შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

La última confesión!


28-12-2016, 20:48
ავტორი Kristy
ნანახია 1 190

შენთან შეხვედრა ამბავს გავდა ზღაპრის ქვეყნიდან
ზამთრის ცივი მზით განათებულ, მარტივ ქალაქში,
სადაც დაცალა ავდრისფერი იმ თბილი ხმიდან
აზრმოუკრებლად მოსმენილმა სიტყვამ ოთახში,

გულმა საგულეს შეტოვა ძველი ფერები
და წამიერად გაფერადდა შენი პალიტრით,
გამოგონილი პირმზიანი გრძნობის კერები
შემოიფარგლა მაგიური ცირცლით და ფითრით;

ცხადად ვიგრძენი იმ სიტყვების მეტისმეტობა,
რომელთაც ძალებს გამოაცლის ახალი წელი
და მაინც ურჩად დავიჯერე ჩვენი ერთობა
და ისევ მკვეთრმა უმწეობამ მომხვია ხელი!

თხემით-ტერფამდე შემიყვარდი, ძვირფასო, იმ დღეს,
უშენობას კი (საჯაროდ რომ არ ხმიანდება)
მე ჩემი გრძნობის უენობას ვაბრალებ ისევ
და ავრდიანი მოლოდინი მეხმიანება;

ვგრძნობ, შევუდექი ამ ღვთიური ბუნების უღელს
და არ მაშინებს, დამიჯერე, დღეს უშენობაც,
თუნდ ვერ ვწვდებოდე ჩემს სანუკვარ ოცნებას - უთქმელს,
მჯერა, შენს კვალზე ისწავლება გრძნობების ნდობაც,

ახლა კი, როცა სიყვარულმა სიტყვა უნდა თქვას,
აირევიან უსაშველოდ სასრული გზები
და მაინც შენი მოლოდინი შემიკრავს სუნთქვას
და ისევ მტკიცე ერთგულებით გაივლის წლები!

იცი? ამ დრომდე ნორჩ აზრებში რწმენა მეფობდა,
შენზე ოცნება არ კარგავდა ბრწყინვალე ელფერს,
დღეებს ითვლიდა ახლებური წამის მეფობა
და აღვივებდა საკვირველი სიყვარულისფერს,

ტრფობის აკორდად იღვრებოდა ყველა სათქმელი,
მარტივ ჟესტებში უსაშველო გრძნობა ცხოვრობდა,
ცხოვრება დუღდა (არ ვიქნები სიცრუის მთქმელი),
როცა შენი ხმა მთელ სამყაროს წამში აქრობდა,

ახლა კი გიშვებ და ვიცი, რომ არ დაბრუნდები,
ვიცი, რომ სხვისი ჩრდილისფერი გიმღვრევს ოცნებებს
და მაინც შენზე აღუკვეთელ ფიქრებს ვუნდები
და ისევ შენთვის ვიმორჩილებ წამის ცდუნებებს!

ნუთუ იმიტომ შემიყვარდა შენი თვალები
ან იმის გამო დამაბნია სულის სირბილემ,
რომ შემომაკლდა განკუთვნილი ჩემთვის მალები
და წამიერმა გამომაშრო გრძნობის სიმწირემ?

ვითომ რაღაცის უიმედო იმედი მქონდა,
იქნებ დამჩემდა წუთიერი, ურჩი წადილი?
მინდა აგიხსნა, მაშინ გულში თუ რა ისმოდა,
მაგრამ არც დროა შესაფერი და არც ადგილი!

ვიცი, არ ძალმიძს უკვე შენგან რომ განვიხიბლო...
მხოლოდ ერთს გეტყვი, ჩამითვალე თუნდაც ვალებში,
რომ უდიდესი სიხარული მინდა ვიხილო
იმ უცნაურად მოელვარე, მეტყველ თვალებში!

თუკი ერთ დღესაც მიმავიწყდა ყოველი ბგერა,
მაშინვე გრძნობა ძველ სურვილებს გაინაპირებს
და მაინც მწველი, წამიერი მომხიბლავს მზერა
და ისევ სიტყვით შევაერთებ სულის ნაპირებს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent