შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ფანჯრები (სრულად)


28-08-2018, 22:59
ავტორი Marry Amm
ნანახია 6 026

,,არავინ ფიქრობს, რომ ცუდი ადამიანია, მაგრამ მე ვიცი, რომ კარგი არ ვარ”.



სტოქჰოლმში დიდთოვლობამ რამდენიმე დღით ტრანსპორტი და შესაბამისად ქალაქის მოსახლეობაც მნიშვნელოვნად შეაფერხა. მშრალმა ყინვებმა მიწის სიღრმემდეც ჩააღწიეს და თოვლი გადნობას არ აპირებდა. მოსახლეობა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, შვედეთში ხომ თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთი ფულია.
არ აღელვებდა მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც უკვე რამდენი დღე იყო, რაც სახლში იჯდა და არაფერზე აღარ ფიქრობდა. მსხვილ ფანტელებს თვალი მოაშორა და სააბაზანოში შევიდა. შეცბა, საწყალი გოგონა, რომელიც საკრის მიღმა იდგა მიურეი არ იყო, შავი თვალების ქვევით კიდევ უფრო ჩაშავებული უპეები მოსჩანდა. რბილი, თეთრი კანი მლაშე სითხეს დაუზოგავად გამოეშრო და გამოეფიტა.
- ვინ ხარ, - უკეთ დააკვირდა საკუთარ ანარეკლს. - რა დაგემართა მიურეი?
გოგონამ იასამნისფრად დამსკდარი ტუჩები უფრო მეტად გამობურცა და სატირლად მოემზადა.
- საკმარისია, - დააწყნარა საკუთარი თავი, - კმარა, არ გესმის? შენ უნდა დაუბრუნდე შენს თავს მეგობარო. შენს ნამდვილ მეს...



რამდენიმე დღით ადრე...

მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები ცუდ ამინდს მოასწავებდნენ და სახლში დარჩენას ურჩევდნენ მოსახლეობას, მიურეი მაინც მხიარულად დადიოდა ვიტრინებს შორის და საღამოსთვის შესაბამის კაბას ეძებდა. სოლნა ცენტრუმში ასეთი სიმშვიდე პირველად ნახა, ალბათ იმიტომ, რომ პარასკევი დილა იყო და საყიდლებისთვის ამ დროს არავის ეცალა. ტელეფონი ამოიღო და ლურჯ, მთლიანად დაცემულ კაბას ხელი ჩამოუსვა.
- გისმენ, მიურეი, როგორ ხარ?
- კარგად, კაბის საყიდლად ვარ გამოსული, შენ რას შვები?
- უნივერსიტეტში ვარ.
- ანნ, დარწმუნებული ხარ, რომ საშა იყო?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, როგორ შემეშლებოდა. სამკაული შეაფუთინა და გამოვიდა.
- ვერ დაინახე რა იყო, ანუ, ბეჭედი თუ ყელსაბამი?
- ყუთი დავინახე, ისიც შორიდან, ამიტომ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ბეჭედი იქნებოდა. აღარ არის დრო?
- გაჩუმდი. - სიხარულით ჩაილაპარაკა მიურეიმ და კაბა ჩამოხსნა. - პარკში ჩამიდეთ, თუ შეიძლება.
- არ მოისინჯავთ?
- არა, ჩემი ზომაა.

საათები ერთმანეთს უსასრულოდ გადაება, მიურეი წამდაუწუმ ამოწმებდა ტელეფონს, მაგრამ ბიჭი არ რეკავდა. უკვე მოსაღამოვდა, მიურეის პლანეტას შეუმჩნევლად ტოვებდა სიხარული და იმედგაცრუება თანდათან ეპარეოდა. მეტს ვეღარ გაუძლო, მოსაცმელი მოიხვია და გარეთ გამოვიდა. ვარდისფერ ცას მოქუფრულმა ახედა, პირველად იყო, რომ ამხელა თოვლი არ უხაროდა. იქვე მდგარი, სპორტული ,,ბეემვედან” ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და მანქანას გვერდულად მიეყრდნო.
- გამარჯობა.
მიურეიმ წარბის აწევით შეათვალიერა წვეროსანი. დიდი, შავი თასმიანი ფეხსაცმელი ეცვა, ამავე ფერის ჯინსის შარვალი და ტყავი ქურთუკი. სიბნელეში სახის ნაკვთები კარგად ვერ გაარჩია თუმცა ეცნო. უსიტყვოდ ჩაუარა გვერდზე და ცხვირი ასწია.
- არ შეშინდე, უბრალოდ ვიფიქრე დახმარება გჭირდებოდა.
- შენი?
- რა, არა? - უკან შეკრულ ჩალისფერ თმაზე ხელი გადაისვა ბიჭმა.
- არა.
ახლა გაახსენდა, ბიჭი მისი მეზობელი იყო წინა საცხოვრებელი, მრავალსართულიანი სახლიდან. ადრეც სცადა გამოლაპარაკება სუპერმარკეტში, თუმცა მიურეიმ მისი ,,ქუჩური” ჩაცმულობიდან გამომდინარე, ყურადღება არ მიაქცია. ახლაც არ დაუშვა გამონაკლისი და შებრუნდა. უკვე გაჩერებაზე გასული ავტობუსის მოლოდინში შემოტრიალდა, ბიჭს სწორად მაშინ მიაკითხა გრძელკაბიანმა გოგონამ, მხიარულად გადაკოცნა და მანქანაში ჩაჯდა. წვეროსანმა მაშინვე გამოიჭირა მიურეის დაბღვერილი, ცნობისმოყვარე მზერა და გაეღიმა. სასწრაფოდ მიატრიალა გოგონამ თავი, ავტობუსში ავიდა და მძღოლს მიესალმა...
ბავშვობის შეყვარებულს იმდენად კარგად იცნობდა, რომ ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა რესტორანში და ნაცნობი ადგილისკენ გაეშურა.
- საღამომშიდობის, ქალბატონო მიურეი. - დღეს რატომღაც დამცინავად გაუღიმა ,,ჰოსტესმა”. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მუდამ ცხვირაწეული გოგონა სალამს არასდროს აძლევდა, ყოველ ჯერზე, მაინც ჯიუტად ესალმებოდა.
მიურეის ზედ არც შეუხედავს, პირდაპირ საშას მაგიდისკენ წავიდა. ბიჭმა რომ დაინახა მისკენ მომავალი გოგონა წამოდგომა სცადა.
- საჭირო არ არის, იჯექი! - უთხრა და მის წინ მჯდომი ქალი შეათვალიერა, მერე მაგიდაზე დადებულ კოლოფს გაუსწორა მზერა, ბოლოს კი შავგვრემანის ყელზე ამაყად აწკრიალებულ ბრილიანტის ყელსაბამს და გაუღიმა.
- ლამაზია.
- გმადლობთ. - სამკაულს ხელი ნაზად ააყოლა ქალმა.
- მიურეი, როგორ ხარ?
- ჯადოსნურად. - არც შეუხედავს ისე უთხრა და ყელიდან ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული პატარა საფირონი მოიხსნა. - ესეც თქვენი იყოს ქალბატონო, თქვენს თვალის ფერს მოუხდება.
- მიურეი, რას აკეთებ?
- აი ესეც, - ვერცხლის სამაჯურიც მის გზას გაუყენა და დაბნეულ ქალს თეფშზე დაუგდო. - საშა ბონუსად მოყვება.

ალმოკიდებული გამოვარდა რესტორნიდან, სუფთა ჰაერმა ცოტა დაამშვიდა და ბრაზისგან მომდგარი ცრემლები, თავიანთ ბუდეში დააბრუნა. სევდიანი მზერა მოავლო ზემოთხსენებულ რესტორანთან შედარებით, მოკრძალებულ კაფე-ბარს და თვალი მაგიდასთან მჯდომ, ნაცნობ წყვილს გაუსწორა. წვეროსანი რაღაცას ხელების მოძრაობით ყვებოდა, გრძელკაბიანი გოგონა კი მხიარულად იცინოდა.
- მიურეი. - მოესმა უკნიდან საშას ხმა. - დამიცადე, რა წესია? - წამოეწია ბიჭი და მაჯაში მტკივნეულად ჩაავლო ხელი თუმცა გოგონამ მკერდში უბიძგა და უკან დაიწია.
- რა გინდა?
- დავილაპარაკოთ.
- ლაპარაკის ხასიათზე თუ ხარ, წადი და იმ შენზე ოცი წლით მოხუც ქალს ელაპარაკე!
- მიურეი, კმარა, ეს საქმიანი შეხვედრა იყო, რა ეჭვიანობის სცენები გამიმართე?
- ჩვენს საყვარელ რესტორანში, ჩვენს მაგიდასთან ქალი დაპატიჟე, ბრილიანტების ყელსაბამი აჩუქე და მეუბნები რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყო, შტერს ვგავარ?
- მიურეი ყველაფერი კარგად მიმდის და არ მოგცემ უფლებას რომ ხელი შემიშალო!
- მერე ვინ გიშლის, ვინ გაკავებს? - უყვირა გოგონამ.
საშამ ირგვლივმყოფებს თვალი მოავლო, საუბარი შეეწყვიტათ და მათ მისჩერებოდნენ, მიურეიმაც გადახედა ნაცნობ წყვილს. წვეროსანი მოღუშული უყურებდა, რატომღაც გოგონას მოუნდა რომ მას ლურჯი თვალები ჰქონოდა, წამომხტარიყო თავისი ფეთქებადი ხასიათით, საშასთვის გემრიელი ალიყური აეკრა და აქედან შორს წაეყვანა.
- ყველა ჩვენ გვიყურებს. - მობეზრებით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- შენ ახლაც კი ყველაზე ფიქრობ, ჩემ გარდა.
მძიმედ მიტრიალდა მიურეი და გაჩერებისკენ წავიდა. სიბრაზემ გადაუარა და უცნაურად იგრძნო თავი, თითქოს რაღაც სიმძიმე ტოვებდა მის სხეულს, ვერ გაიგო რა ხდებოდა, მაგრამ ნათლად გაარჩია, დაწვრილებულმა ფიფქებმა კვლავ იწყეს დიდ ფანტელებად გადაქცევა...

ძალიან ეცადა, მაგრამ სახლში ჩუმად ვერ შევიდა.
- მოხვედი დედა?
- კი.
- რა მოხდა? - გულზე მიიდო ხელი ქალმა, მიურეი აშკარად სახის გაფითრებულმა გამომეტყველებამ გაყიდა.
- შემცივდა. გამარჯობა მამა, გამარჯობა ძმაო, დღეს ხასიათზე არ ვარ და არ შემაწუხოთ გთხოვთ. ფეხსაცმელები მიყარა და ოთახისკენ წავიდა.
- რა მოუვიდა?
- ალბათ საშასთან იჩხუბა, მომე რა ფული მამა! - ყელი გამოუწია მათეოსმა.
- რანაირად უგულოდ ლაპარაკობ შენ დაზე, - გაუჯავრდა დედა და შვილს უკან გაყვა.
- ეგენი სუ მასე არიან. მამა რას მახვეწნინებ, მომე!
- რამდენი გინდა?
- ირიათასი კრონი.
- ათასს მოგცემ და იმყოფინე, დიდთოვლობას ველოდებით, რამდენიმე დღე მოგვიწევს ალბათ გაჩერება.

მიურეი გაუხდელად მიეგდო საწოლზე და დედაც უკან მიყვა.
- რა მოხდა შვილო?
- დედა უარესად მაღიზიანებ, მარტო მინდა ყოფნა!
- ცუდად ხარ?
- ძალიან...
მეტს ვეღარ გაუძლო გოგონამ, ბალიშში ჩარგო თავი და სიმწრისგან ატირდა.

მშობლები თავიდან ასე სერიოზულად არ აფასებდნენ მიურეის დეპრესიას, თუმცა, როცა საშამ სახლში მიაკითხა გოგონას და მან ყვირილით გამოაგდო გარეთ, შეფიქრიანდნენ, რამდენიმე დღე კიდევ აცადეს და გზები რომ გაიხსნა იმ დილით სადილზე ერთმანეთს თავის დაქნევით ნიშანი მისცეს.
- მიურეი, უკეთ გამოიყურები, იცი მამა?
- ხო, გადავწყვიტე აღარ ვიდარდო.
- იცი ჩვენ უკვე დავრეკეთ ერთ ძალიან სასიამოვნო ფსიქოლოგთან და ხვალ სეანსზე ჩაგწერეთ.
- კარგია.
- მართლა ამბობ? - ქმარს გადახედა გაოცებულმა ცოლმა.
- ხო.
- შესანიშნავია, ხვალ პირველზე ტე-ცენტრალზე იყავი.

სახლიდან გამოვიდა და პარკისკენ ჩამავალ კიბეებს დაუყვა. უბანი, სადაც მიურეი ცხოვრობდა მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სწორად ახლა დააფასა გოგონამ მშობლების, ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ტე-ცენტრალის მტვერს და გამონაბოლქვს მოშორებოდნენ და შედარებით წყნარ, ოდნავ მოშორებულ უბანში ეყიდათ სახლი. სიგარეტის კოლოფი მოიძია, თან შეამოწმა თვალს თუ მიეფარნენ მისი ფანჯრები და ერთ ღერს მოუკიდა. თოვლით გამხიარულებულ ბავშვებს გვერდი აუარა, დიდხანს იარა, სიგარეტი ურნაში ჩააჭყლიტა და ფეხს აუჩქარა. ცოტა ხანს ირბინა მაგრამ ფიქრები ვერაფრით გაფანტა, საბოლოოდ სვლა შეანელა და სავარჯიშო მილს ჩამოეკიდა. მოდუნებულმა ზურგმა სასიამოვნოდ დაიტკაცუნა. თვალები დახუჭა მიურეიმ და რამდენიმეჯერ გაქანავდა.
- ვარჯიშობ? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე გოგონამ გამოიხედა. წვეროსანს ამჯერად ნაცრისფერი სპორტულები ეცვა და ხელში გასაღებს ატრიალებდა.
- უკვე აღარ. - ჩამოხტა გოგონა და წასვლა დააპირა.
- აქ ცხოვრობ, არა?
- ხომ იცი, რომ ასეა. შენც აქ ცხოვრობ?
- ოჰო, მისი უდიდებულესობა ჩემითაც დაინტერესდა?
- არა, უბრალოდ ლაპარაკს მოყვა.
- მე ნილი ვარ. - ხელი გაუწოდა ბიჭმა.
- მერე, იყავი. - გაუღიმა მიურეიმ, გამოწვდილ მტრვანს უბრალოდ შეხედა და სახლისკენ იბრუნა პირი.
- ძველი, ცუდი ხუმრობა.
- ახალი შენ მითხარი.
- გეტყვი, მაგრამ შესაფერის გარემოებას უნდა დაველოდოთ.
მიურეის ,,პატარა პრინცი გაახსენდა”.
- ახლა არ შეგიძლია?
- მე თუ ჩემს მეგობარს ვეტყვი, ახლა ახტი და ბაყაყად იქეცი-მეთქი და ის ამას ვერ შეასრულებს, ვინ იქნება დამნაშავე?
- ოო, ბრძენი მეფე ყოფილხართ!
- ნამდვილად. - შეიფერა ნილმა.
- მაგრამ ყოვლისშემძლე არა.
- ვინ იცის.
მიურეი შედგა და ბიჭს თვალებში შეხედა. ცოტა ხანს ეძება, რასაც ნატრობდა, შემდეგ თავი დახარა და გზა გააგრძელა.
- მე მიურეი მქვია.
- საოცარია...
- რა არის საოცარი?
- შენი სახელი, რას ნიშნავს?
- არ ვიცი, დედამ დამარქვა, მისთვის ეს სახელი... მოკლედ დეიდაჩემს ერქვა, მაშინ საქართველოში ცხოვრობდნენ, გაჭირვება იყო, წამლები არ იშოვებოდა, ექიმები ვერ ექიმობდნენ. იმ საწყალს რაღაც ვირუსი შეხვდა, სიცხეები ვერ დაუგდეს და...
- საშინელებაა.
- ნამდვილად, აქამდე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე, ალბათ დედამ როგორ განიცადა...
- მიურეი, ხომ არ გცივა?
- არა... მადლობა ნილ...
- რისთვის?
- რომ გამომაცილე.
- იქნებ სხვა დროსაც გნახო? - მიაძახა ბიჭმა, მაგრამ მიურეი არ მობრუნებულა. - კვირას შეჯიბრი გვაქვს ფეხბურთში, უბანი-უბანზე, იქნებ მოხვიდე?
გოგონამ ხელი დაუქნია ნილს და კარს გასაღები მიადო. გამღებმა დაიწრიპინა და მიურეი შემინულ სადარბაზოში გაუჩინარდა.




სეანსი სეანსს მისდევდა, გოგონა მალევე გაშინაურდა ლილიანთან, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა.
- ესეიგი, მიურეი, შენ ამბობ, რომ არც კი გაგირკვევია რატომ იყო ის ქალი იქ?
- განა გარკვევა უნდოდა? ვის ჩუქნიან ბრილიანტებს საქმიან შეხვედრებზე?
- იქნებ ის ქალი, კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა?
- მითუმეტეს, ეგ რა ადამიანია!
- ყველაფერი გასაგებია.
- ანუ?
- შენ არ ეჭვიანობ მიურეი, ბრაზობ საშაზე და საკუთარ თავზე, რომ დრო ტყუილად დაკარგეთ.
- არ მიეჭვიანია, გავბრაზდი... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- დიახ, რომ გეეჭვიანა, გაგახარებდა მისი გამართლება, შენ კი მაშინვე მეორე მიზეზი იპოვე დასადანაშაულებლად, ახლა მე თუ გეტყვი, რომ ის კი არ იყენებს, უბრალოდ ორივე მხარე ასე მოგებული რჩება, ალბათ მეტყვი რომ მაინც არ მოიქცა სწორად, რადგან წინასწარ არ გაგაფრთხილა, ასეა?
- გამოდის, გავბრაზდი იმიტომ, რომ არ მიყვარს? - აქამდე სავარძელში გადაწოლილმა მიურეიმ თავი წამოყო და ლილიანს შეხედა.
- სწორია.
- იმ ლოთივით ვმსჯელობთ. - ისევ ,,პატარა უფლისწული” გაახსენდა, მას კი ნილი მოყვა და ისევ დაწვა.
- დაახლოებით, - მიუხვდა ქალი. - და როგორც ის მელია იტყოდა, ,,დასანახს, მხოლოდ გული დაინახავს” მიურეი, უნდა ისწავლო მისი მოსმენა.
- დასანახს გული ხედავს... - ჩაილაპარაკა და მინას თვალი მოსწყვიტა. - იქნებ ამიტომ გამახსენა ნილმა ,,პატარა უფლისწული?”
- როგორც ვიცი არცერთ თქვენ ოჯახის წევრს ნილი არ ჰქვია, მიურეი.
- ის ჩემი მეზობელია, წინა კორპუსიდან. უბრალოდ გამოველაპარაკეთ ერთხელ ერთმანეთს, ის... ის სხვანაირია.
- ვისგან განსხვავდება?
- ჩვენგან, რაღაცნაირია... ქუჩური...
- ანუ წრეს გულისხმობ?
- დიახ.
- მიურეი, ადრეც შეგნიშნეთ, ადამიანების ფინანსური მიზნით დაყოფა თქვენთვის მისაღებია?
- ეგ არ მიგულისხმია...
- მაშ, რა იგულისხმე?
- დავიღალე ქალბატონო ლილიან, წასვლა მინდა. - წამოდგა მიურეი.
- ასე იყოს, ამ თემაზე იფიქრე და როგორც გითხარი, ისწავლე მოუსმინო შენს გულს.
- შევეცდები...


კვირა დღეს მოუსვენრობამ შეიპყრო. ძალიან მოუნდა სტადიონზე წასვლა, მაგრამ ვერ ბედავდა, არ უნდოდა ინიციატივის გამოჩენა ნილთან, საშამ საკმაოდ მწარე გამოცდილება დაუტოვა გოგონას. აქ მეგობრები არ ჰყავდა, მარტო წასვლა და იქ ასე ჯდომა საშინლად ეუხერხულა. დიდხანს იტრიალა ერთ ადგილზე და ბოლოს მხიარულად გაიღიმა, ქურთუკი აიღო და მისაღებში გავიდა.
- რას აკეთებ მამა?
- ვმუშაობ, - კომპიუტერიდან თავი არც აუწევია ზაზას. - რა ხდება?
- კარგი რა, არ დაიღალე?
- მიურეი, პირდაპირ მითხარი მამა რა გინდა.
- რა უნდა მინდოდეს? გავისეირნოთ.
- და ბოლო ლოკაცია რა იქნება, ტანსაცმლის მაღაზია?
- არა, მამა, ფეხით გავისეირნოთ აქვე, პარკში.
- მიურეი, რამე მოხდა? - სათვალე მოიხსნა კაცმა.
- არაფერი მამა, ისე გავისეირნოთ, არ შეიძლება?
- ხო, მაგრამ...
- კარგი, თუ არ გინდა მარტო წავალ.
- დამელოდე, ამას ჩავამთავრებ და წამოვალ.
- კარგია. - გაიცინა გოგონამ.


ფეხბურთის მოედანზე რომ მივიდნენ თამაში უკვე დაწყებული იყო, ნილმა მაშინვე შეამჩნია მიურეი, ხელი აუწია და გაუცინა, ზაზას კი თავის დაკვრით მიესალმა და თამაში განაგრძო.
- მეგობარი შეგიძენია. - აღნიშნა მამამ ღიმილით. მიურეიმ არაფერი უპასუხა. სკამზე ჩამოჯდა და უბრალოდ თავი დაუქნია.
თამაშის მანძილზე ნილისთვის თვალი არ მოუცილებია, მის სათითაო მოძრაობას და მიმიკას აკვირდებოდა, ცდილობდა ეპოვა ის, რაც უნდოდა და როცა საკუთარი თავი გამოიჭირა ამაში, ძალიან დაიბნა. უაზროდ ცდილობდა ნილის მწვანე თვალები ლურჯად ექცია, ჩალისფერი თმა და წვერი კი შავად. ფიქრები გოგონებმა გააწყვეტინეს, სიცილ კისკისით მიუსხდნენ გვერდით. მიურეიმ წამში ამოიცნო ერთ-ერთი მათგანი, ეს ნილის მეგობარი გრძელკაბიანი გოგონა იყო, თუმცა ამჯერად სპორტულები ეცვა და გოგონებს მხიარულობაში მაინცდამაინც ვერ ყვებოდა.
ზაზამ ერთი გადახედა შვილის გვერდით ჩამომსხდარ სამეულს და ფეხზე წამოდგა.
- მივდივარ მე მამა, რუსულ მაღაზიაში შევივლი, ბორჯომს ვიყიდი და სახლში ავალ, იქნებ სხვა რამეც ვნახო ქართული.
- მე აჯიკა ვნახე იმდღეს, ქართულად ეწერა ,,მეგრული აჯიკა”, ისე გამიხარდა რომ ასოები ვიცანი... მაგრამ ფული არ მქონდა და ვერ ვიყიდე, თუ კიდევ იყო წამოიღე, კაი?
- კაი მამა, კაი. - ღიმილით შებრუნდა ზაზა და მიურეიმ გოგონებს გადახედა რომლებიც გაოცებულები უსმენდნენ.
- რას ნიშნავს აჯიკა? - ჰკითხა შავკანიანმა აქცენტით.
- ეს... - მიურეი დაიბნა, არ იცოდა რანაირად აეხსნა. - საჭმელზე მისაყოლებელია, უფროსწორად სოუსივითაა. რამდენიმე გატარებული ბოსტნეულის, სუნელების, მარილის და მწარე წიწაკის ნაზავია.
- უჰ, ეგ რა იქნება.
- ხო, საშინლად ცხარეა, მაგრამ გემრიელი.
- საიდან ხარ?
- საქართველოდან.
- ეგ სადაა? - ჩაეკითხა მეორე, ქერა გოგონა.
- აზიისა და ევროპის გასაყარზეა, ერთი პატარა და ლამაზი ქვეყანა, როგორც მამა ამბობს. ერთ დღეს იქ აუცილებლად წავალ...
- მეც არასდროს ვყოფილვარ თურქეთში. - ჩაილაპარაკა ნილის მეგობარმა გოგონამ.
- არც კი გაგეცანით, - უხერხულად გაიღიმა ქერამ. - მე ნიკოლი ვარ, ეს რიმაა, - მიუთითა შავკანიანზე. - ეს კი ადაა.
- სასიამოვნოა. მე მიურეი მქვია.
- რა ლამაზი სახელია, ქართულია?
- არა, არ ვიცი სადაურია, დედამ დამარქვა. თუ არ ვცდები ზოგადად მიურეი გვარია.
- რა საინტერესოა. ვის გულშემატკივრობ? - მოთამაშეებს გახედეს გოგონებმა.
- არ ვიცი, ისე შემოვიარე და ნილი დავინახე... - მიურეიმ ადას გახედა რომ მისი რეაქცია შეემოწმებინა. გოგონამ სწრაფად გამოხედა და უკეთ დააკვირდა, შემდეგ ტაში შემოჰკრა და გაიცინა.
- გიცანი, გიცანი, შენ... შენ ის გოგონა ხარ ვიღაც ბიჭს რომ... - სახე ნელ-ნელა დაუსერიოზულდა და ლაპარაკი შეწყვიტა. - მაპატიე, ალბათ ეს არ უნდა გამეხსენებინა...
- დასამალი რა არის, - გაიღიმა მიურეიმ, - თანაც საშა ზუსტად მაგ დღეს მიბარდა წარსულს. ნილს საიდან იცნობთ?
- ხუმრობ? ჩვენ სულ ერთად ვართ...

კიდევ ცოტა ხანს დარჩა და უკეთ გაიცნო გოგონები, შემდეგ კოორდინატები გაცვალეს და სახლისკენ წავიდა. არ უნდოდა თამაშის დამთავრებას დალოდებოდა, თავისი თავის ვეღარ გაეგო, ვერც ადას დამოკიდებულებას მიხვდა და სანამ ისტორია განმეორდებოდა სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.

შემდეგი დღის სეანსის შემდეგ პარკის გავლით ბრუნდებოდა სახლში, როცა შორიახლოს ნაცნობი ხმა შემოესმა.
- რომელ საავადყოფოში წევს? - კითხულობდა ნილი.
- არ მითხრა ეხლა მოვალთ და მოვინახულებთო, კაცს ფეხი მოტყდა და თქვენ არც კი მოგიკითხავთ მისი ამბავი!
- ტონს დაუწიე ბიჭო, ძალით ხო არ უნდოდა?!
- ზუსტად რომ სპეციალურად ჩაარტყა მაგ ს..მა, ახლა სადღაც მიყუჟულა ვირთხასავით და იმალება.
- ვისზე ამბობ მაგას შენი......

მიურეიმ ფეხს აუჩქარა და მოსახვევში დაახლოებით ოცკაციან შეკრებას თავს წაადგა, წრის შუაგულიდან გინების ხმასთან ერთად ყრუ ბრაგუნიც მოესმა, შეჯგუფება თანდათან გაფართოვდა და მიურეიმ უკვე კარგად გაარჩია მოჩხუბარ წყვილებს შორის ნილი, რომელმაც სწორად იმ წამს დაარტყა მოწინააღმდეგეს და მეორისკენ გაიწია. გოგონამ, ვინმეს მოქნეული ხელი რომ არ მოხვედროდა, ინსტიქტურად უკან დაიწია. მისი და ნილის თვალები მაშინვე შეხვდნენ ერთმანეთს. ბიჭი დაიბნა, ვეღარაფერი მოიფიქრა, ხელი დაუქნია მიურეის და უხერხულად გაიღიმა.
ნილის სიცილმა დამამშვიდებლად იმოქმედა გოგონაზე და მანაც გაიღიმა.
ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ და დგებოდნენ მათ შორის, ისმოდა გინების და ტკივილის ხმები, ისინი კი, თითქოს არაფერიო, იდგნენ და უცინოდნენ ერთმანეთს. თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მიურეიმ თვალი მოკრა ბიჭისკენ გაქცეულ, შავ, საკმაოდ დიდ სხეულს და დაიყვირა.
- ნილ, ფრთხილად!
მათი სხეულები მაშინვე შეეჯახნენ ერთმანეთს და გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, ვერ გაიგო რომელი მოექცა ზემოდან და ვის ურტყავდა ასეთი გამეტებით, ამიტომ მაშინვე მივარდა და პირველივეს ქურთუკზე ჩაეჭიდა. დასარტყამად შემართული ხელი ბიჭმა ჰაერში გააჩერა და მიურეის ამოხედა.
ეს იყო სახე, რომელის წაშლაც გოგონამ ვერაფრით მოახერხა გონებიდან. უფრო სწორად თვალები, დიდი, ლურჯი, ავად მომზირალი ორი სფერო, რომელიც ახლა ზიზღს ასხივებდა. სწორად ამ თვალებს ეძებდა გამალებით ყველგან და ყველაში, მაგრამ როგორც კი იპოვა, შემკრთალმა მოუშვა მომუჭული თითები და უკან დაიხია.
- გამარჯობა პატარავ. - ბიჭმა მაშინვე გახსნა შეკრული შუბლი და სახეზე სიამოვნების ღიმილი აუთამაშდა. ნილმა მაშინვე ისარგებლა მომენტით და მუცელში ძლიერი წიხლი უთავაზა. ბიჭი გვერდზე გადავარდა, კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა და ფეხზე ნილთან ერთად წამოდგა.
- შეწყვიტეთ, - დაიყვირა მან, რამდენიმე წყვილი მართლაც გაჩერდა. - არ გესმით? აქ გოგოა!

მოჩხუბრებმა უცებ შეწყვიტეს ერთმანეთის ცემა და რამდენიმე მათგანმა ხელიც კი შეაშველა მოწინააღმდეგეს წამოსადგომად. თუმცა ეს ყველაფერი მიურეის აღარ დაუნახავს, ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და გაყინული თითებით ქურთუკის შესაკრავს უაზროდ აწვალებდა. ლურჯმა თვალებმა ერთხანს კუშტად უყურეს მიურეის, მერე ნელ-ნელა დავიწროვდნენ, დაპატარავდნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ...

ნილი და მიურეი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ სახლისკენ, ბიჭი ნატკენ ადგილებს ისრესდა და აშკარად ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა.
- იცნობ დამიანეს, არა?
- ნილ, ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ.
- იცნობ. მეც ვიცნობ და კარგად ვიცი, რომ ის არასდროს, არავის გამო არ შეწყვეტს ჩხუბს, მითუმეტეს თუ ობიექტი გოგოა. პირიქით, დამიანეს მოსწონს, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენელი უყურებს როგორ ურტყავს ის ვიღაცას.
- ძალიან კარგად გცნობია, ალბათ ამიტომ გირტყავდა ასე გამეტებით.
- ხო, ჩვენ ძმაკაცები ვართ.
მიურეი წამით შედგა, ხომ არ მომესმაო და როგორც კი ნილის თვალებში სიმართლე ამოიკითხა გაკვირვებულმა გააგრძელა გზა.
- მაგარი ძმაკაცობაა.
- ეს უბრალოდ უბანი-უბანზეს თემაა. როცა ჩხუბი მოგვდის, ჩვენ ჩვენს ტერიტორიას და თანამაცხოვრებლებს ვიცავთ.
- არც კი მჯერა ასეთი ამბები თუ ხდება.
- რას იზავ, არც გადანაშაულებ, ტე-ცენტრალზე დაბადებულ გაზრდილს რომ ეს გაგიკვირდა. აქ სუნდბიბერგია.
მიურეი უარესად გაოცებული შედგა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ნილს შესაძლოა მის შესახებ რამე სცოდნოდა.
- დამიანემ გითხრა ეს?
- მან თავისდროზე ანაზე მომიყვა, მისი უზრდელი, თავხედი და ამპარტავანი დაქალიც არ გამორჩენია მხედველობიდან რა თქმა უნდა.
- დამიანე ვერ მიტანს... - უფრო განერვიულდა მიურეი და გზა გააგრძელა.
- ასეთი რა მოხდა თქვენს შორის?
- არაფერი.
- მიურეი, უნდა მენდო.
- გენდო? - ჩაიცინა გოგონამ. - ერთ საჭირო რჩევას მოგცემ ნილ, რომელიც მე ამ თვრამეტი წლის ცხოვრებამ მასწავლა. არავის, არასდროს, არაფრით არ ენდო, თუ, რა თქმა უნდა, არ გინდა რომ დაზარალდე.
- ასე არ შეიძლება მიურეი.
- ისწავლე სხვების პლანეტების უკეთ, გულდასმით თვალიერება და მიხვდები ამას რატომ გეუბნები.
- შენს პლანეტაზე რა ხდება მიურეი?
- უიმედო მდგომარეობაა. უაზრო, ნაცრისფერი მოგონებები და იმედგაცრუება დაბოდიალობს მუდამ. თუმცა ამ ბოლო დროს იმედი გავაგდე და ესეც ვფიქრობ თან მიყვა. არ გქონდეს იმედი და არც არასდროს გაგიცრუვდება, მარტივია.
- შენ არასწორი ადამიანები აგირჩევია, მე გასწავლი მათ გარჩევას.

მიურეი თავის საცხოვრებელთან შედგა და სევდიანი ღიმილით ახედა ბიჭს.
- ამას ვერასდროს შეძლებ ნილ, შენ რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა შეგეძლოს, ახლა აქ არ იქნებოდი და ეს საუბარიც არ შედგებოდა.
- ამას რატომ ამბობ?
- მე დავაშორე დამიანე და ანა ნილ, მე ვეჩიჩინე ჩემ დაქალს იმდენი, რომ ურთიერთობა გაწყვიტა. შენ კი, შენ სხვანაირი ხარ ნილ, შენ აქ არ უნდა იყო, შენთვის მე არასწორი ადამიანი ვარ...
- მიურეი...

გოგონა აღარ მობრუნებულა, სრაფად შეაბიჯა სადარბაზოში და ლიფტით ასვლა რომ ვერ შეძლო კიბეებს დაქანცული აუყვა...


- ამ შაბათ-კვირას, ბევრი რამ მოგისწრია მიურეი, მეგობრები შეიძინე, ჩხუბში მოყევი და რაც მთავარია შენი დეპრესიის ათვლის წერტილს დაუბრუნდი, რომელიც ჩუმად დაიწყო წლების წინ.
- ამდენი ხანი ვყვებოდი, თქვენ კი რა მარტივად მოაქციეთ ერთ პატარა წინადადებაში...
- უბრალოდ შევაჯამე, მიურეი, პირდაპირ გკითხავ, რა მიზეზით დააშორე ერთმანეთს ანა და დამიანე?
- ყველაფერი ჩვეულებრივ იყო ყოველთვის, ერთი დეტალის გარდა... არ ვიცი როგორ გითხრათ... დამიანე... ის ძალიან ხშირად მიყურებდა.
- ეს იყო მიზეზი?
- ის სხვანაირად მიყურებდა ლილიან. ხშირად როცა მე საშას ვეხუტებოდი, ანა კი მას, გამომხედავდა და უცნაურად მიღიმოდა. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი... არ ვიცი, მრცხვენია.
- იქნებ უბრალოდ ასეთი იყო, ან გაღიზიანებდა, რადგან შენ ხშირად უსმევდი ხაზს მის წრეს და უბანს.
- არ ვიცი რა იყო, მაგრამ... მან რამდენჯერმე ისე ამაყოლა თვალი, რომ... - მიურეიმ ვეღარ გააგრძელა და განერვიულებულმა ფანჯარაში გაიხედა.
- რომ, როგორც იტყვიან ჟრუანტელმა დაგიარა. - დაასრულა ლილიანმა, მიურეიმ არაფერი უპასუხა. - შენ ის მოგწონდა, არა?
- ლილიან, მე საშასთანაც კი დავწექი იმის გამო, რომ მისი გამოხედვა, მისი თვალები როგორმე ამომეგდო თავიდან და ანასთვის გული არ მეტკინა...
- ჩემთან თავს ნუ იმართლებ მიურეი, მე მესმის...
- ყველაზე რთულია... საშინელებაა, როცა შენი სურვილების წინააღმდეგ მიდიხარ. ვერაფრით დავაღწიე თავი დამიანეს, ვერაფრით და უარესი რომ არაფერი გამეკეთებინა... საერთოდ დავაშორე ერთმანეთს... ფიქრობთ არასწორი გამოსავალი ვიპოვე, არა?
- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ?
- არ ვიცი როგორ გითხრათ, ზედაპირული, ჯერ ახალი დაწყებული ჰქონდათ ურთიერთობა. თითქოს არც სურდათ გაღრმავება, ერთ ადგილს ტკეპნიდნენ მუდამ... მათ რომ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ, რომ ყვარებოდათ ერთმანეთი მაშინ მე ანას დაკარგვა სამუდამოდ მომიწევდა. უბრალოდ გავქრებოდი მისი ცხოვრებიდან, მაგრამ ვგრძნობდი რომ... ღმერთო, რა რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი...
- მესმის, ნუ გრცხვენია მიურეი. მე აღსარებას არ ვითხოვ, მე მინდა შენ ილაპარაკო ის რასაც ფიქრობ, რადგან ადამიანი, თავისი აზრების ხმამაღლა გაჟღერებით სხვანაირად, უფრო კი, ობიექტურად აღიქვამს რეალობას. ახლა კი მინდა დაუფიქრებლად მიპასუხო პირველივე რა იგრძენი, როცა კვლავ ნახე დამიანე?
- გამიხარდა...



ტე-ცენტალზე ჩვეულებრივ ლურჯი ხაზის მატარებელს დაელოდა რომ ჰალუმბერიის მეტროდან სუნდბიბერგზე ავტობუსით ასულიყო, მაგრამ გზაში მოუსვენრობამ შეიპყრო, გადაწყვიტა მეორე ხაზზე გადამჯდარიყო და წინათგრძნობას მიენდო. როგორც კი მატარებელი შეიცვალა, გულმა სულ სხვა, ახალი რიტმით გააგრძელა მუშაობა. რისნეს გაცდა და რინკიბიზე ამოვიდა.
უცნაური მოლოდინი დაეუფლა, ცენტრუმიდან გამოვიდა და თვალი მოავლო იქაურობას. რამდენიმე მეტრი უაზროდ გაიარა, საავადმყოფოს მსგავს შენობას მოკრა თვალი და იქით წავიდა. სუნთქვა მაშინვე შეუნელდა, როგორც კი რამდენიმეკაციან ბიჭების და გოგონების ჯგუფში დამიანეს მოკრა თვალი, თუმცა არ გაჩერებულა.
ლურჯმა თვალებმაც მაშინვე იპოვეს მიურეი, წამით მათ შიგნით მოქცეული ორი პატარა შავი სფერო გაფართოვდა, შემდეგ ისევ დავიწროვდა და ბოლოს სულ გაიყინა. დამიანეს ეგონა მეჩვენება-ო, იქნებ სხვაგან მიდის, აქ შემთხვევით მოხვდებოდა-ო, მაგრამ მიურეი ჯიუტად მიდიოდა მისკენ და ბიჭს ისღა დარჩენოდა თავისი ჩვეული, დამცინავი ღიმილი სახეზე აეკრა.
- გზა ხომ არ აგებნა პატარავ? - ჯგუფს რამდენიმე ნაბიჯით გამოეყო დამიანე და უზარმაზარ სვეტს გვერდულად მიეყრდნო.
- არა.
- აბა, რინკიბიზე რა დაკარგე, ოღონდ არ მითხრა რომ ცხოვრებისეული მენტალიტეტი შეგეცვალა და ნარკოსამყაროში გადაწყვიტე ბედის ცდა.
- შეიძლება სადმე წყნარად დავილაპარაკოთ?
- მე და შენ? უკაცრავად მის, მაგრამ, მისტერ უმდაბლესობა დაკავებულია!
- დამიანე, გთხოვ. - მისკენ ნაბიჯი გადადგა როგორც კი შებრუნება დააპირა ბიჭმა.
- მთხოვ? მაპატიეთ, მაგრამ მგონი ერთ ამპარტავან, უზრდელ გოგონაში შემეშალეთ მის, მას მიურეი ჰქვია, ხომ არ იცნობთ? იმიტომ გეკითხებით, რომ ძალიან გავხართ, ვიზუალს ვგულისხმობ.
- დამიანე მორჩი, გითხარი რომ სალაპარაკო მაქვს! - ხმას აუწია გოგონამ.
- აი ახლა ჩემი მიურეი ხარ. - გულიანად გაიცინა ბიჭმა, სიგარეტს მოუკიდა და თავის გადაწევით პირიდან გამოშვებულ კვამლს თვალი გააყოლა. - ერთ წუთს გაძლევ, ბევრი დრო არ მაქვს, მოგეხსენება მდაბიო საქმეებით უნდა დავკავდე.
- არ ვიცი რით დავიწყო.
სინამდვილეში მიურეიმ მართლა არ იცოდა რისი თქმა უნდადა, რატომ მივიდა მასთან, უბრალოდ დამიანეს ნახვა უნდოდა და მორჩა. ბიჭმა მაჯის საათს დახედა, რითიც აგრძნობინა დრო გაგდისო, მიურეიმ ამაზე ღრმად ჩაისუნთქა და თვალები აატრიალა.
- შენში შევცდი, - დამიანემ დაეჭვებით შეხედა. - უფროსწორად რაღაცეები სხვანაირად მეგონა. სინამდვილეში რაც ვიფიქრე არ ვიცი მართალია თუ არა და ეჭვი მეპარება, - ბიჭმა წარბები ასწია, ცდილობდა გაეგო რის თქმას ცდილობდა გოგონა მაგრამ ვერაფერს მიხვდა. - ალბათ იმიტომ რომ ახლა იქ აღარ ვცხოვრობ და სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. შენი და ანას ურთიერთობა, შენი ჩემდამი დამოკიდებულება... მოკლედ ხომ მიხვდი არა? - თვითონაც აიბნა და სულელურად გაიღიმა.
- სიმართლე გითხრა მიურეი, შენი ნაბოდიალებიდან მხოლოდ ის გავიგე რომ შეცდი. ეს კი ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი განაცხადია. თანაც ერთი წუთი უკვე გავიდა და მე საქმეები მაქვს. ასე რომ... გზა ხომ იცი უკან როგორ დაბრუნდე?
მიურეის ცოტა დააკლდა რომ სიბრაზისგან არ გაენათებინა. სიმწრისგან მხოლოდ ის მოახერხა რომ გულიანად გაიცინა, ტელეფონს დახედა, რომელიც უკვე ხუთ საათს უჩვენებდა, ხელი აუქნია ბიჭს და უკან საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
- ფრთხილად იარე და არსად გადაუხვიო, არ დაგავიწყდეს, ეს რინკიბია!
მიურეი ისე შემობრუნდა სიარული არ შეუწყვიტავს. ერთწამიანი, მადლიერი ღიმილით დააჯილდოვა ბიჭი და მიტრიალდა.
ირონია ნელ-ნელა მოიცილა დამიანემ და სერიოზული სახით თვალი გააყოლა მიმავალ მიურეის, ჩალისფერი, ტალღოვანი თმა წელზე უდიერად დაყროდა გოგონას, იმხელა, თასმიანი ფეხსაცმელი ეცვა, ბიჭს წამით მოეჩვენა, რომ მიურეი ნორმალურად ვერც კი ძრავდა. ტელეფონი ამოიღო და ნილს დაურეკა.
- სად ხარ?
- უნივერსიტეტში რაღაცეებს ვაგვარებ და მერე ჩემს დასთან მივდივარ, მანქანა უნდა დავუტოვო, სჭირდება, რა ხდება?
- სალაპარაკო მაქვს.
- ხვალ შუა დღეს ტე-ცენტრალზე უნდა გავიდე და იქიდან პირდაპირ მეტროთი წამოვალ, კიდე იმ შენ უბნელზე თუ უნდა მელაპარაკო...
- მიურეი იყო აქ.
- როდის? - აშკარად შეცბა ნილი.
- ამ წუთას მიეფარა თვალს.
- მარტო გამოუშვი?
- აქვე ვართ, მეტროსთან დამშვიდდი. უკვე ჩასულიც იქნება. როგორ ნერვიულობ, რა იყო, ხო არ შეგიყვარდა? - ძალით გაიცინა დამიანემ და დაიძაბა.
- რა გითხრა?
- შენ რა, კითხვასაც კი თავს არიდებ?
- დამიანე კმარა, რა გითხრა მეთქი?
- ტელეფონით ხო არ გეჭორავები ბიჭო, ხვალ გამო და ვილაპარაკოთ.
- სამისთვის მანდ ვიქნები.
- ხო და კიდე, ჩხუბის დროს მანდ ტყავის სამაჯური დამივარდა, ხომ არ გინახავს?
- აღარ მივბრუნებულვარ, მიურეი მივაცილე სახლში.
- გაიარე რა, შეიძლება ეგდოს სადმე, ხო იცი როგორ მევასება.
- კაი, მოვძებნი...

მიურეი რისნედან პარკით გაუყვა გზას სუნდბიბერგისკენ. ეს იყო საკმაოდ გრძელი, დასასვენებელი და ამავდროულად სავარჯიშო ადგილი, გაზაფხულზე აქაურობა ზღაპრულ ბაღს ჰგავს უამრავი აყვავებული ტყემლის, ალუბლის და ატმის ხეებით, მარცხნივ ჩამწკრივებული სახლების პატარა, ყვავილოვანი ეზოებით. ამ დროს აქ გავლა თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით დასვენების დღეებში, უმეტესობა საპიკნიკოდ გამოდის, ცეცხლს ანთებს და ძირითადად გრილზე შემწვარ ხორცეულს მიირთმევს, მათი ბავშვები პატარა ატრაქციონებით ირთობენ თავს, ზოგი აუზში ბანაობს, ზოგი მზის აბაზანებს იღებს, ზოგიც კი უბრალოდ დარბის ან ველოსიპედით ვარჯიშობს.
ახლა კი ამ სიცივეში, რამდენიმე სამსახურიდან მომავალ ადამიანს შენიშნავთ მხოლოდ, ექვსი საათი არც არის და უკვე ისე ბნელა განათებები რომ არა თითს თვალთან ვერ მიიტანდა კაცი. მიურეის უყვარდა ,,ღამეები” რომლებიც შემოდგომის ბოლოს იწყებოდა და გაზაფხულზე მთავრდებოდა. დეკემბერში მხოლოდ რამდენიმე, დაახლოებით ოთხი-ხუთი საათით თუ იხილავდით დღის შუქს, დანარჩენი დრო კი სულ ბნელოდა. სამაგიეროდ ვერ იტანდა ზაფხულის ,,დღეებს”, რადგან წელიწადის ამ დროს პირიქით ხდებოდა, დილის ოთხ საათზე სინათლე უკვე თვალებში აჭყიტებდა ისედაც ფრთხილ ძილს მიჩვეულ გოგონას და მოსვენებას უკარგავდა.
სახლისკენ გადაუხვია და კიბეებს აუყვა. უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, როცა წინა დღეებში მომხდარი ჩხუბის ადგილას გაიარა. რამდენიმე წამით შედგა და უკეთ დააკვირდა ორიოდე სანტიმეტრზე შერჩენილ თოვლს, რატომღაც სისხლის ლაქებს ეძებდა, მაგრამ ერთადერთი რაც დაინახა, შავი ტყავის სამაჯური იყო, ბუჩქებთან ახლოს უდიერად ეგდო და მიურეი მისკენ წავიდა. ხელში რომ აიღო ოდნავ მძიმე მოეჩვენა, ხმარებისგან მკრთალად გაქექილ გვერდებზე ხელი გადაუსვა გოგონამ და განათების შუქზე გავიდა რომ უკეთ დაეთვალიერებინა. შუბლი გაეხსნა, როცა მასში დამიანეს განუყრელი სამაჯური ამოიცნო, კიდეზე დატანებული პატარა ღილი, როგორც სჩანს, გამწყდარიყო, სავარაუდოდ ეს ჩხუბის დროს მოხდა. კარგად დააკვირდა მიურეი მასზე გამოსახულ მსხვილ ჯვარს რომელსაც აქეთ-იქიდან ჯვარედინად გადაკვროდა წვრილი, ტყავისგანვე გამოჭრილი ორი ზოლი. ქურთუკი აიწია და მაჯაზე მოიზომა, ერთის ნაცვლად ორჯერ შემოიხვია, დღესვე რამენაირად დაუმაგრებდა ახალ ღილს. ჯიბეში ჩაიდო და კმაყოფილი ღიმილით სახლისკენ წავიდა.


- გუშინ შენზე ვფიქრობდი მიურეი, - ხილის ასორტი გაუწოდა ლილიანმა. - და დავინტერესდი რატომ არ სწავლობ? ანუ, ყველას აქვს თავისი რაღაც, თუნდაც პატარა ცხოვრებისეული მიზანი, სად ხედავ შენ თავს მომავალში?
- სწავლა არ მიყვარს, - უდარდელად ჩაკბიჩა გოგონამ მწვანე ვაშლი და სავარძელზე გადაწვა. მე კითხვა მიყვარს, კითხვა და ხატვა.
- ხელოვნების განხრა არ გიცდია?
- არა, მე ჩემთვის მიყვარს კითხვაც და ხატვაც.
- ხო მაგრამ, მალე ცხრამეტის გახდები, მუშაობა არ გინდა?
- აუცილებლად ვიმუშავებ როგორც კი მამაჩემის ფირმა გაფართოვდება. - გაეცინა მიურეის და მასთან ერთად ქალსაც. - არ ვამბობ რომ მთელი ცხოვრება მის კისერზე ვაპირებ ყოფნას, გავყვები ხოლმე სამსახურში და ვისწავლი პრაქტიკას, როცა მზად ვიქნები კი ვიმუშავებ და ჩემი ფული მექნება. მერე ბინის რიგშიც ჩავდგები და ცალკე გადავალ. თავისუფალ დროს ვიკითხავ, დავხატავ ან მეგობრებს შევხვდები. აი ეს არის ჩემი მიზანი ქალბატონო ლილიან, სხვა განსაკუთრებული ხედვა ან გეგმა არ მაქვს.
- საინტერესოა, მარტივი...
- ყველაფერი მარტივი ხომ გენიალურია. - თავისი მიზნებით აშკარად კმაყოფილი იყო გოგონა. - ხო მართლა, გუშინ დამიანესთან ვიყავი, ოღონდ არ გამიბრაზდეთ.

