რომანტიკა თუ დანაშაული?!
ერთხანს თავჩაღუნული იჯდა. საჩვენებელი თითით უფორმო ფიგურებს «ხატავდა» მაგიდის ზედაპირზე. როდის-როდის ასწია თავი და უაზროდ შემომხედა. _ კარგი აზრია… ეგრე ვიზამ… _ გულდათუთქულმა თქვა. უსიამოვნოდ მომხვდა ყურში მისი ტონი. _ რა ჩაიფიქრე? _ რატომღაც, დამბურძგლა. _ არაფერი. როგორც დამარიგე, ისე მოვიქცევი. მე დამჯერი გოგო ვარ, _ ცალყბად გაიღიმა. _ არ მომწონხარ… _ არც მე… იმიტომ, რომ არ მეუბნები, დღეს რა შეგემთხვა. ახლა შენი ჯერია, _ გულგრილი ღიმილით მომიგო. _ ყავა გინდა? _ მისი რეაქციით დამფრთხალმა ვეღარ ვიპოვე უკეთესი გამოსავალი. _ ჩემთვის არ შეიძლება, _ თავი გადააქნია, _ გისმენ. სხვა რა გზა მქონდა, ჩემი ამბავი დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი. დროდადრო ჩრდილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე. და რაც მთავარია, მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში მაგიდაზე ხატვა არ შეუწყვეტია, თუმცა ახლა «ბრმად» ხატავდა, დაუხედავად, რადგან მე მიყურებდა. _ სულ ეს იყო… _ დავამთავრე და ღრმად ამოვიოხრე. _ შენ რა გიჭირს, _ ღვარძლიანი მომეჩვენა მისი პასუხი, _ ძალად იქმნი პრობლემებს. უყვარხარ მაგ კაცს და არ გინდა გაიგო. ის ბიცოლაშენი კი ერთი «აშარაშკა» ქალია და მეტი არაფერი! დაიკიდე! _ ვუყვარვარ? ამიტომაც დასდევს სხვის ცოლებს? რანაირად მსჯელობ! _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. _ იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო? მამაკაცები ვერ იტანენ აგრესიულ ქალებს. ეს კი შენი მთავარი პრობლემაა. ძალიან აგრესიული ხარ! _ აშკარად გაბოროტებული იყო, ისე აგდებულად მომახალა. გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. წამით დავფიქრდი კიდეც, იქნებ მართალს მეუბნება-მეთქი, მაგრამ რომ გავაანალიზე, ჩემს ქმედებაში აგრესიულობის ნაპერწკალიც ვერ დავინახე… ან არ მინდოდა, დამენახა… _ სულაც არ ვარ აგრესიული, _ გავაპროტესტე, თუმცა არც ისე თავდაჯერებულად, როგორც სხვა დროს. _ ჩვენ ორივეს გაფრენები გვჭირს… კიდევ კარგად ვართ ჩვენს მდგომარეობაში, _ ხელი ჩაიქნია დაღვრემილმა და წასასვლელად მოემზადა. ვეხვეწე, ამაღამ ჩემთან დარჩი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, მერის მარტო ვერ დავტოვებო… 8 8 8 ვიცოდი, რთული დღე მელოდა. მეორე დილით ძალიან ადრე ავდექი. მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები რომ არ მქონოდა წასაღები სამსახურში, საერთოდ არ წავიდოდი, მაგრამ საქმეში ღალატი არ მჩვეოდა. რაც შეიძლებოდა, ელეგანტურად ჩავიცვი. მინდოდა ისეთ ფორმაში ვყოფილიყავი, როგორც არასდროს. ამისთვის ახალნაყიდი შავი პერანგ-შარვალი შევარჩიე და ფირუზისფერი პიჯაკი შევუხამე, შავი, წვრილი ზოლებით დაფერილი. როცა დილის რიტუალს მოვრჩი და სარკის წინ დავბზრიალდი, თავადვე დავრჩი აღფრთოვანებული. ეს კიდევ არაფერი, თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა, ოფისის დერეფანში რომ გავიარე. ყველა ისე მომჩერებოდა, თითქოს შიშველი ვყოფილიყავი. მაშინვე შანელის სიტყვები გამახსენდა: «ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა უზადოდაა ჩაცმული». ესე იგი, სწორად გავთვალე. დღეს მე არაჩვეულებრივად გამოვიყურები! ის იყო, ჩემს კაბინეტში შევედი და კარი უნდა დამეხურა, რომ მოულოდნელად ნიკამ გამოიარა. ჩვენი მზერა ძალაუნებურად შეხვდა ერთმანეთს. ავილეწე. ცივად დამიკრა თავი მოსალმების ნიშნად და ჩაიარა… მისმა ჟესტმა გამანადგურა. ერთიანად დავიშალე. ლამის გამიგიჟდა გული, ისე მიფეთქავდა. არადა, დოკუმენტაცია უნდა შემეტანა. როგორ მოვქცეულიყავი? ძალიან ვიბნეოდი ასეთ სიტუაციებში. საერთოდ არ მქონდა გამოცდილება. ცოტა შევიცადე, რომ შეძლებისდაგვარად დავმშვიდებულიყავი, თან გული არ მითმენდა, ისე ვეშურებოდი მის ნახვას, მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა, რას მეტყოდა წუხანდელზე. მისაღებში არავინ დამხვდა. გამიხარდა კიდეც, მისი პრანჭია მდივანთან რომ არ მომიწევდა დალაპარაკება. დავაკაკუნე და გავისუსე. _ მობრძანდით! _ საღამოს ნიავივით მომელამუნა მისი ბარიტონი… ლამის ჩავიკეცე. მხნეობა მოვიკრიბე და კაბინეტში შევედი. კომპიუტერში ჩხირკედელაობდა რაღაცას. იქვე შევდექი, სანამ შემამჩნევდა, რომ მე ვიყავი. როცა მომხედა, კიდევ ერთხელ შევნიშნე მის სახეზე უცნაური და სრულიად გაუგებარი გამომეტყველება, რომელმაც ახლაც მხოლოდ წამით გაიელვა და გაქრა… ნეტავ, რას ფიქრობს ამწუთას? კარგა ხანს თვალი არ მოუშორებია, უცნაურად მზვერავდა. შეამჩნია, განსაკუთრებულად რომ გამოვიყურებოდი, მაგრამ გამოხატვა არ უნდოდა… _ ვიცი, არ გსიამოვნებს ჩემი დანახვა, მაგრამ საქმე ითხოვს, _ გულგრილად მივმართე. _ ამ ოთახში იმაზე სასიამოვნო უსიამოვნება არავინ ყოფილა, როგორიც შენ ხარ, _ ფართოდ გაიღიმა და წამოდგა, _ რატომ დაასკვენი რომ არ მსიამოვნებს? მეც მინდოდა დღეს შენთან დალაპარაკება სამსახურის თაობაზე. წარბები გაკვირვებით შევყარე. _ რამე ისე ვერ გავაკეთე? საქმე გავაფუჭე? _ ხმა ძალაუნებურად ამიკანკალდა, ვიფიქრე, ალბათ მოვბეზრდი და სხვაგან გადავყავარ-მეთქი. _ სულაც არა. განა მე ცოტას გიხდი? რატომ უნდა გაგეფუჭებინა