შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეყნიერების აღსასრული


7-06-2024, 00:01
ავტორი enho
ნანახია 502

ჩუმი დრტვინვა ჯერ გმინვად იქცა, მერე – ბღავილად, უბნებს მოედო, მკვრივ, საზარელ ხმად გაერთიანდა და ცაში აიჭრა.

ლუიზა და პიეტრო დილის მზით შემთბარ, უცნაური სასახლეებითა და ბაღებით გარშემორტყმულ პატარა მოედანზე იდგნენ. ცაში კი, თვალშეუდგამ სიმაღლეზე, ხელი ეკიდა. ქალაქი ნელ-ნელა მიყუჩდა, თუმცა აქა–იქ ჯერ კიდევ ისმოდა შიშის წამოძახილები. პასუხად ფანჯრები პირთამდე იღებოდა და იქიდან შილიფად ჩაცმული ახალგაზრდა დიასახლისები იცქირებოდნენ, რომ ქვეყნიერების აღსასრული დაენახათ. ხალხი სახლებიდან გამორბოდა. გრძნობდნენ, რაღაც უნდა ეღონათ, მაგრამ რა წყალში გადავარდნილიყვნენ, არ იცოდნენ.

ლუიზას ტირილი აუვარდა. „ვიცოდი, – მოთქვამდა ის, – რომ ასე მოხდებოდა... ეკლესიაში არ დავდიოდი, არ ვლოცულობდი... არაფერზე ვფიქრობდი, არაფერი მადარდებდა და აჰა... ვგრძნობდი, ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა!“

პიეტრომ ვერაფრით ანუგეშა და თავადაც ბავშვივით ატირდა.

ხალხის უმეტესობაც იცრემლებოდა, მეტადრე – ქალები. მხოლოდ ორი მკვირცხლი მოხუცი ბერი მიაბიჯებდა მხიარულად, თითქოს სააღდგომო წირვაზე მიეჩქარებათო. „წასულია თქვენი საქმე, ჭკუის კოლოფებო! – შესძახოდნენ პატივცემულ გამვლელებს, – ახლა აღარ გეცინებათ, არა? აბა, ახლა ვინ არის ჭკუის კოლოფი? თვალთმაქცები ვიყავით, არა? მორწმუნე ბრიყვები ვიყავით, არა? ხომ გამოჩნდა, ვინც ყოფილა ბრიყვი?!“ – ღვარძლიანად ხითხითებდნენ ბერები და ყმაწვილებივით ყოჩაღად მიარღვევდნენ ბრბოს, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა. ხალხი მათ ბოროტ მზერას არ აშორებდა, მაგრამ შეპასუხებას ვერავინ ბედავდა.

ის–ის იყო, მოსახვევში გაუჩინარდნენ, რომ ერთი ბატონი შეკრთა, თითქოს ძვირფასი შესაძლებლობა გაეშვას ხელიდან, და გამოდევნება დააპირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. „ღმერთო ჩემო! – შესძახა მან და თავში ხელი შემოიკრა, – რატომ აღსარება არ ჩავაბარეთ!“ „ჯანდაბა! – აჰყვა მეორე, – რამ გამოგვაშტერა, რატომ არ გავაჩერეთ! არადა, ცხვირწინ ჩაგვიარეს!“ მაგრამ ცქვიტ ბერებს, აბა, ვიღა დაეწეოდა!

ამასობაში ეკლესიებიდან მანდილოსნები და ერთ დროს ქედმაღალი, სოლიდური ბატონები გამოეფინნენ. იმედგაცრუებულები, დათრგუნულები და გაღიზიანებულები ჩანდნენ. ყველა გონიერი მღვდელი გამქრალიყო – ალბათ მოხელეებმა და მაგნატებმა დაიბევეს. უცნაურია, მაგრამ ფული ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ფასს – ხალხს ალბათ ეგონა, ქვეყნიერების აღსასრულამდე ჯერ კიდევ დარჩენოდათ რამდენიმე წუთი, რამდენიმე საათი, ვინ იცის, რამდენიმე დღეც კი.

ეკლესიებში დარჩენილ მღვდლებს იმდენი ხალხი შემოხვეოდა, ნემსი არ ჩავარდებოდა. ამბობდნენ, რომ ჯგლეთას ვიღაცები ემსხვერპლნენ. ჰყვებოდნენ ანაფორაში გადაცმულ თაღლითებზეც, რომლებიც სახლებში დადიოდნენ და ცეცხლის ფასად იბარებდნენ აღსარებას. შეყვარებულებს კი სულ მთლად დაეკარგათ რიდი და მდელოებზე დაწყვილებულიყვნენ, რათა უკანასკნელად მისცემოდნენ განცხრომას.

ამასობაში ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩახჩახებდა, მიწისფერი დაედო და კიდევ უფრო შიშის მომგვრელი გახდა. ხმა დაირხა, კატასტროფა გარდაუვალიაო. ზოგიერთი თავს დებდა, რომ შუადღემდეც ვერ მიაღწევდნენ ცოცხლები.

ამ დროს მდიდრული სასახლის ტერასაზე, რომელიც ტროტუარს ხვეული კიბით უერთდებოდა, ახალგაზრდა მღვდელი გამოჩნდა. მხრებში თავჩარგული, აღელვებული მიმოდიოდა, თითქოს ქუჩაში გამოსვლისა ეშინიაო. უცნაური იყო მღვდლის დანახვა ასეთ დროს, მით უფრო – ასეთ ადგილას: სასახლეში კურტიზანები ცხოვრობდნენ.

– მღვდელი, მღვდელი! – მოისმა ყვირილი. საბრალომ ერთი კი სცადა გაქცევა, მაგრამ ბრბომ თვალის დახამხამებაში გადაუღობა გზა. „აღსარება! აღსარება!“ – აბღავლდა ხალხი და გაფითრებული ღვთისმსახური იქვე, ტერასაზე, თითქოს საგანგებოდ გაკეთებულ პატარა ნიშაში შეათრია.

ათეულობით კაცი და ქალი ღრიალით მიიწევდა მისკენ, მიფოფხავდა მოჩუქურთმებულ შვერილებზე, სვეტებზე, მოაჯირზე...

მღვდელმა აღსარების მიღება დაიწყო. ცალი ყურით ისმენდა სულმოუთქმელად განდობილ საიდუმლოებს, – უკვე აღარავის ანაღვლებდა, რომ აღსარება სხვებსაც ესმოდათ, – მონანიეს ნაჩქარევად გარდასახავდა ჯვარს და მომდევნო ცოდვილზე გადადიოდა. მაგრამ ხალხს ბოლო არ უჩანდა. მოძღვარი უმწეოდ აცეცებდა თვალებს და შესანდობ ცოდვათა ოკეანის ნაპირს ეძებდა.

ლუიზამ და პიეტრომ ძლივძლივობით მიაღწიეს იმ ადგილამდე, საიდანაც მღვდლისთვის ხმის მიწვდენა შეიძლებოდა, და თავიანთ რიგს დაელოდნენ.

– წირვა–ლოცვებზე არ დავდივარ, ტყუილებს ვამბობ, – ვაითუ ვერ მოვასწროო, სხაპასხუპით გაჰყვიროდა გოგონა, – და საერთოდ, მთელი არსებით ცოდვილი ვარ... არა, არა, შიშის გამო კი არ მოვსულვარ აქ, უბრალოდ, ღმერთთან ყოფნა მინდა, გეფიცებით!

და თავისი სიტყვების თვითონვე სჯეროდა.

– Ego te absolvo*, – ჩაიბუტბუტა მღვდელმა და პიეტროს მიუბრუნდა.

ხალხში კი მღელვარება იმატებდა.

– რამდენი დარჩა განკითხვის დღემდე? – იკითხა ერთმა.

მეორემ, ამ საკითხში უკეთ გარკვეულმა, მაჯის საათზე დაიხედა და უყოყმანოდ უპასუხა:

– ათი წუთი.

ამის გაგონებაზე მღვდელმა თავის დახსნა სცადა, მაგრამ ცხონებას მოწყურებულმა ბრბომ არ გაუშვა. მღვდელს ციებიანივით ააკანკალა. აღსარებები ახლა უკვე შორეულ, გაურკვეველ გუგუნად ჩაესმოდა, მონანიეებს მექანიკურად სახავდა პირჯვარს და იმეორებდა: „Ego te absolvo“.

– რვა წუთი! – მოისმა ბრბოდან მამაკაცის გამაფრთხილებელი ხმა.

მღვდელი ტირიფის ფოთოლივით აცახცახდა და გაჭინჭ....ბული ბავშვივით მოჰყვა მარმარილოს იატაკზე ფეხების ბაკუნს.

– კი მაგრამ, მე? მე? – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა.

ეს წყეულები ცხონებას ართმევენ! ეშმაკსაც წაუღია მაგათი თავი! როგორ დაეხსნას? რა წყალში გადავარდეს?

მღვდელს ატირებას ცოტაღა აკლდა.

– მე? მე რაღა ვქნა? – ეკითხებოდა სამოთხეს დახარბებულ ბრბოს.

თუმცა ის არავის ადარდებდა.

ავტორი: დინო ბუცატი
მთარგმნელი: ბექა ხოჯავა
წყარო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent