შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი აბი (სრულად)


11-09-2016, 15:02
ავტორი MariamG
ნანახია 5 153

მხედავ სარკეში?
გეცინება.
ვეღარ მხედავ. რა თქმა უნდა, ვეღარ.

* * *
გსმენიათ თეთრი კედლების შესახებ? მაშინ მე მოგიყვებით.

სამოთხე არ გეგონოთ, ფსიქიატრიული საავადმყოფოა. პირველად რომ მოვედი, სხვანაირი იყო, ახლა ცოტა შეცვალეს და... ჰო, შეცვალეს და თუ მოსვლას დააპირებთ, წინასწარ მომწერეთ წერილი.
ღმერთო ჩემო, ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მისამართზე უნდა მოხვიდეთ? არც ის გინდათ, რომ გაიგოთ ვინ ვარ?
უბრალოდ, მია. გთხოვთ, ნამდვილ სახელს ნუ მკითხავთ. ფსიქიატრიული კი არა, ნამდვილი ცირკია. გიჟებს უნდა დაასწრო ტყუილის თქმა.

* * *
1 სექტემბერი ; 2015 წელი.
როგორც წესი, დილით არაფერს ვწერ, მაგრამ დღეს უცნაური რამ მოხდა. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ოთახებს ჩამოუარა და ჩემს პალატაში ამანათი შემოაგდო.
მოიცა რა, ნუ იცინი! კარგი, ვაღიარებ, თავიდან მეც პანიკური სიცილი ამიტყდა. მოკლედ, ამანათი ახლა წინ მიდევს. აზრზე არ ვარ შიგნით რა დევს და გახსნა არ მინდა. ზოგადად, გიჟებთან კონტაქტი ყველანაირად აკრძალულია, მან კი რა გააკეთა? ამანათი მომიტანა. ის ჩემზე მეტად აფრენს, დამიჯერე, ერთ დღეს შეიძლება ჩემს გვერდით ჩასვან.

ჩემი საჩუქარი უხეში ქაღალდითაა შეფუთული. რაღაცნაირი, გულისამრევად ყავისფერია. გახსნა კი არა, ხელის შეხება რომ გეზარება. ჰო, ნუ მანათებთ თვალებს, გავხსნი, ოღონდ ჯერ არ ვარ ამის ხასიათზე. ყოველი თვის პირველ რიცხვში, გიჟებს უფლება აქვთ თავიანთ ჭკუაზე გაატარონ დღე. მაგალითად, მე ოთახიდან არ გავდივარ. ერთხელ გავედი და ვინანე. დიდ დარბაზში მათ აღარავინ აკონტროლებს. დარბიან, ყვირიან და სისულელეებს აკეთებენ. მე კი ვზივარ ოთახში, ვწერ, ვკითხულობ ან თავს ვიტყუებ, რომ მეც გიჟი ვარ.
ზედმეტად ირონიული სახე ნუ გექნებათ, როცა წაიკითხავთ. არ ვარ გიჟი. ჯერჯერობით. ყოველ დღე ორ აბს მაძლევენ. ვიცი, ბოლოს შემიწირავს და მართლა გავგიჟდები. ხედავთ? უკვე დავიწყე არარსებულ საზოგადოებასთან ლაპარაკი. კიდევ კარგი, მეზობელი პაციენტის მსგავსად ყოველდღე ზაფხულს არ ველოდები. ვწერ და მგონი, აბებისგან ბურუსში გახვეულ გონებას, სულ მცირედით მაინც შველის. იცით რატომ დავიწყე ჩაწერა? როცა აბები საბოლოოდ გადამაკრავს თვალებზე ბინდს და აღარ მემახსოვრება ვინ ვარ, სხვები გამიცნობენ და ვინ იცის, იქნებ მერგოს პატივი დამიძახონ - გიჟი მია.

* * *
2 სექტემბერი ; 2015 წელი

კარგი, ნუ ბრაზდებით. გავხსენი ეს ოხერი ამანათი, აბა რას ვიზამდი?! ისე, რომ იცოდეთ, ფსიქიატრიულში დაუშვებელია საკუთარი ნივთების ქონა. მე კი ვიღაცამ სარკე მაჩუქა. საწოლის ქვეშ ვმალავ, მაგრამ არ შეიძლება! გთხოვთ, აღარ გამომიგზავნოთ.
ცოტა ხანში კიდევ ორ აბს შემომიტანენ. გინდათ გითხრათ რა ხდება, როცა მათ ვიღებ? ჰო, გეტყვით. თავიდან ვითომ არაფერიო, თითქოს თავის ტკივილის წამალი დაგილევია, ისეა, მაგრამ მერე... მერე თავბრუ მეხვევა, ჰალუცინაციები მეწყება და განუწყვეტლივ მესმის კივილის, ზმუილის ხმა. ხუთ წუთში ვითიშები, რამდენიმე წამით, შემდეგ ვდგები და ვაგრძელებ ცხოვრებას. ტყუილად დროს ნუ დახარჯავთ იმის კითხვაში, ეს აბები რაში სჭირდებათ და რით მეხმარება. არაფრად! ღმერთო, როგორი გულუბრყვილოები ხართ და კიდევ მე გამომაწყვდიეთ აქ, ოთხ კედელში. მე ვარ გიჟი? როცა თავად ვერ გაგირჩევიათ, რა გკლავთ და რა არა.
თავიდანვე შევამჩნიე, რომ მე განსხვავებულ აბებს მაძლევენ. ისინი ვარდისფერები არიან, პრიალა ზედაპირით. ნორმალური აბები კი, უფრო ღია ფერისაა, უხეშია თითს რომ გადაუსვამ.

* * *
5 სექტემბერი ; 2015 წელი

ვევედრებოდი, მან კი მაგრად ჩამავლო მკლავში ხელი, მანქანაში ჩამსვა და რომელიღაც კლინიკაში წამიყვანა. გამსინჯა ვიღაც უვიცმა, ულვაშებდაწკეპილმა კაცმა და მამინაცვალს კმაყოფილმა გადახედა.
-ქალბატონო, ხშირად გავიწყდებათ ფაქტები? -მაგიდაზე ჩამოჯდა. ამაზრზენი იყო, გეფიცებით. რა კითხვაა? თვრამეტი წლის ასაკში, როცა ყველაფერი თავზე გენგრევა, როგორ მოახერხებ ყველაფერი დაიმახსოვრო?
-დიახ -მსიამოვნებს გახსენება, როგორ ზიზღით ვუპასუხე. არ ესიამოვნა, მე კი კმაყოფილებისგან გავიბადრე.
მერე გამომისტუმრეს, ვიცი, კარგი ფული ჩაუდო ჯიბეში და ისე გამოვედით. მას შემდეგ, სხვადასხვა წამლებს მინიშნავდნენ, სინამდვილეში, გასაგიჟებელი აბები იყო. ნელ-ნელა პანიკური შეტევები დამეწყო. მეშინოდა სიბნელის, სიცივის, მარტოობის. ათასი ფობია დამმართეს. იმდენს აკეთებდნენ, ნელ-ნელა მეგობრებიც მტოვებდნენ. ყველას ეშინოდა ჩემთან დარჩენის. მშობლები ოსტატურად არიდებდნენ ჩემი მათთან დატოვების იდეას თავს. ბოლოს შევეგუე. უნივერსიტეტის, კოლეჯის და სხვა სასწავლებლების კარი ჩემთვის სამუდამოდ ჩაიკეტა.
და მერე, იმ დღიდან დაიწყო.

* * *
11 სექტემბერი ; 2015 წელი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ნუ გეშინიათ, თქვენზე გაბრაზებული არ ვარ. მე დიდი ხანია აღარ ვბრაზობ. არადა, სამყაროზე გული უნდა მქონდეს აცრუებული, თუმცა აღარ. იმდენად არ მიყვარს ადამიანები, რომ მათი შეძულებისთვის დრო გამოვნახო. უნდა მაინტერესებდეს, რომ შემდეგ შევიზიზღო. მე კი ისე დავუდექი ყველას ზურგით, როგორც ისინი - მე.
უბრალოდ, ჩემი სარკე იპოვნეს. თუ ამ წერილს შენც კითხულობ, ამანათის გამომგზავნო, იცოდე, ხელში ნუ ჩამივარდები! შენს გამო სამჯერ მომხვდა ქამარი.
კარგი, არაუშავს. ვხუმრობ, არაფერს დაგიშავებ. შენ ისეთი არაფერი გაგიკეთებია, რაც პირველად გამოვცადე. სხვათაშორის, სარკე კედელზე დამიკიდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიღაცის ლაპარაკი მოვისმინე - "ასეა საჭირო! დაუკიდეთ ეს წყეული სარკე!" ღრიალებდა ვიღაც. ათიოდე წუთში, ლურსმანს არჭობდნენ ჩემი პალატის თეთრ კედლებში. ახლა ვზივარ, ვწერ და ყოველ წამს სარკეში ვიყურები, ინსტიქტურად.

* * *
15 სექტემბერი

საზიზღარო! ნეტავ იცოდე, როგორ ჩაგხედავდი ახლა თვალებში. ზიზღით. აბები შემიცვალეს, კიდევ ერთი, დიდი ზომის სარკე დამიკიდეს ოთახში. ყოველდღე ცდილობენ გამაგიჟონ. ოთახი, სადაც ჰაერი კარის პატარა გისოსიდან აღწევს, არაჩვეულებრივი ადგილია შეშინებული ადამიანის გიჟად გადასაქცევად.
იცით რა არის სასაცილო? მე ხმამაღლა მეცინება, თქვენი არ ვიცი. არც ერთხელ არ მიყვირია, გიჟი არ ვარ, შეცდომას ნუ უშვებთ-თქო. მორჩილად, სახეზე გადაკრული ღიმილით გამოვყევი ფსიქიატრიულში და მივყევი აქაურ ცხოვრებას.

სხვათაშორის, გიჟები ძალიან საინტერესოები არიან. ცხოვრების სიღრმეში ჩააღწიეს და ამიტომ მონათლეს ამ სტატუსით, თორემ ცალი ყურით რომ მოგასმენინათ, რამდენ საინტერესო რამეს ამბობენ, თქვენც მომბაძავდით და აქ დარჩებოდით.
არ ვიცი ჩემი გაგიჟება რატომ გინდა უცნობო, მაგრამ შენი სურვილისამებრ, ახლა ოთახიდან არ მიშვებენ.
ორი აბი მწარეა, ცისფერია, პრიალაა, უგემურია.
მადლობა,
მადლობა.
ვერც კი წარმოიდგენ, აბებით გამოწვეულ ჰალუცინაციებს რამდენი მეგობარი სტუმრობს.

* * *
1 ოქტომბერი
ორი აბი დავლიე. ათი წუთის წინ მოვედი აზრზე და მაგარი რაღაც უნდა მოგიყვეთ. მოკლედ, მომცეს გასვლის უფლება. ახალი გენიოსები დაგვიმატეს. ერთი განსაკუთრებულია. გაიძახის რაინდი ვარ, დედოფალი მოვკალიო. დანარჩენებმა გულითადად მიიღეს, მე კი მის ხელზე დახვეულმა ნაჭერმა გამაკვირვა. რაინდების კოდექსში წერია, თუ ის თავის დედოფალს მოკლავს, მისი თავსაბურავი რაინდთან რჩება. ნელა მივუახლოვდი დამფრთხალ ბიჭს.
-გამარჯობა -ხელი ავუწიე. ჯიქურ მომაშტერდა. დებილივით. რა ვიცი, რას მიყურებდა?
-დედოფალი მოვკალი -ხელები კანკალით მიიტანა სახესთან. გვერდით მივუჯექი, ხელები ჩამოვაწევინე და მის მაჯებს დავხედე. გადაუჭრია. გენიოსი, წინდახედული.
-მაგარია. მომიყვები? -თავს ისე ვიჭერდი, თითქოს მისით აღფრთოვანებული ვიყავი, არადა ერთი სულელი იყო. მე მეგობარი მჭირდებოდა, მას კი მეზღაპრე. თავი დამიქნია. სასაცილო იყო, ნეტავ გენახათ. ხუთი წუთი მივშტერებოდი და ველოდი როდის დაიწყებდა თხრობას, მან კი თავი დახარა და უაზროდ ატირდა.
-ექიმთან აიყვანეთ, მაჯა გადაიჭრა -ჩემს ოთახში დავბრუნდი. არადა, მეგონა გიჟი არ იყო.

* * *
3 ოქტომბერი

მაპატიე, ვერ ვწერდი. ორი აბი სიკვდილივით მოქმედებს ჩემზე. არ მაშინებს, მაგრამ მერევა. გუშინ მთელი დღე გათიშული ვიყავი. ვიწექი, თვალები გახელილი მქონდა. აზრზე ვიყავი, მაგრამ ვერ ვდგებოდი და ლაპარაკის თავი არ მქონდა.აზრები მეფანტებოდა. ვხვდები, ნელ-ნელა ის დღე ახლოვდება, მე რომ უნდა დაგემშვიდობოთ. არ ვიცი მართლა არსებობთ თუ არა. არც ის ვიცი, საერთოდ ამ წერილებს ბუხარში ანთებული ცეცხლი იმსხვერპლებს თუ მართლა ვინმეს ჩაუვარდება ხელში, თუმცა სანამ ჩემს ქვეცნობიერში ფართო საზოგადოება მყავს, სანამ ჩემს გონებაში ხართ და შემიძლია წარმოგიდგინოთ, როგორ დასხდებით იაფფასიან სკამებზე, როგორ ელოდებით "გიჟი მიას" გამოსვლას და მისი ამბების მოსმენას, ვიცი, არ ვკვდები. აი, როცა ჩემთვის გაქრებით, როცა წევრები ნელ-ნელა დაგვაკლდება, მინდა იცოდეთ, რომ ვეცდები, მაინც შეგინარჩუნოთ.

ალბათ, გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მორჩილად ვიღებ ორ აბს. აქამდე ვარდისფერს, ახლა - ცისფერს. სინამდვილეში, ეს რეჟიმია. სხვათაშორის, მეტად დასაშვები ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მიწვდის აბებს, შესაძლოა აპროტესტებდეს კიდეც ასეთ მოპყრობას, თუმცა რეჟიმი ამას სთხოვს. და რა ქნას, რომ სახლში პატარა შვილები ელოდებიან, რა ქნას, რომ ამ ფერდაკარგულ სამყაროში თავის გასატანად ფულია საჭირო. ყველაზე პატიოსან ადამიანებსაც კი უწევთ, გაუმართლებელი გზებით ფულის შოვნა. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ვემორჩილები. ჰო, როგორც თქვენ გაქვთ ვალდებულებები, ისე აქვს მასაც. სცენის მოწყობა მე არაფერს მომცემს, მას კი სამსახურს დააკარგვინებს. მერე, მე რაში მჭირდება სხვისი ცოდვის ზურგზე აკიდება? ყველამ თავისი აწონოს, როცა მომენტი ჩაუვარდება.
ჩემი ექიმი ოცდაათიოდე წლის, მაღალი, საკმაოდ სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცია. სწორი ცხვირით, ლოყებზე ოდნავ მოშვებული წვერით.
საკმაოდ კარგად ემორჩილება "ზევით" გაწერილ წესებს. პაციენტებთან ცოტას საუბრობს, ანუ მხოლოდ იმაზე, რაც ევალება. არასდროს მომისმენია ვინმესთვის ეკითხოს როგორ ხარო, ან იქნებ, ვინმე სუიციდით აპირებს დასრულებას, ფსიქიატრს ხომ უნდა აინტერესებდეს? ნუ გაუბრაზდებით ამ კაცს. საქმე მარტივადაა. მას აქ პაციენტებზე დასაკვირვებლად იყენებენ. ანუ, ფსიქიატრიულის ვირთხებს, თავად საცდელ ვირთხას უგდებენ. ერთი დიდი ექსპერიმენტის პატარა ნაწილებად გვაქციეს. მაპატიეთ, მე არ ვითვლები. ეს კაცი გამარჯობის მეტს არც არაფერს მეუბნება, გამომიწვდის აბებს, მიყურებს და რწმუნდება რომ ვსვამ, მერე მემშვიდობება და გადის. რა გასაკვირია, ჩემთან ყველაფერი აკრძალულია, საუბრის ჩათვლით. კარზე არავინ მოაყურადებს, კამერებითაც არავინ მაკონტროლებს, თუმცა აი, აქაა საქმის პატივისცემა. ის ნდობას არ იყენებს ბოროტად, მე კი მის დუმილში რომანებს ვკითხულობ.

* * *
5 ოქტომბერი.

დასაწერი არაფერი მქონდა, ამ დღეს ველოდებოდი. გონება დაბინდული მაქვს. ოცი წუთის წინ მომცეს ორი აბი.
შემოვიდა, ჩემს წინ დაჯდა. მარცხენა ხელში პატარა კოლოფში ჩაყრილი ორი აბი ეჭირა, მარჯვენაში -წყალი. სახეზე ეტყობოდა, ვეცოდებოდი. მე კი ის მეცოდებოდა, რადგან ყველაზე სასაცილო განცდა ეუფლებოდა. ეტყობოდა, უფლება რომ მიეცათ, იმ აბებს არ გამომიწვდიდა. ასეც იქცეოდა. იჯდა, აკვირდებოდა ორ აბს და სევდით ივსებოდა. გამეცინა, ხმამაღლა. ჩვეულებრივად ამომხედა, გიჟებისგან მიჩვეული იყო. ჩვენს შორის დიალოგი გაიმართა და მზად ვარ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოგიყვეთ :
-დიდ ხანს უყურებთ ასე? -ვეკითხები სიცილით.
-საცოდაობაა, დიდი ცოდვა და უსამართლობაა ადამიანი გამოკეტო და ასე აწამო.
-უიმედობაა, ექიმო. -მიყვარს როცა აღვნიშნავ, რომ ვიცინოდი.
-ანუ, უიმედობას გრძნობთ?
-მე? მე არაფერსაც არ ვგრძნობ. ამ სპექტაკლთან დაკავშირებით ერთი გრძნობაც არ გამაჩნია. იმას გეუბნებით, ვინც ამას აკეთებს, მათი უიმედობაა-თქო.
-ესე იგი, ასე ნივთივით გიყენებენ და შენ პროტესტის გრძნობაც არ გაგჩენია?
-ოო, ექიმო, მტკივნეულ თემას ეხებით -თავი გადავაქნიე და გავსწორდი -წარმოიდგინეთ, სახლში მიდიხართ და იაზრებთ, რომ ფსიქიატრი ხართ. რა გრძნობა დაგეუფლებათ?
-ვერ მიგიხვდით, ქალბატონო ...
-მია. თქვენთვის და ამ მოსაწყენი ადგილისთვის, უბრალოდ მია. რას ვერ მიხვდით? ხომ ხართ ფსიქიატრი? აქ მოსვლა თქვენი სამსახური რომ არ იყოს, რას იზამდით? რა თქმა უნდა, სხვაგან მიხვიდოდით.
-და ეს რა შუაშია? ადამიანები თავიანთი პროფესიის შესაბამისად მუშაობენ.
-აჰა, ესე იგი, გიჟი გგონივართ.
-უკაცრავად? რამე გეწყინათ?
-არა. მოსაწყენი, აზრსმოკლებული და საერთაშორისო, დებილური აზრებით გამოგივსეს ტვინი და ახლა მეც მახვევთ. -დაიბნა. აღარ მეცინებოდა, ხასიათი გამიფუჭა.
-უფრო კონკრეტულად ისაუბრეთ, ქალბატონო მია.
-ამ ქვეყნად დანიშნულებით არავინ იბადება. იმას ვირჩევთ, იმას ვხედავთ და იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა. თქვენთან საუბარი სასიამოვნოა, თუმცა აბები ...
-აქ შემოვდიოდი, გაძლევდი აბებს და გავდიოდი. მერე თავს ვარწმუნებდი, რომ ეს სამუშოს ნაწილი იყო და შენს უსულო საგნად გადაქცევაში მონაწილეობას არ ვიღებდი, თუმცა ვეღარ ვუყურებ როგორ ეგუები განაჩენს. რამე გააკეთე, წინ გადაუდექი ამ აზრმოკლებულ სისტემას! -სიამოვნებით ვუყურებდი როგორ უერთდებოდნენ ადამიანები იმ აზრს, რასაც მე დიდი ხნის წინ შევუერთდი. მომწონდა, რომ ნელ-ნელა ყველა ხვდებოდა.
-ექიმო, ბევრს ფიქრობთ. ცოტა იფიქრეთ, ცოტა ინერვიულეთ. -აბები თვითონ გამოვართვი და მის წინ უდარდელად დავლიე. ცოტა გამიჭირდა. ალბათ, იმიტომ რომ აქამდე არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა. წესით, უნდა გასულიყო, მაგრამ იდგა და ელოდა, როდის დაიწყებდა აბები მოქმედებას. მე აღარ მადარდებდა, გავითიშებოდი და ჰალუცინაციები დამეწყებოდა. ძველი მეგობრები მესტუმრებოდნენ, ვკითხავდი თუ გაიგეს, რომ ჩემი ფსიქიატრი გიჟია და მერე, ერთად ვიცინებდით.

* * *
7 ოქტომბერი

ჩემი ექიმი ვერ მელეოდა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ჩვენი საუბარი საიდუმლოთ დარჩა, იმ ოთახში ჩავკეტეთ და სამუდამოდ დავმარხეთ, თუმცა გარეთ გასული ვამჩნევდი კაბინეტის მინიდან როგორ მიყურებდა. ჯერ სავარძელში იჯდა, მერე მოუსვენრობა ემატებოდა და აქეთ-იქით დაიდოდა. თვალს არ მაშორებდა. მსიამოვნებდა ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, მან მაინც იცოდა, რომ გიჟი არ ვიყავი. მე კი ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პირიქით ეფიქრა. თუ ჩათვლიდნენ, რომ გიჟი ვიყავი, ჩემთვის ცხოვრება მარტივი გახდებოდა. იქნებ , გიჟად ყოფნაც მარტივია? რაინდი ნელ-ნელა დეპრესიიდან გამოდიოდა. უფრო სწორად, კარგ და იმედისმომცემ აბებს გამოყავდათ. არ დაიჯეროთ, რომ ფსიქიატრიულის მკურნალობა ვინმეს არგებს. ერთ დღესაც, აქედან გასულებს ოფიციალურად შეურაცხადის სტატუსით წარადგენენ და მთელი ცხოვრება ამ მარკით ივლიან.
რაინდთან მივედი
-ჰეი, მეგობარო, არ გინდა გავისეირნოთ? -ფსიქიატრიულში აქეთ-იქით უაზროდ სიარული არ შეიძლება, თუმცა სასიამოვნოდ წამომიარა რაღაცის დამტკიცების სურვილმა და მინდოდა ვინმე ამეყოლიებინა. რაინდი ოფიციალურად ჭკუიდან გადასული იყო, ამიტომ არ დაისჯებოდა. მე კი ეჭვიც არ მეპარებოდა, ვიღაცის ზურგი დამიცავდა. სულელურად დამიქნია თავი და წამოდგა.
თეთრი კედლები, დერეფნები, სიცივისა და სიცარიელის აუტანელი გრძნობა. თითქოს წამის წინ ერთი მილიონი მიცვალებულის გვამი ინახებოდაო. დაძაბული გარემო და თეთრი, ძლიერი განათების ნათურები. ერთ-ერთი დერეფნის ბოლოს "ურჩი" გიჟები ჰყავდათ. გალიებში დამწყვდეულები იყვნენ. ხელები უკან ჰქონდათ გაკრული და პირში ნაჭრებს საგულდაგულოდ უდებდნენ, ზედმეტი ხმაურისგან თავს იცავდნენ. მხოლოდ ზმუილი ისმოდა. არ ვიცი რატომ ან როგორ, მაგრამ ვხედავდი მათი გიჟური ნიღბების უკან ჩვეულებრივ, განწირულ ადამიანებს. ვინ იცის, არც კი იყვნენ გიჟები და უბრალოდ, ასე მოხდა. ჩემნაირად მოხდა.
-იქ არა -წამოიკნავლა თვითაღიარებულმა რაინდმა. ნეტავ ვიცოდე, რომელი დედოფალი ანდობდა სიკვდილით დასჯას. მის ნებას დავყევი. საკმაოდ დაძაბული გარემო იყო. საკუთარი თავი კი არა, ისინი მაღელვებდნენ, გისოსებს მიღმა თავისუფლება რომ სწყუროდათ.
-რა გქვია? ნამდვილი სახელი არ მითხრა. მე არ ვამბობ
-რატომ?
-რა საჭიროა ზედმეტად მიცნობდნენ?
-აბა რა გითხრა?
-რამე დაირქვი. შენს სახელთან მიახლოებული.
-ზოი შეიძლება? -სულელივით ყურებამდე გაღიმებულმა გადმომხედა. მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? აქედან ხომ ვერსად გავიდოდით, ამიტომ შეეძლო უფრო მეტად ბანალურიც კი ყოფილიყო. ხმამაღლა გამეცინა, ამყვა.
-კი, შეიძლება. ზოი, ზოი. -წავიმღერე. ის-ის იყო, საინტერესო ვერაფერი ვიპოვე და დაბრუნებას ვაპირებდი, რომ სიღრმიდან, სრული სიბნელიდან რაღაცის მტვრევის ხმა გავიგონე.
რაინდი იქვე დავტოვე და სივრცეში გავიქეცი. არ ვიცი რას ვეჯახებოდი და რომ ვიცოდე, მაინც არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ გული იქით მიმიწევდა, სადაც ვიღაც იყო. კიდევ ერთ განათებულ დერეფანში აღვმოჩნდი. თვალები ვერ შევაჩვიე აუტანელ სითეთრეს და ხელები ავიფარე. კიდევ კარგი, ავიფარე, თორემ ასე მალე ვერ შევეჩვეოდი სანახაობას. გისოსებს მიღმა თეთრხალათში გამოწყობილ, პირბადე აფარებულ ექიმებს დიდ სავარძელში ჰყავდათ დაბმული ჩემი ასაკის გოგონა. ხელებზე ათასი მილი ჰქონდა შეერთებული. მათ ხელებში არც ნემსები ჩანდა და არც ქირურგიული ხელსაწყოები. ესე იგი, არ აპირებდნენ ცოცხლად აეძროთ კანი ან ყურები დაეჭრათ, თუმცა აშკარა იყო, გოგონას აწამებდნენ. ხმები მესმოდა, მათი ღრიალიც, თუმცა ყველაფერს უფრო და უფრო ნაკლებად ვიაზრებდი. მენატრებოდა ჩემი უნაკლო გონება, დაკვირვების შეუდარებელი შესაძლებლობა, თუმცა ახლა ჩემი გონება ძველთან შედარებით ჩალის ფასადაც აღარ ღირდა. მივხვდი, ის ორი აბი ამისთვის იყო. შიგნიდან მანადგურებდნენ, შიგნიდან მაკონტროლებდნენ. გოგონა დენის სკამზე იყო მიერთებული.
მე...
სანამ გავითიშებოდი...
სირბილით,
ჰო,
სირბილით,
გამოვიქეცი...
* * *
10 ოქტომბერი

ეს დღეები გათიშული ვიყავი. გავახილე თუ არა თვალი, ნაცნობი ექიმი შევნიშნე. თავთან მეჯდა და გაბრაზებული მომჩერებოდა. ხელში ისევ აბები ეჭირა. თვალები რომ გავახილე, იქვე მაგიდაზე გადადო და ხელები სახეზე ჩამოისვა.
-დილამშვიდობისა ექიმო -გავიზმორე. გაბრაზებულმა ჩამოყარა მტევნები და ძლივსდალაგებული სახით მომაშტერდა
-დილამშვიდობისა მია? ასეა უკვე? შუაღამის ორი საათია.
-მე ნუ მაბრალებთ, ამ ლამაზ, ცისფერ, პრიალა აბებს ჰკითხეთ
-სწორედ ამიტომ. მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ
-ამ დროს სახლში უნდა იყოთ, ვინ იცის, ცოლი როგორ ნერვიულობს. იქნებ, ბავშვებმა არ დაიძინეს მამის მოლოდინში?
-გაჩუმდი! აღარ შემიძლია ასე. რამე უნდა მოვიფიქროთ, აქედან თავი უნდა დააღწიო, მია. მოგკლავენ, გესმის? იმ დერეფანში რომ გიპოვნე, მაშინ მივხვდი საბოლოოდ, რომ მოგკლავენ.
-იმ სკამზე დამსვამენ? საინტერესოა -სიცილით გავასწორე ბალიში და კომფორტულად მოვეწყვე. სუსტად განათებულ პალატაში კიდევ უფრო მომეწონა ჩემი ექიმი.
-ეს სამი დღე შესწავლს დავუთმე. თუ ნორმალურ აბებს შემოგაპარებ და ამას აღარ დალევ, მაშინ შენი გონება ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს და მეტად.. მეტად
-მეტად ვეღარ გამაგიჟებენ? -ხმაში მეც ნაღველი შემეპარა. -სასაცილო ხართ, ექიმო! იცით როგორი ვიყავი აქამდე? უნაკლო გონება მქონდა, ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა, სამყარო მე მეკუთვნოდა. მის ცენტრად იმას აღვიქვამდი, რაც მომესურვებოდა. ახლა? მარიონეტი ვარ. დიდი თამაშის პატარა პაიკი. ორი აბის მიღების პირველივე დღიდან, პირველივე მოქმედებიდან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი წამართვეს. ეს ფსიქიატრიული ჩემი სახლია, ეს ორი აბი კი ჩემი ულუფა. არაფრად მარგებს ამ სიტუაციის შენარჩუნება! მე საზღვრები და შეზღუდვები არ მჭირდება.
-მია! -გამყინავი ხმით დამიყვირა. გავშეშდი. ცრემლები გადმოვყარე. -შენი წარსულიც ვიცი და აწმყოც, ახლა კი მომავალს გთავაზობ! არ აქვს მნიშვნელობა წარსულში რამდენად საშიშად გთვლიდნენ. მთავარი ისაა, რომ ახლა ის აღარ ხარ. ცდილობენ დაადგინონ, როდის გახდები ფაიფურის, ადვილად სამტვრევი თოჯინა, რომ მერე ვეღარავის გამოადგე. ვაჩვენოთ რომ უკვე მიაღწიეს და აქედან წადი!
-მე მინდა, რომ დაკარგული თავისუფლება დავიბრუნო, ექიმო. მე მინდა, რომ საბოლოოდ მიღებულმა ორმა აბმა, ჩემს თავთან დამაბრუნოს! გაიგეთ, იაზროვნეთ.
-შენ გინდა! ამაში კი მათ იყენებ, ვისზეც ამბობ, რომ გიყენებენ. შენ არ გყოფნის გამბედაობა, რომ ადგე და თავი მოიკლა, ამიტომ ელოდები, როდის მოგიღებს ბოლოს აბები. -ღრიალებდა. ალბათ, არც კი ადარდებდა, რომ შეიძლებოდა გაეგოთ. და მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ექიმი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ადამიანი. ჩემს სამყაროში უნდოდ შემოსვლა და ყოველ ჯერზე არღვევდა ჩემს მიერ აშენებულ კედლებს. ამდენი ხნის განმავლობაში, მაშინ პირველად ავტირდი.

* * *
20 ოქტომბერი

მე არ მივეცი ექიმს უფლება ჩემთვის ემკურნალა, რადგან ჩვენ უკვე ვეხმარებოდით ერთმანეთს სიახლოვით. ის გვიანობამდე რჩება, მიყურებს, მიღიმის. მე ამ ღიმილში სევდას ვხედავ, მალე დამშვიდობების აუცილებლობას, პატივისცემას და ერთი წამით, სიყვარულსაც. მე ვუყურებ ნდობით, გაგებით, ალბათ სიყვარულით. ის იმით მავსებს, რაც მე არ მაქვს, ამიტომ ჩემს კედლებზე დაკიდებულ სარკეებში მხედავს. ჩემი ხელი რომ უჭირავს, ვეკითხები, მხედავ სარკეში-თქო? ის თავს მიქნევს. ამ დროს არასდროს ეცინება. ჩემს ექიმს სარკეები არ უყვარს, თუმცა ვაიძულებ მათში მე დამინახოს.
-როცა ვეღარ დამინახავ, გაგეცინება.
-თუ სარკეში ვეღარ დაგინახავ, ვეცდები სხვა გზა ვიპოვო
-მხედავ სარკეში?
-გხედავ.
სანამ მხედავს.
სანამ სარკეებსაც შეუძლიათ ჩემი სილუეტის არეკვლა,
იქამდე,
გთხოვთ,
აქ დარჩით.

* * *
გსმენიათ იმ ჩალურჯებებზე, რომლებიც შესაძლოა ადამიანს უცებ გაუჩნდეს? ორი აბი იწვევს ჰალუცინაციებს, თავბრუსხვევას, მეხსიერების დაქვეითებას, სიტუაციების არასწორ აღქმას, პიროვნების მისაკუთრებას - აყალიბებს გიჟად.
ორი აბი მიჩენს ჩალურჯებებს. კანი უჩვეულოდ გამითეთრდა და მოზრდილი სისხლჩაქცევები გამიჩნდა. ღიმილით დავყურებ მათ. ღმერთო ჩემო, ძალიან ახლოსაა თავისუფლება. ჩემი ექიმი მოჩვენებითი პოზიტივით მითვალიერებს სხეულს, ამოწმებს ჩალურჯებებს და თავს ირწმუნებს, რომ გამივლის. ჰო, ბოლო კამათის შემდეგ, დავთანხმდი, რომ სასარგებლო წამლებს თუ შემოაპარებდა, მათ მივიღებდი. ასეც მოვიქეცი, ის მე იმედს არ მიცრუებს, ამიტომ არც მე გავუცრუებ. ის აბები შემეძლო ადრეც მიმეღო, მაგრამ მომენტს ველოდებოდი.
ახლა ბეწვის ხიდს გავდივარ. შუაში ვდგავარ და ქარი მხოლოდ იქით მიმათრევს, სადაც გამოსავალი აღარ მოიპოვება. ეს რომ არ მცოდნოდა, იმ აბებს არ მივიღებდი. ახლა მათ მოქმედებას ისე ელოდება ჩემი ექიმი, როგორც მეზობელი გიჟი ელოდება ზაფხულს ყოველდღე.

* * *
საწოლზე ვწევარ. ბოლო იყო. დღეს საბოლოო ორი აბი მივიღე. პირველად ვნახე, ჩემი ექიმი ტიროდა. მევედრებოდა, ამოიღე, ვიტყვით, რომ უკურეაქციას გაძლევს და აღარ მოგცემენო, მაგრამ ჯიუტად გადავუშვი ყელში. ახლა ზის, სახეზე ხელები აქვს აფარებული და ეგუება, რომ მია გიჟდება.
იცით რა არის საოცარი? ახლა უკვე მაგრად უნდა ვაფრენდე, მე კი წერას ვახერხებ. მართალია, მიჭირს და ზოგიერთი სიტყვის გახსენებას ვერ ვახერხებ, თუმცა დავისაჯე. მეგონა თავისუფლებას დავიბრუნებდი, მე კი საკუთარი თავი ჩიხში მოვამწყვდიე. ჩემს ექიმს შეუძლია მთელი ცხოვრება მიყუროს, რადგან აქედან აღარ გავრბივარ.
-მხედავ სარკეში? -პასუხი არ არის.
ვერავინ ეგუება, რომ ვერ გამაგიჟეს.
სასჯელი : სიკვდილამდე ავადმყოფობა. ჩემი დრო რამდენიმე წელია.
ჩალურჯებული, გაფითრებული, შეშინებული, დაბნეული.
თითქმის ყველა ფობია. მარტოს აღარ მტოვებენ. ვგულისხმობ, სარკეები დამიმატეს. ახლა ყველგან ჩემს თავს ვხედავ, მაგრამ ამისიც მეშინია. ჩემი ექიმი ჩემთანაა. არ დამტოვებს, მაგრამ...

მხედავ სარკეში?
გეცინება.
ვეღარ მხედავ. რა თქმა უნდა, ვეღარ.

___
ეს ისტორია ჩემთვის ბევრს ნიშნავს და იმედი მაქვს, თითოეული თქვენგანი ჩაწვდება ყველაფერს, რაც ჩავდე.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი rebe123

საოცრება ხარ მარიამ! heart_eyes <3

 


№2 სტუმარი ტატალია

მადლობ, შენ მე გა მა გი ჟე.

 


№3  offline წევრი მონაცისფრო

ყოველგვარი ზედმეტების გარეშე, უბრალოდ ს ა ს წ ა უ ლ ი იყოო!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეს რა იყოო საოცრება ♡♡

 


№5  offline წევრი LizaStyles

ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ი!

 


№6  offline წევრი ფორთოხალი

ოპა!
უუუუოოოპააა!
ყველას ჩვენ-ჩვენი წილი სიგიჟე გვაქვს. ჰოდა, ეს შენი ულუფა სიგიჟეა, რომელსაც ბოლომდე ვერავინ ჩაწვდება. არც უნდა ჩაწვდეს არავინ.
წარმატებული გაფრენა იყო.
:)

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

არ ვიცი თითოეულს ცალ-ცალკე როგორ გავცე პასუხი ისე, რომ ჩემი ემოციის არც ერთი დეტალი არ გამომრჩეს. არ ვიცი, უბრალოდ... მადლობა! და მიყვარხართ! ვერ აღვწერ.

 


№8  offline წევრი სპენსერი

საშინლად მომეწონა თან ჩემი სახელიც რომ ვიპოვე მაგაზე სულ გავგიჟდი ^-^ კარგი იყო

 


№9  offline მოდერი chica sol

მარიამ! მარიამ! მარიამ!
ღმერთო, მარიაამ!
შენ...
გეფიცები, ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ, თქმა მინდა და ვერ ვამბობ, მინდა ჩავწვდე ბოლომდე, ღრმად და არ გამომდის, იმიტომ რომ ეს შენია, შენი სიგიჟეა, შენი სიღრმეა, შენი სიტყვებია...
მარიამ, ჩემო პატარავ, ჩემო თოჯინავ საოცრება ხარ და მიყვარხარ❤❤❤

 


№10  offline მოდერი წითური გოგონა

გული აღარ მაქვს
და მინდა მქონდეს
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დავყურებ გახსნილ ფანჯარას, მინდა დავწერო და ვერ ვწერ, მინდა ამ ემოციე ი სგადმოტანა ახლავე შევძლო, სანამ არ გამნელები.
ვიცოდი, ვიცოდი შენი ფაქიზი ბუნებისა და სულის ამბავი, მაგრამ ასე თუ იყო საქმე ვერ ვხვდებოდი. მგონია რომ მარტლაც იქ იყავი, მარტლაც იღებდი იმ აბებს, შენ კი არა ახლა იმ აბის გემოს მევ კი ვგრძნობ. სარკეშიც კი ჩავიხედე...
ღმერთო, მარიამ...
წერე რა... ბევრი წერე...

 


№12  offline წევრი Tushma19

რამაგარიიყოო<3

 


№13 სტუმარი სტუმარი Tini

მე უბრალოდ ვიტყვი რომ საოცრება ხარ❤ რადგან სიტყვები უაზრო რახარუხი იქნება ჩემი ემოციების გადმოსაცემად დაწერილი. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent