და მოვიდა ეშმაკი...
თავი პირველი მუსიკა თვალს ვახელ... როგორც ყოველთვის დილაა. რატომღაც ჩემი გონება ასეთნაირ გადაწყვეტილებას იღებს: მე უნდა გავიღვიძო დილით. საწოლიდან ვდგები და პირველად რასაც ვაკეთებ, ესაა ფანჯრიდან გადახედვა, რომ რაღაცნაირად კანისთვის არასასიამოვნო სიომ და მზის ბრწყინვალებამ გამომაფხიზლოს. ზეცაზე პაწაწინა, თოვლივით თეთრი ღრუბლის ნაჭრები დაფარფატებენ. ამის ყურება მეტად სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ხელოვანი ადამიანის ხედვები გაქვს. ავტომობილების ვისთვის გამაღიზიანებელი, ვისთვის კი სასიამოვნო ხმაური ჩემამდე აღწევს, მაგრამ არა უშავს, ეს არაკომფორტულობას საერთოდ არ მიქმნის. რატომღაც ძრავის ხმაურზე ავტომბრბოლელივით ვარ შეყვარებული. არადა, ღმერთია მოწმე, რულის ტრიალიც კი არ შემიძლია, მანქანების არჩევა–შეფასებაზე საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა. არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რაც გვიყვარს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს რატომ და ესეც კი მშვენიერია. აი მაგალითად ამ ფრად გაბრწყინებული ზეცა იმდენად მიყვარს, რომ ეს სიყვარული მაგრძნობინებს რაღაც არაამქვეყნიურს, თუ გასაგებია ეს თქვენთვის, თუ არა და სიტყვა „არაამქვეყნიურს“ გადავაკეთებდი ასეთნაირ წინადადებად: „გრძნობა, რომლის აღსაწერად ენა როდი გეხმარება.“ ეს შემოდგომის მზე რაღაც განსაკუთრებულია, ვიცი თუ რაოდენ მცხუნვარეა, მაგრამ ამჟამად სიცივე უფრო ჭარბობს. შემოდგომა მხოლოდ იმიტომ თუ მიყვარს, რომ კარგად გამოსდის სიცივისა და სიცხის დაბალანსება. ამასთან, გამხმარი ფოთლების ხმაც ისე სასიამოვნოდ ჩამესმის, რომ ეს საქმე ჟრუანტელის გარეშე არასდროს გამოდის. ვიყურები ფანჯრიდან იქამდე, სანამ აზრზე არ მოვდივარ... სიშორეზე რომ მიყრილ–მიმოფანტული მთა–ბორცვები მოჩანს, თვალში ყოველთვის გვიან მხვდება, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც მანდ, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშენებულია ზეციური სოფელი, სადაც ჩემი მონათესავე სული ცხოვრობს და იქიდან, ყველაზე მკვეთრად ჩემი ფანჯრები მოჩანს. მას ძალიან უნდა ჩემთან მეგობრობა, ისევე როგორც მე მასთან, მაგრამ ეს მანძილის გამო რატომღაც ვერანაირად ვერ ხერხდება. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ზეციური სოფლის მკვიდრი გავხდები. იქაურობა არ მაქვს დათვალიერებული, თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რაღაც ზეციური უნდა იყოს. ამიტომაც ქვია ასე, „ზეციური სოფელი“. ასევე ყურადღებას ვამახვილებ ავტომობილების მძღოლებზე. მაინტერესებს რას უსმენენ ამჟამად, როგორია მათი შინაგანი, მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა და რელიგიური აღმსარებლობა. მაინტერესებს როგორია მათი ყოველდღიურობა და სამყაროსადმი დამოკიდებულება. ძალიან მინდა ვინმე უცხოს შევძახო: „ჰეი შენ! მოგწონს სამყარო? სიგიჟეა, არა?..“ ყველაფერი მომწონს... ყველაფერზე შეყვარებული ვარ... არაფერს ვამბობ ჩემ სახლზე... თუმცა ვიტყვი: მე ერთ განსაკუთრებულ ნიჭს ვფლობ: როცა მინდა ღამეა, როცა მინდა კი დღე. ამას ამგვარად ვახერხებ: თუ დღეა და მინდა იყოს ღამე, ვდგები და სახლს ვაბნელებ. ყველგან ვაფარებ ფარდებს, საიდანაც კი მზის სხივი აღწევს, ან საიდანაც შეიძლება შემოაღწიოს. მადლობა ღმერთს და ჩემ სახლს დღის ნებისმიერი პერიოდი უხდება. ასე ალბათ იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი სახლის გარემოს ყოველთვის ხელოვნების თვალსაზრისით ავღვიქვამ. იცი რა არის ხელოვნების თვალსაზრისით აღქმა? ხელოვნების თვალსაზრისით აღქმა. (ნუ გეგონებათ რომ მწერლებს ყველაფრის ახსნა ძალუძთ. მგონი, მწერალი მწერალი იმიტომ ხდება, რომ ყველაზე მეტად მას არ გამოსდის რაღაც რაღაცეების ახსნა.) ამრიგად, ვინ იცის, იქნებ ჩემი სახლი საყოველთაოდ აღიარებული სოროა? და, იქნებ მხოლოდ მე შემიძლია სიმახინჯეში მშვენიერება დავინახო? რის მომტანია ჩემი ეს ნიჭი?! რის მომტანია ჩემი ეს წყევლა?! თუმცა ხელოვანი რის ხელოვანია, თუ იმ ყველაფერს, რასაც ხედავს, ხედავს ყველასთან ერთად. მართლაცდა, ჩვენივე ხედვები თუ გვქმნის ხელოვანებად. ხედვები! ხედვები! ფანტაზიები! თუ რაიმე მაინც შექმენი შენს გონებაში და არაფერი მატერიალური, ესე იგი, უკვე შემოქმედი ხარ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, შეგვქმნა თუ არა უზენაესმა მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის წყალობით. გაიფიქრა და იქმნა ნათელი, როგორც სივრცის გამაფართოვებელი აფეთქება. რეჟისორი ვერასდროს გადაიღებს იმას, რასაც წარმოიდგენს. მწერალი ვერასდროს დაწერს იმას, რასაც ფიქრობს. ის, რასაც ვქმნით, ჩვენი ფანტაზიების ანარეკლია. ფანჯარას ვცილდები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვფხიზლდი. მთელ ხმაზე რაღაც აზიურ, მგონი, დამამშვიდებელ მუსიკას ვრთავ, რაღაც ემბიენტის მსგავს, თუმცა ელექტრონული ინსტრუმენტიც ურევია. ალბათ, ელექტრონული ემბიენტია. მუსიკის ამ მიმდინარეობა – ემბიენტს, – ჩემთვის განსაკუთრებული ისტორია აქვს: ვინმე მუსიკაში გარკვეული პიროვნება, რაღაც მსუბუქი თუ მძიმე სხეულის დაზიანების გამო საავადმყოფოში მოხვდა, სადაც გატარებულ პირველ დღეებში, გასართობი არაფერი ჰქონდა. მთელი დღეების განმავლობაში ლეშივით ეგდო საწოლზე და ვერაფერს აკეთებდა. ერთ მშვენიერ დღესაც მან ყველაფრის მოსმენა დაიწყო, იყო ეს ავტომობილების ხმაური თუ ბუნების დამამშვიდებელი ხმები. ასე შეიქმნა ემბიენტი, – ხმები, რომელსაც არასდროს ვუსმენთ. ჩემთვის საათის წიკწიკის ხმაც კი ემბიენტია, – ყოველთვის არ ისმის და თუ ისმის, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ამ საქმეში პროფესიონალი რაღა თქმა უნდა მობია. ვიცვამ პერანგს, არ მცივა, მაგრამ მაინც. სააბაზანოში შესვლამდე ვიღებ ვაშლს და ვჭამ, რამდენიმე წუთში მოწეულმა სიგარეტმა ცუდი გემო რომ არ დამიტოვოს. მხოლოდ ამის შემდეგ შევდივარ სააბაზანოში, როცა ჯერ კიდევ ვაშლის ნარჩენები მაქვს პირის ღრუში და ონკანიდან თბილ წყალს ვუშვებ. თავდაპირველად, ვყნოსავ ჩემ ხელებში შეზელილ იაფასიან საპონს, რაც უეჭველად ცხოველის ცხიმითაა დამზადებული,– ამაზე ფიქრი კარგ შეგრძნებებს ნაღდად არ იწვევს. ხელებზე წყალს ვივლებ და ეს ჩემ ნერვიულ სისტემას მეტად არასასიამოვნოდ ეჩვენება. (არასასიამოვნო შეგრძნებები ყველაზე მეტად გვიწყობს ხელს გამოფხიზლებაში.) როცა უკვე ხელებს ვისუფთავებ საპნისგან, წყალს სახეზე რამდენჯერმე ვისხამ, იქამდე, სანამ ამას არ ეჩვევა ჩემი გამთბარი კანი, შემდეგ კი, როგორც წესი ყურებს ვისუფთავებ. ეს მეტად უსიამოვნო პროცესია. შეიძლება ყურები სრულიად სუფთა მაქვს, მაგრამ ამის გაკეთებას შეჩვეული ვარ. ასევე, ვიხეხავ კბილებს, ხოლო ამას არათუ კბილების სითეთრისთვის, არამედ უსიამოვნო სუნის გასაქრობად ვაკეთებ. გახეხვის შემდეგ, როგორც ყოველთვის ჯაგრისაც ვყნოსავ... ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ძილის წინ აყროლებული ჯაგრისით რომ არ მომიწიოს პირის ღრუს გასუფთავება. ვიყურები სარკეში და ხელით ახლად ამოსულ წვერს ვისწორებ. ესეც რომ არა, სარკეში ყურება მიყვარს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვთვლიდე, ვითომდა სიმფათიური ვიყო და ამით ვტკბებოდე, უბრალოდ სარკეებთან, რაღაცნაირი ჩემეული დამოკიდებულება მაქვს, რაც მარტივი გასაგები როდია. სადღაც ამოკითხული რჩევის გათვალისწინებით, ზედიზედ ორ ჭიქა წყალს ვსვამ, რომ სისხლის მოძრაობა გამიუმჯობესდეს. ტკბილ ჩაის ვიმზადებ, მოხერხებულად ვკალათდები დივანზე და თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ვუყურებ დილის საინფორმაციო გამოშვებას, სათაურით „დილა მშვიდობისა, საქართველო.“, ამავდროულად კი ვფიქრობ უახლოეს მომავალზე და ვცდილობ გავიღიმო ესეც იმიტომ, რომ ინტერნეტში მაქვს ამოკითხული, ღიმილი დღის საუკეთესო დასაწყისიაო, თუ რაღაც ამდაგვარი... მეილზე ვამოწმებ შეტყობინებებს. სულ სამი შეტყობინებაა, აქედან ორი გამომცემლობა მეუბნება, რომ ჩემი რომანის საკმაოდ ვრცელი ამონარიდი წაიკითხეს და რომ ჩემთან თანამშრომლობა არ სურთ, ერთი კი ამტკიცებს, რომ საბჭო აუცილებლად წაიკითხავს ჩემს მიერ გადაგზავნილ ნაბღაჭნს, მაგრამ რატომღაც კვლავინდებურად უიმედოდ ვარ. ალბათ რაღაც უნდა შემემთხვას, რომ საკმაოდ ფართო წრე შედუდგეს ჩემი ნაშრომების კითხვას. არა უშავს–მეთქი რომ ვთქვა, ვიცრუებ. უსისხლოდ მინდა ვიგემო წარმატების გემო, თუმცა ვშიშობ ეს იმდენად იშვიათია ბუნებაში, როგორც დღის შუქზე ვარსკვლავების ცვენის ხილვა. ასევე, ინტერნეტის საშუალებით ლიტერატურულ პორტალებს ვსტუმრობ, მაგრამ ჩემ ნაწერებს არც აქ აქვს გამოხმაურება. მხოლოდ იმის იმედიღა მაქვს, რომ ლიტერატურული კონკურსებიდან სოლიდურ თანხას ამოვიღებ და ამით მაინც დავბეჭდავ ჩემ წიგნს. რაღაცნაირად მოტივირებული ხდები, როცა ავტორი, პიარ მენეჯერი და დამფინანსებელი, ერთდროულად ხარ. ჩაის ბოლომდე ვსვამ, გაუმდნარ შაქრის ნაჭრებს ენაზე ვიყრი და ტკბილი გემოს შეგრძნებით ნარკომანივით ვკაიფობ. ფანჯარასთან ვდგავარ და სიგარეტს ისე გემრიელად ვეწევი, რომ არ მინდა თავის დროზე ჩაიწვას. დასვრილ, მაღალ ყელიან ბათინკებს მაღალყელიან წინდებთან ვიცვამ. ზემოდან, მუხლებამდე გრძელი ქურთუკისა და გახსნილი, ჭრელი პერანგის შიგნით, მაცვია ჩემი საყვარელი თეთრი მაისური, რომელსაც სახრჩობელა ახატია და ეს სახრჩობელა ყოველთვის მახსენებს, რომ ოდესღაც მასში გავიკვანძები, როგორც ნამდვილ ხელოვანს შეშვენის. საერთოდაც ვთვლი, რომ თუ საინტერესო, ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება გინდა, მიმართულება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეცვალო, ამრიგად, თუ შენ მიდიხარ პირდაპირ, წარმატებისკენ, ან ბედნიერებისკენ, აუცილებლად უნდა გადაუხვიო იქ, სადაც გადასახვევი გამოჩნდება, რომ დროზე–ადრე შეწყვიტო ერთი ადგილის უაზროდ ტკეპნა და გამოიძერწო ყველაზე ძლიერი ქვისგან. ეს ცხოვრებისეული ექსპერიმენტია. ექსპერიმენტების გარეშე, ყოველთვის მივიღებთ ნაგავს, ნაგავს, რომლის თრევაც მთელი ცხოვრების მანძილზე გვიწევს. ექსპერიმენტი ნომერი: ოთხმოცდათვრამეტი სამსახურის გზას ვადგავარ. კანისთვის და მთლიანი ნერვიული სისტემისთვის არასასიამოვნო კლიმატია. ყველა, ვისაც კი ვხედავ, შუბლზე აწერიათ სიტყვა „დამთრგუნველობა“. თეისტები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთი ეს ცხოვრებაა, ათეისტებს კი ყველაფერი ამაო ჰგონიათ. მე ვაცნობიერებ, რომ უკიდურესად მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, რომ რაიმე აზრს, ჩემ სიცოცხლეში, ვერ ვხედავ, რომ მჭირდება რაიმე ახალი, რაიმე სხვა. სამსახურის გზიდან ვუხვევ სულ სხვა მხარეს, იქ, სადაც საერთოდ არ არსებობდა ჩემი სავარაუდო მომავალი. დავძრწივარ სრულ სიჩუმეში, სასაფლაოზე, სადაც გარდაცვლილებისგან არაფრით განვსხვავდები. ვუსმენ შესაბამის მუსიკას და შევიგრძნობ დრამატურგიისა და ხელოვნების უმაღლეს საფეხურებს. შედეგი: იდეალური. ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერების შეგრძნება იმდენად სასიამოვნოა, რომ თანახმა ვარ დარჩენილი ოცი–ოცდაათი წლის განმავლობაში უბედური ვიყო. ექსპერიმენტი ნომერი: სამოცდაშვიდი სახლში ვზივარ და ერთადერთი, რასაც კი შემიძლია მშვენიერება ვუწოდო, ესაა ხედი, რომელიც ირეკლება ჩემ დაორთქლილ ფანჯრებზე. მე თავს დათრგუნულად ვგრძნობ და კვლავ ვფიქრობ თვითმკვლელობაზე. მინდა საძილე აბები დავლიო და დავიძინო, დაძინებამდე კი ბუნებრივი აირით გავჟღენთო ჩემი ოთახი. ამას არ ვაკეთებ.... არ ვიცი რა მაჩერებს. გვერდზე ბინიდან მომესმის ხმამაღლა ჩართული მხიარული მუსიკა. ჩემ მეზობელს წვეულება აქვს. თავს ძალას ვატან და წინდების ამარად სადარბაზოში გავდივარ, ვუკაკუნებ ამ ჩემ მეზობელს და როგორღაც ვხვდები მაგარ წვეულებაზე. შედეგი: ორგიაში მონაწილეობის მიღება და სექსუალური ლტოლვისგან აღმოცენებული უბედურების გაქარწ....