მინდა მოგიყვე (სრულად)
მინდა მოგიყვე რა მოხდება მე რომ წავიდე, რომ დავივიწყო უცაბედად ყველა პირობა, გაუგებრობის უკაცრიელ მთაზე ავიდე ან დავივიწყო ჩადენილი ყველა გმირობა, ზურგი ვაქციო უძლურ სიტყვებს, ყველა შეგრძნებას და მივატოვო ერთგულება იღბლის ანაბრად, აღარ მოჰყვება მაშინ ენა გრძნობების ძებნას, რომ შეგვარიგოს ჩვენს თავებთან ბედმა თანაბრად, წამებს დამარხავს მოგიზგიზე ლურჯ-მწვანე ბრაზი, რომელსაც ერთად ვაკავებდით (ერთურთის ხარჯზე) და წარმოსახვის ლოცვებივით მკაფიო ხაზი ისევ გადაცვლის ძველ სიყვარულს უსუსურ ხარკზე, მაგრამ სევდიან მელოდრამებს ვერ შეეხები, როცა სილურჯე შემეტყობა ამ სუსტ მაჯებზე, შეიშლებიან მოცინარი ზეცის ფერები თუ უშენობას გამოვაკრავ სახლის კარებზე, სიტყვებს დაგითვლის გაშვებული შანსების ცნება, უიმედობაც გესტუმრება თუ დართავ ნებას და ბედს შეგიცვლის ავდრიანი ამინდთა წყება თუ გადავწყვიტე შენს გარეშე მივყვე ცხოვრებას, გრძნობებს დაგიფრთხობს ნაადრევი ომების დარდი, უინტერესო არსებობა ფრთებს შეგიკეცავს, მოგაფიქრდება სიამისთვის ათასი ფანდი, მაგრამ ცრუ ტრფობა უსათუოდ გვერდს შეგილეწავს და თუნდაც ჩემით არ იწყება შენი სამყარო, (ვფიცავ) უჩემო არსებობას ყოველდღე იგრძნობ, რომ მოგინდება დღის განრიგი ვინმეს ახარო, როცა საკუთარ უცხოდქცეულ თავს ვეღარ იცნობ; გემახსოვრება, რომ ჩემს გვერდით ღირდა ცხოვრება და რომ ხალისი შემომქონდა ვარდისფერ დღეთა, აგიწიოკებს მშვიდ გონებას ცოცხალი ვნება, რადგან აწონის სითამამეს ამაყი დღე და შემოგეკრობა სუსხიანი წამების ერა, როცა ფერები დაკარგავენ ძველებურ სითბოს, შენს გამოგონილს გაექცევა სიტყვებსაც ენა, რადგან მოაკლებ სამეტყველოდ საჭირო სიტკბოს და მოულოდნელ (უთავბოლო) სურვილს აყვები ან მიატოვებ მონდომებით ნაზარდ ოცნებას, რადგან უჩემოდ დაიღვრება ყოველი წვეთი იმ მოთმინების, რომ გაძლევდა სიმშვიდის ნებას, გაგიჭირდება, ამ სიურჩეს გააკრავ ძელზე, თავს მოგაბეზრებს უსაშველოდ უმიზნო ყოფა და მიახატავ მტირალ თვალებს ნაცრისფერ ჭერზე, რომ არასოდეს დაგავიწყდეს ჩემი იქ ყოფნა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.