სამართალი
სამართალი დაფლითეს, დაანაკუწეს. მერე ცეცხლს მისცეს დასაწველად. სწრაფად დაეწაფნენ ალისფერი ენები ნაგლეჯებს, მერე ჩაყლაპეს და კვამლად აუშვეს ზეცაში. აბსტრაქტული რომ არ იყოს, იქნებ სასიკვდილო განაჩენიც კი გამოეტანათ მისთვის. წარმოიდგინეთ გაპუდრულპარიკიანი მოსამართლე, უსიცოცხლო თვალებით როგორ გადახედავდა დარბაზს, მერე ტუჩებს აიბზუებდა თავისი ძალაუფლების საჩვენებლად, ჩაქუჩს დაარტყამდა ერთხელ და მაშინვე, მთელი სისწრაფით დაეშვებოდა ბასრი მეტალი, თავს წააცლიდა ღონემიხდილ სიმართლეს. სიკვდილმისჯილი უკანასკნელად გადახედავდა ბრბოს, თითქოსდა მწუხარებით აღვსილს, ცრემლიანი ნიღბის უკან კმაყოფილებას რომ მალავს. ყაყანით გამოთქვამს თითქოსდა პროტესტს. მაგრამ რისთვის მოვიდა, თუ არა სეირის საყურებლად?! მანაც ხომ უნდა ესროლოს თავისი წილი ქვა სიმართლეს! უნდა ჩაქოლოს, რათა ხელი აღარ შეეშალოს მის მდორე ცხოვრებას, არ ამოაშროს ჭაობი, რომელშიც კმაყოფილად დაცურავს. ის კი არ იცის, რომ ფსკერისკენ მიექანება, სულ ცოტაც და ჩაიძირება. მანამდე კი ეშაფოტზე ააცილებს სამართალს. მისგან ტოვებს მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯს, ბეჭედდასმულს, დაჯღაბნილს, რომელსაც ერთი წერტილიც არ აქვს საერთო სამართალთან. სამართლიანობას ბრბო ვერ გასწავლის თავისი ფურცლების ფრიალით, ყოვლისშემძლე ჩაქუჩის დარტყმითა და ქვების სროლით! სამართლიანობა სულში უნდა იყოს გამჯდარი. როგორც არ უნდა მოინდომო, აბსტრაქტულს ვერ აქცევ ხილულად. მხოლოდ კალმის წკარუნით ვერ დაიცავ სიმართლეს. ასე მხოლოდ ბრბოს ნაწილად იქცევი, რომელიც მარტო იმაზე ზრუნავს, თავად არ მოხვდეს ქვა. ესაა მისი კანონი... ჭაობში ჩაფლული ბრბო , მხოლოდ ფარატინა ფურცლებს რომ იყენებს ფარად, ჩუმჩუმად იცინის. ამ დროს სიმართლე ეშაფოტზეა, ცდილობს დაიმახსოვროს თითოეული ადამიანი, მაგრამ შეცდა სიკვდილმისჯილი. ბრბო ერთია, მასში არავის აქვს სახე. სიკვდილმისჯილი ცდილობს თავისი თავი დაინახოს ბეჭედდასმულ ფურცლებში. მაგრამ იმედი გაუცრუვდა, ერთი ნაკვთიც ვერ იცნო თავისი... რაღა დარჩენოდა სამართალს, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ისიც კი უსამართლობით გაჟღენთილიყო, ყელში მოუჭირა, გაწითლდა, ძარღვები დაებერა... მერე უკანასკნელად შეავლო თვალი ცას, მზეს ცის კამარაზე... ,,ხელები დაიბანა“ გაპუდრულპარიკიანმა, ჩაქუჩი დაარტყა მტკიცედ. ამ დროს ბრბომ მოიმარჯვა კალამი, ფურცელი, დაარტყა ბეჭედი და... თურმე გადაიფიქრა. გილიოტინათი თავის მოკვეთა მეტისმეტად ,,ჰუმანური“ იყო სამართლისთვის. ააგიზგიზეს კოცონი, ცეცხლში ჩააგდეს თავისი მსხვერპლი, რათა დაეტანჯათ, წამებით მიეყვანათ სიკვდილის კართან. წარბიც არ შეუხრია სიკვდილმისჯილს. ბრბომ კი არხეინად დაიწყო ცეკვა მის გარშემო. გამეტებით იქნევდა ხელ-ფეხს, სულ უფრო მეტად ეფლობოდა ჭაობში... ცეცხლს ნაფიფქებად ტოვებდა დამწვარი სამართალი, კვამლად მიდიოდა ზეცაში. ჩამოცხა. მწველი იყო კოცონის სიმხურვალე. სიცხისგან შეწუხებულმა ბრბომ ბეჭედდასმული, ფარატინა ფურცლებით გაიგრილა დამწვარი სახე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.