შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომანტიკა თუ დანაშაული?!


15-01-2016, 19:35
ავტორი eleonor
ნანახია 2 660

მაგრამ… ეს კარგია, თუ ცუდი? _ დავსვი ჩემი საყვარელი შეკითხვა. არც ახლა მქონდა პასუხი, რადგან არ ვიცოდი, რით დამთავრდებოდა ეს გიჟური ღამე.

_ ცხელი ჩაი დავლიოთ, მარტო მეც მეზარება… ნუ გაქვს ასეთი სახე, კი არ შეგჭამ, რა იყო! _ დამანამუსა, ჰოლში პირველი თვითონ შევიდა, შუქი აანთო და დამელოდა, სანამ მეც შევიდოდი… უეცრად ხმამაღლა გაეცინა.

ადვილად მივხვდი მისი გამხიარულების მიზეზს _ გალუმპული ალბათ ბოსტნის საფრთხობელასავით გამოვიყურებოდი.

_ ახლავე ავავსებ აბაზანას, ოთახში შედი და ცოტა ხანს დამელოდე! _ თქვა და მარტო დამტოვა.

ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და სასტუმრო ოთახში გავედი. აქაურობა საკმაოდ მდიდრულად იყო მოწყობილი. ლანა დეიდას ბინაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად მთლიანად იყო შეცვლილი ინტერიერი. ახალი ავეჯი დაედგათ. ნუთუ მისი მოტანილია? ალბათ… აბა, ქალებს სტუდენტურ სიტუაციაში ხომ არ მოიყვანს? მერცხლის ბუდე, მაგრამ მდიდრული! შევაფასე იქაურობა.

_ შედი, წყალი ივსება. აჰა, ეს გადაიცვი! პირსახოცი იქ კიდია! _ საქმიანად თქვა და მამაკაცის პირსახოცის ხალათი მომაწოდა.

_ დიდი მადლობა, _ უხერხულად ჩავილაპარაკე და აბაზანაში შესულმა კარი ჩავიკეტე…

საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი ცხელ წყალში ჩაწოლილმა. ირგვლივ მხოლოდ წყლის შხუილი ისმოდა. ნეტავ რას აკეთებს? ახლა რომ გაშლილი სუფრა დამახვედროს… მერე? არ ვიცი, მერე რა იქნება.

როგორ მინდოდა, დიდხანს მენებივრა თბილ აბაზანაში, მაგრამ შემრცხვა. რას იფიქრებს ის ბიჭი! კარგად გავიმშრალე უზარმაზარი პირსახოცით, ხალათი გადავიცვი, რომელშიც მართლაც ბოსტნის სარფთხობელასავით ჩავეფალი, თმა დავივარცხნე, ჩემი სველი ტანსაცმელი პარკში ჩავდე, ჩანთაში ჩავაგდე და გამოვედი…

ის მართლაც სუფრას შლიდა…

_ აი, ეს უკვე სულ სხვა საქმეა! _ შესძახა ჩემს დანახვაზე, _ იმედია, სურდოს გადავურჩებით.

სიწითლემ ტალღასავით გადამიარა სახეზე.

_ მეუხერხულება შენი შეწუხება, _ მორიდებით ვთქვი.

_ სისულელეებს მოეშვი. მოდი, დაჯექი და ცოტა დალიე, შეხურდები.

ტყავის რბილ სავარძელში ჩავჯექი და ხალათის კიდეები ერთმანეთზე გადავიდე, რომ არ გადამღეღოდა, თან თვალს არ ვაცილებდი, როგორ ფუსფუსებდა ჩემი პრინც-პრეზიდენტი.





მისი სიახლოვე მძაბავდა და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი ჩემს თავზე, ბოლოს და ბოლოს, ბავშვი ხომ არ ვარ, რა მჭირს?!

_ საჭმელი, სამწუხაროდ, არ მაქვს, მაგრამ მაქვს შოკოლადი და კონიაკი… ცოტა თხილიც. ჩაიც დავლიოთ, მოგიხდება შემცივნებულს.

_ არ მინდა, გმადლობ, შემცივნებული არ ვარ, _ მორიდებით გავიღიმე.

_ ეგრე შენ შოკოლადიც არ გენდომება, ისედაც ისეთი ტკბილი ხარ… _ ხმადაბლა თქვა და შეფარვით შემომხედა, როგორი რეაქცია მექნებოდა.

გავწითლდი და თავი ჩავღუნე.

_ ნუ გეშინია, ახალია, არ მოიწამლები, _ დააყოლა.

_ ნუ შეწუხდებით, შოკოლადსაც ვერ ვჭამ, ალერგია მაქვს, _ მოვიტყუე, ხომ არ ვეტყოდი, გასუქებას ვერიდები-მეთქი.

_ მაშინ… მაშინ თხილი მიირთვი, მე კი კონიაკს ჩამოვასხამ. იქნებ ეს უკეთესია შემცივნებულზე? _ კვლავ გაუნათა ღიმილმა სახე, _ და კიდევ ერთი, დროა «შენობითზე» გადავიდეთ, ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე და თუ შეიძლება, შევთანხმდეთ, კარგი?

_ თანახმა ვარ, _ ვუპასუხე ჩახრინწული ხმით.

ამ ხმაზე მაინც რა დამემართა? სად წამივიდა? ერთი-ორჯერ ჩავახველე, რათა საკუთარი ხმის ტემბრისთვის «ჭკუა მესწავლებინა».

_ ნუ ხარ ეგრე მოღუშული, გახსენი შუბლი. იცი, როგორ არ გიხდება? _ დაჟინებით მომაჩერდა ნიკა და კონიაკი ჩამომისხა, _ მიდი, სადღეგრძელო უნდა ვთქვა.

ერთმანეთს მივუჭახუნეთ.

_ იმ წვიმას გაუმარჯოს, რომელმაც ჩვენ შეგვახვედრა, _ თქვა მან და ორაზროვნად გამომხედა.

ჩამეცინა.

_ რატომ იცინი? _ თავი გვერდზე გადახარა და როგორც პატარა ბავშვს, ისე შემომხედა.

_ მე მგონი, ჩვენ ცემენტმა უფრო შეგვახვედრა, ვიდრე წვიმამ.

_ მაშინ ასე ვიტყვი: იმ წვიმას გაუმარჯოს, რომელმაც დღეს ერთმანეთს შეგვახვედრა, _ «გამოასწორა» ნიკამ, ცემენტს მაინც არ მიანიჭა დღეგრძელობის სიამოვნება, კიდევ ერთხელ მომიჭახუნა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.

მის მაგივრად მე დავიჭყანე. ასე რომ დავლიო, ალბათ ვეღარ ამოვისუნთქავ და დავიხრჩობი. როგორ შეუძლიათ კაცებს ეგრე დალევა?

_ გაუმარჯოს, _ გაუბედავად წარმოვთქვი და ოდნავ მოვსვი.

_აპ, აპ, აპ! ეგრე არა! _ ხელი დამიხვედრა, _ ნუ ხარ შებოჭილი, გთხოვ. ჩემთან არაფერი გემუქრება. ქუჩიდან კი არ ვარ მოსული. ერთი ჭიქა დალიე, არაფერი მოგივა, უფრო გავშინაურდებით. ისე დასველდი, გახურება არ გაწყენს, შენც ხომ იცი? ჰოდა, დამიჯერე, დალიე, თამამად ცოტა.

თვალები ისე მაგრად დავხუჭე, გუგები მეტკინა. ვცადე, მეც ისე დამელია, როგორც ეს ნიკამ გააკეთა ცოტა ხნის წინ. ვაი, შენს ლოლას! ისე მემწარა სასმელი, ხველება ამიტყდა.

მამაკაცის სასიამოვნო სიცილმა თითქოს დაათბო ატმოსფერო. ხელისგული პირზე ავიფარე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.

_ დააყოლე რამე, _ მითხრა, შოკოლადის ნატეხს დაწვდა და ჩემი პირისკენ წამოიღო ხელი, მაგრამ გაახსენდა, წეღან რაც ვუთხარი და ტკბილეული ადგილზე დააბრუნა, _ პარდონ, პარდონ! დამავიწყდა შენი ალერგია… მიწის თხილიც კარგად მიდის პირველ ჭიქაზე, _ თქვა და თხილიანი თეფში ჩემკენ მოაჩოჩა, რატომღაც, ამჯერად თავისი ხელით გამასპინძლება გადაიფიქრა.

ზრდილობის გულისთვის თხილის ერთი გული ავიღე და უგემურად გავკვნიტე. ახლა ისე ვღელავდი, ყელში არაფერი გადამივიდოდა.

რამდენიმე წუთიც და ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო. ღაწვები შემიხურდა, დაძაბულობა მომეხსნა და ცოტათი გავთამამდი კიდეც. თვალები ავწიე და ნიკას კარგი დეტექტივივთ შევაჩერდი, თითქოს მისი სახის შესწავლა მქონოდა განზრახული. ახლა უფრო მომხიბვლელი მეჩვენა. თმა იმასაც დასველებოდა და უკან გადაევარცხნა, მაღალი შუბლი გამოეჩინა. გადაწეული თმა ისე უხდებოდა, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. საოცარი თვალები ჰქონდა _ ნაცრისფერი, ნაცრისფერი… მისი ხორბლისფერი კანის ფონზე თვალების ფერი კიდევ უფრო გამოკვეთილად მოუჩანდა. ნავარჯიშები სხეული, დაკუნთული მხრები უჩვეულო აღტყინებას იწვევდა ჩემში…

_ რა მოხდა, ლოლა? _ უეცრად მასპინძლის ხმა მომესმა, _ ისე ყურადღებით მათვალიერებ, თითქოს პირველად მხედავდე.

შევიშმუშნე…

_ მაპატიე…თ, ჩავფიქრდი და…

_ მე შენ რა გითხარი? _ მოულოდნელად მოიქუფრა.

შევკრთი, ვერ მივხვდი, რაზე მიმანიშნებდა.

_ რა?

_ თ-ს გარეშე-მეთქი, არ გითხარი? ასე ძნელად იმახსოვრებ ხოლმე შეთანხმებებს? თედო როგორ ეგუება ამას? _ ღიმილით დაასრულა.

_ ასე უცებ ძნელია… _ ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და მზერა ავარიდე.

_ კიდევ დალევ?

_ არა, არა! _ ხელები გავასავსავე და როცა ნიკამ კონიაკის ბოთლს წამოავლო ხელი, ჩემს ჭიქას ხელისგული დავაფარე.

_ რატომ, დათრობის გეშინია?

_ მე არ ვთვრები, _ გამომწვევად ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე.

_ მართლა? რა უცნაურია… იქნე მეც მასწავლო, როგორ ახერხებ ამას? გამომადგება…

_ ძალიან მარტივად. არ ვსვამ, _ ეშმაკური ღიმილი ამითამაშდა ტუჩებზე.

_ მეგონა, ახალი უნდა გეთქვა რამე. რომ არ სვამ, ეგ ხომ მეც ვიცოდი.

_ საიდან? _ კვლავ დავიძაბე, მეგონა, რაიმე სერიოზულს მეტყოდა.

_ არც ერთ ზღაპარში არ წამიკითხავს, კონკიას ოდესმე კონიაკი დაელიოს. არადა, საინტერესოა, როგორ გამოიყურება მთვრალი კონკია… _ და კვლავ ხმამაღლა გაიცინა.

ისე სხარტად გამოუვიდა, თავი მეც ვერ შევიკავე და ავკისკისდი.

_ დარჩები ამაღამ ჩემთან? _ ამ დროს გამომეტყველება ვნებიანი გაუხდა, ხმა _ იდუმალი… დაახლოებით ისეთი, კაცმა ქალს რომ უთხრას: «შენთან მინდა».

სუნთქვა შემეკრა. უცნაურმა ღელვამ შემიპყრო და უარის ნიშნად სასწრაფოდ გადავაქნიე თავი.

_ რა საჭიროა…

_ რატომ, გეშინია?

_ არა, არ მეშინია…

_ აბა? რა მოხდება, რომ დარჩე? თუ გგონია, რომ საძინებელში ვინმე საიდუმო არსება იმალება და შენს წასვლას ელოდება? დამშვიდდი, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, სხვა არავინ.

_ დიდი მადლობა, მაგრამ შინ მირჩევნია… აქვე არ ვცხოვრობ? სხვასთან რატომ უნდა დავრჩე?

_ როგორც გირჩევნია… ნამდვილად ვერ დაგაძალებ, მით უმეტეს, თუკი მე სხვა ვარ, _ ცივად მიპასუხა და მხრები აიჩეჩა.

ერთხანს უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. ვერაფერი მოვიფიქრე სიტუაციის განსამუხტავად.

მან კონიაკი დაისხა და სადღეგრძელო წარმოთქვა.

_ შენ გაგიმარჯოს, ლოლა. მართალია, ვერ გამოდექი კარგი თანამეინახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა რამეებში იქნები ძალიან კარგი, _ თვალებმოჭუტულმა ორაზროვნად წარმოთქვა და დალია.

_ დიდი მადლობა დღეგრძელობისთვის, _ საკუთარი ხმა ძლივს მესმოდა, ისეთი გუგუნი გაუდიოდა ჩემს ყურებს.

ახლა რომ კოცნა დამიპიროს… არა! ამის საბაბი არ მიმიცია, რა უფლებით?

_ მე მინდოდა, ერთად დავმსხდარიყავით ამაღამ… უკეთ გაგიცნობდი… სახლში რა უნდა აკეთო მარტო? არ გბეზრდება? _ თან თხილს აკნატუნებდა, თან მელაპარაკებოდა.

_ არ მბეზრდება, მიყვარს მარტო ყოფნა.

_ ჩემთან არ მოგწონს ყოფნა? ერთი სული გაქვს, როდის გაასწრებ აქედან?

ჩიხში მომამწყვდია. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. შუალედური პასუხი ავირჩიე.

_ მთლად ეგრეც არა, მაგრამ მალე წავალ. ხალათს მერე შემოგაწვდი.

_ არ არის პრობლემა.

მინდოდა, მეკითხა, დილით რატომ მომექცა ასე, რატომ ზედ არ შემომხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი. რა უფლებით უნდა წამეყენებინა პრეტენზია? არადა, უთქმელობაც მტანჯავდა.

_ შენ უმაღლესი გაქვს დამთავრებული? _ უეცრად საუბრის თემა შეცვალა.

_ ჰო, ეკონომიური.

_ ფაკულტეტი?

_ ბიზნესი და მართვა.

_ მერედა, მდივნად რატომ მუშაობ?

_ არ ვიცი… ალბათ მოვალეობის… სიდუხჭირის… გამოუცდელობის გამო.

_ ე.ი. გცოდნია…

_ და კიდევ… პრაქტიკა ხომ უნდა გავიარო ჯერ… ასე უცებ არავინ მომსვამს თანამდებობაზე.

_ ეგეც მართალია, _ დამიდასტურა, _ რატომ დამიმალე?

_ რა?

_ უმაღლესი განათლება რომ გქონდა.

_ შენ არ გიკითხავს.

_ ჰო… მაგაშიც გეთანხმები.

_ შენ რატომ დამიმალე?

_ რა?

_ პრეზიდენტი რომ იყავი.

_ რა ვიცი… არც შენ გიკითხავს.

_ როგორ არა, გკითხე.

_ არა, არ გიკითხავს, _ ღიმილით აევსო სახე.

_ ახლა ისევ ისეთი ხარ, როგორც გაცნობის პირველ დღეს, _ შორიდან მოვუარე სათქმელს.

_ ჰო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თმა მაქვს სველი, _ ეშმაკურად შემომხედა, მიხვდა, საითაც ვუმიზნებდი.

_ დილით სხვანაირი იყავი.

_ დილით პრეზიდენტი ვიყავი და იმიტომ, _ სახის გამომეტყველება არ შეცვლია.

_ ახლა? ახლა არ ხარ პრეზიდენტი? _ ირონიულად ვკითხე და მევე გამიკვირდა ჩემი სითამამის.

_ ახლა ბაყაყი ვარ, რომელიც კონკიამ მოაჯადოვა.

_ მართლა? _ გავხალისდი.

_ ჰო, შენ მე უკვე გადამაქციე ბაყაყად, არ გახსოვს?

_ რაღაც არ მახსენდება. ეგ როდის, როცა მითხარი, ინჟინერი ვარო? _ კიდევ ერთხელ მწარედ ვუკბინე.

_ ნუ მკბენ, _ «გამშიფრა», _ კონკიები არ იკბინებიან. ისიც მეყოფა, გომბეშო რომ გამხადე.

_ რამხელა ცოდვა დამიდვია… _ ყასიდად გავაქნიე თავი.

_ შენ ეგა თქვი… ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გადამაქციო ისევ პრინცად?

_ არ ვიცი… _ ერთიანად აჭარხლებულმა თვალები დავხარე, ჩვენი საუბარი ხუმრობის ფარგლებს გაცდა, ეს უკვე ფლირტი იყო.

_ არ იცი? შემომხედე, მართლა არ იცი? აბა, მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიარო? _ ხელები გაშალა და მკერდზე დაიხედა ნიკამ.

_ ჯადოსნობის ეგ ხერხი ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის, _ ვცდილობდი, მისი «შემოტევები» თავიდან ამეცილებინა.

_ მე ვიცი და გასწავლი, თუ… თუ წინააღმდეგი არ იქნები.

სახეალეწილმა ყურები ვცქვიტე და ერთიანად დავიძაბე. რას მიმზადებს?

_ გასწავლო? _ არ მეშვებოდა.

_ არ ვიცი… _ თითქოს დაზეპირებული მქონოდა ეს ორი სიტყვა, სხვას ვერაფერს ვამბობდი.

_ უნდა მაკოცო, ეგ არის და ეგ. ხედავ, რა მარტივია? _ თქვა უეცრად და წამოდგა.

ამის გაგონებაზე გველნაკბენივით წამოვხტი. თვალებით ჩანთას დავუწყე ძებნა, რომელიც იქვე, ჩემ გვერდით, იატაკზე იდო.

_ კარგი, კარგი, ვიხუმრე. საწყენად არ მითქვამს, გეფიცები. მეტს აღარ ვიზამ, მაპატიე, კარგი?

_ მე წავალ, _ დახშული ხმით ამოვთქვი.

_ ცოტა ხნს კიდევ დარჩი, სულ ცოტა ხანს.

_ არა, გვიანაა უკვე. უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, _ ცივად წარმოვთქვი, ჩანთას დავწვდი და კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავემართე.

უსიტყვოდ გამომყვა უკან. მერე გამისწრო, სახელური ჩამოსწია, გასაღები გადაატრიალა და წინ გადამიდგა. შევხედე. მოულოდნელად ჩემკენ მთელი ტანით გადმოიხარა, ტუჩები ყურთან მომიტანა და იდუმალი ხმით მიჩურჩულა.

_ იმედია, უკვე წარმოდგენილი გაქვს, რაც გელოდება…

მისი სიახლოვით აღგზნებულმა და ერთდროულად შეშინებულმა ორიოდ ნაბიჯით უკან დავიხიე, თავი გვერდზე მივატრიალე და მხოლოდ თვალებით გავხედე, ირიბად.

_ მართლა მიხარია, რომ შეგხვდი… შენისთანა გოგოები ქუჩაში არ ყრია, _ თბილად შემომღიმა და ხელი გამომიწოდა.

ოდნავ მომეშვა გულზე. მეც გავუწოდე ხელი. მან ჩემი თითები ხელისგულში მოიმწყვდია და მსუბუქად მომიჭირა.

_ კიდევ შევხვდებით, კონკია.

_ ალბათ…

_ მაგრამ მაშინ ასე ადვილად ვერ გამექცევი.

_ მაგასაც ვნახავთ, _ გამომწვევად ვესროლე, თან ვცდილობდი, ჩემი ხელი დამეხსნა მისი რბილი მარწუხებისგან.

_ მემუქრები კიდეც?

_ არა, გაფრთხილებ.

მოულოდნელად ცივად შემიშვა ხელი და განზე დადგა, რათა გზა დაეთმო, _ სანამ კარს გააღებ, აქედან გიყურებ! _ გულგრილად მითხრა.

მივხვდი, რომ დავმარცხდი. ახლა რომ უპასუხოდ გავსულიყავი აქედან, მას სამუდამოდ დავკარგავდი. რაღაც უნდა მეღონა, რომ სიტუაცია დამეთბო. მოულოდნელად ფეხის წვერებზე ავიწიე, მის ლოყას მივწვდი და ენით აუწერლად ვნებიანი კოცნა ვაჩუქე… მწველი, ხანგრძლივი, იდუმალებით სავსე და მგზნებარე. ლტოლვით, ნდომით, ცეცხლოვანი სურვილით გაჯერებული…

გაშტერდა, ამას არ მოელოდა. სანამ გონს მოვიდოდა, გამოვედი, ჩემს კარს გასაღები მოვარგე და ისე შევვარდი ბინაში, უკან არ მომიხედავს, თუმცა ვგრძნობდი, იგი ადგილიდან არ დაძრულა… მისი ჰოლიდან გამოსული შუქი ჯერ კიდევ ანათებდა სადარბაზოს.

კარი ჩავკეტე და სათვალთვალოს ვეცი… მას ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და იატაკს შეფიქრიანებული ღიმილით დასჩერებოდა. მერე უეცრად თავი ასწია და ჩემკენ ისე გამოიხედა, თითქოს მხედავდა. დარწმუნებული იყო, თვალს რომ ვადევნებდი. ბოლოს თავი რამდენჯერმე გადააქნ-გადმოაქნია, მარჯვენა ხელი ჯიბიდან ამოიღო, საჩვენებელი თითი გაფშიკა და ჯერ ჩემკენ გამოიშვირა, მერე კი გულზე იტაკა… ამით მიმახვედრა, შენ უკვე ჩემი ხარო…

მეც ეს მინდოდა…

ჩემი გული ბუდიდან ამოვარდნას ცდილობდა და ბედნიერებამოძალებული აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს. ახლა რაღა გააჩერებდა მას, როცა სამიზნე იპოვა…

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შიშველს არ დამიწყია ოთახში ტანტალი. იმდენად მსიამოვნებდა ნიკას ხალათით სიარული, დაწოლის დროსაც არ გამიხდია, მისი სხეულის სურნელით გაჟღენთილი ქსოვილი სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს…

8 8 8

მეორე დილით საფოსტო მტრედივით მივფრინავდი სამსახურში. ჩემი მანქანის ამბავი ჯერ არ ვიცოდი და, ალბათ, ვერც გავიგებდი, სანამ თვითონ ნიკა არ დამიკავშირდებოდა. როგორც სხვა დროს, არც ახლა უკითხავს ჩემი ტელეფონის ნომერი და არც მე გამხსენებია, რატომღაც. ან კი სად მახსოვდა მანქანა, როცა «სასტიკად ცეცხლოვანი» დიალოგი გვქონდა? არა უშავს, ასე უკეთესია. ახლა იძულებულიც კი არის, შემომეხმიანოს. მან არ გაატანა ჩემი მანქანა ვიღაცას?

დღეს პირველად მოხდა, მარიკაზე ადრე რომ გამოვცხადდი სამსახურში, თუმცა თედოს მაინც ვერ მოვასწარი. სამდივნოში შესულს, მისი კაბინეტის კარი გამოღებული დამხვდა. ცალით თვალით შევიჭყიტე _ ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა ტელეფონზე. თვალი მომკრა თუ არა, ხელი დამიქნია, შემოდიო.

შორიახლოს დავდექი და დაველოდე, სანამ საუბარს მორჩებოდა. კარგა ხანს მომიხდა ლოდინი. ხან ერთ ფეხს მოვინაცვლებდი ერთ ადგილას დარჭობილი, ხან მეორეს. მერე რომ დავებარებინე, არ შეეძლო? რას დამაყუდა აქ? გულისწყრომა სახეზეც შემეტყო.

უფროსი თვალს არ მაშორებდა, თან ლაპარაკობდა, თან გულდასმით მათვალიერებდა. უკმაყოფილო იერი ავიკარი, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ მაღიზიანებდა მისი უტიფარი მზერა, ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც, ჩემი შემხედვარე ნერწყვებს რომ ყლაპავდა მალულად.

როგორც იქნა, დააყენა საშველი. ყურმილი დაკიდა და მბრუნავ სავარძელზე გაშოტილი მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა.

_ როგორ მიდის საქმეები, ლოლაჩკა? _ მედიდური ღიმილი გადაეფინა სახეზე.

«ჩკა არა, რაა!»

_ არა უშავს რა, _ ამრეზით გამომივიდა.

_ როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურები.

_ დიდი მადლობა, ბატონო თედო.

_ დღეიდან შეგიძლია თედო დამიძახო.

«რით დავიმსახურე?»

_ გასაგებია… ყავას ხომ არ ინებებთ?

_ ინებებ! _ შემისწორა.

«ჩაცეცხლავ!»

_ უკაცრავად… ასე უცებ გამიჭირდება, ნელ-ნელა მივეჩვევი, _ მოჩვენებითი სინაზით ვიმართლე თავი და ნიკა გამახსენდა, მასაც ზუსტად ეს სიტყვები გავუმეორე წუხელ.

_ მიეჩვევი, აბა რა.

_ დღეს კარგ ხასიათზე ჩანხართ, თედო… _ გაშინაურების პირველი ნაბიჯი გადავდგი.

_ იმიტომ, რომ შენი გაგზავნილი წერილის პასუხი მოვიდა.

_ მართლა? გილოცავ, _ მეორე ნაბიჯიც მივაყოლე სასწრაფოდ.

_ გაიხარე! სამაგიეროდ, აი, ამის თარგმნა და გაგზავნაც მოგიწევს. იმედია, მარიკას გარეშე გაართმევ თავს…

_ მარიკა… მარიკა მე თარგმნაში არ მეხმარება, _ ვიწყინესავით.

_ ვიცი, მე მხოლოდ გაგზავნა ვიგულისხმე.

_ გაგზავნაც მეხერხება, პირველად არ ვაკეთებ ამას.

_ ძალიანაც კარგი… აი, გამომართვი ეს ტექსტი. თუ რამე არ მოგეწონოს, შეგიძლია შეასწორო _ დაამატო რამე ან გამოაკლო, ოღონდ შემითანხმე, კარგი?

_ ვნახოთ, ვეცდები… _ თავი დავუქნიე და ხელი გავიწვდინე, რომ ფურცელი გამომერთმია.

მოულოდნელად ხელი მის ხელზე მომიხვდა. ამით ისარგებლა და თითებზე თავისი თითები შემომაჭდო, თან გამომცდელად ამომხედა. მივხვდი, ეს შემთხვევითობა არ იყო. ის ჩემს შებმას ცდილობდა. ამან გამაცოფა. სისხლმა თავში ამასხა. შევეცადე, თავი შემეკავებინა და ისე გამეტარებინა მისი ჟესტი, თითქოს ვერ მივუხვდი და თითების გათავისუფლება ვცადე… უარესად მომიჭირა…

_ მომცემთ ბოლოს და ბოლოს, ამ ფურცელს, თუ პოლიციას გამოვუძახო? _ საკმაოდ უხეშად ვუთხარი.

მიხვდა, რომ მივუხვდი… იმასაც მიხვდა, რაოდენ არ მესიამოვნა მისი თავხედური საქციელი და სიტუაციის გამოსწორება ძალიან უნიჭოდ სცადა.

_ «შუტკა»! _ თქვა და გაშლილი ხელისგულები ისე აღმართა ჰაერში, თითქოს იარაღს ვუმიზნებდი და მნებდებოდა.

_ ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, ბატონო თედო! _ შენიშვნა მივეცი.

_ ბატონოს გარეშე, თუ შეიძლება… _ შემისწორა.

_ ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, თე-დო! _ მისი სახელი განსაკუთრებული სარკაზმით წარმოვთქვი და ცივად გამოვტრიალდი.

_ სანამ მაგის გაკეთებას დაიწყებ, ყავა შემომიტანე! _ ბრძანების კილოთი მომაძახა.

პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე. ამაყად თავაწეულმა თავიც კი არ მოვაბრუნე. ისე გავედი კაბინეტიდან, თითქოს არც გამიგია, რა დამავალა.

ის იყო, ყავის მოდუღება დავიწყე, რომ კარი გაიღო და მარიკა შემოვიდა.

_ ვაი! რა ადრე მოსულხარ, გოგონი? _ გაუხარდა ჩემი დანახვა.

_ მოგასწარი, _ უხასიათოდ ვუპასუხე.

_ რა გჭირს, რამე მოხდა?

_ არაფერი.

_ აქ არის? რამეზე ხომ არ გეჩხუბა?

_ რომ მოვედი, აქ დამხვდა. არ უჩხუბია, ყავა მთხოვა და რაღაცის თარგმნა კიდევ.

_ აბა რა დაგემართა?

_ რაღაც უგუნებოდ ვარ. შეიძლება გავცივდი კიდეც. წუხელ იცი, რა დამემართა?

_ რა? ჩემგან რომ წახვედი, მერე?

_ ჰო. ზედ შუა პროსპექტზე გამიფუჭდა მანქანა და ისე დავსველდი, ბიკინიც კი არ შემრჩა მშრალი, _ გავიცინე.

_ ჩემი სიკვდილი! ჩემი ბრალია, ტაქსით უნდა წავსულიყავი. მერე რა ქენი?

_ ვქენი, _ ეშმაკური ღიმილი ვერ შევიკავე, თან არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა მისთვის, რაც მოხდა.

_ რაღაცას მიმალავ, გოგონი!.. _ ცნობისმოყვარე გაუხდა მზერა.

_ ჩვენმა უფროსმა შემთხვევით ზუსტად იმ დროს გამოიარა და დამეხმარა, მერე კი შინ წამიყვანა.

ძველი მდივანი უეცრად გაფითრდა, მიტკალივით გაუხდა სახე. ალბათ იფიქრა, რომ უფროსში თედო ვიგულისხმე და იეჭვიანა.

_ ამა-ან? _ თავი გაბინეტისკენ გადაიქნია და შეეცადა, ნერვიულობა დაემალა.

_ ამან არა, «მთლად უფროსმა», _ ჭერისკენ მივმართე მზერა და საჩვენებელი თითი.

როგორი შვებით ამოისუნთქა… რა სულელი გოგოა…

_ მართლა?! მერე რაო?

_ არაფერი, სადარბაზომდე მიმიყვანა და მორჩა, _ ბოლომდე მაინც არ გავეცი საიდუმლო, ჯერ არც ისე კარგად ვიცნობდი, რომ ყველაფერი გამენდო მისთვის, განსაკუთრებით ის, რომ ნიკა ჩემ წინ ქირაობდა ბინას. იქნებ ლაპარაკის მოყვარულია და ვინმესთან წამოცდეს… არ მინდა, ჩემი ნათქვამი წინ დამიხვდეს, თანაც ცუდად.

_ მანქანა?

_ ჯერ არაფერი ვიცი. ვიღაცას დაურეკა, წაიყვანეთ და ნახეთო. არც მომიკითხავს. არც ვიცი, როგორ მოვიქცე, დავურეკო, თუ მის ზარს დაველოდო.

_ უნდა დაურეკო, აბა რა!

_ მაგრამ მე მისი ნომერი არ ვიცი.

_ თედოს გამოვართვათ.

_ გაგიჟდი?! არა, არა! _ შორს დავიჭირე, _ უხერხულია. თვითონ შემატყობინებს ალბათ, ან ის, ვისაც მანქანა გაატანა. არ მინდა რამე იფიქროს.

_ როგორც იტყვი… _ მხრები აიჩეჩა მარიკამ, _ მზადაა ყავა? მომეცი, მე შევუტან.

_ შეუტანე, მე კი საქმეს მივხედავ, _ მადლიერებით გადავხედე და კომპიუტერს მივუჯექი.

უგულოდ დავიწყე ტექსტის თარგმნა, თან ფიქრებით წეღანდელ სცენაზე ვფიქრობდი. ამ კაცმა თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად მომიწევს მასთან შეჯახება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სამსახურს უნდა დავემშვიდობო. ეგ მინდა ახლა? რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ არ გაჯეჯილდეს და აფრების გაშლა არ დაიწყოს. როგორმე უნდა შევაჩერო, სანამ მთლად გაუტევია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარიკასაც დავკარგავ. იფიქრებს, რომ მის ყოფილ უფროსზე ძველი მდივნებივით, ახლა მე დავიწყე ნადირობა. რატომ უნდა ვაფიქრებინო მსგავსი რამ, რაში მჭირდება? მით უფრო, როცა ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში ნიკამ «შემოანათა». მეტრეველს არც კი შევადარებ თედოს. ვის დაკარგვია?

8 8 8

მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი. თედოს წერილი წავაკითხე. არაფერი ჩამისწორებია, რა სახითაც მომცა, იმ სახითვე დავუბრუნე. ერთი კი ამომხედა უკმაყოფილდ, მაგრამ არაფერი უთქვამს. რამდენიმე წინადადება გადააკეთა მხოლოდ და გადააგზავნეო, ჩაიბურტყუნა. გავგზავნე. მეტჯერ არ შევუწუხებივარ. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ჩემი სახით ერთობ კერკეტი კაკალი გამოუგზავნა განგებამ. ასე ადვილი არ იქნებოდა ჩემი გატეხვა. ძალიანაც კარგი. ჩემთვის მთავარია, როგორმე შევინარჩუნო დისტანცია და ახლოს არ მოვუშვა.

უგუნებობის უფრო სერიოზული მიზეზიც მქონდა. ნიკასგან არაფერი ისმოდა. არც კი შეიწუხა თავი, მოკითხვა თუ არა, მანქანის ამბავი მაინც ეცნობებინა. მაოცებდა მისი ასეთი გულგრილობა.

საღამოხანს, როცა მე და მარიკა წასასვლელად გავემზადეთ, შემოსასვლელიდან დაცვის თანამშრომელმა დარეკა, ავტოსერვისიდან ქალბატონი ლოლიტას მანქანა მოიყვანეს და ეზოში დგასო… ფული რამდენია გადასახდელი-მეთქი, ვიკითხე. მექანიკოსს არაფერი დაუბარებია, მხოლოდ გასაღები და ჩეკი დატოვაო, მიპასუხა. ნუთუ მე უნდა გადავიხადო? დავიჯერო, ისეთი ძუნწი და ხელმოჭერილია, რომ ჩეკი პირდაპირ ჩემთან გამოაგზავნინა? რა სულმდაბლობაა!!!

თითქოს ნემსი პირდაპირ გულში დამარჭვეს… უხეშად, მტკივნეულად… მერე კი ყველაზე მწარე წამალი ნელ-ნელა შეუშვეს შიგნით…

უფრო და უფრო მემატებოდა ტკივილი… ბოლოს კი ერთიანად ამეწვა…

საწყალი ჩემი გული…





ერთი კვირა მიილია, რაც მუშაობა დავიწყე. მარიკა გადაიყვანეს, მე კი დამოუკიდებლად შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას. მშვენივრად ვუძღვებოდი საქმეს, წამითაც არ გამჭირვებია. არც ვიგვიანებდი და სამსახურიდანაც ზუსტად თავის დროზე გავდიოდი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ჩემი ოფისში გვიანობამდე დარჩენა აუცილებელი გამხდარიყო.

თედო მას მერე, რაც რაღაცები «მაკადრა» თუ ნიადაგი მომისინჯა, შორიდან მზვერავდა. უკიდურესად ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული მოკლე-მოკლე დიალოგები და მორჩა! არავითარი შინაურული საუბრები. არადა, განა არ მსიამოვნებდა, უფროსს რომ მოვწონდი. პირველ რიგში, მარიკას ფაქტორი მაფერხებდა, თორემ ამ ეტაპზე თედო საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის, ნიკას გასაღიზიანებლად გამომეყენებინა. იმდენს ვიზამდი, რომ ვაეჭვიანებდი. თანაც, ვგრძნობდი, თედოს ნერწყვები რომ ადგებოდა ჩემს დანახვაზე. ამ დროს ისეთი დისტანცია მეჭირა, ვერაფერს მიბედავდა. ის მიჩვეული იყო თავისი მდივნებისგან კეკლუცობას, ალბათ ყველა თავს აწონებდა და «ეტენებოდა». ჩემგან კი ასეთი რამ რომ ვერ მიიღო, უკვირდა. საინტერესოა, მარიკასთან რატომ არ სცადა? მგონი, მათი გაცნობა ცუდ დროს დაემთხვა და იმიტომ. სწორედ მაშინ მომხდარა იმ დაორსულებულ ნამდივნართან სკანდალი, ვის გამოც ცოლმა მიატოვა. ამის გამო მარიკა «გამორჩა». მერე კი, იმდენად საქმიანი ურთიერთობა დაამყარეს ერთმანეთთან, რომ მარიკას, როგორც ქალს, ვერც აღიქვამდა. არადა, სულაც არ არის ცუდი გოგო. მშვენიერი ტან-ფეხი აქვს, ეშხიანი სახე… ზუსტად ისეთია, ჯიშიან ქალს რომ ეძახიან. აჩენინე და აჩენინე შვილები. დახატული ბავშვები ეყოლება, ჯანმრთელი და ტუნტულა!.. რა მაცინებს!..

ნიკა ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. აღრენილი ვიყავი მასზე. მართალია, მანქანა გამირემონტა და თანხაც სამსახურის ხარჯზე გამოწერა, მაგრამ ეს არ ამართლებდა ჩემთან დამოკიდებულებაში. რომ შემპირდა, გნახავო, უნდა ვენახე. მქონდა ამის პრეტენზია. ვერ ვიტან, როცა მპირდებიან და არა ასრულებენ. ასეთი რამის პატიება არ მჩვევია, რადგან მე იმედს არავის ვუცრუებ. სხვებისგანაც ამას მოვითხოვ ყოველთვის.

ერთი კოზირი მაინც მეჭირა ხელში _ მისი ხალათი ჯერ კიდევ ჩემთან იყო. გავრეცხე და თვალსაჩინო ადგილას დავდე დაკეცილი, რომ შესაფერის დროს მივსულიყავი მასთან და თავისი ნივთი გადამეცა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს «შესაფერისი დრო» არა და არ დადგა. იგი თავის ნაქირავებ ბინაში იმ საღამოს მერე აღარ გამოჩენილა.

გამუდმებით მასზე ვფიქრობდი… არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვაკეთებდი _ მეძინა თუ მეღვიძა, ვსადილობდი თუ ვმუშაობდი, გონებით მასთან ვიყავი. როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად მწყდებოდა გული, რომ არ ვიყავი იმ ასაკის, რომელზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ორმოცი წლის ან მეტის ვიყო, ხომ არ გამიშვებდა ხელიდან? ხომ აუცილებლად ეცდებოდა ჩემთან დაახლოებას? ეცდებოდააა?! ეს ის სიტყვა არ არის! ყველაფერზე წავიდოდა, ყველაფერს იღონებდა, ოღონდ კი საწადელისთვის მიეღწია. ამას წყალი არ გაუვიდოდა!

უცნაური აზრები მომდიოდა თავში… თუ არსებობს ადამიანის გაახალგაზრდავების რეცეპტი და საიდუმლო, ნაადრევი დაბერების რატომ არ არსებობს? აუუუუჰ! მგონი, გავუტიე! ნუთუ შეყვარებული ვარ? თუ მისი გულგრილობით გაწბილებული? რა გავაკეთო, რომ შემამჩნიოს? ჩემით დაინტერესდეს? თანაც, ძალიან, ძალიან? ყველაფერი! _ ჩამძახოდა შინაგანი ხმა. თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა უნდა მივიდეს მუჰამედთან. ეს რას ნიშნავს? ანუ, მთის როლი მოვირგო? _ ვეკითხებოდი ჩემს მეორე მეს, _ მომიხდება კი? შევძლებ? _ შეძლებ, თანაც ძალიან ადვილად! _ არ მეშვებოდა მეორე ლოლა _ უფრო თამამი და უფრო თავისუფალი.

ეჰ!.. ალბათ არ ვარ იღბლიანი. ჰო, არ ვარ. თითქოს ყველაფერი მაქვს… ამ დროს, არაფერიც არ მაქვს! ეს შორიდან ჩანს მხოლოდ, რომ არაფერი მაკლია. ბევრი რამ მაკლია, პირველ რიგში, დედის სითბო… მერე _ მამაკაცის სიყვარული… პატარა მართლა არ ვარ. ჩემი ასაკის გოგოს უნდა ჰყავდეს შეყვარებული, დროა უკვე! და თუ ის შეყვარებული ნიკასნაირი იქნება, მაგას რა ჯობია?! ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! არა, არა, იღბალი მჭირდება! თანაც _ სასწრაფოდ! სად ბრძანდება მისი აღმატებულება ქალბატონი იღბალი? როდის მოიცლის ჩემთვის?.. და რატომ დავასკვენი, რომ მაინცდამაინც ქალბატონია? იქნებ სულაც, მამრობითი სქესისაა? მეეჭვება! ეგრე რომ იყოს, აქამდე შემამჩნევდა. მამაკაცები მაშინვე მამჩნევენ ხოლმე… მაგრამ ნიკამ რატომ ვერ შემამაჩნია? განა ვერ შემამჩნია, უბრალოდ, ფეხს ითრევს, ესაა და ეს!

აი, ასე ვიმშვიდებდი თავს, დრო კი გადიოდა…

მამას სულ ორჯერ დავურეკე… ჯერ ხელფასი არ ამიღია, რომ გავუგზავნო და ისე რომ მოვიკითხო, რა აზრი აქვს? იტალიაშიც დავრეკე, ბებიასთან და ვახარე, მუშაობა დავიწყე-მეთქი. რომ გაიგო, მდივნად მოვეწყვე, ძალიან გაუხარდა. რა იცის, ჩვენთან მდივანს დაფასება რომ არა აქვს? იქ სხვანაირად არის მოწყობილი სამსახურებრივი მექანიზმი. იქ მდივანი, ფაქტობრივად, უფროსის მარჯვენა ხელია, ასე ვთქვათ, კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი ძალა, სული და გული… ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის იმიჯით სარგებლობს. აქ კი…

ბებიას გული დაწყდა, გამოდის, ერთი წელი კიდევ ვერ გიხილავ, სანამ შვებულება არ მოგიწევსო? სამწუხაროდ, ასე გამოდის. წელს ისედაც ვერ ვინახულე. ჯერ იყო და, ვამთავრებდი და დიპლომის დაცვა მქონდა. მერე მამაჩემი გახდა ცუდად… ახლა მუშაობა დავიწყე… როდისღა წავსულიყავი? ბებო შემპირდა, როგორც კი ბაბუაშენი ლოს-ანჯელესიდან ჩამოვა, დაახლოებით ერთ კვირაში, ფულს გამოგიგზავნი და ტანსაცმელი იყიდე, ახალ გარემოში გამორჩეულად უნდა გეცვას, რომ დაგაფასონ, თან სეზონი იცვლება და გარდერობს განახლება სჭირდებაო. უარს როგორ ვეტყოდი? ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ფული.

მარიკა არ მივიწყებდა. ყოველდღე ჩამოდიოდა ჩემთან და დროის უმეტეს ნაწილს ჩემ გვერდით ატარებდა. ძალიან შევეჩვიე. მასაც მოვწონდი. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო მისი ჩემთან ხშირად ყოფნის მიზეზი. მას «თედომანია» შეეყარა და მისგან განკურნებას ცდილობდა. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ რაც მეტ დროს ატარებდა მის სამდივნოში, მით უფრო დამოკიდებული ხდებოდა მასზე. ის ბედოვლათი კი აზრზეც არ იყო, რა ცეცხლიც გიზგიზებდა მისი ყოფილი მდივნის ალმოდებულ გულში… საოცრად პოეტური წინადადება კი გამომივიდა!

ამასობაში აგვისტო მიილია. სექტემბერმა შემოდგომა ჩაიბარა და თავისი ხავერდოვანი ფრთების გაშლა დაიწყო. მიყვარს ეს თვე. სხვა დროს, სექტემბერს აუცილებლად ზღვაზე ვატარებდი ხოლმე, წელს კი, იძულების წესით, ტრადიციას ვუღალატე _ ახალდაწყებულ სამსახურს ვერ მივატოვებდი. არადა, გარუჯვა ყველაფერს მირჩევნია… თან მიხდება!.. თან საოცრად!..

ნიკა ისევ და ისევ არ ჩანდა. ერთხელაც ვერ მოვკარი თვალი ვერც აქ და ვერც გარეთ. ბოლოს დავასკვენი, ალბათ შვებულებაშია-მეთქი და ამით დროებით დავაშოშმინე ჩემი გული.

ჩემი და თედოს ურთიერთობა ორმხრივი გულგრილობის ფარგლებს არ სცდებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მომბეზრდა მასთან ოფიციალური დამოკიდებულება. თუმცა, არც უკან დახევა მხიბლავდა. მინდოდა, თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი.

ასეც მოხდა. ერთ დღეს კაბინეტში დამიბარა. შემოდიო, აციმციმდა მწვანე ღილაკი.

შევედი და კართან შევდექი.

_ მოდი, დაჯექი, _ ძალიან თბილად და მეგობრულად მომმართა.

შეუმჩნევლად ავწიე ცალი წარბი, რა მოელანდა?

მივედი… დავჯექი… აკორდეონზე დამკვრელივით, კარგა ხანს ათამაშა თითები მაგიდაზე, მერე კალამი აწვალა კიდევ კარგა ხანს, ბოლოს ამოიხვნეშა და დაჟინებით მომაშტერდა.

_ აბა? _ გაურკვეველი კითხვა დამისვა.

_ დიახ… _ ჩემი პასუხიც გაურკვეველი იყო.

_ როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? _ კვლავ კალამს წაეტანა.

_ როგორ, ასე? _ დაკონკრეტება მოვითხოვე.

_ ასე… ზერელედ.

_ ზერელედ? _ გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, _ რას ნიშნავს ზერელედ? რამეს ისე ვერ ვაკეთებ?

_ არ უნდა ჩამოიხსნა ეს ხელოვნური ნიღაბი? _ თავისას აგრძელებდა შეფი.

_ ბატონო თედო, ვერაფერი გავიგე, იქნებ პირდაპირ მითხრათ, რას ვაშავებ? _ ვეღარ მოვითმინე და უხეშად მივმართე.

ერთხანს ხმა არ ამოუღია, თითქოს ფიქრობს, საიდან დაიწყოსო.

_ შენ ჩემი მაჯვენა ხელი ხარ, ლოლა… გაქვს ეს გაცნობიერებული? _ აქედან დაიწყო.

«საერთოდ ვერ ვგრძნობ მაგას, უფროსო».

_ დიახ, რა თქმა უნდა!

_ მერედა, რაში გამოიხატება? წესიერად გამარჯობასაც არ მეუბნები.

«აი, თურმე რაში ყოფილა საქმე».

_ როგორ გეკადრებათ, ბატ…

_ მეორედ არ გამაგონო ეს «ბატონო»! _ მკაცრად მომმართა, _ ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, თანაც არა ერთხელ და ორჯერ! თედო დამიძახე-მეთქი, გითხარი უკვე.

_ გასაგებია, _ მოთმინებით აღვიჭურვე.

_ თუ ასე გაგრძელდება, ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება, ლოლა… მე კი ეს არ მინდა… შენ კარგი კადრი ხარ, პერსპექტიული… მშვენიერი კარიერის აწყობა შეგიძლია…

«თუ შენ ჩაგიგორდები ლოგინში»?

_ რას ამბობთ…

_ ვიცი, რასაც ვამბობ! გასაგებია, რომ არ მწყალობ და… არ გსიამოვნებს ჩემი ყურადღება, მაგრამ ამან ჩვენს საქმიან დამოკიდებულებას ხელი არ უნდა შეუშალოს. უფრო შინაურულად უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. მე კი შებოჭილი ვარ, როცა გიბარებ, გელაპარაკები…

«საწყალი»…

_ ისეთი ცხვირაწეული მიდი-მოდიხარ, თითქოს ვალი მქონდეს შენი!

_ როგორ გეკადრებ…

_ ერთი რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ გულწრფელი პასუხი მჭირდება, კარგი?

_ კი, ბატონო… _ მხრები პატარა ბავშვივით ავიწურე.

_ არ მითხრა, რომ არ მოგწონვარ… არც ისეთი შეუხედავი ვარ და არც ისეთი… დასაწუნი, რომ… _ ჩაახველა, _ მოკლედ, არ ვარ ცუდი და უსიმპათიო, ხომ მართალია?

«ერთი ამას დამიხედეთ!»

_ დიახ, რა თქმა უნდა, მე ეს არასდროს მითქვამს…

_ ცოლი არ მყავს, არც შენ ხარ გათხოვილი… ჰოდა, რა არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ასე ცივად მომიშორე თავიდან? არასასიამოვნო ხმები მოგივიდა ჩემზე?

_ არა, არა, ეგ არაფერ შუაშია… _ ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი, რის გარკვევას ცდილობდა.

_ მეც ეგრე მგონია… აბა, მაშინ რა? იმის ფავორიტი ხომ არ ხარ? _ მკითხა უეცრად და საჩვენებელი თითი ზემოთ აღმართა მზერასთან ერთად, თითქოს «ის» ჭერში იჯდა და იქიდან გვიყურებდა.

მივხვდი, «მთავარ მიზეზში» ნიკას გულისხმობდა. მეც, რა თქმა უნდა, საჩემოდ გამოვიყენე მისი ეს ვარაუდი.

_ თქვენ… სწორად მიხვდით, _ ვითომ ჩავილუღლუღე და ვითომ დარცხვენილმა თავი ჩავღუნე.

_ ასეც ვიფიქრე… ყველაფერი გასაგებია… ჰოდა, დროზე გეთქვა, შე კაი ადამიანო…

_ თქვენ არასდროს გიკითხავთ ჩემთვის… _ თავი «ვიმართლე».

_ კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. იმედია, დღეიდან ჩვენი ურთიერთობა დათბება და დავმეგობრდებით, _ ხალასი ღიმილი მესროლა, თუმცა ოდნავ «დანანებითი» იერი დაჰკრავდა მის ღიმილს.

_ ჩათვალეთ, რომ უკვე დათბა… თედო, _ მის ღიმილს ჰაერშივე დახვდა ჩემი ღიმილი.

_ ამის გაგონება მინდოდა შენგან, სხვა არაფერი, _ აროხროხდა დირექტორი, ფეხზე წამოდგა და მარჯვენა გამომიწოდა.

ისე საზეიმოდ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრის დროს, ფოტოგრაფების და ჟურნალისტების გარემოცვაში, დაყენებული ღიმილების თანხლებით…

8 8 8

ჩვენი შერიგება მოხდა… მაგრამ სწორედ იმ დღის შემდეგ ნამდვილი გადატრიალება დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი და თედოს ურთიერთობაში «გლობალური დათბობიდან» ორი დღეც არ იყო გასული, რომ…

დილის თორმეტ საათზე სამდივნოს კარი უეცრად გაიღო და ოთახში ნიკა შემოვიდა… კი არ შემოვიდა, შემოიჭრა… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად იყო გარუჯული, მაინც შევამჩნიე, რომ სახეზე ფერი არ ედო… მრისხანებისგან ქვედა ყბა უკანკალებდა. ფეხზე წამოვდექი და უნებლიეთ კედელს ავეკარი. იგი ორიოდე ნაბიჯით ჩემს მაგიდასთან გაჩნდა, მუშტებით ზედ დაეყრდნო, თვალები მოჭუტა და ზიზღით შემომაჩერდა.

_ რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას? _ მაქსიმალურად მოზომილად, მაგრამ მკვახედ მკითხა.

_ არ მესმის, რაზე ლაპარაკობ, ნიკა… _ ვიგრძენი, რომ გავფითრდი. ვერ ვხვდებოდი, რაში მადანაშაულებდა.

_ ნიკა არა… _ კბილებში გამოცრა, _ ბატონო ნიკა!

თითქოს დაფქული პილპილი შემომაყარესო, ისე ამეწვა თვალ-სახე… შეურაცხყოფილმა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

_ რა დავაშავე? _ საცოდავად ამოვიკნავლე და კიდევ უფრო მჭიდროდ ავეკარი კედელს, რადგან მივხვდი, რომ მუხლებში ძალა წამერთვა და ვიქცეოდი.

მან კვლავ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ რატომღაც, გადაიფიქრა. ალბათ საშინელი სანახავი ვიყავი და დამინდო… მერე თავი გადააქნია, ღრმად ამოიხვნეშა, გატრიალდა და გავიდა.

მისი გასვლა და ჩემი მოშვება ერთი იყო… რომ არ დავცემულიყავი, ასევე კედელზე აკრული ჩავცურდი ძირს, იატაკზე და ჩავჯექი… ერთიანად ვცახცახებდი…

რატომ? რით დავიმსახურე? რა გავაკეთე ამისთანა? რა ვაწყენინე? კითხვას კითხვა ცვლიდა, პასუხი კი… ჰოპ! მივხვდი, რამაც გააცოფა ასე!.. ჩემი და თედოს საუბარი გამახსენდა…

ყველაფერი გასაგები იყო. როგორც ჩანს, თედომ ჩამიშვა. არა მგონია, ნიკასთვის პირდაპირ ეკითხა, ამ გოგოსთან რა გაკავშირებსო, მაგრამ ალბათ მიანიშნა, რაღაც-რაღაცები ვიციო ან რამე ამდაგვარი…

არადა, მართლა არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან… ორიოდე შეხვედრის მეტი… ან სამიოდე… თედო კი დავარწმუნე, რომ ჩვენ შორის «მთავარი» ხდებოდა…

ღმერთო, ახლა რა ვქნა? რით ვიმართლო თავი? ერთს ჩემი სიყვარული დავწამე, მეორე მოვატყუე… თანაც ვინ! ორივე უფროსი! პრეზიდენტი და მისი მოადგილე! მორჩა, სამსახურს უნდა დავემშვიდობო! აქ აღარავინ გამაჩერებს… ოოო! როგორ არ მინდოდა ასე! მე ხომ არ ვარ ასეთი! რატომ, რატომ დამემართა ეს?..

მაგრამ… მაგრამ არის ერთი რაღაც… მე ხომ ნიკა არ მიხსენებია? არც თედოს უხსენებია… მან შეიძლება ნიკა იგულისხმა, მაგრამ მე ხომ არ დამიკონკრეტებია, ვინ ვიგულისხმე? იქნებ ფინანსთა მინისტრის შეყვარებული ვიყავი ან სულაც, სხვა კომპანიის პრეზიდენტის? აი, როგორ უნდა ვიმართლო თავი, თუკი ამის საჭიროება დადგება!

თედოს ბედი, დღეს სამსახურში რომ არ არის. ორდღიანი მივლინებით ბაქოშია წასული. ხვალ ჩამოვა და მე ვიცი, რასაც ვეტყვი! თუნდაც ნიკა მეგულისხმა, მისთვის უნდა ეთქვა? რა ჭორიკანა ყოფილა! ამას არ შევარჩენ! მაინც დამითხოვენ და სანამ მათ გავუძევებივარ, მე დავასწრებ. ერთს გემრიელად გამოვლანძღავ ორივეს და მერე დავახვევ აქედან! «ბატონო ნიკაო»… როგორ შემისწორა!.. წამში გამაცამტვერა! არარაობა ხარო, მიმანიშნა… სად შენ და სად მეო… ამას რა მოინელებს! ბოღმისგან გავსკდები ალბათ!

მეტის ატანა არ შემეძლო. ოთახში ვერ გავძელი. მარიკას დავურეკე, ცუდად ვარ და იქნებ შემცვალო-მეთქი. შეშფოთებული მაშინვე ჩამოვიდა. ნახა, რომ მართლა ცუდად ვიყავი და შემცვალა, წამითაც არ უყოყმანია… და არც არაფერი უკითხავს…

არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივაღწიე. ნერვიულობისგან ხელ-ფეხი გამყინვოდა. მობილური და ბინის ტელეფონი გამოვრთე, მარიკას რომ არ დაერეკა და ეგრევე ლოგინში ჩავწექი…

დამეძინა… და კარგადაც მეძინა… უცნაურია, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ყველაზე «შავ დღეს» კარგად მეძინა… მკვდარივით…

ალბათ სიძულვილის ენერგიაც მატებს ძალას ადამიანს ისევე, როგორც ყველა სხვა ენერგია. მიუხედავად იმისა, როგორც მომექცა, მე მაინც მიყვარდა იგი. უფრო მეტიც _ იმაზე მეტად მიყვარდა, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ… მიყვარდა ისე, როგორც არასდროს… თუმცა ამის პატიებას არ ვაპირებდი. თავმოყვარეობის შელახვას არავის შევარჩენ, ვინც უნდა იყოს იგი. მე კი თავმოყვარეობა შემელახა… საშინლად ვიყავი შეურაცხყოფილი…

თითქოს ახლა შევამჩნიე, რომ სამყაროში ერთი უცნაური პრინციპი მოქმედებს და ამ პრინციპს «სამაგიეროდ» ჰქვია. მახინჯი, სამაგიეროდ ჭკვიანიო, იტყვიან… თუკი ლამაზიც არის და ჭკვიანიც, სამაგიეროდ, ლოთია ან ნარკომანი… ხოლო თუ ლამაზია, ჭკვიანი და ლოთი ან ნარკომანი არ არის (როგორც მე), სამაგიეროდ, უბედურია, უიღბლო, ბედი არ სწყალობს (ჩემსავით). და ყოველი ადამიანის ამგვარი ბედისწერა მონეტასავითაა _ ერთ მხარეს სხვანაირია, მეორე მხარეს _ სხვანაირი.

რას ვიფიქრებდი, ნიკა თუ ასეთი იქნებოდა… ანუ გარეთ სულ სხვა და სამსახურში აბსოლუტურად საპირისპირო… როგორც ჩანს, მასზეც მოქმედებს პრინციპი «სამაგიეროდ»… მე კი ის ყველასგან გამორჩეული მეგონა… მამაკაცი, რომელიც არავის არ ჰგავს…

შევცდი… და ეს შეცდომა ჩემთვის გაკვეთილი იქნება…

დილით გვიან გავიღვიძე და წელი ძლივს ავითრიე. ისეთი დათეთქვილი ვიყავი, თითქოს კარგა გემრიელად ვეცემე ვინმეს…

შემთხვევით მოვკარი სარკეში ჩემს ორეულს თვალი და… თავდაპირველად ვერ ვიცანი. თითქოს რაღაც არსებითად შეიცვალა ჩემში. ადრე იმედიანი და «ნდობიერი» ქალის გამოხედვა მქონდა, ანუ ადამიანების მიმართ ნდობა არ მქონდა დაკარგული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველას ვუყვარდი. ამას ბავშვობიდან მივეჩვიე. თავიდან მშობლებს ვუყვარდი, იმიტომ, რომ დედისერთა გახლდით. მერე სკოლაში ვუყვარდი, იმიტომ, რომ სამაგალითო მოსწავლის სახელით ვსარგებლობდი _ განსაკუთრებული, ნიჭიერი და კეთილსინდისიერი. მერე ინსტიტუტში მოვიპოვე ყველას სიყვარული _ სასურველი და გამორჩეული გოგონას იმიჯი მოვირგე. იქნებ მხოლოდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი და სინამდვილეში სულაც არ იყო ასე? იქნებ ვინმეს ვძულდი კიდეც? მე ხომ ვერაფერს ვამჩნევდი, ისე ვიყავი დაბრმავებული საკუთარი «ბრწყინვალებით». მივეჩვიე იმას, რომ ვიყავი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე, ყველაზე… არადა, მახსოვს, დედა ხშირად მიმეორებდა ერთ ანდაზას _ «ბებერი ქალაქს ვერ იტანდა, ქალაქმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდაო»…

ნუთუ მეც ასე დამემართა? ახლა ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვგრძნობდი _ ჩემი სახიდან იმედიც, ნდობაც, თავდაჯერებულობაც სადღაც გამქრალიყო. ქუჩაში გაგდებული ძაღლივით უსუსური და დაბნეული გამხდომოდა გამომეტყველება…

კარგა ხანს ვიდექი გაქვავებული და ჩემს გასაცოდავებულ ორეულს დანანებით შევყურებდი. მერე გამოვერკვიე და… ტირილი დავიწყე… ჩემდა უნებურად, ყოველგვარი შეკვეთის გარეშე… ტირილი მალე ღრიალში გადამეზარდა… როგორც ჩანს, სხვა უკეთესის გაკეთება ამ მომენტში არ შემეძლო… ეს ამწუთას ჩემი ყველაზე ჩვეულებრივი რეაქცია იყო…

8 8 8

უმაკიაჟოდ მივედი სამსახურში. ყველაფრის ხალისი დაკარგული მქონდა. ცოტა დამაგვიანდა კიდეც… ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს პირველი დაგვიანება იყო… აღარ მადარდებდა უკვე… ისედაც წასვლას ვაპირებდი. და ახალი სამსახურის ძებნას… და ახალი ცხოვრების დაწყებას… და ახალი თავგადასავლების ძიებას…

დაგვიანებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, რადგან თედო ჯერ არ ჩანდა. ალბათ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება, ცოტა ხომ უნდა დაისვენოს ნამგზავრმა… ნეტავ, იცოდეს, რა ელოდება! საბოლოოდ უნდა გავაცამტვერო, ისე, როგორც მე _ ნიკამ.

მოვედი თუ არა, მარიკაც ჩამოვიდა, როგორ ხარო. ვუთხარი, გუშინ მოვიწამლე და ცუდად იმიტომ გავხდი-მეთქი. აბა, რ მეთქვა? ჯერ ისე ახლოს არ ვიყავი მასთან, ჩემს პირად ცხოვრებაზე გულღიად მელაპარაკა. მერე თედოზე ჩამომიგდო ლაპარაკი, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთსო. უფროსის საყვედური არ მითქვამს… პირიქით, ვაქე…

მარიკამ საღამოს თავისთან დამპატიჟა, დედაჩემი ჩამოვიდა და უნდა გაგაცნოო. მოვიმიზეზე, ჯერ კიდევ ვერ გამოვკეთდი და სხვა დროისთვის გადავდოთ-მეთქი. მიხვდა, უხასიათოდ რომ ვიყავი და თავი ზედმეტი კითხვების გარეშე დამანება.

მთელი დღე თითქმის ვერაფერი გავაკეთე, ვერა და ვერ დავუდე საქმეს გული. არადა, შვიდგვერდიანი ხელშეკრულება მქონდა დასაბეჭდი. დავიწყებდი, მერე ფიქრებში გადავვარდებოდი და შევჩერდებოდი… მერე ისევ ვაგრძელებდი… მთელი ოთხი საათი მოვუნდი მის დამთავრებას.

თითქმის მთავრდებოდა სამუშაო საათები, თედო რომ მოვიდა, ოღონდ მარტო არა _ ნიკა მოჰყვა თან. მის დანახვაზე ფერი და გული ერთად წამივიდა.

_ გამარჯობა, ლოლა, _ საქმიანად მომესალმა უფროსი, _ ორი ყავა შემოგვიტანე, თუ არ შეწუხდები, _ მთხოვა და ნიკას კაბინეტში შეუძღვა.

იმას ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის, მისალმებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია… გული მომიკვდა. ნირწამხდარი ყავის მოდუღებას შევუდექი, თან გამალებით ვფიქრობდი, რომ შევიდოდი, რით დამეწყო ლაპარაკი.

რაღაცაზე ძალიან ხმადაბლა ბჭობდნენ, თითქოს დიდ საიდუმლოს ანდობენ ერთმანეთსო. ჩემი შესვლა და ორივე გაჩუმდა. სინი მაგიდაზე შემოვდგი და შევყოვნდი.

_ გმადლობ, ლოლა, _ თავი დამიკრა თედომ, რითაც მაგრძნობინა, თავისუფალი ხარო, მე კი ადგილიდან არ ვიძროდი.

გაოცებით ამომხედა.

_ რამე გინდოდა?

_ დ…დ…იახ… _ ალმურმა ამკრა სახეზე.

_ გისმენ, _ თითები ერთმანეთში გადახლართა დირექტორმა და ცოტათი გაკვირვებული მზერა მესროლა.

_ მ…მე… მე…

_ გისმენ, გისმენ, ნუ გერიდება, თამამად ცოტა! _ წამაგულიანა.

_ ბატონო თედო, ჩვენ რომ იმ დღეს ვილაპარაკეთ… აი… შერიგების თაობაზე… _ მთლად დამება ენა, ყველაფერი გადამავიწყდა, არადა, მთელი «მოხსენება» მქონდა მომზადებული, _ მე მაშინ ბატონი ნიკა მეტრეველი არ მიგულისხმია. სხვა ვინმე მყავდა მხედველობაში… ისიც «ზემოთ» ზის, _ სხაპასხუპით მივაყარე, საჩვენებელი თითი და მზერა ახლა მე აღვმართე მაღლა, _ თორემ ასეთ უაზრობას როგორ გავივლებდი გულში.

თავისი სახელის გაგონება ეხამუშა, თუ ჩემი «შესწორება», არ ვიცი, მაგრამ ნიკამ თავი ასწია და ცივად შემომხედა.

_ ვერ გავიგე, რას გულისხმობ… რომელ დღეს, რა ლაპარაკი… _ გაოცების ნიშნად მხრები აიჩეჩა თედომ, _ არ მესმის, რისი თქმა გინდა…

სასოწარკვეთილმა თვალები დავხუჭე. როგორც ჩანს, ვერ მივახვედრე ან არ უნდა, რომ მიხვდეს… ჩემმა უმწეობამ საშინლად გამაღიზიანა.

_ ეს აქ განსახილველი თემა არ არის, _ საუბარში ნიკა ჩაერია, _ დაგვტოვე, თუ შეიძლება, _ ჩემი «გამოსვლით» უკმაყოფილო, როგორც ჩანს, ძმაკაცის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცადა.

მისი უხეში ტონი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალაში. ხელები მიცახცახებდა ერთიანად დაძაბულს.

_ სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი, აქედან ფეხს არ გავადგამ! _ ჩემდა უნებურად, ზედმეტად ხმამაღლა გამომივიდა, _ თქვენ ალბათ მიჩვეული ხართ, ადამიანებს ნივთებივით მოექცეთ, მაგრამ ასე არ არის! მდივანი თუ ვარ, იმას არ ნიშნავს, ჩემს უფროსს როცა მოეპრიანება, მაშინ… მაშინ შეეცადოს ჩემს დასაკუთრებას. ჩემთან რომ გაქვთ პრეტენზია, ბატონო ნიკა და ჭკუას მასწავლით, ჯერ თქვენს საქმიან პატნიორებს თუ მეგობრებს, თუ თანამდებობის პირებს, რაც გინდათ, ის დაარქვით, წაუკითხეთ ლექცია, როგორ უნდა მოექცნენ ხელქვეითებს. მე თუ ზედმეტი ვთქვი ან ტყუილი გამომივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დამეცვა! რატომ გგონიათ, რომ შეფმა მდივანი, გარდა საქმის კეთებისა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც უნდა გამოიყენოს? ვინ დააწესა ეს? რომელ დებულებაში წერია? მე… _ ვეღარ გავაგრძელე, ყელში მობჯენილი ბურთი მახრჩობდა, საცაა, ცრემლი წამსკდებოდა.

ორივე მამაკაცი გაოგნებული მომჩერებოდა. მგონი, საკმარისია… გამგონი გაიგებდა… დროზე უნდა დამეტოვებინა კაბინეტი, რომ ღრიალი არ დამეწყო… გავტრიალდი და თავდაღუნული გავვარდი ოთახიდან… ახლა რა ვქნა? დავიხურო ქუდი და მოვუსვა აქედან? თუ დაველოდო, როდის მეტყვიან, გათავისუფლებული ხარო? ჩემს თავდასხმას რომ თავდაცვა არ მოჰყვება, დღესავით ნათელია… და ასეთ დროს თავდასხმა რომ საუკეთესო თავდაცვაა, არც ეს არის ახალი ამბავი. ასე რომ… იქნებ დაველოდო ახლა უკვე ჩემზე თავდასხმას? ვნახოთ, როგორ დამსჯის თედო, რა «დონეზე» შეუძლია ამის გაკეთება… რომ შემაგინოს? ეგღა მაკლია!

ხუთი წუთიც არ გასულა ჩემი «სიტყვით გამოსვლიდან», რომ კაბინეტის კარი გაიღო და იქიდან ნიკა გამოვიდა. მონიტორთან ვიჯექი, რათა გახსნილი ფანჯრები დამეხურა და კომპიუტერი გამომერთო. იგი წამით შეყოვნდა, ალბათ რაღაცის თქმა თუ უნდოდა… არა, არ თქვა… მერე ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სამდივნო. წამითაც არ გამიხედავს მისკენ, თითქოს არც არსებობდა. არც ის ვიცი, როგორი გამომეტყველება ჰქონდა და არც ის, რისი თქმა უნდოდა… იქნებ ამით მაინც მიხვდეს, როგორი შეგრძნებაა იგნორირება…



№1 სტუმარი marikuna

Vgijdebi sveta kvarancxelias nawarmoebebze. Chkuas vkargav. Chemi sayvareli mainc "qaris saidumlo" iqneba magram yvela dzalian dzalian miyvars... es ar vici.. magram rac ufro vkitxulob metad vixiblebi. Veli gagrdzelebas ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent