რაჭა, ჩემი სიყვარული
რაჭაში სოფელი არ მაქვს. არც წარმოშობით ვარ რაჭველი, არც ნათესავები მყავს რაჭიდან. მაგრამ რაჭა მიყვარს, და მიყვარს იმდენად, რამდენადაც ადამიანს შეუძლია უყვარდეს თავისი მიწა, თავისი ჭერი, თავისი მინდორი და ის ადგილი, სადაც ბავშვობა გაატარა. ბავშვობა. ჰო, ჩემთვის რაჭას ბავშვობის, უდარდელობის, სიცილ-კისკისის, ულევი სითბოს, მზის, მდინარეებისა და გადარეული სამეგობროს ელფერი დაკრავს. რაჭა მწვანეა. ხასხასა, მინდვრისფერი მწვანე, ოღონდ ზაფხულობით და გაზაფხულის ბოლოს. შემოდგომისას მთლიანად ოქროსფერია, წითელი და ზამთრობით დიდრონ ფიჭვებს თეთრი თოვლი ფარავს მთლად. ასეთ დროს რაჭა პატარძალს ემსგავსება, თეთრ კაბაში გამოწყობილს. ალბათ არაფერი მითქვამს განსაკუთრებული, მაგრამ რაჭის ყველა ფერი ბევრად უფრო მკვეთრი, ცოცხალი და მეტყველია და რაჭაც ჭრელა-ჭრულა, ფარჩასავით დახატული ეჩვენება ყველა სტუმარს. ყირამალა, აბლაბუდა, თავქვე და ფეხზე-ყველა სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არასტანდარტულობასთანაა დაკავშირებული, რაჭის დასახასიათებელ ეპითეტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთი სოფელი მთის წვერზეა, მეორე მდინარის ხეობაში, მესამე გზასთანაა ახლოს, მეოთხე ორ სოფელს შუა გახიდულა. მეხუთეცაა, მეექვსეც, მეშვიდეც და კიდევ იმდენი, რამდენიც გაგეხარდებათ. და ყველა ეს თქვენი გამხარებელი სოფელი გაგახალისებთ აღმა-დაღმა ბილიკებით, ეზო-ეზო შარებით, ჩასასვლელებით, ამოსასვლელებით, ბონდის ხიდებით, ტყეებით, გორაკებით,"გადასახედებით", სახლებით და კიდევ იმდენი რამით, რამდენი სოფელიცაა. რამდენიც კაცი, იმდენი ხასიათიო. სოფლებზე ვსაუბრობდით და კაცის მაგივრად, გამოთქმაში სოფელიც შეგვიძლია ჩავსვათ. ყველა სოფელი თავს იწონებს: ზოგი მღვიმით, ზოგი საბანაოთი, ზოგი ღვინით, მეგობრობით, შეხმატკბილებულობით და ყველა მათგანი, გაგიკვირდებათ და, წმინდა გიორგის სალოცავით(ყველგან დამხვდა, სადაც ჩავედი).ყველა სოფელი ერთმანეთით ცოცხლობს, ყველას უყვარს ერთმანეთი და ასე ჭრლედება ჩვენი რაჭუკა. სადაც სალოცავებია, იქ დღესასწაულებია. ორი გიორგობა, ორი მარიამობა, ორი ახალი წელი, შობა, და კიდევ უამრავი, რომლის სახელიც ალბათ მოსმენილიც არ გექნებათ. ეს კი იმიტომ, რომ რაჭაში მიზეზს ეძებენ ერთად ყოფნისთვის. წარმოიდგინეთ მარიამობის დილა. სისხამ, შვიდ საათზე დატოვებული თბილი საწოლი, აუცილებლად ატკიებული თავი და უცნაური სიმშრალე პირში. ბოლო ორს ხაზს გავუსვამ, იმიტომ რომ ზაფხულის რაჭაში ერი და ბერი ყოველ დილას ნაბახუსევით იწყებს. ბებიას ჩალაგებული საგზალი და "ბოშო, ემანდ, ნელა იყავით და ღმერთი გფარავდეთო". მერე სოფლის ბირჟაზე გამოკრებილი ახალგაზრდობა, ერთი-ორი გამოცდილი ძია კაცი და ბევრი ხუმრობა. ოღონდ ამ ხუმრობებზე სიცილის თავი მხოლოდ ერთეულებს აქვთ, დანარჩენები ნაძალადევი ღიმილით, მჟავე წყლით ხელში და ოდნავ შეშუპებული თვალის უბეებით ოხრავენ. მერე გრძელი გზა სალოცავისკენ, აუცილებლად აღმართზე, და აუცილებლად ცოტა ექსტრემალური ადგილებით. მილოცვა, მოლოცვა, ცოტა აზრზე მოსვლა, ფორმაში ჩადგომა და შუადღეზე დაბლა დაშვება. აქ უკვე ყველა აქტიურია, ყველა ბედნიერია, ყველას უხარია და ყველა გეგმავს ერთ რამეს-როგორმე ცნობიერება შეინარჩუნოს ამ საღამოს ყველაზე დიდხანს. მერე ერთმანეთის ქილიკი, ბევრი არეულობა და ბოლოს ერთი ღვთისნიერის დალოცვილი სიტყვები, რომელსაც მთელი სოფელი ელოდა-დაღამებამდე, მდინარეზე ხოარ შევგრილებულიყავით? მდინარის ამბების მოყოლა ცოტა მერთულება, გადავიდეთ საღამოზე. გარემო იმდენად დამუხტული და შემზადებულია, რომ ზუზუნის ხმა და აფეთქებაც რომ გაიგოთ, არ უნდა გაგიკვირდეთ. სახლის ქურებს ენა გადმოუგდიათ, დილიდან იხვითქებიან და ნაირ-ნაირ გემრიელობებს ამზადებენ. ეს ის დროა, როცა თითქმის ყველაფერი გამზადდა და ერთ ყველაზე დიდ სახლში შეკრებილი მეზობლების ნაწილი სუფრის გაშლას იწყებს. მერე მოდის და მოდის, ხალხი და საჭმელი-ლობიანები, გოჭები, ლორები ("ვიჩინები"), სალათები, თონის პურები, მწვანილები, ყველი და ბევრი სხვაც. ყველაფერი სუფრაზე ლაგდება და მთლი სოფელი ერთხმად ლოცავს დღესასწაულს. ასეთი ამბების ბოლო მხოლოდ ერთეულებს ახსოვს, დილა კი ისევ იმ თავის ტკივილით და პირში სიმშრალის გემოთი იწყება. აქ ყველა ბავშვია, ყველა პატარაა, ყველა გიჟია და თუკი ოდესმე თქვენი სილაღის დაბრუნება მოგინდებათ, მოიძიეთ ვინმე, რაჭველი, გეყოლებათ აუცილებლად და რაჭაზე ესაუბრეთ. მერე თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, ისე მალე მოგივათ მიწვევა და ისე მალე ეზიარებით ამ ჭეშმარიტებას. მე საიდან ვიცი? ზუსტად ასე, მარტივად. ვიტყვი, რაჭა მიყვარს თქო, მერე მომკიდებს ხელს ვინმე და ხან ერთ სოფელში წამიყვანს, ხან მეორეში. სიტუაცია კი არ იცვლება, პატარიკა ბავშვები ყველგან არიან და ერთ ბებოს მაინც ყოველთვის ვეჩვენები გაძვალტყავებული. ამ ზაფხულს ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა, რაჭაში უცხო ტომელიც რომ ჩამოვიდეს, ისე მოწამლავს, ისე მოშხამავს აქაურობა თავისი ბანგით, მერე ჰაიდა, ვეღარ გამოიხსნის თავსო. ჰოდა თუ რამეს ბოლომდე დავთანხმებივარ, ერთ-ერთი ეს გამოთქმაა. რაჭა ჩემი სიყვარულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.