ოთხმოცდაათიანები
ოთხმოცდაათიანები. 1995 წელს როცა მე ექვსი წლის ვიყავი ბაბუა მომიკვდა. მისი სიკვდილით თითქოს ოჯახს საყრდენი გამოეცალა. მამაჩემმა ვერ ივარგა და ბოლოს სულაც მიგვატოვა. პატარა ვიყავი , ალბათ ცხრა_ათი წლის . ბოლომდე არც კი მესმოდა რა რთული იყო ცხოვრება. ბებიაჩემმა, რომელსაც მანამდე არც კი ემუშავა, გადაწყვიტა რამე გზა ენახა, რომ უკაცოდ დარჩენილ ოჯახს დახმარებოდა. ჯერ პურს ყიდდა, უთენია მოჰქონდა ჩანთებით.ამასთან ერთად თვეში ოც ლარად ეგრეთ წოდებულ " სობეესის" ორ სართულიან შენობას ალაგებდა. დედას იხმარებდა ხოლმე, როდესაც დედა საღამოს სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. მე , ჩემი პატარა და და მამიდაშვილი ნოდარი თან დავყავდით. დალაგებას რატომღაც ყოველთვის მეორე სართულიდან იწყებდნენ.ჩვენ კი მტვრის გადაწმენდას გვავალებდნენ, სანამ თავად იატაკებს რეცხავდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა მალევე გვავიწყდებოდა დავალება და დავქროდით ხოლმე ცარიელი შენობის გრძელ დერეფნებში გორგოლაჭებიან სკამებზე ამხედრებულები და ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ეს რომ მოგვბეზრდებოდა , ქვედა სართულზე თაგვების სათვალთვალოდ ჩავდიოდით. კარის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდით, როგორ დაძვრებოდნენ წრუწუნები მაგიდების ქვეშ და თანამშრომლების სადილიდან მორჩენილ ნამცეცებს ეძებდნენ. მაშინ მიმაჩნდა, რომ თაგვი ძალიან მშვენიერი არსებაა, პატარა ლამაზი მრგვალი ყურებით, პაწაწა თათუკებით და ცმაცუნა დრუნჩით. ამის გარდა ბებიამ მაწვნის შეყენებას მიჰყო ხელი. ჩვენი ქუჩის ზემოთ, არც თუ ისე ახლოს, კერძო ბინები იყო ,სადაც აზერბაიჯანლებს ძროხები ჰყავდათ, დღესაც ჰყავს ზოგიერთს. ხოდა დილაუთენია მე და ნოდარს თეთრი ტომარისგან შეკერილი ჩანთებით და ცარიელი პლასმასის ბოთლებით გვაგზავნიდნენ, სანდო და ნაცნობ გლეხებთან, რათა დილის ახალი რძე მოგვეტანა. ნოდარი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. წესით ათი ლიტრა რძე, ამდენს ვყიდულობდით, შუაზე უნდა გაგვეყო და ისე გვეზიდა, მაგრამ მას როგორც გოგო ვეცოდებოდი და სახლამდე ორივე ჩანთას თავად მოათრევდა.მხოლოდ ხანდახან ვეშველებოდი. ეზოსთან მოსულს კი მთხოვდა, თავად წამომეღო ჩემი ჩანთა. არ ვიცი ალბათ ფიქრობდა ბებიას არ ენერვიულა ,რომ მთელ სიმძიმეს მარტო ზიდავდა. ათი ლიტრი რძიდან ოცი ქილა მაწონი გამოდიოდა. კლიენტების ნაწილი სახლში მოდიოდა და მიჰქონდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც რომლებისთვისაც ჩვენ თავად უნდა მიგვეტანა.. ისეთი ასაკი გვქონდა, თავმოწონების და თავის დამკვიდრების დრო როცაა. როცა გგონია სამყაროს ცენტრი ხარ და ყველაფერი შენს გარშემო ბრუნავს . მითუმეტეს მძაფრად ამას ნოდარი განიცდიდა. არაფრით სურდა მაწვნის ქილების მიტანა. მაწვნისგამყიდველი ბიჭის სახელი სულ არ იზიდავდა, მაგრამ ბებიას უარს ვერ ვეუბნებოდით. მთელი გზა ისევ თავად მოჰქონდა მაწონი, მხოლოდ კლიენტის სადარბაზოსთან გადმომცემდა და მთხოვდა თავად ამეტანა. მისი წაბაძვით თითქოს მეც მრცხვენოდა, მაგრამ კარგად მახსოვდა ჩემ წილ რძეს უსაყვედუროდ რომ ზიდავდა ხოლმე და უარის თქმა არ შემეძლო. ერთხელ მიგვასწავლა ბებიამ მისამართი და ორი ქილა მაწონი ჩაგვიდო შავ ცელოფანში. _ ფრთხილად წაიღეთ, არ დაამტვრიოთ და არ აჯანჯღაროთ გზაში! _ როგორც ყოველთვის ახლაც დაგვარიგა და გაგვიშვა. სახლთან მისულები გავჩერდით. _ აჰა შენი ჯერია! _ მითხრა ნოდარმა და უსიტყვო შეთანხმების თანახმად მაწონი გადმომილოცა. _ მეორე სართული, მარჯვენა კარი, სხვას არ მიუტანო გოგო! მე აქ გელოდები!_ დამმოძღვრა ნოდომ. გაბუსხული სახით ჩამოვართვი და როგორც ჯვარი გოლგოთისკენ, ისე წავიღე ორი ქილა მაწონი მითითებულ მისამართზე. კარზე დავაკაკუნე და მალევე გამიღეს. _გამარჯობა, თქვენი მაწონი!