ნუ წახვალ (1)
სიმწვანეში ჩაფლულ ყვითელ, სამსართულიან, თეთრაივნებიან კორპუსს ვუყურებ და ორი დიდი ჩანთის სიმძიმეს თითქოს ვეღარ ვგრძნობ. ჩემი სახლი მესამე სართულზეა. მასაც დანარჩენებივით თეთრი რკინის ორნამენტებიანი აივანი აქვს, რომელსაც მხრებგაშლილი და მაღლა აზიდული ნაძვის ერთი დიდი ტოტი სახურავივით გადაჰფარებია. წინასწარ ვგრძნობ, რომ მე და ტოტი დავმეგობრდებით. უკნიდან მშობლების ხმა მესმის, ჩემს დასთან ერთად მანქანიდან ჩემს ბარგს ალაგებენ. -ნინი, მოდი დე, გასაღები გამომართვი და ეგ ორი ჩანთა ზემოთ აიტანე-მეძახის დედა. ჩემი სახელი მაფხიზლებს. ვტრიალდები, სახლის გასაღებს ვიღებ და კიბეებს მაღლა მივუყვები. რკინის კარს ადვილად ვაღებ და ფართო, მზიან, დიდფანჯრებიან ოთახს ვხედავ. ვიტრინიდან წინა ბაღი მწვანე ტყესავით მოჩანს- ტოტებით, ფოთლებით და აშოლტილი ხეებით. სახლი დიდი არაა, ერთი საერთო ოთახია, რომელშიც შესვლისთანავე ხვდები. მასაც მზისფერი კედლები აქვს. სამზარეულოც ამ ოთახშივეა, სივრციდან ბარითაა გამოყოფილი. მარჯვნივ ერთი საძინებელია, სასიამოვნო ცისფერი კედლებით და თეთრი ავეჯით. სააბაზანოც მომწონს. ყველაფერი გემოვნებით და უბრალოდაა მოწყობილი. რაც მთავარია, სივრცე იგრძნობა. ყველაზე მეტად აივანი მხიბლავს. ნაძვის ტოტი მზისგან იცავს, ასე რომ მის ერთ ნახევარში სასიამოვნო ჩრდილია. უკვე წარმოვიდგინე, ფუმფულა პუფში როგორ ჩავეფლობი და ჭიქა ჩაით როგორ გავიყვან დროს, თუ რა თქმა უნდა ამის ფუფუნება მექნება. დათვალიერება დიდხანს არ დამცალდა, უკვე მომესმა კიბეებზე ფეხის ხმა და მალევე ჩანთებით დატვირთული დედა, მამა და ჩემი უმცროსი და შემოვიდნენ. სახლი სასიამოვნო ხმაურმა აავსო. -აბა, როგორ მოგწონს?-ენერგიულად მოავლო თვალი გიამ ყველაფერს და ცალი ხელით კედელს მიეყრდნო. -საოცარია. მართლა, ზუსტად ჩემი გემოვნებისაა. მადლობა მა-ვუღიმი და ვხედავ, როგორ ახარებს ჩემი სიტყვები. -აუ, მეც არ ვიტყოდი აქ გადმოსვლაზე უარს-ჩვეულ წუწუნის რეჟიმშია სესილი-კიდევ ერთი წელი რა გაუძლებს -თუ გამოცდებს კარგად ჩააბარებ, იმ შემთხვევაში. ასე რომ, შეამზადე თავი-ეღიმება დედაჩემს და დოინჯშემოწყობილი ზვერავს სიტუაციას-მოდი, დალაგება სამზარეულოდან დავიწყოთ-ასკვნის ცოტა ფიქრის შემდეგ და იქვე დადებულ ყუთს წვდება-რას უდგახართ? თუ თავისით დალაგდება? ღმერთს დახმარებას ვთხოვ და მეორე ყუთისკენ მივლასლასებ. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავაბარე. ისე, ქუთაისში ვცხოვრობთ.მართალია, ემოციურ დონეზე ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, თუ რას ნიშნავს ოჯახის დატოვება და მარტო ცხოვრება, მაგრამ თავს ვამზადებ და ვფიქრობ, მალევე მივხვდები. მშობლები დღესვე უნდა წავიდნენ, მაგრამ თამუნა თავისას არ იშლის და ვიდრე ძირითად ბარგს არ მალაგებინებს, მანამდე ფეხსაც არ იცვლის. როგორც იქნა დგება წასვლის მომენტი. ემოციას, რომელსაც აქამდე ვაკავებდი, უკვე ვაძლევ გონებამდე მიღწევის საშუალებას. ჯერ მამას ვეხუტები, რომელიც თავის ძლიერ ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის. -აბა შენ იცი მამი.. სესილი ჯერ ზედმეტი სენტიმენტების გამოვლინებაში გვდებს ბრალს, მაგრამ როდესაც აცრემლებული თვალებით მას ვწვდები და გულში ვიკრავ, ჩუმდება და მთელი ძალით მეკვრის. -როგორ გავძლო უშენოდ, მითხარი ერთი-ვსლუკუნებ მე და თან თმებს ვუჩეჩავ. -მშვიდად მაინც ისუნთქებ-ცდილობს მხნეობა არ დაკარგოს და უცნაურად დაბოხებული ხმით მომმართავს. დედასთან ყველაზე ემოციურია დამშვიდობება. ვერ ველევი მის სითბოს, მის მზრუნველობას და სიყვარულს, რომელიც მის აურას თან ახლავს. ასე მგონია, თუ წავა სიცივე წამლეკავს. ჩემთვის მზესავითაა, თბილი და მაცოცხლებელი. ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია წასვლის ტკივილი და განშორება. ბოლოს და ბოლოს დგება მომენტი, როდესაც კარი უნდა დავხურო. გამოფიტული და დასევდიანებული ვჯდები სავარძელზე და ცრემლებს თვალებიდან ჩამოცურების საშუალებას ვაძლევ. მერე მეღიმება. ვიღიმი და მონატრებასთან ერთად ჩემს გულში იმედის პატარა ყლორტი იწყებს აღმოცენებას. მალევე იზრდება და უკვე ხვალინდელ დღეს ვხედავ. ორივე ხელით ვიმშრალებ თვალებს, ვდგები და მიუხედავად უცნაური სიმძიმისა მუცელში, ტანსაცმლის და ჩემი ნივთების დახარისხებაზე გადამაქვს ყურადღება. საღამოს ჩემს ფუმფულა სკამთან ერთად აივანზე მოვკალათდი. ცოტას ვღელავ ხვალინდელის გამო. ვინ არ ნერვიულობს პირველ დღეზე:სკოლა იქნება ეს, უნივერსიტეტი თუ სამსახური, არ აქვს მნიშვნელობა. გვერდით დადებული მობილური მოულოდნელად რეკავს, ეკრანზე კი ჩემი ნათლიის, მერიკოს სახელს ვკითხულობ. -ვის გავახსენდიო?-ვუცინი ტელეფონში და მისი ბედნიერი, აჟიტირებული ხმის მოსმენა მეც კარგ ხასიათზე მაყენებს. -ნინიკოო, რა გავიგე ეს, ჩამოხვედი და არ შემეხმიანე ? -მერო, ვერ მოვახერხე, მგზავრობას და დალაგებას მეხუმრები შენ?-ვიწყებ თავის მართლებას. -ხოდა, თუ გინდა მაგ დანაშაულის გამოსყიდვა, ახლავე ჩაიცვი და ჩემთან გამოდი-კატეგორიული ტონი აქვს. -შენ რომ იცოდე როგორი დაღლილი ვარ.. -და დავინტერესდი?-ეცინება-გელოდები, რამდენი ხანია არ მინახიხარ ჩემო ტკბილო..-დნება ტელეფონში ჩემი ნათლია, დაქალი, დედა და მეორე და. -ოხ მერიკო, შენ თუ ვინმეს შეუჩნდი, დამთავრებულია რა-ვტყდები და სკამიდან ვიზლაზნები. -აი, ხომ ვიცოდი, გელოდები აბა, არ მაცდევინო დიდხანს-აყრის სიტყვებს ტელეფონში და მითიშავს. მეღიმება. ნათლიაჩემს გაზრდა არ უწერია. ჩემზე მხოლოდ ხუთი წლითაა უფროსი. წინა წელს გათხოვდა და ახლა ორსულადაა. მისი ქმარი, გუკაც საოცრად საყვარელია. ჩემი ორი პოზიტივის გახსენებისას საერთოდ მიქრება დაღლილობის შეგრძნება და დიდ თეთრ კარადას ხალისიანად ვაღებ. ლამაზ, გაშლილ მუქ ლურჯ სარაფანს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. ქალაქის ხმაურს მიჩვეული ვარ, თუმცა საღამოობით ჩემი ქუთაისი ბევრად უფრო წყნარია, ვიდრე თბილისი. მერის სახლი ჩემგან არც ისე შორსაა. გუმანით ვხვდები, რომ ფეხით დაახლოებით ნახევარ საათში მივალ და საღამოს გასეირნებაზე ჩემს თავს უარს ვერ ვეუბნები. სიგრილეა. ოდნავ ნიავი უბერავს და მეც სასიამოვნოდ გაბრუებული მივაბიჯებ ქუჩაში. ვხვდები, რომ რაღაც მაკლია და სრული იდილიისთვის ჩანთაში ყურსასმენების მოსაძებნად ვიქექები. გარშემო ყურადღებას აღარაფერს ვაქცევ . უეცრად მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მესმის, გვერდზე გახედვასაც ვერ ვასწრებ, ისე ვგრძნობ ფეხში საშინელ ტკივილს და რამდენიმე წამში ცას ასფალტიდან ავყურებ. წამებში ვიაზრებ რაც მოხდა და მაშინვე მიმძაფრდება ტკივილი წვივზე, რომელიც იმდენად მწარეა, რომ თვალები უკითხავად მევსება ცრემლებით. ხალხი გარს მეხვევა და მეკითხებიან როგორ ვარ. მანქანა აღარსად ჩანს. -უნამუსო, მოეკითხა მაინც, იქნებ მოკლა ვინმე-ისმის ქალის კაპასი ხმა. -შვილო, თავი ხომ არ დაგირტყამს? -არა, ფეხი მტკივა-ამოვიკნავლე და წამოჯდომას ვეცადე. -გამატარეთ თუ შეიძლება, ექიმი ვარ-ისმის ახალგაზრდა ბიჭის ხმა და ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეწუხებული დამცქერიან, აქეთ-იქეთ იფანტებიან-არ ადგეთ, შეიძლება საშიში იყოს-მომმართავს იგი. -არაფერი მტკივა, უბრალოდ ფეხი..-ვანიშნებ მარჯვენა წვივზე. მაკვირდება და რაღაცნაირად მისინჯავს. -ალბათ ძვალი გაგებზარა, ან უარეს შემთხვევაში მოტეხილობა შეიძლება იყოს..-ყურადღებიანი მზერით მათვალიერებს. -დიდი მადლობა, კარგად ვარ-ვანიშნებ უკვე კანტი-კუნტად შემორჩენილ ადამიანებს და ისინიც თავის გზაზე მიდიან, მერე კი ისევ ჩემს დამხმარე ექიმს ვუბრუნდები. -შეგიძლიათ წამოდგომაში დამეხმაროთ? -რათქმაუნდა-მეუბნება და ძალიან მსუბუქად ავყავარ თითქმის ხელში. მის მხარს ვეყრდნობი და ვცდილობ, ნატკენი ფეხით გავიარო. თან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ სრულიად უცხო ადამიანთან. -თუ გტკივა, ჯობია არ დაიძაბო, სადმე შორს მიდიხარ?-მეკითხება სასიამოვნო, სუფთა ხმით და პასუხს ელის. -არც ისე, აქვე მივდიოდი, მგონი ჩემითაც შევძლებ, არამგონია მოტეხილი იყოს. -ხომ არ ჯობს, კლინიკაში გაიარო? შორს არაა, თან მეც გამოგყვები, არ გაგიჭირდება მისვლა. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა ზედმეტად შეგაწუხოთ.. თუ სიარული შემიძლია, მე თვითონ გავალ-ვუღიმი და ვამჩნევ, რომ საკმაოდ სიმპათიური ბიჭია. ჩემზე მაღალია, შავი, უკან გადაყრილი თმა აქვს და ლამაზი თაფლისფერი თვალები. ეცინება და ლოყაზე ფოსოც უჩნდება. -მაინც იქ მივდივარ, დღეს მორიგეობა მაქვს.. მართლა, მე რეზი მქვია. -მაშინ კარგი რეზი, სასიამოვნოა. მე ნინი-მის მხარზე ჩამოკიდებული ნელ-ნელა, კოჭლობით მივუყვებით კლინიკამდე გზას. -იღბლიანი ყოფილხარ, მთლად ბოლომდე ექიმი ვერ, მაგრამ სამედიცინოს სტუდენტი შენთან ახლოს იმყოფებოდა-ეშმაკურად ჩაიცინა და ალმაცერად გამომხედა. -როგორც ჩანს, მომავალი კოლეგა მშვენიერ სიტუაციაში გავიცანი-ვიჯგიმები და სიტუაციის შეფერებას ვცდილობ. -მოიცა.. შენ?-იბნევა. -მეც სამედიცინოზე ვსწავლობ. უფრო სწორად, ხვალიდან ვისწავლი -შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინე-ისევ ისე ეცინება და ისევ ვხედავ მის ლოყაზე ღრმულს, რომელიც საოცრად მიზიდავს. გავიგე, რომ რეზი 21 წლისაა, თან სწავლობს და თან მუშაობს, მომავალი ქირურგია და თბილისში ცხოვრობს. ექიმის თქმით, მოტეხილობა არ იყო, თუმცა დაჟეჟილობასაც დრო სჭირდებოდა. გამაყუჩებელი და კრემიც დამინიშნა. -ყველაფრისთვის დიდი მადლობა რეზი, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-ვუღიმი და დამოუკიდებლად ვცდილობ ნაბიჯის გადადგმას. -ჩემთვისაც, ძალიან.. დარწმუნებული ხარ, რომ სიარული შეგიძლია?-სამედიცინო ფორმა აცვია. ცისფერი. საოცრად უხდება. მის სიტყვებზე დაგვიანებით ვრეაგირებ და თვალები ფორმიდან მასზე გადამაქვს. ვხვდები, რომ შემამჩნია და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილიც არ მრჩება თვალთახედვიდან. -კი, ტაქსის გავაჩერებ და მალე მივალ..-სიმართლე კი ისაა, რომ წასვლა ძალიან არ მინდა. კლინიკა, ფორმა, ნაცნობი გარემო და რეზი ერთად სრულ იდილიას მიქმნიან. -ისე, ნინი.. ხვალ უნივერსიტეტში მეც შემოვივლი, თუ გინდა ან გეცლება, გნახავ და შენი პირველი დღე აღვნიშნოთ-მეუბნება, თავს კარს აყრდნობს და გვერდულად აკვირდება ჩემს რეაქციას. „კიდევ ნახავ“-იაზრებს გონება და ვცდილობ, სახეზე მთელი აღფრთოვანება არ დავიტყო. აი, ღიმილს ვერ ვიკავებ და საკმაოდ ნასიამოვნები ვპასუხობ -მე.. რათქმაუნდა, ალბათ მეცლება. იმედია ჩემი ჯგუფელები ხვალ სადმე არ წავლენ.-ღმერთო, ამდენი სისულელის ერთად თქმას როგორ ახერხებ ნინი. -ა ხო, რათქმაუნდა გაცნობის საღამო იქნება, ბოდიში-თვითონაც იბნევა თუ მეჩვენება?-თუ გინდა სხვა დროს იყოს..-პოულობს გამოსავალს და იმედიანი თვალებით მბურღავს. -აუცილებლად, თუნდაც ზეგ-აღვნიშნავ საერთო ჭეშმარიტებას და ღიმილს კვლავ ვერ ვიკავებ. თვითონაც ყურებამდე ეღიმება და ბოლოს ერთად გვეცინება. ვგრძნობ, როგორ მიხურს ლოყები და უეცრად მოპარული დაბნეულობის გასაფანტად ფეხზე ყურადღების კონცენტრირებას ვცდილობ. -ნომერს ჩავიწერ და შევთანხმდეთ-ნომრებს ვცვლით, ერთმანეთს კიდევ ვუღიმით და როგორც იქნა, ვტრიალდები. ტაქსის მალევე ვაჩერებ და მერიკოს უამრავ უპასუხო ზარს ღიმილით დავცქერი. ესეც შენი სასიამოვნო ნაცნობობა. სახლში ასულს მოკითხვა, ახსნა-განმარტება და ამბების მოყოლა ქანცს მაცლის. როდესაც რეზის ვახსენებ, მერი თვალებს საეჭვოდ ავიწროებს და ამბობს: -აღიარე -რა? წარბების აწევით მანიშნებს, რომ სულელურ კითხვებს მოვრჩე. -არვიცი, ძალიან სასიამოვნო ადამიანია.. -ისევ მისი ღიმილი და ჩაღრმავება მახსენდება ლოყაზე და მეც მეღიმება. -ნინიი, არ არსებობს-ჩემზე მეტად უხარია ჩემს გიჟ ნათლიას და კარის გასაღებად დგება. როგორც ჩანს, გუკა მოვიდა. სახლში შემოსული არ მელოდება და ჯერ ჩერდება, შემდეგ სიხარულისგან სახე ებადრება. -ნინიკო, შენ აქ საიდან? -შენი აზრით, მომასვენებდა მერი? ჯერ არ ჩამოვსულვარ და ხომ ხედავ-მეცინება მე. -ჩემო ლამაზო, როგორ მიხარია..ვატყობ, ხშირად მოგიწევს ჩვენთან ყოფნა-აღნიშნავს და თვალს მერიკოსკენ აპარებს. სამივეს გვეცინება. საღამოს თბილად ვატარებთ. ფეხის ტკივილი ცოტა მაწუხებს, თუმცა ადვილად ვიტან. გვიან კი გუკა მაცილებს სახლამდე მანქანით და დილამდე მკვდარივით მძინავს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.