ბა. ექსპერიმენტი ნომერი: ას სამი (ლამაზი ექსპერიმენტი.) ლიტერატურულ პორტალზე ჩემთვის სრულიად უცხო პიროვნება მწერს შემდეგ სიტყვებს: „მნახე. მნახე. მნახე.“ მე მისი არც ასაკი ვიცი და არც სქესი. ქალაქის ცენტრში ბარდიულზე ვზივარ და მას ველოდები... ველოდები ყველას, ცამეტი წლის ბავშვიდან დაწყებული, მსუქანი, ორმოცდაათი წლის მანიაკით დამთავრებული. შედეგი: ფატალური ვხედავ სრულწლოვან, საინტერესო იმიჯის მქონე გოგოს, რომელიც მომავალში მიყვარდება. ყურსასმენებს ვიკეთებ, რაღაც თვითგადარჩენის ინსტიკტებს ვიაქტიურებ, რაც გარეთ გასვლაში მეხმარება და სახლიდან გავდივარ, გასვლამდე კი ყველა დეტალს ვაკვირდები, ვინაიდან შეიძლება საღამომდე ცოცხალი არც ვიყო. გასაღების და საკეტის ურთიერთობა, ჩემთვის ყოველთვის ინტიმური იყო... სიამოვნებით გავდივარ ჩემი სადარბაზოს გრძელ და გოთიკურ კალიდორს, შევდივარ ლიფტში, რომელიც ჩამოწყვეტის პირასაა და მესამე სართულიდან, ძალიან ნელა ვეშვები ხმელეთისკენ, სადაც შეიძლება ყოველ წამს მოკვდე ვიღაც უბედური მანიაკის ხელით, ან საუკეთესო შემთხვევაში საცოდავი მძღოლი გადაგჭრის თავის სწრაფმავალი ავტომობილით. დიახ, ერთ–ერთმა მძღოლმა ლამის მომკლა და ზუსტად ასე მითხრა, რომ დაგტაკებოდი, გადაგჭრიდიო. მეტროში ჩასვლამდე ვეწევი ძლიერ სიგარეტს და ფილტვებში გაჟღენთილი მომაკვდინებელი ნაგვის შეგრძნებით, რაღაც არაამქვეყნიურ სიამოვნებას ვიღებ. ამჯერად, ჩემი გულის მუშაობაც მოიკოჭლებს. წუთში ოთხმოც ბიძგს ვგრძნობ და ამ ოთხმოციდან ათი, ძლიერი სუნთქვის დროს ჩერდება. როგორც ყოველთვის ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. არ ვფიქრობ სტენოკარდიაზე, ვფიქრობ გულის ნერვოზზე. სიგარეტის ნამწვს, როგორც სამაგალითო მოქალაქე, ვაგდებ ჩვენი თბილისის მერიის დამზადებულ მწვანე ნაგვის ყუთში. მოქალაქეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას, სიამაყის გრძნობით ვივსები. ჩავდივარ მეტროში და გვერდზე ესკალატორზე მდგარ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ვუყურებ მხოლოდ იმიტომ, რომ მაინტერესებს, მიყურებენ თუ არა ისინი. ალბათ ძალიან ჩვეულებრივად გამოვიყურები, იმდენად ჩვეულებრივად, რომ თითქმის არ ვარსებობ, მაგრამ ეს პრობლემა სულაც არაა, პირიქით, მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა. სანამ მატარებელი მოვა, სადგურის ბოლო ნაწილში, მკრთალად განათებულ კიბეებზე ვჯდები, იქ, სადაც არავინაა, იქ, სადაც ყველას ყურება შეგიძლია ისე, რომ ვერავინ გხედავდეს შენ. იმდენადვე მეზიზღება ხალხი, რამდენადაც შეყვარებული ვარ მათზე... ხალხის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია და ამას უმალ ვაცნობიერებთ მძიმე მარტოობის ჟამს. მიყვარს უცხო სახეების ყურება, მიყვარს უცხო ემოციების გამომხატველი მიმიკების ყურება. მხოლოდ ერთი წამი! მხოლოდ ერთ წამს ვუყურო რაიმე ახალს, რაიმე მშვენიერს და თანახმა ვარ შემდეგი წლები არაადამიანურად ვეწამო, – ესაა ჩემი ცხოვრების სასწორი. ვწონი, თუ მიღირს, ვაკეთებ. ხოდა, ჩემი ცხოვრებისეული ღირებულებები, საერთოდ არ ჰგავს თქვენ ცხოვრებისეულ ღირებულებებს. მაგალითად თუ თქვენ რაიმე მატერიალურისთვის არსებობთ, რის მისაღწევადაც წლებია საჭირო, მაშინ მე ჩემი ხედვებით ვტკბები: ადამიანის ფანტასტიური თვალებით, რელსების შესაზარელი ხმაურით, უზენაესი მდუმარებით თუ ფოთოლცვენით, რაიმე საგნის დაკვირვებით თუ რაიმეს მკრთალი ნათებით. ახლაც, სიმკრთალეში ჯდომით და ხალხის ყურებით ვტკბები. ვტკბები ყველაფრით, რითიც კი შეიძლება ტკბობა, – ეს ნიჭია... ნიჭი თუ არა, წყევლა, რომელსაც ნელ–ნელა რაღაც არაადამიანური სიგიჟისკენ მიჰყავხარ... მატარებელში შევდივარ და კარებს ვეყრდნობი, რომლის შუშაზეც ასეთნაირი წარწერაა: „ნუ მიეყრდნობით“. ყველა დუმს, მათ შორის ის მათხოვრებიც, რომლებიც წესით მთელ ხმაზე უნდა ყვიროდნენ, რომ დახმარება სჭირდებათ, რომ მათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ შიმშილისგან სული ძვრებათ. უბრალოდ, ხელგამოშვერილნი დადიან წინ და უკან. რაღაცნაირი დღეა, აი, არავის არაფრის თავი რომ არ აქვს. როგორც ყოველთვის მატარებელი გვირაბში უფრო ხმაურიანია. მთავარია ამ ხმაურს ყური დაუგდო. მთავარია ბნელ გვირაბში ის დეტალები დაინახო, რასაც ყურადღებას არ აქცევენ. ადამიანის გამომეტყველებით ემოციებს ვიცნობ... როგორც ყოველთვის ბედნიერების გამომხატველი სახე დღესაც არ ჩანს. – გამარჯობა. – მესალმება ჩემ გვერდზე მდგარი ჩემივე რომანის მთავარი პერსონაჟი. გამარჯობა–მეთქი. – დღეს რაღაც მელანქოლიას თუ დამთრგუნველობას განვიცდი. რაშია საქმე? ღმერთივით ვიწყებ საუბარს: – უბედურებით კმაყოფილება უნდა ისწავლო. მიახლოვდება, რომ ჩემი საუბარი უკეთ გაიგოს რელსების ხმაურში და უფრო მჭიდროს ეყრდნობა წარწერა „ნუ მიეყრდნობის“ – ეგ როგორ? – როგორ და ასეთნაირად: სამი წუთი, ჩემო მეგობარო, მხოლოდ სამ წუთს გამიგრძელდეს ბედნიერება და თანახმა ვარ დარჩენილი დრო ტანჯვაში გავატარო. ბედნიერებაში გატარებული სამიოდე წუთი, ბევრად აღემატება უბედურებაში გატარებულ ასწლეულებს. ამრიგად, ყოველი უბედური წამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან იყო დრო, იყო წუთები, იყო წამები, როცა ბედნიერებას განვიცდიდი და ვინ ვარ, ან რა ვარ, უფრო მეტს რომ მოველოდე ცხოვრებისგან?! – მე უფრო რაღაც ცხოვრებისეული მაინტერესებს, რაღაც უფრო რეალური, ვიდრე ეს ფილოსოფიური სასწორია. არ შემიძლია ყოველდღიურად ასეთნაირად ვეთამაშო ცხოვრებას. მიდი, რაიმე უფრო რეალური მითხარი. არ ვიცი, წადი სადმე გაერთე და ვინმე გაჟიმე–მეთქი. – და იქნებ ჩემი ისტორია გააგრძელო, სადაც მაგრად ვერთობი?! წარმოიდგინე, ისტორიის მეორე ნაწილი, სადაც ბედნიერი ვარ. – რა გირჩევნია, იყო ბედნიერი და არაფრით განსხვავდებოდე სხვებისგან, თუ იყო უბედური და თავს ღმერთივით გამორჩეულად გრძნობდე? პირველ ვარიანტს ირჩევს. რაც არ უნდა იყოს ეს ბოლო პერიოდია ვეღარ ვწერ და რომც ვწერდე, წიგნის მეორე ნაწილს მაინც არ დავწერდი–მეთქი. – შენ რა, მარტო შენ თავზე ფიქრობ?.. – მისვამს ისეთ კითხვას, რომლის პასუხიც არ აინტერესებს და ქრება. მატარებლიდან ჩამოვდივარ და ვცდილობ ერთი გოგონას თმები დავყნოსო ისე, რომ ეს ვერავინ შეამჩნიოს, მაგრამ არაფერი გამომდის... ისევ ესკალატორი... ისევ კანისთვის არასასიამოვნო კლიმატი... ისევ მათხოვრების ხვეწნა–მუდარა... ისევ მეტად დასაქმებული ხალხი... ისევ ავტომობილების ხმაური... ისევ არაფრის მთქმელი თვალები... ისევ უკიდურესი დრამატურგია ქუჩებში... ისევ მიყრილ–მიმოფანტული ნაგავი ასფალტზე... ისევ ფარდა ჩამოფარებული ფანჯრები... ისევ გაყინული სხეულები... ისევ მკვდრების კორიანტელი... ისევ მობი ყურსასმენებში... ისევ გულის რიტმის დამრღვევი სიგარეტის კვამლი... ისევ ჰაერში მოფარფატე ფრინველები... ისევ ავადმყოფობა... ჭირი... სიკვდილი. და ამ ყველაფერში მშვენიერების უმაღლესი საფეხურები... რას ჰგავს მშვენიერება?! როგორ ითქმის ეს უფრო სხვა სიტყვებით?! ეს ჩვენ არ ვიცით... გასაღებს ვათავსებ საკეტში და ვაღებ მსოფლიოში ყველაზე ცუდ წიგნის მაღაზიას, სადაც წიგნები, მტვერში იკარგება. სამაგიეროდ ჩემი სამუშაო მაგიდა სუფთაა. ვიხდი ქურთუკს, ვჯდები სამუშაო მაგიდასთან და ველოდები პირველ კლიენტს, რომელიც სავარაუდოდ დღის ბოლომდე არ გამოჩნდება. ასე ვშოულობ ფულს... საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი, დროზე–ადრე ეხვევა ლიტერატურის მომაკვდინებლად ძლიერ საცეცებში. მაგალითად თუ ტორესა მოსის „შენ ხარ ქრისტე“ ათი ლარი ღირს, მე ამას გავყიდი თხუთმეტ ლარად მხოლოდ იმიტომ, რომ ბესცელერია. თუ ვინმე არასრულწლოვანი მკითხავს, რა ფასი აქვს დენიელ კიზის :ბილი მილიგანის მრავალ გონებას“, ვუპასუხებ, რომ ოცდაათი ლარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ათიოდე ლარში მაქვს ნაყიდი. მოკლედ, ბოროტი წიგნის გამყიდველი ვარ, რომელსაც სხვის განათლებაზე მეტად, ფული აინტერესებს. მაგრამ, მე ვზივარ უაზროდ და კლიენტები არსად ჩანან. როცა სამუშაო დრო დასრულდება, სადღაც ასე, საღამოს რვა საათზე, კვლავ ჩავალ მეტროში და ხალხის ყურებით დავტკბები. ისევ შევალ ლიფტში, რომელიც ჩამოწყვეტის პირასაა, მაგრამ ჩემ ჯინაზე არ ჩამოწყდება, რომ არ მოვკვდე და ვიცოცხლო ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო. შევალ სახლში და ორივე ოთახს დროის გაყვანის მიზნით დავალაგებ. შუაღამეს ჩავალ მაღაზიაში, კონსულტანტს გავეფლირტავები და ვიყიდი რაიმე ტკბილს, ან მეორე დღისთვის ერთ სიგარეტის კოლოფს. ბოლოს, როცა უკვე დავასრულებ მდუმარე ღამით ტკბობას, დავათვალიერებ ჩემთვის სრულიად უცხო გოგოს სურათებს, რომელიც მიყვარს და რომელსაც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო შეტყობინებას არ ვუგზავნი. ჩავაბნელებ სახლს, წამოვწვები ლოგინზე და ჩავრთავ მობის გენიალურ შემოქმედებას: „დამელოდე“, სრული ალბომი. მთელ ერთ საათსა და რამდენიმე წუთს, სრულ ნეტარებაში გავატარებ, დილით კი კვლავ ვიტყვი, რომ ასე ტკბილად არასდროს მძინებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.