შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (1)


1-02-2017, 21:37
ავტორი MariamG
ნანახია 6 808

ავტორისაგან :
"ჰილეგი" ანუ სიცოცხლის მიმცემი.
ისტორიის განვითარებას, პერსონაჟების მოქმედებას არ ახლავს ადგილი და მდებარეობა. მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს იქ, სადაც სურს, თუნდაც რეალობის მიღმა.

***
I.
„-გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს სახლიდან გასულს ვიღაც მზერას აგაყოლებს, ნაბიჯების გარეშე მოგყვება და მერე, თავხედურად გაგიჯდება სულში.
ხშირად, ძალიან ხშირად მომჩვენებია, თითქოს ვიღაც მართლაც მომყვებოდა (ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ დიდად არავის ვადარდებდი). ეს აზრი იმდენ ხანს დამჩემდა, ბოლოს სიარულის დროს უკან-უკან შემობრუნება დავიწყე და ცარიელ პარკში, ქუჩაში ან ოთახში, ზურგსუკან ვეძებდი ობიექტს.
ოდესღაც მივხვდი, რომ ასეთი არავინ არსებობდა. ესეც ასე, წესი ნომერი პირველი - კარგი გოგონები არ საჩუქრდებიან! „

***
-ქეთი, საუზმე?! -დარდიანი ეკითხება დედამისი და სამზარეულოს კართან ჩერდება. ჩვეულებისამებრ, ცალ ხელს თეძოზე იდებს, მეორეს კი ინტერესით აცურებს სახეზე. ეცინება მის დაბნეულ მზერაზე, უახლოვდება და კოცნის.
-ნუ ნერვიულობ, დედიკო, გასვლისას ვიყიდი! -არაფერს ამბობს. იცის, რომ გარეთ არაფერს იყიდის, თუ დრო არ ექნება, საღამომდე ცარიელი კუჭით ივლის. სანამ ქურთუკს აწესრიგებს, ხედავს როგორ "ჩუმად" აპარებს დედა მის ჩანთაში ღვეზელს და ეღიმება. ის ყოველთვის ზრუნავს, საუბრისა და ფუჭი სიტყვების გარეშე, უბრალოდ ფრთის ქვეშ იფარებს და გრძნობს, როგორ ყინავს დედის გულუბრყვილობა.
გარეთ ცივა. ჩვეულებრივი სიცივით კი არა, უჩვეულოდ. ცა ყოველ მხარეს ჩაბნელებულია, დილას ვერ იგრძნობ, ძალდაუტანებლად იღუშება.
ხელებს ჯიბეში იწყობს და ცხვირამდე ძვრება შარფში. ქუჩა ხმაურიანია, როგორც ყოველთვის, ხალხს ვერ გაექცევი. მეტროში რიგები თითქმის შესასვლელიდან იწყება. ხმამაღლა ამოიხვნეშა პროტესტის ნიშნად და "რიგში ჩადგა". ვერ იტანდა მეტროს დახუთულ ჰაერს, თავს აქეთ-იქით აბრუნებდა და სხეულში გამჯდარ დაძაბულობას არაფრად აგდებდა.
-უკაცრავად, გამატარე -მკლავი უხეშად გაჰკრა ვიღაცამ და დასტურს არც დაელოდა, ისე გასწია და გაიარა.
რას არ გადაეყრები, როცა ასეთი დილა თენდება?! მხრები აიჩეჩა და მშვიდად გაიარა, თვალებით ეძებდა ვიღაცას, თუმცა მხოლოდ ის დალანდა, როგორ დაუდევრად შეხტა თითქმის დაძრული მატარებლის კარში და ბრბოში გაუჩინარდა.
რა უცნაურია.

II.
ჩანთიდან დედისგან "ჩუმად" ჩადებული ღვეზელი ამოაძვრინა, მაგიდასთან მოკალათდა და ის-ის იყო გემრიელად სადილობა უნდა დაეწყო, მთელი ტანით შემოგლიჯა კარი მაღალმა ქალმა და სასოწარკვეთილი სახით მიაშტერდა. გაოცებულმა ხელიდან გააგდო ღვეზელი და მისი სახის დანახვისას, წამოხტა.
-კარგად ხართ? -დამფრთხალი ეკითხება და სულ ტყუილად, დასტურის მოლოდინში ენა უვარდება.
-ეს -ნახევრად ჩახსნილ ჩანთას დახედა და ეჭვით აათვალიერა. ჩქარობდა, თან ეტყობოდა, ნერვიულობდა. თვალები დახუჭა და ჩანთიდან რაღაც ამოიღო -ეს წაიღე. არ ვიცი, გადააგდე, დაწვი ან წყალში მოისროლე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის მისცე! -თანხმობას არც კი ელოდება, ისე აჩეჩებს ხელებში მძიმედ შეკრულ, მტევნის სიგრძის ყუთს და ისევე სწრაფად გადის, როგორც მოვიდა.
დაბნეული მისჩერებია ახლახანს ხელში ჩავარდნილ ნივთს და გრძნობს, კანკალებს. ფანჯრისკენ გადაიწია, ხელებს უაზროდ იქნევდა, თუმცა ქალი როგორც მოვიდა, ისევე აორთქლდა.

სახლში მისული ერთიანად ფერდაკარგული დაეშვა დივანზე და ჩართულ ტელევიზორს მიაჩერდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს საშინელი ამბის დასასრულს წერდა და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, რა მოხდებოდა. სამზარეულოსკენ აპარებს თვალს, დედამისი ჯერ კიდევ ვახშმის მზადებაშია გართული, ჩანთიდან შეკვრას იღებს, ერთ ხანს უაზროდ მიშტერებია. არაფერს გრძნობს შიშის გარდა. გრძნობა, რომელიც მხოლოდ მაშინ უჩნდებოდა, როცა რაღაც საშინელს გრძნობდა. ორივე ხელით ჩააფრინდა შეკვრას, გაუხსნელად მოუნდა მისი გაგლეჯვა და ყველაფრის ნახვა, რაც კი შიგნით იყო. მაგრამ სხვას ეკუთვნოდა, ეს ნივთი ან ნივთები, სხვისი იყო. გააფრთხილეს, არავისთვის მიეცა. იქნებ, ქალს დეპრესია ჰქონდა, აქ ქმრის ნაჩუქარი სამკაულები იდო და მათი მოშორება მოუნდა? არა! ზედმეტად მარტივი გამოსავალია. ქეთის წითური ქალის შეშლილი, დამფრთხალი და გაფითრებული სახე დაუდგა თვალწინ. გააკანკალა, თითქოს მის გულისცემას ახლა სამზარეულოში მოფუსფუსე დედამისიც ისმენდა.
-რა არის ეს, ქეთი? -დედის ხმაზე კრთება, თავზე კონტროლს იბრუნებს და ძალით უღიმის.
-არაფერია, სამსახურიდან წამოვიღე -თავის დაძვრენა გამოდის. დედამისი მხრებს იჩეჩს და სამზარეულოში ბრუნდება. კიდევ ისმის მისი კითხვები, ალბათ აინტერესებს დღემ როგორ ჩაიარა, თუმცა ქეთიმ ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა ყველაფრის დამალვა, როცა საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე იდგა მძიმე შეკვრით ხელში. არაფერი გამოვიდოდა. ცოტას მოიცდიდა, სამსახურის ტერიტორიას დაზვერავდა, იქნებ ის ქალი კიდევ ეპოვნა სადმე, ან აქეთ მაინც გამოევლო. ხომ შეიძლებოდა, დამშვიდებულიყო და შეკვრის წასაღებად დაბრუნებულიყო. ყველა შესაძლო შემთხვევას ითვალისწინებდა ქეთი. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მის რეალობაში ნამდვილად შემოიჭრა პატარა, მძიმე შეკვრა, რომელიც ან ძალიან ცუდ მოვლენებს უკავშირდებოდა, ან პირიქით - სრულიად უაზრო, გაუმართლებელ და სასაცილო ამბავს.

III.
ქეთის უკონტროლო სიტუაციები არ მოსწონდა. ლოდინი და მოთმენა მხოლოდ მაშინ შეეძლო, თუ თავს ძალას დაატანდა და აიძულებდა, ჩუმად დალოდებოდა ყველაფერს. ორი კვირის განმავლობაში ერთი საათით ადრე გადიოდა სახლიდან, დაახლოებით ნახევარი საათი უაზროდ დადიოდა ტროტუარზე, მეტროებში, მიწის ქვეშა გადასასვლელებში, იმის იმედით, რომ წითურ ქალს ისევ იპოვნიდა. შეკვრა სულ თან ჰქონდა. სახლში რომ დაეტოვებინა, დედამისი დალაგების დროს გამოჩხრეკდა, მერე ცნობისმოყვარეობა შეიპყრობდა, რადგან ქეთის მისთვის არასდროს არაფერი დაუმალავს, არც ნივთები და არც სასაუბრო თემები, თავს უხერხულად არ იგრძნობდა, ჩათვლიდა რომ ქეთის ამანათი იყო და გახსნიდა. მერე? რა მოხდებოდა? ქეთის ამაზე ფიქრი არ უნდოდა. სიმართლე ვთქვათ, ვინ გაიგებდა გახსნიდა თუ არა? როგორ გაიგებდნენ სხვას მისცემდა თუ თვითონ დაიტოვებდა? პოლიციაში რომ მისულიყო და სრულიად უაზრო ნივთი აღმოჩენილიყო, ალბათ გულიდან ლოდიც გადაუგორდებოდა, თუმცა იქნებ... იქნებ სწორედ იმიტომ მოუგდეს, რომ პოლიციისთვის „სასარგებლო“ და კვალის ასაღებად საჭირო ნივთი იყო? გაჩერებაზე იდგა. ფიქრისგან თავი უსკდებოდა. დაფაზე ოცი წუთი გამოსახულიყო. ნამდვილად არ შეეძლო სიცივეში ლოდინი, თანაც წინა დღის პროგნოზით, დღეს ალბათ თოვას დაიწყებდა. სანამ ყველა უბედურებას გაციება მოჰყვებოდა, ჯობდა საძულველი მეტროსკენ წასულიყო.
ზედმეტად უცნაურად გამოიყურებოდა მეტროს დიდი, დახუთული და ოფლის, სხვადასხვა სუნამოს სუნად აყროლებული შენობა. მეტროში სხვა დროს გახსნილი პატარ-პატარა მაღაზიებიც დაეკეტათ. მარცხნივ, ერთ-ერთ აპარატთან წაქცეული ნაგვის ურნა და ვიღაცის საფულე ეგდო. აშკარად მამაკაცის, შავი, ტყავით გაფორმებული, სქელი და ძვირფასი. ქეთი დაბნეული მისჩერებოდა სცენას. ალბათ ქურდობა მოხდა, მაგრამ ასეთი სქელი საფულე რაში გაცვალა ქურდმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საფულეს სტაცებდა ხელს ქეთი, ქურდი რომ ყოფილიყო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდად განიხილა და საკუთარი თავის შერცხვა, რომ საერთოდ ამაზე ფიქრობდა. ერთი წუთით შეეშინდა კიდეც, იქნებ ამ ცარიელ შენობაში, ესკალატორის ბოლოში მართლაც ჩამწკრივებულები ელოდნენ ვინმეს, თუმცა არა, აბსურდი იყო და ქეთის აბსურდული ფიქრებისთვის დრო და ადგილი არ ჰქონდა. ისედაც ისე დაეჩვია არარეალურ რაღაცებზე ფიქრს, ერთ ხანს ფიქრობდა კიდეც, მგონი შელოცვილი შეკვრა დამაქვსო. ფრთხილად დააბიჯა მოძრავ ესკალატორს და ტერიტორია დაზვერა. აშკარად არავინ ელოდა მოსაკლავად, ანდაც გასაქურდად. წამით გაეცინა კიდეც საკუთარ ფიქრებზე, მერე ნელ-ნელა დაიძაბა. ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობილი, შავ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი ზურგით იდგა. ქეთის ისეთი შთაბეჭდილება დარჩა , თითქოს ცუდად იყო, ნაბახუსევზე და გულს ირევდა, თუმცა მამაკაცი აშკარად მყარად იდგა, ან ეკიდებოდა საკუთარ ძლიერ მკლავს. უფრო, სირბილისგან დაღლილს ჰგავდა. იქნებ მისი საფულე ეგდო ზევით? არ იყო გამორიცხული, თუმცა ქეთიმ ენაზე მომდგარი სიტყვები უკანვე გააბრუნა და ჩათვალა, მისი საქმე აქ არაფერი იყო. საპირისპირო მხარეს ჩამოდგა, ტერიტორიას თვალი მოავლო და უფრო მეტად გაოცდა, რძისფერ ქურთუკში გამოწყობილი მაღალი ქალი დაინახა. თითქოს მისი ფიგურა ეცნობოდა, თუმცა ქალი ზურგით იდგა, ცალი ხელი სვეტზე მიებჯინა, როგორც მამაკაცს და თავი დაეხარა. ისე თრთოდა, ქეთიმ იფიქრა, ალბათ ტირისო და წინ გაიხედა, ეჭვები მაშინ გაუმართლდა, ქალის ისტერიული ქვითინი რომ მისწვდა მის ყურს. რატომ იდგა ეს ორი ადამიანი ერთმანეთის საპირისპიროდ თითქმის ერთნაირ პოზაში? დახუთულ ჰაერთან ერთად უხერხულობა იგრძნო. თითქოს ზედმეტიც კი იყო, მაგრამ არა, მუცელი უსიამოვნოდ დაეჭიმა, სწორედ ისე, როგორც რაღაც ცუდის მოლოდინში, როცა გრძნობდა, რომ უნდა წასულიყო, გაჩუმებულიყო, გამქრალიყო ან უბრალოდ თავი აერიდებინა სიტუაციისთვის. მარცხენა მხარეს ორ ქალს მოჰკრა თვალი, წინ მოიწევდნენ და ერთმანეთთან ლაპარაკში ისე იყვნენ გართულები, ალბათ პირში ცეცხლი დაენთებოდათ მალე. მათი საუბარი ქეთის ყურსაც მისწვდა, ისიც კი გაიგონა რა თემაზე საუბრობდნენ, თუმცა უზრდელობად ჩათვალა მოსმენა და მთელი ყურადღება მათ უკან მომავალ მამაკაცზე გადაიტანა, ისიც პალტოში გახვეული, ნელი ნაბიჯით მოიწევდა. ტყავის ხელთათმანიანი ხელით ჩანთა მოჰქონდა, მეორე ხელი მოშიშვლებული ჰქონდა და რაღაც საბუთების მსგავსი ეჭირა. ქეთიმ მცირეოდენი კომფორტი იგრძნო. ორ დეპრესიულ ინდივიდთან მარტო აღარ იყო. სამწუხაროდ, ქალები მეორე მხარეს, მისკენ ზურგით დადგნენ და ალბათ უფრო შორსაც წავიდნენ, ქეთის მათი ხმა აღარ ესმოდა. გვირაბის სიღრმიდან გუგუნის ხმა ისმოდა, ჰაერიც უფრო მეტად დაიორთქლა. შვებით ამოისუნთქა, ცოტაც და აქედან გააღწევდა. სავსე მატარებლის ნახვა ისე არასდროს მონდომებია, როგორც ახლა. ხმა ნელ-ნელა ახლოვდებოდა. წამით თვალი მოჰკრა, ჩანთიან კაცს შიშველ ხელში საბუთები კი არა, ოდნავ აწეული ტელეფონი ეჭირა. პირდაპირ მაღალ ქალს უმიზნებდა. ქეთის ბრაზისგან წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა, არა, ყველაფერს აიტანდა, ყველაფერს გაუძლებდა, მაგრამ ცარიელ მეტროში, გაჭირვებული ქალისთვის გადაღებას ნამდვილად არა! მისკენ დაიძრა, სანამ მატარებელი მოვიდოდა უნდა გაეფრთხილებინა, უცხო მამაკაცი უღებდა, რა თავხედური, მიუღებელი საქციელი იყო. მის ნაცვლად შერცხვა ქეთის და კაცს ისეთი მზერა ესროლა, ლამის ადგილს მიაყინა. ქალისკენ სირბილით წავიდა, უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, თუმცა მკლავზე ხელი მაინც დაადო.
-ქალბატონო, კარგად ხართ? -ქალმა თავი ასწია, ქეთის ჟრუანტელმა დაუარა წითური თმის დანახვაზე. საერთოდ, იმ დღის შემდეგ სძულდა ეს ფერიც, ასეთი თმაც და მაღალი, ლამაზი ქალებიც. ქალმა ათრთოლებული კვნესა ამოაყოლა წელში გასწორებას, ტირილისგან დაწითლებული სახე მოაბრუნდა და ქეთის მიაშტერდა. გოგონას ლამის ფეხები მოეკვეთა. მის წინ იდგა. ქალი, რომელსაც კვირეებია ეძებდა, რომელმაც გაურკვევლობაში ჩააგდო და ახლა მეტროში იდგა, ტიროდა, უფლებას აძლევდა მისთვის გადაეღოთ და ვინ იცის, რა ბედი ჰქონდა, ამ დღესაც სიცარიელეში ატარებდა. ქეთი გამოფხიზლდა, მის მდგომარეობაზე ფიქრის დრო არ იყო. ქალს ხელი მაგრად მოჰკიდა და მზერა მამაკაცისკენ გააპარა. ტელეფონი სხვანაირად ეჭირა, გვირაბს უყურებდა, ვითომ აქ არაფერიო, თუმცა ახლა ქეთიც კარგად ჩანდა კადრში და ამისთვის საკუთარ თავს მადლობას უხდიდა, კიდევ ერთ შარში ყოფდა თავს.
-თქვენ. -ხმა იმაზე მეტად გაბზარვოდა, ვიდრე მოელოდა. -თქვენ მე რაღაც მომეცით, რაც თქვენ გეკუთვნოდათ. -ქალმა ქეთის ხმის გაგონებაზე თვალები მაგრად დახუჭა და ყბები შეკრა. რა უჭირდა ასეთი, რა არ მოსწონდა? ქეთი არ დანებდა.
-ის თუ არ გინდათ, რომ ვინმეს მივცე, დაგიბრუნებთ. ახლაც აქ მაქვს -ქალმა თვალები დენდარტყმულივით გაახილა, ქეთის შემაწუხებელი საყვედურით გახედა და ამოიხავლა.
-არა -ქალმა ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, მაგრად დააჭირა, სისხლმა გამოჟონა კანიდან -წადი! -ქეთის ხელი უხეშად ჰკრა, წაბარბაცდა და ზურგით სვეტს შეეჯახა, სახეზე ჩამოყრილი თმის გადაწევა მოასწრო, მატარებელი საკმაოდ ახლოს იყო, იქნებ შესულიყვნენ და იქ მაინც ესაუბრა? თუმცა არა! ასე მარტივი არ იქნებოდა. ქალმა ჩანთა პირდაპირ ქეთის ფეხებთან მიაგდო, პირდაღებული და შეშინებული სუნთქავდა, ის-ის იყო მატარებლის შუქები დალანდა, უკნიდან მამაკაცის ყვირილი გაისმა, ქეთიმ ინსტიქტურად მიიხედა. ის კაცი იყო, სვეტზე აყუდებული, ერთიანად გაწითლებული და ანერვიულებული. იმ წამს, როცა რაღაცის იმედი გაუჩნდა, სისხლივით იფეთქა ჰაერში ქალის წითურმა ხმამ და მეტროს მომაკვდინებელი სიჩუმე ძვლების ღრჭიალმა შეცვალა.
ქეთიმ ხმამაღლა იყვირა, ხელები თვალებზე აიფარა და სასოწარკვეთილი იქვე დაეცა, ფეხებთან ქალის ჩანთა ეგდო, მასაც სიკვდილის სუნი ჰქონდა, ერთიანად აყროლდა ყველაფერი დაკუწული ხორცის, სისხლის და ძვლების სუნად. ქეთის სმენა დაეხშო, ცრემლით სავსე თვალებიდან არაფერი ჩანდა, ქალების კივილი, მამაკაცის ნერვიული სუნთქვა და საკუთარი ათრთოლებული ხმა, სუნთქვას ამოყოლებული კვნესა სწვდებოდა.

IV.
პოლიციისა და სასწრაფოს პერსონალი აქეთ-იქით დარბოდა. გაჩერებული მატარებლიდან შოკირებული მგზავრები გამოჰყავდათ. უნდოდა თვალი აერიდებინა ნანახისთვის, თუმცა არ გამოსდიოდა. შეხედავდა თუ არა, წამში გული ერეოდა, შინაგანად კანკალებდა და მხრებზე მოხვეულ პლედს ისე ეჭიდებოდა, ძვლებზე კანი ერთიანად გადათეთრებული მოუჩანდა. თავი მოიკლა. მატარებელს შეუვარდა, პირდაპირ მის წინ, ისევ იმ დაწყევლილი შეკვრის გამო. ხომ შეიძლებოდა არ გამოეჩინა ინიციატივა და მისკენ არ წასულიყო, იქნებ ვერც ვერასდროს გაეგო ქალის ვინაობა, მისი სახე კიდევ ერთხელ არ დაენახა და შოკი, რომელიც თხემიდან ტერფამდე სხეულში აუდ-ჩაუდიოდა, უბრალოდ მალე დაევიწყებინა. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ გაითიშა. ბევრი იყვირა, იღრიალა, ვიღაცის შეხებაც კი იგრძნო და გონება დაკარგა. ახლა აქ იჯდა, მეტროს შუაგულში, პლედშემოხვეული და უაზრო დამამშვიდებლებით პირგამოტენილი. ნერვიულად ირწეოდა სკამზე და ტიროდა, ძალით უყურებდა მატარებლის კედელზე შესხმულ სისხლს, თავს ძალას ატანდა ყველაფერი მოესმინა, რასაც დაბნეული ექიმები და გამომძიებლები ამბობდნენ.
-ბატონო, ხომ კარგად ხართ? -შავ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი უახლოვდება მასსავით ჩაცმულ მამაკაცს და მეგობრულად მხარზე ხელს ადებს. ქეთის გონება გაუნათდა, სწორედ ის უღებდა მას და წითურს, მეორე კი ის იყო, მხოლოდ მას შემდეგ რომ გამოჩნდა, როცა ქალი გადახტა და მანამდე, მათ უკან, თავდახრილი იმალებოდა. კაცს არაფერი ეტყობოდა. წარბშეკრული, ჯიბეში ხელებჩაწყობილი მისჩერებოდა ერთი თავით დაბალ კაცს და საპასუხოდ, თავს უქნევდა, მისი ხელიც უხეშად მოიშორა და ქეთისგან ზურგით დადგა. არა, აღარ შეეძლო ამაზე ფიქრი. თავი გაგიჟებამდე სტკიოდა, რეფლექსურად ხუჭავდა თვალებს და საჩვენებელ და შუა თითს საფეთქლებზე მთელი ძალით იჭერდა, გულისცემა ლამის სასიკვდილო სიჩქარეზე ჰქონდა ასული. მხოლოდ კაცის ნერვიული საუბარი ესმოდა. სძულდა. არ იცნობდა და ეზიზღებოდა, თუ ხედავდა რომ ქალი ცუდად იყო, ხომ შეეძლო დახმარებოდა? რატომ არ გაინძრა, როცა ქალი მატარებელს პირდაპირ მის წინ გადაუხტა? ქეთიმ კიდევ ერთხელ ამოიკვნესა. რომელი საათი იყო? ჩანთა სადღაც მიაგდო, ისიც კი არ იცოდა გონებადაკარგული რამდენი ხანი ეგდო იქ, როდის მოვიდა პოლიცია, როდის ან ვისგან შეიტყვეს ეს ამბავი. დედამისს რას ეტყოდა? სახლში ერთიანად გამოფიტული, მკვდარი მზერით როგორ დაენახვებოდა? სისხლი აუდუღდა, ფეხზე წამოიჭრა და წამით მზერა მამაკაცებს შეავლო. მას უყურებდნენ. განსაკუთრებით, ის მაღალი, „ბატონოს“ მოწიწებით რომ ეძახდნენ. ავისმომასწავებელი მზერა თავიდან აიცილა ქეთიმ და მისკენ გამოქანებული გამომძიებელი აათვალიერა.
-ქალბატონო, თქვენ ერთ-ერთი თვითმხილველი ხართ, ჩვენება უნდა მოგვცეთ, ალბათ ეს იცით, ხომ? -ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მთელი მსოფლიოს ზარები ერთმანეთს შემოჰკრეს, ქეთიმ კიდევ ერთხელ გამოაჩინა წარბებს შორის ნაოჭი, ოღონდ იმიტომ რომ თავს ატკიებდა გამომძიებლის ხმა. ხელი ასწია გაჩერების ნიშნად.
-ახლა არა. -ამოილუღლუღა და თვალი მოავლო იქაურობას. მისი ჩანთა არსად ჩანდა, არც ქურთუკი, არც შარფი, არადა თხელი მაისურით იყო, ტკივილთან ერთად სიცივე შემაწუხებლად უქროდა სხეულში.
-მესმის თქვენი, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ -მოჩვენებითი თანაგრძნობით განაგრძო მამაკაცმა.
-იქნებ არ ღირს?! -გაისმა ქეთისთვის აქამდე უცნობი ხმა და თავი მაშინვე ასწია. ის კაცი იდგა, პალტო გაუხდია და ძვირადღირებული კოსტიუმის ამარა დარჩენილიყო.
-ბატონო , ჩემს საქმეს ვაკეთებ -წამში დადნა და კატეგორიულობა ჯანდაბაში მოისროლა გამომძიებელმა.
-ვიცი ლევან, მაგრამ ამას მე მოვაგვარებ. მერწმუნე, ეს გოგო მეგის არ იცნობდა. -ქეთი გაქვავდა. მეგი? ესე იგი, მეგი. სამაგიეროდ, ეს კაცი იცნობდა. ან საერთოდ, რატომ ეჩრებოდა საუბარში? თითქოს გადაავიწყდაო, ისე მოუნდა ამ წამს ყველაფერი მოეყოლა, იმ ქალმა როგორ მისცა საეჭვო შეფუთვა და რა უთხრა, როცა თავს იკლავდა. თუმცა ნათელი იყო, როგორც ჩანდა ამ ბატონსაც იცნობდა ლევანი და მისი რიდიც ჰქონდა. გადაღეღილი ბლოკნოტი ტკაცანით დახურა, კალამი მოარგო და გაუჩინარდა. ქეთიმ მხოლოდ ახლა ახედა წარბშეკრულ მამაკაცს, ურცხვად მიშტერებოდა და ოდნავი პატივისცემა, ან თანაგრძნობაც კი არ ეწერა სახეზე მომხდარის გამო.
-ვინ მოგცათ უფლება ჩემს ნაცვლად გელაპარაკათ? -გამოსცრა ქეთიმ. კაცი არ განძრეულა, თავს ატრიალებდა და ქეთის ათვალიერებდა.
-ამისთვის შენი თანხმობა არ მჭირდება. გინდა ყველაფერი უთხრა ამ გაქუცულ, არაპროფესიონალ ხალხს? -ჩაიფხუკუნა კაცმა და მის უკან მდგომ პალტოიანს რაღაც ანიშნა, ისიც გავარდა და ბატონის პალტო მოიტანა, ჩაცმაში დაეხმარა. -მოდი, დამიმტკიცე რომ კარგი გოგო ხარ და ენას კბილი დააჭირე. -ისეთი ცივი, არაფრისმთქმელი ტონით საუბრობდა, ქეთის შიშის ნაცვლად ზიზღის გრძნობა დაუგროვდა, მყესები დაეჭიმა და თითოეული ჩასუნთქვა სხეულს უწვავდა. გაღიზიანებულმა აათვალიერა მამაკაცი, მის უკან მდგომმა კი ქეთის ჩანთა და ქურთუკი გადააწოდა. თვალები გაუფართოვდა, ტანში გასცრა ტყავის ხელთათმანით ჩაბღუჯული საკუთარი ტანსაცმლის დანახვაზე. უპასუხოდ გამოგლიჯა და გაჩერებული ესკალატორი აირბინა. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა, როგორი უსუსური, დაღლილი და შოკირებული იყო. ქუჩის ბოლოში ასვეტილი საათი საღამოს ექვსს უჩვენებდა. მოასწრებდა. დედის კიდევ ერთხელ მოტყუებას ნამდვილად მოასწრებდა. საკუთარი თავი სძულდა, ტყუილი არასდროს ეთქვა, მუდამ ცდილობდა ისე ეცხოვრა, სამარცხვინო არაფერი გაეკეთებინა. პირველ რიგში კი, ტყუილს ერიდებოდა და მაინც, პირდაპირ სახით შეეჯახა. იქვე, პარკში, ძელსკამზე ჩამოჯდა და ცივი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. გაყინული თითები ისევ საფეთქლებზე მიიჭირა. დედისთვის მეტროს ამბავი რომ მოეყოლა, აუცილებლად ჰკითხავდა იმ ქალისგან რა უნდოდა, ამას კი თავს ვერ აარიდებდა, ესე იგი, შეკვრის ამბავიც უნდა ეთქვა და ისიც, მისი შვილი კვირების განმავლობაში საშიშ საიდუმლოს რომ ატარებდა ჩანთით. არა, ეს აბსურდი იყო. შოკისთვის უფლება არ უნდა მიეცა, რომ ფიქრიში ხელი შეეშალა. იმ უცნობ კაცსაც ისეთი მომთხოვნი, მკაცრი ტონი ჰქონდა. როგორ გაიგებდა, ახლა რომ წასულიყო და ყველაფერი მოეყოლა? მაგრამ რადგან გააფრთხილა, ალბათ შეეძლო კიდეც. ისე კარგად ჩანდა მამაკაცის და პოლიციის ახლო ურთიერთობა, უეჭველი იყო, ეს კაცი კარგი ვინმე ვერ იქნებოდა. „დამიმტკიცე რომ კარგი გოგო ხარ და ენას კბილი დააჭირე“ -არასასიამოვნოდ ამოუტივტივდა გონებაში და ერთიანად აკანკალებულმა დაისვა სახეზე ხელები. ჯერ ერთი, სკოლის მოსწავლე არ იყო, სრულწლოვანების ასაკს დიდი ხნის წინ გადააბიჯა და მეორეც, რომ ეთქვა, ენისთვის კბილი რომ არ დაეჭირა რას უზამდნენ? მოკლავდნენ? თუ ისევე უემოციოდ შემოსძახებდნენ მის სახელს და მერე წელში გამართულები სხვას ეტყოდნენ ენას კბილი დააჭირეო. აშკარა იყო, ქალს,რომელსაც თურმე მეგი ერქვა და კაცს,რომელთანაც ალბათ არ ღირდა ურთიერთობა, რაღაც აკავშირებდათ და ეს პირდაპირ მიდიოდა იმ პაწაწინა ამანათისკენ, რომელიც ჩანთაში ედო. ამანათი! ელვის სისწრაფით გაიმართა და ჩანთის ელვას დასწვდა, ხომ შეიძლებოდა ეჭვი გასჩენოდათ და ამოეცალათ? თანაც იმ ხელთათმანიანმა კაცმა მოაწოდა. ის-ის იყო ჩანთა უნდა გადაეხსნა და ნივთი მოეძებნა, დაბალი ჩრდილი დაეცა მის ფეხებთან და ერთიანად ათრთოლებულმა შეკრა ჩანთის ელვა. მძიმედ გადაუშვა ჰაერი ფილტვებში და მამაკაცს ახედა. უკან როგორც ქეთი ელოდა, ის გაქუცული კაცი მოჰყვებოდა. მამაკაცი უემოციო, ცივი სახით იჯდა, არც თვალებში ეტყობოდა რამე და არც ნაკვთებზე, თითქოს გაყინული ფიგურა იყო. ერთი წამით ეჭვიც კი შეეპარა, საერთოდ გული რომ ჰქონდა და მის ძარღვებში სისხლი ჩქეფდა.
-შეთანხმებისთვის ბოლომდე არ მიგვიღწევია -დაიღრინა მამაკაცმა და ქეთი ადგილზე შეხტა. სისულელის დრო არ იყო, გაქცევას ვერ მოახერხებდა, საამისოდ თავბრუც გვარიანად ესხმოდა, თანაც ისეთი კაცი არ ჩანდა, ანკესზე რომ წამოაგებდა. გონება გაუნათდა, ცოტათი მაინც შეეძლო სიტუაციის შემობრუნება.
-შეთანხმება? -ირონიულად ჩაიფხუკუნა ქეთიმ. მამაკაცს ნაკვთები ერთიანად დაეჭიმა, ეტყობოდა მხიარულების ხასიათზე მხოლოდ მაშინ დგებოდა, როცა თვითონ საუბრობდა.
-დაგვტოვე -ხელი აუქნია მის ფეხებთან გაჩერებულ კაცს და ისიც თავის ქნევით გაშორდა, შორიახლოს მდგომ ჯიპში ჩაჯდა და დაბურულ მინებს ამოეფარა.
-ისეთი გოგო არ ჩანხარ, უსიამოვნებებს რომ ეძებდეს. -დინჯად დაიწყო მამაკაცმა. ქეთის მოეჩვენა, თითქოს ეს სიტყვები მის სიცოცხლეში ნათქვამი ყველაზე გრძელი ფრაზა იყო. -მე, შემიძლია უსაფრთხოებას დაგპირდე, მაგრამ ის უნდა მომცე, რაც მე მეკუთვნის.
-და თქვენ რა გეკუთვნით? -კაცმა მკაცრად გახედა. კიდევ ერთი მინიშნება, რომ ზედმეტს საუბრობდა. თავის ტკივილი კაპილარებამდე ატანდა, სიამოვნებით ახლევინებდა ამ კაცს თავს ასფალტზე და იმ ტკივილს აგრძნობინებდა, რასაც თვითონ გრძნობდა. ნუთუ, შეკვრაზე იცოდა? არა, არაფერი უნდა დასცდენოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, უნდა ეცადა, რომ ინფორმაციის გაცემის ნაცვლად, მიეღო იგი. ბოლომდე ეცდებოდა, თავი გაესულელებინა, თუ, რა თქმა უნდა, მამაკაცი ძალით არ ჩაუძვრებოდა ჩანთაში ან მოძველებული ჟესტით, მუქარას არ გამოიყენებდა. ამის არავის ეშინოდა, ასე ფიქრობდა ქეთი.
-ყველაფერი. -მოკლედ მოჭრა მამაკაცმა. არც ის ჩანდა სულელი და ქეთის იმედგაცრუების ნაპერწკალი აგიზგიზებულ ცეცხლად ექცა. ჯიბიდან თეთრი ბარათი ამოაძვრინა, იმდენად თეთრი და პრიალა იყო, პარკში ასვეტილ საათს ირეკლავდა. მიწვდით არ დაღლილა, იქვე სკამზე დადო და მზერა ისევ რომელიღაც შენობისკენ გააპარა. -24 საათში ამ ნომერს დაუკავშირდები - ქეთიმ ნელა დახედა პრიალა ბარათს, სადაც ლამაზი შრიფტით ნომერი წაეწერათ. მუქარა არსად გამოჩენილა, თუმცა მამაკაცის ხმამ ისე გაიჟღერა, ეგონა გულზე დანა დაუსვეს. ჟრუანტელმა თხემიდან ტერფამდე დაუარა და მის ხმაში გაჟღერებულმა სისასტიკემ ქეთის გონება გათიშა. მამაკაცი უხმოდ წამოდგა, ჯიპისკენ დაიძრა და მანქანა ხმამაღალი გრგვინვით მოშორდა პარკს.

V.
სახლში არეული ნაბიჯებით მივიდა. როგორც წესი, მთელი გზა გეგმები უნდა დაეწყო, როგორ აარიდებდა დედის საყვედურებს თავს, ანდაც როგორ მოატყუებდა, თუმცა გათიშული იყო. ის კი მოახერხა, გზაში მაღაზიის ვიტრინაში მაინც შეეხედა და აწეწილი თმა მოეწესრიგებინა ჩანთაში ჩაგდებული პაწაწინა სავარცხელით. როგორღაც თავი უნდა დაეძვრინა. ალბათ მამაკაცი ამ ამბავს ისე მიჩქმალავდა, ტელევიზიითაც კი არავინ გადმოსცემდა მომხდარს, დილით კი მოუბოდიშებდნენ მგზავრებს და ეტყოდნენ, რომ მეტრო არ მუშაობს. ჩაეცინა, როგორი სასტიკი იყო ადამიანი, როგორ შეეძლო ყველაფრის დამალვა. იქნებ, ქეთი ცდებოდა და ამ კაცს არაფერი დაემალა, იქნებ მხოლოდ ის სურდა, რომ მის ჩანთაში არსებული შეკვრის შესახებ არავის გაეგო? ყოველ შემთხვევაში, დღეს ტელევიზორს არ ჩართავდა, არც დედამისს მისცემდა უფლებას რომ ახალი ამბებისთვის მოესმინა და საერთოდ, გეგმაში შვებულების აღება და დასვენება ჰქონდა, რაზეც ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ძლივს შეკოწიწებული გამბედაობა მოიკრიბა და ხელი ზარის ღილაკს დააჭირა. დედამისიც ჩასაფრებულივით, მაშინვე სწვდა კარს და გააღო. სახეზე ათასფრად მობრდღვიალე ნერვიულობა ეხატა.
-ქეთი -მაჯაში ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა. -როგორ ვინერვიულე! ცხრა საათია, სად იყავი? -ხელებით სახის, თმისა და ხელების შემოწმება დაუწყო, თითქოს გრძნობდაო ისე ეჭვობდა შვილის ცუდად ყოფნას.
-დედა შემეშვი -თავი გადაატრიალა ქეთიმ და სამზარეულოში წამლებისთვის განკუთვნილი კარადა გამოაღო. ორი აბი გამაყუჩებელი ხელის გულზე დაიყარა და წყალი მიაყოლა. ეს ნამდვილად ვერ გაუყუჩებდა იმ ტკივილს, რომელსაც გრძნობდა, ალბათ ძილის წინ კიდევ მოუწევდა დალევა. ინატრა, ნეტავ დაბნეულობის და შიშის გამაყუჩებელიც არსებულიყო. ამ წუთს ისე გრძნობდა თავს, ალბათ მთლიან კოლოფს ჩამოიცლიდა. მისაღებში იჯდა, თავდახრილი. მინის მაგიდაზე ხმადაბალი ტკაცუნით ფინჯანი დადგა დედამისმა, ქეთის თავზე ხელი გადაუსვა და მიიხუტა.
-ვიცი, რომ პატარა აღარ ხარ, მაგრამ ვინერვიულე, ქეთი. -ნაწყენმა ამოილაპარაკა. ქეთის ყველაფერთან ერთად სირცხვილის გრძნობა მოეძალა, ვიღაც თვითმკვლელისა და საშიში კაცის გამო დედამისს სტკენდა გულს.
-ვიცი, მაგრამ პატარა ნამდვილად აღარ ვარ. ერთი საათით დავაგვიანე.
-სახე წაშლილი გაქვს. იქნებ მოხდა რამე?
-ავარია იყო გზაზე, სულ ესაა. რთული დღე მქონდა და დავიღალე. -თავის მართლებას მოჰყვა ქეთი, ფინჯანი აიღო და ჩანთასთან ერთად ოთახში გაიტანა. იცოდა, დედამისი აღარ შეაწუხებდა და დამშვიდებული ჩანდა. შხაპსაც ჩვეულებრივზე დიდ ხანს იღებდა, იქიდან გამოსულიც დიდ ხანს იჯდა საწოლზე უძრავად. სანამ დაძინებას დააპირებდა, თუ საფიქრალი ჰქონდა, მანამ უნდა ეფიქრა, თორემ ძილის გატეხვა არაფრით ივარგებდა, უარესი იქნებოდა და ყველა სიკეთესთან ერთად, სამსახურიდანაც ისე გამოაგდებდნენ, როგორც ნაგავს. ჩანთის პატარა ჯიბიდან პრიალა ბარათი ამოაძვრინა, სადაც ლამაზად წაწერილი ციფრები კოხტად ჩამწკრივებულიყვნენ. დაბეჭდილი კი არა, კალმით ნაწერი იყო. „24 საათში ამ ნომერს დაუკავშირდები“ - ახსენდება და ისევ იმ უსიამოვნო ჟრუანტელს გრძნობს. ვინ იყო ის მამაკაცი? უეჭველია, გავლენიანი და მდიდარი პიროვნება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო გამომძიებლის იმაში დარწმუნება, რაც არ არსებობდა, ანდაც ტყუილი იყო. ქალის სახელიც იცოდა. მეგი. უსიამოვნოდ ახსენდება ქალის სახე. მის პირდაპირ დაკიდებულ გრძელ სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებს და მშვიდდება, მისი მსგავსი არაფერი აქვს, მეგის არაფრით ჰგავს. ქალის სახე და ქცევები ახსენდება. არაფრით ჰგავდა ნორმალურს. დაახლოებით ისე უფრთხოდა შეკვრას, როგორც რაღაც საშიშს, რაც მოკლავდა ან დააზიანებდა. ქეთის უსიამოვნოდ წამოუარა ტკივილმა. არა. არ დარეკავდა. მიუხედავად იმისა, თუ როგორი კატეგორიული და მკაცრი იყო მამაკაცი, როგორი ტონით საუბრობდა, როგორ იგრძნობოდა მუქარა და სისასტიკე, ქეთი მაინც არ დარეკავდა. იმ შეკვრასაც გახსნიდა, თუ არაფერი დახვდებოდა, მერე ჯანდაბაშიც მოისვრიიდა, მამაკაცსაც აუხსნიდა, რომ არ ადარდებდა რა ჭაობში ცურავდა და რომელ ჰაერს სუნთქავდა, მისთვის არც მეგის სუიციდი იყო პრიორიტეტი. აუხსნიდა, რომ თავისი მოსაწყენი, დამღლელი ცხოვრება ერჩივნა და არანაირად არ სურდა პალტოში გამოწყობილ, ხელთათმანიან კაცს მისთვის ის ნივთები დაებრუნებინა, რომლებიც წესით არ უნდა აეღო. რა თქმა უნდა! ქეთიმ ნერვიულობისგან ბოლთის ცემა დაიწყო. ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის. ვინ იქნებოდა იმდენად სულელი, საზოგადოებაში ბოროტი კაცის სახელით გამოჩენილიყო? მას ყველას ნდობა ჰქონდა, შესაბამისად იგი არ იმუქრებოდა, შეუმჩნევლად და თითქოს პროფესიონალურად ასრულებდა საქმეს. ეს ერთგვარი ჟესტი, რომელიც ცირკის მაყურებლებისთვის ჯენტლმენად ნათლავდა ამ კაცს, სინამდვილეში უბრალო გაფრთხილება იყო, რომ ის ქეთის მისწვდებოდა, რომ მას არ სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები ან ქმედებები. მას რაღაც სურდა, რაც ქეთის ხელთ იყო. მისცემდა და მორჩებოდა. არც გახსნიდა და არც ინფორმაციას გამოსძალავდა. უბრალოდ დარეკავდა, დატოვებდა შეკვრას იქ, სადაც ეტყოდნენ და წავიდოდა, გაქრებოდა. საკუთარი აკვიატებული ფრაზა გაახდენა „კარგი გოგონები არ საჩუქრდებიან“. როგორ არა, ცოტა ხნის წინ დასაჩუქრდა ცხოვრების დანგრევით. ჩანთიდან შეკვრა ამოაძვრინა, ბარათის გვერდით დადო, ხელში მობილური აათამაშა. ორი უკიდურესობა, ორი არჩევანი და არც ერთი გამოსავალი. სწორს და სამართლიანს ვერც ერთში ხედავდა. ორივე ბინძური საქმიდან გამოსაღწევი გზა იყო, ან ზედაპირზე ამოათრევდა, ან ფსკერზე დაანარცხებდა. ყელში მყესები დაწყვეტამდე დაეჭიმა, ტკივილამდე გრძნობდა კაპილარების სკდომას. კარში გაიხედა, დედამისი როგორც ჩანს დიდი ხნის წინ წასულიყო დასაძინებლად. საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა.
-გამარჯობა -ხმა მანამ გაისმა, სანამ ქეთი რამის თქმას მოასწრებდა. რა თქმა უნდა, მას ელოდნენ. პირი დააღო, ძლივს შეაკოწიწა სათქმელი, თუმცა არც მაშინ გამოვიდა. -მზად ხარ დამიმტკიცო, რომ კარგი გოგო ხარ?! -ეს არც კითხვა იყო და არც შემოთავაზება. სიტყვას გულისამრევი, ცინიზმით სავსე სიცილი მოჰყვა, ქეთის აკანკალებული ხელი ჰაერში გაუშეშდა, ვერც თიშავდა, ვერც საუბრობდა.
-დაიძინე ძვირფასო. -გაისმა კიდევ ერთხელ. გათიშეს. აქ არ დასრულდებოდა და ამას ქეთიც მიხვდა, როცა ტელეფონის ეკრანი კიდევ ერთხელ განათდა და ტექსტური შეტყობინებით „ძილისპირული“ მესიჯი მიიღო.



