გარდამავალი წუთი (2)
დილით მაღვიძარამ გააღვიძა. ბოლო დროს ძალიან მიეჩვია გვიანობამდე ძილს. ძლივს წამოჯდა საწოლზე, მუცელი უკვე ძალიან აწუხებდა. ანდა, რა გასაკვირი იყო, ბოლო თვეში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხანი არ გამოძვრებოდა პატარა ანგელოზი. სწრაფად მოწესრიგდა, ისაუზმა და სასამართლოსკენ წავიდა. თავს იმაგრებდა, ამხნევებდა, იცოდა, რომ შეძლებდა. მერე რა, თუ ბოლო სამი თვე არ ემუშავა? მაინც ძლიერი იყო, მაინც მცოდნე და მოყვარული თავისი პროფესიის. უყვარდა ხალხის დაცვა და ცდილობდა, დამნაშავე ადამიანი არასდროს გაეთავისუფლებინა, თუმცა ვანგა არ იყო და მასალების ფონზე, მხოლოდ და მხოლოდ, ვერ განსჯიდა ადამიანის დამნაშავეობას თუ უდანაშაულობას. დიდ შენობაში შევიდა და მონატრებულ თანამშრომლებს მიეფერა. არასდროს იყო ვინმესთან სხვაზე უფრო ახლოს, ადამიანების მიმართ ნდობა დაეკარგა. ერთადერთი, ვისაც ენდობოდა ლენა იყო, მაგრამ ცდილობდა ისიც არ დაეთრგუნა თავისი მოვლითი ხასიათებით. ალექსანდრეს კაბინეტის კარზე დააკაკუნა და მისი ხმის გაგონების შემდეგ, შევიდა. – ყველაზე ლამაზ ორსულს მივესალმები! – თავაზიანობით წამოიჭრა ფეხზე. – გამარჯობა, – გაუღიმა ლილემაც და შემოთავაზებისთანავე დაეშვა სკამზე. – ხომ არ გაბრაზებს პატარა? – ჩვეულად თბილი იყო ალექსანდრე. ან კი რა გასაკვირი იყო კაცისგან, რომელიც თვეების მანძილზე ცდილობდა მოეგო ლილეს გული მანამ, სანამ ქარიშხალივით დაატყდებოდა ქალს სიყვარული და შემდეგ სეტყვა ჩაქოლავდა. თუმცა ვერასდროს გაიგრილა გრძნობები, მრავალი ცდის მიუხედავად და არც ერთ წამს ტოვებდა სითბოს გარეშე, რადგან იცოდა, ქალის, როგორც ნაზი არსების გულის მოგება, თბილი სიტყვებით არის შესაძლებელი. – ცოტას, – უხერხულად გაუღიმა ლილემ. – ბიჭია? – ნიკოლოზი, – ყურებამდე გაკრეჭილმა წარმოსთქვა სახელი. – მიხარია ძალიან შენი ბედნიერება, ლილე, – ღიმილს არ წყვეტდა ალექსანდრე და სკამს ატრიალებდა. – ხომ არ ინერვიულებ? – შევეცდები... – ვიცი, რომ არ შეიძლება შენთვის სტრესი... არ დაგიძახებდი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და, რომ არა შენი დახმარება, ახლა აქ არ ვიჯდებოდი... ისეთი ადამიანის სასამართლოა, კიდევ რომ გადამედო, გამიჩალიჩებდა, ხომ ხვდები... – არაფერია... გავეცანი ანკეტას, ბევრი არაფერი ეწერა. ფაქტია, მამაკაცს პირველად მოუხდა პოლიციასთან კავშირის დამყარება. მწირი ინფორმაცია კი მაქვს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად დავამტკიცო მისი დანაშაული. – მდიდარი ტიპია და ადვოკატიც შესაბამისი გყავს, მყარად იდექი! – შეაგულიანა მამაკაცმა, ფეხზე წამოდგა და პიჯაკის სახელოები შეისწორა. – ახლა კი, წავიდეთ, არ დავაგვიანოთ... გაბედული ნაბიჯებით მიიწევდა წინ მამაკაცი, ლილე კი გაბერილი მუცლით ძლივს მისდევდა უკან. არ უნდა დამარცხებულიყო, თარეშის უფლება არ უნდა მიეცა დამნაშავისთვის. როგორი ადვოკატიც არ უნდა ყოფილიყო, უნდა შერკინებოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რადგან თავის შვილს ვერ აცხოვრებდა დამნაშავეებით სავსე ქვეყანაში. მამის გარეშე, გაუჭირდებოდა მისი დაცვა. თავის განკუთვნილ ადგილზე მოკალათდა და მაგიდას გაუსწორა მზერა. ფიქრებში გადაეშვა. წარმოიდგინა ფერად სამყაროში მორბენალი პატარა ნიკოლოზი, ბოროტებისგან შორს და ღიმილი მოეფინა სახეზე. იცოდა, რომ ასეთ სამყაროს ვერ შეუქმნიდა შვილს, მაგრამ ეცდებოდა მაინც, რაღაც წვლილი შეეტანა საამისოდ. დამნაშავე შემოიყვანეს. დამხმარემ უბიძგა ფიქრებიდან გამოსაფხიზლებლად და მანაც სხარტად გაუსწორა თვალი დამნაშავის სახეს. თითქოს ეცნობოდა, თითქოს სადღაც ნანახი ჰყავდა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ იხსენებდა. ლამაზი იერ–სახის პატრონი მამაკაცი მას უყურებდა და ირონიულად იღიმოდა. ვერაფრით ჩასწვდა ამ ღიმილის მიზეზს ან მიზანს. მოსამართლეც შემობრძანდა და პროცესიც გახსნილად გამოცხადდა. მართლაც საუკეთესო ადვოკატი იცავდა დამნაშავეს და რამდენიმე სიტყვაზე წაბორძიკდა ლილე. ორმაგი სტრესი ეწვა, როგორია?! მაგრამ მაინც გააგრძელა. – ბატონო მოსამართლე, – წამოიჭრა ფეხზე და მოსამართლისკენ წავიდა, – ეს კაცი დამნაშავეა. რამდენიმე ადგილას მისი ანაბეჭდები იქნა აღმოჩენილი და სისხლი, რომელიც დაემთხვა მისას. იტყუება და დამნაშავეა! – ვაპროტესტებ! – არ დათმო ბრალდებულის ადვოკატმა. – ქალბატონი აბაშიძე უსაფუძვლოდ დებს ბრალს ჩემს დაცვისქვეშ მყოფს! – მიღებულია, – თქვა მოსამართლემ და ახმაურდა დარბაზი. – ბატონო მოსამართლე! – განცვიფრება ვერ დამალა ლილემ, – ამდენი დამთხვევის ფონზე იღებთ პროტესტს? შეუძლებელია ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს! – გაოგნება ვერ დამალა, – არ უნდა დათარეშობდნენ მისნაირი არაკაცები ქვეყანაში, რომელშიც ჩემი შვილი იცხოვრებს, თქვენი შვილი ცხოვრობს და კიდევ უამრავი დამსწრეთაგანი! – დარბაზისკენ გაიშვირა ხელი და თვალი მოავლო. უნებურად დაეცვარა სახე. გააჟრჟოლა და ცივმა ოფლმა დაასხა. დარბაზში ის დალანდა, ვინც არ უნდა დაელანდა. უნდოდა მოჩვენებად ჩაეთვალა, მაგრამ აზროვნების უნარი დახშობილი ჰქონდა. ბუნდოვნადღა დაინახა, რომ წამოდგა, ზურგი აქცია და კარისკენ გაემართა. გონი დაკარგა და იატაკზე დაეცა. დარბაზი აქოთქოთდა. ვიღაცამ განწირული ხმით დაიკივლა. მოსამართლეც კი გადაწითლდა, იფიქრა გამოიჭირეს და შეეშინდა. ერთ–ერთმა ქალმა გამატარეთ, ექიმი ვარო – დაიკივლა და უგონო ლილესთან ჩაიმუხლა. – პულსი აქვს! სასწრაფოში დარეკეთ! – დაიკივლა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირდათ, ჩასაფრებული სასწრაფოს რამდენიმე ექიმი შემოვარდა და საკაცეთი წაიყვანეს ლილე. *** თვალები რომ გაახილა, ცხვირი აუწვა საავადმყოფოს მძაფრმა სურნელმა, რომელსაც ნაცნობი სურნელი ერეოდა. ნაცნობი სურნელი იასამნისა, რომლითაც ყოველთვის ანებივრებდა წარსულის მეფე. იასამნისა და საავადმყოფოს სუნს ერეოდა ნაცნობი სუნამოს სურნელი და ჩქარა უგზავნიდა იმპულსებს ტვინი გულს. შორიდან ბავშვის ტირილი შემოესმა და უნებურად მოისვა მუცელზე ხელი, რომელიც გაბერილი აღარ იყო. თავიდან ვერ გააცნობიერა მომხდარი, შემდეგ კი მოიკრუნჩხა და ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა მარჯვენა მხრიდან. – ცოცხალია... მამამისია მასთან, – ნაცნობი ხმა მოესმა მარცხნიდან ლილეს ალექსანდრესი და არც გადატრიალებულა, ისე იკითხა. – რას გულისხმობ? – ხმა უთრთოდა. – მამაკაცი მოვიდა და განაცხადა მამა ვარო. გაგჭრეს. ოპერაცია ხუთი საათი გაგრძელდა. ისეთ მდგომარეობაში იყავი, ყველას ეგონა დაგკარგავდნენ... მეც მეგონა, რომ დაგკარგავდი, – ხმა აეჭრა მამაკაცს. – ალექსანდრე, ისევ გიყვარვარ? – ჰკითხა თავისთვისვე მოულოდნელად... მამაკაცს ძალიან გაუკვირდა შეკითხვა. ყველაფერს ელოდა, მაგრამ ამას არა. არავინ იცის მაშინ რა იფიქრა, მაგრამ ასევე დაუფიქრებლად უთხრა: – რა თქმა უნდა მიყვარხარ და მზად ვარ თუნდაც ახლავე ცოლად მოგიყვანო! ლილე დაფიქრდა და რამდენიმე წამიანი წუთის შემდეგ ამოიღო ხმა. – ვერ მოგატყუებ, რომ რამეს ვგრძნობ შენ მიმართ, მაგრამ არც ის შემიძლია ვინმეს ჩემს გრძნობებზე თამაშის უფლება მივცე! გამოგყვები ცოლად... თუ მოინდომებ ცოლს, რომელსაც არ ეყვარები, – ხმა აუთრთოლდა და ცხელი ცრემლებით დაენამა სახე. ყველაზე მეტად სტკიოდა ნიკოლოზი და ეს გრძნობა, რომელსაც ვერც დრო აქრობდა და ვერც მცდელობა. უბრალოდ, სხვა გზას ვერ პოულობდა. არ შეეძლო მიეცა ნიკოლოზისთვის ნება ისევ აეგდო მასხრად... ისევ ეცინა მის სიყვარულზე. ცრემლები ახრჩობდა, როცა მას ხედავდა და სიკვდილი უნდებოდა, როცა ირონია ეფინებოდა სახეზე ადამიანს, რომელსაც ოდესღაც საყვარელი მეუღლე ერქვა. ვერ გასწირავდა პატარა ნიკოლოზს საიმისოდ, რომ მამამისის თვალებისთვის ეყურა. თვალებისთვის, რომელიც ელვარებდა დედისკენ მიმართული სიმხეცით. ალექსანდრემ სკამი მიაჩოჩა ლილეს თავთან და მისი ცივი ხელები თავის თბილ მკლავებში მოიქცია. – არ მინდა, რომ დაიტანჯო... არავის გამო, ლილე, – უჩურჩულა და ცერა თითით მოწმინდა ცრემლები. – ამას თუ არ გავაკეთებ, უფრო დავიტანჯები... – ამოიკვნესა საცოდავად. – რომ გამოჯანმრთელდები, მერე ვილაპარაკოთ უფრო მეტზე... – გაუღიმა თბილად. – გთხოვ, ახლა ჩემ შვილთან წადი და იმ კაცს უთხარი, რომ შენ ხარ მამამისი... გთხოვ, – ემუდარა. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი არ უნდოდა მამაკაცს, მაინც წამოდგა და წავიდა. უარი ვერ უთხრა ქალს, რომელსაც აღმერთებდა. როგორც კარი მიიხურა პალატის ალექსანრემ, ხმამაღლა აქვითინდა ლილე. როგორ უჭირდა ყოველივე, როგორ სჭირდებოდა ახლა გვერდზე დედა, როგორ უნდოდა, რომ არ მიეტოვებინა თავის დროზე ქალს, რომელსაც შეეძლო დედა რქმოდა. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ სადღაც დაიარება კიდეც ქალი ან კაცი, ბიჭი, ან გოგო, რომელიც ლილეს და ან ძმა არის, შეიძლება ნახევრად, მაგრამ მაინც... იქნებ აქამდეც შეხვედრია დედას ლილე, მაგრამ ვერ უცნია? „იქნებ“ სჭამდა სწორედ... ეს „იქნებ“! რამდენიმე წუთი კიდევ გაატარა ტირილში, შემდეგ კი პალატის კარი კინაღამ შემოამტვრია ვიღაცამ. ნაცნობი სხეული ლილეს საწოლთან ჩაიმუხლა, მისი თითები თავის ტორებში მოიქცია და რამდენჯერმე მხურვალედ აკოცა. გააჟრიალა ლილეს, ძლიერად გააჟრიალა და უარესად ატირდა. – მაპატიე, ლილე, მაპატიე! – ჩურჩულებდა ნიკოლოზი და ქალის ხელებს ემთხვეოდა, როგორც ხატს ღვთისმშობლისას. – მაპატიე, შევცდი. ლილე, მაპატიე! – ღრიალში გადასდიოდა. ლილეს თითებს მამაკაცის ცხელი ცრემლები ასველებდა, ბალიშს კი – ლილესი. ბოლოს ამოისუნთქა და ჩურჩულით, თუმცა მაინც მკაცრად ჩაილაპარაკა: – ვერ გაპატიებ! *** იმდენი სითბო წამოვიდა თქვენგან, იმდენი დადებითი, არ შემეძლო არ დამეწრა და დამედო... მიყვარხართ და დღის გალამაზებისთვის ბევრი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ! იმედს ვიტოვებ, მოგეწონათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.