შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოლოგის წერილი დედებს, რომლებიც შვილებისთვის ცოცხლობენ


3-03-2016, 18:32
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 103

თუკი დედას სურს შვილიშვილებს მოესწროს,

შვილს გზიდან უნდა ჩამოეცალოს, – მარგარეტ ბარტი

ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ და ალბათ ძალიან დიდ უკმაყოფილებას და ბრაზს გამოვიწვევ იმ ქალებში, რომელთაც ცხოვრების უმთავრესი აზრი დედობაში ჰპოვეს. მაინც ვწერ!

ჩემთან ხშირად რეკავენ დედები და თავიანთი შვილების კონსულტაციაზე მიღებას მთხოვენ. როცა ვუხსნი რომ ბავშვებთან არ ვმუშაობ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ბავშვები 25-28-30 წლისები არიან. როცა ვთხოვ ხოლმე, რომ თავად ბავშვმა დამირეკოს ამ თხოვნით, უამრავი მიზეზი გამოიჩხრიკება თუ რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად მას: დაკავებულია, ტელეფონი გაუფუჭდა, ეშინია, ერიდება…

ერთხელაც არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა რომ რომელიმეს ამ ,,ბავშვთაგან“ გადმოერეკა და მე ვფიქრობ, რომ თავად დედები იყვნენ დაბრკოლება: როგორ, მისი კონტროლის სფეროდან გაუშვებს? ნუთუ საკმარისი იქნება ის, რასაც თავად ის ეტყვის თერაპევტს? დედიკოებს ,,ბავშვებთან“ ერთად უნდათ მისვლა თერაპიაზე, ყველაფრის დანახვა, ყველაფრის მოსმენა, დაკვირვება, რჩევების მიცემა. დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება მის ბავშვს.

მე ფსიქოთერაპიის ასეთ ფორმატს არ ვცნობ, თუმცა მაინც ხდება ხოლმე სიურპრიზები – პაციენტი მოდის დედასთან ერთად და მეც აღარ ვიცი, როგორ დავატოვებინო მას კაბინეტი.

მკითხველები ალბათ უკვე მიხვდებოდნენ, რომ საუბარია ძლიერი დედობრივი სიყვარულის შედეგად განვითარებულ დამოკიდებულებაზე. საუკეთესო გამოსავალი ასეთ სიტუაციაში თავად დედისთვის ცალკე თერაპიაზე მოსვლის შეთავაზებაა, მაგრამ პასუხად ძალიან თავაზიანად მომიგებენ ხოლმე: ,,არა, გმადლობთ, მე არ მჭირდება. მე პრობლემები არ მაქვს!“

არადა ზუსტად რომ აქვს. დედობრივი სიყვარული ასეთ ქალებში ყველა პრობლემას ფარავს, უბრალოდ იგი ვერ აღიქვამს თუ შეიძლება მას, შვილისგან დამოუკიდებლად პრობლემა ჰქონდეს. ასეთი ქალებისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი ,,დედობაა“ და როგორც წესი, ეს არც არის გაცნობიერებული არჩევანი, უფრო ზუსტად კი არჩევანი საერთოდ არ არის.

ბავშვი დედის იდენტობაში აჩენს უზარმაზარ ხვრელს და იგი ხდება სიცოცხლის ერთადერთი მოტივაცია. ასეთი დედა მსხვერპლად იღებს საკუთარ ცხოვრებას და შვილის გაჩენით პოულობს ცხოვრების აზრს, რამე იაფფასიან და უბრალო აზრს კი არა, საზოგადოებრივად აღიარებული ,,ყველაფერი ბავშვებისთვის“ უჭერს მხარს! აბა, მოაცილე ასეთ დედას ბავშვი, რა დარჩება მისგან? პროფესიულ, ქალურ, პარტნიორულ იდენტობაზე ძალიან ბევრია სამუშაო, დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. არ არის ადვილი.

სად გადის საზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის?

თანაზომიერებაში! თანაზომიერებაში ასაკთან, სიტუაციასთან.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და ასეთ დროს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება გამართლებული კი არა არსებითიც არის. ჩვილ ბავშვს დედის მთელი ყურადღება და დრო სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, დედამ მაინც არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი, თუკი ცოტათი მაინც უყვარს საკუთარი შვილი.

რა უნდა მისცეს შვილს დედამ, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შეუძლია? არ აქვს საყვარელი საქმე, არ ჰყავს მეგობრები და… ვერ ახერხებს დასვენებას. ჰო, ალბათ იტყვით, შენ კაცმა, რა იცი დედობა რა არისო… დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები, ქმარი, ბებია-ბაბუები, დეიდები, ბიძები… გადაუნაწილეთ მათ აღმზრდელობითი ფუნქციები. დედა შეუცვლელი მხოლოდ ფიზიოლოგიური კვების პერიოდშია. დიახაც, მე ვიცი რას ნიშნავს დედობა და გეუბნებით, არ ღირს მასთან მხოლოდ საკუთარი ძალებით შეჭიდება.

რა უნდა მისცეს ბავშვს დაღლილმა, გაღიზიანებულმა, ნატანჯმა დედამ? მხოლოდ დანაშაულის შეგრძნება, რომ დედამ მის გამო თავი გაწირა.

პარადოქსია, მაგრამ დედები, რომლებსაც შვილის გარდა არაფერი ახსოვთ, რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ბავშვზე, თუმცა სხვა ჭრილში – ,,საკმარისად კარგი დედა ვარ?“

ადამიანის ზრდა პირდაპირპროპორციულია მისი მშობლებისგან გამოყოფის. დედა ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებ და ნაკლებ ადგილს უნდა იკავებდეს მის ცხოვრებაში. ამ ზრდის პროცესში მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საკუთარი ბავშვების გაშვებაა, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა. ფეხის ადგმის პროცესში იგი საჭიროებს დედის ჩაკიდულ ხელს, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული რომ ისწავლოს, დედამ ეს ხელი ნელ-ნელა უნდა გაუშვას. ზუსტად ასეთივე პროცესი ხდება ცხოვრებისეულ დონეზეც. შვილის ,,გაშვება“ არ არის ადვილი, სევდა, წყენა, გულისტკივილი ახლავს… თუმცა თუკი მშობელს მართლაც უყვარს შვილი, ამ ყველაფერს გადალახავს და იხარებს იმ ფაქტით, რომ ბავშვი გაიზარდა!

საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვებით: ჩემს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა გაფუჭებული მქონდა უკვე, როცა ზღვაზე წავედით დასასვენებლად ჩვენი სამი წლის ქალიშვილთან ერთად. ვგიჟდები ჩემს გოგონაზე, ძლიერ დამოკიდებულიც ვარ, იმ პერიოდში კი განსაკუთრებით მთელს ჩემს ენერგიას, იმასაც კი, რაც პარტნიორულ ურთიერთობაზე უნდა დამეხარჯა მას ვახარჯავდი. მთელი დღე მასთან ვიყავი. ერთხელ ცოტა ყურადღება მოვადუნე და შევნიშნე რომ თავისი ასაკის ბიჭთან ერთად თამაშობდა ნაპირზე. აგებდნენ სილის კოშკებს და საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას. ახლაც მახსოვს რა ვიგრძენი იმ წუთებში, საშინელი ეჭვი და თქვენ წარმოიდგინეთ მიტოვებულობის შეგრძნება, თითქოს მიმაგდეს. უცებ გავაცნობიერე რა ეგოისტი ვიყავი. რას ვაკეთებ? ვკითხე საკუთარ თავს. ჩემი გოგონა გაიზრდება, ზრდასრულ ცხოვრებას დაიწყებს და ამ ბიჭებთან ურთიერთობა მოუწევს, ჩემთან დარჩენა კი არა. როგორი სიყვარულია ეს, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ?

ბავშვებთან განშორება რთულია. ეს ვიცი არა მხოლოდ წიგნებიდან და ყურმოკვრით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ბავშვი მაშინ კი არ მიდის, როცა ფიზიკურად იზრდება, იგი მიდის ყოველ წუთს, ყოველ წამს, ნელ-ნელა გვშორდება. ჯერ მკერდიდან იწყვეტ, მერე ხელს უშვებ, მერე თვალთახედვის არედან მიდის უფრო და უფრო მეტი ხნით.

ეს უნდა გავაცნობიეროთ, გავიაზროთ. იმიტომ კი არა, რომ დავაკავოთ და არ გავუშვათ, იმიტომ რომ ამ წამებით მაქსიმალურად დავტკბეთ. ბევრჯერ გადავიტანე ეს ყველაფერი მთელი სიმძაფრით ჩემი უკვე ცხრა წლის გოგონასთან ურთიერთობისას. მისი ბავშვობიდან მიტივტივდებოდა ხოლმე კადრები, ვუყურებდი და სევდიანად ვაცნობიერებდი, რომ იზრდებოდა, აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. ემოციების ზღვა ცრემლებად მაწვებოდა თვალებში, ბურთად მეჩხირებოდა ყელში. ტირილი მინდოდა, როცა ვხვდებოდი რომ დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადგილი რჩებოდა ჩემთვის მის ცხოვრებაში, თუმცა ამავდროულად ვხვდებოდი, რომ მისი გაჩერების უფლება არ მქონდა, არ უნდა შემეშალა ხელი საკუთარი გზის პოვნაში.


თუ არ გაუშვებთ, ის არასოდეს გაიზრდება. ფიზიკურად გაიზრდება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისევ ბავშვად დარჩება, ინფანტილურად, დამოკიდებულად, არ ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები, პასუხი აგოს საკუთარ გადაწვეტილებებზე. მას არ ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა.

ერთი ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული მოდელი ასეთია – პენსიონერი დედა და ლოთი შვილი, ფსიქიური ინვალიდი, რომელიც ჯერ კიდევ დედის პენსიაზე ცხოვრობს და სვამს.

მინდა ვუთხრა დედებს, რომლებიც ფიქრობენ რომ საკუთარი თავი დედობისთვის მიაქვთ სამსხვერპლოზე, ეს მსხვერპლი არავის სჭირდება თქვენ გარდა, ყველაზე ნაკლებად კი თქვენს შვილებს. გაუსწორეთ სიმართლეს თვალი – თქვენ უბრალოდ თქვენი ცხოვრების ერთადერთი აზრის დაკარგვის გეშინიათ და ამის გამო საკუთარ შვილს სოციალური ინვალიდობისთვის სწირავთ.

მსხვერპლი-დედების შვილებს მუდმივად დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, სინდისი ქენჯნით… ისინი ვერ პოულობენ საკუთარ გზას, ვერ ვითარდებიან ვერც პიროვნულად, ვერც სოციალურად, ვერც პროფესიული თვალსაზრისით, ისინი მუდამ გრძნობენ მსხვერპლი დედის არსებობას, მაშინაც კი, როცა დედები ცოცხლები აღარ არიან. ეს შეგრძნება გამუდმებით ტანჯავთ, ვერ ახერხებენ ცხოვრებით ტკბობას, ყოველი დღით სიხარულს… თითქოს საკუთარი არსებობით ვიღაც გააუბედურეს, ვიღაც გასწირეს მსხვერპლად…

რეკომენდაციები დედებს:

ეცადეთ საკუთარ თავში სხვა უნარებიც აღმოაჩინოთ, ნიჭი, ჰობი, რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. გაიხსენეთ ახალგაზრდობა.. რის კეთება გიყვარდათ ყველაზე მეტად? რით ერთობოდით? რაზე ოცნებობდით? რა გინდოდათ?

მოძებნეთ დედის გარდა იდენტობის სხვა ვერსიებიც : მე ქალი ვარ, მე პარტნიორი ვარ, მე პროფესიონალი ვარ, მე პიროვნება ვარ, მე ცოლი ვარ, მე მეგობარი ვარ, მე შვილი ვარ… ყველაზე მთავარი კი მაინც პირველია – თქვენ ქალი ხართ!

თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილი, იფიქრეთ მის დედაზეც! იფიქრეთ საკუთარ თავზე! ნუ დააინვალიდებთ ფსიქიურად! ბედნიერ მშობელზე უკეთესს ვერაფერს მისცემთ მათ! ბედნიერებაზე უკეთესს ვერაფერს ასწავლით მათ… ბავშვები კი ნათქვამით არ სწავლობენ, მათ უნდა უჩვენოთ!.

და თუ ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ, ეჩვენეთ ფსიქოლოგს!

მალეიჩუკ გენადი



№1  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესოა..........ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent