რას ხედავ ტბაში ?! ( ნაწყვეტი )
ტანსაცმელი სწრაფად და დაუფიქრებლად ჩავიცვი, ტილოს ხაკისფერი შარვალი, სალაშქრო ბათინკები, შავი ჰუდი და ტყავის ქურთუკი. აპრილში ჯერ კიდევ ცივა, მოტოციკლის ძრავი ცივი იქნება, გათბობა უნდა დავაცადო, კიბეებზე ჩავრბივარ და გასაღებს თითებში ვათამაშებ, ძრავი დატრიალდება, ზეთს რამდენიმე წამში გაათბობს და ყველა დეტალს დაზეთავს, შემდეგ ძრავის ბრუნვის რაოდენობა დაიკლებს. ჯერ კიდევ აპრილია, აპრილი დასაწყისს გავს. განა დასაწყისი ყოველთვის კარგია? აი უკვე მოტოციკლთან ვარ, მზის სხივები მხრებზე მანათებს, მზეს მუჭში ვიქცევ, მერე ხელს ვშლი, ჩემი თითებიდან გამორბიან სხივები და თვალებში მტკივნეულად იკარგებიან. მოტოციკლი დავძარი, ქვის, პრიალა ზედაპირზე სრიალებს უკანა საბურავი, მერე ტროტუარიდან გზაზე ჩავდივარ და საბურავი ასფალტს ეჭიდება. 10 კილომეტრი თუ იქნება იქამდე, აპრილში, დილით ჯერ კიდევ ცივა, ამას ყველაზე მეტად მუხლებით ვგრძნობ, თითქოს 40 წლით დავბერდი, მუხლები მიქვავდება და იქ ტკივილი გუბდება, მერე რამდენჯერმე გავშლი და მოვხრი ფეხს და ტკივილი ქრება. დანიშნულების ადგილამდე გავივლი გრძელ ხიდს, იქიდან გზას მარცხნივ ვაგრძელებ, სადაც ყვავილებს ყიდიან ვაჭრები, ერთ-ერთი მათგანი, 50 წელს გადაცილებული ქალი, გრძელი შავი კაბით და ნაცრისფერი პალტოთი ხელს მიქნევს, საპასუხოდ მეც ასე ვიქცევი. ეს წესია, ჩვეულება, რომელიც უკვე 3 წელია არ დარღვეულა. ვიღაცამ თქვა, სამყაროს წესები ამაგრებენ, თუ არადა, ყველაფერი ქვიშის სახლივით დაიშლებოდაო, წესები აძლევენ ფორმასო. ეს მართალია , მაგრამ სჭირდება კი ფორმა სამყაროს? არა! გავივლი ვრცელ ქუჩას, სადაც სიჩქარის ლიმიტი ყველაზე მაღალია ქალაქში, მერე ვიწრო და დაგრეხილ აღმართს ავუყვები და ჩემს მთას მივადგები. მოტოციკლს გზის ნაპირას გავაჩერებ და მთის კიდემდე რამდენიმე მეტრს ფეხით გავივლი. აქედან, სამყაროს განსაზღვრული ნაწილი ჩანს, ყველაზე შორს მთებია, ჰორიზონტზე შავად თუ მუქ მწვანედ აღმართული, ისინი ღრუბლებს უერთდებიან და დაუსრულებელ სივრცეს ქმნიან, მერე ეს გამჭირვალე მდინარე მოქრის, ამისი ქროლვა ამბოხს გავს, და ვფიქრობ, მაინც როგორი ადამიანი იქნებოდა ეს მდინარე? ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობ. უფრო ახლოს, ავტობანია, ესეც მდინარეა, ოღონდ ცივილიზაციის. ამ მოფუსფუსე არსებების გაყვანილი ბილიკი, აქ ყველაფერს ნახავ და თუ დაკვირვებული თვალი გაქვს, შორიდანვე მიხვდები რას გრძნობს ის, ვინც მანქანას მართავს. (ყოველშემთხვევაში, წარმოიდგენ მაინც) ეს ამოუხსნელი კითხვა იმდენ ხანს მაწვალებდა თინეიჯერობის წლებში და ისე მელანქოლიურს მხდიდა, რომ ზოგჯერ ღამეებიც კი არ მეძინა, ავიდოდი რომელიმე შემაღლებულ ადგილას, წარმოვიდგენდი რომ მე ვიჯექი მათ ადგილას საჭესთან, ვისაკუთრებდი მათ ცხოვრებას და მომწონდა რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი, შორს, ამ უკიდეგანო, დაუსრულებელ გზებზე, (ადამიანებს სჭირდებათ ეკუთვნოდნენ რამეს, სამსახურს, ადამიანს, ოჯახს, მოვალეობას, სამშობლოს. რაიმეს კუთვნილება, ცოტათი გართმევს აზროვნების თავისუფლებას და რაც უფრო მეტ რამეს ეკუთვნი, მით უფრო ნაკლებად ხარ თავისუფალი. თუკი ყოველთვის მიდიხარ, არაფერს ეკუთვნოდე , ხდება ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მამშვიდებდა) მაგრამ ამასთან ერთად ყოველთვის, გაურკვეველი წარმომავლობის სევდასაც ვგრძნობდი, როგორც.... ვთქვათ... ტბიდან როცა ამოხვალ, თუკი ტუჩებს გაილოკავ, ერთი საათის შემდეგაც შეგიძლია იგრძნო წყლის და წყალმცენარეების გემო, ტბა, რაღაცნაირად სახლში მოგყვება და შენთან ერთადაც კი დაიძინებს, მე მათი სევდა მომყვებოდა, ეს ის სევდა იყო, რომელიც ადამიანებში ბუნებრივად არსებობს, მართლა რომ შემეძლოს სხვისი ცხოვრება დავისაკუთრო, პირველი რასაც ვიზამდი, იქ სევდას აღმოვაჩენდი. ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, ის იყო, ქვაზე ჩამოჯდომა დავაპირე რომ მონაზონი შევნიშნე, შავ კაბაში გამოწყობილი ჩემკენ მოდიოდა, თმა ასეთივე შავი ნაჭრით შეეხვია. მისი თეთრი, უმზეური სახე, მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო გამოიკვეთა და რეალური გახდა, საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება რეალური, როცა რაღაც პირდაპირ ადამიანის წინ აღმოჩნდება ხოლმე, ამ ქალსაც ასე დაემართა, ესეიგი, რაღაც ზოგადი მონაზონიდან, ჩემთვის სრულიად კონკრეტულ მონაზონად იქცა და ჩემს წინ წარდგა თავისი თეთრი სახით. ზუსტად ჩემს თვალწინ. მგონი მონაზონი ასე ახლოს, არც არასოდეს მენახა, ის კი ნამდვილად ვიცი, ასე არასოდეს დავკირვებივარ. თვალების კუთხეებში რამდენიმე პატარა ნაოჭი გასჩენოდა, ვიფიქრე რომ ეს ნაოჭები უხდებოდა კიდეც მის სახეს, მაგრამ თვალები, ერთი შეხედვით სიმშვიდით სავსე, მომეჩვენა რომ რაღაცას მალავდნენ, რაღაცას რაც უკვე მომხდარიყო, თითქოს ამ თვალებში მთელი საზღვაო ფლოტი დალეწილიყო და დამხვრჩალიყო ყველა მეზღვაური, თითქოს დამსხვრეულიყო ყველა ოცნება და იმედი და ეს სიმშვიდე სხვა არაფერი იყო, თუ არა გათავისუფლება სიცოცხლისგან. ეს ის სიმშვიდე იყო, რომელიც მაშინ ისადგურებს, როცა ყველაფერი სრულდება. ზედა ტუჩზე, რბილი, შავი თმა ამოსვლოდა, მისი შეუბღალავი სიბრიყვე. რატომღაც ვიფიქრე რომ სწორედ ამ თმაში იყო მისი უმანკოება. ეს სიტყვაც გაფიქრებისთანავე მომეწონა, უმანკო... მისი თხელი, ნელი და მოუქნელი სხეული ჩემს წინ წარდგა, მაგრამ სად იყო მისი სული, ვერ გამეგო. საერთოდ, ვიტყოდი რომ ლამაზი ქალი იყო, შეიძლება მიყვარდა კიდეც. და აი, მან ხმა ამოიღო. (სრთქუა) - იცით? ( 2 წამიანი პაუზა გააკეთა და განაგრძო, რა მშვენიერი დასაწყისი იყო საუბრის, თავიდანვე ჩანდა რაღაც ახალს გავიგებდი ამ საუბრიდან) რომ თქვენ ახლა მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებით? უნებართვოდ! - მე კი, მის მშვენიერ სახეში მომზირალმა მივუგე რომ ვიცოდი სადაც ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, თუკი აქ ყოფნისთვის ნებართვა მჭირდებოდა, შემდეგ ჩვენს შორის ასეთი დიალოგი წარიმართა. მან მკითხა: - განა, თქვენს სახლში ვინმე შემოდის უნებართვოდ? - მხოლოდ ღვთის ისეთი ქმნილებები, როგორებიც არიან ტარაკნები, ობობები, ჭიანჭველები, კოღოები, ბუზები და წელიწადში ერთი ან ორი მტრედი. - იცით რომ ეს არ მიგულისხმია! - მის ტუჩებს უკმაყოფილება დაეტყო - დიახ ვიცი, მაგრამ მინდოდა ეს თემა უფრო საფუძვლიანად გამოგვეკვლია, მე ბევრი დრო მაქვს და არც თქვენ უნდა გქონდეთ ცოტა. - აქ საკამათოდ არ ვარ, უნდა წახვიდეთ, ხედავთ ჯვარს ქვემოთ? იქიდან მონასტრის ტერიტორია იწყება და დღეს აქ ყოფნა არ შეიძლება. - ხვალ თუ შეიძლება? - არც ხვალ და არც ზეგ, შეგიძლიათ მონასტერში მობრძანდეთ, მაგრამ აქ ყოფნა არ შეიძლება. - რატომ? - ასე გადავწყიტეთ, თქვენი სტუმრები ხომ ემორჩილებიან თქვენს წესებს? - როგორც გითხარით არა, ისინი უნებართვოდ შემოიჭრებიან ხოლმე ჩემს სახლში და იქ დაღოღავენ სადაც უნდათ. - მეც გითხარით რომ თქვენთან უსაგნო დავას არ ვაპირებ! თქვა და თითით გზის ბოლოს, დიდი ჯვრისკენ მიმითითა. რა ელეგანტურად გამოუვიდა, გავიფიქრე რომ ამას მონასტერში ვერ ისწავლიდა, თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ამას ასწავლიან იქ? - კარგი! - ვუპასუხე და მოტოციკლისკენ წავედი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მოვტრიალდი, გაუნძრევლად იდგა და ჩემს წასვლას ელოდა, ხმაში რაც შემეძლო იმდენი ვედრება მოვათავსე - სახელი მაინც მითხარით. დუმდა. ვიგრძენი, თუ რა სულელად ვეჩვენებოდი და გული დამწყდა. შეიძლება ვიყავი კიდეც, საერთოდ, უნდა ვიცოდეთ რომ საყაროში ყველაფერი შესაძლებელია, ისეთი რამეც კი, რაც სრულიად, სრულიად შეუძლებლად გვეჩვენება. ვიდრე მოტოციკლზე დავჯდებოდი და მის მიერ მითითებულ ჯვართან მივიდოდი, ამაზე ვფიქრობდი, მერე ვუყურებდი , თუ როგორ ბრუნდებოდა შეჩვეული სევდით სავსე , ნელი ნაბიჯით სადღაც უკან, ბნელ და ღრმა წიაღში. მან უარი თქვა სიცოცხლეზე, ეგეც შენი თვითმკვლელობა , გავიფიქრე, ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ ერთი სიტყვით უპასუხეს ყველა შეკითხვას. მოტოციკლი დავქოქე და სამსახურში წავედი. ავტორი : ჩემი ნიჭიერი მეგობარი - T.K. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.