შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეექვსე]


17-03-2016, 00:43
ავტორი N7
ნანახია 2 598

VI.
დიდხანს მომიწია ფიქრი. ფიქრი და სხვა არაფერი. სახლიდან არ გავდიოდი მთელი თვის მანძილზე. ვიჯექი და ვფიქრობდი გრძნობაზე, რომელიც ოდესღაც როის მიმართ გამაჩნდა. იყო ეს სიყვარული? თუ გამოუცდელობისგან მიღებული სიამოვნება იყო?
და მივხვდი, რომ ამას ვეღარასდროს გავარკვევდი, რადგან მან დამტოვა. ასე, უბრალოდ, შეუერთდა სიცივეს და უარი თქვა ჩემს სითბოზე.
ჩემს სიცოცხლეს ჩამოქაჩა კოკა ჟორჟოლიანმა, როცა მაიძულა გამოვქცეულიყავი და შემყვარებოდა. ჩამოქაჩა და ჯოჯოხეთისკენ გადაისროლა. ჰოდა, დავიწვი. ჩემი დრო გავატანე ორ მამაკაცს, საპირისპირო გაგებით.
და მე მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა და ჟორჟოლიანისთვის უდიდესი ტანჯვა მიმეყენებინა. ოღონდ ახლა მორალურად ძლიერი ვიყავი. იმდენად ძლიერი, რომ, თუნდ ზედ შემდგომოდა ტალახიანი ფეხებით, მაინც არ ამომხდებოდა სულისმიერი კივილი.
ვერ მოვახერხე და ვერ გამოვიტირე როი. სახლიდან წამოვედი და მოტელში დავბინავდი. არ შემეძლო ნივთებისთვის მეყურა, რომელიც როისთან გატარებულ თითოეულ წამს მაგონებდა.
ლევანი ყოველდღე მოდიოდა ჩემთან და საჭმელი მოჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიფიტებოდი და როის გავყვებოდი. თანახმა ვიყავი ამაზეც, ოღონდ ჯერ ჩემი საქმე უნდა დამესრულებინა.
ერთი თვის თავზე, ზუსტად იმ რიცხვში, როცა როიმ დამტოვა, ცუდად გავხდი. ღებინება დამეწყო. სამი დღის მანძილზე ვერაფერს ვიკარებდი პირში და იმდენად დავსუსტდი, ფეხზე ადგომა მიჭირდა. თავიდან ვერაფერს მამჩნევდა ლევანი, მესამე დღეს კი, როდესაც ადგომა მთხოვა და ვერ ავდექი, თავი გაიგიჟა და საავადმყოფოში წამიყვანა.
ორივე ვფიქრობდით, რომ არასწორი კვებისგან გამოწვეული იყო ყოველივე. მეტიც, ექიმმაც მსგავსად იფიქრა. დამაწვინეს და გადასხმები გამიკეთეს. ღამე რომ ვერ შევძელი დაძინება, დამამშვიდებლით გამაბრუეს.
მეორე დღე იყო აპოკალიფსი. არ ვიცოდი უნდა გამეხარა თუ პირიქით. ყოველშემთხვევაში, დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, როცა ანალიზის პასუხით, სახეგაბადრული ექიმი შემოვიდა პალატაში.
– გილოცავთ, ორსულად ხართ! – თქვა და ჩემმა დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტა.
გავითიშე. ზედმეტი ემოციებისგან ვეღარ შევიკავე თავი და წუთიერ სიბნელეს შევუშვირე თავი.

ზუსტად ერთ კვირაში საქართველოში დავბრუნდი. ლევანი აღარ შევაწუხე და, როგორც იყო, აეროპორტში მივედი, ერთიანად გამოფიტული და განადგურებული.
ვაცნობიერებდი, რომ ძალიან, ძალიან გამიჭირდებოდა ამერიკაში, სრულიად მარტო, ბავშვის აღზრდა და მომიწია იქ დაბრუნება, სადაც არ მინდოდა, სადაც არსებობა გულს მირევდა. მხოლოდ, ვიმეორებ, ბავშვის გამო მომიხდა.
ტაქსით მივედი სახლში. ჩაკეტილი იყო, ალბათ, არც არავის უცდია გახსნა, ჩემი წამოსვლის შემდეგ. კარი გავაღე და მაშინვე დავაცემინე. ძალიან სქელი ფენა მტვერი ეფინა ყველაფერს. არ გამკვირვებია, მაგრამ არ მინდოდა საშინლად ამ მტვრის სუნთქვა. ყველა ფანჯარა და კარი გამოვაღე და გარეთ გამოვედი.
ჩემი სახლის ქვედა სართულზე ერთი ქალი ცხოვრობდა – ნანა. ოჯახი რომ ერჩინა, თავდაუზოგავად მუშაობდა დამლაგებლად. იმედი ვიქონიე, რომ ამ ექვს თვეში ჯეკპოტი არ დაეცა და კარზე დავუკაკუნე.
კარი გააღო და გაოცებისგან კივილი აღმოხდა. არ ველოდი და შეშინებული შევხტი. მერე მოვდუნდი და გადავკოცნე.
– როგორ ხარ, ნანა? – ვეცადე სანდომიანი ვყოფილიყავი.
– დედა, სად იყავი, გოგო? – წამოიყვირა და ჩამეხუტა.
რაღა დაგიმალოთ, ველოდი, რომ ქვების სროლას დამიწყებდნენ, არ მეგონა, ასე თბილად თუ დამხვდებოდა, ერთი ადამიანიც კი.
– ამერიკაში, ნან... რაღაც უნდა გთხოვო, რა, – უხერხულად შევიშმუშნე.
– გისმენ, ჩემო გოგო, – მეგობრულად ჩამომისვა ხელზე თითები.
– ხომ იცი, მტვერზე რაც მემართება და ჩემ სახლში ჩემხელა მტვერი დევს... თუ შეძლებ, რომ მიხედო? – ტუჩზე ვიკბინე.
გამიღიმა და რა პრობლემააო – მითხრა.
ჩემი თავის მიკვირდა, როდის აქეთ მეუხერხულებოდა მსგავს თემებზე საუბარი ან თხოვნები?!
გასაღები დავუტოვე ნონას და კიბეებზე დავეშვი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ნუცასთან მინდოდა მისვლა, მაგრამ გული მტკიოდა იმის გამო, რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთხელ არ სცადა ჩემთან დაკავშირება. ვფიქრობდი ასე მანამ, სანამ ჩემ თავს კითხვა დავუსვი: რა იცი, რომ არ სცადა? და მივხვდი, სადაც უნდა წავსულიყავი.
მთელი გზა ნერვიულობისგან მიყინული ვიჯექი ტაქსის უკანა სავარძელზე. ვუყურებდი ქუჩებს და თითქოს ამ პატარა ხნის მანძილზე ყველაფერი ძალიან, ძალიან შეცვლილიყო. ვხედავდი სარკიდან როგორ მჭამდა მზერით მძღოლი. მიცნო, ალბათ... მე ხომ ის ქალი ვიყავი, რომლის შიშველი სურათები მზის შუქზე გამოიტანეს, მთელი ქვეყნის დასანახად. ამაზე ფიქრი მოტივაციასაც კი მაძლევდა იმის, რომ კოკას შევრკინებოდი ისე, როგორც შემეფერებოდა.
ვნერვიულობდი იმაზე თუ როგორ მიმიღებდა ნუცა, ან, საერთოდ, მიმიღებდა თუ არა.
კარზე დავაკაკუნე და დაველოდე. ფეხსაცმლის ხმა გავიგე და შემდეგ კარის ჭრიალი. ჩემდაგასაკვირად, სრულიად უცხო სახემ გამიღო კარი. ქალი იყო, ორმოცდაათს გადაცილებული და ჯერაც ახლა ამდგარი საწოლიდან. ეჭვნარევად შემათვალიერა და ვერც რომ კალამი დაინახა და ვერც ფურცლები, მკითხა:
– შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
დავიბენი და სადარბაზოს მოვავლე მზერა. ნუცას სადარბაზო იყო, მისი სახლი არ შემეშლებოდა, მაგრამ ეს ქალი თავგზას მიბნევდა.
– ვინ ბრძანდებით? ნუცას ვეძებ... – დავიჩურჩულე დაბალ ხმაზე და ვეცადე კარს იქით გამეხედა. ვერ შევძელი.
– რამდენიმე თვეა ამ სახლში გადმოვედი... გაიყიდა და ვიყიდე, – მხრები აიჩეჩა და ხალათი ტანზე შემოიტმასნა.
დავიბენი, ავირიე და ტირილი მოვინდომე. ტუჩზე ვიკბინე, ბურთი ყელიდან უკან გადავუშვი, ბოდიში მოვიხადე და არეული გამოვბრუნდი.
ტელეფონზე ნუცას ნომერი მოვძებნე, მაგრამ სად ვიპოვნიდი... ძველი ტელეფონი ხომ მოვიშორე!
სადარბაზოს ბოლო სართულის კიბეზე მძიმედ დავეშვი და სახე ათრთოლებულ ხელებში ჩავმალე.
– რა გავაკეთო? – დავიჩურჩულე ისე, თითქოს ვიღაც პასუხს მომცემდა.
ალტერ ეგომ ამომძახა: დედაშენთან წადიო. უპასუხოდ დავემორჩილე. ან კი, სხვა რა გზა მქონდა? ის ჩემი ერთადერთი შანსი იყო. შანსი იმის, რომ სწორ გზაზე დამაყენებდა და დახმარების ხელს გამომიწვდიდა პერიოდში, რომელიც კრიზისს უკვე ძალიან, ძალიან გაშორებოდა.
მატარებელში ჩავედი. ნელ–ნელა უნდა მეცადა ხალხში ადაპტირება. დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა იმისთვის თუ რას იტყოდნენ და როგორი თვალებით შემომხედავდნენ ისინი, რადგან მე უფრო დიდისთვის უნდა მებრძოლა, რაღაც უფრო გრანდიზულისთვის, რასაც შვილი და მისი კეთილდღეობა ერქვა.
შვილმა მაიძულა ცხოვრების გაგრძელება და იქ ყოფნა მაშინ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
ხალხის მზერამ გამაკვირვა. ყველა ისეთი თვალით მიყურებდა, მეგონა პრეისტორიულ ხანაში დაბრუნდნენ და მათთვის გახდა სამოთხის ხილი იყო. ან რა გახდაზეა საუბარი, როცა იმდენსაც კი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ფოტოშოპი იყო. ფოტოშოპი, რომელიც გამოიყენა კაცმა, რომელიც ძალიან გავანაწყენე. ისინი ხომ მომსწრენი იყვნენ ჩემი უარის?! რა იყო ამის მერე ასეთი გასაკვირი?
– ღმერთო, ლილი, – ამოისლუკუნა დედაჩემმა, ზღურბლს გადმოაბიჯა და ჩამეხუტა.
განადგურებული მეჩვენა იმ წამიდან, როგორც ოდნავ მოვკარი თვალი. ან კი, მიკვირდა? მქონდა უფლება გაკვირვების?
– ცოცხალი ხარ... – უკან დაიხია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
– ცოცხალი ვარ, აბა მკვდარი? – გამიკვირდა.
– განა შეიძლება, სხვანაირად გვეფიქრა? – ცრემლი ჩამოუგორდა მარჯვენა ლოყაზე. – სად იყავი, დედა?
– სახლში არ მიშვებ? – შევხედე საცოდავი თვალებით და ისიც ისე ფართოდ გაიწია კარიდან, თითქოს ძალიან მსუქანი ვიყავი და ვერ გავეტეოდი.
დედას სახლში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. მხოლოდ რამდენიმე ნივთი მოეშორებინა, მე რომ ძალიან მძულდა და ვეხვეწებოდი გადაყარე–მეთქი. თან მეამა და თან გამწიწკნა გულმა. როგორ გავბედე ასე უთქმელად წასვლა... ალბათ, როგორ ვატკინე მათ, ვისაც მართლა ვუყვარდი. თან უნამუსოდ ვიკარებდი იმაზე ფიქრს, რომ ისინი არც კი მეძებდნენ, არც კი დარდობდნენ ადამიანზე, რომელსაც საქვეყნოდ მოსჭრეს თავი და აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი.
ახლა უკვე არ მიკვირდა, რატომ არ მეძებდნენ. უფრო სწორად, რატომ ვერ გამოდიოდნენ ჩემამდე. ჟორჟოლიანის სიძულვილის კიდევ ერთი მიზეზი გამიჩნდა.
სამზარეულოში დახლთან, მაღალ სკამზე ჩამოვჯექი და ყავა ვთხოვე ნატას.
– სად იყავი? რას დაემსგავსე? – მომაყარა კითხვები მას შემდეგ, რაც გაზქურაზე ჩაიდანი შემოდო.
– ძალიან გრძელი ამბავია... – ამოვიხვნეშე.
– არსად მეჩქარება, – ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და ძალიან მკაცრად მითხრა. იმდენადაც კი, რომ შემეშინდა, თუ სიმართლეს მოვუყვებოდი, ალბათ, არც მაპატიებდა.
– დე, მაპატიებ? – ვკითხე შეპარვით.
ხმამაღლა ამოიხვნეშა და მე ტანში გამცრა.
– არაფერია საპატიებელი... აქ რომ დარჩენილიყავი, ახლა შენს სანახავად საგიჟეთში მომიხდებოდა სიარული, – მტკივნეული ღიმილი აიკრო და სიგარეტს მოუკიდა.
– სხვა გზა არ იყო, შენ ხომ გესმის, აღარ შემეძლო მეტი... – წამოვიწყე და მეც მოვუკიდე. – კოკას თეკლას ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დავეჯახე. ყველაფერი იმდენად რეალური იყო... რაღაც მწარე კომენტარი ჩავურთე ხალხის თანდასწრებით და მაგის მერე გადმომემტერა, დე... – ხმა ამიკანკალდა და ცოტა ხნით შევისვენე.
დედა ხმამაღლა სუნთქავდა და სიგარეტის ბოლს ღრმად უშვებდა ორგანიზმში. მეცოდებოდა... მისი ლამაზი სახე მეცოდებოდა, რომელიც ჩამომჭკნარიყო, რომელზეც ასაკს ემარჯვა. ასაკი კი არაფერ შუაში იყო, რადგან ნატა უკიდურესად უვლიდა თავს. ყველაფერში მე მიმიძღოდა ბრალი.
– დე, შემიყვარდა და დავკარგე... – ცრემლები მოვაყოლე სიტყვებს. – ჯერაც მაშინ, როცა ახლად ვგრძნობდი, ახლად ვეცნობოდი, დავკარგე... ერთადერთი, რაც მისგან დამრჩა, შვილია, რომელსაც მუცლით ვატარებ.
ხველება რომ აუტყდა, მაშინ მივხვდი – წასული იყო ჩემი საქმე. მივხვდი კი არა, ვიფიქრე. ვიფიქრე და სერიოზულად შემეშინდა. რაღა უნდა იყოს იმაზე უარესი, დედა რომ გაქცევს ზურგს?!
– ორსულად ხარ, ლილი? – აღმოხდა გაოცებულს.
წყალი დაისხა და დალია. ჭიქაზე შემოხვეული თითები ისე უთრთოდა, მეგონა დაუვარდებოდა.
– როი ერქვა, ნატა, და ამ ქვეყნად ყველაზე საოცარი ბიჭი იყო! – გამეღიმა.
– როდის მოასწარი ასე შეცვლა... – ცრემლები ჩამოუგორდა, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. – იმედი მაქვს, კარგად იქნები.
ყველაფერმა ასე თუ ისე რომ ჩაიარა, ნუცაზე გამოვკითხე ნატას. აღმოჩნდა, რომ ჩემმა გაუჩინარებამ ძალიან ატკინა მას. დიდხანს ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. მერე ვაკოს შეურიგდა და ბათუმში გადავიდნენ. არ ვიცი, უნდა მწყენოდა თუ გამხარებოდა, ასე რომ, ორივე ემოციამ ერთდროულად იჩინა თავი.

სახლში ასვლამდე ნანას გავუარე, გასაღები გამოვართვი და ვკითხე – რამდენია ჩემზე–მეთქი. ისე იუარა, მე თვითონ შემრცხვა და უბრალო მადლობით გამოვშორდი.
– ყავაზე ამომიარე! – მივაძახე კიბეებიდან და გზა გავაგრძელე.
მთელი სოც. ქსელი ამოვატრიალე ნუცას ძებნით – ვერსად ვიპოვნე. მერე ნომერს დავუწყე ამაო ძებნა. შიგნიდან რაღაც მჭამდა და თავს ვუმეორებდი, რომ ღირსი ვიყავი. როგორ გავბედე მათ უთქმელად წასვლა? მაგრამ თან ვერც ვამტყუნებდი თავს. არა, ეს არ იყო ეგოიზმი. ეს რეალობა იყო. რომ წავედი ამერიკაში და არა მოუსვლელში, ეს უკვე სამადლობელო თემა იყო, რადგან მოუსვლელში წასასვლელად ადეკვატური მიზეზი მქონდა.
ბოლოს ნუცას მეგობარს დავეკონტაქტე. ვეხვეწე, რომ ნომერი ან მისამართი მოეცა, მაგრამ იმდენად სკეპტიკურად იყო ჩემ მიმართ განწყობილი, არაფერი გამომივიდა. მადლობა ვუთხარი მაინც, პატარა, არსებითი ყურადღებისთვის და კომპიუტერი დავხურე.
სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარასთან მივედი. ყველაფერი ყელში იყო უკვე და იმდენად მიჭერდა, სუნთქვა უბრალოდ აღარ შემეძლო.
არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, როგორ გადამეხადა სამაგიერო ჟორჟოლიანისთვის. ის ჯერაც პრეზიდენტი იყო, ქვეყნის პირველი პირი და იქნებ მეც ზედმეტად დამეკარგა ფუნქცია მის თვალში?! ალბათ, ეგონა, გამანადგურა და ამით ყველაფერს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. უნდა დამემტკიცებინა, რომ მე ასე უბრალოდ არ ვნებდებოდი. არ ვაპატიებდი არც ერთ ტკივილს, რომელიც მან მომაყენა. უბრალოდ, ვერ ვაპატიებდი. ვერ.
და მე არ ვიცოდი როდის და როგორ დამეწყო. არავითარი იდეა არ გამაჩნდა. მივსულიყავი კოკასთან თუ შორიდან დამეწყო ფლირტი – ვერ ვარჩევდი.
და, როცა ჩემი კარის ზღურბლს იქით კოკა ჟორჟოლიანი დავინახე, მივხვდი უძლური ვიყავი ამ ტირანის წინაშე.
ჰო, ის მოვიდა ჩემთან, უნამუსო ღიმილით.
– შეიძლება?
მკითხა, მაგრამ არ დამაცადა, ისე გადმოაბიჯა კარის ჩარჩოს და მისაღებში შევიდა.
– გამიხარდა შენი დაბრუნება, – სიცილს ამოაყოლა სიტყვები და სავარძელში ჩაეშვა.
ღმერთო, ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ. ამდენი ხნის მერე, როცა ჩემი ‘გამანადგურებელი’ დავინახე, ყველა გეგმა, ყველა იდეა, ყველა შემართება წამში გასწორდა მიწასთან.
– რა გნებავთ, ბატონო კოკა? – ვეცადე ირონიულად გამეღიმა, მაგრამ, ვგონებ, შიშით გაჟღენთილი ღიმილი უფრო გამოვიდა.
– მე? – არ წყვეტდა სიცილს. – მე არაფერი არ მნებავს. – მხრები აიჩეჩა და გააგრძელა: – რამე დაუწუნე ამერიკას?
ამოვიოხრე და კედელს ავეკარი.
– ბევრი ტკივილი მომაყენე და მაინც არ წყვეტ? განა რა დავაშავე ასეთი გრანდიოზული, ეს ყოველივე რომ დავიმსახურე შენგან? – ვცდილობდი ხმაზე არაფერი დამტყობოდა, მაგრამ მაინც გამებზარა.
– მე მოგაყენე ტკივილი? – წარბები ზემოთ აზიდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ინტერესიანი მზერით მომაჩერდა. – როგორ გეკადრება... ეს შენ მიაყენე შენ თავს ტკივილი.
– მორჩი რა, მორჩი! – გამოვცერი კბილებში. – რაზე მოხვედი?
– მოკითხვა მინდოდა შენი, უბრალოდ, – გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა.
– როდის აქეთ ეწევით, ბატონო კოკა? – გავუღიმე მეც, ირონიულად, ოღონდ.
– რთული ყოფილა ქვეყნის პრეზიდენტობა.
– და ამის გამო მომკალით?
– ცოცხალი ხარ..
– გააჩნია, რას ეძახით თქვენ სიცოცხლეს!
– რომ დგახარ ახლა ჩემ წინ, რომ სუნთქავ და მესაუბრები, ეგაა სიცოცხლე, – თვალი ჩამიკრა.
– შენთვის ეგაა სიცოცხლე? მაშინ გულწრფელად მეცოდები და ვხვდები, რომ აღარაფერი გაქვს, რაც დაგაკლდება, იმიტომ, რომ ბედნიერება და ცხოვრება გაკლია! შენთვის მატერიალური კეთილდღეობაა უპირველესი, აი, ამიტომ ხარ შესაბრალისი! – დავიჭირე მისი სუსტი წერტილი და ბოლომდე გამოვწოვე.
– ისევ ბევრს ტლიკინებ! – გაცეცხლებული მომვარდა და დისტანციით დადგა ჩემთან.
ისეთ დიდგულზე მოვედი, ასე მეგონა თუ მოვინდომებდი, ამ სპილოდქცეულ კაცს ჭიანჭველად ვაქცევდი.
ჰოდა, მოვინდომე.
– მადლობა, კოკა, დიდი მადლობა! შენი უაზრო ქცევები ჩემი ბედნიერების საწინდარი გახდა, – გავუღიმე, – რამდენიმე თვეში მე შვილთან ერთად ვიბედნიერებ და შენ კიდევ ისევ უბედური ადამიანი იქნები შენს სკამთან ერთად! წარმატებულ პრეზიდენტულ კარიერას გისურვებ, არც კი მინდა ვიფიქრო, რამდენად გიჭირს, რადგან უფრო შემეცოდები, შენ კი არ გინდა, რომ მეცოდებოდე!
ვეღარ გაუძლო ამდენს და ბოღმამოზღვავებულმა დამტოვა.
ახლა თუნდ სუიციდით დაესრულებინა, მე სუფთა ვიყავი.
ოღონდ რომელ რეალობაში, ვერ გეტყვით.
***
კიდევ მაპატიეთ დაგვიანება.
მიყვარხართ და თუ ისეთი ვერ არის, როგორსაც ელოდით, ეგეც მაპატიეთ.. თუ შეძლებთ.



№1  offline წევრი teddy))

Ara namdvilad dzalian kargia rogorc am istorias sheefreeba :* tavidan megona mxiaruli ikneboda magram... Chaxlartulia! Ar velodi bavshvs :* tavidan megona ertmaneti sheuyvardebodat kokas da amas, magram axla imedi gadawuruli makvs nu naxevrad mainc darcha! :* tavidan raxan ase vidiqre axlac minda, rom ase iyos, magram ramdenat shesadzlebelia rom amat ertmaneti sheuyvardet ar vici :* velodebii shemdeeg tavs! Kargi ikneba nucas tu chakitxavs batumshii :*

 


№2  offline წევრი N7

teddy))
Ara namdvilad dzalian kargia rogorc am istorias sheefreeba :* tavidan megona mxiaruli ikneboda magram... Chaxlartulia! Ar velodi bavshvs :* tavidan megona ertmaneti sheuyvardebodat kokas da amas, magram axla imedi gadawuruli makvs nu naxevrad mainc darcha! :* tavidan raxan ase vidiqre axlac minda, rom ase iyos, magram ramdenat shesadzlebelia rom amat ertmaneti sheuyvardet ar vici :* velodebii shemdeeg tavs! Kargi ikneba nucas tu chakitxavs batumshii :*

ვნახოთ, ვნახოთ.. მიხარია, რომ მომყვები, მოგწონს love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ცოტა გაზარდე თავები,
ან ხშირად დადე ხოლმე,
მარ.
მიყვარხარ მე შენ და ეს ისტორია ყველაზე მეტად.
შენებიდან ეს მიყვარს სულ სხვანაირად.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი N7

Eleniko13
ცოტა გაზარდე თავები,
ან ხშირად დადე ხოლმე,
მარ.
მიყვარხარ მე შენ და ეს ისტორია ყველაზე მეტად.
შენებიდან ეს მიყვარს სულ სხვანაირად.

ვგიჟდები შენზე, მართლა:)
ვეცდები შევასრულო თხოვნა <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent