როცა ფიქრებში უშენობამ ხელი დამრია
შემომაღამდა შენკენ მავალს გრძნობის ბილიკზე, როცა ფიქრებში უშენობამ ხელი დამრია, რადგან ვიწვალე წარმოსახვით გრძნობის ქილიკზე და წამიერმა მღელვარებამ ისე ამრია, რომ დაბინდული ფანჯრებიდან შენს სახლს გავცქერი, როგორც ერთადერთ მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს, რომელსაც დინჯად გადაღობავს მდუმარებები, რათა წუთები დაუბრუნდნენ ჩვეულ სიმარდეს და ალბათ, ერთხელ მივაკითხავ მტვრიან თაროებს მეხსიერების მივიწყებულ (გამქრალ) კუთხეში ან ნაღვლიანი მზერით გავცვლი უცვლელ პირობებს, რომ აღარავის მოვეჩვენო ისევ უხეში, მაგრამ ყალბია უსახელო გრძნობების დევნა, ფიქრებს გადააქვთ ოცნებებში ეჭვთა დუმილი, რათა დაიწყოს უნდობლობამ მიზეზთა ძებნა, რომ გააქარწყლოს ოცნებებში სისხლის დუღილი, თუმცაღა სიტყვებს ეკარგებათ ჩვეული შარმი, თან უფსკრულივით უძიროა ეჭვთა სარკმელი, რომ უსასრულო თავდადება გაგვიხდეს შარი, რადგან უენო იბადება დიდი სათქმელი და წარმოვიდგენ არარსებულ ყველა პაემანს, ყველა არშემდგარ ლამაზ მომენტს გამოვიგონებ, როგორ აჟღერებს შენი სუნთქვა გრძნობების ეჟვანს ან როგორ ქრება ტკივილები, როცა ვიგონებ იმ ვერგამოცდილ უსათუოდ დიდ მღელვარებას, რომელსაც იწვევს ჩემს კისერზე შემოხვეული გრძელი თითების სიმყუდროვე და ელვარებას, იმ სურვილების, რასაც დღემდე მალავს სხეული და საკვირველი მღელვარებით მინდა ვახარო ჩემს სევდისაგან დაობებულ, დამხრჩვალ გონებას, რომ სიზმრებიდან ვერ გაქცეულს გადავეფარო მჟავა წვიმებად გადმონთხეულ წამის გოდებას, რომ ერთადერთი სინამდვილე მხოლოდ ის არის, რომელიც შენი წარმოსახვის ფერებში ცხოვრობს, ამიტომ აღარ გავუბედავ სურვილებს ქარის ყველა დაქროლვის შიში ჰქონდეთ, რადგან არ ღორობს ის სანუკვარი მომავალი გარყვნილ ქალივით, მე კი - ფიქრიან მარტოობის ეული შვილი, გემის კიჩოზე გამობმული ძველი ნავივით ადგილზე ვრჩები, რადგან ვიცი, ვერავის ვშველი და უთავბოლო ხოტბას ვასხამ გაცვლილ მომავალს წამად გაყიდულ ერთგულების მწარე სასმისით, მერე კი ისევ შენს ბილიკზე უჩუმრად მავალს მძევლად ამიყვანს ძველი ტრფობა შარმით თავისით, რომელიც ისევ ძველებურად მიბნევს გონებას და სანატრელი ოცნებებით ძლიერ დაღლილი მოურიდებლად გადავქექავ დათვლილ ქონებას, რომ მოგონება არასოდეს დარჩეს დაცლილი, ბედნიერების ყველა მომენტს შენს ფერს ვაჩუქებ, იასამნისფერ ჩარჩოებში ჩავკეტავ გრძნობას, რადგან უდაო მღელვარებას დღემდე აშუქებს, მე კი ჟრუანტელს შევადარებ ძველებურ ტრფობას, დაუმთავრებელ სიტყვებს ისევ გამოვიძახებ ან ფერაყრილი ოცნებების დაფარულ ძალას და ზღვის ნაპირზე ჩამავალ მზეს ვუსაყვედურებ, რომ საყვარელი სახის ნახვას ურჩად მიკრძალავს, მერე კი ისევ ძველ სილუეტს ავედევნები, შენზე ოცნება წამიერად ცაში ამიყვანს, გაცამტვერდება ატანილი შენთვის დევნები, რადგან განცდილი ნეტარება შორეთს წამიყვანს, თვალს მივადევნებ შენს მახლობლად დრო რომ ჩერდება, წამებს გრძნობები შეგნებულად აღარ ეთმობა, მაგრამ სიზმრებში უნებლიედ გამახსენდება, რომ დაუწყებლად მიატოვე ჩვენი ერთობა და როცა ფერებს შემოაცლის წვიმა ამინდებს, ხედებს გადაღლის ნაღვლიანი პეიზაჟები, როცა დღეები გაავდრებას კვლავ დააპირებს, მაშინ უსიტყვო მოთმინებით ფეხზე ავდგები, მერე კი შენით შევისწორებ მარტოსულ დილებს, ოქროსფერ მინდვრებს შემოვივლი შენზე ფიქრებით და ეჭვიანი მოძრაობით შევიხსნი ღილებს, რომ ავაშენო მომავალი ხვალ დაფიქრებით, როცა გაღეღილ გულ-მკერდიდან სისხლი წასკდებათ არდაბადებულ ოცნებების ჩამქრალ ნაწილებს, როცა უდროო, უთავბოლო გულისწასვლებად დრო ყველა წადილს თავისთავად გაანაწილებს, მე ერთგულების ფიცისაგან თავს გამოვიხსნი, რომ მხოლოდ ჩემი მარტოობა დამრჩეს საფიცრად და უდარდელი ფიქრებისგან წყალობებს ვიხდი, რადგან ყოველი ნეტარება ვაქციე ფიცად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.