შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (დასასრული)


23-09-2016, 00:00
ავტორი Kristy
ნანახია 2 793

აკაკის ასეთმა ქცევამ გაჭრა და ლუკა მართლა სახლში წავიდა, სახლის კარები უხალისოდ შეაღო, იცოდა, იქ არავინ ელოდა, შესასვლელში მდგარ ტახტზე მიეგდო და ცოტა ხანი გაუნძრევლად იწვა, მერე მისი და ლიზის ოთახში ავიდა, კედელს მიეყრდნო და იქვე ჩაიკეცა. ოთახი ისევ მიულაგებელი იყო: საწოლი არეული დარჩა, ნივთები მიყრილ-მოყრილი, თითქოს ლიზის შემოსვლას ელიან, რომ მილაგდნენო... მერე თითქოს მართლა შემოვიდა გოგონა, მეუღლეს უწესრიგობის გამო უსაყვედურა და ოთახის მილაგება დაიწყო. ბიჭს უნდოდა შეეჩერებინა, ეთქვა თუ მიალაგებ ამ ოთახიდან სამუდამოდ წაიშლებიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საკუთარი წარმოსახვა ეთამაშებოდა და დაღონებულმა გახედა ნაცნობ ხედს უკვე თითქმის უცნობი ფანჯრიდან.
ფანჯრის წინ იატაკზე იჯდა საწოლს მიყრდნობილი და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა - იმაზე, რაც მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. დროის შეგრძნება სრულიად დაკარგა, ვერც მის წინ ქუჩაში მოსეირნე ხალხს ამჩნევდა და ვერც რამეს გრძნობდა, თითქოს ოთახის ნაწილად იქცა, ერთ-ერთ ნივთად, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ცარიელი ადგილი შეავსოს, სრულიად უფუნქციო, უაზრო ნივთად. როცა აკაკი მოვიდა, ბიჭი ისევ იქ იჯდა და უაზროდ გასცქეროდა რაღაცას, სადღაც შორს.
- ლუკა, - ბიჭი ფიქრებიდან გამოერკვა. - როგორ ხარ?
- როგორც ცოტა ხნის წინ ვიყავი აკაკი.
- მე საიდან ვიცი, როგორ იყავი ცოტა ხნის წინ?
- ხომ ვილაპარაკეთ ამაზე აკაკი, რაღა გინდა?
- გუშინ? მაგას ეძახი ცოტა ხანს?
- რა გუშინ?
- ბოლოს გუშინ გნახე ლუკა... შენ რა, მას შემდეგ აქ ზიხარ?
- ალბათ - დაიბნა ბიჭი - და რა იყო რო?
- ის, რომ 27 საათზე მეტია ასე ზიხარ... მე შენ გადამიყოლებ!
- კარგი, შემეშვი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი გავიდა? დრო თავზესაყრელად მაქვს.
- არა, არ გაქვს!
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ჩვენთან ბრუნდები, მუშაობას გააგრძელებ.
- არა!
- ყოველთვის ნუ მეკამათები ბიჭო! ახლა ისეთი სამუშაო გჭირდება, რომ რაღაც კმაყოფილება მოგიტანოს. გულსაც გადააყოლებ და ძველ კალაპოტს დაუბრუნდები.
- ახლა მუშაობა არ შემიძლია აკაკი. შემომხედე! მართლა გგონია, რომ რამის გამკეთებელი ვარ?
- კარგი, ამჯერად მართალი ხარ. - თქვა კაცმა. - ამიტომ ერთ კვირას გაძლევ, რომ მოწესრიგდე და ის ბიჭი დააბრუნო, ვისაც აქამდე ვიცნობდი.
- არა, აკაკი.
- არ განიხილება! როცა მოვალ, მზად დამხვდი. - მკაცრად თქვა კაცმა და ოთახიდან გავიდა.
ლუკა იმაზე დაფიქრდა, რა უნდა ეკეთებინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მისი ცხოვრება ან რა მიზანი უნდა ჰქონოდა, მას ხომ ლიზის გარდა არასდროს არაფერზე უფიქრია. მერე წამოდგა, ოთახში მიმოიხედა და მისი მილაგება დაიწყო, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ქვემოთ ჩავიდა. ლიზის გარეშე ყველა ოთახი ცარიელი და ცივი ეჩვენებოდა: ნივთებს, რომლებიც ადრე უყვარდა, მნიშვნელობა დაჰკარგვოდათ, ყველაფერი უფერული და უინტერესო იყო. სამზარეულოში გავიდა და ჩაის დაყენებას აპირებდა, როცა კარზე დარეკეს.
- გამარჯობა! - კარებში საბა იდგა და იღიმებოდა.
- შემოდი საბა, - შემოიპატიჟა ლუკამ. - ჩაის დალევას ვაპირებდი, გინდა?
- კი, დავლევ მეც. გარეთ ძალიან ცივა.
- ანა და ბავშვი როგორ არიან?
- ძალიან კარგად. ანა დედის როლს ისე მოერგო, მგონი აღარც ახსოვს გუშინ თვითონაც ბავშვი რომ იყო. - გაიცინა ბიჭმა. - აი, მე კი ისევ ვეჩვევი.
- ჯობია მალე მიეჩვიო მამიკო.
- ჰო, ვცდილობ. შენ როგორ ხარ?
- არც კი ვიცი. ვერ ვეგუები ამ სახლს მის გარეშე, ვერც ასეთ ცხოვრებას ვეგუები. - ბიჭმა იგრძნო, რომ ამაზე თავისუფლად საუბარი არ შეეძლო და თემა სწრაფად შეცვალა. - აკაკი იყო რამდენიმე საათის წინ, სამსახურში დაბრუნება შემომთავაზა.
- ძალიან კარგი. არც უნდა წამოსულიყავი. დღემდე არ მესმის ეს რატომ გააკეთე, რამ გაგაგიჟა?!
- ჰო, გამაგიჟა... ნამდვილად გამაგიჟა... - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- იმედია ისევ მის სახლთან ჯდომას არ აპირებ.
- არა, არ ვაპირებ.
- ანუ მორჩა?
- ჰო საბა, ყველაფერი დამთავრდა. ჩემთან საუბარიც კი არ უნდა, ვერაფერს გავაწყობ... ამიტომ დროა გავჩერდე.
- არ გინდა გვესტუმრო? - მტკივნეული თემა აღარ განაგრძო საბამ. - ანას გაუხარდება და შენც ცოტა გულს გადააყოლებ.
- კარგი, ერთ დღესაც გესტუმრებით.
საბა წავიდა და ბიჭი ისევ მარტო დარჩა უზარმაზარ, სიცოცხლისგან დაცლილ სახლში. რამდენიმე წუთში კურიერი მოვიდა და უკვე მეორედ განქორწინების საბუთები მოუტანა, ამჯერად მუქარით, რომ უარის შემთხვევაში მათი განქორწინების საქმეს სასამართლო მოაგვარებდა. ბიჭი თვალცრემლიანი დასცქეროდა ქაღალდებს, რომლებსაც ძალა შესწევდათ საბოლოოდ დაესრულებინათ მისი კავშირი საყვარელ ქალთან, რომლებზეც უკანასკნელად აღმოჩნდებოდა გვერდიგვერდ მათი სახელები. ბიჭს სახლში სული ეხუთებოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ამ კედლებში, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ აქ ცხოვრებას ვერ შეძლებდა. გადაწყვიტა გადასულიყო, თავისი ნივთები მოაგროვა და ოდესღაც საყვარელი სახლის კარები სამუდამოდ გამოიკეტა.
ძველ ბინაში დაბრუნებული ლუკა ხვდებოდა, რომ ცხოვრებას ისევ თავიდან იწყებდა. იმისთვის, რომ ძველი ფორმა დაებრუნებინა და მტკივნეულ თემებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო დარჩენოდა, ბიჭი მაშინვე მუშაობას შეუდგა: თითქოს თავიდან გაეცნო საქმეს, რომელშიც ერთ დროს ბადალი არ ჰყავდა, ვარჯისიც დაიწყო ძველი ფორმის დასაბრუნებლად და მთლიანად გადაეშვა ამ საქმიანობაში. აკაკიმაც დანაპირები შეასრულა და ერთი კვირის თავზე, ლუკას მიაკითხა.
- ვხედავ, მზად ხარ. - თქვა მან, როცა ძველი ლუკა დაინახა.
- ჰო, - დაეთანხმა ბიჭი. - ანუ აღდგენილი ვარ?
- რა თქმა უნდა! მიხარია, რომ კარგად ხარ. - აკაკიმ ბიჭი აათვალიერ-ჩაათვალიერა და დაამატა: - კარგად გამოიყურები.
- ჰო, გარეგნულად.
- შენი თვითკონტროლის უნარი ყოველთვის მაოცებდა. ძალიან კარგია.
- საოცარი!
- დამიჯერე ლუკა, ყველაფერი კარგად იქნება!
- ჰო.
- ლაყბობა არასდროს გიყვარდა, მაგრამ რაღაც მეტისმეტად სიტყვაძუნწი გამხდარხარ. არ გინდა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ისიამოვნე მისით.
- მაგას ნუ მომთხოვ აკაკი.
- კარგი, ჯერ მუშაობა დაიწყე. - აკაკიმ მაგიდაზე გახსნილი კონვერტი შენიშნა. - ეს რა არის?
- განქორწინების საბუთები. დღეს ბოლო დღე მაქვს, რომ ხელი მოვაწერო.
- ეგ კიდევ არ გაგიკეთებია? რას ელოდები?
- არაფერს! - თქვა ბიჭმა, კალამი აიღო და სწრაფად მოაწერა ხელი, მერე კონვერტში ჩააბრუნა და დაამატა: - ახლავე გავგზავნი!
წლები წლებს მისდევდნენ, თითქოს სადღაც ეჩქარებათ ან სულაც რაღაცას გაურბიანო. ლიზიც ნელ-ნელა ეჩვეოდა განქორწინებული ქალის როლს, ლუკასაც სულ უფრო იშვიათად იხსენებდა და თითქოს დაივიწყა კიდეც, რამდენადაც შესაძლებელი იყო. დრო მკურნალიაო, თანდათან ტკივილიც გაყუჩდა, წარსულის მოგონებები უსარგებლო ნივთივით თაროზე შემოდო და ცხოვრების სურვილიც დაიბრუნა, მაგრამ ძველებური ხალისი და სილაღე აღარ დაბრუნებია; ძველ გრძნობებს ახალგაზრდობის გულუბრყვილო ილუზია დაარქვა და რეალობაში დაბრუნების ნიშნად, მათი მონატრება შეწყვიტა.
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა ლიზი სამზარეულოში ტრიალებდა, მამა შემოვიდა, სახე წამხდარი ჰქონდა, სთხოვა გამომყევიო და უკან გაბრუნდა. გოგონა შეშინდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა, სასწრაფოდ მიატოვა ყველაფერი და მამას გაეკიდა. მისაღებ ოთახში გავიდნენ, კაცმა ტელევიზორზე ანიშნა, შეხედეო და ხმას აუწია. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი საქმიანი ტონით აცხადებდა:
- დღეს, 20 საათსა და 35 წუთზე, საქართველოს კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომელი ლუკა ოქრიაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. პოლიციის თქმით, ახალგაზრდა სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. მსროლელის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.
ლიზი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. თავში ყველაფერი ერთბაშად წამოუტივტივდა: პირველი შეხვედრა, პირველი საუბარი, პირველი „მიყვარხარ“, თითოეული ბედნიერი მომენტი გაახსენდა, მასთან გატარებული თითოეული ლამაზი დღე, მისი სიტყვები, ღიმილი და მზერა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭი, რომელსაც ასე უყვარდა, ცოცხალი აღარ იყო. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ არაფერი დავიწყებია და არც არაფერი შეცვლილა, რომ ეს გრძნობა დროის არდათმობის გამო, უბრალოდ შეინიღბა და იმ მომენტს ელოდა, როცა ერთბაშად ამოხეთქავდა. ლიზიმ მამას შეხედა:
- ტყუილია! შეუძლებელია!
- სიმართლეა საყვარელო, ის აღარ არის!
გოგონამ ხელები უძლურად გაასავსავა და ტელევიზორის წინ დივანზე მიესვენა. უსმენდა, როგორ ყვებოდა საქმის ცნობილ დეტალებს მწვანე პიჯაკში გამოწყობილი ქალბატონი და ჟურნალისტი სძულდა, რადგან ეს ამბავი მისგან ესმოდა.
- ამ წუთებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრი ბრიფინგს მართავს, - აგრძელებდა ჟურნალისტი. - ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
- მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, - ტრიბუნა დაიკავა პრემიერ მინისტრმა. - დღეს ჩვენთვის მძიმე დღეა. გარდაიცვალა 29 წლის სიცოცხლით სავსე, წარმატებული ახალგაზრდა. ბიჭი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას კიბერ-დამნაშავეებისგან. დღეს ის საკუთარ სახლში მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც უანგაროდ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას ძლიერი კიბერუსაფრთხოების ჩამოყალიბებაში და რომ არა ეს საზარელი ფაქტი, მისი საქმიანობის შესახებ დღესაც არავის ეცოდინებოდა. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუკა იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კადრი ამ სფეროში, უნიჭიერესი და შრომისმოყვარე ბიჭი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მისი სიკვდილი ვერ ჩამოშლის სისტემას, რომელიც მან დაგვიტოვა. ჩვენი კიბერუსაფრთოება ისეთივე შეუვალია, როგორიც მის სიცოცხლეში იყო და დღეს მას ლუკას მიერ რეკომენდირებული პროფესიონალები იცავენ. მე პირობას ვდებ ჩემი ქვეყნის და მისი ხსოვნის წინაშე, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს, აუცილებლად დაისჯებიან. მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისმა სიცოცხლემ თუ სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს. ლუკა ოქრიაშვილი, არის ჩვენი თანამედროვე გმირი, რომელმაც თავი გასწირა თითოეული ჩვენგანის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. გავა წლები, შეიცვლებიან მთავრობები და თაობები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მას არასოდეს დაივიწყებს!
- უნდა ვნახო, - წამოიძახა ლიზიმ. - მამა, მისი ცხედარი უნდა ვნახო!
- ახლა ეს შეუძლებელია საყვარელო!
- შენ ხომ იცნობ ხალხს? გთხოვ მამა, დამეხმარე, აუცილებლად უნდა ვნახო! უნდა ვუთხრა ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, უნდა დავემშვიდობო... მე ეს მჭირდება!
- კარგი, რამდენიმე ადგილას დავრეკავ.
რამდენიმე საათში ლიზი უკვე მორგში იყო და ბიჭის უსიცოცხლო სხეულს დაჰყურებდა: ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი მარჯვენა თვალთან, ჭრილობა საშინლად გამოიყურებოდა და ის ფაქტი, რომ ის იყო სიკვდილის მიზეზი, მას უფრო საზარელს ხდიდა. ბიჭის ძლიერი სხეული უსულოდ ესვენა სპილენძის მაგიდაზე, ტუჩები დალურჯებოდა, სხეული კი ისე გაუფერულებულიყო, თითქოს სისხლის თითოეული წვეთისგან სათითაოდ დაცალესო. გოგონა გაყინულ მკერდს დაემხო და ატირდა, მხოლოდ ახლა დაიჯერა ბოლომდე, რომ ის აღარ იყო, აღარასდროს გაუღიმებდა, აღარ დაუძახებდა „ჩემო ქალბატონო“ს.
- მაპატიე ძვირფასო, მაპატიე! - წარმოთქვა მან და გონება დაკარგა.
დაკრძალვა ხალხმრავალი არ იყო, დრო და ადგილი არ გაუხმაურებიათ, ამიტომ ცერემონიას მხოლოდ თანამშრომლები და ახლო ნათესავები ესწრებოდნენ. ლიზის იქ მისვლა არ უნდოდა, არ უნდოდა ენახა, როგორ დააყრიდნენ მიწას მის საყვარელ ადამიანს, მაგრამ ვერ მოითმინდა და მაინც წავიდა, თან მერი გაჰყვა. დაკრძალვაზე ყველა ტიროდა, ყველას ეტყობოდა, რომ ლუკა ძალიან უყვარდათ, მხოლოდ ლიზი იდგა უცრემლოდ, ისიც იმიტომ, რომ ვეღარ ტიროდა. ცერემონია დასრულდა, ხალხმა თანდათან დაშლა დაიწყო. ლიზი საფლავზე დარჩა, უნდოდა კიდევ ცოტა ხანს ყოფილიყო მასთან ან უბრალოდ სიარული არ შეეძლო. უცებ, მას მამაკაცი მიუახლოვდა.
- გამოდის, გმირი ყოფილა! - გოგონას ხმა ეცნო, შეხედა და ლუკას მამა დაინახა; როგორც ყოველთვის, უნაკლოდ გამოიყურებოდა.
- იყო! - თქვა გოგონამ და თავი მიაბრუნდა.
- მე კი მივატოვე, არა?! - ლიზიმ არაფერი უპასუხა. - ჩემზე ბრაზობ?
- მე რა უფლება მაქვს გავბრაზდე, როცა ლუკაც კი არ ბრაზობდა თქვენზე?! თუმცა ახლა, როცა აქ გხედავთ, ისე გამოწკეპილს, თითქოს სადღესასწაულოდ მოემზადეთ და არც თქვენი საყვარელი წითელი ჰალსტუხი დაგვიწყებიათ, ვნატრობ, საკმარისი ძალა მქონდეს შერჩენილი ამ ხელებში, რომ სათითაოდ ამოგკაწროთ ის თვალები, რომლებიც ასეთ მშვიდობას ასხივებენ, ბატონო რევაზ! - კაცი შეცბა, ეტყობოდა ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. გოგონამ წასვლა დააპირა, მერე შედგა და დაამატა: - და ნუ ღელავთ, ამაში მარტო არ ხართ... ის ჩვენ ორივემ მივატოვეთ!
სახლში დაბრუნებულ გოგონას იქ აკაკი დახვდა, ლიზის მამას ესაუბრებოდა, აშკარა იყო, რომ სასიამოვნო საუბარი არ ჰქონდათ. გოგონა მათ სწრაფად მიუახლოვდა და აკაკის მიესალმა:
- დაკრძალვაზე არ ყოფილხარ. - თქვა მან.
- ვერ მივიდოდი. - თქვა კაცმა და გოგონას რაღაც ქაღალდები გაუწოდა. - ამიტომ გადავწყვიტე ეს საქმე მომეგვარებინა.
- ეს რა არის?
- საკუთრების საბუთები. ყველაფერი, რაც ლუკას გააჩნდა, დღეიდან შენია. მხოლოდ შენი ხელმოწერაა საჭირო.
- ამას ვერ ავიღებ აკაკი.
- ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთე ის, რაც მას უნდოდა ლიზი. - თქვა კაცმა და ოთახიდან გავიდა.
- მე დამიტოვა? რატომ? - იკითხა გოგონამ. - მე ხომ მივატოვე.
- ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ ჰყავდი. - მოეხვია შვილს თამაზი.
- მაგრამ ის... - კაცმა გოგონა გააჩუმა, ოთახიდან გავიდა და კონვერტი შემოიტანა, „ჩემს ქალბატონს“ ეწერა კონვერტზე. გოგონა გაშეშდა.
- მამა, ეს რა არის?
- წერილი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გენახა ჩემო გოგონა.
- რა?
- იმ დღეს, როცა განქორწინების საბუთები მოვიდა, კონვერტში ეს წერილიც იდო. ამაზე არაფერი ვთქვი, არ მინდოდა ყველაფერი გამერთულებინა.
- წაიკითხე?
- კი და გადავწყვიტე, რომ არ უნდა გენახა. მეგონა, ამით გიცავდი.
გოგონა ბრაზისგან ცახცახებდა, თუმცა ჩხუბის ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი ან რაღა აზრი ჰქონდა ჩხუბს ახლა, როცა უკვე ყველაფერი დასრულდა. გოგონა თავის ოთახში გავიდა, იქვე იატაკზე ჩაიკეცა და წერილი გახსნა:
„ჩემო ქალბატონო,
მინდა ამ ყველაფრის თქმა პირადად შემეძლოს, მაგრამ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ და ისღა დამრჩენია, დავწერო ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილი, რომელსაც იმედს ვიტოვებ, წაიკითხავ.
ახლა დილაა - პირველი დილა, როცა უშენობა ვაღიარე! ჩვენს ოთახში ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ჯერ არდალაგებულ ლოგინს გავცქერი (მასში ჯერ კიდევ ჩანს შენი სილუეტი), ოთახში ჯერ კიდევ იგრძნობა შენი სუნამოს სურნელი და თითქოს აქ ხარ, ბედნიერი ჩემს გვერდით ზიხარ და კისკისებ იმ საოცარი, ღვთიური ხმით, ასე რომ მიყვარს... კედლებმა კი მოიწყინეს უშენობით! ხვდებიან, რომ უკან არასოდეს დაბრუნდები, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება... ალბათ, ჩვენს შორის აღმართულმა კედელმა ამცნო თანამოძმეებს ამის შესახებ.
მე შენ დაგკარგე, ჩემო ქალბატონო! დაგკარგე და უკვე ვიცი, რომ უკან ვეღარ დაგიბრუნებ... თანდათან ვეგუები, რომ ვეღარ ვნახავ იმ უმანკო ღიმილს შენს სახეზე, სიცოცხლით სავსე, მხიარულ თვალებს, რომლებიც სიყვარულით მიმზერენ და ამ დროს ვნატრობ, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს... მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ ეს არაფერს შეცვლიდა: ისევე შეგიყვარებდი, როგორც შეგიყვარე, დაგიცავდი, გაგიფრთხილდებოდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ არასდროს გტკენოდა (დამიჯერე, ეს ისაა, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობდი, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად გამომდიოდა)... მაგრამ მაინც არის რაღაც, რასაც ალბათ შევცვლიდი - შენს ცხოვრებაში არასოდეს გამოვჩნდებოდი, ტკივილს არ მოგიტანდი... ჰო, ეს ნამდვილად შეიცვლებოდა!
მაპატიე, ჩემო ქალბატონო! მაპატიე, რომ შემიყვარდი... მაპატიე, რომ ჩემთვის სამყარო იყავი და რომ უშენოდ ცხოვრება ვერ შევძელი! ახლა კი ვფიქრობ ყველაფერზე, რაც ჩენს ცხოვრებაში მოხდა და ვიცი, რომ ერთადერთი გამოსავალი მრჩება... ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ დროა დანებდე! მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იქნები ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, რომელსაც ვერასდროს დავთმობდი, თუნდაც დასასრული წინასწარ მცოდნოდა; ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს უაზრო ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა, ხალისი დამიბრუნა და ვის გამოც, ისევ დავიწყე სუნთქვა... ის ორი ლამაზი წელი, ერთად რომ გავატარეთ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო; შენ ალბათ მათ დავიწყებას ცდილობ ან იქნებ უკვე დაივიწყე კიდეც, მე კი ისღა დამრჩენია მათთვის მადლობა გითხრა და ბედნიერება გისურვო... უჩემოდ! მერწმუნე, თუ მეცოდინება, რომ იქ სადღაც, ვიღაცასთან ბედნიერი ხარ, ჩემთვის ესეც საკმარისია და თუ ოდესმე რამე დაგჭირდა, იცოდე, რომ გყავს ვიღაც, ვინც პირველივე დაძახებაზე შენთან გაჩნდება. სანამ პირში სული მიდგას, ეს პირობა არ შეიცვლება...
და მადლობა, ჩემო ქალბატონო!
მადლობა, რომ მყავდი... მადლობა, რომ მიყვარდი...“
წერილი ხელში ეჭირა და უაზრო სახით დასცქეროდა ნაცნობ ხელნაწერს, სიმწრისგან ცახცახებდა, კიდურები აღარ ემორჩილებოდნენ, უნდოდა ხმამაღლა ეყვირა, მაგრამ ბაგიდან მხოლოდ საცოდავი ეული ბგერა აღმოხდა. ოთახში პატარა ბიჭუნამ შემოირბინა, იატაკზე მჯდარ დედას სახეში მიაჩერდა და რაღაც ჰკითხა. ლიზიმ ბავშვს შეხედა, დღეს პირველად მისმა თვალებმა ლუკა გაახსენეს, მამის თვალები ჰქონიაო, გაიფიქრა და შვილს მოეხვია.
- დედი გესმის?
- არა საყვარელო, - სუსტი ხმით გაეპასუხა შვილს. - რა მკითხე?
- ტელევიზორში ძია ლუკას აჩვენებენ. - ლიზიმ ტელევიზორს გახედა, მთელს ეკრანზე ლუკას სურათი იყო გადაშლილი.
- ძია ლუკა? - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. - იცნობდი?
ქალაქი, როგორც ყოველთვის, საქმიანად გუგუნებდა, ხალხიც ძველებურად ფუსფუსებდა გაცვეთილ ქუჩებში, მზე ისევ ისე უჩუმრად იკარგებოდა შენობებს მიღმა და ქალაქიც ზუსტად იგივე იყო... თუმცა უფრო ცარიელი, ვიდრე ოდესმე - მის ქუჩებში აღარასდროს გაივლიდა ბიჭი, სახელად ლუკა!

ავტორისაგან:
ძვირფასო მკითხველო,
მადლობა, რომ ჩემი ისტორიით დაინტერესდი, რომ თავიდან თავამდე ინტერესითა და დიდი მოთმინებით ელოდი მის გაგრძელებას (ეს შუალედები ხშირად საკმაოდ დიდი იყო, როსთვისაც ბოდიშს კიდევ ერთხელ მოგიხდი)... მადლობა შენ, რომელიც მგულშემატკივრობდი, წერდი კომენტარებს და მაგრძნობინებდი, რომ ამ ისტორიის კითხვა შენთვის რაღაცას ნიშნავდა, მადლობა შენც ბოლოსკენ რომ შემომიერთდი... შენთან კი, ვინც დაიწყე, მაგრამ გზადაგზა მოგბეზრდა და შემომეცალე, ალბათ ბოდიში მაქვს მოსახდელი, რომ მოლოდინი ვერ გაგიმართლე...
ვხვდები, რომ ისტორია არ იყო იდეალური, ამიტომ რასაც ვისურვებდი არის ის, რომ შენგან უფრო მეტი კრიტიკა მომესმინა - ეს საშუალებას მომცემდა ხარვეზები აღმომეჩინა, რაღაც უკეთესობისკენ შემეცვალა და ნაწერი უფრო საინტერესო გამეხადა... იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პირველი ისტორიაა, მსურდა ის ერთად დაგვეხვეწა და გაგვეუმჯობესებინა, რომ ორივე მხარისთვის უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამხადრიყო პროცესი... გპირდები, რომ შემდეგი ისტორია (როცა იქნება) გაცილებით უკეთესი იქნება!
მიყვარხარ და მაძლიერებ...



№1 სტუმარი Magda

საოცრად კარგი დასასრული ჰქონდა. არ მომეწონა ლუკა რომ მოკალი, მაგრამ ორიგინალურად დასრულდა, ბოლოში ბავშვის გამოჩენა და ეპითეტი "ძია ლუკა" ხო საერთოდ შოკი იყო. საოცარი ბიჭია ლუკა თუ იყო, როგორც არი. შენი ერთგული მკითხველი ვიყავი სულ და გეტყვი რო საერთოდ არ გჭირდება კრიტიკა, ძალიან კარგად წერ და სიამოვნებით წავიკითხავ შენს შემდეგ ისტორიასაც

 


№2 სტუმარი Ketis

Gavchecho minda es gogo.!!!!! Vaime tkbili biji guli damckda dzaan. Istoria shesanishnavia

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Chemo kargo ar vici shen ra ar mogwonda shensken istoriashi,magram more ki vici ROM dzalian kargi da saintereso iyo,nu chemtvis yovel shemtxvevashi.dzalian damwyda guli Luna ROM mokvda,magram gamixarda shvilis shesaxeb ROM icoda.male Dade axali istoriaaa
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი მიკა

Ra qeniii luka rogor mokaliiii...velodi daaxloebit aset pinals, arc shvili gamkvirvebia,mqonda am yvelapris molodini magram tan mqonda imedi,ar moklavdiii..ro vkitxulobdi mashinac, exla sheicvleba situacia,lukas nacvlad sxva iqneba mkvdaritqooo..... puu lizi mezizghebaaa

 


№5 სტუმარი მიკა

Ra qeniii luka rogor mokaliiii...velodi daaxloebit aset pinals, arc shvili gamkvirvebia,mqonda am yvelapris molodini magram tan mqonda imedi,ar moklavdiii..ro vkitxulobdi mashinac, exla sheicvleba situacia,lukas nacvlad sxva iqneba mkvdaritqooo..... puu lizi mezizghebaaa

Esistoriatu pirveli iyo,martla yochagh da warmomidgenia,shemdegi ra iqneba.kargi xar,magram lukaaaa:' -( :' -( :' -( :' -(

 


№6 სტუმარი makukuna

ეს იყო ყველაზე ცუდი, არა, ყველაზე სულელური დასასრული, რასაც კი მოიფიქრებდი, ავტორო. ამ თავით არაფერი არ გარკვეულა, არავინ არ შეცვლილა, ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი თავი, მხოლოდ ლუკა მოკვდა. ლუკა ნამდვილად სწორად მოიქცა, რომ ცხოვრება გააგრძელა. მაგრამ, არ ვიცი მე ვერ მივხვდი, თუ მართლა არ გეწერა, ვერაფრით მივხვდი მიზეზს, რაზეც წინა თავის კომენტრებში გეწერა. თუ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ეს წერილიდან არ ჩანს და მეორეც, სხვა გზას მონახავდა მაშინ. ეს გოგო რომ შტერი იყო და შტერად დარჩა,ამაში მეორე აზრი არ არსებობს. წერილის წაკითხვისას ალბათ ნებისმიერ ყოფილ ცოლს აეტირებოდა. ის რომ, ბავშვს რომ ლუკას თვალები ჰქონდა, ბოლო დღეს აღმოაჩინა ამ შტერმა და ამას ეძახი შენ სიყვარულს?. არ უყვარდა და მორჩა. ან ეს "ლუკა ბიძია" რა უბედურებაა. თუ ბავშვს არ უმალავდა ლუკას არსებობას, მამად უნდა სცოდნოდა და არა ბიძიად. მოკლედ ძალიან სუსტი დასასრული იყო. ადრეც გითხარი, კარგად დაიწყე თავიდან. მაგრამ ბოლო თავები არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. კარგად წერ, დროთა განმავლობაში დაიხვეწები, რადგან ეს პირველი იყო. ჩემთვისაც პირველი ავტორი ხარ, ვისაც დავუკომენტარე.სულ ვკითხულობდი, მაგრამ ბოლოს რომ აურიე, მერე დავაკომენტარე. არ გეწყონოს.

 


№7 სტუმარი Guest Mari mari

კომენტარიau magari guli damwyda ase ro damtavrda raa megona yvelaferi kargad dasruldebodaaa magram imedebi gamicruvdaaa

 


№8  offline წევრი მეDina

Lizisnairi umaduri, egoisti degeneratebi ra girsi ki arian aseti sikvarulis ra.
--------------------
☆NaT☆

 


№9 სტუმარი mtvaro svani

sul mteli istoriis ganmavlobashi vcdilobdi araferi damecera rom ar metqva cudas is rasac vfiqrobdi magram axla damaxrchobs akbat bogma da tkivili rom ar vtqva.magram arc vici rogor davaxasiato es gogo ise rogorc imsaxurebs.bevrad merchivna im ori araadamiAnis usulgulo unamuso mamashvilis sikvdili dagecera vidre lukasi.ise mtkiva guli.lizis lukasnairi bichi ara im dampali gukasnairi schirdeboda.isetive dampali binzuri sulis aris isic chemtvis.dasaflavebaze misvla rogor gabeda saertod.arc arafris girsi ar iyo rac dautova sikvdilitac ki meti iyo lukA matze.shvuli?amaze xom saertod.lamis gogo shemazula sazizgari.amas ver movineleb aseti rogor unda iyo gogo bichi gaanadgura .

 


№10 სტუმარი luka

umagresi motxroba iyo
cudia ro luka bolos mokvda

 


№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ვიცი აქამდე რატომ არ გადავხედე შენს ისტორიებს და ლექსებს. ორი დღე ამ ისტორიას ვკითხულობდი და ამ ისტორიისაგან გამოყოლილი შთაბეჭდილება ჯერ არ გამნელებია. ვერანაირ წუნს, შეცდომას ვერ ვპოულობ. ასეთი დახვეწილი, საინტერესო, დეტალებამდე უშეცდომო ისტორია სულ რამოდენიმე წამიკითხავს ამ საიტზე. ძალიან საინტერესო პერსონაჟებით. საოცარი გოგო ხარ, ძალიან საინტერესო ადამიანი. დიდი სურვილი მაქვს, თუ ამ ისტორიას სრულად ატვირთავ. უამრავი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თავიდან მიფრინდება სიტყვები. ნამდვილი ბრილიანტი ხარ ამ საიტზე❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით მთელი დღე და ღამე ვკითხულობდი დამათენდა კიდეც ძალიან მომეწონა და ძალიან მაგარი ნაწარმოებია მაგრამ ბოლო არ მომეწონა არამგონია ეს ბოლო მოუხდა ლუკა არ უნდა მომკვდარიყო და შვილი. არ უნდა დაემალა მამისთვის,შვილის ყოლა ეს ხომ ბედნიერს გახდიდა,სიტყვები არ მყოფნის იმდენის დაწერა მინდა მაგრამ გავჩუმდები სურვილი მექნებოდა ეს ნაწარმოები შეცვლის ლი ფორმით მენახა მადლობა წარმატებები ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent