ჭირვეული სტუმარი (20 თავი)
მეოცე თავი არიან ემოციები, გრძნობები, შეგრძნებები რომელიც არ გეკითხებიან მოვიდნენ თუ არა, შენგან დამოუკიდებლად იკავებენ ადგილს შენს ცხოვრებაში, ჯიქურ გიტევენ, მოიწევენ, გიპყრობენ, რას დაარქმევ სახელად ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ იცი, რომ ამ გრძნობის გარეშე არაფერი იყავი, ვეღარ იარსებებ, მოკვდები. თუ დამიჯერებ ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მიყვარდა, არ მინდოდა ამ გრძნობის ჩარჩოებში მოქცევა. თითქოს ავადმყოფობად მექცა, მიყვარდა არანორმალურად, უზომოდ, მისით ვიყავი შეპყრობილი. მიყვარდა ის - რაც მას უყვარდა, მომწონდა ის - რაც მას მოსწონდა. ვიცოდი, რომ სოკოზე, განსაკუთრებითკი ფშავის სოკოზე გიჟდებოდა და იმისთვის რომ ოდნავ მაინც გამეხარებინა, მთის წვერზეც კი ვძვრებოდი და საკუთარი ხელით ვკრეფდი, სათითაოდ ვარჩევდი საუკეთესოს. ბიჭებიც კი მყავდა გაფრთხილებული, რომ თუ ჩემი არ ყოფნის დროს ჩამოვიდოდნენ კაიშაურები სოფელში, სოკო ჩემი სახელით თვითონ მიეტანათ. ალბათ, გაგეცინება, სოკო რა სალაპარაკოაო, მაგრამ მე ემოციების და გრძნობების გამოხატვა არ მეხერხებოდა. ასე ვცდილობდი, სულ ოდნავ მაინც გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება. მინდოდა თუ არ მინდოდა, ფეხებს მაინც მასთან მივყავდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქცევა ალოგიკური იყო, ვერც კი გეტყვი რამდენი ღამე მითენებია მის კორპუსთან, იმ იმედით რომ უბრალოდ გავლილს მაინც დავინახავდი, მის ღიმილს, მის სიცილს გავიგონებდი. ალბათ მკითხავ, ნახვას ვინ გიშლიდაო, არც არავინ, მაგრამ განა ნორმალური იყო, ერთი საათის დაშორებული ისევ მასთან მივსულიყავი?! რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, არც ქეთის უთქვამს ოდესმე რომ ვუყვარდი, ეს სიტყვები მისგან ერთხელაც კი არ მომისმენია, თუმცა ამის თქმა არც მჭირდებოდა, ჩემი დანახვისას მის თვალებში იმხელა სიხარულის სხივსა და დაუფარავ გრძნობას ვხედავდი, ბრმა უნდა ყოფილიყავი მის სიყვარულში ეჭვი შეგპარვოდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. ნელ-ნელა დავუახლოვდი მის მეტიჩარა მეგობარსაც, იმას ასე მონდომებით რომ მიწოდებდა ზესიმპატიურს. საოცრად ცოცხალი და პირდაპირი ადამიანი იყო გვანცა. საშუალო სიმაღლის, ანცი შავი თვალებითა და მუდამ მომღიმარი სახით. პოზიტიური და დადებითი გოგონა გაცნობისთანავე მოეწონა მასსავით უდარდელსა და მხიარულ ოთოს, ჩემგან განსხვავებით არც ასაკობრიც სხვაობაზე უდარდია ბევრი და საკმაოდ მალე ერთ-ერთ საუკეთესო წყვილადაც იქცნენ. - გვანცა და ოთო?! - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა ნაცნობი სახელების გაგონებისას. - შეუძლებელია! გვანცა ჩემი ნათლიაა... - ხმა ჩამიწყდა მე ნათლიაჩემის მუდამ მომცინარი და თბილი თვალების გახსენებაზე. რა თქმა უნდა მამაჩემის ვინაობა მათთვისაც არაერთხელ მიკითხავს, ოთო მამაჩემთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ კითხვას აგდებით იშორებდა თავიდან, ლევანის ხსენებაზე თვალები რისხვითა და სიბრაზით ევსებოდა და მუდამ მიმეორებდა, რომ მასზე ფიქრი შემეწყვიტა. ეხლა კი რა გამოდიოდა? ადამიანი, რომელიც ყოველთვის მიმეორებდა, რომ მამაჩემის ნახვის სურვილი არ უნდა მქონოდა, მამაჩემის მეგობარი ყოფილა. - ოთო შენი მეგობარია? - იყო დრო ორივენთვის კუპიდონების როლსაც კი თამაშობდნენ, საბოლოოს ქეთის დაკარგვა არ მაპატიეს და ერთმანეთს დავშორდით... უფრო სწორედ მე დავშორდი... არ შემეძლო მათთან ურთიერთობა, ყოველი მეორე სიტყვა, თითოეული ჩვენი მოგონება კაიშაურს უკავშირდებოდა, ჩემთვის ზედმეტად მტკივნეული იყო წარსულის გახსენება... - ვერაფერი გავიგე, გყავდათ საერთო სამეგობრო, რამდენადაც შენი მონაყოლით ვხვდები, არც ბებია და მით უმეტეს არც ჯაბა თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაშ რა მოხდა ასეთი, რომ... არ მინდა მცდარი დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თქვენი დაშორება შენი ინიციატივით მოხდა. - აშკარად იმედგაცრულებული ვუმზერდი ლევანს. ზედმეტად ახლოს ვიყავი სიმართლესთან, მამაკაცმა თავი დახარა, ვხვდებოდი, რომ ამ თემაზე საუბარი უჭირდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა, შედარებით რბილად როგორ გადმოეცა სათქმელი. -მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გრძნობების გამომჟღავნებას ვერიდებოდით, სიმართლე მაინც ყველამ იცოდა. ჭორი, პრინციპში ეს ჭორი აღარც იყო, ჩემი და კაიშაურის ქალბატონის სიყვარულზე იმაზე სწრაფად გავრცელდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ხეობაში ქეთის ყველა გოგოჭურების რძლად, უფროსწორედ სარძლოს სახელით იცნობდნენ. იმედია ტრაბახში არ ჩამომართმევ, ჩემს ოჯახს როგორც ადრევე ავღნიშნე საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ, ამას ისიც დაემატა რომ ფშავში ყოფნისას ხშირად მიწევდა პროფესიიდან გამომდინარე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ჩემი პაციენტები ძირითადად იქაური ბუნტისთავები და ჩხუბისთავები იყვნენ, რომლებსაც პოლიციასთან მოსალოდელი გართულების გამო, დიდად არ ხიბლავდათ საავადმყოფოში ექიმთან სიარული. მოკლედ, როგორც ზურა ამბობდა, კუთხეში თუკი ვინმე თავგატეხილი ან დასახიჩრებული დადიოდა, საბოლოო ყველა ჩემთან მოდიოდა. იმდენად ბევრი ადამიანი მოდიოდა, დარწმუნებული ვარ ამის შესახებ რაიონულ ძალოვან სტრუქტურებშიც იცოდნენ, თუმცა რადგან მთაში ჩხუბი და ერთამანეთის დაჭრა საკმაოდ ხშირად ხდებოდა, თითქოს მათაც მობეზრებული ჰქონდათ ერთი და იგივე პირების რამოდენიმეჯერ დაკავება. მთავარია ჩხუბი მკვლელობით არ დასრულებულიყო, სხვა კატეგორიის საქმეებზე უკვე საქმის აღძვრაც კი ეზარებოდათ და არც მე მაწუხებდნენ დიდად. ნაკლებად ხდებოდა, ისე რომ ასეთი შეხლა - შემოხლის დროს მხოლოდ ერთი მხარე დაზიანებულიყო, ორივე მხარე საკმაოდ მრავლობითი ჭრილობებით დახმარების სათხოვნელად ჩემთან მოდიოდა. ჩემსდა უნებურად სამედიცინო დახმარების გარდა, მედიატორის როლსაც ვკისრულობდი და ვცდილობდი, მოჩხუბრები როგორმე ერთმანეთთან შემერიგებინა. სჭირდებოდათ თუ არა ამბოლატორიული წოლა, რამოდენიმე დღე ჩემთან ვტოვებდი, ზოგჯერ ერთ-ერთ მხარესთან საუბარში დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას განგებ ვამძიმებდი, რომ ერთმანეთი შესცოდებოდათ და შერიგების მეტი სურვილი გამოეთქვათ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო უმეტესად ეს მეთოდი ამართლებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მთხოვდა, მე მაინც მსიამოვნებდა მათი შერიგება და არც ძალისხმევას ვიშურებდი ამისთვის. პოლიციასაც რა ეთქმოდა?! თითქოს თვალის დახუჭვით ხელსაც კი მიწყობდნენ, რომ მხარეებს ერთმანეთში არსებული კონფლიქტი როგორმე მშვიდობიანად დაესრულებიათ. შესაბამისად მხარეები რიგდებოდნენ და ჩემს პაციენტებს ჩხუბის გამო არავინ აკავებიდა. ძალიან უმადური უნდა ყოფილიყო ადამიანი ჩემი კეთილი სურვილი რომ ვერ დაენახა, ვის, ვის და მთას კი უმადურობა ნამდვილად არ სჩვეოდა. პატარა ბავშვივით მიხაროდა ჩემგან წასული პაციენტები შერიგებულები, ჯამრთელები და ბედნიერები რომ მიდიოდნენ. ანალოგიურ სიყვარულს ვგრძნობდი მათგანაც. მართალია ნაწილობრივ კანონს ვარღვევდი, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად მიღირდა. ისიც საკმაოდ კარგად იცოდნენ, რომ საჭიროების შეთხვევაში, თუ ერთმანეთთან არ მორიგდებოდნენ, მტყუან- მართლის გარჩევას არ დავიწყებდი, მათ მკურნალობაზეც უარს ვიტყოდი და თუ ძალიან გამომიყვანდნენ მდგომარეობიდან, არც მათთან ჩხუბში ჩართვაზე ვიტყოდი უარს. შესაბამისად ჩემთან მოსვლისას, მხარეები უკვე იაზრებდნენ, რომ თუ ჩემგან დახმარება სჭირდებოდათ ნებით თუ ძალით, როგორმე უნდა მორიგებულიყვნენ. როცა ვამჩნევდი, რომ გარკვეული პრობლემების მოგვარება ჩემს ძალებს სცდებოდა, მაშინ სიტუაციის გარკვევაში უფროსებიც, უმეტესად მამა, გამონაკლის შემთხვევაში კი ჯაბაც. ოოო, ამ უკანასკნელის დახმარება მხოლოდ ერთხელ დამჭირდა, უფროსწორედ მისი ინიციატივით ჩაერია, რაც საკმაოდ სახალისო და სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა. დღემდე მახსოვს, ერთი აბეზარი გოჭის გამო ერთმანეთს დატაკებული საკმაოდ ასაკიანი კარის მეზობლების გაოგნებული თვალები უფროსი კაიშაურის დანახვაზე. პრობლემა იმდენად სასაცილო იყო, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი სისულელის გამო თუ შეიძლებოდა ხალხს ერთმანეთში ეჩხუბათ. მოკლედ ერთი, სრულიად უწყინარი, პატარა გოჭი ვერ იქნა და ვერ გადააჩვიეს მეზობლის ეზოში ძრომიალს. როგორ არ ჩაუხერგეს ღობეები, ის კი მაინც ახერხებდა პატარა ორმოს ამოთხრას და ეზოში შეძრომას, შესაბამისად ნათესების მოსპობას და გაპარტახებასაც. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დაზარალებულმა, საკმაოდ ასაკიანმა მეზობელმა ვეღარ მოითმინა და გოჭის პატრონს სახლში მიუვარდა. რათქმა უნდა პატრონმა მეზობლის ქცევა იუკადრისა და შედეგიც სახეზე გვქონდა. მოჩხუბრებიდან, რომელთა საშუალო ასაკიც ალბათ მინიმუმ სამოცდაათ წლამდე მაინც იქნებოდა, ერთი მკლავში იყო დაჭრილი დანით, მეორეს კი თავი ჰქონდა ქვით გატეხილი. როგორ არ ვეცადე, მაგრამ მათი დაშოშმინება ვერა და ვერ მოვახერხე. ასაკით საკმაოდ მხცოვან მამაკაცებს უხეშად საუბარი ვერ შევკადრე, ჩუმად ვიჯექი, თან ჭრილობებს ვუმუშავებდი და თან ერთმანეთის მიმართ მათ მუქარასა და გინებას ვუსმენდი. სწორედ ამ დროს გვესტუმრა ჯაბაც. პირველად ვნახე კაიშაური სამხედრო ფორმაში, ეს ორმეტრიანი კაცი ისეთი ახოვანი და ვაჟკაცური შესახედავი იყო, რომ უნებურად მეც კი ვერ შევიკავე თავი აღტაცების შეძახილისგან. მოწიწებითა და პატივისცემით უმზერდნენ მოჩხუბრებიც. - ვინ არიან? - მოკითხვის შემდეგ ზურას ჰკითხა კაიშაურმა. - რა ვიცი, ჩემმა შვილმა აშკარად მომრიგებელ-მოსამართლის თანამდებობაც შეითავსა, დილას აქეთ ერთი გოჭის ამბავს გვასმენინებს... - სიცილით უპასუხა მამაჩამმა. ერთი შეხედვით იფიქრებდით, თითქოს ჯაბა მთელი გულისყურით მამაჩემთან საუბარში იყო ჩართული, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ცალი ყურით მოჩხუბრებს უსმენდა. ასე ნახევარ საათიანი კამათის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ნელ-ნელა სიტუაცია ისევ იძაბებოდა და თუ არ ვიყოჩაღებდი მხარეები იქვე დაიწყებდნენ ხელჩართულ ჩხუბს, საუბარში კაიშაურიც ჩაერია: - ერთი კარგად მომისმინეთ!... - იმხელა ხმაზე დაიდგრგვინა, რომ ადგილზე შევხტით მოულოდნელობისგან. - მაგ გოჭს თუ არ დაკლავთ და არ შეჭამთ თქვენი დაზავება არ იქნება! მხარეებმა ჯერ კაიშაურს შეხედეს, შემდეგ ერთმანეთს: - თითქოს ვერ მიხვდნენ ეხუმრებოდათ, თუ სერიოზულად საუბრობდა ეს ბუმბერაზი. - ჩვენ რომ ღორის ხორცს არ ვჭამთ?! - ხმაჩამწყდარმა გამოაცხადა ერთ-ერთმა. - ამ შემთხვევაში შეჭამთ! - გვერდულად გამომხედა კაიშაურმა და თვალი ჩამიკრა. - კეთილი, მაგ გოჭს დღესვე გამოვუყვანთ წირვას, თქვენც თუ დაგვეწვევით ბატონო ჯაბა... - საკუთარი მიხვედრილობითა და ენამახვილობით ზედმეტად კმაყოფილმა გადახედა თეთრ წვეროსან მეზობელს გოჭის პატრონმა. მათი შემოთავაზება აშკარად ჭკუაში დაუჭდა კაიშაურს. - რა ვქნათ? დავესწროთ გოჭის „მკვლელობას“?- სიცილით გამოგვხედა მე და ზურას ჯაბამ. -ამათი მკვლელობის დასწრებას, აშკარად გოჭის მკვლელობა სჯობს!... - სიცილს ვეღარ იკავებდა მამაც, რამოდენიმე წუთის წინ მოჩხუბარ, ამჯერად კაიშაურის თანხმობით ზედმეტად გახარებული მეზობლების შემხედვარე, რომლებიც ერთმანეთში შეხმატკბილებულად განიხილავდენ საღამოს გეგმებს. როგორც წესი, ძალოვანი უწყების წარმომადგელებს მთაში დიდად არ სწყალობდნენ, კაიშაური კი მიუხედავად მისი თანამდებობისა მაინც ყველას უყვარდა. ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა ეს კაცი, ამხელა რიდითა და პატივისცემით რომ ექცეოდნენ. იმ საღამოს რა თქმა უნდა ის საცოდავი, ჯიუტი გოჭი შევიწირეთ და საკმაოდ გვიან სიმღერ-სიმღერით დავიშალეთ. მამის ეს ხიბლი აშკარად ქეთისაც მოჭარბებულად ჰქონდა. მისი უშუალო ხასიათის გამო ზედმეტადაც კი უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მთელი ხეობა აფანატებდა უმცროს კაიშაურზე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როცა ჩემი მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება შენიშნეს, თუკი ვინმე გიჟი და გადარეული დადიოდა, ჩემი ყოფილი, თუ მომავალი პოტენციური ოაციენტი, ყველა ჩვენ გვგულშემატკივრობდა, ქეთის რძალსა და საკუთარ დას უწოდებდნენ. ეს არ იყო პირფერობა, მათ უანგარო სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით. მიუხედავად ჩვენი დაშორებისა დღემდე თუკი ვინმეს მის ამბავს გაიგებდა, ჩემთან მოდიოდნე და სიახლეს მაგებინებდნენ. დედაშენი ისევ ანალოგიური სიყვარულით უყვართ და იხსენებენ დედაშენს. - ამდენი ილაპარაკე და მაინც არ თქვი, რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?! ლევანმა ყურადღებით შემომხედა, როცა ჩემს თვალებში დაუფარავი ინტერესი ამოიკითხა, მაგიდაზე დადებული მალბოროს კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, თუმცა ჩემსდა გასაკვირად სიგარეტს არ მოუკიდა, უბრალოდ ხელში ატრიალებდა ნერვიულად. - არ მოუკიდებთ?! - არა... - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა მან -დედაშენი ვერ იტანდა სიგარეტის სუნს... არ უთხოვია, უბრალოდ სახეზე ვამჩნევდი, რომ არ მოსწონდა, როცა ვეწეოდი. ხმამაღლა არ გამიმჟღავნებია, თუმცა სწორედ მისთვის სასიამოვნებლად დავანებე სიგარეტის მოწევას თავი. მიუხედავად ამისა, როცა ზედმეტად ვღიზიანდები ჩვეულებისამებრ ისევ ვიღებ სიგარეტის ღერს, არ ვეწევი, უბრალოდ ხელში ვატრიალებ... ამას ვერა და ვერ გადავეჩვიე. - უცნაურია, დედაზე ისე საუბრობთ, თითქოს ისევ გიყვართ, არადა იოლად შეელიეთ?! - ირონიულად, ზიზღით შევხედე ფორმა დაკარგულ სიგარეტის ღერს. - არასწორად მსჯელობ, მე დედაშენს არ შეველიე, არც დამვიწყებია, არც ჩემი ნებით არ მიმიტოვებია!... უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა, მაშინ ერთად-ერთ სწორ გამოსავლად ეს ჩავთვალეთ!.... - ნერვიულობისგან ხმა უთრთოდა მას. - არ მესმის, ვერ ვხვდები... რა მოხდა ასეთი?! - სასოწარკვეთილებისგან ხმა გამებზარა. - დღემდე მტკივა და მიჭირს ამის გახსენება. წეღან რამდენიმეჯერ აღვნიშნე, რომ დედაშენი ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ალალი, ძმა, მამუკა. არ ვიცი რამდენად მიაქციე ყურადღება, მაგრამ თავიდანვე გითხარი, რომ ტყუპებთან ფშავში ჩამოსვლის დღიდანვე ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვობიდანვე ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ. თუმცა ამას მხოლოდ მეგობრობის გამოვლინებად ვთვლიდი... - არ მითხრა, რომ? - ემოციებს ვეღარ ვიკავებდი მე. - დამაცადე გთხოვ!... - მუდარით შემომხედა ლევანმა - ჩემთვის ისედაც საკმაოდ მძიმეა ამაზე საუბარი... - მაპატიე, ემოციებს ავყევი... - გულწრფელად მოვუბოდიშე მე. - მოკლედ ჩვენი ურთიერთობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დამეფიცება, მიუხედავად იმისა, რომ დღე არ გავიდოდა ქეთი არ მენახა, ჩვენს შორის წრფელი გრძნობის გარდა არაფერი ყოფილა. ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურობას არ ვჩქარობდით, უფრო სწორად მე არ ვჩქარობდი, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მყვარებოდა, უნდა მეღიარებინა, რომ აშკარად ზედმეტად პატარა იყო ოჯახის უღელში შესაბმელად. ამაში რათქმა უნდა უფროსი კაიშაურიც მეთანხმებოდა. მოთმინებით ველოდი, ოდნავ მაინც წამოზრდილიყო ჩემი ქალბატონი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობდა აზრი მისთვისაც მეკითხა, იქნებ უკეთესიც იყო დავქორწინებულიყავით. არ ვიცი, სამწუხაროდ წინასწარ ვერ ვსაზღვრავდი მოსალოდნელ საფრთხეს, მოკლედ პატივს ვცემდი და ველოდი. იზრდებოდა ქეთი და ვერც კი წარმოიდგენ როგორ ლამაზდებოდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწებოდა, ქალური ფორმები უმრგვალდებოდა. დღითი- დღე მიჭირდა უმისობა. ჯაბა მეხუმრებოდა ხოლმე: - ამდენ ხანსაც თუ გაჩერდებოდით არც კი მეგონაო... რამოდენიმე თვეში თვრამეტი წლის უნდა გამხდარიყო, სწორედ ასე მქონდა ჩაფიქრებული, მის დაბადების დღეზე უნდა მეთხოვა ხელი. იზრდებოდა ქეთი და იზრდებოდნენ ტყუპებიც. რამოდენიმეჯერ შევნიშნე მამუკას დაჟინებული მზერა, ზედმეტად მკაცრი ტონი, როცა კაიშაური ეხუმრებოდა. ჩემთან მიმართებით ქეთის თითოეულ სითბოს გამოვლინებაზე ზედმეტად დაძარღვული კისერი. - შეუძლებელია, მამუკა როგორც დას ისე უყურებს, მეჩვენება... - საკუთარ თავს ვსაყვედურობდი ძმაზე ეჭვიანობის გამო. - დედაც ვერ ამჩნევდა ვერაფერს?! - არა მგონია, ან უბრალოდ არ მიმხელდა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია მეუღლეებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულებაზე. უხაროდა ჩემსა და ჯაბას მეგობრობა, ყოველთვის საკმაოდ ნათლად აღნიშნავდა, რომ ტყუპები არ არსებული დედ-მამის შვილების ადგილს დაიკავებდნენ. ეს რამოდენიმეჯერ მამუკას თანდასწრებითაც გაიმეორა, არ ვიცი, იქნებ სწორედ ამით ცდილობდა მიეხვედრებინა, რომ მისთვის მხოლოდ მეგობარი იყო და მეტი არაფერი. მოკლედ ამ თემას არც ერთი არ ვეხებოდით, განგებ გვერდს ვუვლიდით, სირაქლემასავით თავს სილაში ვრგავდი და ვცდილობდი ჩემი ძმის ინტერესი არ შემემჩნია. ვფიქრობდი, დროთა განმავლობაში დაღვინდებოდა და მიხვდებოდა საკუთარი გრძნობების აფსურდულობასაც. ვფიქრობდი, დრო ყველაფერს დაალაგებდა, მიუჩენდა თავის ადგილს, ამ დროს კი პირიქით ხდებოდა. ყველაფერი აირია და თავდაყირა დადგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.