ლილიანმა გულიანად გაიცინა და მოსასმენად მოემზადა.



შესვენების საათი მთავრდებოდა ამიტომ ტე-ცენტრალზე უამრავი ხალხი ირეოდა. მიურეის დღეს ტყავის ქურთუკი ეცვა, რადგან დამიანეს ახლადშეკეთებულ სამაჯურს ძალიან უხდებოდა. რამდენიმეჯერ თითქოს საკუთარი სახელი მოესმა, უკან მიიხედა მაგრამ ამდენ ხალხში ვერავინ გაარჩია და ისევ მეტროსკენ წავიდა. უეცრად საშინელი ყვირილი ატყდა. მიურეიმ დამფრთხალმა მიიხედა უკან და ნათლად გაარჩია როგორ მოჰქროდა სატვირთო ავტომობილი მისი მიმართულებით და ხალხს ჰაერში ისვროდა. ინსტიქტურად მიმოიხედა და პირველივე დანახულ კარში მთელი სისწრაფით შევარდა. სატვირთო მანქანა მის სამყოფელს გასცდა და რამდენიმე მეტრში შეჯახების ხმაც გაისმა. დაზაფრული ხალხი ნელ-ნელა მოეგო გონს, მიურეიც გამოვიდა ქუჩაში და იქაურობა მოათვალიერა, სატვირთო მანქანა როგორც სჩანს საკმაოდ შორი მანძილიდან მოდიოდა რადგან მიურეიმ სადამდეც თვალი გააწვდინა, ყველგან სისხლიან, დაშავებულ ხალხს წააწყდა. ადამიანები მათთან ჩაჩოქილიყვნენ და შველას ითხოვდნენ. მიურეიმ სატვირთოს მიმართულებით გაიხედა. მანქანა ნახევრად შენობაში იყო შესული და კვამლი ასდიოდა. სირენების ხმა ნელ-ნელა უფრო ახლოდან ჩაესმა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც მაშინვე მობილიზდნენ. დაზაფრული მიეყუდა იქვე მდგარ მილს და სცადა გაეაზრებინა რა მოხდა, რატომ მოხდა, ვის უნდოდა ეს ყველაფერი, თავი საშინელებათა ფილმში ეგონა. უეცრად საკაცეზე დაწვენილ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და გამოფხიზლდა.
- ნილ, ნილ! - დაიყვირა და მისკენ წავიდა.
- უგონოდაა გოგონა, არაფერი ესმის.
- შეიძლება წამოგყვეთ?
- პოლიციელს ჰკითხე, ასე ვერ წაგიყვანთ.

მიურეიმ სასწრაფოდ მიირბინა ოფიცერთან, საბუთები აჩვენა და როგორც კი ნებართვა აიღო ნილის გვერდით, მანქანაში ჩაჯდა..
ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია.
- მიურეი, მიურეი შენ ხარ?
- მე ვარ დედა, მე ვარ დამშვიდდი.
- სად ხარ?
- მომისმინე, მე კარგად ვარ, ერთი ნაკაწრიც არ მაქვს გესმის? მაღაზიაში შევვარდი უცებ და არაფერი მომსვლია.
- ესეიგი, ესეიგი შეესწარი მაგ ამბავს დედა? სად ხარ ახლა, რა ადგილას ხარ?
- სასწრაფო დახმარების მანქანაში ვზივარ, ჩემს მეგობარს დაეჯახა ეგ სატვირთო და საავადმყოფოში მივყვები.
- მიურეი ხომ არ მატყუებ დედა, რამე ხომ არ დაგიშავდა? - ისევ ატირდა ქალი.
- არა დედა, არა! მომისმინე, ეს ბიჭი ჩვენს წინ ცხოვრობს ოცდამეთექვსმეტე პადიეზდში, გვარი არ ვიცი, ნილი ჰქვია, შენ და მამა მიდით მის ოჯახისწევრებთან და წამოიყვანეთ, გესმის? მისამართს ჩაგიგდებ. დედა მისმენ?
- მესმის, გავიგე...
- შენ სატირალი რა გაქვს, წადი და ისინი გაამხნევე.
- გავიგე მიურეი, გავიგე!


უკვე საღამოს რვა საათი იყო ექიმი რომ გამოვიდა და თქვა, რომ ოპერაცია დასრულდა, სიტუაცია სტაბილური იყო და ახლა მხოლოდ ნილის ორგანიზმის სიძლიერეს უნდა მინდობოდნენ.
აღმოჩნდა, რომ სატვირთო მანქანას მარჯვენა მხრის ნეკნები ჩაემტვრია, ფილტვი ჰქონდა დაზიანებული და დაცემისას ხელიც მოეტეხა.
ნილის დედა, თინა უკვე ადამიანს აღარ ჰგავდა, უაზროდ სვავდა სხვადასხვა კითხვებს და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. დიდი ხვეწნის მიუხედავად მიურეი მშობლებს არ გაყვა და საავადმყოფოში დილამდე დარჩენა ამჯობინა. უკვე ძილში მიდიოდა ფეხის ხმამ რომ გამოარკვია. მომხდარით ჯერ კიდევ თავზარდაცემულმა, სასწრაფოდ გაახილა თვალები და ლიფტის მიმართულებით გაიხედა.

პირველი ვინც გაარჩია დამიანე იყო, ლურჯი თვალები უფრო მეტად გაფართოვებოდა და აქეთ-იქით პალატების ნომრებს ათვალიერებდა. უკან ადა, ნიკოლი და შავკანიანი ბიჭი მოყვებოდა. მიურეი ფეხზე წამოდგა და თვალები მოისრისა. ოთხივემ მისი მიმართულებით გამოიხედა, დამიანემ სვლა შეანელა, სამაგიეროდ ნიკოლმა აუჩქარა ნაბიჯს და გოგონასთან მიირბინა.
- მიურეი, როგორ არის?
- სტაბილურად. - თქვა დაბალ ხმაზე და ნილის ჩაძინებულ მშობლებს გადახედა. - ძლივს ჩაეძინათ, გარეთ გავიდეთ.

დამიანე ნერვიულად ტკეპნიდა ერთ ტრაექტორიას და სიგარეტს ღერი-ღეზე ეწეოდა.
- შენ რა გინდოდა იქ? - ჰკითხა მოთმინებადალეულმა, როგორც კი მიურეიმ ამბის მოყოლა დაამთავრა.
- ფსიქოლოგთან ვიყავი და უკვე მეტროსკენ მივდიოდი ეგ რომ მოხდა.
- ასეთი შემთხვევა მილიონში ერთხელ ხდება და მაინცდამაინც ზუსტად თქვენ ორნი იყავით იქ!
- შენ შეგიძლია აქედან მარტო ერთზე იდარდო.
- შენ ნუ მასწავლი ვისზე ვიდარდო!
- ჩემგან რა გინდა, მე გადავუარე ხალხს სატვირთოთი?
- მაგას ვინ გეუბნება?
- ჯავრის ამოყრას ჩემზე ტყუილად ცდილობ დამიანე, შენ ხასიათზე არ ვარ და იცოდე ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება აქ!
- გეყოფათ, - ჩაერია ნიკოლი, - საავადმყოფოში ვართ, ახლა ამის დროა?
- მაგას ჰკითხე, რისთვის მეჩხუბება?
- თინა როგორ არის? - თემის გადატანა სცადა ადამ.
- საშინლად, ვერც კი აღვწერ იმდენად ცუდადაა, რა არ დაალევინეს და ძლივს ჩაეძინა.
- შენ დაინახე, მიურეი, როგორ დაეჯახა ნილს სატვირთო?
- მაგ დროს ხალხს ხომ არ დაუწყებდა ყურებას, რა ტიპი ხარ ნიკოლ, - ხელი აუქნია შავკანიანმა. - წარმოიდგინე, ხედავ როგორ მოექანება შენსკენ მანქანა, სხვისი ყურებისთვის მოიცლი?

მიურეიმ სახე მოისრისა, ჯიბეში ჩარჩენილი კოლოფი ამოიღო და სანაგვეში მოისროლა.
- სიგარეტი მომაწევინეთ რა...
დამიანემ ერთი ღერი ამოაძვრინა და გოგონას გაუწოდა.
- ასანთიც მინდა.
- კიდევ რას ინებებთ მის, ცხელი ყავაც ხომ არ გნებავთ?
- ძალიან მნებავს... - ბორდიულზე ჩამოჯდა და შავკანიანს გახედა. - შიგნით აპარატი დგას, შეგიძლია რომ ყავა მომიტანო? თუ არ შეწუხდები რა თქმა უნდა.
- რა შემაწუხებს. - წამოდგა ბიჭი, - კიდევ ვის უნდა? - და როგორც კი შეკვეთა მიიღო საავადმყოფოსკენ წავიდა.
- აჰა, მონაც იშოვა. - უკმაყოფილო ჩანდა დამიანე.
- რა კოშმარია პროსტა, არც კი მჯერა! - თავი უკან გადააგდო მიურეიმ, თმა გადაიწია და ვარდისფერ ცას ახედა.
- ვერც მე ვიჯერებ. - თავი გააქნია ადამ.
- ეგ რა გიკეთია? - მოულოდნელად წამოიძახა დამიანემ და მიურეის მაჯაში ეცა.
- ფრთხილად დამიანე, ველური ხარ?
- ეს... ეს საიდან გაქვს?
- რა შენი საქმეა?
- მიურეი, თუ არ გინდა ეს სამაჯური ხელიანად წაგაძრო, მითხარი საიდან გაქვს.
- ღმერთო, რა პაპუასია. - ხელები მაღლა აღაპყრო გოგონამ. - ვიპოვე და ახლა ჩემია!
- ახლავე მოიხსენი!
- თორემ რას იზავ, მეც ნილივით მცემ?
- წარსულის ცოდვებსაც გაგიხსენებ და ნილზე უარესს დაგმართებ!
- ტყუილად იღრინები, სამაჯური ვიპოვე, ჩემია და არ მოგცემ!
- მიურეი უკანასკნელად გაფრთხილებ...
- რა ხდება ახალგაზრდებო, პრობლემა გაქვთ? - დაცვის თანამშომელი თავს წაადგა მოჩხუბრებს. - გავიწყდებათ სად ხართ?
- გვაპატიეთ. - ჩაილაპარაკა მიურეიმ.
- ხო, გვაპატიეთ, - გაიმეორა დამიანემაც. - ძალიან განერვიულებულები ვართ და ზედმეტი მოგვივიდა.
- აქ პაციენტებს სძინავთ!
- გასაგებია...

როგორც კი მამაკაცი რამდენიმე მეტრით დაშორდათ, მიურეიმ ნიშნისმოგებით გადახედა დამიანეს.
- მოიხსენი! - მუჯლუგუნი გვერდიდან გაჰკრა და დაცვას გახედა.
- დამიანე რატომ მირტყავ, მეტკინა! - დაიძახა გოგონამ სპეციალურად ხმამაღლა და მამაკაცმა გამაფრთხილებლად შემოიხედა.
- ამ ამბავს სხვა დროს მივხედავ. - კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
- სხვა დრო აღარ იქნება.
- ჩვენთვის, სხვა დრო ყოველთვის იქნება მიურეი. - ღიმილით უჩურჩულა ყურში გოგონას და შავკანიანის მისახმარებლად წავიდა.
მომდევნო რამდენიმე დღე ექიმმა პალატაში მხოლოდ მშობლები შეუშვა, ნილს უკეთესობა ეტყობოდა, მთავარი იყო რომ გონს მოვიდა, თუმცა სრულიად შეიცვალა, საშინლად გაღიზიანებულია-ო, ამბობდა თინა. კაფეტერიაში ისხდნენ მეგობრები მიურეი წვენის საყიდლად რომ შევიდა და ნიკოლმა ხელი დაუქნია.
- როგორ ხარ?
- კარგად, ახლა ვიყავი ასული და ისევ არ შემიშვეს, რა გააწყალეს გული, რა უნდათ?
- შენი შესვლა რა საჭიროა, რომელი მისი შეყვარებული შენ ხარ? - ფორმაში იყო დამიანე.
- არც შენ ხარ მისი ლავერი, მაგრამ შესვლა შენც გინდა.
- სამაჯური სად წაიღე?
- მიკეთია. - ტყავის ქურთუკი გაიხადა მიურეიმ და თმა დემონსტრასიულად უკან გადაიყარა.
- როდის აპირებ დაუბრუნო ნამდვილ პატრონს? - სინამდვილეში დამიანეს ძალიან სიამოვნებდა მიურეი მის სამაჯურს რომ ატარებდა მაგარამ ჯიუტად თხოვდა დაბრუნებას.
- მგონი ახალი პატრონი უფრო მოსწონს და უფრო უხდება.
- ,,მგონი” ძალიან ცუდი სიტყვაა მიურეი, როცა რაღაც გგონია, და სინამდვილეში ასე არაა, ბევრ შეცდომას უშვებ ადამიანი.
- შენ ხომ იცი რა წარმოდგენაც მაქვს შეცდომებზე?
- ხანდახან სურვილი მაქვს სადმე ჩაგკეტოთ, - თავზე ხელები მოიჭირა ადამ. - და იქამდე არ გამოგიშვათ სანამ ბოლომდე არ დაიცლებით ერთმანეთზე ბრაზის გადმონთხევით!
- დამიანეს მაგისთვის მთელი სიცოცხლე არ ეყოფა ადა. ნუ, მე ერთ დღეში ჩავატევ.
- დამიანე ფსიქოლოგიის ლექტორმა დაგვაბარა, ორი დღე აქვს თემის ჩასაბარდბლად, მერე აღარ მივიღებო.
- ეგ სულ დამავიწყდა...
- შენ რა, უნივერსიტეტში სწავლობ? - დაცინვასავით გამოუვიდა მიურეის, თუმცა გულწრფელად გაუკვირდა.
- ხო, რა იყო, არ გესიამოვნა შენზე განათლებული რინკიბელი? - გაუღიმა ბიჭმა.
- მე სულაც არ ვფიქრობ, რომ განათლებას სწავლა განსაზღვრავს.
- როგორც ყოველთვის, მიურეი თავისი განსხვავებული ფილოსოფიით.
- ზოგჯერ სკოლადამთავრებული ბავშვი უფრო მეტად ჭკვიანია, ვიდრე უნივერსიტეტის მაგისტრი. სწავლა არაფერია, თუ ტვინი არ გიმუშავებს. ჯობს ათი წიგნი წაიკითხო, გაიგო და ცხოვრებაში გამოიყენო, ვიდრე ასი და უბრალოდ იძახდე რომ ნაკითხი ხარ. ქართულ ლიტერატურაში ამის მაგალითი ბევრია.
- ისევ საქართველოზე იწყებს ლაპარაკს მაშინ, როცა იქ არასდროს ყოფილა! - მობეზრდა დამიანეს.
- აი ხედავ? ტყუილად კარგავ დროს, უნივერსიტეტში. ცნებების ერთმანეთისგან განსხვავებაც არ შეგიძლია!
- ან არ მინდა.
- ჩემთვის სულ ერთია.
- ჩვენ წავალთ. - წამოდგა ადა და ნიკოლიც თან აიყოლა.
- კარგი ვსო, მეტს აღარ ვიკამათებთ. დარჩით რა! - ბავშვივით სთხოვა მიურეიმ.
- ჩემთან მარტო დარჩენის ეშინია. - კმაყოფილი გასწორდა სკამზე დამიანე.
- აი ხედავთ, არც კი ავყევი, დარჩით...
- მართლა უნდა წავიდეთ, გაგვაგებინეთ თუ შეგიშვეს დღეს და მერე ჩვენც მოვალთ.
- ჩემი ნომერი ხომ გაქვთ? - ჰკითხა მიურეიმ.
- კი, შენ?
- კი.

გოგოების წასვლის შემდეგ ყველა სალაპარაკო თემა თითქოს ერთდროულად გაწყდა. თვალებში არ უყურებდნენ ერთმანეთს, ტელეფონს წამდაუწუმ ამოწმებდნენ და გარეთ იხედებოდნენ. მიურეისთვის გაუსაძლისი გახდა ეს სიტუაცია. მათი ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი სამაჯური იყო, რომელსაც გოგონა ცოცხალი თავით არ დათმობდა. ბოლოს საწრუპი მოიმარჯვა და წვენში ხმაურიანი ბუშტუკების გაბერვა დაიწყო.
დამიანემ ერთხანს ითმინა, შემდეგ მრავლისმთქმელად შეხედა მაგრამ მიურეი ისე გაერთო...
- შეწყვიტე!
- რა გინდა?
- გააჩერე ეგ წვენი თორე მოვისვრი აქედან.
მიურეიმ რამდენიმე ბურთი კიდევ გაბერა. დამიანეს სახეზე გაიცინა და წვენი გვერდზე გადადგა.
ისევ გაჩუმდნენ.
- მიურეი, ფსიქოლოგი რათ გინდა? - ჰკითხა უცებ ბიჭმა.
- საშას დავშორდი და მეხმარება.
- ასე ძლიერ განიცადე?
- თავიდან კი, მაგრამ შემდეგ ლილიანმა მიმახვედრა რომ თურმე სულ არ მყვარებია და დავ*კიდე.
- ეგ როგორ?
- მაგარი ვინმეა, მე მოვუყვები ამბავს და ის მეუბნება რას განვიცდი, რას ვაშავებ, რას სწორია და მოკლედ ცხოვრებას ძალიან მიმარტივებს.
- შენ ხომ ყველაფერი მარტივად გინდა.
- არც მთლად მასეა საქმე. ლილიანმა მიმახვედრა როგორ გავუსვა ხაზი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს და მიზნებს, როგორ ვისწავლო გულის და გონების ხმების გარჩევა. გამაგებინა სინამდვილეში რა მინდა, რომ სამყარო ჩემს ირგვლივ არ ტრიალებს და სინამდვილეში მე სხვა ადამიანების მსგავსად მხოლოდ ჩემი პლანეტა მაქვს...
დაკვირვებით უყურებდა დამიანე მიურეის და უსმენდა გოგონას, რომელიც შანელის ტანსაცმლის მაგივრად ცხოვრებაზე ლაპარაკობდა, ადამიანურ საკითხებს, სამყაროსა და პლანეტებს განიხილავდა. მიხვდა რომ თავისდროზე არ შემცდარა, როცა მიურეიმ საშინლად მიიზიდა და მის უკუნით თვალებს ვერსად გაექცა. მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა როგორ ცდილობდა გოგონა მუდამ მის დამცირებას, არაფრით ეშვებოდა იმის ხაზგასმას, რომ საკმაოდ საშიში, ,,ბარიგებით” სავსე უბნიდან იყო და ფიქრობდა რომ ბიჭიც ასეთივე იქნებოდა.
- შენ თუ ამას მიგახვედრა, მართლა მაგარი ფსიქოლოგი ყოფილა. - წარბები ასწია ბოლოს.
- და შენ რატომ... მოიცა შენ... - მიურეიმ გულიანად გაიცინა. - შენ ფსიქოლოგი გინდა გამოხვიდე დამიანე?
- არ მომიხდება?
- ვერ გახდუნებ. რაღაცნაირად არ გიხდება . - კიდევ ერთხელ გადაიკისკისა გოგონამ.
- სამაგიეროდ შენ სიცილი ძალიან გიხდება.
მიურეის სწრაფად ჩამოერეცხა სახე და დამიანეს დაეჭვებით შეხედა.
- რა იყო?
- არაფერი, მაინც არ დაგიბრუნებ ამ სამაჯურს.
- მაგას მაშინ მომცემ, როცა მოვინდომებ.
- ახლა არ გინდა?
დამიანემ პირდაპირ თვალებში შეხედა და მიურეი დაიბნა. ძალიან ეცადა თვითონაც გაესწორებინა მზერა. რამდენიმე წამს ასე იყვნენ, ბოლოს გოგონამ ვეღარ გაუძლო და ტელეფონს დასწვდა.
- საით?
- ვნახავ ექიმს, იქნებ შემიშვან და სახლში წავალ.
- იცოდი, რომ მამაშენი ჩემი ძმის მეგობარია და ერთი საქმე აქვთ?
- რა საქმე? - დაიძაბა გოგონა.
- მანქანების ფირმას ვგულისხმობ. ნუ შეგეშინდა.
- აა... არაფერი ვიცი, რამდენი წლისაა შენი ძმა?
- ოცდაცხრამეტის.
- რამხელა ძმა გყოლია დამიანე.
- შენ მე რამდენის გგონივარ?
- არ ვიცი... მაქსიმუმ ოცდაორის.
დამიანემ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- აბა რამდენის ხარ?
- ოცდაცხრის.
- რა?
- არ მეტყობა, ვიცი.
- მეღადავები დამიანე?
- არა, გეფიცები, გინდა მართვის მოწმობას გაჩვენებ.
- მინდა.
საბუთის სიყალბე დიდხანს ამოწმა გოგონამ, საეჭვო ვერაფერი შეამჩნია. დამიანე ბაროვსკი, დაბადების ადგილი - უკრაინა, კიევი. დაბადების თარიღი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წლის თექვსმეტი აპრილი. მიურეიმ ბიჭს ახედა.
- ესეიგი ზეგ დაბადებისდღე გაქვს?
- ასეა.
- ხვალ კი თხუთმეტი აპრილია.
- ალბათ შეყვარებულთან ერთად სადმე წახვალ. - დასცინა ბიჭმა.

მიურეიმ სცადა მისი სიტყვები არაფრად მიეღო, მაგრამ არ გამოუვიდა და სახე შეეცვალა.
- ცუდია მარტოობა...
- საშასნაირ რუს ნაბ*ჭვართან ყოფნას მარტოობა არ გირჩევნია?
- ასე ძალიან რატომ ვერ იტან, რადგან რუსია?
- შენ მართლა ვერ ხვდები რატომ დავშორდით მე და ანა?
- ვერა...
- სულელი ხარ მიურეი, - გასაღებს და ტელეფონს დასწვდა დამიანე და წამოდგა.
- მოიცადე ვერ გავიგე რა შუაშია საშა თქვენს დაშორებასთან. - უკან გაყვა გოგონა.
- წადი და თავად მათ ჰკითხე.
- ვინ მათ?
- ანას და საშას.
- ანას და საშას? - მიურეიმ სწრაფად გადაასწრო და წინ დაუდგა ბიჭს. - დამიანე, ანას და საშას? - ახლა უფრო გამოკვეთილად დააკონკრეტა მათი სახელები გოგონამ.
- ანა შვედია მიურეი, მაგათთან მოსული პონტია, საშა კი როგორც გითხარი რუსი ნაბ*ევარია, მეტს რას ელოდი?!
- ანა და საშა?
- იმეორე ახლა ერთიდაიგივე! -გარეთ გავარდა გაღიზიანებული ბიჭი და მანქანისკენ წავიდა.
- მე მთელი ეს დრო, ამდენი წელი თავს ვიდანაშაულებ რომ ჩემი ეგოისტობის გამო დაქალი შეყვარებულს დავაშორე, შენს დასავიწყებლად საშასთანაც კი დავწექი რომ ანასთვის გული არ მეტკინა და შენ ახლა მეუბნები, რომ - ანა და საშა? - განერვიულებული მისდევდა უკან დამიანეს და თითქმის ყვიროდა.
- რა გააკეთე? - ისე სწრაფად მოტრიალდა ბიჭი, მიურეი კინაღამ დაეჯახა. ერთხანს დაფიქრდა და გაიაზრა რაც თქვა და საერთოდ გაჩუმდა. - მიურეი გაიმეორე, რა გააკეთე?
- მაშინ ასე ჩავთვალე საჭიროდ.
- იმ ს*რთან დაწექი?
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- მე მინდა!
- რისი მოსმენა გინდა, დეტალები ხომ არ მოგიყვე, ვიწექი და მორჩა, რა ამბავი ამიტეხე, შენ ვინ გკითხავს?
- თვითონ თქვი, რომ ეს ჩემს დასავიწყებლად გააკეთე!
მიურეიმ ენაზე იკბინა, საშინლად შერცხვა თავისი თავის და გაბრაზდა ასე განერვიულებულზე რომ წამოროშა ყველაფერი.
- სახლში უნდა წავიდე... - გაჩერებისკენ წავიდა თუმცა დამიანე მაჯაში სწვდა.
- მე წაგიყვან.
- არ მინდა...
- მიურეი, ერთხელ მაინც არ შეგიძლია რომ გაიგო რასაც გეუბნები?

გოგონამ თვალი აარიდა.

- წამოდი. - ხელი ჩაჰკიდა დამიანემ და მანქანისკენ წაიყვანა.
უყურებდა მიურეი ბიჭის მუჭში მოქცეულ საკუთარ ხელს და ტუჩებს მაგრად კუმავდა, სადაც იყო ტირილისგან გასკდებოდა.
მთელი გზა ჩუმად ისხდნენ, მიურეიმ იცოდა ერთი სიტყვაც რომ ეთქვა თავს ვეღარ შეიკავებდა.
- აქ გამიჩერე. - თქვა ბოლოს.
- სახლში მიგაცილებ.
- არ მინდა გაცილება, აღარ შეუხვიო აქ ჩამოვალ.
- მიურეი ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, არ მოგცემ უფლებას ამ მდგომარეობაში გარეთ იბოდიალო.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაინც გეზიზღები! - მეტს ვეღარ გაუძლო გოგონამ და ცრემლები წასკდა.
- მიურეი საიდან მოიტანე...
- მეზიზღება ჩემი თავი, თურმე რა უტვინო ვყოფილვარ, რატომ იქ არ მოვკვდი, რატომ მე არ დამეჯახა ის დამპალი სატვირთო!
- მიურეი რეებს ამბობ.
- გააჩერე მანქანა.
- მიურეი... - უკვე წყობილებიდან გამოდიოდა დამიანეც.
- გააჩერე რომ გეუბნები თორემ გადავხტები!
მოხვევის ნიშანი ჩართო ბიჭმა და მანქანა გადააყენა. როგორც კი გაჩერდა მიურეიმ სასწრაფოდ გააღო კარი.
- მოიცადე, ნუ გარბიხარ!
- თავი დამანებე დამიანე.
- გაჩერდი-მეთქი! - წინ გადაუდგა ბიჭი. მიურეიმ ცრემლები მოიწმინდა და გაბრაზებულმა ახედა.
- შემეშვი დამიანე, ნუ ნერვიულობ, მე იმდენად ეგოისტი ვარ, რომ თავს არ მოვიკლავ, უბრალოდ ახლა არავის დანახვა არ მინდა.

ბიჭმა რამდენიმე წამს უყურა თვალებში, ყველა მისმა საყვარელმა მომენტმა თანმიმდევრობით გაიფრინა მათ შორის.
- რა გქვია?
- დამიანე, შენ რა გქვია?
- მიურეი. საიდან ხარ?
- რინკიბიდან.
მიურეიმ სასაცილოდ აიბზუა ცხვირი და გოგოებისკენ წავიდა...


- რა გიყვარს?
- ხატვა, შენ?
- უცნაური ნახატები...
მიურეიმ ფურცელზე უფორმო სხეული დახატა და ბიჭისკენ მიატრიალა ნახატი.
- აბა ეს რა არის?
- ჩემი გული...
მიურეიმ სერიოზულად შეხედა, მერე გაეღიმა და ფიგურის გაფერადება დაიწყო.


მიურეი ცეკვავს....

მიურეი უყურებს....

მიურეი ვარსკვლავებს თვლის...

მიურეი იცინის...

დამიანემ ხელისგულებში მოიქცია გოგონას გაფითრებული, გაყინული, ცრემლისგან დასველებული სახე და ცხვირით მის პატარა ცხვირს გაეხახუნა.
- გგონია მე არ მიფიქრია, რა მოხდებოდა, რომ ვერ მოგესწრო, რომ ვერ გაქცეულიყავი, რომ დაგჯახებოდა ის ნაბო*ვარი? მე კი ამ დროს შენს გვერდით არ ვიყავი... მკვდარს ამოვთხრიდი მიურეი, კბილებით გავგლეჯდი... შენ სიკვდილს, შენი პატარა გულის უფრო მეტად გაციებას ვერ გადავიტანდი...
მიურეიმ ვერაფერი უპასუხა. ბიჭმა უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ, გულში ჩაიკრა და აწეწილი თმის გასწორებას მიჰყო ხელი.
- მე ვიცი შენ ვინც ხარ მიურეი, შენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის... უნდა დაფიქრდე, მეც უნდა დავფიქრდე... - შუბლზე აკოცა გოგონას და ოდნავ მოშორდა. - სახლში წადი კარგი?
მიურეის ისევ მოადგა ცრემლები თვალებზე, თითქოს ემშვიდობებოდა დამიანე, თითქოს ვეღარასდროს შეეძლებოდა მისი ნახვა, ვერ პატიობდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ პატიობდა დამიანე. გოგონამ სევდიანად გაიღიმა და შებრუნდა. კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს მაგრამ ცრემლებმა მაინც მონახეს თავისი გზა, აღრიალებას სულ ცოტა დააკლდა მიურეის...


- ყველაფერი გასაგებია მიურეი, დამშვიდდი და დაჯექი. - სთხოვა ლილიანმა გაცოფებულ გოგონას რომელიც აქეთ-იქით ნერვიულად დადიოდა და მთლიანი სამყარო სძულდა.
- რანაირად დავმშვიდდე, სულელი ვარ, დებილი...
- სხვა მხრიდან შეხედე ამ ამბავს მიურეი, ის რაც ამდენი ხანი გაწუხებდა გაქრა, ხომ მართალია? შენ არ დაგიშორებია ისინი.
- სამაგიეროდ უარესი ამბავი გავიგე.
- ბრაზი სინდისის ქენჯნაზე უკეთესია მიურეი, მალე გადაგივლის, დანაშაულის გრძნობა კი მთელი ცხოვრება თან დაგსდევს.
- ეგ მართალია... მაგრამ მე მაინც შემიყვარდა დაქალის შეყვარებული, მერე რა, თუ ის არ აღმოჩნდა ჩემი ერთგული, ეს ხომ ფაქტია?
- მაგრამ შენ მისგან განსხვავებით სხვა გზა აირჩიე, სწორი გზა, შენი მენტალიტეტიდან გამომდინარე.
- დარწმუნებული ვარ იცოდა საშა იმ დღეს სხვისთვის რომ ყიდულობდა სამკაულს და სპეციალურად მითხრა...
- მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა ილაპარაკოთ მიურეი...


საღამო იყო, ტე-ცენტრალზე უამრავი ადამიანი ირეოდა, წვიმა დაიწყო და მიურეიმ ფეხს აუჩქარა. შენობაში შესულმა სასწრაფოდ იპოვა ნაცნობი კაფე, გარედანვე მოათვალიერა ანა, გოგონა პანორამასთან იჯდა და მშვიდად ეწეოდა სიგარეტს.
- როგორ ხარ? - არ გადაუკოცნავს ისე მიუჯდა მაგიდას მიურეი.
- კარგად, დაკარგულო. შენ როგორ ხარ, ასეთი მაგარია სუნდბიბერგი?
- სიმშვიდე და სიმწვანეა.
- და შენ როდიდან გიზიდავს მასეთი ადგილები?
- ანა, აქ სხვა თემაზე სალაპარაკოდ მოვედი.
- გისმენ. - დაიძაბა გოგონა და მწვანე თვალები ნერვიულად დაახამხამა.
- დამიანე ვნახე, უფრო სწორად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
- ეგ კიდევ ცოცხალია? - ანა ცდილობდა უდარდელი სახე მიეღო, მაგრამ მიურეი უკვე ყველაფერს ამჩნევდა.
- ძალიან შეცვლილია, უნივერსიტეტში შესულა, იცოდი?
- არა, საიდან?
- რაღაცნაირად გული დამწყდა, თქვენ ხომ ფაქტიურად მე დაგაშორეთ ერთმანეთს...
- კარგი რა, მაგაზე არ იდარდო, ჩვენ არც კი გვიყვარდა ერთმანეთი, უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა ეგ ურთიერთობა, მთვრალი ვიყავი და დამეხმარა, მერე მადლიერების გრძნობა მოწონებაში ამერია და ეგ იყო, აღარც კი მახსოვს დამიანე.
- ანუ ჩემს გამო არ დაშორდი?
- არა.
- აბა ვის გამო?
- რას გულისხმობ?
- არასდროს გიკითხავს რამტომ ვერ ვიტანდი დამიანეს.
- იმიტომ რომ ჩვენი წრის არ იყო. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- მე ის შემიყვარდა ანა.
- რა თქვი?
- ამიტომ, - ახლადდაწყებულ წვიმას გახედა მიურეიმ და ღრმად ამოისუნთქა. - ამიტომ ვცდილობდი რომ დაშორებოდი. ასე რომ არ მომხდარიყო, მე მომიწევდა სამუდამოდ გავმქრალიყავი შენი და დამიანეს ცხოვრებიდან და შენც დაგკარგავდი.
- შენ მაშინ საშასთან ძალიან კარგად იყავი...
- ვფიქრობდი რომ ასე გავაქრობდი დამიანეს ჩემი გონებიდან...
- ამას როგორ წარმოვიდგენდი მიურეი...

გოგონამ ამოისუნთქა. კიდევ ერთმა სიმძიმემ დატოვა მისი სხეული და ჰაერში გაიფანტა.
- ცუდი დაქალი ვარ, ვიცი...
- ასე არ არის...
- მე შენი შეყვარებული შემიყვარდა ანა!
- მაგრამ შენ უარი თქვი... ჩემს გამო... მე კი ვერ ვთქვი... - ანამ სიგარეტს მოუკიდა.
- ვიცი.
- რა იცი?
- საშასთან რომ იყავი...
- მიურეი...
- არ გინდა ანა, ახალს ვერაფერს მეტყვი... თანაც, შენ ხომ შვედი ხარ, მე ქართველი. ორივე ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე მოვიქეცით ასე...
- ჩემი ეროვნება არაფერ შუაშია, მე მიყვარს საშა... დამიანე მხოლოდ მის საეჭვიანოდ მჭირდებოდა და მან კარგად იცოდა ეს.
- დამიანემ იცოდა?
- რა თქმა უნდა... არც კი ვიცი რატომ ამყვა ამ თამაშში, რეალური ურთიერთობა არ გვქონია...
- მომატყუე რომ მითხარი მაკოცაო?
- მაპატიე მიურეი...
- ისიც მატყუებდა? - გოგონას მთელი შიგნეულობა ერთმანეთის მიმდევრობით აეწვა და კულმინაცია გულთან განიცადა.
- მერე არ ვიცი რატომ, უეცრად მითხრა რომ აღარ მიიღებდა ამაში მონაწილეობას და გაქრა, მეც გითხარი რომ დავშორდით...
- აჯაფსანდალია.
- რა თქვი?
- ქართული საჭმელია, ყველაფერი ერთმანეთში არეული...
- ახლა რა იქნება მიურეი?
- არ ვიცი, დამიანე ვერ მიტანს...
- და შენ გიყვარს?
- არ ვიცი...
- თუ გიყვარს წადი და მასაც შეაყვარე შენი თავი. - გაიღიმა გოგონამ. - შენ ხომ მიურეი ხარ, ყველას უყვარდები, მხოლოდ იმიტომ, რომ მიურეი ხარ...



თექვსმეტი აპრილი იყო, შაბათი დღე, რინკიბიზე წვიმდა, პარკში გადახურული ფანჩატურის შუაში ახალგაზრდებს ცეცხლი დაენთოთ და ხორცს წვავდნენ, უამრავი სასმლის ბოთლი და ჭიქები ერთ ადგილას იყო დაწყობილი, გოგონები კოცონს შემოსხდომოდნენ ირგვლივ და მხიარულად კისკისებდნენ. კუთხეში ხმის გამაძლიერებელი აპარატი იდგა და დაბალ ხმაზე უკრავდა დენის ლოიდის Nevermind-ს.
დამიანე ხასიათზე ვერ იყო, რაღაც ღრღნიდა შიგნიდან და გართობის საშუალებას არ აძლევდა. ლუდი დაისხა და მოაჯირს დაეყრდნო, ძლიერად და სასიამოვნოდ წვიმდა. სად იყო ახლა მიურეი? ალბათ თავის ფანჯარაში იჯდა და მინაზე დაცემულ წვეთებს თვალს უაზროდ ადევნებდა, ან იქნებ საავადმყოფოში იყო, ნილთან. იქნებ სულაც ქუჩაში იყო და უგულოდ დაბოდიალობდა. არ იფიქრებდა მასზე დამიანე, მიურეის თავისი ადგილი უნდა ეპოვა ამ ცხოვრებაში, უნდა გაეგო რა უნდოდა და ვინ უნდოდა.
დამიანემ ლუდი მოსვა და გვერდზე გაიხედა. მათკენ ორი ადამიანი მორბოდა, ერთს ყვითელი, კოჭებამდე დავარდნილი საწვიმარი ეცვა, მეორეს თეთრი. წინ ჩამოყრილი სველი თმების მიხედვით გოგოები იყვნენ. მხიარულად მორბოდნენ, რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ. ახლოს რომ მოვიდნენ დამიანეს სახე შეეცვალა, ჯერ გაეცინა, შემდეგ დასერიოზულდა, ბოლოს კი შუბლი შეკრა.
- ძლივს მოვაღწიეთ. - ხმამაღლა სუნთქავდა ნიკოლი. საწვიმარი მოიხსნა და იქვე დაკიდა. - გილოცავ დამიანე! - გადაკოცნა ბიჭი და მიურეის გადახედა.
- მეც გილოცავ დამიანე. - სიცილით მოეხვია გოგონა და გახდა დაიწყო.
- აქ რა გინდა? - ვეღარ მოითმინა ბიჭმა.
- საჩუქარი მოგიტანე. - მიურეიმ ყუთი გაუწოდა ბიჭს. - მაპატიე, მაგრამ ეს უკვე ჩემია. - მაჯა დაანახა გოგონამ. - ეს კი ახალია და ზუსტად ასეთივეა.
- მადლობა. - ყუთიდან სამაჯური ამოიღო ბიჭმა და დაათვალიერა. - მაგრამ გაცვლა მაინც მოგიწევს.
- შანსი არ გაქვს, მე მინდა რომ შენი სამაჯური მეკეთოს და მორჩა. - გაბრაზდა გოგონა და ცეცხლისკენ წავიდა. ნიკოლს უკვე მოეძებნა სანაცნობო წრე და მიურეიც გვერდით მიუჯდა.
დამიანემ გაკვირვებული მზერა გააყოლა რინკიბიზე, მის სამეგობროში, მის დაბადებისდღეზე მოსულ გოგონას და ღიმილით გააქნია თავი.
მიუხედავად იმისა რომ მთელი ეს დრო დამიანე ყურადღებას არ აქცევდა მიურეი მაინც მხიარულობდა, ცოტას სვავდა, იცინოდა და სიმღერას ყვებოდა. ნელ-ნელა ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და გოგონას სითამამე დაუბრუნდა. ჯიბიდან პაწაწინა მეხსიერების ბარათი ამოიღო და ხმის გამაძლიერებელს შეუერთა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ყველამ მისკენ გაიხედა.
- მიურეი, რატომ გათიშე მუსიკა?
- მაცადე, კარგი?
მსუბუქი როკი ნაზმა მელოდიამ შეცვალა. მიურეიმ ხმა დაარეგულირა, საწვიმარში ჩადებული ოდნავ დასრესილი იების კონა ამოიღო და დამიანესკენ წავიდა.
- რას აკეთებ? - გაოცდა ბიჭი.
მელოდიამ სასურველ წერტილს მიაღწია და მიურეიმ აქცენტით, მაგრამ მაინც ქართულად დაიწყო თავისი საყვარელი სიმღერა, რომელიც ამ წუთას ყველაზე ახლოს იყო მისი და დამიანეს ურთიერთობასთან.

- შენ ხომ იცი რომ შენამდე მოვალ,
მოვალ მოგიტან აპრილის იებს,
ავიტან ყინვას, წვიმას და თოვას,
კარს თუ გამიღებ რა გამაციებს...

ბებერი ჭადრის სიმღერა ისმის,
და გულის ძგერას მიჩერებს ქარი,
შენი ფანჯრიდან აღარ ჩანს ნისლი,
შენს გვერდით დილაც უღრუბლო არის...

და მე შენთან მოვალ ისევ ბავშვივით,
მომეგებე ისევ ისეთი,
თუ მეტყვი რომ ისევ ერთად ვიქნებით
მე მოვალ გპირდები,
მე მოვალ გპირდები...

მღეროდა სიხარულისგან თვალებანთებული მიურეი, გულზე თავისი დაკრეფილი იები მიეხუტებინა და ოდნავ აქეთ-იქით ირწეოდა. ამ მომენტში ის ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში, რადგან გაბედა და ცხოვრებაში პირველად გააკეთა ის, რაც ზუსტად იცოდა, რომ უნდოდა. უხაროდა, რომ დამიანესთვის მღეროდა და არ აინტერესებდა, გაიგებდა თუ არა სიტყვების მნიშვნელობას.

უყურებდა დამიანე და არ ეჯერა, მიურეი თავის ენაზე მღეროდა. მიუჩვეველი ყურისთვის ოდნავ უხეშ სიტყვებსაც კი იმხელა გრძნობით გამოთქვავდა გოგონა, რომ ადვილი მისახვედრი იყო, მიურეი სიყვარულზე მღეროდა. ახლა ყველაზე მეტად მხოლოდ ის უნდოდა რომ ცოტა მაინც სცოდნოდა ქართული და რამდენიმე სიტყვა მაინც გაეგონა...
მიურეიმ სიმღერა დაასრულა და გაღიმებულმა გაუწოდა მთელი დღის, წვიმაში ნაგროვები, პატარა იების კონა...
რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ ფანჩატურს ჯაზის სასიამოვნო ჰანგები მოეფინა. ახალგაზრდებმა თვალი მოაცილეს წყვილს და დაბალ ხმაზე განაგრძეს საუბარი, რომ მათი საუკეთესო მომენტი არ გაეფუჭებინათ.
დამიანემ ერთხანს უყურა თვალებაციმციმებულ გოგონას, საკიდიდან ყვითელი და შავი საწვიმარი ჩამოხსნა, ერთი მიურეის გაუწოდა, ხელი ჩაკიდა და წვიმაში გაიყვანა.
რამდენიმე მეტრი ღიმილით გაიარეს, გოგონას გული სადაც იყო მოლოდინისგან ამოუვარდებოდა.
- რას ნიშნავს სიტყვები - მოვალ გპირდები, მიურეი?
გოგონა შედგა, განათების მილს მიეყრდნო და სიმღერის შვედურად თარგმნა დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე დამიანე ხან იღიმოდა, ხან დასერიოზულდებოდა, ხანაც მის თვალებში ბედნიერი სევდა იკითხებოდა. მიურეიმ დაასრულა და ახლა უკვე მისმა პულსაციამ პიკს მიაღწია.
- თუ გეტყვი, რომ ერთად ვიქნებით?
- და თუ ამიშენებ სახლს, ლურჯი ფანჯრებით...
- სახლს?
- ეს გადატანითი მნიშვნელობით უნდა გაიგო დამიანე.
- მგონი დროა ქართული ვისწავლო. - გაიცინა ბიჭმა, მასსა და მიურეის შორის ადგილი უცებ გადაფარა და წელზე ხელები მოხვია. - წავიდეთ საქართველოში?
- მართლა მეკითხები? - გაოცდა მიურეი. ბიჭმა თავი დაუქნია. - მართლა, მართლა დამიანე?
- მართლა, მართლა მიურეი. მერე უკრაინაშიც წავიდეთ.
- ხვალვე წავიდეთ!
დამიანემ გულიანად გადაიხარხარა.
- მე შენნაირი უსაქმური არ ვარ გოგონა, დავამთავრებ გამოცდებს და წავიდეთ.
- მიყვარხარ დამიანე!
თითისწვერებზე აიწია მიურეიმ და მისთვის ყველაზე სასიამოვნო სუნთქვა იგრძნო ტუჩებთან...

კინოთეატრის ეკრანი ჩამუქდა, წარწერებს შორის ბუნდოვნად გავარჩიე, რეჟისორი: დამიანე ბაროვსკი.
ფილმი გადაღებულია რეალურ ამბავზე, - თქვა გამხმოვანებელმა.

ვუყურებდი ჩვენს განვლილ ცხოვრებას ფილმად ქცეულს კინოთეატრის ეკრანზე და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. დამიანე უკანა რიგის სკამზე იჯდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ქართულად მიჩურჩულა.
- კიდევ გინდა განქორწინება, მიურეი?
- არ ვიცი...
- მე კი ვიცი. - მარჯვენა მტევანი მის ხელებში მოიქცია და ჩემი მოხსნილი კალიცო თავის ადგილას, არათითზე დამიბრუნა.
- ეს საუკეთესო ფილმია, რაც მინახავს...
- ეს ჩვენი ცხოვრებაა მიურეი, არ უნდა მივცეთ უფლება ყოფით პრობლემებს გამოუსწორებელი შეცდომა დაგვაშვებინოს და ეს ყველაფერი დაგვავიწყოს. უამრავჯერ გვიჩხუბია და სიკვდილამდეც კიდევ ბევრს მოვასწრებთ. დაშორება ადვილია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან უფრო მეტი ლაპარაკი და ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. გინდა სადმე ცხელი ჩაი დავლიოთ?
- შეიძლება კიდევ ერთხელ ვუყურო?
- რამდენჯერაც გინდა ძვირფასო, მაგრამ ახლა, სადმე წყნარ ადგილას დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
- კარგი...
- ჩაიცვი, ასე არ გამოხვიდე, ნუ გავიწყდება, ეს კიევია, ძვირფასო.



№1  offline წევრი დარინა

მიხარია შენი გამოჩენა ყოველთვის ისეთ ემოციურ, თბილ, ტკბილ და გასაგიჟებელ ისტორიებს გვთავაზობ, რომლის წაკითხვა სულ მნდება, მიყვარს მე შენი გასაგიჟებელი ისტორიებიიი, სულ გელოდები ახალი ისტორიებით, შენს ნიკს რმ ვხედავ უკვე დაწმნებულ ვარ, რომ წინ ძალიან მაგარი ნახევარი საათი მელოდებაა, ეგრევე მივვარდებიდა ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ, ვგიჟდები მარიამ შენზე და მიხაია რომ ამ საიტზე ხარ და შენ ისტორიების წაკითხვის საშუალება რომ გვაქვს. წარმატებებიი და წინა ისტორიია დასასრლიც მინდა მეეე.

 


№2  offline მოდერი Marry Amm

დარინა
მიხარია შენი გამოჩენა ყოველთვის ისეთ ემოციურ, თბილ, ტკბილ და გასაგიჟებელ ისტორიებს გვთავაზობ, რომლის წაკითხვა სულ მნდება, მიყვარს მე შენი გასაგიჟებელი ისტორიებიიი, სულ გელოდები ახალი ისტორიებით, შენს ნიკს რმ ვხედავ უკვე დაწმნებულ ვარ, რომ წინ ძალიან მაგარი ნახევარი საათი მელოდებაა, ეგრევე მივვარდებიდა ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ, ვგიჟდები მარიამ შენზე და მიხაია რომ ამ საიტზე ხარ და შენ ისტორიების წაკითხვის საშუალება რომ გვაქვს. წარმატებებიი და წინა ისტორიია დასასრლიც მინდა მეეე.

დიდი მადლობა დარინა, ძალიან გამახარე. წინა ისტორიის მუზა გაფრინდა თავისი სულელებით და თუ მოფრინდება აუცილებლად დავასრულებ. ასეთი შეცდომა რომ აღარ დავუშვა და მკითხველი შუაში არ გაგაჩეროთ ამიერიდან ჩემგან მხოლოდ სრულად დადებულ ისტორიებს იხილავთ. <3

 


№3  offline წევრი cida12

ძალიან კარგი ისტორიაა <3

 


№4  offline მოდერი Marry Amm

უცნაური მე
ძალიან, ძალიან მომეწონა. ჩამატკბო ძილისპირულის დროს ამ ისტორიამ. საოცრად კარგად წერ. აი იცო როგორ? ვერანაირ შენიშვნას რომ ვვერ მოგცემს მკითხველი. ყველა სიტყვა გააზრებული რომ გაქვს, შინაარსი გრამატიკა მოკლედ საოცარი იყო. და ხოო.. შენს გადაწყვეტილებას მივესალმები.. ამიტომ დაველოდები მსგავს საოცარ ისტორიას შენგან ❤️

მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, როცა ინტერნეტში წერ კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია სტიმულისთვის და თვითგანვითარებისთვის. მიხარია რომ მოგეწონა <3

cida12
ძალიან კარგი ისტორიაა <3

მადლობა <3

 


№5  offline წევრი anuchki

ძალიან მომოეწონა,თავიდან მეგონა რომ ნილი და მიურეი იქნებოდნენ ერთად მაგრამ ვაღიარებ რომ ეს წყვილი უფრო მომწონს ძალიან მომეწონა და ახლა ისტორიას ველი.სინამდვილეში ისტორიის წაკითხვა იიტომ მოვინდომე რომ სათაურად ლურჯი ფანჯრები ერქვა,ეს სიმღერა ძალიან მიყვარს ყოველ დღე ვუსმენ ხოლმე ამიტომ სიტორიის წაკითხვაც ამიტომ მოვინდომე.ძალიან მომეწონა და ახალ ისტორიებს ველიიი

 


№6  offline მოდერი Marry Amm

anuchki
ძალიან მომოეწონა,თავიდან მეგონა რომ ნილი და მიურეი იქნებოდნენ ერთად მაგრამ ვაღიარებ რომ ეს წყვილი უფრო მომწონს ძალიან მომეწონა და ახლა ისტორიას ველი.სინამდვილეში ისტორიის წაკითხვა იიტომ მოვინდომე რომ სათაურად ლურჯი ფანჯრები ერქვა,ეს სიმღერა ძალიან მიყვარს ყოველ დღე ვუსმენ ხოლმე ამიტომ სიტორიის წაკითხვაც ამიტომ მოვინდომე.ძალიან მომეწონა და ახალ ისტორიებს ველიიი

მადლობა ანუკი, მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და გამიხარდა რომ შანსი მომეცა და გამოვიყენე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent