ტყვე (თავი 3)
თავი 3 დილით მიდამ გამაღვიძა. – ევა, – საწოლზე ჩამომიჯდა და ფრთხილად შემეხო მხარზე. – რა მოხდა? – მაშინვე გავახილე თვალები. – დღეს შეჯიბრია. დიდი ამბავი იქნება. – მხიარულად შემომცინა სახეში. – ადექი, შენთვის პირველი იქნება. სავარაუდოდ შენ მოგეძღვნება. ქორწინების მერე პირველად გადიხარ ხალხში – რა შეჯიბრი? – საწოლზე წამოვჯექი. – აქ ეს ყველაზე დიდი მოვლენაა. ყველაზე დიდი დღესასწაული. მთელი ქალაქი იქნება. გახსოვს გუშინ გითხარი კიდეც... – არ ვიცი მიდა... არც კი ვიცი... – დიდი ენთუზიაზმით არ შევხვედრივარ ამ ამბავს – ღირს კი? – ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა ჩემი და სიდის საუბარი. მე მისთვის მეუღლე კი არა მოვალეობა ვიყავი. ნეტავ, საერთოდ უნდა რომ წავიდე? იქნებ... – ჩემთვისაც პირველი იქნება. – მიდას სიტყვებმა ფიქებდან გამომარკვია. – ჰადის მერე არც მე ვყოფილვარ. – ნაღვლიანი ღიმილით მიყურებდა. – პირველად მომინდა მას მერე. წამოდი რა შენც? – შევეცდები... ცოტა მაცადე და... – თვადახრილმა ვუთხარი. თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. არ მინდოდა წასვლა. სიდისთან ასე შეხვედრა არ მინდოდა. ის გარემო მაფრთხობდა. ნეტავ თვითონ თუ აპირებს წასვლას? შეიძლება დაჭრილი მხრით არც კი გავიდეს ხალხში? ან იქნებ ჩემი ნახვა სულაც არ უნდოდა იმდენ ხალხში. იქნებ მე მის გარემოში, მის ახლობლებში ზედმეტი ვიყავი? რამდენიმე საათი ვიჯექი ოთახში და გარეთ გასვლას ვერ ვბედავდი. არ მინდოდა მიდა კვლავ მოსულიყო და წასვლა ეთხოვა. იმედი მქონდა რომ დავავიწყდებოდი ყველას. უკვე წასულები მეგონენ რომ კარებზე ვიღაცამ დამიკაკუნა. სანამ გავაღებდი კიდევ მქონდა იმედი რომ ნილი ან რომელიმე მსახური იქნებოდა. მაგრამ კარი გავაღე და ზღურბლზე მდგარი სიდი შემრჩა ხელში. სუნთქვა შემეკრა – საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა. სულ შავებში იყო ჩაცმული. სავარაუდოდ საცხენოსნო კოსტუმი ეცვა, რომელიც მის ძლიერ სხეულს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. უხეში შარვალი ჩექმებში ჩაეტანებინა და ჩექმის თასმები ბოლომდე შეეკრა. წელზე შემორტყმულ ქამარში იარაღი და ვაზნები ეწყო. როგორც იცოდა წელში გამართული და მხრებგაშლილი იდგა. – მზად ხარ? – ტრადიციული მშვიდი ხმით მითხრა. – მე... არ მოვდივარ. – გონზე მოვედი და ორი სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს. – რატომ? ხმა არ მომიღია, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. თავისი ძლიერი ხელები წამოიღო და ჩემსას შეეხო. ვერც კი ვხვდებოდი თურმე როგორ ვიმტვრევდი თითებს. – რომ გთხოვო? – ისევ მშვიდად განაგრძობდა. ღმერთო მომეცი ძალა... ოღონდ ახლა გონება არ დავკარგო. – ევა... გთხოვ. ახლა როგორც არასდროს ისე მჭირდება შენი მხარდაჭერა. – განაგრძობდა ისე რომ ჩემი ხელებს ისევ თავისი ძლიერი თითებით ეხებოდა. – შენ ჩემი ცოლი ხარ. ახლა იქ უნდა იყო... ჩემს გვერდით. ყველა გულისტკენა დამავიწყდა. ყველა პროტესტი გაქრა. თითოეული „იქნებ“ სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგა. გონებაში მხოლოდ უბრალო ფრაზა – შენ ჩემი ცოლი ხარ – მიტრიალებდა. მე იქ უნდა ვყოფილიყავი, მის გვერდით. აი რა იყო ის რაც ჰაერივით მჭირდებოდა. გავუღიმე და თავი დავუქნიე. დაიხარა, თითებზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი და გონებაში ნელ-ნელა მწიფდებოდა აზრი, რომ მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა. ნეტავ რას გრძნობდა თვითონ ის, როცა ჩემი ხელები ეჭირა? როცა ისე მშვიდად და აუღელვებლად მესაუბრებოდა? ნეტავ, თუ ხვდებოდა როგორ ვთრთოდი მის თითოეულ შეხებაზე. ნეტავ თვითონ თუ გრძნობდა რამეს ჩემს მიმართ გარდა მოვალეობისა. გონს მალე მოვედი, ყველანაირი ფიქრი უკუვაგდე და ტანაცმელების ამოლაგება დავიწყე. სულ ცოტაც და უკვე მზად ვიყავი. თვითონ აივანზე მელოდებოდა. ტრიალ მინდორზე მოეწყოთ მოედანი შეჯიბრისთვის. მის გარშემო უკვე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ალბათ მთელი ქალაქი იყო გამოფენილი. საასპარეზო მოედანზე მხოლოდ ცხენოსნები დადიოდნენ, ქვეითებს მოხერხებული ადგილები უკვე დაეჭირათ და თვალყურის სადევნებლად მოედნის გარშემო ნახევარწრედ განლაგებულიყვნენ. საკმაოდ მოშორებით, თითქმის მოედნის ბოლოს სამიზნეები აღემართად. ჩვენმა მისვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველას უნდოდა ბატონს მისალმებოდა. სიდიმ მე, მიდა და ჰანა საკუთარ ადგილებამდე მიგვაცილა და თვითონ ცხენოსნებს შეუერთდა. ბატონი მეხდი – ჩემი მამათილი უკვე იქ დაგვხვდა. – სიდი მონაწილეობას აპირებს? – ჩუმად გადავულაპარაკე მიდას და ცხენოსნებისკენ მიმავალ ქმარს თვალი გავაყოლე. – რა თქმა უნდა. ყოველ წელს მონაწილეობს, მის გარეშე არც კი მახსოვს ტურნირი. – იმდენად ლაღად მითხრა რომ მივხვდი წუხანდელი ამბავი არ იცოდა. ოჯახისთვის საკუთარი ჭრილობის შესახებ არ მოუყოლია. თავადაც ისე მხნედ გამოიყურებოდა, რომ რამდენჯერმე ეჭვიც კი შემეპარა წუხანდელი ფაქტის რეალობაში. მოედანზე ცხენს დააჯირითებდა და ორივე ხელს შესანიშნავად ხმარობდა. ასპარეზობა დაიწყო. საკმაოდ რთული შეჯიბრი იყო. ცხენოსანს ჯირითის დროს უნდა ესროლა სამიზნისთვის. თუმცა მე მგონი არავის გაჭირვებია. „აქ ალბათ ხალხი იარაღით იბადება“ – უნებურად გავიფიქრე და იმასაც მივხვდი, რომ აქაურებთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირდა. პირველი ტურიდან მხოლოდ ათი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. ჩემი ქმარი საკმაოდ კარგი შედეგით დამაჯეებლად გადავიდა მეორე ტურში. მცირე შესვენება გამოცხადდა. სიდი ჩამოქვეითდა ჩვენკენ წამოვიდა. მიდამ ტაში შემოკრა და ძმას კისერზე ჩამოეკიდა. ჰანა უკმაყოფილოდ აბუზღუნდა. სავარაუდოდ ქვრივ ქალს მსგავსი აღტაცება არ „შვენოდა“. სიდის დედამისის ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია და დას თბილად აკოცა თავზე. – ჰადის მერე ჩემი ძმა ამ ტურნირის მოგების უფლებას არავის აძლევს. – სევდანარევი მხირულებით გადმომილაპარაკა მიდამ ისე რომ სიდისაც გაეგო. – მწარე გამოცდილების მერე ეშინია. სიდიმ ისევ თავისკენ მიიზიდა და და კდევ ერთხელ აკოცა ნაზად. ჩამეღიმა. მომწონდა და-ძმის ურთიერთობა, თითქოს ამ სამყაროსგან გამიჯნული ურთიერთობა ჰქონდათ. პარადოქსი იყო – იმ გარემოში, ისეთი აღზრდის პირობებში, მაინც სხვანაირები იყვნენ. მიდამ ხალხში ამალი შენიშნა და მისკენ წავიდა. მე სიდისთან დავრჩი. – არც ისე კარგი იდეაა. – ჩუმად მხარზე ვანიშნე. – არაფერია, ასეთი ნაკაწრებისგან დატოვებული შრამებით ბავშვობაში მუხლები მქონდა დაფარული. მხოლოდ გამეღიმა მის თავდაჯერებულობაზე. – არ ვიცი, ეს „ნაკაწრები“ შეიძლება აქ ნორმაა, მაგრამ ცივილურ სამყაროში ამას ცეცხლნასროლ ჭრილობას ეძახიან და წესით ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. – მხრები ავიჩეჩე. – არ მესმის, გუშინ ვიღაცამ გესროლა და შენ ასე მშვიდად ხარ... – არავის უსვრია... – ირონიულად ჩაიღიმა. – აბა... – წუხელ გვიანობამდე ვვარჯიშობდი სროლაში, დღევანდელი დღისთვის ვემზადებოდი და ჩემი ცხენი ისეთი მარდი აღმოჩნდა, რომ საკუთარ ნასროლ ტყვიას უცბად წინ დავხვდი. – გაიცინა და მოხერხებულად გადაევლო ცხენს. რამდენიმე წამი გაოგნებული ვაფახულებდი წამწამებს. ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ უბრალოდ იხუმრა და გამეცინა – უფრო ალბათ საკუთარ გულუბრყვილობაზე. მეორე ტური საკმაოდ დაძაბული გამოდგა. როგორც ჩანს ადგილობრივი ახალგაზრდობა სერიოზულ სამხედრო მომზადებას გადიოდა. ალბათ აქაურობის პრიორიტეტი თავდაცვა იყო, თითოეული მათგანი იდეალურად ისროდა მიზანში, თუმცა სიამაყით უნდა ვაღიარო რომ ჩემმა ქმარმა პირველობა არავის დაუთმო და საბოლოოდ გამარჯვებულიც თავად დარჩა. მიდა ოვაციებით შეხვდა ამ ამბავს, რამაც რა თქმა უნდა ჰანას წყრომა გამოიწვია. სიდიმ პირველი საპატიო წრე ნელი სვლით დაარტყა მოედანს, შემდეგ სიჩქარეს უმატა და ბოლოს უკვე ქარივით მიაქროლებდა ქურანს. სიჩქარის შეუნელებლად წამოვიდა ჩვენკენ, რომ მოგვიახლოვდა ცხენიდან გადმოიხარა და სწორედ დაჭრილი ხელი ფრთხილად მომავლო წელზე და მეც თან გამიტაცა. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე და ორივე ხელით ჩავაფრინდი მის მხრებს. ცხენზე წინ შემომისვა და მოედნიდან გავიდა. კიდევ დიდხანს მიაეჭნებდა ცხენს, ისევ მის მხრებში ვიყავი ჩამალული და თავის აწევას ვერ ვბედავდი. სისწრაფე მაშინებდა... ან მისი სიახლოვე არ მეთმობოდა. წელზე ვგრძნობდი მის ძლიერ ხელს, მისი გულისცემა მესმოდა. მისი სხეულის სიძლიერე სულს მიხუთავდა. ცოტაც ალბათ და მთელი ძალით შემოვხვევდი ხელებს. ღმერთო, როგორ მინდოდა ამ თითოეული შეგრძნების რეალობა დამეჯერებინა. როგორ მინდოდა მეგრძნო, რომ ისიც იგივეს განიცდიდა... რომ არც მას ვეთმობოდი... რომ ისიც ასე უსასრულოდ იჯდებოდა ჩემ გვერდით... რომ მისთვსი მხოლოდ მოვალეობა არ ვიყავი... რომ მასაც ისე ვაღელვებდი, როგორც მე... მინდოდა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიმშვიდეს ვგრძნობდი... სხვას ვერაფერს. ჩემი აჩქარებული პულსაციის სანაცვლოდ მის მშვიდ და რიტმულ სუნთქვას ვიღებდი. რატომღაც მომეჩვენა რომ ჩემი შეჯიბრებიდან ასე წმოყვანაც სხვის დასანახად იყო საჭირო, სხვას უმტკიცებდა საკუთარ სიძლიერეს. უმტკიცებდა, რომ ჭრილობა ვერ დააბრკოლებდა, დაჭრილი ხელითაც კი შეეძლო ნებისმიერი მოქმედება. უკვე დიდი ხანი იყო აღარ მივქროდით, ერთ ადგილზე ვიდექით. ნელ-ნელა ავწიე თავი და მის სახეს დავაკვირდი. ისევ ისე მშვიდად იყო, ოღონდ სახეზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი გადაჰფენოდა. როგორ მინდოდა რომ ჩემთან სიახლოვის ღიმილი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ აღარ ვმოძრაობდით და ჩემი ცხენიდან გადმოვარდნის საშიშროებაც აღარ იყო, მაინც მთელი ძალით ვყავდი გულში ჩაკრული. გარემოსაც მოვავლე თვალი, რომელიღაც მთის წვერზე ვიდექით. – აი ეს გადაიღე... – დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა, – აი, ამაზე მოუყევი მსოფლიოს... ამაზე დაწერე. ჯერ მას ავხედე, მერე წელში გავსწორდი და იქაურობას გადავხედე. მართლაც წარმოუდგენელი სილამაზე იყო – სულისშემკვრელი. დიდხანს ვიდექით ასე და ორივე სივრცეს გადავყურებდით. მისი ხელები ისევ წელზე მქონდა შემოხვეული. ისევ მის გულმკერდს ვეყრდნობოდი და. ისევ თავს ოდნავ ზემოთ ვგრძნობდი მის რიტმულ, აუღელვებელ სუნთქვას. – სიდი... – მისკენ მოვბრუნდი და დავინახე რომ მისი მაისური, იქ სადაც ჭრილობა ჰქონდა, სისხლს დაესველებინა. – სისხლი მოგდის. – შეშფოთებულმა ვუთხარი. – არაფერია, – არც კი დაუხედავს ისე მითხრა. – რას ჰქვია არაფერია? ჭრილობა გაგეხსნა ალბათ. – მისკენ მთელი ტანით შევბრუნდი და უნებურად მარცხენა ფეხი ცხენის მეორე მხარეს გადავიტანე. სწორედ ეს არ უნდა მექნა, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მის წინ მჯდომი, ცოტაც და ალბათ წელზე შემოვხვევდი ფეხებს. გავწითლდი. მიხვდა და გაეღიმა. იხტიბარი არ გამიტეხავს. მაქსიმალურად შევეცადე ფეხები მოხერხებულად დამეწყო და არც უხერხული სიტუაცია შემექმნა. მაისურის ბოლოებში მოვკიდე ხელი და თავსზემოთ გადავაძრე. – ეს უკვე მეტისმეტია. – წარბები ზევით აზიდა და გაიცინა. – ჭრილობა უნდა ვნახო. – უარესად დავიბენი. აღარაფერი მიპასუხა. როგორც იცოდა მხრებში გაშლილი იჯდა და ღიმილით უყურებდა დაბნეული როგორ დავასრიალებდი მის შიშველ ტორსზე აკანკალებულ თითებს. ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე გონება მომეკრიბა. სახვევი მოვხსენი. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. – დავბრუნდეთ რა. – მუდარით ავხედე. – იარა უნდა მოგისუფთავო, ინფექცია არ შეგეჭრას. – ასე წავიდე თუ მომცემ მაისურს რომ გადავიცვა? – ისევ ღიმილით მიყურებდა. მაშინვე გავუწოდე და შევეცადე როგორმე ამ უხერხული ჯდომის მანერისგანაც გავთავისუფლებულიყავი. მინდოდა ფეხები ისევ ერთ მხარე მომექცია, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ერთხანს მიყურა როგორ ვცოდვილობდი და ბოლოს თვითონ ჩამოქვეითდა და საშუალება მომცა მოხერხებულად დავმჯდარიყავი. მაისური გადაიცვა და სახლისკენ გავუყევით გზას. მიდა და დანარჩენები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. სახლში მხოლოდ ნილი დაგვხდა. სხვა მსახურებიც ასპარეზობას ესწრებოდნენ. აქ მოსვლის პირველივე დღიდან შევამჩნიე რომ ნილი უცნაური ადამიანი იყო. ყველანაირ კონტაქტს გაურბოდა, ძირითადად სამზარეულოში ტრიალებდა, იშვიათად თუ გამოვიდოდა, დიდხანს მაინც არ ჩერდებოდა. მე არასდროს მესალმებოდა. მეჩვენებოდა რომ მერიდებოდა კიდეც. თუ ოთახში საუზმის ამოტანა მოუწევდა, სწრაფად ათავისუფლებდა ლანგარს და მაშინვე ტოვებდა ოთახს. მისი ჩაცმულობაც მაოცებდა. ერთიანად დაფარული ჰქონდა მთელი სხეული, მხოლოდ ხელის მტევნები და სახე უჩანდა. ლამაზი გოგონა იყო, 40 წლისას გავდა, მაგრამ სინმადვილეში ალბათ 30-ისაც არ იყო. ახლაც მომეჩვენა რომ ჩემ დანახვაზე რაღაც ჩაიბუტბუტა და საკუჭნაოში შებრუნდა. სიდი ჩემ ოთახში ავიყვანე, სადაც ჯერ ისევ მქონდა წუხანდლიდან შემორჩენილი სახვევები. საწოლზე ჩამოვსვი და მის წინ ჩავიმუხლე. ჭრილობა სამედიცინო სპირტით დავუმუშავე და სანამ გადავუხვევდი წამოდგა. – აბაზანაში შევალ. – მითხრა და კარადიდან სუფთა მაისური და პირსახოცი გამოიღო. შხაპის მერე ჭრილობის გადახვევა დავიწყე. საოცარი სუნი ჰქონდა. თვბრუ მეხვეოდა და ალბათ სახვევსაც უნიათოდ ვადებდი. – სიდი, – უფრო გონების მოსაკრებად ვკითხე. – ღამეს სად ათევ ხოლმე? – აქ. – საკმაოდ მშვიდად მიპასუხა. – სად აქ? – აქ, ამ ოთახში. – დამიკონკრეტა. გაოცებული ვუყურებდი. – კი მაგრამ... როგორ? აქ ხომ... – ჯერ ისევ მეგონა რომ მეხუმრებოდა. – კარს ყოველთვის ვკეტავ. – ნუ გავიწყდება რომ ჩემი სახლია და ყველა კარისა გასაღები მაქვს. – ეგ უფლებას არ გაძლევს... – რის უფლებას არ მაძლევს? ღამე საკუთარ ოთახში გავათიო... საკუთარ ცოლთან? ფეხზე წამოდგა და სახვევი შეისწორა. – კი მაგრამ როგორ... – ისევ დაბნეული ვბუტბუტებდი. – ნუ ღელავ, – მომიახლოვდა და ყურთან დაიხარა. – შიშველი ჯერ არ მინახიხარ. გავწითლდი. ღმერთო, როგორ შემრცხვა. რა იყო აქ სასირცხვილო, ჩვეულებრივად მეხუმრა, მაგრამ სახეზე ალმური მაინც მომედო. – ჩაცმული ძილი ცუდი ტრადიციაა. – უკვე კართან მისულმა მომაძახა. ღმერთო მართლა შემოდიოდა ყოველ ღამე და ჩემ ოთახში ეძინა. ნეტავ საწოლში?.. ამაზე ფიქრი აღარ მინდოდა და სააბაზანოს მივაშურე. იქიდან გამოსულს სიდი არც ოთახში დამხვდა და არც აივანზე. გული დამწყდა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ერთად დავლევდით ჩაის. მომშიებოდა და სამზარეულოს მივაშურე. მიდა და დანარჩენები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ. სამზარეულოში მხოლოდ ნილი დამხვდა. ხელით ვანიშნე ჩაის გავიმზადებ-თქო და ქურაზე შემოდგმული ჩაიდნისკენ წავედი. მკლავში ხელი მომკიდა და გამაჩერა. ვერ მივხვდი რა უნდოდა და შევეცადე ხელებით და სიტყვების მცირედი მარაგით, რომელიც მიდასგან ვიცოდი, ამეხსნა რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩაის მომზადება მინდოდა. ჯიუტად არ მიშვებდა ხელს, ისე რომ სიტყვასაც არ მეუბნებოდა. შუა სამზარეულოში გაჩერებული თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი და ვცდილობდი ნილისთვის რამე მაინც გამეგებინებინა – ამაოდ. ამ დროს ზურგსუკან სიდის ხმა გავიგე. კარებში იდგა და ნილს მიმართავდა. მომეჩვენა რომ ტონი მკაცრი ჰქონდა. ნილმა ხელი მაშინვე გამიშვა და თავდახრილი გვერდზე გადგა. – ჩაის მომზადება მინდოდა. – სიდისკენ შევბრუნდი. – ვერ გაიგო ალბათ რას ვაპირებდი. – ნილი შემეცოდა, ვიფიქრე რომ სიდიმ დატუქსა, ალბათ ჩემთან თავხედობისთვის. – ამბობს რომ ეს მისი მოვალეობაა. – ნილის სიტყვები მითარგმნა სიდიმ. – კი მაგრამ... ჩაის გამზადებას რა მოვალეობა უნდა. – წამოდი, აივანზე დავსხდეთ, ჩაის კი ნილი მოგვიტანს. ხელი მომკიდა და სამზარეულოდან გამიყვანა. – კი მაგრამ... – წამოდი, წამოდი. – მხარზე ხელი მომხვია და კიბისკენ წამიყვანა. როგორც სჩვეოდა მშვიდი ღიმილით. – ქალბატონები სამზარეულოში თადარიგის მისაცემად შედიან და არა საჭმლის მოსამზადებლად. – კიდევ კარგი მხოლოდ ჩაის დასხმა მინდოდა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა დაგემართებოდათ საცივის მომზადება რომ მომენდომებინა. – ირონიულად ავიბზუე ტუჩი. – რის მომზადება? – საცივის, – გამეღიმა. – ქართული კერძია. ერთხელ მოვამზადებ და... ოღონდ წინასწარ ვილოცებ რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვა მერე მომეტევოს. სიდიმ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. არ მოსწონდა მათ ტადიციებს ირონიით რომ ვიხსენიებდი. აივანზე დასხედით და ნილმა ჩაი ამოგვიტანა. ჯერ სიდის მიაწოდა ფინჯანი. მერე ჩემთვისაც დაასხა და ხელში აიღო რომ ჩემთვის მოეწოდებინა, მისკენ გადმოვიხარე და ხელები შევაგებე გამოსართმევად რომ... სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვიცი ეს როგორ მოხდა – მე დავუხვედრე ხელი უხერხულად, თუ ნილმა ვერ მომაწოდა ფინჯანი, მაგრამ ფაქტი ერთია, ჭიქა გადაყირავდა და ქაფქაფა ჩაი ხელებზე გადამესხა. წამოვიყვირე, საშინლად ამეწვა. სიდი წამოხტა, მაგიდაზე მდგარ გრაფინს ხელი დაავლო და ცივი წყალი გადამასხა ხელებზე. მერე ნილისკენ შებრუნდა თვალებანთებული და მკლავში ხელი ჩაავლო. განრისხებული უყურებდა და საკმაოდ ხმამაღლა უყვიროდა. მიუხედავად იმისა რომ ხელები აუტანლად მეწვოდა და ახლა ყველაზე ნაკლებად ნილის შეცოდების თავი მქონდა, მაინც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და სიდისკენ შევბრუნდი. – დაანებე თავი, რა მაგის ბრალია? მე თვითონ გამოვართვი უხერხულად. ნილს ხელი გაუშვა და ჩემკენ შემობრუნდა. ორივე მაჯაში მომკიდა ხელები და გაწითლებულ კანს დახედა. ფრთხილად შემახო თითები. აუტანლად ამეწვა და წამოვიკვნესე. ამასობაში ნილმა რაღაც შუშის ფლაკონები მოტანა და დამწვრობაზე წასმა უნდოდა, მაგრამ სიდიმ ერთიანად მოხვია ხელი და აივნიდან გადაუძახა. ნილი თავჩახრილი იდგა, მე აღშფოთებული ვუყურებდი მის საქციელს და ტკივილისგან იმის თავიც არ მქონდა რომ მესაყვედურა. მერე წამომაყენა და სამზარეულოში ჩამიყვანა. სათავსოს კარები გამოაღო, უბრალო საჭმლის ზეთი გამოიღო და დამწვარ ადგილებზე დამასხა. საშინლად ამეწვა და წამოვიკივლე. – ვის გაუგია დამწვრობაზე ზეთის დასხმა? – ესღა ამოვილაპარაკე და ტკივილისგან სახე დამემანჭა. არ გაუვლია ორ წუთს, რომ ნატკენმა დაამება დაიწყო. სულ რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ტკივილს. ისევ ჩემი ოთახისკენ ამიყვანა და აივანზე დამსვა. – კიდევ გტკივა? – თანაგრძნობით შემომხედა. – აღარ. – სულ ცოტაც მოითმინე და საერთოდ ვეღარც იგრძნობ. – ჩემი მაჯები ისევ თავის ხელებში მოიქცია. – უსამართლოდ ეჩხუბე. – მზერა გავუსწორე. არაფერი მიპასუხა. – არ გქონდა უფლება. მერე რა რომ შენ სახლში მუშაობს? რა უფლებით უყვირე და მეტიც, ხელითაც შეეხე? ისევ დუმდა. – წესით ბოდიში უნდა მოუხადო. – ამ სიტყვებზე მკაცრად ამომხედა. – თუმცა იმასაც ვხვდები რომ შენ ბოდიშის მოხდას მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ გაიძულებს, ამიტომ მე მოვუხდი ბოდიშს შენ კიდევ უთარგმნი. – წამოსადგომად წამოვიწიე, მაგრამ ისევ უკან დამაბრუნა. – შეეშვი! – გარწმუნებ, ბოდიშის მოხდით ადამიანი არ კვდება, პირიქით ცხონდება... – შეეშვი! – მკაცრად გამაწყვეტინა. ტუჩი ავიბზუე, წამოვდექი და დემონსტრაციულად შევედი ოთახში. ალბათ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა ამ ფაქტისთვის, მაგრამ მისი სიჯიუტე მაცოფებდა და კიდევ მისი დამოკიდებულება ქალის მიმართ. მერე რა რომ ნილი მსახური იყო? პირველ რიგში ის ქალი იყო და მასთან უხეშობის უფლება თვით ყოვლისშემძლე ბატონ სიდისაც არ ჰქონდა. სიდი აქაური სამყაროსგან განსხვავებულ ადამიანად წარმომედგინა და არ მინდოდა ეს შთაბეჭდილება რამეს გაექრწ....ბინა. წეღანდელი საქციელით კი აქაურ აზროვნებადახშულ მამრებს ემსგავსებოდა. საღამოს მიდა დაბრუნდა. ოთახიდან არ გამოვსულვარ, ისიც არ ვიცოდი სიდი ისევ სახლში იყო თუ წავიდა. გაბრაზებული ვიყავი და ახლა მისი დანახვა არ მინდოდა. – ტურნირზე აღარ დაბრუნებულხართ. – ეშმაკური ღიმილით შემომხედა და ზურგსუკან კარი მიხურა. არაფერი მითქვამს, ახლა ამაზე ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი. – რა მოგივიდა? – ჩემი დამწვარი ხელები შეამჩნია და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა საწოლისკენ. – ისეთი არაფერია... – რა არაფერია, ორივე ხელი დამწვარი გაქვს. – ჩაი გადამესხა. – ღმერთო, როგორ? მალამო წაისვი? – ნილს უნდოდა რაღაც წაესვა, მაგრამ სიდიმ არ დაანება. უბრალო საჭმლის ზეთი გადამისვა... – ნილს?.. – ოდნავდაბნეულმა ამომხედა. – ჰო, რა იყო... ნილის ხსენენბაზე ყველა იზაფრებით? – გამომცდელად შევხედე. – არა, არაფერი... წავალ მალამოს მოგიტან რომ ნაწიბურები არ დაგრჩეს. – ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. ცოტა ხანში იგივენაირი ფლაკონებით დაბრუნდა, როგორიც ნილმა მოიტანა მაშინ. ჩემ წინ ჩაიმუხლა და ნაზად მისვამდა ხელებზე. – სიდი სად არის? – თან ჭრილობას სულს უბერავდა და ისე მკითხა. – წარმოდგენაც არ მაქვს! – გაგულისებულმა ვუპასუხე. – იჩხუბეთ? – მალამოს ქილას თავი დაახურა. – მე არა, შენი მრისხანე ძმა ეჩხუბა ნილს. – რატომ? – შეშფოთება დაეტყო სახეზე. – რა ვიცი... ხელებზე ნილის მოწოდებული ფინჯანი გადამექცა და სიდი ამან გააბრაზა. არადა მართლა მე გამოვართვი უხერხულად. მიდას აღარაფერი უთქვამს. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ და დასაძინებლად წავიდა. ძილი არ მეკარებოდა. სიდიც არ იყო სახლში – ჩვენი კამათის მერე წასულა. ხელები აღარ მეწვოდა, მაგრამ სრულფასოვნად მაინც ვერ ვხმარობდი. აივანზე გავედი და სუფთა ჰაერზე ჩამოვჯექი. ქალაქს ვუყურებდი – საოცრად ლამაზი იყო ღამით. საკმაოდ დიდხანს ვიჯექი, იქნებ სიდის დაბრუნებასაც ველოდი. იმ ღამით არ მოსულა. არ მეძინა – რომ მოსულიყო გავიგებდი. დილით გამოუძინებელი და ცუდ ხასიათზე ვიყავი. ავდექი და სამზარეულოს მივაშურე. ნილი იქ არ დამხვდა. ვიღაც უცხო გოგონა ტრიალებდა და საუზმეს ამზადებდა. – ნილი... – გოგონას მივმართე. რაღაც მითხრა ღიმილით თავის ენაზე, რა თქმა უნდა აქედან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მაშინვე მიდას ოთახისკენ წავედი. – ნილი სად არის? – გაბრაზებული დავადექი საწოლში. – ევა... – დაბნეულმა ამომხედა. – ნილი სად არის! – მტკიცედ გავუმეორე. – რა ვიცი, ევა... გუშინ მშობლებთან წასვლის ნებართვა ითხოვა. – საწოლზე წამოჯდა. – რა გჭირს? ეს ორი დღეა ნილზე ბევრს ფიქრობ. – რა ვიცი, – ცოტა გულზე მომეშვა. – ვიფიქრე რომ სიდიმ... – რა იფიქრე, რომ სიდიმ აკუწა და ძაღლებს გადაუგდო საჭმელად? – საწოლიდან წამოდგა და ირონიულად გადმომხედა. საკუთარი საქციელის შემრცხვა და მხრები უმწეოდ ავიჩეჩე. – ევა, ჩემი ძმა იმაზე ბევრად კარგი ადამიანია, ვიდრე შენ ან მე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უზენაესს რომ ის მყავს გვერდით, მის გარეშე დიდიხანია ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... და არა მარტო იმიტომ, რაც უკვე იცი... სიდი თავისი არსებობითაც კი უფრო მშვიდსა და მშვენიერს ხდის სამყაროს. ნილი იმავე დილას დავივიწყე. ხელებმაც უკვე მორჩენა დაიწყო. ტკივილები აღარ მქონდა, ახლა მხოლოდ მცირე სიწითლეღა ეტყობოდა კანს. ისევ ძველებურად ვცხოვრობდი. ოღონდ მე და სიდი თითქოს გავურბოდით ერთმანეთს. მე ისევ ნაწყენი ვიყავი მასზე. ვერაფრით ვეგუებოდი მის ასეთ გარდასახვას ნილთან მიმართებაში, თუმცა ალბათ ამას ბევრად ადვილად „გადავიტანდი“ თვითონ მასაც რომ არ მოერიდებინა ჩემთვის თავი. მეჩვენებოდა რომ ისიც ნაწყენი იყო, თუმცა რა წყინდა ვერ ვხვდებოდი. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს, ისიც შემთხვევით. მიდასაც კი აღარ ვეკითხებოდი მის ამბავს, თუმცა ნელ-ნელა უფრო რთული ხდებოდა ამ ინდიფერენტულობის შენარჩუნება. ნელ-ნელა საკუთარ თავსაც ვუტყდებოდი, რომ სიდი ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. მის მიმართ მადლიერების გარდა სხვა გრძნობაც მქონდა, ბევრად უფრო ძლიერი და ღრმა. ცოტათი მაშინებდა საკუთარი გრძნობები, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო, რომ ეს აქ მეჩვენებოდა სიდი იდეალურ ადამიანად. აქ ამ სამყაროში, სადაც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანიც კი სანთლით იყო საძებარი, თორემ იქ, ჩემ სამყაროში სიდიზე გაცილებით უკეთესებიც იქნებოდნენ, თავს ვარწმუნებდი რომ აქედან რომ წავსულიყავი გადამივლიდა... მანამდე კი... მანამდე ვცხოვრობდი ისევ ისე... მორჩილად. იმ საღამოს ამალისგან მარტო ვბრუნდებოდი. მიდა არ წამომყოლია, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჰანას დიდად არ მოსწონდა მარტო რომ გავდიოდი ქუჩაში, მაგრამ ვერ მიკრძალავდა, მის ბუზღუნს კი დიდი ხანია ყურადღებას აღარ ვაქცვდი. არც სიდი იქნებოდა აღფღთოვანებული ჩემი საქციელით, მაგრამ თითქოს ჯიბრზე ვიქცეოდი ასე, ალბათ მისი ყურადღების მიქცევა მინდოდა. უკვე სახლს ვუახლოვდებოდი, რომ უკნიდან ვიღაცამ მკლავზე ხელი მომკიდა. შემეშინდა და შევტრიალდი. ჩემ ზურგსუკან ნილი იდგა. შეშნებული მეჩვენა. ცოტა უჩვეულოდაც ეცვა, თითქოს ნაჩქარევად მოეცვა ტანზე და ისე წამოსულიყო. შევამჩნიე უსახელო კაბა ეცვა, მხრებზე კი უზარმაზარი შავი წამოსასხამი მოეხურა, თითქოს მთელი სხეულის დაფარვას ცდილობდა. ასე ჩაცმული არასდროს მენახა. – ნილ... – გაოცებული შევტრიალდი. ხელში ქაღალდი შემომაჩეჩა და ნაჩქარევად გამშორდა. ხელზე დავიხედე, წერილი იყო. ის იყო ქუჩის კუთხეში უნდა გაუჩინარებულიყო რომ ადგილს მოვწყდი და წამოვეწიე. – ნილ, მოიცადე... ეს რა არის? – ხელი მოსასხამის ბოლოში მოვკიდე, მინდოდა შემეჩერებინა. სვლა არ შეუნელებია, ჩემგან გაცლა უნდოდა. მოსასხამზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე და უნებურად მოვაძრე. ხელები პირზე ავიფარე და შევკივლე. მკლავებზე საშინელი ნაწიბურები ეტყობოდა. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა. დამფრთხალი მიყურებდა. წასვლასაც ვეღარ ახერხებდა. ერთ ადგილზე იყო გაშეშებული. – ღმერთო ნილ... – ვერც კი მივხვდი როგორ დავიწყე ქართულად საუბარი. – ეს რა არის? ბოლოს ისევ ნილი მოეგო გონს, მოსასხამი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა. სახლში დავბრუნდი. კიბეები სიბილით ავიარე და მიდას ოთახის კარი შევგლიჯე. – გადამითარგმნე! – თითქმის ვუბრძანე და ხელში ნილის მოცემულლი წერილი შევაჩეჩე. გაოგნებულმა მიდამ კითხვა დაიწყო და სახე შეეცვალა. – რა წერია მანდ!!! – ხმის სიძლიერეს ვეღარ ვაკონტროლებდი. – ევა... ნილი ნახე? – შეწუხებულმა ამომხედა. – ჯანდაბა! მეტყვი თუ არა რა წერია მანდ? – იცი... აქ... – მოზრდილი ნერწყვი გაჭირვებით ჩაყლაპა და სისულელეების მოყოლას მოყვა. – ბოდიშს გიხდის, ძალიან წუხს რომ მისი მიზეზით ხელები დაგეწვა. – შენი ძმა სადაა? – უხეშად გავაწყვეტინე. – წეღან თავლაში იყო... წერილი ხელიდან გამოვგლიჯე და ოთახიდან გავვარდი. კიბეები ჩავირბინე და სახლს შემოვუარე. თავლაში დამხვდა – როგორც ჩვეოდა მშვიდად იდგა და საკუთარ ბედაურს ბალანს უვარცხნიდა. ჩემ მიახლოებაზე შემობრუნდა. სიტყვაც არ მითქვამს ისე გავუწოდე წერილი. აუღელვებლად გამომართვა და დახედა. სახე შეეცვალა. შიში და მრისხანება ერთად იკითხებოდა მის თვალებში. – ეს ვინ მოგცა? – პირველად გავიგე მისი ჩახლეჩილი ხმა. – რა მნიშვნელობა აქვს? რა წერია მანდ? არ მიპასუხა. ისევ გაუნძრევლად იდგა და წერილს დაჰყურებდა. – სიდი, მიპასუხე გთხოვ... – ტუჩები სატირლად მომებრიცა, – რა სჭირს სხეულზე ნილს? ეს შენ... – ვეღარ შევძელი დასრულება. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა რომ მას ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. თვალებში შიში ჩაუდგა. – არა.. რა თქმა უნდა, არა... – გაოგნებული მიყურებდა. – ეს როგორ იფიქრე? სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი. არ შემეძლო... ამაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ხელები მომხვია. უფრო ვუმატე ტირილს. – არ მინდა... ამაზე ფიქრი არ მინდა. – ხმამაღლა ვსლუკუნებდი. – დამშვიდდი, გთხოვ. – თვითონ მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ისევ ისეთი მშვიდი ხმით ცდილობდა მეც დავემშვიდებინე. – თუ პირობას მომცემ რომ მშვიდად მომისმენ, მოგიყვები. მთელი ძალა მოვიკრიბე და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. ეზოში გამომიყვანა და სკამზე ჩამომსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა. ჩემი ხელი ხელში აიღო და თითები გადაუსვა. ჯერ ისევ ეტყობოდათ ოდნავშეწითლებული კანი. საუბრის დაწყება უჭირდა. ვხვდებოდი რომ რაღც ისეთი უნდა ეთქვა, რომ ცდილობდა ჩემთან სიტყვები შეერჩია. – ნილი ჩემი ცოლია. – გაუბედავად წამოიწყო და მზერა გამისწორა. ------------------------------ ესეც მესამე თავი ჩემო კარგებო... ამჯერად ამ ისტორიას სულ ხუთ თავში ჩავატევ. მიყვარხართ ძალიან და წინა თავებზე თქვენმა გამოხმაურებამ გადამრია და გამახარა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.