მადერა (3)
3 იმ გარდამავალ წუთს, როცა ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ნერვიულობა პიკს აღწევს. არ იცი, რა გამოვა საქმიდან, მაგრამ ეს არ არის ნერვიულობის მიზეზი. მარცხი გადარდებს. იმდენად გადარდებს, რომ ამ დარდში მარცხდები კიდეც. ღრმად სუნთქავ და ცდილობ გადალახო ეს გარდამავალი წუთი, მაგრამ არ გამოგდის. ნერვიულობ… ნერვიულობ… სად მიგიყვანს ეს ნაბიჯები, სიბნელეში რომ გადადგი? ნუთუ არ შეგეძლო ლამპის შუქზე გაგეკვლია გზა? მაგრამ ბრმად გაგრძელება გადაწყვიტე, რადგან იცოდი, როგორც მიუახლოვდებოდი, შეგეშინდებოდა და დამფრთხალი დაუბრუნდებოდი საწყისს. სჯობდა ბრმად წასულიყავი. ამიტომ ინერვიულე, სხვა მაინც აღარაფერი დაგრჩენია! 7 მანქანა გავაჩერე. სამს ოცი წუთი აკლდა. ნერვიულობისგან ავკანკალდი, ცივმა ოფლმა დამასხა. საჭეს თითები ძლიერად მოვუჭირე, კბილები და ქუთუთოები კი ერთმანეთს დავაჭირე ძლიერად. მინდოდა გამეხილა თვალები და იმ ფერად რეალობაში დავბრუნებულიყავი, თვეებისა და წლების წინ რომ ვიყავი. რა თქმა უნდა, მაშინაც მადარდებდა რაღაცები, მაგრამ მხოლოდ მანქანაში გავაცნობიერე, რომ ის დარდები ზღვაში წვეთი იყო; ანუ არაფერი. ეს კი ნამდვილი გასაჭირი, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რომელშიც ვიყავი. ვსუნთქავდი და მეგონა ფილტვები ჰაერით კი არა, ცეცხლით მევსებოდა. საშინელებას განვიცდიდი! ათი წუთი დავყე ნერვიულობაში. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვეღარ მივაღწევდი შეხვედრის ოთახამდე და ბიჭს, რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო, თვალს ვერასდროს გავუსწორებდი. ციხის პირველ კარში რომ შევედი, სხეულში დენმა დამიარა.. კიდევ რამდენი კარი უნდა გამევლო, რომ დავუფიქრდი, სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე ჩემი გამბედაობა. თუმცა გავსწორდი მხრებში, თავი მაღლა ავწიე და მხოლოდ იმის იმედით გავაგრძელე სვლა, რომ დღეს ყველაფერი დასრულდებოდა. მესამე კარი რომ გავიარე, მიმღებში აღმოვჩნდი. მუქი კედლები, მუქი ავეჯი და პერსონალის მტრული თვალები მარტივად გახდა მიზეზი იმის, რომ შიშის ზარს დაერეკა ჩემს სხეულში. – გამარჯობა, – მივედი ქალთან, რომელსაც ქერა თმა ჰქონდა, მუქი ფერის სამოსი ეცვა და შავი მაგიდის მიღმა იჯდა. – რით დაგეხმაროთ? – ფურცლებიდან ამომხედა. მის მზერაში ლმობიელების მკრთალი ნათელიც კი ვერ შევნიშნე. არადა, იმედი მქონდა. – შეხვედრაზე ვარ ჩაწერილი, ირაკლი ირემაძესთან. თვალები ისე გაუფართოვდა, თითქოს ჩემ თავს ზემოთ მფრინავი ძროხა დაენახა. – მგონი, რაღაც შეცდომაა, – თქვა დაბნეულმა ბოლოს და კომპიუტერში რაღაც აკრიფა. ეკრანს გაკვირვებული მიაშტერდა და ბოლოს ისევ დამიბრუნა მზერა. – პატიმარი ირაკლი ირემაძე მკაცრი რეჟიმის იზოლატორშია, მისთვის განკუთვნილი არც ერთი წუთი არ არის პაემნის. დავიბენი. ახლა რაღა უნდა მექნა? ქალის გვერდზე მჯდომმა მეორე მორიგე მიმღებმა კაცმა მოისმინა საქმის ვითარება და ჩვენკენ ჩამოიჩოჩა. რაღაც უჩურჩულა ქალს, რომელმაც მხრები აიჩეჩა. მერე ისევ თავის კომპიუტერს დაუბრუნდა მამაკაცი, მის გვერდზე დადებული ტელეფონის ყურმილი აიღო და, როგორც მივხვდი, უფროსს დაუკავშირდა. კავშირი რომ გათიშა, მე შემომხედა და ბოროტებით განებივრებული ღიმილით გამიღიმა: – როგორც ჩანს, ლამაზ ქალბატონს ძლიერი კავშირები აქვს! – თვალები მოჭუტა, სახიდან ქვემოთ ჩააცურა მზერა, მერე ისევ ზემოთ ამოაყოლა და უტიფრად მომაშტერდა თვალებში. – არც მიკვირს, – დაამატა. “ღმერთო, რა დაგიშავე?” – გულიც კი მიკანკალებდა შიშით და ყველაფერი, რაც გამომდიოდა იყო ღმერთის გვემა. – ბიჭო! – გასძახა კართან მდგარ დაცვას, – მიაცილე მეცამეტე საკნამდე! გადავრეკავ იქ გადმოიყვანონ პატიმარი. დაბნეულმა გადავდგი წინ ნაბიჯები. ახლა რომ ვუფიქრდები, მაინც ვერ ვხვდები, საიდან მოვიკრიბე ამდენი გამბედაობა და როგორ აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელზეც განსაკუთრებული სიმკაცრის სასჯელი მოქმედებდა. დანიშნულ საკანს რომ ვუახლოვდებოდით, გუმანით ვიგრძენი და იმდენად ავკანკალდი, ნაბიჯები ერთმანეთში ამერია და იმისთვის, რომ არ წავქცეულიყავი, დამჭირდა კედელს მივყრდნობოდი. – კარგად ხარ? – მხოლოდ მოვალეობის გამო მკითხა პოლიციელმა. – ორი წამით მადროვე, – პაუზებით წარმოვთქვი სიტყვები, რადგან სუნთქვა მიჭირდა და სიტყვებს შორის მაქსიმალურად ღრმად ვისრუტავდი ჰაერს. ჰაერს, რომელიც სავსე იყო სიბოროტით, ჭუჭყითა და ნესტით. მერე გავსწორდი. ალტერ ეგოს ჩავძახოდი ან ის ჩამძახოდა, რომ დრო იყო გამბედავი გავმხდარიყავი და ჩემი საქმე დამესრულებინა. გამართულმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც დაუსრულებლად მომეჩვენა. რამდენიმე წამი, რომელიც საკნამდე მისასვლელად გავფლანგე, საუკუნოდ გაიწელა და უცბად მომეჩვენა, რომ შავმა ხვრელმა ჩამყლაპა. აღმოვჩნდი იქ, სადაც ყველაფრის შეგრძნება შავ ნისლში ეხვევა; სადაც მნიშვნელობა არ აქვს, რას გრძნობ. და მერე ყველაფერი ერთდროულად მომაწვა. შიში, სიხარული, უსაფრთხოების მკვირცხლი შეგრძნება. მის თვალებს კვლავ რომ ჩავხედე და მათში უწინდებური შიში ვერ ამოვიკითხე, მეც გულზე მომეშვა. გამიღიმა. შენიშნა, როგორ ვკანკალებდი და ამ რეაქციას მაქსიმალური სითბოთი უპასუხა. სხეულში მოჩუხჩუხე გაყინული სითხე წამის მეასედში ადუღდუღდა. გონებაში გამჯდარი კითხვები ერთმანეთში აიზილა. საკნის ორ რკინას თითები მოვუჭირე და მათ შორის სივრციდან გავხედე “დამნაშავეს”, რომელიც ვიცოდი, რომ დამნაშავე არ იყო. ამას მის თვალებში ვხედავდი. მის ნაზ გამოხედვებსა და ღიმილებში, ყველა მოძრაობაში, რომლითაც ცდილობდა დავეცავი. და იმ ტკივილში, რომლისგანაც სახე ეკრუნჩხებოდა, რადგან იცოდა, უძლური იყო და ვერ დამიცავდა. მერე რომ დავჯექი და გავიაზრე რამხელა რისკზე წავედი, ვერ დავიჯერე… ვერაფრით ვიწამე, რომ ეს მე გავაკეთე, რადგან ადამიანი, რომელიც ორი თვის წინ ვიყავი, ამ სისულელეს არასდროს ჩაიდენდა. და ისიც ვიცოდი, რომ, რამდენადაც სულელური იყო ჩემი ნაბიჯი, იმდენად იყო სავსე გამოსავლით. ვიცოდი, რომ ეს ჩემი ერთადერთი დერეფანი იყო სინათლისკენ. – ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, – თითქმის ჩურჩულით მითხრა, მაგრამ მისი ხმა მატარებელივით აგუგუნდა ჩემ ყურებში. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, რადგან იმდენად ახლოს იყო, მის გულისცემასაც კი ვისმენდი. ამით მიმტკიცებდა თითქოს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. – გელოდებოდი… – თვალი ვერ გავუსწორე, ისე ვუთხარი. – აზრი არ ჰქონდა. კარგია, რომ მომძებნე, – თქვა და საწყის ფრაზას დაუბრუნდა: – ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. მისმა მსგავსმა თავდაჭერამ, მისმა მსგავსმა თავდაფასებამ უკმაყოფილობის გრძნობით განმსჭვალა. – და რომ წავიდე? – თვალები ჩემდაუკითხავად გაუსწორდნენ მის შავ თვალებს, რომლებშიც ქარიშხლები ქროდნენ, ოკეანეები ბობოქრობდნენ, მთები ირხეოდნენ… – აქ ყოფნას ვერავინ გაიძულებს, – განაგრძობდა ჩემს განცვიფრებას თავისი დამოკიდებულებით. როგორ შეეძლო ასე უდარდელად ესაუბრა? არადა, თითქოს მისი თვალები სულ სხვა კარს აღებდნენ. ნუთუ შევცდი? – და იქნებ უნდა მაიძულო? – საუბრობდა პირი უნებართვოთ. – ასეა, უნდა გაიძულო, მაგრამ თავისუფალი ადამიანი ხარ, რასაც გადაწყვეტ – გადაწყვეტ, იქ დამთავრდება ყველაფერი. – და თუ დავრჩები? – მაშინ გავაგრძელებთ. გამაკანკალა. რას გავაგრძელებთ? – ამბის მოთხრობას, – თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხაო, ისე მიპასუხა კითხვაზე, რომელმაც წამით ტვინი შოკში ჩააგდო. – მოდი, მითხარი… – ის იყო წამოვიწყე, რომ სიტყვაში ჩამერთო. – ფურცელი და კალამი გაქვს? და ის იყო, უნდა მეკითხა, რად გინდა–მეთქი, რომ ამაზეც მიპასუხა: – ჩემი ახალი ზღაპრის დაწერა მინდა. “ეს ბიჭი გიჟია, მგონი. რა ზღაპარი? მეზღაპრება ახლა მე?” – დაბნეული და გაავებული ვფიქრობდი ჩემთვის და ჩანთას ორივე მხარზე გააფთრებული ვეძებდი. – შესაძლოა, მიმღებში დაგატოვებინეს, – მითხრა ბოლოს. მერე გამახსენდა, რომ მართალს ამბობდა. – უკაცრავად, კალამს და ფურცელს ხომ ვერ გვათხოვებდით? – მივუბრუნდი ჩვენს გვერდზე, ორი მეტრის რადიუსში მდგარ პოლიციელს. ჯერ იყო და განცვიფრებულმა წარბები ზემოთ ასწია, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და მითხრა: – რა თქმა უნდა, ქალბატონო. ახლავე! – გამიღიმა და იმ მხარეს წავიდა, საიდანაც მოვედით. ჩვენ შორის მანძილი გაიზარდა თუ არა, ბიჭმა დაიწყო სწრაფად ლაპარაკი, თითქოს პირში ცხელი კართოფილი ჰქონოდაო. – მისმინე! ეგ ფუთა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა! იცოდე, მოუფრთხილდი, არავისთან ისაუბრო მაგაზე. დაიმახსოვრე სახელი და გვარი, რასაც ახლა გეტყვი და მოძებნე, უკანასკნელი რესურსები გამოიყენე: დათო ბახტაძე. მერე ჩვენს სიახლოვეს ფეხის ხმა გაისმა, თითქოს ირაკლის გონებაში წამზომი ჩაირთო მისი წასვლიდანო, თითქოს ყოველი წამი და სიტყვა წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა. – გახსოვს ჩვენი ხეივანი? ყოველ დღე რომ ვტკბებოდით ერთმანეთით… ამ ხეივანზე დავწერე პატარა ჩანახატი. აქ კი შეცდა, მწარედ შეცდა, რადგან ჯერ თქვა ზღაპარიო, ახლა კი ჩანახატიო… ბოლოს მივხვდი, რომ ბედნიერ ფეხზე ავდექი დილას, რადგან სულელი ზედამხედველი პოლიციელი შემხვდა. – მახსოვს და მენატრება ის დრო… – დანანებით გადავიქნიე თავი და მეც არ ვიცი, რამ დამაყენა მელანქოლიურ განწყობაზე, იქვე ვიტირე. ჩვენი სპექტაკლის კულმინაცია იყო. ფურცელზე რაღაც მიმიჯღაპნა, ორმოცდაათი სიტყვა, თავი–ბოლო. გამომიცურა და კიდეც ჩამავლეს მაჯაში ხელი. პაემნის დრო ამოწურულიყო. და, როცა მეგონა ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გადავლახე, სანამ ამ საშინელ ადგილს მოვშორდებოდი, მიმღებში იმ საძაგელმა კაცმა გამაჩერა და სასწრაფოდ მომთხოვა ფურცლის ჩვენება. ავკანკალდი, რადგან ჯერ არ ვიცოდი, რა ეწერა ფურცელზე.. მადლობა, რომ ხართ! მადლობა, რომ არ იშურებთ ამ თბილ სიტყვებს, რომელიც ჩემთვის ყველაფერზე უფრო დიდი სტიმულია! მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.