საქმე… დაჯექი, _ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა. დავემორჩილე. ისე მიმიღო, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარიყო. მაგიჟებდა თავისი ხასიათით. _ შეამჩნიე ალბათ, მდივანი რომ აღარ მყავს, _ თქვა და ცხვირ-ნიკაპი საჩვენებელ და ცერა თითს შუა მოიქცია, თან ბოლთას სცემდა ოთახში. _ ვიფიქრე, აქვეა სადმე გასული-მეთქი, _ დავიბენი. _ გავუშვი… და თედოს მარიკა უნდა გადმოვიყვანო… შენ რას იტყვი? _ მარიკა? რ-რატომ? _ მოულოდნელობისგან ენა დამება. _ თედომ მთხოვა. რაღაც ვეღარ ეგუებიან ბოლო ხანებში ერთმანეთს, სულ ჩხუბობენ. არადა, კარგი კადრია, არ მინდა მისი გაშვება. _ რა სისულელეა… ვინ გითხრა, რომ ვერ ეგუებიან? რატომ ვერ ეგუებიან? _ სიბრაზისგან ნესტოები დამებერა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ ავფეთქებულიყავი. _ არ ვიცი… მეგონა, შენ გეცოდინებოდა… _ შემპარავად მომიგო. _ მე ერთადერთი რამ ვიცი, _ ვეღარ შევიკავე თავი და გაცხარებულმა ხმას ავუწიე, _ რომ ის გოგო ორსულადაა და ასე არ უნდა მოექცეთ! რა, თქვენი სათამაშაოა?! უეცრად სახე მოექცა. ადგილზე გაშეშებულმა წარბები შეჭმუხნა და გამომცდელად დამაშტერდა. _ რა თქვი? საიდან მოიტანე? ვისგან? _ როგორ გგონია, ვისგან? ვინც მის თავიდან მოშორებას ცდილობს, იმისგან! _ დარწმუნებული ხარ? _ კბილებშუა გამოცრა, მომიახლოვდა, სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, _ მე კი მეგონა, შენ ვერ შეგელია და ამიტომაც ვერ ეგუებოდა მარიკას სიახლოვეს. _ მე არაფერ შუაში ვარ. დააორსულა, უკვე მოყირჭდა და ახლა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ასე უთქვამს, ცოლს ვურიგდებიო. თუმცა, ორსულობის ამბავი ჯერ არ იცის. _ ო-ოოო! _ დაუსტვინა ნიკამ და კვლავ წელში გასწორდა, _ ეს კიდევ ახალი ამბავი! თანაც ტყუილი ამბავი! ცოლს არა, იმას ურიგდება! ჴ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. _ ოღონდ არ მინდა მან გაიგოს… ეს ჯერჯერობით მხოლოდ მე ვიცი… და ახლა უკვე შენც, _ ხმადაბლა დავამატე. ერთხანს დადუმდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა თავი მაღლა ასწია, ჭერს მიაჩერდა და რაღაცაზე ჩაფიქრდა. _ მოდი, ასე მოვიქცეთ, _ თქვა ცოტა ხნის პაუზის შემდეგ, _ მარიკას მე მაინც გადმოვიყვან ჩემთან, ასე უფრო მშვიდად იქნება. მისთვის ახლა ზედმეტი ნერვიულობა არ შეიძლება. დანარჩენი მერე ვნახოთ… ეს საუბარი კი ჩვენ შორის დარჩეს, არც მარიკასთან წამოგცდეს რამე, მე თვითონ დაველაპარაკები, კარგი? თავი დავუქნიე და წამოვდექი… კაბინეტიდან ისე გამოვედი, «ჩვენზე» სიტყვა არ დასცდენია. არც იყო საამისო სიტუაცია, მაგრამ მაინც დამწყდა გული… რაღაც გაუფერულდა. _ შენ განსაკუთრებული ხარ, ლო, იცი ე-ეს? _ თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო, დამეწია მისი სიტყვები, _ მოგვიანებით მოვიცლი შენთვის, _ დააყოლა და ეშმაკური ღიმილით გამომაცილა. ჯერ კიდევ არასდროს მინერვიულია ასე. ოცი წუთი მაინც დამჭირდა, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი… შემდეგი კვირა ძალიან მძიმე გამოდგა ჩემთვის. ნიკა საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, დელიკატური ღიმილით მომესალმებოდა ხოლმე, როცა მასთან საქმეზე შევდიოდი ან როცა დერეფანში მხვდებოდა. გული გახეთქვაზე მქონდა. თითქოს ორივენი სიჯიუტეში თუ სიჩუმეში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. არც ის ცდილობდა არაფრის ახსნას, არც მე ვთხოვდი არაფერზე პასუხს. ვითმენდი და ველოდებოდი. ითმენდა და ელოდებოდა… მე _ მას… ის _ მე… და არც ერთს არ გვსურდა, პირველს გადაგვედგა პირველი ნაბიჯი ან შესარიგებლად, ან ურთიერთობის დასამთავრებლად. ამასობაში ვისთვის უმნიშვნელო და ვისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მარიკამ ნიკას კაბინეტში გადაინაცვლა. იმდენად მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა თედოს მდივანი უფროსის შეცვლას, გამიკვირდა კიდეც, ასეთი რა უთხრა მეტრეველმა, უმტკივნეულოდ რომ დაითანხმა-მეთქი. ერთი კი იყო, მარის ორსულობას ტოქსიკოზი დაემატა და ხშირად ხდებოდა ცუდად. ვერაფერს ჭამდა, წარამარა სახე უფითრდებოდა, თან ისეთი ღებინებები დაეწყო, საათობით ნიჟარაში იყო გადაყუდებული. საშინლად გახდა, ჩამოხმა, ხმაც დაუსუსტდა და სხეულიც. რამდენჯერმე ვთხოვე, ექიმთან მივიდეთ და რამეს დაგინიშნავს-მეთქი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. თუ ღმერთს ამ ბავშვის გაჩენა უნდა, წამლების გარეშე გამაჩენინებსო. უცნაურობა დასჩემდა ბოლო ხანებში. იჯდა და გარინდული სადღაც, ფანჯრის მიღმა, გაურკვეველ წერტილს მიშტერებოდა უაზრო, ცარიელი თვალებით. რამდენჯერმე დავაპირე, თედოს დაველაპარაკები და ნამუსზე შევაგდებ-მეთქი, მაგრამ მარის თანხმობის გარეშე ვერ გავბედე. ჩემი სატკივარი ხომ მქონდა და მქონდა, მაგრამ მარიკას ყოფამ უარესად დამამძიმა. ის დღეები სამსახურში მისვლა მეზარებოდა. მძულდა ყველა და ყველაფერი, თანამშრომლები, გარემო… როგორც იქნა, პარასკევიც გათენდა. მიხაროდა, წინ დასვენების დღეები რომ მელოდა. ბოლო დროს შვებას მხოლოდ განმარტოება მგვრიდა. მივეგდებოდი ჩემთვის საწოლზე და ვფიქრობდი, ვოცნებობდი. ცალკე უძილობამ შემაწუხა. განსაკუთრებით თვალებზე დამეტყო. ჩარუხებულ უპეებთან ტომრებიც ჩამომეკიდა. უკვე სამუშაოსაც ვერ ვუდებდი გულს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამომდიოდა. იმდენ იდეას ვაფრქვევდი და იმდენი სარფიანი საქმე გავუკეთე ფირმას, გაყიდვების რაოდენობამ ერთი-ორად იმატა. უკვე წარმოების გაფართოებაზე დაიწყო მარკეტინგის სამსახურმა საუბარი, ევროპის უფრო სერიოზულ ქვეყნებთან სავაჭრო გარიგებების წამოწყებაზე ალაპარაკდნენ. მეც მქონდა ამაზე კარგი წინადადება _ იტალიასთან კავშირის გაბმა, რაც სრულებით არ გამიჭირდებოდა. ერთი ზარი ბაბუასთან და საქმე ხუთიანზე იქნებოდა მოგვარებული. თუმცა, ჯერჯერობით ხმას არ ვიღებდი. მინდოდა, ისეთ დროს მეთქვა, როცა ყველაზე მეტად დამჭირდებოდა ამის გაკეთება, ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, ასე ადვილად ვერ მოახერხებდნენ ევროპელებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას, რომელიღაც ერთი ქვეყანა მაინც გაუცრუებდა მათ იმედს. ჰოდა, ჩემი გამარჯვების ზარი სწორედ მაშინ ჩამორეკავდა. ფანჯარასთან ვიდექი და მარიკაზე ვფიქრობდი. დღეს მთელი დღე, რამდენჯერაც ვნახე, ხმა ვერ ამოვაღებინე. თავჩაღუნული იჯდა და ავტომატივით უკაკუნებდა კლავიატურაზე. წესიერად დალაპარაკების საშუალება არ მომცა, სასწრაფო საქმე მაქვს და მალე მინდა დავამთავრო, დღეს ადრე ვარ გასასვლელი და უნდა მოვასწროო. მართლაც, ხუთი არ იყო, რომ წავიდა. მეც დავაპირე გასვლა, შვიდი ხდებოდა უკვე. სარკმელი მივხურე, საშინელი სუსხი შემოდიოდა გარედან. ისე იყო მოქუფრული, აუცილებლად გაწვიმდებოდა. ცის კაბადონი სისხლისფრად იყო შეფერილი, ნალექით დამძიმებული ღრუბლები უფრო და უფრო დაბლა იწევდნენ, დედამიწისკენ, თითქოს თავიანთი იერიშით ცის ჩამოქცევა განუზრახავთო. რა კარგი შესატყვისი აქვთ ქართველებს ამინდთან დაკავშირებით _ ავდარი. ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგებოდა იმას, რაც ამ შავ ღრუბლებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემს კაბინეტში ვიღაც შემოვიდა. ტანში გამცრა, მაგრამ არ შემოვბრუნებულვარ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკა იქნებოდა. _ შენც ორსულად ხომ არ ხარ? _ ბოროტად ჩაიცინა ნაცნობმა ხმამ. გულხელდაკრეფილმა ფანჯარაში ცქერა გავაგრძელე. არც კი გავრხეულვარ. _ მე მგონი, შენ ეგ არ უნდა გადარდებდეს, _ რაც შეიძლებოდა, მეტი ღვარძლი გავურიე ხმაში. _ ვითომ რატომ? _ იმიტომ, რომ შენგან არასდროს დავორსულდები, _ უკმეხად ვუპასუხე ზურგშექცეულმა. ნაბიჯების ხმა თანდათან მიახლოვდებოდა. მერე მისი ხელები ვიგრძენი ჩემს მხრებზე. _ აიღე ხელი! _ ცივად ვთქვი. _ რომ არ ავიღო? ნელა მოვატრიალე თავი და ზიზღით შევხედე თედოს. წარბი არ შეუხრია. არც მე. _ შენთვის აჯობებს, ხელი აიღო და უკან დაიხიო! _ ისე განგმირავად გაისმა ჩემი ხმა, დირექტორი შეცბა, ხელები ჰაერში ასწია და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. ამასობაში შემოვბრუნდი. _ კიდევ ვინ არის ორსულად? _ აგდებულად ვკითხე. _ შენი დაქალი… რა, არ იცი? რა დიდი გამოცნობა მაგას უნდა, ქალის სახე აქვს დაკარგული. _ ნუთუ? _ ამრეზით ავათვალიერე ფეხებიდან თმის ძირამდე, _ ნეტავ, რომელმა ნაძირალამ ჩაიდინა ეს? _ ეგეთები არ იყოს, ლოლა! არ გიხდება! _ უფრო დამემუქრა, ვიდრე დამმოძღვრა. _ შენ? შენ გიხდება ის, რაც გააკეთე? _ არ დავინდე. _ მე რა, მე კაცი ვარ… ქალი მეძლეოდა და უარს რატომ ვეტყოდი? რას ვიფიქრებდი, თუ… _ გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს… მაგ ქალის ცოდვით ვერასდროს გაიხარებ. _ მწყევლი? _ მეტი საქმე არა მაქვს. არც ეგრე დავცემულვარ. მით უმეტეს, შენისთანა წყევლასაც კი არ იმსახურებს, რომ იცოდე. _ ასე ცუდად მხედავ? _ სამწუხაროდ, ძალიან კარგად გხედავ, ჯერ არ დავბრმავებულვარ. ცუდად კი არ გხედავ, ცუდად გიყურებ. საშინელი ადამიანი ხარ. _ დიდი მადლობა. ისიც კარგია, რომ რაღაც სიტყვები მაინც გამოიმეტე ჩემს შესაფასებლად. აქამდე საერთოდ იგნორირებას მიკეთებდი. _ იმიტომ, რომ თავიდანვე შეგატყვე, რა ნაგავიც ბრძანდებოდი… და სულელი იქნება მარი, ეს ყველაფერი რომ გაპატიოს. მის ადგილას რომ ვიყო, თვალით არ დაგანახვებდი მაგ ბავშვს. _ არც მაქვს ამის სურვილი. _ რატომ? იქნებ ცილიც დასწამო და წამოგცდეს, რომ შენგან არ არის ორსულად? _ არც ასეთი სულმდაბალი ვარ. _ კიდევ კარგი… _ მე მას ცოლად ვერ შევირთავ და იცი შენ, რატომაც. _ არც ვიცი და არც მაინტერესებს, თედო. სულმდაბალი ნუ იქნები. თუ ცოლობას არ უპირებ, დაეხმარე მაინც, გვერდით დაუდექი. გაუჭირდება ბავშვის მარტო გაზრდა. ბოლოს და ბოლოს, შენ გიჩენს შვილს, მხოლოდ თავის თავს კი არა. _ მერჩივნა, შენ გაგეჩინა შვილი ჩემგან. ვერ გივიწყებ… ვცადე, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არ გამომივიდა. მასთანაც ამიტომ გადავწყვიტე ურთიერთობა, იქნებ ლოლა დამავიწყოს-მეთქი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მთლად ჩემი ბრალიც არ არის. ხომ იცოდა ჩემი ამბავი, რატომ მომენდო? _ იმიტომ, რომ უყვარდი. შენ კი არც შეგიმჩნევია მისი არსებობა ამდენი ხნის მანძილზე. იმ მდივნების სიაშიც არ მოახვედრე, ვისთანაც… _ რა ვისთანაც? _ ვისთანაც დროს ატარებდი. _ ჰო, ამდენი პატივი არ რგებია ჩემგან. სხვებივით რესტორნებში არ მიტარებია… არც საჩუქრებით ამივსია. _ ამიტომაც ეგონა, რომ შენც შეგიყვარდა. სხვანაირად მექცევა, სხვანაირად მცემს პატივსო… შენ მას ყველაზე ლამაზი იმედები დაუმსხვრიე, იცი ეს? _ ვიცი… მაგრამ შენ ვერ დაგივიწყე. ყველაფერი შენი ბრალია. გინდა, გარიგება შემოგთავაზო? _ უეცრად თვალები დაუწვრილდა და ხარბად დამასო მზერა მკერდზე. _ გარიგება? ამჯერად რა ჩაიფიქრე? _ ისეთი არაფერი… _ ერთხანს შეყოვნდა, ალბათ საჭირო სიტყვებს უყრიდა თავს ან ფიქრობდა, ღირდა თუ არა გარიგების ტექსტის წარმოთქმა, _ ერთი პირობით შევირთავ ცოლად მარიკას მხოლოდ… ერთი პირობით. _ რას მელაპარაკები! _ ეკლიანი მზერა ვესროლე, _ და რა პირობაა ასეთი, არ დამიმალო! _ მივხვდი, რაღაც საზიზღრობას მეტყოდა, თუმცა მისმა ნათქვამმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. _ თუ ერთი ღამით მაინც გახდები ჩემი. _ რა-ა?! _ მეგონა, მომესმა-მეთქი, ვერაფრით წარმოვიდგინე, ასეთ სიბილწეს თუ შემომთავაზებდა. _ გაუგებარი ვთქვი რამე? ნიკასთან თუ წევხარ, ერთხელ ჩემთანაც რომ დაწვე, რა დაშავდება?სულერთია, ის შენს ცოლობაზე მაინც არასდროს იფიქრებს. ისიც მალე დაამთავრებს შენთან ურთიერთობას, _ დამცინავად გამომხედა. _ ნაძირალა ხარ! გადი! ახლავე გაეთრიე აქედან! _ თავადვე გამიკვირდა, ისეთი განწირული კივილი აღმომხდა, ფანჯრის მინებიც კი შეზრიალდა. უეცრად ვიღაცამ კარი შემოგლიჯა და ზღურბლზე ნიკა აისვეტა. _ რა ხდება აქ!!! _ ახლა იმან იღრიალა. თედოს ძმაკაცის დანახვაზე მიტკლისფერი დაედო სახეზე, ოფლმა დაუცვარა უსირცხვილო შუბლი. _ ისეთი არაფერი, მარიკას გამო მსაყვედურობს, _ იპოვა გამოსავალი თავის დასაძვრენად. ხმის ამოღების თავი არ მქონდა, ერთიანად მიკანკალებდა სხეული. ისე ხმამაღლა ვსუნთქავდი, მთელ ოთახში ისმოდა ჩემი ქშენის ხმა. _ სხვა ადგილი ვერ იპოვეთ საქმის გასარჩევად? აქ ხალხი მუშაობს, _ მკაცრად შენიშნა ნიკამ და მტრული მზერა ჯერ თედოს შეავლო, მერე მე. თედომ ჩაახველა და უთქმელად გავიდა კაბინეტიდან. არც მე გამიცია პასუხი. საკიდარიდან ლაბადა ჩამოვხსენი, მკლავზე გადავიფინე, მეორე ხელი ჩანთას დავავლე და კარისკენ გავემართე. _ მაინც ვერ მოინელე, არა? _ ნიკას სიტყვებმა ადგილს მიმაყინა. გაოცებული შევბრუნდი მისკენ. არ მიყვარს, როცა ვიღაც ასეთი ტონით მელაპარაკება, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება კარგად მეხერხებოდა ყოველთვის. _ რა თქვი? _ ხმადაბლა ვკითხე და ჯიქურ მივაჩერდი. _ ვერ მოინელე, სხვაში რომ გაგცვალა? თუ ცოლიან მამაკაცებთან ფლირტი ქვეყანას გირჩევნია? _ დაუნდობლად მომახალა, _ მე შენ იმისთვის არ გიხდი ხელფასს, სამუშაო საათებში პირადი პრობლემების მოგვარებით დაკავდე. აი, თავხედობის დონე! ჩემი წეღანდელი სიმშვიდიდან ნატამალიც აღარ შემომრჩა. კედლის საათს ავხედე. მეშვიდე საათი ათი წუთის წინ დაწყებულიყო. _ სამუშაო საათებში? მე თუ მკითხავ, ეგ ჯერ კიდევ სადავო საკითხია. მუშაობა ათი წუთის წინ დამთავრდა. კიდევ უფრო გაუმკაცრდა სახე. _ რითი გიზიდავენ ცოლიანი მამაკაცები? იქნებ მეც გამიზიარო და გამოვიყენო ოდესმე ჩემს სასარგებლოდ. სიბრაზემ სახე ამიჭარხლა. კბილი კბილს დავაჭირე, სანამ რამეს ვეტყოდი. _ არ გინდა, ნიკა… _ ჩურჩულით ამოვთქვი, _ შენც კარგად იცი, რომ ასე არ არის, _ დავამთავრე და ოთახიდან უკანმოუხედავად გავვარდი. 8 8 8 არ ვიცი, ასე რამ გამახევა, რამ გამაუხეშა. ცრემლები ყელში მქონდა მობჯენილი და ვერ ვტიროდი. გიჟივით მივაქროლებდი მანქანას, ერთი სული მქონდა, სახლამდე მიმეღწია და საწოლზე დავმხობილიყავი, ჩემი სასთუმლისთვის გამენდო ჩემი უბედობა და მასთან დავცლილიყავი. ვერა, მაინც ვერ ვიტირე, ვერც ეს მოვახერხე. მწარედ ვოხრავდი მხოლოდ. ვოხრავდი, ვკვნესოდი და ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს. კიდევ იმ დღეს, როცა ნიკა გავიცანი. ტანსაცმლიან-ფეხსაცმლიანად შევიმალე საბანში და მივყუჩდი. მციოდა… საშინლად მქონდა გათოშილი ხელ-ფეხი. სიცივისგანაც და ნერვიულობისგანაც. ამაღამ ალბათ არ მომიწევდა ჩათბობა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. ვერც ჩავთბი, ვერც დავიძინე, ამიტომ ტანთ გახდასაც არ ვჩქარობდი. უეცრად ღამის მყუდროება კაკუნის ხმამ დაარღვია. ვიღაც მომადგა… ამჯერად რეაქცია არ მქონია. არც შევმკრთალვარ, არც ავღელვებულვარ. ზლაზვნით გამოვძვერი ო-ოოდნავ შემთბარი საბნიდან და ქუსლების პაკაპუკით გავედი ჰოლში. კარი გავაღე თუ არა, ჩვეულ პოზაში დამხვდა. ცალი ხელით კედელს დაყრდნობოდა, მეორე კი ზურგს უკან შემოედო. _ ბოდიშის მოსახდელად მოვედი, _ დამასწრო, სანამ რამეს ვეტყოდი. _ არ მჭირდება შენი ბოდიში! _ მე მჭირდება!.. და ნუ მეუხეშები, თუ შეიძლება. _ დამცინი კიდეც? _ რაში მეტყობა, რომ დაგცინი? _ მაშინ რისთვის მიხდი ბოდიშს, მიხვდი, რომ ცდებოდი? _ ახლა მე დავუწყე დაცინვა. _ მივხვდი, რომ თავი ვერ გავაკონტროლე. მერე თედოსაც ველაპარაკე. ყველაფერი ვიცი, ამიტომ, თუ შეიძლება, მიიღე ჩემი ბოდიში. _ ამის სათქმელად გამოიარე ამხელა გზა? _ მწარედ გავიცინე, _ დაგერეკა და ისე გეთქვა ან მესიჯი გამოგეგზავნა, ნაკლები ხარჯიც გექნებოდა და უკეთაც გამოგდის, _ ვკბენდი და ვკბენდი. _ სხვა საქმეც მქონდა, _ ამჯერად მშვიდად შეხვდა ჩემს აგრესიას. _ მართლა? გისმენ, მითხარი. _ მასწავლე იტალიური. _ რა-ა? _ საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. _ მინდა, ჩემი იტალიურის მასწავლებელი გახდე. _ არა! _ შევძახე, მაგრამ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ჩემი «არა» _ მასწავლებლობაზე უარის თქმას, თუ მისი შემოთავაზების დაუჯერებლობას. _ არა თუ ვერა? _ შემისწორა. _ არაც და ვერაც. _ რატომ? _ იმიტომ, რომ არასდროს მიცდია, ვინმესთვის იტალიური მესწავლებინა. _ მერე მაგას რა ჯობია? მე შენი პირველი მოსწავლე ვიქნები, _ ნელ-ნელა დაუთბა ხმა, _ ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის გემახსოვრები. როცა დიდი ქალი გახდები და შენთან ინტერვიუს ჩასაწერად მოვლენ, შეგეკითხებიან, ვინ იყო შენი პირველი მოსწავლეო და მე დამასახელებ. მეც ცნობილი გავხდები. _ შენ უკვე ხარ ცნობილი. _ კარგი რა… რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? ისევ ბუტიაობ? პატიება ხომ გთხოვე? რა გჭირს? _ არაფერი, რა უნდა მჭირდეს. _ დავაშავე რამე? _ არ ვიცი. _ გეცოდინება… გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. ამაზე უკეთესი შანსი იერიშის მისატანად არ გამომიჩნდებოდა. თუ თავად არ სურს, ქრისტინეზე მელაპარაკოს, მაშინ მე ავალაპარაკებ! მას თუ აქვს უფლება, ცილი დამწამოს ისეთ რამეზე, რაც არ ყოფილა, მე რატომ უნდა შევარჩინო ის, რაც ჩემი ყურით მოვისმინე და ჩემი თვალით დავინახე? ჰოდა, მიყუროს ახლა! _ რატომ გააკეთე ეს? _ განრისხებული მზერა ვესროლე. _ რაზე მეუბნები? _ ხელი ჩამოიღო კარის ჩარჩოდან და ისიც უკან შემოიდო, ზურგზე. _ იცი შენ, რაზეც. _ წარმოდგენა არა მაქვს. ამიტომ განმანათლე. _ რას მელაპარაკები! ბიცოლაჩემთან რომ რომანი გააბი, ის მაქვს მხედველობაში. _ ბიცოლაშენთან? ვინ არის შენი ბიცოლა, არ გადამრიო. _ ქრისტინე. _ ვინ ქრისტინე? _ ოოოოჰ! თავს რომ ისულელებ, ვერ ხვდები? _ კრისტიზე მეუბნები? _ შენ თუ გსურს, ასე დაუძახე, ჩემთვის ის ქრისტინეა. _ მერედა, რანაირი შენი ბიცოლა კრისტია? _ მამაჩემის ბიძაშვილის შვილის ცოლია, სხვათა შორის. _ აუჰ! მამაშენის ბიძა-შვილის-შვილის ცოლი, _ დამარცვლით წარმოთქვა, _ რა «შორი» ბიცოლა გყოლია!.. დ ვინ გითხრა, რომ მასთან რომანი მაქვს? _ ბრმა არ ვარ, არც ყრუ და არც სულელი, რომ იცოდე. _ ეგ მეორედ არ გაიმეორო, გთხოვ. და ნურავის უსმენ, ჭორია ეგ ყველაფერი, _ დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები. _ ნუთუ?! თვალები გინდა ამიხვიო? მე არავის ვუსმენ. ყველაფერი თავად დავინახე და მოვისმინე. _ მომისმინე, ლოლა, ის ჩემი საყვარელი არასდროს ყოფილა, გეფიცები. კი, ვაღიარებ, რომ მეპრანჭება და ჩემი დათრევაც ძალიან უნდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. მე არ ვარ ორი თითის გატკაცუნებით შესაბმელი ბიჭი, გაიგე? _ დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. _ საკმაოდ. შენი აზრით, ეს ცუდია? _ არ ვიცი და არც მაინტერესებს. _ გინდა, ერთი ისეთი რამ გითხრა, რაც დაგაინტერესებს? ის შენი ქრისტინეა თუ ვიღაც, ერთი ჩვეულებრივი კახპაა და სხვა არაფერი! _ ხვდები მაინც, რას ლაპარაკობ? ხომ არ გაგიჟდი! _ არა, არ გავგიჟებულვარ. ის ცდილობს, ჩემთან ის გაუვიდეს, რაც სხვასთან გასვლია, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, მსგავსი წესებით ვითამაშო. სხვა თუ არაფერი, მისი შვილი ჩემი მეგობარია. ვერ ვიტან ქალებს, თვალებით რომ გაშიშვლებენ… ეგ თუ მშიერია, მისი ქმრის პრობლემაა და არა ჩემი, _ თანდათან უწევდა ხმას ნიკა. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი, ამას თუ მეტყოდა, არაფრით ველოდი. _ თუ შენი ყურით მოისმინე, გაიგონებდი ალბათ, რომ მკითხა, ეგ არის შენი საჩუქარიო? გაიგონე? _ კი, გავიგონე. _ და იცი, რატომ დამისვა ეს კითხვა? იმიტომ, რომ ვუთხარი, შენ ჩემთან შანსი არ გაქვს-მეთქი! ამ დროს შენც შემოხვედი. თუმცა, ვერ მივხვდი, იქ საიდან გაჩნდი. ან რატომ დროზე არ მითხარი, ნიკა თუ შენი ნათესავი იყო, რატომ მატყუებდი? _ მე შენ არ მომიტყუებიხარ. არც არასდროს გიკითხავს ნიკუშაზე რამე და არც მე გამჩენია სურვილი, მასზე შენთან მელაპარაკა. _ ახლა არ მითხრა, ჩვენი მეგობრობის შესახებაც, არაფერი ვიცოდიო. _ არა, ეგ არ მითქვამს. ეგ ვიცოდი. _ აი, თურმე, რატომ დადიოდი ეს დღეები გამეხებული! თურმე რა ეჭვები გღრღნიდა! რატომ დროზე არ მითხარი? _ მე შენგან ველოდი ახსნა-განმარტებას. _ მაგრამ მე არაფერი დამიშავებია. _ ამიტომაც მეჯიბრებოდი? _ ეს შენ მეჯიბრებოდი და არა მე… _ ყველაფერი გასაგებია. დაამთავრე? _ არ მინდოდა, კიდევ ერთხელ დავმარცხებულიყავი, არადა, ვგრძნობდი, იქითკენ მიდიოდა სიტუაცია. _ არა. კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი. _ გისმენ, _ ხელები გულზე დავიკრიფე და ამაყი გამომეტყველებით კარის ძგიდეს მივეყრდენი. _ იმ გოგოს ვეძებ, ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგება. შენც ხომ არ მოისინჯავდი? _ თქვა და ზურგს უკან დამალული ხელები გამოაჩინა… მუყაოს თეთრ ყუთს სახურავი ახადა და… იქ ის ფეხსაცმელი იდო, რომელიც მე მომეწონა ბუტიკში და რომელიც ათას ორასი ლარი დამიფასეს. სირცხვილისგან გავწითლდი თუ ნამუსმა შემაწუხა, ვერ გეტყვით, თუმცა, აშკარა იყო, მისმა ამ ჟესტმა დამაბნია, სრულებით ამრია. ერთხანს ვდუმდი, ვფიქრობდი, რა მეპასუხა. _ ეს რამეს შეცვლის შენს ცხოვრებაში? _ როგორც იქნა, გამოვნახე საჭირო კითხვა. _ რამეს? რამეს კი არა, ყველაფერს, ჩემს ნამდვილ სახეს დამიბრუნებს, პირველ რიგში. მომბეზრდა გომბეშოდ ყოფნა, მინდა კვლავ პრინცად ვიქცე. _ შენ შენი თავი პრინცი გგონია? _ მეგონა… ახლა კი ერთი საწყალი გომბეშო ვარ, რომელიც კონკიას დაუნდობელმა სიჯიუტემ გააუბედურა.. _ მე გომბეშოც მომწონხარ, გიხდება, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე და კარის მიხურვა დავაპირე, მაგრამ ფეხი მსწრაფლ დაუხვედრა. _ არ გამწირო, კონკია, _ თეატრალურად ტანჯული სახე მიიღო, _ შენთან მინდა. _ ჰო, რა თქმა უნდა, შემოხვალ, მოვალეობას მოიხდი და ხვალიდან ისევ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. მერე კი კვლავ უსასრულოდ უნდა ამომიღამდეს თვალები შენს მოლოდინში. მაღიზიანებს შენი ხასიათის ასეთი ცვლილება. შენ მაშინ ხარ ჩემთან, როცა შენ გინდა… და არასდროს მაშინ, როცა მე მინდა! არ მინდა ასე! აღარ მინდა! _ ვიყვირე აკანკალებული ხმით. _ არა, მე ბოლომდე შენთან მინდა. აი, ნიშნობის ფეხსაცმელიც მოგიტანე… გამომყვები ცოლად? _ არა! არასდროს! _ ჩემი ჩურჩულით ნათქვამი ეს ორი სიტყვა სასიკვდილო განაჩენის გამოცხადებას უფრო ჰგავდა… მერე სწრაფად შევბრუნდი და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. თვალებდახუჭული იქვე ჩავიკეცე, რადგან მუხლები მომეკვეთა. გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. როგორც ჩანს, ელოდებოდა, როდის მოვერეოდი ჩემს სიამაყეს და გავუღებდი კარს. ლოდინის წუთები გავწელე… ვორჭოფობდი, გამეღო, თუ არ გამეღო. ბოლოს მაინც არ მომითმინა გულმა, მძიმედ წამოვდექი და ნელა გამოვაღე კარი… იქვე, ხალიჩის პატარა ნაგლეჯზე, მუყაოს თეთრი ყუთი იდო, ჩემი მოწონებული ფეხსაცმლით. ნიკა კი არსად ჩანდა… მორჩა, ყველაფერი დამთავრდა… ყუთი ხელში ავიღე და გულზე მივიხუტე… ახლა მხოლოდ ის იყო ჩემი მხსნელი… მარიკას ტოქსიკოზმა უმატა. ნიკა იძულებული გახდა, დროებით გაეთავისუფლებინა მდივანი სამსახურიდან და ათდღიანი შვებულება მიეცა. პრეზიდენტი კვლავ უმდივნოდ დარჩა. ამის გამო, თუ რამე დასჭირდებოდა, პირდაპირ უწევდა ჩემთან დაკავშირება, დამირეკავდა და თავისთან მიხმობდა ან ტელეფონშივე მიხსნიდა, რა, როდის, როგორ და სად გამეკეთებინა. იმ საღამოს მომხდარზე კრინტს არ ძრავდა. უფრო მეტიც, არც კი იმჩნევდა, რომ გაბრაზებული იყო ჩემზე… ან ნაწყენი… ან გულგატეხილი. არც მე ვიმჩნევდი. ეს გარეგნულად, თორემ შიგნით, სულის სიღრმეში, ყველაფერი მიდუღდა. სუნთქვა რომ სუნთქვაა, ისიც არ მემორჩილებოდა, ისიც კი რიტმიდან იყო ამოვარდნილი. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს. ჩვენი სიჩუმე უფრო და უფრო ჩუმი ხდებოდა. ერთმანეთს უსიტყვოდ ვუთმობდით პირველობას, რომელი გადადგამდა «საოცნებო» ნაბიჯს შერიგებისკენ. თუმცა ორივენი ჯიუტად ვიდექით ჩვენსაზე. ასეთი პირველობა არც ერთს არ გვინდოდა. ამასობაში რამდენიმე დღე გავიდა. სევდიანი ვიჯექი ჩემს კაბინეტში და ჰოლანდიური გვირილის ყვავილს, რომელიც ნიკუშამ მომართვა წინა დღით, ფურცლებს ვაწიწკნიდი, თან გულში ჩემთვის ვიმეორებდი: «შემირიგდება, არ შემირიგდება, შემირიგდება, არ შემირიგდება, შემირიგ…» სწორედ ამ დროს შიდა ტელეფონმა დარეკა. შეფი თავისთან მიხმობდა. სულერთიას მზერა ავიკარი და კაბინეტის კარი ნელა შევაღე. _ შეიძლება? _ შეიძლება, _ დახშული ხმით მიპასუხა. უხმაუროდ გავიარე მანძილი და გრძელი მაგიდის გარშემო შემოწყობილი სკამებიდან მასთან ყველაზე ახლოს მდგომ ერთ-ერთ მაღალზურგიან სკამზე დავჯექი. ერთხანს ხმა არ ამოუღია, რაღაცას ჩაჰკირკიტებდა კომპიუტერში. მე გასუსული ველოდებოდი, როდის მოიცლიდა, თითქოს სულაც არ მაღელვებდა ჩემდამი მისი გულგრილი დამოკიდებულება. _ მოგერგო? _ მოულოდნელად მკითხა. შეკითხვის არსი მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დავიდა ჩემს გონებამდე. გასაგები იყო, ფეხსაცმელზე მეკითხებოდა, მაგრამ მერე რომ ეთქვა, ეგ არ მიგულისხმიაო? არადა, რომ მეთქვა, რაზე მეკითხები-მეთქი, უარეს გამოვიდოდა. იფიქრებდა, რომ ვიპრანჭებოდი. ჩვენ ხომ ორივემ კარგად ვიცოდით, რაც იგულისხმებოდა მის შეკითხვაში. _ უკეთესად, ვიდრე ნამდვილ კონკიას, _ გულწრფელობა ვარჩიე. _ ნამდვილს? _ მოულოდნელად მოწყდა კომპიუტერს, ნახევრად ჩემკენ მოტრიალდა და გამომცდელად მომაჩერდა, _ შენ რა, ნამდვილი არ ხარ? _ არა, მე თვითმარქვია ვარ, _ ღიმილი ვერ შევიკავე. _ ეგრეც ვიცოდიიიი, _ გააგრძელა ბოლო სიტყვა, თან ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, ხუმრობის არაფერი ეტყობოდა, _ ქალებს ადვილად ვშიფრავ ხოლმე. შენც გაგშიფრე, ხომ ხედავ. _ ყველა ქალის გაშიფვრა ასე ადვილად შეგიძლია? _ მეც ავყევი ირონიაში. _ ყველასი, ერთის გარდა. იმ ერთთან ძალიან მიჭირს, თუმცა მაინც ვახერხებ. _ ეს კარგია, თუ ცუდი? _ ცხოვრებაში პირველად დავუსვი სხვას ეს შეკითხვა. _ სწორედ ამიტომ, ის მიყვარს და არა სხვა, _ თითქოს თავის თავს უთხრა, თითქოს არც გაუგია ჩემი შეკითხვა, სხვა ფიქრებით, სხვა აზრებით დამძიმებოდა შუბლი. ჩემი უნებლიე შეკრთომა არც შეუმჩნევია, რადგან მე არ მიყურებდა, სადღაც შუა კედლისკენ, ირიბად გაურბოდა მზერა. ვინ იგულისხმა? ვინ არის ის ერთი, ასე რომ უყვარს? მოულოდნელად შეირხა… ისე შეირხა, როგორც ღრმა ფიქრებიდან უეცრად გამორკვეული ადამიანი, თითები ერთმანეთში გადახლართა და ფხიზელი სახით შემომხედა. _ მაშ ასე, ლოლა, მოემზადე, შაბათ ღამეს მე და შენ მივფრინავთ. იმდენად უცნაურად მომეჩვენა მისი სიტყვები, უცებ გადართვა გამიჭირდა. ჯერ ის ვერ გამეანალიზებინა, ვისზე თქვა ასე შეფიქრიანებულმა, მიყვარსო და ახლა ახალი სენსაცია მომიმზადა. დავიბენი. _ მივფრინავთ? _ აი, ეს ნათქვამი კიდევ უფრო ძნელად დავიდა ჩემს «ტვინამდე», ვერ მივხვდი, რატომ მივფრინავდით, სად მივფრინავდით, რითი და რისთვის… _ ჰო… საფრანგეთში, პარიზში. «ლუმიდარკთან» მოგვიწევს ხელშეკრულების დადება, ახალი ფირმაა, დამკვეთებს აგროვებს. კვირის დასაწყისში გველოდებიან. სავარაუდოდ, შაბათს გავემგზავრებით. _ კი მაგრამ… მე რატომ არ ვიცოდი ეს? აქამდე რატომ არ მითხრეს? _ ვის უნდა ეთქვა? მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი. ასე რომ, სანამ ყველაფერი არ გადაწყდა, არც არავისთვის მითქვამს. ახლა კი გეუბნები, თან პირველი ხარ, ვისაც ვუთხარი. აქაც პირველი ხარ, ხომ ხედავ… იქიდან იტალიაში გადავალთ, «მორანდის» წარმომადგენელსაც უნდა შევხვდეთ, _ მრავალმნიშვნელოვნად დაამატა. საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. სულ ტყუილად მეგონა თურმე, რომ იტალიისკენ გზას მე გავკვალავდი. ნუთუ დავმარცხდი? გული თავგანწირულად აკივლდა. მივხვდი, რომ ბოლო შანსიც დავკარგე. ის ძაფის ბოლოც დამისხლტა ხელიდან, რომელსაც ხავსივით ვებღაუჭებოდი. წარამარა მეცვლებოდა სახეზე ფერი. ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ ტემპერატურის ცვლილების მიხედვით ვგრძნობდი _ ხან წამომენთებოდა ღაწვები, ხან გამიგრილდებოდა, ხან გამიხურდებოდა, ხანაც გამიფითრდებოდა… ერთი სიტყვით, დამარცხების გემო ვიწვნიე. _ კარგია, როცა პირველი ხარ, არა? _ დამცინავად გამომხედა. _ გააჩნია, რა შემთხვევაში, _ გულგრილი სახის მიღება ვცადე. _ ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში კარგია. არ მეთანხმები? _ არა! _ ჯიქურ გავუსწორე მზერა, მაგრამ დიდხანს ვერ შევძელი, თვალები გამომიშრა და იძულებული გავხდი, წამწამები დამეხამხამებინა. _ როგორც გინდა. ალბათ შენ უკეთ იცი, რასაც ამბობ. ერთი სიტყვით, შაბათს გადავფრინდებით. საზღვარგარეთის პასპორტი გაქვს? _ რა თქმა უნდა, _ ისეთი ტონით მივუგე, ვაგრძნობინე, ეგ როგორ მაკადრე, ქალი მილიონჯერ ვარ იტალიაში ნამყოფი-მეთქი. _ ჰო, თუმცა, სისულელე გკითხე, შენ ხომ «დონა იტალიანო» ხარ… _ ჩემი წამოსვლა აუცილებელია? ჴ ოღონდ უარი ეთქვა, ოღონდ ეს გამგზავრება თავიდან ამეცილებინა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. იმწუთას მისგან არაფერი მინდოდა. მეჯავრებოდა… არა, მეზიზღებოდა… არა, მძულდა… გულს მირევდა… _ აუცილებელია. რომ დამთანხმებოდი და ჩემთვის იტალიური გესწავლებინა, აგცდებოდა ეს მისია, მაგრამ არ მოინდომე… თუ არ ისურვე. თარჯიმანი მჭირდება, შენზე უკეთესს კი სად ვიშოვი? «მარტო ამისთვის გჭირდები, არა?» _ რომ დაგთანხმებოდი, ორ დღეში რა უნდა მესწავლებინა? ამასთან, საფრანგეთში მაინც ვერ გამოგადგები. ფრანგული არ ვიცი, _ ხმა ჩამწყდომოდა. _ ეგეც მართალია… მაგრამ არა უშავს. ფრანგული მე ვიცი, სამაგიეროდ… იტალიაში კი დამჭირდები. რა, არ გიხარია? შენიანებს მოინახულებ, ამის დროც დაგვრჩება. ერთი კვირით მივდივართ, ეს კი არც ისე ცოტაა. ორი დღე პარიზში, სამი იტალიაში, ორიც გზაში. _ ესე იგი, შაბათს თუ გავემგზავრებით, პარასკევს ჩამოვალთ? _ რატომ მეკითხები? პარასკევს მორიგი ცოლიანი მამაკაცი გელოდება აქ? პაემანი გაქვს? _ პარასკევს არა, მორიგი ცოლიანი მამაკაცი შაბათისთვის შემოვინახე, _ დაბოღმილმა ვუპასუხე, _ მაგრამ იქამდე თავის მოწესრიგება ხომ დამჭირდება ნამგზავრს, _ მთელი სარკაზმი ჩავაქსოვე ნათქვამში და ტანი ძლივს ავითრიე, ადგომა რომ დავაპირე, _ კიდევ არის რამე, თუ დღეისთვის სულ ესაა? _ დღეისთვის სულ ესაა. ხვალ პასპორტი მიიტანე კადრებში, შორენას ჩააბარე და დანარჩენს ის მოუვლის. შენ კი მოემზადე. ვიცი, ძალიანაც არ გსიამოვნებს ჩემ გვერდით ამხელა გზის გავლა, მაგრამ ამჯერად საქმე ბიზნესს ეხება და არა… _ აქ წამიერად შეყოვნდა, თითქოს საჭირო სიტყვას ეძებსო. _ პირად ურთიერთობებს. «გინდოდა გეთქვა, სიყვარულსო და ვერ გაბედე, არა? მხდალო, მშიშარავ!» _ გასაგებია. წავედი, _ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოვისახე ღიმილი ტუჩებზე და სკამის საზურგეებზე ხელის შეხებით მძიმედ გავემართე კარისკენ, რომ ფეხი არ შემშლოდა. 8 8 8 შორენამ კვირის ბოლომდე ყველაფერი მოაგვარა. ბილეთები უკვე მზად იყო, ბარგის ჩალაგების მეტი აღარაფერი დამრჩენოდა. ვიცოდი, პარიზში რომ სუსხიანი ამინდები დამხვდებოდა, ამიტომ თბილი ტანსაცმელი ბლომად გადავარჩიე. არც საღამოს კაბები და საქმიანი კოსტიუმი დამვიწყებია. სამგზავროდ ზურმუხტისფერი პიჯაკი ჩავიცვი პალტოს შიგნით. ეს ფერი ყველაზე «ხელსაყრელი» იყო ჩემთვის _ საოცრად ესადაგებოდა ჩემი თვალების ფერს და მკვეთრად უსვამდა ხაზს მის კონტურებს. ნიკას ისე დავემშვიდობე წინა დღეს, არც უკითხავს, აეროპორტამდე რითი მოდიხარო. დამპალი! ამგვარად ცდილობს ჩემზე შურისძიებას? კაციც ეგეთი უნდა! ტაქსით წავედი, რადგან მანქანის იქაურ ავტოსადგომზე დაყენების და ოფიციალური «რიტუალების» ჩატარების თავი არ მქონდა. ბოლოს და ბოლოს, ზედმეტი ოცი ლარი დამეხარჯა, მეტი ხომ არა? ნიკა უკვე იქ დამხვდა. _ ლო! _ დამიძახა და ახლოს მივედი თუ არა, ხელი ღონივრად ჩამომართვა, _ როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა? მისი ხმით ნათქვამი «ლო» ჟრუანტელს მგვრიდა. არ ვიცი, მომეჩვენა, თუ მართლა ასე იყო, მაგრამ თითქოს შეაყოვნა ჩემი თითები თავის ხელისგულში… შეიძლება ოდნავ მომიჭირა კიდეც… იქნებ მინდოდა ასე ყოფილიყო და იმიტომ მეჩვენებოდა? პასუხი ვერ გავეცი… «ღმერთო, რა იმპოზანტურია! ყველაზე ლამაზი მამაკაცია, ვინც კი ოდესმე მინახავს! განა ამის ხელიდან გაშვება შეიძლებოდა?!» მოულოდნელად ვიგრძენი, რომ საცაა, გული წამივიდოდა, რადგან ეს უკანასკნელი ორჯერ სწრაფად ძგერდა, ვიდრე საჭირო იყო. _ შენ რა, სიმაღლის ხომ არ გეშინია? რაღაც ფერი წაგივიდა… ცუდად ხარ? _ მხარზე შემეხო. _ არა, არაფერი… უბრალოდ, თავბრუ დამეხვა. არა უშავს, გამივლის… აი, გამიარა უკვე, _ ნაძალადევად გავუღიმე და მზერა ავარიდე. 8 8 8 თვითმფრინავი დაეშვა თუ არა აეროპორტში, ეგრევე სასტუმროს მივაშურეთ, თუმცა იქ დიდხანს არ დავრჩენილვართ. ბარგი დავაბინავეთ მხოლოდ. ჩემი ნომერი ძალიან დიდი და ნათელი გამოდგა. როცა ვესტიბიულში დათქმულ დროს ჩავედი ნიკასთან შესახვედრად, გამიკვირდა, ისე უბრალოდ იყო ჩაცმული, საქმიანი შეხვედრისთვის გამზადებულს არ ჰგავდა. მე კი… _ ასე აპირებ წამოსვლას? _ ღიმილი ვერ შეიკავა. _ მაგრამ სად მივდივართ? მეგონა, საქმიანი შეხვედრა გველოდა. _ დღეს კვირაა, რა საქმიანი შეხვედრა. უბრალოდ, დავათვალიეროთ პარიზი. საქმეები ხვალ, დილიდან. ადი, გამოიცვალე. უხალისოდ ავბრუნდი ნომერში. ნერვებს მიშლიდა ეს გასეირნება. დაბოღმილი ვიყავი, ცალ-ცალკე ნომერი რომ აეღო. თუმცა, რატომ მქონდა იმის იმედი, რომ ღამეს ერთ ნომერში გავათევდით, არ ვიცი. მან ხომ, ფაქტობრივად, ჩემთან სასიყვარულო ურთიერთობა გაწყვიტა? სამი საათი ვიარეთ. ეიფელზეც ამიყვანა, ლუვრის სასახლეც დამათვალიერებინა, კიდევ ბევრი სხვაც, მაგრამ ხასიათი მაინც ვერ გამომიკეთდა. სხვა დროს ალბათ სიხარულისგან ფრთები შემესხმებოდა, ახლა კი არაფერი მიხაროდა. ისე ვიყავი მოდუნებული და ისე ურეაქციოდ ვათვალიერებდი ყველაფერს, ლამის გავაგიჟე. _ რა გჭირს? რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები. მითხარი, რატომ ხარ ასეთი სევდიანი, _ ვინ იცის, მერამდენედ მიმეორებდა მსგავს ფრაზებს. მე კი თავს ვაქნევდი, დავიღალე-მეთქი, ვიმიზეზებდი. არადა, კრიჭა მქონდა შეკრული, იმდენად განვიცდიდი მის გულგრილ დამოკიდებულებას. საჭმელიც კი ისე უგემურად ვჭამე, გემო ვერ გავუგე ვერც სალათას და ვერც ხორციან კერძს, რომლის სახელიც ვერა და ვერ დავიმახსოვრე. ბოლოს ყველაფერმა ერთად დამღალა _ ცალკე მგზავრობამ, ცალკე გასეირნებამ, ცალკე ნერვიულობამ და ვთხოვე, სასტუმროში დავბრუნდეთ-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. უსიტყვოდ დავბრუნდით უკან. ვუთხარი, ვახშამზე არ დამელოდო-მეთქი და ცივად დავემშვიდობე. შევედი თუ არა ნომერში, წყალი გადავივლე და ეგრევე საწოლში შევწექი. აბრეშუმის თეთრეულმა სასიამოვნოდ მომთენდა და მივდე თუ არა თავი ბალიშზე, მგონი, მაშინვე ჩამეძინა. დილით ჟანმა, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა, კვლავ გამოგვიარა და «ლუმიდარკის» ოფისში წაგვიყვანა, კომპანიის პრეზიდენტთან შესახვედრად… და დაიწყო მუშაობა, მუშაობა და მუშაობა. შემდეგ იყო შესვენება და ლანჩი. მათი საუბრიდან არაფერი მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, ნიკა საქმიან წინადადებებს რომ სთავაზობდა მიშელ ტოსტივინტს. უცნაური გვარის მამაკაცი იყო, ძლივს დავიმახსოვრე, სამაგიეროდ, აღმოსავლური იერი ჰქონდა და ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. მე მათ პირდაპირ ვიჯექი, ტოსტივინტის პირადი ასისტენტის გვერდით. საქმიანმა მოლაპარაკებამ ალბათ სამი საათი მაინც გასტანა. იქიდან კვლავ სასტუმროში დავბრუნდით. საღამოს მიშელმა ვახშამზე დაგვპატიჟა და ამიტომ ცოტა უნდა დაგვესვენა. ნიკა შემპირდა, ხუთისთვის გამოგივლი და მზად დამხვდიო. დიდად არ მომიკლავს თავი, გაპრანჭვის არც სურვილი მქონდა და არც თავი. ერთადერთი ის იყო, რომ ლამაზად ჩავიცვი. არ მინდოდა, ფრანგებს ცუდი შთაბეჭდილება დარჩენოდათ საქართველოზე, უგემოვნო ქალები ჰყოლიათო. ნიკა უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე ველოდი. ფრთხილად დააკაკუნა კარზე, როგორც ჩვეოდა ხოლმე, ძლივს გასაგონად. უხალისოდ გავუღე და არ დაველოდე, როდის შემოვიდოდა, გამოვბრუნდი და ჩემი საქმე გავაგრძელე, მაკიაჟს ვიკეთებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.