№1  offline მოდერი sopiko

როგორ ველოდი და
აი, თურმე რა მაგარი რამე ყოფილა ♥ გადარევ კაცს შენ!
ძალიან მაგარი ამბის დასაწყისია, საოცარი პერსონაჟი ჰყავს და ჩინებული ავტორი ხარ! (მაინც გეტყვი, მიუხედავად იმისა, რომ იცი)
სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი. ძალიან საინტერესოა. ძალიანზე მეტადაც. უამრავი კითხვა მაქვს, რომელთა პასუხებსაც ველოდები. ზოგჯერ საჭიროა, რომ მოწყენილობაქაოსქაოსით შეიცვალოს. ეს მომენტი დადგა ქეთის ცხოვრებაშიც.
გამბედავი, გულთბილი და პრინციპული გოგონა ჩანს.
გული აურია სისხლმა, რაც მიგრძვნია ადამიანებს ჩვევა.
პანიკიორობა და კაპრიზები არ ახასიათებს. გულში იხვევს ყველაფერს. რაღაცით მგავს, ოღონდ მხოლოდ რაღაცით.
ბევრი, ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ემოციებს ამ ღამისთვის შემო ვინახავ.
ხოო, ისე კი მგონია ეს ისტორია გამორჩეულად შემიყვარდება♥♥♥

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

sopiko
როგორ ველოდი და
აი, თურმე რა მაგარი რამე ყოფილა ♥ გადარევ კაცს შენ!
ძალიან მაგარი ამბის დასაწყისია, საოცარი პერსონაჟი ჰყავს და ჩინებული ავტორი ხარ! (მაინც გეტყვი, მიუხედავად იმისა, რომ იცი)
სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი. ძალიან საინტერესოა. ძალიანზე მეტადაც. უამრავი კითხვა მაქვს, რომელთა პასუხებსაც ველოდები. ზოგჯერ საჭიროა, რომ მოწყენილობაქაოსქაოსით შეიცვალოს. ეს მომენტი დადგა ქეთის ცხოვრებაშიც.
გამბედავი, გულთბილი და პრინციპული გოგონა ჩანს.
გული აურია სისხლმა, რაც მიგრძვნია ადამიანებს ჩვევა.
პანიკიორობა და კაპრიზები არ ახასიათებს. გულში იხვევს ყველაფერს. რაღაცით მგავს, ოღონდ მხოლოდ რაღაცით.
ბევრი, ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ემოციებს ამ ღამისთვის შემო ვინახავ.
ხოო, ისე კი მგონია ეს ისტორია გამორჩეულად შემიყვარდება♥♥♥

მეც ისე ველოდი რა გამოვიდოდა... მიხარია რომ მოგეწონა. აი, ქეთიმ ისევ ის მოწყენილობა ინატრა, რადგან მოსალოდნელი იმაზე საშიშად ეჩვენება, ვიდრე ზედაპირულად ჩანს. ვნახოთ, რა მოხდება. კი, ნამდვილად გგავს ქეთი რაღაც თვისებებით. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ლოდინი გთხოვოთ. დიდი მადლობა სოფი!!

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

okay
მარია! მარია! მარია!
არ ვიცი რა გამომივიდაო, რა სინდისით ამბობ?
როგორი საინტერესოა იცი? როგორი შენებური, ყველაფრის მიუხედავად.
შენი ხელწერა ყველაფერს ეტყობა. შენი საოცრად ნაზი, მიმზიდელი და დახვეწილი ხელწერა.
საოცრება ხარ.
აქედანვე ეტყობა, რა მაგარიც გამოგივა.
მიყვარხარ!

ვერ წარმოიდგენ როგორ ვივსები კმაყოფილებით! მიხარია თუ ეტყობა და ძალიან არ ავცდი.
მეც მიყვარხარ, იისფერო.

 


№4  offline წევრი Medison

საშინლად დამაინტრიგებელი და კარგია <3 როგორ მაინტერესებს რადევს ყუთში .ან მეგიმ რატომ მოიკლა თავი .ანდაც ვინაა ეს კაცი .მოუთმენლად ველი ახალ თავს <3

 


№5  offline მოდერი chica sol

მარიამ, მარიამ...
ახლა გაწყვეტა იქნებოდა? ვაღიარებ, სანამ კითხვას დავიწყებდი, რამდენჯერმე გავხსენი ისტორია. მეშინოდა და ხვალისთვის გადადებას ვაპირებდი, თუმცა გულმა არ მომითმინა და თავს იმით ვიმშვიდებდი, ხომ მაქვს ამონარიდები წაკითხული და არ შემეშინდება-მეთქი...
დავიძაბე, აი ისე, როგორც ქეთი, დაწყვეტამდე მაქვს მყესები დაჭიმული...
კითხვები მაქვს უამრავი, სავსე ვარ და ისევ ვდუღვარ...მაინტერესებს განვითარება, საშინლად მაინტერესებს...
ქეთი- დავინახე მასში ჩემი თავი... მისი ემოციურობა, ყველა დეტალზე ფიქრი, სიტუაციის გაბუქება, წინათგრძნობები... აი მე ვარ...
თუმცა, ვფიქრობ მე დარეკვას ვერ გავბედავდი, ზედმეტად მშიშარა ვარ ამისთვის... ან... არ ვიცი, იქნებ დამერეკა კიდეც? არ ვიცი...
მარ, რა გითხრა? საოცარი ხარ. შენი სტილი გაქვს და ეს აღმაფრთოვანებს, შენი ლექსიკა, სიტყვათა მარაგი... ერთ-ერთი საუკეთესო ხარ საიტზე (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ)
მადლობა, ამ საოცარი ისტორიისთვის. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.
მიყვარხარ ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა საინტერესო დასაწყისია, როგორი ჩახლართული და დაძაბი. იმ კაცს იდუმალებასა და სიმკაცრესთან ერთად რაღაც შარმიანი შევამჩნიე.
ქეთი, ერთ გოგოს მახსენებს და ჰგავს კიდეც : დ
აბა შენ იცი, მარია.
გაგვახარე.

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

Medison
საშინლად დამაინტრიგებელი და კარგია <3 როგორ მაინტერესებს რადევს ყუთში .ან მეგიმ რატომ მოიკლა თავი .ანდაც ვინაა ეს კაცი .მოუთმენლად ველი ახალ თავს <3

დიდი მადლობა! აუცილებლად გაიგებთ ყველაფერს❤️

მარიამ ზაქარაშვილი
მარიამ, მარიამ...
ახლა გაწყვეტა იქნებოდა? ვაღიარებ, სანამ კითხვას დავიწყებდი, რამდენჯერმე გავხსენი ისტორია. მეშინოდა და ხვალისთვის გადადებას ვაპირებდი, თუმცა გულმა არ მომითმინა და თავს იმით ვიმშვიდებდი, ხომ მაქვს ამონარიდები წაკითხული და არ შემეშინდება-მეთქი...
დავიძაბე, აი ისე, როგორც ქეთი, დაწყვეტამდე მაქვს მყესები დაჭიმული...
კითხვები მაქვს უამრავი, სავსე ვარ და ისევ ვდუღვარ...მაინტერესებს განვითარება, საშინლად მაინტერესებს...
ქეთი- დავინახე მასში ჩემი თავი... მისი ემოციურობა, ყველა დეტალზე ფიქრი, სიტუაციის გაბუქება, წინათგრძნობები... აი მე ვარ...
თუმცა, ვფიქრობ მე დარეკვას ვერ გავბედავდი, ზედმეტად მშიშარა ვარ ამისთვის... ან... არ ვიცი, იქნებ დამერეკა კიდეც? არ ვიცი...
მარ, რა გითხრა? საოცარი ხარ. შენი სტილი გაქვს და ეს აღმაფრთოვანებს, შენი ლექსიკა, სიტყვათა მარაგი... ერთ-ერთი საუკეთესო ხარ საიტზე (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ)
მადლობა, ამ საოცარი ისტორიისთვის. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.
მიყვარხარ ❤

რა თქმა უნდა, ის შენებური ქეთია და ძალიან გგავს, თუმცა მეც ვფიქრობ რომ შენ არ დარეკავდი და სწორადაც მოიქცეოდი! თუმცა რა აზრი აქვს სწორად მოქცევას, ისედაც ყელამდე შარშია :დ .
მიხარია რომ მოგეწონა და მეც მიყვარხარ!!

ლორელაი
რა საინტერესო დასაწყისია, როგორი ჩახლართული და დაძაბი. იმ კაცს იდუმალებასა და სიმკაცრესთან ერთად რაღაც შარმიანი შევამჩნიე.
ქეთი, ერთ გოგოს მახსენებს და ჰგავს კიდეც : დ
აბა შენ იცი, მარია.
გაგვახარე.

მიხარია რომ მოგეწონა ლორე❤️ ჰოო, ვნახოთ რა იქნება

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ავტორო, "მადერა" წაკითხული გაქვს? არ მიწყინო, უბრალოდ რომ ვკითხულობდი, რატომღაც სიუჟეტი მას მივამსგავსე. ნუ რა თქმა უნდა ეს არაფერია, მთავარია, როგორ გაგრძელდება.
დროებში ირევი ცოტა. ამბავი და თხრობა იმდენად კარგია, რომ ამ პატარა ხარვეზს თუ გამოასწორებ იქნება მშვენიერი!
მიყვარს მძაფრსიუჟეტიანი, დაძაბული და გაურკვეველი სიტუაციები... ასე, რომ შენთან ვარ ბოლომდე ^_^

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
ავტორო, "მადერა" წაკითხული გაქვს? არ მიწყინო, უბრალოდ რომ ვკითხულობდი, რატომღაც სიუჟეტი მას მივამსგავსე. ნუ რა თქმა უნდა ეს არაფერია, მთავარია, როგორ გაგრძელდება.
დროებში ირევი ცოტა. ამბავი და თხრობა იმდენად კარგია, რომ ამ პატარა ხარვეზს თუ გამოასწორებ იქნება მშვენიერი!
მიყვარს მძაფრსიუჟეტიანი, დაძაბული და გაურკვეველი სიტუაციები... ასე, რომ შენთან ვარ ბოლომდე ^_^

კი ვიცი "მადერა", მაგრამ ბოლომდე არა, ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა და ეს უხერხულობაც გაქრება. არაფერი მეწყინება, ჩემთვის მისაღებია მკითხველის აზრი! ❤️ ყველანაირად ვეცდები გამოვასწორო. დიდი მადლობა შენ!❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

პირველი ნაწილის პირველივე წინადადება ჩამთრევია. ამას ნაწილობრივ კითხვითი ფორმა უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, კითხვის შინაარსი. სხეულში რომელიღაც ღრიჭოდან შიშის განცდა გეპარება... იძაბები... იძაბები იმიტომ რომ მსგავსი გრძნობა ერთხელ მაინც გქონია. ჩემ შემთხვევაში - ბევრჯერ.

მთავარი პერსონაჟის დედა, ყველა ნრმალური დედასავით მზრუნველია. ვერ დაგეთანხმები რომ გულუპრყვილოა (ყოველ შემთხვევაში ამ თავში სულაც არ ჩანს გულუპრყვილო ადამიანი.) შვილის სიტყვების მიუხედავად, ღვეზელი მაინც ჩანთაში ჩადო. გამოდის, ქეთიმ ვერ მოატყუა. ეს ფაქტი უკვე გამორიცხავს მის გულუპრყვილობას. ქეთი გვიან რომ მივიდა სახლში, მთხრობელს თავად უწერია, თითქოს იეჭვა რომ ქეთის რაღაც ცუდი ამბავი გადახდა თავსო. არც ის გამოპარვია რომ სახეწაშლილი იყო მისი შვილი.

მომწონს შენი თხრობის მანერა, მგონია ფილმს ვუყურებ... ყველაფერ ვხედავ. ახერხებ შენს ნაწამოებში შემიყვანო.

ზოგიერთ წინადადებას უფრო დავხვეწდი. როცა წერას დაასრულებ ხელახლა მიუბრუნდი, წაიკითხე და მიხვდები რომელ ადგილებში შეეპარა წინადადებას სიხისტე/სიტლანქე.

წითურთან მერეჯერ შეხვედრის მომენტზე დამბურძგლა!

მომწონს ქეთი... საინტერესო გოგოა... ვიმეგობრებდი მასთან.

ისე მგონი ყველას ცოხვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მის რუტინულ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

,,მზად ხარ დამიმტკიცო, რომ კარგი გოგო ხარ?" - ძალიან სექსუალურად ჟღერს და მომკალით თუ გინდათ :დდ

ძალიან, ძალიან საინტერესოა. იმდენად საინტერესო რომ შეუძლებელია პირველ თავს თუ წაიკითხავ, კითხვის გაგრძელების სურვილი არ გაგიჩნდეს

 


№11  offline წევრი მაია120

დავიწყე კითხვა,პირველი თავი საკმაოდ მძიმე, საინტერესო და იდუმელებით მოცულია,ქეთის მსგავსად ნეც ბევრი კიტხვა გამიჩნდა. მოდი ვნახოთ,რას გვიმზადებ?
--------------------
წერწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent