ცივილიზებული პრიმიტიულობა
XXI საუკუნეში ხშირად გვხვდება თანამედროვე ადამიანისა და პირველყოფილი ე.წ. პრიმიტიული არსებების შედარებები, რაც მუდამ ხაზს უსვამს თანამედროვე ადამიანის უპირატესობას ნებისმიერ ასპექტში. თუმცა, ოდესმე თუ დავფიქრებულვართ ამ საკითხზე სერიოზულად? მიპასუხებთ, რომ არა, რადგან ეს უდაოა! მოდით, მაინც დავფიქრდეთ: სწორედ ეს "პრიმიტიული ადამიანი", რომელსაც ასე დაუნდობლად ვასწორებთ მიწასთან, გახდა საფუძველი ჩვენი დღევანდელი რეალობის; თანამედროვე საზოგადოების უპირატესობა კი მხოლოდ ის არის, რომ ამ პროცესის დასაწყისში - "გამოქვაბულში" კი არ გავჩნდით, არამედ უკვე ცივილიზებულ მსოფლიოში. ჩემი ღრმა რწმენით, განვითარება არ დაწყებულა "გამოქვაბულში"; ის მაშინ დაიწყო, როცა ადამიანმა "გამოქვაბული" დატოვა! აქ ჩნდება კითხვა: რა მოხდებოდა, იმ დროში რომ დაბადებულიყავი? გაბედავდი ნაცნობი და უსაფრთხო გარემოს დატოვებას და ახლის ძიებას, რომელიც ზუსტად არც კი იცოდი, არსებობდა თუ არა? დატოვებდი გამოქვაბულს იმ იმედით, რომ გარეთ უკეთესი გელოდება, როცა ამის გარანტიები არ არსებობს თუ "გამოქვაბულში" დარჩებოდი და იმ "ახლის ძიებას", რაც შენი მოვალეობა იყო, მომავალ თაობებს გადაულოცავდი? "პრიმიტიულ ადამიანს" ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ინტერესი რაღაც ახლის მიმართ მოქმედებაში მოეყვანა. სწორედ ამ ნაბიჯმა მოიტანა განახლება! სწორედ ამ სულისკვეთებით იქცა ის მსოფლიოში უდიდეს მოძრაობად, რომელიც ვერაფერმა შეაჩერა. და დღეს, ეს ცივილიზებული სამყარო - საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული - თვლის, რომ უკვე ყველაფერი ნახა და რჩება იქ, სადაც არის. აქ ნუთუ არავის მოაგონდა პლატონის მითი: სიბნელეში დაბმული მონები, რომლებიც განთავისუფლების შემთხვევაშიც კი უკან ბრუნდებიან, გარესამყაროს ზედმეტი სიკაშკაშით შეწუხებულნი?! ეს შესანიშნავი ასოციაციაა და თუ კარგად დავფიქრდებით იმ მონური ბორკილების გარეშე, რასაც ასე მიმზიდველად გვთავაზობს თანამედროვეობა - მივხვდებით, რომ ეს მითი ზუსტად ერგება თანამედროვე, "ცივილიზებულ" ადამიანს! მოდით, გადავხედოთ, რა ხდება დღეს: დღეს ჩვენ საკუთარ თავს ცივილიზებულ რასად ვთვლით და გვავიწყდება, რომ ცივილიზაცია არასოდეს არის სრულყოფილი; დღეს ყველანი საკუთარ ნაჭუჭში შევიკეტეთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ერთხელაც მისი დატოვება მოგვიწევს! თანამედროვე ადამიანი მიეჩვია, რომ ყველაფერი აქვს და ამჯობინებს, დარჩეს თავის კომფორტულ გამოქვაბულში, რადგან თვლის, რომ მის გარეთ ან მხოლოდ ბოროტებაა ან საერთოდ არაფერი არსებობს. მაგრამ გვიფიქრია კი იმაზე, რომ ჩვენი მოწყობილი ყოველდღიურობის მიღმა კიდევ დარჩა რაღაც ახალი და ამოუცნობი, რაღაც დღემდე მიუწვდომელი?! გაგვჩენია კი სურვილი, მეტი გაგვეგო და მხოლოდ იმ "დაღეჭილი" მასალით არ გვეარსება, რასაც თანამედროვეობა ყოველდღიურად ასე უხვად გვაწვდის და რაც ასე გამჯდარია ჩვენს გონებაში - უცხოს შიში! და ყველაზე მთავარი: იქნებ ის ბოროტება, რაც ისე გვაშინებს, რომ მოქმედების, ძიების სურვილსაც კი გვიკარგავს და რასაც ასე აქტიურად ვემალებით, სწორედ ჩვენივე "გამოქვაბულების" ბნელ კუთხეებში ბინადრობს?! იქნებ ამ "დემონების" მოშორება ძველის დატოვებით და რაღაც უკეთესის შექმნით შეიძლება?! შეუძლებელია უფრთხოდე იმას, რაც არ გინახავს ან გამოგიცდია და თუ ჩემი იდეა უაზრობად მოგეჩვენათ, უკანასკნელ კითხვას დავსვამ: მაშინ გაცილებით უსაფუძვლო არ გამოდის შიში, რომელიც დღემდე ძველ "გამოქვაბულებში" გვტოვებს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.