შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და თბილისი


26-06-2024, 21:28
ავტორი ფილია
ნანახია 330

მე დავიბადე თბილისში. ბავშვბაში თბილისი როგორი იყო დიდად არ მახსოვს, მაგ დროს გონება მხოლოდ უმნიშვნელოვანეს დეტალებს აღიქვავს: შენს მშობლებს, შენს საყვარელ სათამაშოს და შენს სახლს. რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩემი ფესვებიც უფრო მჭიდროდ ებღაუჭებოდა თბილისურ მიწას, უფრო ძლიერ იწოვდა თბილისურ წყალს და უფრო ღრმად ისუნთქავდა თბილისურ ჰაერს.
მე და თბილისს ძალიან უცნაური ურთიერთობა გვაქვს, თან ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ამავედროულად - არაფერი.
თბილისში ყველა ვიღაცის ნაცნობი და ახლობელია, რომლებიც ერთმანეთზე გიჟდებიან და ერთმანეთს ვერ იტანენ; თბილისში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რეალურად მათ არაფერი იციან; თბილისში ყველამ შენზე უკეთ იცის, ვინ ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ნამდვილი სახე არასოდეს უნახავთ; თბილისში არაფრის დამალვას აქვს აზრი, რადგან საბოლოოდ, ყველა გაიგებს იმას, რაც მათ სურთ რომ გაიგონ.
თბილისში გავიცანი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მწარედ და მომაკვდინებლად მატკინეს. თბილისის ქუჩებში ცხოვრობს ჩემი საყვარელი მოგონებები და მათ გვერდითვე ცხოვრობს ჩემთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო მოგონებები. თბილისში, ჩემი სახლის წინ, ვიგრძენი ის ბავშვური სიყვარული, გულს რომ გიჩქარებს და თავბრუს რომ გახვევს. და თბილისშივე დავკარგე ყოველგვარი უნარი, რაიმე ვიგრძნო. თბილისში ემოციები არ უყვართ, თბილისში ემოციური ადამიანი არის სუსტი და საბრალო.
თბილისში ვიყავი ბედნიერიც და უბედურიც, სიცოცხლით აღსავსეც და სუიციდალურიც. თბილისის ცაზე ვუყურებდი მზის ამოსვლას ეიფორიულად ბედნიერი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც დღეს ყოველგვარი შეხება დაკარგული მაქვს. ყოველდღე გავდივარ თბილისის იმ ქუჩას, იმ სახლს, სადაც ჩემთვის ერთდროს ყველაზე ახლო ადამიანი ცხოვრობს.
თბილისი ერთი დიდი მორევია: ემოციების, უემოციობის, წარსულის და აწმყოსი. თბილისში მომავალი ბინდით მოცულია. არავინ იცის, თბილისში რა მოხდება ხვალ. თბილისში ცხოვრობ დღევანდელი დღის ბედნიერებისთვის და იშვიათად ფიქრობ ხვალინდელი დღის სტაბილურობაზე. თბილისში ცხოვრობ წამებისთვის, შესაძლოა წუთებისთვისაც, მაგრამ არა დღეების, კვირების, თვეების ან წლებისთვის.
თბილისი გაგრძნობინებს სულისმომცველ სიახლოვეს და კავშირს შენს გარშემო მყოფ ხალხთან, თითქოს ყველას ერთი ფესვი გვაკავშირებდეს. და თბილისი გაგაცნობს თოვლიანი უდაბნოსავით გამყინავ მარტოობას.
თბილისი არის ქალაქი, რომლიდან გაქცევა მუდამ გინდა, მაგრამ არასოდეს გამოგდის. აქ გული უცემს შენს წარსულს, რის გამოც ის ასე ძლიერ გიყვარს და რის გამოც ის ასე ძლიერ გძულს.
მე ვცხოვრობ თბილისში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent