ფიფქის ეფექტი [თავი 5]
კარტი ერთმანეთში არია და აბუტბუტდა. კუთხეში მიკუნჭული ბებია–შვილიშვილი, როგორც დარიამ დაასკვნა, შეშინებულები უყურებდნენ ბოშას, თავად ახალაძის ასული კი ხან კეფას მოიქექავდა, ხან თმას და მოჟამული სახით აკვირდებოდა ქალის თითოეულ მოქმედებას. მკითხავმა კარტი ოთხ რიგად ჩამოარიგა, გოგონა მიხვდა, რომ მან თითების მოძრაობით გაითვალა და ინტერესმა შეიპყრო, ნეტავ, რას მეტყვისო. მანაც არ დაახანა და თვალებდახუჭულმა ჩაილაპარაკა: –ვხედავ... ვხედავ! ვიცი!–ფეხზე წამოხტა და დარიას გახედა. –რა? რა იცი?–უნდობლად ჰკითხა ქალიშვილმა. –კარგი ბედი გაქვს, მაგრამ საბედო გყავს ძლიერ არაპროგნოზირებადი!–ხელი გადააქნია და ისევ სკამზე დაჯდა. –მერე?–ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და რატომღაც მეორე კუპეში მარტოდ დარჩენილი ვაჩე გაახსენდა. –მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო, თქვენ ფიფქი დაგაახლოვებთ, ის მოახდენს გავლენას და გაალღობს იმ შენ მეორე ნახევარს!–შეთქმულივით ჩაიჩურჩულა და ჩაიქირქილა. –ფიფქი?–ანაზდად ფანჯარაში გაიხედა დარიამ.–ის ფიფქი? საჩვენებელი თითი მარჯვნივ გაიშვირა და თვალები დაუწვრილდა. ამას ნამდვილად არ ელოდა! ეს იმას ნიშნავდა, რომ... რომ... ესე იგი ზამთარში იპოვის თავის საბედოს და მასზე ეფექტურად იმოქმედებს ფიფქი, დაუჯერებელია! გაურკვეველი მიზეზის გამო შეაჟრჟოლა და ისევ ვაჩესკენ გაუწია გულმა. ''მგონი მართლა ერთი ნახვით შემიყვარდა ის უგრძნობი...''–გაიფიქრა და საკუთარ თავზე გაეცინა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ დაღუპულა. ხო, ლამაზია, მაგრამ ეს სილამაზე რაში უშველის? გაიპრანჭა, გამოიკვანწა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მხოლოდ ჩაეხუტა ვაჩე და მერე უთხრა, ისეთი არაფერიაო. აბა, დარიას ჰკითხოს! –მებრალები და შენი ფული არ მინდა! საფულესკენ წაღებულ ხელს ბოშას სიტყვებმა მოუსწრო. მებრალებიო? კი, მაგრამ ნუთუ ასე გაუჭირდება ''იმ'' საბედოს მორჯულება?! –არ მჭირდება შენი სიბრალული!–გაუწოდა ოცლარიანი, ქალს კი სულ არ დაუხედია მისთვის, ისე ჩაიჯიბა უბეში. კუპეში გამცილებელი შევიდა და იქ მყოფებს თვალი მოავლო. –ბაკურიანში შემოვედით, პირველ სადგურზე ვინმე ჩამოდის?–წარმოთქვა დაზეპირებული ფრაზა. –უკვე ჩამოვედით?–აღტაცებულმა შესძახა დარიამ და გასასვლელისკენ გაემართა.–აბა, კარგად! ხელი დაუქნია სამივეს, მიუხედავად იმისა რომ წესიერად არც ერთს არ იცნობდა. ზრდილობის საკითხია, სხვა თუ არაფერი! მხოლოდ ბოშამ გაუღიმა კეთილი ღიმილით, პატარა გოგონამაც სასაცილოდ ააფართხალა ფეხები და ალბათ ამით რაღაც მაინც გამოხატა, ბებია კი ისევ იჯდა! ''ესენი ვაჩესი ვინმე ხომ არ არიან?'' ლოგიკური იყო, რომ ეს იფიქრა. მართალია ვაჩე ძალზედ სიმპათიური იყო და მომნუსხველი თვალები ჰქონდა, რასაც ამ ქალბატონზე ვერ ვიტყოდით, მაგრამ მაინც... მთავარი ხომ ხასიათია! –შეიძლება იმ კუპეში შევიდე? ერთ პიროვნებასთან მინდა დამშვიდობება.–მიუთითა ერთ–ერთ კარებზე გამცილებელს, მასაც არ გაუწევია წინაამღდეგობა. დარიამ კარი ფრთხილად შეაღო და ოთახი ცარიელი რომ დახვდა, გული შეეკუმშა. –არადა როგორ მინდოდა ბოლოჯერ მაინც მენახა...–დანანებით ჩაილუღლუღა და უკან გამობრუნდა. მისი გაფრთხილებაც ამაო გამოდგა, უთხრა, ერთ დღეს თავად მოგინდება ჩემთან სიახლოვეო, ის კი წავიდა... დარიამ თავი გადააქნია, ამ ოხერი ფიქრებისგან რომ განთავისუფლებულიყო და სადგურზე თავისი ჩემოდნებით ჩამოვიდა. –თოვს...–გახარებულმა წამოიყვირა და თავიდან ამოუვარდა ვაჩეც და ''სიყვარულიც''. თბილისში რამდენი ხანია ამხელა თოვლი არ ღირსებია. აქ კი როგორ ბარდნის, გადაპენტილია მთები, გორები, ხეები, ბუჩქები... და უმალ გადაიპენტა დარიას გონებაც. წინასწარ იყო შეთანხმებული ერთ ბაკურიანში მცხოვრებ მამაკაცთან და მისი მანქანა რომ შენიშნა, გაბრწყინებული სახით ძვლივსძვლივობით გადადგა თოვლში რამდენიმე ნაბიჯი. მძღოლმაც შენიშნა მობილურში საუბრის დროს აღწერილი გოგონა და ავტომობილი მასთან ახლოს მიიყვანა, მისვლა რომ არ გასჭირვებოდა. –გმადლობთ!–ღიმილით მიუჯდა მძღოლს გვერდით და არც უფიქრია, რომ უკანა სავარძელზე დამჯდარიყო. –არაფრის, შვილო!–მიუგო ასე ორმოციოდე წლის მამაკაცმა და ძრავა დაქოქა.–შენი სახელი? დარია მისმა თბილმა მზერამ გაათბო და კანკალიც შეუწყდა. –დარია, თავად? –ვაჟა! მე შენი აგარაკის გვერდით რომ სახლია, იქ ვცხოვრობ. დღეს სხვა სოფელში მივდივარ და აი, ზუსტად მოგისწარი!–აღნიშნა მან. –თუ არ გეცალათ...–დაიწყო დარიამ, მაგრამ კაცმა მაშინვე შეაწყვეტინა. –არა, შვილო! რადგან დაგთანხმდი, ესე იგი არანაირი პრობლემა არ არსებობდა!–დაამშვიდა გოგონა და სიჩქარე შეანელა.–საშიშია ახლა მგზავრობა, შვილო... ისეთი პერიოდია, რომ... –დიახ, სწორედ ამ პერიოდში მინდოდა ჩამოსვლა. საუბარში ისე სწრაფად გავიდა დრო, რომ ვერც კი გაიგეს. მანქანა რომ გაჩერდა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს დარია და მადლობებით აავსო გაჭაღარავებული, მაგრამ ჯერ კიდევ სიმპათიური მამაკაცი. –ვაჟა ბიძია დამიძახე... სამ დღეში ჩამოვალ და ალბათ ხშირად შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს...–სთხოვა მან დარიას. –კარგი, ვაჟა ბიძია!–უკვე გაშინაურებული დაეთანხმა ვაჟას და თავის აგარაკს გაამაყებულმა ახედა. მთელი დღე რომ მისთვის ეყურებინა, ალბათ არ მობეზრდებოდა. ორსართულიანი, არც ისე დიდი სახლი ისე ამაყად იდგა თოვლში, რომ სიამით აივსო. კიბის სამი საფეხური ღიმილით აიარა და ჩემოდნები დადო, ჯიბიდან გასაღები რომ ამოეღო. სახლში შევიდა და ყურებამდე გაიკრიჭა. აი, საგანგებოდ ნაყიდი სარკეც, ოქროსფერი ჩარჩოთი. დაბლა დაფენილი ჭრელი ხალიჩა იქაურობას ძალიან უხდებოდა. საკუთარ ორეულს გაუღიმა და მისაღებში შეაბიჯა. მუქი ნარინჯისფერი დივანი და სავარძლები კედელთან იყო განლაგებული, ხოლო საპირისპირო მხარეს მთლიანად მინა იყო ჩასმული, იქვე კი ხის მაგიდა იდგა. დარიამ ხელები გაშალა და დაბზრიალდა. -მოგესალმები ჩემო სახლო!-შესძახა გაბადრულმა და სამზარეულოში გავიდა. სამზარეულოში კრემისფერი და ყავისფერი ფერები ერთმანეთს ეზავებოდა. პატარა ზომის კარადები ჩაყოლებული იყო კუთხემდე, ფარდები იატაკამდე სწვდებოდა. როგორ შეიძლებოდა კმაყოფილი არ ყოფილიყო საახალწლო საჩუქრით, მართალია შეიძლებოდა მეგობრებთან ერთად უკეთესი გარემო შექმნილიყო, მაგრამ დარიამ თავს აიძულა და სწორი არჩერვანი გააკეთა. ფული ანგარიშზეც ჰქონდა და ასე შეძლო საკუთარი თავისთვის სურპრიზი გაეკეთებინა. იმედია ახლა მაინც ჩამოყალიბდება თუ რა უნდა, როგორ უნდა და მომავალ წელს იმ ფაკულტეტზე ჩააბარებს, რომელიც შეეფერება. ფანჯარაში გაიხედა და ვაჟა ბიძიას სახლი დაინახა. აშკარად ეტყობოდა, რომ იქ ასეთი კეთილი ადამიანი ცხოვრობდა. ეზოც მოწესრიგებული იყო, ჭიშკართან მისასვლელი ბილიკი ვიღაცას თოვლისგან გაეთავისუფლებინა. გოგონამ დაინახა თუ როგორ გადმოვარდა მეორე სართულიდან რაღაც და დაეჭვებული ჩაფიქრდა. კი, მაგრამ ვაჟა თუ სხვა სოფელში წავიდა სამი დღით, სახლში ვინ იყო? დარია ცოტა არ იყოს შეშინდა. იქნებ მძარცველია, მას კი არ შეუძლია რამე გააკეთოს და ხელი შეუშალოს. ‘’რა გავაკეთო?’’-გაიფიქრა დარიამ და იქაურობას მოშორდა, რადგან სინდისი ქენჯნიდა. -ეს შენი საქმე არაა, დარია! რაც უფრო გრძელი ცხვირი გექნება, მით უფრო ცუდი იქნება შენთვის!–ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის თავს, სისულელე რომ არ ჩაედინა. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს აუყვა და კუთვნლ ოთახში შევიდა. ფართობით პატარა იყო, მყუდრო და ნათელი. ერთ მხარეს საწოლი იდგა, ატმისფერი გადასაფარებლით, მეორე მხარეს კი გარდერობი და ტრილიაჟი. კუთხეში ფუმფულა პუფი იდო, ხოლო მის გვერდით პატარა მაგიდა, ზედ სანათით და ცარიელი რვეულებით. უჯრაში უამრავ საკანცელარიო ნივთს ედო ბინა. კედელზე საათი იყო დაკიდებული, ხმა არ ჰქონდა, რადგან დარია მის მომაბეზრებელ ტიკ–ტიკს ვერ იტანდა. სტუმრად თუ იყო და მსგავს საათს შენიშნავდა სადმე, ღამით ხსნიდა, თორემ მოსვენება არ ექნებოდა. საწოლზე გაგორდა და სიმღერა წამოიწყო. რას მღეროდა მაგას ვერ გეტყოდათ, მაგრამ ბგერებს ისე ნაზად წარმოთქვამდა, რომ ესეც კი სასიამოვნო მოსასმენი იყო. –ლა, ლა, ლალე... ტრა–ლი–ლა–ლა–ლე!–განუწყვეტლივ ერთი და იგივეს ღიღინებდა და ისე მოეშვა, რომ ჩაეძინა. სიზმარში დათოვლილი მდელო ნახა, ორი ფიფქი ერთმანეთს არ შორდებოდა, ქარი აქეთ–იქით აფრიალებდა მათ, მაგრამ მიჯნურებს თითქოს ხელი ჩაეკიდათ, მოულოდნელად მზემ გამოანათა და ისინი დადნნენ. დარიას გამოეღვიძა. სახე სველი ჰქონდა, როგორც ჩანს ძილში იტირა. სამზარეულოსკენ გაეშურა და მაცივარში პროდუქტები შეალაგა. მერე თავში ხელი შემოირტყა, ხომ უნდა მეჭამა, ისევ გამოღება მომიწევსო. შოკოლადის რულეტის და კექსების საღამოსთვის შემონახვა განიზრახა, ომლეტი გააკეთა და ამითაც დაკმაყოფილდა. ჩანთიდან მობილური ამოიღო და WiFi ჩართო. მაშინვე მშობლებს დაურეკა, ორი მიზეზის გამო. მათი ხმის გაგონება ძალიან მონატრებოდა, ამავე დროს იცოდა ისინი ინერვიულებდნენ და ზედმეტი ფორიაქისგან იხსნა. როგორია როცა შვილი საქართველოში გყავს, შენ კი ძალიან შორს ხარ მისგან. დედა ხომ სულ ფიქრობს, იქნებ ავადაა, იქნებ რა უჭირს, იქნებ საბანი გადახდილი აქვს, იქ კი ცივა... უამრავ უმნიშვნელო საკითხზეც კი შეუძლიათ ერთი ამბავი ატეხონ და მხოლოდ იმიტომ რომ დედები არიან! ...და, აი ნიაც გაეპასუხა! –დედა, დედიკო! ხომ კარგად ხარ? როგორ იმგზავრე? ის კაცი დაგხვდა მანდ?–მიაყარა კითხვები დედამ და დარიამ ეკრანს ხელები ააფარა, ამით მაინც რომ ენიშნებინა, დამშვიდდიო. –კარგი რა, ხომ გითხარი კარგზე იფიქრე, შენ ყოჩაღ გოგონას არაფერი მოუვა!–გაუღიმა დედას და კინაღამ უთხრა, ბოშას რომ მისცა მკითხაობის უფლება. მართლაც ის ქალი მხოლოდ სიყვარულზე და გრძნობებზე ესაუბრა, სხვა ხომ არაფერი... ვითომ რა დააშავა და ან რატომ ერიდება ხალხი მათ ისე, თითქოს კეთროვანები იყვნენ. –შვილო, დარჩენილიყავი თბილისში, მანდ მიმხედავი არავინ გყავს და ქალაქში ნინო დეიდა სულ თავზე გადგას, მიშიკოც შენ გვერდით იქნებოდა. ლეასა და დიანასთან ერთად მაინც წასულიყავი.–ვერ ისვენებდა ნია და ლამის ტელეფონში გამომძვრალიყო. –დედა, მორჩი! ჩემ გვერდით ვაჟა ბიძია ცხოვრობს, აი, ის კაცი, სადგურზე რომ დამხვდა, სამ დღეში ისიც აქ იქნება. უყურადღებოდ არ ვარ, ნუ ღელავ!–უთხრა დარიამ და ახლა სხვა თემაზე დაიწყეს მუსაიფი. გვიანობამდე საუბრობდნენ. სამსახურიდან მოსულმა მამამაც მისცა რჩევა. ბოლოს ძვლივს მოსწყდნენ ერთმანეთს. დარიამ ტელევიზორი ჩართო და საინტერესო ფანტასტიკურ ფილმს წააწყდა. თეფშზე კექსები დაახვავა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. მოულოდნელად ვიღაცის ღრიალი შემოესმა, განწირული ღრიალი... სახეზე ფერებმა გადაურბინა, თანაც ფილმში ისეთი დაძაბული მომენტი იყო, რომ აღარ იცოდა სად წასულიყო. უმალ ტელეფონს დასტაცა ხელი და ინტერნეტში შევიდა. დედა შემოსული აღარ იყო. დიანას გრაფის გასწვრივ მწვანე ბურთულა ეხატა, გახარებულმა დააკლიკა მას და რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა მეგობარი გამოელაპარაკა. –დარია!–შეჰყვირა მან. –დიანა, მეშინია...–ჩაიჩურჩულა და მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ხმა გაბზარვოდა. ...............................................................გუშინ ვერ დავდე, მაგრამ მგონი ავანაზღაურე დიდი თავით ის დანაკლისი! ველი თქვენ შეფასებებს... მომდევნო თავი მეტად დამაინტრიგებელი და საინტერესოა... თქვენი სოფო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.