ნაკვალევი (4 თავი)
მეოთხე თავი უკვე მეთერთმეტე კლასს ვამთავრებდით. თავი ძალიან დიდი მეგონა. რამოდენიმე დღეში ვახოს დაბადების დღე მოდიოდა. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო ბოლო დღე ამ ზაფხულს, როცა სალომეს ვნახულობდი. ის დასასვენებლად მიდიოდა. შემოდგომაზე კი მე მიწვევდნენ ჯარში. წინასწარ ფიქრი არ მინდოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ხანგრძლივი განშორება მელოდა, მინიმუმ ორი წლით. წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა იქნებოდა შემდეგ საკმაოდ ძნელი იყო. ჩვენს დროში ძნელი იყო გრძელ ვადიანი პროგნოზების გაკეთება. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ დაბადების დღისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი. შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა. ეს მზადება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ თმები დავივარცხნე და ახალი პერანგი ჩავიცვი. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი შარვალი მქონდა და გამოცვლას ვერ მოვახერხებდი. სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი მომეწონა. ცუდად არ გამოვიყურებოდი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. მაგიდიდან შეფუთული საჩუქარი ავიღე და წავედი. როცა მივედი სტუმრები უკვე მისაღებ ოთახში იყვნენ. მამუკას კვლავ მოსაწევი ეშოვა და ვახოს საძინებელში ბიჭებთან ერთად „ბოლდებოდა“. სალომე დიასახლისობდა. ულამაზესი იყო. თეთრი მოკლე ფრიალა ქვედაბოლო ეცვა და ნარინჯისფერი, თხელი სიფრიფანა ბლუზი. ისეთი ჰაეროვანი იყო თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ლანგრით ხილსა და ნამცხვრებს აწვდიდა სტუმრებს. - სალომე, ეს არ დაგავიწყდეს! - რაღაცას აძლევს დედა. - სალომე, ის არ დაგავიწყდეს! - ამჯერად მამიდა. ისიც დაქროდა წინ და უკან. - დიდხანს აპირებ აქ დგომას? - გადმომილაპარაკა ვახომ - ცოტა ხანში ცეკვები დაიწყება და დაპატიჟე! - ვისზე ამბობ? - გამიკვირდა მე. - სალომეზე! - იცინის ის - ბრმა ხომ არ ვარ? გგონია ვერაფერს ვხვდები? მისი სიტყვები მსიამოვნებს: - ძმა ხარ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი თანადგომა. - მეგობრულად ვეხვევი მას. გოგონამ როგორც იქნა დაასრულა წინ და უკან სირბილი და იქვე, ახლოს გვანცასთან ჩამოჯდა. რაღაცაზე საუბრობდნენ, საკმაოდ დაძაბული და სერიოზული სახეები ქონდათ. - მიდი გაიწვიე საცეკვაოდ, თორემ აქ პანაშვიდს გამიმართავენ. კარგი ვალსი ჩემზე იყოს! - თვალი ჩამიკრა ვახომ. ნაზი, ნელი მელოდია დაპირებისამებრ მალევე გაისმა. ოთახში რამოდენიმე ნათურა ენთო. ვახოს აზრით კლუბურ სიტუაციას ქმნიდა. - არ ვიცი, გვანცა. რამდენჯერ ვცადე მასთან საუბარი, მაგრამ აზრი არ აქვს. უფრო ღიზიანდება! - ეუბნებოდა სალომე. სწორედ ამ დროს მივედი მეც. - გთხოვ უარი არ მითხრა, ვიცეკვოთ რა! მისი პასუხის მოლოდინში ვიგრძენი სუნთქვა როგორ შემეკრა, სალომემ ოდნავ დაბნეულმა შემომხედა და დამეთანხმა. საკმაოდ დაძაბული მეჩვენებოდა, თვალებში არ მიყურებდა. სახეს მარიდებდა. გამეღიმა, ჩვენს შორის დისტანციას იცავდა. მისი გულისცემა მესმოდა. თითქოს ჩიტი ფრთხიალებდა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. - სალო. - როგორც იქნა დუმილი დავარღვიე - შემოდგომაზე ჯარში მივდივარ. - შეკრთა, თვალებში შემომხედა. სიამოვების ჟრუანტელმა დამიარა. - დიდი ხნით? - ხმა ოდნავ უკანკალებდა. - ორი წლით. თვალებში სევდა ჩაუდგა, მაგრამ გრძნობები დროულად მოთოკა. ხუმრობის ტონით მითხრა: - როცა ჩამოხვალ, იმედია სტუდენტი ვიქნები. - იმედია! - გამეღიმა მეც. ვუმზერდი. აქამდე თუ ცდილობდა ხელიდან გამსხლტომოდა და ძალით ვიკრავდი გულში. მოდუნდა, ხელები კისერზე მომხვია და ჩამეხუტა. უბედნიერესი ვიყავი. თავი მხარზე დამადო. ის ტიროდა, აღარაფერი გვითქვამს. ორივენი ვდუმდით. სიტყვები არც გვჭირდებოდა. - აბა, გაიღიმეთ! - მოგვადგა ფოტოგრაფი. ორივენი ვიღიმებოდით ობიეტქივში. ეს ფოტო ეხლაც გულის ჯიბეში მედო. ამდენი წლები ერთად ვიმოგზაურეთ. ასე რომ სალომე ჯარშიც ჩემთან იყო. - ბედნიერ სამსახურს გისურვებ. იმედია მშვიდობით დაბრუნდები! - ჩუმად მითხრა მან. - იმედია. დამელოდები?! - ხმა ამიკანკალდა მე. მან მხოლოდ გამიღიმა. ლოყაზე ოდნავ მაკოცა: - ორი წელი დიდი დროა. ისეთ პირობას ნუ მთხოვ, თვითონაც რომ ვერ შეასრულებ! გამეცინა: - მე შევასრულებ, შენ? - თვალებში ჩავაცქერდი მას. ალბათ განათებული რომ ყოფილიყო დავინახავდი, როგორ გაწითლდა. თქმა უჭირდა, თუმცა მე მისი სიტყვები არ მჭირდებოდა. რაც მსურდა დავინახე და ვიგრძენი. - მიყვარხარ! - ჩუმად ვეუბნები ისევ მე. ის კი უფრო წითლდება. სახეს მარიდებს და ისევ მეხუტება. თითქოს დავფრინავდი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ამაზე ხომ ოცნებაც არ შემეძლო. - რაღაც მინდა გთხოვო! - თემა შეცვალა მან. - წასვლამდე იქნებ მამუკას დაელაპარაკო. - მამუკას? - ვერ მივხვდი რას მთხოვდა - მამუკას ჩვენთან რა აკავშირებს? - ჩვენს გამო არა! - გაეცინა მას - ამ ბოლო დროს სულ კაიფშია, მხოლოდ პლანზე არა, წამალზეც სერიოზულად შეჯდა. თავსაც იღუპავს და გვანცასაც. მე რამდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ გაღიზიანდა, უკუღმა გაიგო. - მეც გავაფრთხილე და ვთხოვე შეშვებოდა. მიმტკიცებს წამალზე დამოკიდებული არ ვარო, როცა მოვინდომებ მაშინ გადავაგდებო! - გჯერა რომ მოახერხებს? ბევრი გინახავს, რომ წამალი გადაეგდოს? - მისგან ასეთ სერიოზულ საუბარს არ ველოდი. რატომღაც როგორც ბავშვს ისე აღვიქვავდი. თითქოს მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი. ოდნავ გაეღიმა: - სცადე, გთხოვ! იქებ დაგიჯეროს. - კიდევ ვთხოვ. - უიმედოდ დავპირდი მე- გვანცამ სცადა? იქნებ, ჩემსავით მისი აზრი გაითვალისწინოს? - შენ ასე მოიქეცი, მე დამიჯერე? - ვიგრძენი ამის გაგინება, როგორ ესიამოვნა. - კი, ამიტომაც ვიფიქრე გვანცას უფრო დაუჯერებდა. - სამწუხაროდ ასე არ ხდება. რაც უფრო მეტს ელაპარაკება ამ თემაზე, უფრო გიჟდება. აგრესიული ხდება და მასზე საცემრადაც კი იწევს. - თვალები ცრემლებით აევსო - წარმოდგენაც კი მიჭირს შედეგად რა შეიძლება მოყვეს. - შენი დაქალი მაზოხისტი ხომ არაა? თუ არ მოსწონს დაშორდეს. იქნებ შეშინდეს მამუკაც. დაფიქრდეს... - უკვე გვიანია, ამას ვეღარ იზავს. - რატომ? - მისგან ორსულადაა! - ისევ გაწითლდა სალომე. - კი, მაგრამ... - დავმუნჯდი მე. იმის გააზრებაც კი რომ მამუკას და გვანცას შეიძლება პატარა შესძენოდათ ტანში დამბურძგლა. თვითონაც ხომ ბავშვები იყვნენ. 15 წლის მოზარდები. არც მე ვიყავი მათზე ბევრად დიდი. მიუხედავად იმისა, რომ სალომეზე ვგიჟდებოდი ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მასთან სექსი შეიძლებოდა მქონოდა. ის იმდენად ბავშვური იყო. ისეთი სიფრიფანა. მისი გაბერილი მუცლის წარმოდგენაზე გამაჟრჟოლა. გვანცას ვუმზერდი. რა ელოდა წინ? 15 წლის ასაკში დედობა და პათოლოგი, ნარკომანი ქმარი?! მამუკას გავხედე. ისევ ბიჭებთან იყო ოთახში და კვლავ რაღაცას ყნოსავდა. მასთან საუბარს აზრი არ ქონდა. ამ მდგომარეობაში მაინც ვერაფერს გავხდებოდი. - დაველაპარაკები, აუცილებლად. ოღონდ ვერაფერს დაგპირდები. - ვიცი. - იმედით მიმზერს სალომე - მიუხედავად იმისა დაგიჯერებს თუ არა, მაინც მადლობლები ვიქნებით! გამეცინა: - ისე მეუბნები თითქოს ჩემთვის უცხოა. ის ჩემი ძმაა! - ვიცი, მაპატიე ცუდად გამომივიდა. ვახოსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ დიდად არც მისი იმედი მაქვს. - მოდი, ცოტა ხნით მამუკას თავი დავანებოთ. იმდენი ხანია შენთან საუბარი მინდოდა მშვიდად, წყნარად.. გაეღიმა: - რა გაინტერესებს? - თუნდაც შენი მომავალი გეგმები. - ჯერჯერობით ზუსტად არაფერი ვიცი. სკოლას დავამთავრებ, იურიდიულზე ჩავაბარებ. მერე ალბათ გავთხოვდები. - იცინის ის. - საინტერესო დუეტი ვიქნებით, იურისტი და ძველი ბიჭი! - მეცინება მეც. - ძველი ბიჭი რატომ? შენ არ შეიცვლები? - შეცბა ის. - მაინც როგორ? შენი წარმოსახვით როგორი ვიქნები? - ინტერესით ვეკითხები მე. - არ ვიცი! - დაიბნა - თუმცა მგონია, რომ ავარა ბიჭის სტატუსს ნელ-ნელა იცილებ. არა?! - ჩემს კითხვაზე მაინც არ მიპასუხე. შენი აზრით, როგორი ვიქნები ასე ხუთი წლის შემდეგ? - არ ვიცი. იმედი მაქვს კარგი. პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. სადაც გინდა იქ იყავი და იქ იმუშავე. თუმცა იმედი მაქვს ქურდი, ყაჩაღი და ნარკომანი არ იქნები. - ეგ სამი რატომ არა? - ეშმაკურად ვეკითხები მე. - მაგ სამი სახეობის ადამიანს ვერასოდეს შევეგუები. - ხულიგანსა და ჩხუბისთავს? - ასეთი ხომ ისედაც ხარ?! - მიხიარულად იცინის ის. - ნუ გეშინია, როგორც შენ თქვი, მე „კარგი“ ვიქნები. - ვპირდები მე. უცნაური გრძნობაა სიყვარული. მით უმეტეს თუ აღმოაჩენ, რომ შენს გრძნობებს იზიარებენ და მისთვის ისეთივე ძვირფასი ხარ, როგორც შენთვის. თუმცა ალბათ მაინც ფიქრობ, რომ შენსავით ვერასოდეს შეგიყვარებს. მაინც გტანჯავს ფიქრი: - ვაი, თუ.... ეჭვი, ეჭვი გწამლავს, გშხამავს და მოსვენებას გიკარგავს. მუდმივად მას ეძებ, მის მზერას. გინდა დარწმუნდე, რომ ისეთივე აღტაცებით გიმზერს, როგორც წინა შეხვედრისას და ხდები ეგოისტი. ის მხოლოდ შენი უნდა იყოს. ვეღარ იმეტებ სხვისთვის, ყველაზე უახლოესი ადამიანებისთვისაც კი. არ ვიცი ვის როგორ, მე კი სწორედ ასეთი განცდები მტანჯავდა. ამ ყველაფრის ხმამაღლა გამოხატვას რა თქმა უნდა ვერ ვბედავდი. მაგრამ ჩემთვის გულში ვიტანჯებოდი. სასოწარკვეთილი ვიყავი, როცა ვერ ვხედავდი. საკმარისი იყო შორიდან დამენახა და მაშინვე ვმშვიდდებოდი. სახეზე სულელური ღიმილი მესახებოდა და დავდიოდი გამოთაყვანებული ბედნიერი სახით. მეხუთე თავი რამდენიმე დღეში სალომე წავიდა ბებიასთან დასასვენებლად და დაიწყო ჩემი წამებაც. ვერ ვისვენებდი, ვშფოთავდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.