მკურნალი ცრემლები 3 თავი
საღამოს, ნუცამ და ბექამ გადაწყვიტეს ცოტა დაგველია, მე ხასიათწამხდარი ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ტრიალებდა წყვილი სამზარეულოში. ირგვლივ რა ხდებოდა უინტერესო გამხდარიყო ჩემთვის, რაც ბათუმში ჩამოვედით იმ კოტეჯში წასვლის სურვილი არ მასვენებდა, სადაც მე და ვაჩე ვიყავით. დივანზე ვიჯექი და ფიქრებით ვაჩეს დავტრიალებდი, ნეტავ ახლა ისიც ჩემს გვერდით ყოფილიყო, იქნებ ოჯახიც გვყოლოდა, შვილიც, იქნებ არც ჯანმრთელობის პრობლემა მქონოდა, ნიკასაც არ გადავეყრებოდი. ნიკას გახსენებაზე ისევ უსიამოდ გამკრა გულში მისმა სიტყვებმა, საოცარი იყო ერთნაირად მომწონდა და მაღიზიანებდა მისი საქციელი. არ მახსოვს ამ ფიქრებში გართულს, როგორ მომიახლოვდა კახა. - ელენე, დალევ რამეს? - არა, გმადლობ. - შენ წუხელაც მაგას ამბობდი, მაგრამ მერე მშვენივრად დალიე. - ახლა აღარ მინდა. - ელენე, გაშინებ? - სრულიად მოულოდნელი კითხვა დამისვა და დამაბნია. - არა, საიდან მოიტანე? - აბა, რატომ გამირბიხარ? - კახა, გთხოვ... - აი, ხომ ხედავ, როგორც კი ინტერესს გამოვიჩენ, ან მოგიახლოვდები სურვილი გაქვს, სადმე გადაიკარგო. მე არ მოგწონვარ თუ ზოგადად მამაკაცები? - ისეთი სახით მითხრა,სიცილი ვეღარ შევიკავე, რამდენიმე წუთი ისე ვხარხარებდი, ნუცა და ბექაც კი გამოვიდნენ სამზარეულოდან. - ზოგადად კაცები არ მომწონს, კახა. - ვუპასუხე, როცა ცოტა დავწყნარდი და თვალი ჩავუკარი. კახა ერთიანად აილეწა, აღარ იცოდა რა ექნა და მოსაწევად აივანზე გავიდა, მისმა საქციელმა ისე გამამხიარულა, კიდევ დიდხანს ვიქნებოდი გაღიმებული, ოთახში ნიკა და მისი გოგო, რომ არ შემოსულიყვნენ. თითქოს ტყვია მესროლეს, ისე შემახმა ღიმილი სახეზე, ნიკამ ერთი გადმომხედა და ნუცას და ბექას მიუტრიალდა. ხასიათიი ისე მომეწამლა არაფრის სურვილი აღარ მქონდა, მაგრამ რომ წავსულიყავი ნიკა იფიქრებდა, რომ მას გავურბოდი, ამიტომ მდუმარედ ვიჯექი და ყურადღებით ვუსმენდი მათ მხიარულობას. თოჯინას, როგორც გავიგე ლანკა ერქვა, საბედნიეროდ ვერ მიცნო, თორემ ახლა მაგის გამო მომეშლებოდა ნერვები. ყველა მხიარულობდა, ერთობოდა,სვამდა, მე კი ისევ დივანზე მიყრდნობილი, ფორთოხლის წვენით ჩუმად ვიჯექი და ჩემს თავზე ვფიქრობდი. რატომ არ შემეძლო წარსულის უკან დატოვება და ახალი ცხოვრების დაწყება, რატომ არ შემეძლო ვაჩეს დავიწყება, ის ხომ აღარასდროს დაბრუნდებოდა, ის მკვდარი იყო, მე ცოცხალი, თეორიულად ვიცოდი, რომ სიცოცხლე უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ პრაქტიკაში არ გამომდიოდა. უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც მჭამდა და რომელმაც საზოგადოებისგან გამრიყა, ცივ და მოსაბეზრებელ გოგოდ მაქცია. ახლა კი, როცა ნიკამ მოახერხა ჩემში გრძნობების აღძვრა და ვიფიქრე, რომ მასაც ჰქონდა ჩემდამი ინტერესი, თავის თოჯინასთან ერთად გამომეცხადა და უარესად ამრია. ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ ვანიჭებდი ნიკას ამხელა მნიშვნელობას. მთელი საღამო ისე გავიდა ლანა ნიკას არ მოშორებია, ძალიან მხიარული და საყვარელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა და მიკვირდა პირველ ნახვაზე რატომ შემექმნა ასეთი უარყოფითი აზრი მასზე. ნიკას ჩემთვის თითქმის არ შემოუხედია, იჯდა და მხიარულად ბაასობდა. ბოლოს ვეღარ გავუძელი ამ გარემოს, ბოდიში მოვიხადე და გარეთ გამოვედი. სანაპიროზე ჩავედი, სიწყნარე იყო, უკვე შუაღამე იყო და ამიტომ კაციშვილი არ ჩანდა. თითქოს ზღვა მეძახდა, ვიდექი მის წინ მონუსხული და ხელები მკლავებზე მქონდა შემოჭდობილი: "რა ვქნა ღმერთო, რა გავაკეთო, ის მაინც მანიშნე უნდა ვიცხოვრო, თუ მეც მალე მოვკვდები, თუ ასეა აღარ ვიბრძოლებ, ტყიულად აღარ ვიწვალებ, დავიღალე გესმის?" ამდენი ხნის ემოციამ ისევ იფეთქა და ერთი თვის მანძილზე შეკავებულმა ცრემლებმა ისევ იწყეს დენა. სახეზე ხელები ავიფარე და უფლება მივეცი ტკივილს გარეთ გამოსულიყო. - შენ რა საკუთარ თავს ელაპარაკები? - ამ მოულოდნელმა შეკითხვამ ისე ამრია, სულ დამავიწყდა, რომ ვტიროდი და გაოგნებულმა გავხედე. - მოიცა, ტირი? ელენე, გტკივა რამე? გტკივა? წამლებს სვამ? - შემცბარი მეკითხებოდა ნიკა, ხელები ჩემი მკლავებისთვის ჩაეჭიდა და თვალებში მიყურებდა. - არა, არაფერია. - თავი მისი ხელებისგან გავითავისუფლე და ცრემლები მოვიწმინდე. - წამლებს იღებ? - ინტერესით მომაჩერდა ნიკა. - კი. - მალამოს ისვამ? - კი... - არ შეიძლება შენთვის ზღვა. ეგ მალამო იმისთვის არსებობს, რომ მკერდმა შეიწოვოს მისი სასარგებლო ნივთიერებები, ზღვა მარილიანია და ჭამს ყველაფერს, რაც კი სასარგებლო აქვს ამ პრეპარატს. - ქვიშაზე დაჯდა ფეხმორთხმული და ზღვას გახედა, გაოცებული ვუყურებდი, არ მჯეროდა რომ ეს ნიკა იყო, ახლა მივხვდი დილანდელ მის სიტყვებს. ჩემს თავზე გამეცინა და მეც მის გვერდით დავჯექი, მუხლები მოვხარე და ხელები შემოვხვიე. - დეპრესიული ადამიანის დამახასთიებელი კიდევ ერთი ნიშანი. - ზღვისთვის არ მოუშორებია თვალი ისე ჩაილაპარაკა. - რააა? - თან იცინი, თან ტირი, ეს დეპრესიის ნიშანია. - ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო დაა... - ტირილი? - ცრემლები მკურნალობენ. - გაეღიმა და თმაზე გადაისვა ხელი, მერე წამოდგა და ისე შევიდა სახლში ხა არ ამოუღია .გაოცებული ვიჯექი და მეღიმებოდა. ნუცას რომ დავენახეთ ასეთ სიტუაციაში, უეჭველი იტყოდა თქვენს შორის გრძნობების ძაფებია გაბმულიო, როგორც ამას ბექას გაცნობისას მეუბნებოდა. სახლში შესვლა არ მინდოდა, წამოვდექი და ნელა გავუყევი ნაპირს, სუსტი ნიავი ჰქროდა და ჩემს კაბას აფრიალებდა, თმებს მიწეწავდა და ვგრძნობდი როგორ მომიცვა მარილიანი ჰაერის სუნმა. მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ მივდიოდი, თითქოს მინდოდა ჩემი წარსული მომეძებნა, რაღაც თავისკენ მექაჩებოდა, გონს რომ მოვეგე, იმ კოტეჯის წინ ვიდექი, მე და ვაჩე რომ ვცხოვრობდით, სიმწრით გამეღიმა. დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა მისვლა, ფეხები უკან მრჩებოდა, მეშინოდა, რომ იქ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მეშინებოდა რომ ის ოთახი ახლა ვაჩეს კი არა, სხვისი სუნით იქნებოდა სავსე. თავს როგორღაც მოვერიე და ფრთხილად ავიარე ორი კიბე, მერე ასევე ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და სიჩუმეს მივუგდე ყური. ცოტა ხნის შემდეგ საკეტი გადატრიალდა და კარში მოხუცი კაცის თავი გამოჩნდა, მეგონა წარსული დაბრუნდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს წუთის წინ გავედი და ახლა ისევ დავბრუნდი. - მიცანით, ბაბუ? - ხმა ამიკანკალდა და თავი ჩავხარე. - ელენე, ბაბუ შენა ხარ? - ხელი მკლავზე მომკიდა და სახლში შემიყვანა. - დაბრუნდი. ბაბუუ? - მე ვარ, ბაბუ, მეე. - უკვე აღარ შემიკავებია ცრემლები, მოხუცს გადავეხვიე და ავტირდი. - მოვედი, ბაბუუ. - გენაცვალოს ბაბუმ, როგორა ხარ შვილო, მოდი, დაჯექი. - მოხუცმა სკამი გამომიწოდა და დავჯექი. - მოიცა, ჩაის გაგიკეთებ ბაბუ, შენ და ვაჩეს, რომ გიყვარდათ ისეთს. - მოხუცი დატრიალდა და წელში მოხრილმა დაიწყო ჩაის გამზადება. მე კი ვიჯექი ჩუმად, ხელები კალთაზე მედო, ოთახს ვათვალიერებდი და ყველაფერი მახსენდებოდა. ისევ ისე იყო ყველა კუთხე-კუნჭული, როგორც ოთხი წლის წინ დავტოვეთ. ისევ ის ძველი, გაცრეცილი შპალიერი, ისევ ძველი მაგიდა, სკამები, ძველი რადიო, ძველი კარადა, წიგნებით რომ იყო ჩაზნექილი. კედელზე დაკიდებული გარმონს თვალი შევავლე და ის საღამო გამახსენდა, მოხუცი ვაჩეს მთელი მონდომებით რომ ასწავლიდა გარმონზე განდაგანას დაკვრას. გამეღიმა, ფრთხილად მივუახლოვდი და ხელი გადავუსვი. - იმ დღის შემდეგ, აღარ ჩამომიღია, ბაბუ ეგ გარმონი. - ზურგს უკან მოხუცის აკანკალებული ხმა მომესმა და ტუჩები ამიკანკალდა. - ველოდი ბაბუ, რომ ჩამოხვიდოდი, ვიცოდი რომ ძნელი იყო შენთვის, მაგრამ სულ მჯეროდა, რომ მოხვიდოდი. - გამიღიმა მოხუცმა და სკამზე ხვნეშით დაჯდა. - მეშინოდა, მეშინოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად დამხვდებოდა, მეშინოდა, რომ აქაურობა შეცვლილი იქნებოდა. - ხელი არაფრისთვის მიხლია, ბაბუ. ის ოთახიც ისევ ისეა. ყველა ნივთი, როგორც დატოვეთ ისევ იმ მდგომარეობაშია. - ცრემლებმა დაუნამა ღაწვი მოხუცს და მეც უკვე ხმამაღლა ავტირდი, აქაურობას ვაჩეს სუნი ქონდა, მისი სიცილი მესმოდა, მისი სიმღერა, მეგონა ეს ესაა შემოვარდება გიჟივით და ხელში აყვანილს დამაბზრიალებს მეთქი, მეგონა ახლა გააღებს ოთახის კარს და იტყვის - "ვაა, ბაბუუუ, რა გემრიელი სუნებია, ტო". კიდევ დიდხანს ვიჯექით ასე მე და მოხუცი ბაბუ, ვიხსენებდით ვაჩეს და ვხვდებოდი, მხოლოდ ეს ადამიანიღა იყო ჩვენი, ჩემი და ვაჩეს გამმთლიანებელი. - ბაბუ, შეიძლება აქ დავრჩე? - რა კითხვა უნდა, ბაბუ მაგას? დარჩი ბაბუ, რამდენ ხანსაც გინდა. - მოხუცი წელში მოხრილი წამოდგა და ოთახში შემიძღვა. კარის გაღებისთანავე, მეცა საოცრად თბილი და მძიმე ჰაერი, მეგონა ვაჩე აქაა და მისი სუნთქვა მესმის-მეთქი. ფრთხილად შევაბიჯე და საწოლზე ჩამოვჯექი, მართლაც ყველაფერი ძველებურად იყო, კომოდზე ჩემი დატოვებული სავარცხელი, თმის სამაგრი და ვაჩეს სუნამო იდო, ტუმბოზე საფერფლე ერთი ჩამწვარი სიგარეტით. გარდერობი გამოვაღე და იქაც ისევ ეკიდა, ჩემი ცისფერი სარაფანი და ვაჩეს ორი მაისური. მახსოვს ამბობდა, ეს თვე ისე გავატარეთ, მეგონია სიზმარი იყო, მოდი რამე დავტოვოთ, მომავალ წელს რომ ჩამოვალთ აქ დაგვხვდება და მივხვდებით, რომ სიზმარი არ იყოვო. ამ მოგონებაზე მწარედ გამეღიმა. ვაჩეს მაისურებს ხელი გადავუსვი და ერთი ჩამოვხსენი, კაბა გავიხადე და მაისური ჩავიცვი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ვაჩეს მკლავებში ვიყავი მომწყვდეული, მის სურნელში გახვეული. დილით ადრე გამეღვიძა, ფრთხილად წამოვიწიე საწოლიდან და ფანჯრიდან მღელვარე ზღვას გავხედე. გამახსენდა როგორ ვუყურებდი, დილაობით ამ ფანჯრიდან ზღვაში მობანავე ვაჩეს და ისევ ამეტირა, ამეტირა და თან გამეღიმა, ვიღიმოდი და ვტიროდი. ნიკა გამახსენდა, მართალი ყოფილა, მკურნალობენ თურმე ცრემლები. წამოვდექი, ისევ ჩემი კაბა ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და მაისური გარდერობში დავაბრუნე. მერე ვაჩეს ნაჩუქარი მედალიონი მოვიხსენი, ერთხანს ცრემლიანი თვალებით დავყურებდი, მერე ფრთხილად დავდე ვაჩეს სუნამოსთან და სირბილით გამოვედი ოთახიდან. კოტეჯში დაბრუნებულს ნუცა შეშინებული შემხვდა, ეტყობოდა ეტირა, ბექას ჰყავდა ჩახუტებული და ამშვიდებდა, ჩემს დანახვაზე ტირილით გამოიქცა და გადამეხვია. - სად იყავი, ლენ, იცი როგორ შემაშინე? - ტიროდა და მეხვეოდა ნუცა, მე კი ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ნუცაღა მყავდა და მთელი ძალით ვეხვეოდი. - რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ჩვენ აქ აღარაფერი გვესაქმება, წავიდეთ, ლანა. - მომესმა ნიკას ირონიული სიტყვები და შევკრთი , მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ისინიც აქ იყვნენ, უხერხულად შევიშმუშნე და თვალი მოვარიდე ნიკას გამბურღველ მზერას. ლანამ თბილად გამიღიმა და ნიკას აედევნა. უხერხულად ვიგრძენი თავი, ბექამ ეს შეამჩნია და მარტო დაგვტოვა. - სად იყავი, ელე, იცი რამდენი ვინერვიულე? ტელეფონი მაინც წაგეღო? რა ქენი? რამე სისულელე ხომ არ ჩაიდინე? ამოიღე ხმა გთხოვ, ძალიან ვნერვიულობ, ნუ ხარ ჩუმად. - პირიდან ცეცხლებს ყრიდა ნუცა და მოთქმით ტიროდა. - დაწყნარდი, მთავარია ახლა აქ ვარ. - რა ადვილი სათქმელია, ელენე, შენ ასეთი რამეები არ გახასიათებს და ამიტომ ვინერვიულე, ჩემსავით გადარეული, რომ იყო არ ვიდარდებდი. - ცრემლები შეიმშრალა და ჩემ წინ დაჯდა. - მოყევი ახლა. - იქ ვიყავი, ჩემი და ვაჩეს ადგილას... - მოიცა, ელენე, შენ? შენ... სადაა შენი მედალიონი, ელენე? - ფეხზე წამოხტა ნუცა. - დავუტოვე... ვაჩეს დავუტოვე... მან მე გამიშვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.