კალაშნიკოვი
სცენა. მეგრული სახლის ეზოსავით მწვანეში ჩაფლული. ფარდები აქა-იქ მიკერილი ქაღალდის ჩიტებით. სკამები, რომლებსაც ცოცხლად დაჰკრავთ მეზობლისაგან ნათხოვრის ელფერი. სააუცილებლო რემონტი, რომელსაც რომელიმე კუთხეში დატოვებული ცემენტის წვეთი ამხელს. მწოლიარე ცილინდრი მკვდრითურთ და მკვდრის თავთან ანთებული სანთელი ათასგვარი ზიზილპიპილოებით. ნაუცბათევი ხილი მაგიდაზე, რომელთან მიახლოვებაც კატეგორიულად ეკრძალებათ ბავშვებს, რადგან ეს მკვდრის საკუთრებაა , რომელსაც ხედავს კიდეც მკვდარი, მაგრამ ნერწყვს აღარ იგროვებს პირში და იმასღა ცდილობს, გაიხსენოს, ბოლოს როდის ჩაკბიჩა ვაშლი ან მსხალი? განა, ბროწეული უნახავს და ხელში ჭერია? მწიფე ბროწეული უფრო მძიმეა თუ ადამიანის გაჩერებული გული? ეპიზოდი 1 შემოდის რამდენიმე მეზობელი და ყვება, როგორი სათნო და სანაქებო მკვდარი წევს ახლა ამ კუბოში, წინასწარ ნაგროვები ცრემლი მოუგორავს სახეზე. მკვდარი ცალ თვალს ახელს, ულვაშებში იღიმის ( აქ იქნებ მავანი გამოხტეს და თქვას, ქალი თუ წევს კუბოში, აბა, რაღა ულვაშებიო?! დიახ, დიახ, ულვაშები ქალებსაც აქვთ და ულვაშებშიც კარგად იციან ჩაცინება ) და ჩუმად ამბობს: -შე ნაბოზვარო ქალო ! შენ არ იყავი მამაჩემთან რომ მიგქონდა ენა, შენი შვილი ვიღაც ბიჭს პარკში ეზასავებოდაო? ჰაჰაა მოიცა, მოგროვდით ჯერ სცენა პირველის მოტირალები სხდებიან საგანგებოდ მოწყობილ მწკრივში, რომ საკუთარი თამაში სხვებისას შეადარონ დუმილი ეპიზოდი 2 მოტირალთა ახალი პარტია შორეული ახლობლები, რომლებსაც სულაც ფეხებზე ჰკიდიათ კუბოში მწოლიარე მიცვალებული, მაგრამ რადგან მიცვალებულის ოჯახი მათი მიცვალებულის გამოსატირად მივიდა, ვალდებულნი იყვნენ მოსულიყვნენ. ერთმანეთის დატირება ვალდებულებაა. შემოარტყამენ წრეს, წაიქვითინებენ და პირველი რიგის მოტირალებს მიუსხდებიან. მკვდარი ოდნავ გაწევს ტუჩებს ღიმილის იმიტაციისათვის და ყურებს ზამბარასავით შემართავს.. მოტირალთა ორი პარტია იწყებს ათას ყოფით წვრილმანზე საუბარს. - შენი ძროხა რამდენს იწველის? ახლახან მოიგო, ხომ? - ჩემს შვილს ვინმე მეოჯახე გოგო გაურიგეთ , შვილიშვილებს მინდა მოვესწრო - ამ საცოდავებმა რა ვერ მოაწყვეს ეს ოთხი ოთახი ? - ქელეხის სუფრა აქაა თუ რესტორანში ? ამ საუბრის ფონზე დგება რომელიღაც მოტირალი ქალი დაშემთხვევით გადის რომელიმე აკრძალულ ოთახში როგორც ჯადოსნური ზღაპრის გმირი, რომელმაც ასე ნანატრი გასაღებების ასხმა იგდო ხელთ, რომ აქედან გასულმა, თავის სამეზობლოს ან ოჯახს ან უცხოს ან შემხვედრს მოახსენოს იგრეკის სახლში არსებული მდგომარეობა, სტილური დეფექტები, სისუფთავის მაჩვენებელი და სხვა ათასი დეტალი. მათ შორის: ჭაღის ფერის კედლებთან და ფარდებთან შესაბამისობა ( უნდა ივარაუდოს დაახლოებითი ფასი და რომელიმე წინა მკვდრის სახლიდან მოპოვებულ მონაცემებს შეუფარდოს ) საწოლის ფორმა, მოჩუქურთმების ხარისხი, ზეწრის სისუფთავე, საწოლქვეშ მიყრილი ფეხსაცმელების რაოდენობა და უმთავრესი ! გადაუსვას ხელი კომოდს ან პრიალა ზედაპირიან მაგიდას და დააკვირდეს საკუთარ საჩვენებელ თითს და თითზე მტვერს, რომლის აღმოჩენის შანსიც ახლა მიეცა და მერე მომდევნო მკვდრამდე უნდა იცადოს. იხილოს სახლის შიგთავსი. რომელსაც აქამდე ვერ იხილავდა და ახლა მიეცა შანსი და ეს დეტალები უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე მეზობელ ოთახში მწოლიარე მკვდარი, რომელიც სულაც არ არის მკვდარი და ყველაფერი ესმის და ხედავს, რომელიც უცდის, როდის აივსება მოტირალი ქალებით ოთახი. მკვდარს ისიც უნდა ადგეს და გარეთ გაიხედოს. გახედოს კაცებს, საგანგებოდ გამოწყობილებს პიჯაკებსა და პერანგებში, რომლებიც სახლის უკან გადაკრავენ რამდენიმე ჭიქა ღვინოს, დააყოლებენ რამდენიმე ლუკმას და გადიან მოსაფსმელად. მოიღერებენ ....ებს სალამურივით და შარდის წვეთების წკარუნის ფონზე იწყებენ სიმღერას... მკვდარი ვერ ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ მკვდარმა იცის, რადგან სხვა მკვდრებთან უნახავს ხოლმე მსგავსი სურათი. ითმენს მკვდარი. უყურებს მკვდარი. ხედავს მკვდარი. გარშემო ისეთი ატმოსფერო იქმნება , რომ რაღაც უნდა მოხვდეს უეჭველად. აუცილებელია და სავალდებულო. ოთახი ისე ივსება, რომ ჰაერიდან გაჭეჭყილი ბუზები ცვივიან. მოხრის მკვდარი მარჯვენა მკლავს, გამოშიგნული მუცლიდან კალაშნიკოვს დააძრობს და ყველა მოტირალს დაცხრილავს სიცილ-ხარხარით, ბედნიერია ახლა მკვდარი, რომელიც ერთი კი არ არის, მკვდართა კოლექტივის მთავარსარდალია, ისმის მისი ბედნიერი ხმა და ჟრიამულობენ სხვა მკვდრებიც, ზუსტად ისე, როგორც წყლის თოფით თამაშისას ბავშვები. გაწვებიან იატაკზე ნამდვილი მკვდრები, ვითომ მკვდარი კი ზევიდან უყურებს მათ. და ვიღაც, ჯერ კიდევ თბილი ბაგეებით იკითხავს, მკვდარს კალაშნიკოვი საიდან ჰქონდაო და გადაიგდებს კისერს. სიჩუმე. მწვანეში ჩაფლული მეგრული სახლის იმიტაცია. ფარდები ზიზილპიპილოებიანი მაგიიდისა და სანთლის ფონზე. მკვდარი კბეჩს ვაშლს, ხელში კალაშნიკოვი უჭირავს, დაცლილ მჭიდიანი კალაშნიკოვი და იფურთხება : - თქვენი ! უგემურია ! ნატალი დარასელია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.