_ვუთხარი კლიენტს და სახეზე რომ შევხედე გავშრი, ენა ჩამივარდა. არც მეტი არც ნაკლები ჩემი ქართულის მასწავლებელი შემრჩა ხელთ. მომესალმა, ვითომ არაფერი, გამიღიმა. კუთვნილი ხურდები მომცა, მე გამოვბრუნდი და კარი დახურა. ხურდებს ხელი მოვუჭირე, თითქოს ლითონი ხელს მიწვავდა და სიმწრით თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. _ რა მოხდა გოგო? _ მეცა მხრებში ჩემი ცრემლებით შეშინებული ნოდარი_ ვინმემ გაწყენინა? რამე გითხრა? უარის ნიშნად თავი გავაქნიე. _ იქ ჩემი მასწავლებელი ცხოვრობს._ ვუთხარი სლუკუნით. _ მერე?_ მკითხა და თვალებში მომაჩერდა.პადუხი არ გამიცია. _ მერე რა? _ გამიმეორა კითხვა უფრო ხმამაღლა. თითქოს არავის საქმე არ იყო ჩვენი მემაწვნეობა. თვალებში შევხედე, იმის თქმაც კი მრცხვენოდა, რომ მასწავლებლის შემრცხვა.ვუყურებდი და ვფიქრობდი : " შენც ხომ იცი რატომ ვტირივარ? მაშ რაღატომ მეკითხები?" _ რა სულელი ხარ! _ მითხრა მან და გამიცინა. მეც გამეცინა. ვუყურებდით ერთმანეთს და გულიანად ვიცინოდით, თან თვალები ცრემლებით გვქონდა სავსე. იმ ბნელ და ცივ დროში სამყოფი ხელფასი არავის ჰქონდა. მაშინ ყოველი გამომუშავებული თეთრი ძვირფასი და აუცილებელი იყო. ცოტა ხანში ბებიამ მზესუმზირის გაყიდვა დაიწყო. ეს კიდევ უფრო უარეს დამამცირებელ საქმიანობად მეჩვენა. მაშინ არ მესმოდა, რომ არც ერთი პატიოსანი შრომა სასირცხვილო არაა. მაშინ უბრალოდ უკეთეს ცხოვრებაზე მეოცნებე ბავშვი ვიყავი. უზარმაზარი ტაფით ხალავდა და შემდეგ ჭიქებით ყიდდა ბებია მზესუმზირას. ჩემი ბავშვური გონება ისევ აპროტესტებდა "მესემიჩკის" საქმიანობას. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ბებიასაც არ უხაროდა ამის კეთება უბრალოდ სხვა გზა და ხსნა არ ჰქონდა. შემძულდა მოხალული მზესუმზირის სუნი. ისე შემძულდა , რომ ახლაც კი თუ ამ სუნს ვიგრძნობ წამიერად ვბრუნდები ჩემს დუხჭირ ბავშვობაში. მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება წინ მიდიოდა, სიბნელის, სიცივის და არ ქონების გარდა იმ დროიდან უამრავი ნათელი და ტკბილი მოგონება დამრჩა. მახსოვს როგორ ვთამაშობდით დახუჭობანას უსინათლოდ ჩამობნელებულ ეზოში, მახსოვს როგორ ვიწექით ერთ ლოგინში მე , ჩემი და და ჩემი მამიდაშვილები ცხელი წყლით სავსე ბოთლებ ჩახუტებულები და არაფრით გვსურდა ერთმანეთს თუნდაც ღამით დავშორებიდით. მახსოვს როგორ ვკითხულობდით წიგნებს ლამფის დაბალ მოციმციმე სინათლეზე და ბავშვური წარმოსახვით ვმოგზაურობდით "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობიდან" " კაპიტან გრანტის შვილების" თავგადასავლებში." ყველაფერს ცუდს, რაც მაშინ ხდებოდა "ოთხმოცდაათიან" წლებს ვაბრალებდით და გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ჩემი ბავშვობა ოთხმოცდაათიანებში დარჩა და ზუსტად 2003 წელს დამთავრდა. როცა ჩემი მამიდაშვილი, ჩემი ძმა და გულის ნაწილი ნოდარი ცხრამეტი წლის ასაკში მოკლეს. ეს ამბავი ისე იყო, როგორც წყეული ოთხმოცდაათიანების უკანასკნელი კუდის მოქნევა. როგორც ჩემი ბავშვობის სევდიანი დასასრული. მისი სიკვდილის ღამეს, როცა ის აპარატზე შეერთებული სიკვდილს ებრძოდა, სიზმარი ვნახე. ვითომ გრძელი თმა მქონდა წელამდე. ნოდარი შემოვიდა ოთახში და უხმოდ შემომხედა, მერე თავი უარის ნიშნად მუდარით გააქნია. მე კი მთელი თმა ერთი ხელის მოსმით წინ გადმოვყარე და დიდი მაკრატლით ძირში მოვიჭერი. თავი რომ ავწიე ის აღარ იყო. ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი სიზმარი ,როდესაც მე ნოდო დამესიზმრა. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. დეპრესია დამეწყო და წერა დავიწყე, ვწერდი და ვწერდი გაუთავებლად, ტკივილი, რომელიც შინაგანად მანგრევდა ფურცელზე გადმომქონდა, ასე ცოტათი მაინც ვიცლებიდი და ვმსუბუქდებოდი. ასე მის არ ყოფნას ვუძლებდი. ნოდარი წერდა ლექსებს, ძალიან ლამაზ ლექსებს. წერის ნიჭი კი იყო მისი ბოლო საჩუქარი ჩემდამი. ბევრს ვფიქრობ ამაზე და დღეს მართლა მჯერა, რომ სწორედ ნოდომ დამიტოვა ეს უნარი, იმ ღამეს, იმ პირველ და უკანასკნელ სიზმარში . ვერა გურული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.