სვანი!!! ultrix (თავი 3)
ანას გაუმართლა და ვიზა მიიღო. სულ მალე ნიუ-იორკში ჩავიდა. ვინაიდან მხოლოდ სვანური, ლათინური და ესპანური იცოდა, თავიდან ცოტა გაუჭირდა. სვანურს და ლათინურს აბა, რაში გამოიყენებდა და ესპანური კი ნამდვილად გამოადგა. თავიდან რუს ცოლ-ქმართან დაიწყო მუშაობა, ბავშვს უვლიდა და სახლს ალაგებდა. მერე ინგლისურშიც გაიტეხა ენა, რუს ქალბატონთან უკმაყოფილებაც მიუვიდა და ამერიკელებთან გადავიდა სამუშაოდ. ქალს კარგად შეეგუა, დამეგობრდნენ კიდეც. როდესაც დიასახლისმა გაიგო, რომ ანა ექიმი იყო, ქმარს უთხრა - ცოდვაა მისი ოჯახში სამუშაოდ მოცდენა, განათლებული გოგოა, ოფისისთვის თანამშრომელს რომ ეძებდი, იქნებ ანა წაიყვანო და დაასაქმოო. ასე მოხვდა პრესტიჟულ საადვოკატო ფირმაში, ოფისის თანამშრომლად. ამ ფირმის კლიენტები ცნობილი, გავლენიანი, მდიდარი ადამიანები იყვნენ და ადვოკატები ანაზღაურებას საათობრივად იღებდნენ. ზოგიერთი ადვოკატის მომსახურება საათში 500 დოლარიც კი ღირდა. ანა საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდა. ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა. თავიდან კვირაში 2 ათასს უხდიდნენ. თან, ისეთი არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. ოფისში 25 ადამიანი მუშაობდა. თუ ვინმეს საბუთების მოწესრიგება სჭირდებოდა ან ყავის მოდუღება, ყველაფერს ასრულებდა. მანქანაც მისცეს და კურიერის მოვალეობასაც ითავსებდა. მერე, როცა ენა სრულყოფილად აითვისა, ტელეფონსაც პასუხობდა და კლიენტებს საჭირო ინფორაციას აწვდიდა, ადვოკატებთან შევხედრებს უნიშნავდა... ყველა თანამშრომლის შეხვედრის გრაფიკს ადგენდა და ის, რაც მანამდე მოუწესრიგებელი იყო, ისე დაალაგა, რომ მუშაობის ასეთი სტილი ყველას მოეწონა და მადლობასაც ეუბნებოდნენ. ხელფასი მოუმატეს. ახლა უკვე კვირაში 4 ათასს უხდიდნენ. ბოლოს, როცა შეფის მდივნის ადგილი გათავისუფლდა, მის ადგილზე გადაიყვანეს. ხელფასიც გაუზარდეს და უკვე კვირაში 5 ათასს იღებდა. ასე იმუშავა 4 წელი. ოფისის თანამშრომლებმა შეიყვარეს მხიარული, საქმიანი და ლამაზი გოგონა. ყველას უკვირდა, რომ ასეთი ლამაზი გოგო პაემნებზე არ დადიოდა, არავის ხვდებოდა და მამაკაცის გარეშე ცხოვრობდა. ანა უხსნიდა, რომ მის ქვეყანაში ასეთი რამ მიღებული არ იყო. ამერიკელებს კი უკვირდათ და მხრებს იჩეჩდნენ. ერთ დღეს შეფმა გააფრთხილა, რომ გავლენიანი ადამიანი აპირებდა მასთან მისვლას და როგორც კი გამოჩნდებოდა, დაუყოვნებლივ შეეშვა კაბინეტში. ცოტა ხანში ძალიან სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. - უთხარით თქვენს შეფს, რომ ბელტრან კალდერონი ელოდება, - მიმართა ანას. - ახლავე, - უპასუხა ანამ და შეფს დაურეკა. სტუმრის სახელითა და გვარით მიხვდა, რომ ესპანელი იყო. - მიბრძანდით, ბატონო ბელტრან, გელოდებიან - გაუღიმა ესპანელს. - ნათელი თვალები გაქვთ, - კომპლიმენტი უთხრა მამაკაცმა. - ისვე, როგორც თქვენ - სახელი, - ესპანურად უპასუხა ანამ, - თქვენი სახელი, ბელტრანი ხომ "ნათელს", "სინათლეს" ნიშნავს? - ესპანელი ხართ? - მშობლიური ენა რომ გაიგონა, სტუმარს გაუკვირდა. - არა - ქართველი. იცით, საქართველო სადაა? - კი, - თავი დააქნია ბელტრანმა კაბინეტში შევიდა. იქიდან გამოსულმა, თავისი სავიზიტო ბარათი ანას მაგიდაზე დაუდო. - შაბათს, 3 საათზე დამირეკეთ, - კი არ უთხრა ან სთხოვა, უბრძანა ქალს. ანამ ნებართვა შეფს სთხოვა და ბელტრანს დათქმულ დროს დაურეკა. მამაკაცი მაშინვე მიხვდა, ვინც ურეკავდა. - შენს ზარს ველოდი, ვიცოდი, დარეკავდი, - უთხრა და შეხვედრა დაუნიშნა. ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ. - მე ძალზე გავლენიანი ბიზნესმენი ვარ, - უთხრა ანას, როდესაც მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მიიღო, - შენნაირი, ლამაზი ქალი მჭირდება, რომელიც ყველგან გვერდს დამიმშვენებს და თან ესპანურიც იცის. კარგად გადაგიხდი, ოღონდ, საადვოკატო ფირმიდან უნდა წამოხვიდე. - ვინაიდან იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და კარგადაც მიხდიან, გარანტია უნდა მქონდეს, რომ იმ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მუდმივი სამუშაო მექნება და არ დავზარალდები, - პირობა წაუყენა ანამ. - რამდენი გაქვს ანაზღაურება? - მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენს წინადადებას დავთანხმდები, კვირაში 15 ათასი უნდა გადამიხადოთ, თანაც, სულ ცოტა, 10 წლით უნდა გამიფორმოთ კონტრაქტი. მამაკაცს გაეცინა. - მოვიფიქრებ და პასუხს შეგატყობინებთ, - უთხრა და წამოდგა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აუდიენცია დამთავრდა, - მე წაგიყვანთ შინ, - მოჭრით უთხრა, თითქოს ეშინოდა, ანას უარი არ ეთქვა, მაგრამ ის არც აპირებდა შინ ტაქსით ან ფეხით წასვლას. როდესაც სახლთან მანქანიდან გადმოვიდა, მიხურული კარი ხელმეორედ გამოაღო და მანქანის სალონში თავი შეყო. - კონტრაქტის პირობებში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ის პუნქტი, რომ ჩვენს ურთიერთობაში სექსი არ შედის, - კატეგორიული ხმით უთხრა. მამაკაცმა თავი უხმოდ დაუქნია. 1 კვირა ელოდა მის ზარს და იმედი რომ გადაეწურა, სწორედ მაშინ დაურეკა. - თქვენს პირობებზე თანახმა ვარ, ოღონდ კონტრაქტს მხოლოდ 5 წლით გავაფორმებთ და ერთ პუნქტს დავამატებთ. - რა პუნქტს? - დაინტერესდა ანა. - ამ 5 წლის განმავლობაში გათხოვება და სხვა მამაკაცთან შეხვედრა, პაემანზე სიარული აკრძალული გექნებათ. ანამ უცებ გადათვალა - თვეში 60 ათასი - წელიწადში 720 ათასია, 5 წელიწადში - 3 მილიონზე მეტი გამოდიოდა, თითქმის 4 მილიონი. ამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. - თანახმა ვარ, - ძალზე მშვიდი ხმით უპასუხა, თუმცა, სიხარულისგან აღელდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა ფული... განა ყველას უმართლებს ასე? რამდენინე დღეში კონტრაქტი გააფორმეს და ანა უკვე "დაქირავებული მეგზური" გახდა. მისი ახალი სამსახურის პირველი დღე იმით დაიწყო, რომ საცხოვრებლად ბელტრანის უზარმაზარ სახლში გადავიდა. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში ანას ბელტრანი თვალითაც არ უნახავს. კვირის ბოლოს კი მისაღებში შეხვდნენ ერთმანეთს. - თავს კარგად გრძნობ? - ჰკითხა მამაკაცმა. - კი, მშვენივრად. ეგაა, რომ უსაქმურობისგან დავიღალე. ასე ცხოვრება არ შემიძლია. - მერე სტუმრად წადი, ახლობლები არ გყავს აქ? - კი, მაგრამ ახლობლებთან წასვლა საქმე არაა. - რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში? - ძირითადად, კომპიუტერთან ვზივარ და საქართველოში ახლობლებს ვეკონტაქტები ან ბაღში გავდივარ... ასე დიდხანს ვერ გავძლებ. - ქალბატონივით ცხოვრობ და არ მოგწონს? - გაუკვირდა ბელტრანს. - მე ყოველთვის მიკვირდა, ქალბატონები ასე უსაქმურად როგორ ცხოვრობდნენ... - რა გინდა, რომ შეცვალო? - მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი შენს ოფისში, რა თქმა უნდა - დამატებითი გასამრჯელოს გარეშე. - არა, ეს არ გამოვა. თუ გინდა, ოჯახი ჩაიბარე და აქ ყველაფერი შენ განკარგე. მოსამსახურეებს მითითებები მიეცი, დღის განმავლობაში მენიუ დაგეგმე, საყიდლების სია ჩამოწერე... - პროდუქტზეც მე წავალ, - სიტყვა გააწყვეტინა ანამ. - პროდუქტზე? რა ვიცი, წესით, ამას მოსამსახურეები აკეთებენ... - არა უშავს, ერთად წავალთ. ვგიჟდები, ისე მიყვარს, როცა საკუთარი ხელით ვარჩევ პროდუქტს. - ასეთი რამ არ გამიგონია, რომ ქალს ქალბატონობას სთავაზობდნენ, ის კი მოსამსახურის საქმეს ითხოვდეს... - ჯერჯერობით ასე მირჩევნია და მერე ვნახოთ, - გაიღიმა ანამ. - როგორც შენ გსურს. ხვალ დილით კი მაღაზიაში წავალთ: რამდენიმე დღეში სტუმრად მივდივართ და მინდა, ამჯერად ტანისამოსი მე შეგირჩიო. ეს პირველი გასვლა იქნება და უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდე... - რატომ? მე არ მენდობი? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო ანას. - კი გენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი გემოვნება გაქვს, მაგრამ მაინც ასე ჯობია... - დელიკატურად უპასუხა კაცმა. ანას იმ დღიდან საქმე გაუჩნდა. სახლში დიასახლისივით ტრიალებდა და დროც მალე გადიოდა. თავიდან აღიზიანებდა ბელტრანის საქციელი, როცა მაღაზიაში წაიყვანდა და თავის შერჩეულ ტანისამოსს ყიდულობდა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ უზადო გემოვნება ჰქონდა და მასაც ის მოსწონდა, რაც ანას, გაღიზიანებამ გაუარა. მამაკაცს შეეძლო, ქალის ერთ კაბაში 5-6 ათასი დოლარი გადაეხადა. ამბობდა, რომ მისი პრესტიჟის საკითხი იყო, როგორ იცვამდა ქალი, რომელიც მას ახლდა. თანდათან მის ყველა კაპრიზს შეეგუა, რადგან თავი დაარწმუნა, რომ ეს მისი სამსახური იყო და მეტი არაფერი. როცა თავდაჯერებული გახდა, მას შემდეგ ის ძვირფასი ტანისამოსი უკვე "უნიფორმად" მიაჩნდა, ბრილიანტის სამკაულები - ატრიბუტებად. ორივე მხარე კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა. ბელტრანი კმაყოფილი იყო იმით, რომ მისი თანმხლები ქალი თავისი სილამაზითა და მანერებით გარშემომყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა, ანა კი იმით, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ტრიალებდა და ამაში ფულსაც უხდიდნენ. დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ იმ დღეს, როდესაც ბელტრანს ვერ ნახავდა, გუნება უფუჭდებოდა. მამაკაცი ენატრებოდა და აუცილებლად პოულობდა საბაბს, მისთვის დაერეკა. მის გვერდით თუ ყოფილ ცოლს ან სხვა ქალს დაინახავდა, ეჭვიანობით იტანჯებოდა, მაგრამ ცდილობდა, ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბელტრანს ორმეტრიანი ლამაზმანი მიეტმასნა, რომელსაც ანამ "ფიცარი" დაარქვა. მამაკაცმა თითქმის მთელი საღამო მის გვერდით გაატარა. თუმცა არც ანა მიუტოვებია უყურადღებოდ და ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა - ყველა ქალისთვის პოულობდა დროს, რომ ყურადღება დაეთმო. ანას მომხიბვლელი ღიმილი თანდათან ნაძალადევი გახდა. ბოლოს, ეტიკეტის გამოც აღარ იღიმებოდა. კუთხეში მიდგმულ სავარძელში ჩაჯდა და აღარც ამდგარა, ვიდრე წამოსვლის დრო არ დადგა. - წავიდეთ, ანნა, - მკლავი გაუწოდა ქალს ხელკავისთვის. ანას ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. გასვლისას კი შენიშნა, როგორ მიაწოდა მისმა თანმხლებმა მამაკაცმა იმ "ფიცარს" სავიზიტო ბარათი. გუნება საბოლოოდ გაუფუჭდა. "რა მინდა, რას ავიკვიატე ახლა ეს "ფიცარი"?! რაც უნდა, ის ქნას, რა ჩემი საქმეა?! მე მაქვს სამსახური, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს მაკისრებს და ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. ბელტრანი კი ჩემი შეფია და არა - ქმარი ან საყვარელი, რომ მასზე ვიეჭვიანო. გონს მოდი, ანა! - თავს შეუძახა ქალმა, - ხომ ხედავ, ის შენ მიმართ აბსოლუტურად გულგრილია, ყურადღებასაც არ გაქცევს, თუ ამას სიტუაცია არ მოითხოვს. დილაობით ზრდილობის გულისთვის თუ მომიკითხავს და ეგაა"... ანა ბელტრანზე უფრო ბრაზდებოდა, ვიდრე საკუთარ თავზე. თითქოს მამაკაცის დასაკუთრება სურდა, მაგრამ თან იცოდა, რომ ეს სახიფათო იყო და თუ თავის სურვილებსა და გრძნობებს გამოამჟღავნებდა, შესაძლოა, სამსახური დაეკარგა. "ის "მათხოჯი" როგორი ამაყი დადის?! ყოფილი ცოლია, ახლანდელი ხომ არა!.. ვერ ვიტან, ასე ამაყად რომ გადმომხედავს ხოლმე. ეჭვიანობით კვდება და არ სჯერა, რომ მისი ყოფილი ქმრის საყვარელი არა ვარ. ცდილობს, მიკბინოს და გამამწაროს. კიდევ ერთხელ უთქვამს რაიმე ისეთი, რომ არ მომეწონება და ვუჩვენებ, სადაა მისი ადგილი!" - გაბრაზებულს, ბელტრანის ყოფილი ცოლიც გაახსენდა და მასზე ჯავრის ამოყრაც დაგეგმა... ქალი წინ, მძღოლის გვერდით დაჯდა. ბელტრანს არც გაუპროტესტებია... ანამ შინ შესვლისთანავე ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხშიშველი, პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა, მაგრამ მეორე სართულის კიბეზე მიმავალს მამაკაცის ხმა წამოეწია. - ანნა, თუ ძალიან დაღლილი არ ხართ, იქნებ ცოტა დაგველია და გვესაუბრა. ქალმა ზევიდან გადმოხედა, ცოტათი შეყოვნდა და შემდეგ კიბეზე დაეშვა. - რას დალევ? - ჰკითხა ბელტრანმა. - ლუდს, - მოუჭრა ქალმა. - ანნა, დღეს რაიმე ისეთი მოხდა, რაც არ გესიამოვნა? - ჰკითხა ბელტრანმა და ლუდი ჭიქაში ფრთხილად ჩამოასხა. - არა, ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ, დავიღალე. - არ მჯერა. - კი, ნამდვილად ასეა. - კარგად დაფიქრდი, ამ კითხვას მეორედ არ დავსვამ: რა არ მოგეწონა დღევანდელ საღამოს? - მამაკაცმა ლუდით სავსე ჭიქა გაუწოდა. - მე მიმაჩნია, რომ დღეს სტუმრების თვალში დამამცირე, - მიახალა ანამ. - ნუთუ?!. - წარბი ასწია მამაკაცმა. - დიახ! მე თუ თქვენი თანამგზავრი ვარ, მაშინ შესაბამისი პატივიც უნდა მომაგოთ. თქვენ კი მთელი საღამო სხვის გვერდით გაატარეთ. თქვენი ცოლი ან საყვარელი რომ ვიყო, ამას ხომ დიდი სკანდალი მოჰყვებოდა?! სხვების თვალში ასეცაა - მათ თქვენი მეგობარი ქალი ვგონივარ და ამ დროს... - ჯერ ერთი, თქვენ არც ცოლი ხართ და არც მეგობარი ქალბატონი და მე მგონი, გავიწყდებათ, რომ კონტრაქტის თანახმად, თქვენ გეკრძალებათ სხვა მამაკაცთან შეხვედრა და არა მე - სხვა ქალბატონებთან. - დიახ, მაგრამ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ... რომ... - ანა ხვდებოდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა და თავის უფლებებს აჭარბებდა, მაგრამ მასში გაღვიძებული ქალური თავმოყვარეობა ისე ბობოქრობდა, რომ თუ სათქმელს ბოლომდე არ იტყოდა, ვერ მოისვენებდა. - რომ?.. - ჩაეკითხა ბელტრანი. - ...რომ უნდა დამამციროთ. - არ მესმის თქვენი, ვერ მიგიხვდით, - სერიოზული სახით თქვა მამაკაცმა, მაგრამ მისი თვალები სულ სხვას ამბობდნენ... ძალიანაც კარგად მიხვდა, სად "უკაკუნებდა" ანა და რას გულისხმობდა, რატომ იყო ასე გაწიწმატებული, მაგრამ ამის გამჟღავნება არ სურდა. იქნებ იმიტომ, რომ თავის მართლება არ დასჭირვებოდა ან უბრალოდ, სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდა. - ბოდიშს გიხდით, ალბათ ცოტა უგუნებოდ ვარ და ამის ბრალია ყველაფერი. წავალ, დავწვები. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, ვინაიდან დამავიწყდა, რომ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა ჩემგან სხვანაირ ქცევას მოითხოვს... თქვენი ნებართვით, წავალ, - თქვა ანამ, მაგრამ ნებართვას აღარ დალოდებია - წამოდგა და ისევ ფეხშიშველი აუყვა კიბეს. - ასე გაცივდებით, - ღიმილით მიაძახა მამაკაცმა, მაგრამ ანამ აღარც მოიხედა. ქალი ლამის გათენებამდე ფიქრობდა საკუთარ საქციელზე და თავს ჰკიცხავდა იმის გამო, რომ ასე მოიქცა. ბოლოს და ბოლოს, ის კონტრაქტით აყვანილი თანამშრომელია, რომელსაც ხელფასს სწორედ იმისთვის უხდიან, რომ შეფის გვერდით მყოფმა ყველას გაუღიმოს და გარშემომყოფებში კარგი განწყობილება შექმნას და არა იმისთვის, რომ დაბღვერილი დადიოდეს და ბოღმას ანთხევდეს. ბელტრანის ადგილზე, ერთი კარგად გამოვლანძღავდი ჩემნაირ თავხედსო, - გაიფიქრა ბოლოს და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. დილით სასადილო ოთახში ჩავიდა, მოახლეს მიესალმა და ბელტრანი იკითხა. ისინი ყოველ დილით ერთად საუზმობდნენ - ასე ისურვა შეფმა. კი არ ისურვა, უბრძანა, რომ 9-ის ნახევარზე ანა მისაღებ ოთახში ყოფილიყო. ისიც მუდამ ისეთ დროს დგებოდა, რომ საუზმეზე არ დაჰგვიანებოდა. - ბატონი ბელტრანი ადრე წავიდა, არ უსაუზმია, - მოახსენა მოახლემ. ანამ ყავა უხალისოდ დალია და ის იყო, თავის ოთახში დაბრუნებას აპირებდა, რომ კარზე ზარი გაისმა. ცოტა ხანში მოახლემ უზარმაზარი თაიგული შემოიტანა და ანას მიაწოდა. "ანნა, ამ თაიგულით ჩემს გუშინდელ საქციელს ვინანიებ", - მხოლოდ ეს ეწერა თანდართულ ბარათში. ქალს გაუხარდა, მაგრამ ამასთანავე, უფრო დამნაშავედ იგრძნო თავი. იმ საღამოს და კიდევ, მომდევნო 2 დღის განმავლობაში ბელტრანი არ უნახავს. შემდეგ ისე შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს არაფერი მომხდარა. - როგორ ბრძანდებით, ქალბატონო ანნა? - ჰკითხა მამაკაცმა, როცა საუზმობისას სუფრასთან შეხვდა ქალს. - თავად როგორ ბრძანდებით? - დღეს რა გეგმები გაქვთ? - ორივე მხოლოდ კითხვებს სვამდა, პასუხებს კი თავისთავად გულისხმობდა და ხმამაღლა არ ამბობდა... - კონკრეტულად, დღის რომელი მონაკვეთი გაინტერესებთ? - ეშმაკურად ჩაიცინა ანამ. - თქვენ რა, ბევრ რამეს გეგმავთ? - რა ამბავია ამდენი კითხვა?! გაგვცემს თუ არა ვინმე პასუხს, ბოლოს და ბოლოს? - გადაიკისკისა ქალმა და მამაკაციც აჰყვა... - დილით პროდუქტზე მივდივარ, შუადღის შემდეგ - მაღაზიაში, საღამოს კი ალბათ ბაღში ყვავილებს დავრგავ, - უპასუხა ქალმა. - მებაღეობასაც ითავსებთ? მაღაზიაში რისთვის მიბრძანდებით, თუ საიდუმლო არაა? - საქმე ის გახლავთ, ბატონო ბელტრან, რომ ამ დილით გარდერობი რომ გამოვაღე, აღმოვაჩინე - თქვენთან მუშაობის 1 წლის მანძილზე მხოლოდ "უნიფორმები" დამიგროვდა. ჯინსის შარვლისა და ბოტასის ყიდვა მინდა. - გასაგებია. რომ გამოგყვეთ და შეგარჩევინოთ, წინააღმდეგი იქნებით? - ეგ თქვენს მოვალეობაში, კონტრაქტის მიხედვით, არ შედის, - წაჰკბინა ქალმა, - მაგრამ მიუხედავად ამისა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, - მაშინვე დათანხმდა ანა, - პირიქით, გამიხარდება, რადგან თქვენ მშვენივრად ითავსებთ სტილისტის საქმეს, საუცხოო გემოვნება გაქვთ და თუ შარვლის შერჩევაში დამეხმარებით, ამას რა სჯობია?! - მაშინ შევთანხმდით: 3 საათზე შემოგივლი და წავიდეთ, - რატომღაც, "შენობით" მიმართა ბელტრანმა და ანას ეს არ გამოჰპარვია, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როცა მამაკაცმა რაღაც ზღვარი გადალახა, ბარიერი მოხსნა და ქალს შინაურულად მიმართა. მთელი დღე და საღამო ერთად გაატარეს. ანა დაიღალა ამდენი სიარულით, მაგრამ არ წუწუნებდა და არ იმჩნევდა. საღამოს კი, როდესაც შინ ბრუნდებოდნენ, მამაკაცმა რესტორანში დაპატიჟა. - ასე წამოვიდე? - ტანისამოსზე დაიხედა ანამ. - არა, შინ მივიდეთ და გამოიცვალე. ანამ გარდერობი გამოაღო და საკიდარზე ჩამოკონწიალებულ უამრავ კაბას, პიჯაკს, ქვედაბოლოსა და ბლუზას შეავლო თვალი. შემდეგ მოზრდილი ჩემოდანი გამოათრია და გახსნა. წითელი, შავკოპლებიანი სარაფანი ამოარჩია, რომელიც საქართველოდან ჰქონდა წაღებული. ბელტრანის ნაყიდ კაბებზე განგებ თქვა უარი. კაბა მკერდის ქვემოთ "გადაჭრილი" და შემდეგ, გაშლილი იყო. ანამ მისი შესაფერისი, წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმა აიკეცა, თავზე წითელი შლაპა დაიხურა და სარკეში საკუთარი გამოსახულება კმაყოფილმა შეათვალიერა. "მართალია, დავითმა ამ სარაფანში სულ 120 ლარი გადაიხადა, მაგრამ ამ კაბებს არაფრით ჩამოუვარდება, - გაიფიქრა და გარდერობში ჩამწკრივებულ კაბებს თვალი გადაავლო, - ჰოდა, თუ ბელტრანი ფიქრობს, რომ ჩემი სილამაზე მისი დამსახურებაა, ახლა დარწმუნდება, რომ ცდება!" მამაკაცი მართლაც, აღფრთოვნდა მისით და უამრავი კომპლიმენტიც მოიშველია. ამ რესტორანში ანა პირველად იყო - მყუდრო გარემო, ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი და არც ისე მდიდრული ინტერიერი. - იქ დავსხდეთ, - მამაკაცმა აივნისკენ გაიშვირა ხელი, - იქიდან ულამაზესი ეზო და უმშვენიერესი ბაღი ჩანს. ქალი მის ნებას დაჰყვა, როგორც ყოველთვის. მართლაც, ლამაზი იყო იქაურობა. აივნის სვეტებზე "მხოხავი ვარდი" აცოცებულიყო და ლამაზ თაღს ქმნიდა. როდესაც მიმტანმა მაგიდაზე დადგმულ სანთლებს ცეცხლი მოუკიდა და შეკვეთის მოსატანად წავიდა, ანამ მამაკაცს შესცინა: - მე მგონი, ეს პაემანია, - პირდაპირ გამოთქვა აზრი. - და წინასწარ რომ გცოდნოდა, ეს პაემანი იყო, წამოხვიდოდი? - რა თქმა უნდა, - თვალი არ დაუხამხამებია ქალს. - მომწონს ასეთი პირდაპირობა, დანარჩენი ქალებივით არ იპრანჭები. დარწმუნებული ვარ, 100-დან 99 ქალი ახლა მიპასუხებდა, რომ დაფიქრდებოდა ან არ წამოვიდოდა. - გულახდილობას არაფერი სჯობს. არა მგონია, კარგი საქციელი იყოს, როცა ერთს ფიქრობ, მეორეს ამბობ და მესამეს აკეთებ, ასე არაა? - ჰო, მაგრამ... - არავითარი მაგრამ, მე სვანი ვარ, - გაიცინა ანამ. - ეს ალბათ შენთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რაც იტალიაში - სიცილიელი... - ან ესპანეთში - კატალონიელი, ხომ? - გაიცინა ბელტრანმა. - ჰო, დაახლოებით. კარგა ხანს ისმენდა ბელტრანი "ლექციას" საქართველოს ისტორიის შესახებ და უამრავ კითხვას სვამდა. ანა ხალისით უყვებოდა, თავის ქვეყანას აწონებდა და გამუდმებით იმას უმეორებდა, რომ ქართველების მსგავსი ხალხი სხვაგან არსად ცხოვრობდა. - წამიყვან საქართველოში? - ჰკითხა მამაკაცმა. - კი, აუცილებლად, ძალიან მოგეწონება, თანაც, ესპანელები ძალიან ჰგვანან ქართველებს და თავს ისე იგრძნობ, როგორც შენს სამშობლოში, - შეჰპირდა ანა. - იქ ყველა შენსავით ლამაზია? - ჩემზე გაცილებით ლამაზი. - ამ კაბაში ყაყაჩოს ჰგავხარ, - გაიღიმა მამაკაცმა. ბელტრანმა ხელი გაიწვდინა, ვარდი მოწყვიტა, წამოდგა და ანასთვის თმაში ჩაბნევა სცადა. ანა დამუნჯდა. მისი ხელების სითბოსა და სუნთქვას გრძნობდა საფეთქელთან და თითქოს ენა წაერთვა. არც ხმას იღებდა და არც თავს ატოკებდა: თითქოს ეშინოდა, ზედმეტ მოძრაობასა და ხმაურს მამაკაცი არ დაეფრთხო... კისერზე ბელტრანის ტუჩების შეხება მსუბუქ ნიავს ჰგავდა. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქალს ცეცხლი მოსდებოდა... თვალები დახუჭა და სწორედ ამის გამო ვერ შენიშნა, როგორ შეხედა მამაკაცმა სახეზე. მისი დახუჭული თვალების დანახვაზე ბელტრანს გაეღიმა. - ანნა, - ჩასჩურჩულა ყურში და მკლავზე ხელი ჩამოუსვა. - წავიდეთ, - დაფაცურდა ქალი. თითქოს რაღაცამ უკბინაო, ისე წამოხტა სკამიდან. - კარგი, როგორც გინდა, - უცებ დათანხმდა მამაკაცი. მანქანამდე უსიტყვოდ მივიდნენ. როგორც ყოველთვის, ახლაც ორივე უკანა სავარძელში მოთავსდა, მაგრამ, თითქოს ერთმანეთზე გაბრაზებულები არიანო, ისეთი სახეები ჰქონდათ... ბელტრანმა ხელი მოხვია. ქალი ბეღურასავით შეიყუჟა მის მხარქვეშ. მისი მოძრაობით გათამამებულმა მამაკაცმა ჯერ ლოყაზე აკოცა, მერე თვალები დაუკოცნა და ტუჩებს მისწვდა. ანამ მის ცხელ ბაგეს თავისი შეაგება და ლამის გული წაუვიდა... - ასეთი "ცხელი" ქალი ამდენ ხანს მარტო როგორ ძლებდი?! - ჩასჩურჩულა ბელტრანმა. - ნუთუ ასე იმიტომ იქცეოდი, რომ არ გინდოდა, კონტრაქტის პირობა დაგერღვია? ანამ პასუხს თავი აარიდა. ამასობაში მანქანა ეზოში გაჩერდა. ისინი შინ შევიდნენ. ქალს თავი არ აუწევია, ისე გაემართა თავისი ოთახისკენ. სააბაზანოში შევიდა და სხეული გრილი წყლის ნაკადს შეუშვირა. კარგა ხანს იდგა ასე... არც არაფერზე ფიქრობდა. წყლის თითოეული წვეთის შეხებას შეიგრძნობდა და ხვალინდელი დღის გათენების ეშინოდა, რადგან არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. შიშველ ტანზე პირსახოცის ხალათი შემოიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა. თითქოს შეამცივნა. შიდა ტელეფონით მოახლეს დაურეკა და სთხოვა, მისთვის ოთახში ფინჯანი ყავა ამოეტანა. ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა. - შემოდი, - გასძახა ქალმა. ლოგინში ჩაწოლილს, ადგომა დაეზარა. ღია კართან ბელტრანი იდგა და ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა. ანამ საბანი წაიფარა. - გადავწყვიტე, მე თვითონ მოგემსახუროთ, ქალბატონო, - უთხრა მამაკაცმა და თვალი ჩაუკრა. - ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი მხოლოდ ყავის მოტანით არ შემოიფარგლება... - იცი, ახლა შენი პირდაპირობით საკმაოდ რომანტიკული სიტუაცია ჩაშალე, - უკმაყოფილო სახე მიიღო ბალტარნმა. - როგორ უნდა მოვქცეულიყავი? გულუბრყვილო გამომეტყველება მიმეღო და თავი ისე დამეჭირა, თითქოს ვერ მივხვდი, რატომ გადაწყვიტე, ყავა შენ თვითონ მოგეტანა?.. - წარბი შეკრა ანამ. - რა თქმა უნდა, - მამაკაცმა ყავის ფინჯანი ტუმბოზე დადგა და საწოლზე ჩამოჯდა. - კარგი, რა! - ხელი ჩაიქნია ქალმა. - ეს ლამაზი ტყუილი იქნებოდა და სიტუაციას მართლა წაადგებოდა. - მოდი, თავიდან გაიმეორე, - გაეხუმრა ანა. მამაკაცი წამოდგა, ყავის ფინჯანს ხელი წამოავლო და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში კარზე ისევ დააკაკუნა. - შემოდი, - გასძახა ანამ. - გადავწყვიტე, მე თვითონ მოგემსახუროთ, ქალბატონო, - ბელტრანი იღიმებოდა. - რატომ შეწუხდით, ბატონო ბელტრან?! ახლავე გამოგართმევთ ფინჯანს და შეგიძლიათ, თქვენს ოთახში მიბრძანდეთ, - ღიმილითვე უპასუხა ანამ და საწოლიდან წამოდგა. შავი, რუშებიანი, მოკლე ღამის პერანგი ეცვა და მის თეთრ კანს უფრო ქათქათას აჩენდა... ბელტრანმა თვალი ჩამოაყოლა მის სხეულს და ყელში მომდგარი ნერწყვი ძლივს გადააგორა. - საწოლში შავი ფერი არ მიყვარს, - ჩამქრალი ხმით თქვა მამაკაცმა. - თქვენ რაც გიყვართ, იმ ფერის პერანგები თქვენმა საყვარელმა ქალებმა ჩაიცვან, მე კი ვგიჟდები შავზე. მით უმეტეს, მაშინ, როცა წითელი, აბრეშუმის საბანი და ზეწარი მაქვს, - ანამ მამაკაცს ყავის ფინჯანი ჩამოართვა და ტუმბოზე დადგა. - ისე, ამდენ ლაპარაკში ყავა გაცივდა კიდეც. - ახალი ამოგიტანო? - არა, იყოს, ცივს დავლევ მას შემდეგ, რაც თქვენ ჩემი ოთახიდან გაბრძანდებით და მარტო დავრჩები. ანამ კარი გამოაღო, თვითონ იქვე, კედელთან დადგა და ხელები გულზე დაიკრიფა. ბელტრანი დატუქსული ბავშვივით გაემართა კარისკენ. - ერთს გაკოცებ წავლისას, - ბელტრანმა ორივე ხელი კედელზე მიაბჯინა და ქალი შუაში მოიქცია. - ეს აზრი არ მომწონს, - არც ისე თავდაჯერებულად თქვა ქალმა. მამაკაცი დაიხარა, სახე ძალიან ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა. - ჩვენ ახლა კონტრაქტის პირობებს ვარღვევთ, - ჩურჩულით თქვა ანამ და კედელს აეკრა. ამ დროს მამაკაცის ტუჩები ისე ახლოს იყო, რომ ჩურჩულისას, მისას ოდნავ ეხებოდა. - კონტრაქტი აღარ არსებობს, - ჩურჩულითვე უპასუხა მამაკაცმა, მთელი სხეულით ქალს ისე მიეკრა, ლამის კედელზე მიაჭყლიტა. ანას რომ გამოეღვიძა, უკვე მოშუადღევებული იყო. ბელტრანის კვალიც არ ჩანდა მის გვერდით... ანამ გაიზმორა... მერე მოეშვა და ჩაფიქრდა. რა იქნება ამის მერე? ამ კითხვაზე პესუხი არ ჰქონდა და არც ექნებოდა, ვიდრე ბელტრანს არ ნახავდა და მის სახეზე ან საქციელში არ ამოიკითხავდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ბელტრანი იყო. - გაიღვიძე? - ძალიან ალერსიანი ხმა ჰქონდა მამაკაცს. - ჰო, - შეიშმუშნა ქალი - მე კი უკვე სამსახურში ვარ და მენატრები. ანა არ მოელოდა ასეთ ტექსტს და პასუხი უცებ ვერ მოძებნა. - ანნა, რატომ გაჩუმდი? - წუხელ მთელი ღამე მეჩურჩულებოდი, რომ გიყვარვარ, - ხმა უცახცახებდა ქალს, - ამას ვნება გალაპარაკებდა თუ მართლა ასეა? - ის კითხვა დასვა, რომელზე პასუხიც ყველაზე მეტად აინტერესებდა. მამაკაცმა გაიცინა... - ველოდი მაგ კითხვას... შენ როგორ გინდა, რომ იყოს? - მე მინდა, რომ სიმართლე მითხრა. - შენ საწოლიდან ჯერ არ ამდგარხარ? - არა. - ჰოდა, ალბათ მაგიტომ მეკითხები. ადექი, მოწესრიგდი და პასუხიც თავისთავად მოვა. გკოცნი, საღამოს შევხვდებით, - და მამაკაცმა ტელეფონი გათიშა. "ვერაფერიც ვერ გავიგე, რა გამოცანებით მელაპარაკება?" - გაიფიქრა ანამ და წამოდგა. საწოლის წინ დაგებულ ნოხზე ყვავილების თაიგული იდო... ანამ ყვავილებს დაყნოსა... სურნელი ღრმად შეისუნთქა და ბარათს დახედა, რომელზეც ერთი სიტყვა - "მიყვარხარ" ეწერა. თაიგული საწოლზე დადო და სააბაზანოში შევიდა. სარკეზე მიმაგრებულ ბრათზეც იგივე სიტყვა დახვდა... კედლებიც ამ სიტყვით იყო აჭრელებული... აბაზანა წყლით იყო სავსე, წყალში კი გაფურჩქნილი ვარდების მოწყვეტილი თავები ლილიებივით დაცურავდნენ... ესეც ბელტრანის ნახელავი იყო... დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც ანას მსგავსი განცდა არ ჰქონია... ახლა გული უფოქრიაქებდა... სასიამოვნო განცდა ჰქონდა... სახეზე ღიმილი ეფინა და ფიქრობდა, რომ ალბათ სწორედ ეს იყო ბედნიერება... აქამდე საკუთარ თავს არ უმხელდა, მაგრამ ახლა, როდესაც სარკის წინ მდგარი თავის გაბრწყინებულ თვალებს უყურებდა, ჩურჩულით თქვა - "მიყვარს"... ამის გამო თითქოს თავი დამნაშავედაც კი იგრძნო... სამზარეულოში ჩასულს სონია რაღაცნაირი ღიმილით შეხვდა. მისი გამომეტყველება ამბობდა - "მე ყველაფერი ვიცი"... ანამ გაუღიმა... - მეც ვიცი, - უთხრა ხმამაღლა. - რა იცით, ქალბატნო? - უხერხულად შეიშმუშნა ქალი. - ის, რაც შენ იცი, - გაიცინა ანამ, - სონიჩკა, ყავა მინდა... სონია ასე, 50 წლის, რუსი ქალი იყო. დიდი ხანი იყო, რაც ბალტრანთან მუშაობდა და მისი ნდობაც ჰქონდა მოპოვებული. - ახლავე, - თითქოს შვებით ამოისუნთქაო, ქალმა. - სულ შენი ბრალია ყველაფერი, - ღიმილით უთხრა ანამ, როდესაც ყავის ერთი ყლუპი მოსვა. - რა არის ჩემი ბრალი? - ვერაფერი გაიგო სონიამ. - ის, რომ წუხელ ყავა შენ კი არ ამომიტანე, ბელტრანს გამოატანე. - ანა, მე ისიც მიკვირდა, რომ აქამდე არაფერი იყო თქვენ შორის. უკვე დიდი ხანია, ვხვდები, რომ ამ კაცს უყვარხარ... ბელტრანი ძალიან კარგი ადამიანია... უამრავი ღირსება გააჩნია და ერთ-ერთი მისი ღირსება ისაა, რომ ძალიან ერთგულია. მე ვიცოდი, რომ მას უყვარდი და მიკვირდა, რატომ არაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მისი გამხდარიყავი... ამას წინათ მკითხა, როგორ ფიქრობ, ანას ვუყვარვარო? ამაში დარწმუნებული ვარ-მეთქი... - მე კი მეგონა, რომ ამას საგულდაგულოდ ვმალავდი, - გაეღიმა ანას. - მე ისიც ვიცი, რომ თქვენც გიყვართ და რატომ არაფერს ეუბნებით-მეთქი, პირდაპირ ვუთხარი. იმიტომ, რომ ჯერ სხვასთან უნდა დავამთავრო ურთიერთობაო... - როგორ, მას საყვარელი ჰყავდა? - გაუკვირდა ანას, რადგან წელიწადზე მეტი ბელტრანის გვერდით ცხოვრობდა და არც კი იცოდა, რომ მამაკაცს მუდმივად ერთ რომელიმე ქალთან კავშირი ჰქონდა. - დიახ... ჰყავდა... ბოლო დროს მასთან ურთოერთობა გაუფუჭდა. ამას თქვენ ვერ ხედავდით, მაგრამ რამდენჯერმე მათ სატელეფონი საუბარს მოვკარი ყური და მივხვდი, რომ ბელტრანს იმ ქალთან ურთიერთობის დასრულება სურდა. როგორც ჩანს, მას უკვე დაშორდა და იმიტომ გადაწყვიტა, თქვენთან ურთიერთობა გაეღრმავებინა. ამ დილით ისე ფუსფუსებდა... თავისი ხელით დაკრიფა ყვავილები ბაღში, თაიგული შეკრა... მერე ვარდები მოიტანა, თავები მოაჭრა... ეს ყველაფერი თქვენს ოთახში ამოიტანა... ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, საწადელი აისრულა... ზემოდან ჩამოსულმა კი მითხრა, ანას ნივთები ჩემს ოთახში გადმოიტანე, დღეიდან ჩემთან იცხოვრებსო... გასვლისას კი დამიბარა, როცა ანა ყავის დასალევად ჩამოვა, არ დაგავიწყდეს მისთვის იმის თქმა, რომ ძალიან მიყვარსო...ერთ საღამოს ანა კომპიუტერთან იჯდა და დას, ნინოს ელაპარაკებოდა. ბელტრანიც იქვე იყო... ანამ კარგა ხანს იჭორავა, მერე კი გუნებაგაფუჭებული სააბაზანოში შევიდა, წყალი მოუშვა, იქვე ჩამოჯდა და კარგა ხანს გულიანად ტიროდა... მას ყველა ენარტებოდა, ვინც საქართველოში ჰყავდა... განსაკუთრებით დედა, და და დავითი... ახლა კი, ნინოსთან საუბარმა გული აუჩუყა, იქ ყოფნა მოანდომა და თვალი ცრემლით აუვსო... გამოსვლა რომ შეაგვიანდა, ბელტრანმა მოიკითხა... - მალე გამოვალ, - გამოსძახა ანამ, მაგრამ მამაკაცი არ მოეშვა და კარი გააღებინა. ცრემლიანი თვალები დაუკოცნა. ტირილის მიზეზი ჰკითხა. - საქართველოში მინდა წასვლა, ოჯახი მენატრება, - გულახდილად უთხრა ანამ... - მერე, რა გიშლის ხელს? წადი. თუ გინდა, ერთად წავიდეთ. - მე ვერ წავალ, დაგავიწყდა, რომ არალეგალი ვარ? თუ წავალ, ვეღარ ჩამოვალ, რადგან სავიზო რეჟიმი დიდი ხანია, დავარღვიე და აღარავინ გამომიშვებს... ბელტრანი დაფიქრდა. - ცოლად გამომყევი, - უთხრა შემდეგ, - ეს ხომ თავისუფლად მიმოსვლის საშუალებასაც მოგცემს და ჩემზე შენს უფლებებსაც დააკანონებ. თანახმა ხარ, რომ ჩემი ცოლი გახდე და ჩემთან ერთად იყო ცხოვრების ბოლომდე, ჩემი ჭირი და ლხინი გაიზიარო და მიერთგულო? - ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ ანას მხიარულება გამოეწვია. - ამას იმისთვის აკეთებ, რომ ამერიკის მოქალაქე გავხდე? - არა, ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემი ცოლი გახდე. ამას ისედაც ვგეგმავდი, მაგრამ მინდოდა, გაცილებით რომანტიკულ გარემოში მეთხოვა ხელი... ახლა კი რადგან სიტყვამ მოიტანა, უბრალოდ, გითხარი... ანას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მადლიერი თვალებით შეხედა და ჩაეხუტა. - მითხარი, თანახმა ხარ? - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ და - ბედნიერიც, - ჩაიჩურჩულა ანამ. ამის შემდეგ მათ დიდი და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. როდესაც ანა საპატარძლო კაბაში გამოეწყო, მისი და გოჩას ქორწილი გაახსენდა. გული შეეკუმშა და თითქოს შეეშინდა კიდეც, რომ წარსული არ გამეორებულიყო... ქორწილმა კარგად ჩაიარა, მერეც ყველაფერი მშვენივრად იყო, თუ არ ჩავთვლით ბელტრანის ყოფილ ცოლს, რომელიც ცდილობდა, ყველაფერი აერია და ბოღმით სავსე, ანას თავს ყოველდღე ახსენებდა... მათთან სახლში ხშირად მიდიოდა და სცენებს აწყობდა. ყოფილი ცოლი ვერ ურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ ერთ დროს მისი ადგილი სხვამ დაიკავა. ბოლო დროს ბელტრანი გაღიზიანებული და დაძაბული იყო... ანას არ უმალავდა, რომ პარტნიორებთან პრობლემები შეექმნა... ერთ დღეს კი ანასთან სახლში პოლიციელები მივდინენ და სამწუხარო ამბავი შეატყობინეს... ბელტრანი საკუთარ კაბინეტში, მოკლული იპოვეს... მეორედ დაქვრივდა ანა... მეორედ გადაიტანა საყვარელი ადამიანის სიკვდილი... თუმცა, ამ 2 შემთხვევას შორის ის სხვაობა იყო, რომ ახლა ზუსტად იცოდა, რას მოიმოქმედებდა... მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ბელტრანის ერთადერთი მემკვიდრე ის იყო... ანამ მაკას და ლევანს გადახედა... ისინი სულგანაბული უსმენდნენ... - ჰოდა, ბელტრანის გარდაცვალებიდან 7 თვე გავიდა და ახლა აქ ვარ, თქვენ წინაშე და ჩემი ცხოვრების ამბავს გიყვებით, - დაასრულა ლაპარაკი ქალმა და გაჩუმდა. - მდაა, თურმე რა თავგადასავლები გქონია, - ჩაილაპარაკა ლევანმა. - მაგრამ ბელტრანმა თავისი შვილები და ცოლი ყველაფრის გარეშე დატოვა? - ამ საკითხით მაკა დაინტერესდა. - არა, იქ ყველაფერი სხვანაირად ხდება, როცა ცოლ-ქმარი იყრებიან, მათი ქონება მაშინ იყოფა... ყველას თავისი წილი მიაქვს და თუ შვილები არასრულწლოვნები არიან, მამა ალიმენტს უხდის. ბელტრანს 1 შვილი ჰყავს, რომელიც უკვე სრულწლოვანია და მამამისს მის სახელზე გარკვეული და არც ისე მცირე თანხა ჰქონდა შენახული... ასე რომ, ის ოჯახის წინაშე პირნათელი იყო და მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. - ახლა რას აპირებ? - ჰკითხა ლევანმა. - ახლა იმ ბიზნესს გავაფართოვებ, რომელიც აქ ბიძაჩემს ავაწყობინე, ახალსაც წამოვიწყებ და მერე ვნახოთ. - გათხოვებას არ აპირებ? - ლევანი მის დაკითხვას განაგრძობდა... - ეგ თუ წინადადებაა, აქვე იცოდე, რომ შენ უარს მიიღებ ნებისმიერ შემთხვევაში, - ანამ ღიმილით გადახედა ლევანს, - ისე კი, მე მგონი, საკმარისია... ვისაც ცოლად გავყევი, ყველა მოკვდა... იქნებ ჩემი ბრალია, რომ ასე ხდება? ჰოდა, ნუ გაწირავ თავს, იყავი და იცოცხლე, რა გინდა, რატომ რისკავ? - თუ შენ ცოლად გამომყვები, თანახმა ვარ, თუნდაც 1 კვირის მერე მოვკვდე... - შენ კი ხარ თანახმა, მაგრამ აბა, მე მკითხე, მინდა თუ არა კიდევ დავქვრივდე... ახლა კი წავედი, სახლში მელიან, ალბათ. ანას სააბაზანოში ღიღინი უყვარდა... მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაკიაჟს იკეთებდა თუ შხაპს იღებდა, უბრალოდ, ღიღინებდა და მორჩა! ეს ჩვევა ბავშვობიდან ჰქონდა. რეპერტუარი კი ხშირად იცვლებოდა... ოჯახის წევრები უკვე მიჩვეული იყვნენ და ღიმილით უსმენდნენ ხოლმე ”დილის კონცერტს”. აი, ახლაც, თან ღიღნებდა, თან თავისი ”კოსმეტიჩკა” პირდაპირ ნიჟარაში მოაპირქვავა. ამის გამო დედა და ნინო ეჩხუბებოდნენ. დედა ეუბნებოდა ხოლმე, რომ ასეთი ქაოსი მხოლოდ კაჭკაჭის ბუდეში შეიძლებოდა, ყოფილიყო, სადაც ის ბრჭყვიალა საგნებს ეზიდება. ნინო კი ემუქრებოდა კიდეც, რომ ერთხელ იქნებოდა, მის ”კოსმეტიჩკაში” ”რევიზიას” ჩაატარებდა. რა რევიზია? აგერ, პომადა, რომელიც მის ტუჩებზე ისე ბრწყინავდა, როგორც მისი ახალი მანქანის ემალი... ცოტა პუდრი... ცოტა ტუში და მზადაა... დილაობით ის მუდამ კარგ გუნებაზე იღვიძებდა... მერე კი განწყობილება იმის მიხედვით ეცვლებოდა, თუ რა მოვლენები ხდებოდა დღის განმავლობაში... ახლაც მშვენიერ გუნებაზე იყო და დღის გეგმაც დალაგებული ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა ყველაფერი შეცვალა. - ანა, გამარჯობა, მერაბი ვარ. - რომელი მერაბი? - უეცრად ვერ იცნო ხმით. მამაკაცმა გაახსენა, საიდან იცნობდა... - აა, როგორ ხარ, მერაბ? - უცებ მოვიდა აზრზე ანა, - საიდან მომაგენი, სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ჩამოვედი. - ვიცი და საქმე მაქვს შენთან, შეგიძლია, რომ შემხვდე? - თუ სასწრაფო არაა, მაშინ საღამოსთვის გადავდოთ. - ახლა მირჩევნია, საღამოს შეხვედრები მაქვს დაგეგმილი... ანამ მისამართი ჰკითხა და შეჰპირდა, რომ ნახევარ საათში მივიდოდა. - ნინო, შენ თუ გახსოვს, ჩემს ფაკულტეტზე, 2 კურსით წინ, ერთი გამხდარი ბიჭი რომ სწავლობდა? მერაბი ერქვა, ჩვენთან სახლშიც ხშირად მოდიოდა ხოლმე, სათვალიანი, მაღალი... - კი, მახსოვს. - იმან დარეკა... საქმიანი ხმა ჰქონდა, რაღაც, შეხვედრებიც ახსენა, ხომ არ იცი, რას აკეთებს ახლა? - წარმოდგენა არ მაქვს... რა უნდოდა? - ჩემთან შეხვედრა, მაგრამ რისთვის, ეს არ უთქვამს... ახლა ვნახავ და გავიგებ. ცოტა ხნის შემდეგ ანა მისთვის გაუგებარწარწრიან ოფისში, მერაბის წინ იჯდა და ძველ ნაცნობს გაოცებული უყურებდა... ეს გამხდარი, მაღალი და სათვალიანი ბიჭი ახლა მაღალ, ჩადგმულ მამაკაცად გადაქცეულიყო, გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და ძალიან საქმიანი იერი ჰქონდა. - ძლივს გიცანი, ძალიან შეცვლილხარ, - გაოცება არ დამალა ანამ. - შენ კი ისევ ისეთი ხარ, თითქოს წლები არც მოგმატებია. - ახლა ის მითხარი, საიდან გაიგე, რომ ჩამოვედი და ჩემი კოორდინატები ვისგან დაადგინე? - რომ ჩამოხვედი, ამის შესახებ მთელი ქალაქი ლაპარაკობს, შენი ტელეფონის ნომერი კი მაკას ვკითხე და იმან მომცა. - რაო, რას ლაპარაკობს მთელი ქალაქი? ან რომელი ცნობილი ადამიანი მე ვარ, რომ ამხელა ქალაქს არ გამოეპარა ჩემი ჩამოსვლა? - გენაცვალე, რომ ჩამოხვედი და ასიათასიან ჯიპს მოახტი, ეს ვის დარჩებოდა შეუმჩნეველი? ასეთი მაქნქანებით აქ მხოლოდ თანამდებობის პირები, დიდი ბიზნესმენები და მათი ცოლები და საყვარლები დადიან... შენ კი დააქროლებ შენს მაქნანას, აქეთ-იქით არც იყურები და უშიშროების თანამშრომლები კი კარგად აკვირდებიან ულამაზეს ქალს, რომელიც ასევე ლამაზ მანქანაზეა ”ამხედრებული” და სხვა დროს არ უნახავთ... მარტო ნომერი მიიქცევს ყურადღებას, სხვას რომ თავი დავანებოთ... ჰოდა, გავრცელდა ხმა, რომ თბილისში ანა ჩამოვიდა... - კარგი, რაა, აბა, რაებს აბობ? - კარგი არ უნდა მაგას, გეუბნები, ასეა-მეთქი და დაიჯერე... ახლა იმაზეც კი მიდის ”ბაზარი”, ამ ფულიან ქალს ვინ გადაიბირებს. - ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობ, გასაგებად მითხარი, - გაბრაზდა ანა. - საქმე ისაა, რომ ახლა პოლიტიკურ წრეებში საჭიროა ახალი ადამიანი, ვისაც ფულიც აქვს, ჭკუაც და იმის უნარიც, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს... - მერე? - მერე ის, რომ ახლა პოლიტიკური პარტიები შენს დათრევას ეცდებიან... - შენს ოფისს გარედან უცნაური სახელი რომ აწერია, ეს შენი პარტიის სახელწოდებაა? - უცებ მიხვდა ანა, საით უმიზნებდა მერაბი. - კი. - მერე, შენ იმედი გაქვს, რომ მე ეს მინდა? - ანა, იძულებულს გაგხდიან... - მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ვერაფერს მაიძულებენ... ავდგები და წავალ, როგორც კი ზეწოლას ვიგრძნობ. - ჰმ, შენ არ იცი, აქ რა სიბინძურეა და... - ჰოდა, თუ სიბინძურეა, მითუმეტეს, - სიტყვა გააწყვეტინა ანამ, - არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. თუ სხვა არაფერი გაქვს სათქმელი, მაშინ წავალ, - წამოდგა ანა. - სხვა არაფერი, მაგრამ ჩემი სიტყვები კარგად დაიმახსოვრე... მერე არ ინანო. - მე მეწველი ძროხა არ ვარ და ფულს პოლიტიკაში არ ვაბანდებ! კართან მისული ანა უკან მობრუნდა. - და დაიმახსოვრე, რომ ამის მერე თუ სხვა საქმის გამო ჩემი ნახვა დაგჭირდება, თავად მობრძანდი ჩემთან... შეხვედრები აქვს, ბიჭს, - ბოლო სიტყვები ჩაიბურტყუნა და კარი ისე გაიჯახუნა, ლამის ჩამოიღო. ძალიან გაღიზიანდა იმის გამო, რაც მოისმინა. ”არა უშავს, მადლობა მერაბს, ინფორმაციისთვის, სამაგიეროდ, მომზადებული შევხვდები ნებისმიერ წინადადებას. გამომივიდნენ საქმიანი ტიპები”... ფიქრობდა ანა... გუნება უკვე გაფუჭებული ჰქონდა. ამიტომ, გადაწყვიტა, იმ დღის გეგმები შეეცვალა და დავითთან, ოფისში მისვლა გადაწყვიტა. - ვერაა კარგი ამბავი, მაგრამ იმედია, გადარჩება, - უთხრა დავითმა დანახვისთანავე. - ვინ გადარჩება? რა ამბავზე მელაპარაკები? - არ დაგირეკეს სახლიდან? მურთაზი კლდიდან დაგორებულა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამოუყვანიათ თბილისში. - რას ამბობ? რა უნდოდა კლდეზე, სად ჰყავთ? - კითხვები მიაყარა ანამ. - ჯიხვზე სანადიროდ ყოფილა, ახლა კი მიხეილის სახელობის საავადმყოფოში ჰყავთ. - წავედი, - ანამ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და გავიდა. - მეც მოვდივარ, დამელოდე, - გასძახა დავითმა და რამდენიმე წუთის შემდეგ ანას გვერდით მიუჯდა. - კი, მაგრამ მე რატომ არ გამაგებინეს? - მეც გრეკავდი და ყურმილს არ იღებდი, ეტყობა, ვერ დაგიკავშირდნენ. - ჰო, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი, - ირონიულად ჩაიცინა ქალმა. ნინოც და დედაც საავადმყოფოში დახვდნენ. ანა პალატაში არ შეუშვეს. მურთაზი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და ექიმები თავს დასტრიალებდნენ. მურთაზის ცოლი იქვე, კუთხეში ატუზულიყო და ტიროდა. ანამ, ქალს მხარზე ხელი მოჰხვია და თავზე აკოცა. ნუ გეშინია, ყველაფერს ვიღონებ, რომ შენი ქმარი გადარჩეს, არაფის ჯავრი არ გქონდესო. ქალს გული ამოუჯდა და ტირილს უმატა. - ნუ ტირი, ახლა ექიმმს ვნახავ, დაველაპარაკები და რაც სჭირდება, ყველაფერს გავიკეთებთ. ღმერთს ვთხოვოთ, რომ გადაარჩინოს. - ის შენგან ამის ღირისი არაა, ანა, - გული მაოუჯდა ქალს. - მე არ ვიხსენებ წარსულს, მე ხომ მას ყველაფერი დიდი ხნის წინ ვაპატიე. - არა, შენ ყველაზე მთავარი არ იცი... - რა არის მთავარი? - გული მოეწურა ანას. - ანა, მე აქამდე ამ თემაზე ლაპარაკი აკრძალული მქონდა, მაგრამ ახლა უნდა გითხრა... მინდა, რომ მურთაზს დაელაპარაკო... თუ მას სიკვდილი უწერია, აუცილებლად მისგან უნდა შეიტყო სიმართლე. - რას ამბობ, გამარკვიე, - ანა შიშმა აიტანა. - ანა, მაშინ შენი შვილი არ გარდაიცვალა. მურთაზმა ექიმებს ფული გადაუხადა და ბავშვი გააშვილა. ისარგებლა იმით, რომ დავითიც საავადმყოფოში იწვა და ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს და ასე ცუდად მოიქცა. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს ამბავი იცის და მე ვერ გეტყოდი, მურთაზი მომკლავდა. ისაა ერთადერთი ადამიანი, ვინც იცის, სად შეიძლება იყოს შენი გოგონა. დაელაპარაკე, სანამ დროა, მერე გვიანი არ... და ქალს სიტყვა გაუწყდა, რადგან ანა უგონოდ დაეცა ძირს... გონდაკარგულ ანას ექიმები შემოეხვივნენ, იქვე, პალატაში გადაიყვანეს და თავისუფალ საწოლზე დააწვინეს. დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და ურჩიეს, რომ 1 საათი არ ამდგარიყო. ანას თვალები დახუჭული ჰქონდა, გონებაში კი ის სიტყვები ჩაესმოდა, რომელიც ბოლოს გაიგონა: ”არ მომკვდარა... არ მომკვდარა... არ მომკვდარა”... იმეორებდა დაუსრულებლად. მერე მურთაზზე გაბრაზდა... ყველა ახლობელი, ვინც კი საავადმყოფოში იყო, მის საწოლთან იდგა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. მხოლოდ მურთაზის ცოლი სლუკუნებდა და სიჩუმეს მისი ხმა არღვევდა. ყველას თვალებში ინტერესი ჩანდა. თუმცა ფიქრობდნენ, რომ ბიძაშვილის გამო ინერვიულა და ამიტომ დაკარგა გონი. ცოტა ხანში ანა წამოდგა. ყველას სთხოვა, პალატიდან გასულიყვნენ. მხოლოდ მურთაზის ცოლი დატოვა. - ერთი სათხოვარი მექნება, - უთხრა მას, როცა მარტონი დარჩნენ. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - რაც მე მითხარი, სხვასთან არავისთან წამოგცდეს, კარგი? - კარგი, - ამოისლუკუნა ქალმა. - შენ რაც იცოდი, ყველაფერი მითხარი თუ კიდევ იცი რამე? - მეტი არაფერი ვიცი. დანარჩენი მურთაზმა იცის. ანა დერეფანში გამოვიდა და რეანიმაციის განყოფილებისკენ გაემართა. კარი ჩაკეტილი იყო. ზარის ღილაკს მიაჭირა თითი. ექთანმა გამოყო თავი. - განყოფილების უფროსთან შემიშვით, თუ შეიძლება, სალაპარაკო მაქვს, - სთხოვა მშვიდი ტონით. - დამელოდეთ, - ქალმა კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარი ფართოდ გააღო და ანას ნება დართო, შესულიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ნებივრად გადაწოლილიყო სავარძელში და კომპიუტერის კლავიატურაზე აკაკუნებდა. - მე მურთაზის ბიძაშვილი ვარ, - თქვა ანამ და დაელოდა, ვიდრე ექიმი ინებებდა, მისთვის სკამი შეეთავაზებინა. - მურთაზი ვინაა? - თქვენი ახალი ავადმყოფი - კლდიდან რომ დაგორდა, ის! - ანა გააღიზიანა მამაკაცის საქციელმა. - ა-ა, კი, ბატონო, დაბრძანდით. - მაინტერესებს, თუ არის მისი საშველი? - მდგომარეობა თითქმის უიმედოა, - მამაკაცმა სათვალე მოიხსნა და იქვე დადო, - მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს. - ახლა უგონოდაა? - დიახ, რაც ჩვენთან შემოიყვანეს, გონზე არ მოსულა. - მაგრამ ხომ შეიძლება, რამდენიმე წუთით მაინც დაუბრუნდეს ცნობიერება? - დიახ, თეორიულად ეგ შესაძლებელია. - ჰოდა, ამ დროს მე იქ უნდა ვიყო, აუცილებლად უნდა ვიყო მასთან... არ მაინტერესებს, თქვენ დამრთავთ ამის ნებას თუ არა, მაინც მის გვერდით ვიქნები... 2 წუთითაც რომ მოვიდეს გონზე, საკმარისი იქნება, - ანამ სათქმელი ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ექიმს. ტუჩები უთრთოდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. - რისთვის იქნება საკმარისი? - ვერაფერი გაიგო ექიმმა. - ეს პირადი საკითხია, ძალიან პირადი, ექიმო: მან ისეთი საიდუმლო იცის, რომელიც ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია. ამიტომ, 2 წუთითაც რომ მოვიდეს გონზე, მის გვერდით უნდა ვიყო, რომ ვათქმევინო. - არა, ამის უფლებას ვერ მოგცემთ: ინტენსიური თერაპიის პალატაში უცხო ადამიანის შესვლა არ შეიძლება. ავადმყოფთან ვერ დაგტოვებთ. - გთხოვთ, - ანას ხმა ჩაუწყდა, ცრემლმა გზა იპოვა და ღაწვზე ჩამოუგორდა... ანა ექიმის პირისპირ იჯდა, თვალგაშტერებული, მამაკაცს თვალს თვალში უყრიდა და უხმოდ ტიროდა. - ასეთი მნიშვნელოვანია? - დაფიქრებით თქვა ექიმმა. - დიახ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. - არა, არ შემიძლია, ამის ნებას არ მომცემენ... - ძალიან დიდ თანხას გადავიხდი, თუ ამის ნებას დამრთავთ, - ანამ სხვანაირად რომ ვერაფერი გააწყო, გადაწყვიტა, ექიმი მატერიალურად დაეინტერესებინა. - თანხა თქვენი ავადმყოფის მკურნალობისთვისაც ბლომად გექნებათ გადასახდელი, - შუბლი შეიჭმუხნა მამაკაცმა. - ამ თანხას დავფარავ და მაგის გარდა, თუ ნებართვას მომცემთ, მის გვერდით ვიყო, დამატებით, კიდევ 10 ათასს გადავიხდი, 50 ათასს... თუ გნებავთ - 100 ათასს... - თანდათან უწევდა ”სტავკას”. - დაწყნარდით, გოგონა, დამშვიდდით. როგორც ჩანს, ამ კაცმა იცის, განძი სადაა ჩამარხული, - ისე ჩაიცინა ექიმმა, რომ ანას არ სწყენოდა. - დიახ, ამ კაცმა იცის, ჩემი განძი სადაა... მან ჩემი შვილის ადგილსამყოფელი იცის... - შვილის?! - გაოცებით შეხედა კაცმა. - დიახ, ექიმო. მან ჩემი შვილი გაყიდა, გააშვილა თუ უბრალოდ, გაასხვისა, ესეც კი არ ვიცი. დღეს მისი მეუღლისგან გავიგე, რომ თურმე ასე ყოფილა. აქამდე მეგონა, სამშობიაროში გარდაიცვალა. თურმე ტყუილი ყოფილა... ის ახლა 10 წლის იქნება. მურთაზი რომ მოკვდეს, შესაძლოა, მე მას ვერ მივაგნო. ამიტომ ჩემთვის აუცილებელია მასთან ყოფნა, რომ ვკითხო, სად წაიყვანა, ვის მისცა ჩემი გოგონა?!. - მდაა, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, - გასაგებია. ანა კითხვით სავსე მზერით უყურებდა და ელოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ექიმი. - კარგი. შეგიძლიათ, მასთან იყოთ, ოღონდ, აი, ეს ხალათი ჩაიცვით, - და საკიდიდან თეთრი ხალათი ჩამოხსნა და მიაწოდა. - თუ ვინმე დაინტერესდება, იქ რას აკეთებთ, ჩემთან გამოუშვით. - გმადლობთ, - ჩაილაპარაკა ანამ და კაბინეტიდან გავიდა. 3 დღე და ღამე იჯდა მურთაზის საწოლთან. არც დღე ეძინა და არც ღამე. თვალის მოხუჭვის ეშინოდა, ვაი თუ სწორედ მაშინ მოვიდეს გონზე და მე ვარ გავიგოო?! - ფიქრობდა. სახეზე მიტკლის ფერი ედო, თვალის უპეები ჩაუშავდა, მაგრამ ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ამ 3 დღის განმავლობაში საჭმელიც კი არ უჭამია. თავში ათასგვარი აზრი უტრიალებდა. ცდილობდა, წარმოედგინა, როგორი იქნებოდა ახლა მისი შვილი... სად, როგორ პირობებში ცხოვრობდა... ვინ იცის, იქნებ ისე უჭირს, რომ პურიც კი ენატრებაო?! - ფიქრობდა და გული ეკუმშებოდა. თან გონებაში გეგმას ადგენდა - როგორ მოიქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ მურთაზი გონზე მოუსვლელად მოკვდებოდა... ასეც მოხდა: მეოთხე დღეს მურთაზს გული გაუჩერდა... ანა პანიკაში იყო, თვალს არ აცილებდა მომაკვდავს. მაინც ებღაუჭებოდა ბოლო იმედს - იქნებ, სიკვდილის წინ ერთი წუთით მოსულიყო გონს?.. ექიმმა მურთაზს სახეზე ზეწარი გადააფარა, ანას მხრებში ხელი მოჰკიდა და კარამდე მიაცილა. ქალი ქვითინებდა, მხრები უცახცახებდა. თითმის 2 დღე და ღამე, გადაბმულად ეძინა ანას. დილით ადრე გაიღვიძა. თავი აღრ სტკიოდა, მხნედ იყო. სანამ ადგებოდა, მანამ გონებაში უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა დასახა. პირველ რიგში, სვანეთში, მურთაზის დაკრძალვაზე უნდა წასულიყო. იქიდან დაბრუნებულს კი უამრავი საქმე ელოდა. ბიძაშვილის გასვენების ხარჯი ანამ იკისრა, რადგან ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. დიდი ხნის უნახავი ნათესავები ეფერებოდნენ, მის ამბებს კითხულობდნენ... - კი, მაგრამ ამ 3 კვირის წინ რომ ვიყავი ჩამოსული, მაშინ სად იყავით? მაშინ რატომ არავინ მომიკითხეთ? - ჰკითხა ბიცოლას, როცა, როგორც იქნა, სალაპარაკოდ დაიმარტოხელა. - მურთაზის შიშით ვინ გაბედავდა შენთან მოსვლას?! ყველა ნათესავი გაფრთხილებული ჰყავდა, ვინც შენთან ურთიერთობას გაბედავდა, შავ დღეს დააყრიდა. - ჰმ, - ჩაიცინა ანამ, - მაინც ვერ გავიგე, ეს კაცი რას მერჩოდა, - თავი გადააქნია დანანებით. სვანეთიდან წამოსვლის წინაღამეს ანას გაახსენდა, რომ სხვენში ერთი ძველებური სკივრი ედგათ, სადაც დედა ძველ ნივთებსა და ტანისამოსს ინახავდა. - დე-ე, ის სკივრი კიდევ გვაქვს სხვენში? - კი, შვილო, აბა, სად წავიდოდა?! რად გინდა? რამ გაგახსენა ახლა სკივრი? - წავიღებ თბილისში, რესტავრაციას გავუკეთებ და შემოსასვლელში დავდგამ, მოუხდება... ანტიკვარია, ბოლოს და ბოლოს. ანა სხვენში ავიდა და სანთლის შუქზე სკივრის დაცარიელება დაიწყო. თან, ძველ ნივთებსა და სურათებს ათვალიერებდა. რაღაც გაყვითლებული ფურცლები მოჰყვა ხელში. გაშალა. ერთად დაკეცილი 2 ფურცელი იყო. ორივე, გაურკვეველ ენაზე დაწერილი ტექსტით იყო დაფარული. ანამ კარგა ხანს ათვალიერა ფურცლები, ხან წაღმა დაიჭირა, ხან - უკუღმა, მაგრამ ვერაფერი გაუგო. როგორც იქნა, სკივრის დაცლას მორჩა და ძლივს ჩაათრია ქვევით. - რა ჯიუტი ხარ! - სიყვარულით საყვედურობდა დედა. - რად გინდა ეს ჯაბახანა? - მინდა! ნახე, ამისგან რა მაგარ რამეს გავაკეთებ!.. დე-ე, ეს რა არის? შენი შენახულია? - სკივრში ნაპოვნი ფურცლები გაუწოდა. - არა, პირველად ვხედავ. - უი, აბა, რა არის, მაჩვენეთ? - საუბარში ნინოც ჩაერთო. იმანაც კარგა ხანს ათვალიერა ფურცლები, მერე კი იქვე მიყარა. ის ქაღალდის 2 ფურცელი ყველამ მიივიწყა, ანას გარდა. ფიქრობდა, რომ ძველ არაბულ ენაზე იყო დაწერილი. ამ ენაზე მოლები ჯადოებს აკეთებენ ხოლმე - ეს ანამ იცოდა და ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. მეორე დღეს სკივრი ძლივს ჩატიეს მანქანის საბარგულში და თბილისისკენ გამოეშურნენ. იმავე საღამოს ანა დავითთან მივიდა. კარი ბიძამისმა გაუღო და რაღაცნაირად, უხერხულად შეიშმუშნა. - რა იყო, არ გესიამოვნა ჩემი დანახვა? - ანამ ოთახში შეაბიჯა. სამზარეულოდან რაღაც ხმა ისმოდა. ანამ იქით გააპარა თვალი. - მარტო არა ხარ? - ეშმაკური მზერით გაბურღა კაცი. - არა, - უხერხულად ჩაახველა დავითმა. ამ დროს სამზარეულოდან შუა ხნის, ლამაზი, ტანმაღალი ქალი გამოვიდა. - გამარჯობა! მე ანა ვარ, - ხელი გაუწოდა. - გაგიმარჯოს! მე დალი ვარ, - ღიმილით უპასუხა ქალმა. უხერხულობა არ დასტყობია. დავითი უფრო დაძაბული იყო, დანაშაულზე წასწრებული ბავშვის გამოხედვა ჰქონდა. - მოდი, ანა, - მოუხმო დალიმ. - როგორც ვხვდები, დავითის დისშვილი ხარ, ხომ? - უცებ გაუშინაურდა ქალი. - კი, ვარ. თქვენ... - მე დავითის მეგობარი ვარ, - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა, - მართალია, დათო ამბობს, რომ შეყვარებულები ვართ, მაგრამ ახლა ეგ სიტყვა მოდაში აღარაა, უფრო - ბოიფრენდსა და გელფრენდს იყენებენ ხოლმე. - მე თქვენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, თქვენ კი, როგორც ჩანს, კარგად მიცნობთ, - ანას პირველი შეხედვითვე მოეწონა ქალი. - დიახ. მე და დავითი უკვე 5 წელია, ვმეგობრობთ. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გავიგე თქვენ შესახებ. ანამ დავითს საყვედურით გადახედა. იმან თავი ჩაღუნა. - მინდოდა, ერთმანეთი გაგეცნოთ, მაგრამ ვერ მოვახერხე, - ისე ჩაიბურტყუნა, ძლივს გაარჩევდი, რა თქვა. ქალებმა გაიცინეს. დალიმ ყავა მოადუღა. ანამ ის იდუმალებით მოცული ფურცლები მხოლოდ ამის შემდეგ გამოაჩინა. დავითმა დახედა თუ არა გაყვითლებულ ფურცლებს, მაშინვე თქვა, რომ მათზე წარწერები ძველ არაბულ ენაზე იყო შესრულებული. - როგორ ფიქრობ - შეიძლება, ეს ჯადო იყოს? - ჰკითხა ანამ. - არაფერია გამორიცხული. ხვალ წავიდეთ, მოლას ვაჩვენოთ. - მოლების მეშინია, დავით, - რაღაცნაირად, ჩამქრალი ხმით თქვა ქალმა. - და მომავლისაც მეშინია... - რა მოხდა, ჩემო პატარავ? ასეთი არ მახსოვხარ, ასე მაშინაც არ ყოფილხარ, როცა ყველა იმედი გადაწურული გქონდა. - დავით, ჩემი შვილი ცოცხალია, იცი? - უცებ თქვა და გაჩუმდა. - რა-ა? მე მგონი, შენ ახლა ბოდავ, - დავითმა შუბლზე ხელი მიადო. - თითქოს სიცხე არ უნდა გქონდეს. ახლა ეგ უნდა აიკვიატო?!. - კიდევ რა ავიკვიატე? - კიდევ? არ გახსოვს? ამბობდი, - მეშინია, რომ მე და გოჩა არასოდეს დავქორწინდებითო და მართლაც, ასე მოხდა... მერე აიჩემე, - ამერიკაში რომ წავალ, მილიონერზე გავთხოვდებიო და ეგეც აგისრულდა. ახლა კიდევ ახალი აკვიატება გაქვს? - ეს აკვიატება არაა, - გაეღიმა ქალს, - ეს სიმართლეა. მურთაზს გაუშვილებია ჩემი გოგონა. ისარგებლა იმით, რომ შენ საავადმყოფოში იწექი, მე ვერაფერს გავიგებდი, ექიმს მოელაპარაკა თურმე და მე რომ მშობიარობის შემდეგ გამომწერეს, ბავშვი სამშობიაროში დაუტოვებიათ და მერე გაუშვილებიათ. - რას ამბობ, ეგ მართალია?! - კი, მართალია, მურთაზის ცოლმა მითხრა. - იმიტომ დაეცი უგონოდ და იმიტომ ეჯექი თავთან მომაკვდავ ბიძაშვილს?.. - ჰო, იმიტომ. - მერე, ახლა რას აპირებ? - ახლა გოგონა უნდა მოვძებნო! - მტკიცედ თქვა ანამ. - მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ როგორ? - რაღა თქმა უნდა, სამშობიაროდან დავიწყებ ძებნას და შენ დამეხმარები აუცილებლად. - როდიდან ვიწყებთ? - ხვალ დილიდან! იმ ღამით დალი წავიდა, ანა კი დავითთან დარჩა. არც ერთს არ ეძინა... ორივე ჩუმად იწვა და თავისთვის ფიქრობდა. დავითი იმაზე ფიქრობდა, რომ ამ პატარა გოგოს ამდენი რამის გადატანა მოუხდა ცხოვრებაში, ანა კი - იმაზე, როგორ მოეხერხებინა შვილის პოვნა. "ჰმ, ლევანი?.. ლევანი არც გამხსენებია, არადა, ის ხომ მისი შვილიცაა! ახლაღა გამახსენდა... არ ვეტყვი, ცოდვაა: რომ ვერ მივაგნო, მერე გულში ხინჯად დარჩება და სჯობია, არ იცოდეს", - დაასკვნა ბოლოს და თავს პირობა მისცა, რომ ცდუნებას სძლევდა და ლევანს არაფერს ეტყოდა მანამ, სანამ ბავშვს არ მიაგნებდა. მერე კი მამასაც სრული უფლება ექნებოდა, სცოდნოდა, რომ შვილი ჰყავს. ანას გამთენიისას ჩაეძინა და სიზმარში ნახა, რომ თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი სისხლიანი ხელებით ებღაუჭებოდა დედიშობილას. ტანზე ხელებით სისხლიან კვალს უტოვებდა, ცდილობდა, სახეზე მისწვდომოდა და ჩამოეკაწრა, მაგრამ იქამდე ვერ აღწევდა. ანა კი გაუნძრევლად იდგა და ხან იცინოდა, ხან - ტიროდა... შეშინებულს გამოეღვიძა. უკვე გათენებულიყო. დავითის ხმა სამზარეულოდან ისმოდა. დილით, სამშობიაროში მისულმა ძალიან ინერვიულა. ის ექიმი მოიკითხა, რომელმაც ამშობიარა. ბატონი ემზარი ადგილზე დახვდა. ექიმის კაბინეტში შესვლისას, დავითმა ჯერ ანა გაატარა, მერე თვითონაც შევიდა და კარი მჭიდროდ დახურა. - გისმენთ, - სათვალის ზემოდან გადმოხედა ემზარმა. - რა თქმა უნდა, ვერ მიცანით, არა? - ჰკითხა ანამ. ამ კაცის მიმართ საოცარ ზიზღს გრძნობდა. - ვერა, - უთხრა ექიმმა და სახეზე დააკვირდა. - თუმცა ასეთი ლამაზი გოგონა ნანახი რომ მყავდეს, არ დამავიწყდებოდა, - გაეარშიყა კიდეც. - ამ 10 წლის წინ თქვენ მამშობიარეთ, მაგრამ ალბათ მართლა არ გემახსოვრებით. - ახლა რაზე შეწუხებულხართ? - ახლა ჯერ მინდა, კიდევ ერთი დეტალი გაგახსენოთ და მერე მოსვლის მიზეზსაც აგიხსნით. მაშინ მე 3 კვირით ადრე ვიმშობიარე. ბავშვი დღენაკლული იყო. ჩემმა ბიძაშვილმა ფული გადაგიხადათ, რომ ჩემთვის გეთქვათ, თითქოს ბავშვი გარდაიცვალა, შემდეგ კი ბავშვი გააშვილეთ. ესაა ის დეტალი, რომელიც თქვენთვის მინდოდა მეთქვა. ახლა კი მოსვლის მიზეზს გაგიმხელთ: ყველა წვრილმანი უნდა გაიხსენოთ და მითხრათ, ვინ წაიყვანა ჩემი შვილი. ემზარს ფერი ეცვალა. როგორც ჩანს, მაშინვე გაიხსენა ეს შემთხვევა. მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა: - თქვენ რაღაც გეშლებათ, ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. - გაიხსენეთ, თორემ ძალით გაგახსენებინებთ! - ანას ხმაში მუქარა გაისმა. - მემუქრებით? - თუ გნებავთ, ასე გაიგეთ. - არა, ვერ ვიხსენებ, - მაინც მტკიცედ იდგა პირველად ნათქვამზე. - ბატონო ემზარ, თქვენთვის ჯობია, რომ გაიხსენოთ, - საუბარში დავითი ჩაერთო, - ვინაიდან ამ შემთხვევაში, არაფერი გემუქრებათ. ჩვენ წავალთ, თქვენ მიერ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვს მოვძებნით, თქვენ კი განაგრძობთ ცხვოვრებას ჩვეულებრივი, დამძიმებული სინდისითა და "ჭუჭყიანი" ხელებით. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ იძულებული ვიქნები, ის კაცი მოგიყვანოთ, ვინც მაშინ ფული გადაგიხადათ და თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ არც იმაზე დავიხევთ უკან, რომ ფიზიკურად გაგისწორდეთ. თუ დამჭირდება, ძალიან სასტიკად მოგექცევით, გაწამებთ და მაინც გათქმევინებთ... დავითმა სათქმელი მშვიდად თქვა, ემზარს ცოტა გონზე მოსვლა აცალა და განაგრძო: - თუ ყველაფერს იტყვით, ფულად ჯილდოსაც მიიღებთ. მესმის, რომ ეს ძალზე მოულოდნელია და მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ ახლა წავალთ და ხვალ საღამოს პასუხისთვის მოვალთ. ანა, წავიდეთ, - ბრძანებასავით გაისმა დავითის ხმა. ქალმა უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი. ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა... დავითს დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა. ცოტა ხანში ქალაქს გასცდა და სართიჭალისკენ აიღო გეზი. გაგონილი ჰქონდა, რომ იქ ერთი ცნობილი მოლა ცხოვრობდა და მასთან მისვლა გადაწყვიტა. კითხვა-კითხვით, ბოლოს და ბოლოს, საჭირო მისამართს მიაგნო. ანას მოლა სულ სხავანაირად ჰყავდა წარმოდგენილი. რატომღაც ეგონა, რომ თავზე ჩალმა უნდა ხურებოდა, ტანზე კი შავი მოსასხამი სცმოდა, თეთრი წვერ-ულვაშითა და იდუმალი გამომეტყველებით ყოფილიყო... ჩვეულებრივი, შავგვრემანი, წვერიანი მამაკაცი შერჩა ხელში. - რაზე შეწუხებულხართ? - ჰკითხა კაცმა. - აი, ეს ვიპოვე სახლში და მაინტერესებს, რა წერია. მითხრეს, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის ახსნა, - სხვენში ნაპოვნი ფურცლები გაუწოდა. მამაკაცმა დახედა. - ჯადოა, - მტკიცედ თქვა. - მერე?.. კიდევ რა შეგიძლიათ მითხრათ? - ეს საშიში ჯადოა, რომელიც 3 ფურცელზე იწერება. - მე მხოლოდ 2 ვნახე, - შეშინებულმა თქვა. - გასაგებია, რადგან ამ ჯადოს ძალა მხოლოდ მანამ აქვს, სანამ მესამე ფურცელი ამ ორთან ერთად არაა. როგორც კი სამივე ერთად მოიყრის თავს, ჯადო მოიხსნება. შენ მხოლოდ პირველი და ბოლო ფურცელი გაქვს, შუა ფურცელი აკლია. - გამოდის, თუ იმ ფურცელს ვერ ვიპოვი, ჯადოს მოხსნას ვერ შევძლებ? - ვერა, - მამაკაცმა თავი გააქნია, - თუ იმ ადამიანს, ვინც ეს გააკეთა, შენი დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ მესამე ფურცელს დაწვავდა, თუ არა და, სადმე იქნება და უნდა მოძებნო. მეტს ვერაფერ გეტყვი. თუ იპოვი, ჩემთან მოდი და გეტყვი, მერე როგორ უნდა მოიქცე. ანა გაოგნებული ბრუნდებოდა თბილისში. საფიქრალად დრო თავზე საყრელი ჰქონდა... ეგონა, რომ ამერიკიდან თბილისში დაბრუნებული, საქმეს მოჰკიდებდა ხელს და სანამ ბოლომდე არ მიიყვანდა, არ მოეშვებოდა, მაგრამ ახლა საქმემ უკანა პლანზე გადაიწია. ახლა მისი პირველი მიზანი - შვილის მოძებნა იყო, პარალელურად - ამ ავადსახსენებელი მესამე ფურცლის პოვნა... "იმიტომაცაა, რომ ვერ გავიხარე, პირად ცხოვრებაში არ მიმართლებს; თუ მამაკაცი ჩემს ქმრობას გადაწყვეტს, კვდება, - ფიქრობდა ქალი და გული ბრაზით ევსებოდა. - კი, მაგრამ ვის სჭირდებოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჯადოს გაკეთება?.. ვის შეეძლო ეს, ფურცლები აეტანა სხვენში და სკივრში დაემალა?.. ვინ იცის, რამდენი წელია, იქ დევს, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით ამის შესახებ". როდესაც ანა თბილისში ჩამოვიდა, უკვე ბნელოდა. ანგარიშმიუცემლად დაადგა შინისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ეზოში შესულმა, მანქანა მოაბრუნა და უკან წამოვიდა. ცოტა ხანში 5 დეკემბრის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან გაჩერდა. ბირჟაზე მდგარი ბიჭების ყურადღება წითელმა ჯიპმა მიიპყრო და როცა იქიდან გადმოსულ ქალს მოჰკრეს თვალი, უმალ წელში გასწორდნენ, გაჩუმდნენ და თვალმოუშორებლად უყურებდნენ. ანა პირდაპირ მათკენ გაემართა. - გამარჯობა, - მიესალმა ქალი და მათ წინ გაჩერდა. - გაგიმარჯოს, ლამაზო, - ერთ-ერთმა პასუხი დაუბრუნა და ძმაკაცისგან გვერდში მუჯლუგუნი მიიღო. - რისთვის შეწუხებულხართ? - ზრდილობიანად ჰკითხა ყველაზე მაღალმა და წინ წამოდგა. ამით ანიშნა, აქ მთავარი მე ვარო. - ერთ კაცს ვეძებ, ამ უბანში ცხოვრობს, იქნებ იცოდეთ, სად შეიძლება მისი ნახვა? - ვინაა ეგ კაცი, გვითხარით და თქვენთვის, მიწიდან ამოვიღებთ, - ისევ მაღალმა გამოიდო თავი. - ეს კაცი გიორგი ნიჟარაძეა, - მოკლედ თქვა ქალმა. ბიჭები შეიშმუშნნენ, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, თითქოს ყოყმანობდნენ. - რა არის, ბიჭებო, რა ხდება? - ჰკითხა ანამ და მათკენ წაიწია, რომ გაეგონა, რაზე საუბრობდნენ. - არაფერი... - აბა, რატომ შეშფოთდით? გიორგი ჩემი ძველი მეგობარია, უცხოეთში ვიყავი და წლებია, არ მინახავს. უბრალოდ, მისი მონახულება გადავწყვიტე... - ჩვენ კი ვიცით, ეგ კაცი სად ცხოვრობს და ისიც ვიცით, ვინაა, მაგრამ მის დაუკითხავად ვერავითარ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. - კარგი, მაშინ დაურეკეთ და ჰკითხეთ. - ხვალ დავურეკავთ ან ვინმეს მივაგზავნით. - არა, ახლავე დაურეკეთ, - უკან დახევას არ აპირებდა ანა, - მეჩქარება, აუცილებელი საქმე მაქვს. - აკი, უბრალოდ, სანახავად მიდიოდით? - ეგ თქვენი საქმე არაა. იცოდეთ, თუ უთქვენოდ მივაგენი, ვეტყვი, რომ მისი კოორდინატები არ მომეცით და მერე თქვენ გაეცით პასუხი. - კარგი, დავურეკავ, - ისევ მაღალმა აიღო ინიციატივა, - რა ვუთხრა, ვინ კითხულობს? - გადაეცით, რომ სვანი ანა კითხულობს. მაღალი დანარჩენებს გამოეყო და შენობის კუთხეს მიეფარა. რამდენიმე წუთში კვლავ გამოჩნდა. - წავიდეთ, - თავი გადააქნია გაურკვეველი მიმართულებით და ანას მანქანაში დაუკითხავად მოთავსდა. - ვაკე-საბურთალოს გზაზე გავიდეთ, - მოჭრით უთხრა მაღალმა. - აქ აღარ ცხოვრობს? - საუბრის გაბმა სცადა ანამ. - არა, - მოკლედ უპასუხა მამაკაცმა. - ეს ბინა გაყიდა? - თავად მას ჰკითხეთ და ყეველაფერზე პასუხს ის გაგცემთ, - პასუხს თავი აარიდა. ამის შემდეგ, ვიდრე საჭირო მისამართზე არ მივიდნენ, არც ერთს ხმა აღარ ამოუღია. - აი, ეს კორპუსია, აი, ის ფანჯრები, - ხელი გაიშვირა მესამე სართულის გაჩახჩახებული ფანჯრებისკენ მამაკაცმა. - აქედან რით დაბრუნდები? - შეწუხდა ანა. - მაგაზე ნუ იდარდებთ. - აი, ეს გამომართვით და ტაქსით წადით, - ანამ 20-ლარიანი გაუწოდა. - როგორ გეკადრებათ, გენაცვალე?! მე "ხელის" ბიჭი ხომ არ გგონივართ, ფულს რომ მიხდით! - უკაცრავად, - ანამ გულწრფელად ინანა, ფული რომ შესთავაზა. - კარგად, მშვენიერო ლედი! - გალანტურად დაემშვიდობა მამაკაცი და მანქანის კარი მიხურა. როგორც ჩანს, ანას უკვე ელოდნენ, ვინაიდან ის იყო, ზარის ღილაკზე თითი უნდა მიეჭირა, რომ კარი გაიღო. - მოდი, ჩემი გოგო, მოდი, - გიორგი თბილად გადაეხვია, მერე მხარზე ხელი მოხვია და მისაღებში ისე შეიყვანა. საკმაოდ მოზრდილი ბინა იყო, კარგად მოწყობილი. გიორგიმ ჯერ კარგად შეათვალიერა, მერე სავარძელზე მიუთითა... რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ამბები მოკლედ გამოჰკითხეს. ამასობაში შუა ხნის ქალმა ძვირფასი, ფაიფურის ფინჯნებით ყავაც შემოიტანა. - დალევ რამეს? - ჰკითხა გიორგიმ. - არა, საჭესთან ვარ, "გრადუსიანს" ვერ დავლევ, მინერალური კი შეიძლება. - კარგი. მარო, მინერალური მოგვიტანე, - გასძახა ქალს. - მარო ჩემი დამხმარეა, წესით 6 საათზე მიდის ხოლმე, მაგრამ დღეს გვიანობამდე შემორჩა. - ისევ უცოლოდ ხარ? - გაუღიმა ანამ. - რაც შენ არ მინახავხარ, 2 ცოლი გამოვიცვალე. მესამეს ვეძებ და მგონი მოხვედი შენი ფეხით, - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა. - არა, არა, - ხელი და თავი ერთდროულად გააქნია ანამ და გაიცინა. - პირველობაზე არ დაგთანხმდი და... - იქნებ, ახლა მოეგე გონს და მიხვდი, რომ მშვენიერ ოჯახს შევქმნით? - კარგი, გიორგი, ოდესღაც ხომ უნდა გაიზარდო, სულ ბავშვად ხომ არ უნდა დარჩე! - ცუდია ბავშვობა?.. გახსოვს, რამდენი თაყვანისმცემელი გაგილახე?! - გულიანად ხითხითებდა მამაკაცი. - შენზე კი ვიცი ამბები, გოჩას კარგად ვიცნობდი... გული დამწყდა, რომ მოკლეს, - უცებ დასერიოზულდა. - მაგაზე ფიქრიც აღარ მინდა, - ამოიოხრა ანამ, - მაგის შემდეგ მეორედაც დავქვრივდი. ...და ანამ მოკლედ უამბო თავისი თავგადასავალი. ოღონდ დაკარგული შვილის ამბავი დაუმალა. გიორგი თავს აქნევდა დანანებით და უხმოდ უსმენდა. - ახლა რამ გაგახსენა ჩემი თავი? ვიცი, მონატრებას არ მოუყვანიხარ ჩემამდე და ბარემ მიზეზიც თქვი. - იარაღის ყიდვა მინდა, - პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააკმაყოფილა მამაკაცის ცნობისმოყვარეობა. - ჰმ, რაშია საქმე? რისთვის დაგჭირვებია იარაღი ან რა ტიპის იარაღი გინდა - ავტომატი თუ ყუმბარმტყორცნი?.. ან იქნებ ტანკი?.. - მცირე ზომის პისტოლეტზეც თანახმა ვარ. ძველი დრო რომ იყოს, ავტომატს ვარჩევდი, - გაიღიმა ქალმა. - გინდა, რომ მე დაგეხმარო იარაღის ყიდვაში? ახლა ძველი დრო აღარაა - შეგიძლია, მაღაზიაში მიხვიდე და სასურველი იარაღი შეიძინო. უარს არავინ გეტყვის. საქმე ისაა, მერე როგორ აპირებ მის ტარებას. - მაღაზიაში ნაყიდი არ მინდა, ისე უნდა მაშოვნინო. - კარგი, თუ ასეა, მაშინ 2 დღე მომეცი და ვეცდები, რაიმე შენი შესაფერისი ვიშოვო. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე: მე ძველ ცხოვრებას დიდი ხანია, დავემშვიდობე, ახლა ბიზნესს "ვაკეთებ", საკმაოდ წარმატებულადაც და შარი არ მინდა. ძველი სიყვარულის ხათრით დაგეხმარები... - ხომ იცი, რომ სამარე ვარ?! - კი, შენი იმედი კი მაქვს. - ჰოდა, მაშინ 2 დღე ბევრია: ან ამაღამვე, ან ხვალ დილით იარაღი უკვე უნდა მქონდეს. - რაღაც სერიოზული გაქვს ჩაფიქრებული, თორემ ასე არ მოიწადინებდი. ანა, ახლა სხვა დროა, აქედან რომ წახვედი, მაშინ სხვა სიტუაცია იყო... - ყველაფერი ვიცი, - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა, - ჭკუის დამრიგებელს არ ვეძებ და არც ეცადო, მორალი მიკითხო... მიუხედავად, იმისა, რომ ვიცი, რა საფრთხეს შეიძლება გადავეყარო, მაინც მინდა იარაღი. მჭირდება, გესმის? - გასაგებია. ხვალ დილით მოდი და დაგახვედრებ, - როგორც იქნა, დაყაბულდა გიორგი. - კარგი. მაშინ ჩემი მისია დღეს ამოწურულია და ხვალ, 12 საათისთვის მოვალ. - აქ ნუ მოხვალ, დამირეკე და შეგხვდები. - როგორ დაგირეკო? ის შენი უბნელი ბიჭები ისე უფრთხილდებიან შენს ნომერსა და მისამართს, სიტყვა ვერ დავაცდენინე... - ასეა საჭირო, - კმაყოფილი ღიმილი გამოესახა მამაკაცს. - ჩაიწერე ჩემი ნომერი და დამირეკე. - კარგი, წავედი, - წამოდგა ანა და გასასვლელისკენ გაემართა. - კარგად მოიფიქრე - იქნებ დარჩენილიყავი?.. - გიორგიმ წელზე ხელი მოხვია. - ფრთხილად იყავი, იმ იარაღის პირველი მსხვერპლი შენ არ აღმოჩნდე, - შეღიმა ქალმა ქვემოდან, მაგრამ სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მამაკაცი მიხვდა, - ამ წუთში სულ არ ხუმრობდა და რასაც ამბობდა, იმის გამკეთებელიც იყო. გიორგიმ ხელი ცივად უშვა, კარი გაუღო და ეზომდე ჩააცილა. - ჰო-ო, ამ მანქანით თუ დადიხარ, იარაღი ნამდვილად გჭირდება. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გამოსწორებულია და შეგიძლია, უშიშრად იარო... - მაგას ვხვდები, რომ კრიმინოგენული სიტუაცია მაგრად გამოსწორებულა: შენ "გარეთ" ხარ, ბიზნესს "აკეთებ", თან - წარმატებულად და არავინ გედავება წარსულის გამო... - ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა. ჩემი წარსულის გამო მხოლოდ ღმერთი მომედავება, როცა მის წინაშე წარვდგები. მანამდე კი ბევრი დროა და ამ ცხოვრებით ტკბობას ვაპირებ. ამიტომ, ციხე და პატიმრობა ჩემს გეგმებში არ შედის. დილით ანა სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა. თვალები გაახილა და ოთახს მოავლო. ტუმბოზე წითელი ვარდებით სავსე ლარნაკი იდგა. ვარდებმა ბელტრანი გაახსენა. მას სჩვეოდა დილაობით ასეთი თაიგულის დატოვება... თითქოს დრო უკან დაბრუნდა და ეგონა, რამდენიმე წუთის შემდეგ თავად ბელტრანიც შემოაღებდა კარს და ყავას მოართმევდა საწოლში... თვალები დახუჭა და წამოიდგინა ის სურათი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ მოვლენად იყო ქცეული... ...და თვალებდახუჭულს კარის გაღების ხმა მოესმა. თვალის გახელის შეეშინდა... რამდენიმე წამში კი ყავის არომატიც შეიგრძნო... ხომ არ გავგიჟდიო?! - გაიფიქრა და ასე გაუნძრევლად ელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. - გძინავს? - ჩუმად იკითხა ნინომ, რომ არ გაეღვიძებინა, თუ ანას ეძინა. ქალმა თვალები გაახილა და დის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა. - რა იყო, ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა? - როგორც ჩანს, ემოცია სახეზე ეწერა. - შენი დანახვა ყოველთვის მიხარია, მაგრამ დღეს - განსაკუთრებით, რადგან ყავას დილაობით იშვიათად მიდუღებ და არც ვარდების თაიგულით მანებივრებ მაინცდამაინც... ვინ გაჩუქა ეს ვარდები? - მე კი არა, შენ გაჩუქეს. - მე-ე?! ვინ? - გაუკვირდა ანას. - აბა, რა ვიცი. შენ უნდა იცოდე, ვინაა შენი თაყვანისმცემელი. - შენ ნახე, ვინ მოიტანა? როგორი ტიპი იყო? - დაინტერესდა ანა. - არა, დილით კართან ვნახე: კარზე ზარი დაირეკა. გავედი და ეს თაიგული დამხვდა. ჰოდა, ვიფიქრე, ჩემი იყო, მაგრამ ბარათზე ერთი სიტყვა ეწერა - "ანას". იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მე ხომ შურიანი და ბოროტი არა ვარ. ავდექი და ყავაც საწოლში მოგართვი, რომ დილის მშვენიერება სრულად შეგერძნო. - ისე, მართლა მშვენიერი დილაა. ნეტავ, საღამო როგორი იქნება?.. - დაფიქრებით ჩაილაპარაკა ანამ, რადგან გაახსენდა, რომ საღამოს ის და დავითი ემზართან აპირებდნენ მისვლას: ამ საღამოს პასუხი უნდა გაეგოთ... საწოლში წამოჯდა და ყავა მოხვრიპა. ესიამოვნა ცხელი სითხე. თან იმაზე ფიქრობდა, ვის შეიძლებოდა, ვარდები გამოეგზავნა... საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს გიორგის ნახელავი იყო, მაგრამ ერთი კითხვა რჩებოდა: როგორ გაიგო მისი მისამართი ასე უცებ? საათს დახედა. უკვე 10 სრულდებოდა... წამოდგა, ფლოსტებში ფეხი წაყო და სააბაზანოსკენ გაემართა... მანამდე დედამ საუზმე გაუმზადა და ლამის აიძულა, რომ ესაუზმა. - დე-ე, სვანეთში ჩვენთან სახლში ყველაზე ხშირად ვინ მოდიოდა? - რა ვიცი, ყველა მოდიოდა - მეზობლები, ნათესავები... რომელი ერთი გავიხსენო?! აღრიცხვას არ ვაწარმოებდი. - გახსოვს, სკივრში უცნაური ფურცლები რომ ვიპოვე? - კი, - თავი დაუქნია დედამ. - რაო, რა გაარკვიე? - ნინოც დაინტერესდა და ანას წინ, სკამზე ჩამოჯდა. - გუშინ სართიჭალაში ვიყავი, მოლას ვუჩვენე და აღმოჩნდა, რომ საშინელი ჯადო ყოფილა. ჰოდა, დე, ახლა შენ უნდა გაიხსენო, ვის შეეძლო, სხვენში ასულიყო და სკივრში ეს ფურცლები ჩაედო, რადგან მესამე ფურცელია დაკარგული და თუ ის არ ვიპოვეთ, არაფერი გვეშველება, - ანა ერბოკვერცხს ჩანგლით ანაწილებდა თეფშზე და უგემურად ჭამდა. - რას ამბობ?! რა გვეშველება?.. - ლოყებშე შემოიწყო ხელები ნინომ. - ვის რა დავუშავეთ?! რატომ გაგვიმეტეს ასე? - დაფიქრებით თქვა დედამ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. ნინომ საუზმე მიატოვა, მობილური მოძებნა და ნომერი აკრიბა. - გიორგი, მე ვარ... ანა ვარ.... ჰო, მერე?.. როდის? სად?.. კარგი, ერთ საათში ვიქნები... - სად მიდიხარ და ვინაა გიორგი? - ოთახისკენ მიმავალს, ნინო აედევნა. - სავარაუდოდ, მაგ თაიგულის გამომგზავნია. - ახალია ვინმე? - გაეცინა ნინოს. - არა, ეგ ყველაზე ძველია. - აა, მახსოვს. ეგ ისაა, სვანი რომაა, არა? უშგულში რომ გაიცანი და მერე თბილისში შეხვდი. "ძველი ბიჭი" იყო, მახსოვს, "ქურდულს" აწვებოდა... - ახლა ბიზნესმენია და საქმოსნობას აწვება... - სად ნახე? - ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა ნინოს. - დავურეკე გუშინ და შეხვედრა ვთხოვე, საქმე მაქვს, - მოიტყუა ანამ. ერთ საათში გიორგის მიერ მითითებულ მისამართზე მივიდა და კარზე დააკაკუნა. ასაკოვანი, სიმპათიური მამაკაცი გამოეგება. - მობრძანდით, ქალიშვილო, მობრძანდით, - შინ შეიპატიჟა ქალი. ანამ გაბედულად შეაბიჯა და ირგვლივ მიმოიხედა. - ეს ამანათი დატოვეს თქვენთვის, - ცელოფნის პარკი მიაწოდა მამაკაცმა. - გავხსნა? - იკითხა ქალმა. - არა, ჯობია, არ გახსნათ. მერწმუნეთ, უკმაყოფილო არ დარჩებით. თან, თავისი "პრისპოსობლენიები" მოჰყვება. - ყველაფერი? - დიახ, ყველაფერი. - ფასი? - 1.000 დოლარი. ანამ ფული გადაუთვალა, მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვა. სახლში დაბრუნდა და ტუალეტში ჩაიკეტა. ცელოფნიდან პისტოლეტი ამოიღო, მჭიდი მოხსნა, შეამოწმა, მერე ტყვიები ჩადო, მჭიდი ისევ მოარგო, იარაღი ორივე ხელით დაიჭირა, წინ გაიშვირა, ცალი თვალი მოჭუტა და კედელს დაუმიზნა... - ბუჰ! - თქვა ჩუმად და კმაყოფილმა იარაღი ქამარში გაირჭო. მერე ზემოდან ბლუზა გადმოიწია და ტუალეტიდან გამოვიდა. - წავედი, - გასძახა დედას და კარი გაიხურა. იარაღი მანქანის "ბარდაჩოკში" შეინახა, გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. - ესეც ასე... ახლა შეიძლება, ყველაფერი მშვიდად მოვაგვაროთ, - ჩაილაპარაკა თავისთვის და მანქანა ადგილიდან დაძრა. საღამომდე რამდენიმე ადგილი შემოიარა. ბოლოს კი დათქმულ დროს, სამშობიაროსთან მივიდა, სადაც დავითს უნდა დალოდებოდა. დრო ისე გაიწელა, რომ მოეჩვენა, წუთი წელიწადს უტოლდებოდა. დავითმა სულ 10 წუთით დააგვიანა, მაგრამ ანამ საყვედურისგან თავი ვერ შეიკავა: - კარგი, რა, დავით, ხომ იცი, რომ ზუსტად დათქმულ დროს აქ უნდა შევხვედროდით! ახლა წასული რომ დაგვხვდეს? - არ წავიდოდა, ნუ ნერვიულობ... საცობში ვიდექი და იმიტომ დამაგვიანდა, - თავის მართლება სცადა მამაკაცმა. ემზარის კაბინეტთან მისულმა ანამ ღრმად ამოიოხრა და სახელური ჩამოსწია. ექიმი ფანჯარასთან იდგა და კარის გაღების ხმაზე თითქოს შეხტა... უცებ შემობრუნდა და ანასა და დავითს თავი დაუქნია. ვერ გაიგებდი, მიესალმა თუ შესვლის ნებართვა დართო. - ჩვენ მოვედით, - ანამ გაუღიმა, რომ მამაკაცი არ დაეფრთხო. - ვხედავ, რომ მოხვედით, მაგრამ ვერაფრით გაგახარებთ, რადგან აბსურდია, რასაც თქვენ ამბობთ: არავითარი გოგონა მე არ გამიშვილებია და არც ვინმესთან გარიგებაზე წავსულვარ. ასე რომ, ამჯერადაც ტყუილად შეწუხდით... - ბატონო ექიმო, - დავითი მისკენ წავიდა, - თქვენ გგონიათ, გუშინ რომ გემუქრებოდით, სიტყვებს ჰაერზე ვისროდი და რაც ვთქვი, იმის შემსრულებელი არ ვარ?.. - თქვენი მუქარა არ მაინტერესებს, მაგისთვის კი შესაძლოა, სამართალდამცველებთან ურთიერთობამ მოგიწიოთ. - აქეთ მემუქრებით?! - გაიოცა დავითმა. - არა, კი არ გემუქრებით, გაფრთხილებთ. - გამოდის, უარით გვიშვებთ? - ანას ნიკაპი და ხმა უკანკალებდა. - დიახ, სამწუხაროდ. მოხარული ვიქნებოდი, დახმარება რომ შემეძლოს, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა, მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია და თქვენი შვილი თავად უნდა ეძებოთ, ჩემ დაუხმარებლად... - კარგი, ჩვენ ახლა წავალთ, მაგრამ თავს ისევ შეგახსენებთ, - დავითმა ანას კარისკენ უბიძგა. - რა უნდა ვქნათ ახლა? - ჰკითხა ანამ, როცა ეზოში ჩამოვიდნენ. - ამ დღეებში მოვაკითხავ უშენოდ და დაველაპარაკები... ანა დავითს დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა. მაგრამ მხოლოდ მის მოსაჩვენებლად დაძრა მანქანა. ცოტა ხანში უკან მიბრუნდა. სამშობიაროს მისაღებში ემზარის ტელეფონის ნომერი იკითხა და გამობრუნდა. გვიანობამდე იხეტიალა ქალაქში, შუაღამის შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა. - ექიმო, თქვენ ხართ? - ხმას შეშფოთებული ტონი მისცა. - დიახ. - იცით, ჩემი და მშობიარობს, მოულოდნელად დაეწყო ტკივილი; შეგიძლიათ, მობრძანდეთ? - სად? სად უნდა მოვიდე? - დაფაცურდა ემზარი. - თქვენ სად ხართ? - მე მორიგე ვარ და შესაბამისად - სამშობიაროში. მითხარით, სად მოვიდე. - ჩვენ მოგაკითხავთ. მანქანას ახლავე გამოვუშვებ, 10 წუთში მანდ იქნება. მანამდე რა გავაკეთოთ, ის გვითხარით... - მეტი დამაჯერებლობისთვის ჰკითხა ანამ. ექიმმა რჩევები მისცა. 10 წუთში კი ისევ დაურეკა ემზარს და უთხრა, - გარეთ წითელი ჯიპით გელოდებით და დროზე გამოდით, თორემ შესაძლოა, დაგვაგვიანდესო... ორიოდე წუთში ემზარი გამოჩნდა. ხელში საკვოიაჟის მაგვარი ჩანთა ეჭირა და მანქანისკენ მიიჩქაროდა. წინა კარი გამოაღო, სალონში 15 წლის ბიჭივით შეხტა და როცა კარი მიიჯახუნა, მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა მძღოლს და ენა ჩაუვარდა. - შუაღამე მშვიდობის, ბატონო ექიმო... - გაუღიმა ქალმა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ექიმს სახეზე შიში დაეტყო. შემდეგ მანქანის სალონს თვალი მოავლო და როდესაც მიხვდა, რომ იქ ანას მეტი არავინ იყო, ცოტათი დამშვიდდა. - სად მივდივართ? - ჰკითხა ცოტა გულმობრუნებულმა. - ქალაქგარეთ გავისეირნებთ და თუ კარგად მოიქცევით, უკან დავბრუნდებით, თუ არა და, მაშინ მარტო მომიწევს დაბრუნება, - ღიმილი არ მოშორებია სახიდან ანას. - რა გვინდა ქალაქგარეთ? - ალბათ უფრო სიჩუმის შესავსებად იკითხა ემზარმა. - მე მგონი, ხვდებით, რაც გვინდა. - არა, ვერ ვხვდები. ანამ ბოლო ფრაზა უპასუხოდ დატოვა. გზას ყურადღებით აკვირდებოდა. გეზი დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული, მაგრამ როგორც კი მცხეთაში, ნარეკვავს გასცდნენ, დუშეთისკენ გადაუხვია... მამაკაცი ხმას აღარ იღებდა, მაგრამ ქვედა ტუჩს ისე ნერვულად იკვნეტდა, რომ აშკარა იყო, დაძაბული იჯდა. გზაზე მანქანები აღარ მოძრაობდნენ. მხოლოდ კანტიკუნტად თუ გამოჩნდებობა თითო-ოროლა. ცოტა ხანში ანამ მარჯვნივ გადაუხვია, ცენტრალური გზიდან გადავიდა და ჯერ პატარა ტყე გაიარა, შემდეგ უკაცრიელ მინდორზე გავიდა, მანქანა ერთადერთი ხის ქვეშ გააჩერა და ფარები გამორთო. უკუნი სიბნელე ჩამოწვა. შემდეგ, თვალი სიბნელეს რომ ცოტა შეეჩვია, მანქანიდან გადმოვიდა, წინიდან შემოუარა, მამაკაცს კარი გაუღო და გარეთ გადმოიპატიჟა. ექიმი შეშინებული აცეცებდა თვალებს. - გადმობრძანდით, გადმობრძანდით. იმედია, სიბნელის არ გეშინიათ. თქვენ ხომ მშიშარა მამაკაცების რიგს არ მიეკუთვნებით?! მაშინ ხომ არ შეგშინებიათ ჩემი, როდესაც ჩემს უდროოდ დაბადებულ გოგონას აშვილებდით! არც მაშინ შეგშინებიათ, როდესაც პირველად მოვედი თქვენთან შვილის ამბის გასაგებად... თავი ვაჟკაცურად გეჭირათ და უარყოფდით ამ საქმესთან რაიმე კავშირს... ასე არაა?! ახლა კი მგონი, ცოტა დამფრთხალი ხართ. ექიმო, აბა, შემომხედეთ, ნუთუ ფიქრობთ, რომ მე, ამ გამხდარმა და ნაზმა არსებამ, შემიძლია, რაიმე ზიანი მოგაყენოთ?! - ანამ პაუზა გააკეთა. როგორც ჩანს, მისმა ბოლო სიტყვებმა მამაკაცს იმედი ჩაუსახა. - ახლავე პოლიციას გამოვიძახებ, - ჯიბიდან მობილური ამოიღო და ის-ის იყო, ნომერი უნდა აეკრიბა, რომ ანამ ტელეფონი ხელიდან ისე უცებ აართვა, ემზარმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. ქალმა ტელეფონი მშვიდად დაშალა, ელემენტი ამოაცალა, გადააგდო, აპარატი ისევ ააწყო და პატრონს დაუბრუნა. - გადმოდი, - და თავი გადააქნია. მამაკაცი ზლაზვნით გადმოვიდა. ანამ ხესთან ზურგით დააყენა და თვითონ ისე ახლოს დაუდგა, რომ მისი გახშირებული სუნთქვაც კი ესმოდა. თვალებში უყურებდა და მზერით ბურღავდა. - აბა, ახლა როგორ მოვიქცეთ? თოკი გადმოვიღო მანქანიდან, ხეზე მიგაბა და ისე აგალაპარაკო თუ კეთილს ინებებ და თავად ალაპარაკდები? - მე სათქმელი არაფერი მაქვს, - სუნთქვაშეკრულმა ძლივს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა... - კარგი, ალბათ ახლა გულში ხითხითებ კიდეც, არა? შენ ალბათ არ იცი, რომ მე თუ შვილი ვერ ვიპოვე, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ... არც ის იცი, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ და ამ დილით, გამთენიისას შემიძლია, უკვე თვითმფრინავში ვიჯდე და აქედან მივდიოდე. არც ის იცი, რომ ორგზის ქვრივი ვარ და ორივე ქმარი მე გამოვასალმე სიცოცხლეს... მეორე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მილიონები დამრჩენოდა, - ანამ ტყუილების გუდას მოხსნა პირი, მამაკაცი რომ შეეშინებინა. - ამიტომ, იცი, რა იოლია ჩემთვის, ახლა, აი, ამას... - ანამ ქამრიდან წინასწარ მომზადებული პისტოლეტი ამოიღო და მუცელზე მიადო. - თითი გამოვკრა, სული გაგაფრთხობინო და დაუსჯელი დავრჩე!.. მამაკაცმა ღიპი "შეისუნთქა"; სუნთქვა აგონიაში მყოფივით გახშირებოდა. - მომიყევი ყველაფერი, რაც იცი, შენთვის ასე აჯობებს... - მმმე... ჩჩემთან მოვიდა ვიღაც სვანი და მითხრა, რომ თქვენი შვილი უნდა გაგვეშვილებინა ისე, რომ თქვენ არ გცოდნოდათ, - როგორც იქნა, ალაპარაკდა ემზარი... - აჰა... ეს უკვე კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, გონზე მოხვედი. მიდი, დაჯექი მანქანაში და იქ გავაგრძელოთ, - ანამ ხელი მსუბუქად წაჰკრა და ისიც მაშინვე, დამჯერი ბავშვივით მოთავსდა სავარძელზე. - რატომ მაიძულებ, ისეთი რამ გავაკეთო, რაც მე თვითონ არ მსიამოვნებს? - ჰკითხა ანამ მას შემდეგ, რაც თვითონაც საჭესთან დაჯდა და ყველა კარი ერთი ღილაკით საიმედოდ ჩაკეტა. - მერე? - მე უარზე ვიყავი, - ცოტა გულდამშვიდებულმა ექიმმა ლაპარაკი განაგრძო, თუმცა ეტყობოდა, რომ ისევ ღელავდა, - მაგრამ ეგ თქვენი სვანი არ მომეშვა. დამემუქრა და მეც იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. - ეგენი არ მაინტერესებს. შენ ის მითხარი, ვინ წაიყვანა ჩემი შვილი. - მე ხელწერილი მაქვს დადებული, რომ ამ საიდუმლოს არ გავთქვამ. - თქვი! - ლამის იყვირა ქალმა. - გუშინწინ, თქვენ რომ მოხვედით, ამოვქექე საბუთები და შემიძლია, იმ ადამიანის სახელი და გვარი გითხრათ, ვინც სამშობიაროდან ბავშვი გაიყვანა. მე მეტი არაფერი ვიცი. ანას ხმა აღარ ამოუღია. მდუმარედ მისჩერებოდა და ელოდა, როდის დაასრულებდა ლაპარაკს. - ბავშვი გაიყვანა შუახნის ქალბატონმა, თამარ კევლიშვილმა; როგორც მახსოვს, ეს ქალი რუსთაველი იყო. სულ ესაა, რაც ვიცი. - მერე, ამის თქმას ამდენი აურზაური რად უნდოდა?! გეთქვა და შენც მშვიდად იქნებოდი და მეც. რა თანხა გადაგიხადეს ამ საქმეში? - ფული მხოლოდ იმათ გადაიხადეს, ვინც ბავშვი წაიყვანა. თქვენს ნათესავს არაფერი მოუცია. - ააა, ე.ი. ჩვენ ვალში ვართ, არა?.. მაინც, რამდენი გადაიხადეს? მინდა, ვიცოდე, რა ღირს ჩემი შვილი, რომ თუ საჭირო გახდება, ეგ თანხა უკან მივცე. - 3.000 დოლარი. - გასაგებია, - ჩაილაპარაკა ანამ და მანქანა დაძრა. - ახლა თბილისში დავბრუნდებით. შენ იქ დაგაბრუნებ, საიდანაც წამოგიყვანე და იმედი მექნება, რომ კრინტს არავისთან დაძრავ იმის შესახებ, რაც აქ მოხდა. თუ ასე არ მოიქცევი, აი, ამ ჩანაწერს, - ანამ ჯიბიდან პატარა დიქტოფონი ამოაძვრინა, - სადაც საჭიროა, იქ წარვადგენ და ვნახოთ მერე, ვის რა მოელის. მამაკაცი, უარყოფის ნიშნად, მხოლოდ თავს იქნევდა. - მეც იმედი მაქვს, რომ არ გაამხელთ, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, - თქვა ბოლოს... ანა შინ გამთენიისას მივიდა. კმაყოფილი იყო გასული დღით. გულში შიში მაინც კი შეეპარა, - ვაითუ, ამ ექიმს პოლიციაში განეცხადებინა ყველაფერი და ანასთვის პრობლემები შეექმნა?! თუმცა ანას ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა - პრობლემეზე ფიქრს გულს არ აჭმევინებდა, ცოტა ხანს იდარდებდა და მერე ხელს ჩაიქნევდა ხოლმე, - რაც მოსახდენია, მოხდესო, - და ივიწყებდა. ახლაც ასე მოიქცა და გულზე მოეშვა. კარი თავისი გასაღებით გააღო და შინ ფეხაკრებით შეიპარა. მაგრამ არც ნინოს და არც დედას არ ეძინა. - სად იყავი? - ერთხმად ჰკითხეს. - კარგი, რაა, რა პატარა ბავშვივით მდარაჯობთ! საქმეზე ვიყავი. - კი, მაგრამ რომელი საქმე კეთდება შუაღამისას? - მორჩა, მეძინება, კითხვებზე პასუხს ხვალ გაგცემთ, - ხელი აიქნია ანამ და საძინებლისკენ გაეშურა. დილით ადრიანად გაეღვიძა და თვალი გაახილა თუ არა, პირველი, რაც იგრძნო, შიმშილი იყო. წინადღეს ჭამა არც გახსენებია. ფეხშიშველი, პიჟამათი გატანტალდა სამზარეულოსკენ. ყავა მოიმზადა, შემდეგ მაცივარი გამოაღო, ძეხვისა და ყველის ბუტერბროდები გაიკეთა, ალუბლის წვენი დაისხა, ყველაფერი ლანგარზე დააწყო და თავისი ოთახისკენ წავიდა: გადაწყვიტა, საწოლში ესაუზმა. რაც თბილისში დაბრუნდა, მას შემდეგ საწოლში საუზმე არავის მოურთმევია და თვითონაც არ გახსენებია, რომ დიდი ხანია, ეს ჩვევა ჰქონდა. ახლა კი რატომღაც, მოუნდა. მისაღებში თმაგაწეწილ ნინოს გადაეყარა, რომელიც მთქნარებით გამოვიდა თავისი ოთახიდან. - სამსახურში მიდიხარ? - ჰო, - უპასუხა ნინომ. ანა საწოლზე "აბარგდა", ბალიშს ზურგით მიეყრდნო, ლანგარი ტუმბოდან აიღო და მუხლებზე დაიდო. შემდეგ ყავა მოსვა და ბუტერბროდი ჩაკბიჩა. ირგვლივ მიმოიხედა, თვალით პულტს ეძებდა, რომელიც ტელევიზორის თავზე აღმოაჩინა. იქვე დადებულ ტელეფონს მისწვდა და ნინოს ნომერი აკრიბა. - რა იყო, უკვე წახვედი თუ საძინებლიდან მირეკავ? - ჰკითხა გაოცებულმა დამ. - შემო, რა, ერთი წუთით. ნინო მაშინვე მასთან გაჩნდა. - იცი, ცხოვრებაში ყველაზე დიდი საშინელება რა არის? - სერიოზული სახით ჰკითხა ანამ. - რა? - შეშფოთება დაეტყო სახეზე ნინოს. - რა და, როცა საწოლში გემრიელად და მოხერხებულად მოეწყობი, საუზმეც მზად გაქვს, მომდევნო ნახევარი საათის მშვიდად გატარებას აპირებ და აღმოაჩენ, რომ დაგავიწყდა, ტელევიზორის პულტი აგეღო... - ამისთვის დამიძახე? - გაიღიმა ნინომ. - ჰო. მომაწოდე, რა, ტელევიზორზე დევს... ნინომ პულტი მიუტანა და საწოლზე ჩამოუჯდა. - გუშინდელი ამბების შესახებ ლაპარაკი არ გინდოდა? - ჰკითხა შემდეგ. - ნი, რამდენიმე დღე მჭირდება და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. ხომ იცი, შენზე უფრო ახლო მეგობარი არავინ მყავს. უბრალოდ, ჯერ არ მინდა რამის თქმა. არ მინდა, შარში გაგხვიო. - გოგო, შარიან ამბებს თავი დაანებე! - შუბლი შეკრა ნინომ. - მოდი, მაკოცე და საქმეს მიხედე. ყველაფერი კარგად იქნება, - ლოყა მიუშვირა ანამ და აწკრიალებული ტელეფონი აიღო. გიორგი ნიჟარაძე რეკავდა და ანას თავისთან, ოფისში მისვლას სთხოვდა. შეთანხმდნენ, რომ 2 საათში შეხვდებოდნენ. ანამ თავისი საყვარელი, ტანზე მომდგარი, მუხლამდე სიგრძის, წითელი, დეკოლტირებული კაბა ჩაიცვა, წელზე შავი, წვრილი ქამარი შემოირტყა, შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, შავი, გრძელი მძივი, ამავე ფერის საყურე და სამაჯური გაიკეთა და სარკეში საკუთარი თავი კმაყოფილმა შეათვალიერა. შემოსასვლელ კართან დაგებულ ოთხკუთხა ნოხზე კვლავ ვარდების თაიგული დახვდა. - ნინოო! - გასძახა დას. - ეს შეიტანე, რაა, - თაიგული მიაწოდა. - მე მგონი, მალე ადგილი არ გვექნება, რომ ყვავილები დავალაგოთ. შენი კავალერი, როგორც ჩანს, ყოველ დილით აპირებს თაიგულის დატოვებას. - დღეს ვეტყვი, რომ აღარ შეწუხდეს, - ხელი ჩაიქნია და კიბეზე დაეშვა. ანამ დირექტორის მისაღების კარი ფრთხილად შეაღო. მდივანი ახალგაზრდა გოგონა იყო და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც "კლასიკურ" მდივანს შეეფერება: ქერათმიანი, დიდი მკერდით, გრძელი ფეხებით, "შეღებილი" და მედიდური გამომეტყველებით. - გამარჯობა, - მიესალმა ანა და კაბინეტისკენ გაემართა. - მოითმინეთ, არ შეხვიდეთ, - წამოდგა მდივანი. - რატომ? - წარბები აზიდა ანამ. - არ სცალია... - ჩემთვის სცალია, - უკან არ დაიხია. - არ სცალია-მეთქი, - კატეგორიული ტონით გაიმეორა მდივანმა, - თათბირი აქვს. - როგორც ჩანს, გიორგი ნიჟარაძე საიმედო ხელშია, - ჩაიცინა ანამ და იქვე, სკამზე ჩამოჯდა თუ არა, მაშინვე მისაღებში ტელეფონი აწკრიალდა. მდივანმა მოკლე პასუხები გასცა, შემდეგ ანას მიუბრუნდა და ცხვირაბზუებულმა უთხრა: - თქვენ გიკითხათ, შებრძანდით. - გმადლობ. კაბინეტში, გიორგის გარდა, რამდენიმე მამაკაცი დახვდა. ყველამ მისკენ მიიხედა. რამდენიმე წყვილი თვალი შემფასებელი მზერით უყურებდა. ანა კართან გაჩერდა და დამსწრეთ საშუალება მისცა, ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ. - მოდი, ანა, მოდი, - გიორგი წამოდგა, ანა გადაკოცნა და სკამი გამოუწია. - ჩვენ თავისუფლები ვართ? - იკითხა ერთ-ერთმა მამაკაცმა. - კი, - თავი დაუქნია დირექტორმა, შემდეგ ღილაკს ხელი დააჭირა და მდივანს ყავის მომზადება სთხოვა. - რაო, ნახე? - მიუბრუნდა ქალს. - "იმას" გულისხმობ?.. კი, ვნახე. - მოგეწონა? - ძალიან ლამაზი თაიგულია და დიდი მადლობა, მაგრამ ნუღარ შეწუხდები, არაა საჭირო. - რა არაა საჭირო? - გაუკვირდა გიორგის. - ყვავილების გამოგზავნა. გუშინაც მივიღე შენგან თაიგული და დღესაც... - თაიგული? ჩემგან? - სახეზე გულწრფელი გაოცება გამოესახა მამაკაცს. - არა, ანა, როგორც ჩანს, ვიღაც ინკოგნიტო თაყვანისმცემელი გიგზავნის. მე მართლა არ გამომიგზავნია. ჯერ ერთი, შენი მისამართიც არ ვიცი... - ჰმ, მე კი მეგონა, შენ გამოიდე თავი. აბა, რაზე მკითხე, ნახე თუ არაო? - რაზეც შენ შინ მეწვიე გუშინწინ, იმაზე. - ა-ა. კი, ეგ კი მართლა, ძალიან მომეწონა: 5,45-კალიბრიანი, მცირეგაბარიტული "ვალტერია", საბრძოლო სიჩქარე - 30 გასროლა წუთში, მჭიდში 8 ტყვია ჩადის, საუკეთესო სასროლი მანძილი - 50 მეტრი, - ჩამოარაკრაკა ქალმა, - საუკეთესო ვარიანტია ჩემთვის. - ოჰო, შენ ამ სფეროში კარგად ერკვევი, როგორც ჩანს, - გაეცინა გიორგის. - მეტ-ნაკლებად, - გაიღიმა ანამ, - მაგის საკითხავად დამიბარე? - კი არ დაგიბარე, გთხოვე, რომ მოსულიყავი. საქმიანი წინადადება მაქვს. ამ დროს მდივანმა ლანგარზე დადებული ყავა შემოიტანა და უკმაყოფილო სახით დაუდგა წინ ჯერ გიორგის, შემდეგ - ანას; მერე ოთახი ზლაზვნით დატოვა. - ლამაზი მდივანი გყავს, მომეწონა. შენი კაბინეტის კარს კი ერთგული ნაგაზივით იცავს. მამაკაცმა ჩაიცინა და ანას კომენტარი უპასუხოდ დატოვა. - გისმენ, რა გინდოდა? - ანა, როგორც მივხვდი, მდიდარი ქალი ხარ. - ჰო, შეიძლება, ასე ითქვას, - ღიმილით დაუქნია თავი. - ჩემი ფირმა სამშენებელო მასალებს აწარმოებს, უცხოეთიდანაც შემოაქვს და სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებს. - მერე? - მერე ის, რომ ახლა შესანიშნავი ვარიანტი გამოჩნდა: შესაძლებელია, პოლონეთში აუქციონზე პენოპლასტის ქარხანა გაიყიდოს და იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ვიდრე აუქციონზე გაიტანენ, იაფად ჩავიგდოთ ხელში. - იაფი ალბათ იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი. - დიახ, 25 მილიონზე. წარმოება გაკოტრებულია და მეპატრონეს მისი გაყიდვა ურჩევნია: სახელმწიფო ვალს დაფარავს და თვითონაც დარჩება ცოტაოდენი თანხა. GzaPress- სანაცვლოდ რას ითხოვს? მხოლოდ "კაპიკებად" გაყიდვაზეა თანახმა? - არა, აქციების 2% უნდა დარჩეს. - ეს თანხა მთლიანად მე უნდა გადავიხადო თუ წილს მთავაზობ? - მე გთავაზობ, რომ სამი მეხუთედი ანუ 15 მილონი გადაიხადო და აქციების 49% მიიღო. სამაგიეროდ, ჩემი ბიზნესის წილსაც გთავაზობ. - თუ სწორად მივხვდი, პენოპლასტის ქარხნის აქციების 49% ჩემი იქნება, ამდენივე - შენი და 2% - ძველი მეპატრონის. ამასთან, შენი ბიზნესის მოწილეც ვიქნები. - ზუსტად ასეა. თანაც, მინდა გითხრა, რომ ამიერკავკასიაში პენოპლასტის ქარხანა არ არსებობს. მხოლოდ რუსეთშია. - შენი ბიზნესი მომგებიანია? შეგიძლია, ბუღალტერიაში ჩამახედო? - თუ ამ საკითხზე შევთანხმდებით და თანახმა იქნები, ფული ამ საქმეში დააბანდო, მაშინ მზად ვარ, შენს ნდობით აღჭურვილ პირს ყველა საჭირო საბუთი წარვუდგინო. გყავს ვინმე, ვინც ამ საკითხში ერკვევა? - კი, ჩემი და. ბუღალტერიაში "მგელია". - როდის მეტყვი პასუხს? - ხვალ ჩემი და მოვა თქვენთან და საქმეში გაერკვევა, მაგრამ ერთი პირობა კიდევ მექნება. - გისმენ. - მართვის სტრუქტურა როგორია? - ფირმას ჰყავს პრეზიდენტი ანუ - მე და დირექტორთა საბჭო ანუ ის 5 მამაკაცი, რომელიც წეღან აქ იხილე. - თუ შევთანხმდებით, რომ ამ საქმეში შემოვალ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც უნდა მომცე. - კარგი, - მცირედი დაფიქრების შემდეგ უთხრა გიორგიმ. - როგორ ფიქრობ - გამოგვივა თანამშრომლობა? - არ ვიცი, დავფიქრდები. ფული მაქვს, მაგრამ ახლა გავლენა და ძალაუფლება მჭირდება. როგორ მივაღწევ ამას, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა მივაღწიო. თუმცა არ გეგონოს, იმდენი არ მესმოდეს, რომ ფირმის ვიცე-პრეზიდენტობა ამ ძალაუფლებასა და გავლენას ვერ მომცემს. უბრალოდ, მინდა, აქ ჩემი ადგილი მქონდეს და შენს კაბინეტში შემოსასვლელად რიგში არ ვიდგე. - ეჭვიანობ?.. - გაიღიმა მამაკაცმა. - მე მგონი, ის უფრო ეჭვიანობს, - ცერა თითით ანიშნა კარისკენ. - კარგი, კარგი, - გულიანად გაიცინა გიორგიმ, - როგორც ვატყობ, აქ შენი გამოჩენა ბევრ საინტერესო მოვლენას გამოიწვევს. ჩემთვის კი ბრძოლა არ მოგიწევს: ხომ იცი, ყოველთვის მზად ვარ, შენს ფერხთით ვიხილო ჩემი თავი. - არა, ამას ჩემი გული ვერ გაუძლებს. იმაზეც მოგვიწევს შეთანხმება, რომ მე და შენ მხოლოდ საქმიანი პარტნიორები ვიქნებით, არავითარი ფლირტი და "სიყვარულობანა"! - ისე რომ მოხდეს, რომ შენ თვითონ მოისურვო ჩემთან "სიყვარულობანა", მერე რა ვქნათ? - გიო, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა მოვისურვებ, კარგი? - კარგი. ამ საღამოს ჩემთან სახლში რამდენიმე ახლობელი ვიკრიბებით. ცოტა საქმეზე სალაპარაკოდ, ცოტა - გასართობად... თუ მოხვალ, გამიხარდება. არა, თუ მოხვალ კი არა, აუცილებლად უნდა მოხვიდე... მომავალ პარტნიორებსაც გაგაცნობ, ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებ. - კარგი, წავედი, უამრავი საქმე მაქვს, - ანა წამოდგა. - 8 საათზე გელოდები, არ დააგვიანო, - უკვე კართან დააწია ბოლო სიტყვები. ანა გიორგისგან პირდაპირ რუსთავში წავიდა და შეეცადა, ვინმე თამარ კევლიშვილის ვინაობა და მისამართი დაედგინა. ხელმოსაჭიდი და დამაიმედებელი ვერაფერი გაიგო... მერე ცოტა ხნით დავითს შეუარა და წინაღამის ამბები მოახსენა. დავითმა საყვედურებით აავსო, მაგრამ ისიც შეგუებული იყო ანას უცნაურ ქცევას და ბოლოს ხელი ჩაიქნია, - მაინც ვერაფერს შეგასმენო... მერე ანამ ახალი ბიზნესწინადადება გააცნო და დავითს აზრი ჰკითხა. - სწორად მოიქეცი, რომ მაშინვე არ დათანხმდი. ვიცნობ მაგ გიორგის. საკმაოდ კარგი სახელი აქვს, წარსულში "ძველი ბიჭი" იყო და კაცურ სახელს არც ახლა შეირცხვენს. უმალ საქმეს დააზარალებს, მაგრამ სახელსა და ვაჟკაცობას ჩირქს არ მოსცხებს. ეს ყველამ იცის. ასე რომ, არა მგონია, თაღლითობდეს და შენთვის ტყავის გაძრობას ცდილობდეს. მაინც კარგად დაფიქრდი. თუ გინდა, მეც შევხვდები, შენთან ერთად, და მერე გადაწყვიტე... ზუსტად 8 საათზე ანა გიორგის სახლის კართან იდგა. კარი მარომ გაუღო. - ვაა, ანა, მოხვედი?! მეგონა, ვერ მოახერხებდი, - გიორგის გულწრფელი სიხარული შეეტყო, - მოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. ოთახში ბლომად ხალხი ირეოდა. ქალებიც იყვნენ, მაგრამ მამაკაცები ჭარბობდნენ. - გაიცანით, ჩემი ძველი მეგობარი - ანა, - ხმამაღლა გამოაცხადა გიორგიმ. ამის შემდეგ ამდენი უცხო სახე ერთმანეთში აირია. მამაკაცები ანას ხელს ართმევდნენ, სახელს ეუბნებოდნენ, თანმხლებ ქალბატონს აცნობდნენ... უეცრად ანას მზერა ნაცნობ ნაკვთებს გადააწყდა, თუმცა უცებ ვერ გაიხსენა, სად ჰყავდა ეს ადამიანი ნანახი. სამიოდე წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ გონებას, ორიოდე კვირის წინ მომხდარი მოვლენა აღედგინა... ანას თბილისის აეროპორტი და სამარცხვინო წაქცევა გაახსენდა... "ირაკლი... ეს ირაკლია, ის უცნაური მამაკაცი, წაქცეულს რომ თავზე წამომადგა და არ მშველოდა", - გაიფიქრა და "ნაცნობ ნაკვთებს" ანგარიშმიუცემლად გაუღიმა. მაგრამ მისი ღიმილი უპასუხოდ დარჩა, რადგან მამაკაცს ის არ შეუმჩნევია. ანას ერთი ქალბატონი გამოელაპარაკა და დივანზე დაჯდომა შესთავაზა. ქალი რბილად დაეშვა და თვალით ისევ ირაკლი მოძებნა. ვეღარსად დალანდა... ირაკლი ისე უკვალოდ გამქრალიყო, რომ ქალმა იფიქრა, - ხომ არ მომეჩვენაო?.. - როგორ ბრძანდება მშვენიერი ქალბატონი? - ყურთან ჩაესმა ჩურჩულით ნათქვამი და მამაკაცის ცხელმა სუნთქვამ კისერზე ჩამოშლილი თმის კულულები შეურხია. ანამ მამაკაცს შეხედა და გაოცებული სახე მიიღო. - კარგად ვარ, - მოჭრით უპასუხა, მისი მზერა კი სრულ გულგრილობას გამოხატავდა. თუმცა გული უცნაურად აუფოქრიაქდა... - ვერ მიცანით? - როგორც ჩანს, მამაკაცი არ ელოდა, რომ ანა ვერ იცნობდა და ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად იგრძნო. - ვერა. უნდა მეცნეთ? - მსახიობობა განაგრძო ქალმა. მამაკაცი გაეცალა, ანას კი სახეზე ღიმილი გადაეფინა. "რაო, ვაჟბატონო, როგორი იყო, წაქცეულს თავზე რომ დამადექი და ხელიც არ გამომიწოდე წამოსაყენებლად?.." - გაიფიქრა ანამ და გვერდით მსხდომ საზოგადოებასთან საუბარში ჩაერთო. ირაკლის განგებ არ აქცევდა ყურადღებას. არც მამაკაცს გამოუჩენია გადამეტებული ინტერესი. ანა იქ მყოფ ხალხს აკვირდებოდა. როგორც ჩანს, ეს ადამიანები თბილისურ ელიტას წარმოადგენენ, თავი ისე უჭირავთ... ვითომ "ძაან "ტაკოი" საუბრები, ტანისამოსის "გამოფენა" და ბრილიანტების ბრჭყვიალი... ანას გულს ურევდა ეს სიტუაცია, გატყლარჭული ლაპარაკის მანერა, სიგარეტის მოწევის დროს ტუჩების მომრგვალება და კვამლის არტისტულად გამოშვება... ხელოვნური სიცილი, გაოცება თუ აღშფოთება... ელიტური ჭორები და ახალი ამბები... ანას გაახსენდა ის მიღებები და წვეულებები, რომლებსაც ბელტრანთან ერთად ესწრებოდა ჯერ თანამგზავრის, შემდეგ კი ცოლის ამპლუაში. მას გამომუშავებული ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში და მისი ყველა ჟესტი თუ ღიმილი მექანიკური გახლ დათ. თუმცა ამას გარეშე თვალი ვერ შეამჩნევდა... იქ მყოფთ არ გამორჩენიათ მისი დახვეწილი მანერები და ქცევა. ის გარეგნობითაც გამოირჩეოდა და ჩაცმულობითაც. ქალები ოდნავ შურითაც კი უყურებდნენ, მამაკაცები - აღფრთოვანებით. გიორგის სტუმრები ჯერ არ აპირებდნენ დაშლას, მაგრამ ანას იქ ყოფნა მოჰბეზრდა და წასვლა გადაწყვიტა. ყველას გამოემშვიდობა, მასპინძელი კართან გადაკოცნა, დაუბარა, ხვალ დილით ოფისში მოვალ და ჩემს დას მოვიყვანო და გავიდა. ის იყო, მანქანაში ჯდებოდა, რომ ხმა მოესმა: - ანა, საით მიბრძანდებით? - ირაკლი მისკენ აჩქარებული ნაბიჯით მოდიოდა. - სახლში მივდივარ. - მეც ხომ ვერ გამაყოლებთ? - კი, რატომაც არა?! - უპასუხა ქალმა და მამაკაცი თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა. ირაკლი მის გვერდით მოთავსდა. - რომელ უბანში მიდიხარ? - მოდი, პეროვსკაიაზე გავიდეთ, ყავაზე დაგპატიჟებ. - მე პირადად, მცხეთაში მირჩევნია. თანაც, ჯერ 11 საათია, გვიანი სულაც არაა და შეიძლება, კაცმა 1-2 ჭიქა დალიოს და გაერთოს, - ანამ მამაკაცს გამომცდელად შეხედა. - მაშინ, მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: უკან მივბრუნდეთ, მე ჩემს მანქანას წამოვიყვან, მერე შენი სადმე გავაჩეროთ და ჩემი მანქანით წავიდეთ. მოსულა? - მანქანა თუ გყავს, მე რას ამეკიდე? - გაეღიმა ანას. - უბრალოდ, დალაპარაკება მინდოდა, ახლოს გაცნობა და ცოტა გაარშიყებაც, - პირდაპირობა გამოიჩინა მამაკაცმა. - კარგი, მოვილაპარაკეთ. ანა გიორგის სახლთან დაბრუნდა, ცოტა ხნის შემდეგ კი გვერდით მჯდარი მამაკაცის პროფილს ინტერესით ათვალიერებდა. რესტორაში, ანას სურვილით, დარბაზში დაჯდომა არჩიეს. მიმტანს შეკვეთა მისცეს თუ არა, მათ მაგიდას ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ირაკლი გადაკოცნა, ანას ხელზე აკოცა და დაიჟინა, გინდა თუ არა, ჩვენს მაგიდას უნდა შემოუერთდეთო. - ხომ გითხარი, დარბაზში არ მოგვასვენებენ-მეთქი! - მსუბუქად უსაყვედურა ირაკლიმ ქალს. - რეზო, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, ცოტა მოგვიანებით შემოგიერთდებით, - ნასვამი მამაკაცის თავიდან მოშორება სცადა. - ა-პა-პა! არ გამოვა, ეგ ამბავი, ბატონო ირაკლი! ახლა უნდა აბრძანდეთ და ჩვენს საზოგადოებას შემოუერთდეთ. ყველა თქვენი ნაცნობი ვართ, უცხო არავინაა. - რა გაეწყობა, ირაკლი, ნუ ვაწყენინებთ ამ ხალხს, - ანა პირველი წამოდგა. - შენ გენაცვალე, ჯიგარი ხარ! - უცებ გაუშინაურდა რეზო. - ჩემი თანამშრომლები არიან, მაინც არ მოგვეშვებოდნენ, - ჩასჩურჩულა ანას ყურში, მოპირდაპირე მაგიდისკენ მიმავალმა ირაკლიმ. ანამ კონიაკი მოითხოვა და ხვეწნა არ დასჭირვებია, ისე გადაკრა რამდენიმე ჭიქა. მშვენიერ გუნებაზე დადგა და მართალია, ირაკლისთან განმარტოება ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ ხალხში თავს მშვენივრად გრძნობდა. როგორც ჩანს, "სასტავი" უკვე კარგა ხნის მოსული იყო. ყველანი შეზარხოშებულები იყვნენ და როგორც კი მუსიკის ხმას გაიგონებდნენ, მაშინვე წამოიშლებოდნენ და დარბაზის შუაგულში, საცეკვაოდ გარბოდნენ. მაგიდასთან ამ დროს სულ რამდენიმე ადამიანი რჩებოდა და ანასა და ირაკლის ამ დროს ჰქონდათ საუბრის საშუალება, მაგრამ ხმამაღალი მუსიკის ფონზე ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას ძლივს აგონებდნენ. მერე რეზო ანას გადაეკიდა, - გინდა თუ არა, ვიცეკვოთო. ქალი ჯერ უარზე იდგა, მერე ლამის გუნდურად სთხოვდნენ, იცეკვეთო. რეზომ არჩევანის საშუალებაც მისცა, - რა შევუკვეთო მუსიკოსებს, რას ინებებთო? - შენც იცეკვებ? - ირაკლის გადახედა. - ოო, ბატონი ირაკლი პროფესიონალი მოცეკვავე გვყავს, მასთან შეჯიბრებას არ გირჩევთ, - რეზომ ირაკლის თვალი ჩაუკრა. - კარგი, ვიცეკვებ, - უცებ დათანხმდა ირაკლი. ანას გაეღიმა, დარბაზის იატაკს დახედა და "მთიულური" შეუკვეთა. მაგიდიდან რამდენიმე დანა აიღო, ქამარში გაირჭო და დარბაზის შუაგულში გავიდა. "მთიულურის" ჰანგზე წყვილმა ცეცხლი დაანთო. ანა ისე მთელი გრძნობით ცეკვავდა, ოღონდ - მამაკაცის პარტიას. სახეს მანჭავდა, იგრიხებოდა, თავისი გრძელი თმა ცეკვის დროს ჩამოეშალა და ნამდვილ ჯადოქარს დაემსგავსა: თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა, ბოლო ილეთი კი ის იყო, რომ სუფრის ბლაგვი დანები სათითაოდ დაარჭო ხის იატაკზე, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ხელები გაშალა. ისეთი ტაში ატყდა, მუსიკის ხმაც კი გადაფარა. ირაკლი აღფრთოვანებული შეჰყურებდა ანას და ისიც ტაშს უკრავდა. შემდეგ "მთიულური" "აჭარულმა" შეცვალა, "აჭარული" - "ქართულმა". წყვილი ძალიან უხდებოდა ერთმანეთს და ისე შეწყობილად ცეკვავდა, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გადიოდა რეპეტიციას. ანას მოჰბეზრდა ცეკვა და მაგიდას მიაშურა. ირაკლიც გვერდით მიუჯდა. - მინდა გითხრა, რომ გამაოცე, - ჩასჩურჩულა ყურში. - ცეკვა ყველა ქართველმა იცის, - გადაულაპარაკა ანამ. - კი, მაგრამ ასეთი სახეცვლილება არ მინახავს: "მთიულურის" დროს, ეს ნაზი არსება, ნამდვილ ვაჟკაცად გადაიქეცი. ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ მართლა კაცია-მეთქი?.. ანამ უპასუხოდ დატოვა ირაკლის სიტყვები. რეზოს შეკვეთით, მუსიკოსებმა წყნარი მელოდია დაუკრეს. ირაკლიმ ანას ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია. ქალი ტანზე მამაკაცის ხელებს გრძნობდა. ირაკლის ისეთი დიდი ხელისგულები ჰქონდა, მის წელს თითქმის მთლიანად ფარავდა. სახე მის მკერდთან ჰქონდა და ერთმანეთში არეულ სუნამოსა და სიგარეტის სუნს ღრმად ისუნთქავდა. თითქოს თავბრუ ეხვეოდა. ირაკლი სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად უჭერდა ხელებს და თავისკენ იზიდავდა. ქალს ზემოდან დაჰყურებდა და ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს მის გადაყლაპვას აპირებსო. მამაკაცმა უნებურად ამოიოხრა. ანამ თავი ასწია და შეხედა. ირაკლიმ სახეზე ჩამოშლილი თმა მარჯვენა ხელით გადაუწია და თან ხელის გულით ლოყაზე მოეფერა... მარი ჯაფარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.