თამაში მუსიკის წესებით (მეთერთმეტე თავი)
თამაში მუსიკის წესებით მეთერთმეტე თავი - არ ხარ ნორმალური, დედას გეფიცები, მართლა არ ხარ!... - სიბრაზისგან აცახცახებულმა გიორგიმ ახედა ტრამპლინს, საინადანაც სულ რამდენიმე წუთის წინ ქალთან ერთად მოფრინავდა. მამაკაცის მზერას გააყოლა თვალი ლიკამაც. თითქოს ახლაღა გაიაზრა ის რისკები რაც ამ სიმაღლიდან ხტომას ახლდა. უნებურად შეეშინდა, ტანში უსიამოვნოდ გასცრა. - შენ, შენ რატომღა გამომყევი? - დაბნეულმა გახედა წინ მდგომს. - აბა რა უნდა მექნა? - არანაკლებ გაოცებული ჩაეკითხა კაცი - არ უნდა გამოგყოლოდი?! უსიტყვოდ უმზერდა ლიკა თვალებში თავზემდგომს, დუმილს არც ერთი არ არღვევდა, მაგრამ ყველაზე მეტყველი ალბათ, სწორედ ეს სიჩუმე იყო, თავიდან ერთმანეთს უბღვერდნენ, შემდეგ თითქოს რაღაც შეიცვალა. გიორგის მისთვის ჩვეული ირონიული ღიმილი დაუბრუნდა, ქალისთვის თვალის არიდება არც კი უფიქრია, ოდნავ გვერდულად იღიმებოდა. ვეღარ გაუძლო ლიკამ მის მზერას, უხერხულად შეიშმუშნა. - მაპატიე, თქვენი გაღიზიანება აზრადაც არ მომსვლია, - ისევ თქვენობით ფორმას დაუბრუნდა - უბრალოდ... - ნერვიულად თოვლს სრესდა ლიკა. - უბრალოდ, იმდენად ეგოისტი ხართ, რომ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობთ, ეგაა და ეგ, აზრადაც არ მოგდით ოდნავ მაინც გაუწიოთ ანგარიში გვერდით მყოფს! - ისევ ღიმილით საყვედურობდა გიორგი. - ვერ გავიგე?! თქვენთვის გამოყოლა არ მითხოვია, აუცილებელი არ იყო გადმოხტომა, თუ გეშინოდათ!... - მეშინოდა?! - სახე ზედმეტად ახლოსაც კი მიუტანა მამაკაცმა - მართლაც რომ ვერაფერი გაგიგიათ! - თითქმის ყურთან უჩურჩულა მან - თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს... - დამცირება აუცილებელი არაა, თუ რამეს ვერ ვიგებ, თქვენი ქარაგმების ბრალია!... - უხერხულობის შეგრძნება სიბრაზემ შეცვალა, ისევ გაიბრძოლა მარწუხებად ქცეული ხელებისგან გასანთავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ. - ქარაგმების?!... დავიჯერო ვერაფერს ხვდებით?! - თვალებში ჯიუტად უმზერდა მამაკაცი. მათ შორის რაღაც შეცვლილიყო, აღარ ჩანდა ზიზღი, აღარც - მუქარა, მამაკაცის გამოხედვაში ვნება ჩამდგარიყო, ახალ ემოციებს უკითხავად გაედგათ ფესვები. მოულოდნელობისგან შეკრთა ლიკა, ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, საკუთარი ცვლილების თავადვე შეეშინდა, როგორც არასდროს ისე უნდოდა გიორგის მკლავებიდან თავის დაღწევა, ისევ ვერ შესძლო. მამაკაცი ხელის გაშვებას არც კი ფიქრობდა. წამიერად, მაგრამ მაინც გაიფიქრა, რომ მიუხედავად სიცივისა, გიორგის მკლავებში მოქცეულს მთელი ცხოვრებაც კი შეეძლო დგომა. - შეუძლებელია! - ისე გაიქნია თავი თითქოს აბეზარი ფიქრების მოშორება სურდა. საკუთარი აზრების თავადვე შერცხვა, რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მიუხვდა მამაკაცი, ფაქტზე გამოიჭირა, გაწითლდა ლიკა, დიახ, თხუთმეტი წლის გოგოს მსგავსად გაწითლდა, საშუალება რომ ჰქონოდა, გაიქცეოდა, დაიმალებოდა კიდევაც, მაგრამ... მკლავზე მოჭერილ თითებს დასჩერებოდა და ვეღარ ხვდებოდა სტკიოდა, თუ სიამოვნებდა მისი ძალის შეგრძნება. გიორგი კი, თითოეულ რეაქციას ხარბად აკვირდებოდა, მისი ზედმეტად კმაყოფილი სახით, ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ ზუსტად გრძნობდა ქალში მომხდარ გარდატეხას. - არც კი გაბედოთ, - ისევ გასაქცევად შემართული ლიკა მისკენ მიიზიდა - მე მიყურეთ, თვალებში მიყურეთ! - მამაკაცის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა, აღარც ფართხალებდა, აღარც გასხლტომას ცდილობდა, უმზერდა თავზე წამომდგარ ახმახს, საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა ქალს, რატომღაც თვალები ცრემლებით აევსო. რა სჭირდა? მუდამ ძლიერს, საკუთარი უსუსურობა აღიზიანებდა, რა ჯანდაბას უკეთებდა ეს კაცი? ასე როგორ მონუსხა? - გიპნოზს მიკეთებთ?! - გააზრება ვერც კი მოასწრო, ისე წამოროშა პირველივე რაც ენაზე მოადგა. რეაქციაც შესაბამისი მოჰყვა, გიორგიმ სიცილი ვეღარ შეიკავა, ხმამაღლა ახარხარდა და როგორც იქნა ხელიც გაუშვა: - თქვენთან კაცი არ მოიწყენს! - სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს!... - თვალი ჩაუკრა თავისუფლების შეგრძნებით გათამამებულმა ქალმა. - გამახსენეთ, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მადლობას აუცილებლად გადაგიხდით... - ისევ ხარხარებდა გიორგი. - სიამოვნებით შეგახსენებთ... - ისევ კეკლუცის ხასიათზე იყო ლიკა - „ზედმეტი არ მოგივიდეს!“- დანაშაულში გამოჭერილივით, დატუქსა საკუთარი თავი - თოვას უმატებს, ჩვენი წასვლის დროა!... - დასერიოზულებულმა გამოუცხადა ისევ ეშმაკურად მომღიმარ გიორგის. ამჯერად ორივენი გვერდი-გვერდ ყოველგვარი შეჯიბრისა და ზედმეტი მოქმედებების გარეშე მოცურავდნენ. უყვარდა ლიკას სრიალი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრიალის დროს ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი, მოცურავდა და ზემოდან კმაყოფილი, სახეგაბრწყინებული გადმოსცქეროდა კანატკებთან შეკრებილ ხალხს. გიორგი? მოცურავდა და უმზერდა გვერდით მდგომს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავადაც ბოლომდე გრძნობდა ქალში მომხდარ გარდასახვას, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ შესაძლებელი იყო გრძნობებისა და ემოციების ასე გამოხატვა. ცხოვრებაში პირველად შურდა ვიღაცის, დიახ, შურდა, ქალის რომელსაც სიცოცხლით ტკბობის უნარი ჰქონდა. როგორც იქნა ჩამოვიდნენ და ბათინკებზე მიმაგრებული თხილამურებიც მოიხსნეს. - ჩვენები სად არიან?! - ბავშვებს ეძებდა ლიკა. - ლევანს მათი რესტორანში წაყვანა უნდოდა, ეტყობა შეასრულა პირობა. - უდარდელი ტონით ისე გამოუცხადა მამაკაცმა, თითქოს მეგობართან ერთად წინასწარ თავად არ დაეგეგმა მათი იქ წაყვანა. - რესტორანში?!... იცოდი? მე რატომ არ მითხარით? - უკმაყოფილოდ გაებზარა ხმა ლიკას. - რა, უარს ეტყოდი? არ გაუშვებდი?! - ავტომობილიდან ფეხზე ჩასაცმელს მაინც ამოვიღებდი, ასე როგორ ვიარო?!... - ხელში მოუხერხებლად დაჭერილ თხილამურებს შუბლშეკრულმა გახედა ქალი. - არაფერია, მე წამოვიღებ... - მისი თხილამურებიც გამოართვა გიორგიმ და საკუთარ წყვილთან ერთად მსუბუქად გადაიდო მხარზე: - შორს არ არიან, როგორმე მივალთ... - ამ ჯოჯოებით? - ამჯერად უხეშ ბათინკებს დაჰყურებდა და ისევ წუწუნებდა ლიკა. - თქვენს ჩექმებს კიდევ ეგ ბათუნკები სჯობს... - ირონია შეერია ხმაში გიორგის. - ვერ გავიგე? ჩემს ჩექმებს რას უწუნებთ ვითომ?! - გვერდულად გამოხედა მისი რეპლიკით განაწყენებულმა ლიკამ. - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წარა - მარა ფეხი გიცურავთ და წაქცევის კანდიდატი ხართ, სხვას არაფერს... - სიცილს ვეღარ იკავებდა გიორგი. - რას ამბობთ, მაგ ჩექმების გამო ფასდაკლებას ორი სეზონი ველოდი... - აშკარად შემოგატყუეს, მე შენს ადგილზე საყვედურს გამოვუცხადებდი მწარმოებელს... - თვალი ჩაუკრა გიორგიმ. - საყვედურს?!.. რისთვის პადუშის ძირიანი ჩექმებით თოვლში დავდიოდი და ფეხი მიცურავდა მეთქი?! მინიმუმ გიჟად ჩამთვლიან... - მაგაში ახალი არაფერი იქნება, თუმცა... - ისევ ფხუკუნებდა მამაკაცი. - ჯერ ის არ მიპატიებია, ნახევარი ბაკურიანის გავლა ამ საზიზღარი ბათინკებით რომ მიწევს, თქვენს ადგილზე, მსგავსი უხამსი რეპლიკებისგან თავს შევიკავებდი... - მკაცრად გამოუცხადა ლიკამ. - უკაცრავად, ქალბატონო ლიკა, თქვენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია, მით უმეტეს, რომ სახალხოდ ერთი ბოდიში ისედაც მოსახდელი მაქვს... - ქალის მსგავსად თავადაც თქვენობით მიმართვის ფორმაზე გადავიდა გიორგი. - კარგით, დაივიწყეთ, მაგ ბოდიშის მოხდისგან მგონი გიხსნით, თუ ამ დაღმართის ჩავლაში დამეხმარებით... - შუბლშეჭმუხნილი უმზერდა ლიკა საკმაოდ მოლიპულ ფერდობს. - მაგ მცირედზე როგორ დაგზარდები, ჩემი მკლავი და... - ჩემი ხელები... - სიცილით გამოსდო ხელკავი ლიკამ მამაკაცს. სრიალ-სრიალითა და ფხუკუნ-ფხუკუნით ჩამოიყვანა ფერდობზე გიორგიმ. - უღრმესი მადლობა! - რევერანსით მოუხადა მადლობა ლიკამ, როგორც კი ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო. - მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ! - თავაზიანობაში არც მეწყვილე ჩამორჩა - თუმცა ისევ ხელკავით სიარული სჯობდა, თბილად მოვდიოდი... - ეხამუშა ლიკას მოშორებით დგომა გიორგის. - თქვენთვის ცოტა ნაადრევია სითბოს დევნა, აშკარად არ ხართ იმ ასაკში... - მხიარულად კისკისებდა ლიკა. - უკაცრავად, დამავიწყდა, თქვენ ხომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ! - სიცილში აჰყვა გიორგიც. - ეტყობა მომღერლებიც დაიქირავეს... - როგორც იქნა მივიდნენ რესტორნამდე მისულებს გარეთაც კი ესმოდათ დარბაზიდან მომავალი ტაშ-ფანდურისა და სიმღერის ხმა. - მაგათ მომღერლები რათ უნდათ, ჩვენი ბავშვები არიან... - სახე გაებადრა ლიკას. ჩვენს ხუთეულს გარშემო მჯდომი ხალხიც მიმატებოდა, გიგა და ტატო „ტაში ბიჭო, გიორგუნა“-ს მაგიდაზევე უკრავდნენ, სოფო, ანი და ლევანი ბოლო ხმაზე მღეროდნენ, საბა და მარიამი კი ჩვეულებისამებრ ხალხისგან შეკრულ წრეში ცეკვავდნენ. ტაშის გუგუნსა და ოვაციებში ვერც კი შენიშნეს როგორ წამოადგნენ თავზე ლიკა და გიორგიც. ერთი კი გადახედა უხერხულად აწურულ ქალიშვილს გიორგიმ, თუმცა ხმა არ ამოუღია, ლევანს ავტომობილის გასაღები გამოართვა და გარეთ გავიდა. - კარგად ხარ?!... - ავტომობილის სალოში მჯდომს თავზე წამოდგა ლიკა. - არაფერი, ფეხზე გამოცვლა თუ გსურთ, თქვენი ჩექმები საბარგულში აწყვია... - ქალისთვის არც კი შეუხედავს, ღრენით უთხრა გიორგიმ. - ბავშვებს საღამოს ნუ ჩააშხამებთ!... - მამაკაცის უხეში ტონის აშკარად ეწყინა ქალს. - ეგ რომ არ მინდოდა, ამიტომაც გამოვედი... - ტკივილისგან ხმა გაბზარვოდა გიორგის. - ასეთი ძნელია? - იმხელა თანაგრძნობით უმზერდა ლიკა, უნებურად გაეღიმა კაცს. - სამწუხაროდ... ჩემზე ნუ ღელავთ, შედით ბავშვებთან, მე კი აქ დაგელოდებით... - დარწმუნებული ხარ? - ისევ ყოყმანობდა ქალი. - კი... - ამჯერად გულღიად გაუღიმა გიორგიმ - უბრალოდ დრო მჭირდება, სულ ცოტა დრო... ამდენი ტაშ-ფანდურითა და ერთმანეთის დევნით, დაღლილ- დაქანცულები საკმაოდ გვიან დაიშალნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა უთხრა სასტუმრომდე მე გამოვაცილებო, გიორგი პირობისამებრ მაინც მოთმინებით იცდიდა გარეთ. როდის-როდის დაეძინათ ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში ირმას და ლიკას ნამდვილად ეგონათ რომ ეძინათ. შუა ღამისას მობილურის ეკრანმა ციმციმით ამცნო მარიამს, ბიჭების ზარის შესახებ. - ალო! - ჩურჩულით უპასუხა და გვერდით მწოლიარე დედას ცალი თვალით გადახედა. - ბებრებო, გძინავთ! - გოგონას მსგავსად რატომღაც ტელეფონის მეორე მხრიდანაც ჩურჩულებდა საბა, თითქოს ეშინოდა მისი ხმა ლიკას არ გაეგო. - არა.. ბებერი შენ ხარ!. - მოგვიანებით გაიაზრა ვაჟის ნათქვამი და ღრენით უპასუხა მარიამმა. - მიდი, ჩამოდით რა... ჯოკერში ერთი გვაკლია... - გოგონას ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შეეხვეწა საბა. - სოფო, სოფო!... - რამდენიმეჯერ ჩურჩულით დაუძახა გვერდით ლოგინში მძინარე მეგობარს, თუმცა რადგან ვერაფერი გააგებინა, მასთან გადაძვრა და მსუბუქად შეეხო. - მმმ... - გაურკვეველი ბგერები ამოუშვა გოგონამ. - ბიჭებმა ჩამოდით, გავერთოთო! გართობის გაგონებაზე ისე სწრაფად წამოჯდა ნახევრად მძინარე, თმებაჩეჩილი სოფო, რომ მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ჩუმად აფხუკუნდა. - რა გაცინებს, დებილო, ლიკას გააღვიძებ! - უცებ მოვიდა გონს სოფო და აფხუკუნებულ დაქალს პირზე ბალიში დააფარა. - მომაშორე ეგ ტომარა, გავიგუდები, სულელო! - სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა მარიამი. - არასერიოზულო ადამიანო!... - მარიამის შემხედვარე სოფოსაც ეღიმებოდა - ერთი თუ გაკლიათ, ორს როგორ გვეპატიჟებით?! - მარიამის კისკისისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ეშმაკურად ჩასძახა ტელეფონში საბას. - ორს - არა, სამს, ანისაც მივწერეთ... - ამჯერად ტატოს ხმაც გაიგონეს გოგონებმა. - ანის?! ისიც ჩამოვა? - გაოცებულმა შეხედა მასზე არანაკლებ გაოცებულ მეგობარს. - თუ გოგოები ჩამოვლენო... ეეე... მიდით რა... - ამჯერად ტატო გადავიდა ხვეწნაზე - ჩამოდით რა... - ჩამოდით, ჩამოდით, ნუ დაიდებთ ამათ ცოდვას!... - აროხროხდა გიგაც და ვიდრე ოთახიდან გავარდებოდა ტატოს მოქნეული ბალიშიც მოხვდა. - მიდით, მიდით... ჯოკერს არა, მაგრამ სხვა რამეს მოვიფიქრებთ, გავერთობით, რა... - ისევ ჩასვლას ეხვეწებოდა საბა. - კარგით, ანის შევძახებთ და... შეძლებისდაგვარად ჩუმად ემზადებოდნენ გოგონები, ფეხაკრეფით გამოვიდნენ საძინებლიდან, ის-ის იყო ნომრიდან უნდა გამოსულიყვნენ, რომ თავზე წამოადგათ ჟანდარმივით გაჯგიმული, დოინჯშემორტყმული ლიკა: - სად მიძვრებით ამ შუა ღამისას?! - მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტნენ გოგონები. - მეე?! ჩვეენ?!... - ერთმანეთის ყურებაში ვეღარ მოიფიქრეს სათქმელი, პასუხებში აირივნენ ორივენი. - დე... გემუდარები, გეხვეწები, გაგვიშვი რა!.... - სად მიდიხართ მეთქი?! - მუდამ მხიარულს, ამჯერად ტონი ცივი და მკაცრი ჰქონდა ლიკას. - ანიც მოდის, ბიჭებმა ვითამაშოთო... - ისევ სიმართლის თქმა ამჯობინა მარიამმა. - ვერ გავიგე?! გაგიჟდით?! საკუთარ მოქმედებებს ანგარიშს უწევთ?! - დე... რა მოხდა რა... მალე ამოვალთ! - ვის ეპარებოდით?! თავმოყვარეობა დაკარგეთ?! შუა ღამისას, ბიჭებთან ნომერში, რა ჯანდაბა გინდათ?!... - სიბრაზისგან ცახცახებდა ლიკა. - ლიკა დეიდა, დედას გეფიცებით, ცუდს არაფერს!... - არ მაინტერესებს! - ქალის გაცოფებული თვალების დანახვაზე ხმა ჩაუწყდა სოფოს. - რა ხდება?! - შესასვლელში მოკამათეებს ამჯერად ირმა წამოადგათ თავზე. - მასწ... ცუდი არაფერი გვინდოდა, უბრალოდ... - სლუკუნებდა მარიამი. - უბრალოდ, დღევანდელი გართობა არ ეყოთ, ისევ თამაში მოუნდათ!... - ისეთი საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა ლიკა შვილს, რომ სოფომ და ირმამაც კი თვალი აარიდეს. გქონიათ ისეთი მომენტი, როცა მხოლოდ მზერაც კი გკლავს, როცა გრძნობ რომ ვიღაცას ზედმეტად ატკინე, თითქოს იმედი გაუცრუე. განა რა ჩაიდინეს ასეთი?! ვერაფრით ხვდებოდნენ გოგოები ასე ძლიერ რა აწყენინეს ლიკას, ცუდი ხომ არაფერი უნდოდათ, უბრალოდ... მაგრამ ეს უბრალოდ იმდენად მწარე გადასაყლაპი აღმოჩნდა. - ასე ნუ მიყურებ, დე... გთხოვ! - ხმა გაბზარული ცრემლებს ვეღარ იკავებდა მარიამი. მისი ცრემლების დანახვაზე ნიკაპი აუკანკალდა ლიკას, თუმცა თავის შეკავება შეძლო. - გგონია ვერ ვხვდები რა ხდება თქვენს თავს? გგონიათ მხოლოდ თქვენ გიყვართ?! ყველაზე რთულსა და სახიფათო ასაკში ხართ... წამი, სულ რაღაც ერთი წამია საკმარისი თქვენი ცხოვრების მიმართულების შესაცვლელად... გგონიათ მხოლოდ თქვენ იცით რა არის ვნება?! - ჩვენ ხომ მსგავსი არაფერი... - ისევ ლუღლუღებდა მარიამი. ირმას ისე უმზერდნენ ბავშვები თითქოს ხსნას მისგან ელოდნენ: - თქვენი გაღვიძება არ გვინდოდა, არ გვეგონა ასე თუ გაბრაზდებოდით!... ისეთი რა ჩავიდინეთ?! - ისევ მეგობარს ესარჩლებოდა სოფო. - პატარა აღარ ხარ, კარგად შემომხედე, დამაკვირდი.... ვიცი, რომ ძნელია სხვის შეცდომებზე სწავლა, მაგრამ... საკუთარ თავს ოდნავ მაინც თუ არ დააფასებ, ასე იოლად ხელმისაწვდომი თუ იქნები, ერთ დღეს უბრალოდ გადაგთელავენ და მოგისვრიან.. - საბა, ასე არ... საბა არ... - ხმა ჩაუწყდა მარიამს. - როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეთ, ღირსებას ნუ დაკარგავთ! - აბუქებ... ჩვენ უღირსი არაფერი ჩაგვიდენია!... - დედის სიტყვები აშკარად ეწყინა მარიამს. - ბევრჯერ არც მეცინება, მაგრამ მაინც სულელივით ვიცინივარ, ვცდილობ გვერდით გედგე, შენთან ვიყო ნებისმიერ დროს, არ გაყვედრი, ან როგორ დაგაყვედრი? გენდობი, მარიამ, საკუთარ თავზე მეტადაც კი... ასე გაპარვას მერჩია გეთქვა, უბრალოდ გაგეფრთხილებინა, არ მინდა ჩემი ნდობით ბოროტად სარგებლობდე!... - მეტი აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ შეიკეტა ლიკა საძინებელში. - მასწ... დედას გეფიცებით მსგავსი არაფერი გვიფიქრია!... - ისევ სლუკუნებდა მარიამი. - გასაგებია, მაგრამ დედაშენისაც უნდა გაიგო, ეშინია... - კი, მაგრამ რის?! - ისე იკითხა სოფომ თითქოს მართლა ვერ მიხვდა რამ გააღიზიანა ლიკა. - ვერც ხვდებით?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ირმას -დავიჯერო მართლა ვერ მიხვდით? ჩუმად იპარებოდით, გვატყუებდით... რატომ?!... ამიხსენით! რამე დაგიშალეთ, რამით შეგზღუდეთ?! გამარკვიეთ?!... - სიბრაზეს ვეღარ მალავდა ქალი. - მასწ, გემუდარებით რა... სულ ხუთი დღით ვართ ჩამოსული, რა დაშავდება ცოტას თუ... - შენც ასე ფიქრობ? არაფერი დაშავდა?! - გამომცდელად შეხედა თავდახრილ მარიამს - ყველაზე შეურაცყმყოფელი ადამიანისთვის ტყუილია, თუ გინდა საყვარელ ადამიანს ატკინო, უნდა მოატყუო... - ჩვენ არ მოგვიტყუებია, უბრალოდ... - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს მარიამი. - თან ხომ არსებობს უწყინარი ტყუილიც?! - თვალებში ჭინკები უხტოდა სოფოს. მათი შემხედვარე ღიმილი გაეპარა სახეზე ირმას: - თქვენ თუ ასე ფიქრობთ... იყოს თქვენებურად, ალბათ ჩვენ ვცდებით, მიბრძანდით, გაერთეთ... - ირონიულად გაუღიმა ქალმა და თავადაც მის ოთახში შეიკეტა - ოღონდ, ხვალ კონცერტი რომ გაქვთ არ დაგავიწყდეთ! ცხვირწინ მოკეტილ საძინებლების კარებებს უყურებდნენ იქვე ატუზული ბავშვები. - მარიამ... - მუდარით უმზერდა სოფო. - არა, მართლა ეწყინებათ! - ეეეჰჰჰ... - ხელი ჩაიქნია სოფომ და ფეხების ფრატუნით შევიდა საძინებელში. - ირმამ და ლიკამ, არაოოო... - ნაღვლიანი ღიმილიც მიაყოლა მესიჯს მარიამმა და თავადაც უკან მიჰყვა მეგობარს. - მაპატიე, თუ ზედმეტი მომივიდა! - გვერდით მიწოლილ შვილს მოეხვია ლიკა. - დე.., მიყვარხარ... - შვილის ცრემლები ხელზე იგრძნო ქალმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.