მარტოობაზე დაქორწინებული
პირველად ცოტა არ იყოს, სასაცილო შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, ვისზე არ დატოვებდა; წარმოიდგინეთ: სამოც წელს მიტანებული ქალბატონი დღენიადაგ თეთრ ფერებში გამოწყობილი; თეთრი კაბა ან თეთრი კოფტა და ქვედაბოლო ეცვა, ფეხზე წვრილქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი, რითაც ასაკის მიუხედავად, საკმაოდ იოლად და ყოჩაღად მიდი - მოდიოდა. წვიმის დროსაც ღია ფერებით შეფერილი ქოლგა ეკავა ხელში. რა თქმა უნდა, არც მაკიაჟი ავიწყდებოდა: თვალებზე ღია ცისფერი ჩრდილი, ვარდისფერი პომადა, პუდრშეფრქვეული სახე, ყურებზე მარგალიტის საყურეები. ასე რომ, ამ ექსცენტრული, ასაკისა და ხშირად გარემოებისათვის შეუფერებელი ჩაცმულობის გამო ირონიულ ღიმილს მოგგვრიდათ. ამ ულამაზეს კუთხეში, პატარა რაიონში ადრეც არაერთხელ გამიტარებია ზაფხული, (ახლო ნათესავებს ვსტუმრობ ხოლმე), ნეტა აქამდე რატომ ვერ შევნიშნე ეს სასაცილო, უცნაური ქალბატონი. შევნიშნე და სულ მალე მომეცა შანსი რაიმე გამეგო მის შესახებ. იქაურ მეგობართან ერთდა მივსეირნობდი, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენს წინ მიდიოდა ქუსლების პაკა - პუკით, სწორედ ამ ხმამ მიიქცია ყურადღება და აჰა! თურმე ვინ ყოფილა... - ეს ქალი სულ ასეა გამოწყობილ - ჩაცმული? - ვკითხე მეგობარს. - ესა გოგო? გაღმა უბნელია. მარტო ცხოვრობს. სულ სიყვარულზე ლაპარაკობს, ლექსებს წერს. ცენტრში თუ სეირნობს და ვინმე გამოელაპარაკა, უკითხავს ხოლმე. მერე ხომ იცი, ხალხი რანაირია, კაცები მითუმეტეს, დასცინიან. წერილებსაც უგზავნიან, სიყვარული მინდა აგიხსნაო, თან რაღაც სასაცილო ლექსებსაც მიაყოლებენ ხოლმე. - მართლა ცოდოა. კი, მაგრამ, არავინ ჰყოლია არასდროს? რეალური რომანი ჰქონია? - კი, როგორ არა, მაგრამ საბოლოოდ მარტო დარჩა. ყოველთვის ასეთი ექსცენტრული ყოფილა. სულ ლექსებსა და ჩანახატებს უგზავნიდა შეყვარებულებს, ისინი კი აბუჩად იგდებდნენ. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ამბავმა. ორიოდე დღის შემდეგ კვლავ მომიწია ამ ადგილობრივ „ფუფალასთან“ შეხვედრა. ისევ მეგობართან ერთად ვისეირნე, მერე ცენტრთან ახლოს სკვერში დავჯექით. ისიც მალე გამოჩნდა. ეტყობა, ბაზრიდან მოდიოდა. ჩანთები ძირს დააწყო და ხის ძირას სკამზე ჩამოჯდა. თვალს არ ვაშორებდი, თვითონაც შემოგვხედა, გაგვიღიმა. „ - რასა იქმნ, ბარბალე?!“ - მხიარული შეძახილით ჩამოუარა სკვერს ერთერთმა უსაქმურმა, იქაურობის ხშირმა სტუმარმა. - ბაზარში ჩავედი, აღარაფერი მქონდა, სახლში ყველაფერი უნდა იყოს, ვინ იცის, ვინ მოდის. - ჰოო, იქნებადა მთხოვნელები მოგადგნენ. - ჰო, კაი, ვიცი, დამცინი, - სიცილით ხელი აიქნია ბარბალემ. - რატომ? კი გაწითლდი კარგად. ალბათ რაღაც ხდება და ჯერ არ გვიმხელ - გააგრძელა ოხუნჯამ და ხარხარი დააყოლა. - მთავარია, სიყვარული იყოს. სიყვარულია ყველაფერი, არა, გოგოებო? - მოგვიტრიალდა. - აბა შენ იცი, ქორწილი არ გამოგვაპარო. . . - კარგი რა, გეყოფა! - გააჩუმა ყბედი დასასვენებლად შემოსულმა ჭორიკანა ქალმა, - როგორ ხართ გოგოებო, ბარბალ, რას შვები, ყველაფერი ძველებურადაა? - კი, ძველებურადაა. კარგად ვიქნებით ღვთის წყალობით; გოგოებო, - ჩვენ მოგვიტრიალდა, - მესტუმრეთ, ხილი მაქვს, ტკბილეულიც მექნება. თქვენს შეყვარებულებზეც მომიყევით. - გესტუმრებით, აბა რა, - მიაგება პასუხი ჩემმა დაქალმა, - მაგაზე დაგზარდებით? - ყოფილხარ სტუმრად მაგასთან? - ვკითხე ხმადაბლა. - კი, შემივლია; ზუსტად არ მახსოვს, რაზე. . . პატარა, კოხტა სახლი აქვს, წინ სულ პატარა ბაღით. ბინაშიც ბევრი რამ თეთრი ფერისაა. მისაღები ოთახის შუაგულში მაგიდაზე მუდამ ვაზა დგას ყვავილებით. . . - კი, მაგრამ საერთოდ როგორ, რითი ცხოვრობს? - აქვე ქალაქშიც პატარა ბინა აქვს გაქირავებული. მშობლების დანატოვარია, თვითონ აქ დედულეთში გადმოსახლდა ოდესღაც. იქ კი ნათესავები განაგებენ საქმეს, ფულს კი აწვდიან, მაგრამ ნახვით კი დიდად არ იწუხებენ თავს. . . მაგრამ, ყველაზე მთავარი: ერთი უცნაური ჩვევა აქვს გო, სახლის კარს არასოდეს კეტავს, გაგიგია ასეთი რამე? - როგორ თუ არ კეტავს? - არასდროს. - რატომ? - სულ ვიღაცას ელის. „იქნებ ვინმე შემოვიდეს, იქნებ ვინმეს გავახსენდე, იქნებ ვინმეს შევუყვარდი და მე არ ვიცი?“- ასე მსჯელობს. - უი, საწყალი. რა უცნაური ჩვევა ჰქონია. კი, მაგრამ არაფერი შემთხვევია, სულ ღიად რომ ტოვებს კარს? - არაა, შენ არმოიდგინე, არაფერი. - რა მარტოსულია ამისთანა, ქურდიც კი რომ არ იწუხებს თავს შესვლით. სასწაული! - იუმორში გადავიტანე საუბარი, მაგრამ მაშინვე ვინანე. მართლა გულწრფელად მეცოდებოდა, ჩემი აზრი მეგობარს გავუზიარე. . . - ეჰ, რა არის ბუნება, - თითქოს თავის თავს დაუწყო ლაპარაკი ბარბალემ, - უსმინეთ: ჩიტები ჭიკჭიკებენ, განსაკუთრებით სასიამოვნოდ მაშინ გალობენ, როდესაც შეყვარებულები არიან, ან ფისოები როგორ თამაშობენ. . . ერთხელ ტელევიზორში გველების სასიყვარულო ცეკვას ვუყურე; ორი წრელი გველი საოცრად ლამაზად იკლაკნებოდა. წარმოიდგინეთ, რა ძალა აქვს სიყვარულს, გველები რომ ასე ლამაზად წარმოაჩინა. - მერე შენ რომ ასე პოეტურად გადმოსცემ სათქმელს, რატომ ვერ მოინადირე ვერავინ, ჰაა ბარბალ? - ჰკითხა ცნობისმოყვარე ქალმა. - ეეჰ, - ხელი ჩაიქნია, - სადა მაქვს ბედი, მაგრამ მაინც ველოდები, გუშინ ლექსიც გამომიგზავნეს. . . - მოიცა, ვიცი, რა ლექსებსაც გიგზავნიან, - შეაწყვეტინა ქალმა, - შენ თუ დაწერე რამე ახალი? - დავწერე, აბა რა, მაგრამ რადგან სტუმარიც ჩვენთან ერთადაა, ჯერ წავიკითხავ ჩემს ძველ ლექსს, რომელიც დიდი ხნის წინ დავწერე და ვინახავ, თქვენ კი გაქვთ მგონი მოსმენილი - ამ სიტყვებთან ერთად ხელჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო დ გადაფურცლა: „შენ გელოდები, კარი ღიაა, ჩემი გულიც და ჩემი ფიქრებიც; კარს არ დავხურავ, რადგან სიყვარულს არ დავუმალო გზა - ბილიკები; კარი ღიაა, არ იხურება, ვიცი, რომ მალე ჩემთან იქნები. . . მარტოობაც კი დამიმეგობრდა, არ დამიმალა სათქმელ - მიზნები ის ხომ სანდოა, არსდა არ გამთქვამს, ვანდე ჩემი ხმა, ჩემი სიზმრები. . .“ - შთამბეჭდავია - შევუქე, თან მეგობარს გადავხედე. მანაც ოდნავ გაიღიმა, მერე უცბად ისევ სერიოზული სახე მიიღო. - ახლა კი ბოლო, ორი დღის წინ დაწერილი, - წარმოთქვა და გააგრძელა: „მოდი, შემოდი სურნელოვანი ჩაი დავლიოთ, მე ხომ არ მინდა ჩხუბი, კონფლიქტი, არც დავა, ანუ ეჭვიანობა; მე შენთან მინდა, უბრალოდ შენთან. . . მინდა, ვისხდეთ და ვუსმინოთ წვიმის ხმას, რომელიც ღრუბლებს გაჭორავს და ჩვენს ეზოს ლამაზად დაასველებს. ვუყუროთ ფილმებს, ვიკითხოთ წიგნი და განვიხილოთ ყველაფერი ჩვენი ორის მშვიდ სამსჯავროზე; და. . . რაც მთავარია: ერთად ვიქნებით, ერთმანეთი სულ გვეყოლება.“ ყურადღებით მოვუსმინე ამ სენტიმენტალურ, ცოტათი სასაცილო ლექსს. - ასეთ რამეს რომ წაუკითხავ, უნდა ჩაწვდნენ, რა ადამიანი ხარ, - ჭორიკანა ქალი წამოდგა, მხარზე ხელი დაჰკრა და წავიდა. ბარბარე ერთხანს იჯდა, გარემოს გაჰყურებდა, მერე აკრიფა თავისი ბარგი - ბარხანა და ქუსლების პაკა - პუკით გზას გაუყვა სახლისაკენ. * * * მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა. ბარბალესთვის თვალი აღარ მომიკრავს. დასვენების პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა. წამოსვლამდე ორი დღით ადრე მეგობრებთან ერთად ადგილობრივ სახაჭაპურეს მივაშურე. ეს ადგილი ცნობილი იყო ძალიან გემრიელი იმერული ხაჭაპურით. ისეთი მადისაღმძვრელი სუნი გამოდიოდა გარეთ, გულგრილად ვერ ჩაუვლიდით, ამიტომ მუდამ ხალხმრავლობა იყო. მიუხედავად ამისა, არ გაგვჭირვებია საჩვენო ადგილის გამოძებნა. შევუკვეთეთ და გემრიელობის მოლოდინში მაგიდას შემოვუსხედით. ხუმრობა - სიცილთან ერთად ხალხის თვალიერება დავიწყეთ და უცბად ბარბარე დავინახე, კუთხეში ორადგილიან მაგიდასთან იჯდა, წინ თეფშით ხაჭაპური ედო, გვერდით ხილის წვენით სავსე ჭიქა ედგა. დანა - ჩანგლით ჭრიდა ხაჭაპურს და მშვიდი, დაფიქრებული სახით ნება - ნება გემრიელად მიირთმევდა. ჩემდაუნებურად თვალი ვერ მოვაცილე. „ - მარტოობის პატარძალი“ - უნებურად აღმომხდა ამ სურათის დანახვაზე; ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს იმ კუთხეში რაღაც განსხვავებული დრო სუფევდა. ჩვეულებისამებრ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, გვერდით პატარა ხელჩანთით სრულ ჰარმონიაში იყო თეთრჩარჩოიან ფანჯარასთან. „ - მარტოობაზე დაქორწინებული“ - ისევ ხმამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრი; არავინ აქცევდა ყურადღებას, თვითონაც თავის სამყაროში იყო ჩაფლული. აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა, იქნებ ახალ ლექსს წერდა ან ნერვიულობდა, შინ კარი გამოხურული ხომ არ დავტოვეო. . . იჯდა თავისთვის ორადგილიან მაგიდასთან თავის მარტოობასთან ერთად, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. მე მგონი თვითონაც ვერ აცნობიერბდა ამას, რადგან მარტოობა ოსტატურად აგნებს ხოლმე ცალკეულ ინდივიდებს, თავს აჩვევს და ისე ძლიერ აყვარებს, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ძლიერ არიან შეპყრობილნი მისდამი ლტოლვით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.