გურული მოგონება
ყველაფერი რაც კარგია არ უნდა დაივიწყო, თუ ამას იზამ ბედნიერი ვერ იქნები. ყველაფერი ისეა როგორც მე მინდოდა. ვზივარ გრძელ მატარებელში და მივფრინავ, არა ჩემი ფრთებით არამედ მისი ჭრიალა ბორბლებით, რომლებიც დრო და დრო ჩემთვის სასიამოვნო ხმებს გამოსცემენ. მივდივარ იქ სადაც მუდამ მელიან. ხეები მოჩვენებასავით, წამიერად ჩანს პატარა სარკმლიდან, რომლიდანაც მე, ჩემი დიდრონი თვალებით ვიყურები და ვიჭერ ყველა წამს . წითლად აქაფებული ღრუბლები თან მომყვებიან. მე კი ვუცქერ მათ და ისევ ფრთებზე ვიწყებ ოცნებას. ისევ ამაოდ. ჩემი რკინის ოთახი დავტოვე და წამოვედი. შეშის ფეჩთან მჯდარი მელოდება. ელოდება იმ მომენტს როდის შევაღებ ჭიშკარს და ვიყვირებ „აუ რა მაგარია, ძლივს ჩამოვედი“ უზომოდ ბედნიერი, ცოტაც დაბნეული შემომხედავს, თავის დამჭკნარ და თბილ ხელებს შემომაჭდობს წელზე და დაუბერებელი გულით და სულით ჩამიხუტებს. მაშინ ვგრძნობ რომ ცხოვრება მშვენიერია. ასეთი მომენტები ხომ იშვიათობაა. მისახვევი და მოსახვევი, შარა და შუკა. ახლა იმ ადგილას ვზივარ რომელიც ძალიან მიყვარს. „სოლომონას ბაღი’’ ხო ასე ჰქვია. ვუსმენ მანანას ქოთქოთს იმის შესახებ რომ ყველა „აბდალაა’’ და ვხვდები რომ მისი მოსაწონი კაცი არ დადის დინგიდუნიაზე. მაგრამ, მაინც სიამოვნებით ვუსმენ და ვიცინივარ იმაზე რომ შეიძლება სიბერეში მეც ისე გავუბერო როგორც მანჩომ. მსიამოვნებს აღმართების და დაღმართების ავლა ჩავლა. დავდივარ მეზობლებში, ვჭორაობ, ვერთობი, ვიცინივარ და როდესაც ყავაზე უარს ვამბობ ჩემი ქებაც მაშინვე მესმის. სახლი მქონდა პატარაობაში. ნალიად წოდებული. შესასვლელით და პატარა აივნით. ლამაზი იყო ჩემთვის. იყო იმიტომ რომ ახლა იშლება და სახეს იცვლის, მისი შეკეთების სურვილი კი მხოლოდ მე და ბებოს გვაქვს, მაგრამ ვის სცალია ნალიისთვის. ყველაფერი იქ ამქონდა. ზინას (ჩემი ბიძაშვილია) არ უყვარდა ან უბრალოდ არ მოსწონდა იქ ყოფნა, ამიტომ მისი სახლი ზალა იყო, რომლის ფანჯარა პირდაპირ ჩემს ოთხ ფეხზე მდგარ სახლს უყურებდა. ის სარკმლიდან თავს გადმოყოფდა, მე ჩემი სახლის კარებთან დავდგებოდიებოდი, მეტად ფრთხილად ვიყავი, იმის შიშით რომ დაბლა თავით არ წასვულიყავი. მაღალზე იდგა ჩემი სახლი. იქ მარტო მე არ ვცხოვრობდი. ჩემი და ზინას თამაშში დედაშვილობანა - დაქალობანაში სულ იყვნენ უთვალავი ჭიანჭველები რომლებიც სახლს მილამაზებდნენ, აივნის კედელზე დაცოცავდნენ. ცოცხალი დეკორაცია მქონდა. ხანდახან პატრა წრუწუნებიც შემოგვიერთდებოდნენ, ზინა რომ რამე ხმას გაიგებდა მაშინვე ხვდებოდა რომ ისინი იყვნენ და კისრის ტეხვით ჩადიოდა დაბლა, იმ კიბით რომელიც ჩემს სახლზე იყო მოდგმული და რომელიც არაერთხელს მოვაშორეთ კარებს, იმ მიზმით რომ ზემოთ საბა არ ამოსულიყო. საბა ჩვენი ნათესავია. თოჯინებით თამაში მოსწონდა და ჩვენთან ერთად ყოფნა სურდა, მაგრამ მე და ჩემი კაპარწახა ბიძაშვილი ამის საშუალებას არ ვაძლევდით. კიბეს კარებს მოვაშორებდით და შემდეგ საბას წუწუნს ვისმენდით და გულიანად ვიცინოდით.სახლში თუ თეფშები, ჭიქები, კოვზები ან ჩანგლები იკარგებოდა, ყველა ხვდებოდა მათ ადგილსამყოფელს. ისინი სახლიდან ისე ოსტატურად გამოგვქონდა კაციშვილი ვერაფერს იგებდა. აი პატარა საბნის და ლეიბის გამოტანა რომ გადავწყვიტეთ, მაშინ მივხვდით. თუ ვინმე დაგვინახავდა, მაგალითად ჩემი და, უეჭველად ჩაგვიშვებდა ბებიასთან, ამიტომ ისე ჩუმად უნდა გაკვეკეთებინა ყველაფერი რომ ლუციფერს არაფერი დაენახა. ამის გაკეთება იმიტომ გვიწევდა რომ ჩემს სახლში საწოლი არ იდგა და ხომ მჭირდებოდა? და თუ მაინც დაგვინახავდნენ მაშინ იწყებოდა ოჯახში მესამე მსოფლიო ომი. ბებიას შეძახილები „ნენაა ჩემი სიკტილი’’ ამას ისე გაჰკიოდა მეგონა ოქრო მეკავა ხელში. „ მაი ბებია კახას და ზურიკოს ნაქონი ლებია და შენ ახლა იქინე უნდა ეიტანო?, მოი ჩემი ბებიე მაი ამეიტანე და მე სხვას მოგცემ რამეს“. ნუ დიდი წუწუნის შემდეგ აგვქონდა და სხვა რამეში ვცვლიდით. იქიდან გამომდინარე რომ ზინა ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და მაღაზიაში არ მომყვებოდა ხოლმე, მარტო მიწევდა წასვლა. არ მომყვებოდა განა იმიტომ რომ არ უნდოდა ან ეზარებოდა, არა, ბავშვს ვერ ტოვებდა ვერსად. ჩვენ მაღაზიას შინდის ხე და მაყვლის ბუჩქი წარმოადგენდა. ვკრეფდი, შემდეგ პარკში ვყრიდი და სახლში ვბრუნდებოდი. ფული რაღა თქმა უნდა ძალიან ბევრი მქონდა. ეზოში უამრავი ხე იყო, რომელიც ჩემს ფულს ისხამდა. ჩემი სახლი ყოველთვის ისეთი იქნება როგორიც მაშინ იყო სულ პირველად რომ ვნახეთ მე და ზინამ. ისევ მოგვინდება თამაში და ისევ გავინაწილებთ როლებს დაქალობანა დედაშვილობანაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.