შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა პატარა ოცნებით (სრულად)


30-11-2016, 00:40
ავტორი Kristy
ნანახია 10 483

- მაგდა, დედიკო, გაიღვიძე. - ჯერ კიდევ ძილის საბანში გახვეულს მეძახის ტკბილი ხმა. - შუადღეა უკვე გენაცვალე.
- ჰო დე, ვდგები რაა. - ძილ-ბურანში მყოფი ვალაგებ ჩემს საწოლს და იქ გავდივარ, საიდანაც ორი წუთის წინ მეძახდნენ. ასე იწყება ჩემი ყოველი დღე უკვე კარგა ხანია. აღარც კი მახსოვს როდის იყო სხვანაირად (ან იყო კი საერთოდ?). ერთადერთი, რაც დღეს მაფიქრებს ისაა, როგორ გავაფერადო ჩემი დღევანდელი დღე, რომ რაღაცით მაინც შევავსო ის უსახური ერთფეროვნება, ასე რომ შემიყვარა და აღარ მშორდება.
თურმე ოდესღაც ბედნიერი ბავშვი ვყოფილვარ - არც კი მახსოვს ის დრო, უფრო სწორად, ვცდილობ მახსოვდეს და ხშირადაც ვიმეორებ ისტორიებს მის შესახებ, მაგრამ ჩემთვის მაინც ბუნდოვან მოგონებად რჩება. უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ ლამაზი ზღაპრების მჯეროდეს. სამაგიეროდ, იმის მჯერა, რომ მე ვარ ერთადერთი შველა ჩემი ღრმად მოხუცი ბებიისა და ავადმყოფი დედისთვის, ამიტომ ვცდილობ მათთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც მდგომარეობას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ. სკოლა დავამთავრე, მაგრამ სწავლა აღარ გამიგრძელებია, განა იმიტომ, რომ არ შემეძლო მესწავლა... ზოგჯერ ვფიქრობ, დღეს ისეთ გონებაჩამორჩენილებს ჰქვიათ უმაღლესდამთავრებულები, მე ალბათ გენას შემარქმევდნენ-თქო, მაგრამ განათლების მიღებას ჭკუაზე მეტად ფული სჭირდება. თავად განსაჯეთ, გოგონა, რომელსაც არც მამა ჰყავს და არც სხვა ვინმე დამხმარე ან ნათესავი და რომელიც ვალდებულია ოჯახს მხოლოდ ბებიის პენსიის ხარჯზე თავადვე მიხედოს, შეძლებდა კი ათასების გადაყრას იმ უიმედო საქმეში, რასაც დღეს უმაღლესი განათლება ჰქვია?
ხასიათი იცოცხლე, მხიარული მაქვს, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. ალბათ ასე ვცდილობ იმ ტკივილის დამალვას გულში რომ მოჭარბებულა და გამეტებით მღრღნის შიგნიდან. ამბობენ, ვინც ბევრს იღიმის, გული უფრო სტკივაო, მეც ყველას ვუღიმი და ვეტკბილსიტყვავები, მაშინაც კი, როცა სულ არ ვარ ამის ხასიათზე. სხვა რა დამრჩენია? ვის აინტერესებს რას გრძნობ შენ ან რა გაწუხებს? ყველა ზედაპირულად უყურებს სხვის ცხოვრებას და ასევე აფასებს, მეტი არც სჭირდებათ, დღეს ხომ ყველას საკუთარი საზრუნავი აქვს და როცა ვინმე სანიმუშო ინტერესით გეკითხება, "როგორ ხარ"ო და ღიმილიანი სახით შემოგცქერის, სინამდვილეში შენგან ერთადერთ პასუხს მოელის: „კარგად, შენ?“... მეც მივეჩვიე ამ დამოკიდებულებას და იმდენად დავოსტატდი სტანდარტული ფრაზებით საუბარში, რომ როცა ჩემივე პასუხები მესმის, ზოგჯერ თავადაც კი ვიჯერებ.
უამრავი მეგობარი მყავს, თუმცა არავისთან ვმეგობრობ, მაგრამ არ ვარ კომპლექსური და ჩაკეტილი, იმასაც კი ამბობენ, რომ მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა და ხშირადაც მაქებენ „წარმოუდგენლად უშუალო დამოკიდებულებების“ გამო, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ისინიც ისევე უინტერესოდ შემომცინიან, როგორც მე მათ, ისეთივე ვალდებულების გრძნობის ამოსავსები რევერანსებით დავტრიალებთ ერთი-მეორეს და მხოლოდ მრავალწლიანი ნაცნობობის ხათრით ვსაუბრობთ ათასგვარ უინტერესო თემაზე... როცა ამაზე ვიწყებ ფიქრს, გული მეკუმშება; ვფიქრობ, ნუთუ არ შეიძლება ნამდვილი ურთიერთობების ქონა? ნუთუ მხოლოდ ხალხმრავალი მარტოობაა გამოსავალი? მერე თითქოს თავს ვიმშვიდებ, სამყარო გაგიჟდა და მე ერთმა რა უნდა შევცვალო-თქო, მაგრამ არც ეს მოჩვენებითი უდარდელობა იძლევა სასურველ შედეგს.
- არ გშია დედი? - მესმის ნაცნობი, მზრუნველი ხმა და ჩემი ჩაფიქრებული ფიქრებიდან გამოვყავარ.
- კი, კი, გავაკეთებ რამეს და ვჭამოთ.
- დღეს მე გავაკეთე დე. - მიღიმიან მოსიყვარულე თვალები. - მოდი, შეჭამე.
- რათ გინდოდა, ხო იცი რო მე ვაკეთებ ხოლმე?!
- მაგიტომაც, რომ სულ შენ აკეთებ დე.
- კარგი, მაგრამ აღარ გინდა რა, მე გავაკეთებ. თავს მიხედე. - შუბლზე ვკოცნი მაგიდის გასაშლელად მოფუსფუსე დედაჩემს და მისი მომზადებული სადილის მოლოდინში მოუთმენლად ვტრიალებ ჭრაჭუნა სკამზე.
როგორც ვახსენე, დედა ავად მყავს. მახსოვს, როგორ მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე, როცა შეეძლო; თამამად ვიტყვი, რომ ბევრ დედაზე მეტად დედობდა, თავს მევლებოდა და თუ რამე დამჭირდებოდა, ყოველთვის მზად იყო ყველაფერში დამხმარებოდა, ახლა კი საკუთარ საჭიროებებსაც ვერ უმკლავდება, ამიტომ ვცდილობ არ დავტვირთო. მართალია, ხშირად არ გამომდის, რადგან ამის უფლებას არ მაძლევს, სულ ცდილობს სახლის საქმეებში დამეხმაროს და ოდნავ მაინც შემიმსუბუქოს ოჯახის ტვირთი, რომელიც ასეთ ადრეულ ასაკში დამეკისრა. ჩემი მხრივ, მეც ვცდილობ ავუხსნა, რომ მირჩევნია საქმე ვაკეთო, ვიდრე მის შეწუხებულ სახეც ვხედავდე რამის გაკეთების შემდეგ რომ აქვს ხოლმე, მაგრამ დედაა, ვერ ჩერდება... ან რა გააჩერებს, როცა ერთადერთი ქალიშვილის შრომას შესცქერის?!
- მაგდა! მაგდუნ! - ისმის წყვილი ხმა ეზოდან.
- ამოდით გიჟებო, მანდ რას დამდგარხართ და გაჰყვირით? - გავძახი ფანჯრიდან და აივანზე გავდივარ მისაგებებლად.
- მოვედით! - გამორბის ლიკა და კისერზე მეკიდება ფეხებაკეცილი.
- გხედავთ ჰო. - დაბნეული ვიღიმი და მის ჩამოხსნას ვცდილობ ჩემი კისრიდან. - მოდი სალი, შემოდით... შენ კი ჩამომეხსენი არანორმალურო, მძიმე ხარ.
- შენ კი დიდი. - მეკრიჭება ლიკა და თავისას არ იშლის. საბოლოოდ მაინც ვახერხებ მისი მკლავებისგან თავის დახსნას და ოთახში შემყავს.
- ოო, რა სუნია! - აგრძელებს ჩვეულ სტილში. - დეიდა მაკას მომზადებულ სადილს გავს.
- ეგრეა, - ამაყად ვამბობ და გოგონებს მაგიდასთან ვეპატიჟები.
როგორც ვთქვი, არავისთან ვმეგობრობ, არც ისინი არიან მეგობრები, ისინი ჩემი დები არიან. მერე რა რომ სისხლით ნათესავები არ ვართ, ეს საერთოდ არ გვჭირდება იმისთვის, რომ საუკეთესო დები ვიყოთ მსოფლიოში! მათ გამო მიხარია ცხოვრება, ყოველთვის მათთან შეხვედრას ველი და როცა ერთად ვართ ისეთ ძალას ვქმნით, რომ შეუძლებელია წინ ვინმე დაუდგეს. ერთმანეთი სკოლაში გავიცანით, როცა აქ გადმოვედი და მას შემდეგ ასე მოვდივართ: ვერთობით, ვგიჟობთ, გვიყვარს და ვტკბებით ყველაფრით, რაც გვაქვს. მართალია სკოლის შემდეგ დავიშალეთ, სალი და ლიკა სხვადასხვა ქალაქში წავიდნენ სასწავლებლად, მე კი სულ მარტო დავრჩი აქ, მაგრამ როცა დრო აქვთ, ყოველთვის მსტუმრობენ.
- ჩვენ სასმელი და ტკბილეული მოვიტანეთ. - ამბობს სალი და ჩანთიდან ბოთლებისა და პარკების ამოლაგებას იწყებს.
- რამ გადაგრიათ? - მიკვირს მე. - ეს კარგი, მაგრამ შენ როდიდან სვამ?
- დღეს შეიძლება! - ეშმაკურად იღიმის სალი და მეგობრისკენ მანიშნებს.
- რამე ხდება და მე არ ვიცი?
- ხდება, ხდება! - საჭმლით სავსე პირით იწყებს რაღაცის ახსნას ლიკა.
- გოგო, ვერაფერი გავიგე, ნორმალურად მითხარი. - ლიკა ლუკმას ერთბაშად ყლაპავს და ბოლო ხმაზე ყვირის:
- ვთხოვდები!
- მართლა ამბობს? - ვეკითხები სალის, რომელიც უკვე მიქნევს თავს თანხმობის ნიშნად. - რა მაგარია! გილოცავ საყვარელო!
- ესეც გაგვიფრინდა ბუდიდან. - იცინის სალი.
- ჰო, მარტო ჩვენ დავრჩით ასე ეულად. - ვამბობ დაუდევრად, თუმცა წამიერი სევდით წამოსროლილ სიტყვებს მალევე ცვლის მხიარული ტონი. - ქორწილი როდისაა?
- თვის ბოლოს.
- გოგო, შეეშვი ჭამას და მოყევი ყველაფერი! - სერიოზულად ვბრაზდები და თეფშს ხელიდან ვგლეჯ. - ხო იცი, საშინლად მაინტერესებს!
საჭმლის დაკარგვით განაწყენებული ლიკა ჩემს კალთაში პოულობს თბილ ადგილს და ყველაფერს დაწვრილებით ყვება: საუბრობს შეხვედრაზე, იდეალური სიზუსტით გვიყვება დიალოგს და ისეთი სიცხადით აღწერს ხელის თხოვნის სცენას, რომ გვგონია ამ ფაქტს თავად შევესწარით: ვხედავთ გაბადრულ ლიკას, სიხარულისგან ღაწვები რომ შეფაკვლია და სიყვარულით გასცქერის მის წინ ბეჭდით ხელში მდგომ ბიჭს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ბიჭია, რომელიც მას სჭირდება და იმაზე ვიწყებ ფიქრს, რამდენად გაუმართლა, რომ მეორე ნახევარი იპოვნა; გულის სიღრმეში ოდნავ მშურს კიდეც მისი. ლიკა ამბის მოყოლას ამთავრებს და ჩვენი რეაქციის მოლოდინში გაბადრული სახით შემოგვცქერის.
- წარმოდგენა არ გაქვს როგორ გაგიმართლა, რომ გვერდით ასეთი ბიჭი გყავს. - გულწრფელად ვუქებ არჩევანს და ბევრი განსხვავებული გრძნობის მოჭარბების შედეგად ტირილს ვიწყებ.
- გოგო რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? - შეშფოთებული შემომცქერის სალი.
- არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა, თორემ არ გეტყოდი. - ისევ იკრიჭება ლიკა.
- შე უნამუსო, ამას მართლა მეუბნები?! - ვამბობ, თან მეტი დამაჯერებლობისთვის ნაწყენ გამომეტყველებას ვიშველიებ.
- ვხუმრობ მაგდა. - წამით იბნევა ლიკა, მერე ჩემი კალთდან დგება და გამეტებით მჩქმეტს. - უსინდისო! შენ ხარ უსინდისო!
- შენზე მეტად? - ვიცინი მე.
- კარგი, დღეს შენ მოიგე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კონცენტრირებული არ ვიყავი. მიზეზი თავადაც იცით. - თავს მაღლა წევს და თვალებს ჭუტავს. - ახლა მხოლოდ ჩემს ბიჭზე ვფიქრობ.
ტკივილნარევი ბედნიერება, ცრემლნარევი სიხარული... ოდესმე გიგრძვნიათ ასეთი რამე? ახლა ჩემს ოთახში ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად ვარ, ვუყურებ ამ გაბადრულ გოგოს ჩემს წინ რომ დგას ყელმოღერებული და ვფიქრობ, რამდენად ძლიერი გრძნობაა სიყვარული, რამხელა ძალასა თუ მოტივაციას აძლევს ადამიანს და უდიდეს სიხარულთან ერთად რაღაც სპეციფიკურ სევდას ვგრძნობ, რომელიც მაიძულებს ცხოვრების უსამართლობაზე დავფიქრდე. მართლაც, რა უცნაურია ცხოვრება - თავიდან უხვად გასაჩუქრებს უთვალავი ბედნიერებით, შემდეგ კი ყველაფერს ერთბაშად გართმევს; ტოვებს მხოლოდ იმას, რისი წაღების უფლებასაც აღარ მისცემ, რასაც მთელი ძალით ჩაუბღაუჭები და ხელიდან გამოგლეჯ. ამ მხრივ საქმე საამაყოდ მაქვს, რადგან ბევრი რამ წავართვი: წავართვი წამები, წუთები, საათებიც კი, წავართვი მოგონებები, გრძნობები, სიტყვებიც წავართვი (მხოლოდ კარგები, დანარჩენი წაიღოს!) და რაც მთავარია, სიყვარულის სულ მცირე დოზაც წავართვი; ეს ის ყველაფერია, რასაც უკვე ვეღარ წაიღებს... და რა წამართვა? ის, ვისაც ეს ყველაფერი ეკუთვნის, სანაცვლოდ კი უხვად დატოვა ტკივილი, მტირალი დღეები და ბევრი უძილო ღამე!
უცნაური? არა, ბოროტია ცხოვრება! ჯობია, არასდროს არაფერი მოგცეს, რადგან მაშინ ვერც ვერაფერს წაიღებს... მე კი, როცა ჩემს წარსულზე ვფიქრობ მაინც მიხარია, რომ ვიცნობდი მას, ვისაც ერთხელ გული გავუხსენი, ვინც მიყვარდა და მყვარობდა, დღეს კი, როცა სიზმრები მივსებს მის გარეშე გატარებულ ღამეებს, მოგონებები ციმციმებენ უკვდავი მზის ბრწყინვალე სხივებზე, ოცნება აქრობს მარტოობას და მოგონებები არწყულებენ მწყურვალ სულს... და მაინც, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ ცხოვრებას, გვიჩნდება სურვილები და მიზნები, პატარ-პატარა ოცნებებიც კი და ნელ-ნელა ჩვენში ისევ იკიდებს ფეხს ძველი სიანცე, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დგება და წარსულიც აღარ არის ისეთი მტკივნეული (თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა არ ფიქრობ მასზე) და უცებ ხვდები, რომ ისევ ცოცხლობ, რომ ისევ გჭირდება სიყვარული; იცი, რომ მხოლოდ ის შეგმატებს ძალას, ფრთებს აჩუქებ გრძნობებს, რომ მასთან მისვლა შეძლონ და გეყვარება უცვლელად, სამუდამოდ... მეც ადამიანი ვარ, მეც მინდა ახლა, ამ წუთას ვინმე მყავდეს გვერდით, შევეხო, ჩავჩურჩულო უცვლელი გრძნობა და მისგანაც მოვისმინო სათანადო პასუხი, თუნდაც მხოლოდ ეს სამი ჯადოსნური სიტყვა - „მე შენ მიყვარხარ!“, რომლებიც ყოველ მოსმენაზე ისეთივე ახალი და იდუმალი იქნება, როგორც დასაწყისში და რომელსაც ვერასოდეს... არასოდეს შევეჩვევი!
- ჰეი, ჩვენთან ხარ? - მესმის ნაცნობი ხმა და ისევ რეალობაში მაბრუნებს.
- ჰო, აქ ვარ. - დაბნეული ვეპასუხები. - ხომ იცი როგორ მიხარია შენი ამბავი, არა?
- გოგო, აბა არ ვიცი? ნუ სულელობ! - მეხვევა ლიკა.
- რაო მაგდუნ? შენც მოგინდა გათხოვება? - მიზანში ახვედრებს სალი და ჩემს გაღიზიანებასაც იწვევს.
- შენ ხო რას ამბობ, არც კი ფიქრობ მაგაზე.
- ნუ იბღვირები ქალო! - ისევ დამცინის სალი და ჩემი გაბრაზებული სახის დაკოპირებას იწყებს.
- კარგით, ახლა ნუ იჩხუბებთ.
- კარგი ჰო, შენი ხათრით. - ვუღიმი ლიკას და სალის სულელი პირველკლასელივით ვუყოფ ენას.
რამდენიმე საათში გოგონები მიდიან და ისევ მარტო ვრჩები ჩემს უაზრო ყოველდღიურობასთან. სახლის საქმეები ბლომად დამიგროვდა, მეც ბეჯითად ვიწყებ საქმიანობას და რიგ-რიგობით მივყვები დიასახლისის გრძელ სიას, რომელიც თითქმის არასდროს მთავრდება და ყოველდღიურად ისევ თავიდან იწყება. საქმეში ჩაფლული ვერც კი ვგრძნობ როგორ დაღამდა. ვხედავ ქუჩები ჩაუბნელებიათ, აქა-იქ მხოლოდ რამდენიმე ყვითელი წერტილი ცდილობს გაბატონებული წყვდიადის გაფანტვას... ჩემს ოთახში შევდივარ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ისევ თავიდან ვიხსენებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა: რაც მტკიოდა ან მიხაროდა და ცრემლი მდის ორივესთვის - სიხარულისთვის იმიტომ, რომ დღეს უკვე წარსულშია, ტკივილი კი ისედაც საცრემლოა! არ მიყვარს ცრემლები, ამ დროს სუსტი ვარ და თან მას არ სურდა მეტირა, მე კი უკანასკნელ სურვილს არ ვუსრულებ ან ვერ ვუსრულებ... დღემდე არ ვიცი, რა იყო ეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ან იყო თუ არა საერთოდ რამე, მაგრამ ერთის თქმა დაზუსტებით შემიძლია: ეს უკვე წარსულია, მე კი ვალდებული ვარ ცხოვრება განვაგრძო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს ენდომებოდა!
ქორწილის სამზადისში თვე საცოდავი წამივით გვეცლება ხელიდან, ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და ამ საქმეში დიდი მონდომებით ვართ ჩართულნი: ქორწილის გეგმა, ტანსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა - ყველაფერი შეთანხმებული და გათვლილია, ყველას აქვს საკუთარი ადგილი. ქორწილიდან რამოდენიმე დღით ადრე სალი გვეუბნება, რომ ბიჭთან ერთად მოვა, რაც რაღა თქმა უნდა დიდი სიურპრიზია ჩვენთვის, რადგან წარმოდგენაც არ გვაქვს ვის გულისხმობს. ყველაზე მეტად ალბათ მაინც მე ვარ დაინტერესებული მისი ამ განცხადებით, სულ რაღაც დღეების წინ ვხუმრობდით, რომ მხოლოდ ჩვენ დავრჩით ბიჭების გარეშე, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მე ვარ ის ერთადერთი; ერთი სული მაქვს მისი რჩეული გავიცნო, ამიტომ მომავალი ქორწილი ჩემთვის ორმაგად საინტერესო ხდება.
- გოგონებო, აქ ხართ? - ოთახში სალის ხმა ისმის.
- მოხვედი? რა კარგია! - გამორბის ლიკა და ახლახან შემოსულ მეგობარს ეხვევა. - დაგაგვიანდა!
- არაფერიც, ერთი დღით ადრე მოვედი ქალბატონო!
- მართლაც რომ! ეს როგორ დაგემართა? - ვგესლავ მე და იმაში დაიმედებული, რომ სწორად გამიგო, მისკენ მივიწევ, რომ მეც მერგოს ერთი ჩახუტება.
- ოჰ, როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ! - მებუზღუნება სალი და გულიანად მკოცნის. - აბა, რას შვებით?
- ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. - ვამბობ მე. - და შენი ბიჭი სადაა?
- ჰო, მართლა, არ მოიყვანე? - ინტერესდება ლიკაც.
- გოგო არა, ხვალ ჩამოვა. ახლა აქ ხომ არ მოვიყვანდი!?
- რატომ ვითომ? - მიკვირს მე.
- მაგდუშ, საყვარელო, ნუ გადამრიე, გოგოებთან რა უნდა აკეთოს მთელი დღე?
- გავიცნობდით გოგო. - მწყინს მე.
- მოასწრებ!
- კარგი და როგორია? ვკვდები, ისე მაინტერესებს. სურათი მაინც მიჩვენე. - ჩემსას არ ვიშლი და დაჟინებით ვითხოვ პასუხებს, რომლებსაც ზუსტად ვიცი, ვერ მივიღებ.
- იცი? მზეს ატარებს მარცხნივ და თვალებიდან სხივები სცვივა! - ამბობს ღიმილით სალი და მისი მზერა სადღაც შორს მიდის, თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცდილობს მის პოვნას და გაბარდული სახით აგრძელებს: - ამიტომაც მათბობს ასე! მთელი სამყაროა ჩემთვის და მის გარეშე ყველაფერი უმნიშვნელო ხდება, რადგან სწორედ ის ალამაზებს, ის მატებს ლაზათს თითოეულ დღეს.
- ჩემო საყვარელო, მართლა შეყვარებული ხარ! - თანაუგრძნობს ლიკა.
- ჯერ მანახე და მერე ვიტყვი სამყაროა თუ გალაქტიკა. - ჩემსას არ ვიშლი მე.
- დაწყნარდი რა. ხომ გითხრა ხვალ მოვაო? ჰოდა, შენც ნახავ. - ბეზრდება ჩემი წუწუნის მოსმენა ლიკას.
- კარგი ჰო. თქვენ ის მითხარით, დღეს რას ვაკეთებთ?
- დღეს უნდა გავერთოთ. - აცხადებს ლიკა. - ჩემი ბოლო თავისუფალი დღეა, ვალდებულებების და ზრდასრულობის ტვირთის გარეშე, ამიტომ ბოლომდე უნდა გამოვიყენო.
- ასე იყოს! - ვხარობ მე და დაუვიწყარი ღამის მოლოდინში ერთ ადგილზე ვტრიალებ.
- კარგით რა, - წუწუნებს სალი. - როდის ვიქნებით კიდევ ასე ერთად? არ ჯობია ამით დავტკბეთ და სულელური წვეულებები შემდეგი დღეებისთვის გადავდოთ?
- როგორც ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს ეს გოგო. - ამბობს ლიკა და ხელებგაშლილი მოდის ჩვენკენ. ერთმანეთს ვეხუტებით.
- პრინციპში მართალია, - საბოლოოდ მეც ვთანხმდები. - ხვალ შენ წახვალ და აღარც გაგვიხსენებ მერე.
- უნამუსო! - ყვირის ლიკა.
შებინდებიდან გარიჟრაჟამდე პლედებწაფარებულები ვსხედვართ გაყინულ ოთახში, ვიხსენებთ ისტორიებს, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს, რომლებიც გვტკიოდა ან გვახარებდა და გვეამაყება, რომ ერთმანეთი გვყავს, რომ ყოველთვის შეგვეძლო ერთმანეთს დავყრდნობოდით და რომ მუდამ ასე იქნება. პლედების სითბო უკვე აღარ არის საკმარისი და ჩვენც - ვიწრო სავარძელში მოკალათებულნი ერთმანეთს ვეკრობით, რომ ერთმანეთის გათბობა შევძლოთ. დაშლა არ გვინდა, ეს ჩვენი ბოლო ღამეა ერთად...
- გაიღვიძე! - ჩამძახის ყურში ნაცნობი ხმა, გაჭირვებით ვახელ ღამენათევ თვალებს და დილის გარიჟრაჟის შემხედვარე საოცარი სიბრაზით ვუღრენ „მაღვიძარას“:
- რა არ გაძინებს გოგო ამ დილაადრიან?
- რა დროს ძილია, მეხუმრები? - უკვირს ლიკას. - გახსოვს რა დღეა?
- ჯანდაბა! მაპატიე ლუიკუნა, რა თქმა უნდა მახსოვს. - სასწრაფოდ ვდგები და ოთახს ვათვალიერებ. - სალი სადაა?
- ყავას აკეთებს, ხომ გინდა?
- ვერც წარმოიდგენ როგორ. უფრო ადრე რატომ არ გამაღვიძეთ გოგო?
- ნუ დარდობ, ჩვენც ახლა გავიღვიძეთ. - ამბობს ლიკა და სამზარეულოში გავდივართ, ყავა და ნამცხვარი უკვე მაგიდაზეა და ჩვენც გემრიელად ვსაუზმობთ.
- მართლა, სულ გადამავიწყდა, გიო გამოგვივლის დღეს. - ამბობს უცებ სალი და სახე ეშმაკურად უბრწყინდება. - მითხრა, სალონში მე წაგიყვანთო.
- ოჰო, გოგონების გალამაზება იკისრა? უკვე მომწონს ეგ ბიჭი! - ვკისკისებ მე.
- კარგი, მაშინ ნიკას ვეტყვი, რომ არ გვჭირდება მანქანა. - ამბობს ლიკა და ერთმანეთში ახლართულ ჩანთებს შორის თავის ტელეფონს ეძებს.
საუზმობას ვამთავრებთ და გიორგის დასახვედრად თავი მზადყოფნაში მოგვყავს; დღე ახლახანს დაიწყო, მაგრამ უკვე გვგონია, რომ ვაგვიანებთ, ამიტომ ძალიან ვნერვიულობთ. გიორგი ღელვის მიზეზს აღარ გვაძლევს და დროულად მოდის, ყველას გვესალმება და მანქანისკენ მიგვიძღვის; მისი გარეგნობა და მანერები დანახვისთანავე მხიბლავს. ის მთელი დღე ჩვენთანაა, მოთმინებით იტანს ჩვენს გაუთავებელ წუწუნს კაბებსა და მაკიაჟზე, ყველა თხოვნას გვისრულებს და ცდილობს თავი კომფორტულად გვაგრძნობინოს. საბოლოოდ ჩვენი საქორწილო სამზადისიც სრულდება და სიძის მოლოდინში სახლში ვგროვდებით.
სასიამოვნოა უყურო, როგორი გამბედაობით დგამს პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს შენი საუკეთესო მეგობარი და იყო მშვიდად, რადგან იცი, რომ თუ სადმე წაიბორძიკებს, ყოველთვის ეყოლება ის, ვინც ხელს წააშველებს და დაცემისგან იხსნის. ვხედავ მის ბედნიერ სახეს, გაბრწყინებულ თვალებს არ აცილებს მომავალ მეუღლეს და მის გამო ბედნიერი ვარ. შორიახლო კიდევ ერთი წყვილი გადახვევია ერთმანეთს, მხიარულები ადევნებენ თვალს ფიცის დადებიც პროცესს და სახეზე აწერიათ, ერთი სული აქვთ თვითონ როდის იზამენ იგივეს. მალე ჯვრისწერის ულამაზესი ცერემონიაც სრულდება და ნამდვილი ქართული საქორწილო სუფრისკენ მივიჩქარით, მანქანების კოლონას დასასრული არ აქვს, ძრავების ღმუილი და საზეიმო სიგნალების ხმა ერთმანეთში ირევა და ირგვლივ ყველაფერს აყრუებს. წინ სიძე-პარატძლის მანქანა მიდის, უკან ჩვენ მივყვებით, გიორგი ხშირად გვამოწმებს, როგორ ხასიათზე ვართ და სასაცილო ამბებს გვიყვება, რომ უკეთ გაგვართოს; კარგი მოსაუბრეა და როგორც მისი ისტორიებიდან ჩანს, ბევრი რამ აქვს ნანახი.
- ძალიან სწრაფად მიდიან. - ამბობს უცებ გიორგი.
- რაო, ვეღარ ეწევი? - ისევ ძველ ტალღაზე ვარ მე.
- გვირაბის წინ მკვეთრი მოსახვევია, გზა კი მოყინული. - მანქანის სარკეში მის სახეს ვაკვირდები, არ ხუმრობს.
- მასაც ხომ ეცოდინება, არა? - არეული ხმით ამბობს სალი.
- გაჩერებას ვერ მოასწრებენ. - გიორგი ფარებს ანთებს, ცდილობს მათი ყურადღება მიიქციოს, მაგრამ არაფერი გამოდის.
- რისი გაკეთება შეგვიძლია? - სერიოზულად ვიწყებ ნერვიულობას. - ასე შორს რატომ ვართ? რატომ არ ეწევი?
- ეგ რომ გავაკეთო, ორივენი დავიმტვრევით.
გიორგის კიდევ უნდა რაღაცის თქმა თუ გაკეთება, მაგრამ ვეღარ ასწრებს: სიძე-პატარძლის მანქანა მკვეთრად ამუხრუჭებს, თოვლიან გზაზე ცურდება და სწრაფად მიიწევს მთებს შორის დარჩენილი სიცარიელისკენ. გიორგი გვთხოვს, რომ თავი შევიმაგროთ, მერე სიჩქარეს ზრდის, მანქანასა და ხრამს შორის დგება და მის ვარდნას აჩერებს, თუმცა საჭეს ვეღარ იმორჩილებს და მთელი სისწრაფით ვასკდებით გვირაბის შესასვლელს. როცა გონს მოვდივარ და ჩვენს ირგვლივ შეკრებილი ხალხის შეშფოთებულ სახეებს ვხედავ, ვხვდები, რომ ვერ გადავრჩით, თვალებით ვეძებ სალის და სადღაც ხალხის სიღრმეში ვპოულობ, ტირის და ჩემკენ იწევს. ამ დროს ვფიქრობ, რომ მე მჭირს რაღაც, მაგრამ ვიღაცას მანქანიდან გადმოვყავარ და იქვე გზატკეცილზე გაშოტილ გიორგის ვხედავ, უგონოდაა და საკუთარ სისხლში ცურავს. სალისთან მივდივარ, გულში ვიკრავ და ვცდილობ მისი თვალები მოვარიდო ამ საშინელ სურათს, მალე სასწრაფოც მოდის და ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავთ.
- წამიყვანე მაგდა, გეხვეწები, მასთან წამიყვანე. - მეჩურჩულება სალი. შორიდან ლიკა მანიშნებს, წამოდითო და აკანკალებული სალი მათთან მიმყავს.
ყველაფერი თავდაყირა დგება, ყველა გეგმა და სურვილი დავიწყებულია - ბიჭი, რომელმაც დღე იხსნა, სიკვდილს ებრძვის: თეთრკაბიანი გოგონა საავადმყოფოს დერეფანში ნერვიული ნაბიჯებით დადის და საკუთარ ბედს წყევლის, სალი შოკშია, გაშეშებული სახით ზის, არანაირი რეაქცია, მის თვალებში საღი აზრი არ იკითხება. თითქოს ყველა ერთად სადღაც უკიდეგანო სივრცეში დავიკარგეთ, ღია ზღვაში ცალ-ცალკე ვებრძვით ქაფმორეულ ტალღებს, თითოეული ვეძებთ ხსნას, მაგრამ ვერ ვპოულობთ და ჭეშმარიტი რწმენით ველით რაღაცას, იმედის მსგავსს. საავადმყოფოში აჩოჩქოლებული ხალხის ჯგუფი შემოდის, ქალები ტირიან, მამაკაცები სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ და თავიანთ მანდილოსნებს ეხვევიან, ექთანი მათ ჩვენკენ ანიშნებს.
- რა მოხდა? - საზოგადო კითხვას სვამს ხანშიშესული მამაკაცი და თითოეულს იმ იმედით გვათვალიერებს, რომ რამეს ვეტყვით. - რა დაემართა ჩემს ბიჭს?
- ავარია იყო... - ახსნის ტვირთს საკუთარ თავზე იღებს სიძე, დეტალურად ყვება ისტორიას და იმდენად გულწრფელად იხდის ბოდიშს, რომ კაცს ცრემლების შეკავება უჭირს.
- პაციენტის ნათესავები აქ არიან? - საოპერაციოდან გამოდის ექიმი, ყველანი მის ირგვლივ ვგროვდებით. ექიმი ცდილობს პაციენტის მდგომარეობა ჩვენთვის გასაგებ ენაზე ახსნას, მოთმინებას გვთხოვს და ამატებს, რომ ამ წუთიდან ყველაფერი ღვთის ხელშია.
ვუყურებ ატირებულ ნათესავებს და მათი უიმედო, არაფრისმთქმელი გამოხედვა მაშინებს, თითქოს უკვე დასრულდა ყველაფერი. მხოლოდ ერთი ბიჭი დადის წინდაუკან და ყველა ექიმს ეკითხება, რით შეუძლიათ დახმარება; ახლახან გავიგე, რომ მისი ძმაა. სალი უბრალოდ გათიშულია, „ჩემს გულს უყვარხარ და ის შენია, მისი თითოეული უჯრედი შენს ფერებს ერწყმის...“, დაჟინებით იმეორებს ბიჭის სიტყვებს, მისგან მოსმენილ ალბათ უკანასკნელ სასიყვარულო ფრაზას და სადღაც შორს, ძალიან შორს იყურება. მისი მდგომარეობა მაშინებს და ვცდილობ გავაღვიძო, მაგრამ თავადაც არ ვიცი როგორ, იმას კი ვხვდები, რომ ასეთ ამბავთან შეგუება მარტივი არ უნდა იყოს.
- სალი, საყვარელო, შემომხედე. - მთელი ძალით ვარხევ მის გაქვავებულ სხეულს. - დაიკო ასე არ შეიძება, დამელაპარაკე... ლიკაც აქაა, ხედავ? შენზე ყველა ძალიან ვდარდობთ.
- ლიკა? - თითქოს გონს მოდის, თვალებს დაბნეულად აცეცებს ირგვლივ და მას ხედავს, მერე მიკნავებული ხმით მეხვეწება: - უთხარი წავიდნენ, აქ არ უნდა იყვნენ, დღეს ქორწილი აქვთ.
- საყვარელო, გგონია ახლა ვინმე წავა ქორწილში?
- გიომ იმათი ქორწინება გადაარჩინა, ახლა კი იქ წევს და სიკვდილს ებრძვის. - ძალა ეცლება და ჩემს მხრებს ეყრდნობა, რომ კიდევ რამდენიმე სიტყვის თქმა შეძლოს. - ეს მისთვის გააკეთონ, ვალდებულები არიან!
- სალი, კარგად ხარ? - გვიახლოვდება გიორგის ძმა. ხმაზეც და სახეზეც აშკარად ეტყობა, რომ მასზე ძალიან ღელავს და ამით ვიხიბლები; მომწონს, რომ მასზე ფიქრი შეუძლია მაშინ, როცა ძმა ასეთ მდგომარეობაში ჰყავს.
- მეხუმრები თაზო? - ლუღლუღებს სალი და მხრებზე მეყრდნობა.
- მოდი, მოდი აქ. - თაზო ცდილობს ძალაგამოცლილი სალი იქვე მდგარ სკამზე დასვას. - აქ ჩამოჯექი, მოდი.
- მოვკვდები ის რომ... - ბიჭი მას გულში იკრავს და მის დამშვიდებას ცდილობს. თვითონაც ეშინია, ამას ვერ მალავს, მაგრამ განუწყვეტლივ იმეორებს, რომ გიორგი ძლიერია და ამას გაუძლებს; მისი რწმენა გადამდებია...
როცა რაღაცას ელი, მოლოდინში დრო იმაზე ნელა გადის, ვიდრე ჩვეულებრივ, საათები საუკუნეებივით მიიზლაზნებიან, შეჰყურებ დამღლელ დღეებს, რომლებშიც ახალი არაფერია და თანდათან ეგუები უიმედობას, ეგუები გაუთავებელ მოლოდინს, ცხოვრება კი ისევ გრძელდება, რაღაცნაირად. ამ ეტაპზე ყველაფერი რუტინული ხდება, დგები, ამოწმებ რამე სიახლე ხომ არ არის, შემდეგ სამსახურში ან სხვა საქმეებზე მიდიხარ, საკუთარი თავისთვისაც პოულობ დროს და თითქოს არც არაფერი, თითქოს ყოველთვის ასე იყო... პირველ დღეებში არავის სურდა საავადმყოფოს დატოვება, პალატის კარებთან მორიგეობით ეძინათ, ახლა კი ვხედავ, როგორ ნახულობენ გიორგის ნათესავები და ოჯახი დღეში ერთხელ და ვხვდები, რომ მათ ცხოვრებაში სწორედ ეს დრო დადგა, თითქოს დანებდნენ, თითქოს ყველა შეეგუა; ყველა თაზოს და სალის გარდა.
- ძალიან გიყვარს არა? - თაზოს საქციელით მოხიბლული სულელურ კითხვას ვუსვამ და საკუთარი თავის მრცხვენია, მაგრამ მის სახეზე ოდნავდასანახ ღიმილს ვამჩნევ და გახარებული ვაგრძელებ მის დაკითხვას. ამბობს, რომ ის მისთვის ძმაზე მეტია და იმ ყველაფერს მიყვება, რაც გიორგის მისთვის გაუკეთებია; სია საკმაოდ გრძელია.
- და შენ?
- მე? რა მე? - ვეკითხები და ისეთი გაოცებული სახე მაქვს, ეცინება.
- შენც ხომ სულ აქ ხარ!? ალბათ ძალიან გიყვარს სალი.
- ჰო, ყოველთვის მინდოდა და მყოლოდა, სალი კი ნამდვილი დასავითაა.
- ჩვენც სულ ვოცნებობდით და გვყოლოდა, ორი ძმა ვართ და... - თაზო მოიღუშა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რამ გაუელვა თავში.
- ყველა ოცნება რომ გვისრულდებოდეს, საოცნებოც არაფერი გვექნებოდა. ასე მოსაწყენია! - ვცადე ძველ თემას დავბრუნებოდი, მაგრამ არც ისე კარგად გამომივიდა.
- საერთოდ რაზე ოცნებობ? - მეკითხება უცებ. დაბნეული ვპასუხობ, რომ ერთადერთი რაც მჭირდება ოჯახია. მას ჩემი არ სჯერა და არგუმენტად „დღევანდელი გოგონები“ მოჰყავს; აშკარაა, რომ მათზე არ გიჟდება.
- მე სხვა გოგონებს არ ვგავარ!
- თამამი განაცხადია! - ისეთი ინტერესით მიყურებს, ვხვდები, რომ ჩემგან აზრის განვრცობას ელოდება.
- ვგულისმობ, რომ არც ფული მჭირდება და არც სხვა რამე, მხოლოდ ის მამაკაცი, ვინც ჩემთვის შეიქმნა. ყოველთვის ამაზე ვვოცნებობდი! - ვაცხადებ თავდაჯერებული ტონით და მის მოწონებასაც ვიმსახურებ. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ამბავი რომ არა და თაზო ისე გამეცნო, აუცილებლად დავახლოვდებოდით-მეთქი. ერთმანეთს იმდენად ვგავართ, რომ თითქმის უსიტყვოდ გვესმის რას ვფიქრობთ ან რა გვინდა, ერთმანეთის წინადადებების დასრულებაც კი შეგვიძლია. თანდათან ერთმანეთის უკეთ გაცნობას ვიწყებთ და ვმეგობრდებით, მოსწონს დროის ჩემთან ერთად გატარება, ხუმრობით „დაკარგულ საათებს“ ეძახის და ზუსტად იცის, რომ ამას ისევ გაიმეროებს, ისევ დახარჯავს უამრავ დროს ჩემთან ერთად.
დრო გადის, მდგომარეობა კი უცვლელია, ერთ-ერთ პალატაში ისევ იბრძვის სიცოცხლისთვის ბიჭი, რომლემაც ტრაგედიისგან გვიხსნა, მაგრამ დრო მის წინააღმდეგაა. ერთ დღესაც ექიმი გვატყობინებს, რომ სასუნთქი აპარატი უნდა გამორთონ; ეს რა თქმა უნდა არავის სურს, მაგრამ იმედი აღარ რჩება. მშობლები თანხმდებიან, თაზო კი დაჟინებით ითხოვს მეტ დროს ძმისთვის, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყდა. სალი ამბობს, რომ ამას ვერ უყურებს და საავადმყოფოდან მიდის, გარეთ მამა ელოდება და ვიცი, უსაფრთხოდ იქნება, ამიტომ თაზოსთან ვრჩები, ვცდილობ დავარწმუნო, რომ დროა ძმა გაუშვას, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის; მასაც სახლში უნდა წასვლა.
- დარწმუნებული ხარ? - ვეკითხები. - ხომ იცი, უკანასკნელად ნახავ დღეს... მერე არ ინანო.
- არ მინდა ვნახო, როგორ მოკლავენ! - ამბობს მტკიცედ და პალატისკენ მიდის. კარგა ხანი ზის ძმის საწოლზე, რაღაცას ეჩურჩულება, ზოგჯერ შემოწოლილი ნოსტალგია ღიმილს აიძულებს, ზოგჯერ კი ისეთი მოქუფრული სახით გასცქერის მდუმარე ძმას, იფიქრებ მის გაშვებას ვერ გადაიტანსო. მერე მოულოდნელად დგება, შუბლზე კოცნის უგრძნობ სხეულს და საავადმყოფოს ტოვებს.
დაკრძალვა მძიმე სანახაობაა, განსაკუთრებით როცა გრძნობ, რა ხდება იმ ადამიანთა გულებში, რომლებსაც იქ ხედავ. აშკარაა, რომ გიორგი ყველას უყვარს: მეგობრები გულწრფელი ცრემლებით აცილებენ, ოჯახის წევრები წამდაუწუმ კარგავენ გონებას, მხოლოდ სალი დგას გაყინული და ადგილიდან არ იძვრის, არავის ესაუბრება; მამას მისი წაყვანა გადაუწყვეტია, მაგრამ არ იკარებს. ბოლოს ისევ თაზო იჩენს ყურადღებას, საკუთარ პიჯაკს აცმევს და სთოვს, რომ სახლში წავიდეს, არწმუნებს, გიორგი გაბრაზდებოდა ასეთს რომ ხედავდესო. საბოლოოდ, სალი უჯერებს და სახლში მიჰყავთ, მე კი ისევ აქ ვრჩები, თაზოს არც ახლა ვტოვებ მარტო, დაკრძალვის შემდეგ სახლში თავად მიმყავს; სულ ცოტა ხანში მის ოთახში საწოლზე ვზივარ და კალთაში მისი თავი მიდევს, თმებზე ვეფერები და დროდადრო სახიდან ცრემლებისგან დატოვებულ ღარებს ვაშორებ... მეხუტება, თანდათან უფრო და უფრო მეკვრის, მერე თავს მაღლა სწევს, თვალებში მიყურებს და მკოცნის, გაუცნობიერებლად მეც კოცნითვე ვპასუხობ და ვერც კი ვხვდებით, როგორ გავხდით ერთმანეთის. დილით ძალიან მრცხვენია იმის, რაც მოხდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭი მიყვარს და სწორედ ამიტომ ვაჩუქე მას ყველაზე დიდი რამ, რაც ოდესმე მქონია - ჩემი უბიწოება. ჩემ გვერდით მძინარე მამაკაცს დავყურებ, უამრავ გეგმას ვაწყობ და გული სიხარულით მევსება.
- დილა მშვიდობის! - ვესალმები ახალგაღვიძებულს და თვალებს ვუკოცნი.
- მშვიდობის? - დგება და სააბაზანოში გადის, მერე უკან ბრუნდება და გუშინდელი ღამისთვის ბოდიშს იხდის. შეშინებული ვუყურებ, ვფიქრობ ნანობს.
- ამას რატომ მეუბნები თაზო? - ვეკითხები და ვცდილობ დავმალო, რომ ხმა მიკანკალებს. - ჩვენ ხომ... მე...
- არასწორად არ გამიგო, - მეხვევა ის. - უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა კარგი დროა, გესმის?
- დაგელოდები. - დაუფიქრებლად ვპირდები მე.
დრო იმაზე სწრაფად გარბის, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ, ჩვენც მივყვებით მის დინებას, ვიცვლებით მასთან ერთად და თავიდან, ცივი გონებით ვახარისხებთ ფაქტებს, რაც საბოლოოდ ახალი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს, წარსულს კი წარსულშივე ვტოვებთ. ძველი მოლოდინები არც ამ შემთხვევაში მართლდება: თაზო ნანობს, რომ ბრაზმა სძლია და მაშინ, როცა მისმა ძმამ უკანასკნელად ამოისუნთქა, ის სახლში იყო; ვერც იმას ეგუება, რომ ჩემთან იპოვა შვება, როცა მისი ძმა მიწაში ჩაფლეს. ვხედავ ნელ-ნელა როგორ გვეძაბება ურთიერთობა და გული საშინლად მტკივა. ვიცი, ეგოისტი ვარ! თაზომ ახლახან დამარხა ძმა, მე კი მხოლოდ ის მადარდებს, რომ მარტო დავრჩი, რომ აღარ მესმის მისი ხმა, ვერ შევიგრძნობ მისი სხეულის სითბოს, მის ცხელ სუნთქვას ჩემს ყურებთან... საათები უაზროდ მიყვებიან ერთიმეორეს, თავშესაფარს ვეძებ, მაგრამ ამაოდ; ვხვდები, რომ ის ჩემთვის მთელი სამყარო ხდება და ახლა ამ სამყაროს მიღმა დარჩენილი, ეულ წამში ვეძებ ნუგეშს. ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი თავდავიწყებით ადასტურებს უცვლელ, საუკუნო სიყვარულს და უდიდეს, ამქვეყნად ჯერ არარსებულ ბედნიერებას ჰპირდება... თუ რა თქმა უნდა მიიღებს! გამბედაობას ვიკრებ და მისი სახლის კარებზე ვაკაკუნებ. თავიდან უკვირს, მერე მეხვევა და საგულდაგულოდ დამალულ მუცელს ამჩნევს, თვალებით მეკითხება მისია თუ არა, მე თავს ვუქნევ. ცოტა ხნით გაუნძრევლად დგას, მერე უცებ ტუჩები უთრთოლდება, თითქოს ახლახან რაღაც მნიშვნელოვანი გააანალიზაო და სერიოზული ტონით მეკითხება:
- უკვე იცი ვინ არის?
- ანაბელი!



№1  offline წევრი kaxelii

Kargi iyo Ragacnairad. meore nawili ar eqneba?

 


№2  offline წევრი nini :)

meore nawili mindaaa... kargi iyooo taviseburad

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ კარგადაც მატირე.ძალიან შემეცოდა გიორგი.მეორე ნაწილიც დადე რა თაზოზე და მაგდაზე.კარგი იქნება,ოღონდ ახლაც ნუ მატირებ
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი anoni

აუ მალე დაწერ შემდებ ნაწილს ??? ძალიან სულ სწრაფი ვარ მოუთმენლად ველი

 


№5  offline წევრი ნიიიიი

ძალიან შემეცოდა გიორგიი მათ გამო თავი გასწირა და უფრო მეტად სალი მეცოდება ცხოვრების აზრი რომ დაკარგა და მარტო დარჩა ძალიან სევდიანია მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო წასაკითხი ძალიან მომწონს ეცადე რაც შეიძლება მალე დაწერო შემდეგი თავი ძალიან მაგარი გოგო ხარ და მადლობა შენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent