპანიის ორგანიზატორი იყო. სასტუმროს ნომერში დაბრუნებისას დემიანი უჩვეულოდ ჩუმად იყო. ლივიამ ეს მაშინვე შეამჩნია. მამაკაცი ფანჯარასთან მივიდა. ქალაქს გახედა. ქალი რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ მიუახლოვდა. - რა ხდება? - დემიანმა თავი არ მიუბრუნებია. - ვცდილობ გავიხსენო, რამდენჯერ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო. - ლივიამ არაფერი თქვა. მამაკაცმა განაგრძო: - იმ საღამოს ელიზა რომ არ მოსულიყო ჩემთან... ან მე რომ მისთვის არ დამეჯერებინა... ან შენ რომ ზურაბის დავალება პირდაპირ შეგესრულებინა... - დემიან. - მამაკაცი შებრუნდა. ლივიამ თვალებში ჩახედა. - შენ ხომ იცი, რომ სამყაროს ყველა შესაძლო უბედურებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნები? - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, ჩემს ეგოს ეს ძალიან შეურაცხყოფს. - შენი ეგო გადარჩება. - იმედია. საკმაოდ ძვირადღირებული ეგოა. - ქალს გაეცინა. შემდეგ მიუახლოვდა. ხელები წელზე შემოხვია. მამაკაცმა მარცხენა ხელი ზურგზე მშვიდად ააატარა. რამდენიმე წამით ჩუმად იდგნენ. - იცი, რა მახსენდება? - იკითხა ლივიამ. - რა? - პირველად რომ გამოგკითხე. ისე მიყურებდი, თითქოს მთელი მსოფლიო შენს წინაშე ვალში იყო. - დემიანმა წარბი ასწია. - და ახლა? - ქალს გაეღიმა. - ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ საშინლად ცუდად მალავ იმას, რაც მართლა გაწუხებს. - მამაკაცმა თავი დახარა. - ქავთარაძე, ეს ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტის ახალი ვერსიაა? - დიახ. - თეატრალურად გაიღიმა ქალმა. - რამდენი გვერდია? - შენს ნარცისიზმს თუ ცალკე თავს დავუთმობ, საკმაოდ სქელი წიგნი გამოვა. - დემიანს გაეცინა. შემდეგ ტუჩებში აკოცა. ლივიამ თითები პერანგში შეუცურა. მამაკაცმა სუნთქვა შეიკავა. - ქავთარაძე... - რა? - განზრახ გააკეთე. - ქალმა უდანაშაულოდ შეხედა. - რა? - ჩემი ყურადღების გადატანა. - ლივიამ გაიღიმა. - იმუშავა? - დემიანმა მის კისერს აკოცა. - კატასტროფულად კარგად. მათ არც ერთს ახსოვდა, ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი საძინებლისკენ. ალბათ ლივიამ. შესაძლოა დემიანმა. მაგრამ რამდენიმე წამში უკვე საწოლთან იდგნენ. დემიანმა მარცხენა ხელით ქალს თმა უკან გადაუწია. ლივიამ მისი პერანგის ღილები გახსნა. კაცა ჩაეცინა. - ქავთარაძე, შენ ამ ღილებთან აშკარად პირადი დაპირისპირება გაქვს. - ისინი ხელს მიშლიან. - რაში? - ქალმა შეხედა. - დემიან, მართლა გინდა, ახლა აგიხსნა? - მამაკაცს სიცილი აუტყდა. - არა. მგონი, პრაქტიკული დემონსტრაცია სჯობს. ლივიამ აკოცა. უფრო თამამად. მამაკაცმა ფრთხილად მიიზიდა. ამჯერად ორივე ყურადღებით იყო, რომ დაზიანებულ ხელს არაფერი შეხებოდა. დემიანი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ლივია მის წინ იდგა. კაცმა სახე მის მუცელთან მიიტანა, შემდეგ თავი ასწია და თვალებში შეხედა. - ერთი რამ უნდა ვიცოდე. - რა? - ესეც წინასწარი შეფასებაა, თუ საბოლოო გადაწყვეტილება? - ლივიას გაეცინა. - შენ ყველა რომანტიკულ მომენტს იურიდიულ პროცესად რატომ აქცევ? - იმიტომ, რომ შენთან ურთიერთობაში ყველა ნაბიჯს მტკიცებულება სჭირდება. - ქალმა მისი სახე ხელებში მოიქცია. - დემიან... - ჰო? - გაჩუმდი. - მამაკაცმა თავი დაუქნია. - საუკეთესო წინადადებაა, რაც დღეს მომისმენია. - ლივიამ აკოცა. და ამჯერად არც ერთს აღარ მოუნდა საუბარი. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალი მის გვერდით იწვა, თავი მხარზე ედო. დემიანს მარჯვენა ხელი ისევ ბალიშზე ჰქონდა შემოდებული. მარცხენით ლივიას თმაში ნელა ატარებდა თითებს. მათ შორის სურვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ ამჯერად არ ჩქარობდნენ. ლივიამ თავი ასწია. - იცი, რა არის სასაცილო? - რა? - შენ, ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ყველაზე მეტად მაშინ მომწონხარ, როცა არაფერს ამტკიცებ. - დემიანმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. - ქალს გაეღიმა. - მართლა. - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. მერე კი მშვიდად ამოთქვა - შენ კი ყველაზე მეტად მაშინ მიყვარხარ, როცა გგონია, რომ ამას ვერ ვამჩნევ. - ლივია გაჩუმდა. ამჯერად სიტყვა აღარ დაუბრუნებია. უბრალოდ დაიხარა. და აკოცა. ელიზა მორგანის განცხადება ნიუ-იორკის დროით შუადღის სამ საათზე გავრცელდა. პირდაპირი ეთერი არ ყოფილა. ადვოკატების რჩევით, წინასწარ ჩაწერილი ვიდეო და თანდართული დოკუმენტები ერთდროულად მიეწოდა რამდენიმე დამოუკიდებელ გამოცემას. ელიზა კამერის წინ იჯდა. უბრალო თეთრი პერანგი ეცვა. თმა უკან ჰქონდა გადაწეული. მის წინ არც როიალი იდგა. არც სცენა. მხოლოდ მაგიდა. და საკუთარი ხელნაწერის პირველი გვერდი. - მე ელიზა მორგანი ვარ. - დაიწყო გოგონამ. - კომპოზიტორი. -რამდენიმე წამით გაჩუმდა. შემდეგ განაგრძო: - გასული წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს ჩემი ნაწარმოები შესრულდა ღონისძიებაზე, სადაც მის ავტორად სხვა ადამიანი იყო წარმოდგენილი. ეს ადამიანი მე არ ვიყავი. - მისი ხმა მშვიდი იყო. მაგრამ თითოეული სიტყვა თითქოს დიდი ძალისხმევით ამოდიოდა. - დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუ გავჩუმდებოდი, ჩემს ოჯახს დავიცავდი. მეშინოდა სასამართლოსი, ვალების, იმ ადამიანების, რომლებსაც ჩემზე გაცილებით მეტი ფული და გავლენა ჰქონდათ. - ელიზამ ხელნაწერი ასწია. - მაგრამ ეს მუსიკა მე დავწერე. მისი პირველი ნოტიდან უკანასკნელამდე. - ეკრანზე მისი ადრეული ჩანაწერის ფრაგმენტი გამოჩნდა. შემდეგ პარტიტურის დათარიღებული ასლები. და იურიდიული დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის გამოქვეყნებაზეც ადვოკატებმა თანხმობა გასცეს. ელიზამ კამერას შეხედა. - მე არ ვითხოვ, ვინმემ ჩემი სიტყვა უბრალოდ დაიჯეროს. მტკიცებულებები არსებობს. ისინი უკვე გადაეცა შესაბამის ორგანოებს. შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა. - და მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც მაშინ დამიჯერა, როცა საკუთარი ხმის გამოყენებისაც კი მეშინოდა. - დემიანი ეკრანს უყურებდა. ლივია მის გვერდით იჯდა. ელიზამ განაგრძო: - დემიან ავალიანი არასოდეს ყოფილა ჩემი ნაწარმოების მითვისების მონაწილე. მან სცადა, დამხმარებოდა მაშინ, როცა ამის გაკეთება მისთვისაც საფრთხეს ნიშნავდა. - დემიანმა თვალები დახუჭა. ლივიამ მისი მარცხენა ხელი დაიჭირა. ეკრანზე ელიზა ისევ ლაპარაკობდა. - მაგრამ დღეს აქ მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ ვინმე გავამართლო. აქ ვარ იმიტომ, რომ საკუთარი სახელი დავიბრუნო. - და პირველად მისი ხმა აღარ კანკალებდა. - მე ელიზა მორგანი ვარ. და ეს მუსიკა ჩემია. ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორმოც წუთში საერთაშორისო მედია უკვე ახალ სათაურებს ავრცელებდა. „ელაიზა მორგანი დუმილს არღვევს: კომპოზიტორი „ავრორას ფონდს“ მისი ნამუშევრების მითვისებაში ადანაშაულებს.“ „კომპოზიტორის განცხადება დემიან ავალიანს ბრალდებებისგან ათავისუფლებს, ფინანსური გამოძიება კი ფართოვდება.“ „უიტმორების ოჯახი მუსიკალური ნაწარმოებების სადავო ავტორობასთან დაკავშირებით კითხვების წინაშე დგას.“ „ავრორას ფონდი“ ყურადღების ცენტრში ექცევა მას შემდეგ, რაც ფინანსური განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი გამომძიებლებთან თანამშრომლობას იწყებს.“ „ჟურნალისტ ლივია ქავთარაძის გამოძიება საერთაშორისო გამოხმაურებას იწვევს.“ ლივიამ ბოლო სათაური წაიკითხა. შემდეგ დემიანს შეხედა. - ხედავ? ბოლოს და ბოლოს შენს სახელთან ერთად ჩემიც წერია. - მამაკაცმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, შენ ჩემი პოპულარობით სარგებლობ. - ქალს გაეცინა. - ნამდვილად. - საშინლად მერკანტილური ქალი ხარ. - და შენ საშინლად თავმდაბალი კაცი. - დემიანმა თავი დაუქნია. - მადლობა. იშვიათად ამჩნევენ. მაგრამ საჯარო განცხადებას მხოლოდ მედიის რეაქცია არ მოჰყოლია. იმავე საღამოს ნიუ-იორკის სამართალდამცველებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „აურორას“ ფინანსურ საქმიანობასა და საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევებზე გამოძიება მიმდინარეობდა. ფონდის რამდენიმე ანგარიშზე ფინანსური ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნა სასამართლოში განიხილებოდა. რიჩარდ ჰეისს ადვოკატის მეშვეობით ოფიციალური განმარტებები მოსთხოვეს. ედვარდ უიტმორის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ მათი კლიენტი უკანონო მითვისებაში მონაწილეობდა, თუმცა დადასტურდა, რომ მის კომპანიებთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოძიების საგანი იყო. ადრიან უიტმორმა საჯარო განცხადებაში თქვა, რომ კომპოზიციის ავტორობის საკითხის გარკვევას მხარს უჭერდა. მაგრამ ლივიამ ეს განცხადება რამდენჯერმე წაიკითხა. და ერთი რამ შენიშნა. ადრიანს არსად ეწერა, რომ ნაწარმოები თავად შექმნა. არც ის, რომ ელიზა იტყუებოდა. მხოლოდ ზოგადი ფრაზები. „სამართლიანი განხილვა“. „სიმართლის დადგენა“. „კანონიერების პატივისცემა“. ქალმა დემიანს შეხედა. - საინტერესოა. - რა? - ადრიანი უკვე უკან იხევს. - დემიანმა წარბი ასწია. - რატომ ფიქრობ? - იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სჯერა საკუთარი ავტორობის, ასეთ განცხადებაში ერთხელ მაინც იტყოდა: „ეს მუსიკა მე დავწერე.“ - დემიანს გაეღიმა. - ქავთარაძე, შენ რომ ჩემზე პირველი სტატია დაგეწერა, ალბათ ჩემი ბავშვობის ყველა დანაშაულს აღმოაჩენდი. - ზოგიერთი უკვე ვიცი. - მაგალითად? - ქალმა ეშმაკურად შეხედა. - გამოსაშვები საღამო. - დემიანმა თავი დახარა. - ეს საქმე უკვე დახურულია. - ლივიამ გაუღიმა. - გასაჩივრების უფლება გაქვს. - მამაკაცმა მარცხენა ხელი წელზე შემოხვია. - ქავთარაძე, შენთან სასამართლოში ყოველთვის წავაგებ. თბილისში კი მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდა. ზურაბ მაისურაძის კაბინეტიდან ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში აღმოჩნდა მიმოწერის ნაწილი, რომელიც წაშლილად ითვლებოდა. ტექნიკურმა ექსპერტიზამ რამდენიმე შეტყობინების აღდგენა შეძლო. ერთ-ერთში მარტინ კელერი ზურაბს სთხოვდა, დემიანის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ მასალაში ელიზა მორგანის სახელი განსაკუთრებულად გამოეკვეთათ. მეორეში ზურაბი ადასტურებდა, რომ ლივიას რედაქციაში მისვლისა და გასვლის დროების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად აწვდიდა. მესამეში კი უკვე პირდაპირ ეწერა: „ქავთარაძე არ ჩერდება. თუ მასალები არ წაართვით, შემდეგი სტატია თქვენს კლიენტებს დააზიანებს.“ ლივიამ ეს უკანასკნელი ტექსტი გამომძიებლისგან გაიგო. დემიანი მის გვერდით იჯდა. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. შემდეგ ქალმა იკითხა: - ზურაბმა იცოდა, რომ თავდასხმას გეგმავდნენ? - გამომძიებელმა ფრთხილად უპასუხა: - მისი ინფორმირებულობის ზუსტ ფარგლებს ვადგენთ. თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ის კელერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. - და შემდეგ? - შემდეგ მის ანგარიშზე დამატებითი თანხა ჩაირიცხა. - ლივიამ თვალები დახუჭა. - რამდენი? - თხუთმეტი ათასი დოლარი. - დემიანს ყბა დაჭიმა. გამომძიებელმა განაგრძო: - ეს თანხა ახლა ფინანსური გამოძიების საგანია. ამასთან, ლევან ჯაფარიძემ ჩვენება დააზუსტა. მისი თქმით, დავალება ჩანთის წართმევას და ჟურნალისტის დაშინებას გულისხმობდა. თავდასხმისას გამოყენებული დანა კი, მისი მტკიცებით, თავდაპირველ გეგმაში არ ყოფილა. - ლივიამ თავი ასწია. - ანუ მუქარის მიზანი იყო, აღარ გამეგრძელებინა გამოძიება. - დიახ. - და დემიანის ხელის მოტეხილობა? - გამომძიებელმა მამაკაცს შეხედა. - ეს თავდასხმის დროს მომხდარი დაზიანებაა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის საკითხი ცალკე განიხილება. - დემიანს გაეღიმა. - შესანიშნავია. იმედია, ჩემს თითს სასამართლოში მოწმედ არ დაიბარებენ. - ლივიამ გვერდულად შეხედა. გამომძიებელმაც ძლივს შეიკავა ღიმილი. მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა. - კიდევ ერთი გარემოებაა. - ლივიამ შეხედა. - რა? - ბატონ მაისურაძეს ოფიციალურად წარედგინა ბრალდება ჟურნალისტის უკანონო საქმიანობაში ხელის შეშლისა და დანაშაულის ორგანიზებაში შესაძლო მონაწილეობის შესაბამისი ეპიზოდების გამო. ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლო განხილვის პროცესში დაზუსტდება. - ლივიამ რამდენიმე წამით არაფერი თქვა. მისთვის ზურაბ მაისურაძე წლების განმავლობაში უბრალოდ რედაქტორი არ ყოფილა. იყო ადამიანი, რომელმაც პირველი დიდი გამოძიება ანდო. რომელმაც ასწავლა, როგორ დაესვა არასასიამოვნო კითხვები. როგორ არ დაეჯერებინა ლამაზი სიტყვების. როგორ ეძებნა ის, რასაც სხვები საგულდაგულოდ მალავდნენ. და ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ის ადამიანი ყიდდა მის სამუშაო გრაფიკს. მის ნდობას. მის უსაფრთხოებას. ლივიამ ღრმად ჩაისუნთქა. - მინდა, მასთან საუბარი. - გამომძიებელმა თავი გააქნია. - ამ ეტაპზე ეს მიზანშეწონილი არ იქნება. მისი დაკითხვა მიმდინარეობს. - ქალმა თავი დაუქნია. - გასაგებია. - დემიანმა ხელი ჩასჭიდა. ლივიამ შეხედა. მამაკაცს არაფერი უთქვამს. არც სჭირდებოდა. იმ საღამოს სასტუმროში დაბრუნებულებს ნიკოლასი დახვდათ. ხელში ტელეფონი ეჭირა. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს რამდენიმე საათში ათი წელი მოემატებინოს. - დემიან. - მამაკაცმა პალტო გაიხადა. - ნიკოლას, თუ ისევ რაღაც საშინელება მოხდა, ჯერ ვივახშმოთ. - ამჯერად კარგი ამბავია. - დემიანი გაჩერდა. - მართლა? - დიახ. - დარწმუნებული ხარ? ბოლო დროს შენგან კარგი ამბის გაგონება თითქმის მითოლოგიურ მოვლენად იქცა. - ნიკოლასმა ამოისუნთქა. - ნიუ-იორკის სააგენტო კონცერტების გადადებაზე საბოლოოდ შეთანხმდა. რამდენიმე ფესტივალმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ შენს დაბრუნებას დაელოდებიან. - დემიანი გაჩუმდა. ლივიამ მისკენ გაიხედა. - ანუ? - ნიკოლასმა პირველად იმ დღეს გაიღიმა. - ანუ არავინ აპირებს შენს ჩამოწერას, იდიოტო. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - რა საოცრად თბილი სიტყვებია. - ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა. - შენს ენაზე ვცდილობ საუბარს. - ლივიას სიცილი აუტყდა. მაგრამ დემიანის თვალებში რაღაც შეიცვალა. ის შიში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩუმად ცხოვრობდა მის შიგნით, თითქოს პირველად ოდნავ შესუსტდა. მისი კარიერა არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ელოდნენ. და პირველად, ტრავმის შემდეგ, მომავალში საკუთარი თავი ისევ სცენაზე წარმოიდგინა. ნიკოლასი მალევე წავიდა. ლივია ფანჯარასთან იდგა. დემიანი მიუახლოვდა. შემოეხვია. - ქავთარაძე. - ჰო? - დღეს ძალიან ჩუმად ხარ. - ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. - ზურაბზე ვფიქრობ. - დემიანმა არაფერი თქვა. ლივიამ განაგრძო: - იცი, ყველაზე მეტად რა მაბრაზებს? ის კი არა, რომ მომატყუა. ის, რომ ჩემი პროფესია გამოიყენა იმისთვის, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება ვიბრძოდი. - დემიანმა ნიკაპი მის მხარზე დადო. - ადამიანები ზოგჯერ საკუთარ თავს ძალიან იაფად ყიდიან. - და მერე სხვებსაც იმავე ფასით აფასებენ. - მამაკაცმა თავი დაუქნია. რამდენიმე წამით ჩუმად იდგნენ. დუმილო დემიანმა დაარღვია. - მაგრამ შენ არ გაყიდე. - ლივიამ თავი მიაბრუნა. - რა? - შენ არ გაყიდე საკუთარი თავი, ქავთარაძე. მაშინაც კი, როცა ჩემზე ცუდს ფიქრობდი, მტკიცებულებებს ეძებდი. და როცა სიმართლე შეიცვალა, შენც შეცვალე საკუთარი დასკვნა. - ქალს გაეღიმა. - ეს კომპლიმენტია? - სამწუხაროდ, დიახ. - ლივიამ მისკენ შებრუნდა. ხელები კისერზე შემოხვია. - დემიან... - ჰო? - შენ ხომ იცი, რომ თავიდან მართლა მინდოდა შენი განადგურება? - მამაკაცმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, შენ დღემდე ყოველდღე ცდილობ ამას. - ქალს გაეცინა. დემიანმა განაგრძო: - უბრალოდ მეთოდები შეიცვალა. - ლივიამ ტუჩზე იკბინა. - მაგალითად? - მამაკაცი მისკენ დაიხარა. - მაგალითად, ახლა გაცილებით სასიამოვნოდ მტანჯავ. - ქალმა აკოცა. ნელა. შემდეგ კიდევ ერთხელ. დემიანმა მარცხენა ხელი ზურგზე აასრიალა. ლივიამ თითები მის თმაში შეაცურა. რამდენიმე წამით ყველაფერი გაქრა. დოკუმენტები. სასამართლოები. ჟურნალისტები. მუქარები. დარჩა მხოლოდ ის სიახლოვე, რომლისკენაც ორივე თხუთმეტი წელი დაგვიანებით მიდიოდა. როცა ერთმანეთს მოშორდნენ, დემიანმა დაბალი ხმით უჩურჩულა. - ქავთარაძე, მე არ მინდა, რომ ჩვენი ამბავი ამ გამოძიებასთან ერთად დასრულდეს. - ლივიამ თვალები ასწია. მამაკაცმა განაგრძო: - არ მინდა, ერთ დღეს ყველაფერი გაირკვეს, შენ სტატია დაასრულო, მე სცენაზე დავბრუნდე და მერე აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ ძალიან საინტერესო სკანდალი გვქონდა. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. მის სახეზე ღიმილი ნელა გაქრა. არა სევდისგან. არამედ იმიტომ, რომ დემიანის სიტყვები ზუსტად იმ შიშს შეეხო, რომლის აღიარებასაც საკუთარ თავთანაც კი ერიდებოდა. - და რა გინდა? - იკითხა ჩუმად. მამაკაცს გაეღიმა. - შენ. - ლივიას სუნთქვა შეეკრა. - ეს უკვე ვიცი. - მაშინ კარგია. დრო დავზოგეთ. - ქალს გაეცინა. - მინდა ჩვეულებრივი დილები. შენი საშინელი ყავა. შენი შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არ მინდა. მინდა, როცა კონცერტიდან დავბრუნდები, ვიცოდე, ვისთან მივდივარ. - ლივიამ თვალები დახუჭა. მამაკაცმა ხმადაბლა დაამატა: - და მინდა, ერთხელ მაინც მოვასწრო შენთან ვახშამი ისე, რომ ვინმე არ დაგვემუქროს, არ დაგვირეკოს ან არ დაგვაკავოს. - ქალს სიცილი აუტყდა. - საკმაოდ ამბიციური გეგმებია, ავალიანი. - ვიცი. მაგრამ მე ყოველთვის დიდი მიზნები მქონდა. - ლივიამ მისი სახე ხელებში მოიქცია. რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თქვა: - მეც მინდა. - დემიანი გაჩუმდა. - რა? - ქალს გაეღიმა. - ყველაფერი, რაც ჩამოთვალე. ოღონდ ჩემი ყავა საშინელი არ არის. - მამაკაცმა თავი უკან გადასწია. - ღმერთო, ქავთარაძე, ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი როგორ გააფუჭე? - ლივიას სიცილი აუტყდა. დემიანმა აკოცა. და ამჯერად, როცა ქალმა თავი მის მკერდზე დადო, ორივემ იგრძნო, რომ მათ შორის რაღაც საბოლოოდ შეიცვალა. ეს აღარ იყო წარსულის გამოსწორების მცდელობა. აღარც შემთხვევით დაბრუნებული გრძნობა. ეს იყო არჩევანი. ორი ზრდასრული ადამიანის. რომლებსაც უკვე კარგად ესმოდათ, რამდენად რთული შეიძლებოდა ყოფილიყო ერთმანეთის სიყვარული. და მაინც სურდათ. იმ ღამეს, როცა თბილისს უკვე ეძინა, ნიუ-იორკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. რიჩარდ ჰეისის ყოფილმა თანაშემწემ გამომძიებლებს დამატებითი დოკუმენტები გადასცა. მათ შორის იყო შიდა მიმოწერა, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ელიზა მორგანის კომპოზიციის ადრიან უიტმორის სახელით გამოქვეყნება, ფონდის ფინანსური ანგარიშების შეცვლა და იმ ადამიანების გაჩუმება, რომლებიც ამ ოპერაციებს ეწინააღმდეგებოდნენ. დოკუმენტებში მარტინ კელერის სახელიც რამდენჯერმე ფიგურირებდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი მოკლე შეტყობინება აღმოჩნდა. რიჩარდ ჰეისისგან ედვარდ უიტმორს. „თუ ავალიანი ან ქავთარაძე საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მხოლოდ მუსიკის უფლებებს არ დავკარგავთ.“ და ქვემოთ ედვარდ უიტმორის პასუხი: „მაშინ დარწმუნდით, რომ ბოლომდე ვერ მივლენ.“ ეს ორი წინადადება ჯერ სასამართლოს განაჩენი არ იყო. მაგრამ პირველად არსებობდა პირდაპირი დოკუმენტური საფუძველი იმის გამოსაკვლევად, რამდენად შორს მიდიოდა უიტმორის მონაწილეობა არა მხოლოდ ფინანსურ სქემაში, არამედ სიმართლის დამალვის მცდელობაშიც. დილით ლივიას ეს ინფორმაცია უკვე ელოდა. მაგრამ სანამ ტელეფონს აიღებდა, რამდენიმე წამით დემიანს უყურებდა. მამაკაცს ეძინა. სახეზე ის იშვიათი სიმშვიდე ჰქონდა, რომელიც სცენაზე არასოდეს ეტყობოდა. ლივიამ ფრთხილად გადაუსვა თითები თმაზე. დემიანმა თვალები არ გაახილა. მხოლოდ მარცხენა ხელი გაუწოდა. ქალმა გაიღიმა. მის გვერდით დაწვა. მამაკაცმა თავისკენ მიიზიდა. - ქავთარაძე.- ჩაილაპარაკა ძილბურანში. - ჰო? - თუ ისევ გამოძიებას აპირებ, ჯერ მაკოცე. - ლივიას გაეცინა. - საიდან იცი? - დემიანმა ერთი თვალი გაახილა. - იმიტომ, რომ შენს სახეზე უკვე ის გამომეტყველებაა, რომელსაც ვიღაცის კარიერის დასასრული მოჰყვება. - ქალმა აკოცა. - ამჯერად შეიძლება რამდენიმე კარიერა დასრულდეს. - დემიანმა ღრმად ამოისუნთქა. - მშვენიერია. ოღონდ ჩემსას თავი დაანებე. - ლივიამ გაიღიმა. - შენსას ახლა სხვა გეგმები აქვს. - მამაკაცმა წარბი ასწია. - მაგალითად? - ქალი მისკენ გადაიხარა. - გამოჯანმრთელება. - და შემდეგ? - ლივიამ კიდევ ერთხელ აკოცა. - შემდეგ ვნახოთ, რას შეძლებს ჩვენი ვირტუოზი. - დემიანს გაეღიმა. მაგრამ ამჯერად აღარაფერი უთქვამს. რადგან პირველად დიდი ხნის შემდეგ მომავალი მხოლოდ იმ სცენით აღარ იზომებოდა, რომელზეც დაბრუნება სურდა. ახლა მასში ლივიაც იყო. და ეს, მისთვის სრულიად მოულოდნელად, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 17 დემიან ავალიანის ცხოვრებაში არსებობდა სამი რამ, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდა: ფორტეპიანო, ყავა და ქალები. პირველთან არასოდეს მიდიოდა კომპრომისზე. მეორესთან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. მესამესთან კი, როგორც აღმოჩნდა, მთელი თავისი ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას ვერ ითვალისწინებდა: შეიძლებოდა შეხვედროდა ქალს, რომელსაც მისი მოთხოვნები საერთოდ არ აინტერესებდა. და სწორედ ამ ქალმა, სამშაბათ დილით, სასტუმროს ნომრის შუაგულში, სრულიად მშვიდად განუცხადა: - დემიან, დღეს შენს ოთახში აღარ დავიძინებ. - მამაკაცმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - უკაცრავად? - ლივია კარადასთან იდგა და პერანგს არჩევდა. - ჩემს ბინაში უნდა დავბრუნდე. დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. - ქავთარაძე, შენ ახლა ჩვენს ურთიერთობას წყვეტ თუ უბრალოდ ტანსაცმელი გაგითავდა? - ქალს გაეცინა. - არც ერთი. საკუთარი სახლი მაქვს, თუ დაგავიწყდა. - ვიცი. ძალიან სამწუხარო გარემოებაა. - რატომ? - იმიტომ, რომ იქ ჩემი ნივთები არ არის. - ლივიამ წარბი ასწია. - და ეს პრობლემაა? - სერიოზული. - ქალმა პერანგი საკიდიდან ჩამოხსნა. - მაშინ შეგიძლია შენი ნივთები მოიტანო. - დემიანი გაჩუმდა. ლივიამ მისკენ გაიხედა. მამაკაცი ისე უყურებდა, თითქოს ახლახან მსოფლიოს ყველაზე უცნაური წინადადება მოესმინა. - რა? - იკითხა ქალმა. დემიანმა ფრთხილად გაიღიმა. - ქავთარაძე, შენ ახლახან ერთად ცხოვრება შემომთავაზე? - არა, ავალიანი. გითხარი, რომ შენი კბილის ჯაგრისის მოტანა შეგიძლია. - დიდი ამბები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება. - განსაკუთრებით, როცა საქმე შენს ეგოს ეხება. - დემიანმა თავი დაუქნია. - ჩემი ეგო უკვე ბარგს ალაგებს. - ლივიას სიცილი აუტყდა. მაგრამ მამაკაცს რომ მიუახლოვდა და პერანგის საყელო გაუსწორა, ღიმილი ნელა გაუქრა. - მართლა მინდა, ჩემს სახლში დავბრუნდე, დემო. - დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - და მინდა, იქ შენც მოხვიდე. ოღონდ არა იმიტომ, რომ უნდა დამიცვა ან ვინმესგან დამმალო. მამაკაცი უყურებდა. - უბრალოდ იმიტომ, რომ მინდა, ჩემთან იყო. - დემიანმა ხელი წელზე შემოხვია. - ქავთარაძე, შენ ასეთი განცხადებები დილის ცხრა საათზე არ უნდა გააკეთო. - რატომ? - იმიტომ, რომ ახლა ძალიან მიჭირს შენი სამსახურში გაშვება. - ქალს გაეღიმა - ეცადე. მან აკოცა. მოკლედ. თითქოს განზრახ. დემიანმა თვალები მოჭუტა. - ეს რა იყო? - დამშვიდობება. - შეურაცხმყოფელია. - ლივიამ ჩანთა აიღო. - საღამოს გნახავ. - რომელ საათზე? - რვაზე. - მისამართი ვიცი? - დემიან! - ვამოწმებ, ხომ არ შეიცვალა რამე. - ქალი სიცილით გავიდა. დემიანი რამდენიმე წამით დახურულ კარს უყურებდა. შემდეგ ტელეფონი აიღო და ნიკოლასს დაურეკა. - საღამოს ყველა შეხვედრა გადამიდე. - რატომ? - მნიშვნელოვანი პირადი საქმე მაქვს. - რა საქმე? - დემიანმა გაიღიმა. - ნიკოლას, მგონი, საცხოვრებელი ადგილი უნდა შევიცვალო. იმავე დილით ლივია ქავთარაძემ საკუთარი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. ეს სტატია არ იყო. არც ინტერვიუ. არც ანონიმური წყაროსგან გამოგზავნილი მასალა. ეს იყო ოფიციალური შეტყობინება, რომლითაც საქართველოს საგამოძიებო უწყება ადასტურებდა: ლივიაზე თავდასხმის, მისი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მასთან დაკავშირებული უკანონო ინფორმაციის გადაცემის საქმეზე გამოძიების ძირითადი ეტაპი დასრულებული იყო. ლევან ჯაფარიძეს ბრალად ედებოდა თავდასხმა, მუქარა და ქონების ძალადობით დაუფლების მცდელობა. გიორგი ქარსელაძეს თვალთვალსა და დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობა. ზურაბ მაისურაძეს კი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევა, მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დანაშაულებრივი მიზნით გადაცემა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების დამალვაში მონაწილეობა. მარტინ კელერის ადგილობრივი წარმომადგენლის მიმართაც დაწყებული იყო სამართლებრივი დევნა. თავად კელერის როლი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილებოდა. ლივიამ შეტყობინება ორჯერ წაიკითხა. შემდეგ ნატას დაურეკა. - ნახე? - ვნახე. - უპასუხა ნატამ. მის ხმაში რაღაც უცნაური იყო. არც სიხარული. არც შვება. უფრო იმ ადამიანის დაღლილობა, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში დაჭიმული კუნთები ბოლოს და ბოლოს მოადუნა. - ნატა... - ჰო? - კარგად ხარ? - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ქალმა ხმადაბლა თქვა: - არ ვიცი. მეგონა, როცა ზურაბს ბრალს წაუყენებდნენ, ძალიან გამიხარდებოდა. - ლივიამ არაფერი თქვა. - მაგრამ ხომ იცი. - განაგრძო ნატამ. - წლების განმავლობაში მასთან ვმუშაობდით. ზოგჯერ მართლა გვეგონა, რომ კარგი ჟურნალისტები სწორედ მისი დამსახურებით ვიყავით. - ლივიამ ფანჯარაში გაიხედა. - ის, რაც მისგან ვისწავლეთ, ტყუილი არ ყოფილა. უბრალოდ თვითონ ვერ იცხოვრა იმ წესებით, რომლებსაც გვასწავლიდა. - ნატამ ამოისუნთქა. - შენ როგორ ხარ? - ლივიამ რამდენიმე წამით იფიქრა. - პირველად დიდი ხნის შემდეგ აღარ მინდა, ტელეფონს ყოველ ხუთ წუთში დავხედო. - ესე იგი, კარგად ხარ. - ქალს გაეღიმა. - ალბათ. - და ავალიანი? - ლივიამ თვალები აატრიალა. - აუტანელია. - ნატას სიცილი აუტყდა. - ანუ ეგეც კარგად არის. ზურაბ მაისურაძის საქმე საბოლოოდ ერთმა ელექტრონულმა წერილმა კი არა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა მტკიცებულებებმა შეკრა. მისი სამუშაო კომპიუტერიდან აღდგენილი მიმოწერა. სარედაქციო კამერების გათიშვის დროს ადმინისტრაციულ სისტემაში შესვლის ჩანაწერები. „Northbridge Consulting“-ისგან მიღებული თანხები. მარტინ კელერის წარმომადგენლებთან სატელეფონო კავშირები. და ლევან ჯაფარიძის ტელეფონში აღმოჩენილი შეტყობინებები, რომლებშიც ლივიას გამოსვლის დრო და შესასვლელი ზუსტად იყო მითითებული. ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ დავალება ჟურნალისტის ჩანთის წართმევასა და მის დაშინებას გულისხმობდა. დემიანის ჩარევა თავდამსხმელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამიტომაც დაირღვა წინასწარ დაგეგმილი მოქმედების სქემა. ზურაბი თავდაპირველად უარყოფდა, რომ ფიზიკური თავდასხმის შესახებ იცოდა. მაგრამ მოგვიანებით, როცა მისმა ადვოკატმა მტკიცებულებების სრული მოცულობა შეისწავლა, მან დაადასტურა, რომ კელერის წარმომადგენლებს ლივიას გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ აწვდიდა. ამასთან, მისი ჩვენებით, იცოდა, რომ ჟურნალისტის დაშინებას აპირებდნენ. ეს აღიარება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. მაგრამ ერთი რამ უკვე უდავო იყო. ლივიას რედაქტორი დანაშაულებრივი სქემის ნაწილი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელმაც მას ოდესღაც სიმართლის ძებნა ასწავლა, ახლა თავად ცდილობდა სიმართლის დამალვას. ამერიკაში მოვლენები კიდევ უფრო ხმაურიანად განვითარდა. ელიზა მორგანის საჯარო განცხადებას მოჰყვა საავტორო უფლებების შესახებ დავის ოფიციალური განხილვა, ფონდის ფინანსური დოკუმენტების შემოწმება და რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის ჩვენება. დადასტურდა, რომ ელიზას კომპოზიციის ადრეული ხელნაწერები და ჩანაწერები ადრიან უიტმორის სახელით გამოქვეყნებულ ვერსიაზე გაცილებით ადრე არსებობდა. მარტინ კელერის მონაწილეობით მომზადებული ხელშეკრულებები კი შეიცავდა ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ელიზასთვის სრულად არ განუმარტავთ. ფონდის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა გამომძიებლებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც რიჩარდ ჰეისის მითითებით განხორციელებულ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს აღწერდა. ედვარდ უიტმორის კომპანიებთან დაკავშირებული რამდენიმე ანგარიში დამატებით შემოწმებას დაექვემდებარა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესები ჯერ წინ იყო, „აურორას“ სამეურვეო საბჭომ რიჩარდ ჰეისისგან საჯაროდ გამიჯვნა გადაწყვიტა და დამოუკიდებელი აუდიტი დაიწყო. ადრიან უიტმორის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სადავო ნაწარმოების ავტორობაზე პრეტენზიას აღარ გააგრძელებდნენ. ეს ელიზასთვის მხოლოდ პირველი გამარჯვება იყო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე მოხდა. მისი სახელი დაბრუნდა იქ, სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო. საკუთარი მუსიკის გვერდით. შუადღისას ლივიამ მეორე დიდი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. ამჯერად სათაური უფრო მკაცრი იყო. „სიმართლის ფასი: როგორ უკავშირდებოდა საერთაშორისო ფონდის ფინანსური სქემა ქართველი ჟურნალისტის დაშინებას“ სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი „Northbridge Consulting“-ის როლი, ზურაბ მაისურაძის ფინანსური კავშირები, ჟურნალისტის სამუშაო გრაფიკის უკანონო გადაცემა და ის, თუ როგორ ცდილობდნენ გავლენიანი პირები დამოუკიდებელი გამოძიების შეჩერებას. ლივიამ მკაფიოდ გამიჯნა დადასტურებული ფაქტები, ბრალდებები და საკითხები, რომლებზეც სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიეღო. სტატიის ბოლო აბზაცი კი ჩვეულებრივზე გაცილებით პირადი გამოვიდა. „ჟურნალისტის საქმე არ არის გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს სიყვარულს, ვინ სიძულვილს, ან ვისი რეპუტაცია უნდა გადარჩეს. ჩვენი საქმეა დავსვათ კითხვები მაშინაც, როცა პასუხები არ მოგვწონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმართლის დამალვას ის ადამიანები ცდილობენ, რომლებმაც ოდესღაც მისი ძებნა გვასწავლეს.“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ტელეფონი ისევ რეკავდა. საერთაშორისო გამოცემები კომენტარს ითხოვდნენ. ტელევიზიები პირდაპირ ჩართვას. სოციალური ქსელები ახალი სათაურებით ივსებოდა. „ქართველი რედაქტორი საერთაშორისო სკანდალის მონაწილე აღმოჩნდა“ „ელიზა მორგანის საქმე: მოპარული მუსიკიდან ჟურნალისტზე თავდასხმამდე“ „დემიან ავალიანის წინააღმდეგ აგებული კამპანია ფინანსურ ინტერესებს უკავშირდებოდა“ „ვირტუოზი, ჟურნალისტი და მილიონერები - როგორ დაიშალა გავლენიანი ქსელი“ და კიდევ ერთი, განსაკუთრებით ხმაურიანი: „სიყვარული სკანდალის შუაგულში: დემიან ავალიანი და ლივია ქავთარაძე გამოძიების დასრულების შემდეგ“ ლივიამ ბოლო სათაურს დახედა. შემდეგ ტელეფონი გამორთო. ამჯერად პირველად არ აინტერესებდა, რას დაწერდნენ შემდეგ. საღამოს რვის ათ წუთზე მის ბინაში ზარი გაისმა. ლივიამ კარი გააღო. დემიანი ზღურბლზე იდგა. შავი პალტო ეცვა. მარჯვენა ხელი ისევ დაფიქსირებული ჰქონდა. მარცხენაში კი პატარა ქაღალდის პარკი ეჭირა. ქალმა წარბი ასწია. - ეს რა არის? - ჩემი პირადი ნივთები. - ლივიამ პარკში ჩაიხედა. კბილის ჯაგრისი. შავი მაისური. და ერთი პატარა სუნამოს ფლაკონი. ქალს სიცილი აუტყდა. - დემიან, ეს არის შენი ბარგი? - ქავთარაძე, დანარჩენი ნივთები ნიკოლასს აქვს. მას ტრანსპორტირების საკითხებზე სპეციალური განათლება აქვს მიღებული. - და ეს სუნამო? - მამაკაცმა სრულიად სერიოზულად უპასუხა: - აუცილებელი ნივთია. - რისთვის? - დემიანი მისკენ გადაიხარა. - იმისთვის, რომ როცა წავალ, ცოტა ხნით მაინც გახსოვდე. - ლივიამ გაიღიმა. - ძალიან თავდაჯერებული ხარ. - მხოლოდ იმიტომ, რომ საფუძველი მაქვს. - ქალი გვერდით გადგა. - შემოდი, ვირტუოზო. - დემიანი შევიდა. და პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა, უცხო სივრცეში შესვლისას არ უგრძნია, რომ დროებით სტუმრობდა. ლივიას ბინა არ ჰგავდა სასტუმროს ნომერს. აქ ყველაფერი გაცილებით პატარა იყო. გაცილებით თბილი. წიგნები თაროებზე ოდნავ უწესრიგოდ ეწყო. მისაღების მაგიდაზე რამდენიმე ჟურნალის ნომერი იდო. ფანჯარასთან დიდი მცენარე იდგა, რომელსაც აშკარად მეტი ყურადღება სჭირდებოდა. დემიანმა ოთახი შეათვალიერა. - ქავთარაძე, შენს სახლში ძალიან ბევრი წიგნია. - ეს დანაშაულია? - არა. უბრალოდ ჩემი ეგო აქ აშკარად კონკურენციას შეხვდება. - ქალს გაეცინა. - შენს ეგოს ცალკე ოთახი სჭირდება. - თუ შეიძლება, ფანჯრიანი. - ლივიამ პალტო გამოართვა. შემდეგ სამზარეულოსკენ წავიდა. - ვივახშმოთ? - დემიანმა თავი დაუქნია. - თუ შენ მოამზადე, წინასწარ მინდა ვიცოდე, სიცოცხლის დაზღვევა მოქმედებს თუ არა. - ქალმა უკან მოიხედა. - დემიან! - ვხუმრობ, ქავთარაძე. - ძალიან ცუდად. - ვიცი. შიმშილი შემოქმედებით შესაძლებლობებს მიქვეითებს. - მაგრამ როცა ლივიამ მაგიდაზე ვახშამი დააწყო, დემიანმა მოულოდნელად დაინახა რაღაც, რაც დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვეულებრივი საღამო. ორი თეფში. ორი ჭიქა. ფანჯრიდან შემოსული ქალაქის შუქი. და ქალი, რომელიც მის წინ იჯდა და არაფერს ცდილობდა, გარდა იმისა, რომ მასთან ერთად ევახშმა. არც ჟურნალისტი იყო ამ წამს. არც სკანდალის მონაწილე. არც ქალი, რომელსაც თხუთმეტი წლის წინ გული ატკინა. უბრალოდ ლივია. მისი ლივია. და ეს უბრალოება უცნაურად ძლიერად მოქმედებდა. ვახშმის შემდეგ ღვინო გახსნეს. ლივიამ ფანჯარა ოდნავ გამოაღო. ოთახში ნოემბრის ცივი ჰაერი შემოვიდა. დემიანი მისაღების შუაგულში იდგა. ქალს უყურებდა. - რა? - იკითხა ლივიამ. - არაფერი. - დემიან, შენ არასოდეს მიყურებ ასე არაფრის გამო. - მამაკაცმა გაეღიმა. - უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღე. - ქალმა წარბი ასწია. - რომელი? - სახლში შემომიშვი. - ლივიამ გაიცინა. - ჯერ კიდევ შემიძლია გაგაგდო. - დემიანმა მარცხენა ხელი გაუწოდა. - მოდი აქ. - ქალი მიუახლოვდა. მამაკაცმა წელზე ხელი შემოხვია. - ცეკვა შეგიძლია? - ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - შენ მეკითხები? - დიახ. - დემიან ავალიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, ცეკვას მთავაზობს? - ქავთარაძე, მუსიკა და ცეკვა ერთმანეთის ნათესავები არიან. - და შენ რომელი უფრო კარგად გამოგდის? - მამაკაცმა გაიღიმა. - დღეს ამის გარკვევას ვაპირებ. - ლივიამ ტელეფონზე მშვიდი მელოდია ჩართო. ოთახში ნაზი ფორტეპიანოს ხმა გაისმა. დემიანმა თავი ოდნავ გადახარა. - ცუდი არჩევანი არ არის. - შენგან ეს დიდი კომპლიმენტია. - ნუ მიეჩვევი. - ქალს გაეცინა. მამაკაცმა მარცხენა ხელი მის წელზე შეაჩერა. ლივიამ თითები მის მხარზე დააწყო. ნელა მოძრაობდნენ. თითქოს არც ცეკვა იყო. უფრო ერთმანეთის სუნთქვის რითმთან შეგუება. დემიანმა თავი დახარა. ქალს თმაზე აკოცა. შემდეგ საფეთქელზე. ლივიამ თვალები დახუჭა. - დემო... - ჰო? - დღეს პირველად არ მეშინია ხვალინდელი დღის. - მამაკაცმა მოძრაობა შეანელა. - რატომ? - ქალმა თავი ასწია. - იმიტომ, რომ ხვალ არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - მაშინ შეგვიძლია რაღაც ძალიან არაპროდუქტიული გავაკეთოთ. - ლივიას ტუჩის კუთხე აუთამაშდა. - მაგალითად? - მთელი ღამე არ დავიძინოთ. - ქალმა წარბი ასწია. - საინტერესო წინადადებაა. - თან სრულიად მეცნიერულად დასაბუთებული. - მართლა? - დიახ. უძილობას ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო მიზეზები აქვს. - ლივიას გაეცინა. შემდეგ მისკენ გადაიხარა. აკოცა. და ამჯერად კოცნა აღარ დასრულებულა რამდენიმე წამში. დემიანს ყოველთვის ეგონა, რომ ქალის კოცნა ყველაზე კარგად მაშინ იცოდა, როცა თავად მართავდა ყველაფერს. სად უნდა შეხებოდა. როდის უნდა გაჩერებულიყო. რამდენ ხანს უნდა გაეგრძელებინა. მაგრამ ლივიასთან ყველა მისი გამოცდილება უცნაურად უსარგებლო ხდებოდა. რადგან ეს ქალი არ ელოდა, როდის გადაწყვეტდა მამაკაცი რამეს. თვითონ წყვეტდა. თვითონ უახლოვდებოდა. თვითონ კოცნიდა. და სწორედ ეს აგიჟებდა დემიანს ყველაზე მეტად. ლივიამ მისი პერანგის საყელო დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა. დემიანმა მარცხენა ხელი წელზე შემოხვია. მარჯვენა ფრთხილად ჰქონდა სხეულთან. ქალმა ტუჩები მის ყბას ჩამოაყოლა. შემდეგ კისერზე აკოცა. მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა. - ქავთარაძე... - რა? - შენ ძალიან ცუდ გავლენას ახდენ ჩემზე. - ლივიამ თავი ასწია. - მართლა? - დიახ. მთელი ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობები გაქრა. - ქალს გაეცინა. - არც ისე დიდი დანაკარგია. - დემიანმა წარბი ასწია. - შეურაცხმყოფელია. - შეეგუე. - ქალმა ისევ აკოცა. მამაკაცმა ფრთხილად მიიზიდა. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. შემდეგ დემიანმა მის სახეს ხელი შეახო. - ლივია. - ქალმა თვალები ასწია. მამაკაცი ამჯერად აღარ უღიმოდა. - დარწმუნებული ხარ? - ლივიამ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ნელა დაუქნია თავი. - ჰო. - დემიანი შუბლზე დაეყრნო. - იმიტომ არ გეკითხები, რომ მეშინია. - ქალს გაეღიმა. - ვიცი. - უბრალოდ არ მინდა, ოდესმე იფიქრო, რომ... - ლივიამ თითი ტუჩებზე მიადო. - დემო. - მამაკაცი გაჩუმდა. ქალმა მშვიდად უთხრა: - თხუთმეტი წლის წინ მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა საკუთარი სურვილის დაცვა. დღეს ვიცი. - დემიანის თვალებში რაღაც შეიცვალა. ლივიამ კი განაგრძო: - დღეს მე თვითონ მინდა შენთან ყოფნა. - მამაკაცმა თვალები დახუჭა. შემდეგ ქალს აკოცა. ამჯერად ისე, თითქოს პასუხი უკვე მიღებული ჰქონდა. საძინებლის კარი ნახევრად ღია დარჩა. ოთახში მხოლოდ ქუჩიდან შემოსული რბილი შუქი აღწევდა. ლივიამ დემიანის პერანგის ღილები გახსნა. მამაკაცი უყურებდა. უჩვეულოდ ჩუმად. ქალმა გაეღიმა. - რა მოხდა, ვირტუოზო? - დემიანმა თავი გააქნია. - ვფიქრობ, რომ ძალიან სახიფათო ქალი ხარ. - რატომ? - იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში მინდა, რაღაცას ბოლომდე არ ვაკონტროლებდე. - ლივიამ მკერდზე ხელი გადატაარა. - მაშინ ნუ აკონტროლებ. - მამაკაცმა მარცხენა ხელი მის სახეს შეახო. ჯერ ნაზად, შემდეგ უფრო მჭიდროდ. მიიზიდა. აკოცა. შემდეგ ლოყაზე. ყბაზე. კისერზე. ქალმა თვალები დახუჭა. მათი სიახლოვე ნელ-ნელა კარგავდა იმ სიფრთხილეს, რომელიც წინა დღეებში ყოველ ნაბიჯს თან ახლდა. მაგრამ არა ყურადღებას. დემიანმა დაზიანებული ხელი ოროვეს ახსოვდა. ლივიამ შეხედა. - კარგად ხარ? მამაკაცს გაეღიმა. - ქავთარაძე, თუ ახლა სამედიცინო კონსულტაციას დაიწყებ, ჩემს თვითშეფასებას სერიოზული ზიანი მიადგება. - ქალს სიცილი აუტყდა. - უბრალოდ გეკითხები. - კარგად ვარ. მან ლივიას ხელი დაიჭირა. ტუჩებთან მიიტანა. - და შენ? - ქალმა თავი დაუქნია. - ძალიან. შემდეგ თვითონ მიუახლოვდა. და მათ შორის დარჩენილი მანძილიც გაქრა. იმ ღამეს არაფერი ჰგავდა თხუთმეტი წლის წინანდელ გამოსაშვებ საღამოს. არც შიში იყო. არც სხვისი სიცილი. არც სანაძლეო. არც უხერხული სიჩუმე, რომელსაც ერთი ადამიანი ტოვებდა და მეორე მთელი ცხოვრება ატარებდა. იყო ორი ზრდასრული ადამიანი. ორი განსხვავებული ხასიათი. ორი რთული წარსული. და სურვილი, რომელიც აღარ საჭიროებდა არც დამალვას, არც გამართლებას. ლივიას პირველად არ უფიქრია, როგორ გამოიყურებოდა სხვის თვალში. დემიანს პირველად არ უცდია, შთაბეჭდილება მოეხდინა. ისინი უბრალოდ ერთმანეთთან იყვნენ. სურვილით. სითბოთი. იმ ნდობით, რომელიც მათ შორის არც სწრაფად გაჩენილა და არც იოლად. და როცა ღამე საბოლოოდ ჩამოწვა ქალაქზე, ლივიამ იგრძნო, რომ წარსულის ყველაზე მტკივნეული მოგონებაც კი შეიძლებოდა ერთ დღეს აღარ ყოფილიყო მისი ცხოვრების მთავარი საზომი. გვიან ღამით ლივიას გაეღვიძა. ოთახში სიჩუმე იყო. დემიანი მის გვერდით იწვა. მარცხენა ხელი ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული. მარჯვენა ბალიშზე ფრთხილად მოთავსებული. ლივიამ თავი ასწია. მამაკაცს არ ეძინა. - რაზე ფიქრობ? - ჰკითხა ქალმა. დემიანმა შეხედა. - ძალიან სერიოზულ საკითხზე. - ლივიას გაეღიმა. - მაგალითად? - ვფიქრობ, რომ შენს ბინაში გადმოსვლა ოფიციალურად უნდა გავაფორმო. - ქალს სიცილი აუტყდა. - დემიან! - რა? აქ შესანიშნავი პირობებია. - მაგალითად? - საწოლი კომფორტულია. - კიდევ? - მასპინძელი განსაკუთრებით მიმზიდველი. - ლივიამ თავი გააქნია. - და? - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ჩუმად თქვა: - პირველად დიდი ხნის შემდეგ არ მაქვს სურვილი, სადმე სხვაგან ვიყო. - ლივიას ღიმილი ნელა გაუქრა. დემიანმა თითები მის თმაში შეუცურა. - ქავთარაძე... - ჰო? - მიყვარხარ. - ქალმა თვალები დახუჭა. ეს სიტყვა უკვე მოესმინა. რამდენჯერმე. მაგრამ ამჯერად სხვანაირად ჟღერდა. არც კამათის დროს. არც ხუმრობაში. არც იმ მომენტში, როცა რომელიმე მათგანი რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა. უბრალოდ ღამეში. მის საწოლში. სიამოვნების მორევში ცურვის შემდეგ. მის გვერდით. ლივიამ თვალები გაახილა. მამაკაცს შეხედა. და პირველად თავადაც თქვა: - მეც მიყვარხარ, დემო. - დემიანი გაჩუმდა. რამდენიმე წამით ისე უყურებდა, თითქოს ვერ გაეგო. შემდეგ გაეღიმა. - ქავთარაძე... - რა? - შეგიძლია გაიმეორო? - ქალს სიცილი აუტყდა. - არა. - რატომ? - იმიტომ, რომ ერთხელაც საკმარისია. - დემიანმა თავი გააქნია. - სრულიად არადამაკმაყოფილებელი მომსახურებაა. ლივიამ აკოცა. მამაკაცმა ხელი უფრო მჭიდროდ შემოხვია. - კიდევ ერთხელ. - ჩაილაპარაკა. ქალს გაეცინა. - მიყვარხარ, იდიოტო. - დემიანმა თვალები დახუჭა. - აი, ახლა უკეთესია. დილით ლივიამ ყავის სურნელმა გააღვიძა. სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა ისმოდა. ქალი ხალათში გახვეული გავიდა. დემიანი მაგიდასთან იდგა. მარცხენა ხელით ყავის ფინჯანს იღებდა. მარჯვენა ისევ დაფიქსირებული ჰქონდა. მაგიდაზე საუზმე ეწყო. ლივიამ გაკვირვებით შეხედა. - ეს ყველაფერი შენ გააკეთე? - მამაკაცმა თავი დაუქნია. - ჰო. - ქალმა თეფშებს დახედა. - მართლა? - დემიანმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, შენ ჩემს შესაძლებლობებს აშკარად არასათანადოდ აფასებ. - ლივიამ მაგიდაზე პურის შეფუთვა შენიშნა. შემდეგ მზა საუზმის ყუთები. და კართან დარჩენილი მიტანის ქვითარი. ქალს სიცილი აუტყდა. - დემიან! - მამაკაცმა მხრები აიჩეჩა. - ორგანიზების უნარიც ნიჭია. - ლივია მიუახლოვდა. მარცხენა ხელი კისერზე შემოხვია. აკოცა. დემიანმა გაეღიმა. - დილა მშვიდობისა, ქავთარაძე. - დილა მშვიდობისა, ვირტუოზო. - ქალმა მის სახეს შეხედა. - იცი, რა? - რა? - დღეს არაფრის გამოძიებას არ ვაპირებ. - დემიანმა წარბები ასწია. - მართლა? - დიახ. - ღმერთო, სასწაულები ჯერ კიდევ ხდება. - ლივიას გაეცინა. მამაკაცმა წელზე ხელი შემოხვია. - მაშინ დღეს ჩემი ხარ. - ქალმა წარბი ასწია. - შენი? - დემიანს გაეღიმა. - კარგი. დღეს მე ვარ შენი. ასე უფრო უსაფრთხოა? - ლივიამ თავი დაუქნია. - გაცილებით. - და ისევ აკოცა. იმავე დილით ელიზა მორგანმა დემიანს მოკლე შეტყობინება გამოუგზავნა. „დღეს პირველად დავჯექი ფორტეპიანოსთან ისე, რომ არ შემშინებია, ვინმეს ჩემი მუსიკის შესრულება გაეგო. მადლობა, რომ მაშინ არ გამიშვი.“ დემიანმა შეტყობინება წაიკითხა. რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ უპასუხა: „ახლა შენი ჯერია. დაუკარი ისე, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ვისი მუსიკაა.“ ტელეფონი გადადო. ლივიას შეხედა. ქალი ფანჯარასთან იდგა. მზის შუქი თმაზე ეცემოდა. დემიანმა გაიღიმა. - ქავთარაძე. - ქალი შებრუნდა. - ჰო? - ერთი რამ გადავწყვიტე. - რა? - როცა სცენაზე დავბრუნდები, პირველ კონცერტზე ელიზას ნაწარმოებს შევასრულებ. - ლივიას სახე გაუნათდა. - მართლა? - დემიანმა თავი დაუქნია. - მისი სახელით. ისე, როგორც თავიდანვე უნდა ყოფილიყო. - ქალი მიუახლოვდა. - ძალიან ლამაზი იქნება. - მამაკაცმა გაიღიმა. - ვიცი. სცენაზე მაინც შეუდარებელი ვარ. - ლივიას სიცილი აუტყდა. - ღმერთო, დემიან! - რა? სიმართლე ყოველთვის სასიამოვნო არ არის. - ქალმა თავი გააქნია. შემდეგ ჩაეხუტა. დემიანმა ხელი შემოხვია. და რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იდგა. გამოძიების მთავარი კითხვები პასუხგაცემული იყო. დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე სამართლებრივ პროცესში გადასულიყო. ელიზას სახელი საკუთარ მუსიკას დაუბრუნდა. დემიანის წინააღმდეგ აგებული ცრუ ბრალდებების საფუძველი დაიშალა. ლივიამ კი საკუთარი პროფესიის ყველაზე რთულ გამოცდას გაუძლო. მაგრამ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ახლა ის იყო, რაც არც ერთ სტატიაში არ ეწერა. ორი ადამიანი, რომლებიც თხუთმეტი წლის წინ ერთმანეთისგან წავიდნენ, ბოლოს და ბოლოს ერთსა და იმავე სახლში იღვიძებდნენ. და პირველად აღარ ფიქრობდნენ, როდის მოუწევდათ ისევ დაშორება. 18 არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც დრო კალენდრით არ იზომება. მუსიკოსებისთვის ის ხშირად ტაქტებად იყოფა. ჟურნალისტებისთვის ვადებად, გამოქვეყნებულ მასალებად, გამოტოვებულ ზარებად და იმ ღამეებად, როცა ერთი წინადადების სისწორეს მთელი სამყაროს სიმშვიდე ეწირება. დემიან ავალიანისთვის დრო ყოველთვის მუსიკა იყო. ლივია ქავთარაძისთვის - სიმართლე. და როცა ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, აღმოჩნდა, რომ არც ერთს შეეძლო საკუთარი ცხოვრების დათმობა სიყვარულის სანაცვლოდ. მათ სხვა რამ უნდა ესწავლათ. როგორ დარჩენილიყვნენ იმ ადამიანებად, რომლებიც იყვნენ, და ამავე დროს ერთმანეთის ცხოვრებაშიც ჰქონოდათ ადგილი. ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო ვირტუოზი იყო, მეორე კი ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც სამშობლო მხოლოდ პასპორტში მითითებული ქვეყანა არ ყოფილა. ოთხი თვის შემდეგ. თბილისი. მარტის დილას ქალაქი ჯერ კიდევ ზამთრის ნარჩენებს ატარებდა. ფანჯრის მიღმა წვრილად წვიმდა. ქუჩაში მანქანები ნელა მოძრაობდნენ, ხეები კი გაზაფხულის მოახლოებას ისეთი უნდობლობით ხვდებოდნენ, თითქოს წინა წლების გამოცდილებამ ზედმეტ ოპტიმიზმს გადააჩვია. ლივიას ბინაში ყავის სურნელი იდგა. და ფორტეპიანოს ხმა ისმოდა. არა ნამდვილი ინსტრუმენტის. პატარა ელექტრონული კლავიშების, რომლებიც დემიანმა რამდენიმე კვირის წინ მოიტანა და მისაღების კუთხეში დადგა. ლივიას მაშინვე განუცხადა, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო. ქალმა უპასუხა, რომ მისაღებში საკონცერტო დარბაზის მოწყობას არ დაუშვებდა. დემიანმა, ბუნებრივია, ეს განცხადება პირად გამოწვევად მიიღო. ახლა კი ინსტრუმენტთან იჯდა. მარჯვენა ხელზე სახვევი აღარ ჰქონდა. თითები კლავიშებზე მოძრაობდნენ. ფრთხილად. მიზანმიმართულად. ზოგჯერ ჩერდებოდნენ. ზოგჯერ ერთსა და იმავე მონაკვეთს რამდენჯერმე უბრუნდებოდნენ. ექიმებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოხსნეს ფიქსაცია. შემდეგ დაიწყო რეაბილიტაცია, მოძრაობის დიაპაზონის აღდგენა, ძალის დაბრუნება, ნერვული და კუნთოვანი კონტროლის ვარჯიშები. დემიანისთვის ყველაზე რთული ტკივილი არ ყოფილა. ყველაზე რთული ის აღმოჩნდა, რომ საკუთარი სხეულისგან მოთმინებას ითხოვდა. მისი თითები ოდესღაც ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ახლა კი მათთან მოლაპარაკება უწევდა. ლივია საძინებლის კართან იდგა. რამდენიმე წუთით უსმენდა. დემიანმა აკორდი ფრაზა დაასრულა. შემდეგ მარჯვენა ხელი კლავიშებიდან აიღო და ნელა გაშალა. ქალი მიუახლოვდა. - როგორ არის? - მამაკაცმა თავი მიაბრუნა. - ვინ? - მისი უდიდებულესობის მარჯვენა ხელი. - დემიანმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, ასეთი უპატივცემულობა სამეფო კარზე დაუშვებელია. - ქალს გაეღიმა. - ანუ კარგად არის. - გაცილებით უკეთ. - ლივიამ თითებზე შეხედა. - გტკივა? - მხოლოდ მაშინ, როცა შენს ყავას ვსვამ. - ქალმა მხარზე ხელი ჰკრა. დემიანს გაეცინა. შემდეგ ხელი წელზე შემოხვია და მუხლებზე დაისვა. - დილა მშვიდობისა, ჟურნალისტო. ლივიამ კისერზე ხელები შემოხვია. - დილა მშვიდობისა, ვირტუოზო. მამაკაცმა ტუჩებში აკოცა. ქალმა პასუხად უფრო ხანგრძლივად აკოცა. დემიანმა თვალები გაახილა. - ქავთარაძე, შენ ჩემს რეაბილიტაციას ხელს უშლი. - მართლა? - დიახ. კონცენტრაციის სერიოზული დარღვევა მაქვს. - მაშინ გავალ. - ქალმა წამოდგომა დააპირა. დემიანმა მაშინვე შეაჩერა. - სად მიდიხარ? - ლივიას სიცილი აუტყდა. - შენ ხომ კონცენტრაცია გჭირდება? - მამაკაცმა მისკენ გადაიხარა. - გადავიფიქრე. მედიცინამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოტივაციას სხვადასხვა ფორმა აქვს. და ისევ აკოცა. მათი ცხოვრება ოთხ თვეში ისე შეიცვალა, რომ ზოგჯერ თავადაც უკვირდათ. დემიანი პერიოდულად ნიუ-იორკში მიფრინავდა. ლივია თბილისში რჩებოდა. ზოგჯერ პირიქით ხდებოდა, ქალი მასთან ჩადიოდა, ამერიკული გამოცემებისთვის მუშაობდა, ინტერვიუებს იღებდა და საღამოობით იმ ბინაში ბრუნდებოდა, სადაც დემიანის გრანდიოზული როიალი მისაღების თითქმის მთელ სივრცეს იკავებდა. დემიანმა ერთხელ სრულიად სერიოზულად შესთავაზა, ნიუ-იორკში მუდმივად გადასულიყო. ლივიამ უთხრა, რომ საკუთარი პროფესია, რედაქცია, წყაროები და ცხოვრება ჰქონდა. მამაკაცმა უპასუხა, რომ ნიუ-იორკშიც არსებობდნენ ჟურნალისტები. ქალმა კი შეახსენა, რომ ნიუ-იორკში არსებობდნენ ქალებიც და თუ ასეთი მარტივი იყო ჩანაცვლება, შეეძლო რომელიმე მათგანთან ეცადა ბედი. დემიანმა მაშინვე განაცხადა, რომ საუბარი არასწორად იყო გაგებული. იმ საღამოს პირველად იკამათეს ისე, რომ არც ერთს ხუმრობა აღარ უნდოდა. მაგრამ სწორედ იმ კამათის შემდეგ გაირკვა ყველაზე მნიშვნელოვანი. დემიანს არ სჭირდებოდა ქალი, რომელიც მის ჩრდილში იცხოვრებდა. ლივიას არ სჭირდებოდა მამაკაცი, რომლის სიყვარულიც საკუთარი ცხოვრების დაკარგვას ნიშნავდა. მათ ერთმანეთი სწორედ დამოუკიდებლობის გამო შეუყვარდათ. და ახლა ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება უნდა ესწავლათ. შეთანხმდნენ, რომ თბილისიც მათი სახლი იქნებოდა და ნიუ-იორკიც. რომ ლივიას მივლინებები დემიანის კონცერტების მიხედვით არ დაიგეგმებოდა. რომ დემიანი საკუთარ კარიერას არ შეწყვეტდა. და რომ არც ერთი მათგანი მეორეს სიყვარულის სახელით არ მოსთხოვდა საკუთარი თავის შემცირებას. ეს ყველაფერი ძალიან გონივრულად ჟღერდა. სანამ რეალურ ცხოვრებაში არ აღმოჩნდნენ. როცა დემიანს ვენაში კონცერტის რეპეტიცია ჰქონდა, ლივიას კი თბილისში მნიშვნელოვანი ინტერვიუ, ტელეფონით საუბარი ხშირად მხოლოდ შუაღამისას გამოსდიოდათ. როცა ლივია სამი დღე ზედიზედ მუშაობდა, დემიანი უკმაყოფილოდ აცხადებდა, რომ ჟურნალისტიკა ადამიანების პირადი ცხოვრების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება იყო. როცა დემიანი ზედიზედ რამდენიმე საათს ვარჯიშობდა და ზარს ვერ პასუხობდა, ლივია შეტყობინებას უგზავნიდა: „ცოცხალი ხარ, მაესტრო?“ პასუხი ზოგჯერ მხოლოდ საღამოს მოდიოდა. „ფიზიკურად - კი. მორალურად - შენ გარეშე საეჭვოდ.“ და მიუხედავად ყველაფრისა, ამ რთულ, არათანაბარ რითმში თანდათან საკუთარი მუსიკა იპოვეს. აპრილის დასაწყისში დემიანის ექიმმა საბოლოოდ დაუშვა სრულფასოვან საკონცერტო დატვირთვაზე ეტაპობრივი დაბრუნება. მანამდე რამდენიმე კვირა სპეციალური ვარჯიშები და კონტროლირებადი რეპეტიციები გაგრძელდა. დემიანი საკუთარ შესაძლებლობებს ყოველდღე ამოწმებდა. ზოგჯერ კმაყოფილი იყო. ზოგჯერ აუტანლად უკმაყოფილო. ერთ საღამოს, როცა განსაკუთრებით რთული მონაკვეთი რამდენჯერმე შეეშალა, კლავიშებს მოშორდა და მთელი საათი ხმა არ ამოუღია. - ლივია მისაღებში შევიდა. დემიანი ფანჯარასთან იდგა. - რა მოხდა? - არაფერი. - ქალმა წარბი ასწია. - ეს „არაფერი“ უკვე ორმოცდაათი წუთია ოთახში დადის. - მამაკაცს გაეღიმა. მაგრამ მალევე ისევ დასერიოზულდა. - ადრე ეს მონაკვეთი თვალდახუჭულს შემეძლო დამეკრა. - ლივია მიუახლოვდა. - ახლა? - ახლა თითებს ვაკვირდები. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ მშვიდათ მიმართა - დემო, შენ სცენაზე მხოლოდ იმიტომ არ ადიოდი, რომ შეცდომებს არ უშვებდი. - მამაკაცმა შეხედა. - აბა რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანები შენს შესრულებაში რაღაცას გრძნობდნენ, რასაც სხვებთან ვერ პოულობდნენ. - დემიანმა გაიღიმა. - ძალიან ლამაზად ჟღერს. სამწუხაროდ, მუსიკალური კრიტიკოსები ასეთი რომანტიკულები არ არიან. - ლივიამ თავი გააქნია. - შენ ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ხარ საკუთარი თავის. - მამაკაცი გაჩუმდა. ქალმა მისი მარჯვენა ხელი აიღო. თითებს დახედა. - ეს ხელი შენთან ერთად გადარჩა. ახლა ნუ სთხოვ, თითქოს არაფერი მომხდარა. - დემიანმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ ლოყაზე აკოცა. - ქავთარაძე, ძალიან მაღიზიანებს, როცა მართალი ხარ. - შეეგუე. - უკვე ოთხი თვეა ვცდილობ. მაისი. ნიუ-იორკი. მეგან უოლშმა დემიან ავალიანი პირველად თორმეტი წლის წინ გაიცნო. მაშინ ის ახალგაზრდა პიანისტი იყო, რომელსაც მუსიკალური სამყარო უკვე განსაკუთრებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მეგანი კი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახლდათ. მათი მეგობრობა უცნაურად დაიწყო. დემიანმა პირველივე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ფოტოები საშინელი იყო. მეგანმა უპასუხა, რომ პრობლემა ფოტოგრაფში კი არა, მის აუტანელ გამომეტყველებაში უნდა ეძებნა. მას შემდეგ ერთმანეთის შეურაცხყოფა თითქმის ტრადიციად ექცათ. მეგანი ერთ-ერთი იმ იშვიათ ადამიანთაგანი იყო, რომელსაც დემიანის პოპულარობა არ აბრმავებდა. და რომელსაც შეეძლო პირდაპირ ეთქვა, რომ მსოფლიო დონის მუსიკოსობა სულაც არ ნიშნავდა მსოფლიო დონის ადამიანობას. დემიანი მას პატივს სცემდა. რაც, ბუნებრივია, ხშირად მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მის ხუმრობებს სხვებზე უკეთ იტანდა. ლივიამ მეგანი პირველად მანჰეტენზე, პატარა ფრანგულ რესტორანში გაიცნო. ქალი მაღალი იყო, ქერა თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და ისეთი თავდაჯერებით მოძრაობდა, თითქოს ნებისმიერი ოთახი მას ეკუთვნოდა. დემიანმა ლივიას ხელი წელზე შემოხვია. - მეგან, გაიცანი ქალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება აუტანელი გახადა. - მეგანმა ლივიას შეხედა. შემდეგ დემიანს. - ღმერთო, ბოლოს და ბოლოს. - ლივიას გაეცინა. მეგანმა ხელი გაუწოდა. - მეგან უოლში. ძალიან მიხარია შენი გაცნობა. - ლივია ქავთარაძე. - ვიცი, ძვირფასო. შენზე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე ამ იდიოტს წარმოუდგენია. - დემიანმა წარბი ასწია. - მეგან. - ქალმა ხელი აუქნია. - გაჩუმდი, დემიან. - ლივიას სიცილი აუტყდა. მეგანმა მას თვალი ჩაუკრა. - უკვე მომწონხარ. - საღამოს განმავლობაში ლივიამ აღმოაჩინა, რომ მეგანი დემიანის შესახებ ისეთ ისტორიებს იცნობდა, რომელთა მოყოლაც თავად მამაკაცს არასოდეს მოუნდებოდა. როგორ გააუქმა ერთხელ ფოტოსესია მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოგრაფმა უთხრა, ოდნავ ბუნებრივად გაიღიმეო. როგორ იკამათა დირიჟორთან მთელი ორმოცი წუთი ერთი ტემპის გამო. როგორ დატოვა ოფიციალური მიღება, რადგან ერთმა გავლენიანმა სტუმარმა კლასიკური მუსიკა „სასარგებლო ფონურ ხმაურად“ მოიხსენია. ლივია სიცილს ვეღარ იკავებდა. დემიანი კი თანდათან უფრო უკმაყოფილო ხდებოდა. - მეგან, შენ აქ ჩემი რეპუტაციის განადგურებას ცდილობ? - ქალმა ღვინის ჭიქა ასწია. - არა, ძვირფასო. უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. - ლივიამ თავი დაუქნია. - ეს განსაკუთრებით მომწონს. - დემიანმა თვალები დახუჭა. - ორი ასეთი ქალი ერთ მაგიდასთან. ეს უკვე საერთაშორისო კრიზისია. - მაგრამ საღამოს ბოლოს, როცა დემიანი ნიკოლასის ზარს პასუხობდა, მეგანმა ლივიას უფრო მშვიდად შეხედა. - იცი, პირველად როდის მივხვდი, რომ დემიანს შენთან ყველაფერი სერიოზულად ჰქონდა? - ლივიამ თავი გააქნია. - როდის? - როცა ხელის ტრავმის შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე უარი თქვა. - ქალმა წარბები შეკრა. მეგანმა განაგრძო: - მაშინ ყველა ცდილობდა, საუკეთესო ექიმებთან გადმოგვეყვანა. აქ შესანიშნავი სპეციალისტები გვყავდა. მაგრამ მან თქვა, რომ საქართველოში დარჩებოდა, სანამ გარკვეულ საქმეებს არ დაასრულებდა. - ლივიამ არაფერი თქვა. - მე მეგონა, ელიზას საქმეს გულისხმობდა. გაეღიმა მეგანს. - მერე მივხვდი, რომ საქმე მხოლოდ ელიზა არ იყო. - ლივიამ დემიანისკენ გაიხედა. მამაკაცი მოშორებით იდგა და ტელეფონზე საუბრისას უკმაყოფილოდ იქნევდა მარცხენა ხელს. მეგანმა ხმადაბლა დაამატა: - ის ძალიან რთული ადამიანია, ლივია. მაგრამ როცა ვინმე მართლა უყვარს, ეს მის ყველა გადაწყვეტილებაში ჩანს. მაშინაც კი, როცა თვითონ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. - ლივიას გაეღიმა. - ვიცი. - მეგანმა ჭიქა ასწია. - მაშინ შენს მოთმინებას გაუმარჯოს. - ლივიამ ჭიქა მიუჭახუნა. - და მისასაც. ჩემთანაც არ არის მარტივი. - მეგანს გაეცინა. - შესანიშნავია. ბოლოს და ბოლოს თანაბარი მოწინააღმდეგე შეხვდა. იმ ღამეს ნიუ-იორკის ბინაში დაბრუნებულებს ქალაქი ათასობით განათებული ფანჯრით დახვდათ. დემიანმა პიჯაკი სკამის საზურგეზე გადააგდო. ლივია ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ მანჰეტენი მოძრაობდა. ქალაქი, რომელსაც თითქოს არასოდეს ეძინა. დემიანი ზურგიდან მიუახლოვდა. ხელები წელზე შემოხვია. - მოგეწონა მეგანი? - ძალიან. - სამწუხაროა. - ლივიას გაეცინა. - რატომ? - იმიტომ, რომ ახლა თქვენ ორნი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებით. - ქალი მისკენ შებრუნდა. - შენზე ძალიან ბევრი რამ გავიგე. - დემიანმა წარბი ასწია. - მაგალითად? - რომ ფოტოგრაფებს ატერორებ. - ეს პროფესიული სტანდარტების დაცვაა. - დირიჟორებს ეჩხუბები. - მუსიკალური პრინციპულობა. - და ძალიან ცუდად იღებ შენიშვნებს. - მამაკაცმა თავი გააქნია. - აშკარა ცილისწამებაა. - ლივიამ სიცილით აკოცა. დემიანმა უფრო ახლოს მიიზიდა. - ქავთარაძე, შენ ძალიან კმაყოფილი ჩანხარ. - ვარ კიდეც. - საინტერესოა. მეც. - კისერში აკოცა. ლივიამ თვალები დახუჭა. ქალაქის შუქი მის სახეზე მოძრაობდა. დემიანის თითები ზურგზე ნელა ჩამოეშვა. ქალმა მისი პერანგის საყელო დაიჭირა. - დემო... - ჰო? - ხვალ რეპეტიცია რომელ საათზე გაქვს? - თერთმეტზე. - ანუ დრო გვაქვს. - მამაკაცმა თავი ასწია. რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - ქავთარაძე, შენ ძალიან სახიფათო მათემატიკა გაქვს. - ლივიას გაეღიმა - რატომ? - იმიტომ, რომ ამ წუთიდან თერთმეტ საათამდე ყველაფერს სრულიად სხვა მნიშვნელობა მიეცა. - ქალს გაეცინა. დემიანმა აკოცა. ვნებიანად, ისე, რომ ლივიამ საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქალმა პერანგის ღილები გაუხსნა. დემიანმა ხელები წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. მისი მარჯვენა ხელი უკვე გაცილებით თავისუფლად მოძრაობდა, თუმცა ზედმეტ დატვირთვას კვლავ ერიდებოდა. ლივიამ ეს კარგად იცოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მათი სიახლოვე ბოლო თვეებში გაცილებით ბუნებრივი გამხდარიყო, ამ სიფრთხილეში რაღაც განსაკუთრებული სინაზე რჩებოდა. მამაკაცმა ქალს თმა უკან გადაუწია. კისერზე აკოცა. შემდეგ მხარზე. ლივიამ თითები მის თმაში შეაცურა. - დემიან... - ჰო - შენ საერთოდ შეგიძლია, ერთხელ მაინც არაფერი თქვა? - მამაკაცმა თავი ასწია. - ქავთარაძე, შენ ახლა მსოფლიო დონის არტისტს თვითგამოხატვას უზღუდავ. - ქალს სიცილი აუტყდა. - სწორედ მაგას ვაკეთებ. - დემიანმა თვალები მოჭუტა. - მაშინ სხვა ფორმით მომიწევს საკუთარი ნიჭის დემონსტრირება. - ლივიამ მისკენ გადაიხარა. - ვნახოთ. - მათი კოცნა ისევ გაგრძელდა. საძინებლისკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერმე გაჩერდნენ. ერთხელ კედელთან. მეორედ კართან. დემიანს გაეცინა, როცა ლივიამ პერანგი ბოლომდე გაუხსნა და მოუთმენლად მოაშორა მისი მხრებიდან. - ქავთარაძე, ეს ნივთი საკმაოდ ძვირი ღირდა. - ქალმა თვალები მოჭუტა. - ანგარიშს გამომიგზავნი? - არა. კომპენსაციის სხვა ფორმაზე ვფიქრობ. - ლივიამ აკოცა. და ამჯერად საუბარი თვითონვე შეწყვიტა. საძინებელში ქალაქის მკრთალი სინათლე აღწევდა. დემიანმა ქალს სახეზე ხელი შეახო. რამდენიმე წამით უყურებდა. ლივიას ყოველთვის უკვირდა, როგორ შეეძლო ამ კაცს ერთი მზერით გაექრო მთელი თავისი თავხედობა და სრულიად სხვა ადამიანად ქცეულიყო. მამაკაცად, რომელსაც არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდებოდა. მისი კოცნა ნელი გახდა. მათი სიახლოვე უფრო ღრმა. ლივიამ იგრძნო, როგორ იკარგებოდა გარესამყაროს ხმაური. აღარ არსებობდა არც კონცერტის თარიღები, არც საგაზეთო სათაურები, არც ორ ქვეყნას შორის გაწელილი მანძილი. მხოლოდ ერთმანეთის სითბო. სუნთქვა. და ის უცნაური სიმშვიდე, რომელიც ყველაზე ძლიერ სურვილსაც შეიძლება ახლდეს, როცა ადამიანს აღარ ეშინია საკუთარი გრძნობების. იმ ღამეს ერთმანეთი ისევ აირჩიეს. არა იმიტომ, რომ წარსული უნდა გამოესწორებინათ. არამედ იმიტომ, რომ აწმყო უკვე იმდენად ძვირფასი გამხდარიყო, მისი არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ უნდოდათ. ივნისი. თბილისი. დემიანის მშობლების სახლში კვირა საღამოს მთელი ოჯახი შეიკრიბა. მარინა ავალიანი სამზარეულოში ტრიალებდა და კატეგორიულად უარყოფდა, რომ ზედმეტად ბევრი საჭმელი მოემზადებინა. ალექსანდრე მისაღებში იჯდა და შვილს ეკითხებოდა, რატომ არ შეიძლებოდა კონცერტების ნაწილი საქართველოში გაემართა. ანა კი ლივიას გვერდით იდგა და ძმის ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებინებდა. - ეს ნახე. - ლივიამ ფოტოს დახედა. პატარა დემიანი შავ კოსტიუმში იდგა. თმა საგულდაგულოდ ჰქონდა გადავარცხნილი. სახეზე კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უკვე მაშინაც დარწმუნებული იყო საკუთარ განსაკუთრებულობაში. ქალს სიცილი აუტყდა. - ღმერთო, ეს გამომეტყველება დაბადებიდან ჰქონდა? - ანამ თავი დაუქნია. - სამწუხაროდ. - დემიანი ოთახში შემოვიდა. - რა ხდება აქ? - ლივიამ ფოტო ასწია. - შენი პირველი საკონცერტო გამოსვლა? - მამაკაცმა შეხედა. - ჰო. ექვსი წლის ვიყავი. - ანა ჩაერია: - და კონცერტის შემდეგ მასწავლებელს უთხრა, რომ ტემპი არასწორად ჰქონდა მითითებული. - ლივიას სიცილი აუტყდა. დემიანმა მხრები აიჩეჩა. - მართალი ვიყავი. - ექვსი წლის იყავი! — წამოიძახა ანამ. - სიმართლეს ასაკი არ აქვს. - მარინამ სამზარეულოდან გამოიხედა. - დემიან, თავი დაანებე გოგოებს და მაგიდა გაშალე. - მამაკაცმა დედას შეხედა. - დედა, მსოფლიო დონის პიანისტი ვარ. - მარინამ მშვიდად უპასუხა: - მერე? თეფშები ვერ მიგაქვს მაგიდამდე? - ლივიას სიცილი აუტყდა. ანა დივანზე ჩამოჯდა. დემიანმა თვალები დახუჭა. - ამ სახლში ჩემი ავტორიტეტი არასოდეს არსებობდა. - ალექსანდრეს გაეღიმა. - იმიტომ, რომ აქ შენ ჯერ კიდევ ის ბავშვი ხარ, რომელიც ღამით ფორტეპიანოსთან იპარებოდა და დილით გაკვეთილებზე ეძინა. - დემიანმა თავი გააქნია. - საოცარია, როგორ ცდილობთ ჩემი საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას. - ლივიამ მისკენ გაიხედა. - არ ინერვიულო, ავალიანი. მე ყველაფერს დავიმახსოვრებ. - მამაკაცმა თითი დაუქნია. - ქავთარაძე, შენ ამ ოჯახში ზედმეტად კომფორტულად გრძნობ თავს. - და სწორედ ეს იყო ყველაზე სასიამოვნო. ლივია მათთვის უცხო აღარ იყო. მარინა მას ისე ესაუბრებოდა, როგორც ადამიანს, რომლის მოსვლაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულიყო. ალექსანდრე მის ჟურნალისტურ საქმიანობას ინტერესით ეკითხებოდა. ანა კი აშკარად სიამოვნებით იყენებდა ყველა შესაძლებლობას, ძმის ბავშვობის უხერხული ისტორიები გაეხსენებინა. მოგვიანებით, როცა მარინა და ლივია აივანზე მარტო დარჩნენ, ქალმა მშვიდათ უთხრა: - იცი, დემიანი ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი იყო. - ლივიას გაეღიმა. - შემიმჩნევია. - მარინამ გაიცინა. შემდეგ სახე დაუსერიოზულდა. - მაგრამ როცა ხელი დაიზიანა, პირველად დავინახე, როგორ შეეშინდა. - ლივიამ არაფერი თქვა. - არა იმიტომ, რომ ტკივილს ვერ იტანდა. იმიტომ, რომ ეგონა, საკუთარ თავს დაკარგავდა. - ქალმა ქალაქს გახედა. - ახლა კი, როცა მას ვუყურებ, ვხვდები, რომ რაღაც სხვა იპოვა. - ლივიამ თავი მიაბრუნა. მარინას გაეღიმა. - შენთან ბედნიერია. - ლივიამ რამდენიმე წამით არაფერი თქვა. შემდეგ ჩუმად უპასუხა: - მეც. ორი კვირის შემდეგ ლივიას მშობლების სახლში ვახშამი გაიმართა. ეკა ქავთარაძე მთელი საღამო ცდილობდა, დემიანისთვის ზედმეტად ბევრი არაფერი დაელაგებინა თეფშზე. რაც, ბუნებრივია, საერთოდ არ გამოსდიოდა. ირაკლი კი მამაკაცს მშვიდად აკვირდებოდა. დემიანმა ეს მალევე შეამჩნია. - ბატონო ირაკლი, ისეთი გამომეტყველებით მიყურებთ, მგონი, კიდევ ერთი გასაუბრება მელის. - ირაკლის გაეღიმა. - გასაუბრება უკვე გავლილი გაქვს. - და შედეგი? - მამაკაცმა ჭიქა დადგა. - ჯერ გამოსაცდელ ვადაზე ხარ. - ლივიას სიცილი აუტყდა. დემიანმა თავი დაუქნია. - სამართლიანია. თუმცა ჩემი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას მოვითხოვ. - ეკამ გაიცინა. - საერთაშორისო გამოცდილება ჩემს შვილთან ვერ გიშველის. - დემიანმა ლივიას შეხედა. - ამას უკვე მივხვდი. - ვახშმის შემდეგ ირაკლი და დემიანი აივანზე გავიდნენ. რამდენიმე წუთით ჩუმად იდგნენ. შემდეგ ირაკლიმ საუბარი დაიწყო. - ლივია ყოველთვის ძალიან დამოუკიდებელი იყო. - დემიანმა თავი დაუქნია. - ვიცი. - ზოგჯერ ზედმეტადაც. - მამაკაცს გაეღიმა. - ესეც ვიცი. - ირაკლიმ შეხედა. - შენს ცხოვრებას ბევრი მოგზაურობა ახლავს. - დიახ. - და მისასაც. - დემიანმა თავი დაუქნია. ირაკლიმ განაგრძო: - არ მინდა, რომელიმე თქვენგანს ერთხელაც მოუნდეს მეორის შეცვლა. - დემიანი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. შემდეგ მშვიდად უპასუხა: - მე ლივია სწორედ იმიტომ მიყვარს, რომ ჩემნაირი არ არის. - ირაკლიმ შეხედა. - და როცა ეს განსხვავება პრობლემად იქცევა? - დემიანს ოდნავ გაეღიმა. - ალბათ ვიკამათებთ. - ირაკლიმ წარბი ასწია. - ალბათ? - ბატონო ირაკლი, ჩვენ უკვე ვკამათობთ. - მამაკაცს გაეცინა. დემიანმა განაგრძო: - მაგრამ ბოლოს მაინც ერთმანეთთან ვბრუნდებით. - ირაკლი რამდენიმე წამით უყურებდა. - შემდეგ თავი დაუქნია. - ეს მთავარია. სექტემბერი. ნიუ-იორკი. დემიან ავალიანის დაბრუნებას მუსიკალური სამყარო რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. პირველი კონცერტის თარიღი ჯერ კიდევ ივლისში გამოცხადდა. ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა. მუსიკალური გამოცემები მისი ტრავმის ისტორიას იხსენებდნენ. კრიტიკოსები ვარაუდობდნენ, შეძლებდა თუ არა ძველი ტექნიკური სიზუსტის დაბრუნებას. ზოგი ფრთხილი იყო. ზოგი სკეპტიკური. ზოგი კი დარწმუნებული, რომ დემიან ავალიანის მსგავსი მუსიკოსები სცენას უბრალოდ არ ტოვებდნენ. მაგრამ კონცერტამდე ერთი კვირით ადრე პრესაში კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. დემიანის პროგრამაში განსაკუთრებული ნაწარმოები იყო შეტანილი. ელიზა მორგანის კომპოზიცია. ის, რომლის გამოც თითქმის ერთი წლის წინ საერთაშორისო სკანდალი დაიწყო. ამჯერად პროგრამაში ავტორის სახელი მკაფიოდ ეწერა. Eliza Morgan - Original Composition. დემიანმა პირობა შეასრულა. კონცერტის დღეს ნიუ-იორკის დარბაზთან კამერები ჯერ კიდევ შუადღიდან იდგა. პრესა აჭრელებული იყო. "ვირტუოზის დაბრუნება: დემიან ავალიანი კარიერისთვის საფრთხის შემცველი ტრავმის შემდეგ სცენას უბრუნდება“ „შესრულებული პირობა: ავალიანი ელიზა მორგანის მიერ დაბრუნებულ მუსიკალურ ნაწარმოებს შეასრულებს“ „სკანდალიდან ოვაციებამდე? მსოფლიო დემიან ავალიანის დაბრუნებას ელის“ „ლივია ქავთარაძე ნიუ-იორკში ავალიანის ისტორიული კონცერტის წინ ჩავიდა“ „ჟურნალისტი და ვირტუოზი: სიყვარულის ისტორია, რომელიც გაზეთების სათაურებს მიღმა გრძელდება“ ლივიამ ბოლო სათაური წაიკითხა. შემდეგ ტელეფონი დემიანს გაუწოდა. - ნახე. ძ მამაკაცმა დახედა. - შესანიშნავია. - რა არის შესანიშნავი? - ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტებმა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სწორად აღწერეს. - ლივიამ წარბი ასწია. - შენი დაბრუნება? - დემიანმა თავი გააქნია. - შენ. - ქალმა რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა. - დღეს ძალიან რომანტიკული ხარ. - ნუ მიეჩვევი. კონცერტამდე ერთი საათით ადრე დემიანი საგრიმიოროში იჯდა. შავი საკონცერტო კოსტიუმი ეცვა. მარჯვენა ხელი მუხლზე ედო. თითები თავისუფლად მოძრაობდნენ. მაგრამ ლივიამ მაინც შენიშნა, რამდენჯერმე როგორ გაშალა და შეკრა ხელი. ქალი კართან გაჩერდა. - ნერვიულობ? - დემიანმა თავი ასწია. - მე? - დიახ, შენ. ზ მამაკაცმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, მსოფლიო ვირტუოზები არ ნერვიულობენ. - ლივიამ გაეღიმა. - რა თქმა უნდა. - ისინი უბრალოდ განსაკუთრებით ყურადღებით არიან. - ქალი მიუახლოვდა. მის წინ ჩაიმუხლა. მარჯვენა ხელი ფრთხილად აიღო. თითებზე აკოცა. დემიანი გაჩუმდა. ლივიამ თავი ასწია. - დღეს არაფერი გაქვს დასამტკიცებელი. - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. - ეს უკვე მითხარი. - იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გჯერა. - დემიანმა ღრმად ჩაისუნთქა. ქალმა კი განაგრძო: - შენ უკვე დაბრუნდი, დემო. - მამაკაცს გაეღიმა. - ქავთარაძე, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება კონცერტი საერთოდ გავაუქმო. - რატომ? - იმიტომ, რომ შენთან დარჩენა მომინდება. - ქალმა გაიცინა. შემდეგ მისკენ დაიხარა. აკოცა. - წადი და გააკეთე ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. - დემიანმა წარბი ასწია. - ქავთარაძე, ამ განცხადებას რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს. - ლივიას სიცილი აუტყდა. - ფორტეპიანოზე დაკვრა ვიგულისხმე, იდიოტო. - მამაკაცმა გაიღიმა. - სამწუხაროა. დარბაზში ყველა ადგილი დაკავებული იყო. პირველ რიგებში დემიანის ოჯახი იჯდა. მარინა. ალექსანდრე. ანა. მათ გვერდით ეკა და ირაკლი ქავთარაძეები. ნიკოლასი რამდენიმე რიგით მოშორებით იდგა და ბოლო წუთებამდე ტელეფონზე საუბრობდა. მეგანი სტუმრებს ესალმებოდა. ელიზა მორგანი კი დარბაზის ერთ-ერთ ცენტრალურ რიგში იჯდა. ხელები მუხლებზე დაეწყო. თვალებში ისეთი მღელვარება ეტყობოდა, რომელსაც ვერანაირი მომზადება ვერ გააქრობდა. ლივია მის გვერდით ჩამოჯდა. გოგონამ შეხედა. - გეშინია? - ჰკითხა ლივიამ. ელიზას გაეღიმა. - ძალიან. - რატომ? - იმიტომ, რომ პირველად მოვისმენ ჩემს მუსიკას ასე. - ლივიამ მისი ხელი დაიჭირა. - შენი სახელით. - ელიზამ თავი დაუქნია. თვალებში ცრემლი ჩაუდგა. - დიახ. დემიან ავალიანი სცენაზე მაშინ გამოვიდა, როცა დარბაზში განათება ჩაქრა. პირველი ტაში ჯერ კიდევ მანამდე გაისმა, სანამ როიალთან მივიდოდა. შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. დემიანი რამდენიმე წამით იდგა. თვალები დარბაზს მოავლო. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ტაში მხოლოდ აღფრთოვანებად არ აღიქვა. მასში რაღაც სხვა იგრძნო. მოლოდინი. თანაგრძნობა. სიხარული. და ადამიანების სურვილი, კიდევ ერთხელ მოესმინათ ის, რაც ოდესღაც მათთვის განსაკუთრებულს ხდიდა. მამაკაცმა თავი დახარა. შემდეგ როიალთან დაჯდა. ხელები კლავიშებზე დააწყო. რამდენიმე წამით არაფერი მომხდარა. დარბაზი გაირინდა. დემიანმა მარჯვენა ხელის თითები ოდნავ აამოძრავა. და პირველი ბგერა გაისმა. სუფთა. ღრმა. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. შემდეგ მეორე. მესამე. მუსიკა თანდათან გაიშალა. არ ჩქარობდა. არ ცდილობდა, მსმენელისთვის რაიმე დაემტკიცებინა. დემიანი უკრავდა ისე, თითქოს საკუთარ თავთან დაბრუნების გზას გადიოდა. ყოველ ფრაზაში იგრძნობოდა ის თვეები, რომლებიც ფორტეპიანოსგან მოშორებით გაატარა. შიში. ბრაზი. მოთმინება. და ის უცნაური მადლიერება, რომელიც მხოლოდ დაკარგვის საფრთხის შემდეგ ჩნდება. ლივია დარბაზში იჯდა. თვალს არ აშორებდა. მისთვის ეს უბრალოდ წარმატებული დაბრუნება არ იყო. ეს იყო მამაკაცი, რომელმაც პირველად ისწავლა, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლებელი იყო. და მაინც არ დანებდა. პროგრამის მეორე ნაწილში დემიანი სცენაზე დაბრუნდა. ამჯერად მიკროფონთან გაჩერდა. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. - არსებობს მუსიკა, რომელსაც ადამიანი ასრულებს. - დაიწყო მან. - და არსებობს მუსიკა, რომელიც ადამიანს რაღაცას ასწავლის. - რამდენიმე წამით შეჩერდა. - შემდეგი ნაწარმოები ძალიან ახალგაზრდა კომპოზიტორმა დაწერა. მისი სახელი დიდი ხნის განმავლობაში იმ ადგილას არ ეწერა, სადაც უნდა ყოფილიყო. - ელიზამ სუნთქვა შეიკავა. დემიანმა დარბაზს გადახედა. - დღეს მინდა, ეს შეცდომა საბოლოოდ გამოვასწოროთ. - მამაკაცმა ელიზას მიმართულებით გაიხედა. - ელიზა მორგან, ეს შენი მუსიკაა. - დარბაზში ტაში გაისმა. ელიზამ თვალები დახუჭა. ლივიამ მისი ხელი უფრო მჭიდროდ დაიჭირა. დემიანი როიალთან დაბრუნდა. დაჯდა. დაჯდა და დაუკრა. ელიზას კომპოზიცია მშვიდად იწყებოდა. თითქოს ვიღაც ძალიან ფრთხილად აღებდა კარს, რომლის მიღმაც დიდი ხნის განმავლობაში შესვლა ეკრძალებოდა. პირველი ფრაზები თითქმის ჩურჩულს ჰგავდა. შემდეგ მუსიკაში დაძაბულობა გაჩნდა. მძიმე აკორდები. მოულოდნელი პაუზები. მელოდია, რომელიც თითქოს საკუთარ გზას ეძებდა. და თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად, ამ დაძაბულობაში სინათლე შემოვიდა. დემიანის თითები კლავიშებზე თავისუფლად მოძრაობდნენ. მარჯვენა ხელი აღარ იყო მისი შიშის მიზეზი. ის ისევ მუსიკის ნაწილი გახდა. მაგრამ შესრულება ძველებური აღარ იყო. მასში რაღაც ახალი გაჩნდა. მეტი სიღრმე. მეტი მოთმინება. მეტი სიჩუმე. დემიანი აღარ ცდილობდა, მუსიკაზე ძლიერი ყოფილიყო. მან მუსიკას მისცა უფლება, თავად ელაპარაკა. და როცა ბოლო ბგერა დარბაზში გაიფანტა, რამდენიმე წამით არავინ განძრეულა. შემდეგ ტაში გაისმა. თავდაპირველად რამდენიმე ადამიანის. შემდეგ მთელი დარბაზის. და ბოლოს, როცა მსმენელები ფეხზე წამოდგნენ, ელიზა მორგანმა სახეზე ხელები აიფარა. ტიროდა. არა იმიტომ, რომ რაღაც დაკარგა. არამედ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიბრუნა. დემიანი ფეხზე წამოდგა. დარბაზს თავი დაუკრა. შემდეგ ელიზას მიმართულებით გაიშვირა ხელი. გოგონა გაოცებული უყურებდა. მეგანმა გვერდიდან ანიშნა, ადექიო. ელიზა ფეხზე წამოდგა. დარბაზმა კიდევ უფრო ხმამაღლა დაუკრა ტაში. და იმ წამს ლივიამ იგრძნო, რომ ყველა ის უძილო ღამე, ყველა საფრთხე, ყველა მტკივნეული აღმოჩენა რაღაც მნიშვნელოვანამდე მივიდა. სიმართლემ თავისი ადგილი დაიბრუნა. მაგრამ ყველაზე ლამაზი ის იყო, რომ ამ გამარჯვებას არავინ ფლობდა მარტო. კონცერტის შემდეგ საგრიმიოროში ნამდვილი ქაოსი დაიწყო. მარინა დემიანს ეხუტებოდა. ანა ცდილობდა, ძმას არ შეემჩნია, რომ თავადაც ატირებული იყო. ალექსანდრე ჩუმად იდგა, მაგრამ თვალებში ისეთი სიამაყე ედგა, რომელსაც სიტყვები არ სჭირდებოდა. ეკამ დემიანს ლოყაზე აკოცა. ირაკლიმ ხელი ჩამოართვა. - კარგი იყო. - უთხრა კმაყოფილმა. ძ დემიანმა წარბი ასწია. - მხოლოდ კარგი? - ირაკლის გაეღიმა. - ძალიან კარგი. - ახლა უკვე უკეთესია. ზ ყველას გაეცინა. ნიკოლასი ტელეფონით ხელში შემოვარდა. - დემიან, უკვე თორმეტი საერთაშორისო გამოცემა ითხოვს კომენტარს! - მამაკაცმა თავი გააქნია. - ნიკოლას, დღეს არა. - მაგრამ... - დღეს არა. - მენეჯერი გაჩუმდა. მეგანი მიუახლოვდა. - პირველად ცხოვრებაში სწორ გადაწყვეტილებას იღებ. - დემიანმა წარბი ასწია. - შენც აქ ხარ? - სამწუხაროდ, დიახ. - ლივიას სიცილი აუტყდა. ელიზა ბოლოს მიუახლოვდა. რამდენიმე წამით სიტყვას ვერ პოულობდა. დემიანმა შეხედა. - როგორი იყო? - გოგონამ თავი გააქნია. - არ ვიცი, რა გითხრა. - მამაკაცს გაეღიმა. - მაშინ არაფერი თქვა. - ელიზა ძლიერად ჩაეხუტა. დემიანმა ფრთხილად მოხვია ხელები. - მადლობა. - ჩურჩულით უთხრა გოგონამ. მამაკაცმა თავი გააქნია. - შენი მუსიკაა, ელიზა. უბრალოდ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. მეორე დილით მსოფლიო პრესა ისევ აჭრელებული იყო. "დემიან ავალიანის ტრიუმფალური დაბრუნება: ნიუ-იორკი ფეხზე წამოდგა“ „ელიზა მორგანმა ისტორიული შესრულებით საკუთარ მუსიკაზე უფლებები დაიბრუნა“ „ვირტუოზის მეორე დასაწყისი“ „გამოსყიდვის ღამე: ავალიანი, მორგანი და მუსიკა, რომელმაც სკანდალს გაუძლო“ „ლივია ქავთარაძე საყვარელი მამაკაცის სცენაზე დაბრუნებას ზეიმობს -მსოფლიო ტურნეს გეგმები განახლდა“ დემიანმა ტელეფონი გადადო. ლივია მის გვერდით იწვა. ქალს ჯერ კიდევ ეძინა. მამაკაცი რამდენიმე წუთით უყურებდა. შემდეგ ფრთხილად აკოცა შუბლზე. ლივიამ თვალები გაახილა. - რომელი საათია? - ათი. - და შენ რატომ გღვიძავს? - იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემზე წერს. - ქალს გაეცინა. - ეს ახალი ამბავია? - არა. უბრალოდ მინდა, დილა სწორად დაიწყო. - ლივიამ ბალიში ესროლა. დემიანმა სიცილით აიცილა. შემდეგ მისკენ გადაიხარა. - ქავთარაძე, დღეს თავისუფალი ვარ. - ქალმა წარბი ასწია. - მართლა? - დიახ. - ნიკოლასი რას ამბობს? - ნიკოლასს დღეს საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. - ლივიამ გაიღიმა. - და შენ რას აპირებ? - მამაკაცმა აკოცა. - ჯერ შენთან ერთად საუზმეს. - შემდეგ? - შემდეგ მთელი დღე შენთან ყოფნას. - ქალმა ხელები კისერზე შემოხვია. - ძალიან კარგი გეგმაა. - დემიანს გაეღიმა. - ვიცი. გენიოსი ვარ. - ლივიას სიცილი აუტყდა. ორი თვის შემდეგ. თბილისი. ნოემბერი ქალაქს ისევ ნაცნობი სიგრილით დაუბრუნდა. დემიანის საკონცერტო ტურნე უკვე დაგეგმილი იყო. ვენა. პარიზი. ლონდონი. ნიუ-იორკი. ტოკიო. მისი სახელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დარბაზების პროგრამებში ისევ ჩნდებოდა. ლივიას კი ახალი საგამოძიებო პროექტი ჰქონდა დაწყებული. ამჯერად კულტურული ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობაზე მუშაობდა. საკუთარი გადაწყვეტილებით. საკუთარი პირობებით. დემიანმა რამდენჯერმე შესთავაზა, რომელიმე კონცერტზე თან გაჰყოლოდა. ქალმა რამდენჯერმე უარი უთხრა. შემდეგ პარიზში მოულოდნელად ჩააკითხა. დემიანმა სასტუმროს ნომრის კარი რომ გააღო და ზღურბლზე ლივია დაინახა, რამდენიმე წამით სიტყვა ვერ თქვა. ქალმა გაიღიმა. - რა მოხდა, ვირტუოზო? ენა გადაყლაპე? - დემიანმა ხელი წელზე შემოხვია და ოთახში შეიყვანა. - ქავთარაძე, შენ წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად საშიშია ასეთი მოულოდნელობები. - რატომ? - იმიტომ, რომ ახლა მთელი საღამოს გეგმები უნდა შევცვალო. - ქალმა გაუღიმა. - ძალიან სამწუხაროა. - მამაკაცმა აკოცა. და იმ საღამოს მართლაც შეცვალა ყველა გეგმა. ახლა კი თბილისში იყვნენ. ლივიას ბინაში. იმავე მისაღებში, სადაც რამდენიმე თვის წინ დემიანი პატარა ელექტრონულ კლავიშებთან იჯდა და საკუთარ თითებს მოთმინებას ასწავლიდა. ახლა კუთხეში ნამდვილი როიალი იდგა. დემიანმა ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა. ლივიამ თავდაპირველად სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ ინსტრუმენტი მოიტანეს. მამაკაცმა მთელი საღამო დაუკრა. და ქალმა აღმოაჩინა, რომ მისაღები მართლაც უფრო ლამაზი გახდა. თუმცა დემიანთან ამის აღიარებას, ბუნებრივია, არ აპირებდა. იმ საღამოს ლივია სამზარეულოში იდგა. ხელში პატარა თეთრი კონვერტი ეჭირა. რამდენჯერმე გახსნა. დახურა. შემდეგ მაგიდაზე დადო. დემიანი როიალთან იჯდა. რაღაც ახალ მელოდიას უკრავდა. მშვიდს. ოდნავ სევდიანს. მაგრამ სინათლით სავსეს. ლივიამ რამდენიმე წამით უსმინა. შემდეგ მისაღებში შევიდა. - დემო. - მამაკაცმა თავი მიაბრუნა. - ჰო, ქავთარაძე? - რას უკრავ? - დემიანმა მხრები აიჩეჩა. - რაღაცას. - ახალს? - შეიძლება. - ლივიამ გაეღიმა. - ვისია? - მამაკაცმა შეხედა. - ჩემი. - სახელი აქვს? - დემიანმა რამდენიმე წამით იფიქრა. შემდეგ გაეღიმა. - ჯერ არა. - ლივია მიუახლოვდა. მის გვერდით ჩამოჯდა. დემიანმა მარჯვენა ხელი კლავიშებიდან აიღო და ქალის თითებს შეეხო. - იცი, ქავთარაძე, სკოლაში ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული. - ქალმა შეხედა. - რაში? - რომ გამოსაშვები საღამოს შემდეგ შენს ყოველდღე სანახავად მიზეზი აღარ მექნებოდა. - ლივიას ღიმილი ნელა გაუქრა სახიდან. მამაკაცმა განაგრძო: - მაშინ იმდენად სულელი ვიყავი, ვერ მივხვდი, რომ ზოგჯერ ადამიანს მიზეზი საერთოდ არ სჭირდება. - ქალმა თავი მის მხარზე დადო. დემიანმა აკოცა. რამდენიმე წამით ჩუმად ისხდნენ. შემდეგ ლივიამ თავი ასწია. - დემო... - ჰო? - რაღაც უნდა გითხრა. - მამაკაცმა შეხედა. - ასეთი სერიოზული სახით ნუ მიყურებ, ქავთარაძე. უკვე ვნერვიულობ. - ლივიამ გაეღიმა. მაგრამ თვალებში უცნაური სინათლე ჩაუდგა. - გახსოვს, ერთხელ მითხარი, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაწარმოები მე ვიყავი? - დემიანს გაეღიმა. - დღემდე ასე ვფიქრობ. - ლივიამ მისი ხელი აიღო. საკუთარ თითებში მოიქცია. და ძალიან მშვიდად თქვა: - მაშინ, მგონი, მალე ახალი ნაწარმოების სწავლა მოგიწევს. - დემიანმა წარბი ასწია. - რას გულისხმობ? - ლივიამ შეხედა. გაეღიმა. - დემო, ორსულად ვარ. დასასრული.. პ.ს. მეგობრებო, არ დაიზაროთ, თქვენი აზრი ისტორიის შესახებ ჩემთვის მნიშვნელოვანია 🖤 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



