რომანტიკა თუ დანაშაული?!
_ კარგი, ეგრე იყოს. მეც წავალ, გამოვიცვლი და ორმოც წუთში აქ ვიქნები. უკვე დღის ბოლო იყო. ხელშეკრულებები ფაილში ჩავდე და თედოს მაგიდაზე დავუდე. იგი შუადღისას გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. საინტერესოა, ხვალ აქ უნდა მოვიდე, თუ ახალ ოფისში? ვიღაცამ ხომ უნდა გამაფრთხილოს? ნეტავ, ჩვენ რომელ სართულზე ვიქნებით? ნიკასთან ახლოს, თუ შორს? კითხვები არ მასვენებდა. სამუშაო საათები უკვე მთავრდებოდა, რომ ჩემი მობილურის ეკრანი აინთო. უცხო ნომერი იყო. «აშკარად ნიკაა», _ კმაყოფილმა გავიფიქრე და მწვანე ღილაკს დავაწექი. _ გისმენთ. _ იმედია, ჩემს მშვენიერ ბიძაშვილს ველაპარაკები, _ გაისმა მამაკაცის მხიარული ხმა, რომელიც მაშინვე ვიცანი. _ ნიკუშ! _ საჭიროზე მეტად გამოვხატე სიხარული, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, «ნიკა ორი» ოდესმე თავისი სურვილით თუ მომიკითხავდა. _ თქვენი მონა-მორჩილი, მადამ. რატომ დაგვივიწყე, ნათესავო? _ აუ. რა ვიცი, იმდენი საქმე მაქვს, ყველაფერი მავიწყდება, ძალიან ვიღლები. როგორ ხართ? რას შვრება მამაშენი… ქრისტინე… _ როგორ ვიქნებით შენგან დავიწყებული. რომელ საათზე ამთავრებ? _ შვიდზე, უკვე წასვლას ვაპირებდი. _ მოიცა, დამელოდე. გამოგივლი და სადმე ვივახშმოთ, არ გინდა? _ სიამოვნებით, მაგაზე როგორ გეტყვი უარს. _ კარგი, მოვდივარ, ათ წუთში მანდ ვარ, არ წახვიდე! _ დაგელოდები, ნიკ! ძალიან გამახარე! _ ჩავძახე ტელეფონში და მოულოდნელად შევამჩნიე შემოსასვლელ კართან დარჭობილი თედო, რომელიც გამომცდელ მზერას არ მაშორებდა. _ დღესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიგეჩქარებათ? _ მის სარკაზმს საზღვარი არ ჰქონდა. _ არა, დღეს სავახშმოდ მიმეჩქარება, ოღონდ სხვა ნიკასთან ერთად. _ აჰააა. ეს ის არის? _ დამცინავი იერით მაღლა აიშვირა საჩვენებელი თითი. _ ჰო, ის არის, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე და კომპიუტერი გამოვრთე, _ ხელშეკრულებები მზადაა, მაგიდაზე დაგიტოვე. _ უკვე მიდიხარ? _ დიახ. _ ხვალ ხომ იცი, სადაც უნდა მოხვიდე? _ ახალ შენობაში ალბათ, არა? _ სწორად მიხვდი. _ რომელ სართულზე ვიქნებით? _ ნიკასთან ახლოს, _ მრავლისმეტყველად აღნიშნა და კაბინეტს მიადგა, _ ნახვამდის, ლოლა. _ ნახვამდის, თედო, _ დავემშვიდობე და კარი მოიხურა თუ არა, ენა გამოვუყავი. 8 8 8 ნიკუშა ისეთი გამოწკეპილი მეახლა, თვალები დავაჭყიტე. _ რა სიმპათიური ხარ! რა იყო, ცოლი ხომ არ მოგყავს? _ ცოლი არა, ტოროლა. ჩემი მოსაწონი ქალი ჯერ არ დაბადებულა. _ არ გადამრიო! ვის ეძებ ამისთანას, მონიკა ბელუჩის? _ უკეთესს! _ გაიხუმრა ნიკამ, გადამკოცნა და მანქანის კარი გამიღო. _ შენს მანქანას რას უპირებ? _ რომ მოვბრუნდებით, წავიყვან, რა პრობლემაა. _ მართალი ხარ! სანამ ჩავჯდებოდი, უნებლიეთ მაღლა ავიხედე, თითქოს ვიღაცის მზერა ვიგრძენი… არ შევმცდარვარ, ფანჯარაში თედო გადმოყუდებულიყო და მზვერავდა. ჩამეცინა. _ თუ გინდა, ჩვენთან წავიდეთ, _ შემომთავაზა ნიკუშამ, როგორც კი ჯიპი დაძრა. _ რა ვიცი, დედაშენის მერიდება. _ ტყუილად გერიდება. იცი, როგორ მოსწონხარ? გუშინაც მკითხა, რატომ არ მოდის ლოლა, რამე ხომ არ ეწყინაო. _ რა სისულელეა, რა უნდა მწყენოდა. ყველამ ისე თბილად მიმიღეთ… _ გინდა, ბულაჩაურში წავიდეთ, მაგარი ხინკლები აქვთ. _ უფრო ახლოს არაფერი იცი? თან ასე გვიან ხინკალი არცთუ სასარგებლოა, _ დავიჭყანე, არ მინდოდა სახლში დამგვიანებოდა, ვაითუ, ჩემს ნიკას ავცდენოდი. _ კარგი, ახლოს იყოს. მაშინ «პარიზში» დაგპატიჟებ, მაგარ სალათებს ამზადებენ. _ ეგ მომწონს, «პარიზი» არამარტო პარიზშია არაჩვეულებრივი, _ მეც გავმხიარულდი. მიხაროდა, რომ დავახლოვდით. ნათესავების სიმწირეს ისედაც განვიცდიდი, ამიტომ ორმაგად სასიამოვნო იყო, ასეთ შორეულ ნათესავთან ასეთი ურთიერთობა რომ დავამყარე… _ ორი «ცეზარი», თუ შეიძლება, _ შეუკვეთა ნიკამ ოფიციანტს და გადმომხედა, _ რა დავლიოთ? ლუდი? კარგი ლუდი, ცივი… _ იყოს კარგი ლუდი… ცივი, _ გავიმეორე მისი სიტყვები და ორივეს გაგვეცინა. სანამ სალათას მოიტანდნენ, ლუდი დავაგემოვნეთ. _ რას შვრება მეტრეველი, ხომ არ გაბრაზებს? _ მკითხა მოულოდნელად. მის ხსენებაზე გამაჟრჟოლა, უხერხულად ჩავახველე. _ ა-რაა, _ კეკლუცად გავაქნიე თავი, _ მართლა შენი მეგობარია? _ მომენტი დავიჭირე. _ ჩემი ძმაა… მაგარი კაცია ძალიან. _ ხათუნას იცნობ? _ უეცრად ჩემთვის საჭირო თემას გადავწვდი. _ ნიჟარაძეს? როგორ არა, ვიცნობ, მაგრამ ეგენი დიდი ხანია, დაშორდნენ. _ მართლა? _ გაოცების ნიღაბი ავიფარე, _ როგორც ვიცი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. _ ნიკას მართლა უყვარდა, მაგრამ ხათომ მაგრად მიქარა მასთან, ცუდად მოექცა. _ ამისთანა რა ჩაიდინა? _ სუნთქვა შემეკრა, სმენად ვიქეცი. _ ფულს დახარბებული ქალების ამბავი არ იცი? გააგიჟა კაცი. გინდა თუ არა, ცოლად მომიყვანეო. ნიკას კი არ ეჩქარებოდა ოჯახის შექმნა, სად ეცალა ამისთვის. თანაც დედამისს არ მოსწონდა ხათუნა, «ბნელქალას» ეძახდა, ნიკას შესაფერისი არ არისო. ცოტა «სვეტსკი» სტილის დედა ჰყავს. არადა, იცი, რა პატივს სცემდა ნიკა? საჩუქრებს საჩუქრებზე უკეთებდა, დაბადების დღეზე მანქანის გასაღებიც კი ჩაახუტა. ერთხელაც მოუხია ხათომ, ორსულად ვარო. ამან მაინც შეიკავა თავი, ჯერ მაგისთვის მზად არ ვარ და ნუ გააჩენო. ისიც გაბრაზდა, დააჯდა ამ ნაჩუქარ მანქანას და დააწვა… დააწვა და ვიღაცას შეეჯახა, კინაღამ დაიბრიდა, ყველა ნეკნი დამტრვეული ჰქონდა, ლავიწის ძვალი ჩანგრეული და რა ვიცი… ძლივს გადაარჩინეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ორსულად არ ყოფილა, იტყუებოდა თურმე. ნიკამ ეს არ აპატია და მიატოვა. მერე იმან ვითომ თავის მოწამვლა სცადა, მერე ხათუნას ძმამ დაიწყო მუქარები და ვიღაცების მიგზავნა ნიკასთან და რა ვიცი… ერთი ამბავი იყო. მაინც არ შეურიგდა ჩვენი ნიკაკო, როგორც ქეთინო დეიდა ეძახის ხოლმე. _ ქეთინო დეიდა ვინ არის? _ ნიკას დედა. ძალიან ლამაზი ქალია. არც ვამტყუნებ, კარგი რძალი რომ უნდა. ვის არ უნდა კარგი რძალი? აბა, მამაჩემს ჰკითხე ახლა და დედაჩემს! გუშინ არ გაინტერესებს, რას მეუბნება კრისტი? _ მოდურად მოიხსენია «ნიკა ორმა» დედამისი, _ ლოლაზე ნაკლები ქალი არ დამანახვო, თორემ სახლში არ შემოგიშვებო. მართლა მაგრად მოსწონხარ. გეკითხები ახლა, საიდან მოვუყვანო შენზე არანაკლები? _ კარგი რა, ჩემზე უკეთესებიც უამრავია, შენ მოინდომე და… _ ვუთხარი, თან ერთი სული მქონდა, ხათუნას და ნიკას ურთიერთობის ამბავი გაეგრძელებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ისე წარიმართა საუბარი. _ არ დაიჯერო! მე კარგი ქალი რასაც ჰქვია, ჯერ არ შემხვედრია. შენ თუ იცნობ ვინმეს, ბაზარი არ არის, გამაცანი და დანარჩენი მე ვიცი. _ გაგაცნობ, რა პრობლემაა, _ ღიმილი მომერია და მაშინვე მარიკა ამომიტივტივდა გონებაში, _ თან ძალიან მაგარ გოგოს… იურისტია. _ აუჰ! იურისტი ქალი ქალად როგრ აღვიქვა? _ ვითომ რატომ? იურისტიც ქალია… ან შეუცვალე პროფესია… ოღონდ, აქედანვე გაფრთხილებ, მდიდარი არ არის. _ მაგის სიმდიდრეს რა თავში ვიხლი, მთავარია, შეგნებული იყოს და… ცოტა ლამაზი. _ ცოტა კი არა, ძალიან ლამაზია, მაღალი, შავგვრემანი, ბრიალა თვალებით… ჯიშიანი. _ მოიცა, მსუქანია? _ მსუქანი შენ ხარ! _ სიცილი ამიტყდა. _ მე ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაგრამ ცოლიც მსუქანი არ მინდა, გესმის? რა გვარია? _ ლოლაშვილი… მარიამი. _ ო! სახელი და გვარი კარგი ჰქონია… რამდენი წლისაა? _ მმმ… ოცდარვის, მგონი. _ ოოო! ორი წლით ჩემზე უფროსი ყოფილა… _ მერე რა? ახლა მოდაშია ქალსა და მამაკაცს შორის ეგეთი სხვაობა, _ უდარდელად ვთქვი. _ ორი წელი დიდი არაფერია, მართალი ხარ… _ დედაჩემიც ორი წლით იყო უფროსი მამაჩემზე, _ სასწრაფოდ მოვიძიე მაგალითი, თუმცა კი ვიცრუე. _ კარგი, მაგას «ვაპატიებ». სხვა? კიდევ რას მეტყვი? _ არაჩვეულებრივი დიასახლისია… _ ეგ არ მაინტერესებს, მოსამსახურეების მეტი რა გვყავს, მაგაზე მოვაცდენ? _ მეტი რა გითხრა, გაგაცნობ და დანარჩენი თავად გაიგე. _ ქალიშვილია? _ აბა რა! _ შევიცხადე. _ ოცდარვა წლის ქალიშვილი კარგი რომ იყოს, აქამდე ვინ დატოვებდა? რაღაცას მაბოლებ, ბიძაშვილო! _ ეჭვნარევი მზერით გამომხედა ნიკუშამ. _ როგორც გინდა, ძალას კი არ გატან. გაიცანი მაინც, შენი რა მიდის, იქნებ მოგეწონოს. _ ჰო, რა თქმა უნდა, ამას წინ რა უდგას. _ უცნაურები ხართ ეს მამაკაცები! ოცდარვა წლის და ქალიშვილი არ გაწყობთ, «ნაგულავები» და ქარაფშუტები თუ გინდათ, რაღას წუწუნებთ, კარგი გოგოები აღარ არსებობენო? მაშინ მოკიდე ხელი ნებისმიერს და დაისვი სახლში! _ რაჭველივით გვიან აღვშფოთდი. _ არა, ეგ არ მითქვამს… უბრალოდ, გამიკვირდა, ამ ასაკის რომ არის. ოცდარვა წლის კარგი ქალი ყველა გათხოვილია. _ იქნებ ჰქონდა მიზეზი, რომ არ გათხოვდა? _ კარგი, კარგი, თავს ნუ მესხმი, მიირთვი სალათა, თორემ დამრჩები მშიერი. ჯერ გამაცანი ის შენი მარიამი და დანარჩენი მერე ვნახოთ, _ დამნებდა ნიკა და გემრიელად შეუდგა «ცეზარის» ჭამას, რომელიც, როგორც იქნა, გვაღირსეს. მეც მადის აღმძვრელად ვილუკმებოდი. მთელი დღე არ მიჭამია, ისე გადავერთე მუშაობაში თედოს გადამკიდე. _ როდის გამაცნობ? _ ცოტა სული რომ მოვითქვით, ისევ დაიწყო ნიკამ. _ თუ გინდა, ახლავე, _ ჩემი აღმოჩენით თვალები გამიბრწყინდა. ერთი დარტყმით ორ კურდღელს მოვკლავ, დედამისსაც ვინახულებ და ნიკასაც გავაცნობ. _ ახლავე? _ ჰო. მაინც უნდა მენახა ამ საღამოს. ავდგეთ და ერთად მივიდეთ. _ მივიდეთ, _ მაშინვე დამთანხმდა. _ რაღაცას ვიყიდი და… _ მე ვკისრულობდა არ შემეწინააღმდეგო, იცოდე! _ გააპროტესტა. _ კარგი, არ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ რომ არ მოგეწონოს, მერე არ მითხრა, რა ტყუილად მაყიდინე რამე-რუმეებიო, _ გამეცინა. _ არა გრცხვენია? ეგრე მიცნობ? _ იწყინა ნიკუშამ. _ გეხუმრები, რა იყო, _ დავუყვავე. _ მაშინ წავედით, ხო? _ წავედით. ნიკამ ფული გადაიხადა და გამოვედით. მარკეტში გავიარეთ, ხილი, წვენები და შოკოლადის ასორტი ვიყიდეთ და მარიკას ავადექით. კარი მარიმ გაგვიღო. _ ვაი! რა ქარმა გადმოგაგდო, ხომ მშვიდობაა, ლოლა? _ შეშფოთება შეეტყო, თან შეფარვით ნიკუშა შეათვალიერა. საოცრად სანდომიანი და სათნო ქალი გამოდგა მარიკას დედა. ძალინ თბილად მიგვიღო. ნიკა ორივეს გავაცანი, ჩემი გარე ბიძაშვილია-მეთქი. ქალბატონმა მერიმ დაიჯერა, მარიკამ _ არა. ეჭვის თვალით გადმომხედა, იფიქრა, რომ თაყვანისმცემელი მახლდა თან და დედამისის გულის მოსაგებად ვთქვი ასე. მერე, როცა სამზარეულოში განვმარტოვდით ყავის მოსადუღებლად, ავუხსენი, ვინც იყო და სხვა რა გზა ჰქონდა, არ დაეჯერებინა. მოეწონა, კარგი ბიჭიაო. მას კი მოეწონა, მაგრამ ნიკუშას რეაქცია ვერ დავიჭირე, არც კმაყოფილება ეხატა სახეზე და არც უკმაყოფილება. დიდხანს შემოვრჩით მარისთან. საერთო ნაცნობებიც კი გამონახეს მან და ნიკამ, თურმე ერთხანს ერთ სკოლაშიც კი სწავლობდნენ, ორმოცდამეცამეტეში, მერე დედამ დიღომში იყიდა ბინა და მარიც, ძალაუნებურად, სხვა სკოლაში გადავიდა. ძალიან სასაცილო იყო, ერთმანეთი რომ ვერ გაიხსენეს. ყველა და ყველაფერი ახსოვდათ, ერთმანეთის გარდა. კარგად ვიხალისეთ. ნიკას ისე გაუტკბა მარიკასთან, სულ დაავიწყდა, სად იმყოფებოდა და შინ წასვლას აღარ ჩქარობდა. მე კი ერთი სული მქონდა, სახლში როდის დავბრუნდებოდი. იმის დარდი მკლავდა, ნიკამ რომ მომაკითხოს, შინ არ დავხვდები-მეთქი. თუმცა, თუ ჩემი მოძებნა მოუნდებოდა, არ გაუჭირდებოდა, ახლა მაინც ჰქონდა ჩემი ტელეფონის ნომერი. წარამარა მობილურის ეკრანს დავჩერებოდი, რომ ზარი არ გამომპარვოდა. ადგილზე ვცმუკავდი მთელი საღამო. ბოლოს მეც მოვეშვი _ ჯანი გავარდეს, თუ არ დარეკავს და ისე მომაკითხავს, კეთილი ინებოს და დამელოდოს, თუ არადა, ცოტა იმანაც ინერვიულოს, არაფერი უჭირს-მეთქი! უკეთესიც იქნება, თუ სახლში ვერ დამიგულებს. ჯობია იფიქროს, რომ მის გარეშეც მშვენივრად ვატარებ დროს და სულაც არ ვარ მასზე, თანამედროვე სიტყვა რომ მოვიშველიო, «ჩაციკლული»… არც გადართული… არც შეყვარებული… მაგრამ გასაღები? გასაღები რომ დასჭირდეს? რისთვის? მორიგი ასაკოვანი ქალით რომ გაერთოს? ნურას უკაცრავად! ამის უფლება უკვე აღარ აქვს! ჩემდა უნებურად გამეღიმა. _ რაზე ფიქრობ, ლოლა? _ ნიკუშას ჩემი ღიმილი არ გამოპარვია. _ რაღაც გამახსენდა, _ პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. _ ვიცი მე, შენი ასაკის გოგოებს რაც ახსენდებათ, შე ყაჩაღანა! მაგის დროა ახლა? პატარა გოგოები უკვე საწოლში უნდა იწვნენ და ღრმა ძილით ეძინოთ. _ რა ვქნა, გენაცვალე, შენ არ მოდიხარ და აქ ხომ არ ჩამოვიძინებ მაგიდაზე? _ მხიარულად შევძახე და მარის თვალი ჩავუკარი. _ მართალი ხარ, მართალი, ისე გავერთე, ვერც მივხვდი, დრო როგორ გავიდა. მიკვირს, კრისტი რომ არ მირეკავს, _ გაიცინა ნიკამ. _ კრისტი ვინ არის? _ ცნობისმოყვარედ აწკიპა მარიკამ წარბები. «აჰა, დაიწყო!» _ დედამისია, _ წავეხმარე გარე ბიძაშვილს. _ დედაჩემია და თან ისეთი ფეთიანი, უარესი არ გენახოთ. წავედით, ლოლიტა, ტკბილი სიზმრების დრო მოახლოვდა, დაო! _ პათეტიკურად წარმოთქვა ნიკუშამ და წამოდგა, _ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ქალბატონებო, არაჩვეულებრივი დრო გავატარე. დიდი მადლობა ჩემს ახტაჯანას, თქვენი თავი რომ გამაცნო, _ «მადლიერებით» დაიღვარა «ნიკა ორი» და იაპონელივით თითებშეტყუპებულმა უკუსვლით და თავის დაკვრით დაიხია ჰოლისკენ. _ კამიკაძე, რამეს არ გამოედო და არ წაიქცე, _ ავკისკისდი მისი შემხედვარე, სასაცილოდ რომ ცდილობდა ეფექტის მოხდენას. _ თქვენ გაიხარეთ, შვილებო, როგორც მე გამახარეთ. ისე გამართეთ, ტკივილი სულ გადამავიწყდა, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, _ გულითადად დაგვლოცა მერი დეიდამ… გზად ჩემს სამსახურთან გავიარეთ, რომ საკუთარ მანქანაში გადავმჯდარიყავი. _ დაგელოდო? _ მკითხა ნიკამ, მანქანა რომ გააჩერა. _ არა, რად მინდა, ჩემით ვერ გავაგნებ? აქ უცხო არავინ არის… _ მაშინ გავიქცევი, თორემ დედაჩემი სახლში არ შემიშვებს, _ აჩქარდა ნიკუშა. _ წადი, წადი, მაგრამ ის მაინც გეთქვა, როგორი კმაყოფილი ხარ, ის გოგო მოგეწონა? _ ღიმილით ვკითხე, სანამ დავემშვიდობებოდი. _ არა უშავს, კარგი ვინმეა. ლამაზიც არის და გულღიაც… კოჭებზე ეტყობა… ვიფიქრებ მაგაზე მე, _ «ჩაუდათათუთაშხიავა» ბოლოს, გადამკოცნა და «აიპისის» ეზოში დამტოვა. როგორც ჩანს, მთლად ახლოს ვერ არის მისი ოცნების ქალთან. უკაცრავად, ბატონო ნიკა, მონიკა ბელუჩი რომ ვერ აღმოგიჩინეთ! _ სიბნელეს გავუცინე და მანქანის გასაღების მოსაძიებლად ჩანთაში დავიწყე ქექვა. 8 8 8 სირბილით ავიარე საფეხურები. ჩემი სართულის მოედანზე, როგორც ყოველთვის, უკუნ სიბნელეს დაესადგურებინა. რა უბედურებაა, რა გახდა ერთი ნათურა? უნდა დავაყენებინო ვინმეს გარე განათება, ასე სად შემიძლია?! ნიკას ბინისკენ გავიხედე… ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც შუქი ენთო. რომც ყოფილიყო ვინმე, მაინც ვერაფერს გავიგებდი გარედან. ამ დროს უცნაურმა აზრმა წამომიარა. ძალიან მომინდა, შევსულიყავი და იმ ტახტზე წამოვწოლილიყავი, სადაც წუხელ ჩემი ოცნების მამაკაცს ეძინა, დამეყნოსა მისი სხეულის სურნელით გაჟღენთილი ბალიში… ცდუნება იმდენად დიდი იყო, ვერ ვძლიე, ფრთხილად მივუახლოვდი კარს და გასაღები მოვარგე… სუნთქვაშეკრულმა შევაბიჯე, თითქოს მეშინოდა, ვინმე არ გამეღვიძებინა. ხელის ცეცებით, კედელ-კედელ შევედი სასტუმრო ოთახში. ერთხანს შევდექი, რომ თვალი სიბნელისთვის შემეჩვია. ჩემი გულის ბაგუნ-გუგუნი გარკვევით მესმოდა. იმედია, ასე გვიან არ წამომადგება თავს და თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, ვეტყვი, რომ ყავის ფინჯნების გასარეცხად შემოვიარე. დილით, ვიბანავე თუ არა, წყალი დაწყდა და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავტოვე. ის იყო, ტახტს მივუახლოვდი, რომ ერთმანეთში არეული ხმები შემომესმა, თითქოს ვიღაც კვნესოდა, თუ ოხრავდა, თუ ტიროდა. გული გადამიქანდა… თითქოს აქვე, ჩემგან ორიოდე ნაბიჯზე, რაღაც იდუმალი ხდებოდა… სმენა დავძაბე და სუნთქვა შევიკარი. ხმა აშკარად საძინებლიდან გამოდიოდა… ელდანაკრავივით შევკრთი… რა ხდება? გული ცუდს მიგრძნობდა… ძალიან ცუდს… საშინელებას… მუხლები ამიკანკალდა. არ მახსოვს, იმ სიბნელეში როგორ გავიკვლიე გზა, როგორ მივვარდი ოთახის კარს და კი არ გამოვაღე, გამოვგლიჯე… შუქი არც იქ ენთო… _ რომელი ხარ? _ მომესმა ნაცნობი ხმა, რომელსაც ქალის სუსტი შეკივლება მოჰყვა. ფერმიხდილმა უკან დავიხიე, მაგრამ გამოსვლა ვერ მოვასწარი, რადგან ოთახი განათდა… ზეწარშემოხვეული ნიკა ჩემგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით იდგა, საწოლში კი… საწოლში სწორედ ის ქალი იწვა, იმ საბედისწერო ასაკის ქალი, იმ ღამეს ნიკა რომ აცილებდა და სახეს მალავდა… არავის ვუსურვებ, განიცადოს ის, რაც იმწუთას მე განვიცადე. თვალთ დამიბნელდა, წავბორძიკდი, ავლუღლუღდი, არ ვიცი, რას ვბოდავდი… ერთადერთი, რასაც შეგნებულად ვაკეთებდი, იმ ქალის შეთვალიერება და დამახსოვრება იყო… ამის თავი მქონდა, სხვა არაფრის. _ შენ აქ რა გინდა? _ გაღიზიანებული ტონით მომვარდა ნიკა, მკლავში უხეშად ჩამავლო ხელი და შემაჯანჯაღარა… შევხედე… გავუღიმე… ვგრძნობდი, ჩემი ღიმილი როგორი დამცინავი იყო… თან განმგმირავი… არა, გამანადგურებელი… უფრო მეტიც, მომაკვდინებელი… «რა საცოდავი ხარ», _ მეწერა ტუჩებზე… თუმცა იგი ჩემი სახის გამომეტყველებას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას, ამწუთას მხოლოდ ერთი რამით იყო დაკავებული _ რაც შეიძლება სწრაფად გამოვეყვანე საძინებლიდან… მე კი თვალს არ ვაშორებდი ჩემს მეტოქეს… მას ოვალური სახე ჰქონდა, ოდნავ შენაოჭებული, ლამაზი, პაჭუა ცხვირი და ხელოვნურად დაბერილი ტუჩები… საწოლზე წამომჯდარიყო და შეშინებული მომჩერებოდა, თან საბანს იფარებდა მკერდზე, რომ სიშიშვლე დაემალა… იმ საბანს, რომელიც წუხელ მე მეფარა… _ გესმის, რას გეუბნები? _ ჩემზე არანაკლებ გაფითრებულმა მეტრეველმა ძალდატანებით გამომათრია სასტუმრო ოთახში. _ არ მესმის… _ ჩურჩულით ჩავილაპარაკე და თვალები ცრემლით ამევსო. _ რისთვის შემოხვედი, რა გინდოდა? _ არ ცხრებოდა ნიკა. _ გასაღები… გასაღები მოგიტანე… _ წადი, აზრზე მოდი და გამოვალ ცოტა ხანში, გასაგებია? _ ვერ მოზომა, ისე შემაჯანჯღარა გაავებულმა და გასასვლელისკენ მიბიძგა. ტკივილისაგან დავიკვნესე… ვეღარ ვაზროვნებდი, არც ფეხები მემორჩილებოდა… მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, სადარბაზოში რომ აღმოვჩნდი და ნიკამ კარი ცხვირწინ მომიხურა… რატომ? რით დავიმსახურე? რისთვის? ერთსა და იმავეს ვიმეორებდი ჩურჩულით და ჩემი ბინისკენ ახალფეხადგმული ბავშვივით მივბარბაცებდი… რწევა-რწევით… კარის გაღება ვერ მოვახერხე… დიდხანს ხანს ვიწვალე… როცა ვერაფერი გავაწყე, კეფა ცივ კედელს მივადე და ამოვიხრიალე… უცნაურ ხმებს გამოვცემდი… ცრემლებმა სახე ერთიანად დამინამა… მერე… მერე ადგილს მოვწყდი და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. გავრბოდი… თავადაც არ ვიცი, სად… მანქანაში ჩავჯექი და ისეთი სისწრაფით მოვსხლიტე ადგილიდან, თითქოს მკვლელების მთელი არმია მომდევდა უკან… მრისხანება ჯერ კიდევ არ ჩამცხრომოდა, მუხლები კვლავ მიკანკალებდა. ამწუთას ვერ შევძელი იმის გახსენება, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი აფეთქება რამდენჯერ მქონია… არადა, ადრე უფრო გაწონასწორებული ვიყავი… დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ერთი პერიოდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, უკიდურესმა დეპრესიამ შემიპყრო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა გამიარა. ცოტა მოგვიანებით ცხოვრება მშვიდი რიტმით გავაგრძელე. ყოველთვის ვცდილობდი, მომეთოკა ჩემი თავი და არ მიმეცა უარყოფითი ემოციებისთვის ამოფრქვევის საშუალება. როგორც ჩანს, ზედმიწევნით ვერ ვიმუშავე ჩემს თავზე… ავტომატურად მიმყავდა მანქანა. ჩემი გონება ახლა სულ სხვა აზრებით იყო დატვირთული. მხოლოდ მაშინ შემეშინდა, როცა არასაჭირო ადგილას, სადღაც ჩიხში შევუხვიე და კინაღამ კედელს შევეჯახე… ჩემს ქმედებებს ანგარიშს ვეღარ ვუწევდი. დამუხრუჭება დროზე მოვასწარი… თავზარდაცემულს ცივმა ოფლმა დამასხა… საჭეს ხელებით ჩავაფრინდი და თავი ზედ ჩამოვდე… გაბმულმა სიგნალმა არემარე გააყრუა. სასწრაფოდ მოვშორდი საჭეს და საზურგეზე გადავწექი… ყრუდ ამოვიკვნესე… თუ ამოვიგმინე… თუ ამოვიტირე… ისე ვიყავი გახევებული, თითქოს მოვკვდი… საკუთარი სუნთქვის ხმაც კი არ მესმოდა. ეს რა გამიკეთა… რატომ მომექცა ასე, რა დავაშავე? სად ვერ მოვიქეცი სწორად? როდის გავაფუჭე ყველაფერი? იქნებ ნაადრევად მივეცი გაშინაურების უფლება? იქნებ ცოტა უფრო შორს უნდა დამეჭირა თავი? თუ ასეთ ურთიერთობებსაა მიჩვეული და მეც ერთი რიგითი ქალი ვარ მისთვის, რომელსაც პრეტენზიების უფლება არ აქვს? ნუთუ წუხანდელი ღამის შემდეგ ასე უნდა მოქცეულიყო? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გავიცანი რიგიანად? გამწარებული ვკვნესოდი და რაც ძალა და ღონე მქონდა, საჭეს თითებს ვუჭერდი, თითქოს ამაში ვხედავდი ხსნას… კარგა ხანს დავყავი ასე… თანდათან დავწყნარდი… როგორც იქნა, სუნთქვა თანაბარი გამიხდა, მუხლებიც დამიწყნარდა და აფორიაქებამაც გამიარა… როცა დავრწმუნდი, რომ საღ გონებაზე ვიყავი და საშიშროება არ დამემუქრებოდა, მანქანა დავძარი და ნელი სვლით დავიძარი… 8 8 8 ხომ ვამბობდი, ცხოვრება ვერაგია-მეთქი… ხომ დავასკვენი კიდეც, ბოლოს და ბოლოს… ტყუილად კი არ მაქვს ახირება, როცა ვამბობ, ჩემი ცხოვრება უფერულია და არ მიყვარს-მეთქი. შეიძლება ამას ჩემი ზოდიაქოს ნიშანიც იწვევს, რადგან მორიელი ვარ, რომელიც ანადგურებს თავის თავს. მეც ხომ ასე გავანადგურე და დავასამარე ჩემი ნახევრადობოლი ბავშვობა, ჩემი შეურაცხყოფილი, ამოთხრილი საფლავივით დამცირებული მოწიფულობა, დათრგუნვილი, უფერული სტუდენტობა და, რატომღაც, ყველაფრის თავიდან დაწყება ვცადე?.. არ გამომივიდა? არა უშავს… თუკი გულახდილი ვიქნები, ამწუთას უფრო ამაღლებულად მივიჩნევ ჩემს თავს… ჯობს, იყო მსხვერპლი, ვიდრე ჯალათი… ჯობს, შენ გავნონ, ვიდრე შენ ავნო… ყოველ შემთხვევაში, ასე უკეთ ვგრძნობ თავს… ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი… საბედისწერო შეცდომა ჯერ არ დამიშვია… კიდევ კარგი… არ ვიცი, ნიკამ მომაკითხა თუ არა… ამას ახლა ვეღარავინ მეტყოდა… შეიძლება, იყო კიდეც, შეიძლება _ არა… განა ამას მნიშვნელობა ჰქონდა?.. უცნაური ის იყო, რომ, როცა მარიკასგან დავბრუნდი, სადარბაზოსთან მისი მანქანა ვერ დავლანდე… იქნებ იდგა კიდეც და ყურადღება არ მივაქციე, რადგან გასაღები მე მქონდა? გამორიცხულია! ეს არ გამომეპარებოდა! მაგრამ მანქანის გარეშე როგორ მოვიდოდა? ტაქსით? სხვისი მანქანით? იქნებ იმ ქალმა მოიყვანა? არ ვიცი… არადა, რა კარგად აეწყო ურთიერთობა… იმ ავადსახსენებელი დღის პრობლემები, როცა პირველად ვიჩხუბეთ, სადღაც შორს მოვიტოვე… იქ, წარსულში, ძველ ცხოვრებასთან ერთად, სადაც ჩემთვის ყველაფერი მოკვდა, გარდა ჩემი ბავშვობისა… იმ წლებისა, რომელიც დედის გვერდით გავატარე… შეიძლება არც მოკვდა, მაგრამ ცუდი მოგონებების ყულაბაში გამოვამწყვდიე და საიმედოდ გადავმალე… ისე გადავმალე, ჩემი ფიქრებიც რომ ვერ მიწვდენოდა… და თითქოს ყველაფერი თავიდან დავიწყე… და ეგრევე შეცდომით… და დაუფიქრებლად… და გაუაზრებლად… გასაღებების აცმა მაგიდაზე მივაგდე და ფანჯარას მივუახლოვდი… გაბზარულ მინაში ჩემი თავისა და მხრების კონტურების დაჟინებით თვალიერება დავიწყე… როგორ მოკუნტულხარ და დაპატარავებულხარ, ლოლა! ნუთუ ეს შენ ხარ? _ სინანულით გავაქნიე თავი… რა არაეკონომიურად არის ცხოვრება მოწყობილი… უყაირათოდ ძველ, ნახმარ ტანსაცმელსაც კი არ ყრიან ყაირათიანი ადამიანები, ნაჭრებად ხევენ მათ და საოჯახო საქმეებში იყენებენ… მაგრამ ისეთი იშვიათობა, როგორიც სიყვარულია, თუკი არ სჭირდება იმას, ვისთვისაც არის განკუთვნილი, საერთოდ აღარავის სჭირდება. არც ჩემი სიყვარული სჭირდება არავის… არც ჩემი ნიჭი… არც ჩემი ერთგულება… და საერთოდ, მთლიანად მე არ ვჭირდები არავის… რა არის ეს, მელანქოლია? სტრესი? დეპრესია? სავარძელში ჩავესვენე და ჩემ წინ ერთ წერტილს მივაჩერდი. თვალები გამიშტერდა. ამ წერტილში განსაკუთრებული არაფერი იყო, არც საინტერესო, უბრალოდ, მეზარებოდა მზერის სხვა რამეზე გადატანა. ჩემს ამ მდგომარეობას «რესტრესი» შეიძლება დაერქვას (როგორც, მაგალითად, პროგრესი და რეგრესი)… რადგან ეს არ არის მთლად სტრესი. უფრო სწორად, ერთდროულად არის კიდეც და არც არის, იმისდა მიხედვით, მისგან გასათავისუფლებლად რა გზას აირჩევ. გზა კი ორი არსებობს მხოლოდ _ აქედან ერთი აივნისკენ მიდის, აივნიდან მიწისკენ, სხეულის თავისუფალი ვარდნის დაჩქარებული ტემპით, მეორე კი _ პირიქით, უკან. ანუ, რესტრესიდან უბრუნდები ნორმალურ სტრესს, სტრესიდან _ ცუდ ხასიათს, ცუდი ხასიათიდან _ ჩვეულებრივ, გაწონასწორებულ მდგომარეობას, გაწონასწორებულიდან კი კარგ განწყობილებას. სულ ეს არის «რესტრესის» ახალაღმოჩენილი ჩემეული ფორმულა… მეც ავდგები და მეორე გზას ავირჩევ… უკუსვლით დავუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას, დავმშვიდდები, დავწყნარდები და აუღელვებლად ვიფიქრებ… სამაგიეროს გადახდაზე… თუ შურისძიებაზე?.. 8 8 8 ისეთი გაკრიალებული იყო ახალი ოფისი, გეგონებოდათ, კაფელის მაგივრად, იატაკი მარმარილოთი მოუპირკეთებიათო. დაიხედავდი ძირს და თავისუფლად შეგეძლო საკუთარი ორეულის დანახვა. ახალ შენობაში «აიპისის» ორი სართული ეკავა _ მესამე და მეოთხე, ოღონდ გაცილებით დიდი ფართობის, ვიდრე ძველ ადგილას. აქ ყველაფერი მოდერნიზებული იყო _ შუშის კედლები, მინით გადატიხრული ოთახები, კომპიუტერები, სათვალთვალო კამერები… მხოლოდ პრეზიდენტის და მისი მოადგილეების კაბინეტები იყო განსხვავებული… თითქოს იზოლირებული… თითქოს შენიღბული… მესამე სართულზე თანამშრომელთა სამუშაო ოთახები იყო განლაგებული, მეოთხეზე _ მთლიანად ადმინისტრაცია. თედოს და ნიკას კაბინეტები ერთმანეთისგან მოშორებით მდებარეობდა, პირველის _ დერეფნის თავში, მეორის _ ბოლოში. ეს კარგის მანიშნებელი იყო _ სავარაუდოდ, ყოველდღე შემეძლო მისთვის თვალის შევლება. მარიკამ ორივე სართული მომატარა, თან გზადაგზა მიხსნიდა, აქ ეს არის, იქ ის არის… თავი ექსკურსიაზე მეგონა… მუშები ჯერ კიდევ დაათრევდნენ ინვენტარს, ალბათ ვერ მოასწრეს ბოლომდე ყველაფრის გადმოტანა… დამლაგებლებიც საქმიანად დაფუსფუსებდნენ ოთახიდან ოთახში. _ უი, სულ დამავიწყდა!.. იცი, ვიტალი რომ გაათავისუფლეს? _ უეცრად გაახსენდა მარის. _ რას მეუბნები? მართლა? როგორ მეწყინა… რატომ? _ გულწრფელად შევიცხადე. _ მეტრეველმა შეუსწრო თურმე, კაბინეტში წამალს იჩხირავდა ვენაში… _ წამალს? ვიტალი რა, ნარკომანია? _ ყოფილა თურმე… გუშინდლამდე არავინ ვიცოდით. _ არაფერი ეტყობოდა და… _ ეგა თქვი. _ მის ადგილას ვინ უნდა მიიღონ? _ არ ვიცი, ალბათ ვაკანსიას გამოაცხადებენ. _ შენ რომ გეცადა? _ მომაფიქრდა მოულოდნელად. _ გაგიჟდი? მე უკვე მივდივარ აქედან, ამათი არაფერი მინდა! ისედაც, არავინ გამიწევს რეკომენდაციას. მათთვის მე ერთი ჩვეულებრივი მდივანი ვარ და მეტი არავინ!.. როცა დათვალიერებას მოვრჩით, მე ჩემს ოთახში დავბრუნდი. ვიღაცას კოხტად მიელაგებინა ჩემი მაგიდა და უჯრები, კომპიუტერიც შეერთებული დამხვდა… რა ოპერატიულად უმუშავიათ, აი, მესმის! ისეთი დამშვიდებული ვიყავი, თავადაც მიკვირდა. დილით არც მაკიაჟი დავიშურე ჩემი სახისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ წესიერად არ მიძინია. მარიკამაც კი ვერაფერი შემატყო. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მკლავების ტკივილი იყო. წუხელ ისე ძლიერად წამიჭირა ნიკამ, ლამის ძვლები დამამტვრია… მოკლე, სხეულზე მოტმასნილი და ღრმად გულამოჭრილი კაბა ჩავიცვი და ჩემი იდეალურთან მიახლოებული მკერდი, წელი და ფეხები ურცხვად გამოვფინე დღის სინათლეზე. კარგა ხანია, ასეთი მოკლე არ ჩამიცვამს, მაგრამ დღეს ძალიან მინდოდა, გამომწვევი ვყოფილიყავი. დილიდან კოკო შანელის სიტყვები ამეკვიატა: «შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი ჩაცმულობა. ჩაიცვით უზადოდ და მათ, უბრალოდ, დაამახსოვრდებათ ქალი». ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ყველა თანამშრომელს ხეირიანად, ამიტომაც დერეფანში გამოსულს ყველა ცნობისმოყვარედ და ინტერესით მაყოლებდა თვალს, თითქოს პირველად მხედავდნენ. ზოგს გაოცება ეწერა სახეზე, ზოგს _ აღტაცება, ზოგსაც _ ირონია… მხოლოდ მე მეწერა კმაყოფილება… თითქოს ჯიბრიანად ვამბობდი _ «შემომხედეთ! დატკბით! ახლა ხომ დარწმუნდით, რომ უზადო სხეული მაქვს და ფეხები ყურებიდან მეწყება?» თედოსაც კი შუბლზე აუცვივდა თვალები, რომ დამინახა. _ რაშია საქმე, ლოლა, რამე საინტერესო ხდება შენს ცხოვრებაში? _ სათვალე მოიხსნა და გულდასმით შემათვალიერა. _ ჩემს ცხოვრებაში გამუდმებით ხდება «რამე» საინტერესო, შეფ, _ მაცდურად შევღიმე. _ რაო, ცოლობა ხომ არ გთხოვეს წუხელ? კარგი დრო გაატარე? _ ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. _ ცოლობა არ უთხოვიათ, მაგრამ კარგი დრო ნამდვილად გავატარე, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე. _ ჰოო… ყველას როდი ეღირსება ასეთი ბედნიერება… _ ორაზროვნად წარმოთქვა. _ როგორი ასეთი? _ ცალი წარბი ავწიე. _ შენისთანა ქალის გვერდით საღამოს გატარება, _ განმიმარტა. _ თედო, კაზინოში ყოფილხარ? _ მისმა რეპლიკამ მსწრაფლ გონება გამინათა, ამით ვისარგებლე და გადავწყვიტე, ნიკაზე შურისძიების გეგმის შედგენა-განხორცილებას შევდგომოდი. _ ყველა ადამიანი ყოფილა კაზინოში, ვისაც ფული უშოვია ან ვერ უშოვია… ერთხელ მაინც. _ მე არ ვყოფილვარ. _ მერედა? _ მერედა… _ არ განვავრცე და ეშმაკურად მოვხუჭე ცალი თვალი. _ ანუ… სწორად გავიგე? _ თვალები გაუცისკროვნდა. _ წამიყვანე. _ მართლა მეუბნები მაგას? _ არამართლობის რამე მეტყობა? _ კითხვა შევუბრუნე. _ მოსულა! მაგაზე ადვილი რა არის? როცა ინებებ! _ პატარა ბიჭივით აცმუკდა. _ დღესვე! _ დღესვე? _ ჰო, საღამოს… სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ. ერთხანს ორჭოფობდა. ვერ გაერკვია, ვეხუმრებოდი თუ სერიოზულად ვთხოვდი. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი წინადადება. _ კი მაგრამ… იმას რატომ არ მიყავხარ? _ ეჭვნარევი მზერით გამომხედა. _ იმან უარი მითხრა. აზარტული ხარ და მერე შენ იქიდან ვერავინ გამოგიყვანსო… არადა, ეგრე სულაც არ არის… უბრალოდ, მაინტერესებს. სათვალე კვლავ გაიკეთა და საჩვენებელი თითით კეხზე მოხერხებულად მოირგო. _ კარგი! _ მოკლე თანხმობით შემოიფარგლა. _ დიდი მადლობა, შეფ… ამას არ დაგივიწყებ… ჩემი ერთ-ერთი ოცნების ამსრულებელი იქნები! _ მაგრამ ერთი პირობით! _ ხელი ასწია და შემაჩერა. _ რა პირობით? _ იქიდან რესტორანში წავალთ. გავწითლდი… საქმის ასეთ შემობრუნებას არ ველოდი. ალბათ ბოლომდე არ მენდო და თავი დაიზღვია. _ რა პრობლემაა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, _ მხრები უდარდელად ავიჩეჩე. _ აქედანვე წავიდეთ? _ არა, რატომ? ჯერ შინ გავივლი, გამოვიცვლი და გამომიარე. _ მაშინ მითხარი, როდის და სად მოვიდე. _ გეტყვი, საღამომდე ჯერ დიდი დროა. _ შევთანხმდით… ახლა კი ყავა მომიდუღე, _ უეცრად საქმიანი დაიჭირა და კაბინეტში შევიდა… ყავა რომ შევუტანე, როგორც ყოველთვის, ტელეფონზე საუბრობდა. ხელით მანიშნა, არ წახვიდეო. იქვე ჩამოვჯექი და მოთმინებით დაველოდე, როდის დაამთავრებდა ლაპარაკს… _ მოგეწონა ახალი ოფისი? _ მკითხა, როცა ყურმილი დაკიდა და ყავის ფინჯანი თავისკენ მისწია. _ ძალიან, _ მოწონება ღიმილით გამოვხატე. _ ხვალ ბანკეტი გვაქვს, ხომ მოხვალ? _ ბანკეტი?.. რასთან დაკავშირებით? _ წარბები ცნობისმოყვარედ შევყარე. _ ახალსახლობასთან დაკავშირებით. _ ააა! მე ალბათ ვერ მოვალ. _ რატომ? _ თბილისში არ ვიქნები, მამასთან მივდივარ, _ სასწრაფოდ გამოვაცხვე ტყუილი, მათთან ერთად სულაც არ მებანკეტავებოდა. _ რაღა ახლა მოგინდა გამგზავრება? _ მამა შეუძლოდ მყავს, სხვანაირად არ შემიძლია. _ ოოო! ეგ ცუდია… ესე იგი, დღეს კაზინოში, არა? _ კაზინოში. _ კარგი, ასე იყოს. მე საღამოს თათბირი მაქვს, ექვსზე, როგორც კი მორჩება, გამოგივლი. მისამართი აი, აქ დამიწერე, _ მითხრა და აგურისფერი პატარა ფურცელი ჩემკენ გამოაცურა, ზედ კი კალამი დაადო. გაკრული ხელით მივაჯღაბნე მისამართი. _ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე? _ ნებართვა ვთხოვე. _ შეიძლება… თუ გინდა, ახლავე წადი, დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დავალება არაფერი მაქვს შენთვის. _ დიდი მადლობა, შუადღემდე დავრჩები და მერე წავალ, იქნებ რამეში დაგჭირდე, _ კეკლუცად შევღიმე უფროსს და თეძოების რხევით დავტოვე კაბინეტი. შინ წასვლა სულაც არ მეჩქარებოდა, იქნებ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მომეკრა სადმე ნიკასთვის თვალი. ვინ იცის, ამის გამო უმიზეზოდ რამდენჯერ გავედი ოთახიდან, ხან მარცხნივ გავუყევი დერეფანს, ხანაც მარჯვნივ, მაგრამ ამაოდ… იგი ახალ ოფისში არ გამოჩენილა… ესეც ასე, თედო დავითანხმე… კარგია, რომ სრულიად ბუნებრივად გამოვიდა ასე. არ მინდოდა, თედოს ეფიქრა, რომ ჩემი ინტერესებისთვის ვიყენებდი. ჯერ კაზინოს დავლაშქრავთ, მერე რესტორანში შევივლით. იმედია, პირველსავე პაემანზე არ გაიგიჟებს თავს და შეტევაზე არ გადმოვა. მან კარგად იცის, რომ მე მისი მდივნებივით ვერ მომექცევა, თანაც, ვატყობ, რომ სერიოზულად მოვწონვარ. მთავარია, მარიკამ არაფერი გაიგოს ამის შესახებ, თორემ ძალიან ეწყინება. მეც გამიჭირდება თავის მართლება, ვაითუ, ვერ გამიგოს. არადა, როგორ მაწყობს ეს მოულოდნელი «რაუნდი»… დარწმუნებული ვარ, თედო აუცილებლად მოაღებს პირს და დაწვრილებით ჩაუკაკლავს ნიკას ჩვენი შეხვედრის დეტალებს, რათა გააღიზიანოს და აგრძნობინოს, შენმა «თვალდადგმულმა» ქალმა მე მომანიჭა უპირატესობაო. მეც ხომ ეგ მინდა!.. მაგრამ რომ არაფერი უთხრას? ტყუილად რომ შემრჩეს თედოსთან «გასეირნება»? მერე რა ვქნა? გამორიცხულია! თედო ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ვგრძნობ, როგორ ექიშპება ნიკას ჩემ გამო, ალღო მკარნახობს. რა ცუდი «გამოგონება» ვართ ეს ქალები!.. ყველაზე გაუგონარი შურისმაძიებლები! მამაკაცი ვერასდროს მოიფიქრებს ისეთ მზაკვრულ ხრიკებს, ქალს რომ მოუმწიფდება გონებაში… ნეტავ, ისე ჩაივლიდეს ეს საღამო, თედომ არაფერი იეჭვოს. არ მინდა მისი გადამტერება… თუ გადაკიდება… ეჰ… რომ იცოდეს, რისთვის მჭირდება მასთან ერთად კაზინოში გაგრიალება, ცოცხლად დამმარხავს ალბათ… დამარხვამდე კი… მე რომ კაცი ვიყო და ქალმა ასეთი რამ გამიკეთოს, აუცილებლად ავუღებდი რევანშს… და «მთელს» არ გავუშვებდი… ამის წარმოდგენაზე შემაკანკალა… არ უნდა გაიგოს… არასდროს… არავითარ შემთხვევაში… ჩემთვის ახლა უმთავრესი მხოლოდ ეს არის… თედო ნელი სვლით მიდიოდა. მოულოდნელად ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა და მხრით მხარზე შემეხო. შევკრთი და შევეცადე, გვერდულად დავმჯდარიყავი, რომ მისი ვითომ შემთხვევითი შეხება თავიდან ამერიდებინა. ჩემმა დირექტორმა მსწრაფლ შენიშნა ეს და სახეზე შეეტყო, რომ ჩემთან სიახლოვის სურვილი უფრო გაუმძაფრდა. მან იცოდა, რომ ადვილი მოსანადირებელი არ ვიყავი, ამიტომაც ცდილობდა, ყოველი მომდევნო მცდელობა ბუნებრივი გამოსვლოდა. ვინ იცის, იქნებ პირველი ქალი ვიყავი მის ცხოვრებაში, ვის მოსახიბლავადაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ის ხომ პოპულარობით სარგებლობდა მანდილოსნებში, განსაკუთრებით _ მდივნებში. _ ოდესმე გითამაშია, ლოლა? _ სიტუაციის განსამუხტავად მკითხა თედომ, თან გზას გაჰყურებდა, თან ცდილობდა, თავისუფლად ყოფილიყო, თითქოს მიმტკიცებდა, ცუდი არაფერი განმიზრახავსო. _ არა, არასდროს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ძალიან მომეწონება, _ ოდნავ მოვეშვი და მსუბუქმა ღიმილმა გადამირბინა ბაგეებზე. _ ახლა მე შენ კაზინოში წაგიყვან და ნახავ, რამხელა სიამოვნებაა თამაში. გზა დიდხანს არ გაგრძელებულა. გული უცნაურად მიცემდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო შეგრძნება უნდა განმეცადა… ფეისკონტროლის გავლის შემდეგ დარბაზში შევედით… უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა… უფანჯრო, დახურულმა სივრცემ საოცარი დისკომფორტი შემიქმნა, სული შემეხუთა. სათამაშო მაგიდებთან დანახულმა სახეებმა კი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამთრგუნა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. ზოგს დაძაბული მზერა ჰქონდა, ზოგსაც დაზაფრული, უემოციო, გამოფიტული… ძალიან ცოტა თუ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ალბათ ის კატეგორია, რომელიც მხოლოდ გასართობად იყო შემოსული და არა ფულის მოსაგებად. ყველაზე საინტერესო ამ სანახაობაში მოთამაშეთა თითები იყო _ მოუსვენარი, უცნაურად მოძრავი, თითქოს რაღაცას ჩასაფრებული… საოცარი სიწყნარე სუფევდა დარბაზში, არც სიგარეტის ბოლით იყო იქაურობა გაჟღენთილი და არც შეზარხოშებული მამაკაცების ყაყანი ისმოდა. თედო ვიღაცას გულღიად მიესალმა, ვიღაცა ძალზე შინაურულად მოიკითხა, ვიღაცასაც ხელი აუწია… ეტყობოდა, აქაურობის ხშირი სტუმარი იყო… მერე მკლავში ჩამავლო ხელი, «რულეტკასთან» დამსვა, «ფიშკები» წინ დამიდო და თამაშის წესები ამიხსნა. _ არ არსებობს! _ შევძახე გამხიარულებულმა, _ ნუთუ ასე ადვილია? _ ნუთუს გარეშე ასე ადვილია, _ გამეხუმრა დირექტორი. მბრუნავმა ბორბალმა და ბურთულის ბზრიალის ხმამ აღმაფრთოვანა. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში მენახა. პირველ ჯერზე ოთხმოცი ლარი მოვიგე, შემდეგ _ ასოცდაათი, მერე და მერე კი, რატომღაც, ფორტუნამ არ გამიღიმა და რაც მოვიგე, ერთიანად წავაგე. ძალიან აზარტული რამ ყოფილა! _ კარგად ერთობი? _ შიგადაშიგ მეკითხებოდა თედო, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა და ხანდახან მუხლს მუხლზე მომადებდა ხოლმე. ისე ვიყავი თამაშში გართული, მის ფარულ «ცელქობას» აინუნშიც არ ვაგდებდი. არა უშავს, ცოტა ხნით გაახაროს თავისი ჭია, _ ვფიქრობდი ჩემთვის. უფრო შორს შეტოპვის უფლებას მაინც არ მივცემ. აქედან გავალთ და მისი გალაღებაც დამთავრდება. _ უკეთესად ვერსად გავერთობოდი, _ ვთქვი თამაშით აღტყინებულმა და გავიღიმე, მაგრამ ღიმილი უმალ სახეზე შემაშრა… შორეულ კუთხეში ნიკა დავლანდე, რომელსაც გადასახტომად შემართულ პანტერასავით ყველა კუნთი დაჭიმვოდა… ავცახცახდი. ერთმანეთს შევხედეთ. დაზაფრულმა ავარიდე თვალი, რადგან მის გამოხედვაში დემონური მრისხანება იკითხებოდა. _ მიდი, ახლა წითელზე დადე, _ გამამხნევებლად მირჩია თედომ. მექანიკურად დავმორჩილდი, «ფიშკა» ისე დავდე წითელზე, არც კი დამიხედავს მაგიდისთვის. ნუთუ თედომ მოასწრო ნიკას გაფრთხილება და მანაც შეამოწმა, მართალს ამბობდა თუ არა მისი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი? იქნებ შემთხვევით არის აქ? საინტერესოა, რატომ მიყურებს ასე? რა უნდა? თავად ხომ კარგად ერთობა? ჩემი რატომ უკვირს? მისი საკუთრება ხომ არ ვარ? ყველა ამ კითხვაზე პასუხი უცებ ამომიტივტივდა გონებაში… რა უნდა და, ცდილობს, თავის ნებაზე მატაროს, როგორც მოესურვება, ისე მმართოს. ის ჩემში პიროვნებას კი არა, ნივთს ხედავს, რომელსაც, როცა გაუხარდება, მაშინ შეეხება და გაეთამაშება… სიბრაზემ შემიპყრო. მე მას თავს არ გამოვაყენებინებ. ის ჩემი ქმარი არ არის… არც საყვარელი… მეგობარიც კი არ არის ჯერ ჩემი… დიდი ამბავი, ერთი-ორჯერ თუ მაკოცა. ამიტომაც არა აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ მართოს ჩემი ცხოვრება. თავი ავწიე და ჯიქურ მივაჩერდი. გაოცებამ გადაურბინა სახეზე. როგორც ჩანს, არ ელოდა ჩემგან ასეთ თავხედურ გამოხედვას. ალბათ ეგონა, მისი გამოჩენა შემაშინებდა. არ დავმალავ და, თავდაპირველად მართლა თავზარი დამეცა, თუმცა ნელ-ნელა გონს მოვეგე და მისი ზრახვები რომ ამოვიცანი, ერთბაშად დავმშვიდდი. რაღაც მომენტში შემეცოდა კიდეც, ისეთი ნატანჯი სახე ჰქონდა, ვინანე, თედოს რომ გამოვყევი, მაგრამ ამაზე ფიქრი არ დამცალდა… ნიკა უეცრად შებრუნდა და ფართო ნაბიჯებით გასასვლელისკენ გასწია… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.