შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად მოაქუჩა ქარმა ფოთლები


19-01-2016, 18:47
ავტორი Anna)))
ნანახია 1 913

ერთად მოაქუჩა ქარმა ფოთლები და სევდამორეულ ქუჩებში მდგარ კანგადამძვრალ ლამპიონებს ნაოჭებად დაეტყოთ მომავალი ზამთრის სუსხი. შემოდგომა გარდამტეხ ფაზაში შედის... ფორთოხლისფერი მზე უხმოდ ჩაესვენა შავ ზღვაში, თან თვალებდახუჭულს სამყაროსოდენა სევდა ეტყობოდა ,თითქოს ეს მისი ბოლო ნათება იყო. მშვიდი ნიავი ნაზად ესალბუნებოდა შავი ზღვის ტალღებს, თმას უწეწავდა გადაყვითლებულ ჭადრებს. საით მიფრინავენ თოლიები? -ალბათ, სადმე თბილ ქვეყნებში დაიდებენ სახლს, თუმცა მათთვის ხომ სულ ერთია, დღეს აქ არიან, ხვალ კი შეიძლება ლონდონის მოწმენდილ ქუჩებს ურტყან წრე. მათ არ მოენატრებათ ადგილი სადაც ფრენა ისწავლეს და პირველად ეზიარნენ ღრუბლების სიფაფუკეს. ადამიანი კი... რაც არ უნდა მოხდეს მუდამ ნატრულობს, რომ საკუთარი სხეული მიწად იქცეს მშუბლიურ მიწაზე მისი სული კი იმ ზღვის ლივლივს შეერწყას, რომელიც მთელი სინაზით ეფერება მისი ქალაქის ბაჯაღლოსფერ სანაპიროებს. ჩემი სულიც ასეა, ათვლის წერტილი ჩემს ქალაქშია და ბოლოც იმ ქალაქს ემთხვევა რომლის მიწაზეც თვალებში სევდაჩამდგარმა დედაჩემმა პირველად დაარწია ჩემი აკვანი.
მე ზურა ვარ. ვიზრდებოდი იმ დროს, როდესაც სიძულვილი მეფობდა და მტერი, რომელიც დღეს არხეინად დააბიჯებს ჩემი მამა-პაპის მიწაზე, წარბშეუხრელად ასალმებდა სიცოცხლეს ,ჯერ კიდევ ახლად დავაჟკაცებულ ბიჭებს და აცვამდა ძაძებს ჩვენს მშობლებს. მე დავიბადე ქალაქში, სადაც დიადი ბუნება და სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი ჰარმონიულად აძლევდა დასაბამს ყოველივე მშვენიერს. მე სოხუმელი ვარ და თითოეული დეტალი, თითოეული ადგილი მიყვარს იქ. ჩემი სიცოცხლე იწყება იმ ქალაქში და ბედნიერება სწორედ მასში ჩავტოვე. ახლა ყოველ კვირა მამაჩემის საფლავზე ავდივარ ,მიმაქვს ქრიზანთემების კონა და მომღიმარ სურათზე ვკითხულობ, რომ ჩვენ უსათუოდ დავბრუნდებით იქ სადაც ჩვენს არსებობას იმაზე მეტი აზრი აქვს ვიდრე ჩვენს დღევანდელ სიცოცხლეს. ვიცი რომ მისი ბოლო სურვილიც ის იყო, მისი ქალაქი ისევ მშვიდი და ყოველდღიურობას შეჩვეული ენახა, შავი ზღვის ნაპირებთან მდუმარედ ესეირნა ოჯახთან ერთად და ეყურებინა იმ გასაოცარი სანახაობისთვის, რომელსაც ეს ქალაქი თუთოეულ ადამიანს სჩუქნიდა. მამაჩემი გმირია,იმ გმირებთა შორის ვინც ბოლო ამოსუნთქვამდე, ბოლო ტყვიამდე იბრძოდა იმის გადასარჩენად რასაც ჩვენი, ჩემი და თქვენი, წინაპრები ცივ ნიავს არ აკარებდნენ წლების მანძილზე. მე ბავშვობადაკარგული ბავშვი ვარ, ფერადი ოცნებებით, შავ-თეთრი ფირებით და დიდი მიზნებით. მთავარი მიზანი კი... მთავარი მიზანი კი ჩემს აფხაზეთში ,ჩემს მიწაზე ფეხის დადგმაა.
ყოველ საღამოს ვდგავარ მინებდაორქლილ ფანჯრებთან გავყურებ თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს და გულში ჩუმად ვლოცულობ : ‘’მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა... ამინ .’’ სულ მახსენდება ის სიტყვები რომ მტერს უნდა მიუტევო და გიყვარდეს საკუთარი ძმასავით, თუმცა მამაჩემის სისხლს, ჩემს ჩამონგრეულ სახლს, დედაჩემის შავად შემოსვას როდისმე თუ მივუტევებ ვინმეს, არ მიფიქრია. ვლოცულობ იმისთვის რომ დავბრუნდეთ, იქ სადაც თავს არ ვიგრძნობ ოკეანიდან ფსკერზე გამორიყული თევზივით, იქ სადაც თვალებში სიმშვიდეჩამდგარი გავუყვები ზღვის ნაპირებს და მონატრებისგან ტუჩების კვნეტას არ დავიწყებ, იქ სადაც დედაჩემი აფხაზური ნანას სიმღერით დაარწევს ჩემი შვილების აკვანს და შინ დაბრუნებულს ჩემი სოხუმელი მეუღლე აფხაზურებით დამხვდება. ვლოცულობ ყოველღამ და მახსენდება ჩემი მეზობლის ნინა ბებოს ნათქვამი, რომ ლოცვა მთებს დასძრავს, ჰოდა ვინ იცის, იქნებ ჩემმა ღაღადმა შედეგი გამოიღოს. ნინა ბებო სოხუმში ცხოვრობდა, ზღვის პირას პატარა ქოხი ჰქონდა, მარტოხელა ქალი იყო, შვილები ემიგრანტები იყვნენ. სკოლიდან მომავალს შემამჩნევდა, ზურიკელას ძახილით გზაზე შემომეგებებოდა ჩანთას მართმევდა, გაგიზგიზებულ ბუხართან დამსვამდა, რძითა და მხლოვანებით მიმასპინძლდებოდა. იჯდა საათობით და მიყვებოდა ათას საინტერესო ამბავს, შემდეგ გამომაცილებდა და დამშვიდობებისას ჯვარს გადამსახავდა. მესამე კლასში ვიყავი, როდესაც რუსულმა მძიმე არტილერიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მამაჩემი თავის ნებით წავიდა, დედას დაემშვიდობა, ხელში ამიყვანა და მითხრა რომ თუ არ დაბრუნდებოდა აუცილებლად მებრძოლა მომავალში. ის არ დაბრუნდა და მასთან ერთად კიდევ ათასობით ადამიანი მიებარა უსასრულობას. დედას სხვა გზა არ დარჩა, ძაძებში ჩაცმულმა ორიოდ ტანისამოსი ჩადო ჩანთაში და თბილისასკენ მომავალ გზას დაადგა. ცამეტ თვეში ომი დასრულდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ოც წელზე მეტი, თუმცა დედაჩემს დღემდე არ უშრება თვალებზე ცრემლი. იმ დღის შემდეგ ნინა ბებოც არ მინახავს, არ ვიცი სად არის ან როგორ არის, ჩემი სკოლაც ჩამოინგრა, ჩემი ორი კლასელი დაიღუპა, დანარჩენები კი არ ვიცი სად არიან, ბუნდოვნად მახსოვს მამაჩემის სახე, თუმცა მისი სიტყვები, რომ მომავალში უნდა მებრძოლა დაბრუნებისთვის დღემდე მახსოვს.
‘’გაზაფხულის მშვიდი საღამო იყო, აქა-იქ მერცხლების ჭიკჭიკი ისმოდა, ატმის ნაზი, ვარდისფერი ყვავილების სურნელი მთელს ქალაქში ტრიალებდა. თოლიები ზღვის ნაპირას დაფრინავდნენ, მშობლები პატარა შვილებს ასეირნებდნენ ხელჩაკიდებულნი, სიმშვიდეს მხოლოდ მათი მხიარული შეძახილები არღვევდა , თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ გინდა არ გინდა მაინც კარგი განწყობა გექმნებოდა. მე დედას და მამას ხელი მეკავა, უდარდელად დავბოდიალობდი ოქროსფერ ქვიშაზე და მზის ჩასვლით გაწითლებულ ზღვაში კენჭებს ვისროდი. გზაზე ნინა ბებო შემოგხვდა, ნაყინი გამომიწოდა გამიღიმა და თბილად მიმიხუტა გულზე. მამამ ხელში ამიტაცა და მე ვგრძნობდი რომ ბედნიერება იწყება იმ ქალაქში რომლის ჰაერსაც შენი ოჯახი და შენი ახლობელი ადამიანები სუნთქავენ. მზეს აღარცერთი სხივი უჩანდა ,მამაჩემის სილუეტი ნელ-ნელა ქრებოდა და იკარგებოდა შავი ზღვის ჰორიზონტს მიღმა... მხოლოდ ერთი ფრაზა მესმოდა :’’ თქვენ უნდა დაბრუნდეთ!’’ ’’- შეშინებულმა თვალები გავახილე, საათს დავხედე და მივხვდი რომ საკმაოდ გვიანი იყო, იმასაც მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და გული იმაზე მეტად მეტკინა, ვიდრე შეიძლება და ვიდრე ოდესმე მტკენია. დედასთან მივედი, მთელი ძალით გულზე მივიხუტე ,მერე დავიჩოქე თავი კალთაში ჩავუდე და იმ პატარა ზურასავით ავტირდი, მეგობრებთან თამაშის დროს მუხლს რომ იტკენდა და დედას რომ ეძახდა საშველად. შემდეგ ჩემს შვილს დავუძახე, გვერდით დავისვი, სამახსოვროდ ძლივსშერჩენილი ნეგატივი სურათებით სავსე ალბომი დავიდე მუხლებზე და თან ვეჩურჩულებოდი, რომ მისი სახლი თბილისში კი არა , სოხუმში იყო, რომ ჩვენ შევძლებდით და დავუბრუნდებოდით იმას რისი ნატრულიც ოც წელზე მეტია ვარ, და ვერც რუსეთი, ვერც სხვა მტერი და ზოგადად მთელი პლანეტაც კი ვერ უნდა აღდგომოდა წინ ჩვენს დაბრუნებას. რომ იქ დაბრუნებულს გულში უნდა ჩამეკრა თითოეული მოსახლე, რომ სიცივისგან დაშაშრული ბაგეებით უნდა დამეკოცნა მშობლიური მიწა და მუხლებზე დაცემული შევგებებოდი ზღვიდან ამოწვერილ ცხრათვალა მნათობს. ჩემი ახლობლები იქ დარჩნენ და ვიცი რომ გულზე ერთით ნაკლები ტკივილი აწევთ ლოდად, ისინი დილას საკუთარ მიწა-წყალზე ეგებებიან და ღამესაც საკუთარ მიწაზე ათევენ. ეს კი იმაზე დიდი ბედნიერებაა ვიდრე ჯიბეში მილიონობით ჩაკუჭული მწვანე კუპიურა. მე ხომ ვიცი იქ დაბრუნებულს როგორ მიმიღებს ჩემი ჩამონგრეული სახლის ნანგრევები, მე ხომ ვიცი ზღვა რომ აღელდება ჩვენი დანახვით და ტალღებს შემომაჭდობს გრძელი ხელებივით წელზე, მე ხომ ვიცი ჩემი ‘’და-ძმები’’ როგორ მიმასპინძლებენ, უსახლკაროს ღამეს გამათევინებენ, მშიერს დამაპურებენ, მწყურვალს წყალს გამომიწვდიან. რადგან ჩვენ ხომ ერთი სხეულის შემადგენელი ორგანოები ვართ, რომელთა გაფანტვითაც თვით ორგანიზმს დაშლის საფრთხე ემუქრება. მიმიფურთხებია ყველა წესის და კანონისთვის, რომელიც გვაშორებს უფალს და საკუთარ მიწას, რომელიც გვავიწყებს სიყვარულს , ძმობას, მეგობრობას, პირად ღირსებასა და მორალს. მიმიფურთხებია ყველა იმ დღისთვის რომელიც ჩემს დაბრუნებაზე ფიქრის გარეშე დაღამდა და ყველა იმ დილისთვის რომელიც ჩემს მიწაწყალზე ფეხის დადგმისთვის ლოცვის გარეშე გამითენდა. უფალმა უწყის ჩემს გარდა კიდევ რამდენი ცხოვრობს, ისევე ჩემი სამშობლოს ,ოღონდ სხვა ქალაქის ქუჩებში და ჩემსავით რამდენი მათგანი იტანჯება ერთი და იმავე ოცნებით, უფალმა უწყის, როდის შევძლებ საკუთარ ნანგრევებზე სანთლის დანთებას, თუმცა ხომ ვიცი ადრე თუ გვიან ის მშვენიერი დღეს დადგება, როდესაც შინ დაბრუნებული თბილ ბუხართან მაგიდას შემოვუსხდებით მთელი ოჯახი და იქვე კუთხეში დაკიდებული მამის ნეგატივი სურათიდან მნათობი მზისფერსხივიანი ღიმილი იმას მიგვახვედრებს რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით იქ დაბრუნება, საიდანაც წლების წინ, ჩვენი სურვილების გაუთვალისწინებლად, ორიოდ ტანისამოსით, ათიათასი ტკივილით და დაუსრულებელი მიზნებით გამოვუდექით გზას ,რომელიც გვაშორებდა ჩვენს სახლს მთელი 431 კილომეტრით. ჰოდა, ადამიანს არ კლავს არც ალკოჰოლის გადამეტებული დოზა ძარღვებში მჩქეფარე, არც სიგარეტის დიდი ოდენობა კლავს ფილტვებში, ადამიანს კლავს განუხორციელებელი მიზნები და აუხდენელი ოცნებები. მე, და არა მარტო მე ,ყველაფერს ვიზამთ რომ დავბრუნდეთ. ამაში კი ჩემი მიწა-წყლის და ჩემი თანამოძმეების სიყვარული და თანადგომა დამეხმარება... და ახლაც ნოემბრის სუსხშეპარულ ქუჩებებში ხეტიალისას გულში ისევ ვლოცულობ : ‘’მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა,წმინდა იყავ .... უფალო, დამაბრუნე ჩემს მიწაზე. ამინ!...’’
ანა ზეიკიძე
მახსოვს ახლახანს რაღაც თემა იყო დასაწერი და მე ამ სახით დავწერე ეს თემა , ეს ერთადერთი რამ არის რაც დავწერე იმ ადამიანზე რომელიც იძულებით ცხოვრობს სხვაგან და არა საკუთარი ნებით.. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკის ბრალია.
ნუ თქვენს აზრს თუ გამოთქვამთ წაკითხვის შემთხვევაში , გამახარებთ



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent