შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცის დამტარებელი ანუ როგორ ვიშოვე ქმარი (სრულად)


7-06-2016, 23:16
ავტორი nicol
ნანახია 21 148

ისევ ავტობუსის გაჩერებაზე ვიჯექი და გზის მოპირდაპირე მხარეს მაღალსართულიანი სახლის ეზოში პარკინგს თვალს არ ვაშორებდი. უსაქმურობისგან ჩავლილ ავტობუსებს ვითვლიდი, ეს ოცდამესამე იყო... არც ამაში ავედი. ისევ ეჭვის თვალით მიყურებდა რამდენიმე მეტრში მჯდომი ხანშიშესული ქალბატონი და ვინ იცის უკვე მერამდენედ გაიფიქრა, რომ სავსებით უსამართლოდ ვაკავებდი მოსაცდელის ერთ-ერთ სკამს. ნეტავ ცოდნოდა რა სიამოვნებით დავიკავებდი მეორესაც და უკვე თითქმის დაბუჟებულ ფეხებს შემოვაწყობდი ზედ. იმის იმედი არ მქონდა რომ „მზვერავი“ წავიდოდა და მომცემდა საშუალებას დამშვიდებული სინდისით განმეხორციელებინა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პროცედურა, კერძოდ ზემოთხსენებული ფეხების სკამზე შემოდება, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ხანშიშესულ ქალბატონს იმპროვიზებული დახლი მოეწყო მუყაოს ყუთებისგან და მზესუმზირასთან ერთად კანფეტებს და საღეჭ რეზინებსაც ყიდდა. ყოველთვის მაოცებდა ასეთი მოვაჭრეების ასორტიმენტი. მათთან ისეთ როდუქციას წააწყდებოდი, რასაც ჩვეულებრივ მარკეტებში ვეღარ ნახავდით. მაგალითად ჯოხიანი კანფეტი და არა ჩუპა-ჩუპსი. საღეჭი რეზინი „ტურბო“, ან „მინტი“. უკვე საკმაოდ შელახულ პრიალა ქაღალდში გახვეული შოკოლადში ამოვლებული ჩიტისრძე. საერთოდ ვინმე ყიდულობს ნეტავ, თუ უბრალოდ ასორტიმენტისთვის ულაგია? ამ ბოლო დროს, რაც დაფასოებული მზესუმზირა შემოვიდა საზღვრებს მიღმიდან, ასეთ „გარემოვაჭრეებს“ შემოსავალი შეუმცირდათ და ალბათ ამიტომ გადაწყვიტეს სავაჭრო დახლების გადახალისება...
კიდევ ერთი ავტობუსი... ჯანდაბა, ის ისევ არ ჩანს! ასე არასდროს დაუგვიანია. ხომ არ გადავსულიყავი? თუმცა რა აზრი აქვს? მერე სადარბაზოსთან მომიწევს ყურყუტი და ფეხები დამაწყდება. სკამზე შევიშმუშნე და დაბუჟებული უკანა ნაწილი დავიზილე. ცალი თვალით გავხედე „ბიზნესვუმენს“. ჩემთვის არ ეცალა რამდენიმე ჭიქა მზესუმზირას ყრიდა ძველი გაზეთისგან გაკეთებულ სამკუთხა კონუსისებრს სათავსოში (არ ვიცი სხვანაირად რა ვუწოდო). დღეს ალბათ პირველი „კლიენტია“. უნებურად ჩამეღმა, როცა ასე 12-13 წლის გოგონებს ფული გამოართვა და დახლზე წარმოდგენილ ყველა ნივთს სათითაოდ შემოატარა. დღევანდელი ბარაქა გარანტირებილი აქვს!
ისევ ქუჩის მეორე მხარეს გავიხედე და ფეხზე წამოვხტი. ჯანდაბა! გამომეპარა როდის გამოვიდა. მხოლოდ იმ დროს მოვკარი თვალი, როცა უკვე მანქანაში ჩაჯდა და კარი მიიხურა. გულში ათასგზის სალანძღავი სიტყვა გავუგზავნე ქალბატონს, რომელსაც წესით დღეს ბარაქიანი დღე უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჩემი გულიდან ამოხეთქილი სიტყვათა მარაგისა და სურვილების მერე, უნებურად ეჭვქვეშ დავაყენე მისი შემოსავლიანობა.
ნაღვლიანად გავაყოლე თვალი ქუჩის ბოლოში მიმალულ მანქანას და ნაწყენმა დავტოვე მოსაცდელი. უნივერსიტეტში დამაგვანდა. არა უშავს, მეორე ლექციაზე მივალ. მანამდე ცოტას ფეხით გავივლი. სისხლის მიმოქცევისთვისაც სასარგებლოა და ფიქრისთვისაც იდეალურია.
ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვუთვალთვალებ ვიღაცას...
მეხამუშება მისი მოხსენიება „ვიღაცათი“. იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში შეიძლება ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემთვის „ვიღაცა“ არ არის.
ვინ არის ჩემი?
ჰმ... მწარე კითხვაა.
არავინ და ყველაფერი!
დაგაბნიეთ? არ მიკვირს, ხანდახან მეც ვიბნევი. ჯობია ყველაფერი თავიდან მოგიყვეთ. მიყვარს ამ ყველაფრის გახსენება, თან დროც საკმარისი მაქვს. ჯერ კიდევ შორია უნივერსიტეტამდე.
პიველად რომ ვნახე პირველ კურსზე ვიყავი...
ჩემი პირველკურსელობა ცალკე თემაა. უნდა გენახათ რა გლოვით და მწუხარებით გამომაცილა მთელმა ოჯახმა, ეს ნალოლიავები და სიმწრით გამოზრდილი ბავშვი და თბილისის სასტიკი კლანჭებისთვის გამიმეტა. დედაჩემი ცალკე ტიროდა - სხვის სახლში როგორ ვაცხოვრო შვილიო (დედაქალაქში ბინის საყიდლად სახსრები ნამდვილად არ ჰქონდა ჩემს ოჯახს), ბებია ცალკე ვიშვიშებდა - იქ ვინ მოგივლის შვილოო. მამაჩემმა კი წამოსვლისწინა საღამოს დამიმარტოხელა და - იცოდე, ტყავს გაგაძრობ რამე ცუდი რომ გავიგოო - თვალები დამიბრიალა. მაგრამ ჩემზე კარგად ვინ იცოდა რას ნიშნავდა ეს თვალების ბრიალი?! მეც ავდექი, მხარზედ ხელი დავარტყი და წინ გავეჯგიმე - გიორგევიჩ, რას ამბობ, სანამ შენ გაიგებ, მანამ ჩემი ნებით დავტოვებ ქვეყანას-მეთქი. მამაჩემს ჩაეღიმა - შენგან არაფერი გამოვაო, - „დამამშვიდა“ და წავიდა.
აი, ასე გამომაცილეს დედაქალაქში. მერე კიდევ ერთი კვირა ტელეფონში მესმოდა მათი ქვითინი და დარიგებები. ბოლოს შეეგუენ.
უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და დამოუკიდებელი ადამიანი. ნუ ის არ ითვლება მაინც მშობლების კისერზე რომ ვიჯექი და ჯერ კიდევ ისინი მარჩენდნენ. ჩემთვის ისიც დამოუკიდებლობა იყო, დილით ჩემით რომ ვიღვიძებდი და საუზმეს თვითონ ვიმზადებდი... ხანდახან მაინც. ძალიან დიდი იმედი მაქვს ბებიაჩემი ვერასდროს გაიგებს, დილაობით ქუჩის კუთხეში ნაყიდ ხაჭაპურს რომ გეახლებოდით და ისე გავრბოდი უნივერსიტეტში.
უკვე პირველკურსელი ვიყავი...
სწორედ მაშინ ვნახე პირველად „ის“. პირდაპირ ლექციაზე მომაკითხა (რა ამბიციური სიტყვებია?!) უფრო სწორად აუდიტორიის კარები შემოაღო და... არაფერი უთქვამს. ლექტორი, წითელპომადიანი მარგალიტა, მაშინვე წამოდგა, ცალყბად მოგვიგდო - დავბრუნდებიო და გავის ქნევით და ცხრასანტიმრტრიანი ქუსლების კაკა-კუკით, საკმაოდ იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა აუდიტორიის კარსუკან. იტყვით რომ მეტისმეტი ირონიით ვლაპარაკობ ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაზე? მარგალიტას იდუმალი ვითარება მე კი არა მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა. სხვთაშორის საკმაოდ მრავალფეროვანი იდულამება ჰქონდა.
ახლა იკითხავთ, რაღა მაინცდამაინც უკუღმართად ფიქრობ, იქნებ ბიძაშვილი, ან სულაც ძმა იყოო. გულიანად გამეცინა. ამ თეთრ, სლავური გარეგნობის გოგოს, (სხვათაშორის სახელიც მარგო ერქვა. მარგალიტა - ეს მე გადმოვაქართულე.) ეს შავგვრემანი, მუქი თვალწარბის მამრი, ბიძაშვილად კი არა, პლანტაციის მონადაც არ მოხვდებოდა. თან არც ისე უსაფუძვლოდ ვწამებ ცილს. იმავე საღამოს ვნახე, როგორ ჰყავდა ზემოთხსენებულ მამრს ჩვენი მარგალიტა ჯერ მანქანის კარებზე და მოგვიანებით საკუთარი ბინის კარის ჩარჩოზე აყუდებული.
ვუთვალთვალებდი?
ღმერთო ჩემო, ვუთვალთვაებდი!
დედაჩემს რომ ეს ამბავი გაეგო, მაშინვე აღმზრდელობით ლექციას წამიკითხავდა თემაზე - „აქამდე როგორ დაეშვი?!“ და აუცილებლად ჩამიდებდა ჯიბეში სახელდახელოდ ჩემთვის დაბეჭდილ ბროშურას „ქალი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს“.
ფაქტი ერთია, იმ დღიდან დაიწყო ჩემი თვალთვალი.
იმ დღეს კი მეც სულ შემთხვევით მოვხვდი მარგალიტას მიჯნურის კორპუსთან. ჩემს კურსელთან ვიყავი სახლში, გამოცდებისთვის ვემზადებოდით. ჰოდა მოვდიოდი ჩემთვის, ჩუმად, ჩაფიქრებული და ჩემი ყურადღება მანქანაზე ვერტიკალურად აკრულმა სხეულის მასამ მიიპყრო. დაკვირვების შემდეგ მივხვდი რომ ორი სხეულის შერწყმით იყო მიღებული ეს მასა. უნდა გენახათ ჩემი გაკვირვება, როცა ერთ-ერთში მარგალიტა ამოვიცანი. უნებურად შევჩერდი და გულში თვლა დავიწყე, მაინტერესებდა რამდენი ხანი ძლებს ადამიანი უჟანგბადოდ. აქვე უნდა აღვნიშნო რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მარგალიტას მიჯნური ან მოცურავე უნდა ყოფილიყო, ან ყურსუკან ლაყუჩებს მალავდა. მარგალიტაში ისედაც არ მეპარებოდა ეჭვი. ვიცოდი სუნთქვის შეკავებაში კარგი ნავარჯიშები რომ იყო.
სხეულის მასამ მოძრაობა დაიწყო და ნელ-ნელა სადარბაზოსკენ დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კორპუსს მივუახლოვდი. როგორც კი ლიფტში გაუჩინარდნენ, ვერც კი მვხვდი ისე ავირბინე კიბეზე. შეგიძლიათ გაიაზროთ, რომ ადამიანს შეუძლია კიბეზე ისე სწრაფად არბენა, რომ ლიფტსაც კი გაასწროს? მე იმ საღამოს მოვახერხე. არ მახსოვს რომელ სართულამდე ვირბინე, მაგრამ ლიფტი ჩემს ქვემოთა სართულზე გაიღო და მეც შევჩერდი. ერთი ხელი გულზე მივიბჯინე, მეორე კი პირზე ავიფარე რომ ჩემი გახშირებული სუნთქვა არ გაეგოთ ერთი სართულით დაბლა უკვე ექსტაზში შესულ წყვილს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ ყურთასმენას იმ დროს, ბაბუაჩემის ხვრინვაც კი ვერ მიწვდებოდა. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა და მეც ვცდილობდი მაქსიმალურად ჩუმად ვყოფილიყავი. როგორც იქნა ღმერთკაცმა ჯიბეში გასაღები მოძებნა. მერე რამდენიმე წუთი მის მორგებას მოანდომა და ბოლოს დაადგათ საშველი. დარწმუნებული ვარ აწი კი იპოვიდნენ საძინებლის გზას.
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი გახშირებული სტუმრობა მარსზე. ვერ გეტყვით რა მომენტში ან როდის დამემართა, მაგრამ ფაქტი ერთია, იმ საღამოს სადარბაზოში მარტო დარჩენილი, კიბეზე ჩამომჯდარი მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. თან ყველა იმ სცენაში სადაც რეალურად მარგალიტაც ფიგურირებდა, ჩემს ფიქრებში ის მარტო იყო. მარგალიტა შავი მარკერით ამოვშალე. თითქმის ყველა დეტალი მახსოვდა: მისი მხრები, არანორმალურად მომნუსხველი თვალები, ვნებიანი ტუჩები. ისიც კი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში როგორ მოქნილად მოძრაობდა, როცა აწ უკვე „უხსენებელს“ ეხვეოდა.
სწორედ იმ საღამოდან დაიწყო ჩემი თვალთვალი. მასზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი. მარტო ცხოვრობდა, მუშაობდა საკმაოდ დიდ ორგანიზაციაში, თანამდებობა ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ამას არც ჰქონია მნიშვნელობა. ვიცოდი როდის გადიოდა სახლიდან - როდის ბრუნდებოდა. სად სადილობდა, რა უყვარდა. როდის იყო დაღლილი, ვისთან ერთობოდა. მოკლედ რომ ვთქვათ მის გარდა საქმე არ მქონდა. დილით ძალიან ადრე გადიოდა და ეს საშუალებას მაძლევდა, ჯერ ის „გამეცილებინა“ სამსახურში, მერე დამშვიდებული წავსულიყავი უნივერსიტეტში. შეიძლება ითქვას მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი.
ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი გარეშე თვალისთვის როგორი აღსაქმელია, მაგრამ დამიჯერეთ იმ პერიოდში ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა. ღმერთს ათას მადლობას ვწირავდი იმისთვის, რომ თბილისში მარტო ვცხოვრობდი და შემეძლო დღის ნებისმერ მონაკვეთში მეკეთებინა ის რაც მინდოდა. მშობლები თუ მირეკავდნენ, მათთვის ყოველთვის სახლში ვიყავი და ვმეცადინეობდი. სინამდვილეში კი ძირითადა ან ავტობუსის გაჩერებაზე ვიჯექი და ვუთვალთვალებდი, როგორც იმ დღეს, ან მის სადარბაზოში, ზედა სართულის კიბის უჯრედზე ჩამომჯდარი ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა.
ასეთი ბებიაჩემს რომ ვენახე, ბალახეულის ჩაის დამალევინებდა და სიცხეს გამიზომავდა. დედაჩემი კი მკითხავთან წამიყვანდა და გამოალოცინებდა. მამაჩემი ორივეს თვალებს დაუბრიალებდა - თქვენი გატუტუცებულია ეს ბავშვიო და ხელს უიმედოდ ჩაიქნევდა. ამ ბოლო დროს მამაჩემის ყველაზე მეტი ჩაქნეული ხელი მე ვიყავი.
პირველი კურსი ისე დავხურე, რომ არაფერი შემიცვლია ჩემს ცხოვრებაში. შემიცვლია-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ შემეძლო, მაგრამ არ ვაჩქარებდი მოვლენებს. იმითაც ვკმაყოფილდებოდი, რომ ხანდახან შემეძლო მისი ნახვა. რამდენჯერმე მარგალიტასთან ერთად ვნახე. კიდევ კარგი შემდეგი შეხვედრები არ ჰგავდა პირველს. ბევრად უფრო ცივილიზებულად იქცეოდნენ და სახლში შესვლამდე არ „უცელქიათ“. იმედი მქონდა არც მერე...
ვერ ვიტანდი ამ ორს ერთად. ცალ-ცალკე ბევრად უხდებოდნენ ერთმანეთს. პარადოქსია, მაგრამ მარგალიტას ლექციაზე ყოველთვის სიამოვნებით შევდიოდი. დღემდე ვერ ამიხსნია რატომ, მაგრამ ასე თითქოს „მის“ რაღაც ნაწილს ვგრძნობდი. ღმერთო მიშველე, მე მგონი მართლა გავგიჟდი! მასთან ღამენათევ ქალში მისი რაღაც ნაწილი მინდოდა შემეგრძნო.
მესმის! საკუთარი თავის დარწმუნებაც კი ძნელია ასეთ აბსურდში.
არდადეგები მშობლიურ სახლში გავატარე. მიძნელდებოდა „მისი“ დატოვება ორი თვით, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი ჩემი ოჯახი გაგიჟდებოდა და მეორე... მეც მინდოდა ცოტა დამესვენა. ბოლო რამდენიმე თვის ემოციები ჩემთვის უკვე მეტისმეტი იყო. ვაღიარებ ასეთი თავგადასავლები ადვილი გადასატანი არ ყოფილა. მთელი ორი თვე ვფიქრობდი. სადღაც გულის სიღრმეში ისიც მინდოდა, რომ ამდენი ხნის უნახაობას ცოტა გაეხუნებინა ის შეგრძნებები, რომელიც უკვე შემაწუხებლად ბატონობდნენ ჩემზე.
მთელი ორი თვე ცდილობდა დედაჩემი გამჭოლი მზერით გავებურღე და გაეგო რა მჭირდა. მთელი ორი თვე ვიშვიშებდა ბებიაჩემი და შვილს და რძალს საყვედურებით ავსებდა - ხომ გეუბნებოდით არ ვარგა ბავშვის მარტო გაშვება იმხელა ქალაქშიო? ა, გათვალა ვიღაცამო.
მკლედ, საკმაოდ ეფექტური ორთვიანი გამაჯანსაღებელი კურსი ჩავიტარე სრული პაკეტით. მოვუსმინე ყველას ლექციას თემაზე „ასე რამ გამოგაშტერა, გოგო.“ გავუძელი მამაჩემის სულ მცირე ორმოცდაათჯერ ჩაქნეულ ხელს. და რაც მთავარია შევეცადე რამე მაინც მეგრძნო გოდერძას მიმართ, რომელსაც აგერ უკვე ხუთი წელი ვუყვარდი და სოფლის თქმით „სულ ჩამოვახმე ბიჭი“.
საკმაოდ აქტიურად ვცდილობდი გოდერძასთან შეგუებას მაინც. მთელი ზაფხული არ მშორდებოდა გვერდიდან. მე ამის უფლებას ვაძლევდი. რამდენჯერმე ცხენზეც შემოვუჯექი, თვალებიც დავხუჭე და ვცდილობდი ზურგით გოდერძას გულმკერდს მიყუდებული იმის მეათედი მაინც მეგრძნო, რასაც „მასთან“ ვგრძნობდი ერთი სართულით ზემოთ მჯდომი. ცხენის სუნის და გოდერძას გახშირებული სუნთქვის მეტი ვერაფერი ვიგრძენი. ბოლოს შევეშვი. ბიჭიც მეცოდებოდა. ახლა ბევრად უკეთ მესმოდა მისი. ახლა მეც იგივე მდგომარეოაში ვიყავი.
ბოლოს მტკიცედ გადავწყვიტე, რომ არაფერი მეშველებოდა და თბილისში დაბრუნებულს ბევრად უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადამედგა, თორემ მეც გოდერძას დავემსგავსებოდი. საკუთარ თავს პირობა ჩამოვართვი, რომ თვალთვალს შევწყვეტდი და უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადავიდოდი. თქვენ წარმოიდგინეთ შევძელი. დაბრუნების მერე არ მინახავს მანამ სანამ არ შევადგინე გეგმა, რომელიც მხოლოდ ერთი პუნქტისგან შედგებოდა და მასთან უფრო დაახლოებას გულისხმობდა. ათასი ვარიანტი განვიხილე. თავი გამისკდა ფიქრისგან, როგორ შეიძლებოდა მას შევხვედროდი ისე, რომ თუნდაც გამარჯობის თქმა მომეხერხებინა. გადავიკითხე უამრავი ლიტერატურა და სტატია, „როგორ შეიძლება დაუახლოვდე სასურველ ადამიანს“ და ათასგვარი სისულელე. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, მე რომელი მათგანი გამომადგებოდა ყველაზე მეტად.
პირველი ვარიანტი - „დაიწყეთ ვარჯიში იმ სპორტკლუბში სადაც ვარჯიშობს ის.“ - ჩემი მოფამფალებულ კუნთებს ნამდვილად არ აწყენდა ვარჯიში, მაგრამ სპორტდარბაზში სიარულით არც ის იკლავდა თავს (თუმცა უნდა ვაღიარო არც საჭიროებდა, ისედაც მკვრივი და ჩემთვის ზედმეტად სასურველი სხეული ჰქონდა), ასე რომ ეს ვერსია გამოვრიცხე.
მეორე ვარიანტი - „ორგანიზაციას სადაც მუშაობს ის შესთავაზეთ საქმიანი წინადადება.“ - ამ ვარიანტზე მეც ბევრი ვიცინე.
მესამე ვარიანტი - „სახლში მიაკითხეთ და უთხარით რომ საკაბელო ტელევზიის მომსახურების თანამშრომელი ხართ და ხარვეზის გამოსასწორებლად მიხვედით.“ - ამ ვერსიით უფრო ყაჩაღები და ქუდები სარგებლობენ, თუმცა არ უნდა იყოს ცუდი იდეა. რა თქმა უნდა იმას არავინ დაიჯერებდა, რომ მე ან საკაბელო ტელევიზის მომსახურების თანამშრომელი ან გაზის ინკასატორი ვიყავი, მაგრამ ხომ შემეძლო რამე ისეთი მომეფიქრებინა რაც უფრო შემეფეებოდა. მაგალითად: მივიდე დავაკაკუნო და ვუთხრა: „გსურთ ჭეშმარიტ ღმერთზე გესაუბროთ?“ არააა, დიდი ალბათობით კარს ცხვირწინ მომიხურავს. მაშინ - „გამარჯობა, ცე-ეს-კოდან გაწუხებთ, არჩევნებისწინა აღწერა გვაქვს მოსახლეობის და თუ შეიძლება თქვენს მონაცემებს ჩავიწერ.“ იდეას არა უშავს, მაგრამ ერთჯერადი ვიზიტია და არაეფექტური, თან ეს არჩევნებიც ორი წლის მერეა.
აქტიურად დავიწყე იმაზე ფიქრი, რა მიზეზით შეიძლებოდა ვსტუმრებოდი სახლში. დამლაგებელი უკვე ჰყავდა და ჩემდა სამწუხაროთ, ალბათ სახეზეც კარგად სცნობდა. ფოსტალიონი? - ეეჰ, რამდენიმე ათწლეულით დამაგვიანდა, თორემ იდეალური ვარიანტი იქნებოდა. პიცის დამტარებელი? - ევრიკა! კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც უკვეთავს პიცას. ისიც კი ვიცი რომელი პიცერიიდან. გადაწყვეტილია ხვალიდანვე დავიწყებ იქ მუშოაბს.
მეორე დილასვე მივაკითხე ჩემთვის საინტერესო პიცერიას.
-გამარჯობა. - მაშინვე გამიღიმა ვიწრო ფანჯრიდან გოგონამ. - რას ინებებთ?
-სამუშაოს ვეძებ, კურიერი არ გჭირდებათ?
გოგონას „ფორთოჩკიდან“ მაშინვე შეეცვალა სახე და წეღანდელი კეთილგანწყობილი ღიმილი ჩამოერეცხა.
-კურიერი? შეენ? - ტუჩი აიბზუა და ისე გადმომხედა. - ჩვენთან კურიერები მოტოთი დადიან და მართვა იცი?
ჩემი სიამაყისგან შუბლისკენ წასული წარბი უნდა გენახათ, როცა მოტოციკლის მართვის მოწმობა ავაფარე თვალებზე. დიახ, მართვაც ვიცოდი და მართვის უფლებაც მქონდა. სოფელში ჩემმა უფროსმა ბიძაშვილმა მამაჩემის ძველი სამთვლიანი მოტოსგან ააწყო შესანიშნავი მოტოციკლი. ხშირად მსვამდა ხოლმე და მართვაც მასწავლა. მერე მამას ტვინი შევუჭამე და მართვის უფლებაც ავიღე.
გოგონამ კიდევ ერთხელ ჩაიფრუტუნა, სადღაც დაბლიდან ქაღალდები ამოიღო და ვიწრო სარკმელში გამოაძვრინა.
-აი ეს შეავსე და დაგირეკავენ. - მითხრა და ტელეფონში ჩაყო თავი.
რა თქმა უნდა შევავსე და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. ახლა უნდა დავლოდებოდი. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაიწელა სამი დღე, სანამ დამირეკავდნენ. ახლაც კი მახსოვს ის შეგრძნება, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ აყვანილი ვიყავი გამოსაცდელი ვადით და გასაუბრებაზე დამიბარეს. კი არ წავედი გავფრინდი.
გამოსაცდელი ვადით? იმაზე მეტი იყო ვირე მჭირდებოდა.
ახლა მთავარი იყო ჩემი მშობლებისთვის ამეხსნა, რომ მუშაობა დავიწყე პიცის დამტარებელად. ალბათ იოლად წარმოიდგენთ ჩემი ოჯახის მდედრი ნაწილი როგორ მიიღებდა ამ ამბავს. „ბავშვი“, რომელსაც მთელი თავისი არსებობის თითქმის 19 წლის განმავლობაში დიდი-დიდი მაღაზიიდან პურის ამოტანას თუ დაავალებდნენ, ახლა მუშაობდა და ათას „მამაძაღლს“ შეკვეთილ „ოხრობას“ პირდაპირ სახლში მიართმევდა. დედაჩემი უკვე იცვამდა და ჩემს „მოსახედად“ მოემგზავრებოდა, ბებიაჩემი კი საგზალს უმზადებდა.
-დე, ახალი ამერიკული სტანდარტი დაინერგა თბილისში, - მთელი ძალით ვცდილობდი უკვე თბილისისკენ მომავალი ქარიშხალი შემეჩერებინა. - ყველა სტუდენტი დღის მეორე ნახევარში უნდა მუშაობდეს. სხვა შემთხვევაში NATO-ში არ მიგვიღებენ.
დედაჩემი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ამ დროს მამაჩემის ხმა მომესმა:
-დაანებეთ ბავშვს თავი, მუშაობს ხომ არ იპარავს?
კიდევ ერთ ჩაქნეულ ხელს გადავურჩი და ნათლად წარმომიდგა იმ მომენტში მამაჩემის სახე, რომელსაც ზედ სავარაუდოდ ლოზუნგი „შრომამ შექმნა ადამიანი!“ ეწერა.
პირველი სამუშაო დღე არც ისე საინტერესო გამოდგა. სულ ორი შეკვეთა მივიტანე. ერთი ვიღაც ღიპიან და ულვაშიან კაცს ეკუთვნოდა. კარი როგორც კი გამიღო სახლიდან საშინელი ჭყიპინი გამოვიდა. მარტო დარჩენილი მამა, რომელიც შვილების გულის მოგებას პიცით ცდილობს, - მაშინვე დავხატე სცენარი. მეორე შეკვეთა 17-18 წლის გოგონებს მივუტანე.
რა თქმა უნდა იმის ილუზია არ მქონია, რომ პირველივე დღეს შეკვეთას პირდაპირ „მას“ მივუტანდი. მოთმინება მმართებდა და მეც ვითმენდი.
რამდენიმე დღე მომიხდა ლოდინი და ზუსტად ჩემ დაბადების დღეზე, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების გარდა არავის ახსოვდა, შეკვეთების სიაში სასურველი მისამართი ვიპოვე. მაშინვე გავვარდი მენეჯერთან და თითქმის ყელი გამოვიღადრე ისე ვთხოვე - ამ მისამართზე მე წავალ, თან იქით საქმე მაქვს-მეთქი. ერთი კი გადმომხედა გაკვირვებულმა და ისე თითქოს მოწყალებას გასცემსო, დამთანხმდა. აღარ მახსოვს როგორ გამოვედი პიცერიიდან, მე მგონი გამოვფრინდი. ის იყო უფრო მაღლა აფრენასაც ვაპირებდი, რომ ვიღაცამ ფეხში ხელი მომკიდა და მთელი ძალით დამანარცხა მიწაზე.
თქვენი აზრით როგორი რეაქცია უნდა მქონოდა პიცერიის შესასვლელთან უზარმაზარი ბუკეტით ხელში გოდერძა რომ დავინახე. აი ზუსტად ეგეთი - მეც ყბა ჩამომივარდა. რატომღაც მეგონა რომ გოდერძას რომანტიზმი სოფლის საზღვრებს ვერ გასცდებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი. და აი ახლა, დაბადების დღის მოსალოცად პერიფერიის საზღვრები გადმოლახა და მთელი თავისი სიდიადით ჩემ წინ იდგა. ერთმანეთს მივესალმეთ. ის უფრო მეტი სითბოთი, მე ჩამოვარდნილ ყბას ვუბრუნებდი პირვანდელი ლოკაციის ადგილს. რამდენიმე ზოგადი ფრაზა გავცვალეთ ამინდზე და წლევანდელ მოსავალზე. მერე დაბადების დღის აღსანიშნავად „სადმე“ დამპატიჟა.
-შეკვეთა მაქვს მისატანი. - ვითომ სინანული გავურიე ხმაში და პიცის ყუთი დავანახე.
-წამოგყვები და მიგატანინებ. - მისი გამოტვინებული გულუბრყვილობა მკლავს.
რაღა მომკლავს აწი? მოტოციკლზე მე და გოდერძა ვზივართ, უკან უზარმაზარი ბუკეტი მაქვს დამაგრებული და მივდივარ ჩემთვის ყველაზე სასურველი შეკვეთის მისატანად.
თქვენ წარმოიდგინეთ სახლამდე ამომყვა.
-ერთი სართულით მაღლა მაინც ადი, თორემ ჩვენი მუდმივი კლიენტა და შეიძლება უფროსობას უთხრას რომ შეკვეთა მარტოს არ მიმიტანია. - არც კი გავწითლდი ისე ვიცრუე და დაველოდე როდის შეასრულებდა ჩემს მოთხოვნას.
მორჩილად აიარა კიბე და ახლა ზედა სართულიდან ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას. საინტერესოა! ახლა გოდერძა დგას ერთი სართულით მაღლა და უყურებს თავის მიჯნურს, რომელსაც სულ ცოტაც და (იმედი მაქვს) ჰაეროვანი სიახლოვე მაინც ექნება სასურველ მამაკაცთან.
ღრმად ამოვისუნთქე, აზრები მოვიკრიბე და დავაკაუნე. რამდენიმე წამში კარსუკან მძიმე და თანაბარი ნაბიჯების ხმა გავიგე და კარიც მალე გაიღო.
ღმერთო მიშველე! მთელი თავისი სიდიადით იდგა ზღურბლზე. მომეჩვენა რომ ჩემი დანახვისას სახე შეეცვალა (ოცნებას კაცი არ მოუკლავს). მომნატრებოდა... თითქმის ტირილამდე. თუმცა თავის შეკავება შევძელი და ძლივსდამორჩილებული ხმით ამოვიკნავლე:
-თქვენი შეკვეთა მოგიტანეთ.
-მადლობა, - პირველად მომმართა. რაღაც სითბო დავიჭირე ინტონაციაში... ან უფრო მომეჩვენა.
პიცა გამომართვა, ფული გადამიხადა და კარი მოხურა.
დამთავრდა?.. სულ ეს იყო?..
განადგურებული ვიყავი. მეტს ველოდი. ან რას ველოდი? ყვავილებით და ბეჭდით დამხვდებოდა და ცოლობას მთხოვდა?
მოვბრუნდი და უნებურად ჩემს უკან ასვეტილ გოდერძას შევასკდი მთელი ტანით. კიდევ კარგი იმარჯვა და დამიჭირა, თორემ სრული ბედნიერებისათვის ძირს გაშოტვაღა მაკლდა. უსიტყვოდ ჩამოვედით დაბლა და ის იყო მოტოციკლზე უნდა დავმჯდარიყავით, რომ გოდერძა მომიტრიალდა და მკითხა:
-ვინ არის?
კონკრეტიკა აღარ იყო საჭირო. ზუსტად მივუხვდი კითხვას. არაფერი მითქვამს, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და გაღიმება ვცადე რომ როგორმე სატირლად მობრეცილი ტუჩები დამემორჩილებინა.
-იცოდე, თუ რამეს გაწყენინებს მუხლზე გადავიმტვრევ. - წარბიც არ შეუხრია ისე მითხრა, ზურგი მაქცია და წავიდა.
თვალი გავაყოლე. რაღაცნაირად შემებრალა, მაგრამ ვიცოდი ახლა მას ყველაზე ნაკლებად ჩემი სიბრალული ჭირდებოდა და ასე წასვლის ნება მივეცი.
პირველი ვიზიტის შემდეგ კიდევ ორჯერ ვიყავი მასთან. ისევ უბრალოდ რამდენიმე სტანდარტული ფრაზა გავცვალეთ და მორჩა. ნელ-ნელა სევდა მიპყრობდა. ბევრად მეტ იმედებს ვამყავრებდ ამ წამოწყებაზე...
თუმცა არც ისე უიმედო იყო ყველაფერი. ერთხელაც, როცა ისევ მის კართან ვიდექი და ზარს ვრეკავდი, კარი გამიღო და თან ტელეფონზე საუბრობდა. მოვემზადე მეთქვა, რომ თქვენი შეკვეთა მოგიტანეთ-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად, ისე რომ საუბარი არ შეუწყვეტია ხელით მანიშნა - შემოდიო და კარებში შემატარა. ყბის ჩამოვარდნა მაშინ უნდა გენახათ. უნებურად პირველი მარჯვენა ფეხი შევდგი (ბებიაჩემს და მის ცრურწმენებს რა ვუთხარი მე). ხელით სამზარეულოზე მანიშნა და მეც მონუსხული იქით წავედი. თვითონ არ შემომყოლია, ისევ ხმამაღალი საუბარით მისაღებში შევიდა და კარგა ხანი არ გამოსულა იქიდან.
გაგიჟება შეიძლება!
მე მის სამზარეულოში ვიჯექი და ველოდებოდი...
ველოდებოდი...
ველოდებოდი...
თითქმის ერთი საათი ვიჯექი ისე რომ განძრევასაც ვერ ვახერხებდი. თითქოს აქ ჰაერსაც მისი გემო ჰქონდა და მეშინოდა არ გამეფანტა. გაუნძრევლად ვიჯექი და იქაურობას ვათვალიერებდი. რა შეიძლება გითხრას ადამიანზე მისმა სახლის ინტერიერმა? სამზარეულოსამ ბევრი ვერაფერი. გემოვნებით მოწყობილი მყუდრო სამზარეულო იყო. ალბათ აქ არც ისე ხშირად შემოდის. ნეტავ იქით რა ხდება? - ამის მხოლოდ გაფიქრება გავბედე. ისე ადგილიდან არ გავნძრეულვარ. ისევ გაცხარებული საუბარი მესმოდა მისაღებიდან. სმენა დავძაბე, შევეცადე გამეგო რაზე კამათობდა, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე და ისევ სამზარეულოს ინტერიერის შესწავლით დავაკავე გონება. დაახლოებით კიდევ ნახევარი საათი მეყო მოთმინება. ის იყო სამზარეულოს დატოვებს ვაპირებდი რომ გავიგე, როგორ ახლოვდებოდა საუბრის ხმა. აშკარად მისაღები ოთახიდან გამოვიდა ისე რომ საუბარი არ შეუწყვეტია, ცოტა ხანი შემოსასვლელში იტრიალა, ცნობისმოყავრეობით ვკვდბოდი ისე მინდოდა გამეგო რას აკეთებდა, მაგრამ წამოდგომა ისევ ვერ გავბედე. კიდევ ორი წუთი შეყოვნდა. ის იყო ვიფიქრე - დამადგა საშველი და შემოვა ახლა სამზარეულოში-მეთქი, რომ კარის გაღების და დახურვის ხმა გავიგე. გაოცებისგან კინაღამ მეტყველების უნარი დვკარგე, როცა მივხვდი რომ ეს ხმა სულაც არ ეკუთვნდა სამზარეულოს კარს. აშკარად შემოსასვლელი კარი იყო.
უბრალოდ ადგა და წავიდა. დამტოვა სამზარეულოში წამწამებაფახულებული.
დავავიწყდი - გამიელვა თავში, როგორც კი ამ სიტუაციის მთელი კომიკურობა გავაანალიზე.
ყველაფერი შეიძლება დაგავიწყდეს:
სახლიდან გასვლს წინ უთო დაგრჩეს ჩართული.
სამსახურში მისულს გაგახსენდეს, რომ ტელეფონი სახლში დაგრჩა.
ნათესავებიდან შექეიფიანებული ისე წამოხვიდე, რომ გვერდით ოთახში ჩაძინებული ბავშვი სულ არ გაგახსენდეს.
მაგრამ სახლიდან ისე გახვიდე, რომ დაგავიწყდეს სამზარეულოში მჯდომი პიცის დამტარებელი... ეს უკვე მეტისმეტია.
გონს რომ მოვედი პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ შემოსასვლელ კართან მივედი და სახელურს დავეჯაჯგურე. დაკეტილი იყო!
ახლა რა ვქნა?
მთელი შემოსასვლელი გადავაქოთე იმედით, რომ იქნებ სათადარიგო გასაღები მეპოვა, მაგრამ ამაოდ. ყურებჩამოყრილი ისევ სამზარეულოში დავბრუნდი და ჩემს ადგილზე დავჯექი.
ჰოდა ვიჯექი...
ვიჯექი...
კიდევ ვიჯექი...
მანამ სანამ ძალიან არ მომბეზრდა და ნელ-ნელა გაბრაზება არ დავიწყე. მე თუ მკითხავთ კიდვ დიდხანს ვითმინე. წამოვდექი და საკმაოდ მტკიცე ნაბიჯით გავემართე მისაღები ოთახისკენ. რამდენიმე წუთი მისი თვალიერებით გავირთე თავი. ესეც მალე მომბეზრდა... კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში. საკმაოდ გაბედული იდეა, - დამეთვალიერებინა მისი საძინებელი.
ადვილი არ იქნებოდა. საკმაოდ ნათლად წარმომიდგა თვალწინ მისტერ სრულყოფილების და მარგალიტას სავარაუდო შერწყმის სცენა და თვალები დავხუჭე. თუმცა ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მაინც გავბედე და კარი შევაღე.
დიდი არაფერი, ან რას ველოდი?
გაუბედავად შევდგი ფეხი და გარდერობს მივუახლოვდი. კარი გამოვაღე თუ არა ღრმად შევისუნთქე ჰაერი. აი, აქ კი მართლა იდგა მისი სურნელი, ისეთი, რომ მარტო ამ სურნელის გულისთვისაც კი შემეძლო მარგალიტას მოკვლა. გონებაში ნათლად წარმოვიდგინე მამაჩემის კიდევ ერთხელ ჩაქნეული ხელი.
საკმაოდ მდიდარი გარდერობი ჰქონდა. რაოდნობრივადაც და ღირებულებითაც. ძირითადად სოლიდური პიჯაკები ჭარბობდა. ერთ-ერთი პერანგისკენ წავიღე ხელი და ფრთხლილად ჩამოვხსენი. სახესთან მივიტანე და მისი სურნელი შევისუნთქე. დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა ამ პერანგის ჩაცმის. ჰოდა ჩავიცვი.
არომათერაპიას რომ მოვრჩი, მივხვდი რომ მომშივდა. სამზარეულოსკენ გავემართე და პირველი რაც შევამჩნიე ჩემი მოტანილი პიცა გახლდათ. უკვე საკმაოდ შეგრილებულიყო. უბოდიშოდ გავხსენი და გემრიელად გეახელით. მერე ტელევიზორიც ჩავრთე, მუსიკებსაც მოვუსმინე, მისი სამუშაო მაგიდაც გადავაქოთე. მოკლედ საკმაოდ მოვშინაურდი. ბოლოს კი ვერც კი მივხვდი, გადაღლილს, როდის ჩამეძინა, სწორედ რომ მის საწოლზე.
დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა. თავიდან ვერც კი მივხვდი სად ვიყავი და უაზროდ მოვავლე მზერა ოთახს. მის თვალებს რომ წავაწყდი მერე ამენთო გონებრივი ნათურა და გავაანალიზე სად ვიყავი და რა ვითარებაში. წამოვხტი და ფეხმორთხმით წამოვჯექი ლოგინზე.
კი წამოვჯექი, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მავახერხე, ერთ ადგილს მივეყინე. ნათლად გავარჩიე მთელი თავისი სიდიადით იდგა კარებში და იარაღს მიმიზნებდა.
-ვინ ხარ? - სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა და ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი რეალობას.
-მე... მე... - სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი.
-ჯერ ეგ Ermenegildo Zegna გაიხადე! - იარაღიანი ხელით მანიშნა.
-ერმე... რა? - ვერ მივხვდი.
-აი, ეგ საკმაოდ ძვირიანი პერანგი. არ მინდა სისხლით დაისვაროს. - ისე მშვიდად თქვა, გეგონება საქმე ქათმის დაკვლას ეხებოდა.
-მე... იცით... აგიხსნით... - ვბუტბუტებდი და აკანკალებული ხელებით ვიხსნიდი პერანგის ღილებს.
-აქეთ წამოდი. - ისევ ცივი ხმით მითხრა, როგორც კი გახდილი და სათუთად დაკეცილი პერანგი საწოლზე დავდე.
ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ მაინც გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და გვერდით ჩავუარე. ახლა ზურგიდან მომიშვირა იარაღი.
-მისაღებში შედი! - მიბრძანა.
ცრემლი ჩუმად ჩავყლაპე და დავემორჩილე. სკამზე ჩამოვჯექი, თვითონ სავარძელი მოსწია და ჩემს პირადპირ მოეწყო მოხერხებულად.
-აბა, დაიწყე! - მიბრძანა და სავარძელის საზურგეს მიეყრდნო.
-მე... წეღან პიცა მოგიტანეთ. - ძლივს ამოვიბლუკუნე.
-მანამდე? - ისევ შეუვალი სახით მიყურებდა.
-ბატონო?.. - ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-მანამდე... ამდენი თვეა უკვე მითვალთვალებ.
სიცივე ვიგრძენი. ფეხებიდან წამოვიდა და მთელ სხეულს მოედო. ცოტაც და კანკალს დავიწყებდი.
-მე... - ტუჩები მომებრიცა სატირლად. ღმერთო, იცოდა რომ ვუთვალთვალებდი. ნეტავ, რა იფიქრა? ვინ ვგონივარ? მანიაკი? სერიული მკვლელი? ალბათ ხელიც არ აუკანკალდება ისე მესვრის.
-გეკითხები! - ტონს აუწია. სავარძლიდან წამოიწია. ჩემ სკამს ხელი მოკიდა და საკმაოდ უხეშად მიმწია ახლოს. ახლ მის პირისპირ აღმოვჩნდი.
უნებურად ორივე ხელი სახეე ავიფარე და წამოვიკივლე,
ხელებზე ვიგრძენი მისი თითების შეხება და დავყევი მათ ნებას. ძალიან ფრთხილად ჩამომაღებინა ხელები სახიდან. ნელ-ნელა თვალებიც გავახილე. გამომეტყველება არც ისეთი მკაცრი ჰქონდა. თითქოს შეშფოთებაც კი ეტყობოდა. ცოტა დავმშვიდდი კიდეც. ასე ახლოს მასთან ჯერ არ ვყოფილვარ. ჩემი მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. მსიამოვნებდა. საკუთარ მარჯვენას კი ჯიუტად არ უშვებდა იარაღს. მე ისევ შეშინებული ვუყურებდი მის იარაღიან ხელს. უცბად სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. იარაღი შემართა და პირდაპრირ გულში დამიმიზნა. ხელი ისევ არ გაუშვია ჩემთვის. მინდოდა თვალები დამეხუჭა, მაგრამ არ დავხუჭე. რატომღაც თვალს არ ვაშორებდი მის სახეს. ისიც დავინახე როგორ მიადო თითი სასხლეტს და შემდეგ გამოკრა. სუნთქვა შევიკარი და მოვემზადე, რომ მეტკინებოდა.
ვიგრძენი...
ოღონდ ტკივილის ნაცვლად სისველე ვიგრძენი. მკერდზე დავიხედე, სისხლის კვალს ვეძებდი, მაგრამ წითელის მაგივრად გამჭვირვალე სისველე მქონდა მაისურზე. თავი ავწიე და გაკვირვებულმა შევხედე. ჩემი ხელი ისევ ხელში ეჭირა და იღიმებოდა. მარჯვენათი ისევ იარაღს მიმიზნებდა. ცოტა მოგვიანებით მივხვდი რომ წყლის იარაღს.
სხეული ერთიანად მომეშვა და მივხვდი, თურმე როგორი დაძაბული ვიყავი აქამდე. მარცხენა ხელი პირზე ავიფარე და შევეცადე გულიდან ამოხეთქილი ქვითინი შემეჩერებინა. მარჯვენა ხელის განთავისუფლება ვერ გავბედე... ან უბრალოდ არ მინდოდა...
სახე შეეცვალა. იარაღი იატაკზე დადო და ხელი წელზე მომხვია.
-ე.. ეეე... ოღონდ არ იტირო რაა... ვიხუმრე. - საკმაოდ მსუბუქად მიმიზიდა და მუხლებზე გადამისვა. - თუ გინდა შენც გამწუწე... ოღონდ არ იტირო რაა.
ამ სიტყვებზე უფრო ამომიჯდა გული და ერთი ტონით მაღლა დავიწყე ტირილი. დამელოდა. მთელი იმ დროის განმავლობაში სანამ დავმშვიდდებოდი, მის მუხლებზე ვიჯექი და თავი მის მკერდზე მქონდა მიდებული. ვერც კი ვაცნობიერებდი მთელ შექმნილ სიტუაციას. მეტისმეტი იყო ჩემთვის.
ცოტა რომ დავმშვიდდი და ჩემს ზლუქუნში მისი სიტყვების გარჩევა შესაძლებელი გახდა, მშვიდი დაბალი ტონით დაიწყო:
-იმ საღამოს შეგამჩნიე, - თქმაც არ უნდოდა რომელ საღამოს ეხებოდა საქმე. სწორედ მაშინ შევამჩნიე მეც ის და მარგალიტა. - თავიდან აბეზარი გამვლელი მეგონე და დავაპირე ყურადღება არ მომექცია მაგრამ... არ ვიცი, რაღაცით მიიქციე ჩემი ყურადღება და გამახსენდა რომ მანამდეც მყავდი ნანახი. აუდიტორიაში შეგამჩნიე მარგოსთან რომ მოვედი. რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. ვიფიქრე რომ საკუთარი ლექტორის ასეთ ვითარებაში „გამოჭერამ“ იმოქმედა შენზე და ასე ვთქვათ თამაშში აგყევი. არ მეგონა სადარბაზოშიც თუ შემოგვყვებოდი. ძალიან გამართო ამ ყველაფერმა და სადარბაზოში მეორე სერია გავითამაშე. - მივხვდი რომ იღიმებოდა. - მეგონა ამით დამთავრდა ყველაფერი. მეორე დილით გაჩერებაზე რომ დაგინახე გამიკვირდა და უზომოდ მესიამოვნა. მარტო შენ არ მითვალთვალებდი. უნებურად მეც ჩამითრიე ამ ყველაფერში და შენსავით თამაში დავიწყე. ხშირად განგებ ვაგვიანებდი გამოსვლას და გიყურებდი როგორ ცმუკავდი ერთ ადგილზე. ვცდილობდი მაშინ გამოვსულიყავი, როცა ყურადღება სხვა რამეზე გადაგქონდა. შენივე წესებით ვთამაშობდი და ბოლოს შეგეჩვიე... იმდენად რომ ყოველთვის გეძებდი. ის ორი თვე ძალიან გამიჭირდა. - ცოტა ხნით შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. მთელი ამ დროის მანძილზე მე ისევ მის მუხლებზე ვიჯექი და თავი მკერდზე მქონდა მიყრდნობილი. წელზე ვგრძნობდი მის ხელს და მარტო ამ მდგომარეობითაც შემეძლო გონება დამეკარგა. ამას მისი აღსარებაც ემატებოდა და ვხვდებოდი, რომ ცოტაც და გული გამისკდებოდა. - იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე საკუთარი თავისგან მოველოდი. - ისევ განაგრძო, - შენთან აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებები მქონდა. ისეთი რისი ახსნაც ადამიანის გონებას არ შეუძლია. ჩემი ყოველდღიურობა იყავი. ვერც კი მივხვდი როგორ დავიწყე ცხოვრება შენი ცხოვრებით. ამიტომაც გამიჭერდა ასე ის ორი თვე. ვიცოდი რომ სექტემბრისთვის აუცილებლად დაბრუნდებოდი, მაგრამ იმის იმედი არ მქონდა რომ ისევ მოხვიდოდი დილაობით და გზის გადასწვრივ ავტობუსის მოსაცდელში დაჯდებოდი. არ მეგონა თუ ისევ ჯიუტად დაელოდებოდი ჩემს გამოსვლას. შიში უფრო გამიძლიერდა როცა სწავლა დაიწყო და შენ ისევ არ ჩანდი. უნივერსიტეტში მოგაკითხე. - საგრძნობლად დამეჭიმე სხეული. იგრძნო და ჩაეღიმა. - დაგინახე და კიდევ უფრო დამწყდა გული. ვიცოდი ძველებურად აღარაფერი იქნებოდა, თუმცა მაინც გელოდებოდი. იმ დღეს კი სახლის კარზე რომ დამიკაკუნე, კინაღამ გული გამიჩერდა... ვერც კი გავბედე იმაზე ოცნება რომ შენი ახალი სამსახური ჩემთან შეხვედრის ახალი საშუალებად ჩამეთვალა. ფანჯრიდან ვიღაც კუნთებიანთან ერთად დაგინახე, მოტოციკლზე უზარმაზარი ბუკეტით. უნდა გამოვტყდე ცხოვრებაში პირველად ვიეჭვიანე. მეორე დღესვე შევუკვეთე პიცა, მაგრამ სხვა მოვიდა. - გამახსენდა რომ მეორე დღეს გამოცდის გამო სამსახური გავაცდინე და ახლა მე ჩამეღიმა. - ყოველ გამოძახებაზე მათემატიკურ გათვლებს ვაწარმოებდი რომ მეპოვა რამე ლოგიკა და დამემთხვია ისე რომ შენ მოსულიყავი... - თავი ოდნავ დახარა და საფეთქელზე ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება. ღმერთო, მთელი ქარიშხალი ვიგრძენი სხეულში. - დღეს... იმედი მქონდა რომ შენ მოხვიდოდი. განზრახ ავიღე მობილური ხელში და თავი ისე დავიჭირე ვითომ ვსაუბრობდი. - აი აქ კი მართლა ჩამომივარდა ყბა, ეს თუ იმდენი ხანი თავის თავს ელაპარაკებოდა... - წინასწარ მქონდა ყველაფერი მოფიქრებული, ვერ გავთვალე მხოლოდ შენი რეაქცია. არ მეგონა ასე თუ შეგაშინებდი, თორემ ამას არ ვიზამდი. სახლიდან რომ გავედი არსად წავსულვარ, კარსუკან გელოდებოდი. ვიცდიდი როდის ჩაგეძინებოდა. მერე ჩუმად შემოვედი სახლში და ჩემს საწოლზე რომ გნახე თავს ვერ მოვერიე და საკმაოდ დიდი ხანი გიყურე. მერე გაიღვიძე და იმაზე მეტად შეგაშინე, ვიდრე წარმოვიდგენდი... უფრო მამაცი მეგონე. - ისევ გაიღიმა. - დღეს არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ შენმა ცრემლებმა იმაზე მეტად იმოქმედა ჩემზე ვიდრე წარმომედგინა. - ნიკაპში ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ღმერთო, ჭკუის დაკარგვამდე მაბედნიერებდა მისი გამოხედვა. - არაფერს მეტყვი?
-შენი პიცა შევჭამე. - ბედნიერებისგან გაბრუებულმა ძლივს ამოვიკნავლე.
გულიანად გადაიხარხარა და ისევ მომხვია ხელები.
მთელი ღამე არ ჩამოვსულვარ მისი მუხლებიდან, არც თვითონ გაუპროტესტებია. მეტი თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ან რაღა იყო სათქმელი? ისედაც ყველაფერი ითქვა.
უკვე თენდებოდა. მშობლები გამახსენდა და იმასაც მივხვდი, რომ რეალობას უნდა დავბრუნებოდი. მისი მკლავებისგან თავის განთავისუფლება ვცადე.
-მიდიხარ? - იცოდა რომ უნდა წავსულიყავი.
მხოლოდ თავი დავუქნიე და წამოვდექი. შემცივდა, თურმე როგორ მათბობდა მისი სხეული.
-მოხვალ?
თავი დავუქნიე და კარისკენ წავედი. თვითონაც გამომყვა და კარი გამიღო.
-მპირდები? - ისევ შემაჩერა როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე.
ისევ დავუქნიე თავი და ამჯერად პირდაპირ თვალებში შევხედე.
-ჯანდაბა... - ამოიღმუვლა, ხელი წელზე მომხვია და მთელი ტანით ამეკრო.
გავაცნობიერე რომ ზუსტად მარგალიტასავით ვყავდი კარის ჩარჩოზე აყუდებული და თითქოს შემეშინდა.
-ოღონდ აქ არა რაა... -ძლივს ამოვილაპარაკე.
მიმიხვდა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და უკვე მისი ბინის კედელს ავეკარი ზურგით. სულ რამდენიმე წამი მიყურა ვნებისგან დაბინდული მზერით და ბოლოს შეეხო ჩემს ბაგეებს. ღმერთო, როგორც იქნა! ახლაღა გავაცნობიერე რომ მთელი საღამო ველოდი ამას. გრძნობების ფეიერვერკი მაშინ უნდა გენახათ. ცხრა ბალიანი მიწისძვრის დროს თექვსმეტსართულიან შენობასაც არ დაუვლიდა ერთად ამდენი ტალღა, რასაც მე მაშინ ორგანიზმში ვგრძნობდი. სხეულის თითოეული უჯრედი მიფეთქავდა.
ღმერთო, თუ ეს ყველაფერი სიზმარია, თუ რეალურად უბრალოდ ისევ საწოლზე მძინავს და ის ჯერ არ დაბრუნებულა სახლში, უფლებას გაძლევ სამუდამოდ ამ სიზმარში დამტოვო,
იმ ყველაფრის მერე, რაც იმ საღამოს განვიცადე, ამ ყველაფრის დაკარგვა ახლა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ჩემთვის.
არც დამიკარგავს. უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და ან სიზმარი რეალობად მიქცია, ან მოწყალება მოიღო და სამუდამოდ სიზმარში დავრჩი.
ასე იყო თუ ისე მე და ის უკვე საერთო ცხოვრებით ვცხოვრობდით. იმდენად მივსებდა არსებობას, რომ ვერც კი მივხვდი როგორ გაიფრინა კიდევ ერთმა წელმა. ალბათ არავინ დაიჯერებს, მაგრამ იმ ერთი წლის განმავლობაში შევძელი და საკუთარი ოჯახისგან „ის“ საიდუმლოდ შევინახე. შეგიძლიათ გამკიცხოთ მაგრამ ჩვენს სამყაროში ნებისმიერი ადამიანი მეზედმეტებოდა. მითუმეტეს ცნობისმოყვარე და ჩემს ცხოვრებაში აქტიურად ჩარევის მოყვარული ორი ქალბატონი.
თუმცა უნდა ვაღიარო რომ ჩემის მხვრივ არც მე დამიკლია ნერვიულობა და საოცრად დიდი სულიერი ტრავმა მივაყენემ მათ. ახლაც მივლის ჟრუანტელი იმის გახსენებაზე, როცა მამაჩემს პირდაპირ იტალიიდან დავურეკე და ხმაც კი არ ამკანკალებია ისე ვაცნობე:
-მა, გახსოვს რომ შეგპირდი, თუ რამე ისეთს გავაკეთებ სანამ ტყავს გამაძრობ მანამ დავტოვებ ქვეყანას-თქო?
საცოდავი კაცი ხმას ვერ იღებდა... ვიცოდი, ერთიანად გაფითრებული იქნებოდა და ხელებიც უკანკალებდა ალბათ.
-ჰოდა... იტალიიდან გირეკავ, - მცირე პაუზა გავაკეთე. - იმედია დაუკითხავად გათხოვება მამაშვილობის კოდექსში მომაკვდინებელი ცოდვად არ ითვლება.
ცხოვრებაში პირველად გამიხარდა რომ საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა ძალაში ჯერ არ იყო შესული. თორემ იტალია და გააფთრებული ბებიაჩემი და დედაჩემი?! წარმოუდგენელი კატასტროფა იქნეოდა. ევროპას ამ ბოლო დროს გახშირებული ტერაქტებიც ეყოფოდა, კიდევ ეს რომ არ დამემატებინა.
ჰმ... ისე ჩავამთავრე მთელი ისტორია ერთხელაც არ მიხსენებია მისი სახელი...
თუმცა ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?
მთავარია რომ ის არსებობს, თუნდაც სახელის გარეშე...


--------------------------
ერთი ამოსუნთქვით დაწერილი...
იმედია ასევე იკითხება love



№1  offline წევრი Salo me

ვაიიიი, როგორ გამიხარდა შენი სიახლის დანახვა თან სრულად. არ გელოდი. წავიკითხავ ახლავე. შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს.
--------------------
Sally

 


№2  offline წევრი nawka

ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო:*კაი გოგო ხარ შენ:*განსხვავებული ისტორია იყო:*

 


№3  offline წევრი aNuGi

სასწაული იყო! აი არვიცი რა ვთქვა <3 ეს ისტორიაც ჩაიწერა ჩემს საყვარელ ისტორიებში <3 საუკეთესო ხარ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4 სტუმარი თეა

ძალიან ხალისიანი და ორიგინალური ისტორიაა.მაგრად ვიხალისე.:-D:-D:-D:-D

 


№5  offline წევრი Salo me

მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან ისტორიის დასრულებამდე. ხშირად დაწერე ხოლმე რა ასე ერთი ამოსუნთქვით, შეუდარებელი, საოცარი, თბილი, მხიარული. რაღაცნაირი ხალისიანი. ვგიჟდები შენს იუმორზე. ვიხალისე ძალიან და მოხიბლული ვარ შენი ნიჭიერებით. ბრავოოო. ძაან მაგარი იყო. გრამატიკულადაც გამართული იყო და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უბრალოდ დიდი მადლობა ასეთი კარგი ემოციებისათვის. საუკეთესო ხარ ♥
--------------------
Sally

 


№6  offline წევრი mimimimo

ნიკოლ, ეს რა იყო?
გავთბი...
არც შემიმჩნევია, რომ მისი სახელი არ გიხსენებია...
რომ არ მიგეწერა ალბათ არც გამახსენდებოდა. wink
ბოლო სიტყვები წავიკითხე და აი, მაშინ ამოვისუნთქე.
ძალიან ვისიამოვნე.
ვიცინე კიდევაც.
მომეწონა!
გელი ახალი ისტორიით!
წარმატებები! love

 


№7  offline წევრი lankobalero

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მეც love გადაღლილი დღევანდელი დღის შემდეგ, საჩუქრად ვთვლი ამ თბილ ისტორიას შენგან love გამახარე love love

 


№8 სტუმარი თა თუ

ჩემი ემოცია იყო ესეთი: ეს რა საოცრება წავიჯითხეე ჩემთვის გავიფიქრე და ავხსნი რატომაც. უნაკლო იყო ერთი ამოსუნთქვით წაციკითხე და ბოლოს შენ რომ არ მიგეწერა სახელზე მაგასაც ვერ მივხვდებოდი :დ არ ვაჭარბებ გულით გეობნები სასწაული იყო უნიჭიერესი ხარ. პს. ეხლაც ეიფორიაში ვარ...

 


№9  offline წევრი Nialler

ოჰჰ გოდერძის სახელი ხო ახსენე :D არა მართლა საინტერესო იყო... თავიდან კითხვა რო დავიწყე კი გავიფიქრე რა სისულელათქო მარა მერე ისე შემითრია რო ერთიანად შემომეკითხა... არა ისე ჩვენში რო დარჩეს მაინც რა ქვია ჰაა??(ბიჭზე გეკითხები)

 


№10 სტუმარი მიკა

ჰაჰაჰა არაჩვეულებრუვი იყოო განსხვავებული, ძალიან მაგარი.. ამაღამ იმდენი უაზრობა წავიკითხე , აღარ ვაპირებდი მეტის წაკითხვას , მაგრამ სათაურმა დამაინტერესა სახალისოს ველოდი დაა არც შევმცდარვარ.. ძალიან მაგარი იყო და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

 


№11  offline წევრი მოლურჯო

მე ძალიან მიყვარხარ შენ
და ეს კარგად იცი
რა შემიძლია ვთქვა?
საოცრება იყო
ყველაზე თბილი
ტკიბილი
და სასიამოვნო ისტორია
მადლობა შენ თინა
--------------------
მარიამი

 


№12  offline ადმინი შამანი

თინ,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...
როგორი სასიამოვნოდ წასაკითხი იყო,ისეთი მსუბუქი და დადებითი ემოციებით სავსე...♥
წყლის იარაღის ხუმრობა მომეწონა. ♥
აი ზუსტად იცი,როგორ სიტუაციაში როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს პერსონაჟს...♥
თითოეულ დეტალს ზუსტად და სწორად წერ ♥
ძალიან პატარა,თბილი და კარგი ისტორია იყო! ძალიან მომეწონა ♥
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ,ნამდვილად ტკბილ და რომან'წ'იკულ სიზმრებს ვნახავ ამაღამ...♥ ♥ ♥
მიყვარხარ! და ძალიან გამახარე,ამ ისტორიით! ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№13 სტუმარი ემი

იცი, ნიკოლ, შენზე პირველი რა სიტყვა მახსენდება? - გემრიელოოოოოო love

რა ვქნა, ძალიან გემრიელი ხარ და ტკბილი..... love აი ასე, ამ ისტორიასათვის....

 


№14 სტუმარი hipo

raamagari iyoo :( ogonc italia araa ;( neta rodis davbrundebi shen kidev eertxel shemaxsene rom jer kidev aq var da yvelaferi menatreba

 


№15 სტუმარი Teona

Shemiyvarda

 


№16  offline მოდერი chica sol

ჩემო საყვარელო გოგოო❤❤
როგორ ვისიამოვნე ვერ აგიღწერ .. ეს არის შენი პირველი ისტორია, რომელიც შადრევბების გარეშე ჩავამთავრე და ისეთი ამაყი ღიმილი მაქვს სახეზე აკრული, თითქოს იყო სევდიანი მომენტები და მე გავუძელი :დდ
ისე მეტკბილა ყოველი დეტალი და ეს ჩვენი ქარაქუცა გოგოც ისე მომეწობა... ისე ჩემს ნაცნობს კი მივამსგავსე (სხვათაშორის ისიც მეორე კურსის სტუდენტია:დდ)
მოკლედ, ასე გაბადრულ- გახარებულმა ჩავიკითხე და გულ გამთბარი გიწერ კომენტარს. შენ ხარ ყველაზე საოცარი გოგო❤❤
უყვარხარ მარიკუნას.
პ.ს. ისევ ასე, თვალის დახამხამებაში მინდა ახალი ისტორია, გთხოოვ❤❤❤

 


№17  offline წევრი Gogsadze

გავგიჟდი ისე მომეწონა :* უმაგრესი ხარ <3

 


№18  offline წევრი im a crazy girl

Kvelaze metad imaze vicine:
-shenni pica shevchame:D

 


№19  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან ორიგინალური და მაგარი ისტორია იყო <3

 


№20  offline წევრი Mad Lovely

აიი მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეე<3<3<3 უმაგრესი იყო საღოოლ*_*

 


№21  offline მოდერი sopiko

-გამარჯობა! თინა ხართ?
-დიახ.
-ეს მართლა საოცრება იყო! გავგიჟდი! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და დარწმუნებული ვარ მთავარი პერსონაჟიდან წამოსული პოზიტიური და სასიამოვნო მუხტი წარმატებული დღის საწინდარი გახდება love მადლობა შენ ამისთვის!

 


№22  offline მოდერი Nude

ღმერთო ჩემო! როგორ შეგიძლია, თინ, ერთი უბრალო წინადადებით, მაგ: სახლში წავედი, მომაჯაჭვო და საოცრად დიდი სიამოვნება მომანიჭო? უღრმესი მადლობა ამისთვის!
მიყვარხარ ძალიან, ასეთი უბრალო, მაგრამ ამ საიტზე, ჩემთვის პირველი მწერალი!
--------------------
bailey

 


№23  offline მოდერი nicol

ყველას ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love
ეს ისტორია თუ ასეთ გამოხმაურებას დაიმსახურებდა არ მეგონა. მართლა ერთი ამოსუნთქვით დავწერე, ისე რომ თითქმის არც გადამიხედავს.
დღეს დილიდან ვკითხულობდი თქვენ კომენტარებს სამსახურში და თავს ძლივს ვიმაგრებდი რომ ის ეიფორია და სიხარული როგორმე შემეკავებინა, რაც თითოეული სიტყვის კითხვისას მიჩნდებოდა, (თუმცა ერთი-ორჯერ მაინც ამიქნიეს ხელი და - მიწაზე დაეშვიო შემომიძახეს. იმათ რა იცოდნენ მე რა მიხაროდა?!)
ჰოდა უზომოდ გამაბედნიერეთ ბავშვებო. აი ასეთი სიტყვების შემდეგ როგორ გინდა მალე არ დაბრუნდე ახალი ისტორიით... ალბათ დიდხანს ვერც მე შევიკავებ თავს და ისევ მოგინახულებთ ცოტა ხანში.
მანამდე კი იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ და მავსებთ.
თქვენ რომ არა დიდი ხნის წინ შევინახავდი ჩემს კალამს უჯრაში love

უზარმაზარი სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№24  offline წევრი teddy))

Namdvilad egre ikitxeba sasiamovnot! Xmamagla vicinodi amis wakitxvisas! Sasiamovno da komediuri iyo! Dzalian miyvars sheni iumoris grdznoba! :D tofze ramdeni vicine da ,,sheni pica shevcameo'' ro utxra :D dzalian magari gogo xar! Vizac magari iyo da mamamistanac darekva :D dzalian kargi istoria iyo! <3 :* :*

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია

 


№26  offline ახალბედა მწერალი murachashvili

როგორც ყოველთვის თბილი, პოზიტიური.. love ყველაზე რთული ჟანრი გაქვს არჩეული, კომედია... თუმცა შენი ნაწერებიდან ისე მარტივი და ლამაზი ჩანს, რომ... <3 უბრალოდ სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ ემოციის გამოსახატად <3

 


№27 სტუმარი mari

Kargi iyo..

 


№28  offline წევრი nini31323

რა საყვარლობა იყოო. რამდენი ვიცინეეეეე. მაგარია ძაან მომეწონა.

 


№29  offline მოდერი malena

ძალიან, ძალიან კარგი რამე იყო. მსუბუქი და სასიამოვნო.

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ წავიკითხე, ისევ ძველებურად ბედნიერების გიმილით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent